5 სექტემბერი – ძველი სტილით / 18 სექტემბერი – ახალი სტილით
✠
წმიდა მოწამე თაიფალე და მისი და თიბეა (ანუ ბებეა) წარმართთა შორის ქრისტიანული სარწმუნოების გაბედული და წარმატებული ქადაგებისთვის აწამეს, ერთი ცნობით, ტრაიანეს (98-117), სხვა წყაროებით კი – ადრიანეს (117-138) მეფობაში. ხანგრძლივი და სასტიკი წამების შემდეგ წმიდა თაიფალე ხეზე დაკიდეს და გახერხეს, მისი და თიბეა კი ყელში შუბის დარტყმით მოკლეს (15 ოქტომბერს ეკლესია იხსენიებს წმიდანებს: სარვილეს და ბებეას. ვარაუდობენ, რომ ბებეა იგივე თაიფალეს და – თიბეაა; ზოგი სარვილეს თავად თაიფალესთან აიგივებს, სხვები კი თვლიან, რომ სარვილესა და ბებეასთან ერთად 15 ოქტომბრის წმიდანებს შორის თაიფალეს სახელი ცალკე უნდა იყოს ჩართული).
წმიდანო მოწამენო თაიფალე და თიბეა, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის!
