ტროპარი
ვითარცა ქრისტე მეუფემან ბუნებაჲ ღმრთაებრივი კაცობრივითა დაჰფარა და მით უჩინო ჰყო წინაშე ჩვენსა გამოუთქმელი დიდებაჲ მისი, გამსგავსებთ შენცა, რომელმან დიდებაჲ შენი სალოსობითა დაჰფარენ და ნიშითა აღმსარებლობისათა სულთა მწყემს ექმენ, მამაო ღირსო გაბრიელ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
კონდაკი
მიუწვდომელ არს მოწყალებაჲ მისი, რომლისა მადლითა ქმნულებაჲ განღმრთობილ ვიხილეთ, რომელმან შემოქმედისა ხატებაჲ განიმტკიცა, აღიყვანა რა მსგავსებად ღმრთისა ბუნებაჲ თვისი, ამისთვის გადიდებთ მამაო გაბრიელ ქებისა ღირსო, რომელი ქვეყანასა იყავ საყვირად სიმართლისა, მტრედად სიწმიდისა და მცხოვრები საკვირველითა სიმდაბლითა აჟღერებდი ჩანგსა სიბრძნისასა და ორღანსა სიყვარულისასა, ხოლო აწ ცათა შინა ხარ მეოხი ჩვენისა ცხოვრებისა და შუამდგომელ მადლისა
„სულელი იგი ღმრთისაჲ უბრძენეს კაცთა არს“
(კორინთელთა 1, 25)
მამა გაბრიელი დაიბადა 1929 წლის 26 აგვისტოს, თბილისში, თეთრიწყაროს ქუჩის 11 ნომერში, წმიდა ბარბარეს ეკლესიის მახლობლად. ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე იყო. მამა ადრე დაეღუპა და ახლობლები მის სახელს ეძახდნენ. დედა – შემოდგომში მონაზონი ანა, გარდაიცვალა 2000 წლის 26 აპრილს, ვნების კვირაში. დაკრძალულია წმიდა ნინოს სამთავროს დედათა მონასტერში. ძმა ადრევე გარდაცვლილა. ჰყავს ორი და. სწავლობდა თბილისის 24-ე ვაჟთა სკოლაში 6 წელი. მეზობელი ჟენია ქობელაშვილი ასე იგონებს მის ბავშვობას: „ერთად დავდიოდით საბავშვო ბაღში, არ მახსოვს მასწავლებელს მისთვის შენიშვნა მიეცა, დაჯდებოდა კუთხეში და ასანთის ღერებით აშენებდა ეკლესიას. მისი ერთადერთი გართობა ეს იყო. რომელი დღეები არ ვიცი, მაგრამ კარგად მახსოვს, ზოგჯერ რძიან ფაფას არ ჭამდა. შიმშილის წლები იყო და ყველას გვიკვირდა უჭმელი როგორ ძლებდა. ისედაც ძალიან ცოტას ჭამდა, მუდმივად ტოვებდა საჭმელს“.
ბავშვობაში მეზობლების ჩხუბს შეესწრო; ერთმა ქალმა უთხრა მეორეს, რა ჯვარზე მაცვი ქრისტესავითო.
გაკვირვებულმა ვასიკომ იკითხა – რატომ აცვეს ქრისტე ჯვარსო? პასუხი ვერავინ გასცა, უთხრეს ეკლესიაში წასულიყო. სამწუხაროდ, ისიც დაკეტილი დახვდა. ყარაულმა ურჩია წაეკითხა ქრისტეს ისტორია. ამის შემდეგ დაიწყო ფულის შეგროვება და ღვთის წყალობით შეიძინა წიგნი, რომლითაც ქრისტეს ცხოვრებას გაეცნო.
ღვთისაგან ბოძებული სულიერება ბავშვობიდანვე უსწრებდა წინ მის ფიზიკურ ზრდას. ამიტომაც საკმაოდ ადრეულ ასაკში გამოეყო ოჯახს, ეზოში თავისი ხელით ააშენა სენაკი ალიზით, ისე პატარა, მხოლოდ თვითონ რომ შეძლებდა დაძინებას და იქ გადავიდა საცხოვრებლად. შიგ სარეცელიც კი არ ედგა. დედას შეეცოდა და მის დაუკითხავად იმ დროს შეიტანა ბალიში, როცა თვითონ სენაკში არ იმყოფებოდა. მოვიდა თუ არა, ბალიში ნაჯახით აკუწა და განრისხებულმა თქვა: „როგორ გაბედე ბერის სენაკში უნებართვოდ შესვლა, უფალი ჩვენი – იესო ქრისტე იმდენად ღარიბი იყო, თავის მისადრეკელიც კი არ ჰქონდა“.
მამა გაბრიელმა 12 წლის ასაკში უკვე კარგად იცოდა სახარება. სწორედ ამ დროს მივიდა სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტერში. დედებმა დააპურეს, მაგრამ ღამე არ გაათევინეს. მადლი ღვთისა მასში იმდენად დიდი იყო, სახლში არ წავიდა, ღამე ჭიშკართან გაათია და დილით ღვთისმშობელს სთხოვა: „ამ ქვეყნიდან ისე ნუ გამიყვან, აქ რომ სენაკი არ მომცე“. უსმინა ღმერთმა და სიცოცხლის ბოლო წლები სამთავროს მონასტერში გაატარა. იგი კოშკში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ეს კურთხევა მან (როგორც თვითონ ამბობდა) ღვთისმშობლისა და ორი პატრიარქისაგან მიიღო.
დედის მუცლიდანვე გამორჩეული ჭურჭელი ღვთისა ეკლესიით საზრდოობდა. როდესაც გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში ბათუმში, შევიდა ტაძარში და ნიკოლოზ სასწაულმოქმედს სთხოვა: დრო მიეცა ეკლესიაში სასიარულოდ. ღვთის წყალობა მან უსწრაფესად მიიღო. მეორე დღესვე გამოიძახეს და უთხრეს: დამტარებლად დაგნიშნეთო. დაკისრებულ მოვალეობას მორჩებოდა თუ არა, მაშინვე ტაძარს მიაშურებდა. იქ ისწავლა ხუცური დამწერლობა და ბნელჟამობის დროს სარდაფში გადამალული საეკლესიო წიგნებიც აღმოაჩინა. მღვდელმა ჩუმად აზიარა საკურთხეველში. ოთხშაბათს და პარასკევს მუცელს აიტკივებდა და ხორცს არ ჭამდა. ასე გაატარა მან ჯარისათვის განსაზღვრული დრო ნახევრად ჯარში და ნახევრად ეკლესიაში.
ჯარიდან დაბრუნებულს ოჯახის წევრებმა ცოლის შერთვა დააძალეს; ერთი ლამაზი გოგოც აჩვენეს. მან ქუდიც კი არ მოიხადა, ისე დაჯდა, სიტყვა არ წამოსცდენია, ადგა და გავიდა გარეთ. დაჟინებული თხოვნა ოჯახის წევრებისა რომ აეცდინა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წავიდა, რათა თვითონვე ეთქვათ უარი მის ცოლობაზე. ექიმებს უკვირდათ: აქ ხალხი ძალით მოჰყავთ, ეს კი თავის ფეხით მოვიდაო. თუმცა, იმ უღმერთოების ჟამს, დაიწყო თუ არა ქრისტეს დიდებაზე ქადაგება, მაშინვე დაუსვეს დიაგნოზი: სულიერ ავადმყოფად ჩათვალეს და სახლში მხოლოდ დედის ზედამხედველობის ქვეშ გაუშვეს.
სწორედ ამ დროს დაიწყო თავის ეზოში საკუთარი ხელით ეკლესიის აშენება. იგი ხშირად ამბობდა: „ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი ვერ იქნება მამა“.
რწმენისაგან დაცლილი იმჟამინდელი ხელისუფალნი ანგრევდნენ ეკლესია-მონასტრებს და ფიზიკურად ანადგურებდნენ ღვთისმსახურებს. ამიტომაც ხშირად აწიოკებდნენ ახალი ეკლესიის ამშენებელს და მის დანგრევას აიძულებდნენ.
იყო შემთხვევები, როდესაც მივიდოდნენ, რაღაც ნაწილს ეკლესიისას დაანგრევდნენ, ხოლო მეორე დღეს ჩუმად ფულს სთავაზობდნენ, რაც დავანგრიეთ აღადგინეთო.
ერთხელაც, მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელი მივიდა მასთან. მამა გაბრიელს არ გაჭირვებია მათი მიზნის ამოცნობა. არც აცალა ხმის ამოღება ისე უთხრა: „მე არ დავანგრევ და თქვენ თუ შეძლებთ დაანგრიეთ“. შეშინებიათ, წასულან და მუშები მოუყვანიათ. ბერს მათთვის კიდევ უთქვამს: „ბრძანების გამცემი უფრო სცოდავს, ვიდრე
ასე გადაარჩინა ღვთის შიშმა მისი ეკლესია მთლიანად დანგრევას.
ბერი გაბრიელი ღვთის გზას ბავშვობიდანვე დაადგა, მაგრამ რომ განემტკიცებინა ყოველივე და ოფიციალური მსახური ყოფილიყო დედა ეკლესიისა, 1954 წლის 25 დეკემბერს ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსს გაბრიელს (ჩაჩანიძე) მიმართა:
„გთხოვთ, მიმიღოთ თქვენს საკათედრო ტაძარში მსახურად, რადგან სიყრმიდანვე ჩემს მიზანს ეს შეადგენს“.
მღვდელმსახურმა მისი თხოვნა დააკმაყოფილა და 1955 წლის 1 იანვარს ტრაპეზის მომვლელად და დღის მეთვალყურედ აკურთხა.
მანამდე მამა გაბრიელი 2 წლის მანძილზე მოღვაწეობდა სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, რასაც ადასტურებს მის მიერ დაწერილი „უმდაბლესი თხოვნა“.
„სიყრმიდან მტკიცედ მაქვს შთანერგილი ვიყო მსახური ჩვენი წმიდა დედა ეკლესიისა, ამიტომაც უმდაბლესად გთხოვთ ჩემი უღირსების ხელდასხმას თქვენი საკათედრო ტაძრის დიაკონის შტატგარეშე ადგილზე, რადგან გახლავარ მეორე კატეგორიის ინვალიდი. ამასთანავე მოგახსენებთ, რომ მისი უწმინდესობის მეთვალყურეობის ქვეშ ორი წელი ვმსახურობდი სიონის საკათედრო ტაძარში წმინდა ტრაპეზის მომვლელად და ტაძრის მეთვალყურედ, ვეხმარებოდი წირვა-ლოცვაში“.
ეს თხოვნა დათარიღებულია 1955 წლის 25 იანვრით.
რამდენიმე დღის შემდეგ დაიწერა: „ჩვენება დიაკვნად კურთხევადისა“.
„1955 წლის იანვრის 30 დღესა ქუთაისის პეტრე-პავლეს ტაძრის მთავარ-დიაკონის შტატგარეშე ადგილზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკის მიერ დანიშნულმა გოდერძი ვასილის-ძე ურგებაძემ ჩვენების ჩამორთმევისას აჩვენა:
- შობიდან ვარ 25 წლისა.
- მისწავლია თბილისის 24-ე ვაჟთა სკოლაში 6 კლასი და საღვთო წერილი სიონის საკათედრო ტაძარში.
- არა ვარ შეუღლებული არცერთჯერ.
- აღსარებით მართლმადიდებელი ვარ და მწვალებლებთან არა მაქვს სარწმუნოებრივი დამოკიდებულება.
- რომელიმე მძიმე დანაშაულისათვის საპყრობილეში არა ვმჯდარვარ და საზოგადოდ სასულიერო ხარისხში შესვლის დამაბრკოლებელი საქმე არა მაქვს რა.
- დიაკონად კურთხევას ვეძიებ სადიდებლად ღვთისა და ცხოვნებისათვის სულისა, გულწრფელი განზრახვით, რომ ვემსახურო წმიდასა ეკლესიასა, როგორც ბრძანებენ საეკლესიო კანონები და წმიდა მამები.
ამისთვის ვალდებული ვარ ყოველივე ღვთისმსახურება და ლოცვა აღვასრულო ეკლესიის ტიპიკონისაებრ კრძალულებით, ხოლო კვირაობით და უქმე დღეებში თვინიერ პატივსადებ მიზეზისა არ მოვაცდინო წირვა-ლოცვა, საღმრთო წირვა-ლოცვა შევასრულო მომზადებულმა.
განვამტკიცო მრევლი ჩემი მართლმადიდებელ სარწმუნოებასა ზედა და კეთილმსახურებითა და ყოვლისღონისძიებით ხელი შევუწყო მათ შვილთა სარწმუნოებისა და კეთილმსახურებისა შესწავლაში საღმრთო სჯულის სწავლებით და მღვდლური ხელმძღვანელობით.
ცხოვრება ჩემი წარვმართო, როგორც შეჰფერის ტრაპეზის მსახურს, არ მივცე მრევლს ჩემი ყოფაქცევით მიზეზი დაბრკოლებისა, ვიზრუნო ჩემდა რწმუნებულის კრებულისა, ქვრივთა და ობოლთათვის.
საკურთხეველში და ტაძარში დავიჭირო თავი შესაფერისად ადგილის სიწმიდისა და სხვებსაც შთავაგონო სიწმიდის პატივისცემა.
მსახურება განვვლო პატიოსნად, ღირსად ჩემი მაღალწოდებისა, არ დავამცირო იგი და უღირსი ყოფაქცევით არ დავაბრკოლო მორწმუნენი.
ჩვენება ჩამოვართვი: ნიკოლოზ ბერეკაშვილმა.
ამ ჩვენებაშიდ მოხსენებულ გოდერძი ვასილის ძე ურგებაძეს აღსარება ვათქმევინეთ და მას არავითარი დაბრკოლება არა აქვს დიაკონად კურთხევისათვის“.
ქუთაისი, 30 იანვარი, 1955 წელი.
იმავე დღეს მამა გაბრიელმა დაწერა „ფიცის ფურცელი“:
„მოწოდებული დიდსა ამას მსახურებასა მღვდელობისასა აღუთქვამ და ვფიცავ ყოვლად შემძლებელსა ღმერთსა, მისის სახარებისა და ცხოველსმყოფელის ჯვარის – მსურს გულმოდგინეთ შეწევნითა ღვთისასა განვვლო მსახურება ესე ღვთისა სიტყვისა, ეკლესიის კანონთა და მთავრობის ჯერჩინებათა თანახმად: საღმრთო მსახურებათა წმიდა საიდუმლოთა შევასრულებ ეკლესიისა გულმოდგინებით, და არა თვითნებობით შეცვლილად; სწავლასა სჯულისასა დავიცავ და სხვათაცა გადავცემ წმიდისა მართლმადიდებელი ეკლესიისა და წმიდა მამათა ხელმძღვანელობისა ქვეშე: ჩემსა მზრუნველობისა რწმუნებულთა სულთა დავიფარავ მწვალებლობათა და განხეთქილებათაგან, ხოლო ცთომილთა შთავაგონებ და დავაყენებ გზასა ჭეშმარიტებისასა; ცხოვრებასა ჩემსა წარვმართავ კეთილსინდისიერებით, ამაოთა მსოფლიოთა ჩვეულებათაგან განრიდებით, სიმდაბლით და სიმშვიდით და ღვთის სათნოთა ქცევითა სხვათაცა აღვძრავ კეთილმსახურებად, მიზნად მოღვაწეობისა ჩემისა დავისახავ არა პირად სარგებლობასა, გინა პატივსა, არამედ ღვთის დიდებასა, ეკლესიის კეთილწარმატებასა და მოყვასთა ცხოვრებასა, რასა შინა შემწე მეყოს მე უფალი ღმერთი თვისითა მადლითა, მეოხებითა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელისათა და ყოველთა წმიდათა; დასამტკიცებელად ამა ჩემისა ფიცისა ვემთხვევი სიტყვათა და ჯვარსა მაცხოვრისა ჩემისა. ამინ.
ფიცი მივიღე: გოდერძი ურგებაძე.
ფიცი მივაღებინე და აღსარება ვათქმევინე და დამაბრკოლებელი მიზეზი დიაკონად კურთხევისათვის არა რაი ვპოვე. ქუთაისის პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძრის დეკანოზი ნიკოლოზ ბერეკაშვილი.
-
- 1955 წ.“
„ბავშვობიდანვე შთანერგილი მაქვს ღვთისმსახურება და ბერმონაზონობა, ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ ინებოთ ჩემი აღკვეცა მცირე სქემაში და მიბოძოთ სახელი წმიდა გაბრიელ ათონელისა, მორჩილი თქვენი მეუფებისა“.
ეს თხოვნა ეპისკოპოსმა გაბრიელმა შეიწყნარა და მიმართა მაღალ-ღირს არქიმანდრიტ გიორგის, „სქემა უკურთხოს აღსარებითურთ მამა გოდერძის და თანახმად მისი სურვილისა ეწოდოს წმინდა ღირს მამა გაბრიელ ათონელის სახელი“.
1955 წლის 27 თებერვალს მოწამეთას მონასტერში, ყოვლადუსამღვდელოესი ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსის გაბრიელის ხელდასხმით და არქიმანდრიტ გიორგის (დადიანი, რომელიც მოკლეს 1964 წელს, შიომღვიმის მონასტერში და დაკრძალულია სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტერში) მონაწილეობით მოხდა ბერმონაზვნად აღკვეცა გოდერძი ურგებაძისა, ეწოდა სახელი გაბრიელი, თანახმად მისი სურვილისა.
აღკვეციდან რამდენიმე დღეში მღვდელმთავარ გაბრიელის კურთხევით გაიცა ბრძანება:
„მღვდელ-მონაზონი გაბრიელი (გ. ურგებაძე) დაინიშნოს სათანადო მომზადების შემდეგ მეორე მღვდლის ადგილზე, ამჟამად თავისი ხელფასით. ვანდობ კანდელაკს დეკანოზ ნიკოლოზ ბერეკაშვილს და ა. ბალანჩივაძეს გაუწიონ ყოველგვარი დახმარება და ხელმძღვანელობა დროულად მომზადებაში, რათა ამთავითვე შეაჩვიონ მღვდელმოქმედებას თანდათანობით“.
ყოველივე ეს 1955 წლის 17 მარტს ეუწყა მის უწმინდესობას მელქისედეკს.
გაკვირვებას იწვევს, შეტყობინების ამფურცელზე მიწერილი ცნობა:
„მღვდელ-მონაზონმა ურგებაძე გაბრიელმა (იგივე გოდერძი) ვასილის-ძემ 1956 წლის იანვარში დატოვა მღვდელ-მონაზონობა და წავიდა საერო სამსახურში.
საქართველოს საკათოლიკოსოს მდივანი პ. გაგოშიძე.
საინტერესოა მამა გაბრიელის მიერ დაწერილ ღვთისმსახურების მიტოვებასთან დაკავშირებულ განცხადებაზე ეპისკოპოსი გაბრიელის წარწერა:
„…მართალია იჩენდა მამა გაბრიელი მუყაითობას, მორჩილებას, უანგარობას, საქმისადმი ერთგულებას, მაგრამ რადგან ავადმყოფობა ჰქონდა ქრონიკული შიზოფრენია, სამწუხაროდ, სწორედ მაშინ იჩინა თავი, როდესაც გაიმართა წირვა-ლოცვის წესების შესრულებაში… მაგრამ რადგან მაინც ეკლესიას შეაფარა თავი სიონში, ამიტომ პირადი საქმე ჩაბარდეს საკათალიკოსოს სამდივნოს“.
1955 წლის 29 აგვისტოს საქართველოს საპატრიარქოდან მიტროპოლიტ გაბრიელს ეგზავნება შემდეგი შინაარსის საპასუხო წერილი:
„…პატივისცემით გიბრუნებთ საეპარქიო კანცელარიაში დასაცავად და შესანახად ყოფილი მღვდელ-მონაზონ გაბრიელის – გოდერძი ურგებაძის საქმეებს.
რადგან თქვენი ხელდასხმულია და დაყენებული, ამიტომ თქვენ კანცელარიაში უნდა ინახებოდეს.
პატრიარქის მდივანი პ. გაგოშიძე“.
ასე დაიწყო მამა გაბრიელის პირადმა საქმეებმა მოგზაურობა დასავლეთიდან აღმოსავლეთში და პირიქით.
გაკვირვებას იწვევს მამა გაბრიელის მიერ ჯერ ღვთისმსახურების მიტოვებასთან დაკავშირებული განცხადება: „გთხოვთ გამიშვათ სამსახურიდან“ და შემდეგ კი აზრობრივად მისი გამომრიცხველი განხცადებები:
„ნუ დამტოვებთ ქუჩაში…“
„გთხოვთ დამნიშნოთ მე უადგილო მღვდელ-მონაზონი…“
„გთხოვთ ბერობას სვეტიცხოველში…“ და ა.შ.
1955 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკი ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსს შემდეგი შინაარსის წერილს უგზავნის:
„მაღალყოვლადუსამღვდელოესო გაბრიელ, გვაკურთხეთ.
ამის მომტანს გოდერძი ურგებაძეს იცნობთ, რასაკვირველია, მას თქვენგან აქვს აკრძალული მღველმოქმედება. გთხოვთ, ახსენით აკრძალვა, ვგონებ ისეთი რამ არ ჩაუდენია, რომ სამუდამოდ აკრძალვის ქვეშ იყოს. გთხოვთ უსათუოდ გაანთავისუფლოთ.
სიყვარულით კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკი.
გთხოვთ გამოგვიგზავნოთ განთავისუფლების საბუთი“.
უდავოდ გაგაოცებს პატრიარქის მიერ ამ პატარა წერილში ხაზგასმით სამჯერ აღნიშნული ერთი და იგივე თხოვნა, რაც მის თბილ განწყობას ადასტურებს მამა გაბრიელისადმი.
არც გაბრიელ ეპისკოპოსი იჩენს ბერისადმი გულგრილობას. ეს შესამჩნევად ჩანს მისი პასუხიდან:
„უწმინდესო და უნეტარესო მეუფეო, აღსრულედეს კეთილი და მამობრივი სურვილი თქვენი უწმინდესობისა, დღესვე შეუდგეს მღვდელმოქმედებას.
მიტროპოლიტი გაბრიელი“.
აქვე წარმოგიდგენთ ბერი გაბრიელის დის, ქალბატონ ჯულიეტას მოგონებას, რომელიც ამ დროის ამსახველია:
„მოვიდოდა სახლში, დაიჩოქებდა თავისი ხელით აშენებული ეკლესიის წინ და დაიწყებდა გოდებას: უფალო, შენს სადიდებლად აშენებული ეკლესია მე როგორ დავანგრიო?“
ამავე დროს ეხება მონაზონ ნინოს (ფეიქრიშვილი) მოგონება:
„მამა გაბრიელის კარის ეკლესიაში მივედი, უფლის ხატის წინ იყო დაჩოქილი და ტიროდა. ჩემი შესვლა არ გამოპარვია, შემოტრიალდა და ცრემლებით მითხრა: „უფლისაჲ არს ქვეყანაჲ და სავსებაჲ მისი“. იცოდე მისი დამანგრეველი დაიწვება და განადგურდება“.
ეს ყველაფერი იმ დროს ხდებოდა, როცა ადამ და ევას ურჩობის გამო ისედაც დაცემულ კაცობრიობას თავს დაატყდა სათავეში მოხვედრილ უღმრთოთა რისხვა. სატანისაგან შეპყრობილნი ფიზიკურად ანადგურებდნენ ღვთისმსახურებს, იმის შიშით, რომ არ შეერყიათ მათი ძირმომპალი წყობა.
ამის დასტურია ბეთანიის მეთვალყურის, 1907 წელს დაბადებული ვანო წიკლაურის მოგონება, რომელსაც ბეთანიის მონასტერში მამა იოანემ (მაისურაძე) უამბო:
„მონასტერში ვიყავით. მოვიდნენ სამხედრო ტანსაცმელში გამოწყობილები და გვითხრეს მცხეთაში უნდა წავიდეთო. გაგვრეკეს წინ, მაშინვე მივხვდით, რომ კარგს არ მოასწავებდა მათი ეს ქმედება, მაგრამ რაღას ვიზამდით. გავიარეთ თუ არა ცოტა მანძილი, გვესროლეს ზურგში, მათ მკვდრები ვეგონეთ და ზედმეტი ტყვია აღარ დახარჯეს. ღმერთმა გვიხსნა და ორივენი გადავრჩით.
ამის შემდეგ გაიარა ცოტა ხანმა. ჩვენთან რამდენიმე კაცი კიდევ მოვიდა. ტაძარში მხოლოდ ორი სანთელი ენთო. გაგვლანძღეს, დაგვიწყეს ყვირილი, რას გაგიჩახჩახებიათ ეკლესიაო. მერე გაგვკრიჭეს, მასხრად აგვიგდეს. გულს ის გვიმაგრებდა, რომ ხალხი ჩუმად მუდამ პატივს გვცემდა. ღვთის სიყვარული მუდამ იგრძნობოდა მათში. იგი მხოლოდ სათავეში მოხვედრილ სატანისეულებს არ სწამდათ“.
ასეთი იყო გარემოცვა, როდესაც მამა გაბრიელმა მინისტრთა საბჭოს შენობაზე გაკრული ლენინის 12-მეტრიანი სურათი დაწვა. ეს 1965 წლის 1 მაისს მოხდა. იგი დააპატიმრა სახელმწიფო უშიშროების საგამომძიებლო განყოფილებამ 71-ე მუხლის I ნაწილით და თბილისის №1 იზოლატორში შეასახლა იმავე წლის 12 მაისს. მისადაგებული მუხლი ითვალისწინებდა ანტისაბჭოურ პროპაგანდას.
სამწუხაროდ, მამა გაბრიელის პირადი საქმე, რომელშიც მისი საპატიმროში ქმედება იქნებოდა ასახული, განადგურდა 1978 წლის 20 ოქტომბერს. დამადასტურებელი საბუთი გაცემულია თბილისის №5 საპყრობილის სპეცნაწილის მიერ 2001 წლის 14 მაისს.
დაკითხვისას მან განაცხადა: „ეს ჩავიდინე იმისთვის, რომ იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა და არა ლენინის სურათი. მიწიერი ადამიანის გაღმერთება არ შეიძლება, რას დაგიწერიათ „დიდება ლენინს“, კაცს რად უნდა დიდება, უნდა ეწეროს: „დიდება ქრისტე ღმერთს“. ამ სიტყვებმა საგამოძიებო ორგანოებში ეჭვი დაბადა, რის გამოც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1965 წლის 3 აგვისტოს განჩინებით, გადაგზავნილ იქნა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ექსპერტიზაზე, სადაც ბერმა დაჰყო 1965 წლის 3 აგვისტოდან 12 ოქტომბრამდე.
ინტერესმოკლებული არ იქნება გაგაცნოთ ამონაწერი მისი ავადმყოფობის ისტორიიდან, რომელიც გაცემულია 1966 წლის 19 იანვარს.
„…დიაგნოზი: ფსიქოპატიური პიროვნება, მიდრეკილი შიზოფრენიის მაგვარი ფსიქოზური ჩავარდნებით… თავისთვის ბუტბუტებს დაბალი ხმით, სწამს არსებობა ზეციური არსისა, ღმერთისა, ანგელოზებისა. საუბრისას ძირითადი ღერძი ყოველთვის იქითკენაა მიმართული, რომ ღმერთის წყალობითაა ყველაფერი. განყოფილებაში განმარტოვებულია, თუ კი ვინმე გამოელაპარაკა, უსათუოდ უხსენებს ღმერთს, ანგელოზებს, ხატებს“.
სრულიად ნათელია რა იყო საფუძველი ბნელი ჟამის ათეისტური მთავრობისათვის, რომ ღვთისმსახური ავადმყოფად შეერაცხათ, თუმცა ზოგი ჭირი მარგებელიაო, სწორედ ამ შემთხვევაზე იტყვიან, ყოველივე ამან იხსნა ბერი დახვრეტისაგან. იგი 24 საათში უნდა დაესაჯათ, მაგრამ ღმერთმა იხსნა თავისი ერთგული მონა მტარვალთაგან და სიკვდილს გადაარჩინა, რათა ხალხისათვის სწორი გზის მიმნიშნებელი შეენარჩუნებინა.
მამა გაბრიელის ღრმა რწმენის დასტურია კიდევ ერთი მოგონება, რომელიც რაფიელ კობაჩიშვილის ვაჟს – გიას – ეკუთვნის: „ჩვენ მამა გაბრიელის მეზობლად ვცხოვრობდით, პატარა ბიჭებს აგვიყოლიებდა ხოლმე, დაგვირიგებდა ჯვრებს და წმიდა ბარბარეს ეკლესიის გარშემო გვატარებდა. ერთხელ რაღაც საოცარი გამომეტყველებით თვალებში ჩამხედა და მითხრა: გახსოვდეს მუდამ, ღმერთი არის! თქვა თუ არა ეს სიტყვები, წაიქცა და თავი დაარტყა მიწას. ხელებს იქნევდა, სულელურად იქცეოდა. მიუხედავად მისი ასეთი საქციელისა, მე მაშინვე მივხვდი, რომ იგი სულაც არ იყო სულელი. მან რწმენით ნათქვამი ორი სიტყვით ღმერთის სიყვარული სამუდამოდ დაამკვიდრა ჩემში, ამას ისიც დაემატა, რომ ჩემს ოჯახს შემოსწირა უფლის ხატი, ჩაკეტილი ჩარჩოთი. ეს იყო სამოცდაათიან წლებში. როცა ოჯახს გასაჭირი ელის, უფლის ხატი იხსნება თავისით და გვიხსნის ყოველგვარი განსაცდელისაგან, რისთვისაც მუხლმოდრეკით ვმადლობთ უფალს და მისი ხატის ჩვენს სახლში მომბრძანებელს – მამა გაბრიელს“.
უღმერთოების პერიოდის ხელისუფლებამ, რომელიც მას თან სდევდა დაბადებიდან თითქმის გარდაცვალებამდე, მრავალჯერ ატკინა გული. მიუხედავად ამისა, განკითხვა არავისი წამოსცდენია, მათიც კი ვინც ლენინის სურათის დაწვის გამო საშინლად სცემა.
აი, რას წერს სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტრის წინამძღვარი – იღუმენია ქეთევანი (კოპალიანი), ბერისადმი მიძღვნილ მოგონებაში:
„მამა გაბრიელი მოყვასის განკითხვას სასტიკად გვიკრძალავდა და ასე გვმოძღვრავდა: „დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები უფალს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას, უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები, როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას“.
იოანე ზედაზნელის მამათა მონასტრის ღვთისმსახური – ბერი სვიმონი (აბრამიშვილი) ასეთ შეფასებას აძლევს მამა გაბრიელს: „არქიმანდრიტი გაბრიელი იყო ყველა ბერი ერთად აღებული, შეეძლო ყველას სიყვარული ეტვირთა და გაემრავლებინა“.
მიუხედავად იმისა, რომ მამა გაბრიელი ყოველთვის ცდილობდა სალოსური ქმედებით დაეფარა სიბრძნე, ირგვლივმყოფნი მაინც გრძნობდნენ მასში ღვთისაგან ბოძებულ უდიდეს მადლს.
თუმცა იყვნენ ისეთებიც, მის ღმერთშემოსილებას რომ არ აღიარებდნენ. მაშინ, როცა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ბერს საკმაო პატივს სცემდნენ.
ჯერ კიდევ 90-იან წლებში მამა გაბრიელის სულიერი ცხოვრებით დაინტერესდა მოსკოველი მკვლევარი, ვალერია ალფეევა. იგი შეხვდა ბერს, გაეცნო მის ცხოვრებას და გამოსცა წიგნი: „წოდებულნი, მორწმუნენი, რჩეულნი“, სადაც საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს მამა გაბრიელის მოღვაწეობის აღწერას. ავტორი მას რჩეულთა რიცხვს მიაკუთვნებს (წიგნი ქართულად გამოსცა ოთარ ნიკოლაიშვილმა).
1991 წელს ამერიკის ერთ-ერთი მონასტრის, „ღირსი მამა გერმანე ალიასკელის ძმობის“ წევრების საქართველოში სტუმრობის ძირითადი მიზანი, როგორც თავად აღნიშნავენ, გაბრიელ ბერთან შეხვედრა იყო.
ამ ძმობის ერთ-ერთი წევრი, მღვდელ-მონაზონი გერასიმე წერს:
„ღვთისმსახურთა შორის, არქიმანდრიტი გაბრიელი, არის საქართველოს თანამედროვე გმირი, ქართული ეკლესიის ცოცხალი მემატიანე, სულიერი მამა და თავისი დროის ლეგენდა… რომელმაც გადაიტანა გაუგონარი წამება, დევნა ქრისტესათვის და მაინც ცოცხალი დარჩა. ის აგრძლებდა სიცოცხლეს, რათა მოწმე ყოფილიყო ნათლისა… არ ტოვებდა საქართველოს ტანჯულ ეკლესიას უმძიმეს წლებში“.
სწორედ რომ საოცარი სისპეტაკით ასრულებდა ბერი გაბრიელი სალოსის მსოფლმხედველობით ქრისტიანული მოძღვრების ყველა მოთხოვნას, რომელსაც უფლისა და მოყვასის სიყვარული მიუძღოდა კელაპტრად, სიყვარული, რისი უპირატესობაც შესანიშნავად არის გადმოცემული პავლე მოციქულის წერილში: „წინასწარმეტყველებაც რომ მქონდეს, ყოველი საიდუმლო და მთელი ცოდნაც რომ ვუწყოდე, სრული რწმენაც რომ მქონდეს, ისეთი, მთების გადაადგილება რომ შემეძლოს, ხოლო სიყვარული არ გამაჩნდეს, არარაობა ვიქნებოდი“.
ასეთი მრწამსით განვლო ბერმა ღვთისაგან ბოძებული სიცოცხლე, რომლის ბოლო დღე გახლდათ 1995 წლის 2 ნოემბერი, დღით ოთხშაბათი. დილიდანვე მის სენაკში შეიკრიბნენ ახლობლები, ოჯახის წევრები, სამთავროს დედათა მონასტრის დედები და დები. მამა საბამ (კუჭავა), მონასტრის სულიერმა მოძღვარმა, რომელიც ბოლო ოთხი წლის მანძილზე აზიარებდა მამა გაბრიელს, რამდენიმე პარაკლისი გადაუხადა.
ამ დღეს შემდეგნაირად იგონებს შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარი და სამთავროს დედათა მონასტრის სულიერი მოძღვარი, არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე):
„საპატრიარქოში ვიყავით, როცა გავიგეთ მამა გაბრიელის ამბავი. კათოლიკოს-პატრიარქმა მაშინვე აკურთხა ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსი, დღეს უკვე მიტროპოლიტი დანიელი, წაეკითხა მისთვის ლოცვები. იმწამსვე გავემგზავრეთ სამთავროში. გზაში მანქანა გაგვიფუჭდა და მხოლოდ ხუთი წუთი შევფერხდით, ძალიან შევწუხდით, მეუფეს ვკითხე: ნუთუ ცოცხალს ვერ მივუსწრებთ-მეთქი. მან ასეთი პასუხი გამცა: ბერი იმხელა ღვთისმსახური იყო, ღმერთი ისე არ გაიყვანს თუ მღვდელმთავარი არ მივაო. მართლაც ცოცხალს მივუსწარით. მეუფემ ლოცვების კითხვა დაამთავრა თუ არა, მამა გაბრიელმა მაშინვე განუტევა სული“.
მეუფე დანიელმა და მისმა მკურნალმა ექიმმა – ზურაბ ვარაზაშვილმა – შემოსეს იგი იმ ქვეყნისათვის და მისი ცხედარი კოშკიდან გადაასვენეს სამთავროს ფერისცვალების ტაძარში.
მონაზვნებმა ერთხმად აღიარეს: თუ გადაიტანდნენ მამა გაბრიელის გარდაცვალებას ვერ წარმოედგინათ, იმდენად უყვარდათ, მაგრამ სწორედ იმ დღეს მოხდა სასწაული, ისეთი საზეიმო განწყობა დაეუფლათ, გასაოცარი. ყველამ იგრძნო მამა გაბრიელის მეოხება.
მეორე დღეს მობრძანდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, რომელმაც გადაუხადა პანაშვიდი.
დადგა მისი დაკრძალვის დღე. ანდერძისაებრ, იგი ჭილოფში გაახვიეს, საფლავში სათუთად ჩაასვენეს, მაგრამ მიწის მიყრა ვერავინ შეძლო. ბოლოს ასეთი რამ მოისაზრეს; გაცრილი მიწა სააფლავის კიდეებს ნელ-ნელა მიაყარეს და როცა მიწა მის ცხედარს ასცილდა, თვითონვე დაიწყო გადაფარება ნაზად და სათუთად, ისეთივე სიყვარულით ჩაიკრა გულში იმავ მიწის ერთგული შვილი, რა სიყვარულითაც უყვარდა მამა გაბრიელს თავის სამშობლოს მიწა-წყალი.
ასე ლამაზად და სათნოდ მიეახლა არქიმადრიტი გაბრიელის სული ღმერთს და ხორცი მიწას. გავიდა ამ სოფლიდან ქრიტესა და მოყვასის უბადლო სიყვარულით აღვსილი სალოსი, მამხილებელი ხშირად და არასდროს განმკითხავი, მრავალნატანჯი და გულნატკენი ღვთისმსახური.
ღმერთმა მას დიდი ერთგულებისა და უკიდეგანო რწმენისათვის გარდაცვალების შემდეგაც დაუტოვა კურნების ძალა. ამიტომაა რომ დაუსრულებლად მოედინება მავანი და მავანი სამთავროს მონასტერში და მისი კანდელის ზეთის კურნებით კმაყოფილი, მიჰყვებათ მადლი იმ მიწისა, სადაც თოთხმეტი წლის წმიდა ნინომ დაისადგურა. ეს მაყვლოვანი გახლავთ, მამა გაბრიელის უსაყვარლესი ადგილი. ნატერფალი ქრისტიანობის მადლის მომფენისა.
მრავალნი მოედინებიან უცხო ქვეყნებიდანაც და ასეც ხდება, რომ მის მიმართ მადლიერებას და პატივისცემას, ჩვენდა გასაკვირად, ქართულ ენაზე შესრულებული საეკლესიო საგალობლებით გამოხატავენ.
წიგნიდან: „ბერის დიადემა“
სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტერი, თბილისი, 2003 წ