ახალი აღთქმა
თავები 10–12
წმ. გიორგი მთაწმინდელის რედაქცია
საქმენი
თავი 10
1კაცი ვინმე იყო კესარიას შინა სახელით კორნილეოს, ასისთავი, ტომისაგან, რომელსა ჰრქჳან იტალიკე,
2კეთილად მსახური და მოშიში უფლისაჲ ყოვლითურთ სახლეულით თჳსით, იქმოდა ქველის საქმესა მრავალსა ერსა მას შორის და ევედრებოდა ღმერთსა მარადის.
3იხილა მან ჩუენებით განცხადებულად ვითარ მეცხრესა ოდენ ჟამსა მის დღისასა, რამეთუ ანგელოზი უფლისაჲ მოვიდა მისა და ჰრქუა მას: კორნილიე!
4და მან მიხედა მას და ზარი განჰჴდა და ჰრქუა მას: ლოცვანი შენნი და ქველის საქმენი შენნი აღვიდეს საჴსენებელად შენდა წინაშე უფლისა.
5და აწ მიავლინენ შენ იოპედ კაცნი და მოუწოდე სიმონს, რომელსა ჰრქჳან პეტრე.
6ამისი ვანი არს სიმონის ვისმე თანა მეპრატაკისა, რომლისა ტაძარი ახს ზღუასა.
7და ვითარცა წარვიდა ანგელოზი იგი, რომელი ეტყოდა მას, მოუწოდა ორთა მონათა მისთა და ერის კაცსა, კეთილად მსახურსა, წინაშე მდგომელსა მისსა,
8და უთხრა მათ ესე ყოველი და წარავლინნა იგინი იოპედ.
9და ხვალისაგან მი-რაჲ-ვიდოდეს იგინი გზასა ზედა, ქალაქსა მიეახლნეს, აღჴდა პეტრე ერდოსა ზედა ლოცვად ჟამსა მეექუსესა,
10რამეთუ შეემშია და უნდა პირისა ჴსნაჲ. და ვიდრე იგინი უმზადებდეს მას, იყო მის ზედა განკჳრვებაჲ,
11და ხედვიდა ცათა განხუმულთა და გარდამომავალსა ჭურჭელსა რასმე, ვითარცა ტილოსა დიდსა ოთხთაგან კიდეთა ზე დამოკიდებულსა ზეცით ქუეყანად,
12რომელსა შინა იყო ყოველი ოთხფერჴი და ქუეწარმავალი და მჴეცი ქუეყანისაჲ და მფრინველნი ცისანი.
13და იყო ჴმაჲ მისა მიმართ: აღდეგ პეტრე, დაკალ და ჭამე.
14მიუგო პეტრე და ჰრქუა: ნუ იყოფინ, უფალო, რამეთუ არასადა შეგინებული და არაწმიდაჲ შესრულ არს პირსა ჩემსა.
15და მერმე კუალად მეორედ ჴმაჲ იყო მისა მიმართ და თქუა: რომელი-იგი ღმერთმან წმიდა ყო, შენ ნუ შეგინებულ გიჩნს.
16ხოლო ესე იყო სამ გზის, და კუალად ამაღლდა ჭურჭელი იგი მუნვე ზეცად.
17და ვითარ-იგი განიზრახვიდა პეტრე გულსა თჳსსა, ვითარმედ რაჲ-მე იყოს ხილვაჲ ესე, რომელი ეჩუენა მას, და აჰა-ესერა კაცნი იგი, რომელნი კორნელეოსისგან მოვლინებულ იყვნეს, იკითხვიდეს სახლსა სიმონისსა და მოვიდეს და დადგეს ბჭეთა ზედა მისთა.
18და მოხადეს და ჰკითხვიდეს, უკუეთუ სიმონისი, რომელსა ჰრქჳან პეტრე, ვანი არს აქა?
19ხოლო პეტრე, ვიდრეღა იგი გულის ზრახვად დგა ჩუენებისა მისთჳს, ჰრქუა მას სულმან წმიდამან: აჰა-ეგერა სამნი კაცნი გეძიებენ შენ;
20არამედ აღდეგ და გარდაგუალე და მივედ მათ თანა და ნურარას ორგულებ, რამეთუ მე მომივლინებიან იგინი.
21გარდამოვიდა პეტრე კაცთა მათ თანა, მოვლინებულთა კორნილიოსის მიერ, და ჰრქუა: აჰა-ესერა მე ვარ, რომელსა თქუენ მეძიებთ. აწ რაჲ არს მიზეზი, რომლისათჳს მოსრულ ხართ?
22ხოლო მათ ჰრქუეს: კორნილიოს ასისთავმან, კაცმან მართალმან და მოშიშმან ღმრთისამან, რომელი წამებულ არს ყოვლისაგან ნათესავისა ჰურიათაჲსა, ბრძანებაჲ მოიღო ანგელოზისაგან წმიდისა მიყვანებად შენდა სახლსა თჳსსა და სმენად შენგან სიტყუათა.
23ხოლო მან შეუწოდა მათ და მუნ დაიყენნა და ისტუმრნა იგინი. და ხვალისაგან აღდგა პეტრე და განვიდა მათ თანა, და ვიეთნიმე ძმათაგანნიცა იოპით მიჰყვეს მის თანა.
24და ხვალისაგან შევიდეს კესარიად, ხოლო კორნილეოს მოელოდა მათ, შემოეკრიბა თესლ-ტომი მისი და საყუარელნი მეგობარნი მისნი.
25და იყო შესლვასა მას პეტრესსა, მოეგებოდა მას კორნილიე და შეუვრდა ფერჴთა მისთა და თაყუანის-სცა მას.
26ხოლო პეტრე აღადგინა იგი და ჰრქუა მას: აღდეგ რამეთუ მეცა თავადი კაცივე ვარ.
27და იტყოდეს თანად, და შე-რაჲ-ვიდა შინა, პოვნა მუნ მრავალნი შემოკრებულნი.
28და ჰრქუა მათ პეტრე: თქუენ თჳთ უწყით, ვითარმედ არა ჯერ არს კაცისა ჰურიისა მიახლებად წარმართთა, ანუ შეხებად უცხო თესლთა; და მე მიჩუენა ღმერთმან, რაჲთა არავინ კაცი შევჰრაცხო ბილწად და არაწმიდად.
29ამისთჳს უცილობელად შემოვედ თქუენდა, მოვედ რაჲ. აწ უკუე მაუწყეთ, რომლისა სიტყჳსათჳს მომხადეთ მე.
30ჰრქუა მას კორნილიოს: მეოთხით დღითგან ვიდრე აქა ჟამადმდე ვიყავ მარხული და მეცხრესა ჟამსა ვილოცევდ რაჲ სახლსა შინა ჩემსა, და აჰა-ესერა დადგა კაცი წინაშე ჩემსა სამოსლითა ბრწყინვალითა
31და მრქუა მე: კორნილიე, შეისმეს ლოცვანი შენნი, და ქველის საქმენი შენნი მოიჴსენნეს წინაშე ღმრთისა.
32აწ მიავლინე შენ იოპედ და მოუწოდე სიმონს, რომელსა ჰრქჳან პეტრე: ამას ვანი დაუც სახლსა სიმონის ვისმე მეპრატაკისასა, ზღჳს კიდით კერძო, რომელი მოვიდეს და გეტყოდის შენ.
33და მუნთქუესვე წარმოვავლინენ შენდა და შენ კეთილად ჰყავ, რამეთუ მოხუედ. აწ ესერა ჩუენ ყოველნი მოსრულ ვართ წინაშე ღმრთისა სმენად ყოვლისა ბრძანებულისა შენდა უფლისა მიერ.
34აღაღო პეტრე პირი თჳსი და თქუა: ჭეშმარიტად ვიცი, რამეთუ არა არს თუალთ-ღება ღმრთისა თანა,
35არამედ ყოველთა შორის თესლთა რომელსა ეშინის მისა და იქმს სიმართლესა, სათნო მისა არს.
36სიტყუაჲ იგი, რომელი მოუვლინა ძეთა ისრაჱლისათა მახარებლად მშჳდობისა იესუ ქრისტეს მიერ, ესე თავადი არს უფალი ყოველთაჲ.
37თქუენ თჳთ უწყით სიტყუაჲ იგი, რომელი იყო ყოველსა ზედა ჰურიასტანსა, რომელმან-იგი იწყო გალილეაჲთ შემდგომად ნათლის-ცემისა, რომელსა-იგი ქადაგებდა იოვანე:
38იესუს ნაზარეველსა, რომელსა-იგი სცხო ღმერთმან სულითა წმიდითა და ძალითა, რომელი-იგი მოვიდა ქველის მოქმედად და განკურნებად ყოველთა მიმძლავრებულთა ეშმაკისათა, რამეთუ ღმერთი იყო მის თანა.
39და ჩუენ მოწამე ვართ ყოველთათჳს, რომელნი ქმნნა სოფელსა მას ჰურიასტანისასა და იერუსალჱმს შინა, რომელცა-იგი მოკლეს დამოკიდებითა ძელსა ზედა.
40ესე ღმერთმან აღადგინა მესამესა დღესა და მისცა მას განცხადებულებაჲ,
41არა ყოვლისა ერისაჲ, არამედ მოწამეთა ამათ, რჩეულთა წინაჲსწარვე ღმრთისა მიერ, ჩუენ, რომელნი მის თანა ვჭამდით და ვსუემდით შემდგომად მკუდრეთით აღდგომისა მისისა.
42და მამცნო ჩუენ ქადაგებად ერისა და წამებად, რამეთუ იგი თავადი არს განჩინებული ღმრთისა მიერ, მსაჯული ცხოველთა და მკუდართაჲ.
43ამას ყოველნი წინასწარმეტყუელნი ეწამებიან მოტევებასა ცოდვათასა მოღებად სახელითა მისითა ყოველთა რომელთა ჰრწმენეს მისა მიმართ.
44და ვიდრე-იგი იტყოდა-ღა პეტრე სიტყუათა ამათ, მოვიდა სული წმიდაჲ და დაადგრა ყოველთა ზედა, რომელთა ესმოდა სიტყუაჲ იგი,
45და დაუკჳრდა წინა-დაცუეთილებისაგანთა მორწმუნეთა, რაოდენნი-იგი შევიდეს პეტრეს თანა, რამეთუ წარმართთაცა ზედა ნიჭი იგი სულისა წმიდისაჲ მიფენილ არს,
46რამეთუ ესმოდა მათი, იტყოდეს რაჲ ენათა, და ადიდებდეს ღმერთსა. მაშინ მიუგო პეტრე და ჰრქუა:
47წყლისაგან ნუ რაჲ ყენებაჲ არსა არა ნათლის-ცემაჲ ამათი, რომელთა-ესე სული წმიდაჲ მიიღეს, ვითარცა-იგი ჩუენ?
48და უბრძანა მათ ნათლის-ღებად სახელითა იესუ ქრისტესითა. მაშინ ევედრნეს მას, რაჲთა დაადგრეს მათ თანა დღე რაოდენმე.
საქმენი
თავი 11
1ხოლო ესმა მოციქულთა მათ და ძმათა, რომელნი იყვნეს ჰურიასტანს, ვითარმედ წარმართთაცა შეიწყნარეს სიტყუაჲ ღმრთისაჲ.
2და რაჟამს აღვიდა პეტრე იერუსალჱმდ, ერიდებოდეს მას წინა-დაცუეთილებისაგანნი ძმანი,
3და იტყოდეს, ვითარმედ: კაცთა მიმართ წინა-დაუცუეთელთა შეხუედ და მათ თანა სჭამე.
4ხოლო პეტრე იწყო და მიუთხრა მათ შემდგომითი შემდგომად და ჰრქუა:
5მე ვიყავ ქალაქსა შინა იოპესა და, ვილოცევდ რაჲ, ვიხილე განკჳრვებასა ჩემსა ჩუენებაჲ, რამეთუ გარდამოვიდოდა ჭურჭელი რაჲმე, ვითარცა ტილოჲ დიდი, ოთხთაგან კიდეთა დამოკიდებული ზეცით, და მოვიდა ვიდრე ჩემდამდე,
6რომელსა მივხედენ და გავიცდიდი, და ვიხილე მას შინა ოთხფერჴი ქუეყანისაჲ და მჴეცნი და ქუეწარმავალნი და მფრინველნი ცისანი,
7და მესმა ჴმაჲ, რომელი მეტყოდა მე: აღდეგ, პეტრე, დაკალ და ჭამე.
8და მე ვთქუ: ნუ იყოფინ, უფალო, რამეთუ ბილწი რაჲვე გინა არაწმიდაჲ არასადა შესრულ არს პირსა ჩემსა.
9მომიგო მე ჴმამან მან მეორედ ზეცით: რომელი ღმერთმან წმიდა ყო, შენ ნუ ბილწ გიჩნ.
10ესე იყო სამ გზის და კუალად აღმაღლდა ყოველი იგი ზეცად.
11და აჰა მუნთქუესვე სამნი კაცნი მოიწინეს ბჭეთა მის სახლისათა, რომელსა-იგი შინა ვიყავ, მოვლინებულნი ჩემდა კესარიაჲთ.
12და მრქუა მე სულმან წმიდამან მისლვად მათ თანა და არარას ორგულებად. მოვიდეს ჩემ თანა ექუსნიცა ესე ძმანი და შევედით სახლსა მის კაცისასა.
13და მითხრა ჩუენ, ვითარ-იგი იხილა ანგელოზი ღმრთისაჲ სახლსა შინა თჳსსა მდგომარე, რომელმან ჰრქუა მას: მიავლინე იოპედ და მოიყვანე შენ სიმონ, რომელსა ჰრქჳან პეტრე,
14რომელმან იგი გრქუნეს შენ სიტყუანი, რომლითა სცხონდე შენ და ყოველი სახლი შენი.
15და ვითარცა ვიწყე მე სიტყუად, მოვიდა სული წმიდაჲ მათ ზედა, ვითარცა-იგი ჩუენ ზედა პირველად.
16და მომეჴსენა მე სიტყუაჲ უფლისაჲ, რომელ თქუა, ვითარმედ: იოვანე ნათელ-სცემდა წყლითა, ხოლო თქუენ ნათელ-იღოთ სულითა წმიდითა.
17აწ უკუეთუ სწორი ნიჭი მისცა მათ ღმერთმან, ვითარცა ჩუენ, რომელთა-ესე გურწმენა უფალი იესუ ქრისტე, მე რაჲ ძალ-მედვა ყენებად ღმრთისა?
18ვითარცა ესმა ესე, დადუმნეს და ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს: უკუეთუ ნანდჳლვე წარმართთაცა მისცა ღმერთმან სინანული იგი ცხორებისაჲ.
19და რომელნი-იგი მიმოდაიბნინეს ჭირისა მისგან, რომელი იყო სტეფანეს ზედა, მივიდეს ვიდრე ფინიკედმდე და კჳპრედ და ანტიოქიად, არარას ვის ეტყოდეს სიტყუასა, გარნა ჰურიათა მათ ხოლო.
20ხოლო იყვნეს ვინმე მათგანნი კაცნი კჳპრელნი და კჳრინელნი, რომელნი შევიდეს ანტიოქიად და იტყოდეს ბერძლ მეტყუელთა მათ მიმართ და ახარებდეს უფალსა იესუს.
21და იყო ჴელი უფლისაჲ მათ თანა განკურნებად. და მრავალსა რიცხუსა ჰრწმენა და მოიქცეს უფლისა.
22ესმა სიტყუაჲ ესე ყურთა კრებულისათა, რომელნი იყვნეს იერუსალჱმს მათთჳს და მიავლინეს ბარნაბა, რაჲთა განვიდეს ვიდრე ანტიოქიადმდე,
23რომელი-იგი მოვიდა და იხილა მადლი იგი ღმრთისაჲ და განიხარა და ჰლოცვიდა ყოველთა გულს-მოდგინებითა გულისაჲთა დადგრომად უფლისა მიმართ.
24რამეთუ იყო კაცი იგი სახიერ და სავსე სულითა წმიდითა და სარწმუნოებითა. და შეეძინა ერი მრავალი უფალსა.
25და გამოვიდა ბარნაბა ტარსუნდ მოძიებად სავლესა, და პოა და მოიყვანა ანტიოქიად.
26და იყო მათი წელიწად ერთ შეკრებაჲ ეკლესიად და სწავლად ერისა მრავლისა და წოდებად პირველად ანტიოქიას შინა მოწაფეთა მათ ქრისტეანად.
27ამათ დღეთა შინა გამოვიდეს იერუსალჱმით წინაწარმეტყუელნი ანტიოქიად.
28და აღდგა ერთი მათგანი, რომელსა სახელი ერქუა აღაბოს, რომელი-იგი აუწყებდა სულითა წმიდითა, ვითარმედ: სიყმილი დიდი ყოფად არს ყოველსა ზედა სოფელსა, რომელი-იგი იყო დღეთა მათ კლავდის კეისრისათა.
29ხოლო მოწაფეთა მათ, ვითარცა ჴელ-რაჲ ვის-ეწიფებოდა, ბრძანეს თითოეულმან მათმან სამსახურებელად მიძღუანებად ძმათა მათ, რომელნი-იგი მყოფ იყვნეს ჰურიასტანს,
30რომელცა-იგი ყვეს და წარუძღუანეს ხუცესთა მათ მიმართ ჴელითა ბარნაბაჲსითა და სავლესითა.
საქმენი
თავი 12
1მას ჟამსა შინა ჴელი მიყო ჰეროდე მეფემან ძჳრის ყოფად რომელთამე ეკლესიისაგანთა
2და მოკლა იაკობ, ძმაჲ იოვანესი, მახჳლითა.
3და ვითარცა იხილა, რამეთუ სათნო უჩნდა ჰურიათა მათ, შესძინა შეპყრობაჲ პეტრესიცა. ხოლო იყვნეს დღენი იგი უცომოებისანი.
4და შე-რაჲ-იპყრა იგი, შესუა საპყრობილესა და მისცა იგი ოთხთა ოთხეულთა ერისაგანთა ცვად. ესრეთ ეგულებოდა, რაჲთა შემდგომად ზატიკისა აღიყვანოს იგი და მისცეს ერსა მას.
5და პეტრე ცვულ იყო საპყრობილესა მას შინა. ხოლო ლოცვაჲ გულს-მოდგინედ იყოფოდა ეკლესიათა მიერ ღმრთისა მიმართ მისთჳს.
6რაჟამს უკუე ეგულებოდა ჰეროდეს გამოყვანებად და მიცემად ჴელთა მათთა, მას ღამესა ეძინა პეტრეს შორის ორთა ერისაგანთა, შეკრულსა ჯაჭჳთა მრჩობლითა, და მჴუმილნი იგი წინაშე კართა სცვიდეს საპყრობილესა მას.
7და აჰა ანგელოზი უფლისაჲ ზედა მოადგა, და ნათელი გამობრწყინდა სახლსა მას შინა, და სცა გუერდსა პეტრესსა, და განაღჳძა იგი და ჰრქუა მას: აღდეგ ადრე. და დასცჳვეს ჯაჭუნი იგი ჴელთაგან მისთა.
8ჰრქუა მას ანგელოზმან მან: მოირტყ და შეისხენ სანდალნი შენნი. და მან ყო ეგრეთ. და ჰრქუა მას: შეიმოსე სამოსელი შენი და შემომიდეგ მე.
9და განვიდა და შეუდგა მას, და არა უწყოდა, ვითარმედ ჭეშმარიტ არს, რომელი-იგი იყო ანგელოზისა მისგან; ეგრე ჰგონებდა, ვითარმედ ჩუენებასა იხილავს.
10და ვითარ განვლეს მათ პირველი საჴუმილავი და მეორე, მიიწინეს იგინი ბჭეთა მათ რკინისათა, რომელი შევიდოდა ქალაქად, რომელცა-იგი თჳთ განეღო მათ. და ვითარცა განვლეს იგი, წარვლეს უბანი ერთი, და მეყსეულად განეშორა მისგან ანგელოზი იგი.
11და პეტრე მოეგო გონებასა თჳსსა და თქუა: აწ უწყი ჭეშმარიტად, რამეთუ მოავლინა ღმერთმან ანგელოზი თჳსი და განმარინა მე ჴელთაგან ჰეროდესთა და ყოვლისაგან მოლოდებისა ერისა მის ჰურიათაჲსა.
12გულსა მოეგონა და მივიდა სახლსა მარიამისსა, დედისა მის იოვანესსა, რომელსა ერქუა მარკოს, სადა-იგი იყვნეს მრავალნი შეკრებულ და ილოცვიდეს.
13და ვითარცა ჰრეკა პეტრე კარსა ბჭისასა, გამოვიდა მჴევალი ერთი სმენად, რომელსა სახელი ერქუა როდი.
14და ვითარცა იცნა ჴმაჲ იგი პეტრესი, სიხარულითა არა განუღო მას კარი, არამედ შინა შერბიოდა და უთხრა, ვითარმედ: პეტრე კართა ზედა დგას.
15ხოლო მათ ჰრქუეს: ჰბორგი. და იგი დაამტკიცებდა, ვითარმედ: ესრეთ არს. ხოლო იგინი იტყოდეს, ვითარმედ: ანგელოზი მისი არს.
16და პეტრე ჰრეკდა კარსა მას ზედაჲს-ზედა. ხოლო გან-რაჲ-უღეს, იხილეს იგი და განჰკრთეს.
17მან ჴელი განუყარა მათ, რაჲთა დადუმნენ. და მიუთხრა მათ, ვითარ-იგი უფალმან გამოიყვანა საპყრობილით, და ამცნო: უთხართ ესე იაკობს და ძმათა ყოველთა. და განვიდა და წარვიდა სხუასა ადგილსა.
18და ვითარცა განთენა, არა მცირედი შეზრუნებაჲ იყო ერის კაცთაჲ მათ, ვითარმე: რაიმე იქმნა პეტრე?
19და ჰეროდე ეძიებდა მას და არა პოვა. მაშინ განიკითხნა მცველნი იგი და ბრძანა მოკლვაჲ მათი. და მოვიდა მიერ ჰურიასტანით და კესარიას იქცეოდა.
20ხოლო იყო ჰეროდე გულ-მწყრალ ტჳრელთა და სიდონელთათჳს. და იგინი მოსრულ იყვნეს ერბამად მისა და ქველის მეტყუელ იყოფდეს ვლასტონს, რომელი იყო სასუენებელსა ზედა მეფისასა, და ითხოვდეს მშჳდობასა, რამეთუ ქუეყანაჲ იგი მათი იზარდებოდა სამეუფოჲსაგან მისისა.
21და დღესა ერთსა დაწესებულსა ჰეროდე შეიმოსა სამოსელი სამეუფოჲ და დაჯდა საყდარსა ზედა და ზრახვიდა მათდა მიმართ.
22და ერი იგი ღაღადებდა: ღმრთისა ჴმაჲ არს და არა კაცისაჲ.
23და მეყსეულად სცა მას ანგელოზმან უფლისამან ამისთჳს, რამეთუ არა მისცა დიდებაჲ ღმერთსა, და იქმნა იგი მატლთა შესაჭმელ და სულნი წარჰჴდეს.
24რამეთუ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ აღორძნდებოდა და განმრავლდებოდა.
25ბარნაბა და სავლე მოიქცეს იერუსალჱმით ანტიოქიადვე, ვითარ-იგი აღასრულეს მსახურებაჲ მათი; თანა წარიყვანეს იოვანეცა, რომელსა წოდებულ იყო მარკოზ.