ქაბრიელ ეპისკოპოსი

სულთმოფენობიდან 5-ე კვირა. წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა მეხუთესა კვირიაკესა ზედა

მაშინ ყოველი იგი ქალაქი გამოვიდა შემთხუევად იესოისა; და იხილეს

იგი და ევედრებოდეს, რაითა წარვიდეს საზღვართა მათთაგან (მათესი 8, 34)

აჰა, ძმანო, სადამდის მიიყვანს და რა უგუნურებაში ჩააგდებს კაცს ანგარება! ერთხელ უფალმან იესო ქრისტემან მახლობლად გერგესეველისა სოფლისა განკურნა ორნი კაცნი, შეპყრობილნი და მწარედ გატანჯულნი ეშმაკთაგან. როდესაც ეშმაკნი გამოვიდნენ კაცთაგან, იგინი შევიდნენ კოლტსა შინა ღორთასა, ღორები შეშინებულნი გაიქცნენ და შეცვივდნენ გადარინელის ტბასა შინა და დაიხრჩვნენ. როდესაც გაიგონეს ეს იქაურთა ღორების პატრონთა, მთელი ქალაქი გამოვიდა შემთხვევად იესოსა და შეეხვეწეს მას, რომ წავიდეს იქითგან, განეშოროს მათ, ნაცვლად სიხარულისა, რომ მათ ეწვია ესრეთი პირი და ორი მათი ძმანი გამოიხსნა ეშმაკების საპყრობილესაგან, იგინი შეწუხდნენ იმაზედ, რომ მათი ღორები დაიხრჩვნენ. ღორები უფრო ძვირფასი იყო და სანატრელი მათთვის, ვიდრეღა დიდი სასწაულ-მოქმედის ხილვა და ორი კაცის გაბედნიერება. აღარც ქადაგების სმენა მოინდომეს იესო ქრისტესაგან, აღარც სასწაულები: ევედრნენ მხოლოდ, რომ მალე წავიდეს მათი ქვეყნიდანა, – ეგოდენ დააბნელა მათი ჭკუა ანგარებამ.

გარნა გადარინელის მცხოვრებნი იყვნენ წარმართნი და ეგზომად არ არიან გასამტყუნებელნი და ღირსნი განკიცხვისა, ვითარცა ჩვენ, ქრისტიანენი, საუბედუროდ, აწინდელთა ქრისტიანეთა შორის, მეტადრე ჩვენს ქვეყანაში, გამოუთქმელი და გასაოცარი ანგაარება არის დანერგილი. რაოდენ უგუნურებაში შთავარდებიან აქაურნი მცხოვრებნი ანგარებისაგან, ამას ენა კაცისა ვერ გამოსთქვამს. გერგესეველნი, დღევანდელს სახარებაში მოხსენიებულნი, ორი ათასის ღორის მოკლებისათვის შეწუხდნენ და თითქმის გააგდეს იესო ქრისტე თვის ქვეყნისაგან; გარნა ჩვენ ქვეყანაში ხშირად ერთი გოჭის გულისათვის ძმა ძმას მოჰკლავს, ნუ ჰგონებთ, ძმანო ჩემნო, რომ ეს ნამეტნავი ვსთქვი, – არა! ეს ნამდვილია! სამი თვე არ გასულა მას უკან, რაც ერთს ჩვენი ქვეყნის დაბასა შინა ორი მკვიდრი ძმის შორის მოხდა ჩხუბი ერთი გოჭისათვის და ერთმა მეორე მოჰკლა. რამდენჯერ მოხდება ჩვენს ქვეყანაში, რომ ერთი ალაბი მიწისათვის ძმა ძმას წაეჩხუბება და ერთმანეთს დაჰხოცვენ. ანუ დამპალი ღობის წაღებისათვის, ანუ ერთს გოჯზე ღობის გადაცილებისათვის ჩხუბი და სიკვდილი მოხდება ძმათა შორის. ესრეთნი შემთხვევანი ისე ხშირნი არიან ჩვენში, რომ აღარავის არ უკვირს. მართალია, ღარიბი კაცისათვის ერთი გოჭი, ანუ ერთი ალაბის სივრცე მიწა დიდი არის და ვგონებ, რომ ღარიბ კაცს იმ ზომად არ მოჰკითხავს ღმერთი და არ დასჯის. გარნა, რა უნდა ვიფიქროთ, როდესაც კაცი მდიდარი, აღვსებული მამულებით, ფულით, იმ ზომად ანგარია, რომ არავის არ დაზოგავს კიდევ ფულის და მამულის შეძენისათვის, ოღონდ იშოვნოს რამე, არა თუ მეზობელს წაართმებს რაც კი შეუძლია, აღარც ეკლესიას და მონასტერს დაზოგავს, თუ კი შეიძლო. სატირალი არ არის ამისთანა დაცემულება ზნეობისა? გასაოცარი არ არის და სატირალი ზნეობა იმ კაცისა, რომელიც ყოველი მოხერხებით და ღონით ცდოლობს, რომ მშიერს და ღარიბს ბერებს წაართვას უკანასკნელი ლუკმა პური? ანუ არ გაგიკვირდება, როდესაც გაიგონებ, რომ კაცი დაიწყებს საჩივარს თვის საკუთარს ოცის წლის ანუ მეტის მოძღვარზე, სულიერს მამაზე, ერთის მანეთის გულისათვის! ამისთანა მაგალითნი მრავალნი არიან ჩვენს ქვეყანაში.

ნუ დაემორჩილები, ძმაო, ანგაარებას! ნუ ხარ სულ-მოკლე, ნუ გაქვს შევიწროებული სული და გული, ანუ დაივიწყებ შენს ღირსებას და მაღალს სულიერს ხარისხს, რომელიც მოგანიჭა შენ ღმერთმან, ნუ იქცევი ისრე, რომ თითქოს საუკუნოდ უნდა სცხოვრობდე ქვეყანაზე. აქ სტუმარი ხარ შენ, აქაური მცირე რამე საქონლისათვის როგორ უნდა დაჰკარგო უხრწნელი და საუკუნო ნეტარება! რა სარგებელ არს შენდა შეიძინო სოფელი ესე, და სული წარიწყმიდო, ანუ რა მისცეს კაცმა ნაცვალ სულისა თვისისა? ამინ.