მიქაელი გობრონი

დიდმოწამე მიქაელი, რომელსა ეწოდა გობრონ (+914) — 17 ნოემბერი – ძველი სტილით / 30 ნოემბერი – ახალი სტილით

დიდმოწამე მიქაელი, რომელსა ეწოდა გობრონ და ასოცდაცამეტნი მხედარნი მისნი (+914)

17 (30) ნოემბერი

არაბებმა 914 წელს უკანასკნელად დალაშქრეს ამიერკავკასია. ამირა-მუმნის ურიცხვ ლაშქარს სარდლობდა აბულ-კასიმი. სარკინოზებმა მოსრეს „ყოველი სომხითი, სიგნეთი, ვაეძორი, ასფურაგანი”. სომხეთიდან აბულ-კასიმი „სპითა დიდითა და ურიცხჳთა, რომელთა არა იტევდა ქუეყანა”, საქართველოს შემოესია. თბილისში ამირად იჯდა ჯაფარ ძე ალისი. მან კეთილად მიიღო მრისხანე თანამემამულე. აბულ-კასიმი აქედან კახეთს გადავიდა და მრავალდღიანი ალყის შემდეგ მოაოხრა უჯარმა. ბოჭორმელებმა თვითონ დატოვეს ციხე და გაიქცნენ. კახეთის ერისთავმა კვირიკე ქორეპისკოპოსმა დაზავება შესთავაზა აბულ-კასიმს. სარდალმა მიიღო სარფიანი გარიგება და კვლავ ქართლს შეესია. უფლისციხე თავად ქართვლეებმა დაარღვიეს, მტერს რომ არ ჩავარდნოდა ხელში. სარკინოზები სამცხეს და ჯავახეთს მოედვნენ, თმოგვის ციხეზე მიიტანეს იერიში, მაგრამ ვერ აიღეს და, უკან გაბრუნებულებმა, ყველის ციხეს შემოარტყეს ალყა. იმჟამად ყველისციხის მეპატრონე იყო გურგენ ერისთავთ-ერისთავი. ციხე კარგად იყო გამაგრებული, მაგრამ მეციხოვნენი შიგ ცოტანი იყვენნ. „ბრძოლასა მას ფიცხელსა მჴნე იქმნნეს ციხოანნი იგი და დაჴოცეს მბრძოლთა მათ და დაჰყრიდეს ჴორცთა მათთა, ვითარცა სკორეთა ქუეყანისათა”. მებრძოლთა შორის გამოირჩეოდა ნეტარი გობრონი: „ძალი ბრძოლისა მისისაჲ ყოველსა მას სიმრავლესა ზედა საცნაურ იყო”. ოცდარვა დღე გაგრძელდა ბრძოლა. ხან სარკინოზებს მიჰქონდათ იერიში ციხეზე, ხან მეციხოვნენი გამოუხდებოდნენ მტერს გობრონის მეთაურობით, რისხვას დაატეხდნენ მას თავს და კვლავ ციხეს უბრუნდებოდნენ. მტრებმა უკანასკნელი იერიში მიიტანეს ყველისციხეზე, აიღეს იგი და შეიპყრეს ცოცხლად დარჩენილი მეციხოვნენი, მათ შორის გობრონიც. ქართველი მეომრის ვაჟკაცობით გაოცებულმა აბულ-კასიმმა ბრძანა „ნეტარისა გობრონისი უმეტეს ყოველთასა კრძალვით პყრობაჲ”. ადარნასე მეფე დიდძალი საფასი გადაიხადა და პყრობილთა ნაწილი გამოიხსნა. მათ შორის არ იყო გობრონი, რადგან არაბებმა მის განთავისუფლებაზე უარი განაცხადეს. ქართველმა რაინდმა განჭვრიდა თავისი მომავალი და „განუმზადა თავი თჳსი ქრისტესთჳს სატანჯუელთა”. სარკინოზებმა დასასჯელად გაიყვანეს გობრონთან ერთად შეპყრობილი ას ოცდაცამეტი მხედარი, „ვითარცა მჴეცნი ბოროტნი განძჳნებულნი შეერინეს აღრეულად და ურთიერთსა უსწრებდეს, რომელნიმე მახჳლითა სცემდეს, რომელნიმე ჰოროლებითა და ისრითა შესჩხუეპდეს და დასჭრიდეს, ჴორცთა მათთა დანებითა განაპებდეს”. ნეტარ გობრონს შესთავაზეს ისლამი მიიღოს, სარდლობა, სიმდიდრე და სასახლეები. წმიდა გობრონმა მშვიდად მიუგო: „გევედრები, ჴელმწიფეო, ნუ მაიძულებ მე დატევებად ქრისტეანობისა, რომლითა აღმზარდეს მე მშობელთა ჩემთა და აღბეჭდულ ვარ სულითა წმიდითა… ჭეშმარიტად უწყოდე შენ, რამეთუ არცა კეთილთა შენთა აღთქუმითა, არცა ძჳრ-ძჳრთა ბოროტთა შენთა ჩემ ზედა მოწევნითა შემეძლო განყენებად უფლისა ჩემისა იესო ქრისტესგან”. ამის შემდეგ წამებას მიაყენა თავი. „შეიმოსა იგი სისხლითა, ვითარცა პორფირითა, და გვირგვინოსან იქმნა ბრწყინვალებითა”. 914 წლის 17 ნოემბერს წმიდა გობრონი თავით მოიკვეთა. ასოცდაცამეტი მხედარიც ამ დღეს განვიდა წამებით ქრისტეს სასუფეველში.