30 დეკემბერი. წინასწარმეტყველი დანიელი და სამნი ყრმანი: ანანია, აზარია და მისაელი (600 წ. ქრისტეს შობამდე)

წინასწარმეტყველი დანიელი და სამნი ყრმანი: ანანია, აზარია და მისაელი. ქრისტეს შობამდე 600 წელს იერუსალიმი ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დაიპყრო, სოლომონის ტაძარი დაარღვია, დიდი ალაფი იგდო ხელთ და ხალხი ტყვედ წაასხა. ამის შემდეგ მან დატყვევებულთაგან „ხილვით შუენიერი“ და გულისხმიერი ჭაბუკები გამოარჩია, განსაკუთრებული მზრუნველები მიუჩინა და მათი ქალდეურ მწიგნობრობაში განსწავლა და მეფის კარზე ფუფუნებაში აღზრდა ბრძანა. ტყვეებს შორის იყვნენ წარჩინებული ყმაწვილები – დანიელი, ანანია, აზარია და მისაელი, რომელთაც საჭურისთმთავარმა ბალთაზარი, სედრაქი, მისაქი და აბედნაქო დაარქვა. ჭეშმარიტ ღმერთს რომ არ განშორებოდნენ, ყრმებმა მკაცრად შემოიზღუდეს თავი საცთურთაგან: მხოლოდ მწვანილეულობასა და წყალს ღებულობდნენ, ფარულად ლოცულობდნენ და მოსეს სჯულს ერთგულებდნენ. ამისთვის ჭაბუკებს ზეგარდამო სიბრძნე მიემადლათ. ერთხელ ნაბუქოდონოსორმა შემაძრწუნებელი სიზმარი იხილა, მაგრამ გაღვიძებისთანავე გადაავიწყდა. ბაბილონელი ბრძნები უძლურნი აღმოჩნდნენ, შეეტყოთ, რა დაესიზმრა მეფეს. წმიდა წინასწარმეტყველმა დანიელმა ყველას წინაშე ადიდა ჭეშმარიტი ღვთის ყოვლადძლიერება, რომელმაც არა მარტო სიზმრის შინაარსი, არამედ მისი სიმბოლური მნიშვნელობაც გაუცხადა. მეფემ დანიელი უხვად დააჯილდოვა და ბაბილონის მმართველად დანიშნა. მალე მეფე ნაბუქოდონოსორმა ოქროს კერპი ჩამოასხმევინა, დეირის ველზე დაადგმევინა და ქვეშევრდომებს მისთვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა. ამ განკარგულების შეუსრულებლობისათვის სამი ყრმა – ანანია, აზარია და მისაელი გახურებულ ღუმელში შეყარეს. ღუმელზე ორმოცდაცხრა წყრთით აღმატებულ ცეცხლში წმიდა ჭაბუკები მშვიდად დადიოდნენ და გალობით ადიდებდნენ ღმერთს. ზეციდან გარდამომხდარმა უფლის ანგელოზმა სახმილი განაგრილა, ყრმები კი უვნებელნი დარჩნენ. ამის დანახვაზე მეფემ მათ უბრძანა, გამოსულიყვნენ ღუმელიდან და თვითონაც აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. მეფე ბალთაზარის ზეობისას წმიდა დანიელმა განმარტა უცნაური წარწერა („მანე, თეკელ, ფარეს“), რომელიც სასახლეში გამართული დიდი წარმართული ნადიმის დროს გაჩნდა კედელზე და ბაბილონის სამეფოს დაცემას მოასწავებდა. სპარსეთის მეფის, დარიოსის მეფობისას მოშურნეებისაგან დასმენილი დანიელი ლომების ბუნაგში გამოამწყვდიეს, მაგრამ მხეცები არც გაკარებიან უფლის რჩეულს. დარიოსი გაახარა წმიდანის გადარჩენამ და ბრძანა, მთელს სამეფოში ძრწოლითა და შიშით ეცათ თაყვანი დანიელის ღმერთისათვის, „რამეთუ იგი არს ღმერთი ცხოველი და გებული საუკუნეთა, მეფობა მისი არა განირყუნეს და უფლება მისი ვიდრე დასასრულამდე“.

ნეტარ დანიელს უფალმა ისრაელი ერისა და მთელი სამყაროს მომავალი განუცხადა. მან ზედმიწევნითი სიზუსტით იწინასწარმეტყველა ქრისტეს განკაცების ჟამიც – სამოცდაათგზის შვიდი, ე.ი. 490 წელი იმ დროიდან, როცა იუდეველები იერუსალიმის გალავნის აღდგენის ნებას მიიღებდნენ. წმიდა დანიელმა თავის ერს უშუამდგომლა დარიოსის მემკვიდრესთან, მეფე კიროსთან, რომელიც დიდად აფასებდა ნეტარს და ტყვექმნილი იუდეველები გაათავისუფლა, თავად წინასწარმეტყველი კი ტყვეობაში გარდაიცვალა. წმიდა ელენე დედოფალმა მისი ნაწილები კონსტანტინოპოლში გადაასვენა.

    ერთი ცნობით, ანანიამ, აზარიამ და მისაელმა დანიელის მსგავსად დაასრულეს სიცოცხლე, კირილე ალექსანდრიელის (ხს. 9 ივნისს) მოწმობით კი მათ სპარსეთის მეფის, კამბიზის ბრძანებით თავები მოჰკვეთეს. სინას მთის ქართულმა ხელნაწერებმა შემოგვინახეს ცნობა იმის შესახებ, რომ ვარამის სპარსთა მეფის ზეობისას მომხდარა ანანიას, აზარიას და მისაელის უხრწნელი ნაწილების გამოჩინება: ბაბილონში მცხოვრები ერთი ებრაელი, რომელმაც გადმოცემით იცოდა, თუ სად იყო დაფლული ეს სიწმიდეები, მათი ძალით უამრავ კურნებას აღასრულებდა. ღვთის განგებით, ქრისტიანებმა იუდეველისაგან წამოიღეს უხრწნელი ნაწილები და მართლმორწმუნეთა თაყვანსაცემად პატივით გადააბრძანეს სამარტვილეში.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.