ახალი აღთქმა
თავები 16–18
წმ. გიორგი მთაწმინდელის რედაქცია
საქმენი
თავი 16
1მიიწია იგი დერბედ და ლუსტრად. და აჰა-ესერა მოწაფე ვინმე იყო მუნ, სახელით ტიმოთეოს, ძე დედაკაცისა ჰურიისა მორწმუნისაჲ და მამისა წარმართისაჲ,
2რომელი იწამებოდა ლუსტრელთაგან და იკონიელთა ძმათა.
3ამისი სათნო-უჩნდა პავლეს მის თანა განსლვაჲ. და მოიყვანა და წინა-დასცჳთა მას ჰურიათა მათთჳს, რომელნი იყვნეს მათ ადგილთა, რამეთუ უწყოდეს ყოველთა, ვითარმედ წარმართი იყო მამაჲ მისი.
4და ვითარცა განჰვლიდეს ქალაქებსა მას, ასწავებდეს მათ დამარხვად მოძღურებათა მათ, დამტკიცებულთა მოციქულთაგან და ხუცესთა, რომელნი-იგი იყვნეს იერუსალჱმს შინა.
5ხოლო ეკლესიანი იგი განმტკიცნებოდეს სარწმუნოებითა და შეეძინებოდა რიცხუსა მას დღითი-დღედ.
6და მოვლეს ფრიგჳაჲ და გალატელთა სოფელი და დაყენებულ იქმნეს სულისა მიერ წმიდისა სიტყუად სიტყჳსა მის ასიას შინა,
7მო-რაჲ-ვიდეს იგინი მისუნდ, აზმნობდეს წარსლვად ბითჳნიად, და არა უტევა მათ სულმან უფლისამან.
8და ვითარ თანა-წარჰჴდეს მისუნს, შთავიდეს ტროადად.
9და ჩუენებასა ღამისასა ეჩუენა პავლეს: კაცი ვინმე იყო მაკედონელი, დგა და ევედრებოდა მას და ეტყოდა: წიაღ მოგუალე მაკედონიად და შემეწიე ჩუენ.
10და ვითარცა ჩუენებაჲ იგი იხილა პავლე, ვისწრაფეთ მეყსეულად განსლვად მაკედონიად, გულისჴმა-ვყავთ, რამეთუ მუნ მიჩინნა ჩუენ უფალმან ხარებად მათდა.
11აღვჴედით ნავსა ტროადას და მართლ მივისწრაფეთ სამუთრაკედ, და ხვალისაგან – ახალქალაქად,
12და მიერ ფილიპედ, რომელი-იგი არს პირველი ნაწილი მაკედონიისაჲ, ქალაქი კოლონიაჲ. ხოლო ვიყვენით მას ქალაქსა შინა და ვიქცეოდეთ დღეთა რაოდენთამე.
13და დღესა შაბათთასა განვედით გარეშე ქალაქსა მას, მდინარის კიდესა, სადა-იგი საგონებელ იყო ლოცვისა შეწირვაჲ; და დავსხედით და ვეტყოდეთ დედათა მათ, რომელნი მოსრულ იყვნეს.
14და დედაკაცი ერთი სახელით ლუდია, ძოწეულის მოფარდული ქალაქისა თჳატირისაჲ, მსახური ღმრთისაჲ და იყო მუნ და ესმოდა, რომლისა-იგი უფალმან განუღო გული მორჩილებად სიტყუათა პავლეს მიერ თქუმულთა.
15და ვითარცა ნათელ-იღო მან და სახლმან მისმან, გულოცვიდა და იტყოდა: უკუეთუ შეგირაცხიე მე მორწმუნედ უფლისა, შემოვედით ვანად ჩემდა და მუნ დაადგერით. და გუაიძულა ჩუენ.
16და იყო, ვითარ წარვიდოდეთ ჩუენ ლოცვად, მჴევალი ვინმე წინა შემემთხჳა ჩუენ, რომლისა თანა იყო სული პითონი, რომელ არს მისნობისაჲ, რომლისაგან სარეწავი დიდძალი შეუვიდოდა უფალთა მისთა მისნობითა მისითა.
17ესე მისდევდა პავლეს და ჩუენ, ჴმობდა და იტყოდა: ესე კაცნო მონანი არიან ღმრთისა მაღლისანი, რომელნი გახარებენ თქუენ გზათა ცხორებისათა.
18და ამას ჰყოფდა დღეთა მრავალთა. განრისხნა პავლე და მიექცა სულსა მას უკეთურსა და ჰრქუა: გამცნებ შენ სახელითა იესუ ქრისტესითა განსლვად მაგისგან. და განვიდა მასვე ჟამსა.
19ვითარცა იხილეს უფალთა მათ დედაკაცისათა, რამეთუ განსრულ იყო სასოებაჲ სარეწავისა მათისაჲ, შეიპყრნეს პავლე და შილა და მიზიდვიდეს მათ ურაკპარაკად მთავართა მათთა.
20და მიჰგუარნეს იგინი ერისთავთა მათ და ჰრქუეს: ესე კაცნი აღსძრვენ ქალაქსა ამას ჩუენსა, ჰურიანი არიან
21და შეკრბებოდა ერი მათ ზედა. და ერისთავთა მათ მოაპეს სამოსელი მათი და უბრძანეს კუერთხითა ცემაჲ.
23და ვითარ მრავალი წყლულებაჲ დასდვეს მათ ზედა, შესხნეს იგინი საპყრობილესა, და ამცნეს საპყრობილისა მცველსა მას კრძალულად დაცვაჲ მათი;
24და მან, ვითარცა ესევითარი მცნებაჲ მოიღო მათგან, შესხნა იგინი უშინაგანესსა საპყრობილესა და ფერჴნი მათნი დაჰკრძალნა ჴუნდსა შინა.
25და შუა ღამეს ოდენ პავლე და შილა ილოცვიდეს და უგალობდეს ღმერთსა; და ისმენდეს მათსა სხუანი იგი პყრობილნი.
26მეყსეულად ძრვაჲ იყო დიდი ვიდრემდე საპყრობილე იგი საფუძველითურთ შეიძრა, და მუნქუესვე ყოველნი კარნი განეჴუნეს, და ყოველთა კრულებანი განიჴსნნეს.
27და ვითარ განეღჳძა საპყრობილის მცველსა მას და იხილნა კარნი საპყრობილისანი განხუმულნი, იჴადა მახჳლი და ეგულებოდა განგუმერაჲ თავისა თჳსისაჲ: ეგრე ჰგონებდა, ვითარმედ განლტოლვილ არიან ყოველნი პყრობილნი.
28ჴმა-უყო მას ჴმითა დიდითა პავლე და ჰრქუა: ნუ რას შეიმთხუევ ბოროტსა თავსა შენსა, რამეთუ ჩუენ ყოველნი აქა ვართ.
29ხოლო მან მოითხოა სანთელი და შეისწრაფა შინა, და ძრწოლაჲ შეედვა და შეუვრდა პავლეს და შილას
30და გამოიყვანნა იგინი გარე და ჰრქუა: უფალნო, რაჲ მიღირს მე ყოფად, რაჲთა ვცხონდე?
31ხოლო მათ ჰრქუეს: გრწმენინ უფალი იესუ ქრისტე, და სცხონდე შენ და ყოველი სახლი შენი.
32და ეტყოდეს მას სიტყუასა მას უფლისასა, და ყოველთა სახლეულთა მისთა.
33და წარიყვანნა იგინი მასვე ჟამსა ღამისასა და განბანნა იგინი ნაგეუმთა მათგან. და ნათელ-იღო მან და მისთა ყოველთა;
34მეყსეულად აღიყვანნა იგინი სახედ თჳსა და დაუგო მათ ტაბლაჲ. და უხაროდა მას ყოვლითურთ სახლეულით, რომელთა ჰრწმენა ღმერთი.
35და ვითარცა განთენა, მოუვლინნეს ერისთავთა მათ მტარვალნი და ჰრქუეს: განუტევენ კაცნი ეგე, რომელნი მიგცენით პყრობილად.
36მიუთხრნა სიტყუანი ესე მესაპყრობილეთ მოძღუარმან მან პავლეს და ჰრქუა, ვითარმედ: ერისთავთა მათ უბრძანებიეს განტევებაჲ თქუენი. აწ უკუე განვედით და წარვედით მშჳდობით!
37ხოლო პავლე ჰრქუა მათ: გუგუემნეს ჩეუნ ურაკ-პარაკთა ზედა კაცნი უბიწონი ჰრომნი და შემსხნეს საპყრობილესა ცუდად, და აწ ფარულად განგჳყვანებენ ჩუენ. არა ეგრე, არამედ თჳთ მოვიდენ და მათ განმიყვანნენ ჩუენ.
38მიუთხრეს მტარვალთა მათ ესე ყოველი ერისთავთა მათ. და მათ ზარი განჰჴდა, ესმა რაჲ, ვითარმედ, ჰრომნი არიან.
39და მოვიდეს და ჰლოცვიდეს მათ. და გამოიყვანნეს იგინი საპყრობილით და ევედრებოდეს განსლვად ქალაქისა მისგან.
40იგინი ვითარ გამოვიდეს მიერ საპყრობილით, მივიდეს და შევიდეს სახლსა ლუდიაჲსსა, და იხილნეს ძმანი და ნუგეშინის-სცეს მათ და გამოვიდეს.
საქმენი
თავი 17
1და ვითარცა მოვლეს ამფიპოლი და აპოლონიაჲ, მოვიდეს იგინი თესალონიკედ, სადა-იგი იყო შესაკრებელი ჰურიათაჲ.
2და ვითარცა ჩუეულ იყო პავლე, შევიდა მათა და სამსა შაბათსა ეტყოდა მათ წიგნთაგან,
3გამოუთარგმანებდა მათ და წინა-დაუდებდა, რამეთუ ქრისტესა ჯერ-იყო ვნებაჲ და აღდგომაჲ მკუდრეთით და ვითარმედ: ესე არს იესუ ქრისტე, რომელსა მე გახარებ თქუენ.
4და რომელთამე მათგანთა ჰრწმენა და შეუდგა პავლეს და შილას მორწმუნეთა წარმართთა სიმრავლე მრავალი და დედათა მთავართა არა მცირედთაჲ.
5ხოლო შური აღიღეს, რომელნი-იგი ურწმუნონი ჰურიანი იყვნეს, და მოიყვანნეს სავაჭროთაგან კაცნი ვინმე ბოროტნი, და ერის კრება ყვეს და აღაშფოთებდეს ქალაქსა მათ ზედა. და ზედა მიადგეს სახლსა იასონისსა და ეძიებდეს მათ გამოყვანებად ერსა წინაშე.
6და ვითარცა არა პოვნეს იგინი, მიითრევდეს იასონს და სხუათა ვიეთმე ძმათა მთავართა წინაშე ქალაქისათა და ღაღადებდეს, ვითარმედ: რომელთა ყოველი სოფელი აღუშფოთებიეს, იგინი აქაცა მოსრულ არიან,
7რომელნი შეუწყნარებიან იასონს, და ესე ყოველნი წინააღმდგომსა კეისრისა ბრძანებათასა იქმან, მეუფესა სხუასა იტყჳან ყოფად, იესუს.
8აღაშფოთეს ერი იგი და მთავარნი ქალაქისანი, ესმოდა რაჲ ესე.
9და მოჰჴადეს თავს-მდები იასონს, და მაშინ-ღა განუტევნეს იგინი.
10ხოლო ძმათა მეყსეულად ღამე წარგზავნნეს პავლე და შილა ბერიად, რომელნი-იგი, ვითარცა მიიწინეს, შესაკრებელთა ხოლო ჰურიათასა შევიდეს.
11რამეთუ ესენი უაზნაურეს იყვნეს თესალონიკელთა მათ, რომელთაცა შეიწყნარეს სიტყუაჲ იგი ყოვლითა გულს-მოდგინებითა, მარადღე გამოეძიებდეს წიგნთაგან, უკუეთუ ესე ესრეთ არს.
12მრავალთა უკუე მათგანთაცა ჰრწმენა, და წარმართთაგანთა დედათა მრავალთა წესიერთა და მამებსა არამცირესა.
13ხოლო ვითარცა აგრძნეს თესალონიკელთა მათ ჰურიათა, ვითარმედ ბერიასცა მიეთხრა პავლეს მიერ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ, მოვიდეს მუნცა, აღსძრვიდეს და აღსტეხდეს ერსა მას.
14მუნქუესვე განიყვანეს ძმათა მათ პავლე წარსლვად ზღჳთ კერძო; ხოლო შილა და ტიმოთე მუნვე დადგეს.
15და რომელთა-იგი მიჰყვანდა პავლე, წარიყვანეს იგი ვიდრე ათინადმდე, და მოიღეს მცნებაჲ შილაჲს და ტიმოთეს მიმართ, რაჲთა ადრე მივიდენ მისა, და გამოვიდეს.
16ვიდრე-იგი ათინას შინა ელოდა მათ პავლე, ეძჳნებოდა სულსა მისსა მის თანა, ხედვიდა რაჲ კერპთ მსახურებასა მის ქალაქისასა.
17ეტყოდა მარადის შესაკრებელსა შორის ჰურიათა და რომელნი ჰმსახურებდეს და უბანთა ზედა ყოველსა დღესა რომელთა-იგი შეემთხუეოდა.
18რომელთამე ეპიკურელთა და სტოჲსა ფილოსოფოსთა სიტუა-ყვეს მის თანა, და რომელნიმე იტყოდეს: უცხოთა ეშმაკთა ჩანს მთხრობელ ესე. რამეთუ იესუს და აღდგომასა ახარებდა მათ.
19შეიპყრეს იგი და არიოპაგედ მიიყვანეს და ეტყოდეს: შემძლებელ ვართ ცნობად, რაჲ არს ახალი ესე შენ მიერ თქუმული მოძღურებაჲ?
20რამეთუ უცხოსა რასმე ასმენ სასმენელთა ჩუენთა. მნებავს უკუე ცნობად, რაჲსა ჰნებავს ამას ყოფად.
21ხოლო ათინელნი ყოველნი და რომელნი მოსრულ იყვნეს უცხონი, სხუად არად მოცალე იყვნეს, გარნა სიტყუად რაჲსამე და სმენად უახლესისა.
22მაშინ დადგა პავლე შორის არიოპაგისა და თქუა: კაცნო ძმანო ათინელნო, ყოვლითურთ ვითარცა მრჩობლ ეშმაკეულთა გხედავ თქუენ.
23რამეთუ, მიმო-რაჲ-ვიქცეოდე და მოვიხილევდ სამსახურებელთა თქუენთა, ვპოვე ბომონიცა, რომელსა ზედა წერილ იყო: უცნაურსა ღმერთსა. აწ უკუე რომელსა-იგი უმეცარ ხართ და ჰმსახურებთ მას, მე გახარებ თქუენ,
24ღმერთსა, რომელმან შექმნა სოფელი და ყოველი, რაჲ არს მას შინა. ესე ცისა და ქუეყანისაჲ არს უფალი, არა ჴელით ქმნულთა ტაძართა შინა დამკჳრდებულ არს,
25არცა კაცობრივთა ჴელთა მიერ იმსახურების, ვითარმცა მოქენე ვისამე იყო, რამეთუ იგი თავად მოსცემს ყოველთა ცხორებასა და სულსა ყოვლით კერძო.
26და შექმნნა ერთისაგან სისხლისა ყოველნი ნათესავნი კაცთანი დამკჳდრებად ყოველსავე ზედა პირსა ქუეყანისასა, განაჩინნა დაწესებულნი ჟამნი და საზღვრის დადებანი დამკჳდრებისა მათისანი მოძიებად ღმრთისა;
27და უკუეთუმცა ვინ ეძიებდა, პოამცა იგი, და რამეთუ მის მიერ ცხოველ ვართ და ვიქცევით და ვართ, ვითარცა-იგი ვინმე თქუენგანნი სიტყჳს მოქმედნი იტყჳან: რომლისა-იგი ნათესავცა ვართო.
29აწ უკუე ვინაჲთგან ნათესავ ღმრთისა ვართ, არა გჳღირს, ვითარმცა ვჰგონებდით ოქროსა გინა ვეცხლსა ანუ ანთრაკსა, გამოხატულსა ხუროებით განზრახვითა კაცთაჲთა, საღმრთოჲსა მის მსგავს ყოფად.
30რამეთუ ჟამნი იგი უმეცრებისანი უგულებელს-ყვნა ღმერთმან და აწ ამცნებს ყოველთა კაცთა ყოველსა ადგილსა შენანებად;
31ვითარცა-იგი დაამტკიცა დღე, რომელსა შინა ეგულების განკითხვაჲ სოფლისაჲ სიმართლით, კაცითა მით, რომელი განაჩინა სარწმუნოებაჲ, მოსცა ყოველთა, რამეთუ აღადგინა იგი მკუდრეთით.
32ხოლო მათ ვითარცა ესმა აღდგომაჲ მკუდართაჲ, რომელნიმე ეკიცხევდეს და რომელთამე თქუეს: ვისმინოთ შენი ამისთჳს კუალადცა.
33და ესრეთ გამოვიდა პავლე შორის მათსა.
34ხოლო რომელნიმე კაცნი მისდევდეს მას და ჰრწმენა, რომელთა თანა იყო დიონისიოს არეოპაგელი და დედაკაცი, სახელით დამარის, და სხუანი მათ თანა.
საქმენი
თავი 18
1ამისა შემდგომად გამოვიდა პავლე ათინელთა მათგან და მოვიდა კორინთედ;
2და პოა ვინმე ჰურიაჲ, სახელით აკჳლა, პონტოელი ნათესავით, რამეთუ მაშინ ოდენ მოსრულ იყო იგი იტალიაჲთ, და პრისკილა, ცოლი მისი, – რამეთუ ებრძანა კლავდის კეისარსა განშორებად ყოველნი ჰურიანი ჰრომით, – მოვიდა მათა
3და, რამეთუ ერთი ჴელოვნებაჲ იცოდეს, იყოფოდა მათ თანა და იქმოდა, რამეთუ იყვნეს ჴელოვნებით მეპრატაკე.
4და ეტყოდა შესაკრებელსა მას ყოველსა შაბათსა და არწმუნებდა ჰურიათა და წარმართთა.
5და ოდეს მოვიდეს მაკედონიაჲთ შილა და ტიმოთე, აწუევდა სული პავლეს და უწამებდა ჰურიათა მათ ქრისტე იესუს.
6ხოლო იგინი ვითარ უჴდებოდეს და ჰგმობდეს, განიყარა მათ ზედა სამოსელი თჳსი და ჰრქუა მათ: სისხლი თქუენი თავთა ზედა თქუენთა! უბრალომცა ვარ მე! ამიერითგან წარმართთა მიმართ მივიდე.
7და წარმოვიდა მიერ და შევიდა სახლსა ვისსამე, რომელსა სახელი ერქუა ტიტოს, ძისა იოსტოჲსსა, ღმრთის მსახურისა, რომლისა სახლი ეზღვრებოდა შესაკრებელსა მას.
8ხოლო კრისპოსს შესაკრებელის მთავარსა ჰრწმენა უფალი ყოვლითურთ სახლეულით მისით, და მრავალნი კორინთელნი ისმენდეს და ჰრწმენა და ნათელს-იღებდეს.
9ჰრქუა უფალმან ჩუენებით ღამე პავლეს: ნუ გეშინინ, არამედ იტყოდე და ნუ სდუმი,
10რამეთუ მე ვარ შენ თანა, და არავინ შეუძლოს ბოროტის ყოფად შენდა, რამეთუ ერი მრავალი არს ჩემდა ქალაქსა ამას შინა.
11და დაყო მუნ ერთ წელ და ექუს თუე და ასწავებდა მათ შორის სიტყუასა ღმრთისასა.
12ხოლო გალიონ მთავარი იყო აქაიაჲსაჲ, ზედა მიუჴდეს ყოველნი ჰურიანი ერთბამად პავლეს და მოიყვანეს საყდარსა წინაშე
13და იტყოდეს, ვითარმედ: თჳნიერ სჯულისა ურჩ იქმს ესე კაცთა მსახურებად ღმრთისა.
14და ვითარცა ეგულებოდა პაველს აღებად პირისა, ჰრქუა გალიონ ჰურიათა მათ: უკუეთუმცა იყო შეცოდებათაგანი რაჲმე ძჳრის საქმე ბოროტი, ჵ ჰურიანო, სიტყჳსა მისებრმცა თავს-ვიდევ თქუენი;
15უკუეთუ ძიებაჲ რაჲმე არს სიტყჳსათჳს და სახელებისა და სჯულისა თქუენისა, თქუენ იხილეთ, რამეთუ მე მსაჯულ ეგევითართათჳს არა მნებავს ყოფად.
16და განასხნა იგინი საყდრისაგან.
17მაშინ შეიპყრეს ყოველთა წარმართთა სოსთენი, შესაკრებელის მთავარი, და სცემდეს საყდარსა წინაშე; და არარას ზრუნვიდა ამათგანსა გალიონ.
18ხოლო პავლე და-ვეღა-ადგრა მუნ მრავალ დღე ძმათა თანა, და მერმე იჯმნა და განვიდა ნავითა ასურეთად, და მის თანა პრისკილა და აკვილა. ხოლო იკუეცა მან თმაჲ კენქრეს, რამეთუ აღთქუმაჲ აღეთქუა.
19და მიიწია ეფესოდ, იგინი დაუტევნა მუნ, და იგი შევიდა შესაკრებელსა და ეზრახა ჰურიათა მათ.
20და ვითარ იგინი ჰლოცვიდეს უმეტესსა-რე ჟამსა დადგრომად მათ თანა, არა ინება,
21არამედ იჯმნა მათგან და თქუა: ჯერ-არს ჩემდა დღესასწაულსა ამას მომავალსა იერუსალჱმს აღსრულებად და კუალად მოვიდე თქუენდა ნებითა ღმრთისაჲთა. შევიდა ნავსა ეფესოჲთ
22და შთავიდა კესარიად. აღვიდა და მოიკითხა ეკლესიაჲ და შთავიდა ანტიოქიად,
23და დაყო ჟამი რაოდენმე და განვიდა და მიმოვიდოდა შემდგომითი-შემდგომად გალატელთა სოფელსა და ფრიგჳაჲსსა და განამტკიცებდა ყოველთა მოწაფეთა.
24ჰურიაჲ ვინმე, აპოლო სახელით, ალექსანდრიელი ნათესავით, კაცი სიტყუა-მეცნიერი, მოვიდა ეფესოდ, ძლიერ იყო წიგნთაგან.
25ესე იყო სწავლულ გზათა უფლისათა და მდუღარე სულითა, ეტყოდა და ასწავებდა ჭეშმარიტად იესუჲსთჳს, და იცოდა ნათლის-ცემაჲ ხოლო იოვანესი.
26ამან იწყო განცხადებად შესაკრებელსა შორის. ესმა მისი აკჳლას და პრისკილას და მოიყვანეს იგი და უჭეშმარიტესად-რე უთხრეს მას გზაჲ იგი უფლისაჲ.
27და ვითარ-იგი ეგულებოდა მას აქაიად წიაღ-სვლად, უბრძანეს ძმათა და მიუწერეს მოწაფეთა მათ შეწყნარებაჲ მისი, რომელი მივიდა და შეეწეოდა მორწმუნეთა მათ ფრიად მადლისა მის მიერ,
28რამეთუ ძლიერად ჰურიათა მათ ამხილებდა ერსა წინაშე და უჩუენებდა წიგნთაგან, ვითარმედ არს ქრისტე იესუ.