სახარების სარჩევი

ახალი აღთქმა

მათეს სახარება

თავები 13–15

წმ. გიორგი მთაწმინდელის რედაქცია

13

მათეს

თავი 13

1მას დღესა შინა გამოვიდა იესუ სახლისა მისგან და დაჯდა იგი ზღჳს-კიდესა.

2და შეკრბა მისა ერი მრავალი, ვიდრე შესლვადმდე მისა ნავად და დაჯდომად. და ყოველი იგი ერი ზღჳს-კიდესა დგა.

3და ეტყოდა მათ მრავალსა იგავით და ჰრქუა: ესერა გამოვიდა მთესვარი თესვად.

4და თესვასა მას მისსა რომელიმე დავარდა გზასა ზედა. და მოვიდეს მფრინველნი ცისანი და შეჭამეს იგი.

5და სხუაჲ დავარდა კლდოვანსა ზედა, სადა არა იყო მიწაჲ ფრიად; და მეყსეულად აღმოსცენდა, და რამეთუ არა იყო სიღრმე მიწისაჲ,

6მზე რაჲ აღმოჰჴდა, დასცხა, და რამეთუ ძირნი არა დაებნეს, განჴმა.

7და სხუაჲ იგი დავარდა ეკალთა შორის, და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი.

8და რომელიმე დავარდა ქუეყანასა კეთილსა და მოსცემდა ნაყოფსა: რომელიმე ასსა, რომელიმე სამეოცსა, რომელიმე ოც და ათსა.

9რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!

10და მოუჴდეს მოწაფენი და ჰრქუეს მას: რაჲსათჳს იგავით ეტყჳ მათ?

11ხოლო იესუ ჰრქუა მათ: თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ სასუფეველისა ცათაჲსაჲ, ხოლო მათდა არა მიცემულ არს.

12რამეთუ რომელსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს; და რომელსა არა აქუნდეს, და რომელღა-იგი აქუს, მო-ვე-ეღოს მას.

13ამისთჳს იგავით ვეტყჳ მათ, რამეთუ ხედვენ და არა ხედვენ, ესმის და არა ესმის, არცა გულისჴმა-ყვიან.

14და აღესრულების მათ ზედა წინაწარმეტყუელებაჲ იგი ესაიაჲსი: სმენით გესმოდის და არა გულისჴმა-ჰყოთ, ხედვით ხედვიდეთ და არა იხილოთ.

15რამეთუ განზრქნა გული ერისაჲ ამის, და ყურთა მძიმედ ისმინეს, და თუალნი მათნი დაიწუხნეს, ნუუკუე იხილონ თუალითა და ყურითა ისმინონ და გულითა გულისჴმა-ყონ და მოიქცენ, და მე განვკურნე იგინი.

16ხოლო თუალნი თქუენნი ნეტარ არიან, რამეთუ ხედვენ, და ყურნი თქუენნი, რამეთუ ესმის.

17ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მრავალთა წინაწარმეტყუელთა და მართალთა გული-უთქუმიდა ხილვად, რომელსა თქუენ ხედავთ, და არა იხილეს, და სმენად, რომელი თქუენ გესმის, და არა ესმა.

18ხოლო თქუენ ისმინეთ იგავი ესე მთესვარისაჲ.

19ყოველსა რომელსა ესმეს სიტყუაჲ სასუფეველისაჲ და არა გულისჴმა-ყოს, მოვიდის უკეთური იგი და მისტაცის დათესული იგი გულისაგან მისისა: ესე არს, რომელი-იგი გზასა ზედა დაეთესა.

20ხოლო რომელი-იგი კლდოვანსა ზედა დაეთესა, ესე არს: რომელმან სიტყუაჲ იგი ისმინის და მეყსეულად სიხარულით მიიღის იგი.

21ხოლო ძირი არა აქუნ გულსა თჳსსა, არამედ საწუთო არნ. და რაჟამს არნ ჭირი ანუ დევნაჲ სიტყჳსა მისთჳს, მეყსეულად დაჰბრკოლდის იგი.

22ხოლო რომელი-იგი ეკალთა შორის დაეთესა, ესე არს: რომელმან სიტყუაჲ იგი ისმინის, და ზრუნვამან ამის სოფლისამან და საცთურმან სიმდიდრისამან შეაშთვის სიტყუაჲ იგი, და უნაყოფო იქმნის.

23ხოლო რომელი-იგი ქუეყანასა კეთილსა დაეთესა, ესე არს: რომელმან სიტყუაჲ იგი ისმისა და გულისჴმა-ყო, რომელმან გამოიღო ნაყოფი და ყო რომელმანმე ასე, რომელმანმე სამეოცი და რომელმანმე ოც და ათი.

24სხუაჲ იგავი დაუდგა მათ და ჰრქუა: ემსგავსა სასუფეველი ღმრთისაჲ კაცსა, რომელმან დასთესა თესლი კეთილი აგარაკსა თჳსსა.

25და ვითარცა დაიძინეს კაცთა მათ, მოვიდა მტერი მისი და დასთესა ღუარძლი შორის იფქლსა მას და წარვიდა.

26და ოდეს აღმოსცენდა ჯეჯლი იგი და ნაყოფი გამოიღო, მაშინ გამოჩნდა ღუარძლი იგი.

27მოვიდეს მონანი იგი და უთხრეს სახლისა უფალსა მას და ჰრქუეს: უფალო, ანუ არა თესლი კეთილი დასთესეა აგარაკსა შენსა? ვინაჲ აღმოსცენდა ღუარძლი?

28ხოლო მან ჰრქუა: მტერმან კაცმან ყო იგი. ხოლო მონათა მათ ჰრქუეს მას: გნებავსა, რაჲთა მივიდეთ და გამოვარჩიოთ იგი?

29ხოლო მან ჰრქუა მათ: არა, ნუუკუე შეკრებასა ღუარძლისასა აღმოჰფხურათ იფქლიცა.

30აცადეთ იგი თანა-აღორძინებად ურთიერთას, ვიდრე ჟამადმდე მკისა, და ჟამსა მკისასა უბრძანო მომკალთა მათ: შეკრიბეთ პირველად ღუარძლი იგი და შეკართ ძნეულად, რაჲთა დაიწუას იგი, ხოლო იფქლი იგი შეკრიბეთ საუნჯესა ჩემსა.

31სხუასა იგავსა ეტყოდა მათ და ჰრქუა: მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ მარცუალსა მდოგჳსასა, რომელი მოიღო კაცმან და დასთესა თჳსსა მტილსა,

32რომელი უმცირეს არს ყოველთა თესლთა, ხოლო რაჟამს აღორძნდის, უფროჲს ყოველთა მხალთა არნ იგი, და იქმნის იგი ხე დიდ, ვიდრემდის მოვიდიან მფრინველნი ცისანი და დაადგრიან რტოთა მისთა.

33მერმე სხუასა იგავსა ეტყოდა მათ და ჰრქუა: მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ ცომსა, რომელი მოიღო დედაკაცმან და შეჰრთო იგი ფქვილსა სამსა საწყაულსა, ვიდრემდის აღაფუვნა იგი ყოვლად.

34ამას ყოველსა ეტყოდა იესუ იგავით ერსა მას და თჳნიერ იგავისა არარას ეტყოდა მათ.

35რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი წინაწარმეტყუელისა მიერ თქუმული: აღვაღო იგავით პირი ჩემი და ვიტყოდი დაფარულთა დასაბამითგან სოფლისაჲთ.

36მაშინ დაუტევა იესუ ერი იგი და მოვიდა სახლსა. და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი და ჰრქუეს: გამოგჳთარგმანე ჩუენ იგავი იგი ღუარძლისაჲ და აგარაკისაჲ.

37ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: რომელი სთესავს თესლსა კეთილსა, ძე კაცისაჲ არს;

38ხოლო აგარაკი იგი ესე სოფელი არს; ხოლო თესლნი იგი კეთილნი ესე არიან ძენი სასუფეველისანი, და ღუარძლნი იგი არიან ძენი უკეთურისანი.

39ხოლო მტერი იგი, რომელმან დათესა იგი, ეშმაკი არს; და მკაჲ იგი არს აღსასრული ამის სოფლისაჲ. და მომკალნი იგი არიან ანგელოზნი.

40ვითარცა იგი შეკრიბიან ღუარძლი და ცეცხლითა დაწჳან, ეგრეთ იყოს აღსასრული ამის სოფლისაჲ.

41რამეთუ მოავლინნეს ძემან კაცისამან ანგელოზნი თჳსნი, და შეკრიბნენ სუფევისაგან მისისა ყოველნი საცთურნი და მოქმედნი უსჯულოებისანი

42და შესთხინენ იგინი საჴუმილსა მას ცეცხლისასა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ.

43მაშინ მართალნი გამობრწყინდენ ვითარცა მზე, სასუფეველსა მამისა მათისასა. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!

44კუალად მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ საუნჯესა დაფარულსა ყანასა შინა, რომელი პოვა კაცმან და დამალა და სიხარულითა მით მისთჳს წარვიდა და განყიდა ყოველი, რაჲცა აქუნდა, და მოიყიდა აგარაკი იგი.

45მერმე მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა ვაჭარსა, რომელი ეძიებნ კეთილთა მარგალიტთა.

46და პოის რაჲ ერთი მარგალიტი მრავალ-სასყიდლისაჲ, წარვიდა და განყიდა ყოველივე, რაჲცა ედვა, და მოიყიდა იგი.

47მერმე მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ სათრომელსა ბადესა, რომელი დსვიან ზღუასა, რომელმან ყოველთაგან თევზთა შეკრიბის.

48და ოდეს აღივსოს, გამოიღიან იგი ზღჳს-კიდესა და დაასხიან და შეკრიბიან კეთილი იგი ჭურჭელსა, ხოლო ჯერკუალი იგი გარე განსთხიიან.

49ესრეთ იყოს აღსასრული ამის სოფლისაჲ: რამეთუ გამოვიდენ ანგელოზნი და განაშორენ უკეთურნი და შორის მართალთა

50და შესთხინენ იგინი შორის საჴუმილსა მას ცეცხლისასა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ.

51ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: გულისჴმა-ჰყავთა ესე ყოველი? ხოლო მათ ჰრქუეს მას: ჰე, უფალო.

52და ჰრქუა მათ: ამისთჳს ყოველი მწიგნობარი, დამოწაფებული სასუფეველსა ცათასა, მსგავს არს იგი კაცსა სახლისა უფალსა, რომელმან გამოიღის საუნჯისაგან თჳსისა ძუელი და ახალი.

53და იყო რაჟამს დაასრულნა იესუ იგავნი ესე, წარვიდა მიერ.

54და მოვიდა მამულად თჳსად და ასწავებდა მათ შესაკრებელთა შორის მათთა, ვიდრემდის განუკჳრდებოდა მათ და იტყოდეს: ვინაჲ არს ამისა სიბრძნე ესე და ძალი?

55ანუ არა ესე არს ხუროჲსა მის ძე? ანუ არა დედასა მისსა ჰრქჳან მარიამ? და ძმანი მისნი იაკობ და იოსებ და სიმონ და იუდა?

56და დანი მისნი არა ყოველნი ჩუენ შორის არიანა? ვინაჲ უკუე არს ამისა ესე ყოველი?

57და დაჰბრკოლდებოდეს მისთჳს. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა არს წინაწარმეტყუელი შეურაცხ, გარნა სოფელსა თჳსსა და სახლსა შინა თჳსსა.

58და არა ქმნნა მუნ ძალნი მრავალნი ურწმუნოებისა მათისათჳს.


14

მათეს

თავი 14

1მას ჟამსა შინა ესმა ჰეროდეს, ოთხთა მათ სამთავროთა მთავარსა, ჰამბავი იესუჲსი,

2და ჰრქუა მონათა თჳსთა: ესე არს იოვანე ნათლის-მცემელი, იგი აღდგომილ არს მკუდრეთით, და მისთჳს იქმნებიან ძალნი ესე მის თანა.

3რამეთუ ამან ჰეროდე შეიპყრა იოვანე და შებორკილა იგი და საპყრობილესა შეაყენა ჰეროდიაჲსთჳს, ცოლისა ფილიპეს, ძმისა თჳსისა.

4რამეთუ ეტყოდა მას იოვანე, ვითარმედ: არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა გესუა იგი ცოლად.

5და უნდა ღათუ მისი მოკლვაჲ, არამედ ეშინოდა ერისა მის, რამეთუ ვითარცა წინაწარმეტყუელი ეპყრა მათ იგი.

6და ვითარცა შობისა დღენი იყვნეს ჰეროდესნი, როკვიდა ასული ჰეროდიაჲსი შორის, და სთნდა ჰეროდეს როკვაჲ იგი მისი.

7რომლისათჳს ფიცით აღუთქუა მას მიცემად, რაჲცა ითხოვოს.

8ხოლო იგი წინაჲსწარ ბირებულ იყო დედისაგან თჳსისა და ჰრქუა: მომეც მე აქა ლანკნითა თავი იოვანესი, ნათლის-მცემელისაჲ.

9და შე-ღავე-წუხნა მეფე იგი, არამედ ფიცისა მისთჳს და მის თანა მეინაჴეთა ბრძანა მიცემად იგი მას.

10და მიავლინა იგი და მოჰკუეთა თავი იოვანესი საპყრობილესა შინა.

11და მოართუეს თავი მისი ლანკნითა და მისცეს ქალსა მას, და მან მიართუა დედასა თჳსსა.

12და მოვიდეს მოწაფენი მისნი და წარიღეს გუამი მისი და დაჰფლეს იგი და მოვიდეს და უთხრეს იესუს.

13ესმა რაჲ ესე იესუს, განეშორა მიერ ნავითა და წარვიდა უდაბნოსა ადგილსა თჳსაგან. და ვითარცა ესმა ერსა მას, მისდევდეს მას მკჳრცხლ ქალაქებისაგან.

14და გამოვიდა იესუ და იხილა ერი მრავალი და შეეწყალნეს იგინი და განკურნა სნეულნი მათნი.

15და ვითარცა შემწუხრდა, მოუჴდეს მოწაფენი მისნი და ჰრქუეს მას: უდაბნო არს ადგილი ესე, და ჟამი გარდასრულ არს; განუტევე ერი ესე, რაჲთა წარვიდენ გარემო დაბნებსა და იყიდონ თავისა თჳსისა საზრდელი.

16ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა უჴმს მათ წარსლვაჲ; თქუენ ეცით მაგათ ჭამადი.

17ხოლო მათ ჰრქუეს მას: არა გუაქუს აქა, გარნა ხუთი პური და ორი თევზი.

18ჰრქუა მათ იესუ: მომართჳთ მე იგი აქა!

19და უბრძანა ერსა მას დასხდომაჲ თივასა ზედა. და მოიღო ხუთი იგი პური და ორი თევზი, აღიხილნა ზეცად და აკურთხა და განტეხა და მისცნა პურნი იგი მოწაფეთა თჳსთა, და მოწაფეთა მათ მისცეს ერსა მას.

20და ჭამეს ყოველთა და განძღეს; და აღიღეს ნეშტი ნამუსრევი ათორმეტი გოდორი სავსე.

21ხოლო იყვნეს, რომელთა-იგი ჭამეს, მამანი ხოლო ხუთ ათას, თჳნიერ ყრმებისა და დედებისა.

22და მეყსეულად აიძულა მოწაფეთა შესლვად ნავსა და წინა-წარძღუანვად მისა წიაღკერძო, ვიდრემდე განუტეოს ერი იგი.

23და ვითარცა განუტევა ერი იგი, აღვიდა მთასა ლოცვად თჳსაგან. და შე-რაჲ-მწუხრდა, მარტოჲ იყო მუნ.

24ხოლო ნავი იგი განშორებულ იყო ქუეყანით მრავალ უტევან და იგუემებოდა ღელვათაგან, რამეთუ იყო ქარი იგი პირით კერძო.

25და მეოთხესა საჴუმილავსა ღამისასა მოვიდა მათა იესუ სლვით ზღუასა მას ზედა.

26ხოლო მოწაფეთა ვითარცა იხილეს, ვიდოდა რაჲ ზღუასა მას ზედა, შეძრწუნდეს და თქუეს: ვითარმედ: საოცარ რაჲმე არს, და შიშისაგან ღაღად-ყვეს.

27მეყსეულად ეტყოდა მათ იესუ და ჰრქუა: კადნიერ იყვენით, მე ვარ, ნუ გეშინინ!

28მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: უფალო, უკეთუ შენ ხარ, მიბრძანე მე მისლვად შენდა წყალთა ამათ ზედა.

29ხოლო მან ჰრქუა: მოვედ! და გარდამოვიდა პეტრე ნავით და ვიდოდა წყალთა მათ ზედა და მოვიდოდა იესუჲსა.

30და ვითარცა იხილა ქარი იგი ძლიერი, შეეშინა და იწყო დანთქმად, ღაღად-ყო და თქუა: უფალო მიჴსენ მე!

31და მეყსეულად განყო ჴელი იესუ და უპყრა მას და ჰრქუა: მცირედ-მორწმუნეო, რაჲსა შეორგულდი?

32და ვითარცა აღვიდეს იგინი ნავსა მას შინა, დაცხრა ქარი იგი.

33ხოლო რომელნი-იგი ნავსა მას შინა იყვნეს, მოუჴდეს და თაყუანის-სცეს მას და ეტყოდეს: ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ ხარ შენ.

34და განვიდეს და მივიდეს მიერ ქუეყანასა მას გენესარეთისასა.

35და იცნეს იგი კაცთა მათ მის ადგილისათა და წარავლინნეს ყოველსა მას სანახებსა და მოართუეს მას ყოველი ბოროტად ვნებული

36და ევედრებოდეს მას, რაჲთა შე-ხოლო-ახონ ფესუსა სამოსლისა მისისასა. და რაოდენთა შეახეს, ცხონდეს.


15

მათეს

თავი 15

1მაშინ მოუხდეს იესუს იერუსალჱმით ფარისეველნი და მწიგნობარნი და ეტყოდეს:

2რაჲსათჳს მოწაფენი შენნი გარდაჰვლენ მოძღურებასა ხუცესთასა? რამეთუ არა დაიბანნიან ჴელნი, რაჟამს პურსა ჭამედ.

3ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: და რაჲსათჳს თქუენცა გარდახუალთ მცნებასა ღმრთისასა მოძღურებითა თქუენითა?

4რამეთუ ღმერთმან თქუა: პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა; და რომელმან თქუას ბოროტი მამისათჳს გინა დედისა, სიკუდილით მოკუედინ.

5ხოლო თქუენ სთქუთ: რომელმან თქუას მამასა თჳსსა გინა დედასა თჳსსა: ნიჭი, რომელი ჩემგან სარგებელ გეყო,

6და არა პატივ-სცეს მამასა ანუ დედასა თჳსსა, ესევითართა დაუმტკიცებელ ჰყავთ მცნებაჲ ღმრთისაჲ მოძღურებითა თქუენითა.

7ორგულნო, კეთილად წინაწარმეტყუელებდა თქუენთჳს ესაია და თქუა:

8მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან;

9ამაოდ მმსახურებენ მე, რამეთუ ასწავებენ მოძღურებასა და მცნებასა კაცთასა.

10და მოუწოდა ერსა მას და ეტყოდა: ისმინეთ და გულისჴმა-ყავთ:

11არა თუ პირით შემავალი შეაგინებს კაცსა, არამედ პირით გამომავალი შეაგინებს კაცსა.

12მაშინ მოუჴდეს იესუს მოწაფენი მისნი და ჰრქუეს მას: უწყია, რამეთუ ფარისეველთა რაჲ ესმა სიტყუაჲ იგი, დაჰბრკოლდეს?

13ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ყოველი ნერგი, რომელი არა დანერგა მამამან ჩემმან ზეცათამან, ძირითურთ აღიფხურას.

14უტევენით ეგე, რამეთუ ბრმანი არიან და წინამძღუარნი ბრმათანი. ხოლო ბრმაჲ ბრმასა თუ წინაუძღჳნ, ორნივე მთხრებლსა შთაცჳვიან.

15მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: გამოგჳთარგმანე ჩუენ იგავე ესე.

16ხოლო იესუ ჰრქუა მას: თქუენცა უგულისჴმოვე ხართა?

17და არა გიცნობიეს, რამეთუ ყოველი, რომელი შევალს პირით, მუცლად შევალს და განსავალით განვალს?

18ხოლო გამომავალი პირით გულისაგან გამოვალს და იგი შეაგინებს კაცსა.

19რამეთუ გულისაგან გამოვლენ გულის-სიტყუანი ბოროტნი, კაცის-კლვანი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, ცილის-წამებანი, გმობანი.

20ესენი არიან, რომელნი შეაგინებენ კაცსა, ხოლო უბანელითა ჴელითა ჭამაჲ არა შეაგინებს კაცსა.

21და წარვიდა მიერ იესუ და მივიდა ადგილთა ტჳროსისა და სიდონისათა.

22და აჰა ესერა დედაკაცი ქანანელი საზღვართა მათგან გამოვიდა, ღაღადებდა და იტყოდა: შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისო, რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს.

23ხოლო იესუ არა მიუგო მას სიტყუაჲ. და მოუჴდეს მოწაფენი იესუს და ჰრქუეს მას: განუტევე ესე, რომელი ღაღადებს და შეგჳდგს ჩუენ.

24ჰრქუა მათ იესუ: არა ვიდრე მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა.

25ხოლო იგი მოუჴდა და თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: უფალო, შემიწყალე მე!

26ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მას: არა კეთილ არს მოღებად პური შვილთაგან და დაგებად ძაღლთა.

27ხოლო მან ჰრქუა: ჰე, უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ჭამედ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდამოცჳვინ ტაბლისაგან უფალთა მათთაჲსა.

28მაშინ მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ჵ დედაკაცო! დიდ არს სარწმუნოებაჲ ეგე შენი; გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს. და განიკურნა ასული იგი მისი მიერ ჟამითგან.

29და წარვიდა მიერ იესუ და მოვიდა ზღჳს-კიდესა მას გალილეაჲსასა და აღვიდა მთასა და დაჯდა მუნ.

30და მოუჴდა მას ერი მრავალი, რომელთა ჰყვა მათ თანა მკელობლები, ბრმები, ყრუნი, ქუეწარმძრომელნი და სხუანი მრავალნი თითო-სახეთაგან სენთა შეპყრობილნი. და დასხნეს იგინი ფერჴთა თანა მისთა, და განკურნნა იგინი,

31ვიდრე უკჳრდაცა ერსა მას, ხედვიდეს რაჲ, ვითარ-იგი ყრუნი იტყოდეს, და მკელობელნი ვიდოდეს, და ღრეკილნი განიკურნებოდეს, და ბრმანი ხედვიდეს; და ადიდებდეს ღმერთსა ისრაჱლისასა.

32ხოლო იესუ მოუწოდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ: მეწყალის ერი ესე, რამეთუ აჰა ესერა სამი დღე არს, და მელიან მე და არარაჲ აქუს, რაჲმცა ჭამეს; და განტევებაჲ მათი უზმთაჲ არა მნებავს, ნუუკუე დაცჳვენ გზასა ზედა.

33ჰრქუეს მას მოწაფეთა მისთა: ვინაჲ არს ჩუენდა უდაბნოსა ზედა პური ესოდენი, ვითარმცა განძღა ერი ესოდენი?

34ჰრქუა მათ იესუ: რაოდენი პური გაქუს? ხოლო მათ ჰრქუეს მას: შჳდი პური და მცირედ თევზი.

35და უბრძანა ერსა მას დასხდომაჲ ქუეყანასა ზედა.

36და მოიღო შჳდი იგი პური და თევზნი, ჰმადლობდა, განტეხა და მისცემდა მოწაფეთა, და მოწაფენი მისცემდეს ერსა მას.

37ჭამეს ყოველთა და განძღეს; და აღიღეს ნეშტი იგი ნამუსრევი შჳდი სფჳრიდი სავსე.

38ხოლო რომელთა-იგი ჭამეს, იყვნეს ოთხ ათას მამანი ხოლო, თჳნიერ ყრმებისა და დედებისა.

39და განუტევა ერი იგი და აღვიდა იესუ ნავსა და მოვიდა საზღვართა მაგდალოჲსათა.