გაბრიელ ეპისკოპოსი

სულთმოფენობიდან 5-ე კვირა. წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ხოლო ეშმაკნი იგი ევედრებოდეს მას და ეტყოდეს: უკუეთუ განგვასხამ 

ჩუენ, მიბრძანე ჩუენ მისვლად კოლტსა იმას ღორთასა (მათ. 8, 31).

დღეს წაკითხული სახარება იპყრობს თვის შორის, ძმანო ქრისტიანენო, ერთსა განსაცვიფრებელსა მოთხობასა. ოდეს უფალი იესო ქრისტე მიმოსვლასა თვისსა სოფლითი-სოფლად ქადაგებდა სახარებასა, ერთხელ მიეახლა სოფელსა გერგესეველსა, მოუხდენ მას ორნი კაცნი, დიდი ხნითგან შეპყრობილნი და დატვირთულნი და გატანჯულნი სულითგან არაწმინდათა. როდესაც მაცხოვარმან უბრძანა სულთა ამათ განსვლად მათგან, ისინი ევედრებოდენ მას და ეტყოდეს: უკუეთუ განგვასხამ ჩუენ, მიბრძანე ჩვენ მისვლად კოლტსა იმას ღორთასა. რას ჰნიშნავს, ძმანო, ეს უცნაური და გასაოცარი თხოვნა სულთა ამათ არაწმინდათა? რამ შთააგდო იგინი ესრეთსა საზარელსა მდგომარეობასა შინა, რამ წაახდინა და გააფუჭა იგინი იმ ზომად, რომელ, როდესაც იგინი დაიპყრობენ კაცს, სტანჯვიდენ მას, მოაკლებდენ ჭკუასა და სახესა კაცისასა, და როდესაც მაცხოვარი უბრძანებს მათ განსვლად მისგან – შესაფერ ადგილს ვერ ჰპოვულობენ თვინიერ ღორთა, და ევედრებიან უფალსა: უკუეთუ განგვასხამ ჩვენ, გვიბრძანე მისვლად კოლტსა იმას ღორთასა! ნუ თუ ბუნებითგან არიან იგინი გაფუჭებულნი ისე, რომ მხოლოდ უწმინდურთა პირუტყვთა შორის არის მათი შესაფერისი ადგილი? არა, ძმანო, იგინი, ვითარცა გვამცნებს ჩვენ საღმრთო წერილი, თავიდგან იყვნენ ანგელოსნი, ესე იგი სულნი, აღვსებულნი ძლიერებითა და სიწმინდითა. მაშასადამე, რამ გამოსცვალა იგინი ამ სახით? ცოდვამ, ღვთის წინააღმდეგობამ!

აჰა, როგორ წაახდენს ცოდვა თავის მაღალთა და მძლავრთა არსებათა; აჰა, ვითარ დაეცნენ ცოდვისაგან თვით ძლიერნი და ნათლით შემოსილნი არსებანი. ახლა ასე იფიქრე და გაშინჯე, ძმაო ჩემო, უკეთუ ცოდვამ ამ სახით გამოსცვალა ანგელოსნი, რომელნი უწინ იყვნენ წინაშე ღვთისა ნეტარნი და ნათელსა შინა მყოფნი, და ესეოდნად წაახდინა, რომელ უდაბნოთა, ურწყულთა, კლდეთა, საფლავთა შინა და უწმინდურთა შინა პირუტყვთა ჰპოებენ თავიანთთვის სასიამოვნო ადგილსა, ჩვენ რომ ბუნებითგან ცოდვილნი ვართ და სუსტნი, უარესად არ გაგვაფუჭებს ცოდვა? მართლა, ცოდვასა და უსჯულოებასა აქვს უსაშინელესი მოქმედება კაცის ბუნებაზედ. ვსთქვათ მოკლედ, რა ცვლილებას მოახდენს ცოდვა კაცის ბუნებასა შინა.

ღმერთმან შეჰქმნა რა კაცი, შეამკო იგი ორითა უმაღლესითა ნიჭითა: პირველი ნიჭი კაცისა არის ჭკუა, ანუ გონება, რომლითა იგი იცნობს ღმერთსა, ბუნებასა და თავის თავსა და ჰმარტავს თვისსა ცხოვრებასა და თვისთა საქმეთა; მეორე ნიჭი კაცისა არის თავისუფლება, რომლითა მას შეუძლიან განრჩევა ბოროტისა და კეთილისა და შეყვარება ერთისა ანუ მეორისა. ორითა ამით ნიჭითა ესოდენ განჰხრწნის და წაახდენს, რომელ კაცი ხშირად დაემსგავსება პირუტყვთა უწმინდურთა. დასამტკიცებლად ამისა, საკმაო არის წარმოგიდგინო რაოდენიმე მაგალითი და გაგახსოვნო რომელიმე შემთხვევა, ანუ გარემოება. კაცის გული და სული ხშირად ისე შეპყრობილი არის რომლითამე ცოდვითა, ისე დამონებული არის რომლისამე ვნებისაგან, რომელ მისი ჭკუა და გონება ვეღარ მოქმედებს ჯეროვნად, თავისუფლება სრულიად აღარა აქვს, ვეღარ გაარჩევს კეთილსა და ბოროტსა. მაგალითებრ, კაცის გულს ზოგჯერ შეიპყრობს მრისხანება, ანუ გულფიცხელობა. რომელ მას აღარ ახსოვს, რას ჰლაპარაკობს, ანუ რას ჰმოქმედობს; იგი ისრეთთა საქმეთა აღასრულებს მაშინ, რომელ მერმე, როდესაც გული დაუწყნარდა და მოეგო გონებასა, თვითონვე სცხვენია და ჰნანობს. მაგრამ გულფიცხელობა კიდევ ისე დიდი ცოდვა არ არის, ის მხოლოდ ერთს წამს მოეკიდება გულს და მალე მაინც გათავდება. გარნა ზოგიერთი სხვა ცოდვა ისე მოეკიდება გულსა კაცისასა, რომელ არ მოეშვება განმავლობასა შინა მრავალთა წელთასა და შთააგდებს მას მრავალსა უშვერთა საქმეთა შინა. უცხოდ იტყვის ამაზე წმინდა მოციქული პავლე ეპისტოლესა შინა თვისსა: უწყი, ვითარმედ არარაი დამკვიდრებულ არს ჩემთანა, ესე იგი არს, ხორცთა შინა ჩემთა კეთილი; რამეთუ ნებაი იგი წინა-მიც მე, ხოლო საქმედ კეთილისა მის არა ვჰპოვებ… და ვხედავ სხვუასა ჰსჯულსა ასოთა შინა ჩემთა, რომელი იგი წინაგანეწყვების სჯულსა მას გონებისა ჩემისასა და წარმტყუენავს მე ჰსჯულითა მით ცოდვისა, რომელი იგი არს ასოთა შინა ჩემთა (რ. 7,18-23). ესე იგი: მე კი მსურს, რომ კეთილი საქმე აღვასრულოო, გარნა ვხედავ ჩემს შორის რაღაცა სხვა ძალასა, ესე იგი ძალასა ცოდვისასა, რომელიც მიშლის მე კეთილი საქმის აღსრულებასა და შთამაგდებს ცოდვასა შინაო. უბადრუკი მე ესე კაცი! ვინმე მიხსნეს ხორცთა ამათაგან ამის სიკუდილისათა (რომ. 7, 24), ესე იგი, რა საწყალობელი და საბრალო არის კაცის ბუნებაო, ვინ უნდა გამოიხსნასო იგი ცოდვისაგან და სიკვდილისაგან. აჰა, რა ძალი და მოქმედება აქვს ცოდვასა ბუნებასა ზედა კაცისასა. იგი არა თუ გარდაექცევა მას ჩვეულებად, არამედ – მეორე ბუნებად. ვინ არ იცის ეს, ვის არ გამოუცდია ეს თავის თავზედ? ვის არ უნახავს მრავალი ადამიანი სულითა და ხორცითა დაღუპული, უზომოდ გაფუჭებული, მოკლებული ყოველთა სიკეთეთა და მშვენიერებათა ცოდვისაგან. მაშასადამე, მოერიდე, ძმაო, ყოველსა ცოდვასა ვითარცა უსაშინელესსა მტერსა შენსა. შეჰხედე და განიხილე გარემოს შენსა, რამდენსა ჰნახავ მაგალითსა, რამდენი კაცი დაიღუპა შურითა, ამპარტავნებითა, სიხარბითა, ანგაარებითა. ჰნახავ ერთს კაცსა, რომელი თითქმის აღარ არის თავის ჭკუაზე შურისაგან! მეორეს ჰნახავ დაცემულს, გაღარიბებულს მით, რომ უყვარს ღვინის სმა, ლხინი, განცხრომა; მესამე მიეცა მრუშებასა, მიაგდო ცოლ-შვილი, დაჰღუპა თავისი ქონება, დააქცია ოჯახი; კიდევ ჰნახავ სხვას, ჩავარდნილს საზარელსა სენსა შინა, თვისი უწმინდური ცხოვრებისაგან. ერთი სიტყვით, თუ ჭკუა გაქვს, დაფიქრება იცი, მრავალს ჰნახავ საბუთებს და ნიშნებს, რა სახით ცოდვა დასცემს, დაამახინჯებს კაცს. მაშასადამე, არა დაემონო ცოდვას, დაიფარე შენი თავი ცოდვის მძლავრობისაგან, იყავ მონა ღვთისა და არა ცოდვისა, რომელიც და მოგვცეს ღმერთმან მადლითა თვისითა ქრისტეს იესოს მიერ. ამინ.