ღირსი იოანე სინელი
კიბე ანუ კლემაქსი
სიტყვა 4, ნეტარი და ყოვლადქებული მორჩილების შესახებ
მონანულ ავაზაკთა შესახებ
ისიდორეს შესახებ
მაშინ ამ სიტყვებით დამშვიდებულმა დიდმა მამამ დაუყოვნებლივ დაიწყო „რკინის ისიდორეს“ განსწავლა მორჩილების ღვაწლში და უთხრა: – მსურს, რომ შენ, ჭეშმარიტო ძმაო, სავანის კართან დადგე და შემსვლელსა და გამსვლელს მიწამდე სცე თაყვანი, თანაც ეუბნებოდე: – ილოცე ჩემთვის, მამაო, მე ბოროტი სულით ვარ შეპყრობილი.
ისიდორე ისე დაემორჩილა თავის სულიერ მამას, როგორც ანგელოზი – უფალს; როდესაც ამგვარ ღვაწლში შვიდი წელიწადი გაატარა და დიდი სიმდაბლე და ლმობიერება შეიძინა, მაშინ ღირსმა მოძღვარმა შვიდწლიანი გამოცდისა და ისიდორეს უმაგალითო მოთმინების შემდეგ ისურვა, რომ იგი, როგორც ღირსეული, ძმათა შორის მიეთვალათ და ხელდასხმის ღირსიც გაეხადა. მაგრამ ის დიდხანს ევედრებოდა მოძღვარს, ხან სხვათა, ხანაც ჩემი – უღირსის საშუალებით, რომ ნება მიეცათ მისთვის, იქვე დარჩენილიყო და თავისი ღვაწლი ბოლომდე ეტვირთა, თანაც ამ სიტყვებით აშკარად მიანიშნებდა, რომ მისი აღსასრული მოახლოებული იყო და რომ უფალი თავისთან იხმობდა; ეს აღსრულდა კიდეც. მოძღვარმა იმავე მორჩილებაში დატოვა და იგი ათი დღის შემდეგ ამ დამდაბლებული მდგომარეობიდან უფლის დიდებაში ავიდა. შვიდი დღის შემდეგ კი ამ სავანის მეკარეც გაიყვანა ღმერთმა ამ სოფლიდან. ნეტარი მას სიცოცხლის განმავლობაში ეუბნებოდა: – თუ ღვთის წინაშე კადნიერებას მოვიპოვებ, შენ იქაც განუშორებლად ჩემთან იქნები. ამ ურცხვენელი მორჩილებისა და ღვთივმიმსგავსებული სიმდაბლის ღირსსახსოვარი მაგალითის მიხედვით ასეც მოხდა.
ერთხელ დიდ ისიდორეს, როდესაც ის ჯერ კიდევ ამქვეყნად იყო, ვკითხე, თუ ჭიშკართან ყოფნისას რა ღვაწლს აღასრულებდა გონებით. ამ ღირს მამას არ სურდა, ჩემთვის სულიერი სარგებელი მოეკლო და არ დამიმალა: – თავდაპირველად – მითხრა მან – მე განვიზრახე, რომ ცოდვების გამო ჩემი თავი მონად გამეყიდა და ამიტომ უდიდესი სიმწარით, საკუთარ თავზე ძალდატანებით და სისხლის დათხევამდე მისული იძულებით მეტანიებს აღვასრულებდი. ერთი წლის შემდეგ ჩემი გული მწუხარებას აღარ განიცდიდა და თვით უფლისგან ამ მოთმინების სამაგიერო ჯილდოს ელოდა. როდესაც კიდევ ერთი წელი გავიდა, უკვე მთელი ჩემი გულით სავანეში ყოფნისათვის და მამათა ცქერისათვის, მათი სახის შეხედვისათვის და წმიდა ზიარებისათვის უღირსად ვთვლიდი თავს. ამიტომ მუდამ ძირს ვიმზირებოდი, აზრობრივად კიდევ უფრო დაბლა და შემსვლელებსა და გამომსვლელებს უკვე მთელი გულწრფელობით ვევედრებოდი, რომ ჩემთვის ელოცათ.
ლავრენტის შესახებ
ხოლო მე ამ მოხუცებულის გამოცდა ვისურვე და ვკითხე, თუ რას ფიქრობდა ტრაპეზთან დგომისას. მან მიპასუხა: მე ჩემს წინაშე მყოფ იღუმენს ისე ვუცქერ, როგორც ქრისტეს. არც არასდროს მიფიქრია, რომ დავალებას მოძღვარი მაძლევს, არამედ – ღმერთი. ამიტომაა, მამაო იოანე, რომ მე მის წინაშე ისე კი არ ვდგავარ, როგორც ადამიანურ ტრაპეზთან, არამედ ისე – ვითარცა ღვთის სამსხვერპლოსთან და ღვთის მიმართ ვლოცულობ. ხოლო მოძღვრის სიყვარულითა და რწმენით მის წინააღმდეგ არანაირ ბოროტ ზრახვას არ განვიცდი. როგორც გვეუბნება წერილი: სიყვარული ბოროტსა არა იგონებს. ამასთან, ისიც იცოდე, მამაო, რომ თუ ვინმემ თავი საკუთარი ნებით სიწრფელისთვის და თვითნიერებისათვის გადადო, მტერი მასში ადგილს ერთი წამითაც კი ვერ დაიმკვიდრებს.
ეკონომოსის შესახებ
თუ სული ამგვარად არ მიეჯაჭვა, არ დაეყრდნო და მთლიანად არ მიემსჭვალა მოძღვარს, მაშინ საოცარია, ასეთი ადამიანი ტყუილად რაღად იმყოფება იმ ადგილას, სადაც მოძღვართან თვალთმაქცური და ცრუ მორჩილებითაა დაკავშირებული? და მართლაც, ეს დიდი მამა ამ შემთხვევაში როდი ცდებოდა და თავისი სამწყსოს პირველმეტყველ ცხვრებს მწყემსავდა, უქადაგებდა, სრულყოფილებიკენ მიჰყავდა და მათ სულებს ქრისტეს უმანკო მსხვერპლად სწირავდა.
ამბა კვიროსის შესახებ
ღირსი კვიროსი ამ მონასტერში ჩემი ყოფნის დროს ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდა, შემდეგ კი მშვიდობით წარსდგა უფლის წინაშე და სივდილის პირს მყოფმა მამებს უთხრა: – გმადლობთ, გმადლობთ თქვენ და უფალს, რომ თქვენ მცდიდით ჩემი ხსნისათვის და ამ 17 წლის განმავლობაში ეშმაკის საცდურისგან გავთავისუფლდი. მართლმსაჯულმა მოძღვარმა მას აღმსარებელი უწოდა და ბრძანა, დაეფლათ იმ წმინდანების გვერდით, რომლებიც იქ განისვენებდნენ.
ანგელოზებისთვის დაცემა ბუნებითი თვისება არ არის და ბევრი ამბობს, რომ საერთოდაც შეუძლებელია მათი დაცემა. ადამიანებისათვის კი თვისობრივია დაცემა და დაცემისგან კვლავ აღდგენა, რამდენჯერაც არ უნდა მოუხდეს; ხოლო ეშმაკებისათვის კი თვისობრივია, რომ დაცემულნი აღარასოდეს აღდგნენ.
ამ სავანის ეკონომოსმა (*) შემდეგი მამცნო: – როდესაც ახალგაზრდა ვიყავი და ჯორებს ვწყემსავდი, ერთხელ მეტად მძიმედ დავეცი სულიერად, მაგრამ რადგანაც მიჩვეული ვიყავი, რომ არასოდეს დამემალა გველი გულში, მოვასწარი, კუდში ხელი ჩავჭიდე (აქ მე ამ საქმის დასრულებას ვგულისხმობ) და ექიმს ვუჩვენე, მან მხიარული სახით მსუბუქად შემომკრა ღაწვზე ხელი და მითხრა: – წადი, შვილო, გააგრძელე შენი საქმე, როგორც აკეთებდი ისევე და ამიერიდან ნუღარაფრის შეგეშინდება. მისი ეს სიტყვები მხურვალე სარწმუნოებით მივიღე და რამდენიმე დღეში განვიკურნე კიდეც და გავიხარე. ამავე დროს ძრწოლით განვაგრძე ჩემი გზა.
ყოველგვარ შექმნილთა შორის, როგორც ამბობენ, მრავალი განსხვავება არსებობს და ამ კრებულშიც ძმები განსხვავებული ღვაწლითა და მისწრაფებებით გამორჩეოდნენ. ამიტომ ეს საოცარი ექიმი, როდესაც ხედავდა, რომ ზოგიერთ ძმას სავანეში ერის ადამიანების სტუმრობისას მათ წინაშე გამოჩენა უყვარდა, ასეთებს ყველას თანდასწრებითვე უკიდურესად შეურაცხყოფდა და ყველაზე უპატიო მორჩილების შესასრულებლად აგზავნიდა. ასე, რომ, შემდეგ ისინი თვითონ მირბოდნენ, როდესაც ტაძარში მისულ ერისკაცებს ხედავდნენ. ეს მართლაც, საოცარი სანახაობა იყო: პატივმოყვარეობა თავად სდევნიდა საკუთარ თავს და კაცთაგან მალავდა.
უფალს არ სურდა, რომ მე დამკლებოდა ლოცვა ერთ-ერთი ღირსი მამის, რომელიც ერთი კვირით ადრე გარდაიცვალა, ვიდრე ამ წმიდა ადგილს დავტოვებდი. ეს იყო საოცარი მამა, სახელად მინა, წინამძღვრის შემდგომი მამასახლისი, რომელიც ამ სავანეში 59 წლის განმავლობაში იმყოფებოდა და ყოველგვარი მორჩილება ჰქონდა გავლილი. აღსასრულიდან მესამე დღეს, როდესაც მისი სულის განსასვენებელი საგანგებო ლოცვები შევასრულეთ, ის ადგილი, სადაც დასვენებული იყო, იგი, მოულოდნელად კეთილსურნელებამ აღავსო, მაშინ წინამძღვარმა იმ ლუკსუმას გახსნა გვიბრძანა, რომელშიც მისი პატიოსანი გვამი იმყოფებოდა. ჩვენ ბრძანება შევასრულეთ და ყველამ ვიხილეთ, რომ მის პატიოსან ფეხთაგან მირონის კეთილსურნელება ორ წყაროდ გარდამოდიოდა. მაშინ მოძღვარმა გვითხრა: ხედავთ, ფეხთა მისთა ტკივილი და მისთა შრომათა ოფლი უფალმა კეთილსურნელოვან მირონად შეიწირა და სამართლიანად! იმ სავანის მამები ღირსი მინას საქმეთა შორის ამასაც ჰყვებოდნენ: – ერთხელ წინამძღვარმა მისი მოთმინების გამოცდა ინება და როდესაც იგი იღუმენის სენაკში მივიდა და მის წინაშე სამწუხრო მეტანია შეასრულა, ჩვეულებრისამებრ ითხოვა, რომ ღამისთვის კანონი მიეცა. იღუმენმა იგი ასეთ მდგომარეობაში მწოლიარე დატოვა, თვით საცისკრო კანონის შესრულებამდე. შემდეგ აკურთხა იგი, თავმოწონება და მოუთმენლობა უსაყვედურა და ფეხზე წამოაყენა. მოძღვარმა იცოდა, რომ იგი განსაცდელს ვაჟკაცურად დაითმენდა და ეს ყველაფერი სხვათა განსასწავლად მოიმოქმედა. ღირსი მინას მოწაფე ამ ამბავს ადასტურებდა და ჰყვებოდა: მე გულმოდგინედ ვევედრებოდი მას, ეთქვა ჩემთვის, თუ ეძინებოდა ასეთ მდგომარეობაში ყოფნისას. ღირსმა მამამ გამიმხილა, რომ ვიდრე ძირს იწვა, მთელი ფსალმუნი ზეპირად იგალობა.
არ მინდა, დავივიწყო და მსურს ჩემი ამ მონათხრობის გვირგვინი შევამკო ნამდვილი პატიოსანი თვალით. ერთხელ რამდენიმე უღირსეულეს ბერთაგან დაყუდებაზე საუბარი წამოვიწყე. ისინი მხიარული სახით, ალერსიანად და გულღიად მპასუხობდნენ: – ჩვენ, მამაო იოანე, რადგანაც ხორციელნი ვართ და ნივთიერ სამყაროში ვცხოვრობთ, წინდაწინ განვსჯით, რომ ჩვენი უძლურების შესატყვისი ბრძოლები უნდა ვიტვირთოთ. უკეთესად მიგვაჩნია, ვებრძოლოთ ადამიანებს, რომლებიც ზოგჯერ კი სასტიკნი არიან, მაგრამ ზოგჯერ ნანობენ კიდეც, ვიდრე ეშმაკებს, რომლებიც მუდამ სისხლისმსმელნი არიან, არც სინანულს განიცდიან და გამუდმებით თავს გვესხმიან. ერთ-ერთმა ღირსმა მამათაგან, რომელიც ჩემდამი დიდ ღვთისმიერ სიყვარულს განიცდიდა, ერთხელ გულწრფელად მითხრა: – თუ ბრძენი ხარ, სულის სიღრმეში ყოველთვის მონახავ იმ ძალას, რომელმაც ბრძანა: ყველაფერი ძალმიძს განმაძლიერებლისა ჩემისა ქრისტეს მიერ (ფილ. 4.13); თუ სულიწმიდა, ცვარი სიწმიდისა, ვითარცა წმიდა ქალწულზე, მოვლენილია შენზე, თუკი ძალა მაღლისა, მოთმინების ძალა მოგეფინა შენ, მაშინ მიხვდები, თუ კაცმან მან (იესო ქრისტემ) როგორ მოირტყა არდაგი მორჩილებისა და სულის შემუსვრილებით აღსდგა საიდუმლო სერობისაგან და შენც სულის შემუსვრილებით დაბანე ფეხი შენს ძმებს, ან უკეთ რომ ვთქვათ, თვითდამდაბლების სურვილით ფეხებში ჩაუვარდი მათ. გულის კარებთან მკაცრი და დაუძინებელი გველები დააყენე და გონება ვნებით აღძრულ სხეულში შეუძვრელად დატოვე; ერის ამბოხის დროს სულიერი სიმყუდროვე შეინარჩუნე; ენა ალაგმე, რომ გულისწყრომა და შფოთი არ გამოხატოს; საკუთარ სტომაქს დღეში შვიდგზის სამოცდაათჯერ ებრძოლე და გრდემლის სახით განმტკიცდეს, რათა მას უროებითა და კვერთხით სცემდნენ და ისიც იწრთობოდეს, იგინებოდეს, იყვედრებოდეს და ირცხვინებოდეს, მაგრამ იგი არც დაირღვევა და არც შეიმუსრება, არამედ შეურყეველი, მყარი და უხინჯო დარჩება. სამარცხვინო სამოსელივით განიძარცვე საკუთარი ნება და მისგან განშორებული გამოდი ასპარეზზე, რომელიც იშვიათად და ძნელად მოიპოვება. შეიმოსე სარწმუნოების ჯავშანი, რომელსაც ვერ შემუსრავს და გაანადგურებს ურწმუნოება. ორივე ხელი სიწმინდის აღვირს ჩასჭიდე, რომელიც კადნიერებისგან და უჯერო შეხებისგან დაგიცავს. შეხების სურვილი და უმანკოების აღვირით მოზღუდე; სიკვდილის მოხსენებით დააოკე თვალი, რომელიც ხორციელ მშვენიერებითა და ბრწყინვალებით დატკბობას ცდილობს. გონების ცნობისმოყვარეობა საკუთარ თავზე მზრუნველობით ალაგმე; ნება არ მისცე ძმის დაუდევრობა განიკითხოს და მოყვასისადმი გულმოწყალება და სიყვარული გულწრფელად გამოავლინე და ამით ცნან, მამაო საყვარელო, რომ ქრისტეს მოწაფენი ხართ, უკეთუ იყვარებოდეთ ურთიერთსა (იოან. 13.35). მოვედ, მოვედ – ამბობს ეს წმიდა მამა. მოვედ ჩვენ თანა, დაემკვიდრე ჩვენ შორის და ყოველჟამს ყვედრებას მოგივლენთ ჩვენ, ვითარცა წყალს – წმიდას. დავითმა, როდესაც ცის ქვეშ ყოველივე მშვენიერი და უტკბილესი გამოსცადა, ამის შემდეგ თითქოს გაკვირვებულმა თქვა: არის რაჲმე კეთილი ანუ რაჲმე შუენიერ, თუ არა დამკვიდრებაჲ ძმათაჲ ერთად (ფს. 132.1). თუ ამ სიკეთის ღირსნი ჯერაც ვერ გავხდით, ანუ – ამგვარი მოთმინებისა და მორჩილებისა, მაშინ, უკიდეურეს შემთხვევაში, საკუთარი უძლურება მაინც უნდა შევიცნოთ, განმარტოებულად ვიმყოფებოდეთ და სამოღვაწეო ასპარეზს განშორებულნი მოღვაწეებს შევნატრიდეთ და ვლოცულობდეთ, რომ უფალმა მათ მოთმინება მიჰმადლოს. მე დამამარცხეს ამ დიდმა მამებმა და შესანიშნავმა მოძღვრებმა, რომლებიც სახარებითა და წინასწარმეტყველებით, ან, უკეთ რომ ვთქვათ, მეგობრულად მერკინებოდნენ და ჩვენ ერთობით შევთანხმდით, რომ კეთილშობილურ მორჩილებას მივანიჭოთ უპირატესობა.
ამ ნეტარ მამათა კიდევ ერთ სულისმარგებელ სათნოებას გავიხსენებ და შემდეგ, როგორც სამოთხიდან გამოსული, ისევ ჩემს უსიამოვნო და არცთუ სასარგებლო ეკლიან საუბარს განვაგრძობ.
არაერთგზის, როდესაც საეკლესიო ლოცვაზე ვიდექით, ნეტარი მოძღვარი ამჩნევდა, რომ ზოგიერთი ძმა ერთმანეთს ებაასებოდა და მათ მთელი კვირის განმავლობაში ეკლესიის წინ აყენებდა, რათა ყველა შემსვლელისა და და გამომსვლელისთვის თაყვანი ეცათ. რაც ყველაზე საოცარია, იგი ამგვარად თვით კლირიკოსებს, ე.ი. ღვთისმსახურებსაც სჯიდა.
მე დავინახე, რომ ერთი ძმა სხვებზე უმეტესი გრძნობით იდგა ფსალმუნებაზე და განსაკუთრებით თითოეული გალობის დასაწყისში, ზოგიერთი მოძრაობით და სახის გამომეტყველებით მას ემჩნეოდა, თუ როგორ ესაუბრებოდა ვიღაცას. მე ვთხოვე, ამ ნეტარი ჩვეულების საიდუმლო გაემხილა ჩემთვის და მან – იგი ჩვეული იყო, არაფერი დაემალა, რაც მოყვასს სარგებელს მოუტანდა, – მიპასუხა: – მე მივეჩვიე, მამა იოანე, რომ გალობის დასაწყისში ზრახვები და გონება სულს შევუერთო და მოვუხმო მათ: მოვედით, თაყვანისვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
ვაკვირდებოდი მათ მეჭურჭლის მოქმედებას და შევნიშნე, რომ ქამარზე პატარა წიგნი ჰქონდა დამაგრებული და როდესაც გამოვკითხე, შევიტყვე, რომ იგი ყოველდღიურად იწერდა თავის ზრახვებს და ყველაფერს მოძღვარს უყვებოდა. მარტო ის კი არა – იქაურ ძმათაგან მრავალი იქმოდა ამას. როგორც მითხრეს, ეს ჩვეულება მოძღვრის ბრძანებით იყო დამკვიდრებული.
ერთ-ერთი ძმა ოდესღაც მათ ცილისწამებისთვის გააძევეს სავანიდან. იგი მოყვასს ამაოდმეტყველებასა და მრავლისმეტყველებას აბრალებდა. გაძევებული შვიდ დღეს იდგა კარბიჭესთან, პატიებას ითხოვდა, მონასტერში დაებრუნებინათ. როცა სულთმოყვარე მოძღვარმა ეს შეიტყო და ისიც გაიგო, რომ ექვსი დღის განმავლობაში მას საზრდელი არ მიეღო, უთხრა მას: – თუ შენ ნამდვილად გინდა ამ სავანეში დაბრუნება, მაშინ მონანულთა შორის მოგიწევს ცხოვრება და რადგანაც გაძევებულმა ძმამ ეს წინადადება სიხარულით მიიღო, მაშინ მოძღვარმა ბრძანა, რომ ის გაეგზავნათ საგანგებო (განშორებულთა) მონასტერში, სადაც დაცემული ძმები ცოდვებს ინანიებდნენ. რადგან ეს მონასტერი ვახსენეთ, ორიოდ სიტყვას მასზედ ვიტყვით:
დიდი სავანიდან ერთი ასპარეზის სავალზე იყო ადგილი, რომელსაც დილეგი ეწოდებოდა და ყოველგვარ ნუგეშს იყო მოკლებული. იქ ვერც კვამლსა და ვერც ღვინოს და ვერც ზეთს ვერასდროს ნახავდით. საკვებად მხოლოდ პური და ცოტაოდენი ბოსტნეული ჰქონდათ. ამ მონასტერში იღუმენი გამოუსვლელად დაამკვიდრებდა ხოლმე მათ, ვინც მონაზვნობის აღთქმის შემდეგ რაიმე დიდ ცოდვაში ჩავარდებოდა. თანაც ყველას ერთად კი არ ათავსებდა, არამედ – თითოეულს განცალკევებულ სენაკში – არაუმეტეს ორისა. ისინი აქ იმყოფებოდნენ, ვიდრე უფალი საგანგებოდ არ აუწყებდა მათYხვედრს. წინამძღვარმა მათ მამასახლისიც დაუდგინა. დიდი მამა ისააკი, რომელიც მასზე მინდობილთაგან თითქმის განუწყვეტელ ლოცვას ითხოვდა. ხოლო მოწყინების განსადევნად მონასტერში ხის ტოტები ჰქონდათ, რომლისგანაც კალათებს წნავდნენ. ამგვარი ყოფა მათი, ვინც ეძიებს ხილვად პირსა ღმრთისა იაკობისასა (ფს. 23,6).
საქებარია, თუ ამ წმიდათა საქმეებით განვცვიფრდებით, მათი მოშურნეობა – მაცხოვნებელია, ხოლო სურვილი იმისა, რომ მათ ვბაძავდეთ, უგუნური და შეუძლებელია.
მხილებით მოწყლულებს მუდამ გვემახსოვრება ჩვენი ცოდვები, ვიდრე უფალი დაინახავს ჩვენს ტანჯვას, რომელიც მისთვის ვიდეთ თავს, მაშინ იგი ცოდვათა ჩვენთა აღხოცვას ინებებს. იმ მწუხარებასაც განაქარვებს, ჩვენს გულებს რომ ამძიმებს და სიხარულად გადააქცევს მას, როგორც ამის შესახებ იტყვის მეფსალმუნე: მრავალთაებრ სალმობათა ჩემთა გულსა შინა ჩემსა არის ნუგეშისცემა სულსა ჩემსა. (ფს. 93,19).
ნურც იმ სიტყვებს დავივიწყებთ, რომლითაც იგი უგალობდა უფალს: რაოდენნი მიჩუენენ მე ჭირნი მრავალნი და ძვირნი და მომაქციე და მაცხოვნე მე და უფსკრულთაგან ქვეყანისათა აღმომიყვანე მე. რათა მე თავად გაღიარო შენ (ფს. 70,20).
ნეტარია იგი, ვინც ღვთისთვის ყოველდღიური საყვედურისა და დამცირების მიღებით საკუთარი თავი მოთმინებაში განსწავლა, ის მოწამეთა თანა იხარებს და ანგელოზებთან კადნიერებით ისაუბრებს.
ნეტარია ბერი, რომელიც ყოველ საათს საკუთარ თავს ყოველგვარი უპატიობისა და დამცირების ღირსად მიიჩნევს. ნეტარია, ვინც სრულად მოაკვდინა საკუთარი ნება და თავი მთლიანად უფლისმიერი მოძღვრის მზრუნველობას გადასცა. იგი ჯვარცმული იესოს მარჯვნივ დადგება. თუ ვინმე სამართლიან ან თუნდაც უსამართლო მხილებას უარყოფს, იგი უარყოფს საკუთარ ცხონებას, ხოლო ვინც მწუხარებით, ან თუნდაც მწუხარების გარეშე იღებს მას, ჩქარა ცოდვათა მიტევებას მიიღებს.
შენი რწმენა და სიყვარული სულიერი მამისადმი აზრობრივად აუწყე უფალს და უფალი უხილავად ამცნობს მას ამ სიყვარულის შესახებ, მასაც ამავე გრძნობით აღავსებს შენს მიმართ და კეთილად განაწყობს.
ყოველი, ვინც თავის გველს მოძღვარს უცხადებს, ამით მისდამი ჭეშმარიტ სარწმუნოებას გამოხატავს, ხოლო ვინც ფარავს რაიმეს, ის უგზო-უკვლოდ მიმოეხეტება.
თითოეული ჩვენგანი მაშინ შეიცნობს, რომ არის მასში ძმის სიყვარული და ჭეშამრიტი სიყვარული მოყვასისადმი, როდესაც ნახავს, რომ სწუხს ძმის ცოდვებზე და მისი წარმატება და ნიჭები ახარებს.
ვინც საუბარში დაჟინებით იცავს აზრს, თუნდაც მართალი იყოს, მან უნდა იცოდეს, რომ ეშმაკეული უძლურებითაა შეპყრობილი. თუ ის ამგვარად თანასწორებთან იქცევა, მაშინ უპირატესის მიერ მხილებით შესაძლებელია მისი განკურნება, მაგრამ თუ უფროსებთან და უბრძნეს ადამიანებთან საუბრობს ასე, კაცთაგან მისი აღდგინება არავის ძალუძს.
ვინც სიტყვით არ მორჩილებს, უეჭველია, იგი ვერც საქმეში დამორჩილედება. რადგან სიტყვით მერყევია, ის საქმეშიც მოურჯულებელია. ასეთები ამაოდ ირჯებიან მეტს ვერაფერს მიიღებენ.
მამისადმი მორჩილება მხოლოდ სრულიად წმიდა სინდისის მქონემ მოიპოვა. მას სიკვდილისა უკვე აღარ ეშინია, არამედ ყოველდღიურად ელის მას, როგორც ძილს, უკეთ რომ ვთქვათ – როგორც სიცოცხლეს, რადგან დანამდვილებით იცის, რომ მისი სულის განსვლისას მისგან კი არა – მოძღვრისგან მოითხოვენ პასუხს.
თუკი ვინმემ მოძღვირს კურთხევის გარეშე საღვთო საქმის აღსრულება დაიწყო და რამენაირი მსახურება იტვირთა და მოულოდნელად დაბრკოლება შეხვდა. დანაშაული მას კი არ უნდა მიეწეროს, ვინც იარაღით შეჭურვა იგი, არამედ თვით მას, ვინც ის მიიღო, რადგან მას მტრის წინააღმდეგ მიეცა იარაღი და საკუთარი გულისკენ კი მიმართა იგი.
მე დამავიწყდა, საყვარელნო, რომ თქვენთვის სათნოებათა კიდევ ერთი ტკბილი პური მომეწოდებინა. იმ სავანეში მე ვნახე მორჩილნი ღვთისათვის, რომლებიც საკუთარ თავს აყვედრიდნენ და ამცირებდნენ უფლისათვის. ყოველი მხრიდან შეურაცხყოფისთვის მზად რომ ყოფილიყვნენ, წინასწარ სწავლობდნენ, რომ უპატიობას არ შეშინებოდნენ.
სული, რომელიც აღსარებაზე ფიქრობს, ცოდვას ერიდება და ეს ფიქრი აღვირად გადაექცევა. ხოლო ცოდვებს, რომელთაც მოძღვარს არ ვუმხელთ, ისე უშიშრად აღვასრულებთ, როგორც წყვდიადში.
თუ წინამძღვრის არყოფნის დროს წარმოვიდგენთ ჩვენს წინაშე მას, რომელიც სიძულვილით აქცევს ზურგს ყველაფერს, რაც ჩვენი აზრით, მისთვის საძულველია: სიტყვას თუ საუბარს, ან საჭმელს, ან ძილს, ან ნებისმიერ რამეს, მაშინ ჩვენ ჭეშმარიტად შეცნობილი გვაქვს გულწრფელი მორჩილების მნიშვნელობა.
რადგან მზაკვარი მოწაფე მოძღვრისგან შორს ყოფნას ბედნიერ შემთხვევად თვლის, ჭეშმარიტი კი – უდიდეს დანაკარგად.
ერთხელ ერთ გამოცდილ მამათაგან ვკითხე, ესწავლებინა ჩემთვის, თუ რა სახის მორჩილებას ახლავს სიმდაბლე. მან მომიგო: – შეჭმარიტი მორჩილი, თუნდაც იგი მკვდარს აღადგენდეს, ან განუწყვეტელი ცრემლი მოიპოვოს, ან ყოველგვარი ბრძოლისგან გათავისუფლდეს, ყოველთვის ფიქრობს, რომ ყოველივე ამას სულიერი მამის ლოცვით აკეთებს და ამაო ქედმაღლობა მისთვის უცხო რჩება. და განა შეიძლება, თავი აიმაღლოს მხოლოდ იმიტომ, რომ, როგორც თვითონ აღიარებს, საკუთარი თავით კი არა – სხვისი შეწევნით მოიმოქმედა?!
დაყუდებულს ხომ ამგვარ შემთხვევებში მსგავსი თავმდაბლური ფიქრი არა აქვს, რადგან მზვაობარობას მის წინაშე გამართლება აქვს. იგი ჩააგონებს, რომ თავისთვის აღასრულებს ღვაწლს.
მორჩილებაში მყოფი კი როდესაც მტრის ქვემოაღწერილ ორ ცდუნებას (*) დაამარცხებს, ქრისტეს მონა და მარადიული მორჩილი ხდება.
პირველი ცდუნების შესახებ
თუმცა ზოგიერთმა ამ მაცდუნებელის მოგერიება მოთმინებით მრავალგზის შეძლო, თუმცა ჯერ პირველს ლაპარაკი არ დაესრულებინა, რომ მაშინათვე სიცრუის სხვა მსახური გამოჩნდა და უკვე სხვა სახით შეეცადა, ეცდუნებინა.
მეორე ცდუნების შესახებ
საჭიროა შეირყეს ეს ზღვა, აღშფოთდეს და აბობოქრდეს.
რათა ღელვამ ნაპირზე გამორიყოს ყოველგვარი თივა, ფიჩხი და სიბინძურე, რომელიც მასში ვნებათა მდინარეებმა შეიტანეს, ყურადღებით დააკვირდით და ნახავთ, რომ ქარიშხალის შემდეგ ზღვაზე ღრმა მდუმარება ისადგურებს.
ვინც ზოგჯერ უჯერებს სულიერ მამას და ზოგჯერ – არა, იგი იმ ადამიანს ემსგავსება, ვინც მტკივან თვალზე ზოგჯერ სამკურნალო სალბუნს იფენს, ზოგჯერ კი – კირს. რადგან წერილი ამბობს: უკეთუ ერთი აშენებს და მეორე არღვევს, რას მოიგებს გარდა დაღლისა? (ზირ. 43,23).
ჰოჲ, ძეო და მორჩილო უფლისაო! საკუთარ თავს ამპარტავნების სულით ნუ აცდუნებ და მოძღვარს შენი ცოდვების შესახებ ისე კი ნუ მოუყვები, თითქოს ისინი სხვებისა იყოს; რადგან საკუთარი თავის შერცხვენის გარეშე მარადიული სირცხვილისგან ვერ დაიხსნები.
შენი წყლულები აჩვენე მკურნალს და ნუ შეგრცხვება უთხრა მას: – მამაო, ეს არის ჩემი წყლულები, ესაა ჩემი ჭრლილობები, ისინი ვინმე სხვამ კი არ შემამთხვია, არამედ საკუთარი სიზარმაცით დამემართა. არავინ არაა დამნაშავე, არც ადამიანი და არც ბოროტი სული, არც ხორცი და არც – სხვა რაიმე, არამედ – მხოლოდ ჩემი დაუდევრობა.
აღსარებაზე როგორც გარეგნულად, ისე შინაგანი გრძნობით და აზრით იდექი – როგორც მსჯავრდებული ავაზაკი – მიწისკენ თავდახრილი და თუ შეგიძლია, ცრემლით დაალტვე შენი მსაჯულისა და მკურნალის ფეხები, ვითარცა ფერჴნი ქრისტესნი. ეშმაკებს სჩვევიათ, ჩაგვინერგონ, რომ ან საერთოდ არ ვუთხარათ აღსარება სულიერ მამას, ან ვუთხრათ ცოდვები, თითქოს ისინი სხვისი იყოს, ან დანაშაული მათ გამო სხვას გადავაბრალოთ.
შვილო ჩემო, სულის ნეტარი სიმშვიდის მოსაპოვებლად მრავალი წლის შრომა აღარ დაგჭირდება, თუ იმთავითვე მთელი სულით უპატიობის დათმენას შეუდგები.
ნუ იფიქრებ, რომ სულიერ მამასთან ცოდვათა აღიარებისას საჭირო არ არის მისი – როგორც ღვთის წინაშე მიწაზე დამხობა. მე მინახავს, რომ მსჯავრდებულმა ავაზაკებმა თავიანთი საწყალობელი და საბრალო სახით, გულწრფელი აღიარებით და დამაჯერებელი თხოვნით მკაცრ მსაჯულებს გული მოულბეს და შეწყალება მიიღეს. ამიტომ იყო, რომ იოანე წინამორბედი მისგან ნათლისღების მსურველებს თავდაპირველად აღსარებისკენ მოუწოდებდა. მას თავისთვის კი არ უნდოდა ეს, არამედ, მისი მიმდევარი ადამიანების ხსნას ცდილობდა.
ნუ გაგიკვირდება, თუ აღსარების შემდეგაც გრძელდება ბრძოლა, რადგან, სიძვის ვნების დამარცხება უადვილესია, ვიდრე – ამპარტავნების.
ნუ აღგიტაცებს და მოგხიბლავს განდეგილ და დაყუდებულ მამათა ამბები და მათ კვალზე შედგომას ნუ შეეცდები, არამედ მორჩილებით პირველმოწამე სტეფანეს ღვაწლს მიბაძე.
დაცემულიც კი არ განეშორო ამ ასპარეზს, რადგან მაშინ უფრო მეტად დაგჭირდება ექიმი.
ის, ვისაც მეგზურთან ერთად სიარულშიც კი ფეხი ებორკება, სრულიად აშკარაა, რომ დახმარების გარეშე სასიკვდილოდ დაშავდებოდა.
როდესაც განსაცდელის შედეგად დავეცემით, ეშმაკები მაშინათვე გამოჩნდებიან და გვირჩევენ, ვითომდა საღვთო, სინამდვილეში კი, სრულიად უგუნური საბაბით, რომ დაყუდების ღვაწლი ვიტვირთოთ. მტრის განზრახვა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენს დაცემულ მდგომარეობას კიდევ ერთი ჭრილობა დაუმატოს.
როცა სულიერი მკურნალი ჩვენი წყლულების განკურნებისათვის უძლურად სცნობს თავს, მაშინ მეორესთან უნდა წავიდეთ, რადგან მკურნალის გარეშე ცოტა თუ განიკურნება.
ვინ შეგვეწინააღმდეგება იმაში, რომ, თუ ხომალდის გამოცდილი მესაჭე მართავს, არ არის დაზღვეული ზღვაში დანთქმისაგან, რა თქმა უნდა, მესაჭის არყოლის შემთხვევაში ის აუცილებლად დაიღუპება.
მორჩილება (*) შობს სიმდაბლეს, სიმდაბლე კი – უვნებლობას, რადგან სიმდაბლესა შინა ჩუენსა მომიხსენა ჩუენ უფალმან… და მიხსნა ჩუენ მტერთა ჩუენთაგან. (ფს. 135. 32,24), როგორც მეფსალმუნემ თქვა. ამიტომ ვერაფერი დააბრკოლებს იმის თქმას, რომ მორჩილებისგან იბადება უვნებელობა, რის შედეგადაც სიმდაბლე სრულყოფილებას აღწევს. რადგან მოსეა სათავე რჯულისა, ხოლო უვნებელობა, რომელიც მორჩილების შვილია, სრულჰყოფს დედას თავისას – როგორც მარიამი( სრულჰყოფდა იუდეველთა კრებულს.
დიდ სასჯელს იმსახურებენ უფლის წინაშე ის სნეულები, რომელთაც გამოსცადეს დახელოვნებული მკურნალი, მან მათ ავადმყოფობას დიდად არგო და ამის შემდეგ სრულ განკურნებას აღარ დაელოდნენ, მიატოვეს იგი და სხვა მკურნალს დაუწყეს ძებნა.
ნუ გაურბიხარ მას, საყვარელო, ვისმა ხელმაც ღმერთს შეგწირა, რადგან მთელი ცხოვრება სხვას არავის უნდა მიაგებდე ისეთ პატივს, როგორც – მათ.
გამოუცდელი მებრძოლისთვის სახიფათოა. თუ ის თავის რაზმს გამოეყოფა და დამოუკიდებლად იომებს. ასევე ბერისთვის, მეტად საშიშია, თუ გამოცდილებისა და განსწავლის გარეშე – სულიერ ვნებებთან ბრძოლაში, დაყუდების ღვაწლს შეუდგება, რადგან პირველი აუცილებლად ხორციელ უბედურებას შეემთხვევა, ხოლო უკანასკნელი – სულიერს. კეთილია ორი ერთზე მეტად (ეკლ. 5,9).
რადგან კარგია, თუ ძე სულიერ მამასთან ერთად სულიწმიდის თანამოქმედებით ძველ ვნებებს ებრძვის.
ხოლო ის, ვინც ბრმას მეგზურს წაართმევს, სამწყსოს – მწყემსს, გზასაცდენილს – გამყოლს, ყრმას – მამას, ავადმყოფს – ექიმს და ხომალდს – მესაჭეს, იგი თითოეულ მათგანს დიდ საფრთხეში აგდებს. ხოლო იგი, ვინც წიანმძღვრის დახმარების გარეშე ბოროტ სულებთან იწყებს ბრძოლას, მათ მიერ იღუპება.
სამკურნალოდ მისული თავისი სნეულების შესახებ განაცხადებს, ხოლო მორჩილების ღვაწლის მტვირთველნი სიმდაბლეს აჩვენებენ. პირველთა გამოჯანსაღების უმთავრესი ნიშანი არის სნეულების შემსუბუქება, ხოლო მეორენი ნიშნად იმისა, რომ ვნებებს ამარცხებენ, სიმდაბლეს მოიხვეჭენ, რადგან ხორციელად ავადმყოფებს ტკივილი უმსუბუქდებათ, ხოლო სულიერად სნეულებს სიმდაბლე ემატებათ (ე.ი. ისინი საკუთარ უძლურებასა და სისაძაგლეს შეიცნობენ).
დაე, სინდისი იყოს შენი მორჩილების სარკე და ეს საკმარისი იქნება შენთვის.
მათ, ვინც სულიერ მამას ემორჩილებიან, უდაბნოში დაყუდებისას მოწინააღმდეგედ მხოლოდ ეშმაკები ჰყავთ, ხოლო ლავრაში მცხოვრებთ ეშმაკიც ებრძვის და ადამიანიც. პირველთ მუდამ თვალწინ ჰყავთ სულიერი მოძღვარი და მის ბრძანებას სრული სიზუსტით იცავენ. მეორენი კი, მოძღვრის არყოფნის გამო, ხშირად არღვევენ მას – რამდენადმე. ამასთან ისინი, ვინც ბევრს და შრომისმოყვარედ იღწვიან, ამ ნაკლულოვანებას წყენათა დათმენით ავსებენ და ორმაგ გვირგვინს იღებენ.
საძმოში ცხოვრებისას შეინახე გული ყოველ შესანახზე მეტად (იგავ. 4.25), რადგან ხომლადებით სავსე ნავსადგურში მათი ერთმანეთზე დამსხვრევა უფრო ადვილია, განსაკუთრებით, კადნიერებით და გულისწყრომით არიან აღსავსენი, რომელნიც ჭიასავით შეჭამენ და გახვრეტენ ხეს.
წინამძღვრის თანდასწრებით სრულ მდუმარებასა და უმეცრებაში უნდა ვიმყოფებოდეთ, რადგან კაცი მდუმარე უმანკოების შვილია და ყოველთვის მრავალ გონიერებას მოიხვეჭს.
ერთხელ ერთი მორჩილი ვნახე, რომელმაც თავის მოძღვარს სიტყვა შეაწყვეტინა და თვით განაგრძო, ამან სასოწარკვეთილებაში ჩამაგდო, რადგან მივხვდი, რომ ამ ადამიანს მორჩილებამ ამპარტავნება შესძინა და არა – სიმდაბლე.
დიდი ყურადღებით, სიფრთხილითა და სიფხიზლით უნდა დავაკვირდეთ, თუ როდის შეგვიძლია, ხორციელი მსახურება ლოცვას ვარჩიოთ, რადგან ეს ყოველთვის ასე არ უნდა იყოს.
თანაცხოვრებისას ყურადღება მიაპყარ საკუთარ თავს და ნუ შეეცდები, რომ სხვა ძმებზე მართლად წარმოაჩინო შენი თავი. რადგან ამით ორგვარ ბოროტებას აღასრულებ: ძმებს შენი ცრუ და თვალთმაქცური მოშურნეობით დააწყლულებ და საკუთარ თავს ქედმაღლობის მიზეზს მისცემ.
იყავი( სულით მოშურნე, მაგრამ ამას გარეგნულად ნურც წარმოაჩენ, ნურც გამომეტყველებით, ნურც ურთიერთობებით, ნურც რამენაირი სიტყვით, ნურც საიდუმლო მინიშნებით. და თვით ამ ღვაწლს მანამდე ნუ შეუდგები, ვიდრე მოყვასის დამცირებას არ მიატოვებ. თუ ამას ვერ შეძლებ, შენს ძმებს მიბაძე და საკუთარ თავზე განსაკუთრებულ აზრს ნუ შეიქმნი.
მე ვნახე გამოუცდელი მოწაფე, რომელიც სხვათა თანდასწრებით მოძღვრის სათნოებებს აქებდა და ეგონა, რომ სხვისი ხვავისგან დიდებას თვით მოიპოვებდა, მაგრამ ამის ნაცვლად მხოლოდ უპატიობა მოიმკო, როდესაც ყველამ უთხრა: – ასეთმა ნაყოფიერმა ხემ როგორღა გამოიღო უნაყოფო რტოები?
მაშინ კი არ ვართ მომთმენნი, როდესაც მამისგან ლანძღვას ვაჟკაცურად ვიტანთ, არამედ მაშინ, როცა ყოველი ადამიანისგან სიძულვილსა და წყლულებს ვითმენთ. რადგან მამისგან გამო ვითმენთ ყველაფერს.
გულითადად შესვი ლანძღვა, როგორც წყალი ცხოვრებისა, მიიღე ის ყოველი ადამიანისგან, ვინც კი შენს დაწყლულებას ისურვებს ასეთი მკურნალობით, რომელიც სიძვის ვნებისაგან განგწმენდს. რადგან მაშინ შენს სულში უღრმესი სიწმინდე გამობრწყინდება და შენს გულში ღვთაებრივი სინათლე არასოდეს გამოილევა.
ვინც ნახავს, რომ ძმათა კრებულში სიმშვიდე შეაქვს, დაე, ის საიდუმლოდაც ნუ შეიქებს თავს ამის გამო, რადგან ირგვლივ ყველაგან ქურდებია ჩასაფრებული.
შენი მეხსიერების სიღრმეში ამოკვეთე ქრისტეს სიტყვები: მონანი ვართ უხმარნი, რომელთა თანა – გუედვა ყოფად, ვყავთ (ლუკ. 17,10).
ჩვენი საქმეები სამართლიანად ამ სოფლიდან განსვლის შემდეგ განისჯება.
ზოგჯერ ამ ქვეყნიურ ზეცაში მყოფ ადამიანებს გაქვავებული გულები აქვთ, ზოგიერთი კი, პირიქით – ლმობიერებითაა დამშვიდებული, რათა თავმდაბლობას გაექცეს და შრომა ცრემლით დაატკბოს.
მცირე ცეცხლს ბევრი ცვილის დარბილება შეუძლია: ხშირად მცირე უპატიობაც კი, რომელიც ჩვენ მოგვეწევა, უცებ მოარბილებს, დაატკბობს და აღმოფხვრავს მთელ სისასტიკეს, უგრძნობელობასა და სიმკაცრეს გულისას.
ერთხელ ბნელ ადგილას მიმალული ორი ადამიანი ვნახე, ისინი მოღვაწეთა შრომას და სულთქმას აკვირდებოდნენ და ისმენდნენ. მაგრამ ერთი ამას იმისთვის აკეთებდა, რომ მიებაძა მათთვის, მეორე კი იმისათვის, რომ ამ ღვაწლის შესახებ განეცხადებინა და ამგვარად მოღვაწენი კეთილი საქმისაგან განეშორებინა.
პირუტყვივით მდუმარე კი არ უნდა იყო, როცა დუმილი საჭირო არ არის და ამით სხვებს შფოთვასა და სიმწარეს მოუტან და ნურც მაშინ დაიგვიანებ, როცა სისწრფეს გიბრძანებენ და ნუ დააყოვნებ, სხვაგვარად ცოფიანსა და მეამბოხეზე უარესი საქმის მოქმედი ხარ.
„ვიხილენ ესევითარნი“, როგორც იტყვის იობი, ზოგიერთი სული აყოვნებდა ზნის თავისებურების გამო, ზოგი კი – ეშმაკობით და გამიკვირდა: რა მრავალგვარია სიბოროტე ვნებათა.
საერთო სავანეში ყოფნისას იმდენ სარგებელს ფსალმუნებისგან ვერ მიიღებ, რამდენსაც – ლოცვისგან, რომელსაც სენაკში ასრულებ, რადგან ლოცვას მეტი შრომა სჭირდება, ვიდრე – გალობას.
გამუდმებით ებრძოლე აზრებს დაფანტულობას და სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი, თუ გონება მეტად გაგირბის, რადგან ახლადდამწყებ მორჩილთაგან უფალი განუბნეველ ლოცვას არ ითხოვს.
ნუ გაწუხებს გონების გაბნევა, არამედ გიხაროდეს, როდესაც მას კვლავ მოიკრებ, რადგან სრულიად წარუტაცებელი გონება მხოლოდ ანგელოზებს აქვთ.
ვისაც გულის სიღრმეშო საიდუმლოდ დაუდვია მცნება, რომ მაცხოვნებელი ღვაწლი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იტვირთოს და ხორცის ათასგზისი მოკვდინების შემდეგაც კი არ დაუთმოს მტერს: ის ასეთ განსაცდელში ადვილად არ ჩავარდება. ეს დაბრკოლებანი და ჭირნი ყოველთვის გულის დაეჭვებისგან, ადგილისადმი უნდობლობიდან მომდინარეობს.
ისინი, ვინც აქეთ-იქით სიარულს ესწრაფიან, ყველაფერში გამოუცდელნი არიან, სულის უნაყოფობას უპირველესად მოუთმენლობა წარმოშობს.
თუ შენ უცნობ მკურნალთან და უცნობ სამკურნალოში სამკურნალოდ მიხვალ, ისე იმყოფებოდე იქ, როგორც გამვლელი, ამასთან ფარულად დააკვირდი იქაურ ყოფას და მცხოვრებთა სულიერ გამოცდილებას. თუ ამ სულიერ მხატვართა და მსახურთა შორის შენი წყლულების მკურნალებს შეიცნობ, და მით უმეტეს, თუ მათ შორის იპოვი იმას, რასაც უნდა ეძებდე, ე.ი. წამალს სულიერი ქედმაღლობის წინააღმდეგ, მაშინ უკვე შეუერთდი მათ და საკუთარი თავი დუმილის ოქროზე გაყიდე. გაყიდე იგი მორჩილების ქარტიაზე, მსახურების ხელწერილზე და ანგელოზთა მოწმობით შენივე ნების ხელწერილი გაანადგურე.
რადგან თუ მხოლოდ აქეთ-იქით სიარულს მოუნდები, მაშინ დაკარგავ იმ სასყიდელს, რომლითაც ქრისტემ გამოგისყიდა.
ადგილი და სავანე, რომელშიც დაემკვიდრები, უნდა იქცეს შენს სამარედ – ვიდრე სამარის კარამდე. სამარიდან ვერავინ წამოდგება, ვიდრე საყოველთაო აღდგომის დღე არ დამდგარა და თუ ვინმე გამოვიდა, იცოდე, რომ ისინი დაიღუპნენ. ვევედროთ უფალს, რომ ჩვენც იგივე არ შეგვემთხვეს.
როდესაც ზარმაცი ხედავს, რომ მას მძიმე საქმეს აკისრებენ. ამას ის ლოცვას ამჯობინებს, მაგრამ თუ საქმე მსუბუქია, ლოცვას ცეცხლივით გაურბის.
ხდება რომ, როდესაც ვინმე რაიმე მსახურებას ძმის თხოვნით აღასრულებს, დატოვებს მას, რომ ის დაამშვიდოს, სხვა თავის მსახურებას სიზარმაცის გამო დატოვებს, კიდევ სხვა არ დატოვებს ამპარტავნების გამო, სხვა ვინმე კი – გულმოდგინების გამოისობით.
თუ აღთქმა დადე, რომ რომელიმე სავანეში უნდა იცხოვრო, ანდა ძმებთან ერთად და ხედავ, რომ ამგვარი ცხოვრებით სულიერ სარგებელს ვერ პოულობ, მაშინ იქიდან წამოსვლაზე უარს ნუ იტყვი. იცოდე, რომ გამოცდილი ყველგან გამოცდილია და – პირიქით.
ყვედრება ერში მრავალ განყოფასა და უთანხმოებას იწვევს, ხოლო ნაყროვანება ძმათა შორის ყოველგვარი დაცემისა და გმობის დარღვევის მიზეზია სავანეში.
თუ ამ ბატონს დაამარცხებ, მაშინ ყოველი ადგილსამყოფელი მხოლოდ უვნებლობის მოხვეჭის საშუალება იქნება შენთვის. მაგრა, თუ იგი დაგეუფლა, მაშინ სამარის კარამდე დიდ ჭირში იქნები.
უფალი ბრმებს განაბრძნობს, მორჩილის თვალებს განანათლებს, რათა მან თავისი მოძღვრის სათნოებანი დაინახოს და უბნელებს თვალს, რათა არ შენიშნოს მისი ნაკლოვანებები. ხოლო მოძულე კეთილსა ამის საწინააღმდეგოს აკეთებს.
ვერცხლისწყალი არის სახე მორჩილებისა და სიმდაბლისა, რომელიც ყოველგვარ სითხეზე დაბლა ჩადის, მაგრამ ბიწი არაფრისა ერევა.
მოშურნენი უმეტესად უნდა აკვირდებოდნენ საკუთარ თავს, რომ, როდესაც ზარმაცებს განიკითხავენ, თვითონ უმეტესი განკითხვა არ დაიმსახურონ. ლოთი, მე ვფიქრობ, სწორედ იმიტომ გამართლდა, რომ ასეთ ხალხში ცხოვრობდა და არასოდეს არავის განიკითხავდა.
ყოველთვის და უმეტესად საერთო ფსალმუნთგალობისას უშფოთველობა და მდუმარება უნდა შეინარჩუნოთ, რადგან ეშმაკებს სწორედ შფოთითა და დრტვინვით აქვთ ლოცვის ჩაკვლა განზრახული.
მორჩილი ისაა, ვინც ხორცით კაცთა შორის დგას, ხოლო გონებით (ლოცვით) ცის კარს უკაკუნებს.
წყენა, დამცირება და ყოველი მსგავსი შემთხვევა მორჩილის სულში აბზინდის სიმწარეს ნერგავს, ხოლო ქება და პატივი ისევე ტკბილია, როგორც თაფლი გემოთმოყვარისთვის, მაგრამ თუ პირველისა და მეორის თვისებებს განვიხილავთ, გამოჩნდება, რომ აბზინდა შინაგან უწმინდურებას განსწმენდს, ხოლო თაფლი ნაღველს ასნეულებს.
მათ, ვინც ღვთის წინაშე ჩვენზე მზრუნეველობა იტვირთა, მთლიანად უნდა მივენდოთ მაშინაც, როდესაც გვგონია, რომ ჩვენი სულისთვის საზიანოს ამბობენ, ამ დროს ჩვენი მათდამი სარწმუნოება ისე გამოიცდება, როგორც – სიმდაბლის ბრძმედში.
ჭეშმარიტი სარწმუნოების ნიშანია, როდესაც ეჭვის გარეშე ვემორჩილებით მოძღვარს მაშინაც როდესაც ვხედავთ, რომ მისი ბრძანება ჩვენს მოლოდინს არ ემთხვევა.
მორჩილება სიმდაბლეს შობს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სიმდაბლე – მსჯელობის უნარს, როგორც კასიანე დიდი შესანიშნავად და მეტად ბრძნულად საუბრობს თავის სიტყვაში განსჯის შესახებ: განსჯის უნარი დაკვირვებულობას წარმოშობს, ხოლო აქედან გონების განათება იწყება. ვინ არ ისრუვებდა, რომ მორჩილების კეთილი გზით ევლო, როცა დაინახავდა, რომ მისგან ასეთი სიკეთე გამოდის?
ამაზე ხომ დიდმა სათნომყოფელმა და მგალობელმა ბრძანა: განუმზადე სიტკბოებითა შენითა გლახაკსა, მორჩილსა ღმერთო, მოსვლა შენი გულად მისად (ფს. 76,11).
მთელი ცხოვრების განმავლობაში ნუ დაივიწყებ იმ დიდ მოღვაწეს, რომელსაც მთელი თვრამეტი წლის განმავლობაში ხორციელი ყურით არასოდეს მოუსმენია თავისი მოძღვრისგან სიტყვა – ცხონდი, მაგრამ შინაგანად თვით უფლისგან ყოველდღიურად ესმოდა არა სიტყვა – ცხონდი, რომელიც მხოლოდ ცხონების სურვილს გამოხატავს, არამედ – სცხონდი – რაც უკვე სრულად დამტკიცებულ და უეჭველ აზრს გამოხატავს.
ასევე საკუთარი თავი და სულიერი სარგებელი ვერ შეუცნიათ იმ მორჩილებს, რომელნიც რაკი წინამძღვრის კეთილგანწყობასა და შემწყნარებლობას შეამჩნევენ, მისგან ითხოვენ, რომ მათთვის სასურველი მორჩილება მიიღონ. დაე, მათ იცოდნენ, რომ ასეთ მორჩილებისგან ისინი აღმსარებლობის გვირგვინს მოაკლდებიან, რადგან მორჩილება თვალთმაქცობისა და საკუთარი სურვილების სრული უარყოფაა.
ზოგიერთი, როცა მოძღვრისგან რაიმე დავალებას მიიღებს და მერე შეიტყობს, რომ ამ დავალების შესრულებით ვერ აამებს მას, ტოვებს საქმეს, ხოლო მეორე, თუნდაც ასეთი რამ შეამჩნიოს, დაეჭვების გარეშე აღასრულებს მას. უნდა გამოიცადოს, თუ რომელი მათგანი მოიქცა უფრო ღვთისმსახურად.
შეუძლებელი საქმეა, რომ ეშმაკი საკუთარ ნებას აღუდგეს წინ, ამაში შენ ისინი დაგარწმუნებენ, რომლებიც დაუდევრად ცხოვრობენ, მაგრამ გამუდმებით ერთ უშფოთველ ადგილას ან ერთსა და იმავე სავანეში იმყოფებიან.
თუ ჩვენ რომელიმე ერთ ადგილას ვცხოვრობთ და გვებრძვიან, რომ სხვა ადგილას გადავიდეთ, ეს ბრძოლა იმის მიმანიშნებელია, რომ ჩვენი გადასვლა უფლისთვის სათნო არ არის, რადგან როდესაც გვებრძვიან, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ წინააღმდეგობას ვწევთ.
ღირსი აკაკის შესახებ
იოანე საბაიტელის ანუ ანტიოქეს შესახებ
მაგრამ ისიც მოვისმინოთ, თუ ღირსმა მამამ ამგვარი მორჩილებით როგორი ნიჭები მოიხვეჭა. როდესაც ღირსი საბა განწმენდელის ლავრაში იმყოფებოდა, მასთან სამი ახალგაზრდა მივიდა. სურდათ, რომ მას დამოწაფებოდნენ, მან სიხარულით მიიღო ბერები. გაუმასპინძლდა და შეეცადა, რომ მძიმე მოგზაურობის შემდეგ ნუგეში ეცა მათთვის. სამი დღის შემდეგ წმიდა მამამ უთხრა: – ძმებო, მე მეძავი ვარ ბუნებით და არ ძალმიძს, რომელიმე თქვენგანი მოწაფედ მივიღო, – მაგრამ ისინი არ შეცდნენ, რადგან მისი წმიდა ცხოვრების შესახებ იცოდნენ. დიდხანს ევედრებოდნენ და რომ ვერაფერს გახდნენ, ბოლოს ფეხებში ჩაუცვიდნენ და შესთხოვეს, რომ დარიგებინა მაინც ისინი, თუ სად გაეტარებინათ ბერული ცხოვრება. ბერი ამას დათანხმდა და რადგან ნახა, რომ ისინი მორჩილებითა და სიმდაბლით იწყნარებდნენ მის ნათქვამს, ერთ-ერთ მათგანს უთხრა: – უფალს სურს, შვილო ჩემო, რომ შენ დაყუდებაში გაატარო ცხოვრება იმ ადგილას, რომელზედაც შენი სულიერი მამა მიგანიშნებს. მეორეს უთხრა: – წადი დაუტევე შენი ნება და გადაეცი იგი უფალს. აღიღე შენი ჯვარი და მონასტერს მიაშურე და ჭეშმარიტად დაიუნჯებ სიმდიდრეს ცათა შინა. ბოლოს მესამეს მიმართ: – გამუდმებით გახსოვდეს უფლის ეს სიტყვები: ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება, წადი და შენთვის მოძღვარი ღვთის წინაშე ყველაზე სასტიკ და მკაცრ ადამიანთა შორის შეარჩიე და მოთმინებაში განმტკიცებულმა ყოველდღიურად დამცირება და გინება ისე შესვი მისგან, როგორც – რძე და თაფლი. ამ ძმამ წმიდა იოანეს უთხრა: – და, მამაო, თუკი იგი დაუდევარია, როგორ მოვიქცე? – მან უპასუხა: – რომც დაინახო, რომ იგი სიძვის ცოდვაშია, ნუ დატოვებ მას, არამედ საკუთარ თავს უთხარი, რომ მზვაობრობა განიგმირება შენში და ხორციელი ვნება დაიშრიტება.
ყველა, ვისაც ღვთის შიშის მოხვეჭა გვსურს, მთელი ძალით უნდა ვიღწვოდეთ, რათა ამ სათნოების სავანეში სათნოებათ მაგიერ ცბიერება და ბოროტება, ეშმაკობა და თავხედობა, გაიძვერობა და მრისხანება არ შევიძინოთ. რადგან საერთოდ ეს ხდება ხოლმე და არაფერი ამაში გასაკვირი არ არის. ვიდრე ადამიანი უბრალო მუშად რჩება გემზე, ან მიწის მუშად, მის წინააღმდეგ მეფის მტრები არცთუ ძლიერად იბრძვიან, მაგრამ, როდესაც ნახავენ, რომ მან აიღო სამეფო ბეჭედი და ფარი, საჭურველი, ლახვარი და მშვილდი მეფისა და საომრად შეიმოსა, მაშინ კბილებს ააღჭრიალებენ მასზედ და ყველა მის მოკვდინებას შეეცდება. ასე რომ, თვალი არ უნდა მივრულოთ.
მე ვნახე, რომ კეთილი და მშვენიერი ყმაწვილები სასწავლებელში სიბრძნის მისაღებად მოვიდნენ. მათ განათლების და კეთილი სარგებლის შეძენა სურდათ, მაგრამ სხვებთან ურთიერთობის გამო უკმეხობისა და ცოდვის გადა ვერაფერი შეიძინეს. ვისაც გონება შესწევს, ამ ნათქვამს შეიმეცნებს.
შეუძლებელია, რომ ვინმე ყოველდღიურად ბეჯითად სწავლობდეს რაიმე ხელობას და ყოველდღიური წარმატება არ აღწევდეს მასში; მაგრამ ერთნი სცნობენ ამ წარმატებას, მეორენი კი ღვთის განსაკუთრებული განგებულების ძალით, ვერ ამჩნევენ მას.
კარგი ვაჭარი (*) ყოველ საღამოს მთელი დღის მოგებასა და წაგებას ითვლის, მაგრამ იგი ამას ვერ შეძლებდა, ყოველ წუთს ნავაჭრს რომ არ იწერდეს. ამიტომაა, რომ ყოველწუთიერი თვითგანსჯა ყოველდღიურად განანთლებს სულს.
როდესაც უგუნურს საყვედურობენ ან სჯიან, მრისხანების და წინააღმდეგობის გაწევას ცდილობს, ან მაშინათვე შენდობას ითხოვს მბრალდებელისგან, მაგრამ არა მორჩილების გამო, არამედ იმიტომ, რომ მან ბრალდება შეწყვიტოს.
როდესაც გსაყვედურობენ და ბრალს გდებენ, მდუმარედ იყავი და სულიერი წამალი მიიღე – როგორც სიწმინდის მნათობები.
როცა სულიერი მკურნალი შეწყვეტს შენს მხილებას, მაშინ შეინანე მის წინაშე, რადგან მრისხანების ჟამს შეიძლება, შენი სინანული მან არც მიიღოს.
მონასტერში ყოფნისას, თუმცა ყოველგვარი ვნების წინააღმდეგაა ბრძოლა საჭირო, მაგრამ განსაკუთრებით ორ მათგანს უნდა აღვუდგეთ წინ: ნაყროვანებასა და მრისხანებას. რადგან ძმათა სიმრავლის გამო.
მორჩილებაში მყოფთ ეშმაკი მათთვის შეუძლებელ სათნოებათა აღსრულების სურვილს უღვივებს. ამგვარადვე, დაყუდებაში მცხოვრებთ იგი მათთვის არათვისობრივ აზრებს უნერგავს.
გამოუცდელ მორჩილთა გონება რომ გაჩხრიკო, იქ მეტად ცოდვილ აზრებს აღმოაჩენ. ესენი: დაყუდების, გაძლიერებული მარხვის, გონების გაბნევის გარეშე ლოცვის, დიდებისადმი სრული გულგრილობის, სიკვდილის გამუდმებული ხსოვნის, განუწყვეტლად ლმობიერი გულის, სრული ურისხველობის, ღრმა მდუმარების და უმაღლესი სიწმინდის სურვილი. ღვთის განსაკუთრებული განგებულებით, რადგან მათ ეს სათნოებები არა აქვთ, ისინი თავდაპირველად გადალახავენ ხოლმე მათთვის დადგენილ საფეხურს, რადგან ეშმაკის მიერ არიან ცდუნებულნი, რომელიც ცდილობს, რომ მათ ყველა ეს სრულყოფილება დროზე ადრე ეძებონ. და რადგან მოთმინება არ ჰყოფნით, ვეღარც თავის დროზე მოიპოვებენ ხოლმე მათ.
საპირისპიროდ, ეს მაცდუნებელი დაყუდებული ადამიანის გულში მორჩილისთვის შესაფერის სოფლის სიყვარულს ნერგავს: მორჩილის მსახურება, ძმათა შორის სიყვარული, მანუგეშებელი თანაცხოვრება მონასტერში, ავადმყოფის მოვლა. ამ შემთხვევაში მაცდურის განზრახვა ისაა, რომ ისინიც პირველთა მსგავსად მოუთმენელნი გახადოს.
ჭეშმარიტად, დაყუდების გონიერად ტვირთვა შეუძლია მას, ვინც შრომაში და ბრძოლაში შემწეობა მიიღო.
ჩვენი ვნებების ხარისხის მიხედვით უნდა გავარკვიოთ, თუ როგორი წინამძღვრის მორჩილებაში მივიღებთ სარგებელს და შესაბამისად – ისეთი ვეძებოთ.
თუ თავშეუკავებელი და ხორციელ ვნებათაკენ მიდრეკილი ხარ, მოძღვრად მოღვაწე უნდა აირჩიო, რომელიც საკვებით დიდად არ გცემს ნუგეშს და არა – სასწაულმოქმედი, რომელიც მზადაა ყველას შეურიგდეს და ტრაპეზით გაუმასპინძლდეს. თუ ქედმაღალი ხარ, წინამძღვრად ისეთი ადამიანი შეარჩიე, რომელიც მოკრძალებული და ტკბილი კი არ იქნება, არამედ – მკაცრი და ჯიუტი.
არ უნდა ვეძებოთ ისეთი მოძღვარი, რომელიც წინასწარმეტყველებისა და განჭვრეტის უნარს ფლობს, არამედ – ჭეშმარიტად თავმდაბალი და ზნით და ადგილსამყოფელით შესაფერისი საიმისოდ, რომ ჩვენი უძლურებები განკურნოს.
ზემოხსენებული ღირსი კვიროსის მაგალითის მიხედვით, ის მორჩილებაში შეგეწევა: ყოველთვის ფიქრობდე, რომ წინამძღვარი გცდის და არასოდეს შესცოდავ.
როცა მოძღვრის მიერ გამუდმებით მხილებული იქნები და მაინც იგრძნობ, რომ სიყვარული და რწმენა მისდამი იზრდება შენში, მაშინ იცოდე, რომ სულიწმიდა უხილავად დამკვიდრდა შენს სულში და ძალი მაღლისა გფარავს შენ. ამასთან, ნუ იხარებ და განდიდდები, თუ წყენის და უპატიობის დიდსულოვნად დათმენა შეგიძლია და პირიქით, კარგია, თუ გამუდმებით ტირი იმის გამო, რომ რაღაც სასჯელის ღირსი მოიმოქმედე და წინამძღვარი შენს წინააღმდეგ განაწყვე. ნუ შეძრწუნდები და განაწყენდები, თუ შენზე ვიტყვი (და ამის მოწმე მოსეა), რომ სჯობს ღვთის წინაშე შესცოდო, ვიდრე – სულიერი მამის წინაშე, რადგან თუ ღმერთი განვარისხეთ, მოძღვარს შეუძლია, რომ მასთან შეგვარიგოს, მაგრამ, თუ განვარისხეთ მოძღვარი, მაშინ უკვე აღარავინ გვეყოლება, ვინც გვიშუამდგომლებს. მე ვფიქრობ, რომ ორივე ეს ცოდვა თანაბარი მნიშვნელობისაა.
შევამოწმოთ თუ ყურადღებით განვსაჯოთ, თუ მოძღვრის ბრალდება როდის უნდა დავითმინოთ მადლობითა და უვნებლად და როდის – თავი ვიმართლოთ. მე მგონია, რომ, ყოველთვის, როცა უპატიობა მხოლოდ ჩვენ გვეხება, უნდა ვდუმდეთ (რადგან ეს სულიერების მოხვეჭის შესაძლებლობაა), მაგრამ თუ ბრალდება სხვა პირს ეხება, მაშინ სიყვარულისა და მშვიდობის დაურღვევლობის მიზნით, უნდა დავიცვათ იგი.
მორჩილების უპირატესობაზე იმათ შეუძლიათ გითხრან, ვინც განუდგნენ მას; რადგან მხოლოდ ამის შემდეგ შეიცნეს, თუ რომელ ცაზე იმყოფებოდნენ.
ვინც უვნებლობასა და ღმერთს ესწრაფის, მას დაკარგულად მიაჩნია ყოველი დღე, როდესაც არავისგან მიიღებს ყვედრებას.
როგორც ის ხეები, რომელთაც ქარი ებრძვის და მიწაში ღრმად იდგამენ ფესვებს, ასევე მორჩილებაში მყოფთ ძლიერი და შეურყეველი სული აქვთ.
ვინც დაყუდებისას თავისი უძლურება შეიცნო და მორჩილებაში მოვიდა, ის იყო ბრმა, რომელსაც ქრისტეს დანახვით თვალი აეხილა.
გამხნევდით, ძმანო, მოღვაწენო, გამხნევდით და კვლავაც გეტყვით, გამხნევდით და ნურასოდეს შეწყვეტთ წინსვლას. ყური უგდეთ ბრძენს, რომელიც თქვენს შესახებ ამბობს: ღმერთმა ჯერ თანაცხოვრებელთა შორის ქურაში ოქროსავით გამოსცადა ისინი და დასაწველ მსხვერპლად შეიწყნარა (სიბრძნ. 36) თავის წიაღში. რომელსა შვენის დიდება და ძლიერება უკუნისამდე, მამისა თანა დაუსაბამოისა და სულისა წმიდისა და თაყვანსიცემა, ამინ.
<
p>ამ საფეხურის რიგი მახარებელთა რიცხვს ემთხვევა.
განმხნევდი, მოღვაწეო, უშიშრად ისწრაფე წინ, ოდესღაც იოანემ პეტრეს გაუსწრო.
აქ კი მორჩილება სინანულს უსწრებს, რადგან პირველი მათგანი
მორჩილების სახეა, ხოლო მეორე – სინანულის.
