დაუჯდომელი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა „მსწრაფლშემსმენელი“
დაუჯდომელი საგალობელი ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედისა ხატისა „მსწრაფლშემსმენელისა”
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო,
შეგვიწყალენ ჩუენ. ამინ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან
ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო
ცხორებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა მყუენ ჩუენ
ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი
უკუნისამდე. ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო გვიხსენ და გვილხინე
ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდევ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე
და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი, სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი
უკუნისამდე. ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ
სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა,
პური ჩუენი არსობისა მომეც ჩუენ დღეს და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი
ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყვანებ
ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩუენ ბოროტისაგან, ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (12-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი
უკუნისამდე. ამინ.
მოვედით თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა
ჩუენსა.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა
შენითა აღხოცე უშჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან
და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და
ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ
წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა,
რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან
ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი
სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე,
განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და
სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი
ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი
დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ
განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა
დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი
ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი
უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი
შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული
შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს.
კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი
იერუსალეიმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და
ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
კონდაკი 1
ყოველთა ნათესავთაგან გამორჩეულსა ყოვლადწმიდასა დედასა ქრისტეს ღმრთისასა
და დედოფალსა ზეცისა და ქუეყანისასა, ქებით შეგამკობთ მორწმუნენი, და
გევედრებით, ვითარცა მადლისა და წყალობისა უშურველად მომფენელსა, რომლითა
ახარებ ჭირვეულთა და მსწრაფლ შეეწევი შემსხმელთა შენთა: გიხაროდენ,
ყოვლადმოწყალეო მსწრაფლმსმენელო, ვედრებათა ჩუენთა კეთილად აღმასრულებელო!
იკოსი 1
დასნი ანგელოზთანი კრძალვითა გმსახურებენ შენ, ვითარცა დედასა ზეცისა ძალთა
მეუფისასა, და მონაზონნი დოქიარისა სავანისანი უგალობენ რაი მსწრაფლშემსმენელსა ხატსა შენსა, აწ ჩუენცა ვიხსენებთ კურნებათა და
სასწაულთა, აღსრულებულთა მადლითა მისითა, და მხურვალედ გევედრებით ხსნასა
ყოველთა ჭირთა და ვნებათაგან, რაითა საწუთოისა ცხორებისა გზაი კეთილად
განვვლოთ და ღირს ვიქმნნეთ გალობად შენდა:
გიხაროდენ, მშობელო კაცთა მხსნელისაო;
გიხაროდენ, მტვირთველო ყოვლის-მპყრობელისაო;
გიხაროდენ, შემაერთებელო ზეცისა და ქუეყანისაო;
გიხაროდენ, ღმრთისა და კაცთა შორის დამხსნელო მტერობისაო;
გიხაროდენ, მთაწმინდის უდაბნოსა შინა დამნერგველო სულიერისა სამოთხისაო;
გიხაროდენ, ზღუდეო და მცველო დოქიარისა სავანისაო;
გიხაროდენ, განმკურვნელო ყოვლისა უძლურებისა და სენისაო;
გიხაროდენ, შეურყეველო გოდოლო ქრისტეს ეკლესიისაო;
გიხაროდენ, ყოვლადმოწყალეო ღმრთისმშობელო, მსწრაფლშემსმენელო ლოცვათა ჩუენთაო!
კონდაკი 2
მხედველნი გამოუთქუმელისა მოწყალებისა შენისანი, და მსმენელნი მრავალთა
საკვირველებათა, „მსწრაფლშემსმენელისა” ხატისა შენისაგან აღსრულებულთა,
თაყუნის-ვჰსცემთ მას, და გევედრებით, დედოფალო, ვითარცა ძლიერსა მეოხსა და
შემწესა ქრისტეს მოსახელეთა ერთასა, რაითა განწმიდო გონებაი ჩუენი
ზრახუათაგან ამაოთა და ღირს-გვყო დიდებად ღმრთისა: ალილუია.
იკოსი 2
ეწადა რაი უფალსა სასწაულთა მიერ განდიდებაი დიდებულისა ხატისა შენისა,
რომელ ძველითგან გამოსახულ იყო სავანესა მას დოქიარისასა, წილხვედრსა მას
შენსა ათონსა, ყოველთა ასწავა დასჯითა ტრაპეზარისაითა, რაითა ყოველნი ძმანი
კრძალვითა პატივსა სცემდენ სიწმიდესა მას შენსა, და გნატრიდენ სურვილითა:
გიხაროდენ, სულისა წმიდისა სავანეო;
გიხაროდენ, საკვირველებათა წყაროო, მარად მდინარეო;
გიხაროდენ, მიმძლავრებულთა და ჩაგრულთა მოსარჩლეო;
გიხაროდენ, განსაცდელთა შინა მყოფთა მსწრაფლშემწეო;
გიხაროდენ, სნეულთა მკურნალო და უძლურთა სიმტკიცეო;
გიხაროდენ, ქრისტეანეთათვის ზეციერთა საბოძვართა საუნჯეო;
გიხაროდენ, ქალწულებისა საფარველო და შეურყეველო ზღუდეო;
გიხაროდენ, მწუხარებათა შინა შეწევნად ჩუენდა მოსწრაფეო;
გიხაროდენ, ყოვლადმოწყალეო ღმრთისმშობელო, მსწრაფლშემსმენელო ლოცვათა ჩუენთაო!
კონდაკი 3
ყოვლად საკვირველი ხატი ესე შენი, დედოფალო, გამოხატულ იყო რაი წინარესა
მას კედელსა სატრაპეზოისა კარისასა, მარადის ვიდოდა მუნ ტრაპეზარი ნილოს
კვარითა მნთებარითა, და ხრჩოლავდა რაი წმიდასა ხატსა შენსა, ესმა ხმაი:
„ნუღარ ვალ კვარითა მაგით და ნუ ჭვარტლავ სახესა ჩემსა”, გარნა ძმათა
მიერსა ლაღობასა ჰგონებდა იგი და უკრძალველად ვიდოდა, და ილოცვიდა:
ალილუია.
იკოსი 3
გენება რაი გულისხმისყოფაი საწყალობელისა მის ბერისაი, კუალად ეზრახე მას,
ღმრთისმშობელო: „მრავალსა ჟამსა ჰგონებ, უღირსო ბერო, ესრეთ უკრძალველად
ხრჩოლვასა?”, და მსწრაფლ დაუბნელდა რაი თუალნი ხორციელნი, დაღათუ ვერა
ხედვიდა ნათელსა მას დღისასა, აღეხილნა თუალნი სულიერნი, და ცრემლითა
გევედრებოდა შენდობასა, ეგრეთვე აწ ჩუენცა ცოდვათა ლხინებაი მოგვანიჭე და
ღირს-გვყავ გალობად შენდა:
გიხაროდენ, მტკიცეო საჭურველო ქრისტეანეთაო;
გიხაროდენ, ქალწულთა დიდებაო და სიხარულო დედათაო;
გიხაროდენ, განმამხნობელო ბერ-მონაზონთა და უდაბნოთა შინა მოღუაწეთაო;
გიხაროდენ, მფარველო კეთილად განკრძალულთა მღდელთაო;
გიხაროდენ, კეთილო მკურნალო და სასოებაო ცოდვით მოწყლულთაო;
გიხაროდენ, სათნოებითა განმამტკიცებელო წრფელთა მონანულთაო;
გიხაროდენ, გონიერ-მყოფელო საღმრთოისა ბრძანების ურჩ-ქმნილთაო;
გიხაროდენ, შენდამი მოლტოლვილთა აღმავსებელო მშვიდობითა და სიყუარულითაო;
გიხაროდენ, ყოვლადმოწყალეო ღმრთისმშობელო, მსწრაფლშემსმენელო ლოცვათა ჩუენთაო!
კონდაკი 4
ცისკარსა მას იხილეს ნილოს ტრაპეზარი ძმათა, განკაფული მძვინვარითა მის
ტანჯვითა, სულთქუმითა ილოცვიდა რაი დავრდომილი წინაშე ხატის მის შენისა, და
თვითცა შეძრწუნებულნი კრძალვითა დაემხუნენ, და გევედრებოდენ რაი
განკურნვასა მისსა, აღუნთეს კანდელი, და ახალსა ტრაპეზარსა განუწესეს რაი
კუმევაი საკუმეველისაი, გიგალობდენ და აქებდენ ღმერთსა: ალილუია.
იკოსი 4
ფრიად შეინანა რაი ცოდვათა თვისთა სიმძიმეი და უკრძალველობაი ბერმა,
შეიწყნარე ჭეშმარიტი სინანული მისი, და აღუთქვი რაი კურნებაი, რქვი
ლმობიერად: „აუწყე ძმათა, რამეთუ მე ვარ საფარველი, მცველი და მეოხი
სავანისა თქუენისა, და ხატსა ამას ჩემსა სახელს-ვსდებ რაი
მსწრაფლშემსმენელად, მის მიერ მოგივლენთ წყალობასა, ვითარცა თქუენ, ეგრეთვე
ქებით შემსხმელთა ჩემთა”:
გიხაროდენ, ხატისა შენისა მიერ განმავრცობელო ღმრთეებრივისა სიწმიდისაო;
გიხაროდენ, კაცთა მასწავლელო სასოებად წმიდისა სამებისაო;
გიხაროდენ, წარწყმედად განწირულთა მწეო და მიმნიჭებელო ხსნისაო;
გიხაროდენ, ათონელისა ბერისათვის მაუწყებელო ნებისა შენისაო;
გიხაროდენ, განმაღვიძებელო დაძინებულისა სვინდისისაო;
გიხაროდენ, აღმძრველო სინანულისა ცრემლისაო;
გიხაროდენ, დამშრეტელო მწუხარებისაო;
გიხაროდენ, დამხსნელო უმეცრებისაო;
გიხაროდენ, ყოვლადმოწყალეო ღმრთისმშობელო, მსწრაფლშემსმენელო ლოცვათა ჩუენთაო!
კონდაკი 5
აღუთქვი რაი მფარველობაი სავანისა საძმოსა, ყოვლადწმიდაო, კუალად ეტყოდი
ბერსა: „ხატი ესე ჩემი თვისითა საფარველითა დაიფარავს შევედრებულთა მისთა,
რამეთუ ძეი ჩემი და უფალი ოხითა ჩემითა შეისმენს ლოცვასა თქუენსა, და
ღმრთეებრივითა კაცთმოყუარებითა თვისითა სასუფეველსა შინა ღირს გყოფთ
დიდებად მისა”: ალილუია.
იკოსი 5
საკვირველი ძალი ეგე შენი, დედოფალო, აჩუენე რაი ბერსა, აღუხილნე თუალნი
დაბრმობილნი და აღადგინე რაი უძლურებისაგან, სიხარულითა აღივსო, და
დიდებულებაი აღთქუმისა შენისაი აუწყა ძმათა, ხოლო მათ იხილეს რაი პირველ
დასჯაი და მერმე განკურნვაი მისი, კრძალვითა მოზღუდეს გარემო
საკვირველთმოქმედისა ხატისა შენისაი, და მოუწყვეს რაი შუენიერი ტაძარი
პირისპირ ტრაპეზისა, მარადის გმსახურებდენ და გიგალობდენ სარწმუნოებითა:
გიხაროდენ, ათონისა მთისა უზესთაესო განმგებელო;
გიხაროდენ, ხატისა შენისა თაყუანისმცემელთა მსწრაფლ-შემწეო;
გიხაროდენ, მისდა შევრდომილთა საფარველითა მისითა დამფარველო;
გიხაროდენ, გულითა დაზრქელებულთა ჟამიერად დასჯითა სინანულად აღმძრველო;
გიხაროდენ, უგულისხმოებისა ბნელისა განმდევნელო;
გიხაროდენ, ხორცითა მწარედ გვემულთა სალმობათა და სატანჯველთაგან
გამომხსნელო;
გიხაროდენ, კეთილთა ზრახვათა შთამნერგველო;
გიხაროდენ, მავნებელთა ჩუევათა აღმკვეთელო;
გიხაროდენ, ყოვლადმოწყალეო ღმრთისმშობელო, მსწრაფლშემსმენელო ლოცვათა ჩუენთაო!
კონდაკი 6
საკვირველთმოქმედი ხატი ეგე შენი მცველად მიურულებელად გამოუჩინე რაი
დოქიარისა საძმოსა, მიერითგან, ვიდრე აქამომდე ძმათა შორის განაჩინებენ
ღმრთისმოშიშსა მონაზონსა, რაითა დღე-ყოველ, ცისკარსა და მწუხრსა
აღგივლენდეს სავედრებელთა გალობათა, და ყოველნი ძმანი ორგზის კვირასა შინა
ისწრაფიან რაი შევრდომად ხატისა მის შენისა, აღასრულებენ საპარაკლისოსა მას
კანონსა და აქებენ ყოვლისა შემოქმედსა: ალილუია.
იკოსი 6
წმიდისაგან ხატისა შენისა უშურველად გარდამოავლენდი რაი მადლსა, ვითარცა
ცუარსა ზეციერსა, საფარველითა მისითა იფარვიდი მოქენეთა მათ შეწევნისა
შენისათა, არა ხოლო თუ ათონელთა, არამედ ყოველთა მორწმუნეთა, ვითარცა
აღუთქვი ბერსა, და აჰა, ვიდრე აქამომდე მისდა შევრდომილნი მსწრაფლ ჰპოვებენ
ღმრთეებრივსა შეწევნასა, და იტყვიან ქებულებათა შენთა:
გიხაროდენ, სასწაულთა მიერ განმაბრწყინვებელო ათონისა მთისაო;
გიხაროდენ, წარმმართებელო ქრისტეს ცხოვართა გზისაო;
გიხაროდენ, აღმომადინებელო დედობრივისა სიტკბოებისაო;
გიხაროდენ, მაკურთხეველო მოსაგრეთა ცხორებისაო;
გიხაროდენ, მასწავლელო ყოვლისა ღმრთისა ნებისაო;
გიხაროდენ, განმდევნელო რისხვისა მისისაო;
გიხაროდენ, აღმომფხურელო შფოთისა და მტერობისაო;
გიხაროდენ, სიხარულად გარდამქცეველო ურვისა ჩუენისაო;
გიხაროდენ, ყოვლადმოწყალეო ღმრთისმშობელო, მსწრაფლშემსმენელო ლოცვათა ჩუენთაო!
კონდაკი 7
სასწაულთა სიმრავლითა და დიდებულებითა ჰბრწყინვიდა რაი მსწრაფლშემსმენელი
ხატი ეგე შორის საკვირველთმოქმედთა ხატთა შენთა, სათნო იჩინა განდიდებაი
მისი ეკლესიამან, და განამრავლეს რაი პირნი მისნი მხსნელად სენთა და
ურვათაგან, წარუგზავნიდენ ტაძართა და სავანეთა, რაითა მსგავსად
განცისკრებულთა მნათობთა, ღმრთეებრივსა ნათელსა ჰფენდნენ სულთა და
გონებათა, და ყოველთა აღძრვიდენ დიდებად ღმრთისა: ალილუია.
იკოსი 7
განხდა რაი ხმაი ქუეყანასა, ვითარმედ, განაქარვებ ჭირთა და სალმობათა
ხატისა მიერ შენისა, ყოვლითგან მოისწრაფდენ მართლმადიდებელნი სამღდელონი და
მორწმუნენი შევრდომად და თაყუანისცემად მისა, და ლხინებისა მომღებელნი
გმადლობდენ შენ, უბიწოო, და გნატრიდენ, ვითარცა ნუგეშინისმცემელსა და
შემწესა ურცხვენელსა:
გიხაროდენ, ხატო, ზეციერისა ქალწულებისა შუენიერებისა გამომსახველო;
გიხაროდენ, შენდა შევრდომილთა არა უგულებელს-მყოფელო;
გიხაროდენ, მვედრებელთა მიმართ წყალობით მიდრეკილო და მოსავთა შენთა
განმამხნობელო;
გიხაროდენ, ბოროტმადიდებელთა ზრახვათა განმდევნელო;
გიხაროდენ, სულთა და ხორცთა უსასყიდლოდ განმკურვნელო;
გიხაროდენ, შეცდომილთა გზასა ჭეშმარიტებისასა დამაყენებელო;
გიხაროდენ, ეშმაკისა მახეთაგან და მტერთა ზედა მოსლვისაგან დამხსნელო;
გიხაროდენ, კაცთა შორის ქრისტეს სიყუარულისა დამნერგველო;
გიხაროდენ, ყოვლადმოწყალეო ღმრთისმშობელო, მსწრაფლშემსმენელო ლოცვათა ჩუენთაო!
კონდაკი 8
სასოებითა დიდითა აღგვავსებს ჩუენ სასწაულთმოქმედი ხატი ესე შენი,
ღმრთისმშობელო, რომელი ბრწყინავს საკვირველებათა მიერ, და სწრაფლ
მიანიჭებს: ურვასა შინა მყოფთა – სიხარულსა, განსაცდელსა შინა მყოფთა –
შეწევნასა, უძლურთა – კურნებასა, და ყოველთა მოგვიწოდს თაყუანისცემად მისა
და დიდებად მხოლოდშობილისა ძისა შენისა და ღმრთისა: ალილუია.
იკოსი 8
ვითარცა მსწრაფლშემწეი და წარმმართებელი გზისაი, ჰოი, ხატო საკვირველო,
ექმენ მშვიდ ნავთსაყუდელ უდაბნოთა, წყალთა და ზღვასა შინა მყოფთა, ეგრეთცა
ნუ განგუაშორებ შეწევნასა შენსა, არამედ ვითარცა მოწყალემან, დაგვიფარე
შენდა შევრდომილნი, და მშვიდობითა წარგვიმართე გზასა მას კეთილსა და
უშფოთველსა, რაითა უვნებელად დაცულნი ვიხარებდეთ და გაქებდეთ დაუცხრომელად:
გიხაროდენ, ათონისა წმიდისა მთისა ღმრთეებრივითა საფარველითა დამფარველო;
გიხაროდენ, ხედვითა ბრწყინვალისა ხატოვნებისა შენისაითა ყოველთა
დამატკბობელო;
გიხაროდენ, მშიერთა დამაპურებელო და წყლულებათა დამაცხრობელო;
გიხაროდენ, ფიცხელთა სალმობათა და ბოროტთა ვნებათაგან დამხსნელო;
გიხაროდენ, ზღუასა შინა და ხმელთა ზედა განსაცდელთა და ჭირთაგან
დამფარველო;
გიხაროდენ, ყრმათა ვნებულთა გულისთქუმათაგან დამცველო;
გიხაროდენ, ცრუ-მორწმუნეობისა საცთურისა დამშრეტელო;
გიხაროდენ, მოშურნეთა და ცილისმწამებელთა დამამდაბლებელო;
გიხაროდენ, ყოვლადმოწყალეო ღმრთისმშობელო, მსწრაფლშემსმენელო ლოცვათა ჩუენთაო!
კონდაკი 9
კეთილსახელოვანი ხატი ეგე შენი, ღმრთისმშობელო, ვითარცა მზეი ჰნათობს რაი
ყოველსა საქრისტეანოსა, დაუშრეტელთა სხივთა მიერ მადლისა შენისათა
განსდევნის წყუდიადსა უსჯულოებისა და უმეცრებისასა, და სათნოებათა ნათლისა
მიმართ განსწავლის მისდა შევრდომილთა, რაითა ღირსებითა და სიწმიდითა
ვიდოდენ გზასა მას ცხორებისასა და არცაღა დასცხრენ დიდებად ღმრთისა:
ალილუია.
იკოსი 9
მჭერმეტყველნი ფილოსოფოსნი და რიტორნი, ვერ შემძლებელნი წვთომად საიდუმლოსა
მას ქალწულებისა შენისასა, ვერცაღა გულისხმა-ჰყოფენ წმიდისა ხატისა მიერ
შენისა აღსრულებულთა ნიშ-სასწაულთა და კურნებათა, ხოლო ჩუენ
მართლმადიდებლობითა ჭეშმარიტად ვსჭურეტთ უბიწოსა მას ქალწულებასა შენსა, და
გიგალობთ, ვითარცა ჭირთა და სენთაგან მომზღუდველსა:
გიხაროდენ, ვარსკულავო ელვარეო, ხსნისა მეძიებელთათვის გზისა მაჩუენებელო;
გიხაროდენ, ხატისა მიერ შენისა ათონითგან დაულევნელთა მადლთა განმფენელო;
გიხაროდენ, ცოდვით დაბნელებულთა გულთა განმანათლებელო;
გიხაროდენ, შარავანდედითა მოწყალებისა შენისაითა შეჭირვებულთა სულთა
მსწრაფლ განმაცისკრებელო;
გიხაროდენ, მოწყურებულთა სულთა უხრწნელებისა წყაროითა დამაურწყებელო;
გიხაროდენ, მდაბალთა აღმამაღლებელო და მზვაობართა დამცემელო;
გიხაროდენ, შეცდომილთა წინაპართა ცოდვათაგან დამხსნელო;
გიხაროდენ, ყოვლისა საეშმაკოისა მანქანებისაგან გამომხსნელო;
გიხაროდენ, ყოვლადმოწყალეო ღმრთისმშობელო, მსწრაფლშემსმენელო ლოცვათა ჩუენთაო!
კონდაკი 10
გეწადა რაი ქართველთათვის ბოძებაი საკვირველთმოქმედისა ხატისა შენისა,
ღმრთისმშობელო, აღძარ მამანი ჩუენნი თხოვად ძმათა მათ დოქიარისათა, და
ათონითგან წარმოგზავნეს რაი შუენიერი პირი მისი ტფილისსა, სამღდელონი
კრებულითურთ მიეგებნეს, და ვითარცა საუნჯეი, პატივითა დაასვენეს რაი
სამებისა ტაძარსა, მიერითგან მრავალნი მოივლტიან შევრდომად მისა, და
დიდებასა შესწირავენ წინაშე ღმრთისა: ალილუია.
იკოსი 10
ინება რა პატრეარქმან დაფუძნებაი ახლისა სავანისა – პატივად
„მსწრაფლშემსმენელისა” ხატისა შენისა, კუალად მიუბოძე ათონითგან დიდებული
პირი მისი, ნიშნად მფარველობისა, და მის მიერ აკურთხე რაი ყოველივე არენი
იგი მონასტრისა, ჟამსა შეჭირვებისასა მისდა მილტოლვილთა აღუსრულებ ყოველთა
კეთილთა სათხოვართა და აღძრავ შესხმად და გალობად შენდა:
გიხაროდენ, სახიერო დედაო და მფარველო შენდა წილხვდომილისა ივერთა ერისაო;
გიხაროდენ, წმიდისაგან ხატისა შენისა ჩუენდა გარდამომავლინებელო
კურთხევისაო;
გიხაროდენ, შემწყნარებელო მისა მიმართ თაყუანისცემისაო;
გიხაროდენ, შემტკბობელო შენდამი შემოწირულისა ლოცვისაო;
გიხაროდენ, ქრისტეისთვის მვედრებელო ხსნისათვის ჩუენისაო;
გიხაროდენ, ერისა შენისათვის გამომთხოველო კეთილმსახურებითისა
სიტკბოებისაო;
გიხაროდენ, დაურღვეველო ზღუდეო სამღდელოთა პატიოსნებისაო;
გიხაროდენ, სამწყსოისა მიმართ სიყუარულითა აღმავსებელო გულისა მათისაო;
გიხაროდენ, ყოვლადმოწყალეო ღმრთისმშობელო, მსწრაფლშემსმენელო ლოცვათა ჩუენთაო!
კონდაკი 11
ღმრთივშუენიერნი პირნი სასწაულთმოქმედისა ხატისა შენისანი, დედოფალო,
შესავედრებელად ექმნენ რაი მოსავთა შენთა, აჰა, აწ ჩუენცა კრძალვით
თაყუანის-ვჰსცემთ მათ და გევედრებით: აღასრულე თქმულნი შენნი, ვითარცა
მოწყალემან, და ნუცაღა განგუაშორებ მეოხებასა შენსა წილხვედრთა შენთა,
რაითა არა გარდახდეს ერი ესე ჩუენი საზეპუროი სწავლებათაგან ჭეშმარიტისა
სჯულისა, და მარადის მოსწრაფე ვიქმნნეთ მსახურებად ერთარსისა სამებისა:
ალილუია.
იკოსი 11
უწყი რაი შეცოდებათა ჩუენთა სიმრავლეი, ყოვლადწმიდაო დედაო, ნუ
შეურაცხ-ჰყოფ ვედრებასა ჩუენსა, რომელთა ფრიად განგვირისხებიეს ყოვლად
მოწყალეი უფალი, დამვიწყებელთა სიტყუათა მისთა და მოყუარულთა ამა
სოფლისათა, არამედ გვიოხე მისა მიმართ, დედოფალო, რაითა დააცხროს ჭირთა
მძვინვარებანი, მოწევნული ერსა ჩუენსა ზედა, და სინანულისა მიმართ
წარგვიმართოს შემსხმელთა შენთა და მგალობელთა:
გიხაროდენ, ხატო ძლევაშემოსილო, სულიერო საჭურველო მართლმორწმუნეთაო;
გიხაროდენ, მტკიცეო ზღუდეო შენდა მომართ სარწმუნოებითა შევრდომილთაო;
გიხაროდენ, ხელისაღმპყრობელო მაშურალთა და ტვირთ-მძიმეთაო;
გიხაროდენ, შვილიერ-მყოფელო უშვილოთაო;
გიხაროდენ, მფარველო ქურივ-ობოლთა და გლახაკთაო;
გიხაროდენ, ნუგეშინისმცემელო დამწუხრებულთა დედათაო;
გიხაროდენ, ტყვეთა განმათავისუფლებელო და აღმმართებელო უდებთაო;
გიხაროდენ, მსწრაფლ აღმადგინებელო მკურნალთაგან დატევებულთაო;
გიხაროდენ, ყოვლადმოწყალეო ღმრთისმშობელო, მსწრაფლშემსმენელო ლოცვათა ჩუენთაო!
კონდაკი 12
მარადჟამს ვიხსენებთ რაი სასწაულთა მათ და კურნებათა, აღსრულებულთა მადლითა
ხატისა ამის შენისაითა, საღმრთოი ცეცხლი მოშურნეობისაი აღანთებს გულთა
ჩუენთა, დედოფალო, და შევსწირავთ შენდა მხურვალესა ვედრებასა, რაითა
მართლაღსარებითა დამტკიცებული ეკლესიაი ჩუენი და ყოველნი შვილნი მისნი
დაგვიცვა შეუძრველად, და აღგვძრა ქებად შენდა და დიდებად ღმრთისა: ალილუია.
იკოსი 12
აღმოსავალითგან ვიდრე დასავალადმდე იდიდების სახელი შენი, ჰოი,
მსწრაფშემსმენელო ხატო ღმრთისმშობლისაო, და ბერ-მონაზონნი, მკვიდრნი
წილხვედრისა შენისა ათონისა გიხმობენ რაი მფარველად თვისად, აჰა, აწ ჩუენცა
თაყუანის-ვჰსცემთ ანგელოსთაგან პატივცემულსა პირსა შენსა, და გევედრებით
შეწევნასა ქრისტეს მიმართ: შეგვჭუროს ძალითა თვისითა უძლეველითა, უხილავთა
და ხილულთა მტერთა ზედა, რაითა ყოველთა მართლმადიდებელთა კეთილად
განგვემარჯვოს და ღირს ვიქმნნეთ გალობად შენდა:
გიხაროდენ, მცველო მიურულებელო ქრისტეს ეკლესიისაო;
გიხაროდენ, კაცთა შორის დამთესველო სიყუარულისაო;
გიხაროდენ, ქალწულთა შორის დამნერგველო უბიწოებისაო,
გიხაროდენ, დამთრგუნველო ყოვლისა ბოროტებისაო;
გიხაროდენ, დამშრეტელო გრძნეულთა უგულისხმოებისაო;
გიხაროდენ, სარკმელო ზეციერო, გამომაჩინებელო ცხოვნებისა გზისაო;
გიხაროდენ, მორწმუნეთათვის განმღებელო ცისა კამარისაო;
გიხაროდენ, საუკუნოისა სატანჯველთაგან გამომხსნელო ერისა მორწმუნისაო;
გიხაროდენ, ყოვლადმოწყალეო ღმრთისმშობელო, მსწრაფლშემსმენელო ლოცვათა ჩუენთაო!
კონდაკი 13
ჰოი, სასოო ჩუენო ღმრთისმშობელო, ყოვლად უბიწოო მარიამ, შეიწირე უღირსი ესე
გალობაი ჩუენი, წინაშე ხატისა შენისა „მსწრაფლშემსმენელისა” სიყვარულითა
აღვლენილი, და დედობრივითა კადნიერებითა შეეწიე სულიერთა და ხორციელთა
უძლურებათა ჩუენთა, და დაგვიცვენ ყოველთა ძვირთაგან, რაითა ჟამსა მას
საშინელისა განსჯისასა განგვერნეთ შესაძრწუნებელსა მას სასჯელსა, და
უჭირველად მიმთხვეულნი ზეციერსა იერუსალეიმსა მარადის ვადიდებდეთ
ყოვლადწმიდასა სამებასა: ალილუია.
ეს კონდაკი იკითხება 3-გზის.
იკოსი 1
დასნი ანგელოზთანი კრძალვითა გმსახურებენ შენ, ვითარცა დედასა ზეცისა ძალთა
მეუფისასა, და მონაზონნი დოქიარისა სავანისანი უგალობენ რაი
„მსწრაფლშემსმენელსა” ხატსა შენსა, აწ ჩუენცა ვიხსენებთ კურნებათა და
სასწაულთა, აღსრულებულთა მადლითა მისითა, და მხურვალედ გევედრებით ხსნასა
ყოველთა ჭირთა და ვნებათაგან, რაითა საწუთოისა ცხორებისა გზაი კეთილად
განვვლოთ და ღირს ვიქმნნეთ გალობად შენდა:
გიხაროდენ, მშობელო კაცთა მხსნელისაო;
გიხაროდენ, მტვირთველო ყოვლის-მპყრობელისაო;
გიხაროდენ, შემაერთებელო ზეცისა და ქუეყანისაო;
გიხაროდენ, ღმრთისა და კაცთა შორის დამხსნელო მტერობისაო;
გიხაროდენ, მთაწმინდის უდაბნოსა შინა დამნერგველო სულიერისა სამოთხისაო;
გიხაროდენ, ზღუდეო და მცველო დოქიარისა სავანისაო;
გიხაროდენ, განმკურვნელო ყოვლისა უძლურებისა და სენისაო;
გიხაროდენ, შეურყეველო გოდოლო ქრისტეს ეკლესიისაო;
გიხაროდენ, ყოვლადმოწყალეო ღმრთისმშობელო, მსწრაფლშემსმენელო ლოცვათა ჩუენთაო!
კონდაკი 1
ყოველთა ნათესავთაგან გამორჩეულსა ყოვლადწმიდასა დედასა ქრისტეს ღმრთისასა
და დედოფალსა ზეცისა და ქუეყანისასა, ქებით შეგამკობთ მორწმუნენი, და
გევედრებით, ვითარცა მადლისა და წყალობისა უშურველად მომფენელსა, რომლითა
ახარებ ჭირვეულთა და მსწრაფლ შეეწევი შემსხმელთა შენთა: გიხაროდენ,
ყოვლადმოწყალეო მსწრაფლმსმენელო, ვედრებათა ჩუენთა კეთილად აღმასრულებელო!
სავედრებელი ლოცვა
ჰოი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, მსწრაფლშემსმენელო, ნიშ-სასწაულებითა
შემამკობელო ათონისა მთისაო და დედობრივითა კადნიერებითა ჩუენდა
წარმმართებელო გზისაო; უხილავო ზედამდგომელო ქალწულებისა და სიწმიდისაო, და
უშვილოთათვის მომმადლებელო შვილიერებისაო; ყოველთა სნეულებათა მკურნალო და
მსწრაფლ აღმხოცველო სიბრმავისაო; უძლეველო ზესთამბრძოლო ყოვლისა
საქრისტეანოისაო, და მეოხო და შესავედრებელო ყოვლისა სოფლისაო.
ჰოი, ყოვლადსაგალობელო დედაო და ქალწულო, მარიამ ღმრთისმშობელო, რომელმან
ინებე „მსწრაფლშემსმენელად” სახელდებაი წმიდისა ხატისა შენისა, აწცა
დედობრივითა კადნიერებითა ევედრე ყოვლად ტკბილსა ძესა შენსა და ღმერთსა
ჩუენსა იესუს, რაითა მოგუმადლოს შეცნობაი და სწრაფვაი ზეციერისა
მოქალაქობისაი და სინანული უღმრთოისა ცხორებისაი, ძლევაი საცდურთა
სიმრავლისაი და ძალი და შეწევნაი დაცემათაგან აღდგომისაი და აღმართებისაი,
რამეთუ უკეთუმცა არა მსწრაფლშემწეობაი შენი, ვითარ განვერნეთ უკანაისკნელსა
ამას ჟამსა მოძალებულსა უსჯულოებათა ღვარსა შინა დანთქმისაგან?!
მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა განაძლიერე და დაიცევ დიდი მეუფე ჩუენი,
უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის
მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი შიო და ყოვლად-სამღდელონი მიტროპოლიტნი,
მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ
დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი; განაბრძვე და განანათლენ მთავრობაი
და მხედრობაი მისი, და დაიფარე ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.
ჰოი, ყოვლად უხრწნელო ღმრთისმშობელო ქალწულო, თაყუანის-ვჰსცემთ
სასწაულთმოქმედსა ხატსა შენსა „მსწრაფლშემსმენელსა”, და გევედრებით:
მოწყალე ჰყავ ძეი შენი, რაითა დასცეს მხდომნი და წინა-აღმდგომნი
ქრისტეანობისაი და ერი ჩუენი დაიცვას წვალებისაგან და სჯულისაგან უცხოისა,
ხოლო ჩუენ აღმოგვიყვანოს სიღრმეთაგან ცოდვათასა, და გვიხსნას სიყმილისაგან,
სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, მახვილისა, განმხრწნელისაგან ქარისა, ზედა
მოსლვისაგან უცხო თესლთაისა და ძმათა შორის ბრძოლისაგან, უცნაურისა სენისა
და სიკუდილისაგან, რაითა ღირს ვიქმნეთ სასუფეველსა მისსა, რომელი განუმზადა
მოყუარეთა თვისთა, რომელსა შუენის ყოველი დიდებაი, პატივი და
თაყუანისცემაი, თანა მამით და სული წმიდითურთ, აწდა მარადის, და უკუნითი
უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა 2
ჰოი, ყოვლადწმიდაო ქალწულო, დედაო ღმრთისა მაღლისაო, მსწრფლშემსმენელო
მეოხო ყოველთა შენდა მოლტოლვილთაო, მრავალთა სასწაულთა მოქმედო, ათონისა
მთისა სიწმიდეთა საუნჯეო, უძლურთა და უღონოთა განმკურვნელო და აღმავსებელო
ნაკლულევანთაო, ბოროტისა მანქანებათაგან კუეთებულთა და გუემულთა დამხსნელო
და მსწრაფლშემწეო და ხელისაღმპყრობელო ყოველთა მართლმადიდებელთა
ქრისტეანეთაო!
ჰოი, ყოვლადკურთხეულო და უფროისად ამაღლებულო მარიამ, დედაო მაცხოვრისა და
მხსნელისა ჩუენისაო, რომელსა გიგალობენ გუნდნი ზეცისა ანგელოსთანი და
მთავარანგელოსთანი, და გნატრიან ყოველნი ტომნი ქუეყანისანი, სასოებასა
დავდებთ შენ ზედა და „მსწრალშემსმენელსა” ხატსა შენსა შევრდომილნი
გევედრებით: მოზღუდე გონებაი და ხორცნი ჩუენნი დაცვად მცნებათა უფლისა
ჩუენისა იესუ ტკბილისაითა, რომელ არს მკურნალი სნეულთაი, აღმადგინებელი
დავრდომილთაი და მიმტევებელი ცოდვათაი, რომელმან ხორცნი შეისხნა რაი შენგან
ხსნისათვის ჩუენისა, თვისითა სისხლითა გამოგვისყიდნა ტყუეობისაგან ბოროტისა
და შეგუაერთა მამასა, ყოვლისა დამბადებელსა, ხოლო უწყოდა რაი წინაისწარ
უძლურებაი ჩუენი, შენდა წილხუდომილად გამოგვაჩინა და ოხითა შენითა
გვიტევებს შესლვად სასუფეველსა ცათასა, რომელი არს კურთხეულ, თანა მამით და
სულით წმიდითურთ, საუკუნეთა უკუნისამდე, ამინ.
ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ, შენ, ღმრთისმშობელო, რომელი
მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა,
უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა,
განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით
გადიდებთ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი
უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა
და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა