საქმე მოციქულთა 25–27

სარჩევი

ახალი აღთქმა

საქმე მოციქულთა

თავები 25–27

წმ. გიორგი მთაწმინდელის რედაქცია

25

საქმენი

თავი 25

1ფესტოს ვითარცა აღვიდა სამთავროსა თჳსსა, შემდგომად სამისა დღისა აღვიდა იერუსალჱმდ კესარიაჲთ.

2აუწყეს მას მღდელთ მოძღუარმან და მთავართა ჰურიათამან პავლესთჳს და ევედრებოდეს მას

3და ითხოვდეს მადლსა მისთჳს, რაჲთა მოუწოდოს მას იერუსალჱმდ, და უმზირდეს გზასა ზედა მოკლვად.

4ხოლო ფესტოს მიუგო და ჰრქუა მათ, ვითარმედ: ადრე ჰნებავს მას განსლვაჲ იერუსალჱმით.

5აწ უკუე რომელნი შემძლებელ არიან თქუენგანნი, ჩემ თანა შთამოვიდენ და, რაჲ-იგი არს უჯეროჲ კაცისა მის თანა, შესწამონ მას.

6იქცეოდა იგი მუნ არა უმრავლეს ათისა დღისა, და შთავიდა კესარიად, და ხვალისაგან დაჯდა საყდართა ზედა და ბრძანა მოყვანებაჲ პავლესი.

7და ვითარცა მოვიდა იგი, გარე მოადგეს მას იერუსალჱმით შთასრულნი იგი ჰურიანი, მრავალსა და მძიმესა ბრალსა დასდებდეს პავლეს ზედა, რომლისა ვერ ეძლო გამოჩინებად.

8რამეთუ იგი სიტყუას-უგებდა მათ, ვითარმედ: არცა სჯულსა ჰურიათასა, არცა ტაძარსა, არცა კეისარსა რაჲ შევსცოდე.

9ფესტოს უკუე უნდა მომადლებაჲ ჰურიათაჲ, მიუგო პავლეს და ჰრქუა: გნებავსა იერუსალჱმდ აღსლვაჲ და მუნ ამისთჳს განკითხვაჲ ჩემ წინაშე?

10ჰრქუა მას პავლე: საყდართა წინაშე კეისრისათა ვდგა, სადა ჯერ-არს ჩემი განკითხვაჲ, ჰურიათა არაჲ შევსცოდე, ვითარცა შენ უმჯობეს იცი.

11უკუეთუ რასმე ვავნებ და ღირსი სიკუდილისაჲ მიქმნიეს, არა ვევლტი სიკუდილსა; უკუეთუ არარაჲ არს, რომელსა ესენი შემასმენენ მე, ვერვის ჴელ-ეწიფების მიმადლებაჲ ჩემი მათა, კეისარსა უღაღადებ.

12მაშინ ფესტოს ზრახვა-ყო თანამზრახველისა თჳსისა თანა და თქუა: კეისარსა უღაღადებ, კეისრისაცა წარხჳდე.

13და ვითარცა დღენი რაოდენნიმე წარჴდეს, აღრიპა მეფე და ბერენიკე მიიწინეს კესარიად მოკითხვად ფესტოჲსა.

14და ვითარ მრავალ დღე იქცეოდეს მუნ, ფესტოს უთხრა მეფესა პავლესთჳს და ჰრქუა: კაცი ვინმე დაშთომილ არს ფელიქსისგან კრული,

15რომლისათჳს, ვიყავ რაჲ იერუსალჱმს, მითხრეს მე მღდელთ მოძღუართა და მოხუცებულთა ჰურიათა და ითხოვდეს მისთჳს სასჯელსა.

16რომელთა მიუგე და ვარქუ, ვითარმედ: არა არს ჩუეულებაჲ ჰრომთაჲ მიმადლებად ვისამე კაცისაჲ წარწყმედად, ვიდრემდე, რომელსა-იგი შეასმენდენ, პირისპირ აქუნდენ შემასმენელნი იგი, და ადგილი სიტყჳს-გებისაჲ მიიღოს ბრალისა მისთჳს.

17და ვითარცა შემოკრბეს იგინი აქა, არცა ერთი რაჲ დროჲ ვყავ, ხვალისაგან დავჯედ საყდართა ზედა და ვბრძანე მოყვანებაჲ კაცისაჲ მის.

18რომლისათჳს წარმოდგეს შემასმენელნი და არცა ერთი რაჲ ბრალი აჩინეს, რომელსა ვჰგონებდ მე ბოროტსა;

19ძიებანი რაჲმე თჳსისა ეშმაკეულებისანი აქუნდეს მისა მიმართ და იესუჲს ვისთჳსმე მომკუდრისა, რომელსა იტყოდა პავლე ცხოველად.

20და ვითარ ვერარას ვჰპოებდ მე ამის ძიებისათჳს, ვეტყოდე მას, უკუეთუმცა უნდა მისლვად იერუსალჱმდ და მუნ განკითხვაჲ ამისთჳს.

21ხოლო პავლე ღაღადებდა დამარხვად მისა, რაჲთა კეისარმანცა აგრძნეს, და ვბრძანე დამარხვაჲ მისი ვიდრემდე მიუძღუანო იგი კეისარსა.

22მიუგო აღრიპა და ჰრქუა ფესტოსს: მინდა მეცა კაცისა მისგან სმენად. ხოლო მან ჰრქუა მას: ხვალე ისმინო მისი.

23და ხვლისაგან მოვიდა აღრიპა და ბერენიკე მრავლითა საუცრებითა. და შევიდა განსაკითხავსა მას ათასისთავთა თანა და კაცთა მათ, მთავართა ქალაქისათა. და ვითარცა ბრძანა ფესტოს, მოუყვანეს პავლე.

24და თქუა ფესტოს: აღრიპა მეფე და ყოველნი კაცნი, რომელნი ჩუენ თანა ხართ, ჰხედავთა ამას? ამისთჳს ყოველი სიმრავლე ჰურიათაჲ შემემთხჳა მე იერუსალჱმს და აქაცა ღაღადებდეს და იტყოდეს, ვითარმედ: არა ჯერ-არს ეგე ცხორებად ამიერითგან.

25ხოლო მე გულისჴმა-ვყავ, ვითარმედ არაჲ ღირსი სიკუდილისაჲ უქმნიეს ამას; და ვითარ-იგი თჳთ ესე უღაღადებდა კეისარსა, ვსაჯე წარვლინებაჲ მისი.

26რომლისათჳს განკრძალულად ვერარაჲ მაქუს, რაჲ მივსწერო უფლისა ჩემისა; ამისთჳს მოვიყვანე ეგე თქუენ წინაშე და უფროჲსღა შენ წინაშე, მეფე აღრიპა, რაჲთა განიკითხო ეგე, და უწყოდი, რაჲ მივწერო.

27რამეთუ უჯერო მიჩნს მე მიძღუანებაჲ პყრობილისაჲ და ბრალთაცა მისთა არა უწყებად.


26

საქმენი

თავი 26

1ხოლო აღრიპა ჰქუა პავლეს: ბრძანებულ არს შენდა თავისა შენისათჳს სიტყუად. მაშინ პავლე განყო ჴელი, მიუგებდა და თქუა:

2ყოველთათჳს, რომელთა მაბრალებენ მე ჰურიანი, მეფე აღრიპა, შემირაცხიეს თავი ჩემი ნეტარად, რამეთუ შენ წინაშე მეგულების დღეს სიტყჳს-გებად უფროჲს-ღა.

3რამეთუ მეცნიერ ხარ შენ ყოველთა მათ ჩვეულებათა და ძიებათა ჰურიათასა. ამისთჳს გევედრები, სულგრძელებით ისმინე ჩემი.

4ცხორებაჲ უკუე ჩემი სიყრმითგან, პირველითგან ყოფილი ნათესავსა შორის ჩემსა იერუსალჱმს შინა, იციან ყოველთა ჰურიათა.

5წინაჲსწარვე მიცოდეს მე პირველითგან, უკუეთუ უნდეს წამების, რამეთუ ჭეშმარიტებისა მისებრ მსახურებისა სჯულისა ჩუენისა ვცხონდებოდე ფარისეველი.

6და აწ სასოებისათჳს მამათა ჩუენთა აღთქუმულისა, რომელი იყო ღმრთისა მიერ, ვდგა და განვიკითხვი,

7რომლისა მიმართ ათორმეტი ნათესავი ჩუენი განკრძალული დღე და ღამე ჰმსახურებს და ესავს მიწევნასა, რომლისა სასოებისათჳს ვიბრალები ჰურიათაგან, მეფე აღრიპა.

8რაჲ ურწმუნოებაჲ არს, განიკითხეთ-ღა თქუენ შორის, უკუეთუ ღმერთი მკუდართა აღადგინებს?

9მე უკუე მენება თავით ჩემით სახელისათჳს იესუ ნაზარეველისა მრავლისა ძჳრისა საქმედ,

10რომელი-იგი ვყავცა იერუსალჱმს შინა: და მრავალნი წმიდათაგანნი მე საპყრობილესა შევაყენენ, რამეთუ ჴელმწიფებაჲ მოვიღე მღდელთ მოძღუართაგან მოსრვად მათდა და მომეღო რიცხჳ.

11და ყოველთა შესაკრებელთა შორის მრავალ გზის ვსტანჯევდ მათ და ვაიძულებდ გმობად, უმეტესად-ღა ვბორგდ მათ ზედა და ვსდევნიდი ვიდრე გარემოთა ქალაქამდეცა.

12რომელთა შინა მივიდოდე მე დამასკედ ჴელმწიფებითა და ბრძანებითა მღდელთ მოძღუართაჲთა.

13შუა დღე გზასა ზედა ვიხილე, მეფეო, ზეცით გარდამო უბრწყინვალესი მზისაჲ, გამომიბრწყინდა მე ნათელი და ჩემ თანა მოგზაურთა მათ.

14და ვითარცა ჩუენ ყოველნი ქუეყანად დავცჳვენით, მესმა ჴმაჲ, რომელმან მრქუა მე ებრაელებრითა სიტყჳთა: საულ, საულ, რაჲსა მდევნი მე? ფიცხელ არს შენდა წიხნვაჲ დეზისაჲ.

15და მე ვარქუ: შენ ვინ ხარ, უფალო? ხოლო მან მრქუა მე: მე ვარ იესუ, რომელსა შენ მდევნი.

16არამედ აღდეგ და დადეგ ფერჴთა შენთა ზედა, რამეთუ ამისთჳს გეჩუენე შენ, რაჲთა დაგადგინო შენ მსახურად და მოწამედ, რომელი იხილე და რომელი გიჩუენო შენ,

17განრინებად შენდა ერისაგან და ნათესავთაგან, რომელთა მე მიგავლინო შენ,

18ახილვად თუალთა მათთა და მოქცევად ბნელისაგან ნათლად და ჴელმწიფებისაგან ეშმაკისა ღმრთისა მიმართ მიღებად მათდა მიტევებაჲ ცოდვათაჲ და ნაწილი განწმედილთა შორის სარწმუნოებითა ჩემდა მომართ.

19რომლისათჳს, მეფე აღრიპა, არა ვექმენ ურჩ ზეცისასა მას ჩუენებასა,

20არამედ რომელნი იყვნეს დამასკეს შინა პირველად და იერუსალჱმს შინა და ყოველსა სოფელსა ჰურიასტანისასა და წარმართთა მიუთხრობდ სინანულსა და მოქცევად ღმრთისა მიმართ და ღირსი სინანულისა საქმე ქმნად.

21ამისთჳს შემიპყრეს მე ჰურიათა ტაძარსა შინა და აზმნობდეს მოკლვად ჩემდა.

22შეწევნითა ღმრთისაჲთა, რომელსა ღირს ვიქმენ, ვიდრე აქა დღედმდე ვდგა და უწამებ მცირესა და დიდსა, არარას გარეშესა ვიტყჳ წინაწარმეტყუელთა თქუმულისასა, რომელსა ეგულებოდა ყოფად, და მოსესსა,

23ვითარმედ ვნებად იყო ქრისტესა და ვითარმედ პირველ მკუდართა აღდგომისა ნათლისა ეგულების მითხრობად ერთა და ნათესავთა.

24და ვითარ-იგი ამას ეტყოდა, ფესტოს დიდითა ჴმითა თქუა: ჰბორგი პავლე, რამეთუ მრავალნი წიგნნი შენნი სიცბილად მიგაქცევენ შენ.

25ხოლო პავლე ჰრქუა: არა ვბორგი, მჴნეო ფესტოს, არამედ ჭეშმარიტებისა და სიწმიდისა სიტყუათა ვიტყჳ.

26რამეთუ მეცნიერ არს ამისთჳს მეფე, რომლისა მიმართცა კადნიერად ვიტყჳ, რამეთუ დაფარვად მისა რაჲსამე ამათგანისა არა ვირწმუნო, რამეთუ არცა დაფარულსა ადგილსა ქმნილ არს ესე.

27გრწამს, მეფე აღრიპა, წინაწარმეტყუელთა? ვიცი, რამეთუ გრწამს.

28ხოლო აღრიპა ჰრქუა პავლეს: მცირედ-ღა და მარწმუნო მე ქრისტეანე ყოფად.

29ხოლო პავლე ჰრქუა მას: ვილოცავ ღმრთისა მიმართ მცირეთათჳსცა და მრავალთა, არა ხოლო თუ შენდა, არამედ ყოველთა, რომელთა ესმის ჩემი დღეს ყოფად ესრეთ, ვითარცა მე ვარ, თჳნიერ კრულებათა ამათ.

30და ვითარცა ესე თქუა მან, აღდგა მეფე და მთავარი და ბერენიკე და მათ თანა მსხდომარენი იგი,

31წარვიდეს და იტყოდეს ურთიერთას, ვითარმედ: არარას სასიკუდინესა გინა კრულებათა საქმესა იქმს კაცი ესე.

32ხოლო აღრიპა ჰრქუა ფესტოს: განტევებად ღირდა კაცი ესე, უკუეთუმცა არა ღაღად-ეყო კეისრისა.


27

საქმენი

თავი 27

1და ვითარცა განაჩინეს ნავითა წარსლვაჲ ჩუენი იტალიად, მისცეს პავლე და სხუანი ვინმე პყრობილნი ასისთავსა, სახელით ივლიოსს, გუნდისა სევასტიელისაჲ.

2შევედით ნავსა ადრამიტჳნელსა, რომელი მიმავალ იყო ადგილთა მათ ასიაჲსათა, და, აღვჴედით რაჲ, ჩუენ თანა იყო არისტარხოს მაკედონელი, თესალონიკელი.

3და მეორესა დღესა შთავედით სიდონდ. კაცთ მოყუარებაჲ აჩუენა ივლიოს პავლესთჳს და უბრძანა მეგობართა თჳსთა თანა მისლვად და მოღუაწებისა მიმთხვევად.

4და მიერ შევსხედით და თანა-წარვლეთ კჳპრე წინააღმდგომებითა ქართაჲთა.

5მაშინ უფსკრული იგი კილიკიისაჲ და პამფილიისაჲ განვლეთ და შთავედით მჳრა ქალაქად ლუკიისა.

6და მუნ პოა ასისთავმან მან ნავი ალექსანდრიისაჲ, რომელი მივიდოდა იტალიად, და შემსხნა ჩუენ მას შინა.

7ხოლო მრავალთა დღეთა მძიმედ ვიდოდეთ და ძნიად მივიწიენით კნიდონდ, რამეთუ არა გჳტევებდა ჩუენ ქარი იგი, და თანაწარვლეთ კრიტი სალმონით კერძო.

8და ვითარცა ძლით წარმოვირჩიეთ იგი, მოვედით ადგილსა რასმე, რომელსა ერქუა ტბები კეთილი, რომელსა ეახლა ქალაქი ლასიაჲ.

9და ვითარცა მრავალი ჟამი წარჴდა, და იყო-ღა ნავი საცთომელ სავალად, რამეთუ მარხვანი წარ-ოდენ-სრულ იყვნეს, ამცნებდა მათ პავლე

10და ეტყოდა: კაცნო ძმანო, ვხედავ, რამეთუ ჭირი და ზღვევაჲ მრავალი ყოფად არს არა ხოლო თუ ტჳრთისა და ნავისაჲ, არამედ თავნიცა ჩუენნი წარწყმედად არიან ნავისა თანა.

11ხოლო ასისთავი იგი მენავეთ მოძღუარსა მას და ნავის უფალსა ერჩდა უფროჲს, ვიდრე-ღა პავლეს სიტყუათა.

12და ვითარ უმარჯუ იყო ნავთსადგური იგი დასაზამთრებლად, უმრავლესთა მათგანთა დაიდვეს გულსა წარსლვად მიერ, უკუეთუმცა ვითარ უძლეს მისლვად ფინიკედ და მუნ დაზამთრებად ტბასა მას კრიტისასა, რომელი ხედვიდა ჩრდილოდ და სოფლად.

13და ვითარ-იგი ქროდა ქარი სამხრისაჲ, ჰგონებდეს, ვითარმედ ნებისაებრ მათისა იყოს, აღდგეს ასონით და წარირჩევდეს კრიტით.

14და შემდგომად არა მრავლისა ჟამისა იწყო ქროლად მის თანა ქარმან მან ბორბალმან, რომელსა ჰრქჳან ვრცელ ღელვა.

15და ვითარ შეაცთუნა ნავი იგი და ვერ ეძლო პირსა მიქცევად ქარისა მის, მიუტევეთ და მიმოვაქუნდით.

16ჭალაკსა რასმე თანა-წარვჰჴედით რაჲ, რომელსა ერქუა კლავდი, ძლით შეუძლეთ დაპყრობად ჴუამალდისა,

17რომელი აღიღეს და შესაწევნელად იჴუმევდეს და შემოსწებეს ნავსა. ხოლო ეშინოდა, ნუუკუე კბოდოანსა განცჳვენ, გარდაუტევეს ჭურჭელი და ესრეთ მიმოაქუნდა.

18და ვითარ დიდსა ზამთარსა შინა ვიყვენით, ხვალისაგან გარდასდებდეს ტჳრთსა.

19და მესამესა დღესა ჭურჭელი ნავისაჲ თჳსითა ჴელითა გარდააბნიეს.

20ხოლო არცა მზე, არცა ვარსკულავი ჩნდა მრავალთა დღეთა, რამეთუ ზამთარი დიდი იყო. მიერითგან წარვიწირეთ სასოებაჲ ყოველი ცხორებად ჩუენდა.

21და ფრიადი უზმობაჲ იყო. მაშინ პავლე აღდგა შორის მათსა და თქუა: ჯერ-იყო, ჵ კაცნო, რაჲთამცა მერჩდით მე და არა წარხუედით კრიტით და შეიძინეთ ჭირი ესე და ზღვევაჲ.

22და აწცა გეტყჳ თქუენ, გულ-დებულ იყვენით, რამეთუ განჴუებაჲ სულისაჲ არცა ერთისაჲ იყოს თქუენგან, თჳნიერ ხოლო ნავისა.

23რამეთუ წარმომიდგა მე ამას ღამესა ანგელოზი ღმრთისაჲ, რომლისაჲ ვარ მე, რომელსაცა ვჰმსახურებ,

24და მრქუა: ნუ გეშინინ, პავლე! კეისრისა ჯერ-არს შენდა წარდგომაჲ და აჰა ესერა მიგმადლნა შენ ღმერთმან ყოველნი, რომელნი არიან შენ თანა ნავსა მაგას.

25ამისთჳს გულ-დებულ იყვენით, კაცნო, რამეთუ მრწამს ღმრთისაჲ, რამეთუ ესრეთ იყოს, ვითარცა სახედ მეტყოდა მე.

26ჭალაკსა რასმე განსცჳვნებად ვართ ჩუენ.

27ხოლო ვითარცა მეათოთხმეტე ღამე მოიწია და მიმოვეტაცენით ჩუენ ანდრიასა შინა, შუა ღამეს ოდენ ჰგონებდეს მენავენი იგი მიწევნად რომელსამე სოფელსა.

28და გარდაუტევეს საზომი და პოვეს ოც მჴარ. და მცირედ და-რე-ყოვნეს და კუალად მოზომეს და პოვეს ათხუთმეტი მჴარი.

29და ეშინოდა, ნუუკუე კბოდოანსა ადგილსა განცჳვენ, ბოლოჲთ კერძო ნავისა მის გარდასთხინეს ოთხნი კავნი და ილოცვიდეს განთენებასა.

30ხოლო მენავეთა მათ ეგულებოდა სივლტოლაჲ ნავისა მისგან და გარდაუტევეს ჴუამალდი იგი ზღუად, მიზეზად რეცა თუ თავით კერძო ნავისა მის განჰმარტებენ კავთა.

31მაშინ პავლე ჰრქუა ასისთავსა მას და ერის კაცთა: უკუეთუ ესენი არა იყვნენ ნავსა შინა, თქუენ განრინებად ვერ ჴელ-გეწიფების.

32მაშინ ერისგანთა მათ განუკუეთნეს საბელნი იგი ჴუამალდისანი და მიუშუეს იგი წარტაცებად ღელვათა.

33და ვითარცა განთენდებოდა, ჰლოცვიდა ყოველთა პავლე მიღებად საზრდელისა და ჰრქუა: მეათოთხმეტე დღე არს დღეს, ვინაჲთგან უზმათა დაგიყოფიეს და არარაჲ მიგიღებიეს.

34ამისთჳს გლოცავ თქუენ მიღებად საზრდელისა, რამეთუ ესე თქუენის ცხორებისათჳს იქმნა, რამეთუ არავისი თქუენგანისაჲ თმაჲ ერთი თავისაჲ წარწყმედად არს.

35და ესე ვითარცა თქუა, მოიღო პური, ჰმადლობდა ღმერთსა წინაშე ყოველთასა და განტეხა და იწყო ჭამად.

36გულს-მოდგინე იქმნეს ყოველნი და მათცა მიიღეს საზრდელი.

37ხოლო ვიყვენით ნავსა მას შინა ყოველნი კაცნი ორას სამეოც და ათექუსმეტი სული.

38და ვითარცა განძღეს საზრდელითა, აღუმცირებდეს ნავსა მას და გარდასდებდეს იფქლსა ზღუად.

39და რაჟამს განთენა, ქუეყანაჲ იგი ვერ იცნეს, ყურესა რასმე განიცდიდეს, რომლისა იყო ზღჳს კიდე, სადა-იგი ეგულებოდა, უკუეთუმცა ვითარ შეუძლეს, განდგინებაჲ ნავისაჲ მის.

40მოჰჴსნნეს კავნიცა იგი და მიუტევნეს ზღუად, და მათ თანა მიუტევნეს შესაუღლველნიცა იგი საჭეთანი და აღუპყრეს აფრაჲ მცირე, და ქარით კერძო ეპყრა ზღჳს კიდით კერძო.

41და ვითარცა შეცჳვეს უმძაფრესსა ადგილსა, დაჰკიდეს ნავი იგი. და, რამეთუ თავით კერძოჲ იგი უმაგრესად დგა, ეგო უძრავად, ხოლო ბოლოჲთ კერძო იგი დაირღუეოდა სიმძაფრითა ღელვათაჲთა.

42ხოლო ერის კაცთა მათ ზრახვა-ყვეს, რაჲთა მოსწყჳდნენ პყრობილნი იგი, ნუუკუე განვინმე-ცურდეს და ივლტოდის.

43ხოლო ასისთავსა მას უნდა განრინებაჲ პავლესი და დააბრკოლნა იგინი ზრახვისა მისგან და უბრძანა, რომელნი-იგი ცურვით შემძლებელ იყვნეს, განსლვად ქუეყანად,

44და სხუანი იგი რომელნიმე ფიცრითა და რომელნიმე ჭურჭლითა ნავისაჲთა რომლითამე. და ესრეთ განვერენით ყოველნივე და გამოვედით ქუეყანად.