Site icon Iveron Icon Georgian Orthodox Church

ღირსი იოანე სინელი კიბე ანუ კლემაქსი – სიტყვა 28, ყოველთა სათნოებათა დედის – ლოცვის შესახებ

იოანე კლემაქსი

ღირსი იოანე სინელი

კიბე ანუ კლემაქსი

 

სიტყვა 28, ყოველთა სათნოებათა დედის – ლოცვის და
ლოცვისას სულითა და ხორცით კეთილად დგომის შესახებ

  1. ლოცვა ღვთისა და კაცის შეერთება ბუნებით; ხოლო – საქმით: ქვეყნიერების სიმტკიცე; ღმერთთან შერიგება; ერთდროულად მშობელი და ნაშობი ცრემლისა; ცოდვათა მიმტევებელი; ხიდი განსაცდელთა შორის მავალთათვის; ჭირთაგან დამცველი გალავანი; ბრძოლათა შემმუსვრელი; ანგელოზთა საქმე და უხორცო ძალთა საკვები; საუკუნო ცხოვრების სიხარული; დაუსრულებელი საქმე და ყოველგვარ სათნოებათა წყარო; მადლის წინამძღვარი; უხილავი წარმატება; სულის საკვები; გონების სინათლე; სასოწარკვეთილების მკვლელი და იმედის მიზეზი; მწუხარების განმდევნელი; მონაზონთა სიმდიდრე; დაყუდებულთა საუნჯე; მრისხანების განმქარვებელი და სიმხნის მასწავლებელი.
  2. ჭეშმარიტი მლოცველისათვის ლოცვა არის სამსჯავრო და სასამართლო, რომელიც საშინელ სამსჯავროს უძღვის წინ.

  3. ადექით, ვისმინოთ, თუ რას გვეუბნება მაღალი ხმით ეს სათნოებათა დედოფალი და რას მოგვიწოდებს: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენო თქუენ. აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოვოთ განსვენება სულთა თქუენთა“ და თქვენი წყლულების კურნება, „რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს“ და ის ცოდვის დიდი სნეულებების მკურნალია.

  4. ვინც ჩვენს მეუფესა და ღმერთთან შესახვედრად მივდივართ, მოუმზადებლად ნუ გავემართებით, რათა მან შორიდანვე არ შენიშნოს, რომ სამეუფეო სამკაული და აბჯარი არ გვმოსავს და თავის მსახურებს ჩვენი შეპყრობა და მის თვალთაგან გაძევება არ უბრძანოს; ხოლო ჩვენი სავედრებელი თხოვნის წიგნები კი სახეში დახეული არ მოგვაყაროს.

  5. როდესაც უფლის წინაშე წარსადგომად მიდიხარ, შენი სულის სამოსელი ავუხსენებლობის ძაფით უნდა იყოს მოქსოვილი, თორემ შენი ლოცვა არანაირ სარგებლობას არ მოგიტანს.

  6. ყოველი შენი ლოცვა მდაბალია გონებით უნდა იყოს წარმოთქმული, რადგანაც მეზვერე და უძღები ერთი სიტყვით შეიწყნარა ღმერთმა.

  7. ღვთის წინაშე ლოცვით წარდგომა ყოველთვის ერთნაერია, მაგრამ მასში მრავალი განსხვავება და საფეხური არსებობს.

  8. ზოგიერთი მიმართავს უფალს, როგორც მეგობარს და ამავდროულად – როგორც მეუფეს და უკვე საკუთარი თავისთვის კი არა – მოყვასისათვის ევედრება; სხვები სულიერ სიმდიდრეს, დიდებასა და ლოცვის უმეტეს კადნიერებას ითხოვენ; სხვები ევედრებიან, რომ სრულიად იხსნას ისინი მოწინააღმდეგისაგან; სხვები პატივის მიღებას შესთხოვენ; სხვები თანანადებთაგან სრული გათავისუფლებისათვის ლოცულობენ; სხვები – საპყრობილიდან დახსნისათვის, კიდევ სხვანი კი ცოდვათა შენდობისათვის ევედერბიან.

  9. ყველაზე უწინარეს ჩვენი ვედრების სიაში მადლობა უნდა ჩავწეროთ; მეორედ – ცოდვათა აღსარება და შემუსვრილება სულისა; რადგან ასეთია კეთილი ლოცვა, როგორც ერთ ძმას აუწყა ანგელოზმა ამის შესახებ.

  10. თუკი ხილული მსაჯულის წინაშე ყოფილხარ წარდგომილი, ლოცვის დროს დგომის წესისათვის სხვა მაგალითი აღარ გჭირდება; თუ მსაჯულის წინაშე არ მდგარხარ და არც სხვისი განსჯა გინახავს, მაშინ მაგალითად გქონდეს შეჭირვებული სნეული, შეწყალებას რომ ევედრება მკურნალს, რომელიც მისი სხეულის დაჭრას ან დაწვას აპირებს.

  11. ლოცვისას სიბრძნისმეტყველება საჭირო არ არის, რადგანაც ხშირად უბრალო ყრმებმა მარტივი სიტყვით შეძლეს ზეციური მამისაგან მოწყალების მიღება.

  12. ნურც მრავლისმეტყველებას შეუდგები, რათა სიტყვების ძებნამ გონება არ განგიბნიოს; რადგანაც მეზვერის ერთმა სიტყვამ მოწყალე-ჰყო ღმერთი; სარწმუნოების ერთმა სიტყვამ კი ავაზაკი აცხონა.

  13. მრავალმეტყველება ხშირად გონებას განაბნევს, ხოლო ერთი სიტყვის მხურვალება კვლავ მოკრებს მას.

  14. როდესაც ლოცვის რომელიმე სიტყვა ლმობიერებას აღძრავს შენში, მასზე შეჩერდი და მრავალჯერ გაიმეორე, რადგანაც ჩვენი მცველი ანგელოზი ჩვენს სიახლოვეს ლოცულობს.

  15. ლოცვისას კადნიერებას ნუ გამოამჟღავნებ, თითქოსდა დიდი სიწმიდე გქონდეს, არამედ უმეტესი სიმდაბლით მიმართე და მეტი კადნიერება გექნება.

  16. სათნოების ყველა საფეხურზე რომც იყო ასული, მაინც ცოდვათა შენდობისათვის ილოცე, რადგანაც გსმენია დიდი მოციქულის – პავლეს სიტყვები, რომელიც ცოდვილთა შესახებ ამბობს, მათ შორის პირველი მე ვარო.

  17. საჭმლის საკაზმი მარილი და ზეთია, ხოლო ლოცვის ფრთაშესხმული – სიწმიდე და ცრემლი.

  18. თუკი ყოველმხრივ სიმშივდესა და ურისხველობას შეიმოსავ, გონების წარიტაცებისაგან გათავისუფლება დიდ შრომას აღარ მოითხოვს შენგან.

  19. ვიდრემდე წმიდა და ჯეროვან ლოცვას არ მოვიპოვებთ, უნდა გვახსოვდეს, რომ იმ ბავშვებს ვგავართ – სიარულს რომ სწავლობენ.

  20. ეცადე, ყოველთვის დაიბრუნო გაბნეული აზრი, ან – უკეთ რომ ვთქვათ, – ლოცვის სიტყვებში გამოკეტო ის; ხოლო თუკი იგი, შენი ჩვილობის გამო მაინც განიბნევა და დამდაბლდება, ეცადე, კვლავ აღამაღლო.

  21. გონებისათვის დაუდგრომლობაა თვისობრივი, მაგრამ მისი დამყენებელი არის ღმერთი, რომელსაც ყოველივეს დამორჩილება შეუძლია.

  22. ჰოი საყვარელო, თუ კეთილად იღვაწებ, მოივლინება შენზედაც იგი, ვინც გონების ზღვას შეზღუდავს და ეტყვის: „აქამომდე გამოხვიდე და წაღმართ არღარა სადა წარხვიდე“.

  23. სულის შებორკვა შეუძლებელია, მაგრამ იქ, სადაც სულის შემოქმედი იმყოფება, ყოველივე მას ემორჩილება.

  24. თუკი ოდესმე გინახავს მზე, მაშინ შეძლებ ესაუბრო მას, ისე, როგორც საჭიროა, ხოლო მასთან საუბარი, ვინც არასოდეს გიხილავს, შეუძლებელია ჯეროვნად.

  25. ლოცვის დასაწყისში საჭიროა, რომ ამაო ზრახვები მოსვლისთანავე უკუაგდო; შუა ლოცვაში საჭიროა გონების სიტყვებში მოქცევა; ხოლო ლოცვის სისრულე უფლის მიმართ აღტაცებაა.

  26. სხვაა იმ ლოცვის სიხარული, რომელიც მორჩილებაში მყოფთ ეძლევათ; სხვა – რომელიც დაყუდებულებს აქვთ; პირველ შემთხვევაში შეიძლება, ის გარკვეულწილად ამპარტავნებასთან იყოს შერწყმული; მეორე კი სრულიად სიმდაბლითაა აღსავსე.

  27. თუკი საკუთარი გონებას მუდამ წვრთნი, რომ შენთან იყოს, ტრაპეზის დროსაც კი არ განგეშორება, ხოლო თუ აქეთ-იქით ხეტიალს დააჩვევ, არასოდეს მოვა შენთან.

  28. ჭეშმარიტი ლოცვის უდიდესი მოღვაწე – პავლე ამბობს: „ეკლესიასა შინა მნებავს ხუთ სიტყვა გონებითა ჩემითა სიტყვად“. მაგრამ სულიერად ჩვილებისათვის ასეთი საქმე შეუძლებელია; ამიტომ ჩვენ, ვინც სისრულისაგან შორს ვართ, ლოცვის ხარისხთან უნდა შევათავსოთ ლოცვის სიმრავლე; რადგანაც პირველი ხდება ხოლმე მეორის მიზეზი; რადგანაც ნათქვამია: ჭეშმარიტ ლოცვას ღმერთი მის მიმართ გაჭირვებითა და დიდი შრომით მისდამი მლოცველებსა და მავედრებლებს ანიჭებს.

  29. სხვა რამ არის ლოცვის შებილწვა; სხვა – გარყვნა ლოცვისა; სხვა – წარპარვა; სხვა – ბიწიერება.

  30. შებილწვა ის არის, როდესაც კაცი უფლის წინაშე დგას და ბოროტი აზრები მოსდის; ლოცვის გარყვნაა, როდესაც ლოცვისას ამაო საზრუნავზე ფიქრობს; წარპარვა ისაა, როცა ის შეუმჩნევლად მიმოქრის; ბიწი ლოცვისა არის ნებისმიერი ცუდი ფიქრი, რომელიც ამ დროს მოდის ჩვენთან.

  31. თუ ლოცვისას მარტონი არ ვართ, შინაგანად ვილოცოთ მხოლოდ; ხოლო თუ ჩვენთან არ არიან ისინი, ვინც ლოცვის გამო შეგვაქებენ, შინაგან ლოცვას გარეგნული სახეც შევუთავსოთ; რადგანაც მათში, ვისაც სისრულისათვის არ მიუღწევია, გონება ხშირად უერთდება ხორცს.

  32. ყველას, ვინც მეუფის წინაშე მიდის, გულით შემუსვრილება მართებს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც თანამდებთა მიტევებას და ცოდვათა შენდობას ითხოვს.

  33. ვიდრე ჯერ კიდევ (ვნებათ) საპყრობილეში ვიმყოფებით, ვუსმინოთ მას, ვინც უთხრა პეტრეს: ადექი, მოირტყი სუდარა მორჩილებისა, განიძარცვე საკუთარი ნება და შენი ლოცვით შიშველი წარსდეგ უფლის წინაშე, მხოლოდ მისი ნების მიხედვით იარე და მაშინ ჰპოვებ ღმერთს – შენი სულის საჭეთმპყრობელად და შენი ცხოვრება გაუჭირვებლად წარმართე.

  34. ადექი სოფლისმოყვარებისა და გემოთმოყვარებისაგან; განიშორე ყოველი საზრუნავი; უარყავ შენი ხორცი; განიძარცვე გულის ზრახვები; რადგან სხვა არაფერია ლოცვა, თუ არა – უარყოფა სოფლისა: ხილულისა და უხილავისა; როგორც იტყვის მგალობელი: „რაი ძეს ჩემი ცათა შინა“, ანდა „შენგან რაი ვინებე ქუეყანასა ზედა“. – არაფერი! გარდა იმისა, რომ მარადის ლოცვით მოგეჯაჭვო შენ“.

  35. ზოგიერთნი სიკეთედ სიმდიდრეს მიიჩნევენ; სხვები – დიდებას; სხვები პატივს; ხოლო ჩემთვის „მიახლება ღმერთისა კეთილ არს და დიდებად უფლისა მიმართ სასოება“ – ანუ იმედი ჩემი უვნებლობისა.

  36. სარწმუნოება ფრთას უსხამს ლოცვას, ამიტომ სარწმუნოების გარეშე მისი ზეცად აღსვლა შეუძლებელია.

  37. ამ მსაჯულს ღვთისა რომც არ ეშინოდეს, რადგანაც ღმერთი თავად იგია, იმის შიშით, რომ ცოდვებისა და დაცემების მიერ კეთილ საქმეთაგან დაქვრივებული სული მრავალგზის თავს შეაწყენს, იგი იძულებულია, რომ სამართლიანად განსაჯოს იგი და განარიდოს მტრისაგან, ანუ – ბოროტი სულებისაგან.

  38. ჩვენ – ვნებული ადამიანები – ნუ შევწყვეტთ უფლისადმი ვედრებას, რადგანაც უვნებლობა, ყველამ ვნებული მდგომარეობიდან გამოსვლით მოიპოვა.

  39. მადლიერ და კეთილ სულებში ჩვენი კეთილი უფალი სათხოვარის მსწრაფი აღსრულებით თავისი სიყვარულით იზიდავს; ხოლო უმადურებსა და უგულისხმოებს სათხოვარს სწრაფად არ აღუსრულებს, სასურველის შიმშილითა და წყურვილით ტანჯავს და ამგვარად აიძულებს, რომ ლოცვაში იმყოფებოდნენ; რადგანაც უმადური სული, როდესაც სასურველს მიიღებს, მსწრაფლ განეშორება მიმცემს და ვედრებას აღარ აღუვლენს მას.

  40. ნუ იტყვი, რომ დიდი ხნის განმავლობაში ლოცვაზე დგახარ და წარმატებას კი ვერ მიაღწიე, იმიტომ რომ ლოცვაზე დგომა და საუბარი უფალთან თავისთავად წარმატებაა, რადგან შეუძლებელია, უფლის წინაშე დგომაზე და მასთან ლოცვით შეერთებაზე უმეტესი იყოს რაიმე?!

  41. ბრალდებულს იმდენად არ აშინებს განაჩენის გამოცხადება, რამდენადაც მოშურნე მლოცველს – სალოცავად დადგომა, რათა რაიმე არ მოაკლოს მას; ამიტომ თუ მლოცველი ბრძენი და გონიერია, იგი ამ ჭეშმარიტი საზრუნავით მოსპობს საკუთარი გულში ყოველგვარ ავმეხსიერებას, ზრუნვასა და შუღლს, მწუხარებასა და გაუმაძღრობას.

  42. წინასწარ ლოცვით მოამზადე საკუთარი სული ლოცვის ჟამისა და ღვთისადმი ვედრებისათვის და წარმატებას ჩქარა მიაღწევ.

  43. ვიხილე ადამიანები, რომლებიც მორჩილებით იყვნენ გაბრწყინებულნი, რამდენადაც შესაძლებელია, უფლის ხსოვნას დაუდევრობით არ შეურაცხყოფდნენ და როგორც კი ლოცვად დადგებოდნენ, სწრაფად ეუფლებოდნენ საკუთარი ფიქრებს, ცრემლების ნაკადულები მდინარეებად დასდიოდათ, რადგან მორჩილების საშუალებით ამისათვის წინასწარვე იყვნენ მზად.

  44. ფსალმუნთა გალობას ხალხის სიმრავლეში გონების გაბნევა ახასიათებს, ხოლო მარტოდ ყოფნისას ეს ხშირად არ ხდება; თუმცა მარტო მყოფს მოწყინება ებრძვის, ხოლო კრებულში მეტი გულმოდგინება ეხმარება.

  45. მეფისადმი სიყვარულს მხედარი მისთვის ბრძოლაში გამოაჩენს; ხოლო მონაზვნის სიყვარული ღვთისადმი ლოცვის ჟამს გამოჩნდება.

  46. შენს მდგომარეობასა და საქმეს ლოცვა გამოაჩენს, ამიტომ მას წმიდა მამებმა მონაზვნობის სარკე უწოდეს.

  47. ვინც რაიმე საქმეზე ზრუნვას ლოცვის დროსაც განაგრძობს, მას ეშმაკები შეაქცევენ, რადგან ეშმაკებს სწორედ ის სურთ, რომ ერთი დროით ჩვენგან მეორეც მიიტაცონ.

  48. თუ ვინმე მისთვის ლოცვას გთხოვს, ნუ უარყოფ მას, თუნდაც ლოცვის დიდი ნიჭი არ გქონდეს მოპოვებული, არამედ შემუსვრილი გულით ილოცე, რადგანაც ხშირად მთხოვნელის სარწმუნოება შემუსვრილებით მლოცველსაც აცხონებს.

  49. უფრთხილდი ამპარტავნებამ არ შეგიპყროს, თუ სხვისთვის ილოცებ და უფალი შეისმენს შენსას; იცოდე, რომ მათი სარწმუნოების მიხედვით მიანიჭა მადლი.

  50. ყველა მასწავლებელი ყოვლდღიურად ოთხოვს ბავშვისაგან წარმოთქვას ის, რაც ასწავლა; ხოლო უფალი ყოველდღიურად იძიებს ყველასაგან, რომ აჩვენოს ძალა, რომელიც მან ლოცვით მიიღო.

  51. როდესაც კეთილად ლოცულობ, სწორედ მაშინ აღდგება მტერი შენს წინააღმდეგ საბრძოლველად, რადგანაც ეს მისი ჩვეულებაა.

  52. ყოველგვარი სათნოება და უმეტესად – ლოცვა გულისხმიერებითა და მხურვალებით უნდა აღესრულებოდეს.

  53. სული მაშინ ილოცებს მხურვალედ, როდესაც მრისხანებას დაძლევს.

  54. ყოველგვარი საქმე, რომელიც მრავალი თხოვნით, შრომითა და დროით არის შეძენილი, მტკიცეა.

  55. ვიცნ საკუთარი თავში უფალი მოიპოვა, ის საკუთარი სიტყვებით უკვე აღარ ლოცულობს მისთვის და მასში – „სულთქმითა მით უსიტყველითა“.

  56. ლოცვისას ხილულ ოცნებასა და ჩვენებას ნუ მიიღებ, რათა ჭკუიდან არ შეცდე.

  57. ყოველგვარი ვედრების შედეგს ლოცვა გამოავლენს.

  58. შედეგი ლოცვისა ყოველგვარი ეჭვისაგან ათავისუფლებს.

  59. შედეგი არის უეჭველი მიხვედრა იმისა, რაც არ ვიცოდით.

  60. მეტისმეტად მოწყალე უნდა იყო*, თუ წმიდა ლოცვას ეძიებ, რადგან მის მიერ მონაზვნები ჯერ კიდევ ამქვეყნად „მიღებენ ასეულად“, ხოლო მომავალ საუკუნეში დანარჩენს მოიპოვებენ.

  61. როდესაც სულში მხურვალების ცეცხლი გაჩაღდება, მაშინ აღდგება და აღემართება, სულის ქოხში საღმრთო ნათლის გარდამოსვლა აღესრულება.

  62. ზოგიერთი ამბობს, რომ სიკვდილის ხსოვნა ლოცვაზე აღმატებულია; მე კი ერთ გვამოვნებას ორ – ბუნებოვნებით ვადიდებ.

  63. კარგი ცხენი სიარულისა და გახურების შემდეგ უკეთესად დარბის; სირბილში ლოცვის საგალობლებს ვგულისხმობ, ხოლო ცხენში – მხნე გონებას.

  64. ასეთები შორიდანვე შეიცნობენ ბრძოლის მოახლოებას, ემზადებიან და ამის გამო თითქმის უძლეველნი არიან.

  65. სისასტიკეა მწყურვალს პირთან მიტანილი წყალი გამოსტაცო და რაოდენ უმეტესი სისატიკეა, რომ გულმოდგინე ლმობიერად მლოცველ მონაზონს ვინმემ ხელი შეუშალოს და დასრულებამდე შეაწყვეტინოს ლოცვა.

  66. ნუ* დაცხრები, ვიდრე არ იგრძნობ, რომ ცეცხლი და წყალი კვლავ გიბრუნდება, რადგან მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში შესაძლოა, ცოდვათა შენდობისათვის უკეთესი შემთხვევა აღარ მოგეცეს.

  67. იგი, ვინც ლოცვის გემო შეიცნო, ხშირად ერთი სიტყვით შებილწავს თავის გონებას და შემდეგ, როდესაც ლოცვად დადგება, ამ სანატრელ სიტკბოებას ვეღარ იპოვის.

  68. სხვაა*, როდესაც გულისყურით აკვირდები საკუთარი გულის მდგომარეობას და სხვა – როდესაც გონების საშუალებით გულის ეპიესკოპოსი ხდები, როგორც სიტყვიერი მსხვერპლის ქრისტეს მიმართ შემწირველი მთავარი და მღვდელმთავარი.

  69. როგორც ერთი მღვდელმთავარი ამბობს: როდესაც პირველთა სულში წმიდა და ზეციური ცეცხლი გარდამოვა, შესწვავს მათ, რადგანაც საკმარისად არ არიან განწმენდილნი; მეორეებს კი, მათი სისრულის შესაბამისად, განანთლებს; რადგან ერთსა და იმავე ცეცხლს შემწველიც ეწოდება და განმანათლებელიც; ამიტომ ერთნი ლოცვიდან ისე გამოდიან, როგორც გახურებული ღუმლიდან და ზოგიერთი ბიწისა და ცოდვისაგან გარკვეულწილად განწმენდილად იგრძნობს თავს; სხვები კი, როგორც ნათლით განათლებულნი და ზეციური სიმდაბლითა და სიხარულით შემოსილნი, ისე გამოდიან; ხოლო მათ, ვინც ამ ორი მდგომარეობის გარეშე გამოვა ლოცვიდან, მხოლოდ ხორცით ულოცია და არა – სულიერად.

  70. ხოლო თუ ხორცი სხვის ხორცთან შეხებისას ნირს იცვლის, მაშ როგორ არ შეიცვლება იგი, ვინც უბრალო ხელით ღვთის ხორცს ეხება?!

  71. ჩვენი ზეციური მეუფე შეიძლება მიწიერი მეფის მაგალითი წარმოვიდგინოთ; რადგანაც მეფე ზოგჯერ თვითონვე, ზოგჯერ – მეგობრების ხელით, ზოგჯერ კი სრულიად უცნობი გზით უგზავნის საჩუქრებს თავის მეომრებს; მისი მადლი კი ჩვენში ჩვენივე სიმდაბლით შესაბამისად მრავლდება.

  72. როგორც ქვეყნიური მეფისათვის საძულველია ის, ვინც მის წინაშე დგას, დაშორებისთანავე კი მის მტრებთან იწყებს საუბარს; ასევე საძულველია უფლისათვის იგი, ვინც მის წინაშე დგას და ბოროტ აზრებს იწყნარებს.

  73. როდესაც ეს გონების მტაცებელი ძაღლი დაგესხმის თავს, ლოცვის იარაღით განდევნე და როგორც უნდა გაავდეს, ნუ დაუთმობ და ადგილს ნუ მისცემ შენში.

  74. ცრემლით ითხოვე და მორჩილებით ეძებე, მოთმინებით დარეკე; რადგან მას, ვინც ამგვარად ითხოვს, მიეცემა; ვინც ეძიებს – იპოვის და ვიცნ რეკს – გაეღება.

  75. გაფრთხილდი და დედაკაცისათვის ბევრს ნუ ილოცებ, რომ მარჯვნივ არ გადაიხარო.

  76. შენი ცოდვების აღსარებისას უფლის წინაშე ხორციელ ქმედებათა დაწვრილებით აღწერას ნუ შეუდგები, რათა საკუთარი თავს მკვლელად არ ექცე.

  77. ლოცვის დროს თვით სულიერი და საჭირო საქმეებსაც კი ნუ გამოიძიებ; ასე თუ არ იზამ, უმჯობესს დაკარგავ.

  78. ვისაც გამუდმებით ლოცვის კვერთხი უჭირავს ხელში, ის არ დაბრკოლდება და თუნდაც დაბრკოლდეს, სრულიად არ დაეცემა, რადგანაც ლოცვა არის საღმრთო და ტკბილი მაიძულებელი, რომელიც კაცს ბოროტის ქმნას არ ანებებს.

  79. იქიდანაც მისახვედრია მისი დიდი სარგებელი, რომ არაფერს ებრძვის ბოროტი იმგვარად, როგორც – ლოცვას; მის ნაყოფს კი მაშინ ვიგემებთ, როდესაც ჩვენი მტრები სრულიად დაიძლევიან; როგორც ფსალმუნთმგალობელი იტყვის: „ამით ვცან, რამეთუ მინებე მე“, როდესაც ბრძოლის დროს „არა უხაროდის მტერთა ჩემთა ჩემ ზედა“.

  80. მეფსალმუნე ამბობს: უფალო, შენდამი „ღაღადვყავ ყოვლითა გულითა ჩემითა“.. ეს ნიშნავს – პირით, სულითა და გონებით. რადგანაც ვინც ლოცვის დროს სულსა და გონებას ერთად მოიკრებს, მასში ღმერთი სუფევს.

  81. არც ხორციელი და არც სულიერი წყობა ყველასი ერთნაირი არ არის; ზოგიერთისათვის უფრო მეტად სწრაფი ფსალმუნებაა შესაფერისი, სხვისთვის კი – შენელებული; რადგან პირველნი გაურბიან გონების დატყვევებას, მეორენი კი უმეცრებას ებრძვიან.

  82. თუკი მეუფეს გამუდმებით ევედრები შენი მტრებისათვის, როდესაც ისინი მოვლენ, იმედიანად შეგიძლია იყო, დიდად არ დაშვრები, თვითონვე განგერიდებიან; რადგან არაწმიდა სულებში არ სურთ იმის ხილვა, თუ მათთან ბრძოლის შედეგად როგორ მოიპოვებ გვირგვინებს; არამედ ლოცვისაგან ძლეულნი, როგორც ცეცხლისაგან ისე გარბიან.

  83. ყოველგვარ ვითარებას სიმხნით დაუხვდი და შენი ლოცვის მასწავლებელი თვით ღმერთი იქნება.

  84. როგორც თვალით ხედვის სწავლა შეუძლებელია სიტყვებით, რადგან ეს ბუნებისაგან გვაქვს მოცემული, ასევე, ვერც ლოცვის მშვენიერებას ვისწავლით სხვა სიტყვით, რადგანაც ლოცვას მოძღვრად ღმერთი ჰყავს; ეს ჩვეულებრივი სიტყვები კი არ არის, რომ მოისმინო და ისწავლო, ან რაიმე ხელოვნება, რომ – სხვებისაგან შეითვისო, არამედ ღმერთია მისი მოძღვარი „რომელმან ასწავის კაცთა მეცნიერება“, მისდამი მლოცველებს ყოველი სათხოვარი აღსრულებას ანიჭებს „და აკურთხნის წელიწადნი მართლისანი“; რამეთუ მისი არს დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

https://iveron.ca/ioane-sineli-klemaqsi/

 

Feasts and Holidays

Exit mobile version