ღმრთისმშობლის კვართი

გარდამოცემანი ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლისა კვართის შესახებ

საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ამის შესახებ ცნობილია როგორც ქართული წერილობითი წყაროებიდან, ასევე საეკლესიო გარდამოცემებიდანაც. საუკუნეების მანძილზე, საქართველოში მარიამ ღვთისმშობლის მრავალმა სიწმინდემ მოიყარა თავი, რომელთა უმრავლესობას ჩვენამდე არ მოუღწევია, თუმცა მათგან ყველაზე მნიშვნელოვნად მისი კვართი ითვლება, რომელიც ღვთის საოცარი განგებულებით და დედა ღვთისას უსაზღვრო მოწყალებით დღესაც საქართველოში ბრძანდება. იგი საუკუნეთა განმავლობაში ხობის მონასტერში იყო დაბრძანებული. წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი) სამეგრელოში თავის არქეოლოგიური მოგზაურობისას ხობის ეკლესიაში დაცულ საგანძურთა შორის აღწერს სანაწილე კოლოფს, რომელშიც ინახებოდა ღვთისმშობლის კვართი და სხვა ნაწილები (1913 ). სიწმიდეთა სანაწილე კოლოფი იყო უბრალო: „ვერცხლით შეჭედილი, შუაში ღვთისმშობლის სახეა, რომელსაც სამი ქვა უზის: ორი ფირუზი და ერთი იაგუნდი“. მასზე მოთავსებულია მხედრული წარწერა რომელშიც გურიის მთავრის, გიორგი II გურიელის (+1600) შვილი, მალაქია არის მოსენებული, მალაქია გურიელი შესთხოვს ხობის ღვთისმშობელს: „: ხოფის ()თის მშობელო: ადიდე: ორთავე: შინა ცხორებათა: ამის შემამკობელი: გურიელის შვილი: მალაქია: ვინცა შენდობა ბრძანოთ: თქვენცა შეგინდოს ღმერთმან, ამინ“. მალაქია გურიელი XVII ის I ნახევარში მოღვაწეობდა. იგი ერთხანს ჯუმათცაიშისა და შემოქმედის ეპარქიას განაგებდა, ხოლო 1616-1639 წლებში დასავლეთ საქართველოს კათალიკოსიც იყო

მღვდელმონაზონმა კალისტრატემ (ჩიჩუა), რომელიც 1862-1882 წლებში ხობის მონატერში მოღვაწეობდა აღწერა აღნიშნული ტაძრის სიძველეები და მათ შორის სანაწილე კუბოც აღწერა. მისი გადმოცემითყოვლადწმიდის ღვთის მშობლის კვართის (პერანგი) კუბო ვერცხლით მოჭედილია, სიგრძით 9 გოჯი, განი 6 გოჯი, სიმაღლე 5 გოჯი“. მანვე პირველად გამოაქვეყნა სანაწილე კუბოს ირგვლივ, ქვემო ნაწილში მოთავსებული სამეგრელოს მთავრის, ლევან II დადიანის (1611-1657) დაკვეთით, მხედრული ანბანით შერულებული წარწერა: „…შევამკე და ფერვითა თვალითა მარგალიტითა მე ხელმწიფემან დადიანმა პატრონმა ლევან მისთვის საოხად შეგიმკვეთ, ყოვლად წმიდაო, ქერუბიმთა უმაღლესო, სერაბიმთა უაღმატებულესო, ქალწულო, ყოვლად საგალობელო, ლხინებაო ყოველთა ქრისტეანეთაო, შეისმინე ვედრება ჩვენი და იხსენ და აცხოვნე განუსვენე და აკურთხე სული დედოფლისა ნესტანდარეჯანისა და დაამკვიდრე სასუფეველსა, ამინ! მოიჭედა ყოვლად წმიდისა პერანგისა კუბო ესე ქკსა სამას ოცდა რვასა“ (ქორონიკონი 1640 .). წმ. ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი) აღნიშნავს, რომ დიდი ლევან დადიანის მეუღლე „ნესტანდარეჯან ჭილაძის ასული გარდაიცვალა 1639 წელს. მაშასადამე, წარწერა გაკეთებულია 1639-1657 წლებში“.

მარიამ ღვთისმშობლის კვართი დედამიწაზე ერთადერთია და ის მაცხოვრის დედას იესოს შობის დროს ემოსა. იგი სელისგანაა ნაქსოვი, აქაიქ დაჩითულია ყვავილებით და მოქარგულია ნემსით. სიგრძით რვა რომაული მტკაველის ოდენაა, განით კიოთხისა (180/130 სმია), აქვს ერთი მტკაველის სიგრძის მოკლე მკლავები და ვიწრო საყელო. ღვთისმშობელი მას ლოცვისას შემოიხვევდა თურმე, ამიტომაც აქვს ამოჭრილი პატარა სატუჩე.

ბოლშევიკური რეჟიმის დამყარების შემდგომ, 1922-1936 წლებში, ხობის ტაძარში დაცული სიწმინდეები, მათ შორის ღვთისმშობლის კვართიც, 1921 წლის პირველ მაისს აკაკი ჭანტურიას ინიციატივით დაარსებულ დადიანების სასახლის ბაზაზე გახსნილ ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმს გადაეცა და დღემდე იქ არის დაცული. 1923 წლის 12 მაისის გაზეთკომუნისტში“ აღნიშნულია, რომ ვიდრე მუზეუმში მიიტანდა ერთერთ ბოლშევიკს ხობის მონასტრის სიწმინდეები ზუგდიდშიპარასკეობის“ ბაზრობაზე გაუტანია და იქ შეკრებილი გლეხებისათვის ანტირელიგიური ხასიათის მიტინგი ჩაუტარებია, თან წმინდა მარინეს ხელის მტევანი გადაუტეხია, – ვნახოთ რას მიზამს თქვენი სიწმინდეო. ცოტა ხანში ეს კაცი დამწვარა და საშინელი სიკვდილით დაღუპულა.

მუზეუმის საინვენტარო წიგნში ღვთისმშობლის წმინდა კვართი ჩვეულებრივ ექსპონატად იყო გატარებული. მხოლოდ რამდენიმე პიროვნებისთვის იყო ცნობილი, რა სიწმინდეს წარმოადგენდა იგი.   საბჭოთა დიქტატურის დამხობის შემდეგ ეს სასწაულის ტოლფასი საიდუმლო საზოგადოებას აუწყა საგანძურის მცველმა ლილი ბერაიამ. 1990 წლის შობის დღეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართი ადგილობრივი მრევლისა და ზუგდიდის ისტორიული მუზეუმის თანამშრომელთა ძალისხმევით პირველად გადაასვენეს იქვე ახლოს მდგარ ვლაქერნის ხატის სახელობის ეკლესიაში. დღის ბოლოს კვართი ისევ მუზეუმს დაუბრუნდა. მას შემდეგ ყოველ წელიწადს, (2) 15 ივლისს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის დადების დღესასწაულზევლაქერნობასკვართს მუზეუმიდან გადააბრძანებდნენ ხოლმე ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში, სადაც აღესრულებოდა სადღესასწაულო ღვთისმსახურება. 2016 წელს კი წმინდა კვართი ფეხით მსვლელობით ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში გადააბრძანეს და მომლოცველებს მთელი დღის განმავლობაში ჰქონდათ შესაძლებლობა, მთხვეოდენ საქრისტიანოს ამ უდიდეს სიწმინდეს

გადმოცემის მიხედვით, ბიზანტიაში ლეონ დიდის, მაკედონელის (457-474) ზეობისას მეფესთან დაახლოებული პირები, ძმები გალბიუსი და კანდიდი კონსტანტინეპოლიდან პალესტინაში გაემგზავრნენ წმინდა ადგილების მოსალოცად და ნაზარეთში ერთი მოხუცი ებრაელი ქალის სახლში გაჩერდნენ ღამის გასათევად. იქ სტუმრების ყურადღება ანთებულმა სანთლებმა და საკმევლის სურნელებამ მიიპყრო. კეთილმსახურმა ქალმა ძმებს გაუმხილა, რომ იგი იცავდა ძვირფას სიწმინდესღვთისმშობლის სამოსელს, რომლისგანაც მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა.

ვლაქერნობა

ყოვლადწმიდა ქალწულმა მიძინების წინ ერთი თავისი შესამოსელი კეთილმსახურ ებრაელ ქალწულს აჩუქა და სთხოვა, რომ სიკვდილის წინ, ის სხვისთვის, ქალწულისათვის გადაებარებინა. ასე, თაობიდან თაობას გადაეცემოდა ეს უდიდესი სიწმიდე ამ ოჯახში. ძმებმა, მიეცათ რა ღვთისმშობლის სამოსელთან სიახლოვეს ღამის გათენების საშუალება, აუღეს ზომები კიდობანს, რომელშიც ის ინახებოდა და შემდეგ მისი ასლი და ოქროთი მოქარგული საფარი იერუსალიმში შეუკვეთეს. უკანა გზაზე ნაზარეთში ნამდვილი ყალბზე შეცვალეს, ძვირფასი კიდობანი წმიდა სამოსლით კონსტანტინეპოლში გადაასვენეს და დააბრძანეს წმიდა მოციქულთა პეტრეს და მარკოზის სახელზე აგებულ თავიაანთ საგვარეულო ტაძარში, სადაც საიდუმლოდ ინახავდნენ. თუმცა როგორც გადმოცემიდან ცნობილია, მის მიერ მოხდენილმა მრავალრიცხოვანმა სასწაულმა აიძულა ძმები რელიქვიის შესახებ ემცნოთ ბიზანტიის იმპერატორისა და კონსტანტინოპოლის პატრიარქ გენადისთვის. შედეგად, 469 წლის 2/VIII წმ. გენადი კონსტანტინეპოლელმა ახალ კიდობანში ჩაბრძანებული ღვთისმშობლის კვართი შესაფერისი პატივით გადაასვენა ვლაქერნის ყურის სანაპიროზე ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის* საპატივცემულოდ აგებულ საკათედრო ტაძარში (ვლაქერნის ეკლესია). ამ მოვლენასთან დაკავშირებით, დადგინდა `ღვთისმშობლის კვართის ვლაქერნაში დასვენების დღისყოველწლიური აღნიშვნა

ღვთისმშობლის ვლაქერნის ხატსა და კვართს ბევრი სასწაული უკავშირდება. საეკლესიო სწავლების თანახმად, დედა ღვთისმშობელმა VII-IX საუკუნეებში სამგზის გადაარჩინა კონსტანტინოპოლი მტერთაგან განადგურებას. 626 წლის გაზაფხულზე სპარსელებისა და ხაზარების უზარმაზარი არმია ბოსფორს მისდგომია და კონსტანტინოპოლისათვის შემოურტყამს ალყა. მაშინ პატრიარქმა სერგიმ სამღვდელოებასთან ერთად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატითა და კვართით ქალაქისათვის შემოუვლია და მის წინაშე წაუკითხავს პირველი დაუჯდომელი საგალობელი** („ზესთამბრძოლისა ჩუენისათვის და მოღვაწისა უძლეველისა….  ამ დროს ამოვარდნილა საშინელი ქარიშხალი და აღელვებულ ზღვას მომხდურების ფლოტი შთაუნთქავს. ვინაიდან დიდი მარხვის მეხუთე კვირის შაბათს მომხდარა ეს დიდი სასწაული, მართლმადიდებელმა ეკლესიამ ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი სადიდებელსაგალობელის (სამადლობელი დაუჯდომლის) საყოველთაოდ აღსრულება ყოველ წელიწადს, დიდი მარხვის V შვიდეულის შაბათ დღეს დააწესა ბიზანტიის დედაქალაქის სასწაულებრივად გადარჩენის აღსანიშნავად, რის გამოც ამ დღეს დაუჯდომელის შაბათსაც უწოდებენ.

* ეს ხატი თავდაპირველად ანტიოქიაში იმყოფებოდა, საიდანაც იმპერატრიცა ევდოკიამ (408-450) ჯერ იერუსალიმში, ხოლო იქედან კონსტანტინეპოლში გადაიტანა, სადაც იმპერატორის დამ, წმიდა პულხერიამ ვლაქერნის ეკლესიაში დააბრძანა 

** ღმრთისშობელის პირველი დაუჯდომლის ავტორობა სამართლიანად მიეწერება კონსტანტინოპოლის საკათედრო ტაძრის დიაკვანს და პატრიარქის მდივანს წმ. გრიგოლ პისიდიელს (VII .-ის პირველი ნახევარი იგი გამოირჩეოდა პოეტური ნიჭით. მის მიერ შექმნილი იამბიკონები სამაგალითოდ ითვლებოდა და მას მათ გამო საკვირველს უწოდებდნენ. ამ დაუჯდომელის დაწერას ზოგიერთი მიეწერს პატრიარქ სერგის, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მან ჩართო ის საეკლესიო ღმრთისმსახურების პრაქტიკაში

სარკინოზთა თავდასხმის დროსაც სასწაულებრივად იხსნა ღვთისმშობელმა კონსტანტინეპოლი, რომელიც მათ სახელგანთქმულ სარდალს მოავიას 6 დღე ჰქონდა ალყაში მოქცეული. წმინდა პატრიარქმა ფოტიმ (810-893 ..) კვართი გამოიტანა და როგორც კი ზღვას შეახო, ხომალდები აღლევებულმა ტალღებმა შთანთქა.

მოგვიანებით ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის კიდობანში ჩააბრძანეს მისი წმიდა ომოფორი (ვიწრო, გრძელი თავსაბურავი, რომელიც ახლა საფრანგეთშიმისთვის სპეციალურად აშენებულ შატლის მონასტერშია დაცული) და სარტყლის ნაწილი, რომლებიც მეექვსე მსოფლიო კრების დადგენილებით გახსნილ ღვთისმშობლის აკლდამაში აღმოაჩინეს და დააწესეს ამ დღის აღსანიშნავი დღესასწაული 2 ივლისი (ახ.სტ. 15), რომელიც აერთიანებდა ორ მოვლენას: ღვთისმშობლის სამოსლისა და მისივე სარტყლის დადებას ვლაქერნაში

 გარდამოცემის მიხედვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამ ნაწილად გაყოფილი სარტყელი, აქლემის ბეწვისგან (სტევი) თვით უფლის დედას დაუმზადებია, ხოლო მისი მიძინებისა და ზეცაში ამაღლების წინ ის თომა მოციქულისათვის გადაუცია. წმინდა სარტყლის შენახვა თავს იდო ორმა ღვთისმოშიშმა იერუსალიმელმა ღარიბმა დედაკაცმა. თაობიდან თაობას გადაეცემოდა შესანახად ეს სიწმინდე. იმპერატორ არკადის მმართველობის ჟამს წმინდა სარტყელი ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქში, კონსტანტინოპოლში გადაიტანეს, სარტყელი დაიდო მშვენიერ ლუსკუმაში, რომელსაც `წმინდა ლუსკუმა~ ეწოდა. ეს მოხდა 31 აგვისტოს. წმინდა რელიკვიას დედაქალაქი და მისი მკვიდრნი მტრის თავდასხმისა და ბოროტ სულთა შემოტევისგან უნდა დაეცვა, ხოლო არკადის ქალიშვილმა პულხერიამ ქალკოპრატიის ტაძარი ააგო და მასში დაასვენა. შემდგომ საუკუნეებში იგი კაპადუკიაში, ამასეას სამხრეთით, ქალაქ ზილაში გადაიტანეს. კონსტანტინოპოლში ის კვლავ დააბრუნეს იმპერატორ იუსტინიანე I-ის დროს, რომლის მეფობისას აშენდა წმ. სოფიოს ტაძარი. მისმა ძემ, იუსტინიანე II- და რძალმა სოფიომ რესტავრაცია ჩაუტარეს ქალკოპრატიის ტაძარს და წმინდა ლუსკუმის სახელზე პატარა ტაძარი ააგეს. პატიოსანი სარტყელი წმინდა ტრაპეზზე ინახებოდა. მან განკურნა იმპერატორ ლევ VI-ის მეუღლე ზოია, რომელიც არაწმინდა სულისაგან იტანჯებოდა. 1150 წელს პატიოსანი სარტყელი დასვენებული იყო კონსტანტინოპოლის დიდ პალატში, წმინდა მიქაელის ტაძარში. ეტყობა, ის მაშინ დაანაწილეს და გადაასვენეს ტაძარში. XII მანუელ I კომნენოსის მეფობისას, ოფიციალურად დადგინდა 31/VIII პატიოსანი სარტყლის დადების დღესასწაული, რადგანაც ადრე, ღვთისმშობლის საფარველის ხსენების დღეს, 2 ივლისს იზეიმებოდა. ბოლო მოწმობა იმისა, რომ სარტყელი კონსტანტინოპოლში ინახებოდა, გახლავთ ანონიმი რუსი მომლოცველის 1424-1453 წლებით დათარიღებული ჩანაწერები. უცნობია, რა მოხდა შემდგომში, სარტყლის ერთი მესამედი 1453 წელს კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ ვატოპედის მონასტერში მოხვდა და დღემდე იქ ინახება. იგი უნახავს პლატონ იოსელიანს: „მონასტერსა მას შინა არს დაცული ძვირფასად საუნჯედ ნაწილი სარტყლისა ყოვლად წმინდა ღმრთისმშობლისა. იგი ჰძევს ოქროს მშვენივრად ნაკეთს ყუთში ხავერდით შიგნიდან მოვლებულში. სიგრძე სარტყლისა არს ორი მტკაველი, სიგანე მისი სამი გოჯი~. თურქეთის ბატონობის დროს მონასტრის საძმომ პატიოსან სარტყელთან ერთად ლიტანიობით შემოიარა კრეტა, მაკედონია, თრაკია, კონსტანტინოპოლი და მცირე აზია, რათა ეკურთხებინათ და გაეძლიერებინათ დამონებული ქრისტიანები და განეკურნათ ისინი გადამდები სნეულებისაგან. ცნობილია წმინდა სარტყლის მიერ მოხდენილი მრავალი სასწაული. ერთერთი სასწაული მომხდარა კალიების შეოსევის დროს და მოთხრობილია მამა პაისი ათონელისადმი მიძღვნილ წიგნშისიტყვა“. გთავაზობთ ამონარიდს ამ წიგნიდან: „მუხლუხოების საწინააღმდეგო შხამით თუ შეწამლეთ. – შევწამლეთ, მამაო. – ამდენი მონაზონი ხართ და ერთი მუხლუხოს მოკვლაც კი არ შეგიძლიათ! ოკუპაციის დროს, როცა კალიები შემოესია ამ მხარეს (ქალკიდიას) მაშინ წმინდა სარტყელი მოაბრძანეს ვათოპედის მონასტრიდან და კალიები ღრუბლებად ზღვაში ჩაცვივდა“. წმინდა სარტყელი განსაკუთრებით შეეწევა უშვილო ოჯახებს. ვათოპედის მონასტერში უშვილოებს აძლევენ მასზე შენახებ პატარა სარტყლებს და მათი წელზე შემორტყმის შემდეგ ბევრ მათგანს შვილიერების უნარი მისცემია.

მარიამ ღმრთისმშობლის სარტყლის მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი XI ის დასაწყისში საბერძნეთიდან საქართველოში მოუტანია ბიზანტიის იმპერატორის რომან III არგიროსის (1028-1034) ქალიშვილსა და საქართველოს მეფის ბაგრატ IV-ის (1027-1072) მეუღლეს ელენეს, რომელიც ამ სარტყლის მიერ განკურნებულა. მას საქართველოში გამომგზავრების წინ მამისთვის უთხოვია სასწაულმოქმედი სარტყლის ნახევრის მზითვად გამოტანება და აფხაზეთში, ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ბედიის მონასტერში დაუსვენებია, ხოლო შემდეგ, „როდესაც მაჰმადიანობამ შავი ზღვის სანაპიროებზე იწყო მძლავრობა და მეგრელობა იძულებული გახდა უკან დახეულიყო მდინარე კოდორამდის, ვლაქერნის ღმრთისმშობლის ხატი (სარტყელთან ერთად) მტერთაგან უვნებლად დასაცავად დროებით გადაუტანიათ მარტვილში. სარტყელი მიმაგრებული იყო ვლაქერნის ხატზე“. . მურავიოვის თქმით, „ხატზე მიმაგრებული სარტყელი წააგავს სამთავარდიაკონო გინგილას და დაკეცილია ოლარივით, ქვედა ნაწილი სარტყლისა მეტად დაძველებულია, სარტყლის ოქრომკედის ნიადაგი მოფენილია მარგალიტებით და ზურმუხტ იაგუნდის ქვებით. ეს, რასაკვირველია, ერთი უძველესი ნაშთთაგანია, რომელსაც ჩვენამდის მოუღწევია ქრისტიანობის პირველის დროიდან“. ქართული წყაროები არაფერს ამბობენ ღმრთისმშობლის სარტყლის საჩუქრად გადმოცემის შესახებ. „ქართლის ცხოვრებაში“ მხოლოდ შემდეგია ნათქვამი: „კეისარმან მოსცა ელენე ასული თვისი ცოლად ბაგრატს, სამსჭუალნი უფლისა და ხატი ოქონისა და საუნჯე მრავალი ზითვად“ .

ვლაქერნის ღმრთისმშობლის ხატი დადიანების უმთავრესი საგვარეულო სიწმინდე იყო, ამიტომაც მთავრები მას დიდი სასოებითა და მზრუნველობით ეკიდებოდნენ. მთავარმმართებელი . ციციანოვი თავის მოხსენებაში აღნიშნავს: „როგორც ისტორიით და გადმოცემით, ისე ჩემგან შეკრებილი სარწმუნო ცნობებით, ვლაქერნის ხატი მუდამ ინახებოდა სამეგრელოს დადიანების სასახლეში“.

ჯერ კიდევ XVIII ში, როცა სამეგრელო (ოდიშის სამთავროადიღეჩერქეზების და აფსუების ხშირი თავდასხმების ობიექტი იყო, გრიგოლ დადიანმა (1788-1804), რომელსაც ცოლად ჰყავდა გიორგი XII (1798-1800) ასული, წმინდა სარტყლიანი ვლაქერნის ხატის შენახვა მიანდო სიმამრს, რომლის სიკვდილის შემდეგაც ხატი მიისაკუთრა დავით ბატონიშვილმა და რუსეთში გადასახლებისას თან წაიღო. მისი დის, გრიგოლ დადიანის ქვრივის ნინოს (1804-1847) წერილებმა და თხოვნამ სიწმინდეთა დაბრუნების შესახებ მასზე გავლენა ვერ იქონია. „…მთავრინა ნინო და სამეგრელოს დიდებულები იძულებული გახდნენ მიემართათ სხვა საშუალებისათვის, ეხმარათ ხერხი, გადაწყიტეს მიართვან ხატი ხელმწიფე იმპერეტორს იმ აზრით, რომ შემდეგ ეშუამდგომლათ მის დაბრუნებისათვის სამეგრელოში. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ბატონიშვილი იმპერატორისათვის ხატის მირთმევის წინააღმდეგი არ გახდებოდა და ხერხმაც მართლა გასჭრა, ბატონიშვილმა გადასცა ხატი იმ დეპუტაციას, რომელნიც ამისთვის გაგზავნილი იყო პეტერბურგში“. იმპერატორმა შეისმინა თხოვნა, ხატი ახალი პერანგით შემოსა, ძვირფასი თვლებით შეამკობინა და ერთი წლის შემდეგ უკან დააბრუნა. იგი ნინოსადმი უმაღლეს რესკრიპტში წერდა, რომ ამ ხატის დასასვენებლად აეშენებინათ ეკლესია დადიანების სასახლეების ახლოს, ხოლო ადგილს დარქმეოდა გრიგოლიპოლისი, გრიგოლ დადიანის პატივსაცემად. ტაძრის ასაგებად გამოიყო 2000 ჩერვონეცი, მაგრამ მთავრობამ ეს საქმე მიივიწყა. ეკლესიის მშენებლობა დაიწყეს 1825 წელს და დასრულდა 1830 წელს. მარტვილის ეკლესიაში დაბრძანებული ვლაქერნის ღვთიმშობლის ხატი ზუგდიდში გადმოაბრძანეს და დიდი ხნის განმავლობაში იქ იყო დაბრძანებული. ზუგდიდის ეს ტაძარი, რომელიც ოდიშის სამთავროს კარის ეკლესია გახდა, ღვთისმშობლის ხატის სახელზე კი ააგეს, მაგრამ როგორც ჩანს, შემდგომ დედა ღვთისას სარტყლის დადების დღესასწაულის სახელზე უკურთხებიათ. ამაზე მეტყველებს კანკელის ხატი, რომელზეც გამოსახულია დედოფალ პულხერიას მიერ სარტყლის დადების სცენა. ხატი შესრულებულია დავით და ეკატერინე დადიანების შეკვეთით.  

წმ. ექვთიმე ღვთისკაცი 1913 წელს იმყოფებოდა სამეგრელოში, მას ხატის აღწერა უნდოდა. მაგრამ მანამდე, დადიანებმა ეს ხატი სასახლეში გადააბრძანეს და ჩაკეტეს, რადგან ის რამდენჯერმე მოიპარეს და გაძარცვეს. იმ დღეს, როცა ექვთიმე სამეგრელოში იმყოფებოდა, დადიანები სახლში არ იყვნენ და მან ვერ აღწერა ეს ხატი

XX ის საშინელ მოვლენებს ვერც დადიანების ეკლესია გაექცა. წირვალოცვა აკრძალულ და დაკეტილ ეკლესიაში ხან მხარეთმცოდნეობის მუზეუმი იყო, ხანსამხატვრო სახელოსნო, ხანთოჯინების თეატრი და მხოლოდ 1990 წელს კათალიკოსპატრიარქ ილია II-ის კურთხევით განახლდა ღვთისმსახურება. 1918-1921 წლებში, როდესაც ქვეყანაში საშინელი ძარცვაგლეჯა სუფევდა, დადიანებმა გააკეთეს კედელი, შიგნით დამალეს ხატი და ამოქოლეს. როცა ექვთიმე მეორედ ჩავიდა სამეგრელოში, დადიანების მოურავმა კედელი დაანგრია და ეს ხატი თაყაიშვილმა თბილისში ჩამოაბრძანა. (როდესაც პირწმინდად გაიძარცვა ეკლესიამონასტრები, მთავრობის დავალებით 1919 წლის 8 დეკემბერს ექვ. თაყაიშვილს დაევალა სამეგრელოს თავადის განძეულობის აღმწერი კომისიის შექმნა, 20 ან 21 დეკემბერს მინგრელსკის მოურავთან ერთად ექვთიმე თაყაიშვილმა შეაღო სასახლის დალუქული კარი და დაათვალიერა სასახლის ყველა ოთახი და სათავსო, იგი `ჩასულა ქვემო სართულის სამზარეულოში, სადაც მოურავს უჩვენებია სამალავი. გამოუნგრევიათ განჯინის ამოქოლილი პირი. შიგ აღმოჩენილა 4 ყუთი სავსე ოქროსა და ვერცხლის ნივთებით და ცალკე ვლახერნის დიდი ხატი თავისკოიტით“, ანუ კიდობნით. მეორე დღეს, 22 დეკემბერს, კომისიას დაუთვალიერებია სასახლის ზემო სართულის ოთახები და აღუნუსხია „უმთავრესი საგნები და ნივთები ამ ოთახებისა“. კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისში გადაიტანეს ვლახერნის ხატი, სამალავში დაცული ნივთები, აგრეთვე, „ხატები, სამი სახარება და ყანწები ვერცხლით შემკობილი, ვერცხლის ნივთები და ერთი ღვთისმშობლის ხატი“ეკლესიიდან (ჟორდანია, „დაბრუნებული საუნჯე“, გვ. 34. 1983)

როდესაც ექვთიმე ვლაქერნის ხატს აღწერს, არსად არ მიუთითებს, რომ მასზე იყო სარტყელი, შესაბამისად, მეცნიერები სარტყელს დაკარგულად მიიჩნევენ. იმ დროს არსებობდა ასეთი კანონისახელმწიფოს საკუთრებაში უნდა გადასულიყო ის საეკლესიო ქონება, რომელიც ეკლესიისთვის აღარ იყო სასარგებლო. თუ ექვთიმე დაწერდარომ მასზე იყო სიწმიდე, ის ეკლესიაში დარჩებოდა და შეიძლება, დაკარგულიყო. დღეს ეს დაფა ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახებაძალიან არის დაზიანებული და ღვთისმშობლის გამოსახულება აღარ ჩანს, მაგრამ მასზე მიკრულია ყავისფერი სარტყელი, რომლის სიგანე 11 სანტიმეტრია (იხ. ყდის III გვ.) იგი შეადარეს ვატოპედის მონასტრიდან ჩამოტანილ ფოტოს. თვითონ ხატის დაფა უნიკალური, ძვირფასი სამკაულებთი არის შემკული. მათ შორისაა ბიზანტიური მონეტები, რომლებსაც ანალოგი არ აქვს. ღვთისმშობლის სარტყელთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი სასწაული მომხდარა და მან, ვლაქერნის ხატთან ერთად, არაერთხელ დაიცვა ბიზანტიის იმპერია უცხო ძალების შემოსევებისგან. უცხოურ წყაროებში ქართველებსსარტყლიან ქრისტიანებს“ გვიწოდებენ. ეს ნიშნავს, რომ ღვთისმშობლის სარტყლის მფლობელები ვართ.

ისტორიული წყაროები და ზეპირი გადმოცემები სხვადასხვანაირად გადმოგვცემენ ამ სიწმინდეების საქართველოში დავანების ისტორიას. მათ შორის არსებობს ერთი საინტერესო ვარაუდი (ავტორი აწ განსვენებული ცნობილი ფოლკლორისტი და მოღვაწე კალისტრატე სამუშია). უცნობია თუ რა წყაროებს ეყრდნობოდა მკველვარი. ამ ვარაუდის მიხედვით, კონსტანტინეპოლის დაცემის შემდეგ ვლაქერნის ტაძრის სიწმინდები იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტერში მოხვდა. როცა სამეგრელოს (ოდიშის) მთავარმა ლევან II დადიანმა (ქართული კულტურის უდიდესი მეცენატი XVII საუკუნეში, ღვთის მოყვარე, ეკლესიათა მაშენებელი, და მართლმადიდებლობის ამაღორძინებელი მთავარი, რომელმაც სამთავროში განაახლა ყველა დანგრეული ეკლესია და მონასტერი, შეამკო ბარძიმფეშხუმებით და ჭედური ხატებით, აღადგინა წირვალოცვა) ვალებისგან გამოიხსნა იერუსალიმის ჯვრის მონასტერი და განაახლა, მან იქვე მოღვაწე ნიკოლოზ ირუბაქიძეჩოლოყაშვილს (ნიკიფორე ირბახი) შესთავაზა საქართველოში, სამეგრელოში ჩამოსვლა და კორცხელის მონასტრის წინამძღვრობა. კორცხელის მონასტერი ჯვრის მონასტრის მეტოქი გახდა. ნიკოლოზი სამეგრელოში ჩამოვიდა და 1632-1657 წლებში ხობის მონასტერში მოღვაწეობდა. შინა და გარეშე ომებისაგან დაქსაქსული და სამთავროებად დაშლილი საქართველო ვეღარ პატრონობდა ჯვრის მონასტერს, ამიტომ სავარუდოა, რომ ნიკოლოზს იქ დაცული სიწმინდეები თან წამოეღო

ღვთისმშობლის კვართის შესახებ ვახუშტი ბატონიშვილი მწირ ინფორმაციას გვაწვდის: ხოფის ეკლესიასა შინა მსუენარებს პერანგი ყოვლად წმიდისა ღვთისმშობლისა სასწაულ მოქმედი. სამაგიეროდ ცნობები ამ და ზუგდიდის მუზეუმში დაცულ სხვა სიწმიდეთა შესახებ უხვადაა დაცული უცხოელ ავტორთა თხზულებებში. საინტერესო მასალა დაგვიტოვეს რუსმა ელჩებმა ფედოტ ელჩინმა და პავლე ზახარიევმა. ისინი 1640 წლის გაზაფხულზე სტუმრობდნენ ლევან II დადიანთან, სამეგრელოში. მათ, გარდა პოლიტიკური საკითხებისა, უნდა შეესწავლათ, თუ რა სიწმიდეები იყო საქართველოში და თუ საშუალება ექნებოდათ, ისინი რუსეთში უნდა წაეღოთ. ოდიშის მთავარი ლევანი მათ დიდი პატივით შეეგება და სასულიერო პირებს დაავალა, მათთვის სიწმიდეები დაეთვალიერებინათ. ისინი ხობის მონასტერშიც მიიყვანეს. ტაძრის არქიმანდრიტმა ნიკოლოზ ირუბაქიძეჩოლოყაშვილმა მათ დაათვალიერებინა ტაძარი, უჩვენა ღვთისმშობლის პერანგი და წმინდანებისკვირიკესა და მარინეს წმინდა ნაწილები. სტუმრების კითხვაზე, თუ რატომ აქვს წმინდა სამოსელს ასეთი პატარა ყელი, ნიკოლოზ კათალიკოსი ეუბნება, რომ გადმოცემის თანახმად, ამ კვართს ყელი თანდათან უპატარავდებაო, ხოლო სტუმრების კითხვაზე, ვის მიერ და საიდან იყო ჩამოტანილი ეს სიწმინდეები, არქიმანდრიტს განუმარტავს: „მე დიდი ხანი არ არის, რაც აქ ვარ, ამ თანამდებობაზე და არ ვიცი, საიდან და ვის მიერ არის ეს წმიდა ნივთები ჩამოტანილიო“.

უაღრესად საყურადღებოა 1650-1652 წლებში იმერეთის სამეფო კარზე მყოფი რუსი ელჩების, ალექსი იევლევისა და ნიკოფორე ტოლჩანოვის საანგარიშო მოხსენებანი. მათ ხობის მიძინების ტაძარში არსებული სიწმინდეების დეტალური აღწერა 1651 წლის 18 ივლისს, ქუთაისში ჩაუწერიათ წმინდა ათონის მთიდან ჩამოსული ორი ბერის აბესალომისა და იასაფესაგან. ამ ბერებმა გვიამბესოაღნიშნავს ალექსი იევლევი – „1651 წელს სადადიანოში, ხოფის მონასტერში ვიყავით, რომელშიც საბერძნეთის მეფის, ჰერაკლეს მიერ აგებული ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მარმარილოს ნარევი ქვის საყდარია, და მასში ძველი დროიდანვე ყოვლად წმიდა ღვთისმშობლის კვართია დაცული, რომელიც კონსანტინეპოლიდან ჩამოუტანია ერთ წიგნების მცველს მაშინ, როდესაც წმინდა ხატების დევნა მიმდინარეობდა საბერძნეთში, თეოფილე მეფის დროს“. ღვთისმშობლის კვართი მათთU მაქსიმე კათალისკოსსა და გოლგოთის მონასტრის იღუმენს ნიკიფორეს უჩვენებია, იმ დროს, როცა ის დიაკონი იასაფე კათალიკოსთან ერთად წირავდა. „ის კვართი მიტკლისაგან ან წმინდა ნარმისაგან უნდა იყოს შეკერილი, მთლად კარგად არ დაგვითვალიერებია, და ვგონებ მოხატული იყო, და თვით კვართს შაქრის ფერი ჰქონდა. ის ღვთისმშობლის კვართი ვერცხლის კიდობანშია დაცული და ამ საყდრის საკურთხეველშია დადგმული, და მთავრის, ლევან დადიანის და კათალიკოსის ბეჭდებით დაბეჭდილი. ხოლო როცა კათალიკოსმა კვართი გვიჩვენა (ბერებს), მისი სიგრძესიგანის ზომა ავიღეთ“, და მიერითგან იმ ბერებს ის ზომა კამილავკაში აქვთ შენახული და თავზე ატარებენ და საწერ ქაღალდში პატივით შეხვეული ჩვენც მოგვიტანესო, წერდნენ ნიკოფორე და ალექსი (ელჩები), ბერებისაგან იმ კვართის ზომიდან ჩვენთვის ზომა ავიღეთ, რომ ვინიცობაა, მომავალში ცნობისათვის დაგვჭირდესო

ბევრს ცდილობდნენ რუსი დიპლომატები, რომ კვართი სამეგრელოდან რამენაირად გაეტანათ, მაგრამ ვერ შესძლეს. ალექსი იევლევი აღნიშნავს, რომ მან ღვთისმშობლის კვართის შესახებ ჰკითხა ზაქარია მიტროპოლიტს, უნახავს თუ არა მას ნამდვილად. მიტროპოლიტს თურმე მრავალჯერ უნახავს და აღუნიშნავს, რომ იგი წიგნების მცველის მიერ ყოფილა მოტანილი იმ დროს, როცა წმინდა ხატები დევნას განიცდიდნენ საბერძნეთში. „ის ნამდვილად ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართიაო და სნეულის განკურნებაც მისგან ყოფილაო“. თურმე ამ სიწმინდეებთან ერთად აქ ინახებოდა ძელიცხოვლის ნაწილი და სხვა წმინდა ნაწილებიც.

კვართის შესახებ ძალიან საინტერესო ცნობებს გვაძლევენ კათოლიკე მისიონერებიც. არქანჯელო ლამბერტი, . ნეაპოლის მკვიდრი იტალიელი მისიონერი, თეატინელთა ორდენის ბერი, 1630-1649 წლებში რომის კათოლიკური სარწმუნოების პროპაგანდის კონგრეგაციის დავალებით ცხოვრობდა საქართველოში, ოდიშის სამთავროში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 1655 წელს, გამოაქვეყნა წიგნი, რომელშიც მოცემულია XVII შუა წლების ოდიშის სამთავროსა და საერთოდ საქართველოს პოლიტიკური და სოციალურეკონომიკური ვითარების, ყოფისა და კულტურის, ადგილობრივი წესჩვეულებებისა და ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრეების ვრცელი მიმოხილვა. ეს ნაშრომი ამ სახის პირველი თხზულებაა საქართველოს შესახებ. იგი აღნიშნავს წმინდა ნაწილების ხობის მონასტერში არსებობას, და თავის მოგონებებში ადასტურებს, რომაჩვენებდნენ ღვთისმშობლის პერანგს, რომელსაც იქაურები დიდ პატივსა სცემენ“. ასევე საინტერესოა იტალიელი მისიონერის, პატრისა და თეატინელთა ორდენის წევრის დონ კრისტოფორე დე კასტელის ცნობა: „…უფლის დიდი დედა ხოფის მონასტერშია, სადაც ბერძნებმა მოიტანეს (სარკინოზების მიერ) კონტანტინეპოლის აღების შემდეგ“. ის წერს, რომ  ამ სიწმიდის მოპარვა მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელიო, ხოლო ხობის მონასტერს `განთქმულ ეკლესიას~ უწოდებს. XVII საუკუნეში თეატინელთა ორდენის ბერს, მისიონერს, თეატინელთა მისიის პრეფექტს სამეგრელოში ჯუზეპე მარია ძამპს დაწვრილებით აქვს აღწერილი სამეგრელოს ეკლესიების არქიტექტურა, ინტერიერი, სამღვდელოების ჩაცმულობა, ხატები, ზარები, რელიკვიები. მთელი თავები აქვს დათმობილი ღვთისმსახურების, რელიგიური წესჩვეულებების აღწერას, აგრეთვე საკულტო ტერმინოლოგიას ქართულ ენაზე (ლათინური ტრანსკრიპციით); შეიცავს მდიდარ ფოლკლორულ და საყოფაცხოვრებო მასალას. ამ მხრივ მისი შრომა არქანჯელო ლამბერტის ცნობების გაგრძელებაა. იმ დროს კვართი ხობის მონასტრის საკუთრებას წარმოადგენდა. კვართის გარდა იქ იყო: წმიდა მარინეს მკლავი, წმიდა კვირიკეს ხელის მტევანი, რომელიც გაუხრწნელია. ძამპი უაღრესად საინტერესოდ აღწერს ამ სიწმიდეებს და წერს: „ამ ხალხს ბევრი რელიქვია აქვს, რომლებიც მათ, პირველ ყოვლისა, მიიღეს იმ დროს, როცა აქ, საქართველოში, ქრისტიანობა ჰყვაოდა და მათ მთავრებს კავშირი ჰქონდათ კონსტანტინეპოლის იმპერატორებთან, რომლებიც მათ ბევრ რელიქვიას უგზავნიდნენ საჩუქრად. შემდეგ ეს რელიქვიები მიიღეს აგრეთვე ამავე ქალაქის სასულიერო პირთაგან, რომლებიც ცდილობდნენ, ეს ხალხი ღვთისმოსაობაში განემტკიცებინათ. დაბოლოს, რელიქვიები მიიღეს იმ წმინდა მამათაგან, რომელნიც თურქეთის მიერ კონსტანტინეპოლის აღების შემდეგ მაჰმადიანთა ტირანიისაგან თავის დასაღწევად სამეგრელოში გადაიხვეწნენ და გაიფანტნენ მეზობელ ქვეყნებში. ამბობენ, რომ მაშინ კოლხიდაში ჩამოვიდა ერთი არქიეპისკოპოსი, თან ჩამოიტანა ერთი მტკაველის ოდენა ნაჭერი ძელი ჭეშმარიტისა (ფრანგული ფუტის რვა დიუმზე რამდენადმე დიდი) და კვართი, რომელიც, მათი თქმით, ღვთისმშობელს ეკუთვნოდა; ჩვენს პატრებს უნახავთ ტილო, რომლისაგანაც იგი არის შეკერილი…(აქ აღწერს კვართს) მეც მინახავს იგი ხობის ეკლესიაში, სადაც ის ინახება“. მისივე ცნობით, ამავე ყუთში ყოფილა პატარა კოლოფი, რომელშიც მაცხოვრის წვერის რამდენიმე ღერი და შოლტი იყო, რომლითაც ის იგვემა. ეს ყუთი მთავრის ბეჭდით იყო დაბეჭდილი.

XVII საუკუნის 60-იან წლებში საქართველოში იმყოფებოდა  ანტიოქიის პატრიარქი მაკარი და მისი შვილი მთავარდიაკონი პავლე ალეპოელი. მაკარი ანტიოქელს საგანგებოდ მოუნახულებია ხობის ტაძრის სიწმინდეები, რომელთა შესახებ იგი აღნიშნავს: „აქაურ ეკლესიაში დღემდე ინახება ღვთისმშობლის კვართი, ჩვენ ის ვნახეთ (ვემთხვიეთ) და თავი დავიწყალობეთ, ზუსტად მის თარგზე გამოვჭერი პერანგი თეთრი სელისაგან, აიაზმა ვხადეთ და შიგ ის დიდებული კვართის ნაწილი ჩავდეთ, მერე კი ეს წყალი ახალ პერანგს გადავასხით. ეს პერანგი შევინახეთ, რათა ჩვენს ქვეყანაში წაგვეღო და ღვთისმშობლისაგან ლოცვაკურთხევა მოგვეღო“.

1912 წელს გურიასამეგრელოს ეპიკოპოსი ლეონიდე (შემდგომში საქართველოს კათალიკოს პატრიარქი) სამეგრელოში მოგზაურობისას ეწვია ხობის მონატერს და კვართის და წმინდა ნაწილების წინაშე ჩაუქრობელი კანდელი დაადგინა.

სავარაუდოდ კვართი საქართველოში, კონტანტინეპოლის თურქთაგან დაპყრობის შემდეგ (1453 .) უნდა შემოსულიყო, რასაც წყაროებიც გვამცნობენ, როდესაც ბიზანტიის იმპერიის დამხობის შემდეგ, სასულიერო პირებმა მრავალი სიწმიდე საიდუმლოდ შემოიტანეს.

საეკლესიო გადმოცემამ მრავალი ცნობა შემოგვინახა ყოვლადწმინდა მარიამის კვართის სასწაულმოქმედებისა და კურნების ძალის შესახებ. ერთერთი გადმოცემის მიხედვით, 1855 წელს სამეგრელოში ომერ ფაშას მეთაურობით შემოჭრილა ოსმალთა რაზმი და ხობის მონასტრის მიდამოები საომარ ასპარეზად უქცევია. შეშინებული მოსახლეობა და სასულიერო პირებიც კი მთებში გახიზნულან. მხოლოდ ერთი ბერი, პეტრე ჟორდანია, დარჩენილა მონასტრის დარაჯად. მტერმა ეკლესიის იარაღის საწყობად გადაქცევა განიზრახა, მაგრამ ერთ საღამოს ტაძარს ნათელი დაადგა. შეშინებულმა თურქებმა მონასტრის მიდამოები მაშინვე დატოვეს

მეორე დიდი სასწაული 1891 წელს აღესრულა, როდესაც მონასტერი გაძარცვეს და ღვთისმშობლის კვართი სანაწილე კუბოსთან ერთად გაიტაცეს. ხალხმა მაშინვე ალყა შემოარტყა ტაძრის მიდამოებს და გაიძახოდა: „ნურც ბერი, ნურც ერი ნუღარ ვიქნებით ცოცხალი, თუ ეს სიწმინდე დაგვეკარგაო“. სამი დღის შემდეგეს კვართის კუბო, ხელუხლებლად მონასტრის მახლობელ ალაგზებუჩქში დაესვენა, სადაც ღამის წყვდიადში ზეციდან თითქოს ცეცხლის ნაპერწკლები გადმოდისო. ეს შენიშნეს ღამის მოგზაურთ და სოფლის მცხოვრებთ, მივიდნენ და იპოვეს ეს კუბო, წინ სანთლით“. ამ სასწაულის შემდეგ ხალხს კიდევ უფროგაუორკეცდა უმეტესი სასოება და სიყუარული ყოვლად წმიდისა ქალწულისა მარიამისადმი, ხოლო სამადლობელო პარაკლისის გადახდის შემდეგ დაადგინეს, რომ ხობში მუდამ იყვნენ სამსამი კაცი ღამის ყარაულებად ხალხის ანგარიშზე, კვართის უსაფრთხოების გამო“.

ხობის მონასტერს ჰქონდა სატაძრო დღესასწაული, რომელიც ყოველ წელს. აგვისტოში ორი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. გაზეთივერია“ში მწერალი ჯაჯუ ჯორჯიკია წერს: ეს დღესასწაული განთქმული თემობაა სამეგრელოში, „მარაშინობა“, მარიამობის დღესაწაული, რომელსაც თან მოსდევსიარმურკობა“. გადმოცემის მიხედვით, ხობის მონასტერში ღვთისმშობლის კვართის მობრძანების აღსანიშნავად, საზეიმო წირვალოცვა  გადაუხდიათ, რომლის შემდგომაც კვართი ვერ დაუკეცავთ, რომ შეენახათ. მხოლოდ 15 დღის განუწყვეტელი ლოცვის შემდეგ, ინებაო ღვთისმშობელმა მისი კუთვნილი სამოსლის ჩაკეცვა და შენახვა. ამის შემდეგ დაწესებულა ხობის მონასტრისათვის ღვთისმშობლის მიძინების  დღესაწაულობა 15 დღის განმავლობაში

ხობის (ნოჯიხევის) ცნობილი მონასტერი, რომელიც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წმინდა კვართზე საუკუნეთა განმავლობაში ზრუნავდა, მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდინარე ხობისწყლის მარცხენა სანაპიროზე, ქალაქ ხობიდან 3 კმ დაშორებით, სოფელ ნოჯიხევის ტერიტორიზე. ძველად მას ხოფის მონასტერს ეძახდნენ. ამ ხუროთმოძღვრულ კომპლექსიში შედის ტაძარი, სასახლე, სამრეკლო და გალავანი, აგრეთვე დამხმარე ნაგებობათა ნაშთები. გუმბათიანი სამრეკლო ერთერთი უდიდესია საქართველოში, რომელიც ქვისგან არის ნაგები, აქვს შვიდი სარკმელი. სამრეკლო ადრე მოხატული ყოფილა. ასწლეულების მანძილზე მონასტერში არ შეწყვეტილა ღვთის სადიდებელი და სავედრებელი ლოცვები. ისტორიული წყაროების მიხედვით ხობის მონასტერი მძლავრი კულტურულსაგანმანათლებლო ცენტრი იყო, სადაც იქმნებოდა ხელნაწერები, ჰქონდათ მდიდარი ბიბლიოთეკა. ისტორიკოსთა ვარაუდით, ხობში საეპისკოპოსო კათედრა გიორგი II დადიანმა დააარსა. საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება ხობის ტაძარივით მდიდარი სავანე. მნიშვნელოვან ცნობებს ამის შესახებ ექვთიმე თაყაიშვილი გვაწვდის, მისივე ცნობით ხობის მონასტერში დაცული ყოფილა მრავალი ხელნაწერი და უამრავი  ნაბეჭდი წიგნი. მონასტრის განსაკუთრებულ მისიას ისიც განაპირობებდა, რომ საუკუნეების მანძილზე აქ ინახებოდა ქრისტიანთათვის უდიდესი სიწმინდეები: ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართი, წმინდა გიორგის ბარძაყი, იოანე ნათლისმცემლის ნაწილები. წმინდა მარინეს მკლავი, წმინდა კვირიკეს ხელის მტევანი, შოლტი, რომლითაც მაცხოვარი იგვემა, დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი; თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი და მისი დედის ბორდოხან დედოფლის კუთვნილი მრავალნაწილიანი ხატი, რომელიც 52 უჯრად არის გაყოფილი და სადაც წმინდანთა ნაწილებია, ხატის შუაში მოთავსებული ძელიცხოვლის ჯვრით და სხვა სიწმიდეები, რომელთაც თაყვანს სცემდნენ არამარტო ქართველები, არამედ სხვადასხვა დროს საქართველოში ჩამოსული მისიონერები, რაც მათივე ჩანაწერებით დასტურდება. წერილობითი წყაროებიდან ირკვევა, რომ ხობის მონასტერი საეპისკოპოსოს ცენტრი ყოფილა. საინტერესოა ის გარემოებაც, რომ 1470-1474 წლებიდან ვიდრე 1553-1554 წლებამდე ხობი ბიჭვინთის პარალელურად აფხაზეთის საკათალიკოსოს რეზიდენციას წარმოადგენდა. დროის ამ მონაკვეთში ლიხთიმერეთის მწყემსთმთავრებიხობის კათალიკოსის“ საეკლესიო ტიტულით სწორედ ხობში მოსაყდრეობდნენ

ხობის თითქმის იავარქმნილმა მონასტერმა ბევრი განსაცდელი გამოიარა და 66 წლის შემდეგ 1989 წლის 16 სექტემბერს საქართველოს კათალიკოსპატრიარქმა ილია მეორემ ტაძარი ხელახლა აკურთხა და ღვთისმსახურება აღადგინა. იმ დღიდან მოყოლებული ხობის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში წირვალოცვა არ შეწყვეტილა. თუმცა, ამ წლების მანძილზე იგი მოქმედებდა, როგორც სამრევლო ეკლესია, ხოლო 2004 . 14/IX, პატრიარქის  ლოცვაკურთხევით, აქ ხარების დედათა მონასტერი დაფუძნდა.

ზუსტად 2000 წლის მიჯნაზე ახალი სასწაული მოხდა, როდესაც საქრისტიანოს ამ უდიდესი სიწმინდის ზუგდიდში არსებობა გახდა ცნობილი, ვიდეოკამერითა თუ ფოტოაპარატით გადაღების სურვილი ბევრს გასჩენია, მაგრამ უშედეგოდ. კვართი პირველად სტუდიამემატიანე“ ოპერატორებს აღუბეჭდავთ კინოფირზე. მისი სასწაულის თვითმხილველნიც ისინი გამხდარან. ოპერატორი გურამ როგავა წინასწარ გააფრთხილეს, რომ კვართს ვერ გადაიღებო. მისი თხოვნით იგი სასახლის პირველ სართულზე ამოასვენეს. დაიწყეს თუ არა გადაღებისათვის მზადება, შუქები ჩაქრა. მაგრამ გადაღება დღის შუქზე გააგრძელეს. დეტალების გადაღებისას კვართის ერთ მონაკვეთზე ქრისტეს სახე გამოჩნდა მოწიფულ ასაკში. როცა მუზეუმის მეცნიერმუშაკს კინოაპარატში ეს აჩვენეს, იგი განცვიფრდა. მან თქვა, რომ კვართზე ასეთი რამ მანამდე არ შეუნიშნავს. ღვთისმშობლის კვართზე ობიექტივმა იესოს სახის გარდა, ჯორზე მჯდარი ქრისტეც დააფიქსირა, იესო პროფილში ჩანს. ეს იერუსალიმში შესვლის ბიბლიური სცენაა. კვართზე ქრისტეს სახე, მუცლის ადგილზეა აღბეჭდილი, ჯორზე მჯდარი იესო კი კვართის ბოლოდან ნახევარი მეტრის მოშორებით. გამოსახულება კვართზე ოქროსფერმოყავისფროა. ასევეა ტურინის სახელგანთქმულ მოსასხამზე, რომელიც ქრისტიანული სამყაროს ყველაზე დიდი სიწმინდეა (მიცვალების შემდეგ, მენელსაცხებლე დედებმა ქრისტე სწორედ ამ ნაჭერში შეახვიეს.). ერთერთი გამოფენისას მას ფოტოგრაფმა ფოტო გადაუღო და სწორედ მაშინ გამოჩნდა პოზიტივზე ქრისტეს გამოსახულება. მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ტურინის გამოსახულება ხელთუქმნელია. ზუგდიდში, ღვთისმშობლის კვართზე ქრისტეს გამოჩენაც კინოფირის პოზიტივზე მოხდა. ორივე შემთხვევაში გადაღებული გამოსახულებები ძალიან ჰგავს ერთმანეთს

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პატიოსანმა სამოსელმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო!!!

მოიძია, გამოკრიბა და შეადგინა  თინათინ მჭედლიშვილმა 

დაბეჭდილია  კრებულში გარდამოცემანი, და სასწაულნი, პარაკლისი და დაუჯდომელი ყოვლადწმიდა  ღვთისმშობლის კვართისა

 

დაუჯდომელი საგალობელი ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის კუართისა

 

სავედრებელი პარაკლისი ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის კუართისა