ყოველმან, რომელმან აღიაროს ჩემდა მომართ წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა; რომელმან უარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უარ-ვყო მეცა იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა (მატთ. I, ლბ.).
ეს სიტყვები, რომელი გვესმა დღეს წარკითხულისა სახარებისაგან, ძმანო ქრისტიანენო, ცხად ყოფენ, რომელ აღსარება წინაშე კაცთა იესო ქრისტეს სახელისა, არის ერთი უპირველესთა და მიუცილებელთა მოვალეობათა ჩვენთაგანი. რისთვის მოვინათლენით ჩვენ და რისთვის შეუდექით ქრისტეს სჯულსა? არა მისთვის, რომელ, უკეთუ, შეწევნითა ღვთისათა, მტკიცედ დავიცავთ სჯულსა ჩვენსა, მაშინ უფალი იესო ქრისტე წარგვადგენს ჩვენ წინაშე მამისა თვისისა, აღიარებს სახელსა ჩვენსა და მოგვცემს აღთქმულსა ნეტარებასა. გარნა ამ სიკეთეს და ბედნიერებას იგი აღუთქვამს მხოლოდ მათ, რომელნი აღიარებენ მას წინაშე კაცთა. ყოველმან, რომელმან აღიაროს ჩემდა მომართ წინაშე კაცთა, აღვიარო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა; ხოლო რომელმან უარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უარ-ვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა. მაშა-სადამე ფრიად საჭიროა შევიტყოთ: რაი არს აღსარება ქრისტესი, ვინ აღიარებს მას ღირსებით წინაშე კაცთა, ხოლო ვინ უარ-ჰყოფს მას.
აღსარება იესო ქრისტესი წინაშე კაცთა ის არის, როდესაც კაცი, თუ გარემოებამ მოითხოვა, პირდაპირ, თამამად და სიხარულით იტყვის, რომ იგი არის ქრისტეს მორწმუნე და მოსავი და მისი მქადაგებელი; ხოლო თუ სიტყვიერსა აღსარებასა არავინ ითხოვს მისგან, თვით საქმით, ცხოვრებითა და ყოფაქცევითა თვისითა, ნათლად გამოაჩენს, რომელ მას კიდეც სურს და კიდეც აქვს მეცადინეობა ყოველთა შემთხვევათა შინა აღასრულოს მცნება მისი, რათა ყოველთა კაცთა, ვითარცა იტყვის იესო ქრისტე, იხილონ საქმენი მისნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა მისსა ზეციერსა. წინააღმდეგ ამისა უარისმყოფელი ქრისტესი წინაშე კაცთა ის არის, რომელი ზოგჯერ პირდაპირ, სიტყვიერათაც, შეურაცხჰყოფს უფალსა იესო ქრისტესა და მისსა მცნებასა; ხოლო ზოგჯერ, თუმცა სიტყვიერათაც არ უარ-ჰყოფს იესო ქრისტესა, გარნა საქმენი მისნი ცხად ჰყოფენ, რომელ მას არა ჰსურს, ანუ იგი არა ცდილობს, რომ გაამართლოს სჯული ქრისტესი და მით ადიდოს სახელი მისი წინაშე კაცთა.
ვინ იქმნება ისრეთი საცოდავი კაცი მონათლულთა და ქრისტიანეთაგანი, რომ არ აღიაროს და კიდეც უარ-ჰყოს სახელი იესო ქრისტესი წინაშე კაცთა? ესრეთ, უთუოდ იფიქრებს ზოგიერთი აქა მდგომთაგანი. მართლაც, ძმანო ჩემნო, დიდად გასაკვირვებელი არის და დაუჯერებელი ესრეთი საქმე! თუ კი ერთხელ ვინმემ მიიღო ქრისტეს სჯული, თუ კი ცოტაოდენი მაინც იცნო და შეიტყო ვინ იყო იესო ქრისტე, რა ჰქმნა მან ჩვენთვის, რა გვასწავლა, რა აღგვითქვა, როგორღა მოხდება, რომ ესე ვითარმა კაცმა უარ-ჰყოს იესო ქრისტე წინაშე კაცთა? ცხად არს, რომელ ვინც იესო ქრისტეს უარჰყოფს, იგი მარტო მას არ უარ-ჰყოფს, არამედ უარ-ჰყოფს თვით ჭეშმარიტებას, თვით სიწმიდესა, სათნოებასა, ერთი სიტყვით, იგი უარ-ჰყოფს ყოველსა, რაიცა კაცსა აქვს უმჯობესი და უმაღლესი, რითაც კაცი არის კაცი-ადამიანი და არა პირუტყვი. გარნა სჩანს, რომელ ეს შესაძლო არს, ძმანო ჩემნო! და არა თუ ეს არის შესაძლო, არამედ ამაზე უარესიცა რაიმე! შესაძლებელი არის, რომ გამოჩნდეს ისრეთი საცოდავი, მახინჯი კაცი, რომნელმანც არათუ უარ-ჰყოს იესო ქრისტე, არამედ ჰრცხვენოდეს მისი; ამას იტყვის თვით უფალი: რომელსა სირცხვილეულ უჩნდეს ჩემდა მომართ და სიტყვათა ჩემთა, ამას ძემანცა კაცისამან არცხვინოს, ოდეს მოვიდეს დიდებითა თვისითა და მამისა და წმიდათა ანგელოზთა თანა.
ღმერთო მაცხოვარო! შენი უნდა შერცხვესა ადამიანს? თუ შენი სიტყვა და სწავლა სასირცხვოდ მიაჩნია ვისმეს, მაშ რაღა უნდა იყოს მისთვის სასიქადულო? თუ ნათელისა ჰრცხვენია კაცს, აბა ბნელი ყოფილა მისი სიქადული! სწორეთ საკვირველი არის ესრეთი საქმე, ძმანო ჩემნო! გარნა, საუბედუროდ ჩვენდა, ხშირად გამოჩნდება იგი ქვეყანაზე! გარნა არ ვხედავთა ჩვენ ახლა, ამ ჩვენ დროებაში, ზოგიერთთა საცოდავთა ქრისტიანეთა, რომელთა არ ეშინიათ უარის-ყოფა წინაშე კაცთა უფლისა იესო ქრისტესი, სასიქადულოთ მიაჩნიათ წინააღმდეგობა და უარის-ყოფა სახარებისა, საზოგადოებასა შინა დიდსა ცხადად გამოაჩენენ თავსა თვისსა მოღალატედ სჯულისა და მით ჰგონებენ დაამტკიცონ თვისი ჭკუა და სწავლა… უკუნ ვაქციოთ ჰაზრი ჩვენი ესრეთთა საბრალოთა კაცთა, შემარცხვენელთა მათისა ტომისა და შთამომავლობისა.
გარნა სიტყვით უარის ყოფა არის უმცირესი ცოდვა, ვიდრე საქმით. უარის ყოფა ანუ ღალატობა ქრისტესი საქმით მრავალფერად აღსრულდება. უარის მყოფელი არის ქრისტესი ყოველი ქრისტიანე, რომელი დიდ ყურადღებას არ ხმარობს მისის სჯულის აღსრულებაზე, რომელი არ ცდილობს ღირსი შეიქმნეს ქრისტეს სახელისა, გააუმჯობესოს თვისი სულიერი მოქალაქეობა; უარ-ჰყოფს საქმით ქრისტესა კაცი დაუდგრომელი, რომელი არის დამონებული ვნებათა და არ ასრულებს ქრისტეს ბრძანებასა.
უარ-ჰყოფ შენ ქრისტესა, ძმაო, თუ გაქვს გული გრილი მის სჯულზე, თუ სოფლისა ამის გემოვნება და კმაყოფილება გაშორებს შენ ქრისტესაგან, თუ წარტაცებული ხარ გულის თქმათაგან ბოროტთა; ბაგითა შენითა აღიარებ ქრისტესა, განა საქმენი შენნი არიან ქრისტეს წინააღმდეგნი; ამბობ, რომ ქრისტე მრწამსო, გარნა საქმენი შენნი არიან უმწარესნი უსჯულოთა; საყდარში გაქვს გონება დაფანტული, ლოცვას მიჩვეული არა ხარ, მოთმინება ცოდვათაგან გემძიმება, ყოველ დღე და ყოველ წამს აჯავრებ ღმერთსა ცუდითა შენითა ყოფა ქცევითა.
ბოლოს არის კიდევ ერთი, მესამე სახე ქრისტეს უარის-ყოფისა, ანუ ღალატობისა, ყოველთა უსაშინელესი და უმძიმესი. რომელი? ის, როდესაც კაცი იქცევა ფარისევლობით, ესე იგი, თუმცა მის გულში სრულიად არ არის იესო ქრისტეს სიყვარული და მორიდება, გარნა ბაგითა თვისითა და გარეშეობითა ატყუებს ქვეყანა და გამოაჩენს თავსა თვისსა ქრისტეს ერთგულ მსახურად. რაოდენნი და რა საშინელნი ესრეთნი მაგალითნი არიან კიდევ ჩვენს ქვეყანაში! რა საზარელი არის ხილვა ესრეთისა კაცისა! რა ვიფიქროთ და რა ვსთქვათ, რომლითა ლექსებითა გამოვხატოთ ის საცოდაობა, რომელსა კაცი აქ საყდარში დიდ-დიდ პირჯვარს იწერს, ხშირად მეტანიას იქმს, რომელზედაც ამბობენ, რომ ძალიან მლოცველი და ღვთის-მოყვარე კაცი არისო, და გული ცხადად აქვს აღვსებული თავხედობითა და ამპარტავნებითა, ნათესავი სძულს, მრავალ პირს სჩაგრავს და აწუხებს. ვის ატყუებ შენ, საბრალო კაცო! ღმერთს, ანუ თავსა შენსა? მე ვხედავ, რომ შენ გულში აღგიმართავს ერთი დიდი კერპი, რომელსა შენ თაყვანსა-სცემ. იესო ქრისტე არ არის შენი ღმერთი, არამედ შენი საკუთარი თავხედობა და ჯინიანობაა.
ღმერთო, მოგვეც ჩვენ მეცნიერება შენისა სახელისა და ჯეროვნად აღსარება მისი წინაშე კაცთა. ამინ.
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)