Site icon Iveron Icon Georgian Orthodox Church

სავედრებელი პარაკლისი ღირსისა მამისა ჩუენისა თეოდოსი დიდისა

მღდელმან: კურთხეულ არს-ი

და უკეთუ ერისკაცია იტყვის: ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.

მუხლი 4. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ტროპარი, ხმაი 8

ცრემლთა მდინარითა უდაბნოი უქმი მოიმუშაკე და სიღრმით სულისათ სულთქუმითა ასეულნი შრომანი ნაყოფიერ-ჰყვენ და იქმენ მნათობ და განმანათლებელ სოფლისა საკვირველებათა მიერ, მამაო წმიდაო თეოდოსი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის. დიდებაი…

სხუაი ტროპარი

გიხაროდენ, გამორჩეულო და მადლისა საღმრთოისა სამკვიდრებელო ბრძენო თეოდოსი, წესისა უბიწოისა და შჯულისა მოძღუარო, და სულთა წინამძღუარო; ყოვლად ბრწყინვალეო მნათობო უდაბნოისაო, საუნჯეო მარგალიტისა დამმარხველო და აგარაკო მტვირთველო საფასისაო, რომელმან უპოვარებითა განამდიდრე სოფელი და დაიმკვიდრე სასუფეველი ზეცისაი, ღმერთსა ევედრე აწ მონიჭებად სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი. აწდა…

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობაი 1, უგალობდითსა; ხმაი 2

ძლისპირი: ღელვათა დაანთქა პირველად ფარაო ეტლებითურთ და აღჭურვილით ძლიერად სპარაზენით სიტყუამან მამისამან, რომელი განხორციელდა ჩუენ ცოდვილთათვის, რომელსა უგალობთ: ღმერთო დიდებულო, დიდებულ-ხარ.

ღირსო მამაო თეოდოსი დიდო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

დიდად იღუაწე შენ საწუთროსა ამას ცხოვრებასა, ღმერთშემოსილო მამაო, და მარხვითა და მღვიძარებითა სახეი ექმენ რაი შენთა მოწაფეთა, აწ იხარებ უხორცოთა თანა და დიდების-მეტყუელებ და უგალობ ღმერთსა.

ღირსო მამაო თეოდოსი დიდო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ჯეროვნად და სამართლად გიგალობს შენ უდაბნოი თანა-მკვიდრითურთ თვისით, ვითარცა მთავარსა თვისსა და წინამძღუარსა მუნ მოღუაწეთა მამათასა, რომელთა თანა აწ ჩუენცა შეგასხამთ გალობასა და ვადიდებთ ღმერთსა, განმაძლიერებელსა შენსა.

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა

წესად მონაზონთა და კანონად მოთმინებისა გამოუჩნდი შენ, ღირსო, უდაბნოსა მყოფთა მოღუაწეთა, და მოქმედ სასწაულთა ურიცხუთა, ამისთვის ვაქებთ საქმეთა შენთა საკვირველთა და სამართლად უგალობთ ღმერთსა, განმადიდებელსა შენსა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უზეშთაეს ხარ შენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, ყოველთა დაბადებულთა, ხილულთა და უხილავთა, რამეთუ შემოქმედი მათი მუცლისა შენისაგან განხორციელდა, ვითარცა ინება ცხორებისათვის სულთა ჩუენთაისა..

გალობა 3, განძლიერდასა

ძლისპირი: აღყუავილნა შროშნის სახედ მოსლვითა შენითა, ქრისტე, რომელ არს ბერწი წარმართთა ეკლესიაი და იქმნა შვილ-მრავალ, რომელსა შინა განაძლიერენ გულნი ჩუენნი.

ღირსო მამაო თეოდოსი დიდო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ძირთაგან პატიოსანთა და კეთილად მორწმუნეთა მშობელთასა აღმოსცენდი რა კაბადუკიასა, განგსწავლეს სულიერად და სიჩჩოითგან აღეგზა გულსა შენსა სიყუარული ყოვლისა შემოქმედისაი.

ღირსო მამაო თეოდოსი დიდო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

სიყრმითგანვე გაქუნდა რაი სარწმუნოებაი მაღალი, გენება განშორებაი სოფლისაგან და საქმეთაგან მისთა, რაითა განიწმიდო გონებაი თვისი და ყო იგი სამკვიდრებელ ღმრთისა.

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა

იქმენ რაი სავანეი სულისა წმიდისაი, თქვი: უფალო, მიძეღუ მე გზათა შენთა, რაითა ვიდოდი მე ჭეშმარიტებითა შენითა, აწ ჩუენცა მოგვანიჭე მღვიძარებაი სულისაი და აღგვძარ გალობად ღმრთისა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გუნდნი იგი ზეცისანი განაკვირნა შობამან შენმან, ყოვლად უბიწოო, და გულნი კაცთანი შეაძრწუნნა, ამისთვისცა ღმრთისმშობლად აღგიარებთ შენ და გევედრებით კეთილად წარმართებასა ცხორებისასა.

გვიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს… (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

წარდგომაი; ხმაი 8

მოღუაწებითა სული შენი შეამკვე ღმრთივშუენიერად, წმიდაო თეოდოსი, და იქმენ რაი ახოვანი მხედარი ქრისტეის ღმრთისა, მრავალნი საცხოვარნი სამწყსოისა მისისანი განარინნე მგელთაგან მტაცებელთა, და მწყსიდი რაი, ვითარცა წმიდაი პეტრეი, აღაშენე სავანეი დიდი და მას შინა შესწირნე სულნი მრავალნი ღმრთისა, მას ევედრე, ცოდუათა მოტევებისა მონიჭებად სურვილით პატივისმცემელთა წმიდისა ხსენებისა შენისათა.

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სასოებაო ყოვლადქებულო და ურცხვენელო ზღუდეო ჩუენო და საფარველო, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, ანგელოსთა თანა ევედრე ძესა შენსა და ღმერთსა, ღმრთივკურთხეულო, რაითა სოფელსა მშვიდობაი მოჰმადლოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

გალობაი 4, უფალო მესმა

ძლისპირი: მოხვედ ჩუენდა ქალწულისაგან, არა ანგელოზი, არამედ თვით უფალი, განხორციელებული ღმერთი, და მიხსნენ ჩუენ ყოვლითურთ, რომელნი ვღაღადებთ: დიდებაი ძალსა შენსა.

ღირსო მამაო თეოდოსი დიდო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

აღიღე შენ მხართა შენთა ჯუარი იგი ქრისტეისი, რომელსაცა ესვიდი, ღირსო, და მიისწრაფდი საფლავად მისა, ვითარცა ირემი წყაროდ მიმართ, ყოვლადსაგალობელო მამაო თეოდოსი.

ღირსო მამაო თეოდოსი დიდო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ასურასტანსა მიწევნულმან ინებე, რაითა მოიღო ლოცვაი წმიდისა სვიმეონ მესვეტისაი, და განძლიერდე ფიცხელსა მას გზასა ზედა მონაზონებისასა.

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა

გიხილა რაი წმიდამან, ღაღადყო: kეთილად მოხუედ, კაცო ღმრთისაო თეოდოსი, და გაკურთხევდა რაი ამბორისყოფითა, სიხარულითა წარემართე წმიდასა ქალაქსა იერუსალეიმსა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გიცნობთ შენ მყუდროდ ნავთსაყუდელად, დედოფალო, და ზღუდედ სიმტკიცისა დაურღუეველად, ღმრთისმშობელო, და მეოხად მიგავლენთ ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენ ყოველთაისა.

გალობა 5, ღამითგანსა

ძლისპირი: შუამდგომელ იქმენ ღმრთისა და კაცთა, ქრისტე, ღმერთო ჩუენო, და შენ მიერ განვერენით ბნელისაგან ღამისა წყუდიადისა, და ღირს ვიქმნენით ნათელსა მამისა შენისასა.

ღირსო მამაო თეოდოსი დიდო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

უწინარეს თაყუანის-ეც ღმრთისშემწყნარებელსა საფლავსა, და მოილოცნე რაი წმიდანი ადგილნი, პოვე მამაი ლონგინოზ მახლობლად დავითის გოდოლისა, და განგსწავლა მან მონაზონებასა შინა.

ღირსო მამაო თეოდოსი დიდო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

გაზრახა რაი მოძღუარმან შენმან დამკვიდრებაი სავანესა მას, kათისმად წოდებულსა, ლოცვითა და მარხვითა ხორცსა შენსა განკაფავდი, ღირსო, და ფრიად განითქვი სათნოებითა და სიწმიდითა.

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა

ეწადათ რაი წინამძღვრად დადგინებაი შენი ძმათა, იუდეისა უდაბნოსა მიისწარფე და დამკვიდრდი მღვიმესა მას, რომელსაცა შინა ღამეი ერთი დაყვეს მოგვთა მათ, ბეთლემით გამოსრულთა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ევედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა, ყოვლად უბიწოო, რაითა მოგუანიჭოს ჩუენ ხსნაი ეშმაკისა მახეთაგან და ერსა ჩუენსა მოჰმადლოს გამოხსნაი უღლისაგან მტერთაისა.

გალობა 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: ღელვამან ცოდვისამან მომიცვა მე, და მრავალთა მოწყალებათა შენთა მოვევლტი, აღმომიყვანე, სახიერ, დანთქმისაგან, ღმერთო ჩემო, გევედრები.

ღირსო მამაო თეოდოსი დიდო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

მარადის დადგრომილ იყავ რაი ლოცვასა შინა ტირილითა, მარხვითა დასცემდი ხორცთა თვისთა, და ღუაწლითა შენითა და მადლითა უფლისაითა მიიწიე საზომსა მას სიწმიდისასა.

ღირსო მამაო თეოდოსი დიდო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ოცდაათსა წელსა პური არა მიიღე, ნეტარო, და შრომითა და მოღუაწებითა სათნო ეყოფოდი ღმერთსა, მას ევედრე აწ ჩუენთვისცა, რაითა მოგვანიჭოს გულისხმის-ყოფაი კეთილისა და ბოროტისა.

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა

ვითარცა არა დაიფარვის ქალაქი, დაშენებული მთასა ზედა, ეგრეთცა განცხადნა საქმენი შენნი, აღმატებული ძალსა კაცობრივსა, და მრავალნი მოვიდოდეს შენდა, რაითა განსწავლო სიტყუასა მოციქულთა და მოძღუართასა, და წარუმართო ღმრთისა მიმართ.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უსძლოო, ქალწულებითა მუცლად-იღე და უთესლოდ გვიშევ რაი ჩუენ ზეცისა მეუფეი, დაადგერ ქალწულადვე და ჩუენ მოგვასწავე ღმრთეებაი მისი.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

კონდაკი; ხმაი 8

შენ, დანერგულმან ეზოთა შინა ღმრთისათა, სათნოებათა ღირსებაი აღაყვავილენ, და განამრავლენ შვილნი შენნი უდაბნოსა შინა, წვიმათა მიერ ცრემლთა შენთასა მორწყულნი, ბაკოვანთა საღმრთოთა არვეთ-მთავარო, ამისთვის გიღაღადებთ: გიხაროდენ მამაო თეოდოსი!

სხუაი კონდაკი

შური საღმრთოი აღიღე იოვანე ნათლისმცემელისა და ელია ღმრთისა კაცისაი, ღირსო მამაო თეოდოსი, და მათებრ შენცა ამხილე მეფესა ურწმუნოსა სიტყვითა საღმრთოითა, და კადნიერად დაამტკიცე შჯული, რომელი გამოვალს სიონით, რაითა ვიცნათ ძეი ღმრთისაი, ორითა ბუნებითა ერთხატად.

მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომა ხმაი 4

პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

მუხლი: რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი ესე მომაგო მე.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელმან: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელმან: მოხედენ.

სახარებაი ლუკაისი

რქუა უფალმა მოწაფეთა მისთა: ნეტარ ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაი. ნეტარ ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განსძღეთ. ნეტარ ხართ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდეთ. ნეტარ ხართ, რაჟამს მოგიძულენ თქვენ კაცთა და ოდეს გამოგასხენ თქუენ და გაყუედრებდნენ და განხადონ სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთა ძისათვის კაცისა. გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყუენით, რამეთუ აჰა ესერა სასყიდელი თქუენი, მრავალ არს ცათა შინა.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა.

მეოხებითა ღირსისა მამისა ჩუენისა თეოდოსი დიდისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღხოცენ უშჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: ხატ სიწმიდისა გამოსჩნდი, მამაო საწადელო, და სიტყუათა შენთა ელვითა და სულისა ბრწყინვალებითა განიოტებდი რაი არმურსა ცოდვისასა, საზრდელი უკუდავებისაი მიეც მორწმუნეთა, მართალი სარწმუნოებაი, რომლითაცა გამოჰზარდენ მრავალნი სულნი, ღმერთშემოსილო მამაო თეოდოსი, და სათნო ეყავ ღმერთსა, ევედრე მას, რაითა მოანიჭოს ერსა ჩუენსა მშვიდობაი, ქრისტეანეთა უვნებელობაი და მგალობელთა შენთა დიდი წყალობაი.

მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა; წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა-მძლისა მოწამისა, ძლევა-შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდათა მოციქულთა სწორთა: ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა, და მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ-ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, აბო ტფილელისა, გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; ბიძინა, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა, შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა ექუსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, და შუშანიკისაითა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, ბაგრატ მესამისა, დავით აღმაშენებლისა, დემეტრე-დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა: ექვთიმე, იოვანე და გიორგი-იოვანე ბეთანიელთა, და გაბრიელ სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი); და ღირსისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა თეოდოსი დიდისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

გალობა 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ბრძანებამან უშჯულოისა მძლავრისამან უფროისად მოტყინარე აღაგზნა სახუმილი ყრმათათვის და ღმერთმან ყოველთამან ასხურა ცუარი ზეცით სამთა მათ მგალობელთა, რომელ-იგი არს კურთხეულ უკუნისამდე.

ღირსო მამაო თეოდოსი დიდო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ასწავებდი რაი ძმათა შენთა მარადღე ხსენებასა სიკუდილისასა, რაითა იგლოვდენ ცოდვათათვის, აღიშენე საფლავი, ყოვლად ნეტარო თეოდოსი, გარნა პირველ შენსა განაახლა მოწაფემან შენმან ბასილ, გუამისა თვისისა მას შინა დადებითა.

ღირსო მამაო თეოდოსი დიდო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

აღასრულებდი რაი ურიცხვთა ნიშ-სასწაულთა და კურნებათა, მრავალნი უდაბნოისა მოყუარენი მოივლტოდენ შენდა, ღირსო, და უკვირდა მათ სასოებაი შენი ღმრთისა მიმართ, რომელმან არა უგულებელს-ყვნის მონანი მისნი, და აქებდენ ძალსა მისსა.

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა

ოდეს განმრავლდა რიცხვი მოწაფეთა შენთაი, წმიდაო ბერო, განხვედ სენაკსა, და ვერა იტევდა რაი ქუაბი იგი ძმათა, ეწადათ შენებაი მონასტრისაი, და საღმრთოითა მინიშნებითა აღუშენე ღმრთისმშობლისა ტაძარი და სავანეი ცხორებისათვის სულთაისა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წმიდათა უწმიდესად აღგიარებთ შენ, მხოლოო ღმრთისმშობელო, რომელმან შევ უცვალებელად, ქალწულო უსძლოო და დედაო უბიწოო, რამეთუ საღმრთოითა შობითა უხრწნელებაი აღმოგვიცენე ყოველთა.

გალობა 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: სახუმილი იგი ცეცხლისაი ბაბილონს პირველად განიზოგა ღმრთისა მიერ, რამეთუ ქალდეველნი ალისა მისისაგან შეიწუნეს, ხოლო ყრმანი შეცურეულნი იტყოდეს: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.

ღირსო მამაო თეოდოსი დიდო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

გამოგირჩია რაი პატრიარქმან არქიმანდრიტად ყოველთა ზოგადცხორებულთა სავანეთა მახლობლად ქრისტეს საფლავისა, მრავალნი ღირსნი მამანი, იღუმენნი და ებისკოპოსნი გამოზარდენ გულისხმისყოფითა საღმრთოითა.

ღირსო მამაო თეოდოსი დიდო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ფრიად იღუწიდი სნეულთათვის, ღირსო, და აღაშენე რაი მრავალნი სახლნი ერისკაცთათვის და მონაზონთა, თავშესაფარნი დააფუძნე მწირთათვის და ეშმაკთაგან შეპყრობილთა ბერთა, და ზრუნვითა შენითა განკურნვილნი იხარებდენ და მადლობდენ ღმერთსა.

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა

ჟამსა მას მწვალებელისა მეფისასა გამოსჩნდი რაი მცველად ქრისტეს სარწმუნოებისა, შეკრიბნე წინამძღუარნი აღდგომისა ეკლესიასა შინა იერუსალეიმსა, და ეპისტოლითა არწმუნებდით მეფესა, მწვალებლობათაგან განკრძალვასა წმიდისა ეკლესიისასა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

შენ თანასწორი მამისაი სიტყუაი მხოლოი უთესლოდ მუცლად იღე, ქალწულო, და შევ გამოუთქმელად ღმერთი და კაცი მიუწვდომელი, წმიდაო დედოფალო, ამისთვისცა აღგიარებთ შენ მიზეზად ცხორებისა ჩუენისა და გევედრებით ხსნასა ყოვლისაგან საცთურისა.

გალობა 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: დაუსაბამოისაგან მამისა ძე ღმრთისაი გამოჩნდა, ქალწულისაგან მხსნელად ჩუენდა განხორციელდა, განგუანათლებს დაბნელებულთა და შემოჰკრებს ერთად განბნეულთა, რაითა სარწმუნოებითა ვადიდებდეთ მშობელსა მისსა.

ღირსო მამაო თეოდოსი დიდო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

უქადაგენ რაი ამბიონითგან კრებულსა ოთხნი კრებანი, და ყოველნი მგმობნი მისნი გარდაეც კრულებასა, ბრძანა ექსორიაი შენი მეფემან მწვალებელმან, წმიდაო თეოდოსი, გარნა ეწია რისხუაი ღმრთისაი, და განიდევნა სული მისი ბაგეთა მათგან, მგმობართა მისთა.

ღირსო მამაო თეოდოსი დიდო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ექმნა რაი კურთხევაი ქრისტეს მიერ ხელითა შენითა, ღირსო, განმრავლდა მარცვალი იფქლისაი საკვირველად, და აღავსო ბეღელი მონასტრისაი დაუთესველისაგან იფქლისა, ხოლო ჯურღუმულსა მას შინა წყლისასა გამოუჩნდი ყრმასა, და განარინე იგი დარჩობასა.

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა

წინაითვე გემცნო რაი ჟამი განსლვისა შენისაი, მამაო, მოწაფეთა შენთა დაუტევე მშვიდობაი, და სული შენი ლოცვითა შეჰვედრე რაი ღმერთსა, ანგელოზთა მისთა აღგიყვანეს სასუფეველსა, და წმიდაი ნეშტი შენი პატივითა დაკრძალეს სავანესა შინა შენსა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უსძლოისაგან დედისა უმამოდ ძეი ღმრთისაი გამოჩნდა, რომელი პირველ მამისაგან იშვა უდედოდ, აღსასრულსა ჟამთასა კაც იქმნა და იშვა მაცხოვრად სოფლისა, რაითა ღმერთ-ყოს კაცებაი და განააახლოს სახიერებითა.

ღირს არს ჭეშმარიტად რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი აკმევს; მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:

ალი ღმრთისა მიმართ ლოცვითა და მხურვალითა სიყუარულითა აღაგზენ, ბრძენო მამაო თევდოსი, და ზეცისა იგი ცეცხლი მოიღე რაი სათნოებითა, ღმრთისა მადლითა უწყებულ იქმენ ტაძრისა და სავანისა აღშენებისა, რომელსა შინა ღმრთისმსახურებითა შურებოდი, და გამოჩნდი რაი, ვითარცა დიდი მნათობი მონაზონთა კრებულისა, აწ ჩუენცა სასოებაი დაგვიძს სიწმიდესა შენსა ზედა, და გევედრებით შეწევნასა, რაითა ცოდვათა შინა დანთქმისაგან აღმოგვიტაცოს უფალმან და ძალი, სიბრძნეი, და ერთსულოვნებაი მოჰმადლოს ერსა ჩუენსა.

იყავ რაი ზოგადცხოვნებულთა სავანეთა წინამძღოლი და მფარველი მკვიდრთა მისთა, სწავლანი ბოროტთა მწვალებელთანი განაქიქენ და დასთრგუნე რაი მართლსწავლითა, სახეი კეთილისაი ექმენ მონაზონთა, და უფალსა ევედრებოდი განძლიერებასა მათსა, აწ ჩუენთვისცა ევედრე მას, სანატრელო, რაითა ურიცხუთა მწვალებელთა და ღმრთისმგმობთა მზაკუვარებათაგან გვიხსნას ოხითა შენითა და ეკლესიაი ჩუენი დაიცვას შეუძრველად.

სახელი შენი, ღირსო მამაო, არს მოცემისაებრ ღმრთისა, და ვითარცა იყავ შენ მკურნალი, და გამომზრდელი სიყმილითა განკაფულთა და წყურიელთა; შემმოსელი შიშუელთა და აღმადგინებელი დაცემულთა, აწ ჩუენცა შეგვეწიე მისა მიმართ, რაითა მოგუმადლოს ყოველივეი, რაიცა სარგებელ არს სულთა და ხორცთათვის ჩუენთა: მართალი სარწმუნოებაი, სასოებაი შეუორგულებელი, სიყუარული წრფელი, მორჩილებაი და სიმდაბლეი, და ახოვანებაი ჭირთა და განსაცდელთა შინა.

ჟამსა მას ქუეყნიერისა ცხორებისასა იყავ რაი მლოცველი და ყოვლად ძლიერი მფარველი დავრდომილთა და სნეულთა, სიმრავლეი სათნოებათა შენთაი და ძალი ურიცხუთა სასწაულთაი ვერა დაფარა საფლავმან მიწისამან, იქმნა რაი სნეულთა და უძლურთათვის, ვითარცა საუნჯეი მადლისაი, და ყოველი მისდა შევრდომილი აღმოივსებს რაი სულთა და ხორცთა კურნებასა, აწ ჩუენცა წარმწყმედელთა გზათაგან განგვარინე და დაგვიფარე ყოველთა სენთა, ჭირთა და ურვათაგან.

შენ გადიდებენ ზეცისა გუნდნი, ღმრთისა დედაო, უბიწოო, რამეთუ უზეშთაეს ხარ ქერობინთა საყდართაი, რომელმან ზედა მჯდომარეი იტვირთე, და უაღრესი შორის ყოველთა დაბადებულთასა, გნატრით აწ მკვიდრნი ქუეყანისანი და გევედრებით: ნუ განგვაშორებ საფარველსა თვისსა, არამედ შეგვეწიე და აღგვავსე მღვიძარებითა საღმრთოითა, რაითა ყოველნი ვიქმოდეთ სამართალსა, და მადლსა და დიდებასა შევსწირვიდეთ ღმერთსა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩვენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარე-წარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, მოწესეთა სამკაულო და ქალაქ-მყოფელო უდაბნოისაო, ღირსო მამაო ჩუენო თეოდოსი, ეკლესიისა სიმტკიცეო და სუეტო შეურყეველო კეთილად მსახურებისაო, მონაზონთა ღმრთივსულიერო კანონო და სიქადულო პალესტინისაო; პატიოსანთა ღმრთისმსახურთა ზესთამბრძოლო და ჭირთა შინა ურცხვენელო ხელის აღმპყრობელო ქრისტეანეთაო; მრავალთა სასწაულთა მომქმედო და ღმრთისა მიმართ მეოხო და შესავედრებელო ყოველთა უპოვართა, განწირულთა და სარწმუნოებითა შენდამი შევრდომილთაო!

ჰოი, ყოვლადბრწყინვალეო ვარსკულავო უდაბნოისაო და მნათობო იერუსალეიმისაო, ღმერთშემოსილო მამაო თეოდოსი! მსგავსად მზისა განბრწყინდა რაი ძალნი იგი სასწაულთანი, შენ მიერ აღსრულებულნი უდაბნოსა შინა, მხცოვანებასა შინა აღმაღლდი ხორცთაგან ღმრთისა სასურველისა შენისა, და არა ხოლო მკვიდრ ხარ შენ ზეცისაი, არამედ გაქუს კადნიერებაი ღმრთისა მიმართ, რაითა არა წარგვწყმიდოს ცოდვათათვის ჩუენთა, არამედ მოგვცეს ჟამი სინანულისაი და მოგუანიჭოს სიმხნეი, სიბრძნეი და ძალი დაცვად სჯულისა ჩუენისა და მამულისა, რაითა არა განმცემელ ვექმნნეთ სიქადულსა ჩუენსა მართლმადიდებლობასა, რომელ ქადაგეს წმიდათა მოციქულთა და გუასწავეს ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთა. ყოვლადძლიერითა მადლითა ლოცვისა შენისაითა დაიცევ და მსახურებასა შინა განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოის კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონოზნო წესნი, ზიარნი ეკლესიისა ჩუენისანი, და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.

ჰოი, მამათა შორის კეთილმსახურებითა განბრწყინვებულო, დიდო სასწაულთმოქმედო თეოდოსი! რომელმან მონაზონებისა შრომითა თავი თვისი განიწმიდე, და იქმენ მიმსგავსებულ უფალსა შენსა, სამოსელისა შენისა შეხებითა სენნი განჰკურნენ და სიყმილითა დახსნილი ერი გამოჰზარდე რაი საუნჯისაგან მოუკლებელისა, ზეცით მოიგე გვირგვინი ძლევისაი და აწ დაუდუმებელად უგალობ რაი წმიდასა სამებასა, შესწირე მას ლოცვანი ჩუენნი და გვითხოვე ხსნაი სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, მახვილისა, განმხრწნელისაგან ქარისა, ზედა მოსლვისაგან უცხო თესლთაისა და ძმათა შორის ბრძოლისაგან, ტყვეობისაგან ეშმაკისა და უწმიდურთა სულთა ყოვლისა მოქმედებისაგან, უცნაურისა სენისა და სიკუდილისაგან, რაითა უბრკოლველად თანა-წარვხდეთ საცთურთა მათ საწუთოისათა, და ჟამსა მას აღსასრულისა ჩუენისასა განვერნეთ ბოროტთა მათ ჰაერის მცველთა, რაითა შენ მიერ ძღუანებულნი მივიწივნეთ ზეციერსა მას იერუსალეიმსა, და სასუფეველსა შინა მარადის შენთანა უგალობდეთ მამასა, ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

მღდელმან: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან: დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

გუაკურთხენ.

მღდელმან: ჩამოილოცოს.

გუნდი: ამინ.

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, ღირსისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა თეოდოსი დიდისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

მთხვევასა ზედა ხატისასა ვჰგალობთ:

სიბრძნითა სარწმუნოებისაითა და საქმითა მოღუაწებისაითა დიდებულად შეამკევ რაი ქრისტეის წმიდაი ეკლესიაი, გვიხმობს ქებად ღუაწლისა შენისა და სიწმიდისა, და აჰა, სასანთლედ მრავალმნათობიერად გამოგვიჩნდი რაი მორწმუნეთა, ღმერთშემოსილო, დიდო თეოდოსი, ვითარცა ხატი ღმრთისმოსავობისაი, ვიხარებთ სულითა და ვითხოვთ შენმიერსა შეწევნასა ღმრთისა მიმართ, რაითა გვიხსნნეს სულიერისა და ხორციელისა ვნებულებისაგან, და ღირს გვყოს სასუფეველსა თვისსა.

დედოფალო მარიამ, მოგუხედენ სარწმუნოებითა თაყუანისმცემელთა და სურვილით ამბორის-მყოფელთა, პატიოსანისა ხატისა წმიდისა თეოდოსი დიდისათა, და მადლი მიოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

 

 

Exit mobile version