ახალი აღთქმა
თავები 19–21
თარგმანი წმ. ექვთიმე მთაწმინდელისა
გამოცხადებაჲ
თავი 19
1შემდგომად ამისა მესმა, ვითარცა ჴმაჲ დიდი ერისა მრავლისაჲ ცათა შინა, რომელნი იტყოდეს: ალელუჲაჲ, მაცხოვარებაჲ და ძალი და დიდებაჲ ღმრთისა ჩუენისაჲ!
2რამეთუ ჭეშმარიტებით და სიმართლით არიან საშჯელნი მისნი, რამეთუ საჯა მეძავი იგი დიდი, რომელმან განხრწნა ქუეყანაჲ სიძვითა თჳსითა, და გამოიძია სისხლი მონათა თჳსთაჲ ჴელისაგან მისისა.
3და მეორედ თქუეს: ალელუჲაჲ. და კუამლი მისი აღვალს უკუნითი უკუნისამდე.
4და დავარდეს ოც და ოთხნი იგი მღდელნი და ოთხნი ცხოველნი და თაყუანის-სცეს ღმერთსა, მჯდომარესა საყდართა ზედა, და თქუეს: ამინ! ალელუჲა!
5და ჴმაჲ გამოვიდა საყდრით, რომელი იტყოდა: აქებდით ღმერთსა ჩუენსა ყოველნი მონანი მისნი და მოშიშნი მისნი – მცირენი და დიდნი.
6და მესმა ვითარცა ჴმაჲ ერისა მრავლისაჲ, და ვითარცა ჴმაჲ წყალთა მრავალთაჲ, და ვითარცა ჴმაჲ ქუხილთა ძლიერთაჲ, რომელნი იტყოდეს: ალელუჲა! რამეთუ სუფევს უფალი ღმერთი ჩუენი, ყოვლისა მპყრობელი.
7ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ და მივსცეთ მას დიდებაჲ, რამეთუ მოვიდა ქორწილი კრავისაჲ, და ცოლმან მისმან განმზადა თავი თჳსი,
8და მიეცა მას, რაჲთა შეიმოსოს ძოწეული წმიდაჲ და ბრწყინვალე. რამეთუ ძოწეული სიმართლენი წმიდათანი არიან.
9და მრქუა მე: დაწერე, ვითარმედ: ნეტარ არიან წოდებულნი სერობასა მას კრავისასა, და მრქუა მე: ესე სიტყუანი ჭეშმარიტნი ღმრთისანი არიან.
10და დავვარდი წინაშე ფერჴთა მისთა თაყუანის-ცემად მისა, და მრქუა მე: იხილე ნუ, შენ თანა მონაჲ ვარ მე და ძმათა შენთა, რომელთა აქუს წამებაჲ იესუჲსი; ღმერთსა თაყუანის-ეც, რამეთუ წამებაჲ იესუჲსი არს სული იგი წინაწარმეტყუელებისაჲ.
11და ვიხილენ ცანი განხუმულნი. და აჰა ცხენი სპეტაკი, და მჯდომარესა მას ზედა ეწოდებოდა სარწმუნოჲ და ჭეშმარიტი, და სიმართლით შჯის და იბრძვის.
12და თუალნი მისნი იყვნეს ვითარცა ალი ცეცხლისაჲ, და თავსა ზედა მისსა გჳრგჳნნი მრავალნი, რომელთა ზედა წერილ იყო სახელები, და სახელი წერილი, რომელი არავინ უწყის, გარნა მან თავადმან.
13და ემოსა სამოსელი შეღებული სისხლითა, და წოდებულ არს სახელი მისი: სიტყუაჲ ღმრთისაჲ.
14და მჴედრობანი ცათანი შეუდგეს მას, მსხდომარენი ცხენთა ზედა სპეტაკთა, შემოსილნი ბისონითა სპეტაკითა და ბრწყინვალითა.
15და პირისაგან მისისა გამოვიდოდა მახჳლი ორპირი აღლესული, რაჲთა მით მოსრნეს წარმართნი, და იგი ჰმწყსიდეს მათ კუერთხითა რკინისაჲთა. და იგი დასწნეხს საწნეხელსა მას ღჳნისა მის გულის-წყრომისა და რისხვისა ღმრთისა, ყოვლისა მპყრობელისასა.
16და არს წერილ სამოსელსა მისსა ზედა და თეძოსა მისსა სახელი, ვითარმედ: მეუფე მეუფეთაჲ და უფალი უფლებათაჲ.
17და ვიხილე ანგელოზი, მდგომარე მზესა ზედა, და ეტყოდა ყოველთა მფრინველთა, მფრინვალეთა ცათა შინა: მოვედით და შემოკერბით სერსა მას დიდისა ღმრთისასა,
18რაჲთა შჭამნეთ ჴორცნი მეფეთანი და ჴორცნი ათასის-თავთანი, და ჴორცნი ძლიერთანი, და ჴორცნი ცხენთანი და მათ ზედა მსხდომარეთანი, და ჴორცნი ყოველთა აზნაურთა და მონათა, და მცირეთა და დიდთანი.
19და ვიხილე მჴეცი იგი და მეფენი ქუეყანისანი და მჴედრობანი მათნი, შეკრებულნი ბრძოლის-ყოფად მჯდომარისა მის ცხენსა ზედა და მჴედრობისა მისისა მიმართ.
20და შეპყრობილ იქმნა მჴეცი იგი და მის თანა ცრუწინაწარმეტყუელი იგი, რომელმან ქმნნა წინაშე მისსა სასწაულნი, რომლითა აცთუნნა იგინი, რომელთა მიიღეს ბეჭედი იგი მჴეცისაჲ და თაყუანის-სცეს ხატსა მისსა. და ცოცხლივ შთავარდეს ორნივე იგი ტბასა მას ცეცხლისასა, რომელი-იგი იწუების წუმწუბითა.
21და სხუანი იგი მოისრნეს მახჳლითა ცხენსა მას ზედა მჯდომარისაჲთა, რომელი გამოვიდოდა პირით მისით, და ყოველნი მფრინველნი განძღეს ჴორცითა მათითა.
გამოცხადებაჲ
თავი 20
1და ვიხილე ანგელოზი, გარდამომავალი ზეცით, და აქუნდა კლიტე უფსკრულისაჲ და ჯაჭჳ დიდი ჴელსა მისსა.
2და შეიპყრა ვეშაპი იგი – გუელი დასაბამისაჲ, რომელი არს ეშმაკი და სატანა, რომელი აცთუნებს ყოველსა სოფელსა, და შეკრა იგი ათას წელ.
3და შთააგდო იგი უფსკრულსა შინა და დაჰჴშა კარი და დაჰბეჭდა მის ზედა, რაჲთა ვერღარა აცთუნებდეს წარმართთა, ვიდრემდე აღესრულოს ათასი წელი. შემდგომად ამისა ჯერ-არს განჴსნაჲ მისი მცირედ ჟამ.
4და ვიხილენ საყდარნი, და დასხდეს მათ ზედა, და საშჯელი მიეცა მათ და სულნი იგი მოკლულთანი წამებისათჳს იესუჲსა და სიტყჳსათჳს ღმრთისა, და რომელთაცა არა თაყუანის-სცეს ხატსა მას მჴეცისასა და არცა მიიღეს ბეჭედი მისი შუბლთა ზედა, ანუ ჴელთა მათთა, და ცხოვნდეს და სუფევდეს ქრისტეს თანა ათასსა მას წელსა.
5და სხუანი იგი მკუდარნი არა ცხოვნდეს ათასსა მას წელსა. ესე არს აღდგომაჲ იგი პირველი.
6ნეტარ არს და წმიდა, რომელსა აქუნდეს ნაწილი აღდგომასა მას შინა პირველსა. მათ ზედა მეორესა მას სიკუდილსა არა აქუს ჴელმწიფებაჲ, არამედ იყვნენ მღდელ ღმრთისა და ქრისტესა, და სუფევდენ მის თანა ათასსა მას წელსა.
7და შემდგომად ათასისა მის წლისა განიჴსნას ეშმაკი საპყრობილისაგან თჳსისა.
8და გამოვიდეს ცთუნებად წარმართთა, რომელნი არიან ოთხთა კიდეთა ქუეყანისათა, გოგს და მაგოგს, შემოკრებად მათა და ბრძოლად, რომელთა სიმრავლე ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ.
9და აღმოვიდეს სივრცესა ზედა ქუეყანისასა და გარე-მოადგეს ბანაკსა წმიდათასა და ქალაქსა მას შეყუარებულსა. და გარდამოჴდა ცეცხლი ზეცით და შეჭამნა იგინი.
10და ეშმაკი, რომელი-იგი აცთუნებდა მათ, შთავარდა ტბასა მას ცეცხლისა და წუმწუბისასა, სადა იყვნეს მჴეცი იგი და ცრუწინაწარმეტყუელი, და იტანჯებოდიან დღე და ღამე უკუნითი უკუნისამდე.
11და ვიხილე საყდარი დიდი სპეტაკი და მჯდომარე მას ზედა, რომლისა პირისაგან ლტოლვილ იქმნა ქუეყანაჲ და ცაჲ, და ადგილი არა ეპოვა მათ.
12და ვიხილენ მკუდარნი, მდგომარენი წინაშე საყდრისა მის. და წიგნნი განეხუნეს და სხუაჲ წიგნი განეღო, რომელ არს ცხორებისაჲ. და განისაჯნეს მკუდარნი წერილთა მათგან წიგნთა მათ შინა საქმეთაებრ მათთა.
13და მოსცნა ზღუამან მკუდარნი, რომელნი იყვნეს მას შინა; და სიკუდილმან და ჯოჯოხეთმან მოსცნეს მკუდარნი, რომელნი იყვნეს მათ შორის. და განისაჯა თითოეული საქმეთაებრ თჳსთა.
14და სიკუდილი და ჯოჯოხეთი შთავარდეს ტბასა მას ცეცხლისასა. ესე სიკუდილი მეორე არს ტბაჲ იგი ცეცხლისაჲ.
15და რომელიცა არა იპოვა წიგნსა მას ცხორებისასა დაწერილ, შთავარდა ტბასა მას ცეცხლისასა.
გამოცხადებაჲ
თავი 21
1და ვიხილე ცაჲ ახალი და ქუეყანაჲ ახალი, რამეთუ პირველი იგი ცაჲ და პირველი ქუეყანაჲ წარჴდეს, და ზღუაჲ არღარა არს.
2და ქალაქი იგი წმიდაჲ, იერუსალჱმი ახალი, ვიხილე გარდამომავალი ზეცით ღმრთისაგან, განმზადებული, ვითარცა სძალი შემკული ქმრისა მიმართ თჳსისა.
3და მესმა ჴმაჲ დიდი ზეცით, რომელი იტყოდა: აჰა, სამკჳდრებელი ღმრთისაჲ კაცთა თანა, და დაიმკჳდროს მათ თანა, და იგინი იყვნენ ერ მისა, და იგი ღმერთი თავადი მკჳდრ იყოს მათ შორის.
4და აჴოცოს ყოველივე ცრემლი თუალთაგან მათთა, და სიკუდილი არღარა იყოს, არცა გლოვაჲ, არცა ღაღადებაჲ, არცა ტკივილი, რამეთუ პირველნი იგი წარჴდეს.
5თქუა მჯდომარემან მან საყდარსა ზედა: აჰა ესერა ყოველსავე ახალ-ვჰყოფ. და თქუა: დაწერე, ვითარმედ ესე სიტყუანი სარწმუნონი და ჭეშმარიტნი ღმრთისანი არიან.
6და მრქუა მე: ვიქმენ მე ანი და ჵ, დასაბამი და დასასრული. მე წყურიელსა მივსცე წყაროჲსა მისგან წყლისა ცხოველისა უსასყიდლოდ.
7რომელმან სძლოს, მივსცე მას ესე ყოველი და ვიყო მისა ღმერთ, და იგი იყოს ჩემდა ძე.
8ხოლო მოშიშთა და ურწმუნოთა და ცოდვილთა და საძაგელთა და კაცისმკლველთა და მეძავთა და მწამლველთა და კერპთმსახურთა და ყოველთა მტყუვართაჲ ნაწილი მათი იყოს ტბასა მას ცეცხლითა და წუნწუბითა მოტყინარესა, რომელ არს სიკუდილი იგი მეორე.
9და მოვიდა ერთი შჳდთა მათ ანგელოზთაგანი, რომელთა-იგი აქუნდეს შჳდნი იგი ლანკნანი, სავსენი წყლულებათა მათ მიერ უკუანაჲსკნელთა, და იტყოდა ჩემ თანა და მრქუა მე: მოვედ, და გიჩუენო შენ დედაკაცი იგი, სძალი კრავისაჲ.
10და წარმიყვანა მე სულითა მთასა მაღალსა და დიდსა და მიჩუენა მე ქალაქი წმიდაჲ იერუსალჱმი, გარდამომავალი ზეცით ღმრთისაგან.
11და აქუნდა დიდებაჲ ღმრთისაჲ. მნათობი მისი მსგავს იყო ქვასა პატიოსანსა, ვითარცა ქვასა იასპსა ბროლის-სახესა.
12და აქუნდა ზღუდე დიდი და მაღალი და ბჭენი ათორმეტნი და სახელები წერილი, რომელ არს სახელები ძეთა ისრაჱლისათაჲ.
13აღმოსავალით ბჭენი სამნი, და სამხრით სამნი და ჩრდილოჲთ სამნი, და დასავალით სამნი.
14და ზღუდესა მას ქალაქისასა აქუნდეს ათორმეტნი საფუძველნი და მათ ზედა ათორმეტნი სახელნი ათორმეტთა მათ მოციქულთა კრავისათანი.
15და რომელი-იგი იტყოდა ჩემ თანა, აქუნდა საზომი ლერწამი ოქროჲსაჲ, რაჲთამცა განზომა ქალაქი იგი და ბჭენი მისნი და ზღუდენი მისნი.
16და ქალაქი იგი მოთხვითად არს; და სიგრძე მისი, ვითარცა სივრცე. და განზომა ქალაქი იგი ლერწმითა მით ათორმეტსა ათასსა უტევანსა. ათორმეტი სიგრძე და სივრცე და სიმაღლე მისი სწორ არიან.
17და ზღუდე მისი ას ორმეოც და ოთხი წყრთაჲ საზომითა კაცისაჲთა, რომელ არს ანგელოზისაჲ.
18და იყო მოსწორებაჲ ნაშენები ზღუდისა მისისაჲ იასპი, და ქალაქი იგი ოქროჲ წმიდაჲ, მსგავსი ჭიქასა წმიდასა.
19და საფუძველნი ზღუდისანი ყოვლითა ქვითა პატიოსნითა შემკულნი. საფუძველი პირველი იასპი, მეორე საფირონი, მესამე ქალკიდონი, მეოთხე სამარაგდე,
20მეხუთე სარდონიხოჲ, მეექუსე სარდიოჲ, მეშჳდე ოქრო-ქვაჲ, მერვე ბივრილი, მეცხრე ტოპაზი, მეათე ხრჳსოპასოჲ, მეთერთმეტე იაკინთი, მეთორმეტე ამეთჳსოჲ.
21და ათორმეტნი იგი ბჭენი იყვნეს ათორმეტნი მარგალიტნი. თითოეული ბჭე იყო ერთისა და ერთისა მარგალიტისაჲ. და უბანი ქალაქისაჲ მის – ოქროჲ წმიდაჲ და ჭიქაჲ ბრწყინვალე.
22და ტაძარი არა მიხილავს მას შორის, რამეთუ უფალი ღმერთი, ყოვლისა მპყრობელი, ტაძარ მისა არს, და კრავი იგი.
23და ქალაქსა მას არა უჴმს მზე, ანუ მთოვარე მნათობად, რამეთუ დიდებამან ღმრთისამან განანათლა იგი, და სანთელ მისა არს კრავი იგი.
24და ვიდოდიან წარმართნი ნათლითა მისითა, და მეფეთა ქუეყანისათა დიდებაჲ და პატივი წარმართთაჲ მისა მიიღონ.
25და ბჭენი მისნი არა დაეჴშნენ დღისი, რამეთუ ღამე მუნ არა იყოს.
26და მიიღონ დიდებაჲ და პატივი წარმართთაჲ მუნ, რაჲთამცა შევიდეს.
27და არა შევიდეს მუნ ყოველივე შეგინებული და მოქმედი ბოროტისაჲ და ტყუვილისაჲ, გარნა დაწერილნი იგი წიგნსა მას ცხორებისა კრავისასა.