ახალი აღთქმა
თავები 10–12
წმ. გიორგი მთაწმინდელის რედაქცია
მათეს
1და მოუწოდა ათორმეტთა მოწაფეთა თჳსთა და მისცა მათ ჴელმწიფებაჲ სულთა ზედა არაწმიდათა, რაჲთა განასხმიდენ მათ და განჰკურნებდენ ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათა.
2ხოლო ათორმეტთა მათ მოციქულთა სახელები ესე არს: პირველად სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი, იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ მისი,
3ფილიპე და ბართლომე, თომა და მატთეოს მეზუერე, იაკობ ალფესი და ლებეოს, რომელსა ეწოდა თადეოს,
4სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმანცა განსცა იგი.
5ესე ათორმეტნი წარავლინნა იესუ, ამცნო მათ და ჰრქუა: გზასა წარმართთასა ნუ მიხუალთ და ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ,
6არამედ მივედით უფროჲს ხოლო ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა.
7და მი-რაჲ-ხჳდეთ, ქადაგებდით და იტყოდეთ, ვითარმედ: მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ.
8უძლურთა განჰკურნებდით, მკუდართა აღადგინებდით, კეთროვანთა განსწმედდით, ეშმაკთა განასხემდით; უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდ მისცემდით.
9ნუ მოიგებთ ოქროსა, ნუცა ვეცხლსა, ნუცა რვალსა სარტყელთა თქუენთა,
10ნუცა ვაშკარანსა გზასა ზედა, ნუცა ორსა სამოსელსა, ნუცა ჴამლთა, ნუცა კეურთხსა, რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა.
11რომელსა ქალაქსა ანუ დაბასა შეხჳდეთ, გამოიკითხეთ; ვინ ღირს იყოს, მუნ დაადგერით ვიდრე გამოსლვადმდე.
12და შე-რაჲ-ხჳდოდით სახლსა მას, მოიკითხეთ იგი და თქუთ: მშჳდობაჲ სახლსა ამას!
13და უკუეთუ სახლი იგი ღირს იყოს, მოვიდეს მშჳდობაჲ თქუენი მას ზედა; უკუეთუ არა ღირს იყოს, მშჳდობაჲ თქუენი თქუენდავე მოიქეცინ.
14და უკუეთუ არავინ შეგიწყნარნეს თქუენ და არცა ისმინნეს სიტყუანი თქუენნი, გამო-რაჲ-ხჳდოდით მიერ სახლით გინა მიერ ქალაქით, განიყარეთ მტუერი ფერჴთა თქუენთაჲ.
15ამენ გეტყჳ თქუენ: უმოლხინეს იყოს ქუეყანაჲ იგი სოდომისაჲ და გომორისაჲ დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე ქალაქი იგი.
16აჰა მე მიგავლინებ თქუენ, ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა. იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი.
17ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ.
18და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანნენ თქუენ ჩემთჳს საწამებელად მათდა და წარმართთა.
19და რაჟამს მიგცნენ თქუენ, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რასა-იგი იტყოდით.
20რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაჲ, რომელი იტყოდის თქუენ შორის.
21რამეთუ მისცეს ძმამან ძმაჲ სიკუდილდ და მამამან – შვილი; და აღდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკლვიდენ მათ.
22და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს. ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.
23რაჟამს გდევნიდენ თქუენ ამიერ ქალაქით, მიივლტოდეთ სხუად. ამენ გეტყჳ თქუენ: ვერ დაასრულოთ ქალაქები ისრაჱლისაჲ, ვიდრემდის ძე კაცისაჲ მოვიდეს.
24არა არს მოწაფე უფროჲს მოძღურისა თჳსისა, არცა მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა.
25კმა არს მოწაფისა მის, უკუეთუ იყოს, ვითარცა მოძღუარი თჳსი, და მონაჲ იგი, ვითარცა უფალი თჳსი. უკუეთუ სახლისა უფალსა ბელზებულით ჰხადოდეს, რაოდენ უფროჲს სახლეულთა მისთა?
26ნუუკუე გეშინინ მათგან, რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოჩნდეს, და არცა საიდუმლოჲ, რომელი არა გამოცხადნეს.
27რომელი გარქუ თქუენ ბნელსა შინა, თქუენ თქუთ ნათელსა შინა; და რომელი ყურთა გესმა, ქადაგებდით ერდოთა ზედა.
28და ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი, ხოლო სულისა ვერ ჴელ-ეწიფების მოკლვად. არამედ გეშინოდენ მისა უფროჲს, რომელი შემძლებელ არს სულისა და ჴორცთა წარწყმედად გეჰენიასა შინა.
29ანუ არა ორი სირი ასარის განისყიდებისა? და ერთიცა მათგანი არა დავარდების ქუეყანასა ზედა თჳნიერ მამისა თქუენისა.
30ხოლო თქუენნი თავისა თმანიცა ყოველნი განრაცხილ არიან.
31ნუ გეშინინ, რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ თქუენ.
32ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა.
33და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-ვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა.
34ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშჳდობისა ქუეყანასა ზედა; არა მოვედ მიფენად მშჳდობისა, არამედ მახჳლისა.
35რამეთუ მოვედ განყოფად კაცისა მამისაგან თჳსისა და ასული – დედისაგან თჳსისა და სძალი – დედამთილისაგან თჳსისა.
36და მტერ იყვნენ კაცისა სახლეულნი თჳსნი.
37რომელსა უყუარდეს მამაჲ ანუ დედაჲ უფროჲს ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს; და რომელსა უყუარდეს ძე ანუ ასული უფროჲს ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს.
38და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს.
39რომელმან მოიპოოს სული თჳსი, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი.
40რომელმან შეგიწყნარნეს თქუენ, მე შემიწყნარა; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი.
41რომელმან შეიწყნაროს წინასწარმეტყუელი სახელად წინასწარმეტყუელისა, სასყიდელი წინასწარმეტყუელისაჲ მიიღოს; და რომელმან შეიწყნაროს მართალი სახელად მართლისა, სასყიდელი მართლისაჲ მიიღოს.
42და რომელმან ასუას ერთსა მცირეთაგანსა სასუმელი ერთი წყალი გრილი სახელად მოწაფისა, ამენ გეტყჳ თქუენ, არა წარუწყმდეს სასყიდელი მისი.
მათეს
1და იყო რაჟამს დაასრულნა იესუ ბრძანებანი ესე ათორმეტთა მიმართ მოწაფეთა მისთა, წარვიდა მიერ ქადაგებად და სწავლად ქალაქებსა მათსა.
2ხოლო იოვანეს რაჲ ესმნეს საპყრობილესა შინა საქმენი ქრისტესნი, მიავლინნა ორნი მოწაფენი თჳსნი
3და ჰრქუა: შენ ხარა მომავალი იგი, ანუ სხუასა მოველოდით?
4ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: მივედით და უთხართ იოვანეს, რომელი გესმის და ჰხედავთ:
5ბრმანი აღიხილვენ, მკელობელნი ვლენან, კეთროვანნი განწმდებიან, და ყრუთა ესმის, და მკუდარნი აღდგებიან და გლახაკთა ეხარების.
6და ნეტარ არს, რომელი არა დაბრკოლდეს ჩემდა მომართ.
7და ვითარცა ესენი წარვიდეს, იწყო იესუ სიტყუად ერსა მას იოვანესთჳს: რაჲსა გამოხუედით უდაბნოდ ხილვად? ლერწმისა, ქარისაგან შერყეულისა?
8არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? კაცისა, ჩჩჳლითა სამოსლითა შემოსილისა? აჰა ესერა რომელნი ჩჩჳლითა სამოსლითა შემოსილ არიან, სახლთა შინა სამეუფოთა არიან.
9არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? წინაწარმეტყუელისა? ჰე, გეტყჳ თქუენ, და უმეტეს წინაწარმეტყუელისა.
10რამეთუ ესე არს, რომლისათჳს წერილ არს: აჰა ესერა წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე შენსა, რომელმან განჰმზადეს გზანი შენნი წინაშე პირსა შენსა.
11ამენ გეტყჳ თქუენ: არა აღდგომილ არს ნაშობთაგანი დედათაჲ უფროჲს იოვანეს ნათლის-მცემელისა; ხოლო უმცირესი სასუფეველსა ცათასა უფროჲს მისა არს.
12რამეთუ დღითგან იოვანე ნათლის-მცემლისაჲთ ვიდრე აქამომდე სასუფეველი ცათაჲ იიძულების; და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი.
13რამეთუ ყოველნი წინაწარმეტყუელნი და სჯული ვიდრე იოვანესამდე წინაწარმეტყუელებდეს.
14და უკუეთუ გნებავს შეწყნარების, იგი არს ელია, რომელი მოვალს.
15რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!
16აწ ვის ვამსგავსო ნათესავი ესე? მსგავს არს ყრმათა, რომელნი სხენედ უბანთა და მოუწესედ მოყუასთა თჳსთა
17და ეტყჳედ მათ: გისტჳნევდით თქუენ, და არა ჰროკევდით, გიგოდებდით, და არა იტყებდით.
18რამეთუ მოვიდა იოვანე, არცა ჭამდა, არცა სუმიდა, და იტყჳან, ვითარმედ: ეშმაკეულ არს.
19მოვიდა ძე კაცისაჲ, ჭამს და სუამს, და იტყჳან: აჰა კაცი მჭამელი და ღჳნის-მსუმელი, მეგობარი მეზუერეთა და ცოდვილთაჲ. და განმართლდა სიბრძნე შვილთაგან თჳსთა.
20მაშინ იწყო იესუ ყუედრებად ქალაქებისა მის, სადა-იგი იქმნნეს უმრავლესნი ძალნი მისნი, რამეთუ არა შეინანეს:
21ვაჲ შენდა, ქორაზინ, და ვაჲ შენდა, ბეთსაიდა! რამეთუ ტჳროსს თუმცა და სიდონს იქმნნეს ძალნი მისნი, რომელნი იქმნნეს თქუენ შორის, მაშინვე სამემცა ძაძითა ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს.
22ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ტჳროსი და სიდონი უმოლხინეს იყოს დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე თქუენ.
23ხოლო შენ, კაპერნაუმ, ნუ ცადმდე აჰმაღლდები, არამედ ჯოჯოხეთადმდე შთაჰჴდე, რამეთუ სოდომს თუმცა იქმნნეს ძალნი, რომელნი იქმნნეს შენ შორის, ჰგიანამცა დღენდელად დღედმდე.
24ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ქუეყანაჲ იგი სოდომისაჲ უმოლხინეს იყოს დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე შენ.
25მას ჟამსა შინა იტყოდა იესუ და თქუა: აღგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისაო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჩჳლთა.
26ჰე, მამაო, რამეთუ ესრეთ სათნო-იყო შენ წინაშე.
27ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ; და არავინ იცის ძე, გარნა მამამან; არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან, და რომლისაჲ უნდეს ძესა გამოცხადების.
28მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ.
29აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ.
30რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი სუბუქ არს.
მათეს
1მას ჟამსა შინა წარვიდოდა იესუ დღესა შაბათსა ყანობირსა მათსა. ხოლო მოწაფეთა მისთა შეემშია და იწყეს მუსრვად თავსა ჴუვილისასა და ჭამად.
2ხოლო ფარისეველთა მათ იხილეს რაჲ, ჰრქუეს მას: აჰა მოწაფენი შენნი იქმან, რომელი არა ჯერ-არს შაბათსა შინა საქმედ.
3ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: არა აღმოგიკითხავსა, რაჲ-იგი ყო დავით, ოდეს-იგი შეემშია და მისთანათა მათ?
4ვითარ-იგი შევიდა სახლსა ღმრთისასა და პურნი იგი შესაწირავთანი შეჭამნა, რომელთაჲ არა ჯერ-იყო ჭამად მისა, არცა მისთანათა მათ, გარნა მღდელთა ხოლო?
5ანუ არა აღმოგიკითხავსა შჯულსა, რამეთუ შაბათთა შინა მღდელთა ტაძარსა მას შინა შაბათი შეურაცხ-ყვიან და უბრალო იყვნიან?
6ხოლო გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: ტაძრისა უფროჲს არს აქა.
7უკუეთუმცა გეცნა, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი, არამცა დასაჯენით უბრალონი.
8უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა.
9და წარმოვიდა მიერ იესუ და მოვიდა შესაკრებელსა მათსა.
10და იყო მუნ კაცი ერთი, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა. ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: უკუეთუ ჯერ-არს შაბათსა კურნებაჲ რაჲთამცა შეასმინეს იგი.
11ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ვინ არს თქუენგანი კაცი, რომელსა ედგას ცხოვარი ერთი და შთავარდეს იგი დღესა შაბათსა ჯურღმულსა, არა-მე უპყრასა და აღმოიქუას იგი?
12რაოდენ უმჯობეს არს კაცი ცხოვრისა? ამისთჳს ჯერ-არს შაბათსა შინა კეთლისა საქმე.
13მაშინ ჰრქუა იესუ კაცსა მას: განირთხ ჴელი შენი! და მან განირთხა ჴელი, და კუალად მოეგო ცოცხალი, ვითარცა ერთი იგი.
14ხოლო ფარისეველნი იგი გამოვიდეს და ზრახვა-ყვეს მისთჳს, რაჲთა წარწყმიდონ იგი. ხოლო იესუ გულისჴმა-ყო და განეშორა მიერ და წარვიდა.
15და მისდევდა მას ერი მრავალი, და განკურნნა იგი ყოველნი.
16და ამცნო მათ, რაჲთა არა გამოაცხადონ იგი.
17რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი ესაია წინაწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს:
18აჰა ესერა ძე ჩემი, რომელი მე სათნო-ვიყავ, საყუარელი ჩემი, რომელი სთნავს სულსა ჩემსა. დავდა სული ჩემი მის ზედა, და სამართალი წარმართთა მიუთხრას.
19არა ჰჴდებოდის, არცა ღაღადებდეს, არცა ესმეს ვის უბანთა ზედა ჴმაჲ მისი.
20ლერწამი შემუსრვილი არა განტეხოს და პატრუკი მბნდჳნვარე არა დაშრიტოს, ვიდრემდე გამოიღოს ძლევად სასჯელი.
21და სახელსა მისსა წარმართნი ესვიდენ.
22მაშინ მოჰგუარეს მას ეშმაკეული ბრმაჲ და ყრუჲ, და განკურნა იგი, ვითარმედ ყრუჲ და ბრმაჲ ხედვიდა და იტყოდა.
23და განუკჳრდებოდა ერსა მას და იტყოდეს: ნუუკუე ესე არს ძე დავითისი?
24ხოლო ფარისეველთა მათ ვითარცა ესმა ესე, იტყოდეს: ესე არა განასხამს ეშმაკთა, გარნა ბელზებულითა, მთავრითა მით ეშმაკთაჲთა.
25იცოდნა იესუ ზრახვანი იგი გულისა მათისანი და ჰრქუა მათ: ყოველი მეუფებაჲ, რომელი განევლთის თავსა თჳსსა, მოოჴრდის; და ყოველი ქალაქი გინა სახლი, რომელი განევლთის თავსა თჳსსა, ვერ დაემტკიცოს.
26და უკუეთუ ეშმაკი ეშმაკსა განჰჴდის, თავსა თჳსსა განევლთა; ვითარ დამტკიცნეს მეუფებაჲ მისი?
27და უკუეთუ მე ბელზებულითა განვასხამ ეშმაკთა, ძენი თქუენნი რაჲთა განასხმენ? ამისთჳს იგინივე მსაჯულ თქუენდა იყვნენ.
28უკუეთუ მე სულითა ღმრთისაჲთა განვასხამ ეშმაკთა, მო-სამე-იწია თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲ.
29ანუ ვითარ ვის ჴელ-ეწიფების სახლსა ძლიერისასა შესლვად და ჭურჭელი მისი გამოტყუენვად, უკუეთუ არა პირველად შეკრას ძლიერი იგი და მაშინღა სახლი მისი იავარ-ყოს.
30რომელი არა არს ჩემ თანა, იგი მტერი ჩემი არს; და რომელი არა შეჰკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს.
31ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ყოველი ცოდვაჲ და გმობაჲ მიეტეოს კაცთა, ხოლო სულისა წმიდისა გმობაჲ არა მიეტეოს კაცთა.
32და რომელმან თქუას სიტყუაჲ ძისა კაცისათჳს, მიეტეოს მას; ხოლო რომელმან თქუას სულისა წმიდისათჳს, არა მიეტეოს მას არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა მას.
33ანუ ყავთ ხე იგი კეთილ და ნაყოფიცა მისი კეთილ; ანუ ყავთ ხე იგი ხენეშ და ნაყოფიცა მისი ხენეშ; რამეთუ ნაყოფისაგან ხე იგი საცნაურ არს.
34ნაშობნო იქედნეთანო, ვითარ ჴელ-გეწიფების კეთილისა სიტყუად, რამეთუ თქუენ უკეთურნი ხართ? რამეთუ ნამეტნავისაგან გულისა პირი იტყჳნ.
35კეთილმან კაცმან კეთილისაგან საუნჯისა გამოიღის კეთილი, და ბოროტმან კაცმან ბოროტისაგან საუნჯისა გამოიღის ბოროტი.
36ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ: ყოველი სიტყუაჲ უქმი რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაჲ მისთჳს დღესა მას სასჯელისასა.
37რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო.
38მაშინ მი-ვიეთმე-უგეს მწიგნობართაგან და ფარისეველთა და ჰრქუეს: მოძღუარ, გუნებავს შენგან სასწაულისა ხილვად.
39ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იგი იონა წინაწარმეტყუელისაჲ.
40რამეთუ ვითარცა-იგი იყო იონა მუცელსა ვეშაპისასა სამ დღე და სამ ღამე, ეგრეთ იყოს ძე კაცისაჲ გულსა ქუეყანისასა სამ დღე და სამ ღამე.
41კაცნი იგი ნინეველნი აღდგენ სასჯელსა მას ნათესავისა ამის თანა და დასჯიდენ მათ, რამეთუ შეინანეს ქადაგებასა მას იონაჲსსა; და აჰა ესერა უფროჲს იონაჲსსა არს აქა.
42დედოფალი იგი სამხრისაჲ აღდგეს სასჯელსა მას ნათესავსა ამას თანა და დასაჯოს იგი, რამეთუ მოვიდა კიდით ქუეყანისაჲთ სმენად ამის თანა და დასაჯოს იგი, რამეთუ მოვიდა კიდით ქუეყანისაჲთ სმენად სიბრძნესა სოლომონისსა; და აჰა ესერა უფროჲს სოლომონისსა არს აქა.
43ხოლო რაჟამს სული იგი არაწმიდაჲ განვიდის კაცისაგან, მიმოვალნ ურწყულთა ადგილთა და ეძიებნ განსუენებასა და არა პოვის.
44მაშინ თქჳს: მივიქცე სახედ ჩემდა, ვინაჲცა გამოვედ; და მი-რაჲ-ვიდის, პოვის იგი მოცალე, განშუენებული და შემკული.
45მაშინ წარვიდის და მოიყვანნის მის თანა სხუანი შჳდნი სულნი, უბოროტესნი მისა, და მოვიდის და დაემკჳდრის მუნ. და იქმნის უკუანაჲსკნელი კაცისაჲ მის უძჳრეს პირველისა. ესრეთ ეყოს ნათესავსა ამასცა უკუეთურსა.
46და იყო ვიდრე იგი ეტყოდაღა ერსა მას, აჰა ესერა დედაჲ მისი და ძმანი მისნი დგეს გარე და ეძიებდეს მას სიტყუად.
47მაშინ ჰრქუა ვინმე მას: აჰა დედაჲ შენი და ძმანი შენნი დგანან გარეშე და უნებს რაჲმე სიტყუად შენდა.
48ხოლო იესუ მიუგო მეტყუელსა მას და ჰრქუა: ვინ არს დედაჲ ჩემი, ანუ ვინ არიან ძმანი ჩემნი?
49და მიყო ჴელი მისი მოწაფეთა მიმართ თჳსთა და თქუა: აჰა დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი!
50რამეთუ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ, იგი არს ძმაჲ და დაჲ და დედაჲ ჩემი.