მათე მოციქული

29 ნოემბერი. წმინდა მოციქული და მახარებელი მათე (+60)

წმიდა მოციქული და მახარებელი მათე (+60)

 

ტროპარი: მწოდებელსა მას შენსა ქრისტესა მეუფესა გულს მოდგინედ შეუდეგ, დამტევებელი მეზვერეობისა, რომელი გამოუჩნდა კაცთა ქუეყანასა ზედა სახიერებისათვის, და მოციქულად რჩეულად გამოსჩნდი, და ახარე სახარებაჲ სოფელსა ხმა მაღლად, ამისთვის პატივს-ვჰსცემთ წმიდასა ხსენებასა შენსა, მათე ღმრთის-მეტყველო, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობაჲ მოგვანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

კონდაკი:
უღელი იგი მეზვერობისა განაგდე, და უღელსა მას სიმართლისასა შეეყავ, და გამოსჩნდი რჩეულად ვაჭრად, სიმდიდრე მოიგე მაღალი იგი სიბრძნეჲ, ვინაჲცა ქადაგე სიტყვაჲ ჭეშმარიტებისა, და დახსნილნი სულნი აღადგინენ მოსწრაფედ, და გამოგვიწერე ჩუენ და დღე იგი სასჯელისა.

 

წმიდა მოციქული და მახარებელი მათე, ძე ალფესი, გალილეის ქალაქ კაპერნაუმის მკვიდრი იყო. იგი მეზვერედ, ანუ გადასახადების ამკრეფად მუშაობდა და საკმაოდ შეძლებულადაც ცხოვრობდა. თანამემამულეთ სძაგდათ იგი ყველა სხვა მეზვერის მსგავსად და გაურბოდნენ კიდეც მას, როგორც დამპყრობ რომაელთა სამსახურში მდგომ კაცს. მაგრამ მათე, თუმც კი ცოდვილი იყო, მაინც ბევრად სჯობდა ფარისევლებს – თავიანთი გარეგანი, მოჩვენებითი კეთილმსახურებით თავმომწონე ამ პირმოთნე იუდეველებს. და აი, მასზე, ყველასაგან მოძაგებულ მეზვერეზე, უფალმა იესო ქრისტემ შეაჩერა თავისი ღვთაებრივი მზერა. ერთხელ, როცა უფალი კაპერნაუმში იმყოფებოდა, იგი გამოვიდა ამ ქალაქიდან და დიდძალი ხალხის თანხლებით ზღვის სანაპიროსაკენ გაეშურა. აქ საზვერესთან მათე იჯდა. უფალი მიუახლოვდა მას და უთხრა:

  • შემომიდეგ მე!

ეს სიტყვები მეზვერე მათემ მხოლოდ ხორციელი ყურებით კი არ გაიგონა, არამედ გულისმიერითაც ისმინა და უმალვე წამოდგა თავისი საზვერე ადგილიდან, რათა ყოველივე მიეტოვებინა და უფალს შესდგომოდა. მათეს არ დაუწყია იმის განსჯა, რომ, აი, დიდი მოძღვარი და სასწაულთმოქმედი სწორედ მას, ცოდვილ და ყველასაგან მოძაგებულ მეზვერეს ეძახის; მან მთელი თავისი არსებით შეისმინა უფლის მოწოდება და უსიტყვოდ გაჰყვა მას. ამასთან, დიდად გახარებული იყო და გადაწყვიტა თავის სახლში მიეწვია იესო ქრისტე, რათა საკადრისად გამასპინძლებოდა. უფალმაც არ უგულებელყო მისი მიპატიჟება და სახლში ეწვია მათეს. იმ დღეს მათეს ოჯახში მისი მრავალი მეზობელი, ნათესავი და მეგობარი შეიკრიბა, რომელთაგან უმრავლესობა ცოდვილი და მეზვერე იყო; ისინი ინახით უსხდნენ ტრაპეზს ჩვენს უფალთან და მაცხოვართან ერთად, ესაუბრებოდნენ და უსმენდნენ მას. აქვე იყო რამდენიმე მწიგნობარი და ფარისეველიც. რაკი მათ დაინახეს, რომ უფალს არ ეთაკილებოდა ცოდვილებთან და მეზვერეებთან ყოფნა, მათი ტრაპეზის გაზიარება, დრტვინავნენ და ასე ეუბნებოდნენ იესოს მოწაფეებს:

  • „რაისათვის მეზვერეთა და ცოდვილთა თანა ჭამს მოძღვარი თქვენი?!“ (მათე 9, 11).

უფალმა კი, მოისმინა რა მათი სიტყვები, ასე უთხრა:

  • „არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა. ხოლო თქვენ წარვედით და ისწავეთ, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხვერპლი, რამეთუ არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად“ (იქვე, 12-13).

ამ დროიდან მოყოლებული, მათემ მიატოვა მთელი თავისი ქონება-სამკვიდრებელი, ქრისტეს შეუდგა და უკვე აღარასოდეს განშორებია მას ვითარცა ერთგული მოწაფე. მალე იგი ღირს-იქმნა უფლის 12 უგამორჩეულეს მოციქულთა შორის შერაცხულიყო. სხვა მოწაფეებთან ერთად ახლდა იგი უფალს გალილეისა და იუდეის შემოვლისას, უსმენდა მის ღვთაებრივ სწავლებას, ხედავდა მის მიერ აღსრულებულ ურიცხვ სასწაულმოქმედებებს, თვითონაც ვიდოდა ქადაგებით ისრაელიანთა წყმედულ ცხოვრებთან, და ბოლოს იგიც მოწმე გახდა მაცხოვრის ჯვარზე ვნებისა და მისი გამომსყიდველი სიკვდილისა, შემდეგ კი ყოვლად დიდებული ბრწყინვალე აღდგომისა და ზეცად ამაღლებისა.

უფლის წმიდა მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ წმიდა მათე, სხვა მოციქულებთან ერთად, თავიდან პალესტინაში იმყოფებოდა და იერუსალიმსა და მის შემოგარენში ქადაგებდა სახარებას. მაგრამ, აი, დადგა ის ჟამიც, როცა მოციქულები იერუსალიმიდან უნდა წასულიყვნენ და მთელს ქვეყნიერებაზე გაბნეული ხალხებისათვის ექადაგათ ღვთის სიტყვა, რათა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექციათ ისინი. სანამ წმიდა მათე იერუსალიმს დატოვებდა, ქრისტიანებად მოქცეულმა აქაურმა იუდეველებმა სთხოვეს მას, წერილობით გადმოგვეცი უფალ იესო ქრისტეს საქმეები და მოძღვრება, რათა ყოველთვის, თქვენს არყოფნაშიც, შეგვეძლოს მათი მოხსენებაო. იერუსალიმელ მორწმუნეთა ამ თხოვნას მაშინ იქ მყოფი სხვა მოციქულებიც დაეთანხმნენ, და წმიდა მათეც ამ დიდი საქმის შესრულებას შეუდგა. მისი სახარება დაწერილია 8 წლის შემდგომ უფლის ზეცად ამაღლებიდან.

ეს არის ახალი აღთქმის წიგნებიდან ყველაზე ადრე დაწერილი საღმრთო წიგნი (დასრულებულია დაახლოებით 41 წელს ქრისტეს შობიდან) და ამიტომ პირველი ადგილიც უკავია მათ შორის. მათეს სახარება დაწერილია ებრაული ენის ასირიულ-ქალდეურ, ანუ არამეულ დიალექტზე, რომელიც მაშინ საერთო-სახალხო ენას წარმოადგენდა მთელს პალესტინაში, და თავიდან განკუთვნილი იყო ქრისტიანობაზე მოქცეული იუდეველებისათვის. ამიტომ ყურადღება მასში გამახვილებულია სჯულზე და მასზედ, რომ იესო არის ჭეშმარიტი მესია, ღმერთის მიერ აღთქმული ებრაელი ხალხის მამამთავრებისადმი. ამიტომვე მათეს სახარება იესო ქრისტეს გენეალობიის გადმოცემით იწყება, როგორც დავითისა და აბრაჰამის შთამომავლისა, და საერთოდაც, მასში, უპირატესად, საუბარია ქრისტეს ხორციელ-ქმნასა და განკაცებაზე. ეს თავისებურება მათეს სახარებისა ასახულია ამ წმიდა მოციქულის ხატებზეც, რომლებზეც იგი გამოსახულია ანგელოზისმაგვარ ადამიანთან ერთად, რაც სიმბოლურად ახასიათებს მის მიერ დაწერილ სახარებას.

იერუსალიმიდან წასული წმიდა მოციქული მათე ბევრ ქვეყანაში ქადაგებდა ღვთის სიტყვას. ხარებით მოვვლო მან მაკედონია (საბერძნეთის ჩრდილოეთით), სირია, სპარსეთი, პართია (კასპიის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე დიდი ქვეყანა აზიაში), მიდია (სპარსეთის დასავლეთით, კასპიის ზღვის სამხრეთით მდებარე ქვეყანა) და მთელი ეთიოპიაც, რომლის სახარებით განათლება მას ერგო, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს, თუ ვის სად ექადაგა ჭეშმარიტი სარწმუნოება. ამ ქვეყანაში მან მრავალნი განანათლა სახარების გონიერი სინათლით, და ბოლოს ერთს, კაციჭამიაობით ცნობილი, შავკანიანი ხალხის ქვეყანაშიც მივიდა, სადაც ადამიანები თავიანთი ზნითა და ქცევით გარეულ მხეცებს ჰგავდნენ. აქ წმიდა მათე მახარებელი მირმენად წოდებულ ქალაქში შევიდა, რამდენიმე ადამიანი მოაქცია ქრისტეს რწმენაზე, მცირე ეკლესიაც დაუფუძნა მათ და ეპისკოპოსად თავისი თანამგზავრი და თანამოღვაწე პლატონი დაუდგინა, თვითონ კი მახლობლად მდებარე მთაზე ავიდა, მკაცრად მარხულობდა და გულმოდგინედ ევედრებოდა ღმერთს ამ სასტიკი, ურწმუნო ხალხის მოქცევას. და აი, აქ უკაცრიელ მთაზე განმარტოებულ წმიდა მოციქულს თვით უფალი გამოეცხადა მშვენიერი ჭაბუკის სახით, რომელსაც მარჯვენა ხელში კვერთხი ეჭირა, და მიესალმა თავის მოწაფეს. შემდეგ კვერთხი გაუწოდა და უბრძანა, ჩადი ამ მთიდან ქალაქში და ეს კვერთხი შენს მიერ დაარსებული ეკლესიის კარიბჭესთან აღმართეო, თან კი დასძინა:

  • კვერთხი ესე ჩემი საღმრთო ძალით დიდ ხედ გაიზრდება, უხვად გამოიღებს კეთილ ნაყოფს, სიდიდითა და სიტკბოთი ბევრად აღმატებულთ სხვა ხეთა ნაყოფებზე; მის ძირას აღმოცენაბულ წყაროს წყალში განბანილი ეს კაციჭამიები პირისახის სიმშვენიერეს შეიძენენ, და ყველა, ვინც კი იგემებს ხის ნაყოფს, დაივიწყებს მხეცის ზნეს და კეთილ, უწყინარ ადამიანად გადაიქცევა!

წმიდა მოციქულმა მათემ ჩაიბარა კვერთხი უფლის ხელთაგან, ჩავიდა ქალაქში და ნარბძანების შესასრულებლად გაემართა. იმ ქალაქის მთავრის, ფუბლიანეს ცოლი და ვაჟიშვილი ბოროტი სულებით იყვნენ შეპყრობილნი. დედა-შვილი შემთხვევით შეხვდა ქუჩაში მიმავალ მოციქულს და სასტიკი, შემაშინებელი ხმით დაიწყეს ყვირილი:

  • ვინ გამოგგზავნა აქ მაგ კვერთხით?! რატომ გინდა წარგვწყმიდო ჩვენ?!

წმიდა მათემ აღუკრძალა არაწმიდა სულებს ღაღადი და განდევნა ისინი. განკურნებულმა დედა-შვილმა თაყვანი სცა მოციქულს და მშვიდად გაჰყვნენ უკან. ეპისკოპოსმა პლატონმა შეიტყო მათეს ჩამოსვლა და სამღვდელოთა თანა მიეგება. წმიდა მათე მივიდა ეკლესიასთან და ყოველივე ისე ქმნა, როგორც უფლისაგან ჰქონდა ნაბრძანები: კარებთან აღმართა ქრისტესაგან მიღებული კვერთხი, რომელიც უმალვე იქ მყოფთ თვალწინ, დიდ ხედ გადაიქცა, ფართოდ ტოტებგაშლილად, შესანიშნავი, დიდი და ტკბილი ნაყოფებით დახუნძლულად, ხოლო მისი ძირიდან წყაროს წყალი გამოედინა. ამის ხილვაზე ყველანი გაოგნებულნი და დიდად განკვირვებულნი იყვნენ. სასწაულებრივი ხის სანახავად მთელი ქალაქი შეიყარა – ყველანი ჭამდნენ მის ნაყოფთ და სვამდნენ ანკარა წყალს. წმიდა მოციქული მათე კი ამ დროს შემაღლებულ ადგილას იდგა და მათებურ ენაზე უქადაგებდა ღვთის სიტყვას მოქალაქეებს. იმ დღეს ყველამ ირწმუნა იესო ქრისტე ჭეშმარიტ ღმერთად, და წმიდა მოციქულმა ისინი იქვე მონათლა, სასწაულებრივად აღმოცენებულ წყაროს წყალში. და მართლაც, უფლის სიტყვისამებრ, ყველა კაციჭამია ადამიანი ნათლობის წყალთაგან პირისახე გამშვენიერებული გამოდიოდა; მათ შავი კანიც კი თეთრად შეეცავალათ. სხეულებრივ სისპეტაკესთან და სიმშვენიერესთან ერთად, ისინი სულიერ სიმშვენიერესაც იძენდნენ, რამეთუ განიძარცვავდნენ მას კაცსა და შეიმოსავდნენ ახალს – უფალ იესო ქრისტეს.

როცა თავისი ცოლ-შვილის განკურნებისა და მომხდარი სასწაულის შესახებ შეიტყო, ქალაქის თავმა თავიდან განიხარა, მაგრამ შემდეგ, ეშმაკის ჩაგონებით, რისხვით აღივსო მოციქულისადმი, რადგან მთელი ქალაქის მცხოვრებნი მასთან მიდიოდნენ და ინათლებოდნენ, ხოლო თავიანთ უწინდელ კერპებს ზურგს აქცევდნენ. ამის გამო ფუბლიანემ მისი მოკვლა გადაწყვიტა.

მაგრამ იმავე ღამეს წმიდა მათეს მაცხოვარი გამოეცხადა და უბრძანა: გამხნევდი – მომავალ განსაცდელში მე შენს გვერდით ვიქნები და შეგეწევიო. მეორე დილით, როცა წმიდა მოციქული მორწმუნეებთან ერთად ეკლესიაში იმყოფებოდა და ქება-დიდებას უგალობდა ღმერთს, ქალაქის მთავარმა ოთხი მხედარი გაგზავნა მის შესაპყრობად. როცა შეიარაღებული მეომრები უფლის ტაძარს მოადგნენ, ისინი უმალ წყვდიადმა მოიცვა, და შეძრწუნებულებმა ძლივს მოახერხეს უკან დაბრუნება. ფუბლიანემ ჰკითხა, რატომ არ შეიპყარით და აქ არ მომგვარეთ მათეო. მათ კი მიუგეს:

  • ჩვენ გვესმოდა მისი საუბარი, მაგრამ ვერაფერს ვხედავდით. ამიტომაც ვერ შევიპყარით და ვერ მოვიყვანეთ!

მაშინ ფუბლიანე კიდევ უფრო განრისხდა და ბევრი შეიარაღებული მეომარი გაგზავნა ეკლესიაში, – ძალით მომიყვანეთ აქ, ხოლო თუ ვინმე შეგეწინააღმდეგათ და დაიცვა მათე, ადგილზევე მოჰკალითო. მაგრამ ეს მეომრებიც გაწბილებულნი დაბრუნდნენ, რადგან როცა ტაძარს მიუახლოვდნენ, ანაზდად, ზეციურმა ნათელმა განაბრწყინა წმიდა მოციქული, ისე, რომ მეომრები ვერაფერს ხედავდნენ; შეძრწუნებულებმა იქვე დაყარეს საჭურველი და შიშისაგან ნახევრად მკვდარნი მიიქცნენ უკან თავიანთ მთავართან, რათა ყოველივე ეუწყებინათ. ფუბლიანე საშინლად განრისხდა, მთელი თავისი ხელქვეითობა შეჰყარა და განძვინებული გამოემართა ეკლესიისაკენ, რათა თვითონვე შეეპყრო მოციქული. მაგრამ ტაძართან მისული, როგორც კი მიუახლოვდა წმიდა მათეს, ანაზდად იქვე დაბრმავდა, შეძრწუნებული აქეთ-იქით აწყდებოდა და ითხოვდა, დამეხმარეთ, მეგზური მომეცითო და როცა ვერავინ გაბედა მასთან მისვლა, ვედრება დაუწყო მოციქულს, შემინდე შეცოდება და დამიბრუნე დაკარგული თვალისჩინიო. მაშინ წმიდა მათემ ყველას დასანახად ჯვარის ნიში გადასახა მთავრის თვალებს და უმალვე აუხილა. მაგრამ მთავარმა მხოლოდ სხეულებრივი თვალნი აღიხილნა, რამეთუ დიდ გაბოროტებას სრულიად დაებრმავებინა იგი: ესოდენ დიდი სასწაული საღმრთო ძალას კი არ მიაწერა, არამედ – ჯადოქრობას. მან ხელი მოჰკიდა მოციქულს და თავისი სახლისაკენ წაიყვანა ვითომცდა პატივსაცემად, გულში კი მზაკვრულად განიზრახავდა უფლის მოციქულის ცოცხლად დაწვას, როგორც ბოროტი მოგვისას. წმიდა მათე მიხვდა ბოროტი მთავრის ფარულ ზრახვას და მზაკვრობაში ამხილა ფუბლიანე.

  • ჰოი, მაცთურო მტარვალო! – აუბნებოდა იგი მთავარს, – მალე თუ აღასრულებ ჩემზე იმას, რაც განგიზრახავს? გააკეთე ის, რაც სატანას ჩაუგონებია შენთვის! მე კი, როგორც ხედავ მზად ვარ სიკვდილი დავითმინო ჩემი ღმერთისთვის!

მაშინ ფუბლიანემ უბრძანა მეომრებს შეეპყროთ წმიდა მოციქული, მიწაზე დაეგდოთ გულაღმა და ხელ-ფეხით ძელისათვის მიემსჭვალათ. როცა ეს აღასრულეს, მსახურებმა, ასევე მთავრის ბრძანებით, დიდძალი ფიჩხი და ტოტები მოაგროვეს, მოიტანეს ფისი და გოგირდიც, ყოველივე ეს მოციქულს დააყარეს ზემოდან და ცეცხლი წაუკიდეს. მაგრამ როცა კოცონი დიდზე აღეგზნო და ყველას ეგონა, მათე სრულიად დაიწვაო, ანაზდად ცეცხლი მინავლდა, ჩაქრა და წმიდა მოციქულიც ცოცხალი გამოჩნდა, უვნებელი და შემოქმედი ღმერთის განმადიდებელი. მაგრამ ფუბლიანე კიდევ უფრო განძვინდა ამის ხილვაზე. მას არ სურდა ღმერთის ძალა ეღიარებინა მომხდარში, რამაც ცოცხალი შეინარჩუნა ქრისტეს წმიდა მქადაგებელი და სრულიად უვნებელი გადაარჩინა ფიცხელ ცეცხლს. ფუბლიანე უსამართლო ბრალდებებს უყენებდა წმიდა მათეს და ბოროტ, გრძნეულ მოგვად ხმობდა.

  • თავისი ბოროტი გრძნეულებით ჩააქრო მათემ ცეცხლი! – ეუბნებოდა იგი ხალხს. – და თავისი მოგვობით დარჩა ცოცხალი!

მერე უბრძანა მსახურთ კიდევ უფრო მეტი შეშა, ტოტები და ფიჩხი მოეტანათ, მათეზე დაეყარათ და ცეცხლი წაეკიდებინათ, ზემოდან კი ფისი გადაესხათ. გარდა ამისა, თავისი თორმეტი ოქროს კერპიც მოატანინა და კოცონის გარშემო დაადგმევინა, რათა ამით მათეს „მოგვობა“ განექარვებინა; თვითონაც იქვე დადგა აღგზნებულ კოცონთან და შეწევნისათვის მოუწოდებდა თავის „ღმერთებს“ – დაე, ნუ გადაურჩება მათე ცეცხლის დამწველ ძალას და, დაე, ფერფლად იქცესო! წმიდა მოციქული კი ცეცხლის ალშიც ილოცვიდა ძალთა და ხელმწიფებათა უფლის წინაშე, რათა მას თავისი უძლეველი ყოვლისშემძლეობა ეჩვენებინა იქ შეკრებილი ხალხისათვის, განეცხადებინა წარმართული კერპების სრული უღონობა და განეწბილებინა მათი მსასოებელი უგუნური ადამიანები.

და აი, ანაზდად ცეცხლის ალი საშინელი გრიალით ეკვეთა ოქროს კერპებს და ისინი მყისვე ცვილივით დადნენ ცეცხლის სიმხურვალისაგან, ამასთან, ცეცხლმა ბევრი იქ მდგომი წარმართიც დაწვა; ხოლო დამდნარი კერპებისაგან გველის სახემიღებული ალი გამოიჭრა და ფუბლიანესაკენ გაქანდა; გაოგნებულ მთავარს არ შეეძლო გაქცეულიყო და ამით აეცილებინა თავიდან საშიშროება. იგი უღონოდ დაემხო ძირს, და მორჩილი ვედრებით მიმართა წმიდა მოციქულს – მიხსენი დაღუპვისაგანო. მართლაც, როგორც კი წმიდა მათემ შერისხა ცეცხლი, იგი უმალვე დასცხრა და გველისსახემიცემული ალიც გაქრა. მაშინ ფუბლიანემ ისურვა ცეცხლიდან პატივით გამოეყვანა მათე. მაგრამ წმიდა მოციქულმა ლოცვა აღასრულა და უფალს მიაბარა თავისი წმიდა სული (ეს მოხდა დაახლოებით 60 წელს ქრისტეს შობიდან).

მაშინ მთავარმა ფუბლიანემ ბრძანა ოქროს სარეცელი მოეტანათ და მასზე დაესვენებინათ წმიდა მოციქულის პატიოსანი სხეული, სრულიად უვნებლად გადარჩენილი ცეცხლს; შემდეგ ძვირფასი შესამოსელით შეამოსინა იგი, თავის დიდებულებთან ერთად მაღლა ასწია და სასახლეში შეასვენა. თუმცა მას ჯერ კიდევ არ შეეძინა სრულყოფილი რწმენა, და ამიტომ უბრძანა რკინის კიდობანი გამოეჭედათ, ყველა მხრიდან კალის სხმულით დაეფარათ და ზღვაში გადაეგდოთ. ამასთან, ასე უთხრა დიდებულებს:

  • თუკი ის, ვინც ცეცხლისაგან უვნებლად გადაარჩინა მათე, წყალში ჩაძირვისგანაც დაიფარავს მას, მაშინ ვირწმუნოთ, რომ სწორედ იგია ჭეშმარიტი ღმერთი, მას ვცეთ თაყვანი და ზურგი ვაქციოთ ჩვენს ყველა „ღმერთს“, რომელთაც არ ძალედვათ საკუთარი თავი გადაერჩინათ ცეცხლში დაღუპვისაგან!

მას შემდეგ, რაც რკინის კიდობანი მოციქულის პატიოსანი ნაწილებით ზღვაში გადააგდეს, წმიდა მათე ღამით გამოეცხადა ეპისკოპოს პლატონს და უთხრა:

  • ხვალ მოდი ზღვის სანაპიროზე, მთავრის სასახლის აღმოსავლეთით და იქ ჩემ ნაწილებს ნახავ, ხმელეთზე გამორიყულთ!

დილით ეპისკოპოსი მორწმუნეთა დიდ სიმრავლესთან ერთად ხსენებულ ადგილას მივიდა და მართლაც ჰპოვა იქ რკინის კიდობანი წმიდა მოციქულის პატიოსანი ნაწილებითურთ, როგორც ეს ჩვენებაში ეუწყა.

ეს ამბავი მთავარმა ფუბლიანემაც შეიტყო და თავის დიდებულებთან ერთად ზღვის სანაპიროზე მივიდა. ამჯერად მან უკვე საბოლოოდ და სავსებით ირწმუნა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, და ყველას გასაგონად აღიარა, რომ სწორედ იგია ერთი ჭეშმარიტი ღმერთი, რომელმაც უვნებლად დაიცვა თავისი მონა მათე სიცოცხლეშიც – ცეცხლში დაწვისაგან, და სიკვდილის შემდეგაც – ზღვათა სიღრმეში გაუჩინარებისაგან. იგი თვალცრემლიანი ემთხვეოდა კიდობანს, რომელშიც წმიდა ნაწილები ესვენა, და შენდობას ევედრებოდა უწინდელ შეცოდებათათვისაც და იმისთვისაც, რომ შეურაცხყოფა და ტანჯვა მიაყენა თვით მასაც, ამასთან, გულმხურვალე სურვილიც გამოთქვა წმიდა ნათელის მიღებისა. ეპისკოპოსმა პლატონმა, რა დაინახა ფუბლიანეს რწმენა და გულმოდგინება, ნათლობისათვის განამზადა იგი, ჭეშმარიტ სარწმუნოებაში დამოძღვრა და შემდეგ მონათლა კიდეც. და როცა ხელიც დაასხა მონათლულს, რათა ახალი სახელი დაერქმია, ანაზდად ზეგარდამო ხმა მოესმა, რომელიც ეუბნებოდა:

  • ფუბლიანე კი არა, მათე უწოდე მაგას!

მართლაც, შეიძინა რა წმიდა ნათლობით უფლის ამ მოციქულის სახელი, ქალაქის მთავარი ყოველთვის ცდილობდა მისი ცხოვრებისათვის მიებაძა: მალე სხვას ჩააბარა თავისი სამთავრო ხელისუფლება, სრულიად უარყო ამქვეყნიური საზრუნავნი და მთლიანად ლოცვა-ვედრებას მიეცა ღმრთის ეკლესიაში. ამის გამო იგი ღირს-იქმნა ეპისკოპოს პლატონისაგან ხუცესად კურთხევისა. ხოლო სამი წლის შემდეგ, როცა მღვდელმთავარი პლატონი გარდაიცვალა, ყოფილ მთავარსა და აწ უკვე ქრისტეს ეკლესიის ხუცესს ხილვაში წმიდა მათე მოციქული გამოეცხადა და შეაგონებდა, სწორედ შენ უნდა მიიღო ნეტარი პლატონის შემდეგ საეპისკოპოსო ტახტიო.

მართლაც, მათემ მიიღო ეპისკოპოსობა და კეთილად იღვაწა რწმენის ხარებაში: მრავალნი განაშორა კერპთაყვანისმცემლობის სიბნელეს და ჭეშმარიტ ღმერთთან მოიყვანა; ბოლოს კი, ხანგრძლივი, ღვთის სათნომყოფელი ცხოვრების შემდეგ თვითონაც ჩაბარდა უფალს და აწ, წმიდა მოციქულთან და მახარებელთან – მათესთან ერთად წინამდგომლობს ღმერთის საყდრის წინაშე და ჩვენთვის ევედრება უფალს, რათა ყოველნი გავხდეთ მისი საუკუნო სასუფევლის მემკვიდრეები და მარადის მას განვადიდებდეთ თანა მამით და სულიწმიდითურთ. ამინ.

„უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მოციქულთა ცხოვრება“, თბილისი, 2004 წ.