სახარების სარჩევი

ახალი აღთქმა

მარკოზის სახარება

თავები 13–15

წმ. გიორგი მთაწმინდელის რედაქცია

13

მარკოზის

თავი 13

1და გამო-რაჲ-ვიდოდა იგი ტაძრით, ჰრქუა მას ერთმან მოწაფემან მისმან: მოძღუარ, იხილე, რაბამი ქვები არს და რაბამი შენებულებაჲ!

2მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ხედავა ამათ დიდ-დიდთა შენებულთა? არა დაშთეს ქვაჲ ქვასა ზედა, რომელი არა დაირღუეს.

3და დაჯდა რაჲ იგი მთასა მას ზეთისხილთასა წინაშე ტაძარსა მას, ჰკითხვიდეს მას თჳსაგან პეტრე და იაკობ და იოვანე და ანდრეა:

4მითხარ ჩუენ, ოდეს ყოფად არს ესე, და რაჲ იყვნენ სასწაულნი, ოდეს ესე ყოველნი აღესრულნენ?

5მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ეკრძალენით, ნუუკუე ვინმე გაცთუნნეს თქუენ.

6რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ: მე ვარ, და მრავალთა აცთუნებდენ.

7რაჟამს გესმოდიან ბრძოლანი და ჰამბავნი ბრძოლათანი, ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ესე ყოფად, არამედ არღა არს აღსასრული.

8რამეთუ აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა და მეუფებაჲ მეუფებასა ზედა, და იყვნენ ძრვანი ადგილ-ადგილ, და იყვნენ სიყმილნი და შფოთნი. ესე ყოველი დასაბამი სალმობათაჲ არს.

9ხოლო ეკრძალენით თქუენ თავთა თქუენთა, რამეთუ მიგცემდენ თქუენ შესაკრებელთა და კრებულთა შორის გტანჯვიდენ თქუენ, და წინაშე მეფეთა და მთავართა წარსდგეთ ჩემთჳს საწამებელად მათა და ყოველთა წარმართთა.

10ხოლო პირველად ჯერ-არს ქადაგებად სახარებაჲ ესე.

11და რაჟამს მიგიყვანნენ თქუენ მიცემად მათა, ნუ წინაჲსწარ ჰზრუნავთ, ნუცა იწურთით, რასა იტყოდით; არამედ რაჲ-იგი მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, მას იტყოდეთ, რამეთუ არა თქუენ ხართ მეტყუელნი, არამედ სული წმიდაჲ.

12რამეთუ მისცეს ძმამან ძმაჲ სიკუდილად და მამამან შვილი, და აღდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკლვიდენ მათ.

13და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს; ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს.

14ხოლო ოდეს იხილოთ საძაგელი იგი მოოჴრებისაჲ, თქუმული დანიელ წინაწარმეტყუელისაჲ, მდგომარე, სადა-იგი არა ჯერ-არს, – რომელი-იგი აღმოიკითხვიდეს, სცნობდინ, – მაშინ რომელნი იყვნენ ჰურიასტანს, ივლტოდედ მთად.

15და რომელი ერდოსა ზედა იყოს, ნუ გარდამოვალნ სახიდ და ნუცა შევალნ აღებად რაჲსამე სახლისაგან თჳსისა.

16და რომელი ველსა გარე იყოს, ნუ უკუნიქცევინ აღებად სამოსლისა თჳსისა.

17ხოლო ვაჲ მუცელ-ქუმულთა და რომელნი აწოებდენ მათ დღეთა შინა!

18არამედ ილოცევდით, რაჲთა არა იყოს სივლტოლაჲ თქუენი ზამთარსა.

19რამეთუ იყვნენ დღენი იგი ჭირისანი, რომელი არასადა იქმნა ესევითარი დასაბამითგან, რომელ დაჰბადა ღმერთმან, ვიდრე აქამომდე და არცაღა იყოს.

20და არა თუმცა ღმერთმან შეამოკლნა დღენი იგი, არამცა ცხოვნდა ყოველი ჴორციელი; არამედ რჩეულთა მათთჳს, რომელნი გამოირჩინა, შეამოკლნა დღენი იგი.

21მაშინ უკუეთუ ვინმე გრქუას თქუენ: აჰა აქა არს ქრისტე გინა იქი, ნუ გრწამნ.

22რამეთუ აღდგენ ქრისტე-მტყუარნი და ცრუ-წინაწარმეტყუელნი და ჰყოფდენ სასწაულებსა და ნიშებსა, რაჲთა აცთუნნენ, უკუეთუმცა შეუძლეს, რჩეულთაცა.

23ხოლო თქუენ იხილეთ და ეკრძალენით, აჰა ესერა წინაჲსწარ გითხარ თქუენ ყოველი.

24არამედ მათ დღეთა შინა შემდგომად ჭირისა მის მზე დაბნელდეს, და მთოვარემან არა გამოსცეს ნათელი თჳსი;

25და ვარსკულავნი ზეცით გარდამოცჳვენ, და ძალნი, რომელნი იყვნენ ცათა შინა, შეიძრნენ.

26და მაშინ იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი ღრუბელთა ზედა ძალითა და დიდებითა მრავლითა.

27და მაშინ წარავლინნეს ანგელოზნი მისნი და შეკრიბნეს რჩეულნი თჳსნი ოთხთაგან ქართა კიდითგან ქუეყანისაჲთ, ვიდრე კიდედმდე ცისა.

28ხოლო ლეღჳსაგან ისწავეთ იგავი ესე: რაჟამს-იგი რტონი მისნი და დაჩჩჳან, და გამოვალნ ფურცელი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს ზაფხული.

29ეგრეცა თქუენ, რაჟამს იხილოთ ესე ყოველი ყოფილი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს, კართა ზედა.

30ამენ გეტყჳ თქუენ: არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იქმნას.

31ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არასადა წარჴდენ.

32ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცათა შინა, არცა ძემან, არამედ მამამან.

33არამედ იხილეთ და მღჳძარე იყვენით, და ილოცევდით, რამეთუ არა იცით, ოდეს იყოს ჟამი იგი.

34ვითარცა-იგი კაცმან გზად წარმავალმან დაუტევის სახლი თჳსი და მისცის მონათა თჳსთა ჴელმწიფებაჲ და კაცად-კაცადსა საქმე თჳსი და მეკარესა ამცნის, რაჲთა მღჳძარე იყოს.

35იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცის, ოდეს-იგი უფალი სახლისაჲ მის მოვიდეს: მწუხრი ანუ შუვა-ღამეს, ანუ ქათმისა ჴმობასა, ანუ განთიად;

36ნუუკუე მოვიდეს მეყსეულად და გპოვნეს თქუენ მძინარენი.

37ხოლო რომელსა ესე გეტყჳთ თქუენ, ყოველთა გეტყჳ: მღჳძარე იყვენით.


14

მარკოზის

თავი 14

1ხოლო იყო პასქაჲ იგი, რომელ არს ვნებაჲ, და უცომოებაჲ, შემდგომად ორისა დღისა. და ეძიებდეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი იესუს, ვითარმცა ზაკუვით შეიპყრეს იგი და მოკლეს.

2ხოლო იტყოდეს: ნუ დღესასწაულსა ამას, ნუუკუე შფოთი იქმნეს ერისაჲ.

3და ვითარცა იყო იესუ ბეთანიას, სახლსა სიმონ კეთროვნისასა და ინაჴით-ჯდა იგი, მოვიდა დედაკაცი და აქუნდა ალაბასტრითა ნელსაცხებელი ნარდისა სარწმუნოჲსაჲ, მრავალ-სასყიდლისაჲ, და შემუსრა ალაბასტრი იგი და დაასხა თავსა მისსა.

4იყვნეს ვინმე, რომელნი დრტჳნვიდეს ურთიერთას და იტყოდეს: რაჲსათჳს იქმნა წარწყმედაჲ ნელსაცხებლისაჲ ამის?

5რამეთუ შესაძლებელ იყო ესე განსყიდად უფროჲს სამასისა დრაჰკნისა და მიცემად გლახაკთა და ჰრისხვიდეს მას.

6ხოლო იესუ ჰრქუა მათ: აცადეთ მაგას, რაჲსა შრომასა შეამთხუევთ? რამეთუ საქმე კეთილი ქმნა ჩემ თანა.

7რამეთუ გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან. უკუეთუ გინდეს, ძალ-გიც კეთილის-ყოფად მათა, ხოლო მე არა მარადის თქუენ თანა ვარ.

8რომელი აქუნდა, ყო, უსწრო ნელსაცხებელითა ცხებად ჴორცთა ჩემთა დასაფლველად ჩემდა.

9ამენ გეტყჳ თქუენ: სადაცა იქადაგოს სახარებაჲ ესე ყოველსა სოფელსა, და რომელიცა-ესე ქმნა, ითქუმოდის საჴსენებელად მაგისა.

10და იუდა ისკარიოტელი, ერთი ათორმეტთაგანი, წარვიდა მღდელთ-მოძღუართა მათ მიმართ, რაჲთა მისცეს იგი მათ.

11ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე მისგან, განიხარეს და აღუთქუეს მას მიცემად ვეცხლი. და ეძიებდა, ვითარმცა ჟამსა მარჯუესა მისცა იგი მათ.

12და პირველსა მას დღესა უცომოებისასა, ოდეს პასექსა მას დაჰკლვიდეს, ჰრქუეს იესუს მოწაფეთა მისთა: სადა გნებავს, წარვიდეთ და მოგიმზადოთ შენ, რაჲთა სჭამო ვნებაჲ ესე?

13და წარავლინნა ორნი მოწაფეთა მისთაგანნი და ჰრქუა მათ: წარვედით ქალაქად, და შეგემთხჳოს თქუენ კაცი, რომელსა ლაგჳნითა წყალი ზე ედგას, და შეუდეგით მას, ვიდრეცა შევიდეს.

14და არქუთ სახლისა უფალსა მას, ვითარმედ: მოძღუარი იტყჳს: სადა არს სავანე, სადა-იგი პასექი მოწაფეთა ჩემთა თანა ვჭამო?

15და მან გიჩუენოს თქუენ ქორი დიდი დაგებული და მომზადებული; მუნ მზა-მიყავთ ჩუენ.

16და გამოვიდეს მოწაფენი მისნი და მოვიდეს ქალაქად და პოვეს ეგრეთ, ვითარცა ჰრქუა მათ იესუ, და მოჰმზადეს ვნებაჲ იგი.

17და ვითარცა მწუხრი იყო, მოვიდა ათორმეტთა მათ თანა.

18და ვითარ ინაჴით-სხდეს და ჭამდეს, ჰრქუა იესუ: ამენ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე, რომელი ჭამს ჩემ თანა.

19ხოლო მათ იწყეს მწუხარებად და სიტყუად მისა თითოეულმან: ნუუკუე მე ვარ? და სხუამან თქჳს: ნუუკუე მე ვარ?

20ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: ერთმან ათორმეტთაგანმან, რომელმან შთამოყოს პინაკსა ამას ჴელი ჩემ თანა, იგი მიმცემს მე.

21ძე სამე კაცისაჲ წარვალს, ვითარცა წერილ არს მისთჳს, ხოლო ვაჲ არს მის კაცისა, რომლისაგან ძე კაცისაჲ მიეცემის; უკეთეს იყო მისა, უკუეთუმცა არა შობილ იყო კაცი იგი.

22და ჭამდეს რაჲ იგინი, მოიღო იესუ პური, აკურთხა, განტეხა და მისცა მათ და ჰრქუა: მიიღეთ და ჭამეთ, რამეთუ ესე არს ჴორცი ჩემი.

23და მოიღო სასუმელი, ჰმადლობდა და მისცა მათ, და სუეს მისგან ყოველთა.

24და ჰრქუა მათ: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა შჯულისაჲ, მრავალთათჳს დათხეული.

25ხოლო ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არღარა ვსუა ნაყოფისა ამისგან ამის ვენაჴისა ვიდრე მუნ დღედმდე, რაჟამს-იგი ვსუა ახალი სასუფეველსა ღმრთისასა.

26და გალობაჲ წართქუეს და განვიდეს მთასა მას ზეთისხილთასა.

27და ჰრქუა მათ იესუ, ვითარმედ: ყოველნი დაბრკოლებად ხართ ჩემდა მომართ ღამესა ამას, რამეთუ წერილ არს: დავსცე მწყემსი, და განიბნინენ ცხოვარნი სამწყსოჲსა მისისანი.

28არამედ შემდგომად აღდგომისა ჩემისა წარგიძღუე თქუენ გალილეად.

29ხოლო პეტრე ჰრქუა მას: დაღათუ ყოველნი დაჰბრკოლდენ, არამედ მე არასადა დავბრკოლდე.

30ჰრქუა მას იესუ: ამენ გეტყჳ შენ, ვითარმედ: შენ დღეს ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა მეორედ ჴმობადმდე, სამ-გზის უვარ-მყო მე.

31ხოლო პეტრე უმეტესღა უფროჲს იტყოდა: დაღაცათუ იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა, არასადა უვარ-გყო შენ. და ეგრეთვე მსგავსად ყოველნი იტყოდეს.

32და მოვიდეს დაბასა, რომლისაჲ სახელი გეთსამანიაჲ. და ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: დასხედით აქა, ვიდრემდე ვილოცო.

33და წარიყვანნა პეტრე და იაკობ და იოვანე მის თანა, იწყო დასულებად და ურვად.

34და ჰრქუა მათ: მწუხარე არს სული ჩემი, ვიდრე სიკუდილადმდე; დაადგერით აქა და იღჳძებდით.

35და წარვიდა მცირედ და დავარდა ქუეყანასა და ილოცვიდა: უკუეთუ შესაძლებელ არს, რაჲთა თანა-წარჰჴდეს ჟამი იგი მისგან.

36და იტყოდა: აბბა მამაო, ყოველივე შესაძლებელ არს შენ მიერ თანა-წარსლვად სასუმელი ესე ჩემგან, ხოლო არა რაჲ-იგი მე მნებავს, არამედ რაჲცა შენ გნებავს.

37და მოვიდა და პოვნა იგინი მძინარენი და ჰრქუა პეტრეს: სიმონ, გძინავსა? და ვერ უძლე ჟამ ერთ მღჳძარებად ჩემ თანა?

38იღჳძებდით და ილოცევდით, რაჲთა არა შეხჳდეთ განსაცდელსა. სული გულს-მოდგინე არს, ხოლო ჴორცნი უძლურ.

39და კუალად წარვიდა და ილოცვიდა და იგივე სიტყუაჲ თქუა.

40და მოიქცა კუალად და პოვნა იგინი მძინარენი, რამეთუ იყვნეს თუალნი მათნი დამძიმებულ, და არარაჲ იცოდეს, რაჲმცა მიუგეს მას.

41და მოვიდა მესამედ და ჰრქუა მათ: დაიძინეთ ამიერითგან და განისუენეთ. მოიწია დასასრული, და მოვიდა ჟამი. აჰა ესერა მიეცემის ძე კაცისაჲ ჴელთა ცოდვილთასა.

42აღდეგით და წარვიდეთ ამიერ. აჰა ესერა მიმცემელი ჩემი მოახლებულ არს.

43და მეყსეულად, ვიდრე იგი იტყოდაღა, მოვიდა იუდა ისკარიოტელი, ერთი ათორმეტთაგანი, და მის თანა ერი მრავალი მახჳლებითა და წათებითა მღდელთ-მოძღუართაგან და მწიგნობართა და მოხუცებულთა.

44ხოლო მიეცა მათა სასწაული მიმცემელსა მას მისსა და ჰრქუა მათ: რომელსა მე ამბორს-უყო, იგი არს, შეიპყართ იგი და წარიყვანეთ კრძალულად.

45და მეყსეულად მოვიდა და მოუჴდა მას და ჰრქუა: რაბი! რაბი! და ამბორს-უყო მას.

46ხოლო მათ დაასხნეს მას ზედა ჴელნი და შეიპყრეს იგი.

47და ერთმან ვინმე წინაშე მდგომელმან იჴადა მახჳლი და სცა მონასა მღდელთ-მოძღურისასა და წარჰკუეთა მას ყური მისი.

48მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ვითარცა ავაზაკსა ზედა გამოხუედით თქუენ მახჳლებითა და წათებითა შეპყრობად ჩემთა.

49დღითი-დღე თქუენ თანა ვიყავ ტაძარსა შინა, გასწავებდ, და არა შემიპყართ მე; არამედ რაჲთა აღესრულნენ წიგნნი.

50მაშინ მოწაფეთა მისთა ყოველთა დაუტევეს იგი და ივლტოდეს.

51და ერთი ვინმე ჭაბუკი მისდევდა მას და შეემოსა არდაგი შიშულივ. ხოლო სხუათა მათ ჭაბუკთა შეიპყრეს იგი.

52და მან დაუტევა არდაგი და ივლტოდა მათგან შიშუელი.

53და მიიყვანეს იესუ კაიაფაჲს მღდელთ-მოძღურისა. და შეკრბეს ყოველნი მღდელთ-მოძღუარნი და მწიგნობარნი და მოხუცებულნი.

54ხოლო პეტრე შორით მისდევდა მას, ვიდრე შინა ეზოდმდე მღდელთ-მოძღურისა, და დაჯდა იგი მსახურთა თანა და ტფებოდა წინაშე ნათელსა ცეცხლისასა.

55ხოლო მღდელთ-მოძღუარნი იგი და ყოველი კრებული ეძიებდეს იესუჲსთჳს მოწამეთა, რაჲთა მოკლან იგი, და არა ჰპოებდეს.

56რამეთუ მრავალნი ცრუსა წამებდეს მისთჳს, და სწორ არა იყვნეს წამებანი მათნი.

57და სხუანი ვინმე აღდგეს და ცრუსა წამებდეს მისთჳს და იტყოდეს,

58ვითარმედ: ჩუენ გუესმა მაგისგან სიტყუაჲ, ვითარმედ: მე დავარღჳო ტაძარი ესე ჴელით-ქმნული და მესამესა დღესა აღვაშენო სხუაჲ, ჴელით-უქმნელი.

59და არცა ესრეთ ერთ იყვნეს წამებანი მათნი.

60და აღდგა მღდელთ-მოძღუარი იგი შორის და ჰკითხა იესუს და ჰრქუა: არარას მიუგება, რასა-ესე შეგწამებენ შენ?

61ხოლო იესუ დუმნა და არარაჲ მიუგო მათ. და მერმე ჰკითხვიდა მას მეორედ მღდელთ-მოძღუარი იგი და ეტყოდა: შენ ხარა ქრისტე, ძე კურთხეულისაჲ?

62ხოლო იესუ მიუგო მას, ვითარმედ: მე ვარ. და ამიერითგან იხილოთ ძე კაცისაჲ მარჯუენით მჯდომარე ძლიერებათა და მომავალი ღრუბელთა თანა ცისათა.

63ხოლო მღდელთ-მოძღუარმან მან დაიპო სამოსელი თჳსი და თქუა: რაჲსაღა გჳჴმან მოწამენი?

64გესმა ყოველთა გმობაჲ მაგისგან. ვითარ გნებავს თქუენ? მაშინ ყოველთა დასაჯეს იგი თანა-მდებად სიკუდილისა.

65და იწყეს ვიეთმე ნერწყუვად მისა და დაბურვად პირსა მისსა და ჴურთითა ცემად მისა და ეტყოდეს: გჳწინაწარმეტყუელებდ ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ? და მსახურთა მათ მოიყვანეს იგი ყურიმლის ცემად.

66და იყო რაჲ პეტრე ეზოსა მას შინა, მოვიდა ერთი მჴევალთაგანი მღდელთ-მოძღურისათაჲ.

67და ვითარცა იხილა იგი, ტფებოდა რაჲ, მიჰხედა მას და ჰრქუა: შენცა იყავ იესუჲს თანა ნაზარეველისა.

68ხოლო მან უვარ-ყო და თქუა: არა ვიცი და არცა უწყი, რასა-ეგე იტყჳ შენ. და გამოვიდა პეტრე გარეშესა მას ეზოსა, და ქათამმან ჴმა-ყო.

69და კუალად იხილა იგი მჴევალმან მან და იწყო სიტყუად წინაშე მდგომარეთა მათ, ვითარმედ: ესეცა მათგანივე არს.

70ხოლო მან კუალად უვარ-ყო. და შემდგომად მცირედისა ჟამისა წინაშე მდგომელნი იგი ეტყოდეს პეტრეს: ჭეშმარიტად მათგანი ხარ და რამეთუ გალილეველ ხარ, სიტყუაჲცა შენი გამოგაჩინებს.

71ხოლო პეტრე იწყო შეჩუენებად და ფიცად, ვითარმედ: არა ვიცი კაცი ესე, რომელსა იტყჳთ.

72და მეყსეულად მეორედ ქათამმან იყივლა, და მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი, რომელი ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: პირველ ქათმისა ჴმობადმდე მეორედ სამ-გზის უვარ-მყო მე. და იწყო ტირილად.


15

მარკოზის

თავი 15

1და მეყსეულად განთიად ზრახვა-ყვეს მღდელთ-მოძღუართა მათ მოხუცებულთა თანა და მწიგნობართა და ყოველმან კრებულმან. და შეკრეს იესუ და წარიყვანეს და მისცეს იგი პილატეს.

2და ჰკითხა მას პილატე და ჰრქუა: შენ ხარა მეუფე ჰურიათაჲ? ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მას: შენ იტყჳ.

3და შეასმენდეს მას მღდელთ-მოძღუარნი იგი ფრიად.

4ხოლო პილატე კუალად ჰკითხა მას და ჰრქუა: არარას მიუგება? აჰა რაოდენსა შეგწამებენ შენ!

5ხოლო იესუ არარაჲ მიუგო, ვიდრემდის უკჳრდაცა პილატეს.

6და რაჲ დღესასწაულ მიუტევის მათ ერთი პყრობილი, რომელიცა გამოითხოიან.

7ხოლო იყო ვინმე ბარაბა მეშფოთეთა თანა კრული, რომელსა შფოთსა შინა კაცი ეკლა.

8და ღაღატ-ყო ერმან მან გამოთხოვად მისა, ვითარცა-იგი მიჰმადლის მათ მარადის.

9ხოლო პილატე მიუგო და ჰრქუა მათ: გნებავსა, რაჲთა მიგიტეო თქუენ მეუფჱ ჰურიათაჲ?

10რამეთუ იცოდა, ვითარმედ შურითა მისცეს იგი მღდელთა-მოძღუართა მათ.

11ხოლო მღდელთ-მოძღუართა მათ აღძრეს ერი იგი, რაჲთა ბარაბა მიუტეოს მათ.

12ხოლო პილატე მერმეცა მიუგო და ჰრქუა მათ: და რაჲ უკუე გნებავს ყოფად, რომელსა-ესე იტყჳთ მეუფედ ჰურიათად?

13ხოლო მათ კუალად ღაღატ-ყვეს და ჰრქუეს: ჯუარს-აცუ ეგე.

14ხოლო პილატე ეტყოდა მათ: რაჲ ბოროტი უქმნიეს? და იგინი უმეტესად ღაღადებდეს და იტყოდეს: ჯუარს-აცუ ეგე.

15ხოლო პილატეს უნდა ერისა მის მომადლებაჲ, მიუტევა მათ ბარაბა, ხოლო იესუს სცა შოლტითა და მისცა მათ, რაჲთა ჯუარს-აცუან.

16ხოლო სტრატიოტთა მათ შეიყვანეს იგი შინაგან ეზოსა მას, რომელ არს ტაძარი, და შეკრიბეს ყოველივე იგი თესლები.

17და შეჰმოსეს მას ძოწეული და დაადგეს შეთხზული ეკალვაგან გჳრგჳნი.

18და იწყეს მოკითხვად მისა და იტყოდეს: გიხაროდენ, მეუფეო ჰურიათაო!

19და სცემდეს მას თავსა ლერწმითა და ჰნერწყუვიდეს მას და დაიდგნიან მუჴლნი და თაყუანის-სცემედ მას.

20და ოდეს განკიცხეს იგი, განსძარცუეს მას ძოწეული იგი და შეჰმოსეს თჳსივე სამოსელი და განიყვანეს იგი, რაჲთა ჯუარს-აცუან.

21და პაჰრაკად წარიყვანეს თანა-წარმავალი სიმონ ვინმე კჳრინელი, მომავალი ველით, მამაჲ ალექსანდრესი და როფესი, რაჲთა აღიღოს ჯუარი მისი.

22და მოიყვანეს იგი გოლგოთას, ადგილსა, რომელ არს გამოთარგმანებით: თხემისა ადგილი.

23და მისცემდეს მას სუმად შემურვილსა ღჳნოსა, ხოლო მან არა მიიღო.

24და ჯუარს-აცუეს იგი და განიყოფდეს სამოსელსა მისსა და განიგდებდეს მას ზედა წილსა, ვინ-ძი რაჲ აღიღოს.

25ხოლო იყო ჟამი მესამე, და ჯუარს-აცუეს იგი.

26და იყო ზედაწერილი ბრალისა მისისაჲ ესრეთ დაწერილი: ესე არს მეუფჱ ჰურიათაჲ.

27და მის თანა ჯუარს-აცუნეს ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით და ერთი მარცხენით მისა.

28და აღესრულა წერილი იგი, რომელი იტყჳს, ვითარმედ: უსჯულოთა თანა შეირაცხა.

29და თანა-წარმავალნი იგი ჰგმობდეს მას და ყრიდეს თავთა და იტყოდეს: ეჰა, რომელი დაარღუევდ ტაძარსა ამას და მესამესა დღესა აღაშჱნებდ,

30იჴსენ თავი თჳსი და გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით.

31ეგრეთვე მღდელთ-მოძღუარნი იგი იმღერდეს მწიგნობართა თანა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უც ცხოვნებად ქრისტესა, მეუფესა ისრაჱლისასა!

32გარდამოჴედინ აწ ჯუარით, რაჲთა ვიხილოთ და გურწმენეს. და მის თანა ჯუარ-ცმულნიცა იგი ეგრეთვე აყუედრებდეს მას.

33და ვითარცა იყო ჟამი მეექუსე, ბნელი იყო ყოველსა ქუეყანასა ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე.

34და მეცხრესა ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ელოი, ელოი, ლიმა საბაქთანი? რომელ არს თარგმანებით: ღმერთო, ღმერთო ჩემო, რაჲსათჳს დამიტეობ მე?

35და რომელთამე წინაშე მდგომელთა ესმა და იტყოდეს: აჰა ელიას ხადის.

36და მირბიოდა ერთი და აღავსო ღრუბელი ძმრითა და დაადგა ლერწამსა და ასუმიდა და იტყოდა: უტევეთ, ვიხილოთ, უკუეთუ მოვიდეს ელია გარდამოჴსნად მაგისა.

37ხოლო იესუ ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და განუტევა სული.

38და კრეტსაბმელი იგი ტაძრისაჲ მის განიპო ორად, ზეითგან ვიდრე ქუედმდე.

39და ვითარცა იხილა ასისთავმან მან, რომელი დგა წინაშე მისსა, რამეთუ ესრეთ ღაღატ-ყო და განუტევა სული, თქუა: ჭეშმარიტად კაცი ესე ძე ღმრთისაჲ იყო.

40ხოლო იყვნეს დედანიცა, რომელნი შორით ხედვიდეს, რომელთა თანა იყო მარიამ მაგდალენელი და მარიამ იაკობისი მცირისაჲ და იოსეს დედაჲ და სალომე,

41რომელნი, ოდეს იყო გალილეას, შეუდგეს მას და ჰმსახურებდეს, და სხუანი მრავალნი, რომელნი მის თანა აღსრულ იყვნეს იერუსალჱმდ.

42და ვითარცა შემწუხრდებოდა, – რამეთუ პარასკევი იყო, რომელ არს უწინარეს შაბათისა, –

43მოვიდა იოსებ არიმათიელი, შუენიერი მზრახველი, რომელი-იგიცა მოელოდა სასუფეველსა ღმრთისასა, იკადრა და შევიდა პილატესა და მოითხოვა გუამი იესუჲსი.

44ხოლო პილატეს დაუკჳრდა, უკუეთუ აწვე მოკუდა, და მოუწოდა ასისთავსა მას და ჰკითხა, უკუეთუ ადრევე მოკუდა.

45და ისწავა ასისთავისა მისგან ესე და მიჰმადლა გუამი მისი იოსებს.

46და მან იყიდა არდაგი და გარდამოჰჴსნა იგი ჯუარისა მისგან და წარგრაგნა იგი არდაგითა მით და დადვა იგი საფლავსა, რომელი იყო გამოკუეთილ კლდისაგან, და მიაგორვა ლოდი კარსა ზედა მის საფლავისასა.

47იყო მუნ მარიამ მაგდალენელი და მარიამ იოსესი და ხედვიდეს, სადა-იგი დასდებდეს მას.

გააზიარეთ:

Like this: