წმინდა დიონისე არეოპაგელი

სავედრებელი პარაკლისი და ღვაწლი წმინდა დიონისე არეოპაგელისა

წმინდა დიონისე არეოპაგელი

ათენის I ეპისკოპოსი და სამოცდაათაგანი მოციქული (I)

ხს. 4 (17) იანვარი (70 მოც. ხსენების დღეს)

 

წმინდა დიონისე არეოპაგელი ახალი წელთაღრიცხვის I საუკუნის დასაწყისში, ათენში, წარჩინებულთა ოჯახში დაიბადა. მან შესანიშნავი ელინური განათლება მიიღო და შემდგომში სასწავლებლად ეგვიპტეში გაემგზავრა. ახალი წელთაღრიცხვით 33 წელს, დიონისე არეოპაგელი თავის მეგობარ აპოლოფონთან ერთად შეესწრო მზის დაბნელებას იესო ქრისტეს ჯვარცმისას, რა დროსაც მას შემდეგი სიტყვები წარმოუთქვამს: „ახლა ან უფალი, მთელი სამყაროს შემოქმედი იტანჯება, ან ხილული სამყარო ასრულებს არსებობას”. ათენში დაბრუნებული დიონისე უზენაესი სამსჯავროს, არეოპაგიის, წევრად ანუ მოსამართლედ აირჩიეს (არეოპაგს უწოდებდნენ ათენის უზენაეს სამსჯავროს, რომელიც შედგებოდა უმაღლესი მოხელეებისა და სიბრძნით განთქმული ადამიანებისგან. იგი ღია ცის ქვეშ, აკროპოლისის მახლობლად მდებარე არესის ბორცვზე იკრიბებოდა. სხვა მოვალეობებთან ერთად, არეოპაგს თვალყური უნდა ედევნებინა დადგენილი კერპთმსახურების რიტუალების შესრულებისთვის და ყოველგვარ დარღვევას სამსჯავროზე).

გავიდა რამდენიმე წელი, წმინდა პავლე მოციქული ჩავიდა ათენში, რათა ექადაგა სიტყვა ჭეშმარიტებისა და ბრძენი ათენელებისთვის გაეცნო ქრისტე, რომელიც თავად არის ჭეშმარიტება, ცხოვრება და ნათელი. სავარაუდოდ, ათენს სიხარულით უნდა მიეღო მისი ქადაგება!. წმინდა პავლე შეწუხდა, როდესაც კერპებით სავსე ქალაქი იხილა, მაგრამ ერთმა გარემოებამ თითქოს ანუგეშა იგი – ქალაქის დათვალიერების დროს ერთ-ერთ მოედანზე სამსხვერპლო იხილა წარწერით: „უცნაურსა ღმერთსა” (საქმე 17,23), რამაც აფიქრებინა, რომ ათენელები ჩასწვდნენ კერპთაყვანისმცემლების ამაოებას და მათთვის უცნობი ღმერთის არსებობა გააცნობიერეს. პავლე ყოველდღიურად საუბრობდა ქრისტეს სწავლებაზე ხან იუდეურ სინაგოგაში, ხანაც მოედანზე. მას ხალისით უსმენდნენ, რადგან ცნობისმოყვარე ათენელებსა და იქ მყოფ უცხოელებს უდიდეს სიამოვნებას ჰგვრიდა სიახლის შეტყობა. ფილოსოფოსებმა ბოლოს იგი საპაექროდ არეოპაგში მიიყვანეს, რათა უწარჩინებულესი მოქალაქეების წინაშე გადმოეცა თავისი სწავლება. პავლეც, სავარაუდოდ, არეოპაგში მიიყვანეს, როგორც ახალი ღვთისმსახურების მქადაგებელი. იგი არეოპაგის შუაში დადგა და უშიშრად იწყო სწავლების გადმოცემა. ჯერ გაიხსენა, რომ ქალაქის დათვალიერებისას ნახა უცნობი ღმერთისადმი მიძღვნილი სამსხვერპლო და დამსწრეთ მიმართა: „აწ უკუე რომლისა-იგი უმეცარ ხართ და ჰმსახურებთ მას, მე გახარებ თქუენ“; შემდეგ განუცხადა, რომ სამყაროს შემოქმედსა და სიცოცხლის მომცემელ უფალს ნებავს, ყველამ ეძებოს და შეიცნოს იგი; რომ ღმერთი ახლოს არის თითოეულ ჩვენგანთან, მისი წყალობით ვცოცხლობთ და ვმოქმედებთ; მისივე დაშვებით იდგა „ჟამნი იგი უმეცრებისანი”, ახლა კი ყველას მოუხმობს სინანულისკენ.

ბოლოს პავლე საშინელ სამსჯავროსა და აღდგომას შეეხო. ამ უკანასკნელი სიტყვის გაგონებისას ზოგმა გაიცინა, სხვებმა თქვეს, რომ პავლეს სხვა დროს მოუსმენდნენ… მოციქული გაეცალა იქაურობას, მაგრამ მისმა ხანმოკლე სიტყვამ, ღვთის შეწევნით, მაინც მოაქცია არეოპაგის ერთი წევრი, სახელად დიონისე. მან ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და მოციქულთა თავის ერთგული მოწაფე გახდა. ირწმუნა ასევე ერთმა ათენელმა დედაკაცმა, სახელად დამარისმა, და კიდევ რამდენიმემ. სამი წლის განმავლობაში დიონისე არეოპაგელი წმ. პავლესთან ერთად ქადაგებდა ქრისტიანობას, შემდეგ კი მისი  ხელდასხმით ათენის ეპისკოპოსად დაინიშნა.

ეკლესიის ისტორიის მამად წოდებული ევსები კესარიელი წმინდა დიონისეს იხსენიებს როგორც ათენის პირველ ეპისკოპოსს.

 

წმინდა დიონისეს განსაკუთრებული კრძალვა ჰქონდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი და მის სანახავად საგანგებოდ ჩავიდა ათენიდან იერუსალიმში. მოგვიანებით მან წმ. პავლე მოციქულს შემდეგი წერილი გაუგზავნა: „ღმერთია მოწამე, მთელს სამყაროში სხვა არაფერია ღვთაებრივი ძალითა და მადლით ამდენად აღვსილი. ადამიანური გონება ვერ გაიაზრებს იმას, რაც ვნახე. უფლის წინაშე ვაღიარებ: – როცა მე იოანესთან ერთად, რომელიც ისე ბრწყინავს მოციქულებში, როგორც მზე ცის კაბადონზე, ყოვლადწმინდა ქალწულთან წარმადგინეს, ენით აღუწერელი რამ განვიცადე. ჩემ წინ რაღაც ღვთაებრივი ნათელი გაბრწყინდა. მან გააცისკროვნა ჩემი სული. ვგრძნობდი საოცარ კეთილსურნელებას და იმდენად ვიყავი აღფრთოვანებული, რომ არც ჩემს უძლურ სხეულს და არც სულს არ შეეძლო დაეტია მარადიული ნეტარებისა და ზეციური დიდების ეს ნიშნები და საწყისები. კარგად რომ არ მხსომებოდა შენი დარიგებები, მე მას თავად ჭეშმარიტ ღმერთად ჩავთვლიდი. შეუძლებელია წარმოიდგინო იმაზე დიდი ნეტარება, რომელიც მე მაშინ განვიცადე”. ახ.წ. 57 წელს დიონისე არეოპაგელი იერუსალიმში ღვთისმშობლის დაკრძალვას დაესწრო.

დიონისე არეოპაგელი ხედავდა პავლე მოციქულის ღვაწლს, სათანადოდ აცნობიერებდა მის მნიშვნელობას და ცდილობდა თვითონაც მიებაძა მოძღვრისათვის. როდესაც მოციქული პავლე რომში მოწამეობრივად აღესრულა, საღვთო შურით აღვსილი დიონისე პრესვიტერ რუსტიკუსთან და დიაკონ ელეფთერიოსთან ერთად წარმართულ გალიაში(დღევანდელ საფრანგეთში) გაემგზავრა ქრისტეს მოძღვრების საქადაგებლად. წმინდა მღვდელმთავრის ღვაწლით მრავალი წარმართი მოინათლა და ეზიარა მაცხონებელ რელიგიას. ქრ.შ.დან 96 წელს, იმპერატორ დომიციანეს მმართველობისას, წმინდა დიონისესა და მის ორ თანამოღვაწეს ქრისტიანობის ქადაგების გამო თავი მოჰკვეთეს. მისი წმინდა ცხედარი დღევანდელი პარიზის ტერიტორიაზე კეთილმსახურმა ქალმა კატულამ დაკრძალა. წმინდა დიონისე არეოპაგელი დაუღალავად იღვწოდა თანამედროვეთა შორის ქრისტიანობის გავრცელებისთვის. მისი საღვთისმეტყველო ნაშრომები: „საღმრთოთა სახელთათვის“, „ზეცათა მღვდელმთავრობისათვის“, „საეკლესიოისა მღვდელმთავრობისათვის“, „საიდუმლო ღვთისმეტყველებისათვის“ და ათი ეპისტოლე, – საუკუნეთა მანძილზე განამტკიცებდა და განამტკიცებს ქრისტიანებს და დღემდე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქრისტიანული აზროვნებისთვის. ხსენებული თხზულებები XI ს. მეორე ნახევარში ქართულ ენაზე თარგმნა წმიდა ეფრემ მცირემ.

 

წმინდა პავლეს აღსრულების შემდეგ დიონისემ გააგრძელა მისი საქმე და დასავლეთის ქვეყნებში გაემგზავრა ქრისტიანობის საქადაგებლად. მას თან ახლდნენ მოძღვარი რუსტიკი და დიაკონი ელეფთერი. წმინდანმა მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს სჯულზე ჯერ რომში, შემდეგ – გერმანიასა და ესპანეთში. გალიაში წარმართი ხელისუფლების მიერ ქრისტიანთა დევნის დროს, სამივე აღმსარებელი დააპატიმრეს. ღამით წმინდა დიონისემ საღვთო ლიტურგია აღასრულა უფლის ანგელოზებთან ერთად, დილით კი მოწამეებს თავები მოჰკვეთეს. დიონისემ თავისი მოკვეთილი თავი აიღო, ტაძრამდე მივიდა და დაეცა. მისი ცხედარი კეთილმსახურმა ქალმა კატულამ დაკრძალა.

 

დიონისე არიოპაგელის შრომები

 

დიონისე არეოპაგელის სწავლებამ ჩვენამდე მოაღწია ოთხი წიგნით: „საღმრთოთა სახელთათჳს” “ზეცათა მღვდელთმთავრობისათჳს”, “საეკლესიოჲსა მღვდელთმთავრობისათვის”, “საიდუმლო ღმრთისმეტყველებისათჳს” და 10 ეპისტოლით.

 

წმინდა დიონისე არეოპაგელის თხზულებებს (ე.წ. არეოპაგელის წიგნებს) განუზომელი მნიშვნელობა აქვთ მართლმადიდებლური ეკლესიის ღვთისმეტყველებისათვის. თითქმის ოთხი საუკუნის მანძილზე, VI ს-ის I ნახევრამდე, წმინდა მამის სწავლება მხოლოდ საიდუმლო გადმოცემებით იქნა შემონახული, უმეტესად, ალექსანდრიის ეკლესიის ღვთისმეტყველთა მიერ. მას იცნობდნენ კლიმენტი ალექსანდრიელი, ორიგენე, დიონისე დიდი, რომლებიც მემკვიდრეობით განაგებდნენ ალექსანდრიის სასწავლებელს, და გრიგოლ ღვთისმეტყველი.

არეოპაგიტული კრებულის სტრუქტურა და შინაარსი არეოპაგიტული ტრაქტატებია:

  1. ღვთაებრივისახელებისშესახებ (ეფრემ მცირეს თარგმანით – “საღმრთოთა სახელთათვის”);
  2. ზეციურიიერარქიისშესახებ (“ზეცათა მღდელთმთავრობისათვის”);
  3. საეკლესიოიერარქიისშესახებ (“საეკლესიოსა მღდელთმთავრობისათვის”);
  4. მისტიკურითეოლოგიისშესახებ (“საიდუმლოდ ღმრთისმეტყუელებისათვს”).

ათი წერილიდან პირველი ოთხი მიმართულია მოწესე გაიოს მიმართ. დანარჩენების ადრესატები არიან: ღვთისმეტყველი იოანე, მღვდელმთავრები: პოლიკარპო და ტიტე, მღვდელი სოპატროსი, მოწესე დიმოფილოსი და მსახური დოროთე.

არეოპაგიტული ტრაქტატებიდან ფილოსოფიის თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – „საღმრთოთა სახელთათვის”, რომელშიც განხილულია მოძღვრება საწყისზე, პირველ ერთზე (ღმერთზე). ტრაქტატში ასევე განხილულია ღმერთის დადებითი და უარყოფითი დახასიათებები, ღმერთიდან არსებათა გამოსვლა და მასშივე უკუდაბრუნება, სიკეთისა და ბოროტების მიმართება და სხვ. ეს საკითხები ტრაქტატში ძირითადად ნეოპლატონური, უფრო სწორად ქრისტიანული ნეოპლატონიზმის პოზიციებიდან არის წარმოდგენილი.

ფილოსოფიის თვალსაზრისით ასევე საინტერესოა ტრაქტატი – „საიდუმლოდ ღმრთის-მეტყუელებისათვის”, რომელშიც განხილულია ღმერთის აბსოლუტური ნეგაციისა და მისი წვდომა – გაერთიანების გზები, კერძოდ, ღმერთის მისტიკური ჭვრეტა (როცა ცხადი ხდება, რომ რაციონალური შემეცნება უძლურია ღმერთის წვდომისთვის), ღმერთის დადებითი და უარყოფითი მეთოდებით დახასიათების ერთიანობა და სხვ.

დანარჩენი ორი ტრაქტატი – „ზეცათა მღდელმთავრობისათვის” და “საეკლესიოსამღდელმთავრობისათვის” უფრო რელიგიური ხასიათისაა და ფილოსოფიისთვის ნაკლებ საინტერესოა, თუმცა მათში არეკლილია ნეოპლატონური იერარქიული (საფეხურებრივი) სისტემის პრინციპები.

 

არეოპაგიტული თხზულებები დაწერილია ბერძნულ ენაზე და პირველად იგი ითარგმნა სირიულ ენაზე, შემდეგ ძველ დროში ლათინურ, არაბულ, კოპტურ, სომხურ, ქართულსა და სხვა აღმოსავლურ ენებზე. თანამედროვე ევროპულ ენებზე არეოპაგიტული თხზულებების თარგმანები XIX საუკუნეს მიეკუთვნება. ეს თხზულებები, ევროპულთან შედარებით, უფრო ადრე ითარგმნა სლავურსა და რუსულ ენებზე. როგორც უკვე აღვნიშნეთ, არეოპაგიტული თხზულებები ქართულად თარგმნა XI საუკუნის გამოჩენილმა ქართველმა სწავლულმა, მთარგმნელმა, ფილოლოგმა და ფილოსოფოსმა – ეფრემ მცირემ.

არეოპაგიტულ თხზულებათა არსებობა 532 წელს კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებაზე გახდა ცნობილი. მის ავტორად კი გამოცხადდა დიონისე არეოპაგელის სახელით ცნობილი I საუკუნის საეკლესიო მოღვაწე, ათენის არეოპაგის წევრი, ეპისკოპოსი დიონისე. რენესანსის მოაზროვნეებმა ლორენცო ვალამ (1415-1465) და ერაზმ როტერდამელმა (1466-1536) ეჭვი შეიტანეს იმაში, რომ არეოპაგიტული თხზულებების ავტორია I საუკუნის საეკლესიო მოღვაწე დიონისე არეოპაგელი.

ამის შემდეგ საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობდა კვლევა-ძიება არეოპაგიტული თხზულებების ნამდვილი ავტორის დასადგენად. ამ საკითხს იკვლევდნენ რუსი (ფ. გუმილევსკი, კ. სკვორცოვი, ვ. ბოლოტოვი…) და გერმანელი (ჰ. კოხი, ი. შტიგლმაირი…) მკვლევარები.

ჰ. კოხმა არეოპაგიტიკის საფუძვლიანი შესწავლით დაადგინა, რომ ამ მოძღვრების ფილოსოფიური მსოფლმხედველობა განსაზღვრულია V საუკუნის ნეოპლატონიკოსი ფილოსოფოსის პროკლე დიადოხოსის მოძღვრებით. ი. შტიგლმაირის გამოკვლევის თანახმად, არეოპაგიტულ თხზულებათა ავტორი კარგად იცნობს პროკლეს კომენტარებს პლატონის დიალოგ „ალკიბიადეზე”, რომელიც 462 წლითაა დათარიღებული.

სხვადასხვა გამოკვლევის საფუძველზე, არეოპაგიტული წიგნების შექმნის თაობაზე გაკეთებულ იქნა შემდეგი მნიშვნელოვანი დასკვნები:

  1. არეოპაგიტულიმოძღვრებანეოპლატონური ფილოსოფიის, კერძოდ, პროკლეს მსოფლმხედველობის დიდ გავლენას განიცდის.
  2. არეოპაგიტულითხზულებანიდაწერილია 462 წლის შემდეგ, პლატონის „ალკიბიადეზე” პროკლესეული კომენტარების გავლენით. რამდენადაც ეს თხზულებანი პირველად 532 წელს იქნება მოხსენიებული, ამდენად, არეოპაგიტული თხზულებების შექმნის სავარაუდო დროდ 462-532 წლები განისაზღვრა.
  3. არეოპაგიტულითხზულებანიქ. გაზას კულტურულ გარემოში იყო შექმნილი და მისი ავტორი ეპისკოპოსი უნდა ყოფილიყო.

 

ამ დასკვნებმა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა შესასწავლი საკითხის ირგვლივ კვლევის შემდგომი წარმატება, რომელიც ძირითადად შ. ნუცუბიძისა და ე. ჰონიგმანის სახელებს უკავშირდება. 1942 წ. ქართველმა მეცნიერმა შალვა ნუცუბიძემ ფსევდო-დიონისე არეოპაგელისა და ცნობილი ქართველი მოღვაწის პეტრე იბერის იდენტობის საკითხი წამოაყენა მსოფლიო მეცნიერებაში. მისგან დამოუკიდებლად ამავე დასკვნამდე მივიდა ცნობილი ბელგიელი მეცნიერი ერნესტ ჰონიგმანი 1952 წელს, რის შემდეგაც ამ თეორიას ეწოდა ნუცუბიძე-ჰონიგმანის თეორია.

ამრიგად, XX ს-ის დამდეგიდან დომინირებს აზრი, რომ არეოპაგიტული თხზულებები V ს-ის II ნახევარში ცნობილი ნეოპლატონიკოსის პროკლე დიადოხოსის გავლენით უნდა შექმნილიყო. ამ აზრის პარალელურად მაინც შესამჩნევია ცალკეულ მკვლევართა მცდელობანი, უფრო ადრეულ (პროკლეს წინარე) ეპოქას მიაკუთვნონ არეოპაგიტული შრომები. მაგალითად: სწორედ ჰ. კოხისა და ი. შტიგლმაირის შრომების გამოქვეყნების შემდეგ (სადაც მოცემულია ცდა არეოპაგიტულ ძეგლებზე პროკლეს გავლენის დასაბუთებისა) გამოიცა თვალსაჩინო მკვლევარის, ათენაგორას სამი შრომა, სადაც არეოპაგიტიკა კვლავ პროკლეს წინარე ეპოქისადმი (კერძოდ, დიონისე ალექსანდრიელისადმი) არის მიკუთვნებული. მეოცე საუკუნის 70-იან წლებში გამოქვეყნდა ვ. მიულერის ნაშრომი „დიონისე არეოპაგელი”, სადაც ხსენებული შრომები კვლავ წმინდა დიონისე არეოპაგელთან არის დაკავშირებული.

გამოკრიბა და დაამუშავა თინათინ მჭედლიშვილმა

 

 

 

 

სავედრებელი პარაკლისი

წმიდისა მღდელმოწამისა დიონისე არეოპაგელისა

სამოცდაათთაგანისა მოციქულისა და ბრძენთ-მთავრისა.

 

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა; და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიჴსენე დღეთა პირველთაჲ და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაჲ ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათჲს, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.

მუხლი 1. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.

მუხლი 3. არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი.

მუხლი 4. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.ითა ღმრთისაჲთა, მაღლით მამისა.

ტროპარი

სიტკბოებაი ისწავე შენ და ფრთხილ იყავ ყოველსა შინა და კეთილი გონებაი ღმრთივშუენიერად შეიმოსე, აღმოივსე ჭურისა მისგან რჩეულისა გამოუთქუმელნი საიდუმლონი, და სარწმუნოებაი დაიმარხე, და სწორი სრბაი მის თანა აღასრულე, მამაო წმიდაო დიონისე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ტროპარი; ხმაი 4

უზეშთაეს კაცთა ცნობისა ამაღლდა სიბრძნეი შენი, ღმერთშემოსილო, და ძალი მოძღურებათა შენთაჲ უფროჲს განბრწყინდა, რაჟამს გიწოდა შენ, ღმრთისა სიბრძნემან, ბრძენო, ნათელსა გამოუთქუმელსა წყუდიადისაგან, და საღმრთოჲთა ნათლითა განგაბრწყინვა, ღირსო დიონისე, უფროჲს ნათლისა მზისა, და ღმრთისმეტყუელისა თანა ენითა ცეცხლისაჲთა ჰქუხდი განცხადებულად ერთ არსებასა ღმრთეებისასა. აწ ევედრე მას, მონიჭებად სულთა ჩუენთა დღეს დიდი წყალობაჲ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობაჲ 1, უგალობდითსა, ჴმაჲ 7

ძლისპირი: წამის-ყოფითა, ღმერთო, ბუნებანი მდინარენი ზღუდედ აღამაღლენ, და მას შინა განიყუანე ერი ისრაელთა ხმელად, და გიგალობდეს გალობასა ძლევისასა.

წმიდაო მღდელმოწამეო დიონისე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

საღმრთოჲსა მის ნათლისა მცხინვარებითა, ქრისტე, აღავსენ საცნობელნი სულისა ჩემისანი, რაჲთა ღირსად შევამკობდე სახსენებელსა დიონისე ბრძენთ-მთავრისასა.

წმიდაო მღდელმოწამეო დიონისე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ითხოვე ქრისტეისაგან, ღმერთშემოსილო მამაო, მოავლინოს ჩუენ ზედა მადლი სულისაჲ, ვითარ პირველ საღმრთოთა ქადაგთა ზედა, რაჲთა ვაქებდეთ დღესასწაულსა შენსა.

წმიდაო მღდელმოწამეო დიონისე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

უმეცარ იყავ ღირსო, გზათა სიმართლისათა, და მიწევნულ სიბრძნესა ხორციელებრსა, ბრძენო, ხოლო მყის შესცვალე სახე იგი პირველი და მისწუეთ საღმრთოსა მას სიბრძნესა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სიტყუაო მამისაო, ქრისტე, დაუსაბამოო, შენ გიცნა დიონისე ბრძენთმთავარმან, და შენ შეგიდგა, სახიერ, ვითარცა კრავი უბიწოჲ, კუალსა მწყემსისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

რომელი კარავ-ექმენ ღმრთისა სიტყუასა, მარიამ, და შენ მიერ ღმერთი კაცთა შორის იხილვა, განცვიფრებულ იქმნა დიონისე, ოდეს იოვანე ღმრთისმეტყველისა თანა გიხილა, ყოვლადწმიდაო, და ცხადად ხედვიდა ღმრთეებრივი ძალსა და მადლსა შენსა.

გალობა 3, განძლიერდასა

ძლისპირი: ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, ყოვლისა დამბადებელო, რომელმან სიტყჳთ დაამყარენ ცანი მაღალნი ყოვლით ძლით მათით, და სულითა მით საღმრთოჲთა, დაგუამტკიცენ ჩუენ ერთობით, კლდესა ზედა სარწმუნოებისასა.

წმიდაო მღდელმოწამეო დიონისე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ძლეულ იქმნა ყოვლითურთ უძლური ძალი მფლობისაჲ და განძლიერდა ეკლესიაჲ, რაჟამს ესხურა საღმრთოჲ სისხლი უბიწოისა კრავისა, რომელი დაიკლა ჩუენთჳს, და გაშუენდა სახედ ძოწეულისა.

წმიდაო მღდელმოწამეო დიონისე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ეკალთა უნაყოფოთა მშობელთაგან ურწმუნოთა, ვითარცა რაჲ ვარდი გამოჩნდი ბნელსა შინა, წყუდიადსა განჰბრწყინდი, ბრძენო, ვითარცა მზე სამყაროსა, ნათლითა სამებისაჲთა, და ჰნათობ ცის-კიდეთა, ნეტარო დიონისე.

წმიდაო მღდელმოწამეო დიონისე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

უფსკრულსა გარეშესა სიბრძნისასა შეხუედ, ბრძენო, და ჰღელევდ მას შინა მიუწდომელად, რომლისაჲცა იცან სიბრძნჱ ღმრთისა მამისაჲ, სიტყუაჲ დაუსაბამოჲ, და მოსწრაფედ შეუდექ მას.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ნათელო დაუსაბამოო, ქრისტე, რომელი ხარ ბრწყინვალებაჲ ღმრთისა მამისაჲ, შენ გონიერ ჰყავ საღმრთოჲთა სიბრძნითა, დიონისე ნეტარი, და გიცნა შენ უცნაური, ღმერთი მხოლოჲ დაუსაბამოჲ, მჴსნელი ჩუენ ყოველთაი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მჴსნელო ჩუენო, ვედრებითა მშობელისა შენისაჲთა მშჳდობაჲ სოფელსა მოჰმადლე, და ძლევაჲ მტერთაი ჯუარითა მოეც ერსა ჩუენსა ღმრთისმოყუარესა მტერთა ზედა ურწმუნოთა, და შენდობასა ღირს-მყვენ მორწმუნენი.

გჳჴსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი შემდგომად ღმრთისა შენდა მოჳვლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, კაცთმოყუარე, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტჱსმოყუარისა მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს).

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქისა, მცხეთათბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტჱს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა შეიწყალოს მონა ანუ მჴევალი (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით). განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იჴსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ჴორცთაჲსა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართმადიდებელთა ქრისტეანეთათჳს.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ. (3-გზის).

მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

წარდგომა, ჴმა 8

იხარებს ეკლესიაი დღესასწაულსა ამას ღმრთივბრწყინვალესა და ზეცისა ძალნიცა უხილავად გალობენ ძნობითა, და ბანაკი ღირსთა მამათა და მოციქულთაჲ იხარებს, რომელი აღივსო შენ-მიერ, ღირსო დიონისე, და წმიდათა მწყობრი განშუენდების შენ მიერ, და ჩუენცა მოქადულნი შრომათა შენთათჳს გევედრებით, ღმერთშემოსილო, ცოდუათა მოტევებაჲ გვითხოვე ქრისტესგან, სურვილით მედღესასწაულეთა წმიდისა ჴსენებისა შენისათა.

გალობაჲ 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: ქრისტე ღმერთო, რომელმან არა დაუტევენ წიაღნი იგი მამულნი ზეცად, და გარდამოჰხედ ქუეყანად. სმენაჲ შენი მესმა მე, და ქებით ვადიდებ ძალსა შენსა.

წმიდაო მღდელმოწამეო დიონისე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

თანაარსი და თანასწორ ორთა მათ ცხოველთაჲ მამისა და სულისაჲ მოწევნასა ჟამსა საცნაურ იქმენ შენ, ქრისტე, და მოხუედ ცხოვრებად ცხებულთა შენთა.

წმიდაო მღდელმოწამეო დიონისე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

მაცხოვრისა ნეფსით ვნებასა და სამყაროჲსა მნათობთა დაბნელებასა, ნეტარო დიონისე, განჰნათლდ გონებითა, და იცან ღმერთი დაუსაბამოჲ.

წმიდაო მღდელმოწამეო დიონისე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

თჳსთა ნეფსით მოხუედ ვნებად ჩუენ ვნებულთათჳს, ქრისტე, ბუნებით უვნებელო, რომელიცა ბრძენთმთავარმან დიონისე გიცნა,მხოლოჲ ვნებული და უვნებელი.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

აღასრულე განგებულებაჲ ჴსნისა ჩუენისაჲ, ჟამითურთ ღმრთისა სიტყუაო, რომლითა მოიზიდე, ოდესმე განდგომილი დიონისე მოწაფედ შენდა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჭეშმარიტო ღმრთისა დედაო, ევედრე ძესა შენსა დამბადებელსა, რაჲთა მიმიძღუეს ჩუენ ნავთსადგურად მყუდროდ და განმარინნეს დანთქმისაგან ცოდვათა ჩუენთა.

გალობა 5, ღამითგანსა

ძლისპირი: სული მაცხოვარებისაჲ, უფალო, რომელ-იგი მიუდგა გულსა შინა პირველთა წინაჲსწარმეტყუელთასა და იშვა ქუეყანასა, მან მაუწყა ჩუენ მოსლვაჲ შენი ქუეყანად მორწმუნეთა ცხორებად, და აწ განათლებულნი გალობით გადიდებთ.

წმიდაო მღდელმოწამეო დიონისე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ვითარცა პირველ იხილა ესაია, ღმერთი საბაოთი საყდართა ზედა, ეგრეთვე შენცა, ღირსო დიონისე, იხილე უხილავი და ჰქადაგე დაუცხრომელად.

წმიდაო მღდელმოწამეო დიონისე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

აღიარე ჴმამაღლად, ბრძენო, სიტყუაჲ ღმრთისაჲ გარდამოსრული ღმრთეებითა თჳსითა, და ჯუარსა ზედა ჩუენთჳს ვნებული, რომელმან განკურნა ვნებანი ჩუენნი.

წმიდაო მღდელმოწამეო დიონისე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ნისლი უმეცრებისაჲ განაგდე, ღმერთშემოსილო, რაჟამს გამოგიბრწყინდა ნათელი ღმრთისმეცნიერებისაჲ, მზე იგი სიმართლისაჲ. განჰნათლდი გონებითა და განჰბრწყინდი სულითა ღმრთისაჲთა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

რომელმან მეთევზურნი მოციქულად აღრაცხენ, ქრისტე, და მეზუერენი მახარებელად, შენ უწოდე დიონისეს, და ჰყავ იგი მოწაფედ შენდა, მჴსნელო.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ცანი და ქუეყანაჲ განათლდეს შენ მიერ, უქორწინებელო დედაო იესუჲსო, რამეთუ გამოგჳბრწყინვე შენ ნათელი დაუშრეტელი, ღმერთი ყოველთაჲ, რომელმან ბნელსა შინა შეყენებულნი მიჴსნნა და ზეცისა სასუფეველისა მკჳდრად გჳჩინნა.

გალობა 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: დანთქმული ღელვათა სოფლისა ამის განსაცდელთა ნავითა ცოდვისაჲთა შთავრდომილი და მიგდებული მჴეცსა სულთა მომსრველსა, გიღაღადებ: ვითარცა იონა განჴრწნისაგან და სიკუდილისა მიჴსენ, ქრისტე.

წმიდაო მღდელმოწამეო დიონისე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

საცთურთა სიღრმეთაგან, ვითარცა იონა უფსკრულთაგან, აღმოიყვანე მჴსნელო, დიონისე ღმერთშემოსილი, და სამწყსოსა შენსა ასწავებდი გზასა უცთომელსა, ზეცად აღმყუანებელსა. აწ ჩუენცა დაგვიფარენ მწვალებელთა თანა ლოცვისაგან.

წმიდაო მღდელმოწამეო დიონისე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

აღეგზენ შურითა მით საღმრთოჲთა, წმიდაო, და მოსწრაფედ შეუდეგ რაი ქადაგსა მას მადლისასა, ნეტარსა პავლეს, მრავალნი მოაქციე ქრისტეს სარწმუნოებასა ზედა და სულნი მათნი იხსენ წარწმედისაგან.

წმიდაო მღდელმოწამეო დიონისე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

შენ, სიტყუაო ღმრთისაო, რომელმან უწოდე პავლეს, და ჰყავ ჭურად რჩეულად, მის მიერ განანათლე დიონისე, და შეჭურვე სწავლათა მიერ საღმრთოთა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

საჲდუმლოდ და უცნაურად ეჩუენა ოდესმე სინას ღმერთი მაღალი  მოსეს და ზრახვიდა უხილავად, მცნებათა შჯულისათა, რომელი ქადაგა დიონისე, მორწყნა რაი გულნი უმეცართანი, და მოიყვანნა ღმრთის მეცნიერებად.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წინაჲსწარ მოასწავა საიდუმლოჲ შენი, ქალწულო, პირველ კიდობანმან შჯულისამან, შემწყნარებელმან საღმრთოთა წერილთამან, და ტაკუკმან ოქროჲსამან, სამკჳდრებელმან მანანაჲსამან და კუერთხმან.

გჳჴსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი შემდგომად ღმრთისა შენდა მოჳვლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

კონდაკი.

ზეციერნი ბჭენი წიაღ-ვლენ სულითა, და დაემოწაფე რაი ზესთა სამთა ცათა აღწევნულსა მოციქულსა, დიონისე, გამოუთქუმელისა ცნობისა მიერ განმსდიდრდი, და განაბრწყინვენ ბნელსა შინა უმეცრებისასა მსხდომარენი, ამისთვის გიღაღადებთ შენ: გიხაროდენ, მამაო ყოვლადსაკვირველო.

სხუაი კონდაკი

ბუნებათა უაღრეს აღმაღლდი, ბრძენთ-მთავარო, ვითარცა მოსე მთასა ზედა სინასა, და მსგავსად მისა შეხუედ ნისლსა შეუხებელსა, და არაჲ დაიფარე მისგან, არამედ განჰბრწყინდი ცის კიდეთა, წმიდაო მღდელმოწამეო დიონისე, და მრავალთა უწოდე ბნელთაგან ნათელსა.

იკოსი

მარტვილობასა შენსა ზედა უხარის პავლეს, რომელი იყო სავლე – მდევარი ქრისტეს ეკლესიათა და მორწმუნეთა, და იქმნა რაი მოძღუარი შენი ქრისტესმიერითა შჯულითა, ერთობით ქადაგებდით და მოაქცევდით რაი მრავალთა წარმართთა და ჰურიათა, აწ მარტვილობისა და მოციქულობისა გვირგვინითა შემკულნი ერთობითა იხარებთ წინაშე ყოვლადწმიდისა სამებისა და მეოხ-ხართ დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომაი, ხმაი 7

იხარებდეს მართალნი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას.

მუხლი: შეისმინე, ღმერთო, ხმისა ჩემისაი.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარებაი, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა 

მღდელმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელმან: მოხედენ.

სახარება მათესი

ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: აჰა მე მიგავლინებ თქუენ, ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა, იყუენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი და უმანკო, ვითარცა ტრედი. ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდნენ თქუენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ. და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყუანნეს თქუენ ჩემთვის საწამებელად მათდა და წარმართთა. და რაჟამს მიგცნენ ნუ ზრუნავთ ვითარ, ანუ რასა იტყოდეთ, რამეთუ არა თქუენ იყუნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაი, რომელი იტყოდეს თქუენ შორის, რამეთუ მისცეს ძმამან ძმაი სიკუდილად და მამამან შვილი, და აღსდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკლვიდნენ მათ და იყუნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათვის, ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ჰსცხონდეს.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა ყოვლად ქებულისა მღდელმოწამისა დიონისე არიოპაგელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღხოცე უსჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: ჭეშმარიტად გამოსჩნდი მწყემსად საკჳრველად, და სამწყსოჲ შენი შეზღუდე რაი მოციქულთა და მღდელთმოძღუართა მიერ განსაზღვრებულითა კანონითა, სწავლითა საღმრთოჲთა განამდიდრენ და შესწირე თავი თვისი ქრისტესა ღმერთსა, აწ გვითხოვე დაცვაჲ ეკლესიისა ჩუენისაი შეუძრველად, სიმტკიცჱ მორწმუნეთა და ამაღლებაჲ რქისა მათისაჲ მწვალებელთა ზედა, მშჳდობაჲ სოფელსა და დიდი წყალობაჲ მოსავთა შენთა.

მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისა და ვაზისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა; წმიდისა წინასწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლადქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლესითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათასითა; წმიდისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოისითა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა მთავარმოწამისა ძლევაშემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულმოწამეთა ეკატერინე, ბარბარე და მარინეისითა; წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისა და წმიდისა დიდისა მოწამისა აბო ტფილელისაითა; წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინეისა; ბიძინა დაჭრილისა და შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდათა ათთაბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთა და წმიდისა დიდებულისა მოწამისა შალვა ახალციხელისაითა;ღირსისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარად მფარველთა მისთა და წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთაითა; ღმრთივგანბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა და გრიგოლ ხანძთელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანესი, გაბრიელისა, იოვანეთორნიკისა, ეფთვიმისა და გიორგისაითა; წმიდათა კეთილმორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, აშოტ კურაპალატისა, დავით აღმაშენებელისა და სოლომონისაითა; წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისითა, წმიდათა კეთილად მძლეთა მეფეთა და დედოფალთა ჩუენთა: არჩილ, ლუარსაბ, დემეტრე, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდისა ილია მართლისა, და ექვთიმე ღმრთისკაცისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანეისი და გიორგიიოანე ბეთანიელთა და ექვთიმე აღმსარებლისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსარებელისა და სალოსისა და წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობელისა იოაკიმ და ანნაისითა; წმიდისა და დიდებულისა ქრისტეის სამოცდაათთაგანისა მოციქულისა, მღდელმოწამისა დიონისე არიოპაგელისა, და ყოველთა წმიდათა შენთაისა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.                         

გუნდი: ამინ.

გალობა 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ყრმათა ბაბილონს საჴუმილსა მას შინა ცუარი ეცურია ზეგარდამოჲ. ღმრთისა მიერ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ-ხარ, უფალო მამათა ჩუენთაო, ღმერთო უკუნისამდე.

წმიდაო მღდელმოწამეო დიონისე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ვითარცა ჴმა ყო ნესტუმან ეკლესიათამან და ქრისტეს ქადაგმან პავლე, შეიწყნარე ქადაგებაჲ მისი, ნეტარო დიონისე ღირსო, და ისწავენ მისგან საჲდუმლონი საღმრთონი.

წმიდაო მღდელმოწამეო დიონისე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

აღახილენ რაჲ სულისა თუალნი, ღმერთშემოსილო, იცან მადლი იგი, დიონისე, და განჰნათლდი მის მიერ წყლითა და სულითა მხოლოდ-შობილისაჲთა, და თანაწარხედ სოფლიოჲსა ამის განხრწნადთა საქმეთა.

წმიდაო მღდელმოწამეო დიონისე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

მხოლოდშობილო ქრისტე, ღმრთისა სიტყუაო დაუსაბამოო, შენ მიერ განძლიერდა დიონისე, და მადლითა შენითა ჰმწყსიდა სამწყსოთა შენთა, რომელნი მოისყიდნე საღმრთოჲთა სისხლითა შენითა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ნესტუად ეკლესიათა იწოდე, ნეტარო დიონისე, და საფუძველ სარწმუნოებისა მსგავსად თავისა მის მოციქულთაჲსა, მამაო, და მაღლით მოგეცა ჴელმწიფებაჲ შეპყრობად და განტევებად ყოველთა ბრალეულთა ქუეყანისათა, ვითარცა მღდელთმთავარსა დიდსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გიხაროდენ შენ, ასულო ადამისო, გიხაროდენ, სძალო ღმრთისაო, გიხაროდენ, მშობელო მაცხოვრისაო, რომელმან დაიტიე შემოქმედი შენი, აწ  მეოხ-გუეყავ და განჰკურნენ წყლულებანი სულისა ჩუენისანი.

გალობა 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: შეუწუელმან მაყუალმან სინას აუწყა ღმერთი მოსეს, ჴმითა წულილსა და ენა-მძიმესა, და შურმან საღმრთომან ყრმანი იჴსნნა საჴუმილისაგან და გალობით ღაღადებდეს: ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღმერთსა და უფალსა, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

წმიდაო მღდელმოწამეო დიონისე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ბნელი უმეცრებისაჲ განაქარვე ქუეყანით, სახიერ, და ნათელი ჭეშმარიტი ღრმთისმეცნიერებისაჲ გამოაბრწყინვე მას შინა, შენვე უწოდე, მჴსნელო, დიონისე ღირსსა, და გონებაჲ მისი განანათლე.

წმიდაო მღდელმოწამეო დიონისე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

უხდებოდე ოდესმე, ჭეშმარიტებასა, ნეტარო, ვითარცა იგი პირველ იანე და იანბრე, წინაშე პირსა მოსესსა, ხოლო რაჟამს გიწოდა მადლმან საღმრთომან, ბრძენო, შეუდეგ ქრისტეს მცნებათა.

წმიდაო მღდელმოწამეო დიონისე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

კლდედ სარწმუნოებისად იწოდე და არედ ქუხილისად, დიონისე ბრძენო, და მღდელთმთავარ ექმენ ქალაქსა ბრძენთასა, ღირსო, და სიღრმესა უმეცრებისასა დანთქმულნი ნათლად აღმოიყვანენ სწავლითა შენითა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

დასთხიე რაი სისხლი შენ ქრისტესთვის, საშუებელი იგი საუკუნოჲ ბრწყინვალჱ დაგიმკჳდრა დასთა თანა მამათმთავართასა, მოციქულთა კრებულისა და სულთათანა მართალთასა, და მათ თანავე მოიღე დიდებაჲ და პატივი საუკუნოჲ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სამთა მათ ყრმათა ბაბილონს საჴუმილსა შინა სამებასა თაყუანის-სცეს და შეურაცხ-ყვეს ხატი იგი ოქროჲსაჲ, და ცუარითა სხურებულნი გალობით ღაღადებდეს: ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღმერთსა და უფალსა, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

გალობა 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: მტჳრთველმან გამოუცდელმან უხრწნელებისამან, სიტყუასა დამბადებელსა ავასხა ბუნებათა. მოვედ, უბიწოო ქალწულო, ღმრთისმშობელო, შენგან შობილსა თანა მასწავე მორწმუნეთა, რაჲთა ღირს ვიქმნეთ ჩუენ დიდებად შენდა.

წმიდაო მღდელმოწამეო დიონისე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

დაუტევე აჩრდილი წესისა ღმრთისაჲ და სოფლისა სიბრძნესა უწოდე ნაგევ, რაჟამს შეხუედ, ბრძენო, გამოუკულეველსა მას, უფსკრულსა ზესკნელისასა, და ჰღელევდი დაუნთქმელად და ჰქადაგე დიდებაჲ სამებისაჲ.

წმიდაო მღდელმოწამეო დიონისე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

საღმრთოითა შურითა ემსგავსე პავლეს, მოძღუარსა შენსა, ნეტარო, და ღმრთისმეტყუელითა ენითა დასწერენ, ვითარცა კალმითა სწავლანი სულიერნი, და მოგჳთხრენ სამებისა თჳთნებანი, განუყოფელად და შეურევნელად.

წმიდაო მღდელმოწამეო დიონისე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

თუალთა წინაშე გაქუნდა, ქრისტე, ხორცითა ჯუარცმული, პავლეს თანა ხმობდი დიონისე, ჭეშმარიტად ღმრთისა ძალი არს და ღმრთისა სიბრძნეი, სიტყუაჲ დაუსაბამოჲ, ღმერთი ღმრთისაგან შობილი, და კაცთა ხსნისათჳს განკაცებული.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ენისაგან უღირსისა კნინი ესე შესხმაჲ მიიღე აწ, მღდელთმთავართ მოძღუარო დიონისე, და გვითხოვე, წმიდაო, მოტევებაჲ ცოდვათაჲ, ძლევაჲ მტერთაი, და დამტკიცებაჲ ეკლესიათაჲ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ძუელი შჯული მოგასწავებს, ქალწულო წმიდაო, და ახალი აღგიარებს ღმრთისმშობლად, უსძლოო, და ჩუენ მორწმუნენი სარწმუნოებით ვიტყჳთ: მშობელო სიტყჳსაო, ვედრებად ნუ დასცხრები ღმრთისა მიმართ მოსავთა შენთათვის.

ღირს არს ჭეშმარიტად რაჲთა გადიდებდეთ შენ, ღმრთის-მშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელი აკმევს, მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:

დასაბამად ყოვლისა სიტყჳსა აღმოვთქუათ, ერნო, დიდებაჲ მხოლოჲსა მეუფისაჲ, რომელმან მოსცა შჯული ერსა მას უშჯულოსა, და დიდებულ ყო პირი მოსესი, მჴსნელმან, მანვე განაბრწყინვა სულითა ბრძენთ-მთავარი დიონისე, და ჰყო რჩეულ სამკჳდრებელად თვისა, ამისთვისცა მეოხ ვჰყოთ წინაშე მისა, რაითა განჴსნას კრულებაჲ ბრალთა ჩუენთაჲ ქრისტემან, და ოხითა მისითა ღირს გვყოს სასუფეველსა თვისსა.

უზეშთაეს ცნობათა და ზეშთა სიტყჳსა, გამოჩნდა ქებაჲ შენი, სანატრელო დიონისე, რამეთუ გადიდა ქრისტემან ღმერთმან, სუფევითა, ნეტარო, რამეთუ ორკერძოჲთვე სიბრძნითა ღირსად შეგამკო, მთავარო ბრძენთაო, და შენ მიერ წარწყმიდა სიბრძნეჱ სოფლისა ბრძენთაჲ, და მეცნიერებაჲ მეცნიერთაჲ დაანთქა, დიდო მღდელთმთავარო დიონისე, აწ, მეოხ გუეყავ ჩუენ წინაშე ყოვლადწმიდისა სამებისა, რაითა მოგვანიჭოს ჩუენცა სიბრძნეი კეთილისა და ბოროტის განრჩევისაი, და მოგვცეს ძალი მიტევებისაი.

ღუაწლითა შენითა მოციქულნი იქადიან, მამანი იხარებენ, ანგელოზნი იშუებენ, და მოღუაწენი განმრავლდებიან, ხოლო მღდელმთავარნი და ყოველი ერი ქრისტეის მორწმუნეი ხსენებასა შენსა ვდღესასწაულობთ, ნეტარო, და შეუვრდებით სიწმიდის მოყუარობასა შენსა, რაითა ოხითა შენითა მოგვმადლოს ქრისტემან ღმერთმან სული მოთმინებისაი და სიწმიდისაი, და მოგვანიჭოს შენებრი მხურვალებაი სარწმუნოებისაი, ძმებრივი სიყუარული მოყუასისაი და საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი.

რაჟამს გერწმუნა, ღირსო, წამისყოფითა მით საღმრთოჲთა, საყდარი მწყემსობისაჲ ათენსა, ძალი საღმრთოჲ დაადგრა შენ თანა, მამაო, და დაინთქა რაი წარმართთა იგი სიბრძნჱ უფსკრულსა მას მოძღურებისა შენისასა, ყოვლად ნეტარო, სიცბილსა მათსა ჰბასრობდი, ღმერთშემოსილო, სულისა წმიდისა მადლითა,  რომელიცა მკჳდრ იყო შენთანა, და წარგკვეთეს რაი თავი ორთა მათ თანამოღვაწეთა თანა, აწ ერთობითა მეოხ ხართ ჩუენთვის წინაშე ღმრთისა, და ჰკურნებთ სენთა და მრავალსახეთა სალმობათა და მსწრაფლ შეეწევით სულთაგან არაწმიდათა შეპყრობილთა.

გხედვიდა რაი ბრძენი დიონისე, ქრისტეს დედასა, ვითარცა ღმრთეებრივითა ნათლითა გაბრწყინებულსა დედოფალსა, ღმრთებრივითა შუენიერებითა შენითა მოწყლული გევედრებოდა შეწევნასა წინაშე ძისა შენისა და მაცხოვრისა, აწ ჩუენცა შეგვეწიე და მოვიდეს რაი ძეი შენი განჰსჯად ყოვლისა სოფლისა, მეოხ-გვეყავნ წინაშე მისსა, რაითა განგვხადოს საღმრთოისა მშჯავრისა საშინელებაი უშჯულოებისა ჩუენისათვის და ურცხვენელითა პირითა აღვიმსთოთ გალობად ყოვლადწმიდისა სამებისა:

მღდელი: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მჴევალთა) ღმრთისაჲთა და ყოველთა შჳლთა ჩუენისა ეკლესიისაჲთა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე ეკლესიაჲ და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახჳლისა, უცხოთესლთა ზედა მოსლჳსაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარეწარაქციოს რისხვაჲ, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, მღდელმოწამეთა შორის ფრიად საჩინოო დიონისე, მწყემსო ჭეშმარიტო ქრისტჱს სამწყსოთაო და დიდო წინამძღუარო მამათაო, ეკლესიისა მნათობო და გვირგვინო მოციქულთაო, მართლმორწმუნეთა წინამძღუარო და სიქადულო მღდელმთავართაო, ღუაწლთა შინა მყოფთა შესავედრებელო და ძალო სარწმუნოებითა შენდამი შევრდომილთაო!

ჰოი, წმიდაო პირველ-მღდელთმთავარო ათენისაო დიონისე არეოპაგელო, ქრისტეს მოძღურებისა განმტკიცებითა შემწედ უძლეველად და სუეტად გამოსჩნდი შენ ეკლესიისად და წინამბრძოლად სარწმუნოებისად, და  შემდგომად მარტვილობისა შენისა სუფევ რაი წინაშე ღმრთისა, აწ  გაქუს კადნიერებაი წინაშე მისა, რაითა წყალობითა მოხედოს დედისა თვისისა წილხვდომილსა ერსა ჩუენსა, საუფლოისა ჯუარისა მტვირთველსა ქუეყანასა ზედა, და დაიცვას მტერისა საფრხისა და ძმათა შუღლისაგან, რამეთუ მთავარნი ამა სოფლისანი იღუწიან განხრწნასა ჩუენსა და შთათხევასა უფსკრულსა შინა ბიწიერებისა და დაღუპვისასა, ხოლო ჩუენ ვეძიებთ ღონესა განრინებად მძლავრებისაგან მათისა და ვესავთ უფალსა ჩუენსა და მაცხოვარსა, რაითა აღგვაორძინოს და განგვამრავლოს და აღგვავსოს სულითა სიბრძნისაითა, ურთიერთსიყუარულისა და საღმრთოისა გულისხმისყოფისაითა, და მოგუანიჭოს სიწმიდითა ცხოვრებისა სიყუარული და გულისა შემუსრვილებაი. მსახურებასა და მოღუაწებასა შინა განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოის კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფეი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, ყოველნი სამღდელო და სამონაზვნო წესნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი. განანათლე ქრისტეისმოყუარე მთავრობაი და მხედრობაი მისი დაიცვენ პატიოსნითა მეოხებითა შენითა.

ჵ, წმიდათა შორის დიდებულო და მამათა შორის კეთილმსახურებითა განბრწყინვებულო, ყოვლადსაკჳრველო მღდელთმთავარო დიონისე,  აწ ნუ უტევებ ბოროტისა განმზრახთა ეშმაკთა ცთუნებად ჩუენდა, არამედ განხადენ იგინი მარტვილებრივითა კადნიერებითა შენითა და გვითხოვე ქრისტეის ღმრთისაგან, რაითა მოიხილოს ჩუენ ზედა, რომელთა არა გუაქუს სიტყჳსგებაჲ წინაშე მისა და მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაჲ, სამღდელოთა პატიოსნებაჲ, მთავართა კეთილად მწყსაჲ ერისაჲ, მჴედართა მამაცობაჲ, ერისაგანთა უცოდველობაჲ და დედათა კრძალულებაჲ, ხოლო ჩუენ აღგვიდგინოს ღმრთისმოსაობაჲ, სიმართლისმოყუარებაჲ, მრავალშვილიანობაჲ, და ქვრივ-ობოლთა შეწყალებაჲ. მოგვანიჭოს სიწმიდით ცხორებისა სიყუარული, უჯეროთა საქმეთა სიძულვილი და გულისა შემუსრვილებაჲ, წმიდათა თანა გჳრგჳნოსნებაჲ და ცათა სასუფეველისა დამკჳდრებაჲ, რაჲთა ჩუენცა შენ თანა ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ

მღდელმან: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

გუნდი: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგჳწყალენ. (3-გზის). გუაკურთხენ.მღდელმან: ჩამოილოცოს.

გუნდი: ამინ.

 

ერისკაცმან: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა, მადლითა და ლოცვითა ღირსმოწამისა მამისა ჩუენისა დიონისე არეოპაგელისათა  და ყოველთა წმიდათათა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.

ხატისა მისისა მთხვევასა ზედა ვგალობთ ესრეთ:

 

 

სრულ-ჰყავ რაჲ სრბაჲ შენი და მიიცუალე წინაშე ღმრთისა,

ზეგარდამოჲთა ნათლითა ჰბრწყინავ, მამათმთავარო დიონისე, და საღმრთოჲთა ძალითა კურნებასა მიჰმადლებ სულთა და ჴორცთასა, ვინაჲცა ამბორს-უყოფთ ხატსა ამას სიწმიდისა შენისასა და გევედრებით უვნებელად დაცვასა ყოველთაგან განსაცდელთა სულიერთა და ჴორციელთა და ღირს ყოფასა სასუფეველსა თვისსა.

დედოფალო მარიამ, მოგუხედენ სარწმუნოებით ამბორისმყოფელთა პატიოსანისა ხატისა მამისა ჩუენისა, წმიდისა დიონისე არეოპაგელისათა, რომელი ეგე იქმნა შუენიერებაჲ ეკლესიისაჲ, და მადლი მისი და წყალობაჲ შენი თანამავალ-მეყავნ ჩუენ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.

 

მიქაელ მოდრეკილის განგების გამოყენებით შეადგინა: თინათინ მჭედლიშვილმა