დავით გარეჯელი

ამაღლების შემდგომი ხუთშაბათი. ღირსი მამა დავით გარეჯელი (VI)

დავით გარეჯელი

ღირსი და საკვირველმოქმედი მამა დავით გარეჯელი შუამდინარეთის ასურეთიდან იყო. მისი დაბადების ზუსტი თარიღი და მშობელთა ვინაობა უცნობია. იგი, ჯერ კიდევ ყრმა, სულიერი შვილი გახდა თანამემამულის, წმიდა მამა იოანე ზედაზნელისა. განერიდა რა კაცთა დიდებას საკვირველმოქმედი ღირსი მამა იოანე, თავის მოწაფეებიანად მცხეთას წამოვიდა და პატიოსანი სვეტის თაყვანისცემის შემდეგ დედაქალაქის ჩრდილოეთით მდებარე მთაზე შეჩერდა. აქედან მასწავლებლის კურთხევით მოწაფეთაგან ზოგმა კახეთის საზღვრებს მიაშურა, ზოგმა კი დვალეთს.

მამა დავითმა თავიდან სამოღვაწეოდ თბილისი აირჩია. ბერ ლუკიანესთან, თავის მოწაფესთან და სულიერ შვილთან, ერთად ქალაქის დასავლეთით მდგარი მთის ფერდობზე, გამოქვებულში დასახლდა და იქვე პატარა სამლოცველო მოაწყო. ბერები მხოლოდ მთის მცენარეებით იკვებებოდნენ და ლოცვაში ატარებდნენ დღეებს.

წმინდა მამათა საცხოვრისი ანდამატივით იზიდავდა თბილისისა და მისი შემოგარენის მკვიდრთ. ბერებთან უამრავი ხალხი მიდიოდა აღსარებისთვის. მამა დავითი უსმენდა მათ, სინანულისა და შენდობისაკენ მოუწოდებდა, ხუთშაბათობით კი ქალაქში ჩადიოდა, ქადაგებით ამხნევებდა ხალხს და რწმენას განუმტკიცებდა.

მამა დავითის ლოცვით მისი გამოქვებულის ახლოს სასწაულმოქმედმა წყალმა ამოხეთქა. ამ წყაროს წყალობით მრავალი მართლმორწმუნე განიკურნა უშვილობისაგან.

იმდროინდელი თბილისი ცეცხლმსახურებს ეპყრათ. დაუღალავი სწავლებით და ანგელოზებრივი ცხოვრების მოშურნეობით მამა დავითმა ბევრი ცეცხლმსახური მოაქცია ქრისტეს ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ რჯულზე.

მოგვები ხედავდნენ, რომ დავითი უფრო და უფრო დიდ სიყვარულს იხვეჭდა ხალხში და ყოველნაირად ცდილობდნენ, შეებღალათ მისი სახელი. ერთ კვირა დღეს საქადაგებლად ქალაქში ჩამოსულ წმიდა მამას მასზე წინასწარ შეთხზული ცილისწამების მოწმედ მეძავი ქალი მოუყვანეს. მეძავმა შეკრებილი ხალხის წინაშე მამა დავითს მრუშობა დააბრალა. უფლის მსასოებელმა მოძღვარმა ქალის მუცელს ჯვრის ნიშნიანი რკინის კვერთხი შეახო და ნაყოფს უბრძანა. ეთქვა ნამდვილი მშობლის ვინაობა. მანაც სასწაულებრივად თავის მამად ვინმე მჭედელი აღიარა. ამბის მოთავე შერცხვენილმა მოგვებმა ქალს ქვები დაუშინეს. მათ ხალხიც აყვა. ღირსმა დავითმა ვერ შესძლო მათი შეჩერება და ცილისმწამებელი ქვებით ჩაქოლეს. ამ ამბის შემდეგ გულგატეხილმა ბერ ლუკიანესთან ერთად დატოვა ქალაქი. იმ ადგილზე, სადაც წმიდა მამას უყვარდა ქადაგება, ამჟამად აღმართულია ქუაშვეთად წოდებული წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია.

ღირსმა მამამ, განდეგილთა წესისამებრ, ხალხისგან მოშორებით ისურვა დამკვიდრება. ამისთვის მან კახეთში, ყარაიას ველზე, გადაშლილი გარეჯის უდაბნო ამოირჩია, მზისგან გადამწვარი, ქვეწარმავლებით სავსე, კლდოვანი ადგილი, და ლუკიანესთან ერთად კლდეში გამოკვეთილ პატარა ქვაბულში მოაწყო სენაკი. მზის შემწველ სიცხეში უწყლობით შეწუხებული ლუკიანე მამა დავითმა ღვთის სასოებით ანუგეშა. ღირს მამებს საკვებად იქვე ამოსული მწვანილეულობა ჰქონდათ. ზაფხულში მათი საკვები გადახმა და ლუკიანეც შეშფოთდა. წმიდა მოძღვარმა კვლავ ანუგეშა იგი ღვთის შემწეობის იმედით და მართლაც მალე მათ წინ ორი ირემი გაჩნდა ნუკრთან ერთად. ლუკიანემ ირმები მოწველა და რძიანი ჯამი მამა დავითს გაუწოდა. მან ზედ ჯვარი გამოსახა და რძე ყველად იქცა. წმინდა ბერში მოქმედ ღმერთს ლუკიანემ მადლობა შესწირა და აღუთქვა მას, რომ „უკეთუ განილინნენ ხორცნი ჩემნი სიყმილითა და მოაკლდეს სული ჩემი წყურვილითა, არღარა სად ვზრუნვიდე, რომელსავე მოკუდავთა ამათ და დაუდგრომელთა ხორცთათვის. ამაოსა ამის და წარმავალსა საწუთოსათვის, არც ვდრტჳნვიდე მე საზრდელთათვის, ვითარცა ურჩი და ურწმუნო ისრაელი, მომხსენებელი ხორცთა და სიავეთა ეგჳპტეთა“.

ოთხშაბათს და პარასკევს ისინი საზრდელს სულ არ იღებდნენ და მხოლოდ ლოცულობდნენ, ირმებიც კვირის ამ დღეებში მათთან არ მოდიოდნენ. იმ სენაკის ქვემოთ, სადაც მოღვაწენი ცხოვრობდნენ, ერთი გამოქვაბული იყო. ამ გამოქვაბულში აჯაგრული, უზარმაზარრქიანი საზარელი მხეცი მკვიდრობდა ცეცხლივით მობრიალე თვალებით. ერთ დღეს ირმებმა, რომლებიც ჩვეულებისამებრ მოდიოდნენ მამებთან სამსახურის გასაწევად, მხეცის გამოქვაბულის წინ გაიარეს, რომელმაც მათ ნუკრი მოსტაცა და შეჭამა. შეშინებულმა ირმებმა მამა დავითთან მიირბინეს. წმიდა მამამ ქრისტეს ჯვრის ნიშნიანი რკინის კვერთხი აიღო და საზარელი მხეცის საპოვნელად ირემთა კვალს გაჰყვა. მხეცის არად შემრაცხველმა კვერთხი ზე აღაპყრო და მხეცს იმ ადგილიდან შორს გადახვეწა უბრძანა. მხეცი წმინდანის ბრძანებას დაემორჩილა, მაგრამ ის-ის იყო მტკვარში უნდა ჩასულიყო, რომ ის ციდან ჩამოტყორცნილმა მეხმა მეყსეულად დაწვა. ანგელოსმა აუწყა დავითს, რომ მხეცი მდინარიდან ზღვაში შესვლას აპირებდა, სადაც იგი ხალხს დიდ ზიანს მოუტანდა, ამიტომაც მასზე მოწეული რისხვა ღვთის განგება იყო.

უდაბნოში, სადაც წმიდა მამა დამკვიდრდა, ბევრი სხვადასხვა ნადირი იყო. ერთხელ კახელი მონადირეები ირმებს დაედევნენ. მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც იხილეს წმინდა ბერის წინ ცხვრებივით მშვიდად მდგომი ირმები. ირმებს ამჟამადაც ლუკიანე წველავდა. ისინი ფერხთით ჩაუვარდნენ მამა დავითს და შეევედრნენ, ნება მიეცა, რომ მასთან დარჩენილიყვნენ. წმინდანმა, როგორც შვილებსა და ძმებს სთხოვა: „უკუნ იქეცით ადგილადვე და დაბათა თქუენთა და მუნ შინა მსახურებდით ღმერთსა, ბოროტთაგან განყენებულნი, გლახაკთა და უღონოთა ნაკლულოვანებისა აღმვსებელნი, რამეთუ მოწყალებისა მოქმედი გლახაკთა ზედა ღმერთსა ავასხებს“.

უკან დაბრუნებულმა მონადირეებმა მამა დავითის ამბავი ხალხში გაავრცელეს. ასე გაემართნენ ქრისტეს ტკბილი უღელის ტვირთვას მოწადინებული ადამიანები მოღვაწეთა უდაბნოსაკენ. წმინდა ბერმა ისინი აკურთხა, რათა სასმელი წყლის შესაგროვებლად კლდეში დიდი ქვევრები ამოეჭრათ და სუსხიანი ზამთრისაგან თავდასაცავად სენაკები გამოეკვეთათ. გარეჯელ მამებს შეუერთდა სათნოებით ცნობილი ბერი დოდო, ერისკაცობაში – კახელი თავადი, გვარად ანდრონიკაშვილი, რომელიც ბერად შედგომის შემდეგ ნინოწმინდაში განმარტოებით მოღვაწეობდა. როცა მამა დავითმა დაინახა „სიმახვილე დოდოს გონებისა საღმრთოსა შინა“, შესთავაზა, მოპირდაპირე კლდის წვერზე სენაკები გაეშენებინა და თან წაეყვანა მეუდაბნოეთა ნაწილი.

ღირსმა დოდომ კლდის წვერზე ორასზე მეტი სენაკი ააგო, მოგვიანებით კი ღვთისმშობლის ტაძარიც ააშენა. ასე ჩამოყალიბდა გარეჯის კომპლექსის ერთ-ერთი განშტოება – დოდოს რქა.

დავით გარეჯელს უყვარდა განმარტოებული ლოცვა. ამისთვის წმიდანი კლდის ნაპრალში შევიდოდა ხოლმე და მიწის ცრემლით დამლტობი, ზეციერი მამისადმი აღავლენდა ლოცვებს. ერთხელ როდესაც იგი განმარტოებით ლოცულობდა, მასთან მონადირის ქორისაგან ლტოლვილი კაკაბი მოფრინდა. კაკაბს ქორი მოჰყვა და სულ მალე ნადირობის აზარტში შესული ბარბაროსიც მოჯირითდა. წმინდა მამამ უცნობ მხედარს აუწყა, რომ კაკაბი მფარველობას ითხოვდა და მას უარი უნდა ეთქვა მის მოკვლაზე. ბარბაროსმა არა მარტო ყურად არ იღო ნათქვამი, არამედ ხმალიც აღმართა წმიდანის მოსაკლავად. მაშინ მას ხელი ჰაერში გაუშეშდა. უცებ გამოერკვა და სინანულის ცრემლისღვრით სთხოვა მამა დავითს, რათა იგი სულიერად და ხორციელად განეკურნა. წმინდა მამის ლოცვით ასეც მოხდა. ბუბაქარი, ასე ერქვა იმ ბარბაროსს, ამჯერად წმიდანს შეევედრა, რათა მისი დავრდომილი შვილიც განეკურნა. მართლაც, შინდაბრუნებულ ბუბაქარს გახარებული ბავშვი ხტუნვა-ხტუნვით მიეგება. იგი სრულიად განკურნებულიყო, მაშინ როდესაც მამა დავითი მასზე უდაბნოში ლოცულობდა.

ბუბაქარმა სახედრებზე პური და ფხალი აჰკიდა და სამივე ვაჟიშვილის თანხლებით დაუბრუნდა მეუდაბნოეთ. სურსათ-სანოვაგის ნაწილი მამა დავითს დაუტოვეს, დანარჩენი კი, წმიდანის სიტყვით, ღირს მამა დოდოს წაუღეს, რათა მისგანაც მიეღოთ ლოცვა-კურთხევა. ბუბაქარიცა და ყველა მისი თანმხლებიც მოინათლა. ახლადნათელღებულებმა მოღვაწე ბერებისათვის კლდეში ეკლესია გამოკვეთეს. შემდეგში ეს ეკლესია განასრულა ღირსმა ბერმა ილარიონმა.

მამა დავითმა წესად შემოიღო, მათთან დასახლების მსურველს კლდეში სენაკი გამოეკვეთა და სამი წელი განმარტოებით ეცხოვრა. ეს ერთგვარი გამოცდაც იყო მათთვის და უფლისაკენ სავალი გზაც. ბევრი გამოსაცდელი ვადის შემდეგ მონასტერში აღარ ბრუნდებოდა, განდეგილობას ირჩევდა და სიცოცხლის ბოლომდე თავის სენაკში რჩებოდა.

ასე იზრდებოდა მეუდაბნოე ბერთა რიცხვი. ამის გამო ლუკიანემ კიდევ ერთი სამონასტრო განშტოება, ნათლისმცემელი, გააშენა გარეჯის უდაბნოში.

რამდენიმე ხნის შემდეგ დავით გარეჯელმა წმიდა ადგილთა მოსალოცად წასვლა გადაწყვიტა. მან ლუკიანე მოიხმო და მისი წასვლის შემდეგ სამწყსოზე ზრუნვა დაავალა. მამა დავითმა კეთილ სარბიელზე მხნედ ყოფნისათვის დამოძღვრა იგი და რამდენიმე ძმის თანხლებით წმინდა ქალაქისაკენ გაემართა. როდესაც მადლის ქედად წოდებულ მთას მიეახლნენ, წმინდა ქალაქიც გამოჩნდა. იხილა რა მამა დავითმა იერუსალიმი, მადლობის შემწირველმა ჯერ ხელნი ზეცად აღაპყრო, შემდეგ კი ქვითინით მიწაზე დავარდა. წმიდა მამამ თავი წმინდა ქალაქში შესვლის ღირსად არ მიიჩნია და სანამ მისი მხლებლები იერუსალიმის სიწმინდეებს მოილოცავდნენ, ქალაქის კარიბჭესთან მხურვალედ ლოცულობდა. წმიდანმა მადლის ქედიდან დიდი რწმენით სამი ქვა წამოიღო.

იმ ღამით იერუსალიმის პატრიარქ ილიას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: „მოიწია ვიდრე სახლად ჩემამდე საკუთარი მონა ჩემი დავით და სარწმუნოებითა მისითა წარიღო სრულიად მადლი იერუსალიმისა“. ილიამ მალემსრბოლი დაადევნა წმინდა დავითს და მათი პირით ამცნო უფლის ნება – ერთი ქვა წაეღო, ორი კი დაებრუნებინა, რათა სრულად არ მოჰკლებოდა მადლი ქრისტეს ქალაქს.

მამა დავითმა მართლაც დაუბრუნა იერუსალიმს ორი ქვა, ხოლო მესამე გარეჯში დაბრუნებულმა ეკლესიაში დაასვენა. სიწმინდის თაყვანსაცემად უდაბნოში უამრავი ხალხი მიდიოდა. ღვთის ნებით ქვა სასწაულმოქმედი ძალით აღივსო – მისი შეხება უკურნებელი სენისაგან არჩენდა მლოცველებს. მადლის ის ქვა, რომელიც მამა დავითმა გარეჯის უდაბნოში მოიტანა, დღესაც კურნავს სარწმუნოებით მვედრებელთ. მას შემდეგ, რაც წმიდანმა უდაბნოში მადლის ქვა ჩამოიტანა, საძმო რიცხვობრივად გაიზარდა.

ნუგეშისცემისა და გამხნევების მიზნით მამა დავითი დრო და დრო განმარტოებულ სენაკებში მცხოვრებ ბერებსაც მოინახულებდა ხოლმე. ერთ-ერთი მათგანის სენაკში მწარე წყალი მოწვეთავდა. ამ წყლით მორწყული ფხალიც საჭმელად თითქმის უვარგისი იყო. იქ მყოფი ბერი თავს იმით ინუგეშებდა, რომ სამაგიეროდ საუკუნო სატანჯველს აიცილებდა თავიდან. ერთ დღეს მასთან წმიდანს ბერი თავის გასაჭირს მოუყვა. დიდად გამხიარულდა მამა დავითი ბერის სიმშვიდითა და მორჩილებით და მისმა შემწყალებელმა უფლისადმი ლოცვით წყალი დაატკბო, ფხალიც გემრიელი საჭმელი გახდა. გავიდა რამდენიმე ხანი. ღირსსა და სანატრელ დავითს უფლის მიერ ეუწყა, რომ მალე ზეციურ სავანეში განისვენებდა. კეთილმა მწყემსმა მოიხმო უდაბნოში მცხოვრები ძმები და უკანასკნელად დამოძღვრა ისინი: „ნუ შეძრწუნდებით და ნუცა აღშფოთდებით, არამედ უფროსღა განმტკიცდით და განმძლავრდით და სცანით ამაოებაჲ ესე საწუთოსა დაუდგრომლისა, რამეთუ ყოველნივე წარმავალ ვართ წერილისაებრ და არა რაჲ სოფლისა პირს მდგომად შერაცხილთაგანი დადგრების, ხოლო სული ვითარ უკვდავისა მიმღებელი, ღვთისაგან საუკუნოდ დაადგრების და გუეგულვების მიღება კეთილთა გინა ბოროტთა, რომელიც ასევე ვიმოქმედეთ ცხოვრებასა ამას შინა“.

იგი ეზიარა უფლის წმინდა ხორცსა და პატიოსან სისხლს, ღვთის მიმართ ხელნი აღაპყრო და მადლობის შემწირველმა დაუტევა მრავალმოღვაწე გვამი.

გარდაცვლილი წმიდანის სხეულიდან მადლი გამოკრთოდა. მათ შორის, ვინც ცხედარს ემთხვია, ერთი დაბადებიდან ბრმა იყო. უფალმა იესო ქრისტემ სიკვდილის შემდეგაც ადიდა მისი მსახური. წმინდანის გვამმა ბრმას თვალის ჩინი დაუბრუნა.

წმინდა დავით გარეჯელი მოწაფეებმა იმავე სენაკში დაკრძალეს, სადაც მრავალი წელი გაატარა. მის საფლავზე დიდხანს იდო იერუსალიმიდან ჩამოტანილი ქვა და სასწაულთმოქმედი მადლით კურნავდა რწმენით მიახლებულთ.

ვინც ღირსი და საკვირველმოქმედი მამა დავით გარეჯელის საფლავს სარწმუნოებით თაყვანს სცემს, დღესაც იკურნება სულიერი და ხორციელი ტკივილებისაგან.

რ. გოგიტიძე
გაზეთი „მადლი“, № 9 (27), 1991 წ.

ერეკლე ბიბიჩაძე
ჟურნალი „კარიბჭე“, მაისი, 2004 წ.