წმ. გიორგი მთაწმინდელის რედაქცია
თავი 7
1 ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ,
2 რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ.
3 ანუ რაჲსა ხედავ წეულსა თუალსა შინა ძმისა შენისასა და დჳრესა თუალსა შინა შენსა არა განიცდი?
4 ანუ ვითარ ჰრქუა ძმასა შენსა: მაცადე, და აღმოგიღო წუელი თუალისაგან შენისა, და აჰა ეგერა დჳრე თუალსა შინა შენსა!
5 ორგულო, აღმოიღე პირველად დჳრე თუალისაგან შენისა და მაშინ იხილო აღმოღებად წუელი თუალისაგან ძმისა შენისა.
6 ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, ნუცა დაუფენთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა, ნუუკუე დათრგუნონ იგი ფერჴითა მათითა და მოიქცენ და განგხეთქნენ თქუენ.
7 ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოვოთ; ირეკდით, და განგეღოს თქუენ.
8 რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს, მოიღოს; და რომელი ეძიებდეს, პოვოს; და რომელი ირეკდეს, განეღოს.
9 ანუ ვინ არს თქუენგანი კაცი, რომელსა სთხოვდეს ძე თჳსი პურსა, ნუ ქვაჲ მისცესა მას?
10 გინა თუ თევზსა სთხოვდეს, ნუ გუელი მისცეს მას?
11 უკუეთუ თქუენ, უკეთურთა, იცით მისაცემელი კეთილი მიცემად შვილთა თქუენთა, რაოდენ უფროჲსღა მამამან თქუენმან ზეცათამან მოსცეს კეთილი, რომელნი სთხოვდენ მას!
12 ყოველი რომელი გინდეს თქუენ, რაჲთა გიყონ კაცთა, ეგრეცა თქუენ ჰყავით მათა მიმართ, რამეთუ ესრეთ არს სჯული და წინასწარმეტყუელი.
13 შევედით იწროჲსაგან ბჭისა, რამეთუ ვრცელ არს ბჭე და ფართო არს გზაჲ, რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად, და მრავალნი ვლენან მას ზედა.
14 ვითარ-იგი იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაჲ, რომელი მიიყვანებს ცხორებასა, და მცირედნი არიან, რომელნი ჰპოებენ მას.
15 ეკრძალენით ცრუ-წინასწარმეტყუელთაგან, რომელნი მოვიდოდიან თქუენდა სამოსლითა ცხოვართაჲთა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ მტაცებელ.
16 ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი. ნუუკუე შეკრიბიან ეკალთაგან ყურძენი ანუ კუროჲსთავთაგან ლეღჳ?
17 ესრეთ ყოველმან ხემან კეთილმან ნაყოფი კეთილი გამოიღოს, ხოლო ხემან ხენეშმან ნაყოფი ხენეში გამოიღოს.
18 ვერ ჴელ-ეწიფების ხესა კეთილსა ნაყოფისა ხენეშია გამოღებად და არცა ხესა ხენეშსა ნაყოფი კეთილი ყოფად.
19 ყოველმან ხემან რომელმან არა ყოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას.
20 ნაყოფსა სამე მათთაგან იცნნეთ იგინი.
21 არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ.
22 მრავალთა მრქუან მე მას დღესა შინა: უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა ვწინასწარმეტყუელებდითა და სახელითა შენითა ეშმაკნი განვასხენით და სახელითა შენითა ძალნი მრავალნი ვქმნენით?
23 მას ჟამსა ვჰრქუა მათ, ვითარმედ: არა გიცნი თქუენ, გამნეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი.
24 ყოველმან რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე ჩემნი და ყვნეს იგინი, ვამსგავსო იგი კაცსა გონიერსა, რომელმან აღაშენა სახლი თჳსი კლდესა ზედა.
25 და გარდამოჴდა წჳმაჲ, მოვიდეს მდინარენი, ქროდეს ქარნი და ეკუეთნეს სახლსა მას, და არა დაეცა, რამეთუ დაფუძნებულ იყო კლდესა ზედა.
26 და ყოველმან რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე ჩემნი და არა ყვნეს იგინი, ემსგავსოს იგი კაცსა ცოფსა, რომელმან აღაშენა სახლი თჳსი ქჳშასა ზედა.
27 და გარდამოჴდა წჳმაჲ, მოვიდეს მდინარენი, ქროდეს ქარნი და ეკუეთნეს სახლსა მას, და დაეცა. და იყო დაცემაჲ იგი მისი დიდ ფრიად.
28 და იყო რაჟამს დაასრულნა იესუ სიტყუანი ესე, განუკჳრდებოდა ერსა მას მოძღურებაჲ იგი მისი,
29 რამეთუ იყო სწავლაჲ იგი მისი მათა მიმართ, ვითარცა-იგი ვის ჴელმწიფებაჲ აქუნ, და არა ვითარ-იგი მწიგნობარნი მათნი და ფარისეველნი.
თავი 8
1 და გარდამოვიდოდა რაჲ იგი მიერ მთით, მოსდევდა მას ერი მრავალი.
2 და აჰა ესერა კეთროვანი ვინმე მოუჴდა, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: უფალო, უკუეთუ გინდეს, ძალგიც განწმედაჲ ჩემი.
3 და მიყო ჴელი თჳსი იესუ, შეახო მას და ჰრქუა: მნებავს, განწმიდენი! და მეყსეულად განწმიდნა იგი კეთროვნებისა მისგან.
4 და ჰრქუა მას იესუ: იხილე, ნუვის უთხრობ, არამედ წარვედ და უჩუენე თავი შენი მღდელსა და შეწირე შესაწირავი შენი, რომელი ბრძანა მოსე საწამებელად მათა.
5 და შე-რაჲ-ვიდა იგი კაპერნაუმდ, მოუჴდა მას ასისთავი, ევედრებოდა მას
6 და ეტყოდა: უფალო, მონაჲ ჩემი დაცემულ არს სახლსა შინა ჩემსა განრღვეული და ფრიად იგუემების.
7 ჰრქუა მას იესუ: მე მოვიდე და განვკურნო იგი.
8 მიუგო ასისთავმან მან და ჰრქუა: უფალო, არა ღირს ვარ მე, რაჲთამცა სართულსა ჩემსა ქუეშე შემოხუედ. არამედ სიტყჳთ ხოლო თქუ, და განიკურნოს მონაჲ იგი ჩემი.
9 რამეთუ მეცა კაცი ვარ ჴელმწიფებასა ქუეშე და მქონან ჩემ ქუეშე ერისაგანნი; და ვჰრქჳ მას: წარვედ! და წარვიდის; და სხუასა: მოვედ! და მოვიდის; და მონასა ჩემსა: ქმენ ესე! და ქმნის.
10 ესმა რაჲ ესე იესუს, დაუკჳრდა და ჰრქუა ერსა მას, რომელნი მისდევდეს მას: ამენ გეტყჳ თქუენ: არცაღა ისრაჱლსა შორის ესოდენი სარწმუნოებაჲ ვპოვე.
11 ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ: მრავალნი მზისა-აღმოსავალით და დასავალით მოვიდოდიან და ინაჴ-იდგმიდენ აბრაჰამის თანა და ისაკის თანა და იაკობის თანა სასუფეველსა ცათასა.
12 ხოლო ძენი იგი სასუფეველისანი განითხინენ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ.
13 და ჰრქუა იესუ ასისთავსა მას: წარვედ და, ვითარცა გრწმენა, გეყავნ შენ და განიკურნა მონაჲ იგი მისი მას ჟამსა შინა.
14 და მოვიდა იესუ სახლსა პეტრესსა და იხილა სიდედრი იგი მისი, დავრდომილი მჴურვალებითა.
15 და შეახო ჴელსა მისსა, და დაუტევა იგი მჴურვალებამან, აღდგა და ჰმსახურებდა მას.
16 და ვითარცა შემწუხრდა, მოჰგუარეს მას ეშმაკეულები მრავალი, და განასხა სულები იგი სიტყჳთა და ყოველნი, რომელნი ბოროტად სნეულ იყვნეს, განკურნა.
17 რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი ესაია წინასწარმეტყუელისაჲ, რომელ თქუა: მან უძლურებანი ჩემნი მიიხუნა და სნეულებანი ჩუენნი იტჳრთნა.
18 ვითარცა იხილა იესუ ერი მრავალი გარემო მისა, უბრძანა წიაღსლვაჲ მიერ კერძო.
19 და მოუჴდა მას ერთი მწიგნობარი და ჰრქუა: მოძღუარ, მიგდევდე შენ, ვიდრეცა ხჳდოდი.
20 ჰრქუა მას იესუ: მელთა ჴურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს.
21 და სხუამან მოწაფეთა მისთაგანმან ჰრქუა მას: უფალო, მიბრძანე მე პირველად მისლვად და დაფლვად მამისა ჩემისა.
22 ხოლო იესუ ჰრქუა მას: შენ მომდევდი მე და აცადენ მკუდარნი დაფლვად თჳსთა მკუდართა.
23 და აღვიდა იგი ნავსა, და მისდევდეს მოწაფენი მისნი.
24 და აჰა ესერა აღძრვაჲ იყო დიდი ზღუასა შინა, ვიდრე დაფარვადმდე ნავისა ღელვათაგან. ხოლო თავადსა ეძინა.
25 და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი და აღადგინეს იგი და ეტყოდეს: უფალო, მიჴსნენ ჩუენ, რამეთუ წარვწყმდებით.
26 და თავადმან ჰრქუა მათ: რაჲსა შეშინდით, მცირედ-მორწმუნენო? მაშინ აღდგა და შეჰრისხნა ქართა მათ და ზღუასა. და იქმნა მეყსეულად დაყუდება დიდ.
27 ხოლო კაცთა მათ უკჳრდა და იტყოდეს: რაბამ ვინმე არს ესე, რამეთუ ქარნიცა და ზღუაჲ ერჩიან მას?
28 და ვითარცა მოვიდა იგი მიერ კერძო სოფელსა მას გერგესეველთასა, შეემთხჳნეს მას ორნი ეშმაკეულნი, რომელნი გამოვიდოდეს საფლავებისაგან, ფრიად ბოროტნი, ვიდრეღა ვერვის ჴელ-ეწიფებოდა წარსლვაჲ მიერ გზით.
29 და ღაღად-ყვეს და იტყოდეს: რაჲ ძეს ჩუენი და შენი, იესუ, ძეო ღმრთისაო? რამეთუ მოხუედ აქა უწინარეს ჟამისა ტანჯვად ჩეუნდა.
30 და იყო შორს მათგან კოლტი ღორთაჲ მძოვარი.
31 ხოლო ეშმაკნი იგი ევედრებოდეს მას და ეტყოდეს: უკუეთუ განგუასხამ ჩუენ, მიბრძანე ჩუენ მისლვად კოლტსა იმას ღორთასა.
32 და ჰრქუა მათ: მივედით! ხოლო იგინი განვიდეს კაცთა მათგან და მიიმართეს კოლტსა მას ღორთასა. და მიიმართა ყოველმან მან კოლტმან ღორთამან კბოდესა მას ზღჳსასა და მოსწყდეს იგინი წყალთა მათ შინა.
33 ხოლო მწყემსნი იგი ივლტოდეს და წარვიდეს ქალაქად და უთხრეს ყოველივე ეშმაკეულთა მათთჳს.
34 მაშინ ყოველი იგი ქალაქი გამოვიდა შემთხუევად იესუჲსა. და იხილეს იგი და ევედრებოდეს, რაჲთა წარვიდეს საზღუართა მათთაგან.
თავი 9
1 და შევიდა ნავსა და წიაღჴდა და მოვიდა თჳსად ქალაქად.
2 მაშინ მოართუეს მას განრღვეული ცხედარსა ზედა მდებარე და იხილა იესუ სარწმუნოებაჲ მათი და ჰრქუა განრღვეულსა მას: ნუ გეშინინ, შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი.
3 და აჰა ესერა მწიგნობართაგანთა ვიეთმე თქუეს გულთა შინა მათთა, ვითარმედ: ესე გმობს.
4 იცნოდა იესუ ზრახვანი მათნი და ჰრქუა მათ: რაჲსა თქუენ ბოროტსა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა?
5 რაჲ უადვილეს არს სიტყუად: მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი, ანუ სიტყუად: აღდეგ და ვიდოდე?
6 ხოლო რაჲთა უწყოდით, რამეთუ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, მაშინ ჰრქუა განრღვეულსა მას: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახედ შენდა!
7 და იგი მეყსეულად აღდგა და წარვიდა სახედ თჳსა.
8 იხილა რაჲ ესე ერმან მან, დაუკჳრდა და ადიდებდეს ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი ჴელმწიფებაჲ კაცთა.
9 და წარვიდოდა მიერ იესუ, იხილა კაცი, რომელი ჯდა საზუერესა, მატთეოს სახელი მისი, და ჰრქუა მას: მომდევდი მე. და აღდგა და მისდევდა მას.
10 და იყო ჯდა რაჲ იგი ინაჴით სახლსა შინა, და მრავალნი მეზუერენი და ცოდვილნი თანა-სხდეს ინაჴით იესუჲს თანა და მოწაფეთა მისთა თანა.
11 და ვითარცა იხილეს ფარისეველთა მათ, ჰრქუეს მოწაფეთა მისთა: რაჲსათჳს მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჭამს მოძღუარი თქუენი?
12 ხოლო იესუს ვითარცა ესმა, ჰრქუა მას: არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა.
13 ხოლო თქუენ წარვედით და ისწავეთ, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი. რამეთუ არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა.
14 მაშინ მოუჴდეს მას მოწაფენი იოვანესნი და ეტყოდეს: რაჲსათჳს ჩუენ და ფარისეველნი ვიმარხავთ ფრიად, ხოლო მოწაფენი შენნი არა იმარხვენ?
15 ჰრქუა მათ იესუ: ჴელ-მე-ეწიფებისა ძეთა სიძისათა გლოვად, ვიდრემდე მათ თანა არს სიძე? მოვლენან დღენი, რაჟამს ამაღლდეს მათგან სიძე იგი, და მაშინ იმარხვიდენ.
16 არავინ დაადგის სადგმელი უმურკნველი სამოსელსა ძუელსა, რამეთუ აღიღის სავსებაჲ სამოსლისა მისგან, და უფროჲსი განხეთქილებაჲ იქმნის.
17 არცა შთაასხიან ღჳნოჲ ახალი თხიერთა ძუელთა, რაჲთა არა განსთქდენ თხიერნი, და ღჳნოჲ დაითხიოს, და თხიერნი წარწყმდენ. არამედ შთაასხიან ღჳნოჲ ახალი თხიერთა ახალთა, და ორნივე დაიმარხნიან.
18 და ვითარცა იგი ამას ეტყოდა მათ, მაშინ მოუჴდა მას მთავარი ერთი, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა, ვითარმედ: ასული ჩემი აწღა აღესრულა; არამედ მოვედ და დასდევ ჴელი შენი მას ზედა, და ცხოვნდეს.
19 და აღდგა იესუ და შეუდგა მას, და მოწაფენი მისნი მის თანა.
20 და აჰა ესერა დედაკაცი ვინმე, რომელი იყო სისხლისა დინებასა ათორმეტ წელ, მოუჴდა ზურგით და შეახო ფესუსა სამოსლისა მისისასა.
21 რამეთუ იტყოდა გულსა თჳსსა, ვითარმედ: შე-ხოლო თუ-ვახო სამოსელსა მისსა, ვცხოვნდე.
22 ხოლო იესუ მიექცა, იხილა იგი და ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, ასულო, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. და განიკურნა დედაკაცი იგი მიერ ჟამითგან.
23 და მოვიდა იესუ სახლსა მის მთავრისასა და იხილა მუნ მგოსნები და ერი კრებული და შფოთი
24 და ჰრქუა მათ: განეშორენით, რამეთუ არა მომკუდარ არს ეგე, არამედ სძინავს. ხოლო იგინი ეკიცხევდეს მას.
25 და რაჟამს გამოასხა ერი იგი, შევიდა და უპყრა ჴელი მისი და აღადგინა ქალი იგი.
26 განჴდა ჰამბავი მისი ყოველსა მას ქუეყანასა.
27 და წარმო-რაჲ-ვიდოდა მიერ იესუ, მოსდევდეს მას ორნი ბრმანი, ღაღადებდეს და იტყოდეს: შემიწყალენ ჩეუნ, ძეო დავითისო!
28 და ვითარცა შევიდა იესუ სახლსა, მოუჴდეს მას ბრმანი იგი, და ჰრქუა მათ იესუ: გრწამსა, ვითარმედ ძალ-მიც ესე ყოფად? ჰრქუეს მას: ჰე, უფალო.
29 მაშინ შეახო თუალთა მათთა და ჰრქუა მათ: სარწმუნოებისა თქუენისაებრ გეყავნ თქუენ!
30 და მეყსეულად აღეხუნეს თუალნი მათნი. და შეჰრისხნა მათ იესუ და ჰრქუა: იხილეთ, ნუმცა ვინ უწყის.
31 ხოლო იგინი გამოვიდეს და მიმოდადვეს იგი ყოველსა მას ქუეყანასა.
32 და ვითარცა-იგი გამო-ოდენ-ვიდეს, მოჰგუარეს მას კაცი ყრუჲ და ეშმაკეული.
33 და ვითარცა განჴადა ეშმაკი იგი, იტყოდა ყრუჲ იგი. და დაუკჳრდებოდა ერსა მას და იტყოდეს: არასადა ისრაჱლსა შორის ესრეთ გამოჩნდა.
34 ხოლო ფარისეველნი იტყოდეს: მთავრითა ეშმაკთაჲთა განასხამს ეშმაკთა.
35 და მოჰვლიდა იესუ ქალაქებსა ყოველსა და დაბნებსა და ასწავებდა შესაკრებელთა შორის მათთა და ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისასა და განჰკურნებდა ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათა ერსა შორის.
36 და ვითარცა იხილა ერი იგი, შეეწყალნეს იგინი, რამეთუ იყვნეს დამაშურალ და დაცჳვნებულ, ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა აქუნ მწყემსი.
37 მაშინ ჰრქუა მოწფეთა თჳსთა, ვითარმედ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი – მცირედ.
38 ევედრენით უფალსა სამკალისასა, რაჲთა გამოავლინნეს მოქმედნი სამკალსა თჳსსა.
