წმინდა ლუკა 

წმიდა ლუკა აღმსარებლის პარაკლისი

სავედრებელი პარაკლისი ყირიმის მთავარეპისკოპოსის წმიდა ლუკა აღმსარებლისა და განმანათლებლისა

 

მღდელი: კურთხეულ არს-ი.

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…

გუნდი: ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.

მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ტროპარი, ხმაი 1

ქრისტეს გზისა მაუწყებელო, აღმსარებელო და მთავარეპისკოპოსო ყირიმისაო, შეურყეველო გოდოლო და ჭეშმარიტო მცველო მამათა გარდამოცემათაო, მართლმადიდებლობისა ქადაგო და მკურნალო ღმრთივგაბრძნობილო, წმიდაო განმანათლებელო ლუკა, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

დიდებაი… ტროპარი (იგივე)  აწდა…

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 2

ძლისპირი: ზღვისა ღელვათა მძვინვარეთა წიაღ-ხდეს დაულტობელად ისრაელნი პირველად ძლიერებითა მარჯუენითა ღმრთისაითა, და სიღრმეთა მათ დაფარნეს მეგვიპტელნი, და საფლავ ექმნნეს წყალნი ბანაკსა მათსა.

წმიდაო აღმსარებელო და მკურნალო ლუკა ყირიმელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

უღმრთოებისა წყუდიადი განაბნიე, ნეტარო, და ნათელნი ქადაგებათა შენთანი სახედ შარავანდედთა განჰფინენ  რაი ქუეყანასა, აწ გულნი ჩუენნი აღავსე მდინარეთაგან მადლისა შენისაითა და სულნი ჩუენნი მორწყე წიგნთა შენთა ნაკადულითა.

წმიდაო აღმსარებელო და მკურნალო ლუკა ყირიმელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მწყემსობითა მოციქულებრითა მტკიცედ ჰგიებდი მართალსა ზედა აღსარებასა, და განბრწყინვებული ჰსუფევ რაი წინაშე ღმრთისა, აწ ჩუენცა შეგვვედრე სახიერებასა მისსა, რაითა განგვიმრავლოს ერის-მძღუარნი და მწყემსნი, შენებრ შემკობილნი საქმითა და სიტყვითა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

სიყრმითგან დაიმარხნე რაი სიტყუაი მაცხოვრისაი: `სამკალი ფრიად არს, და მუშაკნი მცირედ, ევედრეთ უფალსა სამკალისასა, რაითა გამოავლინოს მოქმედნი სამკალსა თვისსა~, არა ევლტოდი დიდებასა და მონაგებსა, და ხვიდოდი სამართალთა მისთა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სწორებაი ღმრთისაი მაოცნა უბადრუკსა გუელმან ბოროტმან და ტყუე მყო მე ღმრთისაგან, ხოლო შენ მიერ განვთავისუფლდი, სძალო, და ჭეშმარიტად ღმერთ-ვიქმენ, უბიწოო, რამეთუ ჰშევ შენ განმაღმრთობელი ჩემი.

გალობაი 3, განძლიერდასა

ძლისპირი: განხსნილნი ძუელთა კრულებათა ჩუენთაგან და ხსნილნი მხეცთა შუვა მძვინვარეთაგან, მხიარულებით აღებითა პირთაითა სიტყუასა ღმერთსა სიტყვითა ხმეანითა სარწმუნოებითა და ქებით ვადიდებთ.

წმიდაო აღმსარებელო და მკურნალო ლუკა ყირიმელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მოცემულ გაქუნდა რაი ღმრთისა მიერ აღმატებული ნიჭი სიყუარულისაი, სიჭაბუკითგან განიზრახე მსახურებაი ერისა შენისა, უძლურებათაგან შეჭირვებულისაი, და გულსმოდგინებითა შეისწავე მეცნიერებაი სენთა და წყლულებათა კურნებისაი.

წმიდაო აღმსარებელო და მკურნალო ლუკა ყირიმელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

განაგებდა რაი უფალი გონებასა და მარჯვენესა შენსა, ვითარ მკურნალი ხელოვანი დასტაქრობდი და განამრთელებდი მოწყლულთა, აწცა ევედრე უფალსა, ღმერთსა ჩუენსა, რაითა გარე-წარგუხადოს სნეულებანი და ეშმაკთა კუეთებანი მოსავთა მისთა და მაქებელთა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ყუდროი და მდაბალ იყავ შენ, ღირსო, და აბრაჰამისა მსგავსად მოღუაწე უცხოთა და გლახაკთა, და შეეუღლე რაი მოწყალებისა დას ანას, ქალწულსა ღმრთისმოყუარესა, სათნოებითა უფროის ერთ-სულ იყვენით, ვიდრეღა ერთ-ხორც ქორწინებითა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დააცხრუე აღძრვაი ვნებათა ამათ ჩემთაი, ღირსო ღმრთისა დედაო, და დააყუდე ღელვაი გულისსიტყუათა ჩემთა შეგინებულთაი, ყოვლად წმიდაო, და ცხორებაი ჩემი კეთილად წარმართე, მშობელო ცხორებისაო.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტესმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს… (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

წარდგომაი, ხმაი 4

ძეგლ იყავ რაი ღმრთისმსახურებისაი და საფუძველ მტკიცე მართლმადიდებლობისაი, ნავთსაყუდელად მორწმუნეთა იწოდე, ღირსო, და შეუძრველ სუეტად ეკლესიისა, აწცა მეოხ-გვეყავ შვილთა მისთა, რომელთა შეგვიწყნარებიეს ყოვლად-ტკბილნი ჰსწავლანი შენნი, რაითა ჩუენცა შენთანა უგალობდეთ უფალსა.

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: საქმენი შენნი, ვითარცა განიცადნა, ღაღად-ყო ხმითა წინაისწარმეტყუელმან, დღეს მესმა მე სმენაი კაცთა განახლებისაი და დამიკვირდა შენი სიმდაბლითა მოსლვაი, რაითა შეჰმუსრო ძლიერებაი მხდომისაი.

წმიდაო აღმსარებელო და მკურნალო ლუკა ყირიმელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მოწოდებული მსახურებად უბრალოთა ერთასა, წარხუედ შორიელთა მათ მხარეთა, და მწე და თანამზრახვალ გექმნებოდა რაი ცოლი შენი, მოჰვლიდით სოფლებსა და კურნებდით ფიცხელთა სენთა და სალმობათაგან გუემულთა.

წმიდაო აღმსარებელო და მკურნალო ლუკა ყირიმელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

დასნეულდა რაი მეუღლე შენი, წმიდაო, მიისწრაფე ტაშკენტსა, რამეთუ გეგულებოდა განკურვნაი მისი ქუეყანასა მას სამხრისასა, და მსახურებდი რაი განმგებლად სასნეულოისა, განთქულ იქმენ სააქიმოითა ხელოვანებითა და საკვირველითა კაცთმოყუარებითა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მიიცვალა რაი ღმრთივსულიერი ცოლი შენი ღმრთისა მიმართ, ნეტარო, მწუხარედ მგლოვარე მარადის ფსალმუნებდი სულისათვის მისისა, და დაღაცა-თუ იგმობოდა სახელი ღმრთისაი, განცხადებულად დაიწერდი ნიშსა ჯუარისასა და სნეულთაცა გადასწერდი უშიშად.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვიდა შენდა შემოქმედი ყოველთაი ხორცთა შესხმად, ღმრთისმშობელო ქალწულო, და მოწყალებითა მაცხოვნა მე, ყოვლითურთ შეცოდებული კაცი, ამისთვის ვიტყვი: გიხაროდენ, ყოვლად უბიწოო დედოფალო.

გალობაი 5, ღამითგანსა

ძლისპირი: განვიბანენით ხორცითა სულთა თანა მწიკულისა მისგან საცთურთა მტერისათა და წარვემართებით ჩუენ მცნებათა გზასა, რომელი მიმიძღუანებს ცხორებასა განწმედილთასა, ჩინებულთა ღმრთისათა.

წმიდაო აღმსარებელო და მკურნალო ლუკა ყირიმელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ჟამსა მას ღმრთისმბრძოლობისასა არა დააკლდებოდი რაი ეკლესიასა შინა ლოცვასა, ნებსით აღებითა ქრისტეს ჯუარისაითა მრავალთა განამტკიცებდი ჭეშმარიტსა სარწმუნოებასა შინა, ღმრთივსულიერო, და განამხნობდი დაცვად მისა.

წმიდაო აღმსარებელო და მკურნალო ლუკა ყირიმელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მოგიწოდა რაი მწყემსმთავრმან მსახურებად ღმრთისა, უშიშად აღიძარ შერთვად მხედრობასა მისსა, და დაგადგინეს რაი მღდელად, სანატრელო, არცაღა დაუტევე სასნეულოი და ღმრთისმსახურებითა და აქიმობითა აღასრულებდი ქრისტეს მცნებათა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ოდეს განზრახვაი განცოფებულთაი ქრისტეს ეკლესიისათვის მძვინვარედ ბორგდა, სახე ექმენ ერსა შენსა, მამაო, ვითარცა მობაძავი მაცხოვრისაი, და ქადაგებდი მაცხოვნებელთა სწავლათა მისთა, აწ ჩუენცა მოგუანიჭე ცხორებისა სიწმიდე და შიში ღმრთისაი.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

საიდუმლოდ ძალთაგან ზეცისათა გარდამოხედ და იშევ ქალწულისაგან, ქრისტე, და დახსნენ სალმობანი სიკუდილისანი, რაითა აცხოვნო დაბადებულნი შენნი, დაფლულნი ვნებათა შინა მრავალსახეთა.

გალობაი 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: წინაისწარმეტყუელმან მუცლისა სიმხურვალე ზღვისა მხეცისაი სამ დღე თავს იდვა, მოასწავა მეორედ შობაი კაცთაი ხსნისათვის ყოფადისა მუცლისა მისგან ვეშაპისა მის, რომელიცა მოკლა მხსნელმან.

წმიდაო აღმსარებელო და მკურნალო ლუკა ყირიმელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

იქმენ რაი წინამბრძოლ და მთავარ ერისა მორწმუნისაი, ნეტარო, ენანი მგმობართანი დაუყუენ და აოტენ რაი წინააღმდგომნი მადლითა სიტყუათა შენთაითა, ქრისტეს მხედარნი აღსჭურენ, მამაო დიდებულო, ახოვნად მბრძოლად ბილწთა მათ უღმერთოთა.

წმიდაო აღმსარებელო და მკურნალო ლუკა ყირიმელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

სცნეს რაი მღდელმთავართა ნებაი უფლისაი, ხელი დაგასხეს ებიკოპოსად, და ვითარცა ფერმწერსა და მკურნალსა, გიწოდეს სახელი ლუკა მოციქულისაი, ღირსო, და ღუაწლსა მას მწყემსობითსა შეუდეგ სიმხნითა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

გიხილეს რაი მხურვალედ შესრული მოღუაწებასა, ღმერთშემოსილო, შეგიპყრეს უღმერთოთა და შეგსვეს რაი დილეგსა, წარუგზავნე ეპისტოლე სამწყსოსა შენსა, და განაკრძალებდი განხეთქილებათა და ერესთაგან.

 აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენდამი სასოებაი ჩემი დამიძს, ქალწულო, ღმრთისა დედაო, ყოვლად წმიდაო, რამეთუ შენ ხარ ძალი ცხორებისა ჩემისაი და ზღუდე სიმტკიცისაი, შემიწყალე მე, სასოო ყოველთა ქრისტეანეთაო.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.              

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროისად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.                       

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                        

გუნდი: ამინ.

კონდაკი, ხმაი 1

ვითარცა ვარსკულავი ბრწყინვალე, სათნოებითა მოტყინარე, გამოჩნდი შენ, განმანათლებელო მამაო, და ჰყავ რაი სული შენი, მიმსაგავსებული ანგელოსთა, მღდელთმთავრობისა ხარისხსა ზედა ამაღლდი, და მრავალნი ვნებანი დაითმინენ უღმრთოთაგან, გარნა შეურყეველად ჰგიებდი სარწმუნოებასა შინა, და სულთა და ხორცთა ჰკურნებდი რაი სიბრძნითა შენითა და სამკურნალოითა ხელოვანებითა, განადიდა უფალმან პატიოსანი ნეშტი შენი სასწაულებითა, რაითა ყოველთა მორწმუნეთა გიღაღადოთ სასოებითა: გიხაროდენ: წმიდაო ლუკა აღმსარებელო, სიმტკიცეო და სიქადულო ყირიმისაო!

იკოსი

მსგავსად მოსახელისა მის შენისა ლუკა მახარებელისა, ზეცით მოგეცა რაი საკვირველი ნიჭი სენთა კურნებისაი, მსწრაფლ განხდიდი ყოველსავე უძლურებასა, და ხედვიდი რაი ბილწთა მათ ღმრთისმგმობთა და მწვალებელთა განძლიერებასა ქუეყანასა შენსა, იქმენ ქადაგ ღმრთისა, და მძლე ექმენ რიტორთაცა, შეთხზენ რაი საღმრთისმეტყველონი სწავლანი, და ვითარცა კეთილი მწყემსმთავარი, სამწყსოსა შენსა უცთომელად წარუმართებდი გზასა მას მცნებათასა.

მღდელი: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომაი, ხმაი 4;

მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი იხარებდენ.

მუხლი:  პირმან მართლისამან იწუართოს სიბრძნე.

მღდელი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელი: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელი: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა

მღდელი: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელი: მოხედენ.

სახარება მათესი

ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: თქუენ ხართ ნათელი სოფლისაი. ვერ ხელეწიფების ქალაქსა დაფარვად მთასა ზედა დაშენებულსა. არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქუეშე ხვიმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ იგი ყოველთა, რომელნი იყვნიან სახლსა შინა. ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაითა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა.

დიდებაი შენდა უფალო, დიდება შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მეოხებითა წმიდისა მღდელთმთავარისა ლუკა ყირიმელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: ღმრთივგანბრძნობილად გამოსჩნდი შენ, წმიდაო ლუკა ყირიმელო, და ქრისტეს ეკლესიაი შეამკევ რაი ქადაგებითა და მოძღურებითა, განბრწყინვებული ჰსუფევ აწ წინაშე ღმრთისა, და გვითხოვე ჩუენ მშვიდობით დაცვაი ყოვლისა სოფლისაი, ყოველთა მტერთაგან განრინებაი ერისა ჩუენისაი და დამტკიცებაი მართლმადიდებლობისაი, და სულთა ჩუენთათვის დიდი წყალობაი.

მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა-მძლისა მოწამისა, ძლევა-შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარესა და მარინესითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდისა პატრიარქისა ევსტათი ანტიოქიელისა – ქართლის ეკლესიათა მაკურთხეველისაითა; წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, და ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ-ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინესა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე-დამიანესა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანესი და გიორგი-იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა, და წმიდისა ლუკა განმანათლებელისა და აღმსარებელისა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა; გევედრებით შენ მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.   

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.                     

გუნდი: ამინ.

გალობაი 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: რომელმან პირველ ალი სახუმილისაი მის მძლავრი დაშრიტა და ღირსნი ყრმანი იხსნნა, აქა დღეს საშოი ქალწულისაი დაიცვა შობასა მისსა შეუწუელად, რომელსა უღაღადებთ: ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ.

წმიდაო აღმსარებელო და მკურნალო ლუკა ყირიმელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

განარისხა უსჯულონი ურჩებამან შენმან, და ვითარ ძვირის-მოქმედი წარგავლინეს რაი ციმბირსა, ქრისტესა უშიშად ქადაგებდი და შეეწეოდი სნეულთა და განწირულთა. აწ ჩუენცა შეგვეწიე, და განგვკურნე ყოველთა ვნებათა და უძლურებათაგან.

წმიდაო აღმსარებელო და მკურნალო ლუკა ყირიმელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მანქანებათა მათ უღმრთოებისათა ვერა შეუძლეს რაი შერყევად სარწმუნოებისა შენისა სიმტკიცისა, ახალი დევნულებაი აღძრეს შენ ზედა, და განგხადეს რაი სიღრმესა ტაიგისასა, სიყმილითა და ყინვითა გარეშეცული არა დასცხრებოდი ქებად და დიდებად ღმრთისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

სიმხნითა მიითუალენ რაი ჭირნი ფრიადნი და სამ-გზის ექსორიობაი ციმბირსა, დიდთა ძვირხილულობათა მიერ სიკუდილსა მიახლებული, მრავალგზის დაგიფარა შენ მარჯუენამან ღმრთისამან. რომელსაცა ევედრე აწ დაცვად ჩუენდა, წმიდაო ლუკა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ევედრე, სძალო, ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რაითა განფრდილნი ესე ცოდვათაგან, გვიხსნნეს მეოხებითა ლუკა აღმსარებელისაითა, და განგვარინოს საფრხისაგან უხილავისა და ხილულისა მტერისა, რამეთუ შენ ხარ სასოი ყოვლისა სოფლისაი.

გალობაი 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: დაბადებულნი გამოჩნდეს თავისუფლად, და ძედ ნათლისად იწოდნეს განწირულნი, და მიზეზი იგი ბნელისაი მგლოვარე არს, და ჭეშმარიტად აყუავილნა მიზეზი წარმართთა ხსნისაი, სასოწარკვეთილი დღეს.

წმიდაო აღმსარებელო და მკურნალო ლუკა ყირიმელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მოგანიჭა რაი ქრისტემან მადლი ეშმაკთა ოტებად და უძლურთა კურნებად, მრავალნი მოისწრაფდენ შენდა კურნებად სულიერთა და ხორციელთა წყლულებათა, და განდიდნა სახელი შენი, მამაო, ვითარცა წმიდისა მღდელისა და აქიმისაი.

წმიდაო აღმსარებელო და მკურნალო ლუკა ყირიმელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

აღიძრნეს რაი მძვინვარენი მტერნი ბრძოლად ქუეყანისა შენისა, იწყლა გული შენი თანალმობითა, წმიდაო, და ითხოე რაი წარგზავნაი ჰოსპიტალსა, შემუსრვილთა ძუალთა აღადგენდი დღითა და ღამითა, და განამრთელებდი ფრიად მოწყლულთა ბრძოლათა შინა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უზომოითა ღვაწლითა ხორცთა თვისთა განმკაფველი ჯერეთ დაგადგინეს ებიკოპოსად კრასნოიარსკისა, და მერმე ტამბოვისა, და აჰა, ვითარცა ჭეშმარიტი მწყემსი და აქიმი ხელოვანი, კურნებდი სულსა და ხორცსა სამწყსოისა შენისასა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოუძლურდების ვნებული სული ჩემი და დაიხსნების უბადრუკი გონებაი ჩემი, ვნებათა მათგან აღდგომილთა ჩემ ზედა მრავალსახეთა, არამედ ჰოი, ქალწულო, განჰკურნე იგი და ხრწნილებისაგან  მიხსენ მე მეოხებითა ლუკა მღდლთმთავრისაითა.

გალობაი 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: უზეშთაეს არს გონებასა კაცთასა, სძალო წმიდაო და დედაო უსძლოო, დიდებაი შენი და ქებაი ჯერისაებრ, ხოლო ჩუენ, წადიერნი, არა დავდუმნეთ, მსგავსად ძალისა ჩუენისა, ქებად შენდა.

წმიდაო აღმსარებელო და მკურნალო ლუკა ყირიმელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

სიტყვითა და საქმითა განჰბრწყინდი, ღირსო, და გყვეს რაი მთავარეპისკოპოსად ყირიმისა, დაიდად იღუწიდი აღსაორძინებლად ეკლესიისა და უფლისა მიმართ წარუმართებდი სამწყსოსა თვისსა.

წმიდაო აღმსარებელო და მკურნალო ლუკა ყირიმელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ნათელი თვალთა შენთაი დაშრიტა რაი ჭირთა სიმრავლემან, ვითარცა თუალხილული აღასრულებდი ღმრთისმსახურებასა, და მრავალთა აღსძარცვიდი ზრქელსა საბურველსა თუალთაგან სულისათა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მართლმადიდებლობითა სრულ ჰყავ სრბაი შენი, და ამაღლდი რაი ხორცთაგან წინაშე ღმრთისა, სიმრავლე ერისაი მოისწრაფდა პატივისა მიგებად ნეშტისა შენისა, ღირსო, და ლიტანიითა წარიხუნეს რაი კუბოი შენი, დაკრძალეს ფსალმუნებითა და გალობითა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სიბრძნე და ძალი და სიტყუაი გუამოვანი, სწორი მამისაი და სულისა წმიდისაი, სისხლთა მათ შენთა უხრწნელთაგან განჰკაცნა, უაღრესო ქერობინთაო ქალწულო, ოხად ნუ დაიდუმებ წინაშე მისსა, რაითა მოგვცეს მადლი კეთილისა და ბოროტის განრჩევისაი.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი აკმევს; მკითველი ან ერისკაცი კითხულობს:

ხატ იყავ რაი სიმშვიდისაი და სახე მოღვაწებისაი, წმიდაო, იქმენ ვითარცა მოწამე თვინიერ სისხლთა დათხევისა, და საფლავი შენი იქმნა ყოველთათვის, ვითარცა საუნჯე მადლისაი და წყაროი კურნებისაი. აწ ჩუენცა ნუ დამივიწყებ სიმრავლისათვის ცოდვათასა, არამედ მრავალსახეთა სენთაგან განკაფულნი განგვკურნე, და განგვაშორე ყოველთა საქმეთა უსჯულოებისათა.

აღმსარებელთა გვირგვინითა შემკულმან განაბრწყინვე რაი ზოსტერი მღდელთმთავრობისა შენისაი, პატივი სიწმიდისაი არცა სიკუდილისა მიერ განგეშორა, ღმერთშემოსილო, და შრომათა მათ შენთათვის, რომელნი თავს-ისხენ ღმრთისათვის და ერისა, შეგრაცხეს დასსა მას წმიდათასა, და აწცა მამობრივითა კადნიერებითა შეგვეწიე წინაშე ღმრთისა, რაითა გარემოცულნი მრავალთა მტერთა და განსაცდელთაგან გვიხსნნეს ყოვლისაგან ვნებისა და საფრხეთაგან ბოროტისა.

აღმოიყვანეს რაი ყოვლად პატიოსანი ნეშტი შენი, ჰოი, ყოვლად საკვირველი სახილველი, რამეთუ ღუაწლმრავალნი ხელნი შენნი ჰგიებდენ განუხრწნელად, და დასხნეს რაი სამებისა ტაძარსა ლუსკუმითა, მიერითგან ურიცხვი ერი მორწმუნეთაი მარადის მოისწრაფვის, რაითა მიემთხვიოს უხრწნელსა მას ნეშტსა შენსა, ნეტარო ლუკა, და გათავისუფლდეს ყოველთა უძლურებათა და ვნებათაგან.

აწ იხარებს სიმფეროპოლი, და განსცხრების სავანე დედათაი, რამეთუ მუნითგან ელვარობ ყოველსა ზედა ქუეყანასა, ღმრთივგანბრძნობილო, და ამბორს-უყოფთ რაი პატიოსანთა ხატთა შენთა, წმიდაო ლუკა, გევედრებით სასოებითა მეოხებისა შენისაითა, რაითა შეგვეწიო წინაშე ღმრთისა, მოგვცეს ძლევაი ბოროტსა და მზაკუარსა მტერსა ზედა ერისა და ეკლესიისა ჩუენისასა.

ლოცვასა ზედა ჩუენსა მოიხილე, ღმერთშემოსილო ლუკა ყირიმელო, და შეგვავედრე ყოვლადუბიწოსა ღმრთისმშობელსა, რაითა გონებაი და ხელნი მკურნალთა ჩუენთანი აკურთხოს და ჰყოს ორღანოდ ყოვლადძლიერისა მკურნალისა ქრისტეს მაცხოვრისა ჩუენისა, რაითა განვერნეთ ყოველთა სენთა და სალმობათა, და მადლითა აღვსილნი ღირს ვიქმნეთ ქებად და გალობად ღმრთისა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმო-ყუარებითა თვისითა, და გარე-წარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.      

გუნდი: ამინ.  

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, ქრისტეს სამწყსოთა დიდო მწყემსმთავარო, უძლურთა მკურნალო და ჭირვეულთა მსწრაფლ-შემწეო, გლახაკთა და უპოვართა ნუგეშინისმცემელო და ქურივთა და ობოლთა გამომზრდელო; უსწავლელთა მასწავლელო და სიბრძნისა მომცემელო; სარწმუნოებისა აღმსაარებელო და მართლმორწმუნეთა შემწეო და შესავედრებელო, წმიდაო ლუკა მკურნალო და განმანათლებელო!

ჰოი, მღდელთმთავართა სამკაულო და მამათა სიქადულო და დიდებაო, ყირიმისა მთავარეპისკოპოსო წმიდაო ლუკა აღმსარებლო და განმანათლებელო! აქიმთა შორის დიდად ხელოვანი დასტაქარი მოშურნე იყავ რაი მსახურებად კაცთა, მადლისა მქონებელი უფლისა მიერ იქმენ ფრიად საკვირველი მღდელთმთავარი შორის ღმრთისმსახურთასა, და სრულ ყავ რაი ანგელოსებრივი სრბაი შენი ქუეყანასა ზედა, აღმაღლდი ხორცთაგან წინაშე ღმრთისა, და მოჰმადლე რაი ყოვლად ქებული ნაწილნი შენნი წმიდასა ეკლესიასა, ნათლად და გვირგვინად მადლთა, თაყუანის-ვსცემთ მათ და გევედრებით: მამობრივითა მოწყალებითა შენითა შეგვაწყნარენ ქრისტესა ღმერთსა, რაითა ხორცთა სენისაგან და სულთა ცოდვისა განგვკურნოს და წმიდასა მართლმადიდებელსა ეკლესიასა შინა თვისსა განამტკიცოს სული მართლისა სარწმუნოებისაი და ღმრთისმოსაობისაი, მღდელთა მისთა მიანიჭოს მოშურნეობაი და მზრუნველობაი საცხოვნებელად სამწყსოთა თვისთა, ხოლო მკურნალთა და დასტაქართა მიჰმადლოს კაცთმოყუარებაი და გულისა ლმობიერებაი და მიანიჭოს სიბრძნე და გონიერებაი, რაითა არა ანგარებითა, არამედ ღმრთისმოშიშებითა იღუწიდენ შეწევნად სნეულთა და დავრდომილთა. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა დაიფარე და განაძლიერე მსახურებასა შინა დიდი მეუფე ჩუენი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი (სახელი) და ყოვლად-სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და ყოველნი სამღდელონი და სამონაზნო წესნი. განანათლენ ქრისტესმოყუარენი მთავრობანი და მხედრობანი; დაიცვენ კეთილისმყოფელნი ჩუენნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.

ჰოი, მღდელთმთავართა შორის მოძღურებათა და სასწაულთა სიმაღლითა განთქუმულო, ყოვლად დიდებულო მკურნალო და განმანათლებელო, წმიდაო ლუკა ყირიმელო! ეკლესიისა იყავ დიდებაი და სიქადულ მწყემსმთავართა, და აღიწიე რაი ნათელსა მას დაუსრულებელსა, მამობრივითა მით კადნიერებითა იმეოხენ წინაშე ღმრთისა, რაითა ქუეყანასა ჩუენსა მოჰმადლოს მშვიდობაი, ეკლესიათა – ჭეშმარიტებაი, სამღდელოთა – პატიოსნებაი, მთავართა კეთილად მწყსაი ერისაი, მხედართა მამაცობაი, ერისაგანთა უცოდველობაი და დედათა კრძალულებაი, ხოლო ჩუენ მოგვანიჭოს სიწმიდით ცხორებისა სიყუარული, უჯეროთა საქმეთა სიძულვილი და გულისა შემუსრვილებაი, რაითა ყოველთა ღმრთის-სათნოდ განვვლოთ ასპარეზი მსწრაფლწარმავალისა ამის ცხორებისაი, და ზეცისა მოქალაქობასა ღირს-ქმნილნი შენ თანა დაუცხრომელად ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მღდელი: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი: დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

გუაკურთხენ.

მღდელი: ჩამოილოცავს… 

გუნდი: ამინ. 

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად-წმიდისა დედისა შენისაითა, სიმფეროპოლისა და ყირიმის მთავარეპისკოპოსისა, წმიდისა ლუკა განმანათლებელისა და აღმსარებელისა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ლოცვაი ხატისა მთხუევასა ზედა:

იყავ რაი მარადის განათლებული მღვიძარებითა, ასწავებდი უმეცართა სჯულსა ჭეშმარიტსა, და მოიყვანებდი რაი მეცნიერებად ჭეშმარიტებისა, ღირსო, მკელობელნი აღმართენ, ბრმანი მხედველ-ჰყვენ, და უჩვენე ყოველთა დიდებაი ღმრთისაი, მისა მიმართ მიგავლენთ აწ მეოხად, წმიდაო დიდო მღდელთმთავარო ლუკა, რაითა განაძლიეროს სულნი ჩუენნი, ვინაი ესე ამბორს-უყოფთ წმიდათა ხატთა შენთა, ნეტარო, და დაგვიფაროს გარე მოდგომილთა მძვინვარეთა განსაცდელთაგან.

ყოველთა შეცოდებულთა სასოო და შემდგომად ღმრთისა შესავედრებელო და მხსნელო ქრისტეანეთაო, უმეტესად კურთხეულო დედაო ქრისტეს ღმრთისა ჩუენისაო, ლოცვითა წმიდისა მღდელთმთავრისა ლუკა ყირიმელისაითა, ღირს მყვენ ჩუენ საუკუნოსა მას დიდებასა და ბრწყინვალებასა ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისასა.

 

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა