Categories
წმინდანთა ცხოვრება

07 დეკემბერი. დიდმოწამე მერკური (III)

დიდმოწამე მერკური (III)

ტროპარი: მოწამემან შენმან, უფალო, მერკური, ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვა და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.

კონდაკი: მბრძოლთა შინა უძლეველსა მხედარსა, და ჭირთა შინა ურცხვენელსა ხელის აღმპყრობელსა, გალობით ვადიდებდეთ მერკურის დიდებულსა, რამეთუ ხსენებისა მისისა მედღესასწაულეთა ჭირთაგან იხსნის და მწუხარებათა.

წმინდა მერკური და თეოდორე

დიდმოწამე მერკური წარმოშობით სკვითი იყო და მხედრად მსახურობდა რომაელთა ლაშქარში. უსჯულო იმპერატორმა დეკიუსმა (249-251) გამოსცა კანონი, რომელიც რომის მოქალაქეებისგან წარმართული ღვთაებების თაყვანისცემას მოითხოვდა, ქრისტიანებს კი სასიკვდილო სასჯელით ემუქრებოდა. ამ დროს იმპერიას ბარბაროსები დაესხნენ თავს და დეკიუსმა ლაშქრი შეკრიბა მათთან საბრძოლველად. ერთ-ერთი ბრძოლის დროს წმიდა მერკურის უფლის ანგელოზი გამოეცხადა, მახვილი გაუწოდა და უთხრა: „ნუ გეშინია, მხნედ შეებრძოლე მტერს და როცა გაიმარჯვებ, არ დაივიწყო უფალი ღმერთი შენი“. წმიდა მეომარმა ამ მახვილით გაბედულად გაიკაფა გზა მოწინააღმდეგის ურდოებს შორის, ბარბაროსთა მეფეც მოკლა და რომაელებს გამარჯვება მოუტანა. მადლიერმა იმპერატორმა სიმამაცისთვის წმიდა მერკური უხვად დააჯილდოვა და მხედართუფროსად დანიშნა.

წმიდა მხედარს კვლავ გამოეცხადა უფლის ანგელოზი, შეახსენა, ვისგან ებოძა გამარჯვება და ღვთის სამსახურისკენ მოუწოდა. მაშინ წმიდა მერკურის მოაგონდა, რომ მამამისი, გორდიანე, ქრისტიანულ სარწმუნოებას აღიარებდა და თავადაც მოინათლა. მან უარი განაცხადა საზეიმო წარმართულ მსხვერპლშეწირვაში მონაწილეობაზე, რისთვისაც მრისხანე იმპერატორმა თავისთან მოიხმო. მერკურიმ დაუფარავად აღიარა, რომ ქრისტიანი იყო, უღმრთო თვითმპყრობელს ფეხებთან მიუგდო მეომრის სარტყელი და მანტია და მიწიერ პატივზე უარი განაცხადა. საპყრობილეში წმიდანს კვლავ გამოეცხადა ანგელოზი, განამტკიცა და მოუწოდა, ყოველგვარი სატანჯველი გაბედულად დაეთმინა ქრისტესთვის.

ნეტარი მარტვილი ცეცხლის ზემოთ გაჭიმეს, დანებით დასერეს და წკნელებით დაუნდობლად სცემეს. რამდენჯერაც ასე სასტიკად ნაწამები წმიდანი საპყრობილეში ჩააგდეს, იმდენჯერ სასწაულებრივი კურნება მიემადლა უფლისგან, რაც ქრისტეს სარწმუნოების უძლეველობას უმტკიცებდა უსჯულოებს. სიკვდილმისჯილ მერკურის თავად უფალი გამოეცხადა და აღუთქვა, რომ მალე დაიხსნიდა სატანჯველთაგან. დიდმოწამეს კაბადოკიის კესარიაში მოჰკვეთეს თავი. მისი პატიოსანი ცხედარი მირონისა და საკმევლის სურნელს აფრქვევდა და მრავალ სნეულს კურნავდა.

ნეტარმა მერკურიმ სიკვდილის შემდეგაც აღასრულა მხედრული სამსახური მიწიერი ეკლესიის სასიკეთოდ: მღვდელმთავარი ბასილი დიდი (ხს. 1 იანვარს) მხურვალედ ლოცულობდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინ და უსჯულო იმპერატორის, იულიანე განდგომილისგან (361-363) მართლმორწმუნეთა დახსნას ითხოვდა. ზეციურმა დედოფალმა შეისმინა მისი ვედრება და მედღესასწაულე ეკლესიიდან წმიდა მხედარი მერკური გამოგზავნა მებრძოლი ეკლესიის დასაცავად: ხატზე ყოვლადწმიდა მარიამის გვერდით აღბეჭდილი დიდმოწამის გამოსახულება გაქრა, შემდეგ კი კვლავ გამოჩნდა გასისხლიანებული მახვილით ხელში. სწორედ ამ დროს სპარსელებთან ომში იულიანე განდგომილი სასიკვდილოდ დაჭრა უცნობმა მეომარმა, რომელიც იმავ წამს გაუჩინარდა. სულთმობრძავი ღვთისმგმობელის უკანასკნელი სიტყვები იყო: „შენ გაიმარჯვე, გალილეველო!“

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

https://iveron.ca/tsminda-merkuri/

Categories
წმინდანთა ცხოვრება

29 ნოემბერი. წმინდა მოციქული და მახარებელი მათე (+60)

წმიდა მოციქული და მახარებელი მათე (+60)

ტროპარი: მწოდებელსა მას შენსა ქრისტესა მეუფესა გულს მოდგინედ შეუდეგ, დამტევებელი მეზვერეობისა, რომელი გამოუჩნდა კაცთა ქუეყანასა ზედა სახიერებისათვის, და მოციქულად რჩეულად გამოსჩნდი, და ახარე სახარებაჲ სოფელსა ხმა მაღლად, ამისთვის პატივს-ვჰსცემთ წმიდასა ხსენებასა შენსა, მათე ღმრთის-მეტყველო, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობაჲ მოგვანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

კონდაკი:
უღელი იგი მეზვერობისა განაგდე, და უღელსა მას სიმართლისასა შეეყავ, და გამოსჩნდი რჩეულად ვაჭრად, სიმდიდრე მოიგე მაღალი იგი სიბრძნეჲ, ვინაჲცა ქადაგე სიტყვაჲ ჭეშმარიტებისა, და დახსნილნი სულნი აღადგინენ მოსწრაფედ, და გამოგვიწერე ჩუენ და დღე იგი სასჯელისა.

წმიდა მოციქული და მახარებელი მათე, ძე ალფესი, გალილეის ქალაქ კაპერნაუმის მკვიდრი იყო. იგი მეზვერედ, ანუ გადასახადების ამკრეფად მუშაობდა და საკმაოდ შეძლებულადაც ცხოვრობდა. თანამემამულეთ სძაგდათ იგი ყველა სხვა მეზვერის მსგავსად და გაურბოდნენ კიდეც მას, როგორც დამპყრობ რომაელთა სამსახურში მდგომ კაცს. მაგრამ მათე, თუმც კი ცოდვილი იყო, მაინც ბევრად სჯობდა ფარისევლებს – თავიანთი გარეგანი, მოჩვენებითი კეთილმსახურებით თავმომწონე ამ პირმოთნე იუდეველებს. და აი, მასზე, ყველასაგან მოძაგებულ მეზვერეზე, უფალმა იესო ქრისტემ შეაჩერა თავისი ღვთაებრივი მზერა. ერთხელ, როცა უფალი კაპერნაუმში იმყოფებოდა, იგი გამოვიდა ამ ქალაქიდან და დიდძალი ხალხის თანხლებით ზღვის სანაპიროსაკენ გაეშურა. აქ საზვერესთან მათე იჯდა. უფალი მიუახლოვდა მას და უთხრა:

  • შემომიდეგ მე!

ეს სიტყვები მეზვერე მათემ მხოლოდ ხორციელი ყურებით კი არ გაიგონა, არამედ გულისმიერითაც ისმინა და უმალვე წამოდგა თავისი საზვერე ადგილიდან, რათა ყოველივე მიეტოვებინა და უფალს შესდგომოდა. მათეს არ დაუწყია იმის განსჯა, რომ, აი, დიდი მოძღვარი და სასწაულთმოქმედი სწორედ მას, ცოდვილ და ყველასაგან მოძაგებულ მეზვერეს ეძახის; მან მთელი თავისი არსებით შეისმინა უფლის მოწოდება და უსიტყვოდ გაჰყვა მას. ამასთან, დიდად გახარებული იყო და გადაწყვიტა თავის სახლში მიეწვია იესო ქრისტე, რათა საკადრისად გამასპინძლებოდა. უფალმაც არ უგულებელყო მისი მიპატიჟება და სახლში ეწვია მათეს. იმ დღეს მათეს ოჯახში მისი მრავალი მეზობელი, ნათესავი და მეგობარი შეიკრიბა, რომელთაგან უმრავლესობა ცოდვილი და მეზვერე იყო; ისინი ინახით უსხდნენ ტრაპეზს ჩვენს უფალთან და მაცხოვართან ერთად, ესაუბრებოდნენ და უსმენდნენ მას. აქვე იყო რამდენიმე მწიგნობარი და ფარისეველიც. რაკი მათ დაინახეს, რომ უფალს არ ეთაკილებოდა ცოდვილებთან და მეზვერეებთან ყოფნა, მათი ტრაპეზის გაზიარება, დრტვინავნენ და ასე ეუბნებოდნენ იესოს მოწაფეებს:

  • „რაისათვის მეზვერეთა და ცოდვილთა თანა ჭამს მოძღვარი თქვენი?!“ (მათე 9, 11).

უფალმა კი, მოისმინა რა მათი სიტყვები, ასე უთხრა:

  • „არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა. ხოლო თქვენ წარვედით და ისწავეთ, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხვერპლი, რამეთუ არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად“ (იქვე, 12-13).

ამ დროიდან მოყოლებული, მათემ მიატოვა მთელი თავისი ქონება-სამკვიდრებელი, ქრისტეს შეუდგა და უკვე აღარასოდეს განშორებია მას ვითარცა ერთგული მოწაფე. მალე იგი ღირს-იქმნა უფლის 12 უგამორჩეულეს მოციქულთა შორის შერაცხულიყო. სხვა მოწაფეებთან ერთად ახლდა იგი უფალს გალილეისა და იუდეის შემოვლისას, უსმენდა მის ღვთაებრივ სწავლებას, ხედავდა მის მიერ აღსრულებულ ურიცხვ სასწაულმოქმედებებს, თვითონაც ვიდოდა ქადაგებით ისრაელიანთა წყმედულ ცხოვრებთან, და ბოლოს იგიც მოწმე გახდა მაცხოვრის ჯვარზე ვნებისა და მისი გამომსყიდველი სიკვდილისა, შემდეგ კი ყოვლად დიდებული ბრწყინვალე აღდგომისა და ზეცად ამაღლებისა.

უფლის წმიდა მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ წმიდა მათე, სხვა მოციქულებთან ერთად, თავიდან პალესტინაში იმყოფებოდა და იერუსალიმსა და მის შემოგარენში ქადაგებდა სახარებას. მაგრამ, აი, დადგა ის ჟამიც, როცა მოციქულები იერუსალიმიდან უნდა წასულიყვნენ და მთელს ქვეყნიერებაზე გაბნეული ხალხებისათვის ექადაგათ ღვთის სიტყვა, რათა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექციათ ისინი. სანამ წმიდა მათე იერუსალიმს დატოვებდა, ქრისტიანებად მოქცეულმა აქაურმა იუდეველებმა სთხოვეს მას, წერილობით გადმოგვეცი უფალ იესო ქრისტეს საქმეები და მოძღვრება, რათა ყოველთვის, თქვენს არყოფნაშიც, შეგვეძლოს მათი მოხსენებაო. იერუსალიმელ მორწმუნეთა ამ თხოვნას მაშინ იქ მყოფი სხვა მოციქულებიც დაეთანხმნენ, და წმიდა მათეც ამ დიდი საქმის შესრულებას შეუდგა. მისი სახარება დაწერილია 8 წლის შემდგომ უფლის ზეცად ამაღლებიდან.

ეს არის ახალი აღთქმის წიგნებიდან ყველაზე ადრე დაწერილი საღმრთო წიგნი (დასრულებულია დაახლოებით 41 წელს ქრისტეს შობიდან) და ამიტომ პირველი ადგილიც უკავია მათ შორის. მათეს სახარება დაწერილია ებრაული ენის ასირიულ-ქალდეურ, ანუ არამეულ დიალექტზე, რომელიც მაშინ საერთო-სახალხო ენას წარმოადგენდა მთელს პალესტინაში, და თავიდან განკუთვნილი იყო ქრისტიანობაზე მოქცეული იუდეველებისათვის. ამიტომ ყურადღება მასში გამახვილებულია სჯულზე და მასზედ, რომ იესო არის ჭეშმარიტი მესია, ღმერთის მიერ აღთქმული ებრაელი ხალხის მამამთავრებისადმი. ამიტომვე მათეს სახარება იესო ქრისტეს გენეალობიის გადმოცემით იწყება, როგორც დავითისა და აბრაჰამის შთამომავლისა, და საერთოდაც, მასში, უპირატესად, საუბარია ქრისტეს ხორციელ-ქმნასა და განკაცებაზე. ეს თავისებურება მათეს სახარებისა ასახულია ამ წმიდა მოციქულის ხატებზეც, რომლებზეც იგი გამოსახულია ანგელოზისმაგვარ ადამიანთან ერთად, რაც სიმბოლურად ახასიათებს მის მიერ დაწერილ სახარებას.

იერუსალიმიდან წასული წმიდა მოციქული მათე ბევრ ქვეყანაში ქადაგებდა ღვთის სიტყვას. ხარებით მოვვლო მან მაკედონია (საბერძნეთის ჩრდილოეთით), სირია, სპარსეთი, პართია (კასპიის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე დიდი ქვეყანა აზიაში), მიდია (სპარსეთის დასავლეთით, კასპიის ზღვის სამხრეთით მდებარე ქვეყანა) და მთელი ეთიოპიაც, რომლის სახარებით განათლება მას ერგო, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს, თუ ვის სად ექადაგა ჭეშმარიტი სარწმუნოება. ამ ქვეყანაში მან მრავალნი განანათლა სახარების გონიერი სინათლით, და ბოლოს ერთს, კაციჭამიაობით ცნობილი, შავკანიანი ხალხის ქვეყანაშიც მივიდა, სადაც ადამიანები თავიანთი ზნითა და ქცევით გარეულ მხეცებს ჰგავდნენ. აქ წმიდა მათე მახარებელი მირმენად წოდებულ ქალაქში შევიდა, რამდენიმე ადამიანი მოაქცია ქრისტეს რწმენაზე, მცირე ეკლესიაც დაუფუძნა მათ და ეპისკოპოსად თავისი თანამგზავრი და თანამოღვაწე პლატონი დაუდგინა, თვითონ კი მახლობლად მდებარე მთაზე ავიდა, მკაცრად მარხულობდა და გულმოდგინედ ევედრებოდა ღმერთს ამ სასტიკი, ურწმუნო ხალხის მოქცევას. და აი, აქ უკაცრიელ მთაზე განმარტოებულ წმიდა მოციქულს თვით უფალი გამოეცხადა მშვენიერი ჭაბუკის სახით, რომელსაც მარჯვენა ხელში კვერთხი ეჭირა, და მიესალმა თავის მოწაფეს. შემდეგ კვერთხი გაუწოდა და უბრძანა, ჩადი ამ მთიდან ქალაქში და ეს კვერთხი შენს მიერ დაარსებული ეკლესიის კარიბჭესთან აღმართეო, თან კი დასძინა:

  • კვერთხი ესე ჩემი საღმრთო ძალით დიდ ხედ გაიზრდება, უხვად გამოიღებს კეთილ ნაყოფს, სიდიდითა და სიტკბოთი ბევრად აღმატებულთ სხვა ხეთა ნაყოფებზე; მის ძირას აღმოცენაბულ წყაროს წყალში განბანილი ეს კაციჭამიები პირისახის სიმშვენიერეს შეიძენენ, და ყველა, ვინც კი იგემებს ხის ნაყოფს, დაივიწყებს მხეცის ზნეს და კეთილ, უწყინარ ადამიანად გადაიქცევა!

წმიდა მოციქულმა მათემ ჩაიბარა კვერთხი უფლის ხელთაგან, ჩავიდა ქალაქში და ნარბძანების შესასრულებლად გაემართა. იმ ქალაქის მთავრის, ფუბლიანეს ცოლი და ვაჟიშვილი ბოროტი სულებით იყვნენ შეპყრობილნი. დედა-შვილი შემთხვევით შეხვდა ქუჩაში მიმავალ მოციქულს და სასტიკი, შემაშინებელი ხმით დაიწყეს ყვირილი:

  • ვინ გამოგგზავნა აქ მაგ კვერთხით?! რატომ გინდა წარგვწყმიდო ჩვენ?!

წმიდა მათემ აღუკრძალა არაწმიდა სულებს ღაღადი და განდევნა ისინი. განკურნებულმა დედა-შვილმა თაყვანი სცა მოციქულს და მშვიდად გაჰყვნენ უკან. ეპისკოპოსმა პლატონმა შეიტყო მათეს ჩამოსვლა და სამღვდელოთა თანა მიეგება. წმიდა მათე მივიდა ეკლესიასთან და ყოველივე ისე ქმნა, როგორც უფლისაგან ჰქონდა ნაბრძანები: კარებთან აღმართა ქრისტესაგან მიღებული კვერთხი, რომელიც უმალვე იქ მყოფთ თვალწინ, დიდ ხედ გადაიქცა, ფართოდ ტოტებგაშლილად, შესანიშნავი, დიდი და ტკბილი ნაყოფებით დახუნძლულად, ხოლო მისი ძირიდან წყაროს წყალი გამოედინა. ამის ხილვაზე ყველანი გაოგნებულნი და დიდად განკვირვებულნი იყვნენ. სასწაულებრივი ხის სანახავად მთელი ქალაქი შეიყარა – ყველანი ჭამდნენ მის ნაყოფთ და სვამდნენ ანკარა წყალს. წმიდა მოციქული მათე კი ამ დროს შემაღლებულ ადგილას იდგა და მათებურ ენაზე უქადაგებდა ღვთის სიტყვას მოქალაქეებს. იმ დღეს ყველამ ირწმუნა იესო ქრისტე ჭეშმარიტ ღმერთად, და წმიდა მოციქულმა ისინი იქვე მონათლა, სასწაულებრივად აღმოცენებულ წყაროს წყალში. და მართლაც, უფლის სიტყვისამებრ, ყველა კაციჭამია ადამიანი ნათლობის წყალთაგან პირისახე გამშვენიერებული გამოდიოდა; მათ შავი კანიც კი თეთრად შეეცავალათ. სხეულებრივ სისპეტაკესთან და სიმშვენიერესთან ერთად, ისინი სულიერ სიმშვენიერესაც იძენდნენ, რამეთუ განიძარცვავდნენ მას კაცსა და შეიმოსავდნენ ახალს – უფალ იესო ქრისტეს.

როცა თავისი ცოლ-შვილის განკურნებისა და მომხდარი სასწაულის შესახებ შეიტყო, ქალაქის თავმა თავიდან განიხარა, მაგრამ შემდეგ, ეშმაკის ჩაგონებით, რისხვით აღივსო მოციქულისადმი, რადგან მთელი ქალაქის მცხოვრებნი მასთან მიდიოდნენ და ინათლებოდნენ, ხოლო თავიანთ უწინდელ კერპებს ზურგს აქცევდნენ. ამის გამო ფუბლიანემ მისი მოკვლა გადაწყვიტა.

მაგრამ იმავე ღამეს წმიდა მათეს მაცხოვარი გამოეცხადა და უბრძანა: გამხნევდი – მომავალ განსაცდელში მე შენს გვერდით ვიქნები და შეგეწევიო. მეორე დილით, როცა წმიდა მოციქული მორწმუნეებთან ერთად ეკლესიაში იმყოფებოდა და ქება-დიდებას უგალობდა ღმერთს, ქალაქის მთავარმა ოთხი მხედარი გაგზავნა მის შესაპყრობად. როცა შეიარაღებული მეომრები უფლის ტაძარს მოადგნენ, ისინი უმალ წყვდიადმა მოიცვა, და შეძრწუნებულებმა ძლივს მოახერხეს უკან დაბრუნება. ფუბლიანემ ჰკითხა, რატომ არ შეიპყარით და აქ არ მომგვარეთ მათეო. მათ კი მიუგეს:

  • ჩვენ გვესმოდა მისი საუბარი, მაგრამ ვერაფერს ვხედავდით. ამიტომაც ვერ შევიპყარით და ვერ მოვიყვანეთ!

მაშინ ფუბლიანე კიდევ უფრო განრისხდა და ბევრი შეიარაღებული მეომარი გაგზავნა ეკლესიაში, – ძალით მომიყვანეთ აქ, ხოლო თუ ვინმე შეგეწინააღმდეგათ და დაიცვა მათე, ადგილზევე მოჰკალითო. მაგრამ ეს მეომრებიც გაწბილებულნი დაბრუნდნენ, რადგან როცა ტაძარს მიუახლოვდნენ, ანაზდად, ზეციურმა ნათელმა განაბრწყინა წმიდა მოციქული, ისე, რომ მეომრები ვერაფერს ხედავდნენ; შეძრწუნებულებმა იქვე დაყარეს საჭურველი და შიშისაგან ნახევრად მკვდარნი მიიქცნენ უკან თავიანთ მთავართან, რათა ყოველივე ეუწყებინათ. ფუბლიანე საშინლად განრისხდა, მთელი თავისი ხელქვეითობა შეჰყარა და განძვინებული გამოემართა ეკლესიისაკენ, რათა თვითონვე შეეპყრო მოციქული. მაგრამ ტაძართან მისული, როგორც კი მიუახლოვდა წმიდა მათეს, ანაზდად იქვე დაბრმავდა, შეძრწუნებული აქეთ-იქით აწყდებოდა და ითხოვდა, დამეხმარეთ, მეგზური მომეცითო და როცა ვერავინ გაბედა მასთან მისვლა, ვედრება დაუწყო მოციქულს, შემინდე შეცოდება და დამიბრუნე დაკარგული თვალისჩინიო. მაშინ წმიდა მათემ ყველას დასანახად ჯვარის ნიში გადასახა მთავრის თვალებს და უმალვე აუხილა. მაგრამ მთავარმა მხოლოდ სხეულებრივი თვალნი აღიხილნა, რამეთუ დიდ გაბოროტებას სრულიად დაებრმავებინა იგი: ესოდენ დიდი სასწაული საღმრთო ძალას კი არ მიაწერა, არამედ – ჯადოქრობას. მან ხელი მოჰკიდა მოციქულს და თავისი სახლისაკენ წაიყვანა ვითომცდა პატივსაცემად, გულში კი მზაკვრულად განიზრახავდა უფლის მოციქულის ცოცხლად დაწვას, როგორც ბოროტი მოგვისას. წმიდა მათე მიხვდა ბოროტი მთავრის ფარულ ზრახვას და მზაკვრობაში ამხილა ფუბლიანე.

  • ჰოი, მაცთურო მტარვალო! – აუბნებოდა იგი მთავარს, – მალე თუ აღასრულებ ჩემზე იმას, რაც განგიზრახავს? გააკეთე ის, რაც სატანას ჩაუგონებია შენთვის! მე კი, როგორც ხედავ მზად ვარ სიკვდილი დავითმინო ჩემი ღმერთისთვის!

მაშინ ფუბლიანემ უბრძანა მეომრებს შეეპყროთ წმიდა მოციქული, მიწაზე დაეგდოთ გულაღმა და ხელ-ფეხით ძელისათვის მიემსჭვალათ. როცა ეს აღასრულეს, მსახურებმა, ასევე მთავრის ბრძანებით, დიდძალი ფიჩხი და ტოტები მოაგროვეს, მოიტანეს ფისი და გოგირდიც, ყოველივე ეს მოციქულს დააყარეს ზემოდან და ცეცხლი წაუკიდეს. მაგრამ როცა კოცონი დიდზე აღეგზნო და ყველას ეგონა, მათე სრულიად დაიწვაო, ანაზდად ცეცხლი მინავლდა, ჩაქრა და წმიდა მოციქულიც ცოცხალი გამოჩნდა, უვნებელი და შემოქმედი ღმერთის განმადიდებელი. მაგრამ ფუბლიანე კიდევ უფრო განძვინდა ამის ხილვაზე. მას არ სურდა ღმერთის ძალა ეღიარებინა მომხდარში, რამაც ცოცხალი შეინარჩუნა ქრისტეს წმიდა მქადაგებელი და სრულიად უვნებელი გადაარჩინა ფიცხელ ცეცხლს. ფუბლიანე უსამართლო ბრალდებებს უყენებდა წმიდა მათეს და ბოროტ, გრძნეულ მოგვად ხმობდა.

  • თავისი ბოროტი გრძნეულებით ჩააქრო მათემ ცეცხლი! – ეუბნებოდა იგი ხალხს. – და თავისი მოგვობით დარჩა ცოცხალი!

მერე უბრძანა მსახურთ კიდევ უფრო მეტი შეშა, ტოტები და ფიჩხი მოეტანათ, მათეზე დაეყარათ და ცეცხლი წაეკიდებინათ, ზემოდან კი ფისი გადაესხათ. გარდა ამისა, თავისი თორმეტი ოქროს კერპიც მოატანინა და კოცონის გარშემო დაადგმევინა, რათა ამით მათეს „მოგვობა“ განექარვებინა; თვითონაც იქვე დადგა აღგზნებულ კოცონთან და შეწევნისათვის მოუწოდებდა თავის „ღმერთებს“ – დაე, ნუ გადაურჩება მათე ცეცხლის დამწველ ძალას და, დაე, ფერფლად იქცესო! წმიდა მოციქული კი ცეცხლის ალშიც ილოცვიდა ძალთა და ხელმწიფებათა უფლის წინაშე, რათა მას თავისი უძლეველი ყოვლისშემძლეობა ეჩვენებინა იქ შეკრებილი ხალხისათვის, განეცხადებინა წარმართული კერპების სრული უღონობა და განეწბილებინა მათი მსასოებელი უგუნური ადამიანები.

და აი, ანაზდად ცეცხლის ალი საშინელი გრიალით ეკვეთა ოქროს კერპებს და ისინი მყისვე ცვილივით დადნენ ცეცხლის სიმხურვალისაგან, ამასთან, ცეცხლმა ბევრი იქ მდგომი წარმართიც დაწვა; ხოლო დამდნარი კერპებისაგან გველის სახემიღებული ალი გამოიჭრა და ფუბლიანესაკენ გაქანდა; გაოგნებულ მთავარს არ შეეძლო გაქცეულიყო და ამით აეცილებინა თავიდან საშიშროება. იგი უღონოდ დაემხო ძირს, და მორჩილი ვედრებით მიმართა წმიდა მოციქულს – მიხსენი დაღუპვისაგანო. მართლაც, როგორც კი წმიდა მათემ შერისხა ცეცხლი, იგი უმალვე დასცხრა და გველისსახემიცემული ალიც გაქრა. მაშინ ფუბლიანემ ისურვა ცეცხლიდან პატივით გამოეყვანა მათე. მაგრამ წმიდა მოციქულმა ლოცვა აღასრულა და უფალს მიაბარა თავისი წმიდა სული (ეს მოხდა დაახლოებით 60 წელს ქრისტეს შობიდან).

მაშინ მთავარმა ფუბლიანემ ბრძანა ოქროს სარეცელი მოეტანათ და მასზე დაესვენებინათ წმიდა მოციქულის პატიოსანი სხეული, სრულიად უვნებლად გადარჩენილი ცეცხლს; შემდეგ ძვირფასი შესამოსელით შეამოსინა იგი, თავის დიდებულებთან ერთად მაღლა ასწია და სასახლეში შეასვენა. თუმცა მას ჯერ კიდევ არ შეეძინა სრულყოფილი რწმენა, და ამიტომ უბრძანა რკინის კიდობანი გამოეჭედათ, ყველა მხრიდან კალის სხმულით დაეფარათ და ზღვაში გადაეგდოთ. ამასთან, ასე უთხრა დიდებულებს:

  • თუკი ის, ვინც ცეცხლისაგან უვნებლად გადაარჩინა მათე, წყალში ჩაძირვისგანაც დაიფარავს მას, მაშინ ვირწმუნოთ, რომ სწორედ იგია ჭეშმარიტი ღმერთი, მას ვცეთ თაყვანი და ზურგი ვაქციოთ ჩვენს ყველა „ღმერთს“, რომელთაც არ ძალედვათ საკუთარი თავი გადაერჩინათ ცეცხლში დაღუპვისაგან!

მას შემდეგ, რაც რკინის კიდობანი მოციქულის პატიოსანი ნაწილებით ზღვაში გადააგდეს, წმიდა მათე ღამით გამოეცხადა ეპისკოპოს პლატონს და უთხრა:

  • ხვალ მოდი ზღვის სანაპიროზე, მთავრის სასახლის აღმოსავლეთით და იქ ჩემ ნაწილებს ნახავ, ხმელეთზე გამორიყულთ!

დილით ეპისკოპოსი მორწმუნეთა დიდ სიმრავლესთან ერთად ხსენებულ ადგილას მივიდა და მართლაც ჰპოვა იქ რკინის კიდობანი წმიდა მოციქულის პატიოსანი ნაწილებითურთ, როგორც ეს ჩვენებაში ეუწყა.

ეს ამბავი მთავარმა ფუბლიანემაც შეიტყო და თავის დიდებულებთან ერთად ზღვის სანაპიროზე მივიდა. ამჯერად მან უკვე საბოლოოდ და სავსებით ირწმუნა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, და ყველას გასაგონად აღიარა, რომ სწორედ იგია ერთი ჭეშმარიტი ღმერთი, რომელმაც უვნებლად დაიცვა თავისი მონა მათე სიცოცხლეშიც – ცეცხლში დაწვისაგან, და სიკვდილის შემდეგაც – ზღვათა სიღრმეში გაუჩინარებისაგან. იგი თვალცრემლიანი ემთხვეოდა კიდობანს, რომელშიც წმიდა ნაწილები ესვენა, და შენდობას ევედრებოდა უწინდელ შეცოდებათათვისაც და იმისთვისაც, რომ შეურაცხყოფა და ტანჯვა მიაყენა თვით მასაც, ამასთან, გულმხურვალე სურვილიც გამოთქვა წმიდა ნათელის მიღებისა. ეპისკოპოსმა პლატონმა, რა დაინახა ფუბლიანეს რწმენა და გულმოდგინება, ნათლობისათვის განამზადა იგი, ჭეშმარიტ სარწმუნოებაში დამოძღვრა და შემდეგ მონათლა კიდეც. და როცა ხელიც დაასხა მონათლულს, რათა ახალი სახელი დაერქმია, ანაზდად ზეგარდამო ხმა მოესმა, რომელიც ეუბნებოდა:

  • ფუბლიანე კი არა, მათე უწოდე მაგას!

მართლაც, შეიძინა რა წმიდა ნათლობით უფლის ამ მოციქულის სახელი, ქალაქის მთავარი ყოველთვის ცდილობდა მისი ცხოვრებისათვის მიებაძა: მალე სხვას ჩააბარა თავისი სამთავრო ხელისუფლება, სრულიად უარყო ამქვეყნიური საზრუნავნი და მთლიანად ლოცვა-ვედრებას მიეცა ღმრთის ეკლესიაში. ამის გამო იგი ღირს-იქმნა ეპისკოპოს პლატონისაგან ხუცესად კურთხევისა. ხოლო სამი წლის შემდეგ, როცა მღვდელმთავარი პლატონი გარდაიცვალა, ყოფილ მთავარსა და აწ უკვე ქრისტეს ეკლესიის ხუცესს ხილვაში წმიდა მათე მოციქული გამოეცხადა და შეაგონებდა, სწორედ შენ უნდა მიიღო ნეტარი პლატონის შემდეგ საეპისკოპოსო ტახტიო.

მართლაც, მათემ მიიღო ეპისკოპოსობა და კეთილად იღვაწა რწმენის ხარებაში: მრავალნი განაშორა კერპთაყვანისმცემლობის სიბნელეს და ჭეშმარიტ ღმერთთან მოიყვანა; ბოლოს კი, ხანგრძლივი, ღვთის სათნომყოფელი ცხოვრების შემდეგ თვითონაც ჩაბარდა უფალს და აწ, წმიდა მოციქულთან და მახარებელთან – მათესთან ერთად წინამდგომლობს ღმერთის საყდრის წინაშე და ჩვენთვის ევედრება უფალს, რათა ყოველნი გავხდეთ მისი საუკუნო სასუფევლის მემკვიდრეები და მარადის მას განვადიდებდეთ თანა მამით და სულიწმიდითურთ. ამინ.

„უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მოციქულთა ცხოვრება“, თბილისი, 2004 წ.

Categories
წმინდანთა ცხოვრება

08 ნოემბერი. წმიდა მღვდელმთავარი ალექსანდრე (ოქროპირიძე), გურიისა და სამეგრელოს ეპისკოპოსი (+1907)

წმიდა მღვდელმთავარი ალექსანდრე (ოქროპირიძე)

წმიდა ეპისკოპოსი ალექსანდრე (ალექსი დავითის ძე ოქროპირიძე) დაიბადა 1824 წელს გორის მაზრის სოფელ დისევში, მღვდლის ოჯახში. ბავშვობიდანვე ეკლესიურ ცხოვრებას ნაზიარევმა, სწავლა ჯერ გორის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ კი თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. 1845 წელს, თბილისის სემინარიის კურსის დამთავრებისთანავე იგი თბილისის ფერისცვალების მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა და სახელად ალექსანდრე უწოდეს, იმავე წლის 18 აგვისტოს წმიდანი მთავარდიაკვნად აკურთხეს.

ალექსანდრე სწავლის გასაგრძელებლად ყაზანის სასულიერო აკადემიაში გაემგზავრა, წარჩინებით დაამთავრა იგი და სამშობლოში ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაბრუნდა. პირველ ხანებში, 1851 წლის 27 ივნისამდე, იგი თბილისის სასულიერო სემინარიაში ასწავლიდა საღმრთო წერილსა და ლათინურს, ზნეობრივ ღვთისმეტყველებასა და არქეოლოგიას. ამის შემდეგ, უწმიდესი სინოდის ბრძანებით (1851 წ. 21 სექტემბერი), მღვდელმონაზონი ალექსანდრე დაინიშნა აფხაზეთის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედვლად და მასვე მიენდო აფხაზეთის ეპარქიის მღვდელმსახურთა შორის მღვდელმონაზონთა ხელმძღვანელობა, შეთავსებით ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ინსპექტორის მოვალეობასაც ასრულებდა.

ალექსანდრე უმთავრეს საქმედ თავის ირგვლივ მყოფთა ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოქცევა-განმტკიცებასა და მათთვის სასწავლებელთა დაარსებას მიიჩნევდა, აფხაზეთში ჩასვლისთანავე მან დიდი გულმოდგინება გამოიჩინა აფხაზთათვის ილორში დაარსებულ სასწავლებლების წარმატებული მუშაობის ხელშესაწყობად. მისი მოღვაწეობა, ჯერ როგორც პედაგოგისა, შემდეგ კი არქიმანდრიტისა (1856 წლის 26 თებერვლიდან) და ეპისკოპოსისა (1862 წლის 4 მარტიდან), როგორც ადგილობრივმა მოსახლეობამ, ასევე სრულიად საქართველომ დამსახურებისამებრ დააფასა და, ყოველგვარი გადამეტების გარეშე, მას აფხაზეთის მეორე მოციქული უწოდა. სამწყსოსა და მას შორის არსებობდა მამაშვილური კავშირი, დაფუძნებული ჭეშმარიტ ქრისტიანულ სიყვარულზე.

1869 წელს ეპისკოპოსი ალექსანდრე აფხაზეთიდან ქართლ-კახეთის ეპარქიის ეპისკოპოსად გადაიყვანეს ორგზის (1869-1882 და 1886-1898 წლებში). ალექსანდრე ოქროპირიძე ოცდახუთი წელი გორის ეპისკოპოსი და ქართლ-კახეთის ეპარქიის პირველი ქორეპისკოპოსია. 1882-1885 წლებში იგი მართავდა გურიის ეპარქიას, ხოლო 1903 წლამდე – გურია-სამეგრელოს ეპარქიას.

ალექსანდრე ეპისკოპოსის სამღვდელმთავრო მოღვაწეობა ქვეყნისათვის უმძიმეს პერიოდს დაემთხვა: საქართველო ყოფნა-არყოფნის პირას იყო მისული – საქართველოში ქართული წირვა-ლოცვა აღარ აღევლინებოდა, რის გამოც ისედაც უმძიმეს ყოფით პირობებში ჩაყენებულ ქართველ ერს ეკლესიისთვისაც ზურგი ჰქონდა შექცეული. ძველთაგანვე მეცნიერებისა და კულტურის ცენტრებად მიჩნეული ქართული ეკლესია-მონასტრები უდაბნოებად ქცეულიყო, სკოლებში ქართული ენა არ ისწავლებოდა, ეკონომიურად გაჭირვებულ მოსახლეობას თავიანთი შვილებისათვის სწავლა-განათლების მისაცემი სახსარი არ გააჩნდა, აუცილებელი იყო სულისათვის სასარგებლო და გონების გასანათებელი ქართულენოვანი წიგნების გამოცემათა გამრავლება, მუხლჩაუხრელი და შეუსვენებელი გარჯა ესაჭიროებოდა ქვეყანას ჩამკვდარი ეროვნული ცნობიერების აღსადგენად.

წმიდა ალექსანდრემ განსაკუთრებული ღვაწლი დასდო ეკლესია-მონასტრების აღდგენა-განახლების საქმეს. მან აღმშენებლობითი საქმე აფხაზეთიდანვე დაიწყო – სოხუმში თავისი ღვაწლითა და საფასით აღადგინა ორი ეკლესია, ქართლ-კახეთსა და შემდეგ გურია-სამეგრელოში მოღვაწეობისას განაახლა და აღაშენა შიო-მღვიმის, ზედაზნის, დავით გარეჯის მონასტრები, დიდძალი თანხა გაიღო შემოქმედის მონასტრის აღდგენის დასაწყებად, აღადგინა და განაახლა მცხეთის ჯვრის მონასტერი, მცხეთის ათორმეტ მოციქულთა სახელობის დიდი ტაძარი, მშობლიური სოფლის, დისევის ეკლესია, უამრავი ეკლესია გურია-სამეგრელოსა, აჭარასა და იმერეთში. მისი განსაკუთრებული ღვაწლი და მზრუნველობა თითქმის უდაბნოდ ქცეული შიო-მღვიმის მონასტრისა და მისი შემოგარენისკენ იყო მიმართული. მან მთლიანად აღადგინა მონასტერი, ბერებისთვის ააგო სავანეები, შიომღვიმეში გაიყვანეს გზა, მდინარე მტკვარზე გამართა ბორანი, ძეგვში დააარსებინა რკინიზგის ბაქანი მატარებლის გასაჩერებლად, მონასტრის შემოგარებსა და მცხეთაში, მტკვრის გასწვრივ მონასტრისთვის შეიძინა ბაღები და ვენახები, აღადგინა ძველი სამონასტრო ტრადიციული მეურნეობა: მევენახეობა, მებაღეობა, მეფუტკრეობა… მისი პირადი მაგალითი სხვა ეპისკოპოსებმა და მონასტრებმაც გადაიღეს და დაიწყეს მონასტრებთან ბაღ-ვენახთა მოშენება.

წმიდა ალექსანდრეს ფინანსური დახმარებით 1878 წელს თბილისში დაარსდა ეპარქალური ქალთა სასწავლებელი, რომელმაც ჩვენს ერს აღუზარდა მრავალი განათლებული ქალი და შესანიშნავი დედა.

წმიდა ალექსანდრეს მიერ გაღებული საფასით, მისივე ინიციატივითა და რეკომენდაციით დაიბეჭდა მრავალი სასულიერო და ისტორიული წიგნი, სახელმძღვანელო და საგალობლების კრებული.

წმიდა ალექსანდრეს ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე საქართველოში არ დაწყებულა არც ერთი სარწმუნოებრივ-ეროვნული საქმე მისი თანადგომისა და მონაწილეობის გარეშე.

მღვდელმთავარი მთელი ცხოვრების მანძილზე თავგამოდებული დამცველი იყო ქართული ენისა. მან ერთ-ერთმა პირველმა გაილაშქრა სამეგრელოს სამრევლო სკოლებში ქართული ენის სწავლების დასაცავად. ამის შემდეგ დიდი ხანი აღარ დარჩენილა მხცოვანი ეპისკოპოსი გურია-სამეგრელოს ეპარქიაში. ეგზარქოსისა და უწმიდესი სინოდის განკარგულებით, „საკუთარი თხოვნის“ საფუძველზე განთავისუფლებულ იქნა ეპარქიის ხელმძღვანელობიდან და „მოსასვენებლად“ თავისსავე აღდგენილ შიომღვიმის მონასტერში გაიგზავნა. მონასტრიდან მხოლოდ ერთხელ, 1907 წელს, წმიდა ილია მართლის (ხს. 20 ივლისს) დასაფლავებისას გამოვიდა და დაიტირა თავისი სულიერი შვილი. ოთხმოცდასამი წლის მხცოვანმა მღვდელმთავარმა, ყოვლადსამღვდელო ალექსანდრემ თვითონაც იმავე წელს, 9 ნოემბერს მიიძინა საუკუნო ძილით მის მიერვე აღდგენილ შიო-მღვიმის სავანეში. იგი 16 ნოემბერს დაკრძალეს იმავე მონასტერში.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

Categories
წმინდანთა ცხოვრება

5 ნოემბერი. წმიდა მოციქული იაკობი, ხორციელი ძმა უფლისა (+დაახლ. 63)

წმიდა მოციქული იაკობი, ხორციელი ძმა უფლისა მართალი იოსების (ხს. 26 დეკემბერს) ძე იყო. გადმოცემით, წმიდანი თან ახლდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, როცა იგი ჰეროდეს რისხვას განერიდა და ყრმა იესოსთან და იოსებთან ერთად ეგვიპტეში გაიქცა. სიყმაწვილიდანვე იაკობი ნაზორეველი იყო (ნაზორეველობა უფლის მიერ ოდესღაც მთელი ისრაელისთვის აღთქმულ წმიდა და უბიწო ცხოვრებას ნიშნავდა). წმინდანი ისეთი გულმოდგინე მლოცველი იყო, რომ ხშირი მეტანიებისგან კანი მუხლისთავებზე აქლემის ტყავივით გაუუხეშდა. ასეთი კეთილმსახური ცხოვრებისათვის მთელი ერი იაკობს მართალს ეძახდა. იუდეველთა უხუცესებს შორისაც ნეტარი ისეთი პატივით სარგებლობდა, რომ მღვდელმთავარმა მას ერთადერთს მისცა იერუსალიმის ტაძრის შიდა ნაწილში – წმიდათა წმიდაში შესვლის უფლება, სადაც უფლის რჩეული ლოცვისთვის განმარტოვდებოდა ხოლმე. როცა მაცხოვარმა ცათა სასუფევლის შესახებ ქადაგება დაიწყო, წმიდა იაკობმა ირწმუნა განკაცებული ძე ღვთისა და მის სამოცდაათ რჩეულ მოწაფეთა შორის შეირაცხა. ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ წმიდანი უფლის განსაკუთრებული გამოცხადების ღირსი შეიქნა (1 კორ. 15,7). გადმოცემა მოგვითხრობს, რომ ქრისტიანთა ეკლესიის სვეტად (გალ. 2,9) მიჩნეული მოღვაწე დაადგინეს იერუსალიმის პირველ მღვდელმთავრად. იგი ხელმძღვანელობდა მოციქულთა პირველ კრებას იერუსალიმში, სადაც მის სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭა (საქმე, 15).

წმიდანის ქადაგების გავლენით მრავალი ებრაელი მოექცა ქრისტიანობაზე. ყოველივე ამან შური და გულისწყრომა აღძრა იუდეველ უხუცესებში, რომელთაც უფლის რჩეულის დაღუპვა განიზრახეს. ერთხელ, როცა რომაელი მმართველი იერუსალიმიდან გავიდა, ქრისტეს მტრებმა ისარგებლეს შემთხვევით, მღვდელმთავარი იაკობი ძალით აიყვანეს ტაძრის გუმბათზე და მოსთხოვეს, პასექთან დაკავშირებით შეკრებილი ერის წინაშე უარეყო ქრისტე. მათი მოთხოვნის საპირისპიროდ, წმიდანმა ახოვნად იქადაგა იესო ქრისტეს ღვთაებრიობა. მაშინ მრავალმა იქ მყოფმა ირწმუნა მაცხოვარი, მწიგნობრები და ფარისევლები კი უკვე ნანობდნენ თავიანთ საქციელს: „შევცდით, რომ ყველასგან პატივდებულ მოსაგრეს ასე დავამოწმებინეთ ქრისტე“.

იაკობ მოციქული

ისინი გააფთრებით მიეჭრნენ წმიდა მამას და ძირს ჩამოაგდეს, მიწას დანარცხებული და სასიკვდილოდ დაშავებული წმინდა იაკობი უცებ არ გარდაცვლილა. მან უკანასკნელი ძალების მოკრებით მუხლი მოიყარა და მხურვალედ შესთხოვა უფალს, შეენდო მისი მტრებისათვის. უღმერთოებმა ქვები დააყარეს მარტვილს. ერთი ქვა მას თავში მოხვდა და სიცოცხლე მოუსწრაფა. ეს მოხდა იუდეველთა ომის დაწყებამდე (62-66 წლებს შორის) ცოტა ხნით ადრე, როცა იაკობ მოციქული ოთხმოცდათექვსმეტი წლისა იყო. ნეტარის მოწამეობრივმა სიკვდილმა ებრაელებზე ისეთი დიდი გავლენა იქონია, რომ ეს ომი, მის შემდგომ დაწყებული ბრძოლა რომაელებთან (66-70 წწ) და მათი თანმხლები უბედურებანი ამ ცოდვისათვის სასჯელად მიიჩნიეს.

წმიდა მოციქულ იაკობს ეკუთვნის ახალი აღთქმის კათოლიკე ეპისტოლე. მასვე მიეწერება საღვთო ლიტურგიის ტიპიკონის შექმნა, რომელიც საფუძვლად დაედო ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირის ლიტურგიებს. ზოგი ცნობით, წმიდა მოციქულის ნაწილები რომში, თორმეტი მოციქულის ტაძარში ინახება. ზოგი მათგანი 1853 წელს ალექსანდრიელ პატრიარქ იეროთეოსს მოსკოვში გაუგზავნია.

წმიდა მოციქული იაკობი, ხორციელი ძმა უფლისა, უნდა განვასხვაოთ იაკობ ზებედესა (ხს. 30 აპრილს) და იაკობ ალფესისგან (ხს. 9 ოქტომბერს).

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

Categories
წმინდანთა ცხოვრება

29 ოქტომბერი. წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი, რომელ იყო წინაშე ჯვრისა უფლისა (I)

ტროპარი: მოწამემან შენმან უფალო ლონგინოზ ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვა და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.

კონდაკი: მხიარულებით განსცხრების ეკლესია დღეს სახსენებელსა შენსა ყოვლად ქებულო ლონგინოზ, მღაღადებელი: შენ ხარ ქრისტე ძალი და სიმტკიცე ჩემი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი იუდეაში მსახურობდა და პროკურატორ პონტოელი პილატეს ხელქვეითი იყო. მაცხოვრის ჯვარცმის დროს რაზმი, რომელსაც რომაელი მეომარი ლონგინოზი მეთაურობდა, გოლგოთის ირგვლივ, თვით ჯვრის კვარცხლბეკთან იდგა საგუშაგოზე. მან თავის მეომრებთან ერთად იხილა უფლის მიწიერი ცხოვრების უკანასკნელი წამები და მიცვალების შემდეგ აღსრულებული სასწაულები. ამ მოვლენებმა შეძრა მეომრის სული. მან ირწმუნა ქრისტე და სახალხოდ აღიარა, რომ „ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ იყო ესე“ (მთ. 27,54) (საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, ლონგინოზი ის მხედარი იყო, რომელმაც გვერდში ლახვარი უგმირა მაცხოვარს და ჭრილობიდან გარდამოსული სისხლითა და წყლით სნეული თვალის კურნება მიემადლა).

მაცხოვრის დაკრძალვის შემდეგ ლონგინოზი თავისი რაზმით უფლის საფლავს იცავდა. აქ ისინი, ღვთის ნებით, ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის მოწმეები შეიქნენ. იუდეველებმა მცველები მოისყიდეს და აიძულეს ეთქვათ, რომ ქრისტეს ცხედარი მისმა მოწაფეებმა მოიპარესო, მაგრამ ლონგინოზი და მისი ორი თანამებრძოლი უღმრთოების ოქროს არ დახარბდნენ.

მეომრები მოციქულთა ხელით მოინათლნენ და სამხედრო სამსახური დატოვეს. ლონგინოზმა თავის სამშობლოს, კაბადოკიას მიაშურა სახარების ქადაგებით. უფლის რჩეული მხედრებიც მას თან გაჰყვნენ. იუდეაში მომხდარი დიდი მოვლენების უშუალო მოწმეების მხურვალე ქადაგებამ შეძრა კაბადოკიელები. ქალაქსა და მის მიმდებარე სოფლებში ქრისტიანობა საოცარი სისწრაფით ვრცელდებოდა. ეს რომ შეიტყვეს, იუდეველმა უხუცესებმა პილატე დაარწმუნეს, ლონგინოზისა და მისი თანამოსაგრეების დასახოცად მეომართა რაზმი გაეგზავნა. ყოფილი ასისთავი თავად მიეგება მხედრებს და შინ მიიწვია. ტრაპეზის დროს სტუმრებმა, რომელთაც არ იცოდნენ, ვის სახლში იმყოფებოდნენ, ჩამოსვლის მიზანი გააცხადეს. ლონგინოზმა და მისმა თანამებრძოლებმაც არ დამალეს თავიანთი ვინაობა და გაოცებულ მეომრებს სთხოვეს, შეესრულებინათ დავალება. მხედრებს სურდათ, გაეთავისუფლებინათ წმიდანები და გაქცევა შესთავაზეს, მაგრამ ქრისტესთვის წამების სურვილით ანთებულმა უფლის რჩეულებმა უარი განაცხადეს. მაშინ წმიდა მოწამეებს თავები მოჰკვეთეს.

მარტვილთა ცხედრები დაკრძალეს იქ, სადაც თავად ითხოვეს, მოჭრილი თავები კი პილატეს გაუგზავნეს. უსჯულო თვითმპყრობლის ბრძანებით ისინი ქალაქის გალავანს გარეთ, ნაგავსაყარში მოისროლეს. რამდენიმე ხნის შემდეგ იერუსალიმში ერთი ბრმა ქალი ჩავიდა სიწმიდეთა თაყვანსაცემად. მას ძილში ლონგინოზ ასისთავი გამოეცხადა და უბრძანა, მისი თავი მოეძებნა და დაეკრძალა. უსინათლო ნაგავსაყრელთან მიიყვანეს. როცა იგი სიწმიდეს შეეხო, თვალები აეხილა. ღვთისადმი მადლიერების გრძნობით აღვსილმა კეთილმსახურმა დედაკაცმა პატიოსანი თავი კრძალვით წაასვენა კაბადოკიაში და მიწას მიაბარა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

Categories
წმინდანთა ცხოვრება

22 ოქტომბერი. წმიდა მოციქული იაკობ ალფესი (I)

წმიდა მოციქული იაკობ ალფესი კაპერნაუმელი მეზვერის, ალფესის ძე და წმიდა მოციქულისა და მახარებლის, მათეს (ხს. 16 ნოემბერს) ძმა იყო. იაკობს, ისევე, როგორც მათეს, თავად მაცხოვარმა მოუწოდა ათორმეტ ურჩეულეს მოწაფეთა შორის და სახარების საქადაგებლად გაგზავნა (მთ. 10,3).

სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ ნეტარი მოციქული ერთხანს იერუსალიმში იმყოფებოდა (საქმე, 1,13; 6,2), შემდეგ კი წმიდა ანდრია პირველწოდებულთან ერთად ქრისტეს სწავლებას ავრცელებდა ედესაში, ღაზაში, ელეფთეროპოლში და მიმდებარე ადგილებში. აქედან იგი ეგვიპტეში გაემგზავრა და პალესტინის მოსაზღვრე ზღვისპირა ქალაქ ოსტარცინში ჯვარცმით დაასრულა მოციქულებრივი ღვაწლი (სხვა ცნობით, უფლის რჩეულს მრავალგვარი წამების შემდეგ კვერთხების ცემით ამოხადეს სული).

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

Categories
პარაკლისები წმინდანთა ცხოვრება

სავედრებელი პარაკლისი წმინდა მოციქულისა თომა მარჩბივისა

სავედრებელი პარაკლისი წმიდისა მოციქულისა თომა მარჩბივისა

მღდელი: კურთხეულ არს.

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო     , შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.

მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ტროპარი, ხმაი 2

იქმენ მოწაფე ქრისტეისი, საღმრთოთა მოციქულთა კრებულსა თანა აღრაცხულ, ხოლო ურწმუნოებითა ქრისტეს აღდგომაი გამოიძიე, და მისისა პატიოსნისა ვნებისა განხილვითა, ირწმუნე, თომა, ყოვლად ქებულო, და აწ გვითხოვე ჩუენ მშვიდობაი და დიდი წყალობაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ტროპარი

მოციქულო წმიდაო თომა, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რაითა ცოდვათა შენდობაი მოგვანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეიმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 4

ძლისპირი: დაანთქენ ვნებანი სულისა ჩემისანი სიღრმეთა ვნებათა ძლევისასა, უფალო, ქალწულისაგან შობილო, ვითარ დაანთქ ძლიერებაი აღჭურვილთა სპარეზენთაი, და გიგალობდეს შენ ძლევისა ებნითა.

წმიდაო თომა მოციქულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ღირსად პატივს-გცემთ შენ, ვითარცა ქრისტეს მოციქულსა, და გევედრებით ოხასა წინაშე ჯუარცუმულისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა, რაითა განგვწმიდოს ცოდვათაგან და აღგვჭუროს მღვიძარებითა საღმრთოითა.

წმიდაო თომა მოციქულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

გიგალობთ შენ, ვითარცა თუალით მხილველსა და ხელით-მსახურსა ქრისტეისა, და აღგძრავთ მწედ მისა მიმართ, რაითა დაგვიფაროს ბოროტისა მახეთაგან და გულნი ჩუენნი დაამტკიცოს სარწმუნოებასა ზედა ჭეშმარიტსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

იხარებს ქრისტეს ეკლესიაი და გვიწესს ხსენებასა შენსა, რაითა საკვირველსა მას ღუაწლსა შენსა ვაქებდეთ, ყოვლად დიდებულო მოციქულო, და გევედრებოდეთ ხსნასა ყოველთა სენთა და ვნებათაგან.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სიკუდილი და ხრწნილებაი დახსენ ღმრთისა დედაო, ჰშევ რაი წყაროი უხრწნელებისაი, ქრისტე, ყოვლად უბიწოო ღმრთისმშობელო, რომელმან განაშვენა კაცთა გონებაი შენ მიერ უკუდავებისა სიკეთითა.

გალობაი 3, განძლიერდასა

ძლისპირი: არა სიბრძნითა, არცა ძალითა, არცა სიმდიდრითა თავით თვისით ვიქადით, არამედ შენგან, ღმრთისა სიბრძნეო, რამეთუ არავინ არს წმიდაი შენებრ, კაცთ-მოყვარე.

წმიდაო თომა მოციქულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

აღმოსცენდი რაი გალილეას, სიყრმითგან ეძიებდი ჭეშმარიტებასა, და მოგიწოდა რაი ქრისტემან საღმრთოსა სარბიელსა ზედა, ნადირობაი თევზთაი დაუტევე და შეუდეგ ხორცითა გამოჩინებულსა ღმერთსა.

წმიდაო თომა მოციქულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

თანამოგზაურ იქმენ რაი ქრისტეს მიმოსლვისა, ერთგულებისათვის შეგრაცხა ათთორმეტთა თანა მოციქულთა და წადიერ იყავ მისთანა სიკუდილისა, აწ ჩუენცა აღგვძარ მხედრობად ღმრთისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მოვლეთ რაი იუდეა და გალილეაი, თვითმხილველ იყავ არა ხოლო თუ ქუეყნიერთა საქმეთა და სასწაულთა ქრისტეისთა, არამედ ვნებათა მისთა და ნებსით სიკუდილისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უქორწინებელო სძალო, რომელმან შევ ღმერთი ხორციელ-ქმნილი, ვნებათა კვეთებითა შერყეული ესე დამამტკიცე, რამეთუ სიმტკიცე ხარ და სასოი სოფლისაი.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს… (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

წარდგომაი, ხმაი 8

დაუტევე რაი ნადირობაი თევზთაი ზღვასა შინა, ბადითა სიტყუათა შენთაითა სიტყვიერნი თევზნი მოინადირენ და შესწირენ მსხუერპლად მაცხოვარსა და სურვილითა მისითა მობაძავ იქმენ ვნებათა მისთა, ამისთვისცა შემოკრებულნი ესე ღირსად პატივს ვსცემთ, დიდებულო, ხსენებასა შენსა, და ერთობით გიღაღადებთ: წმიდაო მოციქულო თომა, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაითა განგვაძლიეროს წინა-აღმდგომთა მისთა მიმართ და დაგვიფაროს ყოველთა განსაცდელთა და სენთაგან.

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: იესუ, მჯდომარე დიდებით საყდართა ღმრთეებისათა, მოვიდა ღრუბლითა სულმცირითა, რომელ არს ქალწული გამოუცდელი ხსნად ჩუენდა, მღაღადებელთა: დიდებაი ძალსა შენსა, მხსნელო ჩუენ ყოველთაო.

წმიდაო თომა მოციქულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

შემდგომად აღდგომისა ქრისტემან წყლულებაი გუერდისაი აჩუენა რაი მოწაფეთა თვისთა და არწმუნა ხელმწიფებაი თვისი შესლვითა ბჭეთა ხშულთაითა, მეყსეულად ჰბერა სული წმიდაი, და უბრძანათ ქადაგებაი სასუფეველისაი კიდეთა ქუეყანისათა.

წმიდაო თომა მოციქულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

გახარეს რაი მოციქულთა, ყოვლადნეტარო: „ვიხილეთ ჩუენ უფალი, ადგომილი მკუდრეთით“, გულსა შინა თვისსა ზრახავდი, თომა: „მე ხოლოი ვიპოვეა უსჯულოი და არაწმიდაი, არა ღირს ვიყავ რაი ხილვად მისა?“.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვერა იხილე რაი მკუდრეთით აღმდგარი მაცხოვარი, შეძრწუნებული ტირილითა ეტყოდი სხუათა მათ მოწაფეთა უფლისათა: `ვიდრე არა ვიხილნე სახენი სამჭუალთა მისთანი, არასადა მრწმენეს უფალი, აღდგომილი მკუდრეთით~.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ქუეყანად დაუთესველად, ცხორების გამომღებელად, და ღრუბლად სულ-მცირედ მომფენელად ცუარსა მშვიდობისასა, ყოვლადწმიდასა ქალწულსა აღვიარებთ და ვღაღადებთ: ღმრთისა დედაო. დიდებაი ძესა შენსა.

გალობაი 5, ღამითგანსა

ძლისპირი: უღმერთოთა ვერ იხილონ დიდებაი შენი, ქრისტე, ხოლო ჩუენ, მონანი შენნი, ვიხილავთ დიდებასა შენსა, და ვღაღადებთ: ღამითგან აღვიმსთობთ ჩუენ მგალობლად შენდამი, კაცთ-მოყუარე.

წმიდაო თომა მოციქულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

აღგისრულა რაი ვედრებაი ქრისტემან, კუალად გამოგიჩნდათ და მოგცათ რაი მშვიდობაი, წყლულებაი გუერდისაი და სახენი სამსჭუალთანი გაჩუენა შენ, წმიდაო, და გრქუა: „აჰა, იხილენ, და გრწმენინ“.

წმიდაო თომა მოციქულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

უხრწნელი გვერდი მეუფისა ხელითა გამოიძიე და იხილე რაი წყლულებაი სამსჭუალთაი და ლახურისაი, სიხარულითა ღაღატ-ყავ: „უფალი ჩემი და ღმერთი“, ხოლო იგი გეტყოდა: „ნეტარ იყვნენ, რომელთა არა უხილავ მე და ჰრწმენეს“.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ქრისტეს აღდგომასა ნათლით-შემოსილსა, დასაბამსა უხრწნელებისასა უგალობდით რაი მოციქულნი, ორმეოცთა დღეთა გეჩუენებოდათ და გეტყოდათ სასუფეველისათვის ღმრთისა, და გამცნებდათ: „ნუ განეშორებით იერუსალეიმსა“.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მძლედ გამოაჩინე შენ, ღმრთისმშობელო, გონებაი ჩემი, და დაუმორჩილენ ვნებულნი გულისსიტყუანი და ხორცთა ბრძოლანი, რომელმან ჰშევ თავადი იგი საღმრთო უვნებლობაი.

გალობაი 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: გალობით, ხმითა სიხარულისათა გაქებდა ეკლესიაი შენი, ქრისტე, განწმდა რაი იგი, სისხლითა მაგით, რომელიცა გარდამოხდა გვერდსა საღმრთოსა, წმიდასა.

წმიდაო თომა მოციქულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

გაუწყათ რაი ახალკვირიაკეი აღდგომისა თვისისაი ქრისტემან,  მრავალნი სხუანიცა სასწაულნი ქმნნა, და განამტკიცნა გულნი თქუენნი განათლებად ყოველთა წარმართთა და ამაღლდა ზეცად.

წმიდაო თომა მოციქულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ჭურეტდით რაი ქრისტეს დიდებულსა ამაღლებასა, სული წმიდაი მოგივლინათ სახედ ცეცხლისა და იწყეთ სიტყუად უცხოთა ენათა, რაითა ყოველთა მიუთხრობდეთ დიდებასა მისსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

წილისყრასა მას მოციქულთასა წილად გხვდა რაი მოქცევაი ჰინდოთაი, არა გენება წარსლვაი მხარესა მას შორიელსა, გარნა გეჩვენა შენ ქრისტე და აღგითქუა შეწევნაი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უაღრეს და უზესთაეს არს ყოველთა სასწაულთა ქალწულისა მუცლადღებაი დამბადებელისა, და შემდგომადცა შობისა მის უბიწოებით დადგრომა ქალწულადვე.

მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.               

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.                        

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.  

გუნდი: ამინ.

კონდაკი, ხმაი 4

ვითარცა სიბრძნისა მადლითა აღვსებულმან, და ქრისტეს მოციქულმან, და მსახურმან საკვირველმან, სინანულითა ღაღად-ჰყავ: „შენ ხარ ღმერთი ჩემი და უფალი ჩემი“.

იკოსი

ეჰა დიდებული ეგე საკვირველი, უფლისა მოწაფეო, და დიდისა საიდუმლოისა მომღებო, თომა ღმრთისმეტყველო, რაჟამს პეტრე ღაღადყო რაი: ვიხილეთ უფალი, არქუ მას: „უკეთუ  არა ვიხილო წყლულებაი ხელთა მისთა არა მრწმენეს“, და მაშინ ხმა-გიყო უფალმან მარჩბივსა და გრქუა: „მოჰყვენ ხელნი შენნი და დასდევ გვერდსა ჩემსა, და ნუ იქნები ურწმუნო, რამეთუ მე ვარ უფალი და ღმერთი შენი“, და შენცა სინანულით ხმა ჰყავ: „შენ ხარ ღმერთი ჩემი, და უფალი ჩემი“.

მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით.

წარდგომა სახარებისა, ხმაი 4: ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმაი მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი.

მუხლი: ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყაროი.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის)

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდაი სახარებაი, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელმან:  იოანესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელმან: მოხედენ.

სახარებაი იოანესი (.20-19-31)

მას ჟამსა შინა, ვითარცა შემწუხრდა დღე იგი ერთშაბათისაი მის, და კარნი იგი დახშულ იყვნეს, სადა – იგი იყვნეს მოწაფენი შეკრებულ შიშისათვის ჰურიათაისა, მოვიდა იესუ და დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშვიდობაი თქუენ თანა! და ვითარცა ესე თქუა, უჩუენა მათ ხელნი თვისნი და გუერდი მისი. და განიხარეს მოწაფეთა, იხილეს რაი უფალი. რქუა მათ იესუ კუალად: მშვიდობაი თქუენ თანა! ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ. და ვითარცა ესე თქუა შეჰბერა მათ და რჰქუა: მიიღეთ სული წმიდაი. უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ. ხოლო თომა, ერთი იგი ათორმეტთაგანნი, რომელსა ერქუა მარჩბივ, არა იყო მათ თანა, ოდეს-იგი მოვიდა იესუ. უთხრობდეს მას სხუანი იგი მოწაფენი, ვითარმედ: ვიხილეთ ჩვენ უფალი. ხოლო მან ჰრქუა მათ: უკუეთუ არა ვიხილო ხელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთაი და დავსხნე თითნი ჩემნი ადგილსა მას სამსჭუალთასა და დავსდვა ხელი ჩემი გუერდსა მისსა, არასადა მრწმენეს. და შემდგომად რვისა დღისა კუალად იყვნეს მოწაფენი მისნი შინაგან, და თომაცა მათ თანა. და შევიდა იესუ კართა ხშულთა და დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშვიდობაი თქუენ თანა! მერმე ჰრქუა თომას: მოყვენ თითნი შენნი და იხილენ ხელნი ჩემნი და მოიღე ხელი შენი და დამდევ გუერდსა ჩემსა და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ. მიუგო თომა და ჰრქუა: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი! ჰრქუა მას იესუ: რამეთუ მიხილე და გრწამს; ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე. მრავალნი სხუანიცა სასწაულნი ქმნნა იესუ წინაშე მოწაფეთა თვისთა, რომელნი არა დაწერილ არიან წიგნსა ამას. ხოლო ესე დაიწერა, რაითა გრწმენეს, რამეთუ იესუ არს ქრისტე, ძეი ღმრთისაი, და რაითა გრწმენეს და ცხორებაი გაქუნდეს სახელითა მისითა.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა წმიდისა თომა მოციქულისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უშჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: ყოვლად ნეტარო ქრისტეს მოციქულო თომა, მის მიერ გამორჩეულო სამწყსოსათვის თვისისა და მქადაგებელო ჭეშმარიტებისაო, აწ ჩუენცა გვითხოვე მისგან მშვიდობაი სოფლისაი, შეუძრველად დაცვაი ეკლესიისა და ერისა ჩუენისაი, და სულთა ჩუენთათვის დიდი წყალობაი.

მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა; წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლადქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა, და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა ძლევაშემოსილისა მოწამისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულმოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდისა პატრიარქისა ევსტათი ანტიოქიელისა – ქართლის ეკლესიათა მაკურთხეველისაითა; წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანეოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთაითა; ღმრთივგანბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისამძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთაბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა, და მრავალთა წმიდათა მამათა და დედათა, ქვაბთახევსა და აჭარასა შინა უსჯულოთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილმორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრედამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა და ექვთიმე ღმრთისკაცისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა – იოვანე და გიორგიიოანე ბეთანიელთა, და ექვთიმე და გაბრიელ სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს); და წმიდისა თომა მოციქულისა და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.                      

გუნდი: ამინ.

გალობაი 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: სახუმილსა შინა, აბრაამიანნი ყრმანი მოგუთა მიერ კრულნი საღმრთოთა სჯულთათვის შეითხივნეს და ალსა შინა ღაღადებდეს: კურთხეულ ხარ, ღმერთო, ტაძარსა ამას სიწმიდისა შენისასა.

წმიდაო თომა მოციქულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

საღმრთოითა განგებულებითა შთასრული ჰინდოეთსა, ვითარცა ხუროთმოძღუარი მეფისა მათისაი, ნაცვლად პალატთა შენებისა, ოქროსა მისსა მისცემდი გლახაკთა და ქადაგებდი ქრისტესა. მას ევედრე, აწ ჩუენცა გვიხსნნეს სულთა და ხორცთა ვნებათაგან.

წმიდაო თომა მოციქულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

წარგადგინეს რაი წინაშე მეფისა, აუწყებდი სასახლისა აღშენებასა ცათა შინა, და განრისხებულმან შთაგაგდო რაი დილეგსა, დაშვებითა ღმრთისაითა მოკუდა ძმაი მისი, და აჩუენეს მას პალატნი მეფისაი სასუფეველსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ჰოი, შეწევნაი ღმრთისაი სათნომყოფელთა მისთა, რამეთუ კაცისა მის სული უკუნ-აქციეს რაი ხორცსა, ყოველსავე აუწყებდა ძმასა, და აღიარეს რაი ქრისტე, ნათელს სცემდი მათ ერთა თანა, წმიდაო, და ასწავებდი ქრისტეანულსა ცხორებასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სჯულისა მისგან მონებისა გვიხსნა შობამან შენმან, ღმრთისმშობელო, რამეთუ შენ ქალწულწებითა შევ განმათავისუფლებელი, კურთხეულ ხარ დედათა შორის, სძალო, ყოვლადწმიდაო.

გალობაი 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: ყრმანი ბრწყინვალენი სახუმილისაგან პირველად იხსნნა შობამან ქალწულისაგან, რომლითა მოასწავა ხსნაი ჩუენი საცთურისაგან, და ნათლითა შემოსილნი მათ თანა ვიტყოდეთ: უფალსა უგალობდით ყოველნი და უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

წმიდაო თომა მოციქულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ვითარცა ურწმუნო ქმნულსა გარწმუნა ქრისტემან აღდგომაი თვისი, ეგრეთვე მიზეზითა შენითა განცხადებულ ყო ზეცად მიცვალებაი წმიდისა დედისა მისისაი, და აჰა, აწ ვითარცა გაქუს კადნიერებაი წინაშე მისა, გვითხოვე აღორძინებაი ყოვლითავე სულიერითა და ხორციელითა კეთილითა.

წმიდაო თომა მოციქულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

გახვედ რაი ქადაგებად პალესტინესა და შუამდინარეთსა, ურწმუნოებისა ბნელსა შინა დანთქმულთა განუცხადებდი ქრისტეის ღმრთისა მხსნელსა ნათელსა, აწ ჩუენთვისცა ევედრე მას, ნეტარო, რაითა განგვწმიდოს ცოდვათაგან და აღგვჭუროს მღვიძარებითა საღმრთოითა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

კუალად წარემართე რაი ჰინდოეთსა, ახარე სასუფეველი ღმრთისაი ქუეყანასა მას დამკვიდრებულთა პართთა, მიდიელთა და გირკანელთა, და ქრისტეს მიმართ მოაქცევდი რაი ბაქტრიელთა და ბრაჰმანთა, წარმართობითა დაბნელებული გონებაი ჰინდოთაი განაბრწყინვენ მადლითა სულისა წმიდისაითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჰშევ შენ წმიდაი ყოვლისაგან ბიწისა, იქმენ სამკვიდრებელ ყოვლისა სიწმიდისა და სიტყუაი ყოველთა წმიდა მყოფელი, მამისა თანა დაუსაბამოი უშევ კაცთა, ამისთვის გიგალობთ შენ, ქალწულო, და უფროისად აღგამაღლებთ უკუნისამდე.

გალობაი 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: ლოდი საკიდური უხელოდ გამოეკვეთა შენგან, მთაო, გამოუკვეთელი, ქალწულო, ქრისტე შემაერთებელი ბუნებათა, ამისთვის სიხარულით ჩუენ მორწმუნენი ღირსად გადიდებთ.

წმიდაო თომა მოციქულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

იქადაგე რაი კალამინსა, ქრისტეს მიმართ მოაქციე სახლეულნი მეფისაი, და განრისხებულმან გტანჯა რაი განხურებულითა რვალითა, მერმე შთაგაგდო აღგზებულსა მას სახუმილსა, და ძალითა ღმრთისაითა დაშთი უვნებელად.

წმიდაო თომა მოციქულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

უბრძანა რაი მეფემან მოკლვაი შენი, ითხოვე ჟამი ლოცვისაი, და ხელი დაასხი რაი ხუცად სიფორსა და მეფისწულსა აზანსა დიაკონად, ანდერძად დაუდე განმრავლებაი მორწმუნეთაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სული შენი შეჰვედრე რაი ქრისტესა, განგგმირეს მტარვალთა ხუთითა ლახუარითა, და გუამი შენი დაკრძალეს რაი მოწაფეთა შენთა პატივითა, ქრისტემან დაგამკვიდრა სასუფეველსა თვისსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ნაყოფი წმიდაი აღმოსცენდი ქალწულებისა ქუეყანასა, რომლითა ვიზრდებით მორწმუნენი, რომლისა მიერ ვჰგიეთ და ვსცხოვნდებით, ქრისტე, და მშობელსა შენსა, ვითარცა ღმრთისმშობელსა ვადიდებთ.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ, შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისაისა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი აკმევს; მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:

აწ ჩუენცა ვაქებთ ნიშ-სასწაულთა და კურნებათა, რომელნი აღასრულნა ღმერთმან წმიდათა ნაწილთა მიერ შენთა სამარხოსა შენსა, და ეკლესიამან შეგრაცხა რაი წმიდათა შორის მისთა, მას ზედა აღაშენეს შუენიერი ტაძარი, და გევედრებოდენ ხსნასა ყოველთა ჭირთა და ვნებათაგან, გარნა უფლისა დაშვებითა წმიდანი ნაწილნი შენნი წარიხუნეს შუანდინარეთსა, და მცირეი სიწმიდეი დარჩა ჰინდოეთსა, რომლისა მიერ მწე-ექმნებოდი მისდა შევრდომილთა, და ვიდრე აქამომდე ქუეყანაი იგი, წოდებულ არს ქუეყანად „წმიდისა თომაისა“;

წმიდანი ნაწილნი შენნი კონსტანტინეპოლესა წარიხუნეს რაი განგებულებითა საღმრთოითა, აღაშენებდენ მას ზედა ტაძარსა დიდებულსა და შემდგომად სამეუფოისა მის ქალაქის დაცემისა, დაიუნჯეს ნაწილნი შენნი, ჰოი, წმიდაო თომა მოციქულო, ვითარცა იტალიამან და საბერძნეთმან, ეგრეთცა ათონმან, ივერიამან და უნგრეთმან, ხოლო უკუეთუ ვინმე ლოცვითა მივეახლოთ სიწმიდეთა მათ შენთა, გვიხსნი ყოველთა განსაცდელთა და ჭირთაგან.

მადლი შეწევნისაი მინიჭებულ აქუს რაი ქრისტეისგან წმიდათა მათ ნაწილთა შენთა, წმიდაო, იშუებს აწ დიდებული სიონი დაუნჯებითა წმიდისა თავისა შენისაითა, და აქუს რაი სასოდ და შესავედრებელად დედა-ქალაქსა ჩუენსა და ერსა, დღესასწაულსა მას ხსენებისა შენისასა ჩუენცა მოვისწრაფით სიონად, რაითა სიწმიდეი ეგე შენი მხურვალედ შევიტკბოთ და მოვიღოთ კურნებაი სულთა და ხორცთა ჩუენთაი.

იქადის მხარეი იმერთაი და იხარებს გელათი მწიაღებელი წმიდათა ნაწილთა შენთა და მიჰმადლებს რაი უხვსა საბოძვარსა ულევისა მადლისასა ყოველთა მისდა მილტოლვილთა, აჰა, აწ ჩუენცა სიხარულითა ვისწრაფვით მიმთხვევად მისდა და გევედრებით: ყოველთა სენთა და ურვათაგან განგვარინე კადნიერითა შუამდგომელობითა შენითა, რომელ გაქუს ვითარცა მოციქულსა ქრისტეის ღმრთისასა.

გაქუს რაი გამოუთქმელი სიმდიდრეი წყალობისაი, ყოვლადწმიდაო დედაო ღმრთისა ჩუენისაო, შენდა მოვივლტით და გევედრებით, ვითარცა ურცხვენელსა მეოხსა წინაშე ღმრთისა, მოგვიტევოს ყოველნი შეცოდებანი ჩუენნი და დაგვიცვას მანქანებათაგან ეშმაკისა, რაითა ღმრთისმოსავობითა ვსცხონდებოდეთ და სამწმიდაარსობისა გალობითა ვაქებდეთ ღმერთსა, წმიდათა შორის საკვირველსა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთასა.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხოთესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარეწარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.   

გუნდი: ამინ.      

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, დიდებით შუენიერო, მოციქულო და მოწამეო ქრისტეის ღმრთისაო, მახარებელო მშვიდობისაო და ქადაგო ყოვლად-წმიდისა სამებისაო; წყაროო მოწყალებისაო და შესავედრებელო ყოვლისა სოფლისაო, უხილავო ზედამდგომელო სიწმიდისაო, და ურწმუნოთათვის მომმადლებელო სარწმუნოებისაო; ჭეშმარიტო წინამძღუარო ცხორებისა ჩუენისაო და უძლეველო ზესთამბრძოლო ყოვლისა საქრისტეანოისაო!

ჰოი, ღუაწლით-შემოსილო წმიდაო მოციქულო თომა, ვერა იხილე რაი მკუდრეთით აღმდგარი მაცხოვარი ზეგარდამოითა დაშვებითა, ურწმუნო ქმნულსა გარწმუნა განშიშულებითა წმიდისა გუერდისაითა, და სხუათა მათ მოციქულთა თანა წარგავლინა რაი ქადაგებად სასუფეველისა, მოვლე ყოველი სოფელი, და ნათელი მისი განფინე რაი ჰინდოეთსა, სიბნელეი მკვიდრთა მისთა განაბრწყინვე, დიდებულო, და ძედ ნათლისა და დღისა გამოაჩინენ სულითა, აწ ჩუენცა გევედრებით მეოხებასა წინაშე ღმრთისა, განაქარვოს რისხვაი აღდგომილი ჩუენ ზედა, სიმრავლისაგან ცოდვათა ჩუენთასა, და აღაგზოს გულსა შინა ჩუენსა საღმრთოი ცეცხლი მოშურნეობისაი, რაითა ერთობითა ვჰბრძოდეთ ყოველთა წინააღმდგომთა მისთა, და ვიყოთ ერთ სამწყსოი და უფალი იყოს მწყემს ჩუენდა.  მრავალ-შემძლებელითა ძალითა შენითა დაიფარე და განაძლიერე მსახურებასა შინა დიდი მეუფეი ჩუენი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.

ჰოი, ყოველთა ქრისტეანეთა საქებელო, და შესავედრებელო ჩუენო, წმიდაო თომა მარჩბივო, გამოგირჩია რაი კაცთა ცხოვნებად მოსრულმან ღმერთმან მოწაფედ თვისად და მოციქულად, მოგცა ხელმწიფებაი სნეულთა კურნებისაი, კეთროვანთა განწმედისაი, მკუდართა აღდგინებისაი და ეშმაკთა განდევნისაი, და აჰა, აწ წინაშე საყდარსა მისსა მდგომარემან შეიწირე ვედრებანი ჩუენნი და შეგვაწყნარე სახიერებასა მისსა, რაითა დაგვიფაროს სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, რღუნისა, ცეცხლისა, მახვილისა, ხდომათაგან მტერთაისა, ძმათამკულელთა ბრძოლათაგან, მძლავრებისაგან ანტიქრისტეისა და საცთურთაგან მისთა, რაითა განვერნეთ ყოველთა საბრხეთა სოფლისათა და წარუვალსა შუებასა მიმთხუეულნი დაუცხრომელად უგალობდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა, მამასა, ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მღდელი: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი: დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). გუაკურთხენ.  

მღდელი: ჩამოილოცავს…  

გუნდი: ამინ.

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა მოციქულისა თომაისა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ლოცუაი მთხვევნასა ზედა ხატისასა:

იესუ ქრისტესა შეუდეგ შენ წადიერებით, ყოვლად ქებულო თომა, და საღმრთოითა ბრძანებითა მიივლინე რაი შორიელთა მათ ქუეყანათა, ახარე სასუფეველი, ჯუარცუმაი ქადაგე და აღდგომაი მაცხოვრისაი, და აწ ვითარცა მოციქულსა და მოწამესა მისსა გაქუს კადნიერებაი, რაითა წყალობაი მოგუმადლოს მოშიშებითა შევრდომილთა ხატსა შენსა და დაგვიცვას მანქანებათაგან ეშმაკთაისა და ბოროტებისაგან კაცთაისა.

გაქუს რაი გამოუთქმელი სიმდიდრეი წყალობისაი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შენდა მოვივლტით და გევედრებით, ვითარცა ურცხვენელსა მეოხსა წინაშე ქრისტეის ღმრთისა მიმართ ჩუენისა, მოგვიტევოს ყოველნი შეცოდებანი ჩუენნი და დაგვიცვას ყოვლისაგან საცთურისა და ვნებისა, რაითა შენითა შუამდგომელობითა ღირს-ვიქმნეთ ხილვად და დამკვიდრებად სასუფეველისა.

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

Categories
წმინდანთა ცხოვრება

19 ოქტომბერი. ცხოვრება და ღვაწლი წმიდისა მოციქულისა თომასი.

თომა მოციქულის ხსენება 

ძვ.სტ 6 ოქტომბერი / ახ. სტ. 19 ოქტომბერი

ძვ.სტ.30 ივნისი / ახ.სტ. 13 ივლისი – კრება 12-თა მოციქულთა

აღდგომიდან II (თომას) კვირიაკე – გარდამავალია.

ტროპარი: იქმენ მოწაფე ქრისტეისი, საღმრთოთა მოციქულთა კრებულსა თანა აღრაცხულ, ხოლო ურწმუნოებითა ქრისტეს აღდგომაი გამოიძიე, და მისისა პატიოსნისა ვნებისა განხილვითა, ირწმუნე, თომა, ყოვლად ქებულო, და აწ გვითხოვე ჩუენ მშვიდობაი და დიდი წყალობაი.

იესო ქრისტეს აღდგომის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი დღე კვირაცხოვლობაა, რომელსაც მეორენაირად თომას კვირა ეწოდება, და თავისი არსით ძალზე დიდია, როგორც თეოლოგიური, ასევე პრაქტიკული მნიშვნელობითაც. სამწუხაროა, რომ სახელი თომა მოიაზრება როგორც ურწმუნოს სინონიმად, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. მოციქული თომა იმ შტოს განეკუთვნება, რომელიც სარწმუნოებაში აზროვნებდა პრაგმატულად და არა ბრმად, ინერციით, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე.

წმიდა მოციქული თომა, მარჩბივად (ტყუპისცალად, ბერძნულად – დიდიმად) წოდებული, დაიბადა გალილეის ქალაქ პანეადაში, რომელსაც შემდეგში ჰეროდეს ძემ – ფილიპემ რომის იმპერატორის ტიბერიუსის პატივად კესარია უწოდა (ფილიპეს კესარია). ეს ქალაქი მდებარეობდა ერმონის მთის ძირას, მდინარე იორდანეს აღმოსავლეთ სათავეში, იქ, სადაც მთავრდებოდა ნეფთალემის ტომის სამკვიდრებელი.

იესო ქრისტე როდესაც გალილეა-იუდეის ქალაქებსა თუ დაბა-სოფლებს მოვლიდა, ერს ასწავლიდა და კურნავდა ყოველგვარ სნეულებებს, თომამაც მოისმინა მისი ღვთებრივი ქადაგება და იხილა საკვირველი სასწაულები. ამის გამო იგი მთელი არსებით მიენდო უფალს და აღარასოდეს მოსცილებია მას. სხვა უახლოეს მოწაფეებთან ერთად, თომაც ყურადღებით ისმენდა მოძღვრის სიტყვებს, განუყრელად დაჰყვებოდა უფალს და ღირს-იქმნა თორმეტ მოციქულს შორის შერაცხილიყო. იგი თვითმხილველი მოწმე იყო უფლის ყველა ქვეყნიური საქმისა, მისი ჯვარზე ვნებისა და ნებაყოფლობითი სიკვდილისა.

იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ წმიდა თომამ, თავისი დაუჯერებლობით სხვა მოციქულთა სიტყვებისა, კიდევ უფრო გააძლიერა ეკლესიის რწმენა უფლის მკვდრეთით აღდგომაში.

შაბათის შემდეგ პირველი დღე რომ გათენდა, მოწაფეები იუდეველთა შიშით გამოკეტილები იყვნენ ერთად და ელოდებოდნენ, როგორ განვითარდებოდა მოვლენები. ამ დროს შემოდის იესო დაკეტილ სივრცეში, დგება მოწაფეებს შორის და მათ ეტყვის: „მშვიდობაი თქვენ თანა“. ბუნებრივია, მოწაფეებს შეეშინდათ, როგორც აღწერს მახარებელი ლუკა. რაც შეეხება იოანეს, ის მოგვითხრობს: „და ვითარცა ესე თქუა, უჩუენნა მათ ხელნი თვისნი და გუერდი მისი, და განიხარეს მოწაფეთა, იხილეს რაი უფალი“.

იესომ ისევ უთხრა მათ: „მშვიდობაი თქვენ შორის! როგორც ჩემმა მამამ მომავლინა მე, მეც ისევე მიგავლენთ თქვენ“. უკვე მოწაფეებსაც ავალებს მაცხოვარი, გააგრძელონ დაწყებული საქმე, რისთვისაც თვითონ იბრძოდა. ეს იყო და არის უპირველესი დავალება აღდგომის შემდგომ, რომელიც მისცა მოწაფეებს, რომლებიც შიშის გამო გარეთ ვერ გამოდიოდნენ. ახლა კი ყველაზე თამამ გადაწყვეტილებას იღებენ. ამ სიტყვების შემდეგ ყოველ მათგანს სახეში შეჰბერა და უთხრა: მიიღეთ სული წმიდა. ამიერიდან ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, ხოლო თუ ვინმეს არ მიუტევებთ ანუ დატოვებთ შენდობის გარეშე, დარჩება შეუნდობელი, იცოცხლებს ან წარწყმდება საკუთარ ცოდვასთან ერთადო.

ქრისტეს შებერვა მოციქულებისთვის ნიშნავს, რომ სამყაროს შემოქმედი საკუთარ ქმნილებას აძლევს საშუალებას, იმოქმედოს მისივე ძალით. ამავე სულის მეშვეობით, მათ შეუძლიათ გაარჩიონ მტყუან-მართალი და ჩამოაყალიბონ მიწაზე ცოცხალი ეკლესია, რომელიც სახეზეა და წარმატებითაც აგრძელებს თავის არსებობას დღემდე და ასე იქნება მომავალშიც, რადგან წმიდა სულის მიერ არის შექმნილი და არა რომელიმე განსწავლული კაცის მიერ. დღემდე მონანულს მიეტევება, ხოლო ამპარტავანი და ეშმაკის მსახური მოუნანიებელი წარწყმდება.

ქრისტეს ამ გამოცხადების დროს მათ შორის არ იმყოფებოდა თორმეტთაგან ერთ-ერთი მოციქული თომა, რომელსაც ეძახდნენ ტყუპისცალს, თუმცა როდესაც  აუწყეს დანარჩენმა მოწაფეებმა, რომ ვნახეთ ჩვენი უფალიო, მან უპასუხა: მანამ, სანამ საკუთარი თვალით არ ვიხილავ მის ნალურსმევ ხელებს და მანამ საკუთარი ხელით არ შევეხები მის იარებს და ნაიარევ გვერდს, რომელშიც შუბი უგმირეს, მანამდე ვერ დავიჯერებო.

რვა დღის შემდეგ მომხდარიდან მოციქულები ისევ ერთად იყვნენ შეკრებილნი, რომელთა შორის თომაც იყო. კარი, მართალია დახურული იყო, მაგრამ მოულოდნელად იესო შევიდა ოთახში, დადგა მოწაფეებს შორის და უთხრა მათ: მშვიდობა თქვენ შორის! რომ არავის გაუკვირდეს, მერვე დღე პირდაპირი მნიშვნელობით არის, რადგან ებრაელი ხალხისთვის კვირის პირველი დღე არის შაბათი, ამიტომ პასექიდან იყო მერვე დღე კვირა, როცა გამოეცხადა მოციქულებს უკვე მეორედ, რომელსაც ვუწოდებთ (ანტიპასხას) თომას კვირას, კვირას ცხოველს, სიცოცხლის კვირას. (ამ დღის შემდეგ იწყება მოწაფეების მიერ კვირაცხოვლობის კვირის დაფასება და პატივისცემა. ამ დღეს ჭრიდნენ არტოსს, და მოციქულები ხმამაღლა, მოურიდებლად ქადაგებდნენ იესო ქრისტეს შესახებ. ამ დღისთვის აგროვებდნენ მოწყალებას ავადმყოფებისა და გაჭირვებულებისთვის. იესო ქრისტეს პატივსაცემად მოციქულებმა ამ დღეს უწოდეს კვირა, დღე უქმი, დღე ღვთის დიდებისა).

ქრისტემ იცოდა რა თომას ეჭვიანი დამოკიდებულება, უთხრა: მომეცი შენი ხელები და შეეხე ჩემს ხელებს და შენივე ხელები შეახე ჩემს გვერდს, სადაც შუბი მიგმირეს და ნუ იქნები ურწმუნო და ეჭვი ნურასოდეს შეგეპარება, არამედ გწამდეს.

„შენ ხარ ჩემი უფალი და ჩემი ღმერთი!“ – უთხრა თომამ მოძღვარს და მიიღო მისგან პასუხად: ირწმუნე, რადგან საკუთარი თვალით მნახე, მაგრამ კიდევ უფრო ნეტარი არის ის, რომელსაც არ ვუნახივარ, თუმცა მაინც სწამს ჩემი არსებობის შესახებო.

ამის შემდეგ იესომ ბუნებრივია, მოიმოქმედა სხვა უამრავი სასწაულიც მოწაფეების წინაშე, თუმცა ყველაფერი არ აღწერილა.

ეს მოვლენა ყველას გვარწმუნებს უფალ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის ჭეშმარიტებაში, რამეთუ იგი თავის მოწაფეებს აჩრდილივით კი არ გამოეცხადა და არც სხვა რამ სხეულით, არამედ სწორედ იმ სხეულით, რომლითაც ჯვარზე ევნო ჩვენი ხსნისათვის.

უფლის ზეცად ამაღლებისა და მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ, მათ, როგორც ცნობილია, წილი ჰყარეს, თუ ვის რომელ ქვეყანაში ექადაგა ღვთის სიტყვა. წმიდა თომას წილად ინდოეთი შეხვდა, რათა აზიის ამ შორეულ მხარეში განენათლებინა წარმართობით დაბნელებული პართიელები და მიდიელები, სპარსელები და გირკანელნი, ბაქტრიელები და ბრაჰმანები და ინდოეთის ყველა უშორესი კუთხის მკვიდრნი (ძველად ინდოეთს უწოდებდნენ სამხრეთ აზიის ყველა ქვეყანას, საკუთრივ დღევანდელი ინდოეთის ჩათვლით).

წმინდა თომა მოციქული ქადაგებდა პალესტინასა და მესოპოტამიაში, ხოლო სპარსეთში – პართიაში რომ ქადაგებდა, წერენ ორიგენე, ევსები, რუფინუსი, სოკრატე. ეთიოპიაში ქადაგების შესახებ წერს იოანე ოქროპირი, ხოლო გრიგოლ ღვთისმეტყველი კი მის ინდოეთში მოღვაწეობაზე წერს.

თომა მოციქული ძალიან წუხდა, რომ ესოდენ შორეულ ქვეყნებში და ველურ ხალხებთან უხდებოდა წასვლა, მაგრამ ჩვენებაში მას უფალი გამოეცხადა, განამტკიცა და უბრძანა, მხნედ იყავი და ნურაფრის გეშინის, რადგან მეც მარადის შენთან ვიქნებიო.

იმავე ხანებში საღვთო განგებულებით ინდოეთის მეფემ გუნდაფორმა დიდი, ბრწყინვალე სასახლის აშენება ისურვა და ერთ-ერთი ვაჭარი, სახელად ავანი, პალესტინაში გაგზავნა – წადი იქ და ისეთი გამოცდილი ხელოვანი ხუროთმოძღვარი მომინახე, ვისაც შეეძლება რომის იმპერატორთა მსგავსი სრა-სასახლე ამიგოსო. როცა ავანი პალესტინაში ხელოვან ხუროთმოძღვარს ეძებდა, ღვთის განგებულებით მას თომა შეხვდა და უთხრა, მე სამშენებლო ხელოვნებაში გამოცდილი ვარო, და დათანხმდა ინდოეთში წაყოლაზე.

როდესაც ინდოეთს ჩასულები გახარებულ მეფეს წარუდგნენ, მან ის ადგილიც უჩვენა თომას, სადაც სასახლის აგება სურდა, მისი ზომები განუსაზღვრა და დიდძალი ოქრო მისცა მშენებლობისთვის, თვითონ კი სხვაგან გაემგზავრა. თომამ ფული ღარიბ-გლახაკთ დაურიგა, ხოლო თვითონ დაუცხრომელი ქადაგებით მრავალთ მოაქცევდა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და ნათლავდა.

რამდენიმე ხნის შემდეგ ინდოეთის მეფემ მსახურები გაგზავნა თომასთან, რათა შეეტყო სამეფო სასახლის აგების თარიღი და მანაც დააბარა მსახურთ, გადაეცათ ხელმწიფისთვის, რომ მხოლოდ სახურავის დადგმაღა იყო დარჩენილი. მეფეს ძალზე გაუხარდა, რადგან ეგონა, თომა მართლაც დიდებულ სასახლეს უშენებდა ამქვეყნად. ამიტომ კიდევ გამოუგზავნა დიდძალი ოქრო და უბრძანა, რაც შეიძლება სწრაფად დაესრულებინა სასახლის მშენებლობა და უმშვენიერესი სახურავი დაედგა მისთვის. როცა თომამ კვლავ მიიღო მეფისაგან დიდძალი ოქრო, თვალნი და ხელნი ზე-აღაპყრო ცისკენ და მადლობა შესწირა ღმერთს: გმადლობ შენ, კაცთმოყვარეო უფალო, რამეთუ სხვადასხვა საშუალებებით განაგებ კაცთა ხსნას! და მიღებული ოქრო კვლავ იმათ დაურიგა, ვინც შემწეობის სათხოვნელად მიდიოდა მასთან, თვითონ კი კვლავ გულმოდგინედ განაგრძობდა ღვთის სიტყვის ქადაგებას. როდესაც მეფემ შეიტყო, რომ თომას ჯერ არც ჰქონდა  მშენებლობა დაწყებული, ხოლო ოქროც ღარიბ-გლახაკთათვის ჰქონდა დარიგებული, და ქალაქებსა თუ დაბა-სოფლებში ახალ ღმერთს უქადაგებდა ადამიანებს და მრავალ სასწაულსაც აღასრულებდა, დიდად განრისხდა და უმალვე მსახურები გაგზავნა მოციქულის მოსაყვანად და როდესაც ჰკითხა სად იყო მისი დაპირებული სასახლე, პასუხად მოისმინა რომ მისი სასახლე იყო ცაში და როდესაც ამ ქვეყნიდან გავიდოდა, მაშინღა შესძლებდა მის ხილვას და სამარადისოდ იცხოვრებდა. განრისხებულმა მეფემ შეურაცხყოფად მიიღო თომას სიტყვები და დიდვაჭარ ავანთან ერთად საპყრობილეში ჩააგდო, რადგან განზრახული ჰქონდა მათი ცოცხლად გატყავება და შემდეგ კოცონზე დაწვა.

უფლის დაშვებით იმავე ღამეს მეფის ძმა მძიმედ დაავადდა, და როდესაც აღესრულა, უფლის ანგელოზმა აღიტაცა მიცვალებულის სული, ზეციურ სამკვიდრებელში აღიყვანა იგი, მოატარა ყოველივე და მრავალი საუცხოოდ ნაგები და ბრწყინვალე სრა-სასახლე აჩვენა, რომელთაგან ერთი განსაკუთრებით გამორჩეული და მშვენიერი იყო, და ანგელოზის კითხვაზე, თუ რომელ სასახლეს აირჩევდა მათგან, მეფის ძმის სულმა ყველაზე მშვენიერი სასახლე აირჩია და სურვილი გამოთქვა იქ ცხოვრებისა, თუმცა ანგელოზმა მიუგო რომ ის მისი ძმის სასახლე იყო, თომას მიერ აგებული, და იქ ცხოვრების უფლება სხვას არ ჰქონდა. ამის გაგებისთანავე, მეფის ძმამ ითხოვა  უკან დაბრუნება, რომ ძმისგან შეესყიდა ეს დიდებული სასახლე სამუდამო საცხოვრებლად.

მართლაც, ანგელოზმა დააბრუნა სული სხეულში, და თითქოსდა ძილისაგან გამოიღვიძაო ისე იყო. გაიგო თუ არა ეს ამბავი, მეფემ უზომოდ გაიხარა, და როდესაც ინახულა, ძმამ ზეციურ სასახლეში მთელი ქონების გაცვლა შესთავაზა და ყველაფერი მოუყვა. გაოგნებული მეფე თავიდან არ იჯერებდა ძმის მოყოლილს, ხოლო როცა დარწმუნდა, ძმას სასახლის მიცემაზე უარი უთხრა და თომა ხუროთმოძღვრად შესთავაზა, შენც ააგებინე სასახლეო, ხოლო თომა და ვაჭარი საპყრობილიდან გამოუშვა.

წმინდა თომამ მადლობა შესწირა უფალს ასეთი წყალობისათვის და ორივე ძმის დამოძღვრა დაიწყო ჭეშმარიტ სარწმუნოებაში. შემდეგ კი მონათლა და ასწავლა ქრისტიანული ცხოვრება, ძმებმა კი მრავალრიცხოვან წყალობათა გაღებით „საუკუნო სამკვიდრებელი შეიძინეს ცათა შინა“. წმინდა მოციქულმა ერთხანს მეფესთან და მის ძმასთან დაჰყო, განამტკიცა ისინი რწმენაში, და შემდეგ კი გარემო ქალაქებსა და დაბასოფლებში გაემართა ღვთის სიტყვის საქადაგებლად.

დადგა ჟამიც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის აღსრულებისა, და უფლის ყველა მოციქული სხვადასხვა ქვეყნებიდან სულიწმიდის მიერ იქნა ზეცად აღტაცებული და ერთ წამში გეთსიმანიის ბაღში გადმოყვანილი ყოვლადკურთხეული მარადის ქალწული მარიამის სარეცელთან (საეკლესიო გადმოცემით, ეს მოხდა მეხუთმეტე წელს უფლის ზეცად ამაღლებიდან), ანუ 48 წელს ქრისტეს შობიდან, როცა ღვთისმშობელი 64 წლისა იყო. მაშინ ინდოეთში მყოფი თომა მოციქულიც იქნა აღტაცებული ზეცად სულიწმიდის მიერ და გადმოყვანილი იერუსალიმში, მაგრამ მან მაინც ვერ ჩაუსწრო ღვთისმშობლის წმიდა სხეულის დაკრძალვას. ეს საღმრთო განგებულებით აღსრულდა იმისთვის, რომ მორწმუნენი მეტად დარწმუნებულიყვნენ ღვთის დედის ზეცად აყვანაში სხეულითაც, ისე როგორც უფალ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომისას მოხდა.

წმიდა თომა ღვთისმშობლის დაკრძალვიდან მხოლოდ მესამე დღეს ჩამოვიდა და დიდად მწუხარებდა იმის გამო, რომ არ იმყოფებოდა გეთსამანიის ბაღში დაკრძალვის დღეს, რათა სხვა მოციქულებთან ერთად საფლავამდე მიეცილებია უფლის დედის სხეული. მაშინ წმიდა მოციქულებმა საერთო შეთანხმებით გადაწყვიტეს გაეხსნათ თომასათვის ღვთისმშობლის საფლავი, რათა მას ენახა მისი ყოვლადპატიოსანი სხეული, თაყვანი ეცა მისთვის და ნუგეშ-ცემულიყო თავის მწუხარებაში, და როცა საფლავი გახსნეს, ვერაფერი ნახეს იქ ღვთისმშობლის მოსასხამის გარდა. ამით ყველანი მტკიცედ დარწმუნდნენ იმაში, რომ დედა ღვთისა, თავისი ღვთაებრივი ძის მსგავსად, მკვდრეთით აღდგა მესამე დღეს და სხეულით იქნა აყვანილი ზეცად, სადაც `ჰგიებს აღმატებულად ყოველთა ზეციურ ძალთა ზედა და ლოცულობს უფლის წინაშე ჩვენ ყოველთათვის…~

ამის შემდეგ წმიდა მოციქული თომა კვლავ ინდოეთში გაემართა ღვთის სიტყვის საქადაგებლად და მრავალ ადამიანს მოაქცევდა იქ ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე ნიშებისა და სასწაულების აღსრულებით. ქალაქ მელიაპორში ჩასული, იგი იქაურ მცხოვრებთაც განანათლებდა სახარების ქადაგებით. აქ მან შემდეგი სასწაულით განამტკიცა ადამიანები ქრისტეს რწმენაში: მელიაპორში, ერთგან, უჩვეულო სიდიდის ხე იდო, რომლის დაძვრაც ადგილიდან არათუ ადამიანებს, ვეება სპილოებსაც კი არ შეეძლოთ. წმინდა თომამ თავისი სარტყელი მოაბა ხეს და ნახევარიოდე საათის სავალზე წაიღო, სადაც უფლის ტაძრის მშენებლობაში გამოსაყენებლად გადასცა. ამის ხილვის შემდეგ მორწმუნენი კიდევ უფრო განმტკიცდნენ, და ურწმუნოებიც მრავალნი მოიქცნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და მოინათლნენ. წმიდა მოციქულმა აქ სხვა სასწაულიც აღასრულა, პირვანდელზე უდიდესი. ერთხელ ვინმე წარმართმა ქურუმმა საკუთარი ძე მოკლა და ბრალი ამაში წმიდა მოციქულს დასდო – თომამ მომიკლა ვაჟიშვილიო.

ხალხი ძალზე აღელდა. შეყრილმა ბრბომ შეიპყრო თომა როგორც მკვლელი და ქალაქის სამსჯავროს მოსთხოვა ტანჯვა-წამებით მოეკლათ იგი. და რაკი არავინ აღმოჩნდა ისეთი, ვინც დაადასტურებდა მის უდანაშაულობას, წმინდა მოციქულმა თომამ თავად მიმართა მსაჯულსაც და ხალხსაც შემდეგი თხოვნით: გევედრებით, გამიშვით, მე მივალ მოკლულთან, და ვკითხავ ვინ მოჰკლაო.

ყველას გაუკვირდა ეს და დათანხმდნენ ქურუმის მოკლულ ძესთან გაჰყოლოდნენ. როცა იქ მივიდნენ, წმინდანმა თვალები ზეცად აღაპყრო, ილოცა და შემდეგ მოკლულს მიმართა: ჩემი უფლის – იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, ჭაბუკო, თქვი: ვინ მოგკლა? და მიცვალებულმაც მაშინვე ხმა გასცა: მამაჩემმა მომკლაო, მაშინ ყველანი დიდად გაოცდნენ და ღაღადი იწყეს: დიდ არს ღმერთი, რომელსაც თომა ქადაგებს. მოციქული გაათავისუფლეს, წარმართი ქურუმი კი დასაჯეს. ამ სასწაულის შემდეგ დიდძალი ხალხი მოიქცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და მონათლა კიდეც მოციქულისაგან.

ამის შემდეგ თომა უფრო შორეულ მხარეში, ქალაქ კალამინში გაეშურა ღვთის სიტყვის საქადაგებლად, სადაც მეფე (მმართველი) იყო მაზდაი (მისდაი). წმინდა თომა მოციქულმა დედოფალი ტერტინია და მისი და მოაქცია, მონათლა და ღვთის მცნებათა აღსრულება და სათნო ცხოვრება ასწავლა. დედაკაცებმა გადაწყვიტეს ცხოვრება უფლისათვის მიეძღვნათ და სიწმიდითა და უმანკოებით მისთვის ემსახურათ, ისე, რომ არც თავიანთ მეუღლეებთან თანა-ეცხოვრათ, როგორც ურწმუნო ადამიანებთან.

წმიდნა თომა მოციქული კი საღმრთო ძალით განაგრძობდა მრავალრიცხოვანი სასწაულების აღსრულებას და ყოველგვარი სნეულების განკურნებას. მისი ქადაგების მოსმენით და საკვირველმოქმედების ხილვით ბევრნი მოიქცნენ არა მხოლოდ უბრალო მოქალაქეთაგან, არამედ თვით მეფის კარისკაცთაგანაც. მეფის ერთადერთმა ძემაც, სახელად აზანმა, ირწმუნა ქრისტე და მოინათლა მოციქულის მიერ.

სასახლეში დაბრუნებული დედოფალი მარხვასა და ლოცვას მიეცა და უარს ეუბნებოდა ქმარს ხორციელ თანაცხოვრებაზე. მეფე და მისი ქვისლი გაკვირვებულნი იყვნენ ცოლების ასეთი ცვლილებით და გულმოდგინედ გამოკვლევის შემდეგ შეიტყვეს, რომ, თურმე, ვიღაც გადამთიელმა, სახელად თომამ, ქრისტეს რწმენა ასწავლა დედაკაცებს. ისიც შეიტყვეს, რომ თომას ქადაგებების შედეგად მეფისწულსაც – აზანსაც ურწმუნია ქრისტე, სამეფო კარის ბევრ მსახურსთან და დიდმოხელესთან ერთად და უბრალო ხალხშიც უზომოდ დიდი ყოფილა ახალი რწმენის მიმდევართა რიცხვი. ამის გამო მეფეცა და მისი ქვისლიც დიდად განრისხდნენ და უბრძანეს მსახურთ, შეეპყროთ თომა და საპყრობილეში ჩაეგდოთ.

როდესაც სამსჯავროზე წარდგენილ თომას ჰკითხა მეფემ, თუ ვინ იყო, მონა თუ თავისუფალი კაცი?, მან მიუგო: მე იმის მონა ვარ, ვისზეც შენ არა გაქვს ხელმწიფება. – ვხედავ, რომ მზაკვარი მონა ყოფილხარ, – უთხრა მეფემ – თქვი, ვინ არის ის შენი ბატონი? – ჩემი ბატონი არის უფალი ცათა და ქვეყნისა, – უპასუხა მოციქულმა – ღმერთი და შემოქმედი ყოველი ქმნილებისა, და მან წარმომგზავნა აქ თავისი სახელის საქადაგებლად და ადამიანთა მოსაქცევად ჭეშმარიტ სარწმუნოებაზეო. განრისხებულმა მეფემ კი უთხრა: შეწყვიტე, შე ცრუ კაცო, მზაკვრული საუბარი და მოისმინე ჩემი ბრძანება: როგორადაც შეაცდინე ჩვენი ცოლები შენი ცბიერებით და ჩვენზე ხელი ააღებინე, ამგვარადვე ისევ დაგვიბრუნე, თორემ სასტიკი სიკვდილით მოგკლავთო. მეფის მკაცრ სიტყვებზე თომამ მტკიცედ მიუგო: ქრისტეს მხევლებისათვის ძნელია უსჯულო ქმრებთან ცხოვრებაო. მაშინ გამძვინვარებულმა  მეფემ ბრძანა მოციქულის ტანჯვა-წამება დაეწყოთ. ჯერ გავარვარებული რკინის დაფები მოიტანეს, რათა თომა ფეხშიშველა შეეყენებინათ მათზე. მაგრამ როგორც კი მოციქულმა ფეხი შედგა მათზე, ანაზადად წყალი გაჩნდა მის ფეხქვეშ და განაგრილა რკინა. შემდეგ იგი გახურებულ ღუმელში შეაგდეს და მთელი ღამე მგზნებარე ცეცხლში დატოვეს, მაგრამ მეორე დღეს, როცა ღუმელის კარი გააღეს, თომა ცოცხალი და სრულიად უვნებელი გამოვიდა იქიდან.

ამ სასწაულებმა ვერ შეაგონეს მეფე და მისი ქვისლი, რომელმაც ასეთი რჩევით მიმართა ხელმწიფეს: აიძულე მას თაყვანი სცეს და მსხვერპლი შესწიროს ჩვენს `ღმერთს~ – მზეს, რათა ამით განარისხოს თავისი ღმერთი, რომელიც აქამდე უვნებლად იცავდა სატანჯველებისგან. მაგრამ, როგორც კი წმიდა მოციქული მზის კერპთან მიიყვანეს, იგი მაშინვე ცვილივით გადნა. ამის მხილველი მორწმუნენი უსაზღვროდ იხარებდნენ და ურწმუნოთა დიდი სიმრავლე ქრისტეს მორწმუნე გახდა. კერპის მსახურნი კი ძალზე დრტვინავდნენ თომაზე მათი „ღვთაების“ მოსპობისათვის და მეფისაგან მოციქულის მოკვდინებას მოითხოვდნენ. მეფეც საგონებელში იყო ჩავარდნილი და აღარ იცოდა, რა საშუალება მოეფიქრებინა მის მოსაკლავად; თუმცა ხალხის ეშინოდა, აგრეთვე თავისი მსახურებისაც და დიდმოხელეებისაც, რომელთა შორის უკვე მრავალი გახდა ქრისტეს მორწმუნე.

მეფემ ხუთ მხედარს გადასცა თომა და უბრძანა, რომ ქალაქგარეთ მთაზე აეყვანათ და იქ შუბებით განეგმირათ. მეფისწული აზანი და ერთი სხვა ქრისტიანი, სახელად საფორი მოციქულის კვალდაკვალ მიდიოდნენ და ცხარედ დასტიროდნენ საყვარელ მოძღვარს. წმინდა თომამ ნებართვა სთხოვა მხედრებს ლოცვის აღსრულებისა, და სიფორს მღვდლად დაასხა ხელი, აზანს კი დიაკვნად და უანდერძა, მორწმუნეთა გამრავლებისათვის და ქრისტეს ეკლესიის განვრცობისათვის ეზრუნათ. ამის შემდეგ მხედრებმა ხუთი შუბით განგმირეს წმინდა თომა. სიფორი და აზანი დიდხანს დასტრიალებდნენ მოძღვარს და შემდეგ დიდი პატივით დაკრძალეს მისი წმიდა სხეული (ეს მოხდა ჩვენი წელთაღრიცხვით 68 ან 72 წელს. მოციქულის მოწამეობრივი სიკვდილის ადგილს დღესაც უჩვენებენ კალამინში, ექვსიოდ კილომეტრზე ქალაქ მალიპურიდან, სადაც წმიდა თომა ხშირად განმარტოვდებოდა ხოლმე ლოცვისათვის). დაკრძალვის შემდეგ ისინი დიდხანს ისხდნენ მოციქულის საფლავთან ღრმად დამწუხრებულები. და აი, თომა მოციქული გამოეცხადა და უბრძანა, რომ ქალაქში დაბრუნებულიყვნენ და რწმენაში განემტკიცებინათ ქრისტიანები. ისინიც მოციქულის ლოცვაკურთხევით გაძლიერდნენ და წარმატებით განაგებდნენ ქრისტეს ეკლესიას.

მეფე მუზდი და მისი ქვისლი იძულებულნი გახდნენ ცოლებისთვის თავისუფალი ცხოვრების ნება მიეცათ და ისინიც მარადის ლოცულობდნენ, მარხულობდნენ და ერთგულად ემსახურებოდნენ უფალს, რითაც უდიდესი სარგებლობა მოჰქონდათ ეკლესიისათვის.

რამდენიმე წლის შემდეგ მეფე მუზდის ერთ-ერთი ძე ბოროტი სულისაგან იქმნა შეპყრობილი, და მისი განკურნვა ვერავინ შეძლო, რადგან მასში მეტად სასტიკი დემონი დაბუდებულიყო. მეფე ძალზე შეურვებული იყო თავისი ძის სნეულებით, და რაკი სმენოდა, წმიდა თომას სიცოცხლის ჟამს მრავალი ბოროტი სული განუდევნია კაცთაგანო, გადაწყვიტა გაეხსნა მისი საფლავი, აეღო მოციქულის ერთი ძვალთაგანი და ყელზე შეება თავისი ვნებული ძისათვის, რათა ამგვარად გაეთავისუფლებინა ბოროტისგან. სიზმრისეულ ჩვენებაში კი წმინდა თომა გამოეცხადა და უთხრა: ცოცხალი არ გწამდი, და ახლა მკვდრისგან გინდა შეწევნის მიღება? თუმცა იწამე და უფალი იესო ქრისტეც შეგიწყალებსო. ამ ჩვენებამ კიდევ უფრო გააძლიერა მეფის სურვილი, რომ გაეხსნა მოციქულის საფლავი, მაგრამ ვერაფერი ნახა იქ, რადგან ერთ ქრისტიან კაცს მისი წმიდა ნაწილები შუამდინარეთში (მესოპოტამიაში) გადაესვენებინა შესაფერის ადგილას. მაშინ მუზდიმ ერთი მუჭა მიწა აიღო იმ ადგილიდან, ნაჭერში გაახვია და თავის ძეს ჩამოჰკიდა ყელზე. ამასთან, ლოცვა-ვედრებით მიმართავდა უფალს: უფალო იესო ქრისტე, გევედრები, განკურნე ჩემი ძე შენი წმიდა მოციქულის თომას ლოცვით, და მეც გირწმუნებ ჭეშმარიტ ღმერთადო. როგორც კი დაასრულა ამ სიტყვების წარმოთქმა, ეშმაკმა დასტოვა მეფისწული, და იგი სრულიად განიკურნა. მეფემ ამის გამო ირწმუნა ქრისტე და თავის ყველა დიდებულთან და მსახურთან ერთად მოინათლა მღვდელ სიფორისაგან. მაშინ გახარებულმა მორწმუნეებმა ყველგან კერპები დაამხვეს და წარმართული ტაძრებიც დაანგრიეს, ხოლო მათს ადგილას ქრისტიანული ეკლესიები ააგეს. ღვთის სიტყვა ყველგან იქადაგებოდა და ჭეშმარიტი სარწმუნოებაც წმიდა თომა მოციქულის მეოხებით მთელ ინდოეთში განმტკიცდებოდა.

მონათვლის შემდეგ მეფე გულწრფელად ინანიებდა თავის უწინდელ ცოდვებს და ყველას ევედრებოდა ლოცვით შეწევნას. ასევე სიფორ ხუცესიც ყველა მორწმუნეს მოუწოდებდა – ილოცეთ მეფე მუზდისათვის, რათა მას წყალობით მოხედოს უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ და ყველა ცოდვაც მიუტევოსო. მართლაც, მთელი ეკლესია ლოცულობდა მეფისათვის, და მას ცოდვათა შენდობა მიემადლა: იგი ღვთის სათნოდ ცხოვრობდა და დიდად შეეწეოდა ქრისტეს ეკლესიას. ხოლო იმ ადგილზე, სადაც წმიდა თომა მოციქულის ნაწილები ესვენა, მისი ლოცვით მრავალი სასწაული და საკვირველი კურნება აღესრულებოდა.

ყველაზე ძველი დამოწმება წმიდა თომა მოციქულის სიკვდილისა და დაკრალვის  შესახებ ეფრემ ასურთან გვხვდება, ასევე აპოკრიფებში, რომლებიც გვამცნობს მოციქულის სიკვდილს სამხრეთ-დასავლეთ ინდოეთში, სადაც მეოთხე საუკუნემდე იმყოფებოდა მისი წმინდა ნეშტი,   წმინდა მოციქულ თომას საფლავის ადგილმდებარეობად მრავალ დოკუმენტშია ნახსენები მელიპური (მალაი-პურამი, დღევანდელი მილაპური, ამჟამად – ქალაქი ჩენაი, აგრეთვე ცნობილი როგორც მადრასი – რაც ნიშნავს „ქალაქს მთაზე“ ან სხვა ვერსიით, „ფარშევანგის მიწას“). ეს ქალაქი არის ინდოეთის ტამილნადუს შტატის დედაქალაქი. მდებარეობს კორომანდელის სანაპიროზე, ბენგალის ყურეზე. იგი სამხრეთ ინდოეთის მთავარი კომერციული, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრია, მისი ნავსადგური კი მეორე უმსხვილესია ინდოეთში.  აი, რას წერდა ამის შესახებ წმინდა ისიდორე სევილიელი (636 წ): `სინამდვილეში, შუბით განგმირეს იგი (ანუ თომა მოციქული) ინდოეთში, ქალაქ კალამინში და პატივით დაკრძალეს იანვრის კალენდრის (21 დეკემბერი) 2 დღით ადრე. იმდროინდელ ლათინურ ლოცვის წიგნებში ქალაქი კალამინი მოიხსენიებოდა, როგორც ადგილი ინდოეთში, სადაც მოციქულმა თომამ განიცადა ტანჯვა და დაკრძალეს (როდესაც 1517 წელს პორტუგალიელებმა იპოვეს ქალაქი კალამინი, უძველესი ნანგრევების უმეტესი ნაწილი უკვე ჩაძირული იყო. ამის მიუხედავად, ადგილობრივებმა მიუთითეს ადგილი, რომელსაც „თომა მოციქულის საფლავს“ უწოდებდნენ. ეს იყო პატარა მართკუთხა ეკლესია გვერდითი სამლოცველოებით, ძალიან უძველესი და უკვე დანგრეული, რომელშიც აღარ იყო გამოსახულებები, არამედ მხოლოდ ჯვრები). წმინდა თომას სამარხის თაყვანისცემაზე XIII-XIV საუკუნეებში წერდა მარკო პოლო, რომელიც 1293 წელს ეწვია ინდოეთს. თავის ჩანაწერებში ის ჰყვება წმინდა თომას სამარხთან მიახლების შესახებ სამხრეთ ინდოეთის მალაბარის რაიონში. იგი ადგილობრივ ქრისტიანებს იხსენიებს, როგორც „მოციქულ თომას ქრისტიანებს“. იმავე ხანებში წმინდა მოციქულის საფლავის თაყვანისცემის შესახებ მოგვითხრობს ცნობილი მისიონერი და მკვლევარი ჯოვანი მონტეკორვინო. იგი წერს, რომ მალაბარი და კორომანდელის სანაპირო აღწერილია მენენსილიუსის „სინოფსისი“ -ში, როგორც წმინდა თომას ქვეყანა. იქ მონტეკორვინომ მოინახულა ინდოელი ნესტორიანელი ქრისტიანების თემები. ინდოელ ქრისტიანებს სწამდათ, რომ ისინი მონათლა მოციქულმა თომამ და საკუთარ თავს „თომისტებს“ უწოდებდენ. VI საუკუნის 20-იან წლებში, იმ დროს, როდესაც ბიზანტიელი მოგზაური კოსმა ინდიკოპლოვი ინდოეთში იმყოფებოდა, მალაბარისა და კორომანდელის სანაპიროების ქალაქებში საკმაოდ ბევრი ქრისტიანი იყო. კოსმას ინდიკოპლოვმა თავის „ქრისტიანულ ტოპოგრაფიაში“ (დაახლოებით 535 წ.) დაწერა ინდოეთში მცხოვრები სპარსელი ქრისტიანების შესახებ, აშკარად გულისხმობდა სირიელ ნესტორიანებს, რომლებიც V – VI საუკუნეებში ხშირად მიგრირებდნენ ბიზანტიის იმპერიიდან ირანში, დევნას განრიდებულები. ირანიდან მართლმადიდებლური შეუწყნარებლობის ამ მსხვერპლებს ადვილად შეეძლოთ სამხრეთ ინდოეთის ნავსადგურებამდე მიღწევა, სადაც დიდი ხნის განმავლობაში არსებობდნენ „იავანის“ კოლონიები – რომის იმპერიის აღმოსავლეთ რეგიონებიდან ჩამოსული ემიგრანტებისთვის. VI-VIII საუკუნეებში ბიზანტიაში გრძელდებოდა ერეტიკოსთა დევნა და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ დევნილებმა დატოვეს სამშობლო, დასახლდნენ ირანში, შუა აზიაში, ქაშგარიასა და ინდოეთში. ინდოეთში ორი დიდი „თომისტური“ ცენტრი გაჩნდა: ერთი მალაბარში, ქალაქ კუილონას მახლობლად, მეორე კორომანდელის სანაპიროზე, მაილაპურში. მილაპურში, სპეციალურ სამარხში, ინახებოდა წმიდა თომას „სიწმინდეები“ და ორივე ამ ცენტრს ეწვია მონტეკორვინო.

„თომისტებს“ პრივილეგირებული პოზიცია ეკავათ ინდოეთში, და იმყოფებოდნენ კასტური სისტემის გარეთ. ისინი წარმატებულნი იყვნენ სანელებლებით ვაჭრობაში. ეს მდიდარი ქრისტიანული თემები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ სამხრეთ ინდოეთის სანაპირო ქალაქების ეკონომიკურ ცხოვრებაში. იმ პერიოდში, როდესაც მონტეკორვინო ინდოეთში იმყოფებოდა, მათ საერთოდ დავიწყებული ჰქონდათ მშობლიური ენები (ბიზანტიური). ისინი საუბრობდნენ ადგილობრივ ენებზე (მალაიალამი და ტამილური), მაგრამ მათ ტაძრებში საეკლესიო მსახურება სირიულად ტარდებოდა, რაც მღვდლებსაც კი არ ესმოდათ. ნესტორიანელი ეპისკოპოსის იაბალახის შეფასებით, რომელიც XVI საუკუნის დასაწყისში მალაბარისა და მილაპურის ტომის თემებში იმყოფებოდა, მათში დაახლოებით 30 ათასი ოჯახი ცხოვრობდა, ამიტომ იმ დროისთვის ინდოელი ქრისტიანების საერთო რაოდენობამ 150-170 ათასს მიაღწია (ლ. ბრაუნი, წმინდა ტომასელი ინდოელი ქრისტიანები; „კატაი …“, ტ. II, გვ. 135).

1324 წელს ფრანცისკანელი ბერი  ოდორიკო ორდენონეგოდუსი წერს თავის მოგზაურობასა და თომა მოციქულის თაყვანისცემის შესახებ მისი დაკრძალვის ადგილზე ინდოეთში

შემდგომში თომა მოციქულის წმინდა ნაწილები მოხვდა ედესაში, სადაც მასზე დიდებული ეკლესია ააგეს, და შორეული ქვეყნებიდანაც ჩამოდიოდნენ მლოცველები. იმპერატორ ანასტასის ზეობისას (490-518) კონსტანტინეპოლს გადაასვენეს, და იქაც მის სახელზე ტაძარიც იქნა აგებული. ჯვაროსანთა მეოთხე ლაშქრობის დროს (1204) უნგრეთის მეფემ ანდრია II თომა მოციქულის მარჯვენა თავის სამშობლოში გადაასვენა. შემდეგ საბერძნეთის კუნძულ ხიოსზე და მოგვიანებით კი იტალიიის ქალაქ ორტონში, სადაც 1258 წლის 6 სეტემბრიდან დღემდეა დაბრძანებული ეს სიწმინდე მისი სახელობის რომაულ კათოლიკურ ბაზილიკაში. წმინდა ნაწილები ასევე არის საბერძნეთში (იოანე მოციქულის ღვთისმეტყველის მონასტერი კუნძულ პატმოსზე), ათონზე და საქართველოში – სიონის საკათედრო ტაძარში წმ. თომა მოციქულის თავის ქალაა დაბრძანებული, ბარძაყის ძვლის ნაწილი კი ქუთაის-გაენათის ეპარქიაშია, სადაც ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმიდან გადაიტანეს ახლახან, ხოლო იქ გელათიდან მოხვდა 1924 წელს. ეს სიწმინდე მოთავსებულია დიდ სანაწილეში სხვა წმინდა ნაწილებთან ერთად. შეეწიოს ეს სიწმინდენი ქუთაისსა და მთელ საქართველოს!

იესო ქრისტეს წყალობა და მადლი გვიფარავდეს ყოველ ქრისტიანს, რათა მისი მოწაფეების მსგავსად, ვირწმუნოთ და ვაღიარებდეთ იესო ქრისტეს უფლად და ღმერთად და ვადიდებდეთ მას თანა მამით და სულიწმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

მასალები შეკრიბა და დაამუშავა თინათინ მჭედლიშვილმა  

სავედრებელი პარაკლისი წმიდისა მოციქულისა თომა მარჩბივისა

მღდელი: კურთხეულ არს.

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო     , შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.

მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ტროპარი, ხმაი 2

იქმენ მოწაფე ქრისტეისი, საღმრთოთა მოციქულთა კრებულსა თანა აღრაცხულ, ხოლო ურწმუნოებითა ქრისტეს აღდგომაი გამოიძიე, და მისისა პატიოსნისა ვნებისა განხილვითა, ირწმუნე, თომა, ყოვლად ქებულო, და აწ გვითხოვე ჩუენ მშვიდობაი და დიდი წყალობაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ტროპარი

მოციქულო წმიდაო თომა, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რაითა ცოდვათა შენდობაი მოგვანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეიმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 4

ძლისპირი: დაანთქენ ვნებანი სულისა ჩემისანი სიღრმეთა ვნებათა ძლევისასა, უფალო, ქალწულისაგან შობილო, ვითარ დაანთქ ძლიერებაი აღჭურვილთა სპარეზენთაი, და გიგალობდეს შენ ძლევისა ებნითა.

წმიდაო თომა მოციქულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ღირსად პატივს-გცემთ შენ, ვითარცა ქრისტეს მოციქულსა, და გევედრებით ოხასა წინაშე ჯუარცუმულისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა, რაითა განგვწმიდოს ცოდვათაგან და აღგვჭუროს მღვიძარებითა საღმრთოითა.

წმიდაო თომა მოციქულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

გიგალობთ შენ, ვითარცა თუალით მხილველსა და ხელით-მსახურსა ქრისტეისა, და აღგძრავთ მწედ მისა მიმართ, რაითა დაგვიფაროს ბოროტისა მახეთაგან და გულნი ჩუენნი დაამტკიცოს სარწმუნოებასა ზედა ჭეშმარიტსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

იხარებს ქრისტეს ეკლესიაი და გვიწესს ხსენებასა შენსა, რაითა საკვირველსა მას ღუაწლსა შენსა ვაქებდეთ, ყოვლად დიდებულო მოციქულო, და გევედრებოდეთ ხსნასა ყოველთა სენთა და ვნებათაგან.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სიკუდილი და ხრწნილებაი დახსენ ღმრთისა დედაო, ჰშევ რაი წყაროი უხრწნელებისაი, ქრისტე, ყოვლად უბიწოო ღმრთისმშობელო, რომელმან განაშვენა კაცთა გონებაი შენ მიერ უკუდავებისა სიკეთითა.

გალობაი 3, განძლიერდასა

ძლისპირი: არა სიბრძნითა, არცა ძალითა, არცა სიმდიდრითა თავით თვისით ვიქადით, არამედ შენგან, ღმრთისა სიბრძნეო, რამეთუ არავინ არს წმიდაი შენებრ, კაცთ-მოყვარე.

წმიდაო თომა მოციქულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

აღმოსცენდი რაი გალილეას, სიყრმითგან ეძიებდი ჭეშმარიტებასა, და მოგიწოდა რაი ქრისტემან საღმრთოსა სარბიელსა ზედა, ნადირობაი თევზთაი დაუტევე და შეუდეგ ხორცითა გამოჩინებულსა ღმერთსა.

წმიდაო თომა მოციქულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

თანამოგზაურ იქმენ რაი ქრისტეს მიმოსლვისა, ერთგულებისათვის შეგრაცხა ათთორმეტთა თანა მოციქულთა და წადიერ იყავ მისთანა სიკუდილისა, აწ ჩუენცა აღგვძარ მხედრობად ღმრთისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მოვლეთ რაი იუდეა და გალილეაი, თვითმხილველ იყავ არა ხოლო თუ ქუეყნიერთა საქმეთა და სასწაულთა ქრისტეისთა, არამედ ვნებათა მისთა და ნებსით სიკუდილისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უქორწინებელო სძალო, რომელმან შევ ღმერთი ხორციელ-ქმნილი, ვნებათა კვეთებითა შერყეული ესე დამამტკიცე, რამეთუ სიმტკიცე ხარ და სასოი სოფლისაი.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს… (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

წარდგომაი, ხმაი 8

დაუტევე რაი ნადირობაი თევზთაი ზღვასა შინა, ბადითა სიტყუათა შენთაითა სიტყვიერნი თევზნი მოინადირენ და შესწირენ მსხუერპლად მაცხოვარსა და სურვილითა მისითა მობაძავ იქმენ ვნებათა მისთა, ამისთვისცა შემოკრებულნი ესე ღირსად პატივს ვსცემთ, დიდებულო, ხსენებასა შენსა, და ერთობით გიღაღადებთ: წმიდაო მოციქულო თომა, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაითა განგვაძლიეროს წინა-აღმდგომთა მისთა მიმართ და დაგვიფაროს ყოველთა განსაცდელთა და სენთაგან.

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: იესუ, მჯდომარე დიდებით საყდართა ღმრთეებისათა, მოვიდა ღრუბლითა სულმცირითა, რომელ არს ქალწული გამოუცდელი ხსნად ჩუენდა, მღაღადებელთა: დიდებაი ძალსა შენსა, მხსნელო ჩუენ ყოველთაო.

წმიდაო თომა მოციქულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

შემდგომად აღდგომისა ქრისტემან წყლულებაი გუერდისაი აჩუენა რაი მოწაფეთა თვისთა და არწმუნა ხელმწიფებაი თვისი შესლვითა ბჭეთა ხშულთაითა, მეყსეულად ჰბერა სული წმიდაი, და უბრძანათ ქადაგებაი სასუფეველისაი კიდეთა ქუეყანისათა.

წმიდაო თომა მოციქულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

გახარეს რაი მოციქულთა, ყოვლადნეტარო: „ვიხილეთ ჩუენ უფალი, ადგომილი მკუდრეთით“, გულსა შინა თვისსა ზრახავდი, თომა: „მე ხოლოი ვიპოვეა უსჯულოი და არაწმიდაი, არა ღირს ვიყავ რაი ხილვად მისა?“.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვერა იხილე რაი მკუდრეთით აღმდგარი მაცხოვარი, შეძრწუნებული ტირილითა ეტყოდი სხუათა მათ მოწაფეთა უფლისათა: `ვიდრე არა ვიხილნე სახენი სამჭუალთა მისთანი, არასადა მრწმენეს უფალი, აღდგომილი მკუდრეთით~.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ქუეყანად დაუთესველად, ცხორების გამომღებელად, და ღრუბლად სულ-მცირედ მომფენელად ცუარსა მშვიდობისასა, ყოვლადწმიდასა ქალწულსა აღვიარებთ და ვღაღადებთ: ღმრთისა დედაო. დიდებაი ძესა შენსა.

გალობაი 5, ღამითგანსა

ძლისპირი: უღმერთოთა ვერ იხილონ დიდებაი შენი, ქრისტე, ხოლო ჩუენ, მონანი შენნი, ვიხილავთ დიდებასა შენსა, და ვღაღადებთ: ღამითგან აღვიმსთობთ ჩუენ მგალობლად შენდამი, კაცთ-მოყუარე.

წმიდაო თომა მოციქულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

აღგისრულა რაი ვედრებაი ქრისტემან, კუალად გამოგიჩნდათ და მოგცათ რაი მშვიდობაი, წყლულებაი გუერდისაი და სახენი სამსჭუალთანი გაჩუენა შენ, წმიდაო, და გრქუა: „აჰა, იხილენ, და გრწმენინ“.

წმიდაო თომა მოციქულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

უხრწნელი გვერდი მეუფისა ხელითა გამოიძიე და იხილე რაი წყლულებაი სამსჭუალთაი და ლახურისაი, სიხარულითა ღაღატ-ყავ: „უფალი ჩემი და ღმერთი“, ხოლო იგი გეტყოდა: „ნეტარ იყვნენ, რომელთა არა უხილავ მე და ჰრწმენეს“.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ქრისტეს აღდგომასა ნათლით-შემოსილსა, დასაბამსა უხრწნელებისასა უგალობდით რაი მოციქულნი, ორმეოცთა დღეთა გეჩუენებოდათ და გეტყოდათ სასუფეველისათვის ღმრთისა, და გამცნებდათ: „ნუ განეშორებით იერუსალეიმსა“.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მძლედ გამოაჩინე შენ, ღმრთისმშობელო, გონებაი ჩემი, და დაუმორჩილენ ვნებულნი გულისსიტყუანი და ხორცთა ბრძოლანი, რომელმან ჰშევ თავადი იგი საღმრთო უვნებლობაი.

გალობაი 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: გალობით, ხმითა სიხარულისათა გაქებდა ეკლესიაი შენი, ქრისტე, განწმდა რაი იგი, სისხლითა მაგით, რომელიცა გარდამოხდა გვერდსა საღმრთოსა, წმიდასა.

წმიდაო თომა მოციქულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

გაუწყათ რაი ახალკვირიაკეი აღდგომისა თვისისაი ქრისტემან,  მრავალნი სხუანიცა სასწაულნი ქმნნა, და განამტკიცნა გულნი თქუენნი განათლებად ყოველთა წარმართთა და ამაღლდა ზეცად.

წმიდაო თომა მოციქულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ჭურეტდით რაი ქრისტეს დიდებულსა ამაღლებასა, სული წმიდაი მოგივლინათ სახედ ცეცხლისა და იწყეთ სიტყუად უცხოთა ენათა, რაითა ყოველთა მიუთხრობდეთ დიდებასა მისსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

წილისყრასა მას მოციქულთასა წილად გხვდა რაი მოქცევაი ჰინდოთაი, არა გენება წარსლვაი მხარესა მას შორიელსა, გარნა გეჩვენა შენ ქრისტე და აღგითქუა შეწევნაი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უაღრეს და უზესთაეს არს ყოველთა სასწაულთა ქალწულისა მუცლადღებაი დამბადებელისა, და შემდგომადცა შობისა მის უბიწოებით დადგრომა ქალწულადვე.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.               

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.                        

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.  

გუნდი: ამინ.

კონდაკი, ხმაი 4

ვითარცა სიბრძნისა მადლითა აღვსებულმან, და ქრისტეს მოციქულმან, და მსახურმან საკვირველმან, სინანულითა ღაღად-ჰყავ: „შენ ხარ ღმერთი ჩემი და უფალი ჩემი“.

იკოსი

ეჰა დიდებული ეგე საკვირველი, უფლისა მოწაფეო, და დიდისა საიდუმლოისა მომღებო, თომა ღმრთისმეტყველო, რაჟამს პეტრე ღაღადყო რაი: ვიხილეთ უფალი, არქუ მას: „უკეთუ  არა ვიხილო წყლულებაი ხელთა მისთა არა მრწმენეს“, და მაშინ ხმა-გიყო უფალმან მარჩბივსა და გრქუა: „მოჰყვენ ხელნი შენნი და დასდევ გვერდსა ჩემსა, და ნუ იქნები ურწმუნო, რამეთუ მე ვარ უფალი და ღმერთი შენი“, და შენცა სინანულით ხმა ჰყავ: „შენ ხარ ღმერთი ჩემი, და უფალი ჩემი“.

მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით.

წარდგომა სახარებისა, ხმაი 4: ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმაი მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი.

მუხლი: ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყაროი.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის)

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდაი სახარებაი, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელმან:  იოანესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელმან: მოხედენ.

სახარებაი იოანესი (.20-19-31)

მას ჟამსა შინა, ვითარცა შემწუხრდა დღე იგი ერთშაბათისაი მის, და კარნი იგი დახშულ იყვნეს, სადა – იგი იყვნეს მოწაფენი შეკრებულ შიშისათვის ჰურიათაისა, მოვიდა იესუ და დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშვიდობაი თქუენ თანა! და ვითარცა ესე თქუა, უჩუენა მათ ხელნი თვისნი და გუერდი მისი. და განიხარეს მოწაფეთა, იხილეს რაი უფალი. რქუა მათ იესუ კუალად: მშვიდობაი თქუენ თანა! ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ. და ვითარცა ესე თქუა შეჰბერა მათ და რჰქუა: მიიღეთ სული წმიდაი. უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ. ხოლო თომა, ერთი იგი ათორმეტთაგანნი, რომელსა ერქუა მარჩბივ, არა იყო მათ თანა, ოდეს-იგი მოვიდა იესუ. უთხრობდეს მას სხუანი იგი მოწაფენი, ვითარმედ: ვიხილეთ ჩვენ უფალი. ხოლო მან ჰრქუა მათ: უკუეთუ არა ვიხილო ხელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთაი და დავსხნე თითნი ჩემნი ადგილსა მას სამსჭუალთასა და დავსდვა ხელი ჩემი გუერდსა მისსა, არასადა მრწმენეს. და შემდგომად რვისა დღისა კუალად იყვნეს მოწაფენი მისნი შინაგან, და თომაცა მათ თანა. და შევიდა იესუ კართა ხშულთა და დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშვიდობაი თქუენ თანა! მერმე ჰრქუა თომას: მოყვენ თითნი შენნი და იხილენ ხელნი ჩემნი და მოიღე ხელი შენი და დამდევ გუერდსა ჩემსა და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ. მიუგო თომა და ჰრქუა: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი! ჰრქუა მას იესუ: რამეთუ მიხილე და გრწამს; ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე. მრავალნი სხუანიცა სასწაულნი ქმნნა იესუ წინაშე მოწაფეთა თვისთა, რომელნი არა დაწერილ არიან წიგნსა ამას. ხოლო ესე დაიწერა, რაითა გრწმენეს, რამეთუ იესუ არს ქრისტე, ძეი ღმრთისაი, და რაითა გრწმენეს და ცხორებაი გაქუნდეს სახელითა მისითა.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა წმიდისა თომა მოციქულისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უშჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: ყოვლად ნეტარო ქრისტეს მოციქულო თომა, მის მიერ გამორჩეულო სამწყსოსათვის თვისისა და მქადაგებელო ჭეშმარიტებისაო, აწ ჩუენცა გვითხოვე მისგან მშვიდობაი სოფლისაი, შეუძრველად დაცვაი ეკლესიისა და ერისა ჩუენისაი, და სულთა ჩუენთათვის დიდი წყალობაი.

მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა; წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლადქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა, და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა ძლევაშემოსილისა მოწამისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულმოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდისა პატრიარქისა ევსტათი ანტიოქიელისა – ქართლის ეკლესიათა მაკურთხეველისაითა; წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანეოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთაითა; ღმრთივგანბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისამძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთაბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა, და მრავალთა წმიდათა მამათა და დედათა, ქვაბთახევსა და აჭარასა შინა უსჯულოთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილმორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრედამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა და ექვთიმე ღმრთისკაცისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა – იოვანე და გიორგიიოანე ბეთანიელთა, და ექვთიმე და გაბრიელ სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს); და წმიდისა თომა მოციქულისა და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.                      

გუნდი: ამინ.

გალობაი 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: სახუმილსა შინა, აბრაამიანნი ყრმანი მოგუთა მიერ კრულნი საღმრთოთა სჯულთათვის შეითხივნეს და ალსა შინა ღაღადებდეს: კურთხეულ ხარ, ღმერთო, ტაძარსა ამას სიწმიდისა შენისასა.

წმიდაო თომა მოციქულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

საღმრთოითა განგებულებითა შთასრული ჰინდოეთსა, ვითარცა ხუროთმოძღუარი მეფისა მათისაი, ნაცვლად პალატთა შენებისა, ოქროსა მისსა მისცემდი გლახაკთა და ქადაგებდი ქრისტესა. მას ევედრე, აწ ჩუენცა გვიხსნნეს სულთა და ხორცთა ვნებათაგან.

წმიდაო თომა მოციქულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

წარგადგინეს რაი წინაშე მეფისა, აუწყებდი სასახლისა აღშენებასა ცათა შინა, და განრისხებულმან შთაგაგდო რაი დილეგსა, დაშვებითა ღმრთისაითა მოკუდა ძმაი მისი, და აჩუენეს მას პალატნი მეფისაი სასუფეველსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ჰოი, შეწევნაი ღმრთისაი სათნომყოფელთა მისთა, რამეთუ კაცისა მის სული უკუნ-აქციეს რაი ხორცსა, ყოველსავე აუწყებდა ძმასა, და აღიარეს რაი ქრისტე, ნათელს სცემდი მათ ერთა თანა, წმიდაო, და ასწავებდი ქრისტეანულსა ცხორებასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სჯულისა მისგან მონებისა გვიხსნა შობამან შენმან, ღმრთისმშობელო, რამეთუ შენ ქალწულწებითა შევ განმათავისუფლებელი, კურთხეულ ხარ დედათა შორის, სძალო, ყოვლადწმიდაო.

გალობაი 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: ყრმანი ბრწყინვალენი სახუმილისაგან პირველად იხსნნა შობამან ქალწულისაგან, რომლითა მოასწავა ხსნაი ჩუენი საცთურისაგან, და ნათლითა შემოსილნი მათ თანა ვიტყოდეთ: უფალსა უგალობდით ყოველნი და უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

წმიდაო თომა მოციქულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ვითარცა ურწმუნო ქმნულსა გარწმუნა ქრისტემან აღდგომაი თვისი, ეგრეთვე მიზეზითა შენითა განცხადებულ ყო ზეცად მიცვალებაი წმიდისა დედისა მისისაი, და აჰა, აწ ვითარცა გაქუს კადნიერებაი წინაშე მისა, გვითხოვე აღორძინებაი ყოვლითავე სულიერითა და ხორციელითა კეთილითა.

წმიდაო თომა მოციქულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

გახვედ რაი ქადაგებად პალესტინესა და შუამდინარეთსა, ურწმუნოებისა ბნელსა შინა დანთქმულთა განუცხადებდი ქრისტეის ღმრთისა მხსნელსა ნათელსა, აწ ჩუენთვისცა ევედრე მას, ნეტარო, რაითა განგვწმიდოს ცოდვათაგან და აღგვჭუროს მღვიძარებითა საღმრთოითა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

კუალად წარემართე რაი ჰინდოეთსა, ახარე სასუფეველი ღმრთისაი ქუეყანასა მას დამკვიდრებულთა პართთა, მიდიელთა და გირკანელთა, და ქრისტეს მიმართ მოაქცევდი რაი ბაქტრიელთა და ბრაჰმანთა, წარმართობითა დაბნელებული გონებაი ჰინდოთაი განაბრწყინვენ მადლითა სულისა წმიდისაითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჰშევ შენ წმიდაი ყოვლისაგან ბიწისა, იქმენ სამკვიდრებელ ყოვლისა სიწმიდისა და სიტყუაი ყოველთა წმიდა მყოფელი, მამისა თანა დაუსაბამოი უშევ კაცთა, ამისთვის გიგალობთ შენ, ქალწულო, და უფროისად აღგამაღლებთ უკუნისამდე.

გალობაი 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: ლოდი საკიდური უხელოდ გამოეკვეთა შენგან, მთაო, გამოუკვეთელი, ქალწულო, ქრისტე შემაერთებელი ბუნებათა, ამისთვის სიხარულით ჩუენ მორწმუნენი ღირსად გადიდებთ.

წმიდაო თომა მოციქულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

იქადაგე რაი კალამინსა, ქრისტეს მიმართ მოაქციე სახლეულნი მეფისაი, და განრისხებულმან გტანჯა რაი განხურებულითა რვალითა, მერმე შთაგაგდო აღგზებულსა მას სახუმილსა, და ძალითა ღმრთისაითა დაშთი უვნებელად.

წმიდაო თომა მოციქულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

უბრძანა რაი მეფემან მოკლვაი შენი, ითხოვე ჟამი ლოცვისაი, და ხელი დაასხი რაი ხუცად სიფორსა და მეფისწულსა აზანსა დიაკონად, ანდერძად დაუდე განმრავლებაი მორწმუნეთაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სული შენი შეჰვედრე რაი ქრისტესა, განგგმირეს მტარვალთა ხუთითა ლახუარითა, და გუამი შენი დაკრძალეს რაი მოწაფეთა შენთა პატივითა, ქრისტემან დაგამკვიდრა სასუფეველსა თვისსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ნაყოფი წმიდაი აღმოსცენდი ქალწულებისა ქუეყანასა, რომლითა ვიზრდებით მორწმუნენი, რომლისა მიერ ვჰგიეთ და ვსცხოვნდებით, ქრისტე, და მშობელსა შენსა, ვითარცა ღმრთისმშობელსა ვადიდებთ.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ, შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისაისა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი აკმევს; მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:

აწ ჩუენცა ვაქებთ ნიშ-სასწაულთა და კურნებათა, რომელნი აღასრულნა ღმერთმან წმიდათა ნაწილთა მიერ შენთა სამარხოსა შენსა, და ეკლესიამან შეგრაცხა რაი წმიდათა შორის მისთა, მას ზედა აღაშენეს შუენიერი ტაძარი, და გევედრებოდენ ხსნასა ყოველთა ჭირთა და ვნებათაგან, გარნა უფლისა დაშვებითა წმიდანი ნაწილნი შენნი წარიხუნეს შუანდინარეთსა, და მცირეი სიწმიდეი დარჩა ჰინდოეთსა, რომლისა მიერ მწე-ექმნებოდი მისდა შევრდომილთა, და ვიდრე აქამომდე ქუეყანაი იგი, წოდებულ არს ქუეყანად „წმიდისა თომაისა“;

წმიდანი ნაწილნი შენნი კონსტანტინეპოლესა წარიხუნეს რაი განგებულებითა საღმრთოითა, აღაშენებდენ მას ზედა ტაძარსა დიდებულსა და შემდგომად სამეუფოისა მის ქალაქის დაცემისა, დაიუნჯეს ნაწილნი შენნი, ჰოი, წმიდაო თომა მოციქულო, ვითარცა იტალიამან და საბერძნეთმან, ეგრეთცა ათონმან, ივერიამან და უნგრეთმან, ხოლო უკუეთუ ვინმე ლოცვითა მივეახლოთ სიწმიდეთა მათ შენთა, გვიხსნი ყოველთა განსაცდელთა და ჭირთაგან.

მადლი შეწევნისაი მინიჭებულ აქუს რაი ქრისტეისგან წმიდათა მათ ნაწილთა შენთა, წმიდაო, იშუებს აწ დიდებული სიონი დაუნჯებითა წმიდისა თავისა შენისაითა, და აქუს რაი სასოდ და შესავედრებელად დედა-ქალაქსა ჩუენსა და ერსა, დღესასწაულსა მას ხსენებისა შენისასა ჩუენცა მოვისწრაფით სიონად, რაითა სიწმიდეი ეგე შენი მხურვალედ შევიტკბოთ და მოვიღოთ კურნებაი სულთა და ხორცთა ჩუენთაი.

იქადის მხარეი იმერთაი და იხარებს გელათი მწიაღებელი წმიდათა ნაწილთა შენთა და მიჰმადლებს რაი უხვსა საბოძვარსა ულევისა მადლისასა ყოველთა მისდა მილტოლვილთა, აჰა, აწ ჩუენცა სიხარულითა ვისწრაფვით მიმთხვევად მისდა და გევედრებით: ყოველთა სენთა და ურვათაგან განგვარინე კადნიერითა შუამდგომელობითა შენითა, რომელ გაქუს ვითარცა მოციქულსა ქრისტეის ღმრთისასა.

გაქუს რაი გამოუთქმელი სიმდიდრეი წყალობისაი, ყოვლადწმიდაო დედაო ღმრთისა ჩუენისაო, შენდა მოვივლტით და გევედრებით, ვითარცა ურცხვენელსა მეოხსა წინაშე ღმრთისა, მოგვიტევოს ყოველნი შეცოდებანი ჩუენნი და დაგვიცვას მანქანებათაგან ეშმაკისა, რაითა ღმრთისმოსავობითა ვსცხონდებოდეთ და სამწმიდაარსობისა გალობითა ვაქებდეთ ღმერთსა, წმიდათა შორის საკვირველსა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთასა.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხოთესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარეწარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.   

გუნდი: ამინ.      

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, დიდებით შუენიერო, მოციქულო და მოწამეო ქრისტეის ღმრთისაო, მახარებელო მშვიდობისაო და ქადაგო ყოვლად-წმიდისა სამებისაო; წყაროო მოწყალებისაო და შესავედრებელო ყოვლისა სოფლისაო, უხილავო ზედამდგომელო სიწმიდისაო, და ურწმუნოთათვის მომმადლებელო სარწმუნოებისაო; ჭეშმარიტო წინამძღუარო ცხორებისა ჩუენისაო და უძლეველო ზესთამბრძოლო ყოვლისა საქრისტეანოისაო!

ჰოი, ღუაწლით-შემოსილო წმიდაო მოციქულო თომა, ვერა იხილე რაი მკუდრეთით აღმდგარი მაცხოვარი ზეგარდამოითა დაშვებითა, ურწმუნო ქმნულსა გარწმუნა განშიშულებითა წმიდისა გუერდისაითა, და სხუათა მათ მოციქულთა თანა წარგავლინა რაი ქადაგებად სასუფეველისა, მოვლე ყოველი სოფელი, და ნათელი მისი განფინე რაი ჰინდოეთსა, სიბნელეი მკვიდრთა მისთა განაბრწყინვე, დიდებულო, და ძედ ნათლისა და დღისა გამოაჩინენ სულითა, აწ ჩუენცა გევედრებით მეოხებასა წინაშე ღმრთისა, განაქარვოს რისხვაი აღდგომილი ჩუენ ზედა, სიმრავლისაგან ცოდვათა ჩუენთასა, და აღაგზოს გულსა შინა ჩუენსა საღმრთოი ცეცხლი მოშურნეობისაი, რაითა ერთობითა ვჰბრძოდეთ ყოველთა წინააღმდგომთა მისთა, და ვიყოთ ერთ სამწყსოი და უფალი იყოს მწყემს ჩუენდა.  მრავალ-შემძლებელითა ძალითა შენითა დაიფარე და განაძლიერე მსახურებასა შინა დიდი მეუფეი ჩუენი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.

ჰოი, ყოველთა ქრისტეანეთა საქებელო, და შესავედრებელო ჩუენო, წმიდაო თომა მარჩბივო, გამოგირჩია რაი კაცთა ცხოვნებად მოსრულმან ღმერთმან მოწაფედ თვისად და მოციქულად, მოგცა ხელმწიფებაი სნეულთა კურნებისაი, კეთროვანთა განწმედისაი, მკუდართა აღდგინებისაი და ეშმაკთა განდევნისაი, და აჰა, აწ წინაშე საყდარსა მისსა მდგომარემან შეიწირე ვედრებანი ჩუენნი და შეგვაწყნარე სახიერებასა მისსა, რაითა დაგვიფაროს სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, რღუნისა, ცეცხლისა, მახვილისა, ხდომათაგან მტერთაისა, ძმათამკულელთა ბრძოლათაგან, მძლავრებისაგან ანტიქრისტეისა და საცთურთაგან მისთა, რაითა განვერნეთ ყოველთა საბრხეთა სოფლისათა და წარუვალსა შუებასა მიმთხუეულნი დაუცხრომელად უგალობდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა, მამასა, ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მღდელი: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი: დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). გუაკურთხენ.  

მღდელი: ჩამოილოცავს…  

გუნდი: ამინ.

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა მოციქულისა თომაისა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ლოცუაი მთხვევნასა ზედა ხატისასა:

იესუ ქრისტესა შეუდეგ შენ წადიერებით, ყოვლად ქებულო თომა, და საღმრთოითა ბრძანებითა მიივლინე რაი შორიელთა მათ ქუეყანათა, ახარე სასუფეველი, ჯუარცუმაი ქადაგე და აღდგომაი მაცხოვრისაი, და აწ ვითარცა მოციქულსა და მოწამესა მისსა გაქუს კადნიერებაი, რაითა წყალობაი მოგუმადლოს მოშიშებითა შევრდომილთა ხატსა შენსა და დაგვიცვას მანქანებათაგან ეშმაკთაისა და ბოროტებისაგან კაცთაისა.

გაქუს რაი გამოუთქმელი სიმდიდრეი წყალობისაი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შენდა მოვივლტით და გევედრებით, ვითარცა ურცხვენელსა მეოხსა წინაშე ქრისტეის ღმრთისა მიმართ ჩუენისა, მოგვიტევოს ყოველნი შეცოდებანი ჩუენნი და დაგვიცვას ყოვლისაგან საცთურისა და ვნებისა, რაითა შენითა შუამდგომელობითა ღირს-ვიქმნეთ ხილვად და დამკვიდრებად სასუფეველისა.

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

დაუჯდომელი საგალობელი წმიდისა მოციქულისა თომა მარჩბივისა

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეიმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

კონდაკი 1

სიყუარულითა გაქებთ შენ, მარჩბივად წოდებულსა ქრისტეს მოციქულსა, და გევედრებით სასოებითა შუამდგომლობისა შენისაითა, აღგვავსე სულითა სიბრძნისაითა და გულნი ჩუენნი დაამტკიცე სარწმუნოებასა ზედა ჭეშმარიტსა, რაითა კეთილად ვმსახურებდეთ წმიდასა ეკლესიასა და ერსა, და არცაღა დავსცხრეთ გალობად შენდა: გიხაროდენ, თომა მოციქულო, კეთილითა ურწმუნოებითა შენითა სარწმუნოებასა შინა განმამტკიცებელო!

იკოსი 1

ანგელოსთაგან დაფარულისა საიდუმლოისა მეცნიერ-იქმენ, მოციქულო, განიხილე რაი მარჯუენითა წყლულებაი ქრისტეის ღმრთისაი, რომელმან ხორცნი შეისხნა და განკაცნა ხსნისათვის კაცთაისა, და მის მიერ განათლებული უშიშად ქადაგებდი რაი სახელსა მისსა ქუეყანათა მათ უცხოთა, მოიმოწაფებდი და ნათელსცემდი მრავალთა ერთა სახელითა წმიდისა სამებისაითა, ხოლო იგინი სიხარულითა გნატრიდენ და გაქებდენ შენ, ვითარცა განმანათლებელსა და მეოხსა მათსა:

გიხაროდენ, ქრისტეს მიერ საღმრთოსა სარბიელსა ზედა მოწოდებულო და მოწაფედ აღრჩეულო;

გიხაროდენ, მის მიერ უცნობელობიდან საღმრთო სიბრძნედ მიყვანებულო;

გიხაროდენ, მეკერპეთა ცრუ სჯულისა ძლევით მამხილებელო;

გიხაროდენ, ზეციერისა მამულისა გზისა მაჩვენებელო;

გიხაროდენ, ქრისტეს ვერცაღა მხილველთა რწმენად მისა მიმყვანებელო;

გიხაროდენ, საღმრთოისა სრბისა კეთილად აღმასრულებელო;

გიხაროდენ, სისხლითა წამებისაითა ბრწყინვალედ განშუენებულო;

გიხაროდენ, უმეტეს მეფეთა და ჩინებულთა ამის სოფლისათა უფლისა მიერ საუკუნოდ განდიდებულო;

გიხაროდენ, ორთავ ეკლესიასა შინა – ქუეყნიერსა და ზეციერსა განბრწყინვებულო;

გიხაროდენ, თომა მოციქულო, კეთილითა ურწმუნოებითა შენითა სარწმუნოებასა შინა განმამტკიცებელო!

კონდაკი 2

სიყრმითგან ეძიებდი რაი ჭეშმარიტებასა, ოდეს მოვიდა იესუ გალილეად, თევზთა ნადირობაი ზღვასა შინა დაუტევე, და მხურვალედ შეუდეგ ხორცითა გამოჩინებულსა ღმერთსა, და ერთგულებისათვის შენისა შეგრაცხა რაი ათთორმეტთა მათ რჩეულთა მოციქულთა თანა, ჭურეტდი მის მიერ განკურნებულთა და აღდგენილთა, და თვითცა მისითა მადლითა აღვსებული აქებდი ღმერთსა წადიერებითა: ალილუია.

იკოსი 2

იქმენ რაი მოწაფეი მაცხოვრისაი, თვითმხილველ იყავ არა ხოლო თუ ქუეყნიერთა საქმეთა მისთა და სასწაულთა, არამედ ვნებათა მისთა და ნებსით სიკუდილისა, და იყავ დიდსა მას მწუხარებასა შინა, ხოლო წარმოტყუენა რაი ჯოჯოხეთი და აღდგა მკუდრეთით მესამესა დღესა, მეყსეულად ეჩუენა მენელსაცხებლეთა დედათა, და თქუენდა წარმოგზავნა, რაითა აღდგომაი მისი გახარონ მოწაფეთა მისთა, აწ ჩუენცა დანთქმულნი ცოდვათაგან შეგვავედრე ღმერთსა, რაითა აღვივსნეთ სიბრძნითა საღმრთოითა და ბაგენი ჩუენნი აღვძრათ გალობად შენდა:

გიხაროდენ, ნერგო სიმართლისაო, გალილეასა აღმოცენებულო;

გიხაროდენ, წინაისწარმეტყუელთაგან მოლოდებულისა მაცხოვრისა მხილველო და ბადითა მისითა მონადირებულო;

გიხაროდენ, ღმრთეებრივთა ბაგეთა მისთაგან მოძღურებისა მადლისა მომღებელო;

გიხაროდენ, ყოველთა სიტყუათა მისთა მტკიცედ დამმარხველო;

გიხაროდენ, ქრისტეს მიმოსლვისა თანამოგზაურო და მისთანა პურისა განმტეხელო;

გიხაროდენ, ერთისა ლეღვისა ქუეშე მის თანა შეფარებულო;

გიხაროდენ, ოთხისა დღისა მომკუდარისა ლაზარეს თანა სერისა მხუმეველო;

გიხაროდენ, „ოსანა მაღალთა შინა ღმერთსა“ – ხმამაღლად მგალობელო;

გიხაროდენ, ქრისტეისთანა სიკუდილისათვის განმზადებულო;

გიხაროდენ, თომა მოციქულო, კეთილითა ურწმუნოებითა შენითა სარწმუნოებასა შინა განმამტკიცებელო!

კონდაკი 3

ოდეს გამოუჩნდა უფალი შიშითა ჰურიათაისა დამალულთა მოწაფეთა, შევიდა რაი ბჭეთა მათ ხშულთა, მისცა მშვიდობაი ფრიად მგლოვარეთა, და უჩუენა რაი ხელნი და გუერდიცა თვისი, მეყსეულად ჰბერა სული წმიდაი, და რქუა: `ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ, რაითა ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა იქადაგოთ სახარებაი სასუფეველისაი, და უკუეთუ მიუტევნეთ შეცოდებანი, მიეტევნეს ყოველთა~ და აღძრა ქებად და დიდებად მისა: ალილუია.

იკოსი 3

ვერა იხილე რაი მკუდრეთით აღმდგარი მაცხოვარი ზეგარდამოითა განგებულებითა, ზრახვიდი გულსა შინა: მე ხოლოი ვიპოვეა არაწმიდაი, არა ღირს ვიყავ რაი ხილვად მისა?~, და შეძრწუნებული ეტყოდი მოციქულთა:არასადა მრწმენეს, ვიდრემდე არა შევახო ხელი ჩემი წყლულებასა მისსა და დავსდვა თითი ჩემი ადგილსა სამსჭუალთასა~, გარნა ურწმუნოებაი შენი არა განკიცხულ იყო, რამეთუ საფუძველ იქმნა სარწმუნოებისა, რაითა გვრწმენეს ჩუენ ყოველთა აღდგომილი ქრისტე, და გაქებდეთ სიყუარულითა და მადლიერებითა:

გიხაროდენ, მწყურნებო ხსნისაო და ზიარო ქრისტეს მადლისაო;

გიხაროდენ, ყუავილო ღმრთისმოსავობისაო;

გიხაროდენ, ფესვო ღმრთისმეტყუელებისაო;

გიხაროდენ, შემყუარებელო სიმართლისა მზისაო;

გიხაროდენ, მსახურო განხორციელებულისა ღმრთისაო;

გიხაროდენ, თანამეინახეო მისისა უკუდავისა ტრაპეზისაო;

გიხაროდენ, ჭურო კეთილისა ზნეობისა და გონიერებისაო;

გიხაროდენ, ღირს ქმნილო ქრისტეს თანა-მზრახველობისაო;

გიხაროდენ, ღმრთივგანბრძნობილო ქადაგო ახლისა სჯულისაო;

გიხაროდენ, თომა მოციქულო, კეთილითა ურწმუნოებითა შენითა სარწმუნოებასა შინა განმამტკიცებელო!

კონდაკი 4

აღგისრულა რაი გულითადი წადილი ქრისტემან, კუალად გამოგიჩნდათ ერთად შეკრებულთა მოწაფეთა, და ვითარცა შეპყრობილსა ურწმუნოებითა, წყლულებაი გუერდისაი და სახენი სამსჭუალთანი გაჩუენა და გრქუა მარჩბივსა: მოიღე ხელი შენი და დამდევ გუერდსა ჩემსა~, და შე-რაი-ეხე წყლულებასა მისსა, სინანულითა ხმა ჰყავ:უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი~, და მისცემდი მადლსა და დიდებასა: ალილუია.

იკოსი 4

ურწმუნოებამან შვა და დაამტკიცა რაი სარწმუნოებაი, ღაღადყავ სიხარულითა დიდითა: „ჭეშმარიტად იგი არს, რომელი ჯუარსა ზედა ივნო, დაეფლა და აღსდგა ცხორებისათვის ჩუენისა და ღირს არს თაყუანისცემისა და გალობისა“, ამისთვისცა გვიყვარს, თომა, შენი ეგე ურწმუნოებაი საიდუმლოისა ამისა, რომლისა მიერ გვრწმენეს ჩუენცა იესუ ღმრთად და გევედრებით: შეგვეწიე წინაშე მისა, მოგუცეს ძლევაი ეშმაკთაი და მანქანებათა მათთაი შემსხმელთა შენთა და მაქებელთა:

გიხაროდენ, თომა, წმიდაო მოციქულო, რამეთუ შენ გეტყოდა იესუ: `მე ვარ გზაი და მე ვარ ჭეშმარიტებაი და ცხორებაი;

გიხაროდენ, რამეთუ ფრიად იხარებდი, ჭურეტდი რაი კართა ხშულთა ქრისტეს საკვირველად განვლასა;

გიხაროდენ, რამეთუ მცირედ ურწმუნო ქმნულსა გარწმუნა მან განშიშულებითა წმიდისა გუერდისაითა, რაითა გვრწმენეს ჩუენ მდიდრად;

გიხაროდენ, რამეთუ იჭვნეულითა გამოძიებითა შენითა აღმოფხვრიდი ძირსა ურწმუნოებისასა;

გიხაროდენ, რამეთუ ქრისტეის თანა იყოფვოდი ნავსა შინა ზღუასა მას ტიბერიისასა;

გიხაროდენ, რამეთუ თაყუანის-ეც წყალთა ზედა ფრხივ-მავალსა უფალსა;

გიხაროდენ, რამეთუ არა დანთქმულ იქმენ წყალთა მიერ ურწმუნოებისათა;

გიხაროდენ, რამეთუ არა წარწყმედულ იქმენ ქარიშხალთა მიერ იჭვნეულობისა;

გიხაროდენ, რამეთუ უფსკრულსა დანთქუმად განმზადებულსა გიპყრა ხელი ქრისტემან და განგიმჟღავნა საიდუმლონი ზეცისანი;

გიხაროდენ, თომა მოციქულო, კეთილითა ურწმუნოებითა შენითა სარწმუნოებასა შინა განმამტკიცებელო!

კონდაკი 5

ეჰა გამოუთქმელი სიმდაბლეი ღმრთეებისაი, განამტკიცნა რაი გული შენი სარწმუნოებითა აღდგომისა თვისისაითა, თაყუანს-სცემდი ჯუარცმულსა მას, ვითარცა ძესა ღმრთისასა, ხოლო იგი გეტყოდა: „შენ მიხილე და გრწმენა, არამედ ნეტარ იყვნენ, რომელთა არა უხილავ მე და ჰრწმენეს“, და აჰა, აწ ჩუენცა ყოვლისაგან იჭვისა თავისუფალნი შენებრ ვღაღადებთ: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი“, და დაუცხრომელად უგალობთ და ვადიდებთ: ალილუია.

იკოსი 5

აღდგომისა თვისისა ახალკვირიაკეი გაუწყათ რაი ქრისტემან მოწაფეთა თვისთა, მრავალნი სხუანიცა სასწაულნი ქმნნა, და გიბრძანათ რაი: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი“, მეერგასესა დღესა სული წმიდაი მოგივლინათ სახედ ცეცხლისა, რამეთუ ყოველთა იწყეთ სიტყუად უცხოთა ენათა, რაითა ყოველთა მიუთხრობდეთ დიდებასა ღმრთისასა, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე ძალსა მისსა, რაითა დანერგოს ჩუენ შორის სული სიწმიდისა და კაცმოყუარებისაი, და ღირს გვყოს ჯეროვნად შეწირვად გალობისა:

გიხაროდენ, მკუდრეთით აღდგომილისა იესუს ცხადად მხილველო;

გიხაროდენ, ღმრთეებრივისა ხმისა მისისა მსმენელო და მისგან ზეციერისა მშვიდობისა მიმღებელო;

გიხაროდენ, მშვიდობითა ამითა ქუეყნიერებისა კიდეთა დამამშვიდებელო;

გიხაროდენ, დიდებითა ზეცად აღმაღლებისა მისისა მჭურეტელო;

გიხაროდენ, ქრისტეს მიერ აღთქმულისა სულისა წმიდისა მადლითა აღვსებულო და განათლებულო;

გიხაროდენ, მის მიერ დიდად პატივდებულო და სამკალისა მუშაკად მოწოდებულო;

გიხაროდენ, ვენახსა მისსა კეთილად დამაშურალო და ასწილისა ნაყოფისა გამომღებელო;

გიხაროდენ, წყაროო, მადლისა მდინარეთა წარმომადინებელო;

გიხაროდენ, სულისა წმიდისა ნიჭთა სიმრავლისაგან წყურიელთა სულთა დამარწყულებელო;

გიხაროდენ, თომა მოციქულო, კეთილითა ურწმუნოებითა შენითა სარწმუნოებასა შინა განმამტკიცებელო!

კონდაკი 6

სარწმუნოებამან ქრისტეს აღდგომისამან განგამტკიცნათ რაი მოციქულნი განათლებად ყოველთა წარმართთა, წილად გხვდა მოქცევაი ჰინდოთაი, და იჭვნეულ იყავ რაი სიძნელისათვის ველურთა ერთა მოქცევისა, არა გენება წარსლვაი, გარნა ხილვასა შინა გეჩვენა უფალი, და მარადის შენთანა ყოფაი აღგითქუა, აწ ჩუენცა ვესავთ ოხითა შენითა შეწევნასა მისსა, რაითა კეთილად განვვლოთ ცხორებაი ჩუენი, და არცაღა დავსცხრეთ გალობად ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 6

ჟამსა მას მეფესა ჰინდოთასა ეწადა რაი აღშენებაი დიდებულისა სასახლისაი, პალესტინეს წარმოგზავნა ავან დიდვაჭარი პოვნად ხუროთმოძღვრისა, და ძიებასა მას შეგემთხვია რაი, მოციქულო, აღუთქვი აღსრულებაი სამეფოისა ბრძანებისაი, და  მრავალთა განსაცდელთა მიერ მიიწიეთ რაი ქუეყანასა მას, წარგადგინა წინაშე მეფისა, ხოლო მან მოგანიჭა საფასეი დიდი, და ნაცულად პალატთა შენებისა, ოქროი იგი განუყავ უპოვართა, და ყოველთა უქადაგებდი ქრისტესა, აწ ჩუენცა შეგვავედრე კაცთმოყუარებასა მისსა, რაითა მოგვცეს სიბრძნეი ღირსად შენდამი გალობისაი:

გიხაროდენ, ახოვანო მოგზაურო, ფერხთა შენთა სახარებისა საქადაგებელად წარმმართველო;

გიხაროდენ, მწყემსო კეთილო, ცხოვართა შეცთომილთა მეძიებელო;

გიხაროდენ, მოძღუარო მრავალნაყოფიერო, მგელთა მტაცებელთა მამხილებელო;

გიხაროდენ, ჰინდოეთსა სლვისასა წარმართთათვის სიმართლისა მაუწყებელო;

გიხაროდენ, კერპთაყვანისმცემელთა ერთა ქრისტეს ნათლისა მიმართ მომწოდებელო;

გიხაროდენ, ცნობასა სულიერსა საღმრთოსა ურიცხუთა სულთა მიმყუანებელო;

გიხაროდენ, დაცემულთა აღმადგინებელო და განწირულთა მსწრაფლ-შემწეო;

გიხაროდენ, ჭირვეულთა და ძვირ-ხილულთა ხელის-აღმპყრობელო;

გიხაროდენ, ქურივ-ობოლთა გამომზრდელო და მწუხარეთა ნუგეშინის-მცემელო;

გიხაროდენ, თომა მოციქულო, კეთილითა ურწმუნოებითა შენითა სარწმუნოებასა შინა განმამტკიცებელო!

კონდაკი 7

წარმოგზავნა რაი მეფემან მსახურნი თვისნი და გკითხვიდა შენებისათვის სასახლისა, აღუთქვი მისი მსწრაფლ დასრულებაი, სანატრელო, და უხუად გიბოძა რაი საფასეი შესამკობელად მისა, კუალად განუყოფდი ქვრივ-ობოლთა, და მოაქცევდი მრავალთა, გარნა აუწყეს მეფესა შენ მიერ ქადაგებაი ახლისა ღმრთისაი, და წარმოგზავნა რაი მხედარნი შეპყრობად შენდა, უშიშად წარყვებოდი, ახოვანო, და სლვასა მას შინა ადიდებდი ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 7

გულისწყრომითა გკითხვიდა რაი მეფეი გუნდაფორი აღშენებისათვის სასახლისა, აუწყე საფასითა მით სამეუფოთა პალატთა აღგებაი ცათა შინა, და ახარებდი: „გარდახვალ რაი საწუთოითგან, საუკუნოდ დამკვიდრდები და იშუებ მას შინა“, გარნა ვერა გულისხმაყო სიტყუანი შენნი და შთაგაგდო რაი დილეგსა, ქრისტესა ღმერთსა სასოებდი და ნუგეშინისცემდი ვაჭარსა მას, შენთანა პყრობილსა, აწ ჩუენცა გვიოხე წინაშე ღმრთისა, რაითა განგვარინოს ყოვლისაგან ბოროტისა, და აღგვძრას შეწირვად შენდა გალობისა და ქებისა:

გიხაროდენ, ქრისტეს სახელის სადიდებელად განმამრავლებელო მრავალსახეთა სასწაულთა და სათნოებათაო;

გიხაროდენ, მისთვის ახოვნად თავსმდებელო ურიცხუთა ღუაწლთა და განსაცდელთაო;

გიხაროდენ, სასოებითა მისითა განმანათლებელო მრავალთაო;

გიხაროდენ, ჭეშმარიტსა სარწმუნოებასა ზედა დამამყარებელო ურწმუნოთაო;

გიხაროდენ, მორწმუნეთაგან განმდევნელო სულიერთა ვნებათაო;

გიხაროდენ, განმამრთელებელო უღმრთოებითა მოწყლულთაო;

გიხაროდენ, ლოცვითა აღმხოცველო კერპთა და ბომონთაო;

გიხაროდენ, უფლისა მიმართ მიმყვანებელო კერპთმსახურთაო;

გიხაროდენ, თანამოღუაწეო და შემწეო შეცთომილთაო;

გიხაროდენ, თომა მოციქულო, კეთილითა ურწმუნოებითა შენითა სარწმუნოებასა შინა განმამტკიცებელო!

კონდაკი 8

სათნო იყო რაი ქრისტემან ხსნაი შენი, წმიდაო, მეყსეულად მოკუდა ძმაი მეფისაი, და ანგელოზმან აღიტაცა რაი ცათა შინა, აჩვენა შენ მიერ აღშენებული სასახლეი ძმისა თვისისაი, და უკუნ-აქციეს რაი სული მისი ხორცსა, აღდგა, ვითარცა ძილისაგან და უშუენიერესთა პალატთა ქონაი საუკუნოსა მას ცხორებასა ახარა რაი მეფესა, შევრდომითა გევედრებოდა მიტევებასა ბრალისასა, და აქებდა ღმერთსა, წმიდათა შორის სანატრელსა: ალილუია.

იკოსი 8

ჰოი, საკვირეველი შეწევნაი ღმრთისაი ნებისმყოფელსა მისსა, რამეთუ ორნივე ეგე ძმანი სიხარულითა შეიტკბობდენ რაი ქრისტეს მოძღურებასა, ნათელ-სცემდი მათ ერთა თანა, და ასწავებდი თაყუანისცემასა ყოვლადწმიდისა სამებისასა, აწ ჩუენთვისცა ევედრე მას, განგვიმრავლოს კეთილმსახურნი მთავარნი და განმგებელნი, რაითა სიწრფოებითა ზრუნვიდენ ერისა ჩუენისათვის და ჰნატრიდენ საქმეთა შენთა:

გიხაროდენ, იესუს ძედ ღმრთისად და ძედ კაცისად ყოველთათვის მაუწყებელო;

გიხაროდენ, უცნობელთა მისთა ღმრთისმეცნიერებად მიმყვანებელო;

გიხაროდენ, ბრძენთა და კეთილად მხედველთა აღმამაღლებელო;

გიხაროდენ, სარწმუნოებისაგან განდრეკილთა შემრისხველო;

გიხაროდენ, კეთილმორწმუნეთა მაკურთხეველო და მწყალობელო;

გიხაროდენ, ეკალთა უსჯულოებისათა აღმომფხურელო და ჭეშმარიტებისა იფქლისა დამთესველო;

გიხაროდენ, სულთა წარმწყმედელთა საქმეთა აღმხოცველო;

გიხაროდენ, მეფისათვის ზეციერისა პალატისა აღმგებელო;

გიხაროდენ, ძალითა ღმრთისაითა მრავალთა სასწაულთა და კურნებათა აღმასრულებელო;

გიხაროდენ, თომა მოციქულო, კეთილითა ურწმუნოებითა შენითა სარწმუნოებასა შინა განმამტკიცებელო!

კონდაკი 9

ოდეს ანგელოზთა აღიტაცნეს მოციქულნი და ღრუბლითა მიიწინეს იერუსალეიმად მიძინებასა ყოვლადწმიდისა დედისასა, ჰოი, საკვირველი განგებულებაი ძისა მისისაი, რამეთუ დაყოვნებულ იქმენ ჰინდოეთსა, და მიიწიე რაი გეთსამანიასა შემდგომ დაკრძალვისა,  იყავ დიდსა მას მწუხარებასა შინა და ფრიად გეწადა ხილვაი ყოვლადწმიდისა დედისაი, აწ ჩუენცა შეგვეწიე წინაშე მისა, რაითა სარწმუნოებასა შინა განგვამტკიცოს წილხვედრნი თვისნი და აღგვძრას ქებად და გალობად ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 9

გესმა რაი გალობაი იგი ზეცისა ძალთაი ძრვასა მას ქუეყანისასა, გულისხმა-ყავ, ვითარმედ ჟამი იგი მსგავს იყო ქრისტეს საფლავით აღდგომისა, ურწმუნო ქმნულსა გარწმუნა რაი განშიშულებითა წმიდისა გუერდისაითა, და ითხოვე განღებაი ღმრთისმშობლის სამარისაი, გარნა ვერცაღა პოვეს წმიდაი გუამი ქრისტეს ყოვლადწმიდისა დედისაი მოციქულთა, და ცრემლთა წილ აღივსენ სიხარულითა, რამეთუ მიზეზითა შენითა განცხადნა ზეცად აღყვანებაი მისი ძისა მიერ მისისა, და გნატრიდენ სურვილითა:

გიხაროდენ, მჭურეტელო საღმრთოისა განგებულებისა საიდუმლოისაო;

გიხაროდენ, მრავალთა განმსწავლელო სჯულსა შინა ჭეშმარიტსაო;

გიხაროდენ, ბნელსა შინა მსხდომარეთა აღმომწოდებელო ნათლისა მიმართ ცხორებისაო;

გიხაროდენ, მრავალსა ქუეყანასა განმავრცობელო ქრისტეს ეკლესიისაო;

გიხაროდენ, გეთსამანიასა ღრუბლითა მიწევნულო დატირებად ღმრთისმშობლისაო;

გიხაროდენ, საფლავისაგან მისისა გარდამგორვებელო ქვისაო;

გიხაროდენ, კაცთათვის განმმხელელო დიდისა სახარულისაო;

გიხაროდენ, მათთვის მახარებელო ღმრთისმშობლის აღდგომისაო;

გიხაროდენ, მსწრაფლ განმამრთელებელო ხორცთა და სულთა უძლურებისაო;

გიხაროდენ, თომა მოციქულო, კეთილითა ურწმუნოებითა შენითა სარწმუნოებასა შინა განმამტკიცებელო!

კონდაკი 10

საღმრთოსა სიბრძნესა შინა განსწავლული ქრისტეს მოციქულად მოევლინე რაი პალესტინესა და შუამდინარეთსა, ურწმუნოებისა ბნელსა შინა დანთქმულთა განუცხადებდი სახარებისა მხსნელსა ნათელსა, და ძალითა ღმრთისაითა აღასრულებდი რაი ნიშ-სასწაულთა და კურნებათა, აღუშენე ეკლესიანი მადლითა საღმრთოითა, და მღდელთა ერთა თანა ასწავებდი სამებისა ერთღმრთეებისა დიდებასა: ალილუია.

იკოსი 10

საღმრთოითა მოშურნეობითა აღვსილი უკუ-იქეც რაი ჰინდოეთსა, მრავალნი მოაქციენ ქალაქსა მელიაპორსა, და განხურდა რაი მოგვი ვინმე შურითა საეშმაკოითა, ცილი დაგწამა მოკვლასა შინა ძისა თვისისასა, ხოლო შენ ქრისტეს სახელითა უბრძანე განცხადებაი მკულელისაი ცხედარსა, და ვითარცა ცოცხალმან ხმა-ყო და მკულელად სახელ-სდვა რაი მამასა თვისსა, მხილველთა ამისა ქრისტე აღიარეს ღმრთად ჭეშმარიტად, რომელმანცა ესევითარი მადლი მოგანიჭა მსახურსა თვისსა, და სასოებითა მისითა აღვსილნი გაქებდენ სარწმუნოებითა:

გიხაროდენ, ვარსკულავო ნათელმფენო, სიმართლისა მზისა – ქრისტეის მიმართ მრავალთა წარმმართველო;

გიხაროდენ, ბრწყინვალებითა სულისა შენისაითა უღმრთოებისა წყუდიადისა განმფანტველო;

გიხაროდენ, საღმრთოითა ძალითა ურწმუნოთა ცილისწამებისა განმაქარვებელო;

გიხაროდენ, საცთურითა დაბნელებულთა პართთა და მიდიელთა განმანათლებელო;

გიხაროდენ, გირკანელთა ქრისტეს სჯულსა შინა განმსწავლელო;

გიხაროდენ, ჭეშმარიტებისა პურითა ბაქტრიელთა და ბრაჰმანთა გამომზრდელო;

გიხაროდენ, მგელთა მტაცებელთა კეთილად გარდამცვლელო;

გიხაროდენ, ქრისტეს სახელისა სადიდებელად მოგვთა გრძნებისა დამარღვეველო;

გიხაროდენ, ბოროტმზრახვალთა პირთა დამხშველო და სივერაგისა მათისა დამხსნელო;

გიხაროდენ, თომა მოციქულო, კეთილითა ურწმუნოებითა შენითა სარწმუნოებასა შინა განმამტკიცებელო!

კონდაკი 11

ვითარცა მოციქულმან ქრისტეისმან წმიდაი და დიდებული სახელი მისი უკანაისკნელ ჰქადაგე რაი ქალაქსა კალამინსა, მოაქციე არა ხოლო თუ საყვარელი ძეი და ცოლი მეფისა მუზდისაი, არამედ დიდებულნი და მსახურნი მისნი და წარგადგინეს რაი წინაშე მისა, ამაოდ გაიძულებდა უარყოფასა ღმრთისა შენისასა, რამეთუ პირველ გტანჯა განხურებულითა რვალითა, და მერე შთაგაგდო რაი მოტყინარესა მას ღუმელსა, ზეგარდამოითა მადლითა შეცურეული უვნებელად ჰგიებდი და ადიდებდი ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 11

ქრისტემან არცხვინა რაი სიმხეცესა მას მძლავრისასა, არა გულისხმა-ყო მან ნიში ეგე საღმრთოი, და გაიძულებდა თაყუანისცემასა მზის კერპისასა, გარნა ვითარცა ცვილი მსწრაფლ დადნა რაი ლოცვითა შენითა, მორწმუნენი იხარებდენ, ხოლო წარმართნი ევედრებოდენ რაი მეფესა მოკუდინებასა შენსა, ვითარცა „ღმრთეებისა“ მათისა აღმხოცველსა, შეძრწუნდა უსჯულოი იგი, და მოკლვაი შენი უბრძანა მხედართა, ამისთვისცა სამართლად პატივს გცემთ და ვღაღადებთ წადიერად:

გიხაროდენ, ღმრთისა სიტყვისა, ვითარცა თესლისა კეთილისა დამთესველო;

გიხაროდენ, ცრუ-მორწმუნეობისა საცთურისა დამშრეტელო;

გიხროდენ, ძალითა ჯუარისაითა ეშმაკის სიბოროტისა დამხსნელო;

გიხაროდენ, ქრისტეს მსახურებისათვის ზღუათა შინა და ქუეყანასა ზედა მრავალთა განსაცდელთა დამთმენელო;

გიხაროდენ, ლამპარო აღგზებულო, გონიერთა განმანათლებელო და უგუნურთა დამწველო;

გიხაროდენ, სიმდაბლითა და ლმობიერებითა შენითა ველურთა კაცთა ულმობელობისა მომდრეკელო;

გიხაროდენ, ურჩთა და ბრალეულთა სინანულად მომყვანებელო;

გიხაროდენ, კერპოვანებისა სიბნელითა გონებადაბნელებულთა ღმრთისა მიმართ მომაქცეველო;

გიხაროდენ, ჩუენ მიერ სამართლად პატივისცემულო და მარადის ხსენებულო;

გიხაროდენ, თომა მოციქულო, კეთილითა ურწმუნოებითა შენითა სარწმუნოებასა შინა განმამტკიცებელო!

კონდაკი 12

განგიყვანეს რაი გარე ქალაქისა მხედართა, მორწმუნენი ტირილითა შეუდგენ კუალსა შენსა, ნეტარო, და ითხოვე რაი ჟამი აღსრულებისათვის ლოცვისა, ხელი დაასხი ხუცად სიფორსა და მეფისწულსა აზანსა დიაკონად, და ანდერძად დაუდე განმრავლებაი მორწმუნეთაი, ხოლო განგგმირეს რაი მტარვალთა ხუთითა ლახუარითა, სასოებითა შეჰვედრე წმიდაი სული თვისი უფალსა, და მოციქულთა და მარტვილთა თანა დაგამკვირა რაი სასუფეველსა შინა, მრავალმოღუაწეი გუამი შენი დაკრძალეს მოწაფეთა შენთა პატივითა, და დაუწყვედელად აღმოაცენებდი კურნებსა და მრავალთა აღძრვიდი დიდებად ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 12

სიხარულითა აღივსების აწ დიდებული სიონი, რამეთუ დავანებულ არს კანკელსა მისსა წმიდაი და პატიოსანი თავი შენი – სასოდ და შესავედრებელად ერისა ჩუენისა, და მღდელთმთავარნი და მღდელნი მორწმუნეთა თანა წლითი-წლად აღასრულებენ რაი დღესასწაულსა შენსა, საფარველითა თვისითა იცავ ყოველთა შენდა შევედრებულთა, და მიჰმადლებ უხვსა საბოძვარსა წყაროისაგან ულევისა მადლისა, აწ ჩუენცა მოვისწრაფვით მიმთხვევად სიწმიდისა მის შენისა, და გიგალობთ ძალისაებრ ჩუენისა:

გიხაროდენ, ქრისტეს სიყუარულისათვის სისხლისა დამთხეველო და სასუფეველსა მისსა დამკვიდრებულო;

გიხაროდენ, შემდგომად სიკუდილისაცა მრავალთა სულთა ქრისტეს მიმართ მიმყვანებელო;

გიხაროდენ, მტარვალისა მის მეფისა მუზდისა ჭეშმარიტსა სარწმუნოებასა ზედა მომაქცეველო, რამეთუ ძისა მისისაგან მეყსა შინა განვიდა სული უკეთური ნაწილთა შენთა შეხებითა:

გიხაროდენ, სუეტო სარწმუნოებისაო, რამეთუ დიდად პატივსა სცემდა სამარხოსა შენსა მეფეი იგი და აღაგო რაი ტაძარი მას ზედა, მხარეი იგი ჰინდოთაი, ვიდრე აქამომდე წოდებულ არს ქუეყანად „წმიდისა თომაისა“;

გიხაროდენ,  მნათობო ქრისტეს ეკლესიისაო, რამეთუ წმინდანი ნაწილნი შენნი პირველ წარიხუნეს რაი შუამდინარესა, მერმე დაიუნჯეს ვითარცა იტალიამან და საბერძნეთმან, ეგრეთცა ათონმან, ივერიამან და უნგრეთმან;

გიხაროდენ, რამეთუ იხარებს დედა-ქალაქი ჩუენი დავანებისათვის წმიდისა თავისა შენისა სიონისა ეკლესიასა შინა;

გიხაროდენ, რამეთუ იქადის გელათი მწიაღებელი წმიდათა ნაწილთა შენთა;

გიხაროდენ, რამეთუ უკუეთუ ვინმე ლოცვითა მიეახლება სიწმიდეთა მათ შენთა, იხსნი მათ ყოვლისაგან ბოროტისა;

გიხაროდენ, რამეთუ ერისა ჩუენისა მფარველთა მოციქულთა თანა განგადიდებთ;

გიხაროდენ, თომა მოციქულო, კეთილითა ურწმუნოებითა შენითა სარწმუნოებასა შინა განმამტკიცებელო!

კონდაკი 13

ჰოი, კეთილად ღმრთისმეტყველო თომა მოციქულო, რომელმან მოვლე ყოველი სოფელი და საცთური კერპთაი, ვითარცა ნასხლევი დასწვენ ქრისტეს მოძღურებითა, აწ ჩუენცა აღგძრავთ მეოხებად მისა მიმართ, ურიცხუთა მტერთა და განმხრწნელთა საცთურთაგან გარე-შეცულნი დაგვიცვას ყოვლისაგან ბოროტისა, რაითა სიწმიდითა და ღირსებითა განვვლოთ ჟამი ცხორებისა ჩუენისაი, ვიდრემდის არა მივიწივნეთ ნეტართა მათ სავანეთა ზეცისათა და შენ თანა ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა: ალილუია.

ეს კონდაკი 3-გზის, შემდეგ იკოსი 1 და კონდაკი 1

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, დიდებით შუენიერო, მოციქულო და მოწამეო ქრისტეის ღმრთისაო, მახარებელო მშვიდობისაო და ქადაგო ყოვლად-წმიდისა სამებისაო; წყაროო მოწყალებისაო და შესავედრებელო ყოვლისა სოფლისაო, უხილავო ზედამდგომელო სიწმიდისაო, და ურწმუნოთათვის მომმადლებელო სარწმუნოებისაო; ჭეშმარიტო წინამძღუარო ცხორებისა ჩუენისაო და უძლეველო ზესთამბრძოლო ყოვლისა საქრისტეანოისაო!

ჰოი, ღუაწლით-შემოსილო წმიდაო მოციქულო თომა, ვერა იხილე რაი მკუდრეთით აღმდგარი მაცხოვარი ზეგარდამოითა დაშვებითა, ურწმუნო ქმნულსა გარწმუნა განშიშულებითა წმიდისა გუერდისაითა, და სხუათა მათ მოციქულთა თანა წარგავლინა რაი ქადაგებად სასუფეველისა, მოვლე ყოველი სოფელი, და ნათელი მისი განფინე რაი ჰინდოეთსა, სიბნელეი მკვიდრთა მისთა განაბრწყინვე, დიდებულო, და ძედ ნათლისა და დღისა გამოაჩინენ სულითა, აწ ჩუენცა გევედრებით მეოხებასა წინაშე ღმრთისა, განაქარვოს რისხვაი აღდგომილი ჩუენ ზედა, სიმრავლისაგან ცოდვათა ჩუენთასა, და აღაგზოს გულსა შინა ჩუენსა საღმრთოი ცეცხლი მოშურნეობისაი, რაითა ერთობითა ვჰბრძოდეთ ყოველთა წინააღმდგომთა მისთა, და ვიყოთ ერთ სამწყსოი და უფალი იყოს მწყემს ჩუენდა.  მრავალ-შემძლებელითა ძალითა შენითა დაიფარე და განაძლიერე მსახურებასა შინა დიდი მეუფეი ჩუენი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.

ჰოი, ყოველთა ქრისტეანეთა საქებელო, და შესავედრებელო ჩუენო, წმიდაო თომა მარჩბივო, გამოგირჩია რაი კაცთა ცხოვნებად მოსრულმან ღმერთმან მოწაფედ თვისად და მოციქულად, მოგცა ხელმწიფებაი სნეულთა კურნებისაი, კეთროვანთა განწმედისაი, მკუდართა აღდგინებისაი და ეშმაკთა განდევნისაი, და აჰა, აწ წინაშე საყდარსა მისსა მდგომარემან შეიწირე ვედრებანი ჩუენნი და შეგვაწყნარე სახიერებასა მისსა, რაითა დაგვიფაროს სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, რღუნისა, ცეცხლისა, მახვილისა, ხდომათაგან მტერთაისა, ძმათამკულელთა ბრძოლათაგან, მძლავრებისაგან ანტიქრისტეისა და საცთურთაგან მისთა, რაითა განვერნეთ ყოველთა საბრხეთა სოფლისათა და წარუვალსა შუებასა მიმთხუეულნი დაუცხრომელად უგალობდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა, მამასა, ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ, შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისაისა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა თომა მოციქულისა და ყოველთა წმიდათა შენთაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

Categories
წმინდანთა ცხოვრება

18 ოქტომბერი. ღირსი გრიგოლ ხანძთელი, კლარჯეთის სავანეთა აღმაშენებელი და არქიმანდრიტი (+861)

ღირსი გრიგოლ ხანძთელი

წმიდა გრიგოლ ხანძთელი დაიბადა დაახლოებით 759 წელს, იგი დიდგვაროვანთა წრიდან იყო. ნერსე ერისთავის კარზე იზრდებოდა და „საშოჲთგანვე დედისაჲთ შეწირულ იყო ღმრთისა დედისაგან თჳსისა“.

ღვთისაგან გამორჩეული ყრმის „გულისხმიერობაჲ სწავლისაჲ განსაკვირვებელი იყო ფრიად, რამეთუ მსწრაფლ ხოლო დაისწავლა დავითნი და ჴმითა სასწავლელი სწავლაჲ საეკლესიოჲ, სამოძღუროჲ ქართულსა ენასა შინა ყოველი დაისწავლა და მწიგნობრობაჲცა ისწავლა მრავალთა ენათა და საღმრთონი წიგნნი ზეპირით მოიწვართნა“.

აღმზრდელებმა და მშობლებმა ნეტარი გრიგოლის მღვდლად კურთხევა ინებეს. გრიგოლს მღვდლობის სურვილი ჰქონდა, მაგრამ უდიდეს მოვალეობასაც გრძნობდა და უარი შეჰკადრა ერისმთავარს და მშობლებს: „აწ პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინისო“. ახლობლებმა მაინც დაითანხმეს: „მორჩილ იქმენ ბრძანებასა ქრისტესსა და ჰმონე მას მღვდლობითა, რომელმან ივნო ჩუენთჳს, მღვდელმან მან საუკუნემან და ჩუენ ყოველნი გუაცხოვნა“.

სამღვდელო ხელდასხმის დროს უძლურთა მკურნალმა და ნაკლოვანებათა აღმვდებელმა საღვთო მადლმა უფრო საცნაურ-ჰყო წმიდა გრიგოლის პიროვნება, ერი იხარებდა, „რაჟამს წმიდითა ხელითა მისითა ღირს იქმნნეს მიღებად ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა“.

შემდგომ ეპისკოპოსად კურთხევაც დაუპირეს გრიგოლს, ამან კი ძალზე შეაკრთო მოძღვარი, იგრძნო „თავი თჳსი ჴორციელად დიდებასა შინა“ და სასწრაფოდ განერიდა ახლობელთა სურვილს, დატოვა დროებითი, „შეცვალებადი პატივი ქუეყანისა, მოკუდავთა კაცთა სუფევისაჲ, მოჰრიდა ჟამიერთა და ნივთიერთა ბუნებათა, რაჲთა უჟამოჲ იგი ნათელი უძღოდის უცვალებელსა დიდებასა სასუფეველსა ცათასა“.

გრიგოლმა თან წაიყვანა სამი თანამოსაგრე: დედის დისწული – საბა იშხნელი, თეოდორე ნეძვის მაშენებელი და ქრისტეფორე კვირიკეთის მაშენებელი. ესე ოთხნი ძმანი სარწმუნოებითა და საღმრთო სიყვარულით იყვნენ „ერთზრახვად შეკრულნი, ვითარცა სული ერთი, ოთხთა გუამთა შინა დამტკიცებული“.

ძმები ქართლიდან მესხეთს ჩავიდნენ, მივიდნენ კლარჯეთს, ოპიზის წმიდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერში და ორი წელი იღვაწეს იქაურ მოძღვარ ამბა გიორგისთან.

გრიგოლმა იცოდა კლარჯეთის უდაბნოში მცხოვრები განდეგილი ბერების მოღვაწეობის შესახებ და მათგან სწავლობდა ლოცვასა და მარხვას, სიმდაბლესა და სიყვარულს, სიმშვიდეს, უპოვარებას, მღვიძარებას და მდუმარებას.

ამ დროს მურვან-ყრუსაგან მოოხრებული კლარჯეთი გაუდაბურებული იყო. არაბთა რისხვას განრიდებული წმიდა აშოტ კურაპალატი (ხს. 29 იანვარს) ქართლიდან კლარჯეთს ჩავიდა, წმიდა მეფის, ვახტანგ გორგასლის (ხს. 30 ნოემბერს) მიერ აშენებული არტანუჯი სატახტო ქალაქად გამოაცხადა და დაიწყო ძალთა შეკრება საქართველოს გაერთიანებისათვის.

ოპიზაში ორწლიანი მოღვაწეობის შემდეგ ღირსი გრიგოლი ხანძთელ მეუდაბნოეს, მართალ და წმიდა ბერს, ხუედიოსს ეწვია. ხუედიოსს ადრევე გამოუცხადა ღმერთმა, რომ ამ ადგილას მონასტერი აშენდება და „ჴელითა გრიგოლ მღვდელისა, კაცისა ღმრთისაჲთა და სულნელებაჲ ლოცვათა მისთაჲ და მოწაფეთა მისთაჲ, ვითარცა კეთილი საკუმეველი, აღიწეოდის წინაშე ღმრთისა“. ბერმა ღირს მამა ხანძთის სანახები დაათვალიერებინა. გრიგოლს ძალზე მოეწონა იქაურობა და ძმებთან ერთად დაიწყო მონასტრის მშენებლობა. ბერებს უმძიმეს პირობებში უწევდათ მუშაობა, რადგან უდაბნო მთა-გორიანი იყო, ნიადაგი – კლდოვანი, მათი კი სამუშაო იარაღებიც არ ჰქონდათ.

ხანძთის მახლობლად ცხოვრობდა სიმდიდრით, სიბრძნით და ახოვნებით შემკული აზნაური გაბრიელ დაფანჩული. გრიგოლმა დახმარებისთვის მიმართა მას. გაბრიელმა სიხარულით მისცა წმიდა მამას ყველაფერი ქვითკირის ეკლესიის ასაშენებლად და კირითხურონიც დაახმარა. ასე აშენდა ხანძთის ძველი ეკლესია.

გაბრიელ დაფანჩულმა მეფე აშოტ კურაპალატს წარუდგინა გრიგოლ ხანძთელი. პატივითა და სიყვარულით შეიტკბეს ერთმანეთი წმიდა მეფემ და წმიდა მამამ. აშოტმა „შეწირა ადგილნი კეთილნი და შატბედრისა ადგილი აგარაკად ხანძთისა. მაშინ სამთა მათ დიდებულთა ძეთა კურაპალატისათა – ადარნერსე, ბაგრატ და გუარამ – შეწირეს თითოეულად, რაჲცა საჴმარი მონასტერსა მისსა უჴმდა, ყოველი უხუებით“. არაბთა ბატონობისაგან სისხლდაწრეტილ და სასომიხდილ საქართველოში კლარჯეთის უდაბნო იყო სიცოცხლის მომნიჭებელი ოაზისი. აქ თავი მოიყარეს ერის საუკეთესო შვილებმა, საღვთო მადლით აღვსებულმა მამებმა.

ღვთივსათნო ცხოვრებისა და მოშურნეობისათვის კლარჯელ მეუდაბნოე მამებს უფლისაგან სასწაულთქმედების ნიჭი ჰქონდათ მიმადლებული. ისინი იყვნენ „ღირსნი და სასწაულთმოქმედნი, მოთმინებისა სუეტნი, შეურყეველნი, ვითარცა განმტკიცებულნი დაუცემლად სუეტნი ცათანი“.

გრიგოლმა საბა იშხნელთან ერთად კონსტანტინოპოლის წმიდა ადგილები მოილოცა. იქიდან დაბრუნებულებმა ტაოში წმიდა მოწამის აშოტ კურაპატალის მკვლელობის ამბავი შეიტყვეს. „მაშინ ტკივილისა ცრემლითა აღივსნეს ღმრთის-მსახურისა მის ჴელმწიფისა დაცემისათჳს და ტირილითა სავანენი ულოცვიდეს მიცვალებულსა მას მეფესა“. გზად მიმავალ გრიგოლს და საბას ღვთისგან ეუწყათ კაცთაგან მიუვალ ადგილას მდებარე დანგრეული იშხნის ეკლესიისკენ მიმავალი გზა, აგრეთვე ის, რომ ეს ეკლესია საბას ხელით განახლდებოდა. გახარებულ საბას არ უნდოდა ხანძთას დაბრუნება, მაგრამ გრიგოლის თხოვნით მცირედ ხანს დარჩა სულიერ მამასთან, შემდეგ კი ორ ძმასთან ერთად იშხანს წავიდა ეკლესიის აღსადგენად.

ნეტარმა გრიგოლმა „განაწესა წესი თჳსისა ეკლესიისაჲ და მონასტრისაჲ, სიბრძნით განსაზღვრებული და მეცნიერებით განბრწყინვებული და ყოველთაგან წმიდათა ადგილთა გამორჩევით შეკრებული, ვითარცა საფასე დაულევნელთა კეთილთაჲ“.

მონასტრის ტიპიკონი მკაცრი იყო. მამა გრიგოლი „უდებთაგანს არ შეიწყნარებდა“. ძმების ქონებას შეადგენდა მცირე სარეცელი, შეურაცხი საგებელი და თითო სარწყული წყლისათვის. ბევრი მათგანი საერთოდ არ სვამდა ღვინოს, სხვანი კი მცირედს იხმევდნენ. სენაკებში ცეცხლს და სანთელს არ ანთებდნენ. თავად გრიგოლის სათნოებანი მხოლოდ უფალმა უწყოდა.

გრიგოლი უდიდესი ავტორიტეტი იყო არა მარტო კლარჯეთის უდაბნოს მამებისათვის, არამედ სრულიად ქართლისათვის. მირიან აზნაურის მძლავრებით ეპისკოპოსთა მცირე კრებამ ქართლის კათოლიკოსად დაადგინა მისი ვაჟი, წმიდა გრიგოლ ხანძთელის აღზრდილი და სულიერი შვილი არსენი (ხს. 25 სექტმბერს). სჯულის-კანონის ასეთმა უხეშმა დარღვევამ სამღვდელოებისა და ერისკაცთა გულისწყრომა გამოიწვია. გუარამ მამფალის ხელმძღვანელობით ჯავახეთში საეკლესიო კრება ჩატარდა, რომელსაც არსენი უნდა გადაეყენებინა. საეკლესიო სამართალი გუარამისა და იმ ეპისკოპოსთა მხარეს იყო. ნეტარი გრიგოლის მოსვლამდე სიტყვის თქმა ვერავინ გაბედა. ერუშნელმა ეპისკოპოსმა თქვა: „ოდეს მოვიდეს ვარსკვლავი უდაბნოთაჲ, მაშინ წარემართოს საქმე და განზრახვაჲ ყოველთაჲ“.

კრებაზე გამოცხადებული გრიგოლი საკვირველი სანახავი იყო: „სამოსელი იგი შეურაცხი, რომელ ემოსა მოხუცებულსა მას, ესრეთ ჩანდა, ვითარცა სამოსელი ნათლისა ბრწყინვალისა განუცდელისაჲ, ხოლო თავსა მისსა კუკული იხილვებოდა, ვითარცა გვირგვინი სამეუფოჲ“. მამები მიხვდნენ, რომ მისი სიტყვა ღვთივგამოცხადებული იქნებოდა და მართლაც, როცა წმიდა გრიგოლმა თქვა, რომ „ღმერთსა ებრძანა კათალიკოზობაჲ არსენისი სისრულისა მისისათჳს“, – უდრტვინველად მიიღეს მისი ნაბრძანები.

ღირსი გრიგოლის მადლმოსილი მოღვაწეობა დასავლეთ საქართველოსაც მისწვდა. ღირსმა მამამ მოიარა მთელი აფხაზეთი, თავისი მადლიანი სწავლებითა და ქადაგებით გაათბო იქაური ქრისტიანები, შემდეგომ კი იმერ-ამერის საზღვარზე ააშენა უბისის მონასტერი.

უფალი მრავალ სასწაულს ახდენდა ღირსი გრიგოლის ხელით. ერთხელ დეკანოზმა მნათეს უთხრა: „წადი მამა გრიგოლთან, გაიგე, სძინავს თუ ღვიძავს, ცისკრის ჟამიაო“. მნათე მივიდა გრიგოლის კელიასთან და ნახა, რომ სენაკიდან ნათელი გამოდიოდა. მან იცოდა, რომ ღირსი მამა არც ცეცხლს, არც კანდელს არ ანთებდა სენაკში და შეეშინდა, ეგონა ხანძარი იყო გაჩენილი, დეკანოზმა მნათე დაამშვიდა: „ნუ გეშინინ! არა არს იგი ცეცხლი შემწველი, გარნა სული ღმრთისა განმანათლებელი“, – მას ბევრჯერ ეხილა ეს დიდებული ხილვა. მართლაც, ხელაპყრობით ლოცვად დამდგარი წმიდანი მზესავით ბრწყინავდა და მისი სხეულიდან ნათლის ისარნი გამოდიოდნენ ჯვრის სახედ.

ერთ ზამთარს ძმები ტყეში იყვნენ გასულნი შეშისთვის. მოულოდნელად დიდი ხე მოცურდა და ის-ის იყო მოხუცებული ბერი უნდა გადაეჩეხა, რომ ღირსმა გრიგოლმა ჯვარი გადასახა მას და თქვა: „სახელითა ქრისტესითა დადეგ, ძელო!“ სიტყვამან მისმან, ვითარცა კლდემან უძრავმან, დააყენა ადგილსა მას მყაფარსა ზედა მოქანებული საშინელად“. ღირსი გრიგოლის ლოცვით მრავალი კურნება აღესრულა.

გრიგოლი მკაცრი დამცველი იყო ზნეობისა. მან ამხილა მეფე აშოტ კურაპალატი (ხს. 29 იანვარს), არ შეეპუა მის მაღალ თანამდებობას, იცოდა, რომ მეფის არსწორი ქმედება დამაბრკოლებელი და დამღუპველი იყო ერისათვის.

ღირსი გრიგოლი საღმრთო სიყვარულით იხარებდა თანამოსაგრეებთან, მაგრამ იფქლთა შორის ღვარძლიც გამოერია: ანჩის დაქვრივებული კათედრა მძლავრებით მიიტაცა ვინმე ცქირმა, თბილისის ამირა საჰაკის ახლობელმა. უღირსი მღვდელმთავარი მრავალ ბოროტებას ჩადიოდა. მამები, განსაკუთრებით კი გრიგოლი, მკაცრად ამხელდნენ ცქირს, მან კი, ამპარტავნებისგან ძლეულმა, საღმრთო შიში განაგდო და ვიღაც ანჩელი კაცი მოისყიდა ღირსი გრიგოლის მოსაკლავად. მკვლელმა იხილა „სასწაული დიდი წმიდასა მას ზედა ზეგარდამო, რამეთუ სვეტი ნათლისაჲ ფრიად ბრწყინვალე ცად აღწევნული ჰფარვიდა მას. და იყო თავსა მისსა ჯუარი თუალთ-შეუდგამი გარემო მისა ცის-სარტყელის სახედ, შუენიერად რაჲ გამოჩნდის ჟამსა წჳმისასა“. მკვლელს მოულოდნელად მკლავი გაუშეშდა და მხოლოდ ღირსი გრიგოლის ლოცვით განიკურნა. ანჩში მოწვეულმა კრებამ პატივისაგან განკვეთა ცქირი. ხარისხაყრილი ცქირი თბილისში წავიდა საჰაკ ამირასთან, მისი დახმარებით ხელახლა ჩაიგდო ხელში ანჩის საყდარი და ხალხი მიუსია ხანძთის მონასტერს დასარბევად. ღირსი გრიგოლი ცრემლებით ევედრებოდა უფალს მონასტრისა და ძმების დაცვას. მას უფლის ანგელოზისაგან ეუწყა, რომ ცქირი დაისჯებოდა. მართლაც, ორი დღის შემდეგ ცქირი მოულოდნელად გარდაიცვალა.

ღირს გრიგოლს უფლისგან წინასწარ ეუწყა ხორცთაგან განსვლის დღე. მან კლარჯეთის უდაბნოს მონასტრებში სანთლები დაგზავნა და შეუთვალა, ელოცათ მისთვის. მიცვალების დღეს წმიდანთან მეუდაბნოე მამები მივიდნენ პატივის მისაგებად და კურთხევის გამოსათხოვად.

გრიგოლმა აკურთხა მამები, უკანასკნელად დაარიგა და ლოცვით შეჰვედრა სული უფალს. ზეციდან გაისმა ხმა: „ნუ გეშინინ მოსლვად ჩუენ თანა, მსახურო ქრისტესო სანატრელო, რამეთუ ქუეყანისა ანგელოზსა და ზეცისა კაცსაა გიწესს მეუფე ცათაჲ ქრისტე. აწ მოვედ სიხარულით და უფლისა შენისა თანა იხარებდ დაუსრულებელად, რამეთუ ნეტარ ხარ შენ შორის კაცთა ნეტარსა მას დიდებასა დამკვიდრებად განმზადებული და მხიარული საუკუნოდ“.

ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელი ანდერძისამებს, დაკრძალეს ხანძთის მონასტერში, ძმათა საფლავებს შორის.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

ლოცვა გრიგოლ ხანძთელისა, შიშისაგან ეშმაკისა და ანტიქრისტესა, და ყოვლისა სულმოკლეობისაგან

ჟამსა ამას უცხოებისა და უპოვარებისა ჩუენისასა, ქრისტე, არა შემეშინოს ჩუენ ბოროტისაგან, რამეთუ შენ, უფალი, ჩუენთანა ხარ, განჰმზადებული ჩუენთჳს ადგილსა ამას კეთილსა, განსასვენებელსა ნებისა შენისასა, რომელსა შინა მარადის ვედრებასა შევსწირავთ მოსალოდნელისა მისთჳს დღისა – დიდებით მეორედ მოსლვისა შენისასა, ღმერთო, რა ჟამს იგი საშინელებათა ზარ და საყჳრისა ოხრაჲ შეაძრწუნებდეს დაბადებულთა ყოველთა, რამეთუ მიეცემოდიან ყოველნი ბრალეულნი გუემათა და საარებათა, ხოლო მართალთა ახარებდეს ცხოურებასა დაუსრულებელსა.

Categories
წმინდანთა ცხოვრება

08 ოქტომბერი. წმიდა არსენი დიდი, კათოლიკოსი (+887)

წმიდა არსენ დიდი, კათოლიკოსი დაიბადა დაახ. 820 წელს, სამცხის ცნობილი და გავლენიანი დიდებულის, მირიანის, ოჯახში.

აფხაზეთს მიმავალმა წმიდა გრიგოლის თანამოსაგრეებმა, თეოდორემ და ქრისტეფორემ (ხს. 5 ოქტომბერს), გზად სამცხეში, მირიანის სახლთან გაიარეს, მირიანმა სახლში მიიწვია ბერები. დილით მან და მისმა მეუღლემ, ბერებს შვილები დაალოცვინეს, შემდეგ კი, მათი სათნოებით გაკვირვებულებმა, უმცროსი ძე, ექვსი წლის არსენი მისცეს აღსაზრდელად. ბერებმა მშობლებს აღუთქვეს, კლარჯეთის უდაბნოს არქიმანდრიტს, გრიგოლს, წარუდგენდნენ ყრმას.

როცა ღირსმა გრიგოლმა თავისი რჩეული ძმები – თეოდორე და ქრისტეფორე მოიძია აფხაზეთში და მათთან ერთად კვლავ კლარჯეთს დაბრუნდა, ყრმა არსენი, მომავალი „კათოლიკოზი ქართლისა და მცხეთის საყდრის გვირგვინი დაუჭნობელი“ და ჭაბუკი ეფრემი, შემდგომ აწყურის სასწაულთმოქმედი ეპისკოპოსი, თან გაიყოლა.

მონასტრის ბერებმა მოძღვრის და ძმების დაბრუნებით გაიხარეს, მაგრამ ყრმების მოყვანას დრტვინვით შეხვდნენ, რადგან სამონასტრო წესდება ამას კრძალავდა. ღირსმა გრიგოლმა აუწყა საძმოს, რომ ეს იყო ერთადერთი გამონაკლისი, თვით ღვთის ნებით ნაკარნახევი, რათა „ვითარცა ეფრემ ასური და არსენი ჰრომაელი, კაცთაგან განშორებულნი და ღმრთისა მიახლებულნი, ესრეთ იყვნენ ღირსნი ესე ყრმანი აღზრდილ უბიწოდ ხანძთას შინა ვიდრე ჟამადმდე პატივისა მათისა“.

როდესაც არსენი სრულწლოვანი გახდა, მამამ, მირიან აზნაურმა, იგი საეკლესიო და სამღვდელმთავრო კრების დაუკითხავად, სამცხის ერისკაცთა დახმარებითა და რამდენიმე ეპისკოპოსის თანადგომით, კათოლიკოსად დაადგინა. ეს იყო საეკლესიო კანონების უხეში დარღვევა და ერისკაცის კადნიერი ჩარევა მის საქმეებში.

ქართლის და კლარჯეთის სამღვდელოებამ სადავო საკითხის გადასაჭრელად საეკლესიო კრება მოიწვია ჯავახეთში. კრებას თავმჯდომარეობდა ეფრემ მაწყვერელი. საეკლესიო სამართალი მამათა მხარეს იყო. არსენს გადაყენება ემუქრებოდა, მაგრამ კრებაზე გამოცხადდა მამა ყოველთა მეუდაბნოეთა – გრიგოლ ხანძთელი და ყველა, მათ შორის ეფრემიც, დაარწმუნა იმაში, რომ არსენის კათოლიკოსის ტახტზე დადგინება ღვთის ნებით აღსრულდა: „ღმერთსა ებრძანა კათალიკოზობიჲ არსენისი სისრულისა მისისათჳს, არამედ მირეან მამან მისმან აუგიან ყო უჟამოდ შესწრაფებითა, ვითარცა ადამ ჭამა ხილი იგი, რომელი არ-ღა მწიფე იყო“.

მღელვარება ჩაცხრა. ეფრემსა და არსენს შორისაც განახლდა სიყვარული.

კათოლიკოსმა არსენმა აკურთხა ხანძთის ძველი ეკლესია, თავისი ღვთივსათნო ცხოვრებით და ქრისტესმიერი სიყვარულით ქართლის ეკლესიებს სიხარული მოჰფინა, „საყდარი მამათმთავრობისაჲ შეამკო სრულიად და შეიმკო მადლითა“.

წმიდა არსენი შესანიშნავი ჰაგიოგრაფი და ისტორიკოსი იყო. მას ეკუთვნის უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-პოლემიკური თხზულება „განყოფისათჳს ქართლისა და სომხითისა“, რომელშიც გადმოცემულია სომეხ-ქართველთა საეკლესიო განხეთქილების ისტორია.

არსენ დიდსავე მიაკუთვნებენ „აბიბოს ნეკრესელის ცხოვრებასა და წამებას“.

წმიდა არსენი ოცდაშვიდი წლის მანძილზე განაგებდა ქართლის ეკლესიას. გარდაიცვალა 887 წელს და „მხიარულებით მიიწია ქრისტესა და აქუს მადლი შეწევნად ჩუენდა“.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

Exit mobile version