ღირსი იოანე სინელი
კიბე ანუ კლემაქსი
სიტყვა 3, უცხოობისათვის, ანუ სოფლისგან განდგომისათვის
სიზმრებისთვის, რომლებიც დამწყებებს სჩვევიათ
სიზმარი ესაა გონების მოძრაობა სხეულის უძრაობის ჟამს.
ჩვენება თვალის მოტყუებაა აზრების მიძინებისას.
ჩვენება გონების მოკლებაა სხეულის გაძლიერების ჟამს.
ჩვენება ხილვაა იმისა, რაც არ არსებობს.
მიზეზი, რომელიც გვაიძულებს ამ შესავალი სიტყვის შემდეგ სიზმრებზე ვილაპარაკოთ, აშკარაა.
როდესაც ჩვენ უფლისათვის ვტოვებთ სახლსა და ნათესავებს და ღვთისადმი სიყვარულით განდეგილურ ცხოვრებას მივეცემით, მაშინ ეშმაკები ცდილობენ, სიზმრებით აღგვაშფოთონ. წარმოგვიდგენენ ჩვენს ახლობლებს, ჩვენს გამო მგლოვიარეებს, ან დატყვევებულებს, ან დარბეულებს.
ამიტომ ის, ვისაც სიზმრების სწამს, იმ ადამიანს მიემსგავსება, ვინც საკუთარ ჩრდილს მისდევს და მის შეპყრობას ლამობს.
ამპარტავნების ეშმაკები – წინასწარმეტყველნი სიზმრად; ისინი გაიძვერულად, გარემოებათა მიხედვით ხვდებიან მომავალს და გვაუწყებენ მის შესახებ, რათა საკუთარი ხილვების ახდენის შედეგად განვცვიფრდეთ და როგორც წინასწარჭვრეტის ნიჭთან ახლოს მყოფნი გონებით ავმაღლდეთ.
ვისაც ეშმაკისა სჯერა, მას იგი ხშირად წინასწარმეტყველად ევლინება. ხოლო ვინც არად აგდებს მას, მათ წინაშე ყოველთვის მატყუარად წარმოჩინდება.
როგორც სული, იგი ჰაერის სივრცეში ყოველივე მომხდარს ხედავს და როდესაც შენიშნავს, რომ ვინმე კვდება, მცირედმორწმუნეს სიზმრის საშუალებით აცნობებს.
ეშმაკები არაერთგზის წარმომდგარან ნათლის ანგელოზების და მოწამეების სახით და სიზმარში უჩვენებიათ, თითქოს ჩვენ მათთან მივიდივართ. გაღვიძებულებს სიხარული და ამპარტავნება გვავსებს.
როდესაც ანგელოზები გვიჩვენებენ ტანჯვას, საშინელ სამსჯავროსა და განშორებას, გამოღვიძებულთ შიში და გლოვა გვიპყრობს. დაე ეს იყოს შენთვის ხიბლის ნიშანი.
თუ ჩვენ სიზმრად ეშმაკებს დავმორჩილდებით, ისინი ჩვენზე თავდასხმას სიფხიზლის დროსაც გააგრძელებენ.
ვისაც სიზმრების სჯერა, ის სრულიად გამოუცდელია. ხოლო ვისაც მათ მიმართ რწმენა არა აქვს, იგია სიბრძნისმოყვარე.
ამგვარად მხოლოდ ის სიზმარი ირწმუნე, რომელიც მხოლოდ ტანჯვისა და სამსჯავროს შესახებ გამცნობს და თუ სასოწარკვეთილება შეგიპყრობს, მაშინ ისიც ეშმაკისგან ყოფილა.
<
p>ესაა მესამე საფეხური, წმიდა სამების რიცხი,
მასზედ აღმსვლელი „ნურღარა მიხედავ მარჯულ, გინა მარცხულ“
(მეორე სჯულ. 5,32)
