წმინდა დემეტრე თავდადებული

დაუჯდომელი საგალობელი წმიდისა მოწამისა მეფისა დემეტრე თავდადებულისა

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდამყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის). 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის). 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანისვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა. (3-გზის)

კონდაკი 1

ქებით შეგამკობთ მეფობისა და მარტვილობისა მრჩობლგვირგვინითა შემკულსა მეფესა ჩუენსა, და გევედრებით, ვითარცა უფლისა მიმართ კადნიერებისა მქონებელსა, ოხითა შენითა მოჰმადლოს სიმტკიცეი ეკლესიასა ჩუენსა და მშვიდობაი განაჩინოს ერთა შორის მართლაღმსაარებელთა, რაითა ყოველთა კეთილად განგვემარჯვოს და ღირს ვიქმნნეთ გალობად შენდა: გიხაროდენ, ერისა და მამულისათვის წამებულო, წმიდაო მეფეო დემეტრე თავდადებულო! 

იკოსი 1

ძალნი ზეცისანი აქებენ სიმხნესა შენსა საკვირველსა, რამეთუ ვითარცა მწყემსმან კეთილმან, ზუარაკად შესწირე რაი თავი თვისი ხსნისათვის სამწყსოისა შენისა, აწ ჩუენცა ყოვლითა გულითა გიგალობთ და გევედრებით, ვითარცა დიდსა მეოხსა ჩუენსა წინაშე ღმრთისა, მოგვიტევოს შეცოდებანი ჩუენნი, და შეგვჭუროს უხილავთა და ხილულთა მტერთა ზედა, რაითა საწუთოი ესე ცხორებაი კეთილად განვვლოთ და არცაღა დავსცხრეთ გალობად შენდა

გიხაროდენ, სიქადულო დიდო ბაგრატოვანთა გუარმოდგამისაო;

გიხაროდენ, ზღუდეო შეურყეველო თარგამოსიანთა ნათესავისაო;

გიხაროდენ, ყუავილო შუენიერო დავითის ბრწყინვალისა მტილისაო;

გიხაროდენ, ახოვანო წინამბრძოლო ჭეშმარიტებისაო;

გიხაროდენ, ფრიად დამაშურალო ხსნისათვის საქართუელოისაო;

გიხაროდენ, სისხლითა შენითა გამომსყიდველო ერისა შენისაო;

გიხაროდენ, წამებისა ნაყოფისა გამომღებელო რტოო ქრისტეის ვენახისაო;

გიხაროდენ, თანაზიარო და მემკვიდრეო საღმრთოისა დიდებისა მისისაო;

გიხაროდენ, სამეფოისა გვირგვინისა წილ მომღებელო ზეცისა გვირგვინისაო;

გიხაროდენ, ერისა და მამულისათვის წამებულო წმიდაო მეფეო დემეტრე თავდადებულო!

კონდაკი 2

ძირთაგან ღმრთივცხებულთა ბაგრატოვანთასა აღმოსცენდი რაი ჟამსა მას მონღოლთა მპყრობელობისასა, მამაი შენი დავით ულუ განუდგა მათ, და ეწადა რაი გარდაგდებაი უღლისა მათისაი, განრისხებულმან ყაენმან შეგიპყრათ სახლეული მისი, და ვიდრემდე მოაკუდენდა დედასა შენსაგვანცა დედოფალსა, შეავედრა მან ჩჩვილი ძეი თვისი ცოლსა ყაენისასა და სული თვისი უფალსა: ალილუია.

იკოსი 2

ოდეს დაეზავა მეფეი ყაენსა, წარმოგიყვანა ყრმაი სამისა წლისაი და აღსაზრდელად მიგცა რაი ტარსაიჭ ორბელსა, ღმრთივსულიერთა წიგნთა მიერ განსწავლული ჰასაკითი ჰასაკად წარემატებოდი ყოვლითა სიკეთითა, და ლოცვითა და ფსალმუნებითა სათნო ეყოფოდი ღმერთსა, მას ევედრე, აღაგზოს გულთა შინა ჩუენთა ცეცხლი საღმრთოისა მოშურნეობისა, და მოგუანიჭოს სული სიწმიდისა და კაცთმოყუარებისა, რაითა კეთილად ვმსახურებდეთ წმიდასა ეკლესიასა და ერსა, და არცაღა დავსცხრეთ გალობად შენდა:

გიხაროდენ, ძირთაგან დავითისა და თამარისა აღმომორჩებულო;

გიხაროდენ, სიჩჩოითგან სიწმიდითა აღზრდილო;

გიხაროდენ, დაუდუმებელითა ლოცვითა აღჭურვილო;

გიხაროდენ, წმიდითა წერილითა აღორძინებულო;

გიხაროდენ, მამულისა სიყურულითა აღგზებულო;

გიხაროდენ, საღმრთოითა სჯულითა ცხორებულო;

გიხაროდენ, კაცთმოყუარებითა განბრწყინვებულო

გიხაროდენ, მოწყალებითა განწმედილო და სიქუელითა განათლებულო;

გიხაროდენ, მრავლითა სათნოებითა, ვითარცა ბრწყინვალითა სამოსლითა განშუენებულო;

გიხაროდენ, ერისა და მამულისათვის წამებულო წმიდაო მეფეო დემეტრე თავდადებულო

კონდაკი 3

დასნეულდა რაი მამაი შენი და შეისვენა, დაშთი ათორმეტისა წლისაი  მძლავრებასა მას შინა მონღოლთაისა, და წარგგზავნეს რაი ურდოსა დასამტკიცებლად მეფობისა, შუენიერი ეგე ყმაწვილი სათნო ეყავ ყაენსა, და წარმოგაყოლა რაი ერთგული თვისი სადუნ, რაითა ჰყოლოდი მორჩილებასა შინა, ჯერეთცა არა იქმოდენ მონღოლნი უსამართლობასა, და მარადის ადიდებდი ზეცათა მეუფესა: ალილუია.

იკოსი 3

აღასრულა რაი კათალიკოსმან წესი მეფედ კურთხევისა შენისაი სვეტიცხოველსა, ითხოვდი მშვიდობასა სამეფოისა შენისასა და დაურღვევლობასა სჯულისასა სადუნისგან, ხოლო იქმენ რაი წლისა ათექუსმეტისაი, შეგრთეს დაი ტრაპიზუნტისა მეფისაი, და ლოცვითა, მარხვითა, და მუხლდრეკითა სათნოეყოფოდი ღმერთსა, მას ევედრე, რაითა მოგვანიჭოს სიბრძნეი მსახურებად მისა და ღირს გვყოს შეწირვად შენდა გალობისა და ქებისა:

გიხაროდენ, სიყრმით შენითგან სამეუფოითა ზეთითა ცხებულო;

გიხაროდენ, უფლისა მიერ კურთხეულო და სუეამაღლებულო;

გიხაროდენ, კეთილმორწმუნეობისა დამმარხველო;

გიხაროდენ, სასოებისა შენისა მისა მიმართ დამდებელო;

გიხაროდენ, გულსა შინა მოყუასისა სიყუარულისა დამნერგველო;

გიხაროდენ, წესთა ღმრთივსულიერთა აღმასრულებელო;

გიხაროდენ, დაცემულისა ერისა შენისა კუალად მსახურებად ღმრთისა და მამულისა აღმადგინებელო;

გიხაროდენ, აბრაჰამისა უცხოთმოყუარებისა მიმბაძველო;

გიხაროდენ, გულმოწყალებითა შენითა ღმრთისა სათნომყოფელო;

გიხაროდენ, ერისა და მამულისათვის წამებულო წმიდაო მეფეო დემეტრე თავდადებულო!

კონდაკი 4

გერწმუნა რაი საყდარი მამაპაპათა შენთაი, არვინ ყოფილ იყო მსგავს შენდა მოწყალეი მეფეთა შორის ჩუენთა, რამეთუ ღამეი ფარულად მოვლიდი ტფილისსა, და განიკითხავდი რაი ქურივობოლთა და დავრდომილთა, ყოველთა უწყოდენ გულმოწყალებაი შენი, ნეტარო, და გლახაკნი ღამითა ვიდოდიან შუკათა შინა, რაითა შეგემთხვივნეს, და თვისითა ხელითა მისცემდი რაი საფასეთა, მოვლინებისათვის ეგევითარისა ხელმწიფისა შესწირვიდენ უფალსა მადლსა და დიდებასა: ალილუია.

იკოსი 4

იყავ რაი ყოვლითურთ განათლებული და კაცთმოყუარეი, ღირსო მეფეო, გულსმოდგინე ლოცვაი შენი და კეთილი საქმეი, ვითარცა ნათელი დაუღამებელი უძღოდა მეფობასა შენსა, რამეთუ აღაგე პალატსა შინა მონასტერი ისნისაი, საყოფელად მეტეხთა ღმრთისმშობელისა, და შესწირვიდი რაი სოფელთა და ზუართა, განუჩინე საზრდელი მონაზონთა, და დიდად პატივს გცემდენ რაი ყოველნი, გაკურთხევდენ და აქებდენ სიქუელესა მას შენსა, საკვირველსა:

გიხაროდენ, შვილად ღმრთისად გამორჩეულისა ერისა მწყსად და მოღუაწედ მოვლინებულო;

გიხაროდენ, მართალო და უზაკველო, დავით წინაისწარმეტყუელისაებრ სიმშვიდისა მომხვეჭელო

გიხაროდენ, წინააღმდგომთა შენთა საკვირველად მომამშვიდებელო;

გიხაროდენ, სამეფოისა შენისა სიბრძნითა და კეთილმოქმედებითა განმგებელო;

გიხაროდენ, მოწყალეო და მართლმსაჯულო, ყოველთა წესთა საღმრთოთა და კაცობრივთა კეთილად მმართებელო;

გიხაროდენ, სამღდელოთა და მონაზონთა მწეო და დამფარველო;

გიხაროდენ, წინაპართა სამამაცოისა ზნისა აღმაორძინებელო;

გიხაროდენ, მოოხრებულთა აღმაშენებელო და ციხექალაქთა აღმმართველო;

გიხაროდენ, ამპარტავანთა დამამდაბლებელო და გულითა მდაბალთა აღმამაღლებელო;

გიხაროდენ, ერისა და მამულისათვის წამებულო წმიდაო მეფეო დემეტრე თავდადებულო!

კონდაკი 5

სულითა ახოვანმან და ღმრთივგონიერმან შემოიკრიბე რაი სპანი ერთგულნი, დაუცხრომელად წურთნიდი მხნეთა მეომართა, და დაღათუ გძაგდა ქორწინებაი წარმართთა თანა, დიდსა მას ჭმუნვასა შინა შთავარდი, მეფეო, რაჟამს საყუარელი დაი თამარ აღთქმისაებრ მამისა შენისა სძლად მიეც არღუნ ყაენსა, და შენცა გესვა რაი ცოლი იგი სჯულიერი, გაიძულებდენ შერთვასა ნოინის ასულისასა, ჩუეულებისაებრ მათისა, და შენდობასა ევედრებოდი და ადიდებდი ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 5

ჟამსა მას ბრძოდენ რაი მონღოლნი მეგვიპტელთა, მეფეო, შენცა გიბრძანეს წარსლვაი ურდოსა, და მინდობილი საჭურველსა უძლეველსა, ნიშსა ჯუარისასა, სპითა შენითა უძღოდი რაი ლაშქარსა მათსა, ახოვანებისა შენისა და ომისა საკვირველისა მხილველნი ეტყოდენ ყაენსა: vითარცა ღმერთი გრგვინავს და ვითარ აქლემი ბუღრობს ქართუელთა მეფეი, რამეთუ უშიშ არს, ვითარცა ლომი საყოფელსა თვისსა, და ამასაცა ჰყოფდი რაი მშვიდობისათვის სამეფოისა შენისა, ნეტარო, აღძრვიდი ერსა შენსა ქებად სიბრძნისა შენისა და ახოვანებისა:

გიხაროდენ, მხედართმთავარო, საჩინოო, და დიდსახელო

გიხაროდენ, წინამბრძოლო ქართუელთა მხედრობისაო და მამაცობისა დამნერგველო;

გიხაროდენ, მეფეო, წინააღმდგომთა ახოვნებითა მძლეველო;

გიხაროდენ, ბაგრატოვანთა წინაპართა შენთა მიმბაძველო;

გიხაროდენ, ლაშქართა და სპათა დიდად მწყალობელო;

გიხაროდენ, მხედრობითისა ვაჟკაცობისა მასწავლელო

გიხაროდენ, უძლურთა ძლიერებაო და მძლავრთა დამცემელო;

გიხაროდენ, ჭეშმარიტითა სარწმუნოებითა სიცრუისა დამარღვეველო;

გიხაროდენ, ბრძოლათა შინა მრავალთა შეჭირვებათა თავსმდებელო;

გიხაროდენ, ერისა და მამულისათვის წამებულო წმიდაო მეფეო დემეტრე თავდადებულო!

კონდაკი 6

ურიცხვთა სათნოებათა მიერ აღვსილი, მეფეო, მცირედ აღერიე რაი წარმართთა, გულისსიტყუასა შენსა შედგომილმან წარმოიტაცე პირმშუენიერი ასული ბექა ჯაყელისაი, და ჰყავ რაი მესამე ცოლად შენდა, ცრემლითა გამხელდენ ნიკოლოზ მაწყვერელი კათალიკოზისა თანა, და ვერა გარწმუნეს რაი დატევებაი ცოლთაი, ნაცვლად თვისა ჯუარისმტვირთველი შენი აბრაჰამ აკურთხა კათალიკოზმან ნიკოლოზმან, და მამულსა თვისსა განსრული მარადის ილოცვიდა შენთვის წინაშე ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 6

თანამოსაგრისა თვისისაანტონ მესხისა თანა შეგაგონებდა რაი პიმენ სალოსიცა, ჟამსავე მას ათონითგან მოიწია ბერი ბასილი გამოცხადებითა ღმრთისმშობლისაითა, და არა ხოლო თუ მოციქულებრ გამხილებდამეფეო, არამედ თავსმდებ გექმნებოდა წინაშე ღმრთისაუკეთუ დაუტევებდი უწესოთა მათ ქორწინებათა, აღგითქუმიდა კეთილად წარმართებასა მეფობისა შენისასა, ხოლო უკეთუ არა, წინაისწარმეტყველებდა მძლავრთაგან უპატიოდ მოკლვასა შენსა, გარნა ვერარას მიუგებდი, და ცრემლითა შენდობასა ითხოვდი უფლისაგან, მას ევედრე, აწ ჩუენცა გვიხსნნეს ცოდვათაგან და ღირს გვყოს გალობად შენდა:

გიხაროდენ, მუშაკო დაუცხრომელო მამულისა ვენახისა, კურთხეულისაო;

გიხაროდენ, მეფედ და მამად წოდებულო ქართუელთა ერისაო;

გიხაროდენ, ხატო წინაპართა ჩუენთა სიქუელისაო;

გიხაროდენ, ფარო, დამცველო სამეფოისა შენისაო;

გიხაროდენ, უფლისაგან გამომთხოველო მშვიდობისაო

გიხაროდენ, ერთგულთათვის მიმნიჭებელო პატივისაო;

გიხაროდენ, უქმმყოფელო ორგულთა ძვირისზრახვისაო;

გიხაროდენ, მომამდოვრებელო მხდომთა უწყალოებისაო;

გიხაროდენ, ღირსისა ბასილისაგან შემტყობელო ბოროტისა აღსასრულისა შენისაო;

გიხაროდენ, ერისა და მამულისათვის წამებულო წმიდაო მეფეო დემეტრე თავდადებულო!

კონდაკი 7

ფრიად დაემცრო რაი სამეფოი შენი სხუათა ომთა და ხარკთაგან, განმრავლდენ უპოვარნი და მრავალნი მიდრკეს რაი გზისაგან კეთილისა, მოიწია ღმრთისაგან სასჯელი ცოდვათათვის ერისა, და დიდსა მას შაბათსა საფუძველითურთ შეარყია რაი ქუეყანაი, დაიქცა ყოველი ნაშენები, და გუმბათი აწყვერისაი ჩამოიქცა, და ჰოი, საკვირველი, ხატი ღმრთისმშობლისაი ესვენა რაი საშუალ საყდრისა, ვითარცა ქუდი, თავსა დაერქვა, და ყოველნი შეძრწუნებულნი ევედრებოდით უფალსა ცოდვათა შენდობასა და აქებდით ძალსა მისსა: ალილუია.

იკოსი 7

შემდგომად მიცვალებისა აბაღა ყაენისა, ძმაი მისი აჰმადი დაჯდა ნაცვლად მისა და მიგიწვიეს რაი ურდოსა, მეფეო, გთხოვეს საყუარელი ასული შენი რუსუდან ძისათვის პირველვეზირისა ბუღა ნოინისა, ხოლო შენ სხუაიცა ღონეი არა გაქუნდა, შთავარდნილ იყავ რაი ხელთა შინა მათსა, და ფრიადითა სინანულითა ევედრებოდი ღმერთსა ბრალთა შენდობასა და შეწევნასა, აწ ჩუენცა მეოხგვეყავ მისა მიმართ, რაითა განგვარინოს ყოველთა ბოროტთა საცთურთაგან, და ღირს გვყოს გალობად შენდა:

გიხაროდენ, საჩინოო ძეო და სიქადულო მამულისა ჩუენისაო;

გიხაროდენ, წინამძღუარო საზეპუროისა ერისაო

გიხაროდენ, შემწეო მართლისა სარწმუნოებისაო;

გიხაროდენ, უშურველო წყაროო მოწყალებისაო;

გიხაროდენ, გოდოლო შეუძრველო სიმხნისაო

გიხაროდენ, დაუშრეტელო ზღუაო კაცთმოყუარებისაო;

გიხაროდენ, გამოუკვლეველო უფსკრულო სიყუარულისაო;

გიხაროდენ, განმამხნევებელო უსჯულოთა მიერ შეჭირვებულისა სამწყსოისა შენისაო;

გიხაროდენ, წარუტყუევნელო ბჭეო ივერთა ეკლესიისაო;

გიხაროდენ, ერისა და მამულისათვის წამებულო წმიდაო მეფეო დემეტრე თავდადებულო!

კონდაკი 8

ჟამსა მას არცაღა დასცხრებოდა რაი მტერობაი სახლეულთა შორის ყაენისთა, იგიცა მოაკუდინეს და ძმისწული მისი არღუნი დასვეს რაი ნაცვლად მისა, შენცა მსწრაფლ გიწვიეს, მეფეო დემეტრე, და კეთილად შეგიწყნარეს რაი მზახლისა შენისა შუამდგომლობითა, დიდად წარემატებოდი მსახურებასა შინა მამულისასა, ნეტარო, და ყოვლითურთ შეეწეოდი რაი კათალიკოზსა წარმართებისათვის საეკლესიოთა საქმეთა, იგიცა ევედრებოდა ღმერთსა მიტევებისათვის ცოდვათა შენთაისა და ადიდებდა მას დაუცხრომელად: ალილუია.

იკოსი 8

განდგომილებაი ბუღა ნოინისაი აუწყეს რაი ყაენსა, ფრიად განრისხდა და ყოველთა მახლობელთა თანა მოაკუდინა, გარნა ჰგონებდა ღალატსაცა შენსა, მეფეო, და გაწვია რაი ურდოსა, არა შეშინდი ზარისაგან წინაშე თუალთა შენთა მდგომარისა მის სიკუდილისა, ახოვანო, და განიზრახე რაი ერისათვის თავისა დადებაი, ყოველივე აუწყე კათალიკოზსა სამღდელოთა და მთავართა თანა, და განკვირვებულნი აქებდენ სიმხნესა შენსა და სიმტკიცესა:

გიხაროდენ, უძლეველითა გონებითა, და მოუდრეკელითა სულითა აღჭურვილო;

გიხაროდენ, უდარესისა განმგდებელო და უაღრესისა აღმრჩეველო;

გიხაროდენ, მოყვასებრისა თანალმობისა მომხვეჭელო;

გიხაროდენ, ერისა შენისა მცველო დაუძინებელო;

გიხაროდენ, სულის თვისისა მისთვის დამდებელო;

გიხაროდენ, რისხვისა საღმრთოისა დამაყენებელო;

გიხაროდენ, მამულისა ტრფიალებისა მასწავლელო;

გიხაროდენ, სულიერისა მღვიძარებისა ზარისა დამარისხებელო;

გიხაროდენ, სანთელო, გონიერთა განმანათლებელო და უგუნურთა დამწველო;

გიხაროდენ, ერისა და მამულისათვის წამებულო წმიდაო მეფეო დემეტრე თავდადებულო!

კონდაკი 9

მაშინ ყოველნი ქუეშევრდომნი გეფუცებოდენ შენ ერთგულობასა და სიყუარულსა, მეფეო, და გევედრებოდენ მთათა შინა შეფარებასა თავისასა, ვითარცა ჰყო მამამან შენმან, გარნა არაი გეუფლა უძლურებაი კაცობრივი და მტკიცედ მიუგებდი: uკეთუ დავსდებ სულსა ჩემსა ერისათვის ჩემისა, მრავალი სული ქრისტეანეი განერნეს ტყუეობასა და სიკუდილსა, ხოლო ეკლესიანი შეგინებასა და მოოხრებასა და ხატნი და ჯუარნი დამუსრვასა, და მინდობილი ქრისტესა, ღმერთსა ჭეშმარიტსა აქებდი მას დაუცხრომელად: ალილუია.

იკოსი 9

გხედვიდა რაი მხნესა და სიბრძნითა საკვირველსა, ღაღადყო კათალიკოსმან: mრავალთა მეფეთა დაუცავს თავი თვისი, და უკუეთუ განწირავ თავსა თვისსა სიკუდიდ ერისათვის შენისა, ყოველნი ებისკოპოსნი ვიტვირთავთ ცოდუათა შენთა, მეფეო, და თავსმდებ გექმნებით წინაშე ღმრთისა, ვითარცა თვით იტყვის სახარებასა შინა: უფროის ამისა სიყუარული არა არს, რაითა დადვას კაცმან სული თვისი მოყუასისათვის თვისისა, და გულშემუსრვილი აქებდა კეთილსა მას ზრახვასა შენსა:

გიხაროდენ, თავისა თვისისა განწირვითა ქართუელთა ნათესავისა განმამტკიცებელო;

გიხაროდენ, დამდაბლებულისა ერისა ჩუენისა ჯუარისმტვირთველო და აღმადგინებელო;

გიხაროდენ, დაცემულისა ქრისტეანულისა სულისა აღმაორძინებელო;

გიხაროდენ, სულმოკლეთა და დახსნილთა მარცხვენელო;

გიხაროდენ, მღვიძარედ და ფხიზლად ცხორებისა შემაგონებელო;

გიხაროდენ, ღმრთისმოყუარეთა გულთა შინა მადლისმიერისა სიხარულისა მიმფენელო

გიხაროდენ, უგულისხმოთათვის მაგალითისა მიმცემელო;

გიხაროდენ, ქუადქმნილთა და ფიცხელთა გულთა მომალბობელო;

გიხაროდენ, საღმრთოითა ღუაწლითა ქუეყანისა შენისა მხსნელო და მაკურთხეველო;

გიხაროდენ, ერისა და მამულისათვის წამებულო წმიდაო მეფეო დემეტრე თავდადებულო!

კონდაკი 10

ოდეს გესმა კათალიკოზისაგან სიტყუაი ეგე ნუგეშინისცემისაი, ფრიად განიხარე, ღმრთივგანბრძნობილო, და ერთგულებისათვის მამულისა და მშვიდობით დაცვისათვის ერთა თვისთა წარხვედ რაი ურდოსა, თანა იახლე კათალიკოსი ერისთავთა თანა, და ძეი შენი დავით, რაითა ერწმუნათ სიმართლეი შენი მონღოლთა, და ასპარეზსა მას ძლევისასა სიმხნითა მსრბოლნი დაუცხრომელად აქებდით და ადიდებდით უფალსა: ალილუია.

იკოსი 10

მშვიდობითა ურდოსა მიწევნული წარსდეგით რაი წინაშე ყაენისაყოველნი დილეგსა შეგაყენათ თვინიერ კათალიკოსისა, და ბრძანა რაი ბაგრატოვანთა საუნჯისა სრულიად წარღებაი სამეფოისაგან შენისა, განკვირდა სიმრავლისათვის მათისა, და გულისწყრომაიცა დაუცხრა, ხოლო იხილეს რა მთავართა, რამეთუ არღარა გცვიდენ შენ მხედარნი, გევედრენ ცხენითა სივლტოლასა და გარდახვეწასა მთიულეთსა, გარნა შენ უარყავ განზრახვაი მათი, მეფეო, რაითა არა ევნოს ერსა შენსა, და ყოველნი აღძარ ქებად შენდა

გიხაროდენ, გზასა მას სიმართლისასა წარმართებულო;

გიხაროდენ, უხილავსა ბრძოლასა შინა ძლევისა მომხვეჭელო;

გიხაროდენ, შენზედა მოწევნულთა განსაცდელთა ახოვნად დამთმენელო;

გიხაროდენ, ძლიერებითა სულისაითა კაცობრივისა უძლურისა ბუნებისა დამფარველო;

გიხაროდენ, ნებსით თავისა განწირვითა ბარბაროსთა განმაკვირვებელო;

გიხაროდენ, ღმრთივკურთხეულისა მეფობისა შენისა საღმრთოითა მოქალაქობითა განმაშუენებელო;

გიხაროდენ, ცოდვათა შენთა მწიკულისა განმწმედელო;

გიხაროდენ, ნაყოფითა სიმხნეთა შენთაითა მორწმუნეთა განმამხნობელო;

გიხაროდენ, ერსა შინა შენსა სიბრძნისა და კეთილმსახურებისა სულისა განმაახლებელო

გიხაროდენ, ერისა და მამულისათვის წამებულო წმიდაო მეფეო დემეტრე თავდადებულო!

კონდაკი 11

კუალად წარმდგარი სამსჯავროსა  ახოვნად დაითმენდი რაი გვემასა და კიცხევასა, გკითხვიდენ შეთქმულებისათვის ბუღაისა, და ვერცაღა ჰპოვეს რაი ბრალი შენთანა, მეფეო, მოულბა გული ყაენსა, გარნა შეუჩნდა ძეი სადუნისაი, რაითა მოგკლან ცხებული ღმრთისაი, და შესთხოვე რაი მოძულესა მას შენსა ხსნაი ძისა შენისაი, აღგისრულა ვედრებაი ეგე უფალმან, ნეტარო, და არცაღა მოკლა ყაენმან, არამედ ღირსიქმნა იგი პატივსა მას მეფობისასა, და იყო მოყუარეი მამულისაი და მაქებელ ღმრთისაი: ალილუია.

იკოსი 11

ბრძანა რაი მოკუდინებაი შენი ყაენმან, ეზიარე ხორცსა და სისხლსა ქრისტეს ღმრთისასა, ღირსო, და მხურვალედ შეჰვედრებდი რაი ერსა და სახლეულთა შენთა, განგიყვანეს მტკვრისა პირსა, და წარგკვეთეს რაი თავი მტარვალთა, უფალმა მკვიდრ გყო ზეცასდაუსრულებელსა მას სუფევასა, და მოგანიჭა რაი მადლი ჭირვეულთა შეწევნისაი, აწ ჩუენცა გარემოცულნი მრავალთა მტერთა და ურვათაგან გვიხსნენ ყოვლისაგან ვნებისა, რაითა ყოველთა მართლმადიდებელთა კეთილად განგუემარჯვოს და გაქებდეთ ძალისაებრ ჩუენისა:

გიხაროდენ, განსაცდელთა მიერ ოქროისაებრ გამოხურვებულო;

გიხაროდენ, ტკივილისა და სიკუდილისა ახოვნად თავსმდებელო;

გიხაროდენ, ერისა შენისა სამეოხოდ სისხლდათხეულო;

გიხაროდენ, მსგავსად სამსხუერპლოისა ზუარაკისა დაკლულო;

გიხაროდენ, ტარიგო განწმედილო, ზეცისა საკურთხეველსა შეწირულო;

გიხაროდენ, იწროითა კარითა ზეცისა სასუფეველსა შინა შესრულო;

გიხაროდენ, დიდებულსა მწყობრსა სჯულისა და ქუეყანისათვის თავდადებულთა მამაპაპათასა შეერთებულო;

გიხაროდენ, მწყობრსა შინა წმიდათაისა მეფობისა და მოწამეობისა მრჩობლგვირგვინითა განშუენებულო;

გიხაროდენ, განსაცდელთა შინა შეწევნისა მადლისა ზეცითგარდამო მომღებელო

გიხაროდენ, ერისა და მამულისათვის წამებულო წმიდაო მეფეო დემეტრე თავდადებულო!

კონდაკი 12

მიითუალე რაი საღმრთოი იგი აღსასრული, მზემან შარავანდედი თვისი უჩინო ჰყო სრულიად, და მით გამოაჩინა რაი პატივი ღმრთისაი შენ ზედა, ვითარცა ცხებულსა ზედა მისსა, ვერა გულისხმაყო სასწაული ეგე ყაენმან, და ბრძანა დაცვაი ნეშტისა შენისაი, გარნა თანმხლებთა შენთა წარიპარეს, და წარმოიღეს რაი ურმითა, მოგეგება სამღდელოთა თანა ერი შენი, მეფეო, და პატივითა დაგკრძალეს სამარხოსა მას მამაპაპათასასვეტიცხოველსა, რაითა მარადის აღმოაცენებდე მადლსა ჭეშმარიტსა და აღგვძრვიდე ყოველთა ქებად შენდა და დიდებად ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 12

შარავანდედსა მას მეფობისასა შეაერთე რაი გვირგვინი ძლევისაი, წმიდათა თანა მარადის ჰგიებ წინაშე ღმრთისა, და ეკლესიამან ქართუელთამან შეგრაცხა რაი შორის მარტვილთასა, წმიდაო, აჰა, აწ ჩუენცა გული გვითქმს მისლვად მცხეთასწმიდასა მას სავანესა ჩუენსა, რაითა ელიაისა ხალენისა, საუფლოისა კუართისა და სუეტისა ცხოველისა თანა თაყუანსვჰსცემდეთ სამარხოსა მას შენსა, რაითა არცაღა ერთი მომლოცველი სვეტიცხოველისაი დაშთეს თვინიერ შენმიერისა კურთხევისა და მოგიძღუნას სამადლობელი ესე ქებისაი:

გიხაროდენ, საღმრთოისა სარბიელისა კეთილად სრულმყოფელო;

გიხაროდენ, წარმავალისა მეფობისა წილ, წარუალისა ნათლისა და უკუდავებისა სახელისა მომგებელო;

გიხაროდენ, უფლისა მიერ საკვირველითა სასწაულითა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა განდიდებულო;

გიხაროდენ, შენდამი მოლტოლვილთა ვნებულთა სულთა შემწყნარებელო;

გიხაროდენ, ჩუენ შორის ერისა და მამულისათვის თავდადებისა სულისა აღმაორძინებელო

გიხაროდენ, შეცთომილთათვის წრფელისა გზისა მაჩვენებელო;

გიხაროდენ, ივერიელთა მიერ მარადჟამს სახსენებელო;

გიხაროდენ, მვედრებელთა მიმართ წყალობითა მიდრეკილო და მოსავთა შენთა განმამხნევებელო;

გიხაროდენ, კეთილმორწმუნეთა მთავრობათა და მხედრობათა შესავედრებელო და მსწრაფლშემსმენელო;

გიხაროდენ, ერისა და მამულისათვის წამებულო წმიდაო მეფეო დემეტრე თავდადებულო!

კონდაკი 13

ჰოი, ღმრთივგვირგვინოსანო მეფეო ჩუენო დემეტრე თავდადებულო, სისხლი შენი დაათხიე ხსნისათვის სამეფოისა შენისა, და წმიდათა თანა მარადის ჰგიებ რაი წინაშე ღმრთისა, აწ შეიწირე კნინი ესე გალობაი ჩუენი და შეგვეწიე მისა მიმართ, გვიხსნნეს საფრხისაგან ეშმაკისა, საცთურისაგან სოფლისა და მძლავრებისაგან ხორცთაისა, რაითა განვერნეთ მწარეთა სატანჯველთა მათ საუკუნეთა და შენთანა უგალობდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა: ალილუია.

ეს კონდაკი 3-გზის, შემდეგ იკოსი 1 და კონდაკი 1.

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, ღუაწლითშემოსილო მეფეო დემეტრე თავდადებულო, ეკლესიისა შეურყეველო გოდოლო და მართლმადიდებლობისა სუეტო საღმრთოო; მეფეთა სიქადულო; მარტვილთა სიხარულო; სამღდელოთა კეთილისმყოფელო და ქურივობოლთა გამომზრდელო; დევნულთა და უპოვართა განმკითხველო, და საპყრობილესა შინა მყოფთა ნუგეშინისმცემელო; ყოველთა მვედრებელთა შენთა მსწრაფლშემწეო და წყალობისა უხუად მომნიჭებელო!

ჰოი, ღუაწლსა შინა სახელოვანო მეფეო ქართველთაო, წმიდაო მოწამეო დემეტრე, საღმრთოითა წინაგანგებითა გულისხმა ყავ რაი საქმეი, რომლითა მოიმადლებდი განრისხებულსა ღმერთსა, დასთხიე სისხლი ერისათვის შენისა, და აწ გაქუს კადნიერებაი წინაშე მისსა, რაითა წყალობითა მოხედოს ერსა ჩუენსა, საუფლოისა ჯუარისა მტვირთველსა ქუეყანასა ზედა და დაიცვას ურიცხუთა მტერთაგან, და ძმათა შორის შუღლისაგან, ხოლო სარწმუნოებაი ჩუენი კუალად განაახლოს და მოგუმადლოს შენებრი მხურვალებაი სარწმუნოებისაი, სიყუარული მოყუასისაი და საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი, და ნათესავთაგან შენთა აღგვიდგინოს ცხებული ღმრთისაი, რომელიცა სარწმუნოებითა მტკიცითა მოჰკრძალავს ყოველთა საზღუართა საქართუელოისასა და აღამაღლებს და აღადგენს ღირსებასა და ძლიერებასა ჩუენსა ქუეყანით დავიწყებისაით, რაითა ვიყოთ ერთ სამწყსოი და უფალი იყოს მწყემს ჩუენდა. კეთილმსახურებასა შინა განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართუელოის კათალიკოსპატრიარქი, მცხეთათბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და ყოველნი სამღდელონი და სამონაზვნო წესნი; მოგუმადლოს ქრისტეისმოყვარე მთავრობაი და მხედრობაი; დაიცვას მემუშაკენი ერისა და წმიდისა ეკლესიისა ჩუენისანი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.

ჰოი, კაცთა შორის საკვირველო მეფეო, და დიდებულო მოწამეო დემეტრე, სიმტკიცეი და თავდადებაი შენი სათნო ეყო ღმერთსა, და მოგანიჭა რაი მადლი მეოხებისა და შეწევნისაი, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე სახიერებასა მისსა, რაითა არა განგვირისხდეს უსჯულოებათათვის ჩუენთა, არამედ განგვათავისუფლოს ცოდვათაგან და გვიხსნნეს სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, განმხრწნელისა ქარისა, მახვილისა და ზედა დასხმისაგან მტერთაისა, უცნაურისა სიკუდილისა და ყოვლისაგან ბოროტისა, რაითა ვსცხონდეთ, და შენთანა ვადიდებდეთ: მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). 

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, დიდებულისა და ყოვლად ქებულისა მოწამისა, მეფისა დემეტრე თავდადებულისა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

 

ცხოვრება და ღვაწლი წმინდა მეფის დემეტრე თავდადებულისა