✝ მეხუთე მსოფლიო კრების ხსენება (553)
25 ივლისი – ძველი სტილით / 7 აგვისტო – ახალი სტილით
კრებას ასსამოცდახუთი ეპისკოპოსი ესწრებოდა. კონსტანტინოპოლში მყოფმა პაპმა ვიგილიუსმა (535-555) უარი განაცხადა მასში მონაწილეობაზე, თუმცა სამჯერ იქნა მოწვეული შეკრებილი მღვდელმთავრებისა და თავად იმპერატორის სახელით გაგზავნილი ოფიციალური დეპუტაციის მიერ.
კრებას თავმჯდომარეობდა წმიდა კონსტანტინოპოლელი პატრიარქი ევტიქი (552-565; 577-582). იმპერატორის ედიქტის თანახმად „სამი თავის“ საკითხი საგულდაგულოდ იქნა განხილული 553 წლის 4 მაისიდან 2 ივნისამდე გამართულ რვა სხდომაზე. საბოლოოდ თეოდორე მოფსუეტელი და მისი სწავლება ანათემას გადაეცა; შეაჩვენეს თეოდორიტე კვირელისა და იბა ედესელის რამდენიმე თხზულებაც, თავად ეს მამები კი, როგორც სინანულით განწმენდილები, შეწყალებულ იქნენ. პაპი ვიგილიუსი, როგორც ერეტიკოსთა თანამდგომი, ეკლესიიდან განკვეთეს, მაგრამ კრების შემდგომ იგი შეუერთდა მამათა საერთო აზრს და ხელი მოაწერა კრების დადგენილებას.
კრების მამებმა განიხილეს და შეაჩვენეს III საუკუნის ცნობილი საეკლესიო მოღვაწის, ხუცეს ორიგენეს მწვალებლური სწავლება. დაიგმო ის ერეტიკოსებიც, რომლებიც საყოველთაო მკვდრეთით აღდგომას უარყოფდნენ.
წმიდანო მამანო მეხუთე მსოფლიო კრებისანო, ევედრენით ღმერთსა ჩვენთვის!
