სახარების სარჩევი

ახალი აღთქმა

მარკოზის სახარება

თავები 10–12

წმ. გიორგი მთაწმინდელის რედაქცია

10

მარკოზის

თავი 10

1და აღდგა მიერ იესუ და მოვიდა საზღვართა ჰურიასტანისათა, წიაღ-იორდანესა, და შეკრბებოდა მისა კუალად ერი, და, ვითარცა ჩუეულ იყო, კუალად ასწავებდა მათ.

2ხოლო ფარისეველნი იგი მოუჴდეს და ჰკითხვიდეს მას: უკუეთუ ჯერ-არს კაცისა ცოლისა თჳსისა განტევებაჲ? და გამოსცდიდეს მას.

3ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ვითარ გამცნო თქუენ მოსე?

4ხოლო მათ ჰრქუეს: მოსე ბრძანა წიგნი განშორებისაჲ მიცემად და განტევებად.

5მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: გულფიცხელობისა თქუენისათჳს დაწერა მოსე მცნებაჲ ეგე.

6ხოლო დასაბამითგან დაბადებისაჲთ მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი ღმერთმან და თქუა:

7ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა,

8და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც, ვითარმედ არღარა არიან ორ, არამედ ერთ ჴორც.

9რომელნი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებნ.

10და მერმე სახლსა რაჲ შინა იყო, კუალად მისვე სიტყჳსათჳს ჰკითხვიდეს მას მოწაფენი მისნი. ხოლო იესუ ჰრქუა მათ:

11უკუეთუ განუტეოს ქმარმან ცოლი თჳსი და შეირთოს სხუაჲ, მან იმრუშა.

12და ცოლი თუ განვიდეს ქმრისაგან და შეერთოს სხუასა, მანცა იმრუშა.

13და მოჰგურიდეს მას ყრმებსა, რაჲთა ჴელი დასდვას მათ; ხოლო მოწაფენი აყენებდეს მათ, რომელნი-იგი მოჰგურიდეს.

14ვითარცა იხილა იესუ, შეჰრისხნა მათ და ჰრქუა: აცადეთ ყრმებსა მაგას მოსვლად ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ, რამეთუ ეგევითართაჲ არს სასუფეველი ცათაჲ.

15ამენ გეტყჳ თქუენ: რამეთუ რომელმან არა შეიწყნაროს სასუფეველი ღმრთისაჲ, ვითარცა ყრმაჲ, ვერ შევიდეს მას.

16და შეიტკბობდა მათ და დაასხმიდა მათ ზედა ჴელთა და აკურთხევდა მათ.

17და ვითარცა გამოვიდა იგი გზასა, ესერა მდიდარი ვინმე მორბიოდა მისა და მუჴლნი დაიდგნა მის წინაშე, ევედრებოდა მას და ეტყოდა: მოძღუარო სახიერო, რომელი საქმე ვქმნე, რაჲთა ცხორებაჲ საუკუნოჲ დავიმკჳდრო?

18ხოლო იესუ ჰრქუა მას: რაჲსა მეტყჳ მე სახიერით? არავინ არს სახიერ, გარნა ღმერთი მხოლოჲ.

19მცნებანი იცნი: ნუ კაც-ჰკლავ, ნუ იპარავ, ნუ ცილსა სწამებ, ნუ დააკლებ კეთილის ყოფად, პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა.

20ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მას: ესე ყოველი ვყავ სიჭაბუკით ჩემითგან. რაჲღა მაკლს მე?

21ხოლო იესუ მიჰხედა და შეუყუარდა იგი და ჰრქუა მას: უკუეთუ გნებავს სრულ ყოფაჲ, ერთიღა გაკლს შენ: წარვედ და, რაოდენი გაქუს, განყიდე და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა, აღიღე ჯუარი, მოვედ და შემომიდეგ მე.

22ხოლო იგი შეწუხნა ამის სიტყჳსათჳს და წარვიდა მწუხარე, რამეთუ აქუნდა მონაგები ფრიად.

23და მიმოიხილა იესუ და ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ: ძნიად შევიდენ სასუფეველსა ღმრთისასა, რომელთა აქუს საფასე.

24ხოლო მოწაფეთა დაუკჳრდებოდა სიტყუასა ამას ზედა, ხოლო იესუ კუალად მიუგო და ჰრქუა მათ: რაოდენ ძნელ არს, რომელნი საფასეთა ესვენ, შესლვაჲ სასუფეველსა ღმრთისასა!

25უადვილეს არს აქლემი ჴურელსა ნემსისასა განსლვად, ვიდრე მდიდარი შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა.

26ხოლო მათ უმეტესად განუკჳრდებოდა და იტყოდეს ურთიერთას: და ვის ძალ-უც ცხორებად?

27მიჰხედა მათ იესუ და ჰრქუა: კაცთა მიერ შეუძლებელ არს, არამედ არა ღმრთისაგანცა, რამეთუ ყოველივე შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ.

28იწყო პეტრე სიტყუად მისა და ჰრქუა: აჰა ესერა ჩუენ დაუტევეთ ყოველივე და შეგიდეგით შენ.

29მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: არავინ არს, რომელმან დაუტევა სახლი, გინა ძმანი, გინა დანი, გინა მამაჲ, გინა დედაჲ, გინა ცოლი, გინა შვილნი, გინა აგარაკნი ჩემთჳს და სახარებისა ამისთჳს,

30უკუეთუ არა მოიღოს ასი წილი აწ ჟამსა ამას სახლი და ძმანი და დანი, მამაჲ და დედაჲ და შვილნი და აგარაკნი შემდგომად დევნისა და საუკუნესა მას მომავალსა ცხორებაჲ საუკუნოჲ.

31ხოლო მრავალნი იყვნენ პირველნი უკუანაჲსკნელ, და უკუანაჲსკნელნი პირველ.

32და იყვნეს გზასა ზედა და აღვიდოდეს იერუსალჱმდ; და იესუ წინა-უძღოდა მათ, და დაუკჳრდებოდა მოწაფეთა. ხოლო იგინი მისდევდეს მას და ეშინოდა. და წარმოიყვანნა კუალად ათორმეტნი იგი და იწყო თხრობად მათა მერმისა მისთჳს, რომელი შემთხუევად იყო მისა,

33ვითარმედ: აჰა ესერა აღვალთ იერუსალჱმდ, და ძე კაცისაჲ მიეცეს მღდელთ-მოძღუართა და მწიგნობართა, და დასაჯონ იგი სიკუდილდ და მისცენ იგი წარმართთა;

34და ეკიცხევდენ მას და ტანჯონ იგი და ჰნერწყუვიდენ მას და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს.

35და მოვიდეს მისა იაკობ და იოვანე, ძენი ზებედესნი, და ჰრქუს: მოძღუარ, გუნებავს, რაჲთა რომელი გთხოოთ, მიყო ჩუენ.

36ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: რაჲ გნებავს ჩემგან, რაჲთა გიყო თქუენ?

37ხოლო მათ ჰრქუეს მას: მომეც ჩუენ, რაჲთა ერთი მარჯუენით შენსა და ერთი მარცხენით შენსა დავსხდეთ დიდებასა შენსა.

38ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა იცით, რასა ითხოვთ. ძალ-გიცა სასუმელსა, რომელსა მე შევსუამ, შესუმად, და ნათლის-ღებასა, რომელსა მე ნათელ-ვიღებ, ნათლისღებად?

39ხოლო მათ ჰრქუეს მას: ძალ-გჳც. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: სასუმელი სამე, რომელსა მე ვსუამ, სუათ, და ნათლის-ღებაჲ, რომელი მე ნათელ-ვიღო, ნათელ-იღოთ.

40ხოლო დაჯდომაჲ მარჯუენით ჩემსა და მარცხენით არა არს ჩემი მიცემად, არამედ ვიეთდა განმზადებულ არს.

41და ესმა რაჲ ესე ათთა მათ, იწყეს რისხვად იაკობისა და იოვანესა.

42ხოლო იესუ მოუწოდა და ჰრქუა მათ: უწყითა, რამეთუ რომელნი-იგი ჰგონებედ მთავრად წარმართთა, უფლებედ მათ ზედა, და დიდ-დიდნი მათნი ჴელმწიფებედ მათ ზედა?

43ხოლო არა ეგრე იყოს თქუენ შორის. არამედ რომელსა უნდეს დიდ ყოფაჲ თქუენ შორის, იყოს თქუენდა მსახურ;

44და რომელსა უნდეს თქუენ შორის პირველ ყოფაჲ, იყოს ყოველთა მონა.

45და რამეთუ ძე კაცისაჲ არა მოვიდა, ვითარმცა იმსახურა, არამედ მსახურებად და მიცემად სული თჳსი საჴსრად მრავალთა.

46და მოვიდეს იერიქოდ. და ვითარცა გამოვიდა იესუ და მოწაფენი მისნი იერიქჲთ და ერი მრავალი მათ თანა, ძე ტიმესი ბარტიმეოს, ბრმაჲ, ჯდა გზასა თანა მთხოვლად.

47და ესმა რაჲ, რამეთუ იესუ ნაზარეველი არს, იწყო ღაღადებად და სიტყუად: იესუ, ძეო დავითისო, შემიწყალე მე!

48და ჰრისხვიდეს მას მრავალნი, რაჲთა დადუმნეს; ხოლო იგი უფროჲს ღაღადებდა: ძეო დავითისო, შემიწყალე მე!

49დადგა იესუ და ბრძანა მოწოდებაჲ მისი და მოუწოდეს ბრმასა მას და ეტყოდეს: ნუ გეშინინ, აღდეგ, გიწესს შენ.

50ხოლო მან დააბნია სამოსელი თჳსი და აღდგა და მოვიდა მისა.

51მიუგო და ჰრქუა მას იესუ: რაჲ გნებავს, და გიყო შენ? ხოლო ბრმამან მან ჰრქუა მას: რაბი, რაჲთა აღვიხილნე თუალნი ჩემნი.

52ხოლო იესუ ჰრქუა მას: გუალე, ვიდოდე, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. და მეყსეულად აღიხილნა და მისდევდა მას გზასა ზედა.


11

მარკოზის

თავი 11

1და რაჟამს მიეახლნეს იერუსალჱმდ, ბეთბაგედ და ბეთანიად, მთასა თანა ზეთისხილთასა, წარავლინნა ორნი მოწაფეთაგანნი

2და ჰრქუა მათ: წარვედით დაბასა მაგას, რომელ არს წინაშე თქუენსა; და შე-რაჲ-ხჳდოდით მას შინა, ჰპოოთ კიცჳ დაბმული, რომელსა კაცი არღა დაჯდომილ არს; აღჰჴსენით იგი და მომგუარეთ.

3და უკუეთუ ვინმე გრქუას რაჲ თქუენ, არქუთ, ვითარმედ: უფალსა უჴმს ეგე, და მეყსეულად მოავლინოს იგი აქა.

4ხოლო იგინი წარვიდეს და პოვეს კიცჳ იგი დაბმული კართა თანა გარეშე შესავალთა და აღჰჴსნეს იგი.

5ხოლო მუნ მდგომარენი ვინმე ეტყოდეს მათ: რასა ჰზამთ და აღჰჴსნით კიცუსა მაგას?

6ხოლო მათ ჰრქუეს, ვითარცა-იგი უბრძანა მათ იესუ; და მიუტევეს მათ.

7და მოიყვანეს კიცჳ იგი იესუჲსა. და დაასხეს მას ზედა სამოსელი მათი, და დაჯდა მას ზედა.

8და მრავალნი სამოსელსა მათსა დაუფენდეს გზასა ზედა, და სხუანი მოჰკაფდეს რტოთა ხეთაგან და დაუფენდეს გზასა ზედა.

9და რომელნი წინა-უძღოდეს და რომელნი უკუანა შეუდგეს, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა მაღალთა შინა! კურთხეულ არს მომავალი მეუფე სახელითა უფლისაჲთა!

10კურთხეულ არს მოსლვაჲ მეუფისა დავითის, მამისა ჩუენისაჲ! გუაცხოვნენ ჩუენ, რომელი ხარ მაღალთა შინა!

11და შევიდა იესუ იერუსალჱმდ და ტაძარსა მას და მიმოხედვიდა ყოველსა, რამეთუ მწუხრი იყო ჟამი იგი. და განვიდა ბეთანიად ათორმეტთა თანა.

12და ხვალისაგან, ვითარ გამოვიდეს იგინი ბეთანიაჲთ, შეემშია.

13და იხილა ლეღჳ ერთი შორით, რომელსა ესხა ფურცელი, და მოვიდა, უკუეთუმცა რაჲმე პოვა მას შინა. და მოვიდა რაჲ მისა, არარაჲ პოვა, გარნა ფურცელი ხოლო, რამეთუ არა იყო ჟამი ლეღჳისაჲ.

14და ჰრქუა მას: ნუღარამცა ვინ ჭამს უკუნისამდე შენგან ნაყოფსა. და ესმოდა ესე მოწაფეთა მისთა.

15და მოვიდეს იერუსალჱმდ, და შევიდა იესუ ტაძარსა მას და იწყო გამოსხმად განმსყიდელთა მათ და მომსყიდელთა მიერ ტაძრით; და ტაბლები იგი მეკერმეთაჲ მათ და დასასხდომელები იგი მსყიდელთაჲ მათ ტრედისათაჲ დაუმჴუა.

16და არა უტევებდა, რაჲთა გან-ვინმე-იღოს ჭურჭელი მიერ ტაძრით.

17და ასწავებდა და ეტყოდა, ვითარმედ: წერილ არს: სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს ყოველთა მიერ წარმართთა, ხოლო თქუენ გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა.

18და ესმა ესე მღდელთ-მოძღუართა მათ და მწიგნობართა და ეძიებდეს, ვითარმცა წარწყმიდეს იგი; და ეშინოდა მისა, რამეთუ ყოველი ერი განკჳრვებულ იყო მოძღურებასა მას მისსა.

19და ვითარცა იყო მწუხრი, განვიდოდა გარეშე ქალაქსა.

20და ვითარცა თანა-წარჰვიდოდეს განთიად, იხილეს ლეღჳ იგი განჴმელი ძირითაგან.

21და მოეჴსენა პეტრეს და ჰრქუა მას: რაბი, აჰა ლეღჳ იგი, რომელსა სწყევე, განჴმა.

22მიუგო იესუ და ჰრქუა მათ:

23გაქუნდინ სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ. ამენ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: რომელმან ჰრქუას მთასა ამას: აღიფხუარ და შთავარდი ზღუად! და არა შეორგულდეს გულსა თჳსსა, არამედ ჰრწმენეს, რამეთუ რომელი თქუას, იქმნეს, და იყოს ეგრე.

24ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ყოველსა რომელსა ლოცვასა შინა ითხოვდეთ, გრწმენინ, რამეთუ მოიღოთ, და გეყოს თქუენ.

25და რაჟამს სდგეთ ლოცვასა შინა, მიუტევეთ, უკუეთუ გაქუნდეს რაჲმე ბოროტი ვისთჳსმე, რაჲთა მამამანცა თქუენმან, რომელ არს ცათა შინა, მოგიტევნეს შეცოდებანი თქუენნი.

26ხოლო უკუეთუ თქუენ არა მიუტევნეთ, არცა მამამან თქუენმან, რომელ არს ცათა შინა, მოგიტევნეს შეცოდებანი თქუენნი.

27და მოვიდეს კუალად იერუსალჱმდ. და ვითარცა იქცეოდა იგი ტაძარსა მას შინა, მოვიდეს მისა მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი და მოხუცებულნი.

28და ეტყოდეს მას: რომლითა ჴელმწიფებითა იქმ ამას, და ვინ მოგცა შენ ჴელმწიფებაჲ ესე, რამეთუ ამას იქმოდი?

29ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: გკითხო მეცა თქუენ სიტყუაჲ ერთი, და თქუენ მომიგეთ მე, და მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ვიქმ ამას:

30ნათლის-ცემაჲ იოვანესი ზეცით იყო ანუ კაცთაგან? მითხართ მე.

31ხოლო იგინი განიზრახვიდეს თჳსაგან და იტყოდეს: უკუეთუ ვთქუათ: ზეცით იყო, გურქუას ჩუენ: რაჲსათჳს უკუე არა გრწმენა მისი?

32და უკუეთუ ვთქუათ: კაცთაგან, გუეშინის ერისა ამის, რამეთუ ყოველთა იცოდეს იოვანე, ვითარმედ ჭეშმარიტად წინაჲსწარმეტყუელი იყო.

33და მიუგეს და ჰრქუეს მათ იესუს: არა ვიცით. და მიუგო მათ იესუ და ჰრქუა: არცა მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას ვიქმ.


12

მარკოზის

თავი 12

1და იწყო იგავით მათა სიტყუად: კაცმან ვინმე დაასხა ვენაჴი და ზღუდე გარე-მოსდვა და ქმნა საწნეხელი და აღაშენა გოდოლი და მისცა იგი ქუეყანის-მოქმედთა და წარვიდა.

2და მიავლინა ქუეყანის-მოქმედთა მათ მიმართ ჟამსა ნაყოფისასა მონაჲ, რაჲთა მოიღოს ნაყოფი ვენაჴისაჲ მის.

3ხოლო მათ შეიპყრეს და გუემეს იგი და წარავლინეს ცალიერი.

4მერმე კუალად წარავლინა სხუაჲ მონაჲ, და მასცა კუალად გამო-ვე-ეწყვნეს, გუემეს და წარავლინეს გინებული.

5და კუალად სხუაჲ მიავლინა, და იგიცა მოკლეს; და სხუანი მრავალნი – რომელთამე სტანჯვიდეს და რომელთამე მოჰკლვიდეს.

6უკუანაჲსკნელ, ერთი ძე ესუა საყუარელი თჳსი, მიავლინა მათა, რამეთუ თქუა, ვითარმედ: შეიკდიმონ ძისა ჩემისათჳს.

7ხოლო ქუეყანის-მოქმედთა მათ თქუეს ურთიერთას: ესე არს მკჳდრი მისი, მოვედით და მოვკლათ იგი, და ჩუენდა იყოს სამკჳდრებელი ესე.

8და შეიპყრეს იგი და მოკლეს და გამოაგდეს იგი მიერ სავენაჴით.

9აწ რაჲ უყოს მათ უფალმან მის ვენაჴისამან? მოვიდეს და მოსრნეს ქუეყანის-მოქმედნი იგი და ვენაჴი იგი მისცეს სხუათა.

10არცაღა ესე წიგნი აღმოგიკითხავსა: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა?

11უფლისა მიერ იყო ესე და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

12და ეძიებდეს მას შეპყრობად და ეშინოდა ერისა მისგან, რამეთუ ცნეს, ვითარმედ მათთჳს თქუა იგავი იგი. და დაუტევეს იგი და წარვიდეს.

13და მი-ვინმე-ავლინნეს მისა ფარისეველნი და ჰეროდიანნი, რაჲთა მოინადირონ იგი სიტყჳთა.

14ხოლო იგინი მოვიდეს და ჰკითხვიდეს მას: მოძღუარ, ვიცით, რამეთუ ჭეშმარიტ ხარ და არარაჲ ზრუნვაჲ გაქუს ვისთჳსმე, რამეთუ არა ხედავ პირსა კაცისასა, არამედ ჭეშმარიტად გზასა ღმრთისასა ასწავებ. ჯერ-არსა ხარკი მიცემად კეისრისა ანუ არა? მივსცეთ ანუ არა მივსცეთ?

15ხოლო თავადმან იცოდა ორგულებაჲ მათი და ჰრქუა მათ: რაჲსა გამომცდით მე? მომართჳთ მე დრაჰკანი, რაჲთა ვიხილო.

16ხოლო მათ მოართუეს. და ჰრქუა მათ: ვისი არს ხატი ესე და ზედაწერილი? ხოლო მათ ჰრქუეს: კეისრისაჲ.

17მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა. და დაუკჳრდა ამას ზედა და წარვიდეს.

18და მოვიდეს მისა სადუკეველნი, რომელნი იტყჳან, ვითარმედ: აღდგომაჲ არა არს, და ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს:

19მოძღუარ, მოსე ესრეთ დამიწერა ჩუენ: უკუეთუ ვისმე მოუკუდეს ძმაჲ და ესუას მას ცოლი, და შვილი არა დაშთეს, რაჲთა შეირთოს ძმამან მისმან ცოლი იგი მისი და აღუდგინოს თესლი ძმასა თჳსსა.

20აწ შჳდნი ძმანი იყვნეს ჩუენ შორის. და პირველმან შეირთო ცოლი და მოკუდა, და არა დაშთა შვილი;

21და მეორემან შეირთო იგი და მოკუდა, და არა დაშთა შვილი. და მესამემან ეგრეთვე,

22ვიდრე მეშჳდედმდე, და არა დაუშთა შვილი; უკუანაჲსკნელ ყოველთასა მოკუდა დედაკაციცა იგი.

23აწ უკუე აღდგომასა მას, ოდეს აღდგენ, ვისა მათგანისა იყოს იგი ცოლ, რამეთუ შჳდთავე მათ ესუა იგი ცოლად?

24მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა ამისთჳს სცთებითა, რამეთუ არა იცნით წიგნნი, არცა ძალი ღმრთისაჲ?

25რამეთუ რაჟამს მკუდრეთით აღდგენ, არცა იქორწინებოდიან, არცა განჰქორწინებდენ, არამედ იყვნენ ვითარცა ანგელოზნი ცათა შინა.

26ხოლო ამისთჳს, რამეთუ აღდგენ მკუდარნი, არა აღმოგიკითხავსა წიგნსა მოსესსა, მაყულოვანსა ზედა ვითარ-იგი ღმერთი ეტყოდა მას და ჰრქუა: მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი?

27არა არს ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ღმერთი ცხოველთაჲ. ხოლო თქუენ ფრიად სცთებით.

28და მოვიდა მისა ერთი მწიგნობართაგანი, ესმოდა რაჲ მათი, ვითარ-იგი გამოეძიებდეს მის თანა, იცოდა, რამეთუ კეთილად მიუგო მათ, ჰკითხა მას მანცა, ვითარმედ: რომელი არს ყოველთა პირველი მცნებაჲ?

უდიდესი მცნება

29ხოლო იესუ ჰრქუა მას: პირველი ყოველთა მცნებათაჲ ესე არს: ისმინე, ისრაჱლ: უფალი ღმერთი შენი უფალი ერთ არს;

30და შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა. ესე არს პირველი მცნებაჲ.

31და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი. უფროჲს ამათსა სხუაჲ მცნებაჲ არა არს.

32ჰრქუა მას მწიგნობარმან მან: კეთილად, მოძღუარ, ჭეშმარიტად სთქუ, რამეთუ ერთ არს ღმერთი, და არავინ არს სხუაჲ მისა გარეშე;

33და შეყუარებად იგი ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა და ყოვლითა ძალითა და ყოვლითა გულისჴმის-ყოფითა, და შეყუარებად მოყუასი, ვითარცა თავი თჳსი; უფროჲს არს ესე ყოველთა მსხუერპლთა და შესაწირავთა.

34და იხილა იესუ, რამეთუ გონიერად მიუგო, ჰრქუა მას: არა შორს ხარ სასუფეველისაგან ღმრთისა. და არღარავინ იკადრა კითხვად მისა.

35მიუგო იესუ და ჰრქუა მათ და ასწავებდა ტაძარსა მას შინა: ვითარ უკუე იტყჳან მწიგნობარნი, ვითარმედ: ქრისტე ძე არს დავითისი?

36რამეთუ თჳთ იგი დავით იტყჳს სულითა წმიდითა: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა.

37თჳთ იგი დავით ჰხადის მას უფლით, და ვითარ ძჱ მისი არს? და მრავალი ერი ისმენდა მისსა ტკბილად.

38და ეტყოდა მათ სწავლასა მას შინა მისსა: ეკრძალენით მწიგნობართა მათგან, რომელთა ჰნებავს სამკაულითა სლვაჲ და მოკითხვაჲ უბანთა ზედა,

39და ზემოჯდომაჲ კრებულსა შორის და პირველ ანაჴით-ჯდომაჲ სერსა ზედა,

40რომელნი შესჭამენ სახლებსა ქურივთასა და მიზეზით მყოვარ ჟამ ილოცვენ, რომელთა მიიღონ უმეტესი სასჯელი.

41და დაჯდა იესუ წინაშე ფასის-საცავსა მას და ხედვიდა ვითარ-იგი ერი დასდებდა რვალსა ფასის-საცავსა მას. და მრავალთა მდიდართა დადვეს ფრიად.

42და მოვიდა ერთი ქურივი გლახაკი და დასხნა ორნი მწულილნი, რომელ არს კოდრანტე.

43და მოუწოდა იესუ მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ ქურივმან ამან გლახაკმან უფროჲს ყოველთასა დადვა ფასის-საცავსა ამას;

44რამეთუ ყოველთა ნამეტნავისაგან მათისა დადვეს, ხოლო ამან ნაკლულევანებისაგან თჳსისა ყოველი, რაჲცა აქუნდა, დადვა საცხორებელი თჳსი.

გააზიარეთ:

Like this: