ახალი აღთქმა
თავები 16–18
თარგმანი წმ. ექვთიმე მთაწმინდელისა
გამოცხადებაჲ
თავი 16
1და მესმა ჴმაჲ დიდი, რომელი ეტყოდა შჳდთა მათ ანგელოზთა, ვითარმედ: წარვედით და დასთხიენით შჳდნი ეგე ლანკნანი გულისწყრომისა ღმრთისანი ქუეყანასა ზედა.
2და ერთი იგი წარვიდა და დასთხია ლანკნაჲ თჳსი ქუეყანასა ზედა, და იქმნა შალალი ბოროტი კაცთა ზედა, რომელთაცა აქუნდა ბეჭედი იგი მჴეცისაჲ მათ ზედა; და თაყუანის-სცემდეს ხატსა მისსა.
3და მეორემან ანგელოზმან დასთხია ზღუასა ზედა, და იქმნა სისხლი, ვითარცა მკუდრისაჲ; და ყოველი სული, რომელი იყო ზღუასა შინა, მოკუდა.
4და მესამემან დასთხია მდინარეთა ზედა და წყაროთა ზედა წყალთასა, და გარდაიქცეს სისხლად.
5და მესმა ანგელოზისა მისგან წყალთაჲსა, რომელი იტყოდა: მართალ ხარ, რომელი-ეგე ხარ და იყავ წმიდა, რამეთუ ესე საჯე.
6რამეთუ სისხლი წმიდათაჲ და წინაწარმეტყუელთაჲ დასთხიეს, და სისხლი ასუ მათ, რამეთუ ღირს არიან.
7და მესმა საკურთხეველისაჲ, რომელი იტყოდა: ჰე, უფალო ღმერთო, ყოვლისამპყრობელო, მართალ და ჭეშმარიტ არიან საშჯელნი შენნი.
8და მეოთხემან ანგელოზმან დასთხია ლანკნაჲ თჳსი მზესა ზედა, და მიეცა მას ცეცხლითა დაწუვად კაცთა.
9და დაიწუნეს კაცნი სიცხითა დიდითა; და ჰგმობდეს კაცნი სახელსა ღმრთისასა, რომელსა-იგი აქუს ჴელმწიფებაჲ წყლულებათა ზედა მათთა, და არა შეინანეს, რაჲთამცა მისცეს მას დიდებაჲ.
10და მეხუთემან დასთხია საყდარსა მას ზედა მჴეცისა მის, და იქმნა მეუფებაჲ მისი დაბნელებულ, და იცოხნიდეს ენათა თჳსთა ტკივილისაგან
11და ჰგმობდეს ღმერთსა ცათასა ტკივილთა მათთაგან და წყლულებათა, და არა შეინანეს საქმეთა მათთაგან.
12და მეექუსემან დასთხია მდინარესა ზედა დიდსა ევფრატსა, და განჴმა წყალი მისი, რაჲთა განემზადოს გზაჲ მეფეთაჲ მათ, აღმოსავალით მზისაჲთ მომავალთაჲ.
13და ვიხილენ პირისაგან ვეშაპისა და პირისაგან მჴეცისა და პირისაგან ცრუწინაჲსწარმეტყუელისა მის სულნი არაწმიდანი სამნი, ვითარცა მყუარნი.
14რამეთუ არიან სულნიცა საეშმაკონი, მოქმედნი სასწაულთანი, რომელნი გამოვლენ მეფეთა ზედა ყოვლისა ქუეყანისათა შემოკრებად მათდა ბრძოლასა მას დიდისა მის დღისა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისასა.
15აჰა ესერა მოვალ, ვითარცა მპარავი. ნეტარ არს, რომელმან იღჳძოს და დაიმარხოს სამოსელი თჳსი, რაჲთა არა შიშულად ვიდოდის, და ჰხედვიდენ უშუერებასა მისსა.
16და შემოკრიბნა იგინი ადგილსა მას, რომელსა ეწოდების ებრაელებრ მაგედონ.
17და მეშჳდემან მან ანგელოზმან დასთხია ლანკნაჲ თჳსი ჰაერსა ზედა, და გამოჴდა ჴმაჲ დიდი ტაძრისაგან ზეცათაჲსა და საყდრისაგან, რომელი იტყოდა, ვითარმედ: იქმნა.
18და იქმნეს ელვანი და ქუხილნი და ჴმანი და ძრვაჲ დიდი, რომელ არა ქმნულ არს, ვინაჲთგან კაცნი დაებადნეს ქუეყანასა ზედა, ესევითარი ძრვაჲ, ესრეთ დიდი.
19და განიყო ქალაქი იგი დიდი სამად, და ქალაქნი წარმართთანი დაეცნეს, და ბაბილოვნი დიდი მოჴსენებულ იქმნა წინაშე ღმრთისა მიცემად მისა სასუმელი იგი ღჳნისაჲ გულისწყრომისა რისხვისა მისისაჲ.
20და ყოველივე ჭალაკი ლტოლვილ იქმნა, და მთანი არა იპოვნეს.
21და სეტყუაჲ დიდი მოვიდა ზეცით კაცთა ზედა და გმეს კაცთა სახელი ღმრთისაჲ წყლულებისა მისგან სეტყჳსა მის, რამეთუ დიდ არს წყლულებაჲ მისი ფრიად.
გამოცხადებაჲ
თავი 17
1და მოვიდა ერთი შჳდთა მათ ანგელოზთაგანი, რომელთა აქუნდა შჳდი იგი ლანკნები, და იტყოდა ჩემ თანა და თქუა: მოვედ და გიჩუენო შენ საშჯელი იგი მეძვისა მის დიდისაჲ, რომელი-იგი ზის წყალთა მათ ზედა მრავალთა,
2რომლისა თანა ისიძვეს ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა, და დაითრვნეს მკჳდრნი ქუეყანისანი ღჳნისა მისგან სიძვისა მისისა.
3და წარმიყვანა მე სულითა უდაბნოს, და ვიხილე დედაკაცი, მჯდომარე მჴეცსა ზედა წითელსა, სავსესა სახელებითა გმობისაჲთა, რომელსა ედგნეს შჳდნი თავნი და ათნი რქანი.
4და დედაკაცსა მას ემოსა პორფირი და ძოწეული, შემკული ოქროჲთა და ქვითა პატიოსნითა და მარგალიტითა. და აქუნდა ჴელთა მისთა ბარძიმი ოქროჲსაჲ, სავსე საძაგელებითა და არაწმიდებითა სიძვისა ქუეყანისაჲთა.
5და შუბლსა მისსა ზედა სახელი დაწერილი: საიდუმლოჲ, ბაბილონი დიდი დედაჲ მეძავთაჲ და საძაგელებათა ქუეყანისათაჲ.
6და ვიხილე დედაკაცი იგი დამთრვალი სისხლითა წმიდათაჲთა და სისხლითა მით მოწამეთა იესუჲსთაჲთა. და დამიკჳრდა, ვიხილე რაჲ იგი, საკჳრველებითა დიდითა.
7და მრქუა მე ანგელოზმან მან: რად დაგიკჳრდა? მე გითხრა შენ საიდუმლოჲ დედაკაცისაჲ მის და მჴეცისაჲ, რომელსა-იგი უტჳრთავს, რომელსა ჰქონან შჳდნი თავნი და ათნი რქანი.
8მჴეცი ეგე, რომელ იხილე, იყო და არა არს, და ეგულების აღმოსლვაჲ უფსკრულით და წარსაწყმედელად წარსლვაჲ. და დაუკჳრდეს მკჳდრთა ქუეყანისათა, რომელთა სახელები არა წერილ არს წიგნსა მას ცხორებისასა დასაბამითგან სოფლისაჲთ, რაჟამს-იგი ჰხედვიდენ, რამეთუ იყო მჴეცი იგი და არა არს, და მოვიდეს.
9აქა არს გონებაჲ, რომელსა აქუნდეს სიბრძნე. შჳდნი იგი თავნი შჳდნი მთანი არიან, რომელთა ზედა დედაკაცი ზის.
10და მეფენი არიან შჳდნი: ხუთნი იგი დაეცნეს, და ერთი არს, და სხუაჲ იგი არღა მოსრულ არს, და მო-რაჲ-ვიდეს, მცირედ ჯერ-არს მისი ყოფაჲ.
11და მჴეცი იგი, რომელი იყო და არა არს, და ესე მერვე არს, და შჳდთაგანი არს და წარსაწყმედელად წარვალს.
12და ათნი იგი რქანი, რომელ იხილენ, ათნი მეფენი არიან, რომელთა მეფობაჲ არღა მიუღია, არამედ ჴელმწიფებასა, ვითარცა მეფენი, ერთსა ჟამსა მიიღებენ მჴეცისა მის თანა.
13ამათ ერთი ნებაჲ აქუს და ძალსა და ჴელმწიფებასა მათსა მჴეცსა მისცემენ.
14ესენი კრავსა მას ებრძოლნენ, და კრავმან სძლოს მათ, რამეთუ უფალი უფლებათაჲ არს და მეუფე მეუფეთაჲ, და მის თანა წოდებულნი იგი და რჩეულნი და მორწმუნენი.
15და მრქუა მე: წყალნი იგი, რომელ იხილენ, ერნი არიან და წარმართნი და ენანი.
16და ათნი იგი რქანი, რომელ იხილენ, და მჴეცი – მათ მოიძულონ მეძავი იგი, განრყუნილ და შიშუელ ყონ იგი, და ჴორცნი მისნი შეჭამნენ და იგი დაწუან ცეცხლითა.
17რამეთუ ღმერთმან მოსცა გულთა მათთა ყოფად ნებისა მისისა და ყოფად ნებისა ერთისა და მიცემად მეფობაჲ მათი მჴეცსა, ვიდრემდის აღესრულნენ სიტყუანი ღმრთისანი.
18და დედაკაცი იგი, რომელ იხილე, არს ქალაქი იგი დიდი, რომელსა აქუს მეფობაჲ მეფეთაჲ ქუეყანასა ზედა.
გამოცხადებაჲ
თავი 18
1შემდგომად ამისა ვიხილე სხუაჲ ანგელოზი, გარდამომავალი ზეცით, რომელსა აქუნდა ჴელმწიფებაჲ დიდი. და ქუეყანაჲ განათლდა დიდებისაგან მისისა.
2და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა, ვითარმედ: დაეცა ბაბილონი დიდი, და იქმნა სამკჳდრებელ ეშმაკთა, და საყოფელ ყოვლისავე სულისა არაწმიდისა, და საყოფელ ყოვლისა მფრინველისა არაწმიდისა და მოძულებულისა,
3რამეთუ ღჳნისა მისგან გულის-წყრომისა სიძვისა მისისა სუეს ყოველთა წარმართთა; და მეფეთა ქუეყანისათა მის თანა ისიძვეს, და ვაჭარნი ქუეყანისანი ძალისაგან სიბორგილისა მისისა განმდიდრდეს.
4და მესმა სხუაჲ ჴმაჲ ზეცით, რომელი იტყოდა: გამოვედით მისგან, ერო ჩემო, რაჲთა არა ეზიარნეთ ცოდვათა მისთა, და წყლულებათა მისთაგან არა მიიღოთ.
5რამეთუ მისწუდეს ცოდვანი მისნი ცადმდე, და მოიჴსენნა ღმერთმან უსჯულოებანი მისნი.
6მიაგეთ მას, ვითარცა-იგი მან მოგაგო, და შეკეცეთ ორკეცი იგი, ვითარცა მან ქმნა, და საქმეთა მისთაებრ ბარძიმსა შინა მისსა, რომელ გიწდია, უწდიეთ მას ორკეცი.
7ვითარ-იგი ადიდა თავი თჳსი და განცოფნა, ესეზომად მიეცა მას ტანჯვაჲ და ტკივილი, რამეთუ გულსა თჳსსა იტყჳს, ვითარმედ: ვზი დედუფლად და ქურივ არა ვარ, და გლოვაჲ არა ვიხილო.
8ამისთჳს ერთსა დღესა მოვიდენ წყლულებანი მისნი, სიკუდილი, გლოვაჲ და სიყმილი, და ცეცხლითა დაიწუას, რამეთუ ძლიერ არს უფალი ღმერთი, რომელმან განიკითხა იგი.
9და ტიროდიან და გოდებდენ მის ზედა მეფენი ქუეყანისანი, რომელთა მის თანა ისიძვეს და განჴურდეს, რაჟამს ჰხედვიდენ კუამლსა მას ჴურვებისა მისისასა.
10შორით მდგომარენი შიშისათჳს ტანჯვისა მისისა იტყოდიან: ვაჲ, ვაჲ, ქალაქო დიდო ბაბილოვნო, ქალაქო ძლიერო! რამეთუ ერთსა ჟამსა მოვიდა საშჯელი შენი.
11და ვაჭარნი ქუეყანისანი ტიროდიან და იგლოვდენ მის ზედა, რამეთუ ტჳრთსა მათსა არღარავინ იყიდდეს.
12არღარა იყოს ტჳრთები ოქროჲსა და ვეცხლისაჲ და ქვისა პატიოსნისა და მარგალიტისაჲ და ბისონისა და პორფირისა და მეწამულისა და ძოწეულისაჲ და ყოველივე შეშაჲ სულნელი და ყოველივე ჭურჭელი პილოჲს-ძულისაჲ, და ყოველივე ჭურჭელი შეშისა პატიოსნისაჲ და რვალისა და რკინისა და მარმარილოჲსა
13და კილამონისა და საკუმეველნი და მიჰრონი და გუნდრუკი და ზეთი და სიმინდი და იფქლი და ცხოვარი და ზროხაჲ და ცხენნი და ეტლნი და ჴორცნი და სულნი კაცთანი.
14და ხილი გულის-თქუმისაჲ სულისა შენისაჲ წარვიდა შენგან და ყოველი პოხილი და ბრწყინვალე წარჴდა შენგან, და ვერღარა ჰპოვნე ესე ყოველნი.
15ვაჭარნი ამის ყოვლისანი, რომელნი განმდიდრდეს მისგან, შორს დადგენ შიშისათჳს ტანჯვისა მისისა და ტიროდიან და იგლოვდენ
16და იტყოდიან: ვაჲ ქალაქი იგი დიდი, შემოსილი ბისონითა და პორფირითა და ძოწეულითა და შემკული ოქროჲთა, და ქვითა პატიოსნითა და მარგალიტითა!
17რამეთუ ერთსა ჟამსა განირყუნა ესოდენი იგი სიმდიდრე. და ყოველივე წყალთა ზედა მავალი და მენავენი, და რომელნიცა შურებიან ზღუასა ზედა, შორით დგეს.
18და ხედვიდეს კუამლსა მას ჴურვებისა მისისასა და იტყოდეს: ვინ არს მსგავს ქალაქსა მას დიდსა?!
19და დაისხეს მიწაჲ თავთა ზედა მათთა და ღაღადებდეს ტირილით და გლოვით და იტყოდეს: ვაჲ, ვაჲ ქალაქი იგი დიდი, რომელსა შინა განმდიდრდეს ყოველნი, რომელთა აქუნდა ნავები ზღუასა შინა პატიოსნებისაგან მისისა! რამეთუ ერთსა ჟამსა აღოჴრდა.
20იხარებდი მის ზედა, ცაო და წმიდანო მოციქულნო და წინაჲსწარმეტყუელნო, რამეთუ საჯა ღმერთმან სასჯელი თქუენი მისგან.
21და აღიღო ერთმან ანგელოზმან ძლიერმან ქვაჲ, ვითარცა წისქჳლი დიდი, და შთააგდო იგი ზღუასა და თქუა: ესრეთ შთავარდეს ბაბილონ, ქალაქი იგი დიდი, და არღარა იპოოს.
22და ჴმაჲ მეათძალეთაჲ და მეწინწილეთაჲ, და მესტჳრეთაჲ, და მესაყჳრეთაჲ არღარა ისმეს შორის შენსა, და ყოველი ჴელოვანი ყოვლისა ჴელოვნებისაჲ არღარა იპოოს შენ შორის, და ჴმაჲ წისქჳლისაჲ არღარა ისმეს შენ შორის.
23და ნათელი სანთლისაჲ არღარა იხილვოს შენ შორის, და ჴმაჲ სიძისა და სძლისაჲ არღარა ისმეს შენ შორის, რამეთუ ვაჭარნი შენნი იყვნეს მთავარნი ქუეყანისანი, რამეთუ მწამლველობითა შენითა სცთეს ყოველნი წარმართნი.
24და შენ შორის სისხლნი წინაწარმეტყუელთანი და წმიდათანი იპოვნეს და ყოველთა მოკლულთაჲ ქუეყანასა ზედა.