✝ ღირსმოწამე მაკარი კანეველი
კამენეცკის და პინსკის იღუმენი ოვრუჩის არქიმანდრიტი,
სასწაულთმოქმედი პერეიასლაველი (+1678)
7 სექტემბერი – ძველი სტილით / 20 სექტემბერი – ახალი სტილით
წმ. ნაწილების გადასვენება – 13 (26) მაისი
წმინდა ღირსმოწამე მაკარი ვოლნოელი გახლდათ, ჩრდილო-დასავლეთ უკრაინელი, რომელიც პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობაში შედიოდა. ეს გაერთიანება ცნობილია, როგორც „ჟეჩ-პოსპოლიტა“, ან „რეჩ-პოსპოლიტა“* და მასში შედიოდა თანამედროვე პოლონეთის უმეტესი ნაწილი, უკრაინა, ბელარუსი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი და დღევანდელი რუსეთის ზოგიერთი ტერიტორია.
XVII ს. იყო ყველაზე რთული დრო დასავლეთ რუსეთის მართლმადიდებელი ხალხისთვის. კათოლიკური პოლონეთი ცდილობდა მართლმადიდებელი ხალხისათვის უნიისა და კათოლიკობის თავს მოხვევას. ვატიკანი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა თავისი გავლენის გავრცელებას დასავლეთ სლავურ ხალხებზე, აქტიურად უჭერდა მხარს პოლონეთის ფეოდალების პოლიტიკას უკრაინისა და ბელარუსის მიმართ. 1596 წელს „რეჩ-პოსპოლიტას“ ტერიტორიაზე მოხდა კიევის მიტროპოლიის (კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შემადგენლობაში) ზოგიერთი მართლმადიდებელი ეპისკოპოსისა და ეპარქიების მიერთება რომის კათოლიკურ ეკლესიასთან 1596 წლის ოქტომბერში ბრესტში სინოდის გადაწყვეტილების მიხედვით.. ამ კავშირს „ბრესტის უნია ეწოდა. კრებაზე შედგენილი სიგელის მიხედვით, ჩამოთვლილი მართლმადიდებლური ეპარქიების ეპისკოპოსები თავის მეთაურად რომის პაპს ცნობდნენ, იღებდნენ რომის კათოლიკურ დოგმატებს, მაგრამ ინარჩუნებდნენ ბიზანტიურ ღვთისმსახურებას საეკლესიო სლავურ ენაზე. მრავალი წლის განმავლობაში ოვრუჩსა და „რეჩ-პოსპოლიტას“ სხვა ტერიტორიებზე მიმდინარეობდა ბრძოლა ლათინო-პოლონელებთან და უნიატებთან.
* „რეჩ-პოსპოლიტა“ – ოფიციალური სახელწოდებაა პოლონეთის გვირგვინისა და ლიტვის დიდი სამთავროს რესპუბლიკა. პოლონეთ-ლიეტუვის ფედერაციული სახელმწიფო, სამეფო რესპუბლიკის ფორმა, რომლის სათავეში იმყოფებოდა სეიმის მიერ არჩეული მეფე, რომელიც ორ ტიტულს ატარებდა – პოლონეთის მეფისა და ლიტვის დიდი მთავრის. სახელმწიფო გაფორმდა 1569 წელს, როდესაც მიიღეს ლუბლინის უნია. XVIII ს-ში დაიწყო პოლონეთ-ლიტვის დანაწილება პრუსიის, ავსტრია-უნგრეთის და რუსეთის იმპერიის მიერ სამ ეტაპად. 1795 წელს თანამეგობრობამ არსებობა შეწყვიტა.
უნიის იდეის მომხრენი იყვნენ უკრაინული სასულიერო პირების ზედა ფენა და ფეოდალები, თუმცა კრებიდან მალე შვიდიდან ორმა ეპისკოპოსმა უარყვეს უნიატური კრების შედეგები. მათი მეთაურობით ჩატარებულმა ბრესტის მართლმადიდებლურმა კრებამ დაგმო უნია, ხოლო 1620 წლის ოქტომბერში იერუსალიმის პატრიარქმა თეოფანე III უკრაინაში აღადგინა მართლმადიდებლური იერარქია, თუმცა მართლმადიდებლების დევნა მაინც გრძელდებოდა, და საბოლოოდ ამ პოლიტიკურმა და რელიგიურმა წნეხმა გამოიწვია „ხმელნიცკის აჯანყება“, რის შედეგადაც პოლონეთმა დაკარგა უკრაინის ნახევარზე მეტი. მაგრამ იმ ტერიტორიებზე რომლებიც დარჩნენ პოლონეთის შემადგენლობაში – დნეპრის მარჯვენა უკრაინა (მათ შორის ვოლინი) და ბელარუსი, უნიამ ღრმა ფესვები გაიდგა და მთელი ერთი საუკუნის განმავლობაში განიცდიდნენ მართლმადიდებლები დევნას.
წმინდა მაკარი დაიბადა 1605 წელს ვოლინის*ქალაქ ოვრუჩში**, ტოკარევსკების დიდგვაროვან ოჯახში, რომლებიც მართლმადიდებლობის ერთგულნი იყვნენ და იგივე ერთგულებას უნერგავდნენ შვილს გულში. იმ დროს ვოლინში, ისევე როგორც უკრაინის უმეტეს ნაწილში, წმინდა რწმენა საფრთხის ქვეშ იყო: აღმოსავლეთიდან მოდიოდნენ კათოლიკეები და უნიატები, სამხრეთიდან – თურქები და თათრები.
*ვოლინის ოლქი ჩრდილო-დასავლეთ უკრაინაში. 2006 წლის აღწერით, ოლქის მოსახლეობა შეადგენს 1,036,891 კაცს. ფართობი 20,144 კმ დედაქალაქია ლუცკი.
** ოვრუჩი (ძველად ვრუჩი) – ძველრუსული ქალაქი, დრევლიანთა მიწის ცენტრი. პირველად მოიხსენიება 977 წელს. ამჟამად უკრაინაშია, ჟიტომირის ოლქში. 2013 წელს ქალაქის მოსახლეობა 16515 ადამიანი იყო.
მამა მაკარი ბავშვობიდანვე განსხვავდებოდა თანატოლებისგან: მას არ უყვარდა ხმაურიანი გართობა და ხუმრობები და მეტ დროს ატარებდა ლოცვაში. ღვთისმოსავი მშობლები მას ხელს არ უშლიდნენ და თავად ეხმარებოდნენ შვილის სულიერ განვითარებას.
1614-1620 წლებში „ქრისტე მაცხოვრის სიყრმითგან შემყვარებელი“ მაკარი სასწავლებლად გაგზავნეს ოვრუჩის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერში, სადაც მშობლების გარდაცვალების შემდეგ მორჩილად დადგა. სულიერი ღვაწლით გამორჩეული მაკარი მონაზვნადაც აკურთხეს. ლოცვა და წმინდა მამათა ნაწერების კითხვა მის საყვარელ საქმიანობად იქცა.
ღირს-მოწამის საერო სახელი უცნობია, ხოლო მონაზვნობაში მას მაკარი (ბერძნულად – კურთხეული) ერქვა, და მართლაც იგი ჭეშმარიტად კურთხეულ იქნა და ნეტარებას მიაღწია.
1625 წელს ბერმა მაკარიმ, არქიმანდრიტის კურთხევით, დატოვა მიძინების მონასტერი და წავიდა პინსკის ეპისკოპოს აბრაამთან, რომელმაც იგი კუპიატიცის* (კუპიატისკის) მონასტერში (ბელარუსი, ბრესტის ოლქი, პინსკის რაიონი) გაგზავნა. იქ, ღვთის განგებულებით, ამ დროს გადავიდა უნიის აქტიური მოწინააღმდეგე და მებრძოლი ათანასე (ფილიპოვიჩი), რომელიც მოგვიანებით გახდა ბრესტის წმინდა სვიმეონის სახელობის მონასტრის იღუმენი, და ლათინთა და უნიატთა ხელით მოწამეობრივად აღესრულა (ხს. 5/18 -IX). ასე რომ, ამ მონასტერში რამდენიმე წლის განმავლობაში, ერთიანი ლოცვითა და ქრისტიანული სიყვარულით ცხოვრობდა ორი მომავალი მოწამე – ათანასე ბრესტელი და მაკარი კანეველი. ეჭვგარეშეა, რომ ღრმად განათლებულმა, მართლმადიდებლობის სიწმინდისათვის მებრძოლმა ათანასემ წვლილი შეიტანა წმინდა მაკარის სულიერ ჩამოყალიბებაში. მღვდელმონაზონი მაკარი იმდენად ცნობილი გახდა თავისი ასკეტური, სათნო ცხოვრებით, რომ 1630 წ. ეპისკოპოსმა ლაზარემ (ბარანოვიჩი) ბერდიაკვნის ხარისხში აკურთხა, ხოლო ორი წლის შემდეგ – მღვდელმონაზვნად.
* კუპიატიცის მონასტერი 1629 წ. დაარსებული იყო ღვთისმშობლის სასაწაულთმოქმედი ხატის გამოჩენის (1182 წ.) ადგილზე დაარსებულ ეკლესიასთან სოფ. კუპიატიცში. ღვთისმშობლის ხატი ამ ტაძარში დარჩა იმ დრომდე, სანამ იქაური მონასტერი მართლმადიდებელთა ხელში იყო. XVII ს-ის II ნახევარში მონასტერი ჯერ ბენედიქტელი, და მერე უნიატელი ბერების ხელში გადავიდა (ეს მონასტერი აღარ არსებობს.), 1656 მონასტრიდან წასულმა მამებმა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი კიევში თან წაიღეს და სოფიის ტაძარში წმ. ანდრია მოციქულის სამხრეთ ეკვდერში დააბრძანეს.
წმინდა მაკარის სამაგალითო მონაზვნური ცხოვრების პოპულარობა მისი მონასტრის ფარგლებს გასცდა და 1637 წელს, როდესაც ბრესტის წმ. სვიმონ მესვეტის სახელობის მონასტრის წინამძღვარი გარდაიცვალა, ძმებმა კუპიატიცის მონასტრის წინამძღვარს ილარიონს (დენისევიჩი) მიმართეს თხოვნით, რომ მათთან წინამძღვრად ათანასე ან მაკარი გაეგზავნათ. წილი ათანასეს ერგო და ის 1640 წელს წინამძღვრად აკურთხეს, რვა წლის შემდეგ კი უფლის მიერ მოწამეობრივი გვირგვინით დაჯილდოვდა მტკიცე რწმენისთვის.
1637 წელს კუპიატიცის წინამძღვარმა მღვდელმონაზონი მაკარი კიევის მიტროპოლიტ პეტრე მოგილასთან გაგზავნა, რათა კიევის სოფიას ტაძრის რეკონსტრუქციისათვის ძმების მიერ შეგროვებული თანხა გადაეცა და დანგრეული ეკლესიის აშენებაში დახმარება ეთხოვა. მიტროპოლიტმა მღვდელმონაზონ მაკარიში ეკლესიის ერთგული შვილი დაინახა, მას შემოწირულობების შესაგროვებლად უნივერსალური ფურცელი გადასცა და წინა წელს დაარსებული გროდნოს გუბერნიის კამენეცის* აღდგომის მონასტრის (ბელარუსი, ბრესტის ოლქი) იღუმენად დანიშნა იგი 1642 წლამდე ხელმძღვანელობდა მის საძმოს და დიდი ძალისხმევაც გასწია მონასტრის განვითარებისთვის.
მართლმადიდებლებისათვის რთულ დროს, „რეჩ-პოსპოლიტას“ ლათინურ-უნიატური მმართველობისას, კუპიატიცის მონასტრის ძმებმა მამა მაკარი წინამძღვრად მიიწვიეს და ამ მონასტერს 1656 წლამდე მართავდა, ვიდრე ბენედიქტელთა კათოლიკური ორდენის** „ბერებმა“ არ მიიტაცეს, შემდეგ კი უნიატელი „ბერების“ ხელში გადავიდა.
* კამენეცის მონასტერმა ცოტა ხანს იარსება, 1660 წ. იანვარში ქალაქს თავს დაესხა თავად ხოვანსკის პოლკი (რუსი თავადი ივან ანდრეევიჩ ხოვანსკი, მეტსახელად „ტარარუი“, რუსეთსა და თანამეგობრობას ანუ „რეჩ-პოსპოლიტას“ შორის ომისას (1654-1667) ხელმძღვანელობდა ნოვგოროდის პოლკს. კამენცაში ამ შემოსევის დროს დაიწვა ციხესიმაგრე, მერია, სულიწმინდის ეკლესია, შობის ეკლესია, და საცხოვრებელი სახლების ორი მესამედი. მონასტრის ადგილი გაუკაცრიელებული იყო, ამ ბოლო წლებში აშენდა წმ. მაკარის სახ. ეკლესია.
** უნიის მომზადებაში დიდი როლი ითამაშეს კათოლიკურმა ორდენებმაც, ისინი XVI ს II ნახ, მიიწვიეს პოლონეთში პროტესტანტებთან საბრძოლველად.
1656 წლიდან 1659 წლამდე წმ. მაკარი თავისივე დაარსებულ პინსკის ნათლისღების მამათა მონასტერს წინამძღვრობდა. 1660 წლიდან კი 15 წელი ხელმძღვანელობდა მშობლიური ოვრუჩის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერს და დიდი განსაცდელებიც გადაიტანა უნიატი ფანატიკოსებისაგან. იგი აქ არქიმანდრიტად აკურთხეს.
ხშირად სტუმრობდნენ უნიატი* მწვალებლები წმინდა მაკარის და უნიაში გადასვლისაკენ და პაპის ხელმძღვანელობით გაერთიანებისკენ მოუწოდებდენ, მაგრამ „მართლმადიდებლური სარწმუნოების უშიშარი დამცველი“ გაბედულად პასუხობდა: როგორი ზიარებაა შესაძლებელი ჩვენთვის თქვენთან? თქვენ მიატოვეთ საეკლესიო კრებების წესები, მიიღეთ ცრუ გარდამოცემები და ეკლესიის წინამძღოლის, იესო ქრისტეს, ქვეშევრდომობის ნაცვლად, თაყვანი ეცით მიწიერ მმართველს – პაპს. ოჰ, უფალი აღასრულებს თავის სამსჯავროს თქვენს საქმეებზე“. ჭეშმარიტი სარწმუნოების მოწინააღმდეგეებს არ შეეძლოთ მართლმადიდებლობის ასეთი მნათობის ატანა, რომელიც მათ ბნელ საქმეებს ავლენდა და ამხელდა მათ.
წმინდა მაკარის წინააღმდეგობით გაცოფებული უნიატები და დომინიკელი ბერები თავს ესხმოდენ მის რეზიდენციას, ძარცვავდნენ ეკლესიის ქონებას და სცემდნენ და შეურაცხყოფდნენ ბერებს, მაგრამ ღვთისსათნომყოფელი მაკარი სულით არ დაეცა და სამწყსოს ზეციური შუამდგომლობის იმედით ამხნევებდა. „გაიმეორეთ, უფრო ხშირად გაიმეორეთ წინასწარმეტყველი დავითის სიტყვები“, – ამბობდა ის, „უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარი ჩემდა; ვისა მეშინოდის? უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა, ვისგან შევძრწუნდე?… (ფს. 26; 1) ბერების გულები კი ძლიერდებოდა ყოვლისშემძლე ღმერთის მტკიცე რწმენითა და იმედით.
1671 წელს ყირიმელმა თათრებმა გაანადგურეს ოვრუჩის დასახლება და გაძარცვეს და ისე ააოხრეს ოვრუჩის მიძინების მონასტერი, რომ იქ არც ერთი ბერი არ დარჩენილა (ერთი ვერსიით, ისინი განდევნეს, მეორე ვერსიით – თითქმის ყველა დახოცეს). თავად არქიმანდრიტი მაკარიც იძულებული გახდა, რომ დაეტოვებინა მშობლიური მხარე და კიევო-პეჩორის მონასტერში წავიდა, სადაც ორი წელი მოღვაწეობდა, მაგრამ მართლმადიდებლობის ასეთი გულმოდგინე დამცველი მხოლოდ კიევს არ სჭირდებოდა და მიტროპოლიტმა იოსებმა (ნელიუბოვიჩ-ტუკალსკი) იგი კანევის** წმ. გიორგის მონასტრის წინამძღვრად დანიშნა. ეს სავანე გახდა მისი უკანასკნელი მოღვაწეობისა და მარტვილებრივი აღსასრულის ადგილი.
* უნიატი სამღვდელოების დიდ ნაწილს სურდა ისევ მართლმადიდებლობაზე დაბრუნება; 1833 წელს მართლამდიდებლობას დაუბრუნდა პოჩაევის ლავრა, ხოლო 1839 წ. თებერვალში შედგა პოლოცკის კრება, სადაც ეპისკოპოს იოსებ სემაშკოს წინამძღრობით ბევრი უნიატი დაუბრუნდა მართლმადიდებლობის წიაღს.
საბჭოთა კავშირში უნიატების ეკლესია აკრძალული იქნა 1946 წელს, ლვოვის კრების გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელმაც გამოაცხადა ბრესტის უნიის გაუქმება, ეკლესიები გადაეცა რუსეთის ეკლესიის ეპარქიებს. 1990 წლიდან უკრაინის დასავლეთში დაიწყო ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის აღორძინება და ტაძრების დაბრუნება რომლებიც ჩამორთმეული ჰქონდათ 1946 წელს.
** კანევი (კანივი), ქ. უკრაინაში. მდებარეობს ჩერკასის ოლქში, რკინიგზის სადგურ ტაგანჩიდან 45 კმ, ნავმისადგომი მდ. დნეპრის მარჯვენა ნაპირზე. ქალქი ცნობილია XII ს-დან. 2013 წელს ქალაქის მოსახლეობა 25558 კაცს შეადგენდა.
ღვთის სათნომყოფელი, დიდი სიწმინდისა და სულიერების კაცი, რომელიც ყველას „ჭეშმარიტ რწმენასა და ღვთისმოსავ ცხოვრებას“ ასწავლიდა, ჭეშმარიტებისათვის დაუსრულებელ ბრძოლაში კვლავ წინა ხაზზე აღმოჩნდა. იგი დაუღალავად მოუწოდებდა ყველას წმინდა მართლმადიდებლობის მტკიცედ და უშიშრად აღსარებისკენ: „უხრწნელი გვირგვინის მიღება შეუძლებელია, – ამბობდა წმინდანი – თუ არ აღასრულებ საკუთარი ღვაწლის კანონს. დაე ნუ განეშორებიან მართლმადიდებლები წმინდა სარწმუნოებას, არამედ მოთმინებით ისწრაფდენ მოსალოდნელი ღვაწლისაკენ, და გამუდმებით ახსოვდეთ უფალი იესო“, მის საცხოვრებელში უამრავი გაჭირვებული, ღარიბი, ავადმყოფი და დაჩაგრული ადამიანი მიდიოდა სულიერი რჩევებისა და განკურნებისათვის. წმინდა მამა კურნავდა რა სხვადასხვა დაავადებებით და ვნებებით ტანჯულებს, ასევე ზრუნავდა მათ კეთილდღეობასა და ზნეობრივ სიწმინდეზე. სნეულთა განკურნებით, ნეტარი კურნავდა მათ სულებსაც. იგი მრავალი სასწაულითა და მადლმოსილი ნიჭებით (განსაკუთრებით განჭვრეტის) განდიდდა.
ერთხელ წმინდა მაკარიმ კანეველი ბრმა განკურნა. „იწამე მისი, ვინც ბრმებს მხედველობა მისცა – უთხრა მან – წადი უფლის ნათლისღების ლოცვაზე და მხურვალედ ილოცე“. წირვის დროს, როდესაც მღვდელი წყლის კურთხევის ლოცვის სიტყვებს კითხულობდა: „დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი“, ბრმამ თვალებთან სინათლის სხივი დაინახა და უცებ ნათლად დაინახა ყველაფერი. ღვთისადმი მადლიერების ნიშნად განკურნებულმა კაცმა ტაძარი ააგო ქრისტეს ნათლისღების პატივსაცემად.
ერთმა ქალმა მეუფეს შესჩივლა, რომ მისი შვილი ცუდად იქცეოდა: ზარმაცი იყო, და დედას არ ეხმარებოდა. წმინდანი დიდხანს არწმუნებდა ახალგაზრდა კაცს, რომ შეეცვალა ცხოვრება, მაგრამ ის არ უსმენდა, და ისიც კი უთხრა, რომ მისთვის თათრებთან ან პოლონელებთან წასვლა უკეთესი იყო და ასევე აღიარა, რომ დიდხანს ლოცვა უჭირდა. მეუფემ, ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ, მხოლოდ ერთი ლოცვის – „მამაო ჩვენო“-ს წაკითხვაზე აკურთხა. უფლის ლოცვის წმინდა სიტყვებმა ისე გააოცა ახალგაზრდა, რომ მან თითქმის მუდმივად დაიწყო ამ ლოცვის წაკითხვა და გამოსწორდა. უფლის ლოცვის თანმიმდევრულად წარმოთქმის ამ სულიერ პრაქტიკას მას შემდეგ „წმინდა მაკარის წესი“ უწოდეს.
კანევში ცხოვრობდა მოსამართლე, რომელიც ქრთამს იღებდა, როგორც მდიდრებისგან, ასევე ღარიბებისგან. წმინდანმა დაიწყო მისთვის ყოველ შაბათს მცირე თანხის გაგზავნა ამა თუ იმ მსხვერპლის სახელით, ფურცელთან ერთად, რომელზეც ეწერა: „ბოლოს გაძლევ და მეტი აღარ მაქვს. დაზოგე თავი და მეც!“. ამ ეპისტოლეებმა იმდენად შეძრა მოსამართლის ცოდვილი სული, რომ მან, სახარებისეული მებაჟეს მსგავსად, მოინანია და მთელი თავისი უსამართლოდ მოხვეჭილი სიმდიდრე ღარიბებს დაურიგა.
ერთხელ თათრებმა მონასტერი ხანგრძლივ ალყაში მოაქციეს, საკვებისა და წყლის დეფიციტი უკვე საგრძნობი გახდა. წმინდა მამა დიდხანს ლოცულობდა; შემდეგ, ტაძარში ლოცვის აღვლენის შემდეგ, ბერების მცირე ჯგუფი მისი წინამძღოლობით ჯვრებით, ხატებითა და ბაირაღებით მტრისკენ გაემართა. თათრებმა მათ ნაცვლად უზარმაზარი არმია დაინახეს და გაიქცნენ.
1672 წელს ბოგდან ხმელნიცკის შვილმა, იურიმ, თავშესაფარი იპოვა კანევის მონასტერში, ხოლო ჰეტმანი დოროშენკო, რომელმაც მიტროპოლიტ იოსებს მამა მაკარის დანიშვნის შესახებ შუამდგომლობით მიმართა, არაერთხელ სტუმრობდა კანევის წინამძღვარს და 1675 წელს უარი თქვა თურქეთის მოქალაქეობაზე, როგორც ჩანს, წმინდა მაკარის რჩევით და რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღო.
თავის ნეტარ აღსასრულამდე ორი წლით ადრე, 1678 წელს წმინდა მაკარიმ იწინასწარმეტყველა კანევის დაცემა და საკუთარი მოწამეობრივი სიკვდილი. მოძღვარმა ძმებს შესთავაზა, მარხვითა და ლოცვით მომზადებულიყვნენ განსაცდელებისთვის, ხოლო ისინი, ვინც თავს სუსტად გრძნობდა, მონასტრის დატოვებაზე აკურთხა.
1678 წლის 4 სექტემბერს, დიდმა თურქულმა არმიამ თათრებთან ერთად ქალაქს შეუტია და მონასტერი ალყაში მოაქცია (გარდამოცემის მიხედვით მათ შური იძიეს მის წინამძღვარზე, რომლის რჩევითაც ჰეტმანი დოროშენკო რუსეთის მხარეს გადავიდა). მხცოვანი არქიმანდრტი უშიშრად შეეგება ბარბაროსებს ტაძრის ზღურბლზე და როდესაც მათ მონასტრის ოქრო და საგანძური მოსთხოვეს, უპასუხა: ჩემი ოქრო ზეცაშია და არა დედამიწაზეო. ბოროტმა დამპყრობლებმა მას ჯოხებით დაუწყეს ცემა, შემდეგ კი რკინის იარაღებით ხელებსა და ფეხებს ამტვრევდნენ და კანს აგლეჯდენ, მაგრამ წმინდა მაკარი მოთმინებით იტანდა წამებას, უტკბილეს იესოს უხმობდა, და ღაღადებდა: „სლვანი ჩემნი წარმართენ გზასა მშUდობისასა შენდა მომართ, ღმერთო, რამეთუ ესე სურს სულსა ჩემსა და “. თურქებმა წინამძღვარი ხელებითა და ფეხებით ორ სვეტს შორის ჩამოკიდეს, ხოლო ორი დღის შემდეგ, 7 სექტემბერს თავი მოჰკვეთეს და ცხედარი მოედანზე დააგდეს. წმინდა მაკარის მარტვილობის მოწმეებმა მისი ცხედარი მონასტრის ეკლესიაში მიიტანეს, რომელიც უსაფრთხოების მიზნით ჩაკეტილი იყო, მაგრამ კვლავ უკან დაბრუნებულმა თურქებმა ეკლესიას შეშა შემოუწყვეს და ყველა, ვინც მასში იმალებოდა, კვამლით გაიგუდა ან დაიწვა. როდესაც კანევის გადარჩენილმა მოქალაქეებმა მიცვალებულთა ცხედრები იპოვეს, მათ შორის მხოლოდ ერთი იყო ცეცხლისა და კვამლისაგან შეუხებელი – ძაძით მოსილი ბერი, მკერდზე და ხელში ჯვრით. ნეშტი გააპატიოსნეს და მეორე დღესვე, 8 სექტემბერს ეკლესიის საკურთხევლის ქვეშ დაკრძალეს. არსებობს ჩანაწერები წმინდა მაკარის ცხედრის 1678 წლის 8 სექტემბერს წმინდა გიორგის ეკლესიის საკურთხევლის ქვეშ დაკრძალვის შესახებ.
1688 წელს, იმ მონასტრის ეკლესიის რეკონსტრუქციის დროს, სადაც წმ. მაკარი იყო დაკრძალული, მოწამის კუბო გაიხსნა და გამოჩნდა მისი დაუბალზამებელი, კეთილსურნელი ცხედარი. იმავე წლის 13 მაისს ქალაქ კანევის „რეჩი პასპოლიტას“ თანამეგობრობაში ყოფნის გათვალისწინებით, მოსკოვის სახელმწიფოს პროტექტორატის ქვეშ მყოფ პერეიასლავის აღდგომის ეკლესიაში გადაასვენეს, რათა უნიატების ხელში არ ჩავარდნილიყო. იქვე გადაიტანეს წმინდა მაკარის რჩეული წიგნი „იოანე ოქროპირის საუბრები წმიდა მოციქული პავლეს 14 ეპისტოლეზე“ (კიევის გამოცემა 1621-1623). ერთ-ერთ ფურცელზე მისი მინაწერით.
1713 წლიდან პერეიასლავის წმინდა მიქაელის სახელობის მონასტრის წმინდა მიქაელის ეკლესიაში ინახებოდა. 1734 წლის ხანძრის შემდეგ, სიწმინდე სახლის ეკლესიის სატრაპეზოში ინახებოდა, ხოლო 1742 წელს, აღდგენის შემდეგ, წმინდა მიქაელის ეკლესიაში დააბრუნეს. მონასტრის დაშლის შემდეგ, 1786 წლის 4 აგვისტოს, ნეშტი საზეიმოდ გადაასვენეს პერეიასლავის ამაღლების მონასტერში და ვერცხლის სიწმინდეში მოათავსეს ეკლესიის მარცხენა მხარეს, კანკელის მახლობლად, სპეციალური გუმბათის ქვეშ, მეორე გვერდითი სამლოცველოს სამეფო კართან, რომელიც წმინდა მოწამე მაკარისადმი იყო მიძღვნილი. 1942 წელს წმინდა ნაწილები ქ. ჩერკასის ყოვლადწმინდა სამების ეკლესიაში გადააბრძანეს, 1965 წლიდან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში იყო, ხოლო 2003 წლის 26 მაისიდან წმინდა მაკარის უხრწნელი ნეშტი ჩერკასის წმ. მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარშია დასვენებული. მისი წმინდა ნაწილები ასევე დაცულია ჩერკასის ოლქის ქ. კანევში და სოფელ კოპაჩოვის წმინდა დიმიტრის სახელობის ეკლესიაში.
2013 წლის 13 (26) მაისს ღირსმოწამე მაკარის წმ. ნაწილების აღმოყვანების დღეს, მათი ნაწილი ჩერკასიდან კამენცში საჩუქრად წარგზავნეს, სადაც კამენეცელი მხატვრის, მიხაილ მაქსიმოვიჩის მიერ დაწერილ ხატში ჩააბრძანეს, და წმ. სვიმეონის ეკლესიის საკურთხეველში დაასვენეს.
XIX ს-ში სანქტ-პეტერბურგში გამოიცა „წმინდა მღვდელმოწამე მაკარის ცხოვრების აღწერა“, და „მაკარი, არქიმანდრიტი. წმინდანის ცხოვრების აღწერა“. XIX ს-ის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში ფართოდ იყო გავცელებული წმინდანის ქრომოლითოგრაფიული რეპროდუქციები. ათონის წმ. ელიას სკიტში ბეჭდავდენ წმ. მაკარის ხატებს რუსული სტილით მოოქროვილ ჩარჩოებში. ოდესელმა ქრომოლითოგრაფმა ე.ი ფესენკომ დაბეჭდა წმინდა მაკარის ხატები მის წმ. ნაწილებიან ლუსკუმასთან ერთად (ყდის 2 გვ). ეს ქრომოლითოგრაფი გავრცელდა მთელ რუსეთში. ერთ-ერთი ასეთი ქაღალდის ნაბეჭდი ხატი წარმოდგენილია ფ. რ. კომაროვის კოლექციაში.
წმ. მაკარის ხსოვნა წელიწადში ორჯერ აღინიშნება: 7/20 სექტემბერს – მისი მოწამეობრივი აღსასრულის დღე, 13/26 მაისს – წმ. ნაწილთა აღმოყვანების დღე. 23 ოქტომბერი – ვოლინის წმინდანთა ხსენება. (სულთმოფ III კვ.). – ბელორუს წმინდანთა ხსენების დღე.
წმინდა მაკარის სახელობის ტაძარი არის ქალაქური ტიპის სოფელ ბრუსილოვში (ოვრუჩის ეპარქია, უკრაინა, ჟიტომირის ოლქი).
ბელარუსში 1995 წ. გამოქვეყნდა ა. მასლოვის „ღირსმოწამე მაკარი, არქიმანდრიტი ოვრუჩისა და კანევისა“. ქ. კამენეცელი ისტორიკოსი, გ. მუსევიჩი კვლევამ მიიყვანა „წმინდა მოწამე მაკარის, კამენეცკის (პინსკი) წინამძღვრის, ოვრუჩის და კანევის არქიმანდრიტის, პერეიასლაველი სასწაულმოქმედის“, ცხოვრების დასაწერად.
ქ. კამენეცში ბრესტისა და კობრინის მთავარეპისკოპოსის, იოანეს ლოცვა-კურთხევით, აშენდა ეკლესია წმ. მაკარის პატივსაცემად.
ბელორუსის ეგზარქოსის სინოდის 2012 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მოწამე ბრესტის ეპარქიაში მოიხსენიება, როგორც არქიმანდრიტი კანევისა, იღუმენი კამენეცკისა, პინსკისა, ოვრუჩისა, სასწაულმოქმედი პერეიასლავსკელი.
მისი ხსენება აღინიშნება 5 (18) სექტემბერს, 13/26 მაისს (წმ. ნაწილთა აღმოყვანება) და სულთმოფენობის III კვირას. ბელორუს წმინდანთა ხსენების დღეს.
წმინდა მაკარის ხატი დასვენებულია გაინოვკას (პოლონეთი) წმინდა სამების საკათედრო ტაძარში.
ქ. თბილისის ქვემო ფონიჭალის წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ ზაქარია შონიას ქ. კამენსკოეს (უკრაინა) 12 მოციქულის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ვლადიმერ ვოვჩუკმა (უკრაინა) და მისმა შვილმა, მღვდელმა იაროსლავ ვოვჩუკმა, მისივე თხოვნით შესწირეს ღირსმოწამე მაკარის წმინდა ნაწილი. მამა ზაქარიას კურთხევით დაიწერა წმინდანის ხატი (იხ. ყდის 2 გვ) და წმინდა ნაწილი მასში ჩააბრძანეს, ხატი დაბრძანებულია ტაძარში და ყველას შეუძლია მიეახლოს და ილოცოს ამ უდიდესი მართლმადიდებელი ღირსმოწმე მამის წინაშე, და შეავედროს ერი, ეკლესია და ოჯახი.
გამოკრიბა, თარგმნა და შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა
წმიდაო ღირსმოწამეო მაკარი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის!