კვირიკე და ივლიტა

წმიდა მოწამენი კვირიკე და დედა მისი ივლიტა (+დაახლ. 305)

წმიდა მოწამენი კვირიკე და დედა მისი ივლიტა

28 ივლისი

 

კონდაკი: მკლავთა ზედა ეტვირთა ქრისტეს მოწამე კვირიკე ივლიტას და განხმობილნი სტადიონსა შინა ხმობდა სიხარულით: წრისტე არს ჭეშმარიტად სიქადულ მოწამეთა.

წმიდა მოწამენი კვირიკე და ივლიტა მცირე აზიაში, ლიკაონიის ქალაქ იკონიაში ცხოვრობდნენ. დიდებული გვარის ჩამომავალი ივლიტა ქრისტიანი იყო. იგი ადრე დაქვრივდა და ერთადერთ ძეს, ჩვილ კვირიკეს კეთილმსახურებით ზრდიდა. როცა უსჯულო იმპერატორმა დეოკლეტიანემ (284-305) მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, წმიდა ივლიტამ, იმის შიშით, რომ სატანჯველებს ვერ გაუძლებდა, დატოვა მთელი სიმდიდრე, ნათესავები, ახლობლები და შვილთან და ორ მხევალთან ერთად ჯერ სელევკიაში გაიხიზნა, შემდეგ კი ტარსოსს მიაშურა. აქ ნეტარი მდაბიოთა და გლახაკთა შორის ცხოვრობდა. გარეგნულად თითქოს არაფრით განირჩეოდა მათგან, მაგრამ, როგორც ჩანს, „მოწევნულ იყო ჟამი მისი“ – ავმა ენამ მმართველ ალექსანდრესთან დაასმინა. ივლიტა თავისი სამი წლის ძით ხელში სამსჯავროზე გამოცხადდა. როცა მმართველმა სახელი, გვარ-ტომობა და სადაურობა ჰკითხა, წმიდანმა ახოვნად მიუგო: „მე ქრისტიანი ვარ! ეს სიტყვა მეტყველებს ჩემს ვინაობაზეც და კეთილშობილებაზეც – ჩემი სამშობლო კი ზეციური იერუსალიმია!“ კადნიერი პასუხით განრისხებული მსაჯულის ბრძანებით ივლიტას შვილი ხელიდან გამოგლიჯეს და ხარის ძარღვებით დაუნდობლად დაუწყეს ცემა. დედის წამების შემყურე კვირიკე ტიროდა, ხელებს ასავსავებდა, ფეხებს ურტყამდა მტარვალებს და მათგან თავის განთავისუფლებას ცდილობდა. ბავშვის სილამაზით მოხიბლულმა ალექსანდრემ თავისთან მიაყვანინა იგი, კალთაში ჩაისვა და ფერება დაუწყო, მაგრამ ყრმა არ ცხრებოდა: „მეც ქრისტიანი ვარ!“ ტიროდა ბავშვი და თან ტირილით მიიწევდა დედისკენ. საშინლად გაავებულმა მსაჯულმა ბავშვი მიწაზე დაანარცხა და წიხლი ჰკრა. ჩვილი კიბის საფეხურების კიდეებზე თავის ხეთქებით ჩაგორდა და სული უფალს შეჰვედრა.

როცა ივლიტამ შვილის ნეტარი აღსასრული იხილა, მადლობა შესწირა უფალს, მმართველმა კი, მის მოუდრეკლობაში კიდევ ერთხელ დარწმუნებულმა, წამების გაძლიერება ბრძანა: მარტვილს რკინის წვერბასრი იარაღებით დაუწყეს ჯიჯგნა, ჭრილობებში კი გამლღვალ ფისს ასხამდნენ.

  • „შეიბრალე თავი, ივლიტა, – ეუბნებოდა ალექსანდრე ქრისტეს ტარიგს, – დაინდე შენი ყმაწვილქალობა და შესწირე მსხვერპლი ღვთაებებს!“

  • „არ მოვუდრეკ ქედს უტყვ და უსმ კერპებს, მე მხოლოდ ჩემს უფალს, იესო ქრისტეს – მხოლოდშობილ ძე ღვთისას ვეთაყვანები!“ – პასუხობდა ნეტარი.

უღონოქმნილმა მმართველმა ივლიტას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. სასჯელის აღსრულების წინ სანატრელმა მოწამემ დრო ითხოვა ლოცვისთვის, მუხლი მოიყარა და მაცხოვარს შეჰღაღადა: „გმადლობ შენ, უფალო, რამეთუ ჩემს ძეს უწინარეს ჩემსა მოუწოდე და ამაო მიწიერი ცხოვრების წილ საუკუნო სუფევა დაუმკვიდრე. აწ შეივედრე სულიც ჩემ უღირსისა მხევლისა შენისა და ღირს მყავ ბრძენ ქალწულთა თანა შესვლად ქორწილსა მას დაუსრულებელსა“.

ამ სიტყვების შემდეგ ივლიტას თავი მოჰკვეთეს (+დაახლ. 305). მისი გვამი კვირიკეს ცხედართან ერთად ქალაქგარეთ დააგდეს მხეცებისა და ფრინველების საჯიჯგნად, მაგრამ ერთგულმა მხევლებმა მოახერხეს, რომ ღამით ფარულად დაეფლათ ისინი.

ნეტარი მარტვილების ნაწილთა აღმოყვანება აღესრულა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდის ზეობაში (+337, ხს. 21 მაისს). კვირიკესა და ივლიტას მიმართ ლოცულობენ ოჯახური ბედნიერებისა და სნეულ ყრმათა მსწრაფლ განკურნებისათვის. წმიდა კვირიკეს ხელის მტევანი ინახება საქართველოში.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

წამება და ღუაწლი წმიდათა მოწამეთა  კვირიკესი და ივლიტასი

ხსენება 28 ივლისს

 

რომის მეფეთა შთამომავალი, დიდგვაროვანი ქრისტიანი ქალი ივლიტა მცირე აზიაში, ლიკაონიის ქალაქ იკონიაში* ცხოვრობდა. იგი ადრე დაქვრივდა და ერთადერთ ძეს, კვირიკეს კეთილმსახურებით ზრდიდა.

  • იკონიაამჟამად კონია – . თურქეთის სამხრეთ ნაწილში, ცენტრალური ანატოლიის ზეგანზე. ძვ. . I-ახ. . III საუკუნეებში შედიოდა რომის იმპერიის, ხოლო შემდეგ – ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში. XI-XV .. იკონიის სასულთნოს დედაქალაქია. XV . შეუერთდა ოსმალეთის იმპერიას.

 

როცა უსჯულო იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, წმიდა ივლიტამ, იმის შიშით, რომ სატანჯველებს ვერ გაუძლებდა, დატოვა მთელი სიმდიდრე, ნათესავები, ახლობლები და შვილთან და ორ მხევალთან ერთად ჯერ სელევკიაში გაიხიზნა, შემდეგ კი ტარსუსს** მიაშურა, და მდაბიოთა და გლახაკთა შორის ცხოვრობდა. გარეგნულად თითქოს არაფრით განირჩეოდა მათგან, მაგრამ, როგორც ჩანს, „მოწევნულ იყო ჟამი მისი“ – ვიღაცამ იგი ქრისტიანების სასტიკ მდევნელთან, ქალაქის მმართველ ალექსანდრესთან დაასმინა. ივლიტა თავისი სამი წლის ძით ხელში სამსჯავროზე გამოცხადდა. მადლიან ქრისტიანულ გარემოში გაზრდილი ეს პატარა ბიჭი უკვე იცნობდა წმიდა მოწამეთა ცხოვრებას. მან უკვე იცოდა, რომ ქრისტესადმი ერთგულება მარადიულ სასუფეველში გამარჯვების გვირგვინს იმსახურებდა. იგი უცოდველ გულზე იწყობდა ხელებს და ბავშვურ მზერას ცას აპყრობდა. ის იყო ერთ-ერთი იმ ბავშვთაგანი, რომელთა სულიერი ცხოვრება ასაკს წინ უსწრებს.

** ტარსუს – ამჟამად თარსუსი – ისტორიული ქალაქი სამხრეთ-ცენტრალურ თურქეთში, მერსინის პროვინციაში. რომის იმპერიის დროს იყო კილიკიის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. საქმე მოციქულთას მიხედვით აქ დაიბადა პავლე მოციქული).

როცა მმართველმა სახელი, გვარ-ტომობა და სადაურობა ჰკითხა, წმიდა ივლიტამ უშიშად მიუგო: „მე ქრისტიანი ვარ! ეს სიტყვა მეტყველებს ჩემს ვინაობაზეც და კეთილშობილებაზეც – ჩემი სამშობლო კი ზეციური იერუსალიმია!“ კადნიერი პასუხით განრისხებული მსაჯულის ბრძანებით ივლიტას შვილი ხელიდან გამოგლიჯეს და ხარის ძარღვებით დაუნდობლად დაუწყეს ცემა. დედის წამების შემყურე კვირიკე ტიროდა, ხელებს ასავსავებდა, ფეხებს ურტყამდა მტარვალებს და მათგან თავის განთავისუფლებას ცდილობდა. ბავშვის სილამაზით მოხიბლულმა ალექსანდრემ თავისთან მიაყვანინა იგი, კალთაში ჩაისვა და ფერება დაუწყო, მაგრამ ბიჭი ეწინააღმდეგებოდა, მის კოცნას სახეს არიდებდა, დედისკენ მიიწევდა და ტირილით ყვიროდა: „მე ქრისტიანი ვარ, გამიშვით დედაჩემთან!“ უშიშარი ბავშვი მმართველს სახეს ფრჩხილებით უკაწრავდა. მმართველი განრისხდა. მან ბავშვი ძირს დაანარცხა, ფეხი ჰკრა და მაღალი ფიცარნაგიდან გადმოაგდო. კვირიკე ქვის საფეხურზე დაგორდა და კიბის კუთხეს მიარტყა თავი, იქაურობა მისი სისხლით მოირწყო, ყმაწვილმა ღმერთს მიაბარა თავისი წმიდა, უმანკო სული. ასე დაიდგა წამებულის გვირგვინი წმიდა ყრმამ, კვირიკემ.
ნეტარმა ივლიტამ ვერ დაინახა შვილის ვნება. ის მამაცურად იტანდა წამებას და იძახდა: „მე ქრისტიანი ვარ, არ შევწირავ კერპებს მსხვერპლს”. როცა წამება დროებით შეაჩერეს, ივლიტა წამოდგა და სისხლში ამოსვრილი შვილი დაინახა, რომელიც უსულოდ ეგდო მიწაზე. მან მადლობა შესწირა უფალს, მმართველმა კი, მის მოუდრეკლობაში დარწმუნებულმა, წამების გაძლიერება ბრძანა: მარტვილს რკინის წვერბასრი იარაღებით დაუწყეს ჯიჯგნა, სხეულს უფხეკდნენ და ჭრილობებში კი გამლღვალ ფისს ასხამდნენ. „შეიბრალე თავი, ივლიტა, – ეუბნებოდა ალექსანდრე ქრისტეს ტარიგს, – დაინდე შენი ყმაწვილქალობა და შესწირე მსხვერპლი ღვთაებებს!“. „არ მოვუდრეკ ქედს უტყვ და უსმ კერპებს, მე მხოლოდ ჩემს უფალს, იესო ქრისტეს – მხოლოდშობილ ძე ღვთისას ვეთაყვანები!“ – პასუხობდა ნეტარი. ბოლოს, როდესაც მტარვალი მიხვდა, რომ ვერ სძლევდა მის სიმტკიცეს, უღონოქმნილმა მისთვის თავის მოკვეთა ბრძანა. როდესაც მოწამე ქალაქიდან გაჰყავდათ, მან მუხლი მოიყარა და ილოცა: `გმადლობ შენ, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, რომ ჩემს ძეს უწინარეს ჩემსა მოუწოდე და ღირსი გახადე შენი წმიდა სახელისათვის მოწამებრივი სიკვდილით აღსრულებისა, და ამაო ცხოვრებისა წილ საუკუნო სუფევა დაუმკვიდრე. აწ შეივედრე სულიც ჩემ უღირსისა მხევლისა შენისა და ღირს მყავ ბრძენ ქალწულთა თანა შესვლად ქორწილსა მას დაუსრულებელსა~. ამ სიტყვების შემდეგ ივლიტას თავი მოჰკვეთეს (+დაახლ. 305).

მისი გვამი კვირიკეს ცხედართან ერთად ქალაქგარეთ დააგდეს მხეცებისა და ფრინველების საჯიჯგნად, მაგრამ ერთგულმა მხევლებმა ღამით ფარულად დაფლეს. ერთ-ერთმა მათგანმა იცოცხლა მოციქულთასწორ კონსტანტინეს იმპერატორობის დრომდე. როდესაც ქრისტიანების დევნა შეწყდა, მან უჩვენა ქრისტიანებს, სად განისვენებდა მოწამეთა წმიდა ნაწილები, თან უამბო მათი მარტვილებრივი აღსასრულის შესახებ.

ნეტარი მარტვილების ნაწილთა აღმოყვანება აღესრულა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდის ზეობაში (+337, ხს. 21 მაისს). კეთილსურნელებით აღსავსე უხრწნელმა ნაწილებმა, რომლებიც მიწიდან ამოაბრძანეს, ბევრ ადამიანს კურნება მიმადლა. ისინი გადაიტანეს კონსტანტინეპოლში, რომლის სიახლოვესაც დაარსეს მათი სახელობის მონასტერი.

იოანე მოსხის ჩანაწერების მიხედვით იუდეაში იერიქონის შორიახლოსაც იყო ამ წმინდანების ტაძარი. რუსი მომლოცველების დამოწმებით XII-XV საუკუნეებში წმინდა მოწამეთა წმინდა ნაწილები იმყოფებოდა წმინდა სოფიას ტაძარში. მათი ბედი კონსტრანტინეპოლის დაცემის შემდეგ უცნობია. სხვა ვერსიით წმინდა ნაწილები მოხვდა ანტიოქიაშიც, სადაც წაიღო ამატორმა, ოქსერის ეპისკოპოსმა (388-418 წ.წ.) წმინდა ნაწილების ადგილსამყოფელად სახელდება ქალაქები ნევერი (საფრანგეთი) და ტურნეც (ბელგია). ამ მოწამეთა ვნებანი აღიწერა ქრისტიანთა გასამტკიცებლად და უფლის სადიდებლად და ითარგმნა მრავალ ენაზე. წმინდა კვირიკეს და ივლიტას ძველთაგანვე პატივს-სცემდენ ანტიოქიის და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიებში. რუსეთში მათ სახელზე მრავალი ტაძარი და სამლოცველოა. გადმოცემების მიხედვით პირველი ტაძარი ჯერ კიდევ წმ. მთავარ ვლადიმერის დროს აშენებულა როსტოვის მახლობლად. რუსეთში არსებობს გარდამოცემა, რომ წმინდა კვირიკემ სთხოვა იესო ქრისტეს, რომ მიუტევოს ცოდვები და სიხარული მიანიჭოს მათ, ვინც გაიხსენებს მათ ღვაწლს (მათი სიკვდილის დღე 28 ივლისი) და ასევე მათ, ვინც მათ სახელზე ამ დღეს გასცემს მოწყალებას. მაცხოვარიც დაპირდა ყრმა მოწამეს მისი თხოვნის ასრულებას.

კათოლიკური ეკლესიაც პატივს-სცემას ამ წმინდანებს და მათ ხსენებას დღესასწაულობს 15 ივლისს. წმ. კვირიკეს სახელობის ეკლესიები მრავლად მოიპოვება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ხოლო წმ. კვირიკეს სახელს ატარებს მრავალი სოფელი, და ძველი ქართული სახელწოდებაც ივლისისა არის „კვირიკობისთვე“. „წამებაY წმიდისა კვირიკესი და დედისა მისისა ივლიტაისი“ არის კიმენური რედაქციის თხზულება, რომლის ავტორია იკონიის ეპისკოპოსი თეოდორე (VI ს.). თხზულება პოპულარული გახდა მთელ საქრისტიანოში, მაგრამ წმინდა მოწამეების განსაკუთრებულ პოპულარობაზე საქართველოში მეტყველებს ის სახალხო-რელიგიური დღესასწაული, რომელიც იმართებოდა როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში – მცირეწლოვანი მოწამის, კვირიკეს სახელობის დღეობა „კვირიკეობა“.

სვანეთში 28 ივლისს, წმინდა კვირიკესა და ივლიტას წამების დღეს უძველესი დროიდან აღნიშნავენ ამ დღესასწაულს კალას კვირიკე და ივლიტას XI ს-ის ტაძარში. ეს იყო დედათა მონასტერი (სვანები უწოდებენ „ლაგურკა“-ს), სადაც სრულიად საქართველოდან მოსული „აზნაური“ და „უაზნო“ მონაზვნები მოღვაწეობდნენ. ტყით შემოსილი მთა საღმრთოდ ითვლება და სვანი იქ წკეპლასაც არ მოჭრის. კალას ეკლესია წარმოადგენს მთელი სვანეთის მთავარ სამლოცველოს.

კვირიკობას ლაგურკაში თავს იყრის სალოცავად მოსული მრევლი არა მარტო სვანეთიდან, არამედ საქართველოს ყველა კუთხიდან. მომლოცველები წმინდა კვირიკესა და ივლიტას შესთხოვენ ოჯახის ბედნიერებასა და სნეულ ყრმათა სწრაფ განკურნებას.

 

 

მასალები მოიძია და დაამუშავა თინათინ მჭედლიშვილმა

სავედრებელი პარაკლისი დიდებულთა მოწამეთა კვირიკესი და ივლიტასი

https://iveron.ca/kvirike-da-ivlitas-paraklisi/kvirike da ivlita