ახალი აღთქმა
თავები 13–15
თარგმანი წმ. ექვთიმე მთაწმინდელისა
გამოცხადებაჲ
თავი 13
1და დავდეგ მე ქჳშასა ზედა ზღჳსასა და ვიხილე მჴეცი ერთი აღმომავალი ზღჳთ, რომელსა აქუნდეს ათნი რქანი და შჳდნი თავნი, და რქათა ზედა მისთა ათნი გჳრგჳნნი, და თავთა ზედა მისთა სახელნი გმობისანი.
2და მჴეცი იგი, რომელ ვიხილე, იყო მსგავსი ვეფხისაჲ, და ფერჴნი მისნი, ვითარცა დათჳსანი, და პირი მისი, ვითარცა პირი ლომისაჲ. და მისცა მას ვეშაპმან მან ძალი თჳსი და საყდარი თჳსი და ჴელმწიფებაჲ დიდი.
3და ერთი თავთა მისთაგანი, რომელი-იგი დაკლულ იყო სიკუდილდ, და წყლულებაჲ იგი სიკუდილისა მისისაჲ განიკურნა. და დაუკჳრდა ყოველსავე ქუეყანასა მჴეცისა მისთჳს.
4და თაყუანის-სცეს ვეშაპსა მას, რომელმანცა მისცა ჴელმწიფებაჲ იგი მჴეცსა მას; და თაყუანის-სცეს მჴეცსა და იტყოდეს: ვინ არს მსგავს მჴეცისა მის? ვინ შემძლებელ არს ბრძოლად მისა?
5და მიეცა მას პირი დიდადმეტყუელი და მგმობარი, და მიეცა მას ჴელმწიფებაჲ ყოფად ბრძოლისა ორმეოც და ორ თთუე.
6და აღაღო პირი თჳსი გმობად ღმრთისა მიმართ, გმობად სახელისა მისისა და სამკჳდრებელისა მისისა, და ცათა შინა დამკჳდრებულთა მათ.
7და მიეცა მას ბრძოლისაცა ყოფად წმიდათა მიმართ და ძლევად მათდა; მიეცა მას ჴელმწიფებაჲ ყოველსა ზედა ტომსა და ერსა, და ენასა და ნათესავსა.
8და თაყუანის-სცენ მას ყოველთა მკჳდრთა ქუეყანისათა, რომელთა სახელები არა დაწერილ არს დასაბამითგან სოფლისაჲთ წიგნსა მას ცხორებისასა კრავისა მის დაკლულისა.
9რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ.
10რომელსა აქუს ტყუეობაჲ, წარვალს ტყუეობად; რომელი მახჳლითა ჯერ-არს მისი მოკლვაჲ, მახჳლითა თჳსითა მოიკლას. აქა არს მოთმინებაჲ და სარწმუნოებაჲ წმიდათაჲ.
11და ვიხილე სხუაჲ მჴეცი, აღმომავალი ქუეყანით, და აქუნდეს რქანი, მსგავსნი კრავისა, და ზრახვიდა, ვითარცა ვეშაპი.
12და ჴელმწიფებასა პირველისა მის მჴეცისასა ყოველსა იქმნ წინაშე მისსა და ჰყოფდა ქუეყანასა და ყოველთა მკჳდრთა მისთა, რაჲთა თაყუანის-სცენ მჴეცსა მას პირველსა, რომლისა წყლულებაჲ სიკუდილისა მისისაჲ განიკურნა.
13და იქმნ სასწაულთა დიდთა, და რაჲთა ცეცხლი გარდამოჴდეს ზეცით წინაშე კაცთა.
14და აცთუნებს მკჳდრთა მათ, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა, სასწაულთა მათთჳს, რომელ მიეცნეს მას ქმნად წინაშე მჴეცისა მის, და ეტყჳს მკჳდრთა ქუეყანისათა, რაჲთა ქმნან ხატი მჴეცისაჲ მის, რომელსა-იგი აქუნდა წყლულებაჲ და ცხოვნდა მახჳლისგან.
15და მიეცა მას სული მიცემად ხატსა მას მჴეცისასა, რაჲთა იტყოდის ხატი მჴეცისაჲ მის და ქმნას. ყოველნი, რომელთა არა თაყუანის-სცენ ხატსა მჴეცისასა, მოიკლნენ.
16და ყვნეს ყოველნივე – მცირენი და დიდნი, და მდიდარნი და გლახაკნი, და აზნაურნი და მონანი, – რაჲთა მიიღონ ბეჭედი ჴელსა მათსა მარჯუენესა ზედა, ანუ შუბლსა ზედა მათსა.
17და რაჲთა არავის ჴელ-ეწიფებოდის სყიდად, ანუ განსყიდად, გარნა რომელთა აქუნდეს ბეჭედი სახელისა მჴეცისა მის, ანუ რიცხჳ სახელისა მისისაჲ.
18აქა არს სიბრძნე; რომელსა აქუს გონებაჲ, აღიპყარნ რიცხჳ იგი მჴეცისაჲ, რამეთუ რიცხჳ კაცისაჲ არს რიცხჳ მისი ექუსას სამეოც და ექუს.
გამოცხადებაჲ
თავი 14
1და ვიხილე, და აჰა კრავი იგი მდგომარე მთასა ზედა სიონსა, და მის თანა რიცხჳ ას ორმეოც და ოთხი ათასი, რომელთა აქუნდა სახელი მისი და სახელი მამისა მისისაჲ დაწერილი შუბლთა ზედა მათთა.
2და მესმა ზეცით ჴმაჲ, ვითარცა ჴმაჲ წყალთა მრავალთაჲ და ვითარცა ჴმაჲ ქუხილისა დიდისაჲ; და ჴმაჲ იგი, რომელი მესმა, ვითარცა მეათძალეთაჲ, რომელნი სცემდეს ათძალთა მათთა.
3და გალობდეს გალობასა ახალსა წინაშე საყდრისა და წინაშე ოთხთა მათ ცხოველთა და მღდელთასა. და ვერვინ შემძლებელ იყო ცნობად გალობისა მის, გარნა ას ორმეოც და ოთხნი იგი ათასნი სყიდულნი ქუეყანისაგან.
4ესენი არიან, რომელნი-იგი დედათა თანა არა შეიგინნეს, რამეთუ ქალწულ არიან; ესენი არიან, რომელნი შეუდგენ კრავსა მას, სადაცა ვიდოდის; ესენი იესუჲს მიერ სყიდულ არიან კაცთაგან შესაწირავად ღმრთისა და კრავისა.
5და არა იპოვა პირსა მათსა ტყუვილი, რამეთუ უბიწო არიან წინაშე საყდრისა ღმრთისაჲსა.
6და ვიხილე ანგელოზი მფრინვალე შორის ცისა და ქუეყანისა, და აქუნდა სახარებაჲ საუკუნოჲ ხარებად მკჳდრთა ქუეყანისათა და ყოველსა ერსა ზედა და ტომთა, და ენათა და წარმართთა.
7იტყოდა ჴმითა დიდითა: გეშინოდენ უფლისა და მიეცით მას დიდებაჲ, რამეთუ მოვიდა ჟამი სასჯელისა მისისაჲ, და თაყუანის-ეცით მას, რომელმან ქმნა ცაჲ და ქუეყანაჲ, და ზღუაჲ და წყარონი წყალთანი.
8და სხუაჲ, მეორე ანგელოზი შეუდგა მას და იტყოდა: დაეცა, დაეცა ბაბილონი იგი დიდი, რამეთუ ღჳნისა მისგან გულის-წყრომისა სიძვისა მისისა ასუა ყოველთა წარმართთა.
9და სხუაჲ ანგელოზი მესამე შეუდგა მას და იტყოდა ჴმითა დიდითა: რომელმანცა თაყუანის-სცეს მჴეცსა მას და ხატსა მისსა და მიიღოს ბეჭედი შუბლსა მისსა, ანუ ჴელსა მისსა,
10მანცა სუას ღჳნისა მისგან გულისწყრომისა ღმრთისა, რომელი-იგი წდეულ არს ურწყულად სასუმელსა მას შინა რისხვისა მისისასა, და იტანჯოს ცეცხლითა და წუმწუბითა წინაშე წმიდათა ანგელოზთა და წინაშე კრავისა.
11და კუამლი ტანჯვისა მისისაჲ უკუნითი უკუნისამდე აღვიდოდის, და არა აქუნდეს განსუენებაჲ დღე და ღამე, რომელთაცა თაყუანის-სცენ მჴეცსა მას და ხატსა მისსა, ანუ მიიღონ ბეჭედი სახელისა მისისაჲ.
12აქა არს მოთმინებაჲ წმიდათაჲ, რომელთა დაიცვნენ მცნებანი ღმრთისანი და სარწმუნოებაჲ იესუჲსი.
13და მესმა ჴმაჲ ზეცით, რომელი მეტყოდა, ვითარმედ: დაწერე: ნეტარ არიან მკუდარნი იგი, რომელნი უფლისა მიერ მოკუდენ ამიერითგან. იტყჳს სული: ჰე, რაჲთა განისუენონ შრომათაგან მათთა, და საქმე მათი შეუდგეს მათ თანა.
14და ვიხილე, და აჰა ღრუბელი სპეტაკი, და ღრუბელსა მას ზედა მჯდომარე, მსგავსი ძისა კაცისაჲ. და აქუნდა თავსა ზედა თჳსსა გჳრგჳნი ოქროჲსაჲ და ჴელთა მისთა მანგალი აღლესული.
15და სხუაჲ ანგელოზი გამოვიდა ტაძრისაგან და ჴმა-უყო ჴმითა დიდითა მჯდომარესა მას ღრუბელსა ზედა: მიყავ მანგალი ეგე შენი და მომკე, რამეთუ მოვიდა ჟამი მკისაჲ, და განჴმა სამკალი იგი ქუეყანისაჲ.
16და მიყო მჯდომარემან მან ღრუბელსა ზედა მანგალი თჳსი ქუეყანად და მომკო ქუეყანაჲ.
17და სხუაჲ ანგელოზი გამოვიდა ტაძრისა მისგან ზეცათაჲსა, და აქუნდა მასცა მანგალი მახჳლი.
18და სხუაჲ ანგელოზი გამოვიდა საკურთხეველისაგან, რომელსა აქუნდა ჴელმწიფებაჲ ცეცხლსა ზედა და ჴმა-უყო ჴმითა დიდითა, რომელსა-იგი აქუნდა მანგალი მახჳლი, ვითარმედ: მიყავ მანგალი ეგე მახჳლი და მოისთულენ ტევანნი იგი ვენაჴისა მის ქუეყანისანი, რამეთუ დამწიფებულ არს ყურძენი იგი ქუეყანისაჲ.
19და გამოიღო ანგელოზმან მან მანგალი თჳსი ქუეყანად და მოკრიბა ვენაჴი ქუეყანისაჲ და შთადვა საწნეხელსა მას გულისწყრომისა ღმრთისა დიდისასა.
20და დაიწნიხა საწნეხელი იგი გარეშე ქალაქისა, და გამოჴდა სისხლი საწნეხელისა მისგან ვიდრე აღვირადმდე ცხენთა ათას ექუსასით უტევანით შორს.
გამოცხადებაჲ
თავი 15
1და ვიხილე სხუაჲ სასწაული ცათა შინა დიდი და საკჳრველი: ანგელოზნი შჳდნი, რომელთა აქუნდეს შჳდნი იგი წყლულებანი უკუანაჲსკნელნი, რამეთუ მათ წყლულებათა ზედა აღესრულა გულისწყრომაჲ ღმრთისაჲ.
2და ვიხილე, ვითარცა ზღუაჲ ჭიქისაჲ, შერეული ცეცხლითა. და რომელთაცა სძლიან ხატსა მას და მჴეცსა და რიცხუსა მას სახელისა მისისასა, მდგომარე იყვნეს ზღუასა მას ზედა ჭიქისასა და აქუნდა ათძალები ღმრთისაჲ.
3და გალობენ გალობასა მოსეს, მონისა ღმრთისასა, და გალობასა მას კრავისასა და იტყჳან: დიდ და საკჳრველ არიან საქმენი შენნი, უფალო ღმერთო, ყოვლისა მპყრობელო; მართალ და ჭეშმარიტ არიან გზანი შენნი, მეუფეო წმიდათაო.
4ვინ არა შეუშინდეს, უფალო, და ადიდებდეს სახელსა შენსა? რამეთუ შენ მხოლოჲ ხარ წმიდა, და ყოველნი წარმართნი მოვიდენ და თაყუანის-გცენ წინაშე შენსა, რამეთუ სიმართლენი შენნი გამოცხადნეს.
5და შემდგომად ამისა ვიხილე, რამეთუ განეღო ტაძარი კარვისაჲ მის საწამებელისაჲ ცათა შინა.
6და გამოვიდეს შჳდნი იგი ანგელოზნი, რომელთა აქუნდეს შჳდნი იგი წყლულებანი, რომელთა ემოსა სამოსელი სელისაჲ წმიდაჲ და ბრწყინვალე, და მკერდთა მათთა ზედა ერტყა სარტყელები ოქროჲსაჲ.
7და ერთმან ოთხთა მათ ცხოველთაგანმან მისცნა შჳდთა მათ ანგელოზთა შჳდნი ლანკნანი ოქროჲსანი, სავსენი გულის-წყრომითა ღმრთისაჲთა, რომელი-იგი ცხოველ არს უკუნითი უკუნისამდე.
8და აღივსო ტაძარი იგი კუამლითა დიდებისაგან ღმრთისა და ძლიერებისაგან მისისა. და ვერვინ შემძლებელ იყო შესლვად ტაძარსა, ვიდრემდის აღესრულნეს შჳდნი იგი წყლულებანი შჳდთა მათ ანგელოზთანი.