Site icon Iveron Icon Georgian Orthodox Church

25 ივნისი. ღირსი იოანე (თორნიკე) მთაწმიდელი (X)

ღირსი იოანე (თორნიკე) მთაწმიდელი

ღირსი იოანე (თორნიკე) მთაწმიდელი

წმიდა თორნიკე იყო ქართლის სპასალარი. სახელოვანი და ბრძოლებში წარმატებული, ქველი და უებრო რაინდი გამორჩეულად უყვარდა მეფე დავით კურაპალატს, მაგრამ ღვთისთვის სათნომყოფელმა უმჯობესი გამოირჩია – მონაზვნობის ღვაწლი იდო თავს და ულუმბოს მთას მიმართა წმიდა იოანეს (ხს. 12 ივლისს) მოსაძებნად. ულუმბოზე მას აუწყეს, რომ ღირსი მამა ათონის მთაზე დამკვიდრებულიყო. თორნიკემ მთაწმინდას მიაშურა და „კურთხევაჲ მონაზონებისაჲ ჴელთაგან იოვანესთა მიიღო“. ღირსი მამები წმიდა ათანასეს ლავრაში დამკვიდრდნენ.

იოანეს მიერ თორნიკეს კურთხევის შემდეგ იმდენმა ქართველმა მოიყარა თავი ათანასეს ლავრაში, რომ იოანემ, წმიდა ათანასეს კურთხევით, ქართველთათვის ცალკე ააშენა ეკლესია იოანე მახარებლის სახელზე. ეკლესიასთან ერთად ქართველებმა სენაკებიც ააშენეს და „მუნ იმყოფებოდეს მრავალჟამ ვითარცა ანგელოსნი ღმრთისანი“.

ამ დროს საბერძნეთის მცირეწლოვან მეფეებს, ბასილის და კონსტანტინეს აუმხედრდა სარდალი ბარდა სკლიაროსი. დედოფალმა თეოფანიამ ბრძანა: „ჩუენი შემწე დავით კურაპალატისაგან კიდე არავინ არს“, წარჩინებული კაცი სევასტოფორი გაგზავნა წმიდა მთაზე და ქართველ მამებს სთხოვა: „უღმრთოჲ სკლიაროსი გაგჳდგა და ჴმელით კერძო ყოველ დაიპყრა. აწ ვევედრებით სიწმიდესა თქუენსა, რაჲთა თჳნიერ ყოვლისა მიზეზისა იოვანე თორნიკ მოვიდეს მეფობისა ჩუენისა“. თორნიკემ შორს დაიჭირა თხოვნა: „მიჯმნიეს ერთგზის და არღარა უკუნ ვიქცე“. ათანასემ და იოანემ სთხოვეს თორნიკეს, ხლებოდა დავით კურაპალატს და დახმარებოდა ბერძენთა მეფეს.

ხანგრძლივი მუდარის შემდეგ თორნიკემ შეისმინა მამათა ვედრება. ბასილი და კონსტანტინე მადლიერების ნიშნად ფეხებში ჩაუვარდნენ წმიდა მამას, დედოფალმა კი უთხრა: „რაჲცა ამათ ობოლთა თანა ჰქმნა, ღმერთმან მოაგოს სულსა შენსა“.

თორნიკემ ისარგებლა შემთხვევით და „მრავალფერთა საქმეთათჳს ამხილა დედოფალი“. მან სიმდაბლით შეიწყნარა მხილება და უთხრა: „წმიდაო მამაო, რაჲცა მიბრძანოს მამობამან თქუენმან, თქუენსა ბრძანებასა არა გარდავჴდე, ოდენ, ღმერთმან დაგარწმუნოს, შრომაჲ თავს-იდევ და რომლითაცა სახითა გნებავს, წარვედ კურაპალატის წინაშე და ყოველი ჭირი ჩუენი აუწყე და ვესავ ღმერთსა, რომელ იოტოთ იგი უღმრთოჲ სკლიაროსი და ჩუენ ჭირისაგან განგუარინნეთ“.

თორნიკე საქართველოში წამოვიდა და ვედრების ეპისტოლენი მიართვა კურაპალატს. მეფემ დიდად გაიხარა ყოფილი სპასალარის ნახვით, შეიწყნარა დედოფლის თხოვნა და დამხმარე ჯარის სარდლად თვითონ თორნიკე დანიშნა. წმიდა მამა დიდ უარზე იდგა, მაგრამ რაკი აღარ მოეშვნენ, დასთანხმდა და ქართველთა მხედრიონს ჩაუდგა სათავეში. ღვთის შეწევნითა და თორნიკეს სარდლობით ქართველთა 12-ათასიანმა ლაშქარმა სასტიკი დამარცხება აგემა ღვთისა და მეფის წინააღმდგომ სკლიაროსს და საბერძნეთიდან განდევნა.

გამარჯვების შემდეგ თორნიკემ შვებით მიაშურა ათონის მთას, „ხოლო მამანი სიხარულით მიეგებნეს და ამბორი უყვეს და ჰმადლობდეს ღმერთსა, რომელმან კვლად მოაქცია მშვიდობით“.

ღირს მამათა, იოანეს და იოანე თორნიკ-ყოფილის ლოცვითა და ღვაწლით ათონზე მომრავლებული ქართველები იოანე ნათლისმცემლის ეკლესიამ და ძმათა სენაკებმა ვერ დაიტია და წმიდა მამებმა ახალი ეკლესია-მონასტრების აშენება იდვეს თავს. სკლიაროსზე გამარჯვებისას მიღებული საჩუქარი – დიდძალი სიმდიდრე – თორნიკ-ყოფილმა მთლიანად იოანეს გადასცა და სულ მალე ქართველებმა მთაწმინდაზე კიდევ ორი ეკლესია ააგეს – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის.

თორნიკ-ყოფილი საოცარი მორჩილებით გამოირჩეოდა: „განთქმულმან და საჩინომან კაცმან ყოველივე ნებაჲ თჳსი მოიკუეთა“, სრულებით მიენდო მოძღვარს და ესევითარი მჴურვალებაჲ აჩუენა, რომელ, უკუეთუმცა შესაძლებელ იყო, თჳნიერ მისისა ბრძანებისა, არცამცა სიტყუაჲ ერთი აღმოთქუა, არამედ ყოველსავე მამაჲ იოვანე განაგებნ და მისცემნ, ვითარცა ენების და სადაცა ჯერ იყვის“.

სიმდაბლით, სიწრფოებითა და უმანკოებით გამორჩეული მოღვაწე ბერი მამა იოანეს ეუბნებოდა: „მამაო, თჳთ იცი, რომელ დიდად ცოდვილი ვარ და სიკუდილი ჩემი მოახლებულ არს და უნებელი სიწმიდისა თქუენისაჲ არა ვარ, არამედ ნებაჲ ჩემი და თავი ჩემი შემდგომად ღმრთისა შენდა მომიცემია; ვითარცა გნებავს, აცხოვნე სული ჩემი“. რადგან თორნიკ-ყოფილი მრავალ ომში გამარჯვებული სპასალარი იყო, გარდასულ ამბავთა მოგონება უყვარდა. მონასტრის ძმებიც ხშირად აამბობინებდნენ მას „საქმეთა საგმიროთა“. წმიდა იოანემ ურჩია: „აწ დაცადე სოფლიოთა მაგათ საქმეთა უბნობაჲ და ამიერითგან სხუასა ნუ ვის ეუბნები, გარნა გაბრიელს ხოლო ხუცესსა“. გაბრიელ ხუცესის პირიდან არანაირი ამსოფლიური სიტყვა არ ამოდიოდა, თვინიერ საღმრთოთა და სულიერთა. წმიდა იოანე თორნიკ-ყოფილი ცრემლის ღვრით ჩაუვარდა ფერხთით მოძღვარს და შეჰღაღადა: „რად დაიდუმე აქამომდე და არა მამხილე, წმიდაო და ღმერთშემოსილო მამაო?“ მამა იოანემ წამოაყენა მოხუცებული და უთხრა: „უფალმან შეგინდვენ, გარნა აწ ხოლო ეკრძალენ!“ არავის გაუგონია ამის შემდეგ იოანე-თორნიკეს საუბარი, მან მდუმარებითა და ღვთის სასოებით გალია ცხოვრების დარჩენილი დღეები და მშვიდობით მიაბარა სული უფალს.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

Exit mobile version