ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი „მსწრაფლშემსმენელი“ — ისტორია
ხატის ისტორია, სასწაულები და ათონის დოქიარის მონასტერში მისი პატივისცემა.
მოკლე შესავალი
ხატის ისტორია, სასწაულები და ათონის დოქიარის მონასტერში მისი პატივისცემა.
ხატის ისტორია
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის
სასწაულთმოქმედი ხატი „მსწრაფლშემსმენელი"
დღესასწაული 9 ნოემბერს (22) ნოემბერი
ღვთისმშობლის ეს სასწაულთმოქმედი ხატი იმყოფება ათონის მთაზე, დოქიარის
მონასტერში, რომელიც დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ათანასე ათონელის
თანამოსაგრის, წმინდა ექვთიმეს, დიდი ლავრის ყოფილი მეკელიის (ბერძნ.
დოქიარის) მიერ. როგორც ჩანს, წმინდა ექვთიმემ წმინდა ნიკოლოზის სახელობის
პატარა მონასტერი დაფნის ნავსადგურის ახლოს X ს-ის II ნახევარში დააარსა.
თუმცა, სარკინოზთა თავდასხმამ იმ ადგილის მოწაფეებიანად დატოვება აიძულა და
სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. მაშინ ათონის სამხრეთით, ძნელად
მისადგომ ადგილას დაფუძნდა. სწორედ იქ აღმოცენდა დოქიარის სავანე. ექვთიმეს
ნათესავი, ნეოფიტე, ნიკიფორე ფოკას (963-976 წლები) სასახლის ერთ-ერთი
წარჩინებულის ვაჟიშვილი გახლდათ, ქრისტეს სიყვარულით წუთისოფლის ამაოებას
განრიდებული ბიძასთან, – ექვთიმესთან მივიდა და სულიერად ეშვილა. ღირსმა
ნეოფიტემ მას წმინდა მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის
აღსაშენებლად და გასამშვენებლად მთელი თავისი ქონება გადასცა.
დოქიარის მონასტერი, წესდების მიხედვით, ათონის იერარქიაში X ადგილზეა. XIV
ს-ის მძიმე ხანაში იმპერატორი იოანე V პალეოლოგოსი და სერბეთის მეფე სტეფან
დუშანი მონასტერს სხვადასხვაგვარ დახმარებას უწევდნენ. მომდევნო
საუკუნეებში სავანემ არნახული გაჭირვება გადაიტანა. XVI ს-ში იღუმენ
ალექსანდრეს, მოლდოვა-ვლახეთის ბატონისა და მისი მეუღლის დახმარებით
თურქების მიერ განადგურებული მონასტერი აღორძინდა. XVII ს-ში აღდგა
მონასტრის კოშკები, ხოლო 1660 წ. მას მიენიჭა სტავროპეგიალურის სტატუსი.
მონასტრის ღირსშესანიშნაობაა XVI ს-ის ტაძარი კრეტული სკოლის ფრესკებით.
მდიდრული კანკელი 1783 წელს დაიწერა. დოქიარი თავის ტერიტორიაზე 12 ტაძარს
ითვლის, ხოლო მის გარეთ – 4-ს, რომლებიც გალავნის კედლების მოპირდაპირე
მხარეს მდებარეობენ. მონასტრის სამრეკლო აშენდა XVIII ს-ში. ოსმანთა
იმპერიის წინააღმდეგ ბერძენთა აჯანყების დროს თურქები სასტიკად აწამებდნენ
ბერებს, და გაძარცვეს მონასტერი. მას გააჩნია ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი,
და წმინდანთა ნაწილები, ბიბლოთეკაში დაცულია 545 წიგნი, მათგან 62
პერგამენტზეა დაწერილი და 5000 ნაბეჭდი წიგნი. დღეისთვის დოქიარში 30 ბერი
მოღვაწეობს.
ამ სასწაულთმოქმედი ხატის შესახებ შემდეგი გადმოცემა არსებობს: მონასტრის
საძმოს სატრაპეზოს წინ, კედელზე, ნიშში, ძველი დროიდან დაწერილი იყო
ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც ღირსი მამები, ამ სავანის დამაარსებლის წმიდა
ნეოფიტეს დროინდელად მიიჩნევენ (X ს). შეხედავ თუ არა ხატს, ირწმუნებ, რომ
იგი ჭეშმარიტად სასწაულთმოქმედი და ძალიან ძველია. მის ფერებს თითქოს
დაუკარგავს თავდაპირველი კოლორიტი, მაგრამ არც თუ მთლად. გარკვეულ წილად
ამაში ჩანს ღვთის განგება: საუკუნეების მანძილზე იგი შემონახულია უვნებლად,
სწორედ იმიტომ, რომ სასწაულები და კურნებანი აღასრულოს ღვთის სადიდებელად.
თავისი სასწაულთმოქმედი ძალა ამ ხატმა პირველად 1664 წ. გამოავლინა: ხატის
წინ იყო გასასვლელი, რომლითაც მონასტრის მამები სატრაპეზოში დადიოდნენ.
ტრაპეზარს ხშირად უხდებოდა აქ გავლა-გამოვლა არა მარტო დღისით, არამედ
ღამითაც. ღამით იგი ანთებული კვარით ხელში დადიოდა ხოლმე. ერთხელაც,
ტრაპეზარმა ბერმა ნილოსმა, ჩვეულებისამებრ, ანთებული კვარით ჩაუარა ხატს და
შემოესმა ხმა: \`აწ ნუღარ გაივლი აქ ანთებული კვარით და ნუ სჭვარტლავ ჩემს
სახეს\~. უჟამო ჟამს ცარიელ სატრაპეზოში ადამიანის ხმის გაგონებამ ჯერ
შეაკრთო ბერი, მაგრამ შემდეგ იფიქრა, რომელიმე ძმა იქნებოდაო და განაგრძო
გზა; არც ანთებული კვარით სიარულისათვის დაუნებებია თავი. გამოხდა ხანი და
ნილოსმა კვლავ გაიგონა ხმა: \`ბერო! უღირსო! კიდევ დიდხანს აპირებ ასე
უდარდელად და უდიერად მიხრჩოლო?\~ და ამ სიტყვებზე ტრაპეზარს თვალთ
დაუბნელდა და სინათლე დაჰკარგა. ახლა კი გაახსენდა უწინ გაგონილი სიტყვები,
იგრძნო თავისი ცოდვის მთელი სიმძიმე და მიხვდა, რომ ღირსი იყო სასჯელისა,
ღვთისმშობლის ხატისადმი უგულისყურობისა გამო. ნილოსი, სრულიად
დაბრმავებული, საშინელი ტკივილებით იტანჯებოდა და დილამდე ეგდო ხატის წინ
დამხობილი.
შეშინებული ბერები მოწიწებითა და კრძალვით დაემხნენ სასწაულთმოქმედი ხატის
წინ, აანთეს მის წინ კანდელი, ხოლო ახალ ტრაპეზარს დაავალეს მის წინ ეკმია
საკმეველი. ნილოსმა გადაწყვიტა მანამდე დარჩენილიყო ხატთან, სანამ ცოდვა არ
მიეტევებოდა და სიბრმავისაგან არ განიკურნებოდა. დღე და ღამე დამხობილი
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინ გოდებდა და შეწყალებას ევედრებოდა.
ჭეშმარიტი სინანულის ცრემლებით ითხოვდა შენდობას, რომ ყური არ ათხოვა
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სიტყვებს.
ყოველთა მონანულთა შემწემ არ უგულებელჰყო უსინათლო მლოცველის ღაღადისი და
ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ბერი ცრემლებით ლოცულობდა ხატის წინ, ესმა ხმა
მისგან: „ნილოს, შესმენილ იქნა შენი ვედრება, შენ მიგეტევა ცოდვა და
დაგიბრუნდება თვალისჩინი. აუწყე ძმებს, რომ მე ვარ საფარველი, მფარველი და
მეოხი თქვენი სავანისა. დე, მათ და მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა
მომმართონ მე გასაჭირის ჟამს, და არავის დავტოვებ შეუსმენელს: ყოველთა
ჩემდამი სასოებით მოლტოლვილთა ვექმნები შუამდგომელად და მათ თხოვნას ჩემი
ოხით შეისმენს ძე და ღმერთი ჩემი. დღეიდან ეს ხატი წოდებულ იქნება
„მსწრაფლშემსმენელად", რამეთუ ყოველთა მვედრებელთა მოვუვლენ წყალობას და
მათ თხოვნას მსწრაფლ შევისმენ". ამ საოცარი სიტყვების შემდეგ ნილოსს
თვალები აეხილა.
ამ სასწაულის შესახებ ხმა სწრაფად გავრცელდა წმიდა მთაზე და მრავალი ბერი,
მსურველი სასწაულის ხილვისა, მოაწყდა დოქიარის სავანეს. ისინი მოწიწებით
თაყვანს სცემდნენ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატებას და გაოცებულნი
შესცქეროდნენ მოულოდნელი სიბრმავით დასჯილ და კვლავ შეწყალებულ ტრაპეზარს.
ამასობაში, ძმებმა ზღუდით გამოჰყვეს ეს ადგილი და რამდენადაც ხატი
დასავლეთის კედელზე იყო დაწერილი, სატრაპეზოს შესასვლელისგან მოპირდაპირე
მხარეს, მოაწყვეს მშვენიერი ტაძარი მისი სახელობისა. ამ დღიდან მოყოლებული,
გამოარჩევენ ხოლმე ერთ-ერთს მღვდელმონაზვნებიდან ყველაზე უფრო ღვთისმოშიშსა
და გამოცდილს, რომ მუდმივად იმყოფებოდეს ხატთან და მის წინ დილას და
საღამოს აღასრულებდეს პარაკლისს. გარდა ამისა, ყოველ სამშაბათსა და
ხუთშაბათს, საღამოს ლოცვის შემდეგ მორიგე მსახური მღვდელი იწყებს გალობას
შუა ტაძარში და იმავე წამს მამები და ძმები უდიდესი მოკრძალებით გამოდიან
ტაძრიდან, მიემართებიან ამ ხატთან და მის წინაშე აღასრულებენ ღვთისმშობლის
პარაკლისს და იხსენებენ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს და ლოცულობენ
მსოფლიო მშვიდობისათვის. მსახურ მღვდელს ევალება თვალყური ადევნოს
სისუფთავის დაცვას. „მსწრაფლშემსმენელის" სამლოცველოში კვირაში ორჯერ
აღესრულება საღმრთო ლიტურგია. მანვე უნდა მიაქციოს ყურადღება, რომ ხატის
წინ მუდმივად ენთოს კანდელი. მათი რიცხვი 20-ს აღწევს, ამათგან ექვსი
მუდმივად ანთია. ყველა ეს კანდელი ღვთისმოსავი ქრისტიანების შემოწირულობას
წარმოადგენს ხატის მიერ აღსრულებული სასწაულების სამადლობელად. ამ
კანდელების ზეთიც შემოწირულია.
ღვთაებრივი „მსწარაფლშემსმენელის" ხატის მადლით მრავალ უსინათლოს აეხილა
თვალი, კოჭლებმა იწყეს სიარული, დაუძლურებულნი განმტკიცდნენ, ბევრჯერ
ჩაძირვას გადაურჩნენ გემები, გათავისუფლდნენ ტყვები და მრავალი სხვა.
დღემდე იგი ეხმარება ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ვინც მას მიმართავს
რწმენით და შემუსრვილი გულით. 1873 წ. რუსმა ქველისმოქმედებმა მას ვერცხლის
პერანგი გაუკეთეს.
ამ ხატის დღესასწაული იზეიმება 9 (22) ნოემბერს. დოქიარის მონასტერს,
რომელშიც იმყოფება ეს ხატი, აქვს საკათედრო ტაძარი მთავარანგელოზის
სახელობისა, რომლის დღესასწაულიც 8 (21) ნოემბერს არის. მეორე დღეს
აღესრულება წირვა ამ ხატის სახელზე.
2005 წლის 12 მაისს ათონის წმიდა მთიდან დოქიარის მონასტრის ბერების
დაწერილი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის „მსწრაფლშემსმენელის" ასლი
თბილისში ჩამოაბრძანა ცხუმ-აფხაზეთისა და საჩხერე-ჭიათურის მიტროპოლიტმა
დანიელმა (დათუაშვილი) და ზედაზნის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა
საბამ (კუჭავა). აეროპორტში ხატს დახვდა სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II, სასულიერო პირები და
მრევლი. ხატი ფეხით წამოაბრძანეს საქართველოს საპატრიარქოში, სადაც იგი
საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელმა აკურთხა. ამის შემდეგ
\`მსწრაფლშემსმენელის\~ ხატი ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში
დააბრძანეს, სადაც მრავალრიცხოვანი მრევლის წინაშე პარაკლისი,
სამღვდელოებასთან ერთად, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II აღავლინა. ეს
ხატი დღესაც სამების საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული და ყოველდღიურად
უამრავი მომლოცველი სტუმრობს.
შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა
სულიერი აზრი
ეს საკითხავი გვახსენებს, რომ ღვთისმშობლისადმი ვედრება ქრისტიანისათვის ნუგეშის, სინანულისა და ღმრთისადმი სასოების გზაა.
ტექსტის წყარო: დოკუმენტიდან