წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი)
3 (16) იანვარი
წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი) დაიბადა 1863 წლის 3 იანვარს. სულ პატარას გარდაეცვალა მამა, სიმონ თაყაიშვილი, ხუთი წლისას კი – დედაც. სამიოდე წლისა ხიდან გადმოვარდა და ფეხი მოიტეხა; წესიერი ექიმი ვერ გამოუძებნეს და სამუდამოდ დაკოჭლდა.
შვიდი წლის ექვთიმე ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში შეიყვანეს. ამ სკოლაში საღმრთო სჯულს ასწავლიდა ცნობილი პედაგოგი დეკანოზი სიმონ ქიქოძე, გამოჩენილი ქართველი მოღვაწის წმიდა გაბრიელი ეპისკოპოსის ძმა. სიმონ ქიქოძემ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ექვთიმეზე. იგი მოსწავლეებს უკითხავდა ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და სხვა ქართველ მწერალთა ნაწარმოებებს, ასწავლიდა ლექსებს.
ოზურგეთში სწავლისას დაუახლოვდნენ ერთმანეთს ექვთიმე თაყაიშვილი და შემდგომ ცნობილი მეცნიერი ნიკო მარი. ეს ნაცნობობა შემდეგ დიდ მეგობრობაში გადაიზარდა.
ექვთიმე ოზურგეთიდან ფოთის სამაზრო სასწავლებელში გადაიყვანეს, შემდეგ კი ქუთაისის გიმნაზიაში. 1883 წ. გიმნაზიას ამთავრებს და პეტერბურგში მიემგზავრება უნივერსიტეტში სასწავლებლად. აქ ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის მსმენელად ჩაირიცხა. 1887 წ. დაამთავრა უნივერსიტეტი და საქართველოსკენ გამოემართა. საქართველოში მასწავლებლობას იწყებს. ასწავლის ბერძნულ და ლათინურ ენებს, ისტორიასა და გეოგრაფიას. 1887-94 წლებში თბილისის სათავადაზნაურო სკოლასა და კლასიკურ გიმნაზიაშია. 1894-1904 წლებში განაგებს სათავადაზნაურო გიმნაზიას.
ექვთიმე თაყაიშვილი მთელი გატაცებით აგროვებს საქართველოს სიძველეებს: ხელნაწერებს, არქეოლოგიურ მასალას, შინამრეწველობის ნიმუშებს. ცდილობს მათ მეცნიერეულ შესწავლა-დამუშავებას. დაუახლოვდა სახელგანთქმულ მეცნიერს დიმიტრი ბაქრაძეს და საბოლოოდ გადაწყვიტა ისტორიკოსობა – ეს კეთილშობილური, მაგრამ მძიმე საქმე. დიმიტრი ბაქრაძეს მაშინ დაუახლოვდა, როცა საქართველოს წარსულის ძეგლები მიმოფანტული იყო და განწირული დასაღუპავად. „იმხანად, – იგონებს ე. თაყაიშვილი, – უკვე გარკვეული მქონდა მუშაობის მთავარი მიზანი: რამდენადაც შეიძლებოდა და გარემოება ნებას მაძლევდა, შემეკრიბა მასალა საქართველოს ისტორია-არქეოლოგიისათვის; ყოველი ძალ-ღონე მეხმარა ძეგლთა დაღუპვისა და დაკარგვისაგან გადასარჩენად; რაც შეიძლება მეტი გამომემზეურებინა და მისაწვდომი გამეხადა მკვლევართათვის…“
წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი აქტიურად თანამშრომლობდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში“. ჯერ კიდევ სტუდენტი იყო ამ საზოგადოების გამგეობის წევრი. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მთელი ძალით შეუდგა „საზოგადოებაში“ მუშაობას. მოგზაურობდა ქვეყნის სხვადასხვა მხარეში და ეხმარებოდა სკოლებსა და სამკითხველოებს; აგროვებდა ძვირფას წიგნებს, სხვადასხვა სახის სიძველეებს, სიგელ-გუჯრებსა და ისტორიულ საბუთებს.
ექვთიმე თაყაიშვილმა 1907 წ. დააარსა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, რომლის თავმჯდომარეც იყო 1921 წლამდე (ემიგრაციაში წასვლამდე), ეწეოდა ფართო არქეოლოგიურ საქმიანობას. მისი ხელმძღვანელობით გაითხარა წინაქრისტიანული ხანის სასაფლაო დებედის ხეობაში, სოფ. ვორნაკში. დიდი ღვაწლი მიუძღვის ახალგორის განძის შეგროვაებასა და დაცვაში. კვალდაკვალ სდია ამ განძის შემსყიდველ-გადამყიდველებს; მოახერხა განძის უმეტესი ნაწილის თავმოყრა და კავკასიის მუზეუმში დაბინავება. მეტად მნიშვნელოვანი იყო ექვთიმე თაყაიშვილის მოგზაურობა სამხრეთ საქართველოში. პირველი ექსპედიცია 1902 წ. მოეწყო. მასში მონაწილეობდნენ ხუროთმოძღვარი სვიმონ კლდიაშვილი და ფოტოგრაფი ალექსანდრე მამუჩაიშვილი. შესწავლილი იქნა ახალციხისა და ახალქალაქის, აგრეთვე არტაანისა და ოლთისის ოლქების არქიტექტურული ძეგლები. 1907 წ. ექვთიმე თაყაიშვილმა გამოიკვლია არტაანის ოლქის კოლას რაიონის ეკლესია-მონასტრები და დაამთავრა ოლთისის ოლქის ეკლესია-მონასტრების შესწავლა. ექსპედიციაში მასთან ერთად იყვნენ ხუროთმოძღვარი ალექსანდრე კალგინი და ფოტოგრაფი ედუარდ ლიოზენი. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ექვთიმე თაყაიშვილის მიერ 1917 წ. მოწყობილ ექსპედიციას. მათ შეისწავლეს ხახულის, ოშკის, ექექისა და სხვ. ტაძრები, ოთხთა ეკლესია, თორთუმის ციხე და სხვ. ექვთიმე თაყაიშვილმა აღმოაჩინა და გადმოიღო მრავალი ძვირფასი წარწერა. გაარკვია მანამდე უცნობი ზოგიერთი მონასტრის სახელი. შეისწავლა მოხატულობა, ჭედური ხატები, საეკლესიო ჭურჭელი, მინიატურები.
ექვთიმე თაყაიშვილი აქტიურად მონაწილეობდა თბილისის უნივერსიტეტის დაარსებაში. ყველა საორგანიზაციო საკითხი, უნივერსიტეტის წესდების შედგენიდან დაწყებული უმნიშვნელო წვრილმანებამდე, ექვთიმეს გარეშე არ წყდებოდა. იგი უნივერსიტეტის პირველი პროფესორი იყო. 1918 წ. 21 მაისს უნივერსიტეტის საბჭომ დირექტორის ხარისხი მიანიჭა.
1921 წ. საბჭოთა ხელისუფლების მოსვლის უმალ მენშევიკური მთავრობა ემიგრაციაში – საფრანგეთში წავიდა. მთავრობამ გადაწყვიტა, არავისთვის დაენებებინა საქართველოს სამუზეუმო ნივთები, ძვირფასეულობა, ქართველი ხალხის ეს დიდი შემოქმედების ნაყოფი. განძეულობის მეთვალყურედ ექვთიმე თაყაიშვილი დაინიშნა. განძეულობა გატანილი იქნა საფრანგეთში. 1921 წლიდან 1945 წლამდე ექვთიმე თაყაიშვილი საფრანგეთში იმყოფებოდა და ღირსებით ასრულებდა განძის მეთვალყურის მოვალეობას. მისი უდიდესი ნებისყოფისა და თავდაუზოგავი მცდელობის შედეგი იყო საქართველო საგანძურის დაცვა მეტად რთულ პირობებში. გაუძლო ინგლისისა და აშშ მუზეუმების შემოტევებს (მათ უნდოდათ განძის გარკვეული ნაწილი ეყიდათ. ინგლისის მუზეუმი სანაცვლოდ პირობას დებდა, დანარჩენი განძი უფასოდ შეენახა), გაუძლო მეორე მსოფლიო ომის საშინელ წლებს, როცა შეიძლებოდა გერმანელებს განძი ოკუპირებული საფრანგეთიდან წაეღოთ. ვერ გატეხა შიმშილმა, დამცირებამ, მეტად მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ და 1945 წ. მთელი განძი უკლებლივ ჩამოიტანა საქართველოში.
1945 წელს სამშობლოში დაბრუნებული მხცოვანი მეცნიერი წერდა: „ორიოდე წლის სიცოცხლე დამრჩენია და, საბედნიეროდ, ისევ სამშობლოში მიწევს… მოვახმარ ჩემზე დარჩენილი ვალის ბოლომდე მოხდას: ვეცდები, აღარც ერთი ჩემი ხელთ ნამყოფი თუ ჩემ მიერ დათვალიერებული ძეგლი აღარ დარჩეს გამოუცემელი, მით უმეტეს, რომ ბევრი მათგანი უკვე იმსხვერპლა დრომ“.
დრო მიდიოდა… წლები თავისას აკეთებდა… ღრმად მოხუცებული ექვთიმე სულიერ განსაცდელშიც იყო. ხელისუფლებას ყოველი ემიგრანტის მიმართ, როგორც ჩანს, გარკვეული ეჭვები ჰქონდა. მოხუცი ერთგვარ იზოლაციაში მოექცა, მაგრამ მაინც გულგაუტეხლად აგრძელებდა თავის საქმიანობას – იხდიდა ვალს ქვეყნისა და ხალხის წინაშე.
ექვთიმე თაყაიშვილი 1953 წლის თებერვალში გარდაიცვალა, განისვენებს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა ექვთიმე თაყაიშვილი წმიდანად შერაცხა და მას სახელად წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი უწოდა. 2003 წლის მაისში თბილისში წმიდა ექვთიმეს სახლ-მუზეუმი და სამლოცველო გაიხსნა. ექვთიმე ღვთისკაცის ხსენების დღედ დაწესდა 3 აინვარი.
„საკითხავნი ყმაწვილთათვის“, ტ. 6, თბილისი, 2002 წ.