ხსენება 30 ოქტომბერი
(17 ოქტომბერი იულიუსის კალენდარით)
ქრისტეს მიერ ოთხი დღის შემდეგ გაცოცხლებულ მართალ ლაზარეს წმინდა ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირიაკეს, ლაზარეს შაბათს მოიხსენიებს. 30 ოქტომბერს კი მისი წმინდა ნაწილების საფლავიდან აღმოყვანების დღე აღინიშნება.
ქრისტეს მიერ ლაზარეს აღდგინების შესახებ მოთხრობილია იოანეს სახარების XII თავში. სადაც უფალმა ასევე დაადასტურა იმის შესახებ, რომ ის არის ჭეშმარიტად სიკვდილის მძლეველი, აღთქმული მესია ისრაელისა.
იოანეს სახარების თანახმად, მართალი ლაზარე ბეთანიელი გამორჩეულად უყვარდა იესოს და მას თავის მეგობარს უწოდებდა. მისი დებიც, მართა და მარიამი, ჯერ კიდევ მანამ შეუდგნენ ქრისტეს, სანამ იგი მკვდრეთით აღადგენდა მათ ძმას – ლაზარეს და სულითა და გულით ემსახურებოდნენ. „იესოს უყვარდა მართა, მისი და, და ლაზარე“, და ხშირად სტუმრობდა მათ ოჯახს.
როდესაც ლაზარე ავად გახდა, მაცხოვრის მრავალი სასწაულის მხილველ მართასა და მარიამს ღრმად სწამდათ, რომ მხოლოდ მას შეუძლია ლაზარეს განკურნება, ამიტომ კაცს გაგზავნიან ქრისტესთან, რომელიც იერუსალიმიდან სულ რაღაც ერთი დღის სავალზე იმყოფება და შეუთვლიან: `აჰა, რომელი გიყვარს, სნეულ არს~. ლაზარეს დები არ სთხოვენ იესოს, რომ იუდეაში მასთან მივიდეს: მათ იციან, რომ მას საშიშროება ელოდება მტრებისგან, მაგრამ რაკი სასოებენ მის სასწაულებრივ ძალას, ამიტომ მოკრძალებით ატყობინებენ ძმის მძიმე ავადმყოფობის ამბავს. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ უფალს ლაზარეს განკურნება შორი მანძილიდანაც ისე შეუძლია, როგორც კაპერნაუმელი ასისთავის მსახური განკურნა.
როდესაც ქრისტემ ლაზარეს ავადმყოფობის ამბავი შეიტყო, მყისვე კი არ გაემგზავრა მასთან, არამედ ორი დღე დარჩა იმ ადგილზე, სადაც იმყოფებოდა, სადაც ეს შეტყობინება მიიღო, რათა ავადმყოფი კი არ განეკურნა, არამედ მკვდარი აღედგინა, – რაც უფრო დიდ ძალას გამოაჩენდა, მით უფრო განდიდდებოდა. ჯვარცმამდე რამდენიმე დღით ადრე მას მოწაფეთა რწმენა უნდა გაეღვიძებინა, და ვნებებისა და აღდგომისათვის მოემზადებინა. იგი ამზადებს თავის მეგობრებს იმისათვის, რომ მათ აღდგომის ღმერთი იხილონ – ძლევამოსილი, სიკვდილთან მებრძოლი, გამარჯვებული და მისი შემმუსვრელი, მანამდე კი უნდა მოხდეს რაღაც განსაკუთრებული, რაც მხოლოდ სიტყვით კი არ იქნება აღქმული და გაგებული, არამედ ყველა იმ გრნობით, რომლითაც ყოველი ადამიანი სამყაროსთან არის დაკავშირებული.
ლაზარეს სნეულება, ისევე, როგორც ბრმადშობილის სიბრმავე, არ ეწინააღმდეგება ღმრთის განგებულებას. უფალი თავის მოწაფეებსა და ბეთანიელ მაცნესთან საუბარში შენიშნავს, რომ ავადმყოფობა ლაზარეს მოევლინა არა სასიკვდილოდ, არამედ იმისთვის, რომ იდიდოს ღმერთის ძე მის მიერ. ამიტომ დააყოვნებს ბეთანიაში ჩასვლას. იგი ლაზარეს გარდაცვალებიდან ოთხი დღის შემდეგ განიზრახავს გამგზავრებას; „ჩემმა მეგობარმა ლაზარემ დაიძინა. მე მივიდე და განვაღვიძო იგი“, – ეტყვის მოციქულებს.
იესო სიკვდილს მიძინებას უწოდებს არა იმიტომ, რომ მას მართლა სძინავს, არამედ იმისთვის, რომ ადამიანის სიკვდილი მისთვის მიძინებაა, მის წინაშე ყველა ცოცხალია. ჩვენთვის მძინარე ადამიანის გაღვიძება იოლია, უფლისთვის კი არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს გარდაცვლილის აღდგინება. ამ სიტყვებით უფალი აჩვენებს, თუ რაოდენ ადვილად შეუძლია ადამიანის მკვდრეთით აღდგინება. მოწაფეები ცდილობენ, რომ გადააფიქრებინონ უფალს ლაზარესთან წასვლა, ვინაიდან მათთვის იუდეაში წასვლა სიკვდილთან შესახვედრად წასვლას ნიშნავდა. თომა გადაწყვეტს: „ჩვენც წავყვეთ, რათა მასთან ერთად დავიხოცოთ“ (ინ. 11; 16). იმისთვის, რომ სიცოცხლე დაუბრუნოს ადამიანს, რომელიც უყვარს, იესო მზადაა, თავად მოკვდეს. აქ კიდევ ერთხელ ცხადდება პასექის საიდუმლო: არა საიდუმლო სიცოცხლის მომცემი სიკვდილისა, არამედ ნება სიცოცხლისა, რომელიც სიკვდილის კარიბჭეს გაივლის. პირველადი – ხსნის სურვილია, მსხვერპლი კი მხოლოდ ამ სურვილის შედეგია. ბეთანიაში წასვლის გადაწყვეტილებით იესო თითქოს მოასწავებს თავის სიკვდილსა და აღდგომას.
მოციქულები არ ურჩევენ მაცხოვარს იქ წასვლას, რადგან იციან, რომ ვითარება მეტად დაძაბულია. ეუბნებიან: „მოძღვარ, აწღა გეძიებდეს შენ ჰურიანი ქვისა დაკრებად და კვალად მუნვე მიხვალა?“ მათი შიში, რა თქმა უნდა, არ იყო უსაფუძვლო, რადგან მღვდელმთავრებიდან დაწყებული, იუდეველთა ყველა ფენა: ფარისევლები, მწიგნობრები, სადუკევლები და სხვა სექტები, – ბოროტებით გაერთიანდნენ ქრისტეს წინააღმდეგ. მოციქულები პირველ რიგში მაცხოვარს უფრთხილდებოდნენ, რაიმე საფრთხე არ შემთხვეოდა და ადამიანურად იმისიც ეშინოდათ, ქრისტესთან ერთად, თავადაც არ გამხდარიყვნენ გამძვინვარებულ იუდეველთა მსხვერპლი. მათ ვერ გაიგეს მაცხოვრის სიტყვები და ეუბნებიან, „თუ ლაზარემ დაიძინა, ისევ გაიღვიძებსო“.
მაშინ ქრისტე მათ გაცხადებულად ეტყვის: „ლაზარე მოკვდა და მე მიხარის თქვენთვის, რათა გრწმენეს ჩემი“. როგორც ამ სიტყვებიდან ჩანს, უფალს უნდა, ადამიანი უფრო განვითარდეს რწმენაში, რომ მეტად დაუახლოვდეს ღმერთს, ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება კიდევ უფრო დააახლოებს იმ ადამიანებთან, რომლებიც უფლის მეგობრებად იწოდებიან და ეს ახარებს მაცხოვარს.
მხოლოდ მეოთხე დღეს მივიდა იესო ბეთანიაში, რადგან ელოდებოდა, სანამ ცხედარი სუნს აუშვებდა; ეს იმიტომ, რომ უფრო მეტად გამოევლინა თავისი ძლიერება. ლაზარეც ოთხი დღის დამარხული გახლდათ გამოქვაბულში და ლოდი ჰქონდა მიფარებული*.
_______________________
* ძველი იუდეველები სურნელოვან ეთერზეთებით უზელდენ ტანს მიცვალებულს, ტანსაცმლის გარეშე თეთრ სუდარაში ახვევდნენ, თოკებით შეკრავდნენ და ასე ასვენებდნენ გამოქვაბულში, გარდაცვლილს მიწას არ აყრიდნენ, და შესასვლელს კი მძიმე ლოდით ქოლავდნენ, ნადირს რომ არ შეეღწია შიგნით.
ისე, როგორც ყველგან, ბეთანიაშიც სასაფლაო გამოყოფილი იყო სოფლისგან. როდესაც მაცხოვარი იქ ჩადის, სოფლისა და სასაფლაოს გზის გასაყართან დადგება. მართა, ვითარცა ესმა, რომ „იესო მოვალს, მიეგებოდა მას“, თუმცა თავის დას არ შეატყობინა, რადგან სანუგეშებლად მისულები შეიძლება შეშფოებულიყვნენ, მარიამიც რომ მასთან ერთად წასულიყო სახლიდან. იესოს გამოჩენა კვლავ აღვივებს იმედს მართას გულში, მიეგება მას და უთხრა: „უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა, იმიტომ, რომ ღმერთს უყვარხარ, – შესთხოვდი და ღმერთიც შეგისმენდა“. იესო მისთვის წინასწარმეტყველად რჩება და ისიც წინასწარმეტყველებით პასუხობს მის მოლოდინს: „აღდგება შენი ძმა“. – ვიცი, რომ აღდგება აღდგომასა მას უკანასკნელსა დღესა, – მართა უფლის მეორედ მოსვლის დროს მკვდრეთით აღდგომას გულისხმობს. როგორც ჩანს, ამ საკითხზე უფალი ადრეც ესაუბრებოდა მას, – ახლა კი, მკვდარიაო, – ეუბნება. „მე ვარ აღდგომაი და ცხორებაი, რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მო-ღათუ-კუდეს, ცხოვნდესვე. და ყოველი, რომელი ცოცხალ არს და ჰრწმენეს ჩემი, არა მოკუდეს იგი უკუნისამდე, გრწამსა ესე? – ეკითხება იესო. და მაშინღა უპასუხა მართამ: „ჰე, უფალო, მრწმენა, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძეი ღმრთისაი, სოფლად მოსრული“. მართას რწმენის აღიარება ყველაზე სრულია წმიდა წერილში. იგი დიდ სიკეთეს ელოდებოდა იესოს სიტყვების საფუძველზე, ამიტომაც მარიამის მოსაყვანად გაიქცა. მან ფარულად დაუძახა თავის დას, რათა სამძიმარზე მისულ იუდეველებს არ გაეგოთ მის შესახებ (რათა იესო ბოროტმოქმედებს არ ჩაეგდოთ ხელში), და უთხრა: „გიხმობს“. მარიამს ჰგონია, რომ იესო მეგობრის საფლავთან გამოსათხოვებლად მოვიდა, და მისკენ გასწია. იუდეველებიც უკან გაჰყვნენ, რადგან ეგონათ ძმის სატირლად მიდიოდა საფლავზე, მაგრამ ისეთი სასწაულის მოწმენი გახდნენ, რომელსაც ვერაფრით უარყოფდნენ.
იესო ჯერ კიდევ იქ იყო, სადაც მართა მიეგება და ელოდებოდა დების მოსვლას, რათა ვინმეს არ ჰგონებოდა, რომ სასწაულის აღსრულებას ჩქარობდა როგორც ვინმე პატივმოყვარე.
ის, რაც მარიამზეა ნათქვამი, ასევე შეესატყვისება ლუკას მიერ აღწერილ სახეს. მარიამი მჭვრეტელ რწმენას განასახიერებს, მართა კი ქმედითს. მარიამიც იმავე სიტყვებს ამბობს, რასაც მისი და მართა, მაგრამ მომავალზე მინიშნების გარეშე. მთელი მისი არსება რწმენით არის გამსჭვალული და იესოს დანახვისთანავე იგი მის ფერხთით ემხობა, თაყვანს სცემს მას და ტირილით ეუბნება: „უფალო, უკუეთუმცა აქა იყავ, არამცა მოკუდა ძმაი იგი ჩემი“. მაცხოვარს არ უთქვამს მტირალი მარიამისთვის ის, რაც მის დას უთხრა, რადგან მაშინვე განიმსჭვალა მისდამი თანაგრძნობით – „იხილა იგი, რამეთუ ტიროდა და მის თანა მოსრულნი ჰურიანიცა ტიროდეს, შეძრწუნდა სულითა, ვითარცა რისხვით და რქუა მათ: სადა დასდევით იგი?“. რა თქმა უნდა, მან ძალიან კარგად იცოდა, სადაც იყო მისი მეგობრის საფლავი, მაგრამ ამას იმისთვის აკეთებს, რომ ხალხი თანამონაწილე გახდეს მისი სასწაულისა.
„უფალო, მოდი და ნახე“ (მუხლ. 34). იესო პირისპირ ხვდება სიკვდილს. იგი სწორედ იმისთვის მოვიდა, რომ იხილოს იგი. „და აცრემლდა იესო“ (მუხლ. 35). ამის დანახვაზე იუდეველებმა აღნიშნეს – აი, როგორ ყვარებია ლაზარეო, და ზოგი მათგანი იმასაც იტყოდა: „ბრმის თვალის ამხელელმა“ როგორ ვერ შეძლო, ლაზარეს სიკვდილი არ დაეშვაო. მათთვის უკვე ცნობილი იყო მისი ძალაუფლება სნეულებაზე, მაგრამ არა სიკვდილზე, რადგან ჯერ არ იციან, რომ იესო ქრისტე იმაზე მეტი სასწაულის აღსრულებას აპირებს, ვიდრე სიკვდილის შეკავებაა, ვინაიდან სიკვდილის განდევნა მას შემდეგ, რაც ის უკვე მოვიდა და ადამიანს დაეუფლა, გაცილებით დიდი სასწაულია, ვიდრე მისი შეჩერება, როცა ის ახლოვდება.
„იესუ კუალად, ვითარცა განრისხებული თავსა შორის თვისსა, მოვიდა საფლავსა მას“, და შემოკრებილი ხალხის თანდასწრებით უთხრა მათ: „აღიღეთ ლოდი ეგე“. მართამ კი უპასუხა: „უფალო, ყარს, რადგან მეოთხე დღე არის“. – „ხომ გითხარი შენ, თუ გრწამს, იხილო დიდებაი ღმრთისაი – პასუხობს იესო.
როდესაც ლოდი აიღეს, იესო თვალებს ცად აღმართავს და ხმამაღლა აღავლენს ლოცვას: „მამაო, გმადლობ შენ, რადგან ისმინე ჩემი. და მე ვიცი, რომ მარადის ისმენ ჩემსას, ამ ერისთვის ვთქვი, რათა ირწმუნონ, რომ შენ მომავლინე მე“, და შემდეგ ხმამაღლა დაიძახა: „ლაზარე, გამოდი გარეთ!“ მას სურს, რომ ხალხს გააგებინოს – იგი მამისგან მხოლოდშობილი, განკაცებული ძეა, რომელიც ყოველთვის მამასთან ერთობაშია.
_______________________
* მას არ უთქვამს: “აღდეგ“, არამედ: „გამოდი გარეთ!“, – მან მკვდარს ისე მიმართა, როგორც ცოცხალს, რადგან ღმერთისთვის გარდაცვლილიც ცოცხალია.
სამარისებური სიჩუმე დაისადგურებს, წარმოუდგენელი სასწაულის მოლოდინში გარინდებული ხალხი განიცდის, ხედავს, და გრძნობს იმ რეალობას, რაც იქ ხდება. იგი თანამონაწილე ხდება ამ პროცესისა.
მაცხოვრის დაძახილზე გამოვიდა ოთხის დღის მკვდარი ლაზარე ხელ-ფეხ შეკრული, სახე კი სუდარით ჰქონდა დაფარული, არცთუ დიდი ზომის თავსაბურით, როგორითაც, ჩვეულებრივ, ებრაელები თავს იფარავდნენ. უთხრა მათ იესომ: „განხსენით ეგე და უტევეთ, ვიდოდის“. ყველასათვის ცხადი გახდა, რომ ოთხი დღის დასაფლავებული და თოკებით ხელფეხშკრულიც მიცვალებულიც კი, რომელიც უკვე იხრწნებოდა, უფალს ემორჩილებოდა. სწორედ ამიტომ მრავალთა თანდასწრებით მივიდა საფლავთან იესო, ვინაიდან პირველი და ყველაზე სარწმუნო მოწმენი სწორედ ისინი გახდნენ, ვინც მღვიმეს ლოდი მოაშორეს და იგრძნეს გვამის სიმყრალე და შემდეგ იხილეს მისი ბრძანებით ოთხი დღის მკვდრის აღდგომა, ხოლო როდესაც მას თოკები ახსნიდენ, ისეთივე სხეული, გარეგნობა, მეტყველება, გრძნობა, გონება და შემეცნება ჰქონდა, როგორიც მანამდე.
ამ სასწაულის შედეგად გაიყვნენ იუდეველები, რადგან ბევრმა ირწმუნა იგი და მისი მიმდევარი გახდა. მართასა და მარიამის სიხარულს ხომ საზღვარი არ ჰქონდა. ამ ამბის შემსწრე ქრისტეს მიმდევრებში უდიდესი რწმენა გაჩნდა იმისა, რომ ქრისტეს სიკვდილი ვერ შეეხება, თუ მან თავისი ნებით არ იტვირთა იგი.
მართალი ლაზარეს აღდგინება განსხვავდება ქრისტეს აღდგომისაგან. ეს განსხვავება ერთი დეტალით არის ხაზგასმული: ლაზარეს „ხელ-ფეხი სახვევით ჰქონდა შეკრული“ (იოან. 11,44). იგი ტყვეა და უნდა განთავისუფლდეს, რათა „იაროს“. ქრისტეს აღდგომისას კი მისი განდიდებული სხეული გათავისუფლდება სახვევებისაგან ისე, რომ მათ სიმრთელეს არ დაარღვევს. ლაზარეს აღდგინება მხოლოდ სახეა. მას წინ სიკვდილი ელის, რადგან მისი სხეული ჯერ კიდევ დროისა და სივრცის, ცოდვისა და ხრწნილების ტყვეა.
ლაზარე სიმბოლოა ადამიანისა, რომელიც უფალმა დააბრუნა იმ ქვეყნიდან, რათა ცოდვაში მცხოვრებ ადამიანებს აუწყოს ღვთის გზით სიარულის აუცილებლობა, რათა არ დაიმძიმონ სული. მისი სიკვდილი და მკვდეთით აღდგენა უფრო მეტად დამარწმუნებელია ადამიანებისა, ვიდრე წინასწარმეტყველთა ქადაგებანი (ლუკა, 16, 19-31.).
ძველი აღთქმის წიგნებში მრავალი შემთხვევაა აღწერილი, როდესაც ღვთის ძალითა და მადლმოსილებით წინასწარმეტყველები აღადგენენ ახალგარდაცვლილ მიცვალებულებს. სახარებაშიც ქრისტე აღადგენს ერთი დღის გარდაცვლილ მიცვალებულებს. მაგ. იაიროსის 12 წლის ასული აღადგინა, ასევე ნინეველი ქალიშვილი, რომელიც დასაკრძალავად მიჰყავდათ, ქვრივის შვილი და სხვა. მაგრამ 4 დღის საფლავში მდებარე მიცვალებულის აღდგენამ მართლაც განაცვიფრა ქრისტეს მოწინააღმდეგეები, რადგან გახრწნილი ადამიანის აღდგენა შეუძლია მხოლოდ მას, ვინც თვითონ არის სიცოცხლის შემქმნელი და შემოქმედი, რომელმაც მეორედ მოსვლისას მიწიდან უნდა აღადგინოს ყველა ის მიცვალებული, ვისაც კი უცხოვრია დედამიწაზე. ამის დამადასტურებელია მაცხოვრის ჯვარცმისა და სიკვდილის შემდეგ სახარებაში აღწერილი შემთხვევები, როცა მრავალი ადამიანი საფლავებიდან აღდგა და ქალაქში გამოვიდა. მაშინ აღდგნენ ის ადამიანებიც, რომლებსაც სწამდათ უფლისა თავიანთ მიწიერ სიცოცხლეში. თუმცა იუდეველმა მღვდელმთავრებმა ვერ მიიღეს ეს სასწაული და მკვდრეთით აღდგენილი ლაზარეს მოკვლა გადაწყვიტეს.
ღირსი ლაზარე წმიდა სახარებაში კიდევ ერთხელ იხსენიება: მისი აღდგინების შემდგომ, ჯვარცმამდე ექვსი დღით ადრე ლაზარეს ოჯახის წევრებმა მადლობის ნიშნად იესო ქრისტესა და მის მოწაფეებს სადილი გაუმართეს. „მოუმზადეს მას მუნ სერი. ხოლო ლაზარე იყო ერთი მეინახეთაგანი მის თანა“ (ინ. 12; 1-2, 9-11). ამ სადილზე, მაშინ როცა მართა სტუმრებზე ზრუნავდა, მარიამმა ის წესი აღასრულა, რასაც ჩვეულებისამებრ ოჯახის მსახურები ასრულებდნენ (სტუმარს ფეხს ბანდნენ): უზომოდ დიდი მადლიერების ნიშნად მან წყლის ნაცვლად მირონით დაბანა ფეხები ქრისტეს და ტილოს ნაცვლად საკუთარი თმებით შეუმშრალა. ეს ფაქტი, რომელიც აღწერილია იოანე მახარებლის მიერ (12:1-8) არ არის იგივე ფაქტი სადაც ცოდვილი დედაკაცია მთავარი მოქმედი პირი და რომელიც დიდი ოთხშაბათის ცისკარზე იკითხება. ლაზარეს დამ თავისი მადლიერება, ხოლო ცოდვილმა დედაკაცმა თავისი სინანული გამოხატა.
მთავარდიაკონ სტეფანეს მკვლელობისა და იერუსალიმის ეკლესიებზე დევნისა შემდეგ წმინდა ლაზარემ იერუსალიმთან ახლოს მდებარე ბეთანია სხვა ქრისტიანებთან ერთად დატოვა, და თავის დებთან ერთად მშვიდობით გადავიდა კუნძულ კვიპროსზე, სადაც პავლე და ბარნაბა მოციქულები ქადაგებდნენ. კვიპროსზე თავს აფარებდნენ იუდეველთაგან დევნილი ქრისტიანებიც. სწორედ იქ შეხვდნენ მკვდრეთით აღმდგარ ლაზარეს პავლე და ბარნაბა მოციქულები და ამ უკანასკნელმა მას 47 წელს ქალაქ კიტიონის (ახლა ქ. ლარნაკა) არქიეპისკოპოსად დაასხა ხელი
დიდად იღვაწა წმინდა ლაზარემ კუნძულ კვიპროსზე ქრისტიანობის გავრცელებისათვის. სიკეთისა და ჭეშმარიტი რწმენის გამო მართალი და წმინდა ეპისკოპოსი ძალიან უყვარდათ კუნძულის მაცხოვრებლებს. ერთი გადმოცემის მიხედვით ეპისკოპოსს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ არასოდეს გაუღიმია გარდა ერთი შემთხვევისა, როცა მან დაინახა თუ როგორ იპარავდა ქურდი თიხის ქოთანს. მაშინ მან გაიღიმა და თქვა: თიხა იპარავს თიხას. მისი მოწყენილობის მიზეზი ყოფილა იმ სულთა საშინელი ყოფის ხსოვნა, რომელიც მან ჯოჯოხეთში ჩასვლისას იხილა.
18 წელი (45-63 წ.წ) ხელმძღვანელობდა კვიპროსის მრევლს წმინდა ლაზარე და დიდი პატივის ღირსიც გახდა – ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი პირადად ეწვია კუნძულს მის მოსანახულებლად იოანე ღმრთისმეტყველის თანხლებით და თავისი ძისა და ღმრთის მეგობარს თავისივე ხელით შეკერილი სამღვდელმთავრო ომოფორი და საბუხრეები ( თასმებით შესაკრავი ვიწრო სამკლაურები) უბოძა.
მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ლაზარემ კიდევ ოცდაათი წელი იცხოვრა. უფლის რჩეული მეორეჯერ კვიპროსზე მიიცვალა მშვიდობით იგი თავისივე ქალაქში დაკრძალეს (ლაზარე მართლის 2 საფლავი არსებობს: ბეთანიასა და კვიპროსზე.). ალბათ ამის გამოც მიიღო ქალაქმა სახელწოდება – ლარნაკა (ითარგმნება როგორც აკლდამა). IX ს-ში წმინდა ლაზარეს საფლავზე მისი სახელობის ტაძარი ააგეს, ქალაქის დიდი ნაწილი ბერძნულ სექტორშია მოქცეული. კუნძულ კვიპროსზე დაიბადა და აქვე განისვენებს მოციქული ბარნაბაც, რომელიც იესოს 70 უახლოეს მოწაფეთაგანი იყო.
გადმოცემის მიხედვით, ეპისკოპოს ლაზარეს საფლავი არაბთა მმართველობის მანძილზე დაკარგულად ითვლებოდა. იგი ნაპოვნი იქნა მხოლოდ 890 წ. ბიზანტიის იმპერატორის ლეონ VI ბრძენის ბრძანებით. უხრწნელი ნაწილები აღმოიყვანეს და ჩააბრძანეს მარმარილოს ლუსკუმაში, რომელსაც ეწერა: „ლაზარე, ოთხთა დღეთა საფლავად მდებარე, მეგობარი ქრისტესი“. ბიზანტიის იმპერატორის, ლეონ ბრძენის (886-911) ბრძანებით, 898 წ. სიწმიდე კონსტანტინოპოლში გადაასვენეს და წმ. ლაზარეს სახელობის ტაძარში მიუჩინეს ადგილი. მოგვიანებით, მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობისას გამოხსნილ იქნა დაპყრობილი კონსტანტინოპოლიდან და მარსელში იქნა გადასვენებული, სადაც გაუჩინარდა კიდეც მისი კვალი.
წმ. ლაზარე მართლის ეკლესია კვიპროსის ქალაქ ლარნაკაში მდებარეობს და კვიპროსის ეკლესიის დაქვემდებარებაშია. ეკლესია იმ ადგილზეა აშენებული, სადაც წმინდა ლაზარეს საფლავია განთავსებული. ეკლესია მეცხრე საუკუნის ბოლოსა და მეათე საუკუნის დასაწყისშია აშენებული და ერთია იმ სამი ბიზანტიური ხანის ეკლესიებიდან, რომელიც გადარჩა კვიპროსზე. ეკლესიას დამახასიათებელი ფორმა აქვს: იგი გრძივი ფორმისაა, დაახლოებით 30 მეტრის სიგრძითა და 15 მეტრის სიგანით. ეკლესია 3 ძირითად ნაწილად არის დაყოფილი, რომელთაგანაც ყველაზე მაღალ სექციაში განთავსებულია სამრეკლო, რომელიც ოტომანების მმართველობის პერიოდში განადგურდა და ეკლესია მეჩეთად იქნა გადაკეთებული (დაახლ. 1571 წ). 1587 წელს ოტომანებმა უკან მიჰყიდეს ეკლესია მართლმადიდებლებს, სავარაუდოდ, ქრისტიანული საფლავების გამო. 1857 წელს, როდესაც ქრისტიანებს ნება დართეს ჰქონოდათ ეკლესიებში სამრეკლოები, ლაზარეს ეკლესიის სამრეკლოც აღადგინეს.
1970 წ. მომხდარმა ხანძარმა ეკლესიაში განთავსებული ხატების ნაწილი გაანადგურა, თუმცა 1972-74 წლებში ეკლესიაში აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა და ზუსტად ამ სამუშაოების მიმდინარეობისას ნაპოვნი იქნა მართალი ლაზარეს „წმინდა ნაწილები“, როგორც ჩანს, მისი ყველა ნაწილი არ გადაუტანიათ კონსტანტინოპოლში და ადგილობრივებს ჩუმად დაუტოვებიათ ტაძარში, სადაც დღესაც ასვენია.
წმ. ლაზარეს ეკლესიაში შესულნი ჩავდივართ კრიპტაში, სადაც წმ. ლაზარეს აკლდამაა. ამ ქვებში ესვენა ოდესღაც ადამიანის სხეული, რომელიც თვით უფლის მეგობარი იყო მისი მიწიერი ცხოვრების დროს, ადამიანისა, რომელსაც მოევლინა უდიდესი სახარებისეული სასწაული – სასწაული ოთხი დღის გარდაცვლილის მკვდრეთით აღდგომისა. „ლაზარე, ქრისტეს მეგობარი“ – ასეთი წარწერაა მარმარილოს სარკოფაგზე. ახლა ქვის აკლდამა ცარიელია, ზოგიერთი მომლოცველი წვება კიდეც მასში და გამოჯანმრთელებაზე სასოებს. მართალი ლაზარეს წმ. ნაწილები ინახება ზარდახშაში, რომელიც ტაძრის ცენტრალურ ნაწილში, წმინდანის ხატის წინ დგას.
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის „ლაზარეს შაბათი“, როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავის მეგობრის, ოთხი დღის მკვდარი ლაზარეს აღდგინებას (იოანე 11. 1-45).
საქართველოში მართმადიდებლური ეკლესია ლაზარეს შაბათს განსაკუთრებულად ზეიმობს, ვინაიდან ამ დღეს არის აგრეთვე დღესასწაული ქართული ენისა. ქართველ ხალხს ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება ძველთაგანვე ქართული ენისა და სრულიად საქართველოს აღდგინების სიმბოლოდ მიაჩნია. იოანე ზოსიმეს „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“-ს მიხედვით, „დამარხულ არს ენაი ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაითა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა. და ესე ენაი მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან!“.
ჩვენი წინაპრებისათვის ლაზარე ქართველი ხალხის, ქართული ენის, საქართველოს სიმბოლოდ იქცა. მათ სწამდათ, რომ ქართული ენა, ქართული ანბანი, ქართველი ერი, ზოგადად საქართველო – ლაზარეა – ვინაიდან იგი იცნობს, ატარებს ისეთ საიდუმლოებას, რომლის შესახებაც ამქვეყნად სხვა ადამიანებისათვის უცნობია, მას უფლისათვის სიკვდილი აქვს განცდილი, ნანახი აქვს იმქვეყნიურობა და აღმდგარია მკვდრეთით, კვლავ მოვლინებულია ამქვეყნად, რათა კვლავ სწამოს უფლისათვის. ქართულ ენას (ქართველ ერს) ლაზარეს უწოდებენ იმიტომ, რომ ამ ენის მატარებელმა ხალხმაც მართლაც სწამა (ეწამა) ქრისტესთვის და მას მიანდო ყველაფერი, როგორც ლაზარეს შემთხვევაში მოხდა, მიანდო ენა, სისხლი, სარწმუნოება, კულტურა, მიწა-წყალი, ანუ ყველაფერი რაც მისი მოცემულია, და კვლავ ვალდებულია დღენიადაგ უფრთხილდებოდეს, ზრუნავდეს მისთვის, ვითარცა მართალი იოსები იფარავდა მტერთაგან ჩვილ ყრმას, მაცხოვარს ჩვენსას, იესო ქრისტეს.
იოანე-ზოსიმე წინასწარმეტყველებს, რომ ღმერთთან ერთობაში მყოფ ქართველ ერს გადაშენება არ უწერია. საყოველთაო განსჯის დღეს, ანუ მერვე დღეს, ჩვენი ერი ლაზარესავით მკვდრეთით აღდგება, როგორც სამაგალითო და ღმერთთან დამეგობრებული.
ქ. თბილისში, დიღომში, კინოსტუდიის ეზოში ბატონ რეზო ჩხეიძის ინიციატივით აშენდა და მოქმედებს ლაზარეს აღდგინების სახელობის ტაძარი.
გამოკრიბა, დაამუშავა და შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა
სავედრებელი პარაკლისი მართლისა ლაზარესი კვიპრელი ეპისკოპოსისა
