Categories
წმინდანთა ცხოვრება

06 ოქტომბერი. მუცლადღება პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოანესი

მუცლადღება პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოანესი. ჰეროდე მეფის ზეობისას ჰურიასტანში ცხოვრობდნენ მღვდელმსახური ზაქარია და ცოლი მისი ელისაბედი. „ვიდოდეს ყოველთა მცნებათა სიმართლისა უფლისათა უბიწონი“, მაგრამ, ღვთის ნებით, მხცოვანებას ისე მიაღწიეს, რომ შვილი არ მისცემიათ. მწუხარებით გულდამძიმებულნი, მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს წყალობის თვალით გადმოეხედა მათთვის. და აი, ერთხელ, „მღდელობასა მას მისსა, წესსა მას დღითი-დღედისა მისისასა წინაშე ღმრთისა, მსგავსად ჩუეულებისა მღდელობისა“, ზაქარია ტაძარში შევიდა საკმევლის საკმევად და საკურთხევლის მარჯვნივ მდგომი გაბრიელ მთავარანგელოზი იხილა. იგი შეძრწუნდა, მაგრამ ანგელოზმა ნუგეშინი-სცა და ახარა, „ნუ გეშინინ, ზაქარია, რამეთუ შეისმნეს ვედრებანი შენნი, და ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვეს შენ ძე, და უწოდი სახელი მისი იოვანე“ (ლკ. 1,13). ზაქარია არ ერწმუნა ზეციურ მაცნეს და მემკვიდრის შობამდე უტყვება დაედო სასჯელად. ხალხი დიდხანს ელოდა მღვდელმთავრის კურთხევას. როცა გამოვიდა, ნეტარს „ვერ ეძლო სიტყუად მათდა“ და ყველა მიხვდა, რომ მას „ჩუენებაჲ რაჲმე“ ეხილა. ზაქარია „წამ-უყოფდა“ შემოკრებილთ და „დაადგრა უტყუად“.

მთავარანგელოზის წინასწართქმული ახდა – ბერწმა ელისაბედმა მუცლად-იღო და შვა წინამორბედი უფლისა.

წმიდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი იოანე ნათლისმცემლის მუცლადღებისადმი მიძღვნილ სიტყვაში ამბობს: „რომელმან-იგი უშვილოჲ კლდე შეცვალა წყაროდ წყალთა, მანვე… ბერწსა ელისაბედს უბრძანა შვილისმშობელ დედად გამოჩინება და უნაყოფოჲ ნაყოფიერად აჩუენა და სიბერითა დამძიმებული ყო მსგავს ქალისა ახალქორწინებულისა. რამეთუ რაჟამს სამარხოდ მივიდოდა, მაშინ შობად განემზადებოდა, რაჟამს ჴორცნი დააჭნვნა სიბერემან, მაშინ საშოჲ განუჭაბუკა ღმერთმან, და რომელი ჟამისაგან განეჴადა, დამბადებელისა მიერ მოიგო, და რომელი სიჭაბუკესა წარეწყმიდა, სიბერესა მიეჴადებოდა“.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

Categories
წმინდანთა ცხოვრება

01 ოქტომბერი. წმ. მოწამენი ბიძინა ჩოლოყაშვილი და შალვა და ელიზბარი ქსნის ერისთავნი (+1661)

წმიდა ბიძინა ჩოლოყაშვილი და ელიზბარ და შალვა ქსნის ერისთავნი XVII საუკუნეში აღესრულენენ მოწამეობრივად. შაჰ-აბას I-მა და მისმა ძემ, შაჰ-აბას II-მ განსაკუთრებული სისასტიკით კახეთი ააოხრეს. მამა და შვილი საბედისწეროდ, ყორნებივით დასჩხაოდნენ თავს ივერიას და ცეცხლის ალში ხვევდნენ ეკლესია-მონასტრებს და ციხე-სიმაგრეებს, ათასობით ქართველს მშობლიური მიწიდან ყრიდნენ, სპარსეთში მიერეკებოდნენ და მათ ნაცვლად სპარსელებს ასახლებდნენ.

ხალხი ილტვოდა მტარვალთაგან და იხიზნებოდა. „ქართლის ცხოვრება“ მოგვითხრობს, რომ „აღარა სადა იხსენებოდა სახელი ქრისტესი, თვინიერ მცირეთა ოდენ მთით კერძო თუშთა, ფშავთა და ხევსურთა შორის“. მიუწვდომელია კაცთათვის ღვთის განგებულება: სწორედ ამგვარი გაჭირვების ჟამს, როცა თითქოს ცოდვა-მადლი არ განირჩეოდა, როცა ცეცხლის კალოდ ქცეული საქართველო ყოფნა-არყოფნის ზღვარზე იდგა, უფალმა თავისი ერთგული მხედრობა გამოარჩია. ამ საუკუნეში შეუერთდნენ ზეციურ საქართველოს: წმიდა დიდმოწამე ქეთევან დედოფალი, წმიდა მოწამე ლუარსაბ მეფე, წმიდა ექვსიათასი გარეჯელი ბერი, წმიდა მღვდელმოწამე ევდემოზ კათოლიკოსი, წმიდა მღვდელმოწამე თევდორე კველთელი. ამ საუკუნეში აღესრულა ღვთისა და ერის სადიდებლად ცხრა ძმა ხერხეულიძე და მათთან ერთად ცხრაათასი მხედარი მარაბდის ველზე და ამ საუკუნეშივე მოუვლინა ყოვლადსახიერმა უფალმა ქვეყანას ხსნად და იმედად კახეთის გმირები: ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები.

გლახაკთა ხელის აღმპყრობელმა და უღონოთა განმაძლიერებელმა უფალმა კახეთის მთავარს, ბიძინა ჩოლოყაშვილს კეთილი განზრახვა შთააგონა: მან არაგვისა და ქსნის ერისთავებთან ერთად თავს იდვა კახეთის გათავისუფლება თათართაგან. ხანგრძლივი ფიქრისა და განსჯის შემდეგ ბიძინა ეახლა თავის მოყვარეს, არაგვის ერისთავს ზაალს და გულისნადები აუწყა. ზაალ ერისთავს თვითონაც გული უდუღდა ამდენი უბედურებისა და უსამართლობისაგან, მოიწონა განზრახვა და ქსნის ერისთავი ელიზბარიც მოიწვია შალვასთან ერთად. წმიდა ბიძინამ კახეთისათვის თავსდატეხილ ჭირზე მოუთხრო ერისთავებს, აუხსნა მათ, რომ უმოკლეს ხანში ამგვარივე განსაცდელში ქართლიც შეიძლებოდა ჩავარდნილიყო და მოუწოდა, ერთად ებრძოლათ მომხდურთა წინააღმდეგ: „აწ უკუე აღუდგეთ მათ ზედა, დაღაცათუ შეუძლებელ არს ჩუენ მიერ, არამედ ძალითა და შეწევნითა ცხოველსმყოფელისა ჯუარისათა და თანადგომითა ახოვანისა მხედრისა წმიდისა გიორგისათა, რამეთუ დიდებული ტაძარი მისი (ალავერდი) დაიპყრეს და შეაგინეს და პატიოსანი ხატი მისი შემუსრეს“.

ბიძინა კარგად ხედავდა ქართველთა შესაძლებლობებს, მაგრამ, ღვთის ნებას მინდობილს და სამშობლოს გამოხსნის აუცილებლობაში დარწმუნებულს, სჯეროდა გამარჯვებისა.

არაგვის ერისთავმა „მცირედნი ოდენ კაცნი რჩეული მხედრები მისცნა თანაშემწედ საიდუმლოდ“, ხოლო ქსნის ერისთავებმა – ბიძა-ძმისწულმა – ქუდზე კაცს უხმეს, შეყარეს თუშნი, მთიულნი, მცირედ კახნი… უმთვარო ღამეს მთა გადაიარეს, ახმეტა ჩავლეს და მოულოდნელად დაეცნენ თავს ბახტრიონს უზრუნველად დაბანაკებულ თათრებს. იმავე დღეს, 1659 წლის ალავერდობის დღესასწაულზე მიუხდნენ ალავერდს მყოფ ყიზილბაშებს და ისე გაანადგურეს, რომ არდალანის სულთანმა სელიმ-ხანმა ძლივს მოასწრო გაქცევა, მიატოვა ცოლ-შვილი და სპარსეთს გაეშურა.

ქართველთა ძლევამოსილი მხედრობა მადლობდა ღმერთს და ერის მფარველ წმიდა გიორგის, „რამეთუ ცხადად იხილვებოდა მთავარმოწამე გიორგი ცხენსა ზედა სპეტაკსა ელვის სახედ მიმოსრბოლი წინამავლად მათდა“.

თავისუფლად ამოისუნთქა კახეთმა, უზომოდ გახარებული თავს ევლებოდა თავის ერთგულ შვილებს… მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა სამშობლოს მხსნელი გმირების ნეტარება. განრისხებულმა შაჰ-აბასმა ქართლის მეფეს, ვახტანგს, სპარსთაგან შაჰ-ნავაზად წოდებულს, უბრძანა, ქრისტეს ახოვანი მხედრები მასთან გაეგზავნა.

კახეთის მხსნელი გმირები უდრტვინველად გაემართნენ უკანასკნელ გზაზე. მათ იცოდნენ, რომ შაჰ-აბასისგან დანდობა არ ექნებოდათ, მაგრამ იცოდნენ ისიც, რომ დაყოვნება ქვეყანას ზიანს მოუტანდა.

ცბიერმა შაჰმა პატივით ისტუმრა ქართველი დიდებულები, მაგრამ შემდეგ სიმდიდრისა და პატივის საფასურად სარწმუნოების გამოცვლა მოსთხოვა. ქართველებმა სპარსეთის მბრძანებელს არდალანის სულთნის პირით შეუთვალეს: „ჩუენ ნიჭთა და პატივთა თქუენთათჳს არა გული გჳთქუამს. არცა ვეძიებთ საბოძვართა თქუენთა, რამეთუ ჩუენ ზეცათა მეფის მონანი ვართ და მხედრად ქრისტესა განწესებულნი… მზად ვართ ყოვლისავე დათმენად, რაჲთა მის თანა ვსუფევდეთ და მის თანა ვიხარებდეთ“. ბევრს ეცადა არდალანის სულთანი, მაგრამ ვერავითარმა დაპირებამ ვერ მოხიბლა ქრისტეს ერთგული მსახურები. მაშინ შაჰის ბრძანებით წმიდანები სასტიკად აწამეს. წამებულნი ერთმანეთს ამხნევებდნენ, ტანჯვას ითმენდნენ და უფალს განმტკიცებას ევედრებოდნენ.

წმიდანები გააშიშვლეს და გზაზე დაყარეს მწერთაგან დასაგესლად. განრისხებულმა სელიმ-ხანმა გადაწყვიტა, ბიძინას შესაშინებლად მის თვალწინ თავი წარეკვეთათ წმიდა ელიზბარისა და შალვასთვის. „არა რაჲ არს უტკბილეს ქრისტესთვის სიკვდილისა“, – ბრძანა წმიდა ბიძინამ.

ქსნის ერისთავებმა მშვიდად დადრიკეს თავები, მაგრამ ჯალათებმა მახვილები ვერ შეაწვდინეს დასარტყმელად, რადგან სანატრელნი ახოვანებით დიდად აღემატებოდნენ უსჯულოებს. მაშინ მტარვალებმა წვივებში ჩასცეს მახვილი და, როცა დავარდნენ, თავები წარკვეთეს ნეტარ ბიძა-ძმისწულს.

თანამბრძოლთა სიკვდილს ოდნავადაც არ შეუშინებია წმიდა ბიძინა. მტარვალმა გადაწყვიტა, შეურაცხყოფით მოეტეხა ბიძინას სიმხნევე. ახოვან გმირს დედაკაცის ჩადრი დაახურეს, ვირზე შესვეს და ქუჩა-ქუჩა ატარეს, დასცინოდნენ და ლანძღავდნენ რჩეულთა შორის გამორჩეულ ქართველს; წმიდა ბიძინა კი ჰმადლობდა ღმერთს.

ამის შემდეგ ჯალათებმა გადაწყვიტეს, ცოცხლად აეჩეხათ წმიდანი: ალესილი მახვილებით ჯერ ხელის თითები მოჰკვეთეს სათითაოდ, მერე – ფეხისა; თითების შემდეგ ხელები მოსჭრეს მაჯებამდე და ფეხები – კოჭებამდე; შემდეგ მოჰკვეთეს ორივე მკლავი იდაყვამდე და ორივე წვივი მუხლამდე. მოკვეთილ ასოებს მიწაზე ათრევდნენ და შეურაცხყოფდნენ. ბოლოს დაჩეხილ ტანზე თავიღა დარჩა უვნებელი. ბაგეების მოძრაობით ჩანდა, რომ გული ჯერ კიდევ ფეთქავდა და წმიდანი ლოცულობდა. მაშინ ერთმა ჯალათმა შუბი უგმირა და გულიც გაუჩერა, გული, რომელმაც გაუძლო ამდენ ტკივილს. ეს ამბავი 1661 წელს მოხდა.

წმიდა მოწამეთა გვამები მთელი დღე ღია ცის ქვეშ ეყარა და მიახლოებას ვერავინ ბედავდა. ღამით მათ ნათელი დაადგა. ქრისტიანებმა ფარულად დაკრძალეს წმიდანთა ნეშტი.

მრავალი წლის შემდეგ შალვას მეუღლემ, ქეთევანმა და მისმა ძემ, დავითმა სარწმუნო კაცები წარგზავნეს წმიდანთა ნეშტის ჩამოსასვენებლად.

ქართლში ჩამოსვენებულ წმიდა ნაწილებს მრავალი მორწმუნე შეეგება თაყვანისცემითა და ამბორისყოფით. კახეთის მხსნელი გმირები პატივით და დიდებით დაკრძალეს იკორთის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

 

 

 

 

01 ოქტომბერი. ხსენება წმიდისა მთავარმოწამისა ბიძინა ჩოლოყაშვილისა და წმიდათა ორთა ძმათა მოწამეთა შალვასი და ელიზბარისა, ქსნის ერისთავთა.

Categories
წმინდანთა ცხოვრება

26 სექტემბერი. წმიდა დიდმოწამე, საქართველოს მნათობი კახეთის დედოფალი ქეთევანი (+1624)

ტროპარი: მოწყლულმან სურვილითა საღმრთოჲთა, წყლულებანი მრავალი თავს ისხენ და ტანჯვათა ფერადობანი ახოვნად დაითმინენ, ვინაცა წარმავალისა დედოფლობისა წილ სუფევაჲ ზეცისა დაიმკვიდრე, სამგზის სანატრელო ქეთევან, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი: ითვისებს თვისსა და შეიტკბობს მისთვის მოწყლულსა ზეცათა დედოფალი ქვეყნიერსა დედოფალსა ასული დავითისი ყოვლად უხრწნელი მარიამ, სანატრელსა ქეთევანს, დავითის ტომით აღმოსრულსა, რომელმან საქმით აჩვენა თვისება მისი და აწ გვირგვინითა შემკული, წინაშე მისსა იღწვის ჩუენ ყოველთათვის.

 

წმიდა ქეთევანი აშოთან მუხრანბატონის ასული დაიბადა დაახ. 1570 წელს. კეთილგონიერი და მორწმუნე ქეთევანი კახეთის მეფის, ალექსანდრეს უფროს ვაჟზე, დავითზე დააქორწინეს. მეფე ალექსანდრეს კიდევ ორი ვაჟიშვილი ჰყავდა – გიორგი და კონსტანტინე. კონსტანტინე შაჰ-აბასის კარზე იზრდებოდა ბავშვობიდანვე და რჯულიც გამოცვლილი ჰქონდა.

ალექსანდრე მეფე მონაზვნად აღიკვეცა ალავერდის ტაძარში. ტახტზე დავითი ავიდა, მაგრამ ოთხიოდ თვეში, 1602 წელს, კახეთის ახალგაზრდა მბრძანებელი მოულოდნელად გარდაიცვალა. დაქვრივებულ ქეთევანს დარჩა ქალ-ვაჟი – თეიმურაზი და ელენე. ალექსანდრე კვლავ სამეფოს დაუბრუნდა. ქვეყნის არეულობისა და სხვადასხვა საშიშროების გამო ქეთევანმა თეიმურაზი შაჰ-აბასთან გაგზავნა.

შაჰ-აბასმა, როგორც კი დავითის სიკვდილი და ალექსანდრეს დაბრუნება შეიტყო, თავის კარზე აღზრდილ გამაჰმადიანებულ კონსტანტინე-მირზას უბრძანა, წასულიყო კახეთში, მოეკლა მოხუცებული მამა, მოეკლა ღვიძლი ძმა გიორგი და თვითონ ასულიყო კახეთის სამეფო ტახტზე.

გამხეცებულმა კონსტანტინე-მირზამ შეასრულა ბრძანება, შემდეგ მამისა და ძმის მოკვეთილი თავები, ვითარცა ძვირფასი ძღვენი, „მამობილს“ გაუგზავნა, მათი გვამები კი აქლემს აჰკიდა და ალავერდს გააგზავნა დასამარხად. ქეთევანმა პატივით დაკრძალა მამამთილისა და მაზლის ცხედრები.

სისხლში გასვრილმა კონსტანტინემ ქეთევანს ცოლობა სთხოვა: „შეგირთავ ცოლად და შენც მორჩილ მექმენ, რამეთუ ესრეთ არს წესი და ჩვეულება სჯულად მაჰმადისაო“.

ქეთევანმა კახეთის დიდებულები იხმო, ყოველივე აუწყა და უთხრა, თუ სარწმუნოებისა და ქვეყნის ღირსებას ვერ დავიცავთ, ქართლს დავბრუნდებიო, მუხრანში. დიდებულებმა ერთგულება შეჰფიცეს დედოფალს, შეიკრიბნენ, მიუვარდნენ სჯულისა და ტრადიციების შემგინებელს და სიცოცხლეს გამოასალმეს. ქეთევანმა ურწმუნო კონსტანტინეს გვამი გვარისათვის შესაფერილი პატივით დაკრძალა, შაჰს დიდძალი ძღვენი გაუგზავნა და სთხოვა, მეფედ თეიმურაზი დაემტკიცებინა. მანამდე კი, დროებით, თვითონ იტვირთა სამეფოზე ზრუნვა.

შაჰ-აბასი შეშინდა: კახეთი განმიდგება, ქართლს შეუერთდება და საბოლოოდ დავკარგავო და 1606 წელს მეფედ დაამტკიცა თეიმურაზი და დიდი პატივით დააბრუნა საქართველოში.

გაიხარა წმიდა დედოფალმა შვილის ხილვით, გაიხარა მთელმა სამეფომ ქრისტიანი უფლისწულის დაბრუნებით. მეფე იკურთხა და ქვეყანაში დროებით სიმშვიდემ დაისადგურა. ახალგაზრდა მეფემ გურიელის ასული ანა შეირთო. მეფე-დედოფალს ორი ვაჟი და ერთი ასული – ლევანი, ალექსადნრე და თინათინი შეეძინათ. მალე ანა დედოფალი გარდაიცვალა. შაჰის იძულებით თეიმურაზმა ლუარსაბ II-ის და, ხორეშანი შეირთო, შაჰმა კი ხორეშანის და – ელენე მოიყვანა ცოლად. ასე ცბიერებით „დაუმოყვრდა“ იგი ქართლ-კახეთის სამეფოს, ნამდვილად დამოყვრებულ ქართლსა და კახეთს შორის კი მუდმივად თესავდა განხეთქილების ღვარძლს.

შაჰ-აბასმა 1614 წელს ელჩი გამოუგზავნა თეიმურაზს და ერთგულების ნიშნად შვილი სთხოვა მძევლად. იცოდა თეიმურაზმა შაჰის ვერაგობა, მაგრამ დიდებულების იძულებით უმცროსი ვაჟი, ალექსანდრე მაინც გაგზავნა სპარსეთში, თან დედაც – წმიდა ქეთევანიც გააყოლა: „ჰგონებდა პატივისცემასა დედისასა შაჰ-აბასისაგან“. შაჰმა ჯერ უფროსი შვილი, ლევანი ითხოვა, შემდეგ კი თეიმურაზსაც შეუთვალა: რადგან ამისთანა ერთგული კაცი ხარ, შენც მოდი და მნახეო“.

ყველასათვის ნათელი გახდა შაჰის სურვილი: მას სურდა კახეთის სამეფო კარისთვის ერთად მოეყარა თავი და ერთიანად შეემუსრა. დრო აღარ ითმენდა. თეიმურაზი და ლუარსაბი შეითქვნენ და გაერთიანებული ძალებით სძლიეს ჟალეთში დაბანაკებულ მტერს.

შემდგომ დაიწყო ქართლის ცხოვრების უსაშინლესი პერიოდი. კახეთის დასალაშქრად გამზადებულმა შაჰ-აბასმა მძევლები – წმიდა ქეთევანი და მისი შვილიშვილები – შირაზს გაგზავნა, თვითონ კი კახეთს შეესია. მტერმა ააოხრა სამეფო კარი, შერყვნა ეკლესია-მონასტრები, გადაასახლა და დააცარიელა სოფლები. ქვეყანა შიმშილმა და ძალადობამ მოიცვა. უსჯულოებმა ცეცხლს მისცეს კახეთი. სამასი ათასზე მეტი ქართველი სპარსეთში გადაასახლეს, გაუდაბურებულ ქვეყანაში კი ულუსები ჩამოასახლეს.

შირაზს გადასახლებიდან ხუთი წლის შემდეგ შაჰმა ქეთევანს ჩამოაშორა თეიმურაზის ძენი, ისპაჰანს წაიყვანა და დაასაჭურისა. ალექსანდრემ ტანჯვას ვერ გაუძლო და გარდაიცვალა, ხოლო ლევანი შეიშალა. სამშობლოს ხვედრით შეძრწუნებული წმიდა დედოფალი, რომელმაც შვილიშვილების უბედურება არ იცოდა, შირაზის მმართველს, გათათრებულ ქართველს, იმამ-ყული-ხან უნდილაძის სასახლეში ცხოვრობდა. ნაქართველარი თათარი დიდი პატივით ეპყრობოდა ქეთევანს და ამბობდა, დიდად საპატიო სტუმარი არისო ჩვენი, ის კი არ არის ტყვე, ჩვენ თვითონა ვართ მისი ტყვეები. მისი ბრძანებით წმიდა დედოფალს არ უმხელდნენ, თუ რა საშინელი ბედი ეწიათ ბატონიშვილებს ლევანსა და ალექსანდრეს.

ათი წელი იტანჯებოდა დედოფალი „საპატიო“ ტყვეობაში. მარხვით, ლოცვით, ქვაზე წოლით გაილია დედოფლის სხეული. მაინც მხნედ იყო, უვლიდა, ზრუნავდა და ზედ დაჰფოფინებდა თავის სამწყსოს – მის გამგებლობაში მყოფ ოციოდე ქართველს.

ხედავდა გულმრისხანე შაჰი, რომ „უდრეკ იყო დედოფალი“, ისევ წმიდა სამებას სასოებდა კახეთის მანათობელი ვარსკვლავი, ჯვარცმულ მაცხოვარს ავედრებდა თავის ჯვარცმულ ქვეყანას და ემზადებოდა დიდი მისიისათვის.

უსჯულო აბასმა გადაწყვიტა, რჯული  გამოეცვლევინებინა ქეთევანისათვის. მისი უზნეობა და თავხედობა იქამდეც მივიდა, რომ ცოლობა სთხოვა ზნესრულ დედოფალს და ეს მოხდა სწორედ იმ დღეს, როცა წმიდანმა თავისი შვილიშვილების ბედი შეიტყო.

შაჰმა იმამ-ყული-ხანს შეუთვალა: „ქეთევან დედოფალი თუ გათათრდეს, ნურას აწყენ და თუ არ გათათრდეს, აწამე და სასჯელით მოკალიო“. შეძრწუნდა უნდილაძე, მოციქულის პირით შეუთვალა: „ბერი დედაკაცი არის და ახლა ეს არ გათათრდება, რას აქნევ ამის გათათრებას, თქვენთვის სირცხვილი არისო მისი სიკვდილი“. შაჰ-აბასი გაბრაზდა, ბრძანების სასწრაფოს აღსრულება უბრძანა შირაზის ხანს. ნაქართველარი შეევედრა დედოფალს, სხვის დასანახად მაინც აღიარე მაჰმადი, გულში კი ქრისტიანად დარჩიო. წმიდა ქეთევანმა შორს დაიჭირა უნდილაძის ნათქვამი და წამებისთვის განემზადა: „მეუფეო ქრისტე, სიტყუაო ღვთისაო, არა შუენოდა მხევლისა შენისად უარის ყოფაჲ შენი, ნუ მიმცემ ეშმაკსა მხევალსა შენსა“.

ხალხით გაჭედილ მოედანზე გაიყვანეს ქართველთა სათაყვანებელი დედოფალი, რომელსაც მგლოვიარე ქართველები მიაცილებდნენ. ჯალათებმა მოამზადეს სპილენძის ქვაბები, დაანთეს ცეცხლი, შეაწყვეს შიგ შანთები გასახურებლად და სადღესასწაულოდ შემოსილი დედოფალი კოცონის წინ დააყენეს. მხოლოდ ერთი რამ ითხოვა წმიდა მოწამემ: „დედის ნაშობნი ხართ თქვენც, ნუ შეურაცხმყოფთ სიშიშვლით“.

უსჯულოებმა ენით აღუწერელი სისასტიკით აწამეს  ქართველთა წმიდა დედოფალი: გახურებული რვალის ქვაბი დაამხვეს თავზე, მარწუხებით დააგლიჯეს ძუძუები, გავარვარებული შამფურები გაუყარეს მკერდიდან ზურგში, ფრჩხილები დააძრეს, ხორცი დააგლიჯეს ლურსმნიან ფიცარზე დააგდეს და ზედაც ლურსმნიანი ფიცარი დააჭედეს, ბოლოს გახურებული ბარით შუბლი გაუპეს.

წმიდა სულმა დატოვა ნაგვემი სხეული. გამძვინვარებულმა ჯალათებმა ნადირთა სათრევად დააგდეს წმიდა დედოფლის გვამი, მაგრამ ღმერთმა მოავლინა სასწაული – წმიდანის ნეშტს ნათელი დაადგა.

წამების მხილველმა ფრანგებმა წმიდა დედოფლის ნაწილები დიდი პატივით წაასვენეს, საკმევლით და მურით გაჟღენთილ ქსოვილში გაახვიეს და კათოლიკურ მონასტერში დაასვენეს, რამდენიმე ხნის შემდეგ კი კახეთის მეფეს, თეიმურაზს გამოუგზავნეს თავისი წმიდა დედის თავი მკლავთან და სხვა ნაწილებთან ერთად, რომლებიც ალავერდის მონასტერში ინახებოდა და 1723 წელს დაიკარგა.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

Categories
წმინდანთა ცხოვრება

10 სექტემბერი. წმიდა დიდებული მოწამე შუშანიკი (+475)

წმიდა შუშანიკი ჰერეთის პიტიახშის, ვარსქენის მეუღლე იყო. ქრისტიანულ ოჯახში აღზრდილი დედოფალი ბავშვობიდანვე ღვთის შიშითა და სიყვარულით გამოირჩეოდა.

იმ დროს ქართლში სპარსელები ბატონობდნენ. სპარსეთის სამეფო კართან კეთილი ურთიერთობის დამყარების მიზნით ვარსქენ პიტიახში სპარსეთის მეფეს, პეროზს ეწვია, საკუთარი ნებით უარყო ჭეშმარიტი სარწმუნოება, მაზდეანობა მიიღო და მეფეს დაჰპირდა, როგორც კი ქართლში დავბრუნდები, ჩემს ცოლსა და შვილებსაც ჩემს რჯულს მივაღებინებო.

ქართლსმოახლოებულმა ვარსქენმა მოციქულები გაგზავნა საპიტიახშო ქალაქ ცურტავში, რათა ქვეშევრდომები შესაფერი პატივით მიგეგებოდნენ სამშობლოში დაბრუნებულ პიტიახშს.

სანატრელმა შუშანიკმა, რომელიც ადრევე გრძნობდა მეუღლის გულგრილობას სარწმუნოების მიმართ წინასწარმეტყველივით უთხრა გამოგზავნილებს: „უკუეთუ სულითა ცხოველ არს იგი, ცოცხალმცა ხართ, იგიცა და შენცა. უკუეთუ სულითა მომკუდარ ხართ, მოკითხვაჲ ეგე შენი შენდავე მოიქეცინ“. როცა შუშანიკმა ვარსქენის განდგომა შეიტყო, მიწაზე დაემხო და მწარე ცრემლით გამოიტირა უბადრუკი და ქრისტეს უარმყოფელი ვარსქენი: „საწყალობელ იქმნა უბადრუკი ვარსქენ, რამეთუ უვარ-ყო ჭეშმარიტი ღმერთი და აღიარა ატროშანი და შეერთო იგი უღმრთოთა“. შემდეგ შუშანიკმა დატოვა სასახლე, თან წაიყვანა თავისი ოთხი შვილი და ეკლესიას შეაფარა თავი. მან შვილები საკურთხევლის წინაშე დააყენა და უფალს შეჰღაღადა: „უფალო ღმერთო, შენნი მოცემულნი არიან და შენ დაიცვენ ესენი, განათლებულნი წმიდისაგან ემბაზისა მადლითა სულისა წმიდისაჲთა, ყოფად ერთ სამწყსო ერთისა მწყემსისა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა“.

მწუხრის ლოცვის შემდეგ წმიდა დედოფალმა ეკლესიის მახლობლად მდგომ სახლს მიაშურა, „შევიდა მუნ შინა სიმწრითა სავსჱ და მიეყრდნა ყურესა ერთსა და მწარითა ცრემლითა ტიროდა“.

საღამოს წმიდა შუშანიკი თავისმა მოძღვარმა, იაკობ ხუცესმა მოინახულა. ის აატირა დედოფლის საცოდაობამ და გააფრთხილა სულიერი შვილი: ვარსქენი დაუნდობელია და საშინლად გაგტანჯავს, ამიტომ თუ საკუთარი სიმტკიც იმედი არა გაქვს, სჯობს მოერიდო მასთან შეჯახებასო. ამაზე წმიდა შუშანიკმა უპასუხა: „უმჯობჱს არს ჩემდა ჴელთა მისთაგან სიკუდილი, ვიდრე ჩემი და მისი შეკრებაჲ და წარწყმედაჲ სულისა ჩემისაჲ, რამეთუ მასმიეს მე პავლჱ მოციქულისაგან: „არა დამონებულ არს ძმაჲ გინა დაჲ, არამედ განეყენენ“.

სამი დღის შემდეგ პიტიახშიც ჩამოვიდა ცურტავში. მან მეორე დღესვე იხმო ეპისკოპოსნი და მღვდელნი თავისთან და ლმობიერად უთხრა: „აწ ნუ რას მერიდებით მე ნუცა ღა გძაგ“. მღვდლებმა კი ამხილეს სჯულის უარმყოფელი: „წარსწყმიდე თავი შენი და ჩუენცა წარგუწყმიდენ“. მხილებით გაგულისებულმა ვარსქენმა მეუღლის გადმობირება გადაწყვიტა, მაგრამ შუშანიკმა მწარედ ამხილა და თან მტკიცედ შეუთვალა: „შენ ღმერთი ჭეშმარიტი უვარ-ჰყავ და ცეცხლსა თაყუანის ეც, და ვითარცა შენ შემოქმედი შენი უვარ-ჰყავ, ეგრეცა მე შენ შეურაცხ-გყავ და თუ მრავალი ტანჯვაჲ მოაწიო ჩემ ზედა, მე არა ვეზიარო საქმეთა შენთა“.

ამგვარი პასუხით განრისხებულმა ვარსქენმა თავისი ძმა, ჯოჯიკი და აფოც ეპისკოპოსი გაგზავნა წმიდა შუშანიკის სასახლეში წამოსაყვანად. დედოფალმა შინ დაბრუნებაზე კვლავ უარი განაცხადა. ჯოჯიკმა იცოდა, რომ ვარსქენი მას ძალით მიიყვანდა სასახლეში და სთხოვა, ნებით დაბრუნებულიყო. შუშანიკმა აიღო წმიდა სახარება, წმიდა მოწამეთა წიგნები, მივიდა სასახლეში და იქ ერთ მცირე სენაკში ჩაიკეტა.

ორი დღის შემდეგ ვარსქენი სასახლეში დაბრუნდა და პურის საჭმელად ძმასთან და რძალთან ერთად წმიდა შუშანიკიც მიიწვია. დედოფალს არ სურდა ქრისტეს მოღალატე ქმართან ტრაპეზის გაყოფა, აღარ უნდოდა ქრისტეს მოწამის გვირგვინის გარიდება: მან ჯოჯიკის ცოლს ხელი აუკრა მოწოდებულ ჭიქაზე და ამით კიდევ ერთხელ გამოხატა ქრისტესთვის წამების სურვილი.

გამხეცებულმა ვარსქენმა სასტიკად ცემა მეუღლე. ცოცხალ-მკვდარი შუშანიკი ჯოჯიკმა ძლივს გამოჰგლიჯა მას ხელიდან. პიტიახშმა ბრძანა, შეეკრათ დედოფალი და ბორკილები დაედოთ. შემდეგ, ვარსქენის ბრძანებითვე, ბორკილდადებული დედოფალი სენაკში შეიყვანეს და დარაჯი დაუყენეს.

დილით პიტიახშმა მოინახულა შუშანიკი. შემდეგ მსახურს უბრძანა, არავინ შეეშვა მასთან, თვითონ კი სანადიროდ წავიდა.

შუშანიკის მოძღვარმა მოახერხა დატყვევებულ დედოფალთან შესვლა და როცა მისი ნაწამები სახე იხილა, განცდებს ვეღარ გაუძლო და ხმამაღლა ატირდა. წმიდა შუშანიკმა მშვიდად უთხრა: „ნუ სტირ ჩემთჳს, რამეთუ დასაბამ სიხარულისა იქმნა ჩემდა ღამჱ ესე“.

იაკობ ხუცესი ევედრა წმიდანს, მიეცა ნება, მისთვის პირიდან სისხლი და თვალთაგან ნაცარი მოებანა და ჭრილობებზე სალბუნი დაედო. შუშანიკმა მიუგო: „ჴუცეს, მაგას ნუ იტყჳ, რამეთუ სისხლი ესე განმწმენდელ არს ცოდვათა ჩემთა“.

ჰონების წინააღმდეგ საბრძოლველად წასვლის წინ ვარსქენმა თავისი ნაჩუქარი სამკაულები წაართვა შუშანიკს… ამასობაში დიდი მარხვაც დადგა. წმიდა დედოფალი კვლავ ეკლესიის მახლობლად მდებარე პატარა ბნელ სენაკში გადავიდა და მარხვა-ლოცვასა და ტირილში გაატარა წმიდა ორმეოცი.

ბრძოლიდან დაბრუნებულმა ვარსქენმა შუშანიკი მოიკითხა. ერთმა ახლობელმა კარისკაცმა ურჩია, ამ წმიდა მარხვაში არაფერი ეთქვა მისთვის. მარხვის შემდეგ ვარსქენმა ცემით წაიყვანა დედოფალი სასახლეში, სამასი ჯოხი დაჰკრა, ქედზე ჯაჭვის დადება და საპყრობილეში ჩასმა ბრძანა.

ექვსი წელი გაატარა წმიდა შუშანიკმა ციხეში. ამ ხნის განმავლობაში არ შეუწყვეტია ლოცვა, მარხვა და სხვა ღვთის სათნო საქმეები. საპყრობილეში მყოფი, იგი თავად ამხნევებდა მის გასამხნევებლად მოსულ ქრისტიანებს, დახმარების მიღების მაგივრად თვითონ ეხმარებოდა გაჭირვებულებს. მისი ლოცვით ავადმყოფები იკურნებოდნენ, უშვილოებს შვილი ეძლეოდათ… შუშანიკის ლოცვით განიკურნა და მართად სარწმუნოებაზე მოექცა ერთი კეთროვანი სპარსი დედაკაცი. დედოფალი ყველაზე უფრო შვილების ცეცხლთაყვანისმცემლობაზე გადაბირებამ შეაძრწუნა – „ტირილითა დიდითა… თავსა თჳსსა ქუე დამართ სცემდა“, მაგრამ მაინც სამადლობელი აღმოთქვა: „გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ჩემო, რამეთუ იყვნესვე არა ჩემნი, არამედ შენნი მოცემულნი იყვნეს. ვითარცა გნებავს, იყავნ ნებაჲ შენი, უფალო, და დამიცევ მე საქმეთაგან მტერისათა“.

სიკვდილის წინ წმიდა მოწამემ ყველანი დალოცა და ითხოვა, დაესაფლავებინათ იქ, საიდანაც პირველად გამოათრია უშჯულო ქმარმა, შემდეგ ფსალმუნის სიტყვები გაიმეორა: „კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რამეთუ მშვიდობით მას ზედა დავწევ და დავიძინე“ და სული უფალს შეავედრა.

სამღვდელოებამ და ერმა ნაწამები დედოფლის გვამი ნაანდერძევ ადგილას დაფლა.

მე-6 საუკუნეში ქართველებმა შუშანიკის ნეშტი თბილისში გადმოასვენეს და მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარში დაკრძალეს.

Categories
წმინდანთა ცხოვრება

წმიდა მოწამენი კვირიკე და დედა მისი ივლიტა (+დაახლ. 305)

წმიდა მოწამენი კვირიკე და დედა მისი ივლიტა

28 ივლისი

 

კონდაკი: მკლავთა ზედა ეტვირთა ქრისტეს მოწამე კვირიკე ივლიტას და განხმობილნი სტადიონსა შინა ხმობდა სიხარულით: წრისტე არს ჭეშმარიტად სიქადულ მოწამეთა.

წმიდა მოწამენი კვირიკე და ივლიტა მცირე აზიაში, ლიკაონიის ქალაქ იკონიაში ცხოვრობდნენ. დიდებული გვარის ჩამომავალი ივლიტა ქრისტიანი იყო. იგი ადრე დაქვრივდა და ერთადერთ ძეს, ჩვილ კვირიკეს კეთილმსახურებით ზრდიდა. როცა უსჯულო იმპერატორმა დეოკლეტიანემ (284-305) მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, წმიდა ივლიტამ, იმის შიშით, რომ სატანჯველებს ვერ გაუძლებდა, დატოვა მთელი სიმდიდრე, ნათესავები, ახლობლები და შვილთან და ორ მხევალთან ერთად ჯერ სელევკიაში გაიხიზნა, შემდეგ კი ტარსოსს მიაშურა. აქ ნეტარი მდაბიოთა და გლახაკთა შორის ცხოვრობდა. გარეგნულად თითქოს არაფრით განირჩეოდა მათგან, მაგრამ, როგორც ჩანს, „მოწევნულ იყო ჟამი მისი“ – ავმა ენამ მმართველ ალექსანდრესთან დაასმინა. ივლიტა თავისი სამი წლის ძით ხელში სამსჯავროზე გამოცხადდა. როცა მმართველმა სახელი, გვარ-ტომობა და სადაურობა ჰკითხა, წმიდანმა ახოვნად მიუგო: „მე ქრისტიანი ვარ! ეს სიტყვა მეტყველებს ჩემს ვინაობაზეც და კეთილშობილებაზეც – ჩემი სამშობლო კი ზეციური იერუსალიმია!“ კადნიერი პასუხით განრისხებული მსაჯულის ბრძანებით ივლიტას შვილი ხელიდან გამოგლიჯეს და ხარის ძარღვებით დაუნდობლად დაუწყეს ცემა. დედის წამების შემყურე კვირიკე ტიროდა, ხელებს ასავსავებდა, ფეხებს ურტყამდა მტარვალებს და მათგან თავის განთავისუფლებას ცდილობდა. ბავშვის სილამაზით მოხიბლულმა ალექსანდრემ თავისთან მიაყვანინა იგი, კალთაში ჩაისვა და ფერება დაუწყო, მაგრამ ყრმა არ ცხრებოდა: „მეც ქრისტიანი ვარ!“ ტიროდა ბავშვი და თან ტირილით მიიწევდა დედისკენ. საშინლად გაავებულმა მსაჯულმა ბავშვი მიწაზე დაანარცხა და წიხლი ჰკრა. ჩვილი კიბის საფეხურების კიდეებზე თავის ხეთქებით ჩაგორდა და სული უფალს შეჰვედრა.

როცა ივლიტამ შვილის ნეტარი აღსასრული იხილა, მადლობა შესწირა უფალს, მმართველმა კი, მის მოუდრეკლობაში კიდევ ერთხელ დარწმუნებულმა, წამების გაძლიერება ბრძანა: მარტვილს რკინის წვერბასრი იარაღებით დაუწყეს ჯიჯგნა, ჭრილობებში კი გამლღვალ ფისს ასხამდნენ.

  • „შეიბრალე თავი, ივლიტა, – ეუბნებოდა ალექსანდრე ქრისტეს ტარიგს, – დაინდე შენი ყმაწვილქალობა და შესწირე მსხვერპლი ღვთაებებს!“
  • „არ მოვუდრეკ ქედს უტყვ და უსმ კერპებს, მე მხოლოდ ჩემს უფალს, იესო ქრისტეს – მხოლოდშობილ ძე ღვთისას ვეთაყვანები!“ – პასუხობდა ნეტარი.

უღონოქმნილმა მმართველმა ივლიტას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. სასჯელის აღსრულების წინ სანატრელმა მოწამემ დრო ითხოვა ლოცვისთვის, მუხლი მოიყარა და მაცხოვარს შეჰღაღადა: „გმადლობ შენ, უფალო, რამეთუ ჩემს ძეს უწინარეს ჩემსა მოუწოდე და ამაო მიწიერი ცხოვრების წილ საუკუნო სუფევა დაუმკვიდრე. აწ შეივედრე სულიც ჩემ უღირსისა მხევლისა შენისა და ღირს მყავ ბრძენ ქალწულთა თანა შესვლად ქორწილსა მას დაუსრულებელსა“.

ამ სიტყვების შემდეგ ივლიტას თავი მოჰკვეთეს (+დაახლ. 305). მისი გვამი კვირიკეს ცხედართან ერთად ქალაქგარეთ დააგდეს მხეცებისა და ფრინველების საჯიჯგნად, მაგრამ ერთგულმა მხევლებმა მოახერხეს, რომ ღამით ფარულად დაეფლათ ისინი.

ნეტარი მარტვილების ნაწილთა აღმოყვანება აღესრულა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდის ზეობაში (+337, ხს. 21 მაისს). კვირიკესა და ივლიტას მიმართ ლოცულობენ ოჯახური ბედნიერებისა და სნეულ ყრმათა მსწრაფლ განკურნებისათვის. წმიდა კვირიკეს ხელის მტევანი ინახება საქართველოში.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

წამება და ღუაწლი წმიდათა მოწამეთა  კვირიკესი და ივლიტასი

ხსენება 28 ივლისს

 

რომის მეფეთა შთამომავალი, დიდგვაროვანი ქრისტიანი ქალი ივლიტა მცირე აზიაში, ლიკაონიის ქალაქ იკონიაში* ცხოვრობდა. იგი ადრე დაქვრივდა და ერთადერთ ძეს, კვირიკეს კეთილმსახურებით ზრდიდა.

  • იკონიაამჟამად კონია – . თურქეთის სამხრეთ ნაწილში, ცენტრალური ანატოლიის ზეგანზე. ძვ. . I-ახ. . III საუკუნეებში შედიოდა რომის იმპერიის, ხოლო შემდეგ – ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში. XI-XV .. იკონიის სასულთნოს დედაქალაქია. XV . შეუერთდა ოსმალეთის იმპერიას.

 

როცა უსჯულო იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, წმიდა ივლიტამ, იმის შიშით, რომ სატანჯველებს ვერ გაუძლებდა, დატოვა მთელი სიმდიდრე, ნათესავები, ახლობლები და შვილთან და ორ მხევალთან ერთად ჯერ სელევკიაში გაიხიზნა, შემდეგ კი ტარსუსს** მიაშურა, და მდაბიოთა და გლახაკთა შორის ცხოვრობდა. გარეგნულად თითქოს არაფრით განირჩეოდა მათგან, მაგრამ, როგორც ჩანს, „მოწევნულ იყო ჟამი მისი“ – ვიღაცამ იგი ქრისტიანების სასტიკ მდევნელთან, ქალაქის მმართველ ალექსანდრესთან დაასმინა. ივლიტა თავისი სამი წლის ძით ხელში სამსჯავროზე გამოცხადდა. მადლიან ქრისტიანულ გარემოში გაზრდილი ეს პატარა ბიჭი უკვე იცნობდა წმიდა მოწამეთა ცხოვრებას. მან უკვე იცოდა, რომ ქრისტესადმი ერთგულება მარადიულ სასუფეველში გამარჯვების გვირგვინს იმსახურებდა. იგი უცოდველ გულზე იწყობდა ხელებს და ბავშვურ მზერას ცას აპყრობდა. ის იყო ერთ-ერთი იმ ბავშვთაგანი, რომელთა სულიერი ცხოვრება ასაკს წინ უსწრებს.

** ტარსუს – ამჟამად თარსუსი – ისტორიული ქალაქი სამხრეთ-ცენტრალურ თურქეთში, მერსინის პროვინციაში. რომის იმპერიის დროს იყო კილიკიის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. საქმე მოციქულთას მიხედვით აქ დაიბადა პავლე მოციქული).

როცა მმართველმა სახელი, გვარ-ტომობა და სადაურობა ჰკითხა, წმიდა ივლიტამ უშიშად მიუგო: „მე ქრისტიანი ვარ! ეს სიტყვა მეტყველებს ჩემს ვინაობაზეც და კეთილშობილებაზეც – ჩემი სამშობლო კი ზეციური იერუსალიმია!“ კადნიერი პასუხით განრისხებული მსაჯულის ბრძანებით ივლიტას შვილი ხელიდან გამოგლიჯეს და ხარის ძარღვებით დაუნდობლად დაუწყეს ცემა. დედის წამების შემყურე კვირიკე ტიროდა, ხელებს ასავსავებდა, ფეხებს ურტყამდა მტარვალებს და მათგან თავის განთავისუფლებას ცდილობდა. ბავშვის სილამაზით მოხიბლულმა ალექსანდრემ თავისთან მიაყვანინა იგი, კალთაში ჩაისვა და ფერება დაუწყო, მაგრამ ბიჭი ეწინააღმდეგებოდა, მის კოცნას სახეს არიდებდა, დედისკენ მიიწევდა და ტირილით ყვიროდა: „მე ქრისტიანი ვარ, გამიშვით დედაჩემთან!“ უშიშარი ბავშვი მმართველს სახეს ფრჩხილებით უკაწრავდა. მმართველი განრისხდა. მან ბავშვი ძირს დაანარცხა, ფეხი ჰკრა და მაღალი ფიცარნაგიდან გადმოაგდო. კვირიკე ქვის საფეხურზე დაგორდა და კიბის კუთხეს მიარტყა თავი, იქაურობა მისი სისხლით მოირწყო, ყმაწვილმა ღმერთს მიაბარა თავისი წმიდა, უმანკო სული. ასე დაიდგა წამებულის გვირგვინი წმიდა ყრმამ, კვირიკემ.
ნეტარმა ივლიტამ ვერ დაინახა შვილის ვნება. ის მამაცურად იტანდა წამებას და იძახდა: „მე ქრისტიანი ვარ, არ შევწირავ კერპებს მსხვერპლს”. როცა წამება დროებით შეაჩერეს, ივლიტა წამოდგა და სისხლში ამოსვრილი შვილი დაინახა, რომელიც უსულოდ ეგდო მიწაზე. მან მადლობა შესწირა უფალს, მმართველმა კი, მის მოუდრეკლობაში დარწმუნებულმა, წამების გაძლიერება ბრძანა: მარტვილს რკინის წვერბასრი იარაღებით დაუწყეს ჯიჯგნა, სხეულს უფხეკდნენ და ჭრილობებში კი გამლღვალ ფისს ასხამდნენ. „შეიბრალე თავი, ივლიტა, – ეუბნებოდა ალექსანდრე ქრისტეს ტარიგს, – დაინდე შენი ყმაწვილქალობა და შესწირე მსხვერპლი ღვთაებებს!“. „არ მოვუდრეკ ქედს უტყვ და უსმ კერპებს, მე მხოლოდ ჩემს უფალს, იესო ქრისტეს – მხოლოდშობილ ძე ღვთისას ვეთაყვანები!“ – პასუხობდა ნეტარი. ბოლოს, როდესაც მტარვალი მიხვდა, რომ ვერ სძლევდა მის სიმტკიცეს, უღონოქმნილმა მისთვის თავის მოკვეთა ბრძანა. როდესაც მოწამე ქალაქიდან გაჰყავდათ, მან მუხლი მოიყარა და ილოცა: `გმადლობ შენ, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, რომ ჩემს ძეს უწინარეს ჩემსა მოუწოდე და ღირსი გახადე შენი წმიდა სახელისათვის მოწამებრივი სიკვდილით აღსრულებისა, და ამაო ცხოვრებისა წილ საუკუნო სუფევა დაუმკვიდრე. აწ შეივედრე სულიც ჩემ უღირსისა მხევლისა შენისა და ღირს მყავ ბრძენ ქალწულთა თანა შესვლად ქორწილსა მას დაუსრულებელსა~. ამ სიტყვების შემდეგ ივლიტას თავი მოჰკვეთეს (+დაახლ. 305).

მისი გვამი კვირიკეს ცხედართან ერთად ქალაქგარეთ დააგდეს მხეცებისა და ფრინველების საჯიჯგნად, მაგრამ ერთგულმა მხევლებმა ღამით ფარულად დაფლეს. ერთ-ერთმა მათგანმა იცოცხლა მოციქულთასწორ კონსტანტინეს იმპერატორობის დრომდე. როდესაც ქრისტიანების დევნა შეწყდა, მან უჩვენა ქრისტიანებს, სად განისვენებდა მოწამეთა წმიდა ნაწილები, თან უამბო მათი მარტვილებრივი აღსასრულის შესახებ.

ნეტარი მარტვილების ნაწილთა აღმოყვანება აღესრულა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდის ზეობაში (+337, ხს. 21 მაისს). კეთილსურნელებით აღსავსე უხრწნელმა ნაწილებმა, რომლებიც მიწიდან ამოაბრძანეს, ბევრ ადამიანს კურნება მიმადლა. ისინი გადაიტანეს კონსტანტინეპოლში, რომლის სიახლოვესაც დაარსეს მათი სახელობის მონასტერი.

იოანე მოსხის ჩანაწერების მიხედვით იუდეაში იერიქონის შორიახლოსაც იყო ამ წმინდანების ტაძარი. რუსი მომლოცველების დამოწმებით XII-XV საუკუნეებში წმინდა მოწამეთა წმინდა ნაწილები იმყოფებოდა წმინდა სოფიას ტაძარში. მათი ბედი კონსტრანტინეპოლის დაცემის შემდეგ უცნობია. სხვა ვერსიით წმინდა ნაწილები მოხვდა ანტიოქიაშიც, სადაც წაიღო ამატორმა, ოქსერის ეპისკოპოსმა (388-418 წ.წ.) წმინდა ნაწილების ადგილსამყოფელად სახელდება ქალაქები ნევერი (საფრანგეთი) და ტურნეც (ბელგია). ამ მოწამეთა ვნებანი აღიწერა ქრისტიანთა გასამტკიცებლად და უფლის სადიდებლად და ითარგმნა მრავალ ენაზე. წმინდა კვირიკეს და ივლიტას ძველთაგანვე პატივს-სცემდენ ანტიოქიის და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიებში. რუსეთში მათ სახელზე მრავალი ტაძარი და სამლოცველოა. გადმოცემების მიხედვით პირველი ტაძარი ჯერ კიდევ წმ. მთავარ ვლადიმერის დროს აშენებულა როსტოვის მახლობლად. რუსეთში არსებობს გარდამოცემა, რომ წმინდა კვირიკემ სთხოვა იესო ქრისტეს, რომ მიუტევოს ცოდვები და სიხარული მიანიჭოს მათ, ვინც გაიხსენებს მათ ღვაწლს (მათი სიკვდილის დღე 28 ივლისი) და ასევე მათ, ვინც მათ სახელზე ამ დღეს გასცემს მოწყალებას. მაცხოვარიც დაპირდა ყრმა მოწამეს მისი თხოვნის ასრულებას.

კათოლიკური ეკლესიაც პატივს-სცემას ამ წმინდანებს და მათ ხსენებას დღესასწაულობს 15 ივლისს. წმ. კვირიკეს სახელობის ეკლესიები მრავლად მოიპოვება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ხოლო წმ. კვირიკეს სახელს ატარებს მრავალი სოფელი, და ძველი ქართული სახელწოდებაც ივლისისა არის „კვირიკობისთვე“. „წამებაY წმიდისა კვირიკესი და დედისა მისისა ივლიტაისი“ არის კიმენური რედაქციის თხზულება, რომლის ავტორია იკონიის ეპისკოპოსი თეოდორე (VI ს.). თხზულება პოპულარული გახდა მთელ საქრისტიანოში, მაგრამ წმინდა მოწამეების განსაკუთრებულ პოპულარობაზე საქართველოში მეტყველებს ის სახალხო-რელიგიური დღესასწაული, რომელიც იმართებოდა როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში – მცირეწლოვანი მოწამის, კვირიკეს სახელობის დღეობა „კვირიკეობა“.

სვანეთში 28 ივლისს, წმინდა კვირიკესა და ივლიტას წამების დღეს უძველესი დროიდან აღნიშნავენ ამ დღესასწაულს კალას კვირიკე და ივლიტას XI ს-ის ტაძარში. ეს იყო დედათა მონასტერი (სვანები უწოდებენ „ლაგურკა“-ს), სადაც სრულიად საქართველოდან მოსული „აზნაური“ და „უაზნო“ მონაზვნები მოღვაწეობდნენ. ტყით შემოსილი მთა საღმრთოდ ითვლება და სვანი იქ წკეპლასაც არ მოჭრის. კალას ეკლესია წარმოადგენს მთელი სვანეთის მთავარ სამლოცველოს.

კვირიკობას ლაგურკაში თავს იყრის სალოცავად მოსული მრევლი არა მარტო სვანეთიდან, არამედ საქართველოს ყველა კუთხიდან. მომლოცველები წმინდა კვირიკესა და ივლიტას შესთხოვენ ოჯახის ბედნიერებასა და სნეულ ყრმათა სწრაფ განკურნებას.

 

 

მასალები მოიძია და დაამუშავა თინათინ მჭედლიშვილმა

სავედრებელი პარაკლისი დიდებულთა მოწამეთა კვირიკესი და ივლიტასი

http://iveron.ca/kvirike-da-ivlitas-paraklisi/kvirike da ivlita

Categories
წმინდანთა ცხოვრება

სულთმოფენობიდან მე 4-ე კვირა. მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი. ასისთავი

მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი
ასისთავი
(ქადაგება სულთმოფენობიდან მე-4 კვირას)

 

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

როგორ ვნატრობთ, რომ ჩვენს ჭერქვეშ, ჩვენთან მოვიდეს ქრისტე, რომ განვიცადოთ მისი თანაყოფნა, სიხლოვე…
ასე ხდება, როცა ხორციელი ავადმყოფობა გვეწვევა, როცა მწუხარება მოგვიცავს, უიმედობა შეგვიპყრობს, როცა ცხოვრებაში სიცარიელე ისადგურებს, როცა მომავალს ბურუსი ფარავს. ასე ხდება ნათელ წუთებშიც, როცა სული ელტვის რაღაც მარადიულს, რომელიც გახსნის მას, გადაალახვინებს ყველა დაბრკოლებას დედამიწაზე. და მაშინ მწუხარებასა და ვარამს ვეძლევით:

უფალო, მოვედ! უფალო, ნუთუ არ შეისმენ ჩემს ხმას? ნუთუ ისევ შორს დარჩები? მაშ, მოვედ, უფალო… ასეთი სევდით, თუმც კი სხვა აზრით, შეჰღაღადებენ წმინდა წერილში სული და სასძლო უფალს, მალე დადგეს დასასრული ჟამთა, წავიდეს დრო და მოვიდეს მარადიულობა: მოვედ, უფალო იესუ, მოვედინ მალე!.. ჩვენ კი რას ვითხოვთ? – მოვიდეს უფალი და განაქარვოს სევდა, დააცხროს სნეულება. სული და სასძლო კი რას ელიან? – რომ ყველაფერი წარვიდეს: ცაც და მიწაც, დროც და დარჩეს მხოლოდ უფალი დიდებისა მათ წინაშე, ჩვენს წინაშე და დაივანოს ჩვენში თავისი წმიდა სულით.
ეს დროც დადგება, მაგრამ განა გულწრფელად, სუფთა სინდისით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენც ვუერთდებით ამ დიად და საშინელ ლოცვას, სასძლო-ეკლესია და სული წმიდა რომ აღავლენენ? გვსურს, რომ წარვიდეს ყოველივე, განქარდეს დრო, აღარ იყოს მიწა, არ დარჩეს არაფერი, რასაც ირგვლივ ვხედავთ, და დადგეს მარადიული სასუფეველი ღვთისა? ჰოი, რომ არა! ჩვენ არ გვყოფნის რწმენა, არ გვაქვს უბრალო, გულწრფელი მინდობა ღვთისადმი, რომ როცა ეს მოხდება, ყველაფერი გვექნება. ჩვენ უფალს ვთხოვთ, მოვიდეს ჩვენთან და ჩვენ ვშიშობთ, უფალმა არ გვითხრას: დავარღვევ დროისა და სივრცის საზღვრებს, აღვხოცავ ყოველივეს, რაც იჭერს ცასა და ქვეყანას და მოვა სასუფეველი ცათა, და თქვენ შეხვალთ მასში. ჩვენ ვამბობთ: უფალო, ის, რაც უცნობია, გვაშინებს ჩვენ, იქ მოდი, რაც ნაცნობია, რაც მშობლიურია ჩვენთვის, შემოდი ჩვენს სევდაში, ჩვენს წუხილში, ჩვენს დროებით ცხოვრებაში და განგვკურნე მხოლოდ; ჰქმენ ისე, რომ განსაცდელები არ იყოს ასე მტანჯველი, ასე მწარე, ასე საშიში ჩვენთვის, განგვიკურნე სხეული, გაგვიჯანსაღე, გაგვიმრთელე ცხოვრება.

და მოდის ქრისტე ხორციელი სახით, ჩვენ კი ველით და ვფიქრობთ: ნუთუ არ მოვა უფალი? და ჟამთა სიღრმიდან გვეზრახება წარმართი ასისთავი, რომლის შესახებაც დღეს ამოვიკითხეთ. უფალო, შენ უნდა მოხვიდე ჩემს სახლში? არა, უფალო! ნუ იქნებინ! მე არა ვარ ამის ღირსი! შენი მხოლოდ ერთი სიტყვაა საკმარისი, რომ ყველაფერი კარგად იყოს…

ჩვენ კი გვაქვს ეს სიტყვა, რომელიც ჟღერს, მღერის, ქუხს ყოველ მსახურებაზე სახარების კითხვისას. ამ სიტყვას სახლშიაც შეგვიძლია დავეწაფოთ: სიტყვას ქრისტესი, სიტყვას მკურნალს, განმაახლებელს, სიტყვას ძლიერსა და ნათელს, სიტყვას ცოცხალსა და სულიერს, სიტყვას ისეთს, რომლის წარმოთქმაც ძე ხორციელს არ ძალუძს დედამიწაზე, რადგან სიტყვა ღვთისა აღწევს უშინაგანეს ადამიანში, მისი სულის ყველაზე მიუვალ კუნჭულებში და ყოველივეს განაცხოველებს. და ჩვენ გვაქვს ეს სიტყვა.

და აი, როცა ისადგურებს უკუნი, გვიპყრობს შიში, გვწყლავს სნეულება, როცა სულს მწუხარება დაუფლებია, როცა იმედს ეჭვი შეჰპარვია, მივხედოთ უფალს და შევღაღადოთ: უფალო, არა ვარ ღირსი, რომ ხორციელად, სასწაულებრივად წარმომიდგე ახლა, მაგრამ მე მაქვს შენი სიტყვა, ცოცხალი და განმაცხოველებელი, წმინდა, გარდამსახველი სიტყვა! – და მივმართოთ ამ სახარებისეულ სიტყვას, ავიღოთ ხელში წმინდა და ღვთიური წიგნი და წავიკითხოთ, რას ამბობს უფალი. და წარმოვიდგინოთ, რომ ახლა ეს სიტყვები ჩვენდამი წარმოითქმის.

მაშინ ყველაფერი გარდაისახება ირგვლივ: სულს აღფრთოვანება მოიცავს, ცხოვრებაში სიცოცხლე შემოიჭრება, ქრისტე თავისი ძლევამოსილი და ცოცხალი სიტყვით შემოვა ჩვენს ჭერქვეშ, ჩვენს შორის, ჩვენს ოჯახში, ჩვენს წუხილსა თუ სიხარულში. ვისწავლოთ წარმართი ასისთავისაგან რწმენა და მორჩილება: არა ვარ ღირსი, უფალო, რომ ჩემს სახლში შემოხვიდე, მხოლოდ სიტყვით თქვი და ყველაფერი კარგად იქნება. ამინ.

თარგმნა ნინო ბოხუამ

Categories
წმინდანთა ცხოვრება

სულთმოფენობიდან 3-ე კვირა წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ხოლო თქვენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა

ღმრთისასა და სიმართლესა მისსა (მათ. 6, 33).

 

როგორ ჰფიქრობთ, ძმანო ჩემნო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, რით იწყო მაცხოვარმა ქადაგება თვისი ქვეყანაზე, რა საგანზე სთქვა მან პირველი თვისი სიტყვა ერისადმი? პირველი სიტყვა იესო ქრისტესი, როდესაც იწყო მან ქადაგება სახარებისა, იყო სასუფეველსა ზედა ღვთისასა: და შემდგომად მიცემისა იოანესა. მოვიდა იესუ გალილეად, ქადაგებდა სახარებას სასუფეველისა ღუთისასა, და იტყოდა, ვითარმედ აღსრულებულ არ ჟამი და მოახლოებულ არს სასუფეველი ღუთისაი, შეინანეთ და გრწმენინ სახარებისაი (მარკ. 1, 14-15). ამითვე იწყებდენ ქადაგებასა ყოველნი მოწაფენი მისნი. იგინი იტყოდენ ყოველთა, რომ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა, ახარებდენ ყოველთა სასუფეველსა ღვთისასა, შეაგონებდენ, რომ შეიწყნარონ სასუფეველი ღვთისა, შევიდენ მას შინა და განხდნენ ძენი სასუფეველისა. სჩანს, ძმანო ჩემნო, რომ ერთობ დიდი არის ეს საგანი, თუ კი ამით იწყებენ ქადაგებასა თვისსა ყოველნი წმინდანი, მაშასადამე, საჭირო არის, რომელ ჩვენცა შევიტყოთ, რაჲ არს სასუფეველი ღვთისა, როგორ უნდა შეიწყნაროს და მიიღოს კაცმა სასუფეველი ღვთისა.

თვით საღმრთო წერილი ჰხსნის, რასა შინა მდგომარეობს სასუფეველი ღვთისა; წმინდა მოციქული პავლე ერთსა ეპისტოლესა შინა თვისსა იტყვის: არა არს სასუფეველი ღვთისა საჭმელ და სასმელ, არამედ სიმართლე და მშვიდობა და სიხარულ სულითა წმინდითა (რომაელთა 14, 17). ავაშენოთ ამ სიტყვებზე სწავლა სასუფეველსა ზედა ღვთისასა.

არა არს სასუფეველი ღვთისა საჭმელ და სასმელ. ამ სიტყვებით წმინდა მოციქული პავლე შეგვაგონებს ჩვენ, რომელ სასუფეველი ღვთისა არ არის რომელიმე გარეგანი ნივთიერება, ანუ ხილული საგანი. იგი არა მდგომარეობს არცა სასმელსა და საჭმელსა შინა, არცა ტანისამოსსა, არცა სიმდიდრესა შინა, არცა ქვეყნიურსა ღირსებასა ანუ დიდებასა შინა. მაშასადამე, იგი არის უხილავი, შინაგანი თვისება გულისა და სულისა: არა არს სასუფეველი ღვთისა სასმელ და საჭმელ, არამედ სიმართლე და მშვიდობა და სიხარულ სულითა წმინდითა (რომ. 14, 17).

მაშასადამე, სასუფეველი ღვთისა პირველად მდგომარეობს სიმართლესა შინა. რაი არს სიმართლე? ამ სიტყვას აქვს, ძმანო ჩემნო, განიერი, ვრცელი და მრავალ-გვარი მნიშვნელობა. გარნა ჩვენ ქრისტიანეთათვის უფრო საჭიროა გვახსოვდეს და ვიცოდეთ ერთი უმთავრესი მისი მნიშვნელობა. საღმრთო წერილი ამ სიტყვით ჩვენ გვიჩვენებს იმ სიმართლეს, ანუ განმართლებას, რომელი მოგვანიჭა ჩვენ უფალმა იესო ქრისტემ თვისითა სიტყვითა და საქმითა, ესე იგი განმართლება უფლისა იესო ქრისტესი სისხლითა და ხორცითა, რომელი მან შესწირა ჩვენთვის. მაშასადამე, სიმართლე არის მთელი ქრისტიანობა. აქეთგან ცხადია, რომელ სასუფეველი ღვთისა პირველად იმ კაცს აქვს გულში, რომელმაც მიითვისა ქრისტეს სჯული. მისი მადლი, ანუ იესო ქრისტესაგან მონიჭებული სახარება.

მეორედ სასუფეველი ღვთისა მდგომარეობს მშვიდობასა შინა. მშვიდობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს საღმრთო წერილში. როგორც საღმრთო წერილი გვასწავლის, ყოველ კაცს უნდა ჰქონდეს მშვიდობა, პირველად ღმერთთან, მეორედ თავის თავთან, მესამედ ყოველ მოყვასთან. რა სახით უნდა ჰქონდეს კაცს ღმერთთან მშვიდობა? საღმრთო წერილი გვასწავლის, რომ ყოველი ცოდვა არის მტერობა ღვთისა; ცოდვილი კაცი მტერია ღვთისა მისთვის, რომ ღმერთი არის უზენაესი სიმართლე, ჭეშმარიტება და სძაგს კაცი, ცრუ ამისთვის ცოდვის მოყვარე, ცრუ კაცი მტერია ღვთისა, ვინაიდგან ღვთის საქმეს, ღვთის მშვიდობას არღვევს. ღმერთთან ჩვენი მშვიდობა მოახდინა, ანუ შეგვარიგა ღმერთთან უფალმან იესო ქრისტემან, რადგანაც მან მიიღო თავის თავზედ ყოველი ჩვენი ბრალი და შეცოდება ღვთისადმი, მაგრამ იმ პირობით, თუ ჩვენ გვახსოვს მისი სწავლა, ვემორჩილებით და ვასრულებთ მისთა მცნებათა. თავის თავთან მშვიდობა აქვს კაცსა, როდესაც მას თვისი ჭკუა და სვინიდისი არაფერში არ ამტყუნებს და არ არცხვენს, როდესაც იგი არ ემორჩელება ისრეთთა ცუდთა სურვილთა, ვნებათა, მიდრეკილებათა, რომელნიც დაარღვევენ კაცის მშვიდობასა და მოსვენებასა, შთააგდებენ მას ურვასა და შფოთსა შინა, წარიტაცებენ და დაატყვევენ მას. დიდი და ძნელი საქმე არის, ძმანო ჩემნო, მოპოვება ანუ შეძენა სულიერისა მშვიდობისა. იგი მიეცემა და გაუჩნდება გულში მხოლოდ იმ კაცს, რომელმან, დასთრგუნა ყოველნი თვისნი ვნებანი, დიდ ხანს და მრავალი იღვაწა. ამ სახით მშვიდობა არის განსვენება გულისა და სულისა ღმერთსა შორის, მაშასადამე, იგი არ არის დაძინება ცოდვათა შინა, არამედ მღვიძარება კეთილთა საქმეთათვის; იგი არ არის უქმად ყოფნა, არამედ შრომა, მოღვაწეობა სულიერი. მართალია, უმრავლესნი ნაწილნი ქრისტიანეთა შორის, თუმცა ცოდვას არ იშლიან, უწესოდ სცხოვრებენ, მაინც მოსვენებულნი არიან, თითქმის მშვიდობაც არის მათს გულში. გარნა ესრეთი მშვიდობა არის ცრუ და ცბიერი. იგინი ჰგრძნობენ მშვიდობასა მისთვის, რომ არ იციან თავი თვისი, არ ეძებენ სისრულესა, არ შესულან ჯერედ სასუფეველსა შინა ცათასა. უმჯობესი იქმნებოდა, რომ ამათ გულში ყოფილიყო ურვა, ბრძოლა, სვინიდისის მხილება და მოუსვენებლობა, ამისთვის, რომ ეს იქნებოდა ნიშანი მისა, რომ მათ არ სძინავთ ცოდვათა შინა, და სული მათი ცდილობს როგორმე გამოსვლას ცოდვისაგან. მათი მშვიდობა დაემსგავსება უფრო სასიკვდინე ძილსა, ვიდრეღა იმ მშვიდობას, რომელსა გააჩენს კაცის გულში სული წმინდა.

ბოლოს სასუფეველი ღვთისა მდგომარეობს სიხარულსა შინა სულითა წმინდითა. იქმნება ვისმეს გაუკვირდეს, რომელ ჭეშმარიტი ქრისტიანე, რომლისა გულში არს სასუფეველი ღვთისა, უნდა იყოს სავსე სიხარულითა. მართალია, უფალმან იესო ქრიტემან გვითხრა ჩვენ: ნეტარ იყვნენ მგლოვარენი; საღმრთო წერილი ხშირად შეგვაგონებს ჩვენ, რომ კაცი ყოველთვის უნდა სწუხდეს და სტიროდეს თავის უღირსებას და ცოდვას, მაგრამ სიხარული სულისა მიერ წმინდისა არა თუ არ არის წინააღმდეგი სულიერისა მწუხარებისა, მონანებისა, შემუსვრილებისა, არამედ პირდაპირ მისი ნაყოფია. სიხარული სულისა მიერ წმინდისა მხოლოდ იმ კაცს გაუჩნდება გულში, რომელმან მწუხარებითა და ცრემლითა განბანა სული თვისი ყოვლისაგან ბილწებისა და ამით მიიღო სიმართლე, ანუ გამართლება იესო ქრისტესი და შეურიგდა ღმერთსა და თავის თავსა.

რაც აქამდინ ვსთქვით, იმაზე ესეც უნდა დაუმატოთ: სასუფეველი ღვთისა კაცის გულში არ არის რაიმე უძრავი, არამედ თითქმის ყოველ დღე და ყოველს წამს იცვლება, ხან დიდდება, ხან მცირდება. თუ გსურთ, ძმანო ჩემნო, რომ ყოველთვის იყოს თქვენს გულში სასუფეველი ღვთისა და იზრდებოდეს, ეცადეთ, რომ ყოველ დღე განაახლოთ იგი და გააცოცხლოთ სულიერითა საზრდოითა. როგორათაც სხეული კაცისა იზრდება და განახლდება საზრდოის მიღებითა, ეგრეთვე შინაგანი ცხოვრება შენი, ესე იგი სასუფეველი ღვთისა, ყოველ დღე უნდა განახლდეს სულიერის საზრდოის მიღებითა, რომელ არს ლოცვა, კეთილი გრძნობა, კეთილი საქმე, მარხვა, მოთმინება და სხვა. ამინ.

 

Categories
წმინდანთა ცხოვრება

სავედრებელო პარაკლისი წმინდა მღვდელმოწამე ხარლამპი მაგნეზიის ეპოსკოპოსისა

სავედრებელი პარაკლისი

წმიდისა მღდელმოწამისა ხარლამპისა

მაგნეზიის ეპისკოპოსისა

მღდელი: კურთხეულ არს

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.

მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ტროპარი, ხმაი 4

სუეტად რჩეულად ქრისტეს ეკლესიისა და დაუშრეტელ ლამპრად ყოვლისა სოფლისა გამოსჩნდი შენ, ხარლამპი ყოვლადბრძენო, და წამებითა განბრწყინდი რაი სოფელსა შინა, კერპთა საცთური შემუსრე, ნეტარო, ამისთვის გვექმენ შუამდგომელ  წინაშე ქრისტეისა, და მარადის ევედრები ცხოვნებისათვის ჩუენისა.

 დიდებაი.. ტროპარი (იგივე) აწდა

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 2

ძლისპირი: ქუეყანასა მწყურნებსა, ვითარცა ხმელსა, განვიდა და შრომათაგან ეგვიპტისათა განერა ერი ისრაელთა, ღაღადებდა, მხსნელსა ჩუენსა და უფალსა უგალობდეთ.

წმიდაო მღდელმოწამეო ხარლამპი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

გიგალობთ შენ, ვითარცა მღდელობისა და მარტვილობისა გვირგვინითა შემკულსა მამასა ჩუენსა, რომელმან გზაი ცათა სასუფევლსა შინა მკვიდრობისაი გვიჩუენე ყოველსა მორწმუნესა.

წმიდაო მღდელმოწამეო ხარლამპი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

გაქებთ შენ, ვითარცა ქუეყანისა ანგელოზსა და ზეცისა კაცსა, და გევედრებით ხსნასა სოფლისა ამის განსაცდელთაგან და საფრხისაგან ეშმაკისა

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

გნატრით შენ, ვითარცა მღდელთმთავართა და მოწამეთა შორის საჩინოსა, და გევედრებით ხსნასა მომსრველთა სენთაგან და მძვინვარებათაგან ჭირთაისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მხოლოსა უქორწინებელსა და წმიდასა, გევედრებით შენ მონანი შენნი, ძვირთა და ვნებათაგან განგვარინე, ვითარცა სახიერისა ღმრთისა მშობელმან, სახიერმან და მოწყალემან.

გალობაი 3, განძლიერდასა

ძლისპირი: შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო, და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო კაცთმოყუარეო.

წმიდაო მღდელმოწამეო ხარლამპი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

გულითა განწმედილი და სულითა განათლებული ღირს იქმენ რაი მღდელთმთავრობისა პატივისა, საჭეთმპყრობელ და მმართებელ ექმენ სამღდელოთა და ერთა, და მარადის ქადაგებდი ჭეშმარიტებასა და კეთილად განაგებდი სამწყსოსა შენსა.

წმიდაო მღდელმოწამეო ხარლამპი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

საღმრთოითა მგზებარებითა შემკული ამხელდი რაი კერპთმსახურებისა სიცბილსა, განამრავლე რიცხვი მორწმუნეთაი, ნეტარო, და ყოველთა განსწავლიდი რაი ღუაწლსა მას შინა სულიერსა, შეშფოთდენ წარმართნი და აუწყეს მმართველსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

შეგიპყრეს რაი, წმიდაო, და წარგადგინეს წინაშე მსაჯულისა, გაიძულებდენ კერპთათვის მსხუერპლისა შეწირვასა, გარნა არცაღა სმენად თავს-იდევ სიტყუანი მისნი და აღიარებდი ღმრთეებასა მაცხოვრისასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წარწყმედისა, ძვირთა და ყოვლისა ვნებულებისა და გარე-მოდგომილებისაგან დაგვიფარე ჩუენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, ვედრებითა წმიდისა ხარლამპისაითა და ლოცვათა მიერ შენთა, სძალო ღმრთისაო.

გვიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, მარტვილო ღმრთისაო, რამეთუ ჩუენ ყოველნი სახელ-გდებთ, ვითარცა მხსნელსა და ღმრთისა მიმართ შუამდგომელსა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქისა, მცხეთათბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს… (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

წარდგომაი, ხმაი 2

მრჩობლი ღუაწლი აღასრულე ქუეყანასა ზედა, მრავალტანჯულო ხარლამპი, და მრჩობლთაცა გვირგვინთა ღირს იქმენ რაი მოღებად ღმრთისა მიერ – მოღუაწებისა და მარტვილობისათა, აწ გაქუს კადნიერებაი წინაშე მისა, რაითა დაგვიცვას განსაცდელთაგან და გვიხსნნეს უხილავთა და ხილულთა მტერთაგან.

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: მესმა, უფალო, განგება საიდუმლოთა შენთა გამოუთქმელთა, განვიცადენ საქმენი შენნი, და აღვიარე მე ღმრთეებაი შენი.

წმიდაო მღდელმოწამეო ხარლამპი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

არა უარყავ რაი ქრისტე წინაშე მმართველისა, უბრძანა გუერდთა შენთა ხუეტაი ფოცხითა და მაღლად აღაპყრნე რაი ლოცვითა ხელნი, სისხლი შენი დიოდა მსგავსად წყლისა.

წმიდაო მღდელმოწამეო ხარლამპი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ხედვიდენ რაი ურისხველობასა შენსა, მრავალთა რწმენეს ქრისტე, და შორის მათსა იყუნეს რაი მხედარნი – მტანჯველნი შენნი, მსწრაფლ წარკვეთეს თავნი ახალმოწამეთა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ღმრთივმავალ ვარსკულავად ექმენ სამსა დედაკაცსა, იხილეს რაი ვნებანი შენნი, აღიარეს ქრისტე წინაშე მძლავრთა, და მათ მიერ ტანჯულთა შეჰვედრეს სული თვისი უფალსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გსახავთ შენ მკურნალად ჩუენად, ღმრთისა მიმართ ლოცვათა მიერ შენთა ჭირთა, სრვისა და გარე-მოდგომილებისგან გვიხსენ მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო.

გალობაი 5, ღამითგანსა

ძლისპირი: განგვანათლენ ჩუენ ნათლითა შენითა, უფალო, და მკლავითა მაღლითა მორწმუნეთა მშვიდობაი შენი ზეცით მომეც ჩუენ, კაცთმოყუარეო.

წმიდაო მღდელმოწამეო ხარლამპი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

მაშინ განრისხდა მხედართმთავარი იგი და იწყო რაი ტანჯვაი შენი, სანატრელო, ხელნი მისნი მოუძლურდენ, და შეგნერწყვა რაი მმართველმან, უკუნ მიექცა თავი უგუნურსა.

წმიდაო მღდელმოწამეო ხარლამპი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

შიშნეულნი გევედრებოდენ რაი შეწევნასა, განკურნე იგინი და მხედართმთავარი მოექცა რაი ქრისტეანობასა ზედა, მმართველმან დააყენა დევნაი და ყოველივე ამცნო მეფესა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა 

ფრიად განრისხდა უსჯულოი იგი მეფეი და წვერითა მიყვანებაი შენი უბრძანა რაი მსახურთა, ვერა შეძრა სიმტკიცეი შენი, ნეტარო, და უწყალოდ დაგბძარა სამსჭვალითა და გტანჯა ცეცხლითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ვითარ საზარელ არს ჩუენთვის საიდუმლოი სამსჯავროისა დღისაი, ძრწოლაი დიდი მოგვიცავს და შევძრწუნდებით, გარნა ლოცვითა წმიდისა ხარლამპისაითა სასჯელისაგან განგვარინე, ყოვლადწმიდაო ქალწულო.

გალობაი 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: მომიტევენ სახიერ, აღურაცხელნი ცოდვანი ჩემნი, რომელთათვის გიხმობ შენ: მიხსენ მე ბოროტთაგან, შენდა მომართ ვღაღადებ: ისმინე ჩემი, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო.

წმიდაო მღდელმოწამეო ხარლამპი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ზეგარდამო გესმა ხმაი უფლისაი და განგკურნა რაი ყოველთა წყლულებათაგან, მადლი საკვირველთმოქმედებისაი მოგანიჭა და აღადგინე რაი მკუდარი ლოცვითა და განკურნე ეშმაკეული, რწმენა იესუ მრავალთა.

წმიდაო მღდელმოწამეო ხარლამპი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ჰოი, უცნობელობაი მეფისაი, ბრძანა რაი ქვითა გვემაი შენი და ცეცხლითა მოწვაი წვერისა შენისაი, გარდამოხდა ალი და დაწვა რაი მტარვალნი, საღმრთოითა შურითა აღეგზნა ასული მეფისაი, და ორგზის შემუსრა კერპნი ბომონსა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

დაღათუ სარწმუნოებისა ცუარითა დაშრიტე ალი ბოროტადმადიდებელთა უგუნურებისაი, გმეს უფალი სევერუსმან და დიდებულმან მისმან, რამეთუ სტყორცნა ისარი ცასა და გამოიწვია ბრძოლად უფალი მეფემან უკეთურმან.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უსძლოო სძალო, ღმრთისმშობელო, დახსენ ჭირთა და განსაცდელთა ღელვაი მხურვალითა ვედრებითა წმიდისა ხარლამპისაითა, და დააყუდნე ბოროტი ხრწნილებაი.

გვიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, მარტვილო, რომელნი წარმწყმედელთა ვნებათაგან გარე-შეცვულნი შენდა მოვივლტით, ვითარცა ღმრთებრივისა მლოცველისა მიმართ წინაშე ქრისტეისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.                        

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                          

გუნდი: ამინ.

კონდაკი, ხმაი 6

ვითარცა მწყემსი კეთილი და აღმსარებელი მოწამეი მრჩობლითა გვირგვინითა შეგამკო ღმერთმან, საკვირველთმოქმედო ხარლამპი, და ურიცხვთა სასწაულთა მიერ განგადიდა რაი ქუეყანასა ზედა, აწ კუალად მიანიჭებ კურნებასა და განსაცდელთაგან იხსნი ყოველთა მოსავთა შენთა და მვედრებელთა.

სხუაი კონდაკი, ხმაი 8

აღვსებულ იქმენ მადლითა დიდებულისა მღდელობისაითა და ეკლესიაი ბრწყინვალედ შეამკვე საღმრთოითა მით ვნებითა შენითა, რომელნიცა ქრისტეისთვის თავს იდევ მხნედ მოხარულმან, ხარლამპი, პატიოსანო მნათობო ყოვლისა სოფლისაო, და განანათლენ კიდენი ქუეყანისანი, ვითარცა უძლეველმან.

იკოსი

თანა-ხატ ექმენ ქუეყანასა ზედა ნებსით მოსრულსა და ცოდვათა და უძლურებათა ჩუენთა მტვირთველსა მწყემსთმთავარსა ჩუენსა, ქრისტესა ღმერთსა, დასდევ რაი სული თვისი ცხოვართათვის, რომელთაცა აუწყებდი ვნებათა მისთა, წმიდაო მოწამეო ხარლამპი, ამისთვის ყოველნი გიგალობთ შენ, ვითარცა უძლეველსა.

მღდელი: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომაი, ხმაი 7

იქადიან წმიდანი დიდებითა თვისითა და იხარებენ სარეცელსა ზედა მათსა

მუხლი: უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, ქება მისი ეკლესიასა შინა წმიდათასა.

მღდელი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.           

გუნდი: ამინ.

მღდელი: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელი: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა 

მღდელი: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელი: მოხედენ.

სახარებაი ლუკასი

ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: არარაი არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს. ამისათვის რომელი ბნელსა შინა სთქუათ, ნათელსა შინა ისმეს, და რომელსა ყურსა ეტყოდით საუნჯეთა შინა, იქადაგოს ერდოთა ზედა. ხოლო გეტყვი თქუენ, მეგობართა ჩემთა: ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყვიდნენ ხორცნი და ამისა შემდგომად ვერარაი აქუს უმეტესი, რაი გიყონ თქუენ. ხოლო გიჩუენო თქუენ, ვისა გეშინოდის: გეშინოდენ მისა, რომელსა შემდგომად მოწყუედისა ხელ-ეწიფების შთაგდებად გეჰენიასა. ჰე, გეტყვი თქუენ, მისა გეშინოდენ. ანუ არა ხუთი სირი განისყიდების ორის ასარის? და ერთიცა მათგანი არა არს დაფარულ წინაშე ღმრთისა. არამედ თმანიცა თავისა თქუენისანი ყოველნი განრაცხილ არიან. ნუუკუე გეშინინ, რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ. ხოლო გეტყვი თქუენ: ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდა მომართ წინაშე კაცთა, ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-იქმნეს იგიცა წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. და ყოველმან რომელმან თქუას სიტყუი ძისა მიმართ კაცისა, მიეტეოს მას. ხოლო სულისა წმიდისა მგმობარსა არა მიეტეოს. და ოდეს შეგიყვანნენ თქუენ შესაკრებელთა და წინაშე მთავართა და ხელმწიფეთა, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ, ანუ რაი სიტყუაი მიუგოთ, ანუ რაი სთქუათ, რამეთუ სულმან წმიდამან გასწაოს თქუენ მას ჟამსა შინა, რაი-იგი სთქუათ.

დიდებაი შენდა უფალო, დიდება შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა წმიდისა მღდელმოწამისა ხარლამპისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: მადლი შეწევნისაი მოგანიჭა რაი უფალმან, ვითარცა საწუთოსა ამას, ეგრეთცა შემგომად სიკუდილისა, აწ გვიოხე წინაშე მისსა, რაითა განამტკიცოს მშვიდობაი ქუეყანასა ზედა და ეკლესიაი თვისი დაიცვას შეუძრველად, ხოლო  ჩუენ მოგვანიჭოს კურნებაი და წარგვიმართოს გზასა მას ჭეშმარიტსა.

მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლადქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისამძლისა მოწამისა, ძლევაშემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულმოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდისა პატრიარქისა ევსტათი ანტიოქიელისა – ქართლის ეკლესიათა მაკურთხეველისაითა; წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანეოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივგანბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისამძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარმოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთაბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმიდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილმორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრედამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანეისი და გიორგიიოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი); და წმიდისა მღდელმოწამისა ხარლამპისა და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.                  

გუნდი: ამინ.

გალობაი 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ყრმათა ღმრთისმსახურთა ბაბილონს შინა არა მსახურეს ხატსა ოქროსასა, და მით სახმილსა შეითხივნეს, და შეცვრეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს, კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

წმიდაო მღდელმოწამეო ხარლამპი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

მაშინ ისმა ხმაი ქუხილისაი, და ძალმან მაღლისამან ჰაერსა დამოკიდა რაი უგუნურნი, ასული მეფისაი გევედრებოდა ხსნასა მათსა, და დააცხრვე რაი რისხვაი უფლისაი ლოცვითა, ორნივე მშვიდობითა დაეშუენ ქუეყანასა ზედა.

წმიდაო მღდელმოწამეო ხარლამპი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ხედვიდა რაი საღმრთოსა მას ძლიერებასა შენსა, ეწადა მეფესა თაყუანისცემაი ღმრთისაი, გარნა შურითა ეშმაკისაითა შთავარდა მრისხანებასა შინა, და ბრძანა წარკვეთაი თავისა შენისაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

განგიყვანეს რაი დასჯად, ღმერთშემოსილო, უღმრთოთა მიერ თავის მოკვეთასა შენსა უსწრო ქრისტემან, გამოგიჩნდა რაი ანგელოზთა თანა, ღირსო ხარლამპი, და აღგითქუა აღსრულებაი ყოველთა ვედრებათა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ხორცთა სენისაგან, და სულთა ცოდვისა განკურნენ, ღმრთისმშობელო, მოსავნი შენნი, რომელნი საფარველსა ქუეშე შენსა მოივლტიან, რამეთუ შენ ხარ, ყოვლადწმიდაო, სასოი ჩუენი და მაცხოვარი.

გალობაი 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: მთასა ზედა მოსეს თანამზრახველმან მაყვლოვანით, სახე გამოაჩინა ქალწულისაგან შობისა უვნებელად, ყოველნი მას ვაკურთხევთ და აღვამაღლებთ უკუნისამდე.

წმიდაო მღდელმოწამეო ხარლამპი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

მოგიხილა რაი ქრისტემან, ნაწილთა შენთა განსასვენებელთა ადგილთათვის შესთხოვე მშვიდობაი და ნაყოფიერებაი, ხოლო მომხსენებელთა შენთათვის ხსნაი და კეთილდღეობაი.

წმიდაო მღდელმოწამეო ხარლამპი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

მშვიდობითა შეჰვედრე რაი სული თვისი უფალსა, მოწამეთა მწყობრსა შეგრაცხა და მოგანიჭა რაი მადლი შეწევნისაი, კურნებდი სენთა და სალმობათა და აღხოცდი ვნებათა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

განითქუა რაი სასწაულნი შენი, მოისწრაფდენ ყოვლითა სენითა გუემულნი და მიემთხვეოდენ რაი საფლავსა შენსა, განიკურნებოდენ და მადლობასა შესწირვიდენ ღმერთსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოველი ვნებულებაი სულთა და ხორცთაი განაოტე ჩუენგან ლოცვითა წმიდისა ხარლამპისაითა, და დახსენ ყოველნი ბოროტნი საფრხენი და განსაცდელნი, ყოვლადწმიდაო.

გალობაი 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: შენ, რომელი უქორწინებელ ხარ, დედაო უსძლოო, შენ, რომელმან უზესთაეს ბუნებათა შევ დაუსაბამო, რომელ-არს შემოქმედი ღმერთი ჭეშმარიტი, გალობითა დაუდუმებელითა გადიდებთ.

წმიდაო მღდელმოწამეო ხარლამპი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

იღუაწე რაი ვიდრე სისხლთა დათხევადმდე ქრისტეისთვის, დასსა მას მარტვილთასა შეგრთო ეკლესიამან, ღირსადსაკვირველო მამაო, და ქებაი და მოხსენიებაი შენი განგვიჩინა სამწყსოთა თვისთა.

წმიდაო მღდელმოწამეო ხარლამპი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

იხარებს აწ სტეფან-წმიდისა მონასტერი მეტეორას, მწიაღებელი პატიოსანის თავისა შენისაი, და კიდეთაგან ქუეყანისათა მოივლტიან მორწმუნენი მიმთხვევად მისდა, რაითა ყოველთა ძვირთაგან გამოიხსნა მადლითა შენითა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

სიმრავლეი მორწმუნეთაი, ცოდვათა ხდომისაგან შერყეული, გევედრებით, სანატრელო, რაითა ღუარი სნეულებათა ჩუენთაი და წარმწყმედელთა განსაცდელთა და ბოროტთა ვითარებათაი განაძო კადნიერებითა დიდითა ღმრთისა მიმართ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ძვირისხილვისა ადგილსა, და სნეულებისა სარეცელსა დაცემული ესე აღმადგინე, მეოხებითა შენითა და განმკურნე ლმობილი და წყლული მონაი შენი, ყოვლადწმიდაო ქალწულო, სასოო განწირულთაო.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი აკმევს; მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:

შუენიერ იქმენ შენ, ჰოი, ხარლამპი, შეიმკევ რაი სისხლითა მოწამეობისაითა, და მოიღე მადლი კურნებისა და სასწაულთქმედებისაი ღმრთისაგან, აწ ჩუენცა ყოველთა სალმობათა და ჭირთაგან გამოგვიხსენ და განაოტე ყოველნი ბოროტნი ზრახვანი, აღძრულნი სულთამხრწნელისა მტერისაგან.

ეკლესიისა სუეტად შეურყეველად და ლამპრად სოფლისა იქმენ შენ, ჰოი, მარტვილო წმიდაო, და ანგელოზთასწორ მსახურად თვისად – აღმსარებელად და მკურნალად სენთასა გამოგაჩინა რაი უფალმან, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე სახიერებასა მისსა, რაითა ყოველთა ვნებათა და განსაცდელთაგან შეცულნი განგვათავისუფლოს ოხითა შენითა.

საღმრთოითა ძალითა განტკიცებულმან უძლური იგი კადნიერებაი უსჯულოთაი დაამხუე, ვითარცა ქრისტეს მხედარმან ახოვანმან, და განჰბრწყინდი რაი უმცხინვარეს მზისა, აწ ჩუენცა შუამდგომელად აღგძრავთ მისა მიმართ, რაითა დაშრიტოს ჩუენ ზედა აღძრულნი უკეთურთა ზრახვანი და შეგვკრიბოს ქუეყანასა ზედა განბნეული ერი ქართველთაი.

ზღუდედ უბრძოლველად გსახვიდენ რაი წინაპარნი ჩუენნი,  მრავალვნებულო მამაო, დიდად პატივს სცემდენ წმიდათა ნაწილთა შენთა, და მოაბრძანეს რაი ივერიას, სხუათა მათ ნაწილთა თანა შთასვენებულ არს ხატსა მას წმიდისა ნინოისასა, დაბრძანებულსა სამთავროს დედათა მონასტერსა, და ვიდრე აქამომდე პატივისმცემელნი მისნი მიემთხვევიან კურნებასა და წყალობასა.

ჭეშმარიტად გამოსჩნდი შენ მწყემსად საკვირველად, ჰოი, ხარლამპი დიდებულო, და სამწყსოსა მას შენსა ავედრებდი რაი ღმრთისმშობელსა, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე დედობრივსა მადლსა მისსა, რაითა აღასრულოს თქმულნი თვისნი, ვითარცა მოწყალემან, და უკუნისამდე დაიცვას წილხვედრი თვისი ივერიაი და ერი ივერიისაი, რაითა არა განვუდგეთ სარწმუნოებასა ჩუენსა და მარადის ვადიდებდეთ მეუფესა ჩუენსა და ღმერთსა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხოთესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარეწარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.       

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                      

გუნდი: ამინ.

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, საკვირველო და ჭეშმარიტად ახოვანო მამაო ჩუენო, მღდელმოწამეო ხარლამპი, სიმტკიცეო და მოძღვარო ეკლესიისაო; მონაზონთა სამკაულო და მქადაგებელო საღმრთოისა მადლისაო; მართლმადიდებლობისა სასანთლეო და ქრისტეანეთა დიდებაო; სიტყვიერთა სულთა შემწირველო ზეცისა მამისაო და დიდო მეოხო ჩუენო წინაშე მაცხოვრისა და ყოვლადწმიდისა დედისა მისისაო!

ჰოი, ღმერთშემოსილო მამაო ჩუენო, ყოვლადქებულო ხარლამპი, რომელმან ცხორებაი შენი განამტკიცენ კეთილმსახურებითა და ღმრთივბრწყინვალედ შეამკევ წამებისა სისხლითა, აწ ყურად-იღე ლოცვანი ჩუენნი და გვითხოვე უფლისაგან, ერი ჩუენი დაიცვას მტერისა საფრხისა და ძმათა შორის ბრძოლისაგან და დაიფაროს წვალებათაგან და სჯულისაგან უცხოისა, ხოლო ჩუენ მოგუმადლოს ცოდვათა და უსჯულოებათა შენდობაი, და მოგვანიჭოს მწყემსნი კეთილნი განსამტკიცებლად მართლისა სარწმუნოებისა. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონოზნო წესნი, ქრისტეისმოყუარე მხედრობანი, და ყოველნი შვილნი ქრისტეს წმიდისა მართლმადიდებელისა ეკლესიისანი სარწმუნოებასა და ღმრთისმოსავობასა შინა განამტკიცე, და დაიფარე ყოველთა ერესთა, განწვალებათა და ცრუთა სწავლათაგან.

ჰოი, მწყემსო კეთილო, ცხოვართა მათ პირმეტყუელთაო ხარლამპი, შუამდგომელო ჩუენო ჟამსა ყოველთა ჭირთა და ურვათაო! ნუ დასცხრები აწ ვედრებად ღმრთისა მიმართ, ზეცითგან აღგითქუამდა რაი ყოველთა თხოვათა აღსრულებასა, და გვითხოვე გარდამოავლინოს კურთხევაი ყოველთა კეთილთა საქმეთა ჩუენთა ზედა, და მოგვმადლოს ნაყოფიერებაი ქუეყანისაი და კეთილშეზავებულობაი ჰაერისაი; ყოვლისაგან სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, მახვილისა, მტერთა ზედამოსლვისა, ძმათამკულელ ომთაგან და ყოვლისაგან ბოროტისა განრინებაი და ყოველთა მომსრველთა სენთაგან გარე-მოზღუდვაი, რაითა ყოველთა ღმრთის-სათნოდ განვვლოთ ასპარეზი მსწრაფლწარმავალისა ამის ცხორებისაი, და ზეცისა მოქალაქობასა ღირს-ქმნილნი შენ თანა დაუცხრომელად ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, რომელსა შუენის ყოველი დიდებაი, პატივი, და თაყუანისცემაი უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მღდელი: სიბრძნით ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვიისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელი: დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.                    

გუნდი: დიდებაი.. აწდა

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). გვაკურთხენ.

მღდელი: ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა…                                        

გუნდი: ამინ.

 

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა მამისა ჩუენისა, მღდელმოწამისა ხარლამპისაითა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ლოცვა ხატის მთხვევასა ზედა:

ცხორებისა სიმდაბლეი და სიმტკიცეი სარწმუნოებისაი აჩუენე, საკვირველთმოქმედო ხარლამპი, და სიწმიდითა მსახურე რაი ღმერთსა, გადიდა შენ სოფელსა შინა, და მოგანიჭა რაი მადლი ყოველთა სენთა კურნებისაი და ეშმაკთა განსხმისაი, აწ ჩუენცა შეგვეწიე, რომელნიცა ამბორს-უყოფთ ყოვლად პატიოსანსა ხატსა შენსა და გევედრებით, ვითარცა მოყუარულსა მამასა ქრისტეისმოყუარეთა ერთასა, რაითა ხორცთა სენისა და სულთა ცოდვისაგან განგვკურნო და დაგვიფარო გარე-მოდგომილთა მძვინვარეთა ჭირთა, ვნებათა და საცთურთაგან.

დედოფალო ყოვლად-ბრწყინვალეო მარიამ, წმიდისა მღდელმოწამისა ხარლამპის ლოცვითა წარგვიმართენ დღენი ცხოვრებისა ჩუენისანი, სადიდებლად ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა. ამინ!

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა; რედაქტორი ნონა ნამგალაძე

 

 

 

 

Categories
წმინდანთა ცხოვრება

23 თებერვალი. წმინდა მღვდელმოწამე ხარლამპი მაგნეზიის ეპოსკოპოსი

23 თებერვალი.

ცხოვრება და ღვაწლი

წმინდა მღვდელმოწამე ხარლამპისა

მაგნეზიის ეპოსკოპოსისა

წმინდა მღვდელმოწამე ხარალამპი მოღვაწეობდა II საუკუნეში, იმპერატორ სეპტიმიუს სევერუსის (193-211 წ.წ.) ზეობისას. იგი თესალიის ქალაქ მაგნეზიის ეპისკოპოსი გახლდათ. როცა იმპერატორმა წამოიწყო ქრისტეს ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, ქრისტეს სიტყვის უზადო მქადაგებელი უშიშრად ქადაგებდა სახარებას და მრავალ შეცდომილ სულს აყენებდა ჭეშმარიტების გზაზე, ხოლო ქრისტიანებს მოუწოდებდა, არ ეღალატათ უფლისთვის. რა თქმა უნდა, თვითონ გარეგნობაც კი ამ ხანდაზმული მღვდელმთავრისა (იგი მაშინ 113 წლისა გახლდათ) განამტკიცებდა მორწმუნეებს.

 

როდესაც ამ „იმპერიისათვის სახიფათო პერსონის“ შესახებ ოლქის მმართველ ლუკიანეს და მხედართმთავარ ლუკიუსს ამცნეს, მღვდელმთავრის ასაკს ხელი არ შეუშლია მისთვის, რომ შეეპყროთ იგი. სამსჯავროზე წარდგომილმა წმინდა მღვდელმთავარმა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი განაცხადა, და მტკიცედ აღიარა ქრისტე, ხოლო როდესაც მისი წამება ბრძანეს, ღაღადყო: „არა უწყი, თუ რა არს ჩემდა სარგო და საცხოვნებელი, ამიტომ გამცნობ, რომ ამქვეყნად არარა მიჩნს ქრისტესთვის სიკვდილზე უტკბეს, ასე რომ, აჰა, ჩემი მხცოვანი სხეული და ყველაზე უარეს სატანჯველთ მიეც!“

მაშინ კი დაელია მოთმინება ოლქის უსჯულო მმართველს, და მხცოვანების მიუხედავად, ნეტარი მამა სასტიკად აწამებინა: მას ჯერ სამღვდელო სამოსელი შემოაგლიჯეს, შემდეგ ტანი რკინის ფოცხით მანამ უჯიჯგნეს, სანამ არ გაატყავეს. წამების დროს წმინდანი მტარვალებს მიმართავდა: – „გმადლობთ, ძმანო, რადგან თქვენ განაახლეთ ჩემი სული, რომელიც ისწრაფვის ახალი საუკუნო სიცოცხლისკენ!“. ამის გამგონე ორმა მხედარმა, რომლებიც აწამებდნენ წმინდანს, პორფირიმ და ბაპტოსმა, ხედავდნენ რა წმინდა მოხუცის მოთმინებას და უფლისადმი სასოებას, აღიარეს ჭეშმარიტი ღმერთი – იესო ქრისტე და ისინიც მოწამეთა დასს შეურთდნენ – თავები მოჰკვეთეს მათ. ჭეშმარიტი ღმერთი ადიდა ეპისკოპოსის წამების მოწმე სამმა დედამაც. არც ისინი დაინდეს ჯალათებმა – საშინელ ტანჯვაში ამოხადეს სული.

წმინდანის ტანჯვის ადგილზე მისულმა გამხეცებულმა მხედართმთავარმა ლუკიუსმა თავად გადაწყვიტა ეწამებინა მოხუცი მღვდელმთავარი, მაგრამ მკლავებში ძალა წაერთვა, თითქოს მახვილით მოჰკვეთესო, და ჯადოქრად შერაცხა იგი.

განრისხებული მმართველი წმინდა ხარლამპისთან მიიჭრა და როგორც კი სახეში შეანერწყვა, იმავე წამს თავი უკან შეუტრიალდა, თუმცა მაშინვე მუხლებში ჩაუვარდა და შეწყალება სთხოვა წმინდა ხარლამპის, თუ განმკურნავ, იესოს ვიწამებო. წმინდანმა ილოცა მათთვის, ღმერთს შესთხოვა მათი განკურნება და ორივენი განიკურნა. ამ სასწაულის მრავალმა მოწმემ ირწმუნა ქრისტე. მათ შორის ლუკიუსმაც, რომელიც, სინდისის ქენჯნით გვემული, ფეხებში ჩაუვარდა წმინდანს და კიდევ ერთხელ სთხოვა პატიება და ნათლისღება, მმართველმა კი დროებით ქრისტიანთა დევნა შეწყვიტა „სანამ ყველაფერს იმპერატორს არ მოვახსენებო“, და სევერუსთან გაემგზავრა, რომელიც პისიდიის ანტიოქიაში (მცირე აზიის დასავლეთი ნაწილი) იმყოფებოდა. „ჩვენთან მოვიდა ერთი კაცი „გალილეველთა“ საზოგადოებიდან, – უთხრა იმპერატორს, – მან მრავალნი ჩამოაშორა ღმერთებს, განკურნა სნეულნი. მათ შორის სარდალი ლუციუსი, რომელმაც ქრისტე ირწმუნა. თითქმის მთელი მაგნეზია მოაქცია თავის რწმენაზე. მეც განმკურნა და ამის საუწყებლად მოვედი შენს მეფურ დიდებულებასთან”. გაბრაზებულმა სევერუსმა ჯარისკაცები გაგზავნა წმინდა ხარალამპისთან – ჯერ სტანჯეთ და მერე მომიყვანეთო. ჯარისკაცებმა გრძელ წვერზე კი თოკი მოაბეს, შემდეგ ყელზე შემოახვიეს და ისე მიათრიეს სამსჯავროზე.

იმპერატორმა ისურვა, კიდევ უფრო საშინელი სატანჯველებით ეწამებინათ ეპისკოპოსი და ჯალათებმაც წმინდანს სხეულში რკინის ლურსმნები ჩააჭედეს. შემდეგ კი ცეცხლზე ტანჯეს. სულიწმინდის მადლით მოსილი უფლის რჩეული უვნებელი დარჩა. გაოცებულმა იმპერატორმა ჰკითხა, – რამდენი წლის ხარ, ვისი ოჯახიდან და რომის ღმერთებს რატომ არ სცემ თაყვანსო. მოწამემ უპასუხა, რომ მას სწამს ქრისტე, როგორც ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი. სევერუსი დააფიქრა მისმა პასუხმა, მოისურვა, დარწმუნებულიყო მართლა ახდენდა თუ არა ხარალამპი სასწაულებს და მოაყვანინა 35 წლის მანძილზე ბოროტი სულით გვემული ეშმაკეული და წმინდანის ფეხებთან დააწვინეს. შეპყრობილი კაცის პირით მასში შესული ეშმაკი მოჰყვა, თუ როგორ ჰპოვა ამ კაცში ბინა. მას თურმე სიხარბით მეზობელი მოუკლავს. წმინდა ხარალამპის ლოცვით ეშმაკმა დასტოვა მისი სხეული. ამის შემდეგ იმპერატორმა სამი დღის წინ გარდაცვლილი მისი ამალის წევრი ჭაბუკის გვამი მოატანინა და წმინდანს ჰკითხა: – მკვდარს თუ აღადგენო. „კაცთაგან შეუძლებელი ღვთისგან შესაძლებელიაო”, – ბრძანა წმინდა ხარალამპიმ, ილოცა და ჭაბუკი აღდგა. იმპერატორი თითქოს დარწმუნდა წმინდა ხარალამპის უბრალოებაში, მაგრამ მერე ერთი დიდებულის, კრისპის მიერ წაქეზებულმა, ჯადოქარი უძახა ღრმად მოხუც ეპისკოპოსს და ბრძანა, ბაგეებში ქვები ერტყათ და ცეცხლი წაეკიდებიათ წვერზე, მაგრამ როგორც კი წმინდა მამას სახესთან მიუტანეს ჩირაღდნები, იქიდან ცეცხლი გამოვარდა და თავად ჯალათები დაწვა. სანამ კრისპი გაცხარებული ედავებოდა ქრისტეს ბუნებაზე ქრისტიან არისტარხს, იმპერატორმა საშინელი სიძულვილით ღვთისგმობა დაიწყო, მშვილდში ისარი ჩასდო, ზეცაში გაისროლა და უფალი გამოიწვია, – შენ წინააღმდეგ დიდ არმიას ვაგზავნი, ჩამოდი, თორემ ზეციდან მიწაზე ჩამოგათრევ, მზეს ჩავაქრობ და ამ ხელებით შეგიპყრობო. იმ წამსვე იძრა მიწა, ცაში საშინელი ჭექა-ქუხილი და ელვა ატყდა. იქ მყოფთ თავზარი დაეცათ. მეფე და კრიპსი კი ჰაერში ჩამოეკიდნენ, თითქოს უხილავ ხელს ეპყრა. იმპერატორმა ვედრება დაუწყო წმინდა ხარლამპის, – გადამარჩინე და ჭეშმარიტ ღმერთს განვადიდებო.

სევერუსს მისმა ქალიშვილმა გალინამაც შესთხოვა, ეწამა ჭეშმარიტი ღმერთი იესო ქრისტე, მერე კი წმინდანს ჩაუვარდა მუხლებში და მამის გამოხსნა სთხოვა. მანაც ილოცა და მეფე და კრისპი მიწაზე დაეშვნენ. სევერუსი და დიდებულები სასახლეში დაბრუნდნენ და სამი დღე არ გამოჩენილან, თავს დატეხილ ღვთის რისხვაზე ფიქრობდნენ. ამ საკვირველებათა თვითმხილველებმა ერთხმად ადიდეს უფალი. ქრისტე მაცხოვარი ირწმუნა იმპერატორის ასულმა გალინამაც, რომელმაც, საღვთო შურით აღძრულმა, წარმართულ ტაძარში კერპები შემუსრა.

სამწუხაროდ, იმპერატორი ჭეშმარიტი ღმერთის აღიარების მერე ისევ თავის კერპებს დაუბრუნდა და წმინდა ხარალამპისაც უბრძანა მათთვის მსხვერპლი შეეწირა. წმინდანმა „უგუნური“ უწოდა მის სურვილს. გაბრაზებულმა იმპერატორმა ბრძანა ტუჩებზე ნემსკავი წამოაცვით და მთელი ქალაქი შემოატარეთო. გალინამ უსაყვედურა მამას, გაახსენა თავს დატეხილი ღვთის რისხვა და მოუწოდა ღვთის კაცი გაეთავისუფლებინა. იმპერატორმა შვილსაც უბრძანა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა. ორმოცდაათ მოქანდაკეს ახალი კერპები ერთ ღამეში გააკეთებინა და გალინას უთხრა: – ხედავ, ჩვენი ღმერთებიც მკვდრეთით აღდგნენო. შვილი დაიმუქრა, – ახალ კერპებსაც ისევე დავამსხვრევ, როგორც ძველები მოვსრეო. მერე კი მიუბრუნდა ზევსის ქანდაკებას და უთხრა: ჰოი, მკვდრეთით აღმდგარო ზევსო, გიბრძანებ, კვლავ მკვდართა სამეფოში დაბრუნდეო და კვლავ კერპების მსხვრევას შეუდგა. გაცხარდა მეფე და ჯავრი წმინდა ხარლამპიზე იყარა, – ის ერთ უწესო ქვრივ დედაკაცს გადასცა შესაგინებლად. მაგრამ ამ ქალმაც როცა იხილა წმინდანის სასწაულები, იწამა ქრისტე და გახდა მისი აღმსარებელი. კრისპმა იმპერატორს ურჩია, ხარალამპისთვის თავი მოეკვეთა, რადგან თუ ასე არ მოიქცოდა, პროვინციაში ყველანი გაქრისტიანდებოდნენ. როცა დასასჯელი ადგილისკენ მიჰყავდათ, გახარებულმა წმინდანმა მადლობა შესწირა ღმერთს, ამ დროს ცაში ქუხილი გაისმა და ზეციურ ანგელოსებთან ერთად თვით უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა და უთხრა, რომ ყველა თხოვნას შეუსრულებდა, ნეტარმა მამამ, რომელიც მაცხოვრის გამოცხადების ღირსი შეიქმნა, უპასუხა, რომ მისი ნახვა უკვე დიდი წყალობა იყო, მაგრამ „თუ ეს ღვთისთვისაც სათნო იქნებოდა“, იმ ადგილისთვის, სადაც მისი ნეშტი დაიკრძალებოდა, განსაკუთრებული მადლი გარდამოევლინებია: „დაე იმ ადგილს, სადაც ჩემი სხეული განისვენებს და სადაც პატივისცემით მომიხსენებენ, არასოდეს შეემთხვას შიმშილი, და ჭირი (ეპიდემიები), არც განმხრწნელი ქარი, დამღუპველი ნაყოფისა, დაე იმ ადგილას გამეფდეს მშვიდობა, კეთილდღეობა, პურისა და ღვინის უხვება. და მის მკვიდრთ მიუტევე ცოდვები, მიეცი მიწიერ ნაყოფთა უხვება, რათა განძღენ და განსცხრენ ხელთა თვისთა ნამუშაკევით, განმადიდებელი შენნი, თავის ღმერთისა, ყოველთათვის სიკეთის მიმნიჭებლისა ზემოდან მოპკურებული ცვარი დაე, ექცეთ განმაკურნებლად. უფალო ღმერთო ჩემო! მიჰფინე ყველას მადლი შენი!“ მაშინ მოესმა ხმა უფლისა: „დაე, მოხდეს თხოვისაებრ შენისა, მხნეო მხედარო ჩემო“, და მას შემდეგ, რაც ის ზეცად ამაღლდა, თან წაიყვანა წმინდანის სულიც, ანუ ნეტარი მამა სასიკვდილო განაჩენის აღსრულებამდე მშვიდობით მიიცვალა.

განცვიფრებულმა მეომრებმა მოახსენეს იმპერატორს, რაც იხილეს და დასძინეს, – მახვილით თავის წარკვეთის გარეშე თავისით აღესრულაო. გალინამ კი, მეფის ნეტარმა ქალიშვილმა, წმინდა ხარალამპის სხეული ახალთახალ თეთრ სუდარაში გაახვია, სცხო მირონი და ნელსაცხებელი და ოქროს ლუსკუმაში ჩაასვენა. წმინდა ხარალამპი 202 წლის თებერვალს აღესრულა და სიკვდილის შემდგომაც მრავალი სასწაული მოახდინა.

წმინდა მღვდელმოწამე ხარლამპის პატიოსანი თავი საბერძნეთში, მეტეორაზე, წმინდა სტეფანეს სახელობის მონასტერშია დასვენებული, ხოლო მის წმინდა ნაწილთაგან, რომლებიც მთელ საბერძნეთში და მთელ მართლმადიდებლურ სამყაროშია გაბნეული, დღემდე უამრავი კურნება და სასწაული აღესრულება. მას საბერძნეთში პატივს სცემენ, როგორც ძლიერ და მსწრაფლ შემწე წმინდანს, რომლის შუამავლობამ არაერთხელ შეაჩერა ტიფის, ქოლერის, ჭირისა და სხვა ინფექციური დაავადებების ეპიდემიები. ამიტომაც იგი ითვლება გადამდები დაავადებებით დასნეულებულთა მფარველად, რის გამოც ძალიან ბევრი სთხოვს მას დახმარებასა და ლოცვით შუამდგომლობას.

1897 წელს, საბერძნეთ-თურქთის ომის დროს, თურქები შეიჭრნენ მეტეორაში და სცადეს წმინდა ხარალამპის ნაწილთა წაღება. მაგრამ მათ ვერ გახსნეს ლუსკუმა, რომელიც მანამდე ჩვეულებისაებრ არ იკეტებოდა. მალე საშინელი ტიფის ეპიდემია გავრცელდა და ეს თვით თურქეთის ჯარის სარდლობამაც, ჯარისკაცების უკრძალველი მოქმედების გამო, ღვთის რისხვად ჩათვალა, ხოლო როდესაც 1908 წელს საშინელი ეპიდემია გავრცელდა ათონის მთაზე, იქ მეტეორის წმინდა სტეფანეს მონასტრიდან წმინდა ხარალამპის პატიოსანი თავი ჩააბრძანეს და წმინდა ხარალამპის პატივსაცემად ღამისთევის ლოცვა გადაიხადეს. ეპიდემია შეწყდა. ამის მერე ათონზე ყოველთვის ღამისთევით აღნიშნავენ წმინდა ხარალამპის ხსენებას და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შემდეგ მთაწმინდაზე ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანია.

1935 წლის დიდი შაბათია. მძიმე ავადმყოფი პატარა იაკობის დედა სასოწარკვეთილი წმინდანებს სთხოვდა შეწევნას. მას მოუტანეს წმინდა ხარალამპის გულსაკიდი ხატიც. მოსაღამოვდა, ამ დროს იაკობს გამოეცხადა წმინდა ხარალამპი, რომელმაც მკერდზე ჯვარი გადასახა პატარას და მანაც იმ წამსვე შვება იგრძნო. როცა ბიჭმა დედას ეს უამბო, ქალი ატირდა: „დღეს, შვილო, შენი მეორედ დაბადების დღეა, დაიმახსოვრე ეს!“ მართლაც, სიცოხლის ბოლომდე არ დავიწყებია ეს ამბავი მამა იაკობს (ცელიკისი, 1991წ.).

დიდად მოღვაწე იყო არქიმანდრიტი იოაკიმე (სპეციარისი, 1943). და სხვებისგან სამსახურს არ იყო მიჩვეული. მაგრამ ღრმა სიბერეს (85წ.) სნეულებაც დაემატა და ღირსი მამა მალე იღლებოდა და იოლი საქმის გაკეთებასაც ვერ ახერხებდა. ერთხელ სნეულმა საშველად წმინდა ხარალამპის მოუხმო. წმინდა მოწამე გამოეცხადა და ღიმილით უთხრა: „მამაო იოაკიმე, 113 წლისა ვიყავი, როცა მაწამებდნენ, მაგრამ გავუძელი და შენ მცირე სიცხე ვერ დაგითმენია?“ ყოვლადუბრალო მამამ მიუგო: „ეს კი ასეა, მაგრამ შენ დიდი გვირგვინიც მიიღე“. „ღმერთი მოწყალე იქნება შენდამიც“ – უთხრა წმინდა ხარალამპიმ და უჩინო შეიქმნა, თუმცა მამა იოაკიმე განკურნებული დატოვა.

აი კიდევ ერთი საოცარი სასწაული: მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის ჯარებმა აიღეს პელოპონესის სოფელი ფილიატრა. სარდლობაში ეჭვობდნენ, რომ იქაურები საბერძნეთის წინააღმდეგობის არმიის მებრძოლებს მალავდნენ. ფილიატრაში დაბანაკებული გერმანული  ჯარის მეთაურს კუნსტერს უბრძანეს, რომ გაენადგურებია ადგილობრივი ლიდერები და სოფლის ყველა მამაკაცი, სულ 1500 კაცი, საკონცენტრაციო ბანაკებში გაეგზავნა, სოფელი კი გადაეწვა. მოსახლეობამ გაიგო ეს ამბავი. მათ ღამე უთიეს წმინდა ხარალამპის და ილოცეს. იმავე ღამეს წმინდა ხარალამპი გამოეცხადა  კუნსტერს და უთხრა, – ბრძანება არ შეასრულო და შენ და შენი ჯარისკაცები შინ ცოცხლები დაბრუნდებით და არც თქვენი ოჯახები გაიტანჯებაო. კუნსტერმა ეს სიზმარი იმ ღამეს ზედიზედ ოთხჯერ ნახა. დილით მან გენერალს დაურეკა, თავისი სიზმარი უამბო და რაოდენ დიდი იყო მისი გაოცება, როცა გენერალმა უთხრა, – ამნაირად მეც გამაფრთხილეს სიზმარში და შეგიძლია ეს ბრძანება არ შეასრულოო. კუნსტერი მიხვდა, რომ მას წმინდა კაცი გამოეცხადა, და მისი ვინაობის დასადგენად იმ მხარის ტაძრები შემოიარა. ბოლოს, წმინდა ხარალამპის ხატიც დაინახა: „ეს წმინდა კაცი ვნახე სიზმარში!“ სოფელი გადარჩა. კუნსტერს ოჯახი უვნებელი დახვდა. ომის დასრულების შემდეგ ის ყოველწლიურად ჩადიოდა ფილიატრაში, აქაურებმა იცოდნენ, რომ წმინდა ხარალამპისადმი მისი მორჩილების გამო გადარჩნენ და გულთბილად ხვდებოდნენ. ეს გერმანელი სიკვდილის წინ მართლმადიდებლობაში მოიქცა.

1950 წელს, ნაირში, ოთხი წლის მარიამს დამბლა დაეცა. ექიმებმა ვერაფერი უშველეს და შინ გაუშვეს. სასიკვდილოდ განწირული ბავშვი მთელი ღამეები ლოცულობდა. ერთხელ სიზმარში წმინდა ხარალამპი იხილა და მშობლებს ეკლესიიდან მისი ხატი მოატანინა. ორმოცი დღის მანძილზე ხატის წინ კანდელი ენთო. პეტრე-პავლობის საღამოს გოგონას წმინდა ხარალამპი გამოეცხადა და განკურნა. ოთახი, სადაც გოგონა იწვა, კეთილსურნელებით აივსო, წმინდანის ხატიდან კი მირონი წარმოდინდა.

საბერძნეთის დასავლეთ სანაპიროზე დგას წმინდა ხარალამპის ტაძარი, რომელიც ქალაქელებმა ტიფისაგან მათი დახსნის სამადლობელოდ აუშენეს მას. ერთხელაც, დიდმარხვის წინა კვირაში, დადგა წმინდანის ხსენების დღე. საბერძნეთში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ამ კვირას საზეიმო კარნავალები იმართება. ხსენების დღის წინა საღამოს ტაძარს ერთმა ცოლ-ქმარმა ჩაუარა. გალობის გაგონებაზე ქალს ტაძარში შესვლა და ლოცვაზე დასწრება მოუნდა. მაგრამ ქმარმა წმინდა ხარალამპის გმობა დაიწყო, – მირჩევნია, კარნავალზე წავიდეო. იმავე წამს დამუნჯდა. ცოლმა კაცი ეკლესიაში შეიყვანა. იგი მუხლებზე დაეცა და ღმერთს შენდობას სთხოვდა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, წმინდა ხარალამპის ხსენების დღეს მას მეტყველების უნარი დაუბრუნდა.

1966 წელს ერთი კაცი, გვარად ნიკოლაუ, მშობლიურ სოფელში დაბრუნდა, სადაც თავს დღეთა დალევას აპირებდა. სოფლამდე როცა მიაღწია, ნახა, რომ მთელი ნაგროვები ფული დაეკარგა. მეორე დღეს უკან, პირეაში გამოემგზავრა – იქნებ ფული ვიპოვოთო. სოფელ პალიგირგოსში წმინდა ხარალამპის სახელობის პატარა ეკვდერში შეიარა და წმინდანს შეწევნა შესთხოვა. ამ დროს მოესმა ხმა, – ფული იმ მანქანის სავარძლის ქვეშ ეძებე, რომლითაც გუშინ სოფელში ჩახვედიო. კაცმა მოძებნა მანქანა. ფული მართლაც სკამის ქვეშ ჩავარდნილიყო.

ერთი კაცი უკურნებელი სნეულებით იტაჯებოდა. ის ხშირად და მხურვალედ შესთხოვდა წმინდა მამას განკურნვას. ერთხელ მას წმინდანი გამოეცხადა და გაამხნევა, – შენი ტანჯვა ცოტათი მსუბუქია იმაზე, რაც ქრისტემ დაითმინა, ამიტომაც სჯობს დაითმინო სნეულება, ვიდრე განიკურნო, ვინაიდან ეს ავადმყოფობა ცხონებისკენ მიმავალი გზის შესამსუბუქებლად მოგევლინაო.

მეტეორას წმინდა სტეფანეს მონასტრის დედებიც ყვებიან წმინდა ხარალამპის მიერ მოხდენილ საწაულებს.

1978 წელს ამ სავანეში ახალგაზრდა ქალი მოვიდა მონასტერში დასარჩენად. დასტოვეს. მას მორჩილის სამოსი ეცვა, მაგრამ პირველ თვეებში მძიმედ ავადმყოფობდა, რადგან ოჯახთან განშორებას დარდობდა. ერთხელ ის უფროსმა დამ მოინახულა და სცადა, რომ მონასტრის დატოვებაზე დაეყოლიებია. იმ ღამეს უფროსი და სავანეში დარჩა ღამის გათევად. განთიადისას წმინდა ხარალამპი გამოეცხადა. მკაცრად ამხილა – მონასტრისთვის ჩამოშორება გოგონას დაღუპავსო და სილა გააწნა. გამოღვიძებული ქალი წმინდანის ხელის შეხებას გრძნობდა. რა თქმა უნდა, დაემორჩილა წმინდა ხარალამპის. მისი ნაცნობი მონაზონი ყვება, რომ ეს ქალი დღემდე გრძნობს წმინდანის ხელის სიმწარეს.

1995 წელს სავანეში ქალაქ ტრიკალადან ქალბატონი მოვიდა და დებს უთხრა, 19 წელია, გათხოვილი ვარ, ექიმებმა მითხრეს, უშვილო ხარო. 1994 წლის დასაწყისიდან ვევედრები წმინდა ხარალამპის. ერთხელ ძილში გამომეცხადა და მითხრა: – ბავშვები გეყოლებაო. ორი თვის მერე დავფეხმძიმდი და ტყუპი ვაჟი მეყოლაო. ახლა ის ხშირად ჩამოდის მონასტერში ვაჟებთან ერთად.

1990 წლის დასაწყისში მონასტერში ახალგაზრდა კაცი მივიდა მეზობელი სოფლიდან. მას თავის მოკვლა სურდა და ხიდიდან გადახტომას აპირებდა, ამ დროს მასთან მოხუცი მღვდელი მივიდა. უთხრა, ამ სავანის მოძღვარი ვარო. თუმცა აქამდე არ ენახა, ახალგაზრდას მის ცხოვრებასა და განსაცდელებზე მოუყვა. სასო არ წარიკვეთო, ღმერთი შეგეწევაო. ახალგაზრდამ სულში სიხარული იგრძნო, შინ დაბრუნდა და  ტაძარში წირვაზე სიარული დაიწყო. რამდენიმე კვირის შემდეგ კი წმ. სტეფანეს მონასტერში ავიდა იმ მოძღვრის სანახავად. დედებმა უთხრეს, ჩვენთან მღვდლები არ ცხოვრობენო. როცა ვაჟმა აღწერა, როგორი იყო ის მოხუცი მოძღვარი, დებმა წმინდა ხარალამპი შეიცნეს.

წმ. მღვდელმოწამე ხარლამპის ძვლის ნაწილი სხვა წმინდა ნაწილებთან ერთად ინახებოდა პირი ღვთისას იმ ხატის ზურგის ნაწილში, მოძრავი ფირფიტა-ფიცარის ქვეშ, რომელიც XVIII ს-ში დაცული ყოფილა ანჩისხატის ტაძარში. ხატი რუსეთში ყოფნისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დომენტი IV-ს საჩუქრად მიუღია მოსკოვში მცხოვრები მეფე არჩილის ქალიშვილის, დარეჯანისგან. წმინდა ხარლამპის წმინდა ნაწილის გარდა ამ ხატში ინახებოდა: ღვთისმშობლის თმა, ძელი ჭეშმარიტის ნაწილი, წმინდა თეოდორე ტირონის ძვალი, წმინდა აბიბოსის ძვალი და ქრისტეს საფლავის ქვა, წმ. ნიკოლოზის ძვალი, წმ. იოანე მანგლელის ძვალი, ქრისტეს პინაკის ნატეხი და სხვა).

მღვდელმოწამე ხარლამპის წმინდა ნაწილი დაცულია მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში დაბრძანებულ წმ. ნინოს ხატშიც, რომლის წარწერითაც ირკვევა, რომ ეს ხატი, წმინდა ნაწილებთან ერთად, 1870 წ. მონასტრისთვის შეუწირავს ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის პეტერბურგში მცხოვრებ შვილიშვილის შვილს იოანე გრიგოლის ძეს. ხატის ქვემო კუთხეში, სანაწილეებში მოთავსებულია წმ. ფილიმონის, წმ. სტეფანეს, წმ. გიორგის, წმ. სვიმეონის, წმ. შუშანიკის, წმ. ტრიფონის, წმიდათა კოზმასა და დამიანეს, წმ. ხარიტონის, წმ. ბარბარეს, წმ. ესტატეს, წმ. ნიკოლოზის, წმ. გრიგოლის, წმ. ქეთევანის, წმ. ანტონის, წმ. ხარლამპის, წმ. თეოდორიტეს და წმ. ფოტის ნაწილები.

წმინდა ხარლამპი მოწამეთაგან ყველაზე მხცოვანია. შეგვეწიოს მისი წმინდა ლოცვა!

 

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა; რედაქტორი ნონა ნამგალაძე

 

სავედრებელო პარაკლისი წმინდა მღვდელმოწამე ხარლამპი მაგნეზიის ეპოსკოპოსისა

 

 

Categories
წმინდანთა ცხოვრება

20 თებერვალი. წმიდა მეფე სოლომონ II სამშობლოსათვის თავდადებული (+1815)

20 თებერვალი

 

წმიდა მეფე სოლომონ II სამშობლოსათვის თავდადებული (+1815)

 

წმიდა მეფე სოლომონ II (გამეფებამდე დავით არჩილის-ძე) დაიბადა 1772 წლის 7 (20) თებერვალს. მამამისი იმერეთის მეფის სოლომონ I-ის (+1784) ძმა იყო. დედა – ელენე კი ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ის (+1798) ასული. დავითი ძირითადად დედულეთში იზრდებოდა. ბიბლიური დავითის მსგავსად უფალმა ისიც ბავშვობაში გამოარჩია და უმემკვიდროდ დარჩენილმა იმერეთის მეფე სოლომონ I-მა ღვთის განგებით სიცოცხლეშივე უანდერძა ტახტი.

დავითი იზრდებოდა როგორც მომავალი მეფე. სარწმუნოებისა და სამშობლოსათვის თავგანწირვის მაძიებელი და თავისუფლებისთვის მებრძოლი.

თორმეტი წლის იყო დავითი, როდესაც იმერეთის მეფე სოლომონ I გარდაიცვალა. მეფის ანდერძის საწინააღმდეგოდ იმერეთის გავლენიანმა ფეოდალებმა მცირეწლოვანი დავითის არჩილის ძის ნაცვლად ტახტზე დავით გიორგის ძე (მეფე დავით II) აიყვანეს. გარდაცვლილი მეფის ანდერძის უგულებელყოფამ მღელვარება გამოიწვია ხალხში. ახალი მეფის პოლიტიკით უკმაყოფილო თავადები ცდილობდნენ სოლომონ I-ის ანდერძისაებრ იმერეთის სამეფო ტახტზე დავით არჩილის-ძე დაესვათ. სამწუხაროდ ეს სასიკეთო მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა.

1790 წელს მათხოჯთან გამართულ ბრძოლაში, მეფე დავით II დამარცხდა და ტახტზე ავიდა დავით არჩილის ძე – წმიდა მეფე სოლომონ II.

მეფემ აქტიურად დაიწყო ქვეყნის გაერთიანებისთვის ბრძოლა, მან ცოლად შეირთო ოდიშის მთავრის გრიგოლ დადიანის და მარიამ კაცის ასული, მის სამეფოში შედიოდა გურიის სამთავრო და ქართლ-კახეთის სამეფოსთან სისხლით ნათესაობა აკავშირებდა. წმიდა სოლომონ II-ის მოძღვარი იყო წმიდა ილარიონ ყანჩაველი. მათმა სულერმა კავშირმა და ერთნაირმა სახელმწიფოებრივმა მსოფლმხედველობამ განაპირობა სამეფოში ბევრი სასიკეთო ცვლილებები. სარწმუნოებრივი და სახელმწფოებრივი აზროვნების განვითარებისა და განმტკიცების მიზნით მეფემ გააძლიერა ეკლესია და დააწინაურა ღირსეული ადამიანები. მეფე სოლომონ II საკუთარი მამულებით აჯილდოვებდა ქვეყნის ერთგულ თავადებს, დაუმტკიცა იერუსალიმის ეკლესიას იმერეთში მამულები და გადასახადები, განუახლა გუჯარი ბიჭვინთის ეკლესიას…

ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების შემდეგ რუსეთის მთავრობა ყოველნაირად ცდილობდა იმერეთის სამეფოს მიერთებასაც. გამჭრიახი და შორსმჭვრეტელი წმიდა სოლომონი კარგად ხედავდა რომ ქვეყნის განთავისუფლებისა და გაერთიანების იდეა ნელ-ნელა იმსხვრეოდა ისტორიულ სინამდივლესთან შეჯახებით, სოლომონი ცდილობდა თავისუფლება შეენარჩუნებინა იმერეთის სამეფოსთვის, წმიდანის პოლიტიკური ლავირებები რუსეთსა და ოსმალეთ შორის წარუმატებლად დამთავრდა. რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I ბრძანებით 1810 წლის 20 თებერვალს წმიდა სოლომონ II ტახტიდან ჩამოაგდეს და იმერეთში რუსეთის მმართველობა გამოცხადდა.

წმიდა სოლომონ II მოტყუებით შეიპყრეს და თბილისში ჩაიყვანეს, მაგრამ მეფემ მოახერხა გაქცევა და ახალციხის საფაშოს შეაფარა თავი. საიდანაც ხელმძღვანელობდა ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას. 1810 წლის იმერეთს აჯანყება რუსეთის მთავრობამ კვლავ სისხლში ჩაახშო და წმიდა სოლომონ II-მ კვლავ ახალციხეს შეაფარა თავი, საიდანაც ოსმალეთში გადვიდა. წმიდა სოლომონი შვიდი წელი ცხოვრობდა ქალაქ აზმურში, შემდეგ კი ტრაპიზონში გადვიდა სადაც პატივით მიიღო იქაურმა ფაშამ, წარმოშობით ქართველმა თავადმა.

შემორჩენილია სოლომონ II-ის მიერ ტრაპიზონის ბერძნული ეკლესიისადმი შეწირული ოქროთი მოჭედილი ბერძნული სახარება წარწერით: “შეიწირე წმიდა გიორგი აქა მდებარე სრულად იმერთა მეფე ძე ქართლისა მეორე სოლომონის მიერ წმ. ესე სახარება”, მეორე გვერდზე მოხსენიებულია მეფის მოძღვარი იესე ყანჩაველი – (წმ. ილარიონ ქართველი) ემიგრაციაში ყოფნის დროს წმიდა სოლომონ II დაუცხრომლად იბრძოდა ქვეყნის განთავისუფლებისთვის, რომელსაც რა თქმა უნდა ამ ქვეყნად ვერ მოესწრო. გარდაიცვალა ტრაპიზონში 1815 წლის 7(20) თებერვალს დაკრძალეს ბერძენთა ეკლესიის გალავანში.

წმიდა სოლომონ II კანონიზაცია მოხდა 2005 წლის 27 ივლისს საქართველოს ეკლესიის მიერ წმიდა სინოდის მიერ, მანამდე კი წმიდა სოლომონ II-ის ნეშტი ტრაპიზონიდან გადმოასვენეს და დაკრძალეს გელათის მონასტერში.

 

http://www.eparchy-batumi.ge

Exit mobile version