Site icon Iveron Icon Georgian Orthodox Church

დაუჯდომელი საგალობელი ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა მიმართ სამადლობელად ივერიის მფარველობისა

წილხვდომილი

დაუჯდომელი საგალობელი ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა მიმართ სამადლობელად ივერიის მფარველობისა (წილხვედრობისა)

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

ტროპარი

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან, ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად, არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან   

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

კონდაკი 1

ზესთამბრძოლსა ჩუენსა უძლეველსა და დასაბამსა ხსნისა ჩუენისასა შევრდომით თაყუანის-გცემთ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, და მოგიძღუნით სამადლობელსა ქებისასა, რამეთუ ექმენ შენ ღმრთისა მიერ სუეტად ნათლისა შენდა წილხვდომილსა ერსა ქართველთასა, ცხორებისა წინამძღოლად და მაოტებელად ცოდვათა და განსაცდელთა წყუდიადისა, რაითა მარადის სიხარულითა ვხმობდეთ: გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დასაბამო და მეოხო ხსნისა ჩუენისაო!

იკოსი 1

მხედრობანი ზეცისა ძალთანი კრძალვითა გადიდებენ შენ, ვითარცა დედასა ყოველთა არსთა მეუფისასა, წინა-საუკუნოისა მის განგებულებისა აღსრულებასა და დასაბამსა სოფლისა გამოხსნისასა, ხოლო ჩუენ, ცოდვილნი ესე, ვერღა შემძლებელ ვართ ჯერისაებრ ქებად შენდა, გარნა მიითუალე სამადლობელი გალობაი ესე, ვითარცა მწულილი ქურივისაი, და ცხორებაი ჩუენი წარმართე ნებისაებრ შენისა, რაითა მარადის სიწმიდითა გმსახურებდეთ და გაქებდეთ სარწმუნოებითა:

გიხაროდენ, ცაო სულიერო, სადგურო საუკუნეთა მეუფისაო:

გიხაროდენ, კიბეო ღმრთისა გარდამოსვლისაო;

გიხაროდენ, ზეციერო დედაო და დედოფალო კაცთა ნათესავისაო, სიბრძნითა განმგებელო ყოვლისა ცხორებისა ჩუენისაო;  

გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, სულთა ჩუენთათვის მშობელო მაცხოვარისაო;   

გიხაროდენ, მიზეზო სოფლისა შეწყალებისა და კაცთა განღმრთობისაო;

გიხაროდენ, დამხსნელო ხრწნილებისაო და შემმუსრველო ჯოჯოხეთისა მძლავრებისაო;

გიხაროდენ, წყაროო დაუწყვედელო, აღმომადინებელო დედო-ბრივისა სიტკბოებისაო;

გიხაროდენ, დამხსნელო ცოდვისა წყევისაო და მომნიჭებელო კურთხევისაო;

გიხაროდენ, სასოო და შუამდგომელო ივერიისა გაბრწყინებისაო;

გიხაროდენ, ნათლისა სუეტო, მაცხოვნებელსა გზასა ზედა წარმმართებელო ერისა ჩუენისაო;

გიხაროდენ, რამეთუ შენდამო იხარებს ყოველი დაბადებული;

გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დასაბამო და მეოხო ხსნისა ჩუენისაო!

კონდაკი 2

დღესა მას მეერგასესა, რაჟამს სული ნუგეშინისმცემელი განცხადებულითა საღმრთოითა ძლიერებითა გარდამოვიდოდა მოციქულთა ზედა და თვისთა მრავალფერთა ნიჭთა მიმადლებდა მომუშაკებისთვის ყოველთა ტომთა და ნათესავთა, წილად გხუდა შენ ივერიაი განსავრცობელად მუნ ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა, გარნა განგებულ იყო რაი ღმრთისაგან დაშთომაი შენი იერუსალეიმსა, წმიდაი  ანდრიაი წარმოგზავნე დასაფუძნებლად ივერთა ეკლესიისა, რაითა მარადის ჰგიებდეს ნათესავი ესე მადლსა შინა ღმრთისასა და ზეცისა სამწყსოდ ქმნილი და ქრისტეს ნათლითა შემოსილი, უკუნისამდე აკურთხევდეს და უგალობდეს მეუფებასა მისსა: ალილუია.  

იკოსი 2

აღმოგვიბრწყინდა ბნელსა შინა მსხდომთა ნათელი სახიერებისა შენისაი წმიდისა მის მოციქულისა მიერ ღმრთივგამოხატულისა ხატისა შენისა მობრძანებითა, რომლისა ძლითა დაამხუნე რაი ყოველნი კერპნი სამცხეს, დაჰნერგენ მუნ სარწმუნოებაი ძისა შენისაი, და წმიდაი ხატი იგი, ნიშ-სასწაულთა დიდებულებითა საკვირველად განბრწყინვებული, დაავანე აწყურსა, რაითა შენ წილ სუფევდეს ვიდრე აღსასრულადმდე ჟამთა და საუკუნეთა, ამისთვის ერთობითა გაკურთხევთ შენ, დედაო ნათლისაო, და ვაქებთ უძლეველსა ძალსა შენსა:

გიხაროდენ, სძალო ზეცისაო, ქორწილისა გამოუცდელო;

გიხაროდენ, ზესთამბრძოლო ქრისტეანეთაო და ძლევაო უძლეველო;

გიხაროდენ, ვენახო საუფლოო, ცხორებისა ტევანისა გამომღებელო;

გიხაროდენ, ღმრთისა მიმართ ურცხვენელო შუამდგომელო;

გიხაროდენ, ცეცხლისა სუეტო, უღმრთოებისა წყუდიადისა მაოტებელო;

გიხაროდენ, ნიშთა და სასწაულთა შენთა ძლიერებითა ღმრთისა დიდებისა მქადაგებელო;

გიხაროდენ, ძისა შენისა მადლითა ქართველთა აღმაორძინებელო;

გიხაროდენ, ღმრთეებრივისა სიწმიდისა და სიყუარულისა განმავრცობელო;

გიხაროდენ, აწყურის ხელთუქმნელითა ხატითა ქუეყანისა ჩუენისა მაკურთხეველო და დამფარველო;

გიხაროდენ, ძლიერებითა მისითა მომკუდარისა ყრმისა აღმადგინებელო;

გიხაროდენ, რამეთუ მსგავსად მის ყრმისა ჩუენცა გამოგვიხსნი ბჭეთაგან სიკუდილისათა და წიაღ-გვიყუანებ ხსნისა მიმართ და   ცხორებისა;

გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დასაბამო და მეოხო ხსნისა ჩუენისაო!

კონდაკი 3

 გენება რაი აღორძინებაი ნერგისა მის კეთილისა, ივერიასა შინა შენ მიერ დანერგულისა, უბიწოი ყრმაი – ქალწული ნინოი გამოირჩიე  აღსასრულებლად განგებულებისა შენისა, და ღირს-ყავ  ნეტარი იგი საღმრთოსა ხილვასა შინა ხელთა შენთაგან ვაზისა ჯუარისა მიღებისა და მოციქულებრივსა კვალსა შედგომისა, განსანათლებელად ივერიელთა ერისა, უფლისა მიერ ერად თვისად აღრჩეულისა, და თანამავალ ექმნა მას მადლი შენი და ძლიერებაი მოსაქცეველად ქართველთა მონებისაგან ბნელისა მონებად ღმრთისა ცხოველისა, რაითა ერთობითა ვადიდებდეთ მას, შემოქმედსა ყოველთა დაბადებულთასა: ალილუია.  

იკოსი 3

დიდებითა შეჰმოსა უფალმან რჩეულისა შენისა, ნინოისა ქართლსა მობრძანებაი, შეჰმუსრა რაი კერპნი არმაზს ვედრებითა მისითა, და ღირს-ყო რაი მის მიერ მცხეთისა ერნი ხილვად ნათლისა სუეტისა, ძისა შენისა კუართსა ზედა დადგრომილისა და ჯუარისა მისისა ზეციერისა დიდებისა, და განაბრწყინა მოღუაწებაი წმიდისა მის დედისა ჩუენისაი სასწაულთა სიმრავლითა, დასამტკიცებლად ქართველთა კლდესა ზედა ქრისტეს სარწმუნოებისასა, რაითა შენითა მეოხებითა ცხორებაშემოსილნი მარადის ვაქებდეთ მადლსა შენსა და სახიერებასა:     

გიხაროდენ, ცისკარო დაუვალისა მის დღისაო, ბეთლემითგან სიმართლისა მზისა აღმომაბრწყინვებელო;

გიხაროდენ, დედაო სახიერო, ივერიასა შინა ქრისტეს მეუფებისა დამამტკიცებელო;

გიხაროდენ, ცხორებისა წყაროისა ჩუენთვისა მწდეველო;

გიხაროდენ, ანდრია მოციქულისა ქადაგებისა ქალწულ ნინოისა ღუაწლითა განმასრულებელო;

გიხაროდენ, ნათლისღებისა წმიდისა ბეჭდისა და ქრისტეს სახიერისა უღლისა ქართველთად მომმადლებელო;

გიხაროდენ, არაწმიდისა ცხორებისა ჩუენისა განმმართებელო;

გიხაროდენ, მდინარეო საღმრთოისა მადლისაო, ბილწებათა და ცოდვათა წარმხოცველო;

გიხაროდენ, ხრწნილებისა ჩუენისა უხრწნელებითა შემმოსველო;

გიხაროდენ, წმიდისა ნინოისა მიერ ქრისტეის ეკლესიასა შინა ქართველთა შემკრებელო;

გიხაროდენ, წმიდათა ხელთა შენთა მიერ შექმნულითა ვაზისა ჯუარითა ქუეყანისა და ეკლესიისა ჩუენისა განმაშუენებელო და დამფარველო;

გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ ვსცანით გზაი ჭეშმარიტებისაი;

გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დასაბამო და მეოხო ხსნისა ჩუენისაო!

კონდაკი 4

აწ განსცხრების სამკვიდრებელი ივერიელთაი და დედაი ქალაქთა ჩუენთაი მცხეთაი, შუებითა მოქადეობს ღმრთივდაფუძნებული სვეტიცხოველი სავსებითა მადლთაისა, უპყრიეს რაი წმიდათა ხელთა შენთა მიერ ქსოვილი კუართი მაცხოვრისაი ზღუდედ სიმტკიცისა და საუნჯედ ცხორებისა, და იშუებს ზეციერი ეკლესიაიცა ჩუენი შვილთა თანა მისთა, რამეთუ წმიდისა მის კუართისა ქართლსა დავანებითა აკურთხა უფალმან ქუეყანაი ესე სამეუფოდ თვისად, რაითა მას მხოლოსა თაყუანს-ვჰსცემდეთ და ვმსახურებდეთ, და ვუგალობდეთ ერთობითა: ალილუია.

იკოსი 4

ჰოი, ცათა უვრცელესო საფარველო ყოვლისა სოფლისაო და ხელმწიფებაო უზესთაესო, დაუცხრომელად გაკურთხევთ შენ, და ვაქებთ სახიერსა განგებულებასა შენსა, რამეთუ წინაითვე უწყოდი რაი, დედოფალო, თუ ვითარნი ფიცხელნი განსაცდელნი მოიწეოდენ სამწყსოსა ამას შენსა ზედა, სათნო-იჩინე წმიდისა სამოსელისა შენისა დავანებაი ოდიშსა, რაითა აღმოსავალით დასავლადმდე დაიფარვოდეს ორთა მათ საღმრთოთა კუართთა მადლითა ერი ესე ჩუენი, სასოებისა თვისისა შენ ზედა დამდებელი, და ყოვლითა გულითა შენდა მომართ მღაღადებელი:

გიხაროდენ, სიმაღლეო თვალთშეუდგამო სიწმიდისაო და სახიერებისაო;

გიხაროდენ, შუენიერებაო ზეცისაო და სასოებაო ყოვლისა ქუეყანისაო;

გიხაროდენ, პალატო სულისა წმიდისაო  და კარო სამოთხისაო;

გიხაროდენ, კვერთხო სუფევისაო და კიდობანო ჩუენისა ცხოვნებისაო;  

გიხაროდენ, ზეცით მონიჭებულო მფარველო მამულისა ჩუენისაო;

გიხაროდენ, ივერთა ერისა შემწყნარებელო საფარველისა ქუეშე წმიდისა კუართისა შენისაო:       

გიხაროდენ, ნათელო გულთა ჩუენთაო და ზრახვათა წმიდა-მყოფელო;

გიხაროდენ, სულთა და ხორცთა კურნებისა უხუებითა გარდამომადინებელო;

გიხაროდენ, წმიდისა სამოსელისა შენისა სამსახურებელად ქართველთა გამომრჩეველო;

გიხაროდენ, რჩეულისა შენისა – ქალწულისა ნინოისა მიერ ქრისტეს კუართის საყოფელისა კაცთათვის განმცხადებელო;

გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ ქსოვილითა საუფლოითა მით კუართითა იკურთხა და დღე-ყოველ იკურთხების ქუეყანაი ესე ჩუენი;

გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დასაბამო და მეოხო ხსნისა ჩუენისაო!

კონდაკი 5

არა დაუტევე, სახიერო დედაო, ცხოვარნი შენნი წარტაცებად მძვინვარეთა მგელთა, ყოველსა ქუეყანასა ზედა წვალებათა განვრცობად აღძრულთა, და გენება რაი მართლმადიდებლობითა მოზღუდვაი ივერიისაი, რაითა ქმნილიყო ნათესავი ესე ქართველთაი, ვითარცა ქუეყანაი კეთილი, დამმარხველ შეურყვნელისა სჯულისა და აღმომაცენებელ მოუკლებელისა სიყუარულისა, დღეთა მათ ერესთა მძვინვარებისასა ასირიითგან წარმოგზავნე სრულებისა თავსა მიწევნულნი ათთორმეტნი მეუდაბნოენი მამანი ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა განსამტკიცებლად და დასაფუძნებლად მონასტრულისა ცხორებისა, რაითა ყოველნი აღძრნეს მსახურებად და დიდებად ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 5

განბრწყინდენ ყოველნი მხარენი ქართლ-კახეთისანი ღუაწლითა წმიდათა მათ ასურელთა მამათაისა, რამეთუ მრავალი სული მიამთხვიეს სიტკბოებასა მოციქულთაგან ქადაგებულისა სარწმუნოებისასა, და აღაშენეს რაი მონასტერნი განფენად მადლისა და განსამტკიცებლად ქრისტეს სამწყსოისა, თავადაც მათ შინა დამკვიდრებითა ექმნენ ეკლესიასა ჩუენსა საღმრთოდ სამკაულად და ზეციერ საფარველად, ხოლო შენ გენება რაი უფროისად განმრავლებაი მადლთაი ივერიასა შინა, შერთვად მათდა აღძრვიდი წმიდასა ანტონსა, და წარმოიხუნა რაი ედესიითგან კეცსა ზედა გარდატვიფრული საკვირველთმოქმედი პირი ძისა შენისა ხელთუქმნელისა ხატისაი, მარტყოფსა დაავანა მფარველად ერისა, რაითა სიწრფოებითა მსახურებდენ და გნატრიდენ წადიერებითა:

გიხაროდენ, ღრუბელო ნათლისაო, წილხვდომილთა შენთა    საცთურთა და ძვირგან დამფარველო;

გიხაროდენ, ეკლესიისა ჩუენისა დამაფუძნებელო და აღმაორძინებელო;

გიხაროდენ, უღმრთოთა სწავლებათა განმდევნელო;

გიხაროდენ, მეკერპეთა ღმრთისად მომაქცეველო;

გიხაროდენ, ბიწიერებისა და უმეცრებისა სახივისა შემმუსრველო;

გიხაროდენ, ივერიასა შინა ქრისტეის მხედრობისა განმამრავლებელო;

გიხაროდენ, ძისა შენისა ღმრთივგამოხატულისა ხატისა ჩუენდა მომმადლებელო;

გიხაროდენ, ქართველთა შორის მონაზვნურისა ცხორებისა დამნერგველო;

გიხაროდენ, უდაბნოთა შინა სულიერისა სამოთხისა აღმომაცენებელო;

გიხაროდენ, წმიდათა ასირიელთა მამათა ღუაწლითა ქუეყანისა ჩუენისა განმაბრწყინვებელო;

გიხაროდენ, წლითი-წლად აღსრულებულთა სასწაულთა მათთა მიერ ერისა შენისა განმამხნობელო;

გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დასაბამო და მეოხო ხსნისა ჩუენისაო!

კონდაკი 6

საუნჯესა სიბრძნისასა და უფსკრულსა კაცთმოყუარებისასა, დაუდუმებელად გიგალობთ შენ, ყოვლადწმიდაო დედაო, ვითარცა ივერთა ეკლესიისა კეთილად განმგებელსა და მოღუაწეთა მისთა წარმმართებელსა, რომელმან შეჰრისხე რაი ულუმბოელსა იღუმენსა ილარიონ ქართველისა და თანამოსაგრეთათვის მისთა: rომელნი ამათ არა შეიწყნარებენ, მტერ არიან ჩემდა, მით მფარველობაი შენი აუწყე ივერიელთა მონაზონთა, გენება რაი განმრავლებაი მათი სარწმუნოებისა ლამპრად ქმნილთა სავანეთა შინა, მუნითგან განსწავლისათვის ერისა შენისა, რაითა არა უცხო ექმნეს ქრისტეს წმიდასა სხეულსა – მართლმადიდებელსა ეკლესიასა მისსა, არამედ კეთილად აღორძინდებოდეს მას შინა, მგალობელი ღმრთისა მიმართ: ალილუია.  

იკოსი 6

ვითარცა სუეტი ნათლისაი, წინამძღოლი გზათა ზედა ცხორებისათა, ესრეთ განაქარვებდი მამულსა შინა ჩუენსა წყუდიადსა უმეცრებისასა, და განამრავლებდი რაი ღმრთისმეტყველთა მამათა შორის ერისა შენისა, სასიკვდინეისა სარეცელითგან აღადგინე ყრმაი ეფვითიმი, და ჰყავ იგი მეორედ ოქროპირად ივერიისა, აღსაორძინებლად ქართველთა  სიტკბოებითა წერილთა და თარგმანებათა მისთაისა, აწ სულთა ჩუენთა ბოროტნი სენნიცა დაშრიტე ცუარითა მით მადლისა შენისაისა, უდებებისა ბნელი განაოტე და გვიხსენ მახეთაგან ეშმაკისათა და განმხრწნელთა სწავლათაგან, რაითა არა გვეუფლოს მაცდური სული ამა საუკუნისაი, არამედ სათნოდ შენდა ვიღუწიდეთ და ღირს ვიქმნეთ გალობად შენდა:

გიხაროდენ, კურთხეულო ძალითა მაღლისაითაო;

გიხაროდენ, საიდუმლოო გამოუთქუმელო ჟამთა მიერ და საუკუნეთაო;

გიხაროდენ, უფსკრულო გამოუკვლეველო მადლთა და წყალობათაო;

გიხაროდენ, საუნჯეო მოუკლებელო ღმრთივმომადლებულთა ნიჭთაო;

გიხაროდენ, ცეცხლისა სუეტო, ცვილებრ დამადნობელო ხრწნილებისა თესლთაო;

გიხაროდენ, მადლისა ნათელო, ცხოველს-მყოფელო სულთაო;

გიხაროდენ, ცათა მომართ აღმომწოდებელო გონებათაო;

გიხაროდენ, ზეციერითა მანანაითა გამოზრდილო, მზრდელო ჩუენო მანანაითა სულიერითაო;

გიხაროდენ, მონაზვნებრივსა ღუაწლსა შინა განმამტკიცებელო მოსაგრეთაო;

გიხაროდენ, ზეგარდამოითა სიბრძნითა აღმავსებელო ღმრთისმეტყუელთაო;  

გიხაროდენ, ღმრთისმეცნიერებისა ნათლითა განმანათლებელო წილხვდომილთა შენთაო;

გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დასაბამო და მეოხო ხსნისა ჩუენისაო!

კონდაკი 7

სახარულევან-ყავ ყოველი საქრისტეანოი ზეციერისა დიდებისა შენისა გამოჩინებითა, დედოფალო, ოდეს უნივთითა ნათლითა მზეებრ განბრწყინებული ხატი შენი ზღვით მიავლინე წმიდასა მას მთასა ათონისასა, და გულისხმა-ყვეს რაი მუნებრთა მოწესეთა ზესთა-საკვირველი სიწმიდეი მისი, წყალობითა შეიწირენ ლოცვანი მათნი და ცრემლნი სინანულისანი, და ფრხივ განავლინე რაი გაბრიელ ქართველი წყალთა ზედა მირქუმად ხატისა, საუნჯეი იგი ივირონსა დაავანე მფარველად ათონელთასა, რაითა მარადის სიმტკიცითა ეგნენ მართლმადიდებლობასა შინა და აქებდენ შენგან განკაცებულსა ღმერთსა: ალილუია.  

იკოსი 7

ვითარცა ლამპარი სასოებისაი, განსაცდელთა ზღუასა შინა ღელვა-გუემულთა შეწევნად აღნთებული, ესრეთ გვექმნა წილხვდომილთა შენთა წმიდაი ხატი ეგე შენი kარიბჭისაი, რომელმან საკურთხეველისა სამ-გზის დატევებითა და ივირონისა ბჭეთა ზედა დავანებითა ზესთამბრძოლობაი თვისი ამცნო საძმოსა ლავრისასა, და რომლისათვისცა ეტყოდი იოვანეს – წინამძღვარსა მათსა: vიდრეღა იყოს ხატი ესე ჩემი სავანესა ამას შინა, არა მოგაკლდეთ მადლი და წყალობაი ძისა ჩემისაი, ამისთვის სასოებითა თაყუანის-ვჰსცემთ მას, ვითარცა ზეციერსა საფარველსა საქართველოისასა და აღგივლენთ სამადლობელსა ქებისასა:

გიხაროდენ, სუეტო ნათლისაო, განმაბრწყინებელო ერთგულთა მსახურთა უფლისათაო;       

გიხაროდენ, წინამძღვარო ჩუენო ღმრთივსახიერო, მიმრქმელო ჩუენო სიყუარულითა შენითაო;

გიხაროდენ, მომღებელო ჩუენდა უხრწნელისა სიმდიდრისაო;

გიხაროდენ, სიბრძნითა განმმზადებელო გულთა შინა ჩუენთა გზათა უფლისათაო;

გიხაროდენ, მასწავლელო სიწმიდისა და კეთილმსახურებისაო;

გიხაროდენ, ივერიელთა დამამკვიდრებელო შენ მიერ მართლმადიდებლობისა გოდლად ქმნილსა მთასა მას ათონისასაო;

გიხაროდენ, წმიდისა ხატისა შენისა დიდებულითა მით გამოჩინებითა სახარულევან-მყოფელო ყოვლისა საქრისტეანოისაო;

გიხაროდენ, ხელისაღმპყრობელო და შესავედრებელო შენდა წილხვდომილისა ქართველთა ერისაო;

გიხაროდენ, საფარველო ჩუენო ამიერ სოფელსა შინა და მომცემელო ჩუენდა საუკუნოისა ცხორებისაო;

გიხაროდენ, რამეთუ წინაი-განგებულ ჰყავ iვერიისად წოდებულისა ხატისა შენისა უკანაისკნელსა მას ჟამსა ქართლსა მოვლინებაი ყოველთა ჭირთა და საცთურთაგან დამფარველად;

გიხაროდენ, რამეთუ სასწაულითა ამით საუკუნეთა აღსასრულისა მოწევნასა აუწყებ ყოველსა ქუეყანასა;      

გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დასაბამო და მეოხო ხსნისა ჩუენისაო!

კონდაკი 8

ზღუდეი ხარ, ღმრთისა დედაო, ივერთა ერისაი, და საფარველ და განმამტკიცებელ მხედრობისა მისისაი, მხდომთა სილაღისა აღვირმსხმელი და შემმუსრველი ძალისა მათისაი, ამისთვის მარადჟამ წმიდათა ხატთა შენთა შეჰვედრიდენ რაი მოლაშქრეთა სპათა მეფენი ქართველთანი, შენცა მოწყალედ შეიწყნარებდი თხოვათა მათთა, და ურიცხუთა მხდომთა ზედა მიჰმადლებდი ძლევათა საკვირველთა, რაითა არა აღისპოს ნათესავი ესე შენდა წილხვდომილი, არამედ კეთილად აღორძინებული და სულითა განმხნობილი უგალობდეს უფალსა: ალილუია.     

იკოსი 8

ზესთამბრძოლად და მფარველად გამოუჩნდი ალამუთს ივერიელთა მხედართა, მონღოლთა მიერ წინამბრძოლად თანა-წარყვანილთა და ომსა შინა უცხოთასა უბრალოისა სისხლისა თვისისა დამათხეველთა, რაჟამს ურიცხვი სპაი ფარულად მოკვდინებულისა ნოინისაი მორბიოდა მოწყუედად მათდა, გარნა არა გთნდა რაი ერისა შენისა თვინიერ სპისა დაშთომაი, რაითა არა მოისრას სრულად მარბიელთა უცხო თესლთაგან, განცხადებულად ეჩუენე მკულელსა, და უბრძანე აღიარებაი ბრალისაი*, აწ კუალად დააცხრვე აღბორგებაი ურიცხუთა მხდომთა და ორგულთაი, რაითა უვნებელად დაცულნი ვაქებდეთ მფარველობასა და ძალსა შენსა:

გიხაროდენ, უბრძოლველო ზღუდეო და საფარველო ივერიისაო;  

გიხაროდენ, თანალმობითა შემწირველო ვედრებისა ჩუენისაო;

გიხაროდენ, განმაქარვებელო განსაცდელთა არმურისაო;

გიხაროდენ, საწუთოთა ღელვათა დამაცხრობელო და ყუდროო ნავთსაყუდელო ხსნისაო;

გიხაროდენ, გულთა ჩუენთა განმაცისკრებელო გამობრწყინვებითა საღმრთოისა ძლიერებისა შენისაო;

გიხაროდენ, ცილისწამებათა მამხილებელო და დამხსნელო ყოვლისა ბოროტისა ვითარებისაო;

გიხაროდენ, მოულოდებელისა სიკუდილისაგან გამომხსნელო და უქმ-მყოფელო უმსჯავროისა სასჯელისაო;   

გიხაროდენ, აღსპობისაგან განმარინებელო ქართველთა ნათესავისაო;

გიხაროდენ, მვედრებელთა შენთა მსწრაფლ-შემწეო და    მისავლტოლველო განწირულთაო;

გიხაროდენ, მეფეთა და მხედრობათა ჩუენთა მფარველო და მიმნიჭებელო ძლევათა მათ საკვირველთაო;

გიხაროდენ, ღმრთივსახიერო დედაო მარიამ, რამეთუ მარადის გვიღწვი და გვაცხოვნებ ჩუენ;

გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დასაბამო და მეოხო ხსნისა ჩუენისაო!

კონდაკი 9

საკვირველ არიან, უფალო, საქმენი შენნი და წყალობაი შენი ჩუენდა მომართ ზე-აღხდების ყოველსა გონებასა, რამეთუ მოგვანიჭე ყოვლადწმიდაი მშობელი შენი ზღუდედ შეურყეველად და ხსნისა ნავთსაყუდელად, წინამძღოლად ცხორებისა ჩუენისა, და სულთა ჩუენთათვის სათნოებათა ნაყოფისა მომმადლებელად, და საფარველითა მისითა დაცული, სასოებითა გიგალობს შენ ივერთა ეკლესიაი: ალილუია.

იკოსი 9

ენანი მოუძლურდებიან, ვერ-შემძლებელნი ღირსად ქებისა შენისა, ჰოი, ყოვლადწმიდაო მშობელო ცათა მეუფისაო, რომელ გვექმენ ქართველთა საღმრთოდ საფარველად და სასოდ წარუტყვევნელად, რაისთვისცა ერთობითა გაკურთხევთ და შენ თანა თაყუანის-ვჰსცემთ წმიდათა და საკვირველთმოქმედთა ხატთა შენთა, ივერიასა შინა განბრწყინვებულთა, და სამადლობელსა აღგივლენთ, ვითარცა მხოლოსა შესავედრებელსა ჩუენსა და ხელისაღმპყრობელსა:

 გიხაროდენ, ცეცხლისა სუეტო, წინამძღვარო ჩუენო გზათა ზედა უფლისათაო;

გიხაროდენ, ღრუბელო ნათლისაო, სასოებაო და მფარველო ჩუენო წყუდიადსა შინა ჭირთა და განსაცდელთაო;

გიხაროდენ, შეუწევნელთა მსწრაფლ-შემწეო და ხელისაღმპყრობელო ჭირვეულთაო;

გიხაროდენ, თანა-ლმობითა აღმადგინებელო დაცემულთაო;

გიხაროდენ, კეთილად აღმასრულებელო ვედრებათა ჩუენთაო;

გიხაროდენ, დამაცხრობელო სამართლად ჩუენ ზედა აღძრულისა ღმრთისა რისხვისაო;

გიხაროდენ, მწუხარებათა წილ სიხარულისა მომმადლებელო და დამატკბობელო საწუთროისა მწარისა სასუმისისაო;

გიხაროდენ, მესაიდუმლოეო გულთა ჩუენთაო, რომლისაგან არა დავფარავთ არცა ერთსა ცრემლსა ჩუენსა და საზრუნავსა;

გიხაროდენ, რამეთუ სიქადულითა ქადაგებენ ძუელნი მატიანენი ჩუენნი წყალობათა და სასწაულთა შენთა დიდებულებასა;    

გიხაროდენ, სახიერო დედაო ჩუენო, რამეთუ არასადა განშორებულხარ ჩუენგან;

გიხაროდენ, რამეთუ შენითა მეოხებითა მივეახლებით უფალსა;

გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დასაბამო და მეოხო ხსნისა ჩუენისაო!

კონდაკი 10

ღმრთეებრივსა საფარველსა შენსა შევედრებულნი შენდა აღვიმსთობთ მარადღე გულითა, შენდამო ვიშუებთ და შენ მიერ ვიქადით, ღმრთისმშობელო, რამეთუ ნაწილ შენდა ვართ ნათესავი ესე ქართველთაი, და შენდა მონიჭებულ არს ხსნაი ჩუენი და ცხორებაი, და წლითი-წლად ვდღესასწაულობთ რაი დღესა მას შენდამო წილხვდომილობისასა, ერთობითა გადიდებთ, ვითარცა მხოლოსა ჭეშმარიტსა და ყოველთა ქუეყნიერთა მთავრობათა უზესთაესსა მეუფესა ივერიისასა, და ვაქებთ სახიერებასა ღმრთისასა: ალილუია.  

იკოსი 10

ჭეშმარიტ დედად ქართველთა ნათესავისა სახელ-გდებთ შენ, ჰოი, მიმადლებულო ქალწულო, რამეთუ მარადის კეთილად წარუმართებდი მას გზათა ზედა ღმრთისათა, სათნოებათა შინა განსწავლიდი და წიაღ-იყუანებდი რაი ხსნისა მიმართ და ცხორებისა, იშუებდა შენ მიერ ერი ესე სჯულსა შინა ძისა შენისასა, და სახელისათვის მისისა მრავალგზის სისხლისა დამათხეველი დაუცხრომელად გმადლობდა შენ, ვითარცა მიზეზსა ყოველთა კეთილთასა, რამეთუ არათუმცა მფარველობაი შენი, დედოფალო, აღხოცილმცა იქნებოდინ სახელი ჩუენი პირისაგან ქუეყანისა, რაისთვისცა ერთობითა დიდებისგმეტყველებთ და აღგივლენთ ქებისა გალობასა:  

გიხაროდენ, მეუფეო ჩუენო ღმრთივმომადლებულო, უზესთაესო ყოველთა ქუეყნიერთა მეფეთა და მთავრობათაო;

გიხაროდენ, ძისა შენისა თანა სიბრძნითა განმგებელო შენდა წილხვდომილისა ქუეყანისა ამის ჩუენისაო;

გიხაროდენ, გარდამომავლინებელო ჩუენ ზედა ღმრთისა წყალობისაო;

გიხაროდენ, წარუტყვევნელო ბჭეო ქართველთა ეკლესიისაო;

გიხაროდენ, ბაგრატოვანთა სკიპტისა სიმტკიცეო და უმუსრველო მახვილო ივერთ მხედრობისაო;    

გიხაროდენ, ღმრთივგანბრძნობილთა მოღუაწეთა მიერ კეთილად მწყსველო სამწყსოისა შენისაო;

გიხაროდენ, გულისხმიერმყოფელო ჩუენო მწუხარებათაცა შინა და ჟამსაცა შუებისასაო;

გიხაროდენ, ერისა შენისათვის გამომთხოველო კეთილმსახურებითისა სიტკბოებისაო;

გიხაროდენ, დამთრგუნველო ხილულთა და უხილავთა მტერთა მძლავრებისაო;

გიხაროდენ, ივერიისა მომზღუდველო წმიდათა ხატთა შენთა მადლითა და ძლიერებითაო;      

გიხაროდენ, დიდებაო და ძალო ჩუენო;

გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დასაბამო და მეოხო ხსნისა ჩუენისაო!

კონდაკი 11

ვითარცა მაცხოვარი ჩუენი, ჯუარსა შემსჭვალული, არა განუწყრებოდა ერსა მას უგუნურსა, რისხვითა დაბრმობილსა, არამედ ლმობიერად ითხოვდა ზეციერისა მამისაგან მიტევებასა მათსა, ესრეთვე არა განაშორე შენცა წყალობანი შენნი ღმრთისმბრძოლობისა სენითა შეპყრობილსა ერსა ქართველთასა, არამედ თანალმობითა იღუწიდი შეწევნად მისდა, და დაცულ-ყავ რაი მოოხრებისაგან ივერიაი ჟამსა მას მსოფლიოისა ომისასა, განამრავლნე მას შინა ღმერთშემოსილნი მამანი განსასწავლად ერისა და აღსაორძინებლად ეკლესიისა ჩუენისა, რაითა უკუნისამდე ადიდებდეს ყოვლისამპყრობელსა ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 11

ვუწყით ჩუენ, ჰოი, სახიერო დედოფალო, ვითარმედ არა ღირს ვართ აღხილვად ცათა მომართ და არცაღა შეწყალებისა, რამეთუ მრავალგზის გეცრუენით უძღებნი ესე და მრავალ-გზის შევაბილწეთ ქუეყანაი ესე შენდა წილხვდომილი სიმრავლითა ცოდვათა ჩუენთათა, გარნა ჩვეულებისაებრ სიტკბოებისა შენისა, კუალად მალხინებელ ექმენ უძლურებათა ჩუენთა, განგვძარცვე სიზრქეი უგულისხმოებისაი და განახუენ სინანულად ფიცხელნი გულნი ჩუენნი, რაითა მარადღე  შევსწირვიდეთ უფალსა ცრემლთა შემუსრვილებისათა და მეოხებითა შენითა ღმრთისად დაგებულნი უკუნისამდე ვაქებდეთ სულგრძელებასა შენსა და ძვირუხსენებლობასა:

გიხაროდენ, გულთა ჩუენთა მიერ დედად შერაცხულო და დედისაებრ შეყუარებულო;

გიხაროდენ, სულთა ჩუენთა მიერ წყაროდ ცხორებისა სახელ-დებულო;

გიხაროდენ, ვარსკულავო ელვარეო, ხსნისა მწყურნებთათვის გზისა მაჩუენებელო;

გიხაროდენ, წარწყმედულთა მომპოვნებელო და შეცოდებათა სიტკბოებითა შემნდობელო;

გიხაროდენ, ამაოებისა ზღვითგან აღმომტაცებელო;

გიხაროდენ, შვილთა შენთა სიმტკიცითა და მშვიდობითა მომზღუდველო;

გიხაროდენ, სულთა და ხორცთა სიყმილისა დამშრეტელო;

გიხაროდენ, უმეცართა და გონებითა ჩჩვილთა საღმრთოითა გულისხმისყოფითა აღმავსებელო;

გიხაროდენ, ზეცისა სანთელო, გულთა შინა ჩუენთა დაუშრეტელად მნთებარეო;

გიხაროდენ, სულთა შინა ჩუენთა კეთილისა ნაყოფისა მომმუშაკებელო;

გიხაროდენ, ქრისტეის უძლურთა ცხოვართა ზეცისა არვეთა შერთვად მომკრებელო;

გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დასაბამო და მეოხო ხსნისა ჩუენისაო!

კონდაკი 12

უსჯულოებისა ღუართაგან გარე-შეცვულნი და განსაცდელთა ღელვათაგან ბოროტად გუემულნი კუალად შენგან ვითხოვთ მფარველობასა, რამეთუ მოიწივნენ წინა-უწყებულნი დღენი იგი ჭირისანი, რომელთაგან თვინიერ ზეგარდამო შეწევნისა, ვერცა ვინ შეუძლოს განრინებაი, ამისთვის ვითარცა ძუელთა მათ დღეთა შინა, კუალად მოვედ განსწავლად ღმრთისა დავიწყებითა დაბნელებულთა სულთა ჩუენთა, გარდამოგვივლინე დედობრივი კურთხევაი შენი და გვექმენ ზესთამბრძოლ და განმამტკიცებელ ყოველთა ბრძოლათა შინა, რაითა არა ვჰმონოთ ძესა მას წარსაწყმედელისასა, არამედ უკუნისამდე ვადიდებდეთ მხოლოსა ჭეშმარიტსა ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 12

ნათელ ხარ სულთა ჩუენთაი, ღმრთისმშობელო, მარადჟამ განაოტებ რაი ჩუენგან წყუდიადსა ურვათა და ვნებათასა, ჭირთა მძვინვარებაი შენ მიერ დაშრტების და ოხითა შენითა მივემთხევევით სიტკბოებასა უფლისა მიერ შეწყნარებისასა, ამისთვის ყოვლისა სასოებისა შენ ზედა დამდებელნი ერთობითა შეუვრდებით უბრძოლველსა ძალსა შენსა და თავთა ჩუენთა და მამულსა, და ყოველსა საქრისტეანოსა შენდა შეგვედრებთ, და გაქებთ შენ, ვითარცა საღმრთოსა საფარველსა ჩუენსა:

გიხაროდენ, ცეცხლისფერო საყდარო ყოვლისამპყრობელისა ღმრთისაო;

გიხაროდენ, ტრაპეზო სულიერო, მტვირთველო ცხორებისა პურისაო;  

გიხაროდენ, კლდეო განუკვეთელო, აღმომადინებელო უკუდავებისა წყაროისაო;

გიხაროდენ, მართლმადიდებლობისა დიდებაო და სიქადულო ქრისტეს ეკლესიისაო;

გიხაროდენ, ყუავილო უხრწნელებისაო და სასოებაო ყოველთა აღდგომისაო;

გიხაროდენ, ეშმაკთა ზარ-განმხდელო და განმაქარვებელო ბოროტისა ძალისა მათისაო;  

გიხაროდენ, მაოტებელო ღმრთისმბრძოლობისა წყუდიადისაო;

გიხაროდენ, სულთა ჩუენთა წყლულებათა მაკურნებელო და დამხსნელო ყოვლისა ხორციელისა უძლურებისაო;

გიხაროდენ, დღესა მას სიკუდილისასა მწეო ჩუენო და ლმობიერ-მყოფელო ღმრთისა სამსჯავროისაო;

 გიხაროდენ, რამეთუ დღეთა მათ უკანასკნელთა შინა კუალად გადიდებს ძეი შენი წილხვდომილისა შენისა ივერიისა განბრწყინებითა;

გიხაროდენ, რამეთუ ოხითა შენითა ძლევისა გალობასა აგალობებს უფალი მტერსა ზედა განმარჯვებითა გვირგვინოსან-ქმნილსა ეკლესიასა თვისსა;

გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დასაბამო და მეოხო ხსნისა ჩუენისაო!

კონდაკი 13

ჰოი, ყოვლადწმიდაო დედოფალო ჩუენო ღმრთისმშობელო, შეიწირე შესხმაი ესე ჩუენი და ნუ მოიხსენებ სიმრავლესა ცოდვათა ჩუენთასა, არამედ განგვიახლე სული სიმდაბლისაი, კეთილმსახურებისაი და სიყუარულისაი, და დაგვიფარე ხდომათაგან მტერთაისა, მონებისაგან ეშმაკისა და სიყმილისაგან სულთა და ხორცთაისა, რაითა ოხითა შენითა ღირს ვიქმნნეთ ხილვად ნათელსა ზესთა საუკუნეთასა და მაღალსა მას ზეცისა იერუსალეიმსა შინა უკუნისამდე უგალობდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა: ალილუია.

 

ეს კონდაკი იკითხება 3-გზის, შემდეგ იკოსი 1 და კონდაკი 1

 

 

სავედრებელი ლოცვაი

ჰოი, ყოვლადწმიდაო დედაო ღმრთისა მაღლისაო, მეუფეო ჩუენო ღმრთივმომადლებულო და სახიერო წინამძღვარო ცხორებისა ჩუენისაო, დედობრივთა ოხათა და მოწყალებისა აღთქუმათა შენთა მარადის მომხსენებელნი, წინაშე შენსა განვჰფენთ გულთა და ზრახვათა ჩუენთა და სასოებითა გევედრებით: ნუ ცოდვათა ჩუენთაებრ განგვსჯი ჩუენ, ღმრთივსახიერო, და ნუცა განგვეშორები ჩუენგან უსჯულოებათათვის ჩუენთა დღეთაცა ამათ შინა მწარეთა და ფიცხელთა, არამედ განაძე წყუდიადი უგულისხმოებისა და ცოდვათაი, და აღმოგვიტაცე უფსკრულითგან წარწყმედისაისა, სულთა და ხორცთა სენთაგან განგვკურნენ და წარგვიმართე ცხორებისა მიმართ საუკუნოისა!  

ჰოი, მარადის კურთხეულო დედოფალო ცათა და ქუეყანისაო, მტერთა და ჭირთაგან ბოროტად გუემულნი და განმხრწნელთა საცთურთაგან გარე-შეცულნი კუალადცა ხელთა შენთა შევვედრებთ ყოველსა ცხორებასა ჩუენსა, რამეთუ აღდგომილ არიან ქუესკნელისა ძალნი აღსპობად ქრისტეს წმიდისა ეკლესიისა და უსჯულოებისა საიდუმლოი აწ ცხადად აღესრულების, გარნა შენ, ვითარცა სახიერმან დედამან ყოველთამან, განამრავლენ წყალობანი და მადლნი შენნი სოფელსა შინა შეწევნისათვის სამწყსოთა შენთა და განავრცე ძმებრივი სიყუარული და ერთსულოვნებაი ერთა შორის ქრისტეანეთასა, მოგუმადლენ ჩუენ მოშურნეობაი და მღვიძარებაი სულთაი, ახოვანებაი გულთა და გონებათაი და გულისხმისყოფაი კეთილი, რაითა ერთ ზრახვად შეკრულნი ერთობითა ვჰბრძოდეთ ყოველთა წინააღმდგომთა ღმრთისათა. მრავალშემძლებელითა მით ძალითა შენითა შეუძრველად დაიცევ, დედოფალო, ივერიისა ეკლესიაი და განამტკიცე მაცხოვნებელითა მადლითა შენითა. დაიფარე და განაძლიერე მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და ყოველნი სამღდელო და სამონაზვნო წესნი, ზიარნი ეკლესიისანი. მოგუმადლე ჩუენ, მოწყალეო დედაო, მთავრობაი ღმრთისმოყუარეი და გონიერი, რაითა დაუცხრომელად იღუწიდენ აღსაორძინებლად ერისა და წარსამართებლად გზათა მიმართ ჭეშმარიტებისათა.   

ჰოი, უძლეველო მეოხო და შესავედრებელო ნათესავისა ჩუენისაო, ყოვლადუბიწოო ღმრთისმშობელო, შუამდგომელ გვექმენ ძისა მიმართ შენისა, რაითა არა განგვაშოროს წყალობაი თვისი, არამედ მოგვიტევოს განდგომილებანი, ეკლესიათა ნგრევა-შეგინებანი, ღმრთისმსახურთა მკულელობანი, ურთიერთარს ბრძოლანი, ღალატი, შური და მტერობანი, საშოსა შინა ჩვილთა კლვანი და სხვანიცა შეცოდებათა ჩუენთა სიმრავლენი და დაფარულ-გვყოს სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, რღუნისა, ცეცხლისა, მახვილისა, ხდომათაგან მტერთაისა, ძმათამკულელთა ბრძოლათაგან, მძლავრებისაგან ანტიქრისტეისა და საცთურთაგან მისთა, რაითა განვერნეთ ყოველთა საბრხეთა სოფლისათა და წარუვალსა შუებასა მიმთხუეულნი გმადლობდეთ შენ, ვითარცა ზეციერსა მფარველსა და ხელისაღმპყრობელსა ერისა ჩუენისასა, და დაუცხრომელად უგალობდეთ მას თანა მამით და სული წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.     

სავედრებელი ლოცვაი II

ჰოი. სასოებაო და მეოხო ჩუენო, ყოვლადწმიდაო მარიამ ღმრთისმშობელო, შენისა საღმრთოისა საფარველისა მომართ მოლტოლვილნი ერთობითა გევედრებით: თანა-ლმობითა მოგვხედენ წილხვდომილთა ამათ შენთა და გამოაჩინე ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, დაგვიფარენ ჩუენ ყოველთა სნეულებათაგან სულთა და ხორცთაისა, იწროებათაგან სოფლისაითა და ყოვლისა ბოროტისა ვითარებისაგან, მოგუმადლენ ჩუენ სიწმიდეი ცხორებისაი და მოუკლებელი სიყუარული ღმრთისა, მამულისა და მოყუასისაი, სიმტკიცეი სარწმუნოებისაი და ახოვანებაი სულთა და გონებათაი, წინააღდგომად ყოველთა მტერთასა, ხორციელთა და უხორცოთა, რაითა არა გვეუფლოს წარმწყმედელი სული ამა საუკუნისაი, არამედ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა სათნო-ვეყოფოდეთ და თაყუანის-ვსცემდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.     

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ, შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისაისა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).  

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისაითა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

შეადგინა ნონა ნამგალაძემ

რედაქტორი თინათინ მჭედლიშვილი

 

 

Exit mobile version