ახალი აღთქმა
თავები 22–24
წმ. გიორგი მთაწმინდელის რედაქცია
საქმენი
თავი 22
1კაცნო, ძმანო და მამანო! ისმინეთ ჩემი თქუენდა მიმართისა სიტყჳს გებისათჳს.
2და ვითარცა ესმა, რამეთუ ებრაელებრითა სიტყჳთა ეტყოდა მათ, უფროჲს დადუმება-სცეს. და თქუა:
3მე კაცი ვარ ჰურიაჲ, შობილი ტარსუს კილიკიისასა, აღზრდილი ამას ქალაქსა შინა ფერჴთა თანა გამალიელისთა, განსწავლულ ზედამიწევნით მამულითა სჯულითა; მოშურნე ვიყავ ღმრთისათჳს, ვითარცა თქუენ ყოველნი ხართ დღეს.
4რომელი ამას გზასა ვსდევნიდ ვიდრე სიკუდილადმდე, შევჰვრვედ და მივსცემდ საპყრობილედ მამათა და დედათა,
5ვითარცა-ეგე მღდელთ მოძღუარი მეწამების მე და ყოველნი მოხუცებულნი, რომელთაგან წიგნებიცა მოვიღე ძმათათჳს, რომელნი იყვნეს დამასკეს, და მოვიდოდე მოყვანებად მუნ მყოფთა მათ კრულთა იერუსალჱმდ, რაჲთა იტანჯნენ.
6იყო უკუე ჩემსა მას სლვასა და მიახლებასა დამასკისასა, შუა სამხრის, მეყსეულად ზეცით გამობრწყინდა ნათელი დიდი ჩუენ ზედა.
7და დავვარდი ქუეყანასა ზედა და მესმა ჴმაჲ, რომელმან მრქუა მე: საულ, საულ, რაჲსა მდევნი მე?
8და მე მიუგე მას: ვინ ხარ, უფალო? და მრქუა მე: მე ვარ იესუ ნაზარეველი, რომელსა შენ მდევნი.
9და რომელნი-იგი ჩემ თანა იყვნეს, ნათელი იგი იხილეს და შიში დაეცა მათ ზედა, ხოლო ჴმაჲ იგი არა ესმა, რომელი მეტყოდა მე.
10და მე ვარქუ: რაჲ-მე ვყო, უფალო? ხოლო უფალმან მრქუა მე: აღდეგ და შევედ დამასკედ, და მუნ გეთხრას შენ ყოვლისათჳს, რომელი ბრძანებულ არს შენდა ყოფად.
11და ვითარცა-იგი მე არას ვხედევდი დიდებისა მისგან ნათლისა მის, ჴელის პყრობითა თანა მყოფთა მათ ჩემთაჲთა შევედ დამასკედ.
12ანანია ვინმე, კაცი ღმრთის მოშიში მსგავსად სჯულისა, წამებული ყოველთაგან მკჳდრთა დამასკისათა ჰურიათა,
13მოვიდა ჩემდა, ზედა მომადგა და მრქუა მე: საულ ძმაო, აღიხილენ! და მე მასვე ჟამსა შინა აღვიხილენ და მივხედენ მას.
14ხოლო მან მრქუა მე: ღმერთმან მამათა ჩუენთამან გამოგირჩია შენ ცნობად ნებისა მისისა და ხილვად მართლისა მის და სმენად ჴმაჲ პირისა მისისაჲ,
15რამეთუ იყო მოწამე მისა ყოველთა მიმართ კაცთა, რომელი-იგი იხილე და გესმა.
16და აწ ნურას ეურვი, აღდეგ და ნათელ-იღე და განიბანენ ცოდვანი შენნი და ხადოდე სახელსა მისსა.
17ხოლო იყო მოქცევასა ჩემსა იერუსალჱმს და ლოცვასა ჩემსა ტაძარსა შინა, ვიყავ განკჳრვებასა შინა
18და ვიხილე უფალი, და მრქუა მე: ისწრაფე და განვედ ადრე იერუსალჱმით, რამეთუ არა თავს-იდვან წამებაჲ შენი ჩემთჳს.
19და მე ვთქუ: უფალო, მათ თჳთ იციან, რამეთუ მე ვიყავ, რომელი მივსცემდ საპყრობილედ და ვსტანჯევდ შესაკრებელსა შორის მორწმუნეთა შენთა.
20და რაჟამს დაითხეოდა სისხლი მოწამისა შენისა სტეფანესი, მე ვიყავ ზედამდგომელ და თანა-ჯერმჩინებელ მოკლვასა მისსა და მცველ სამოსელსა მკვლელთა მისთასა.
21და მრქუა მე: წარვედ, რამეთუ ნათესავთა შორიელთა მიგავლინო შენ.
22ისმენდეს მისსა ვიდრე ამის სიტყჳსამდე და აღიღეს ჴმაჲ მათი და თქუეს: აღიღე ქუეყანით ეგევითარი ეგე, რამეთუ არა ღირს არს ცხორებად.
23და ვითარცა ღაღადებდეს იგინი უმეტეს, და დაჰყრიდეს სამოსელსა მათსა, და მტუერსა ზე აღაფრქუევდეს ჰაერსა,
24ბრძანა ათასისთავმან მან შეყვანებაჲ მისი ბანაკად და თქუა: ტანჯვით განვიკითხო ეგე, რაჲთა ვცნა, რომლისა ბრალისათჳს ესრეთ ჴმობენ მისთჳს.
25და ვითარცა განართხმიდეს მას ღუედებითა, ჰრქუა პავლე ასისთავსა მას ზედამდგომელსა: უკუეთუ კაცისა ჰრომისა და უბრალოჲსა ჯერ-არს თქუენდა ტანჯვად?
26ესმა რაჲ ესე ასისთავსა მას, მოვიდა და უთხრა ათასისთავსა მას და ჰრქუა: იხილე, რაჲ გეგულების ყოფად, რამეთუ კაცი ესე ჰრომი არს.
27მოუჴდა ათასისთავი იგი და ჰრქუა პავლეს: მითხარ მე, ჰრომი ხარა შენ? ხოლო მან ჰრქუა: ჰე.
28მიუგო ათასისთავმან მან: მე მრავლითა საფასითა მოქალაქობაჲ ესე მოვიპოვე. ხოლო პავლე ჰრქუა: მე შობილვე მას შინა ვარ.
29მაშინ მეყსეულად განეშორნეს მისგან, რომელთა-იგი ეგულებოდა ტანჯვაჲ მისი, და ათასისთავსა მასცა შეეშინა, ცნა რაჲ, რამეთუ ჰრომი არს და რამეთუ მისა იყო შევედრებული.
30ხვალისაგან უნდა გულისჴმის-ყოფად უკრძალულესად-რე, რაჲსათჳს-ძი შეასმენენ მას ჰურიანი იგი. განჴსნა იგი და ბრძანა შეკრებაჲ მღდელთ მოძღუართაჲ და ყოვლისა მის კრებულისაჲ, და მოიყვანა პავლე და დაადგინა შორის მათსა.
საქმენი
თავი 23
1მიჰხედა პავლე შესაკრებელსა მას და თქუა: კაცნო ძმანო, მე ყოვლითა გონებითა კეთილითა ვმოქალაქობდ ღმრთისა მიმართ ვიდრე აქა დღედმდე.
2ხოლო მღდელთ მოძღუარმან ანანია უბრძანა წინაშე მდგომელთა მათ მისთა პირსა ცემაჲ მისი.
3მაშინ პავლე ჰრქუა მას: ცემაჲ შენი ეგულების ღმერთსა, კედელო განგოზილო! და შენ ჰზი მსაჯულად ჩემდა მსგავსად სჯულისა, და უსჯულოდ ჰბრძანებ ცემად ჩემდა.
4ხოლო წინაშე მდგომელთა მათ ჰრქუეს მას: მღდელთ მოძღუარსა ღმრთისასა აგინება?
5ჰრქუა მათ პავლე: არა ვიცოდე, ძმანო, ვითარმედ არს ეგე მღდელთ მოძღუარ, რამეთუ წერილ არს: მთავარსა ერისა შენისასა არა ჰრქუა ბოროტი.
6ვითარცა გულისჴმა-ყო პავლე, ვითარმედ ერთ-კერძოჲ იგი კრებული ფარისეველთაჲ არს და ერთკერძოჲ – სადუკეველთაჲ, ჴმა-ყო კრებულსა მას შორის: კაცნო ძმანო, მე ფარისეველი ვარ და ძე ფარისეველისაჲ, და სასოებისათჳს და აღდგომისა მკუდართაჲსა მე ვისაჯები.
7ესე ვითარცა თქუა მან, იყო შფოთი სადუკეველთა და ფარისეველთაჲ და განივლთა სიმრავლე იგი.
8რამეთუ სადუკეველნი იტყჳან: არა არს აღდგომაჲ, არცა ანგელოზი, არცა სული, ხოლო ფარისეველნი აღიარებენ ამას ყოველსა.
9და იყო ღაღადებაჲ დიდი. და აღ-ვინმე-დგეს მწიგნობარნი კრებულისაგან ფარისეველთაჲსა, ილალვიდეს და იტყოდეს: არარას ბოროტსა ვჰპოებთ კაცისა ამის თანა, გინა სული ეტყოდა მას, გინა ანგელოზი; ნუ ღმრთისა მბრძოლ ვართ.
10და ვითარ მრავალი შფოთი იყო, შეეშინა ათასისთავსა მას, ნუუკუე განიჭრას პავლე მათგან, უბრძანა მჴედრობასა შთასლვაჲ და გამოტაცებაჲ მისი შორის მათსა და მიყვანებაჲ მისი ბანაკად.
11ხოლო მეორესა ღამესა დაადგრა მას უფალი და ჰრქუა: ნუ გეშინინ, პავლე, რამეთუ, ვითარცა-ეგე სწამე ჩემთჳს იერუსალჱმს, ეგრეცა ჯერ-არს შენდა ჰრომესცა შინა წამებაჲ.
12და ვითარცა განთენა, ყვეს ვიეთმე ჰურიათა შეთქმულებაჲ, შეჩუენებულ ყვნეს თავნი თჳსნი და თქუეს არა ჭამად, არცა სუმად, ვიდრემდე მოკლან პავლე.
13ხოლო იყვნეს უმრავლეს ორმეოცისა, რომელთა შეთქმულებაჲ ესე ყვეს,
14რომელნი მოუჴდეს მღდელთ მოძღუართა და ხუცესთა და ჰრქუეს: შეჩუენებით შეჩუენებულ ვყვნეთ თავნი თჳსნი არარაჲსა გემოჲს ხილვად, ვიდრემდე მოვკლათ პავლე.
15აწ უკუე თქუენ აუწყეთ ათასისთავსა კრებულითურთ, რაჲთა ხვალე შთამოიყვანოს იგი თქუენდა, რეცა თუ გეგულების, უჭეშმარიტესად-რე გულისჴმის-ყოფად მისთჳს, ხოლო ჩუენ ვიდრე მოახლებადმდე მისა განმზადებულ ვართ მოკლვად მისა.
16ესმა დისწულსა პავლესსა სიტყუაჲ ესე, მივიდა და შევიდა ბანაკად და უთხრა პავლეს.
17ხოლო პავლე მოუწოდა ასისთავსა ერთსა და ჰრქუა: ჭაბუკი ესე მიიყვანე ათასისთავისა, რამეთუ უნებს რაჲმე თხრობად მისა.
18ხოლო მან წარიყვანა იგი და მიიყვანა ათასისთავისა მისთჳს და ჰრქუა: კრულმან პავლე მიწოდა და მრქუა მე ჭაბუკისაჲ ამის მოყვანებად შენდა, რამეთუ აქუს რაჲმე სიტყუაჲ თხრობად შენდა.
19უპყრა ჴელი ათასისთავმან და განიყვანა თჳსაგან და ჰკითხჳდა, ვითარმედ: რაჲ არს, რაჲ გიჴმს თხრობად ჩემდა?
20ხოლო მან თქუა, ვითარმედ: ჰურიანი შეითქუნეს, რაჲთა ითხოონ შენგან და პავლე შთაიყვანონ ხვალე კრებულსა მათსა, რეცა თუ უჭეშმარიტესად-რე კითხვად მისთჳს.
21შენ უკუე ნუ ერჩი მათ, რამეთუ უმზირიან მას მათგანნი კაცნი უმრავლეს ორმეოცისა, რომელთა შეუჩუენნეს თავნი თჳსნი არა ჭამად, არცა სუმად, ვიდრემდე მოკლან პავლე, და აწ განმზადებულ არიან და ელიან შენსა ბრძანებასა.
22ხოლო ათასისთავმან განუტევა ჭაბუკი იგი და ამცნო, რაჲთა არავის უთხრას, ვითარმედ: ესე მაუწყე მე.
23და მოუწოდა ორთა მიეთმე ასისთავთა და ჰრქუა: განჰმზადეთ ორასი ერისაგანი, რაჲთა მივიდენ კესარიადმდე, და მჴედარი სამეოც და ათი და ფაროსანი ორასი მესამით ჟამითგან ღამისაჲთ.
24და საჴედარი ერთი, რაჲთა აღსუან პავლე და მიიყვანონ იგი ფელიქს მთავრისა.
25და მიწერა წიგნი, რომელსა წერილ იყო სახჱ ესევითარი:
26კლავდიოს ლუსია მჴნესა ფელიქს მთავარსა გახარებ.
27კაცი ესე შეეპყრა ჰურიათა და ეგულებოდა მოკლვაჲ მაგისი, ზედა მიუჴედ მჴედრებითურთ და განვარინე ეგე, ვცან-ღა, რამეთუ ჰრომი არს.
28და მინდა გულისჴმის-ყოფად ბრალი იგი, რომლისათჳს შეასმენდეს მას ჰურიანი, და შთავიყვანე იგი კრებულსა მათსა
29და ვპოე, რამეთუ აბრალებდეს მას ძიებათათჳს სჯულისა მათისათა, და არარაჲ ღირსი სიკუდილისა გინა კრულებისა ბრალი იპოა მაგის თანა.
30და ვითარცა მეუწყა, რამეთუ უმზირდეს ჰურიანი მოკლვად კაცისა მაგის, მუნქუესვე წამოვავლინე შენდა. მიბრძანებიეს შემასმენელთა მათდაცა სიტყუად მაგისა შენ წინაშე. და ცოცხლებით იყავ!
31ხოლო სტრატიოტთა მათ მსგავსად ბრძანებულისა მათისა წარიყვანეს პავლე და მიიყვანეს ღამე ანტიპატრიადმდე.
32და ხვალისაგან განუტევნეს მჴედარნი იგი მისლვად მის თანა, და იგინი მოიქცეს ბანაკად.
33რომელნი-იგი მო-რაჲ-ვიდეს კესარიად, მისცეს წიგნი იგი მთავარმან მან და ჰკითხა, თუ რომლისა სამთავროჲსაჲ არს. და ისწავა, რამეთუ კილიკიაჲთ არს, და ჰრქუა:
35ვისმინო შენი, რაჟამს შემასმენელნიცა შენნი მოვიდენ. და უბრძანა ტაძარსა მას ჰეროდესსა დამარხვაჲ მისი.
საქმენი
თავი 24
1შემდგომად ხუთისა დღისა შთავიდა მღდელთ მოძღუარი ანანია ხუცესთა თანა და მეტყუელისა ვისმე ტერტჳლოჲს თანა, რომელთა აუწყეს მთავარსა მას პავლესთჳს.
2და ვითარცა მოუწოდეს მას, იწყო ტერტჳლოს შესმენად მისა და თქუა:
3მრავალსა მშჳდობასა შინა ვართ შენ ძლით და განგებულებასა, რომელ იქმნების ნათესავსა ამას შინა მოღუაწებითა შენითა, სადავე და ყოველთა ადგილთა, შევიწყნარებთ, მჴნეო ფილიქს, ყოვლითა მადლობითა.
4ხოლო რაჲთა არა უმეტეს დაგაშრო შენ, გლოცავ, რაჲთა შემოკლებულად ისმინო ჩუენი შენითა სახიერებითა.
5რამეთუ ვპოეთ კაცი ესე ბილწი და შფოთის აღმძრველი ყოველთა შორის ჰურიათა, რომელნი არიან ყოველსა სოფელსა, წინამძღუარი გალილეველთა წვალებისაჲ,
6რომელმან ტაძარსაცა აზმნო შეგინებად, რომელიცა შევიპყართ და მსგავსად სჯულისა ჩუენისა ვინებთ განკითხვაჲ.
7ზედა მოგჳჴდა ლუსია ათასისთავი და მრავლითა იძულებითა ჴელთაგან ჩუენთა წარიყვანა და შენ წინაშე წარმოავლინა.
8და ბრძანა შემასმენელთაცა მისთაჲ შენ თანავე მოსლვად, რომლისა მიერ შეუძლო შენ განკითხვად და ცნობად ამის ყოვლისა, რომელსა ჩუენ ვსწამებთ მაგას თანა.
9ეწამებოდეს ჰურიანიცა წამის ყოფითა მთავრისაჲთა და თქუა:
10მიუგო პავლე წამის ყოფითა მთავრისაჲთა და თქუა: მრავლით წლითგან გიცოდე შენ მსაჯულად ამის ნათესავისა, გულს-მოდგინებით თავისა ჩემისათჳს სიტყუაჲ მიუგო.
11რამეთუ შემძლებელ ხარ შენ გულისჴმის-ყოფად, არა უმრავლეს არს ჩემი ათორმეტისა დღისა, ვინაჲთგან აღვედ მე იერუსალჱმდ თაყუანის-ცემად.
12და არცა ტაძარსა შინა მპოეს მე მეტყუელად ვის თანამე, გინა თუ ამბოხისათჳს ერის კრებად, გინა შესაკრებელთა შორის ანუ თუ ქალაქსა შინა,
13არცა ძალ-უც შენ წინაშე ჩემ ზედა ამისა ჩინებად, რომლისათჳს-ესე აწ შემასმენენ მე.
14ხოლო ამას აღგიარებ შენ, რამეთუ ვჰმსახურებ მამათა ღმერთსა და მრწამს ყოვლისა მისებრ, რომელი სჯულსა და წინაწარმეტყუელთა წერილ არს.
15სასოებაჲ მაქუს ღმრთისა მიმართ, რომელსა ეგენიცა მოელიან, აღდგომაჲ ყოფად არს მკუდართაჲ, მართალთაჲცა და ცოდვილთაჲცა.
16ამას ზედა ვიღუწი, დაუბრკოლებელი გონებაჲ მაქუს ღმრთისა მიმართ და კაცთა მარადის.
17მრავლისა წლისა შემდგომად ქველის საქმესა ყოფად მოსრულ ვიყავ ნათესავისა ჩემისა და შესაწირავისა,
18რომელსა შინა მპოეს მე განწმედილი ტაძარსა შინა არა ერითა, არცა შფოთითა.
19ასიაჲთ ვინმე ჰურიათა, რომელთაჲ ჯერ-იყო შენ წინაშე მოსლვაჲ და შესმენად, რაჲ-იგი აქუს ჩემდა მომართ სიტყუაჲ.
20ანუ მაგათ თჳთ თქუმად, რაჲ პოეს ჩემ თანა ბრალი, ვდეგ რაჲ-იგი კრებულსა შორის.
21ანუ ერთისა მის სიტყჳსათჳს, რომელ ჴმა-ვყავ მათ შორის, რაჲ-იგი ვდეგ, ვითარმედ: აღდგომისათჳს მკუდართაჲსა ვისაჯები დღეს თქუენ მიერ.
22ესმა რაჲ ესე ფელიქსს, დრო-იყო მათ, ჭეშმარიტებით იცოდა გზისა მისთჳს და თქუა: რაჟამს ლუსია ათასისთავი მოვიდეს, მაშინ ვცნა თქუენთჳს.
23და უბრძანა ასისთავსა მას დამარხვაჲ პავლესი და რაჲთა იყოს იგი მოლხინედ და ნუვისა ყენებად თჳსთა მისთა მსახურებისა ანუ შესლვად მის თანა.
24ხოლო შემდგომად დღეთა რაოდენთამე მოვიდა ფელიქს დროსილაჲს თანა, ცოლისა თჳსისა, ჰურიისა, მოუწოდა პავლეს და ისმინა მისი იესუ ქრისტეს სარწმუნოებისათჳს.
25და ვითარ-იგი იტყოდა სიმართლისათჳს და მოთმინებისა და სარჩელისათჳს მერმისა, შეეშინა ფელიქსს და ჰრქუა პავლეს: აწ ამას ჟამსა წარვედ, და ჟამსა მოცალესა მოგიწოდო შენ.
26და ამას თანა ჰგონებდა, ვითარმედ ფასი მოიღოს მან პავლესგან, რაჲთა განჰჴსნას იგი. ამისთჳს ზედაჲსზედა მოუწოდნ და ზრახავნ მას.
27ხოლო ვითარ ორი წელი აღესრულა, გარდაიდგინა ფელიქს და ნაცვლად მისა მოვიდა პორკიონი ფესტოს, და, რამეთუ ენება ფელიქსს მომადლებაჲ ჰურიათაჲ, დაუტევა პავლე კრულებათა შინა.