ახალი აღთქმა
თავები 13–15
წმ. გიორგი მთაწმინდელის რედაქცია
საქმენი
თავი 13
1იყვნეს ინტიოქიას შინა მსგავსად კრებულისა მის წინაწარმეტყუელნი და მოძღუარნი: ბარნაბა და სჳმეონ, რომელსა-იგი ერქუა ნიგერ, და ლუკიოს კჳრინელი და მანაინ, რომელი-იგი იყო ძუძუს მტე ჰეროდე მეფისაჲ, და სავლე.
2და ვიდრე-იგი ჰმსახურებდეს უფალსა და იმარხვიდეს, ჰრქუა მათ სულმან წმიდამან: გამომირჩიენით მე ბარნაბა და სავლე საქმესა, რომელსა მე უწოდი მათ.
3მაშინ იმარხეს და ილოცეს და დაასხნეს მათ ზედა ჴელნი მათნი და განუტევნეს.
4ესენი უკუე ვითარცა წარიგზავნნეს სულისა მიერ წმიდისა, შთავიდეს სელევკიად , და მიერ ნავითა წიაღჴდეს კჳპრედ.
5და შე-რაჲ-ვიდეს სალამინდ, უთხრობდეს სიტყუასა მას ღმრთისასა შესაკრებელსა მას შორის ჰურიათასა; თანა ჰყვანდა იოვანეცა მსახურად.
6და ვითარცა მოვლეს ყოველი იგი ჭალაკი ვიდრე პაფოდმდე, პოვეს კაცი ვინმე მოგჳ, ცრუ წინაწარმეტყუელი, ჰურიაჲ, რომლისა სახელი ბარიისუ,
7რომელი-იგი იყო მთავრისა მის ანთჳპატისა თანა სერგისა პავლესა, კაცისა გონიერისა. ამან მოუწოდა ბარნაბას და სავლეს, და ეძიებდა მათგან სმენად სიტყუასა ღმრთისასა.
8ხოლო უჴდებოდა მას ელჳმას, მოგჳ იგი, რამეთუ ესრეთ გამოითარგმანების სახელი მისი, და ეძიებდა გარდაქცევასა ანთჳპატისასა სარწმუნოებისაგან.
9ხოლო სავლე, რომელ არს პავლე, აღივსო სულითა წმიდითა, მიხედა მას
10და ჰრქუა: ჵ სავსეო ყოვლითა ზაკუვითა და ყოვლითა მანკიერებითა, შვილო ეშმაკისაო და მტერო ყოვლისა სიმართლისაო, არა დასცხრეა გარდაქცევად გზათა მათ უფლისათა წრფელთა?
11და აწ ესერა ჴელი უფლისაჲ შენ ზედა, და იყო შენ ბრმა და შენ ხედვიდე მზესა ვიდრე ჟამადმდე. და მეყსეულად დაეცა მის ზედა არმური და ბნელი, და მიმოვიდოდა და იძიებდა მძღუარსა.
12მაშინ ვითარცა იხილა ანთჳპატმან მან, რაჲ-იგი იქმნა, ჰრწმენა განკჳრვებულსა მოძღურებასა მას ზედა უფლისასა.
13წარ-რაჲ-ვიდეს პაფოჲთ პავლე და მისთანანი იგი, წიაღჴდეს პერგედ პამფილიაჲსა. ხოლო იოვანე განეშორა მათგან და მიიქცა მუნვე იერუსალჱმდ.
14და იგინი განვიდეს პერგით და მივიდეს ანტიოქიად პისიდიისა, და შევიდეს შესაკრებელსა მათსა დღესა შაბათსა და დასხდეს.
15და ვითარცა აღმოიკითხეს სჯული და წინაწარმეტყუელნი, მიავლინნეს მათდა შესაკრებელის მთავართა მათ და ჰრქუეს: კაცნო ძმანო, უკუეთუ არს თქუენ თანა სიტყუაჲ ნუგეშინის-ცემისაჲ ერისა ამის მომართ, იტყოდეთ.
16აღდგა პავლე და განუყარა ჴელი, რაჲთა დადუმნენ, და თქუა: კაცნო ისრაიტელნო და რომელნი მოშიშნი ღმრთისანი ხართ, ისმინეთ!
17ღმერთმან ამის ერისამან გამოირჩინა მამანი ჩუენნი და ერი იგი აღამაღლა ჟამსა მას მწირობისასა ქუეყანასა მას ეგჳპტისასა, და მკლავითა მაღლითა გამოიყვანნა იგინი მიერ.
18და ზრდიდა მათ უდაბნოსა ზედა ორმეოცისა წლისა ჟამთა,
19და დაარღჳნა ნათესავნი შჳდნი ქუეყანასა მას ქანანისასა და დაუმკჳდრა მათ ქუეყანაჲ იგი მათი.
20და შემდგომად ამისა ვითარ ოთხას ერგასის წელ ოდენ მოსცა მათ მსაჯულებ მიდღედმდე სამოელ წინაწარმეტყუელისა.
21მიერითგან ითხოვეს მეფე, და მოსცა მათ ღმერთმან საულ, ძე კისისი, კაცი ნათესავისაგან ბენიამენისა, ორმეოც წელ.
22და ვითარცა გარდაცვალა იგი, აღუდგინა მათ დავით მეფედ, რომელსა-იგი თავადი ეწამა, და თქუა: ვპოვე დავით ძე იესესი, კაცი გულითადი ჩემი, რომელმან ყოს ყოველი ნებაჲ ჩემი.
23მისისა მის ნათესავისაგან ღმერთმან აღთქუმისა მისებრ აღუდგინა ისრაჱლსა მჴსნელი იესუ,
24რომელსა წინაჲსწარ ქადაგებდა იოვანე წინაშე პირსა შემოსლვისა მისისასა ნათლის-ღებასა სინანულისასა ყოვლისა მიმართ ერისა ისრაჱლისა.
25ვითარცა აღასრულებდა იოვანე სრბასა თჳსსა, იტყოდა: ვინ-იგი გგონიე მე ყოფად, მე არა იგი ვარ, არამედ ესერა მოვალს შემდგომად ჩემსა, რომელსა-იგი არა ვარ ღირს განჴსნად ჴამლთა ფერჴთა მისთასა.
26კაცნო ძმანო და ძენო ნათესავისა მის აბრაჰამისნო, და თქუენ შორის რომელთა ეშინის ღმრთისა, თქუენთჳს სიტყუაჲ იგი ცხორებისაჲ მოივლინა.
27რამეთუ რომელნი-იგი მკჳდრ არიან იერუსალჱმს შინა და მთავარნი იგი მათნი ამას უმეცარ იქმნნეს და ჴმათა მათ წინაწარმეტყუელთასა, რომელნი-იგი ყოველთა შაბათთა აღმოიკითხვოდეს, საჯეს და აღასრულეს.
28და არცა ერთი ბრალი სიკუდილისაჲ უპოეს და მოითხოვეს პილატესგან მოკლვად იგი.
29და ვითარ-იგი აღასრულეს ყოველივე, რომელი მისთჳს წერილ იყო, გარდამოჰჴსნეს იგი ძელისაგან და დადვეს საფლავსა.
30ხოლო ღმერთმან აღადგინა იგი მკუდრეთით,
31რომელი-იგი ეჩუენა დღეთა მრავალთა მათ, რომელნი-იგი მის თანა აღმოსულ იყვნეს გალილეაჲთ იერუსალჱმდ, რომელნი-იგი აწ არიან მოწამე მისა ერისა მიმართ.
32და ჩუენ თქუენ გახარებთ მამათა მიმართ ქმნილსა მას აღთქუმასა, რამეთუ ესე ღმერთმან აღუსრულა შვილთა მათთა და ჩუენ აღგჳდგინა იესუ.
33ვითარცა ფსალმუნსა მეორესა წერილ არს, ვითარმედ: ძე ჩემი ხარ შენ და მე დღეს მიშობიე შენ.
34ხოლო რამეთუ აღადგინა იგი მკუდრეთით და არღარა ეგულებოდა მიქცევაჲ განსახრწნელად, ესრეთ თქუა, ვითარმედ: მიგცე თქუენ წმიდაჲ იგი დავითისი სარწმუნოჲ.
35რომლისათჳს სხუასაცა ადგილსა იტყჳს: არა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელი.
36რამეთუ დავით ნათესავსა შინა თჳსსა ჰმსახურა და ნებითა ღმრთისაჲთა შეისუენა და შეეძინა მამათა თჳსთა და იხილა განსახრწნელი.
37ხოლო რომელი ღმერთმან აღდგინა, არა იხილა განსახრწნელი.
38უწყებულ უკუე იყავნ ესე თქუენდა, კაცნო ძმანო, რამეთუ ამის მიერ თქუენ მოტევებაჲ ცოდვათაჲ გეხარების;
39და ყოველთა მათგან, რომელთაგან ვერ უძლეთ სჯულითა მით მოსესითა განმართლებად, ამის მიერ ყოველსა რომელსა ჰრწმენეს, განმართლდების.
40იხილეთ, ნუუკუე მოიწიოს თქუენ ზედა თქუმული იგი წინაწარმეტყუელთა შინა, ვითარმედ:
41იხილეთ შეურაცხის-მყოფელთა მაგათ და გიკჳრდინ და განირყუნენით, რამეთუ საქმესა ვიქმ მე დღეთა თქუენთა, საქმესა რომელი-იგი არა გრწმენეს, უკუეთუ ვინმე გითხრას თქუენ.
42და ვითარცა ეგულებოდა მათ განსლვაჲ შესაკრებელისაგან ჰურიათაჲსა, ჰლოცვიდეს მათ წარმართნი და ევედრებოდეს მერმესაცა შაბათსა თხრობად მათდა სიტყუათა ამათ.
43და ვითარცა განუტევეს კრებული იგი, მისდევდეს მათ მრავალნი ჰურიათაგანნი და მორწმუნეთა მათ მწირთაგანნი პავლეს და ბარნაბას, ხოლო იგინი ეტყოდეს მათ და არწმუნებდეს მტკიცედ დადგრომად მადლსა მას ზედა ღმრთისასა.
44და მერმესა მას შაბათსა კნინღა-და ყოველი იგი ქალაქი შეკრბა სმენად სიტყუასა მას უფლისასა.
45ხოლო იხილეს რაჲ ჰურიათა მათ ეგოდენი იგი ერი, აღივსნეს შურითა და მჴდომად აღუდგეს სიტყუათა მათ პავლესთა და ჰგმობდეს მათ.
46განეცხადნეს ბარნაბა და პავლე და თქუეს: თქუენდა ჯერ-იყო პირველად რქუმად სიტყუაჲ ესე ღმრთისაჲ. ხოლო ვინაჲთგან განიშორებთ მას და არა ღირსად გისჯიან თავნი თჳსნი ცხოვრებისა საუკუნოჲსა, აჰა-ესერა მივიქცევით წარმართთა მიმართ.
47რამეთუ ესრეთ მამცნო ჩუენ უფალმან, ვითარმედ: დაგადგინე შენ ნათლად წარმართთა, რაჲთა იყო შენ მაცხოვრად კიდით კიდედმდე ქუეყანისა.
48ესე რაჲ ესმოდა წარმართთა, უხაროდა და ადიდებდეს სიტყუასა მას უფლისასა. და ჰრწმენა, რაოდენნიცა იყვნეს დაწესებულ ცხორებასა საუკუნესა.
49და მიმოეფინებოდა სიტყუაჲ იგი უფლისაჲ ყოველსა მას სოფელსა.
50ხოლო ჰურიათა მათ განარისხნეს მსახურნი იგი დედანი აზნაურნი და მთავარნი იგი მის ქალაქისანი, და აღადგინეს დევნაჲ პავლეს და ბარნაბაჲს ზედა და განდევნნეს იგინი საზღვრით მათით.
51ხოლო მათ განიყარეს მტუერი ფერჴთა მათთაჲ მათ ზედა და მივიდეს იკონიად.
52და მოწაფენი იგი აღივსებოდეს მადლითა და სულითა წმიდითა.
საქმენი
თავი 14
1იყო იკონიას შინა მსგავსად წესისა შესლვასა მათსა შესაკრებელსა ჰურიათასა და სიტყუად ესრეთ, ვიდრე რწმუნებადმდე ჰურიათა და წარმართთსა მრავალსა სიმრავლესა.
2ხოლო რომელნი ურწმუნონი ჰურიანი იყვნეს, აღაზრზინნეს და განაბოროტნეს სულნი წარმართთანი ძმათა ზედა.
3მრავალ ჟამ იქცეოდეს იგინი განცხადებულად უფლისა მიმართ, რომელი ეწამებოდა მათ სიტყჳთა მით მადლისა მისისაჲთა და მოსცემდა სასწაულებსა და ნიშებსა ყოფად ჴელითა მათითა.
4მაშინ განიწვალა სიმრავლე იგი მის ქალაქისაჲ, და რომელნიმე იყვნეს ჰურიათა თანა და რომელნიმე მოციქულთა თანა.
5და ვითარ შეითქუნეს ჰურიანი და წარმართნი მთავრებით მათითურთ ზედა მისლვად და გინებად და ქვისა დაკრებად მათდა,
6განეშორნეს და მიივლტოდეს ქალაქებსა ლუკაონისასა – ლუსტრად და დერბედ და გარემო სოფლებსა,
7და მუნ ახარებდეს.
8და კაცი ვინმე იყო ლუსტრას შინა, უძლური ორითავე ფერჴთა, და ჯდა მკელობელი დედის მუცლით მისითგან, რომელსა არასადა ევლო.
9ამას ესმნეს სიტყუანი პავლესნი, იტყოდა რაჲ. ვითარ მიჰხედა მას პავლე და იხილა, რამეთუ აქუნდა სარწმუნოებაჲ საცხორებელად მისა,
10ჰრქუა მას დიდითა ჴმითა: შენ გეტყჳ სახელითა უფლისა იესუ ქრისტესითა, აღდეგ ფერჴთა შენთა ზედა მართლ. და აღიხილნა და იწყო სლვად.
11ხოლო ერმან მან იხილა რაჲ, რომელი-იგი ქმნა პავლე, აღიმაღლეს ჴმაჲ მათი ჴმითა მით ლუკაონებრითა და იტყოდეს: ღმერთნი მსგავსებულ არიან კაცთა და გარდამოსრულ არიან ჩუენდა.
12და ხადოდეს ბარნაბას დიოს კერპით და პავლეს – ერმით, რამეთუ პავლე იყო წანამძღუარ სიტყჳსა მის.
13ხოლო მღდელმან მან დიოს კერპისამან, რამეთუ იყო იგი მთავარი მის ქალაქისაჲ, კუროები და გჳრგჳნები ბჭეთა ზედა ქალაქისათა მოიღო ერისა მის თანა და ეგულებოდა ზორვად.
14ესმა რაჲ ესე მოციქულთა ბარნაბას და პავლეს, დაიპეს სამოსელი მათი და შეჴდეს ერსა მას შორის, ღაღადებდეს და იტყოდეს:
15კაცნო, რასა იქმთ ამას? რამეთუ ჩუენცა კაცნივე ვართ მსგავსნი თქუენნი და გახარებთ თქუენ, რაჲთა ამაოებათა ამათგან მოიქცეთ ღმრთისა ცხოველისა, რომელმან ქმნა ცაჲ და ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მათ შინა,
16რომელმან-იგი წარსრულთა მას ნათესავთა მიუშუა ყოველსა მას თესლებსა სლვად გზასა ნებისა მათისასა,
17და არავე უწამებელად დაუტევა ქველის მოქმედებაჲ იგი მისი, ზეცით გარდამო მოცემად თქუენდა წჳმაჲ და ჟამნი ნაყოფის გამომღებელნი, განძღებად საზრდელითა და სიხარულითა გულთა თქუენთა.
18და ესე რაჲ წართქუეს, ძნიად დააცხრვეს ერი იგი არა ზორვად მათდა, არამედ კაცად-კაცადი წარსლად ვანად თჳსა. და ვიდრე-ღა იქცეოდეს იგინი მუნ და ასწავებდეს.
19მოიწინეს ანტიოქიაჲთ და იკონიაჲთ ჰურიანი და, ვიდრე-იგი ეტყოდეს მათ განცხადებულადმ არწმუნეს ერსა მას განშორებად მათგან, რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ: არარას ჭეშმარიტსა იტყჳან, არამედ ყოველსა ტყუიან. და ქვაჲ დაჰკრიბეს პავლეს და განითრიეს იგი გარეშე ქალაქსა მას. ეგრე ჰგონებდეს, ვითარმედ მომკუდარ არს იგი.
20და ვითარ-იგი შემოკრბეს და გარე მოადგეს მოწაფენი, აღდგა და შევიდა დერბედ.
21და ახარებდეს ქალაქსა მას და დაიმოწაფნეს მრავალნი, და მივიდეს ლუსტრად და იკონიად და ანტიოქიად,
22და განამტკიცებდეს სულსა მოწაფეთასა და ჰლოცვიდეს მათ, რაჲთა მტკიცედ დგენ სარწმუნოებასა ზედა, და ვითარმედ: მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესლვაჲ სასუფეველსა ღმრთისასა.
23და უკურთხნეს მათ ეკლესიად-ეკლესიად ხუცესნი, და ლოცვითა და მარხვითა შეჰვედრნეს იგინი უფალსა, რომლისაცა მიმართ ჰრწმენა.
24და განვლეს რაჲ პისიდიაჲ, მოვიდეს პამფილიად;
25და იტყოდეს პერგეს შინა სიტყუასა მას ღმრთისასა და შთავიდეს ატალიად;
26და მიერ ნავითა მივიდეს ანტიოქიად, ვინაჲცა იგი შევედრებულ იყვნეს მადლითა ღმრთისაჲთა საქმესა მას, რომელიცა აღასრულეს.
27და მო-რაჲ-ვიდეს, შეკრბეს კრებული იგი და უთხრეს მათ რაოდენი ყო ღმერთმან მათ თანა, და რამეთუ განუღო წარმართთა კარი სარწმუნოებისაჲ.
28და მუნ იქცეოდეს ჟამთა არა მცირეთა მოწაფეთა მათ თანა.
საქმენი
თავი 15
1და გარდამო-ვინმე-ვიდეს ჰურიასტანით და ასწავებდეს ძმათა, ვითარმედ: არა თუ წინა-დაიცჳთოთ სჯულითა მოსესითა, ვერ ძალ-გიც ცხორებად.
2და ვითარ იგი იყო ჴდომაჲ და გამოძიებაჲ არა მცირედი პავლესი და ბარნაბაჲსი მათდა მიმართ, ბრძანეს აღსლვაჲ პავლესი და ბარნაბაჲსი და სხუათა ვიეთმე მათგანთაჲ მოციქულთა მიმართ და ხუცესთა იერუსალჱმდ ამის ცილობისათჳს.
3და იგინი წარმოგზავნნეს კრებულისა მისგან. და გან-რაჲ-ჰვლიდეს ფინიკესა და სამარიასა, მიუთხრობდეს მათ მოქცევასა წარმართთასა და ჰყოფდეს სიხარულსა დიდსა ყოველთა შორის ძმათა.
4და მი-რაჲ-ვიდეს იერუსალჱმდ, შეწყნარებულ იქმნეს კრებულისა მისგან და მოციქულთა და ხუცესთა, და მიუთხრეს მათ რაოდენი-რაჲ ღმერთმან ყო მათ თანა, და რამეთუ განუღო წარმართთა კარი სარწმუნოებისაჲ.
5აღ-ვინმე-დგეს დასისა მისგან ფარისეველთაჲსა მორწმუნენი და იტყოდეს, ვითარმედ: ჯერ-არს წინა-დაცუეთად მათდა და მცნებად, რაჲთა დაიმარხონ სჯული მოსესი.
6შეკრბეს მოციქულნი და ხუცესნი ხილვად სიტყჳსა ამისთჳს.
7და ვითარ იყო მრავალი გამოძიებაჲ, აღდგა პეტრე და ჰრქუა მათ: კაცნო ძმანო, თქვენ უწყით, რამეთუ პირველით დღითგან თქუენ შორის გამოირჩია ღმერთმან პირითა ჩემითა სმენად წარმართთა სიტყუაჲ იგი სახარებისაჲ და რწმუნებად;
8და გულთ მეცნიერი ღმერთი ეწამა მათ და მისცა მათ სული წმიდაჲ, ვითარცა-იგი ჩუენ;
9და არარაჲ განიკითხა შორის ჩუენსა და მათსა და სარწმუნოებითა განწმიდნა გულნი მათნი.
10აწ უკუე რაჲსათჳს გამოსცდით ღმერთსა დადებად უღლისა ქედსა ზედა მოწაფეთასა, რომლისა-იგი ვერცა მამათა ჩუენთა, ვერცა ჩუენ შეუძლეთ ტჳრთვად?
11არამედ მადლითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა გურწამს ჩუენ ცხორებაჲ, ვითარცა სახედ-იგი მათ.
12და დადუმნა ყოველი იგი სიმრავლე და ისმენდეს ბარნაბაჲსსა მის და პავლჱსსა მითხრობასა, რაოდენი ქმნა ღმერთმან ნიშები და სასწაულები წარმართთა შორის მათ მიერ.
13და შემდგომად დადუმებისა მათისა მიუგო იაკობ და ჰრქუა: კაცნო ძმანო, ისმინეთ ჩემი:
14სჳმეონ მიგითხრა, ვითარ-იგი ღმერთმან მოხედნა პირველად მიყვანებად წარმართთაგან ერი სახელისათჳს მისისა;
15და მას შეეტყუებიან სიტყუანი იგი წინაწარმეტყუელთანი, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ:
16ამისა შემდგომად მოვაქციო და აღვაშენო კარავი იგი დავითისი დაცემული, და დამჴობილი იგი მისი აღვჰმართო და აღვაშენო,
17რაჲთა გამოიძიონ ნეშტთა კაცთა უფალი და ყოველთა წარმართთა, რომელთა ზედა წოდებულ არს სახელი ჩემი მათ ზედა, თქუა უფალმან,
18რომელმან ქმნა ესე ყოველი საცნაური საუკნითგან.
19ამისთჳს მე ესრეთ ვსჯი და ჯერ-მიჩნს, რომელნი წარმართთაგანნი მოქცეულ არიან ღმრთისა მიმართ, რაჲთა არა ვაურვებდეთ მათ,
20არამედ მიწერად მათდა, რაჲთა განეყენნენ იგინი ჭამად ნაზორევისაგან კერპთაჲსა და სიძვისაგან, დამშთვარისა და სისხლისა, და რაჲთა, რაოდენი მათ არა უნებს, რაჲთამცა ეყო, იგინი სხუასა ნუ უყოფენ.
21რამეთუ მოსეს პირველთა ნათესავთაჲთგან ქალაქად-ქალაქად ქადაგნი იგი მისნი დაედგინნეს, რომელნი-იგი ამას აღმოიკითხვიდეს ყოველთა შაბათთა შესაკრებელთა შორის მათთა.
22მაშინ ჯერ-იჩინეს მოციქულთა და ხუცესთა ყოვლითურთ კრებულით და გამოარჩინეს კაცნი მათგანნი მივლინებად ანტიოქიად პავლეს და ბარნაბაჲს თანა იუდა, რომელსა ეწოდა ბარსაბა, და შილა, კაცნი შერაცხილნი ძმათა შორის;
23და დაწერეს ჴელითა მათითა ესრეთ: მოციქულნი და ხუცესნი და ძმანი, რომელნი-ეგე ანტიოქიაჲთ და ასურეთით და კილიკიაჲთ კერძო ძმანი ხართ წარმართთაგანი, გიკითხავთ. გიხაროდენ!
24ვინაჲთგან გუესმა ჩუენ, რამეთუ ჩუენგანნი ვინმე განვიდეს და აღგძრნეს თქუენ სიტყჳთა და აღაშფოთებდეს სულთა თქუენთა და გეტყოდეს წინა-დაცუეთად და დამარხვად სჯულსა, რომელთადა ჩუენ არაჲ გუემცნო.
25აწ უკუე ჯერ-გჳჩნდა კრებულსა ყოველსა ერთბამად გამორჩევაჲ კაცთაჲ მაგათ და მივლინებაჲ თქუენდა, პავლეს თანა და ბარნაბაჲს თანა, საყუარელთა ჩუენთა,
26კაცთა, რომელთა-იგი სულნი თჳსნი მისცნეს სახელისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა.
27წარმო-უკუე-გჳვლინებიან იუდა და შილა, და მათცა სიტყჳთ გითხრან ესევე.
28რამეთუ ჯერ-უჩნდა სულსა წმიდასა და ჩუენცა, რაჲთა არარაჲ უმეტესი ტჳრთი დავდვათ თქუენ ზედა, გარნა რომელნი-ესე სასწრაფო არიან:
29განშორებად თქუენდა ნაკერპავისაგან, და სისხლისა, დამშთვარისა და სიძვისა, და რაოდენი არა გნებავს, რაჲთა გეყოს თქუენ, სხუასა ნუ უყოფთ, რომელთაგან დაიმარხენით თავნი თჳსნი, კეთილსა იქმოდეთ და ცოცხლებით იყვენით!
30იგინი ვითარცა წარმოემართნეს, მოვიდეს ანტიოქიად. და შეკრიბეს კრებული იგი და მისცეს წიგნი ჴელთა მათთა.
31და ვითარცა აღმოიკითხეს, განიხარეს ნუგეშინის-ცემასა მას ზედა.
32იუდა და შილა, რამეთუ იგინი წინაწარმეტყუელნი იყვნეს, მრავლითა სიტყჳთა ნუგეშინის-სცეს ძმათა მათ და დაამტკიცნეს.
33და დაყვეს მუნ ჟამი მრავალი და წარიგზავნნეს მშჳდობით ძმათაგან მოციქულთა მიმართ.
34ჯერ-იჩინა შილა დადგრომაჲ მუნვე.
35ხოლო პავლე და ბარნაბა იქცეოდეს ანტიოქიას შინა და ასწავებდეს და ახარებდეს სხუათაცა მრავალთა თანა სიტყუასა მას უფლისასა.
36შემდგომად დღეთა რაოდენთამე ჰრქუა პავლე ბარნაბას: მივიქცეთ და მოვიხილნეთ ძმანი ჩუენნი ყოველთა ქალაქთა, რომელთა შინა ვქადაგეთ სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, ვითარ-ძი არიან.
37ბარნაბას უნდა, რაჲთამცა იოვანე თანა წარიყვანა, რომელსა ერქუა მარკოს.
38ხოლო პავლე ჰლოცვიდა, რაჲთა რომელი-იგი განეყენა მათ პანფილიაჲთ და არა შეუდგა მათ საქმესა მას, არა თანა-წარყვანებად იგი.
39იყო უკუე მკსინვარებაჲ მათ შორის ვიდრე განშორებადმდე მათა ურთიერთას; ბარნაბა თანა წარიყვანა მარკოზ და განვიდა ნავითა კჳპრედ.
40ხოლო პავლე გამოირჩია შილა და განვიდა, და მიეცა მადლითა ღმრთისაჲთა ძმათაგან,
41და მიმოვიდოდა ასურეთსა და კილიკიასა და განამტკიცებდა ეკლესიათა.