მღდელმან: კურთხეულ არს–ი
და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა–მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის–ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის–ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის–ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად–იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე–მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.
მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.
მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
ტროპარი, ხმაი 4.
ვითარცა საუნჯეი დიდი და სიმდიდრეი წარუპარველი გამოგვიჩნდი ჩუენ კვიპრითგან, ლაზარე, განგებულებითა ღმრთისაისა, უსასყიდლოდ მიჰმადლებ პატივისმცემელთა შენთა კურნებასა და ყოველთა ჭირთა და ვნებულებათაგან განარინებ, რომელნი სარწმუნოებითა ხმობენ შენდა მომართ: გვიხსენ ყოველნი ლოცვითა შენითა, ლაზარე, მამაო ჩუენო. დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ტროპარი, ხმაი 4.
ყოველსა აღდგომასა პირველ ვნებისა შენისასა მოასწავებდი, ამისთვისცა მეგობარი შენი ლაზარე მკუდრეთით აღადგინე, ქრისტე ღმერთო, რომლისათვის ჩუენცა, ვითარცა შვილნი ებრაელთანი, შევწირავთ შენდა ძლევისა გალობასა, რომელმან დასთრგუნე სიკუდილი: ოსანნა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე–მცა–მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ–ჰყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეიმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად–დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 4
ძლისპირი: არა რაი არს სახედ შენდა, ღმერთო დიდებისაო, რამეთუ მარჯუენითა მაღლითა განარინე ერი ზღუასა, კაცთ–მოყუარე.
წმიდაო ლაზარე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ვადიდებთ ყოველნი კაცთმოყუარებასა შენსა, ღმერთო, რომელმან განადიდე სახსენებელი ლაზარესი, ღირსისა შენისა.
წმიდაო ლაზარე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
სამწყსოთა მოღუაწემან მწყემსმან კეთილმან, ქრისტე, წყალობითა მოიძიე ცხოვარი თვისი, და გამოუღე ბნელსა სიკუდილსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
წინა–აუწყე, ქველისმოქმედ, აღდგომაი შენი საფლავით აღდგინებითა ლაზარეისითა და ყოველნი აღძარ დიდებად შენდა.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
კურნებისა შენისა წყალნი ცხოველნი აპკურენ სულისა ჩემისა სენთა, სძალო, რამეთუ მკურნალი ხარ, ქალწულო. სენთა და ვნებათა.
გალობაი 3, განძლიერდასა
ძლისპირი: არა სიბრძნითა, არცა ძალითა, არცა სიმდიდრითა, არცა თავით თვისით ვიქადით, არამედ შენგან, ღმრთისა სიბრძნეო, რამეთუ არაი ვინ არს წმიდაი შენებრ, ქრისტე.
წმიდაო ლაზარე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
შემდგომად სიკუდილისა შენისა, ჰოი, ლაზარე, სახუეველითა შეგხვიეს და დაგდეს რაი საფლავსა, მიიწინეს ხორცნი შენი დახსნად, ნეტარო, და განიხრწნეს სამარხოსა შინა.
წმიდაო ლაზარე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
აუწყა უფალმან მოწაფეთა თვისთა გარდაცვალებაი შენი და რქუა: „აწ მიხარის თქუენთვის, რამეთუ იხილოთ სასწაული ძისა კაცისაგან, და დაემტკიცნეთ სიყუარულსა ჩემსა“.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
მოვიდა რაი იესო ბეთანიად, რაითა მკუდრეთით აღგადგინოს, იხილნა მარიამ და მართაი, დანი შენნი, ცრემლითა დაგტიროდენ რაი ძმასა თვისსა, სულითა შეძრწუნდა და ცრემლოოდა.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სნეული სულითა განმკურნე და ვნებანი ხორცთანი წარსდევნენ, დედოფალო, და აჩვენე ჩემ ზედა წყალობაი, ოხითა ლაზარე მართლისაითა, სძალო უსძლოო.
მიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს… (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
ერისკაცი კვერექსის ნაცვლად იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდება… აწდა…
წარდგომაი, ხმაი 8.
მიხვიდოდი რაი შენ, ქრისტე, ბეთბაგედ და ბეთანიად, ხმაი ფერხთა შენთაი ოხრით ესმოდა ქუესკნელსა და ლაზარეს ეტყოდა: „რაჟამს ხმა–გიყოს ცხორებამან საუკუნემან, ქრისტე, მეყსა შინა განვედ, ნუ სდროებ, რამეთუ მიცნობიეს წარწყმედაი ჩემი და დახსნაი ხელმწიფებისა ჩემისაი“, და შიშითა განუტევებდა რაი სულსა მისსა, აღადგინე იგი მკუდრეთით, რომელი ცხორებაი ხარ მორწმუნეთაი და შემწყნარებელი ცოდვილთაი, გევედრებით აწ, ჩუენცა შეგვიწყალენ და განგვკურნე სულთა და ხორცთა ვნებათაგან.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
აწ ჩუენთვისცა ნუ დასცხრები ლოცვად ძისა და ღმრთისა მიმართ შენისა, ღმრთისმშობელო მარიამ, რაითა გარე წარაქციოს რისხვაი აღდგომილი ჩუენ ზედა და იხსნეს ერი და ენაი ჩუენი განხრწნისაგან და აღხოცვისა, მეგობრისა თვისისა ლაზარეს სიყუარულითა, რამეთუ ესრეთ გვაუწყებს იოანე ზოსიმე ქებასა შინა ქართულისა ენისასა – „ესე ენაი მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან. და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან, ესე არიან ორნი დანი, ვითარცა მარიამ და მართაი, და მეგობრობაი ამისთვის თქუა, ვითარმედ ყოველი საიდუმლოი დამარხულ არს ამას ენასა შინა“.
გალობაი 4, უფალო მესმასა
ძლისპირი: მოსდრიკენ, ქრისტე, ცანი და მოხუედ, და სიბრძნითა გამოგვიჩნდი კაცად ქუეყანასა ზედა, ამისთვისცა სარწმუნოებით ვიტყვით: ძალსა შენსა დიდებაი, კაცთ–მოყუარე.
წმიდაო ლაზარე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მოიწია რაი ქრისტე საფლავად შენდა, ბრძანა აღებად ლოდი, და გიხმო რაი ხმითა ტკბილითა: „ლაზარე, გამოვედ გარე!“, მეყსეულად განჰკრთი, და მსგავსად ძილისა, სიკუდილი განიშორე.
წმიდაო ლაზარე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
იყავ რაი საფლავსა შინა, ლაზარე, ერთითა ხმობითა განცხოველდი, ვითარცა მონაი ბრძანებითა უფლისაითა, და ღაღადყავ სიხარულითა: „ყოველივე ძალ–გიც, მაცხოვარ, დიდებაი შენდა“.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
შეძრწუნდენ რაი ბჭენი ჯოჯოხეთისანი, მცველნი მისნი შიშითა განუტევებდენ სულსა შენსა, და აღემართე რაი შეხუეული სუდარითა, ვერა დაგაყენეს გამოსლვად ხელთა და ფერხთა კრულებამან.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უსძლოო სძალო, რომელმან შევ ღმერთი, ხორციელ–ქმნული, მოწევნადთა მათ განსაცდელთა და ვნებათაგან მიხსნენ ჩუენ, რომელნი გესავთ შენ, დედოფალო.
გალობაი 5, ღამითგანსა
ძლისპირი: უღმრთოთა ვერ იხილონ დიდებაი შენი, ქრისტე, ხოლო ჩუენ, მონანი შენნი, ვიხილავთ დიდებასა შენსა და ვღაღადებთ: ღამითგან აღვიმსთობთ ჩუენ გალობად შენდამი, კაცთ–მოყუარე.
წმიდაო ლაზარე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ეჰა, სასწაული საშინელი, რამეთუ საუკუნოდ დახშულნი თუალნი დაბნელებულნი კუალად განგინათლნა ქრისტემან, აწ ჩუენცა მეოხ გვეყავ წინაშე მისა, რაითა განგვამტკიცოს სარწმუნოებასა შინა.
წმიდაო ლაზარე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მკუდრეთით აღდგინებითა შენითა, ლაზარე, მოწაფენი თვისნი განამტკიცა ძემან ღმრთისამან, რაითა ვნებასაცა მისსა ხორცითა, არა ურწმუნო იქმნენ მისისა ღმრთეებისა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
აღასრულა რაი ქრისტემან სასწაული ეგე, ზარი განჰხდა ყოველსა მას ერსა და ადიდებდეს ძალსა მისსა, ხოლო ჩუენ მართაისა და მარიამის თანა ვიხარებთ და ვაქებთ მრავალმოწყალებასა მისსა.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ვხმობ შენდამი, ქალწულო, ვითარცა ბრმაი იგი, ძისა შენისა მიერ შემიწყალე, ასულო დავითისაო, და აღმიხილენ თვალნი სულისანი, ცოდვათა და უსჯულოებათა მიერ დაბრმობილნი.
გალობაი 6, ღაღადყავსა
ძლისპირი: შთავვარდი მე სიღრმეთა ზღვისათა და ცოდვისა უფსკრულთა დამნთქეს მე, არამედ, ვითარცა ღმერთ ხარ, განხრწნისაგან კუალად აღმოიყვანე ცხორებაიცა ჩემი, მოწყალე.
წმიდაო ლაზარე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
განითქუა რაი ჰამბავი მკუდრეთით აღდგომისა შენისაი, მრავალნი იუდეველნი მოექცეს ქრისტეანობასა, რამეთუ არღა სარწმუნოი საქმეი ყოველთა აღდგომისაი, იქმნა ცხად საჩინოი ჭეშმარიტად.
წმიდაო ლაზარე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
რაჟამს გიხილეს მკუდრეთით აღდგომილი ბოროტთა მათ ჰურიათა, წმიდაო ლაზარე ბეთანიელო, აღივსნეს შურითა, და ეწადათ მოკლვაი სასწაულთამოქმედისა მის, აღმადგინებელისა შენისა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
დიდებაი თვისი უჩუენა რაი ყოველთა, თანა–მოგზაურ გყო შენ ქრისტემან და შეხუედით რაი იერუსალემდ, მიეგებვოდენ ღაღადებით: „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა – მეუფეი ისრაელისაი“.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
განგვარინე საცთურსა ცოდვათა ჩუენთასა ვედრებითა შენითა, ღმრთისმშობელო ქალწულო, ძისა შენისა მიერ, რომელი იშვა შენგან უზეშთაეს ბუნებათა, ძეი ღმრთისაი დაუსაბამოი.
მიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
გუნდი: შენ, უფალო.
მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
ერისკაცი კვერექსის ნაცვლად იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 12-გზის. დიდება… აწდა…
კონდაკი, ხმაი 4
ყოველთა არსთა ცნობისა უფსკრულო მიუწდომელო, იკითხევდ დღეს საფლავსა ლაზარეისსა, მი–რაი–ხვედ და აღადგინე იგი მკვდრეთით, ოთხ–დღე დამარხული და დაყროლებული, ვითარცა ღმერთმან ყოვლადძლიერმან, შეიწირნე რაი ცრემლნი მართაისა და მარიამისნი.
სხუაი კონდაკი, ხმაი 4
ვითარცა ვარსკულავი ელვარეი, ესრეთ გამოგვიჩნდენ კვიპრითგან ნაწილნი შენნი, წმიდაო, და განაბრწყინვებენ რაი ქალაქსა ლარნაკასა, განამხიარულებენ მკვიდრთა მისთა, მიანიჭებენ რაი შენ მიერ მადლსა კურნებათასა და იცავენ ყოველთა მღაღადებელთა შენთა: გიხაროდენ ლაზარე, მეგობარო ღმრთისაო!
მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომაი, ხმაი 3
უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდეს?
უფალი სუფევს შუენიერებაი შეიმოსა
მუხლი: უფალი შესავედრებელ არს ცხორებისა ჩემისა., ვისგან შევსძრწუნდე
მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
გუნდი: ამინ.
მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მღდელმან: ღირს–ყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარებაი, მშვიდობაი ყოველთა.
გუნდი: და სულისაცა შენისა თანა
მღდელმან: იოანესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
მღდელმან: მოხედენ.
სახარებაი იოანესი
მას ჟამსა შინა იყო ვინმე უძლური ლაზარე ბეთანიაით, დაბისაგან მარიამისა და მართაისა, დისა მისისა. ესე იყო მარიამ, რომელმან სცხო ნელსაცხებელი უფალსა და თმითა თვისითა წარჰხოცნა ფერხნი მისნი, რომლისაი ძმაი მისი ლაზარე სნეულ იყო. მიუვლინეს იესუს დათა მისთა და ჰრქუეს: უფალო, აჰა, რომელი გიყუარს, სნეულ არს. ხოლო ვითაცა ესმა იესუს, თქუა: ესე სნეულებაი არა არს სასიკუდინე, არამედ დიდებისათვის ღმრთისა, რაითა იდიდოს ძე ღმრთისაი მისგან. უყუარდა იესუს მართა და დაი მისი და ლაზარე. ვითარცა ესმა, რამეთუ სნეულ არს, მაშინ და–ღა–ადგრა ადგილსა მას, სადაცა იყო, ორ დღე. მერმე ამისა შემდგომად ჰქუა მოწაფეთა თვისთა: გუალეთ, წარვიდეთ კუალად ჰურიასტანად… და ჰრქუა მათ: ლაზარე, მეგობარმან ჩემმან, დაიძინა, არამედ მე მივიდე და განვაღვიძო იგი. ჰრქუეს მას მოწაფეთა: უფალო, უკუეთუ დაიძინა, ცხონდეს. ხოლო იესუ ჰრქუა სიკუდილისა მისისათვის, და მათ ეგონა, ვითარმედ მძინარებისათვის ძილისა თქუა. მაშინ ჰრქუა მათ იესუ განცხადებულად: ლაზარე მოკუდა. და მე მიხარის თქვენთვის, რაითა გრწმენეს ჩემი, რამეთუ არა ვიყავ მუნ. არამედ მოგუალედ, მივიდეთ მისა.
ვითარცა მივიდა იესუ ბეთანიად, პოვა იგი, რამეთუ ოთხი დღე აქუნდა საფლავსა შინა. ხოლო იყო ბეთანიაი მახლობელ იერუსალიმსა, ვითარ ათხუთმეტ ოდენ უტევენ. და მრავალნი ჰურიათაგანნი მოსრულ იყვნეს მართაისა და მარიამისა, რაითა ნუგეშინის–სცენ მათ ძმისა მათისათვის. ხოლო მართას ვითარცა ესმა, რამეთუ იესუ მოვალს, მიეგებვოდა მას, ხოლო მარიამ სახლსა შინა ჯდა. ჰრქუა მართა იესუს: უფალო, უკუეთუმცა აქა იყავ, არამცა მომკუდარ იყო ძმაი იგი ჩემი. არამედ და აწცა უწყი, ვითარმედ: რაიცა–იგი სთხოო ღმერთსა, მოგცეს შენ ღმერთმან. ჰრქუა მას იესუ: აღდგეს ძმაი შენი. ჰრქუა მას მართა: უწყი, რამეთუ აღდგეს აღდგომასა მას უკუანაისკნელსა დღესა. ჰრქუა მას იესუ: მე ვარ აღდგომაი და ცხორებაი. რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მო–ღათუ–კუდეს, ცხონდესვე. და ყოველი რომელი ცოცხალ არს და ჰრწმენეს ჩემი, არა მოკუდეს იგი უკუნისამდე. გრწამსა ესე? ჰრქუა მას მართა: ჰე, უფალო, მრაწამს, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისაი, მომავალი სოფლად. და ვითარცა ესე თქუა, წარვიდა და მოუწოდა მარიამს, დასა თვისსა, იდუმალ და რქუა მას: მოძღუარი მოსრულ არს და გიწესს შენ. ხოლო მას ვითარცა ესმა, აღდგა ადრე და მივიდოდა მისა. რამეთუ არღა მოსრულ იყო იესუ დაბად, არამედ მუნღა იყო ადგილსა მას, სადაცა მიეგებვოდა მას მართა. ხოლო ჰურიანი იგი, რომელნი იყვნეს მისთანა სახლსა შინა და ნუგეშინის–სცემდეს მათ, ვითარცა იხილეს მარიამ, რამეთუ ადრე აღდგა და გამოვიდა, მისდევს მას, ჰგონებდეს, ვითარმედ საფლავად მივალს ტირილდ მისა. ხოლო მარიამ ვითარცა მოვიდა, სადა–იგი იყო იესუ, ვითარცა იხილა იგი, დავარდა ფერხთა მისთა თანა და ჰრქუა მას: უფალო, უკუეთუმცა აქა ყოფილ იყავ, არამცა მომკუდარ იყო ძმაი იგი ჩემი. ხოლო იესუ ვითარცა იხილა იგი, რამეთუ ტიროდა, და მის თანა მოსრულნი იგი ჰურიანიცა ტიროდეს, შეძრწუნდა სულითა, ვითარცა რისხვით, და ჰრქუა მათ: სადა დასდევით იგი? ჰრქუეს მას: მოვედ და იხილე. და ცრემლოოდა იესუცა. იტყოდეს უკუე ჰურიანი იგი: აჰა ვითარ სამე უყვარდა იგი! ვიეთნიმე მათგანნი იტყოდეს: არამცა ეძლო ამას, რომელ მან აღუხილნა თუალნი ბრმასა, ყოფად რაიმე, რაითამცა ესეცა არა მოკუდა? ხოლო იესუ კუალად, ვითარცა განრისხებული თავსა შორის თვისსა, მოვიდა საფლავსა მას. ხოლო იყო ქუაბი, და ლოდი ზედა ედვა მას. ჰრქუა მათ იესუ: აღიღეთ ლოდი ეგე. ჰრქუა მას მართა, დამან მის მკუდრისამან: უფალო, ყროდისღა, რამეთუ მეოთხე დღე არს. ჰრქუა მას იესუ: არა გარქუ შენ, ვითარმედ, უკუეთუ გრწმენეს, იხილო დიდებაი ღმრთისაი? აღიღეს უკუე ლოდი იგი, სადა მდებარე იყო მკუდარი იგი. ხოლო იესუ აღიხილნა თუალნი ზეცად და თქუა: მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი. და მე ვიცი, რამეთუ მარადის ისმენ ჩემსა, არამედ ერისა ამისთვის, რომელი გარე მომადგს მე, ვთქუ, რაითა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე. და ესე ვითარცა თქუა, ხმითა დიდითა ღაღატ–ყო: ლაზარე, გამოვედ გარე! და გამოვიდა მკუდარი იგი შეკრული ხელით და ფერხით სახუევლითა, და პირი მისი დაბურვილ იყო სუდარითა. ჰრქუა მათ იესუ: განჰხსენით ეგე და უტევეთ, ვიდოდის. მრავალთა უკუე ჰურიათაგანთა, რომელნი მოსულ იყვნეს მარიამისა და მართაისა, იხილეს, რომელ–იგი ქმნა იესუ, და ჰრწმენა მისა მიმართ.
დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა წმიდისა ლაზარეისითა, ოთხთა დღეთა საფლავად მდებარისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უშჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: აჩუენნა მხსნელმან ორნი ბუნებანი შენ ზედა, წმიდაო ლაზარე ბეთანიელო, რამეთუ კაცებითა ცრემლოოდა, და გიწოდდა რაი საფლავით, ძალითა და ხელმწიფებითა ღმრთისაითა აღგადგენდა ოთხისა დღისა უსულოსა, ხოლო აწ გაქუს რაი კადნიერებაი მისა მიმართ, გვითხოვე ყოვლისა სოფლისა მშვიდობით დაცვაი, და ერისა ჩუენისათვის ძლევაი ჯუარითა ყოველთა მტერთა ზედა, დამტკიცებაი მართლმადიდებლობისაი, და წყალობაი სულთათვის ჩუენთა.
მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდათა მოციქულთა ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თომასი, თადეოზისა და მატათაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა, და წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა, და ღირსისა მამისა ჩვენისა დავით გარეჯელისაითა; წმიდათა და სანატრელთა მამათა ჩუენთა: დოდო, ლუკიანე, დამიანე, ონოფრე და სვიმეონ გარეჯელთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ–განბრძნობილთა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ–ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმიდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსაარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანეისი და გიორგი–იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი); და კვიპრის მთავარეპისკოპოსისა, ლაზარე მართლისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
გალობაი 7, კურთხეულარსა
ძლისპირი: ბაბილოვანსა სამთა მათ ყრმათა ბრძანებაი მძლავრისაი მის სიბორგილედ შეჰრაცხეს და ალსა შინა ღაღადებდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
წმიდაო ლაზარე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
კურთხეულ არს სახლი შენი, რომელსა სიყუარულითა სტუმრობდა მაცხოვარი, და კუალად მოვიდა რაი ბეთანიად, მარიამ ნელსაცხებელსა სცხებდა და მართაი მსახურებდა, ხოლო შენ იყავ თანა–მეინახედ მისა.
წმიდაო ლაზარე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ეუწყათ რაი ქრისტეს მოსლვაი ჰურიათა, მოკრბეს და გიხილეს რაი მის მიერ მკუდრეთით აღდგენილი საკვირველად, ჰრწმენეს იესოისი, და აკურთხევდენ ძალსა მისსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ეჰა უგუნურებაი ფარისეველთაი, რამეთუ ძმარი და ნაღველი მიუპყრეს ჯუარსა ზედა დამოკიდებულსა უფალსა, და ისწრაფდენ მოკლვასაცა შენსა, რაითა არაი ქადაგებდე ღმრთეებასა და დიდებასა მისსა.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ისარნი თვისნი განმაწონნა ბელიარ გულის–თქმათა მიერ და მომწყლა სასიკვდინედ, არამედ შენ დაჰხსნენ მანქანებანი მისნი ბოროტნი, უბიწოო, არცხვინე მტერსა ჩემსა და მაცხოვნე მე.
გალობაი 8, აკურთხევდითსა
ძლისპირი: სახუმილი იგი ცეცხლისაი ბაბილონსა პირველად განიზოგა ღმრთისა მიერ, რამეთუ ქალდეველნი ალისა მისისაგან შეიწუნეს, ხოლო ყრმანი შეცურეულნი იტყოდეს: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.
წმიდაო ლაზარე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
გდევნიდენ რაი, ლაზარე, ქრისტეისმბრძოლნი, დათა შენთა თანა და მორწმუნეთა განერე საფრხესა და განგებულებითა ღმრთისაითა მშვიდობითა მიიწიეთ კვიპრესა, სადა იგი ქადაგებდი და მრავალთა მოაქცევდი ქრისტეს სარწმუნოებასა ზედა.
წმიდაო ლაზარე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
დიდად იღუწიდი შენ კუნძულსა მას ქრისტეს სიყუარულითა, ნეტარო, და ხელდასხმულ იქმენ რაი მღდელმთავრად მოციქულთა მიერ პავლეისა და ბარნაბაისა, სწავლაი შენი საჭეთმპყრობელ და მმართებელ ექმნა სამღდელოთა და ერთა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
იხარებდი რაი სულითა შრომათა შენთა ზედა პატიოსანთა, მამაო სანატრელო, იკურთხე დედისაგან ქრისტეის ღმრთისა, იოანეის თანა მოიწია რაი კვიპრესა მოხილვად ძისა თვისისა მეგობრისა, და ომოფორი და საბუხრენი მოგანიჭა, ვითარცა მღდელთმთავრსა დიდსა.
ვნებანი სულისა ჩემისანი განჰკურნენ სიტკბოებითა, ყოვლად საგალობელო, დაამშვიდე ცხოვრებაი და განანათლე სული ჩემი და წარმიმართე გზათა საღმრთოთა, დედოფალო, რაითა მარადის მაქუნდეს მოხსენიებაი სიკუდილისაი.
გალობაი 9, ადიდებდითსა
ძლისპირი: უწინარეის შობისა და შობასაცა და შემდგომად შობისა ქალწულად უბიწოდ აღგიარებთ, და ვითარცა ღმრთისა მშობელ ხარ, ღირსად გადიდებთ.
წმიდაო ლაზარე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ათვრამეტ წელ მწყსიდი რაი სამწყსოსა შენსა, მწყემსისა კეთილისა იქმენ მწყემსმთავარ სარწმუნოი, ღმერთშემოსილო ლაზარე, და გამობრწყინდი უნათლეს მზისა.
წმიდაო ლაზარე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
სრულ–ჰყავ რაი სრბაი შენი, ღირსო, მხცოვანებითა შემოსილი მშვიდობითა მიიცუალე წინაშე ღმრთისა, რომელმანცა სამართლად გადიდა შენ და ნიშ–სასწაულთა სიმრავლითა პატივ–გცა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
მოვიხსენებთ რაი სასწაულთა მათ და კურნებათა, შენ მიერ ქმნილთა ქუეყანასა ზედა, ძლიერებად და ზღუდედ სარწმუნოებისა მოგვიგიეს სამარხონი შენნი – ბეთანიასა და ლარნაკასა, და მათდა შევრდომილნი უხუად მივემთხვევით კურთხევასა და წყალობასა.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შენ, უქორწინებელო და ყოვლადწმიდაო ქალწულო, ითხოვე მისგან რომელი ჰშევ, რაითა მოსცეს ერსა ჩვენსა ძლევაი და ხსნაი უღლისაგან მტერთაისა, რომელნი შენ მარადის გადიდებთ.
ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
მღდელი აკმევს; მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:
აჰა მაუწყებელ–არს კუნძული კვიპრეი მღდელთმთავრულთა მათ მოღუაწებათა შენთა, და ხმა მაღლად ჰქადაგებს ქალაქი ლარნაკაი ლოცვათათვის შენთა მხურვალეთა, ხოლო ჩუენ გული გვითქმს მისლვად ტაძარსა შენსა შუენიერსა, ყოვლადქებულო ლაზარე, რაითა სიყუარულითა მივემთხვიოთ ნაწილთა შენთა წმიდასა საყოფელსა და აღმოვივსოთ მადლი და ლხინებაი მოსავთა შენთა და მგალობელთა.
სათნო იჩინა რაი ქრისტემან პირველ ჯუარისა თვისისა და აღდგომისა, ყოვლისა სოფლისათვის განცხადებაი შენ ზედა დიდებისა თვისისა, აწ ნუ დააცადებ ოხასა მისა მიმართ, ყოვლად ნეტარო ლაზარე, რაითა გარე წარაქციოს რისხვაი აღდგომილი ჩუენ ზედა, სიმრავლისაგან ცოდვათა ჩუენთასა, და მოგვმადლოს შეუორგულებელი სიყვარული სარწმუნოებისა, მამულისა და ენისა ჩუენისაი.
„სული, რომელ წარვიდის ხორცთაგან, არაი მოიქცის“ – თქუა გალობითა დავით მამათმთავარმან, ხოლო ძედ მისდა წოდებულმან ღმრთისა სიტყუამან ხელმწიფებითა აღგადგინა შენ, წმიდაო ლაზარე, და გაქუს რაი კადნიერებაი მისა მიმართ, აღძარ შეწევნად ჩუენდა, რაითა დაამხოს მტერნი ჩუენნი ურიცხვნი, და დაარღვიოს ბოროტ–მანქანებაი ღმრთისმბრძოლთა და მწვალებელთა, ხოლო მართლაღსარებითა დამტკიცებული ეკლესიაი ჩუენი და ყოველნი შვილნი მისნი დაგვიცვას შეუძრველად.
წყალობაი და სიყუარული სასწაულთამოქმედი, ყოვლისა შემძლებელი ღმერთი და სრული კაცი მკუდრეთით აღგადგენდა რაი, ლაზარე – სარწმუნოსა მეგობარსა თვისსა, აწ ჩუენცა გიგალობთ და გევედრებით, მეოხ გვყავ მისა მიმართ, რაითა ყოველსა ქუეყანასა ზედა განბნეულნი ქართველნი უკუნ–აქციოს მამულსა თვისსა, და ყოველნი მკვიდრნი მისნი აღგვავსოს ურთიერთ–თანადგომითა და მღვიძარებითა საღმრთოითა.
ყოვლითა გულითა შეიყვარე რაი ყოვლადწმიდაი დედაი მეგობრისა შენისა იესუ ქრისტეისა, ლაზარე მართალო, აწ ჩუენცა გვიოხე მისა მიმართ, რაითა შეგვეწიოს წილხვედრსა ერსა თვისსა და მოგვანიჭოს მადლი კეთილისა და ბოროტის განრჩევისაი, რაითა სულითა ვიხარებდეთ, წმიდაო, და არცაღა დავსცხრეთ ქებად და დიდებად ყოვლადწმიდისა სამებისა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის დაუკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.
მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო–თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარე–წარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
ერისკაცი კვერექსის ნაცვლად იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 3-გზის. დიდება… აწდა…
სავედრებელი ლოცვა
ჰოი, ყოვლადსაკვირველო და სარწმუნოო მეგობარო ქრისტეისო, წმიდაო ლაზარე ბეთანიელო, მამათა სამკაულო, მღდელთმთავართა გვირგვინო და ანგელოზთა მოდასეო, ლარნაკას სიქადულო და მკვიდრთა მისთა სენთა და ძვირთაგან დამფარველო, ღმრთისა მიმართ მეოხო და ყოველთა უპოვართა, განწირულთა და მხურვალედ შენდა მოლტოლვილთა შესავედრებელო და საფარველო!
ჰოი, სიბრძნითა მით სარწმუნოებისაითა და საქმითა მოღუაწებისაითა განბრწყინებულო დიდო მღდელთმთავარო ლაზარე მართალო! ხედვიდა რაი კეთილქმნულებასა სულისა შენისასა ქრისტე, სათნო იჩინა პირველ ჯუარისა თვისისა და აღდგომისა, ყოვლისა სოფლისათვის განცხადებაი შენ ზედა თვისისა დიდებისაი, და გყო რაი წინა–მაუწყებელად თვისისა ყოვლადბრწყინვალისა აღდგომისა, აწ მეოხ–გვეყავ წინაშე მისა, რაითა განაცხოველოს სულნი და ხორცნი ჩუენნი, ვნებათაგან შეყროლებულნი და შთაფლულნი ცოდვათა უწმიდურებასა შინა, და მოგვმადლოს გული წმიდაი, სული წრფელი, სიმრთელეი ხორციელი, და გონებაი, შემმეცნებელი ჭეშმარიტებისაი, ხოლო ნათესავსა ჩუენსა ულხინოს და ერი ჩუენი, და მთავრობაი, და მხედრობაი შეჰკრას და შეამტკიცოს სულიერად და დაადგინოს განუყოფელ სამწყსოდ თვისად. მრავალშემძლებელითა ძალითა თვისითა დაიფაროს და განაძლიეროს მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი მამაი ჩუენი ილია; განანათლოს ყოვლად–სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარ–ეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, წინამძღუარნი მონასტერთანი, მწყემსნი და მოძღუარნი, მოღუაწენი და აღმსარებელნი, მონაზონთა სიმრავლენი და ყოველნი ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი; დაიცვას კეთილისმყოფელნი ჩუენნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.
ჰოი, ბეთანიისა დიდებაო და ყოვლისა სოფლისა განკვირვებაო წმიდაო ლაზარე მართალო! საკვირველ არიან მოწყალებანი იგი, რომელნი გარდამოავლინა შენ ზედა ღმრთეებრივმან მეგობარმან შენმან და სამისა დღისა მკუდარი აღგადგინა სიკუდილისა ჰრულისაგან, აწ ჩუენცა შეგვაწყნარენ სახიერებასა მისსა, რაითა აღგვადგინოს სამარითგან უსასოებისა და უდებებისა, და უვნებელად დაგვიცვას სიყმილისაგან, სვრისა, ძრვისა, რღვნისა, ცეცხლისა, მახვილისა, ზედამოსლვისაგან უცხო თესლთაისა, და ყოვლისაგან ბოროტისა, რაითა საუკუნოსა მას ცხორებასა ზიარ–ქმნილნი მარადის ვადიდებდეთ მას თანა მამით და სული წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მღდელი: სიბრძნით!
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
გუნდი: უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
მღდელი: დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.
გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). გუაკურთხენ.
მღდელი: ჩამოილოცავს…
ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა დიდისა მღდელთმთავრისა ლაზარე მართლისაითა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
ლოცვა ჟამსა მას ხატის მთხვევისასა:
გარემოცულნი მრავალთა მტერთა და განსაცდელთაგან სურვილით ამბორს–უყოფთ წმიდათა ხატთა შენთა და სიწმიდეთა, სადაით–იგი აღმოდის კურნებათა საღმრთოი მდინარეი, და გევედრებით, ლაზარე, ქრისტეის მეგობარო: ნუ დასცხრები ვედრებად და ოხად ჩუენთვის მისა მიმართ, რაითა გვიხსნას საცთურთაგან სულთა განმხრწნელისა და ღირს–გვყოს მკვიდრ ყოფად შენ თანა, წმიდაო, სასუფეველსა.
დედოფალო მარიამ, ბრწყინვალებაო ყოველთა წმიდათაო, ლოცვითა წმიდისა მართლისა ლაზარეისითა ღირს–მყვენ საუკუნოსა დიდებასა და ბრწყინვალებასა ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისასა, ამინ.
შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა
ცხოვრება და ღვაწლი წმინდა და მართალი ლაზარე ბეთანიელისა კვიპრელი ეპისკოპოსისა
