გაბრიელ ქიქოძე

07 თებერვალი. ცხოვრება და ღვაწლი წმიდა გაბრიელისა (ქიქოძე) იმერეთის ეპისკოპოსისა (+1896)

ცხოვრება და ღვაწლი წმიდა გაბრიელისა (ქიქოძე) იმერეთის ეპისკოპოსისა (+1896)

ხს. ძვ. სტ. 25 იანვარი /ახ.სტ. 7 თებერვალი

1825 წლის 15 გიორგობისთვეს ოზურგეთის მაზრის სოფელ ბახვში, გურიის უკანასკნელი მთავრის მამია გურიელის კარის მოძღვარს მაქსიმე ქიქოძესა და მის მეუღლეს მარიამ დგებუაძეს ტყუპი ვაჟი შეეძინათ. ბავშვობიდან ერთი ძიძას მიაბარეს, თუმცა მალე გარდაიცვალა, მეორე კი, უფრო სუსტი დედამ გაზარდა. იგი სულ ტიროდა პატარაობისას და „ტირიას“ ეძახდნენ” – იგონებს თვითმხილველი. მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ღარიბი გურული მღვდლის ოჯახში დაბადებული მტირალა ბიჭუნა, რომელსაც სახელად გერასიმე დაარქვეს, ცნობილი ქართველი სასულიერო მოღვაწე, მქადაგებელი, მეცნიერი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე გახდებოდა. იმერეთის მომავალი ეპისკოპოსის აღზრდა მამის კერასთან, საკუთარ ქოხში დაიწყო. დედა ისე ადრე გარდაცვლილა, რომ გაბრიელს არც ახსოვდა. ამ დროს საქართველოში უკვე არსებობდა რუსის სკოლა – კეთილშობილთა სასწავლებელი თბილისში, სემინარია, გიმნაზია, მაგრამ პროვინციაში, არ მოსწონდათ უქართულო, უენო სკოლა, ამიტომ უმეტესობა ისევ ძველ ტრადიციებს იცავდა. გერასიმეს აღზრდა სავსებით სასულიერო, საეკლესიო, საღმრთო იყოო – მოგვითხრობს წმინდა გაბრიელის ბიოგრაფი მამა მელიტონ კელენჯერიძე – ბავშვი ლუკმას როგორ ჩაიდებდა პირში, თუ ჯერ მამაო ჩვენოს არ იტყოდა, ან დაძინებას ვინ გაბედავდა, თუ სერობას არ ილოცავდნენ. მამა მაქსიმეს ბავშვები თან მიჰყავდა საყდარში. აქ პატარა გერასიმე ხან სანთლებს ანთებდა, ხან საცეცხლურს უბერავდა, ხან პატარა ზარებს რეკავდა, ხანაც მამას შესამოსელს მიაწოდებდა, თუმცა ხშირად ძილი ერეოდა. გაბრიელ ეპისკოპოსის მოგონებებიდან: …ხანგრძლივი მწუხრის ლოცვის დროს, ვიწრო, ჩამობნელებულ ეკლესიაში, რომელიც სავსე იყო მლოცველებით, მივწვებოდი სადმე კუთხეში ეკლესიის კედელთან ნოტიო ცივ მიწაზე, მკვდარივით მივიძინებდი და მთელს მწუხრს ასე მძინარე გავატარებდი. მამაჩემმა იცოდა ეს ჩემი სისუსტე და ყოველ მწუხრის გათავების შემდეგ მომიკითხავდა, დაკეტილ ეკლესიაში არ დარჩესო”.

გაბრიელ ეპისკოპოსის ცხოვრების წესი, რელიგიური რწმენა, მუყაითობა, რელიგიურ ვალდებულებათა მოუწყინარი შესრულება, სულიერი სიფრთხილე, საათობით მუხლზე დგომა, ხატის წინ გამუდმებული ლოცვა ანუ ყველაფერი, რასაც განცვიფრებაში მოჰყავდა გაბრიელ ეპისკოპოსის მესაიდუმლე და მოსამსახურე პირები, გაჩნდა, განვითარდა და განმტკიცდა ძველი ტიპიური ქართველი მორწმუნე-მოჭირნახულე და მოსიყვარულე ხუცესის ოჯახში, სადაც ღვთის გარეშე… ზრახვა არ გაჩნდებოდა გულში. გერასიმე არ იყო ნაზად აღზრდილი, ნაფუფუნები, და თავგასული ქართველი ბატონიშვილი. ის სოფლის ღარიბი ხუცესის შვილი იყო, მამის ღარიბ კერასთან, კვამლიან ქოხში, მჭადით და ღომით გაზრდილი და გლეხის ბიჭებთან თანაშეზრდილი ბუნების ნამდვილი შვილი. თუ წიგნს არ კითხულობდა, ან მამას ედგა გვერდით სათოხარში, ან ბიჭებთან თამაშობდა ან შეშას ეზიდებოდა. gულმოდგინედ ლოცვა, სწავლა, ფიზიკური მუშაობა და თამაშობა – აი ოთხი აუცილებელი ელემენტი ამ დროის საღი აღზრდისა… მღვდელი. მ. კელენჯერიძე.

მამია გურიელი განთქმული ყოფილა, როგორც გალობის დიდი მოამაგე და მისი კარის მოძღვარიც საეკლესიო გალობის კილოების ზედმიწევნით მცოდნე იყო. პატარა გერასიმეს ქართული წერა-კითხვა, ხუცური, გალობა და სხვადასხვა საეკლესიო წესი კარგად შეუსწავლია და ეკლესიაშიც ეხმარებოდა მამას, რომელიც ხშირად დადიოდა ოზურგეთში ბატონთან ადგილობრივ ეკლესიაში წირვა-ლოცვის აღსასრულებლად და pატარა დიაკონი (ანუ იპოდიაკონი) გერასიმეც თან დაჰყავდა, და ვინაიდან ოზურგეთში რუსის ჯარი იდგა, მამა მაქსიმე ჯარისკაცებსაც უწირავდა ხოლმე ოზურგეთში, რასაკვირველია ქართულად, რუსულის უცოდინარობის გამო” – გვაუწყებს მ. მელიტონი, მაგრამ ერთი რუსი ფელდფებელი სლავიანურად ჟამნობდა და გალობდა. გერასიმემ მისგან ისწავლა სლავიანური სამოციქულოს კითხვა და რუსულ ლაპარაკსაც შეეჩვია…

სწორედ ამ პერიოდში, 1834 წელს პატარ გერასიმეს უფროსი ძმა ვასილი ათონის მთაზე წასულა და ივერონის მონატერში მღვდელ-მონაზონ მამა ბენედიქტესთან (ქიოტიშვილი – მან 1822 წელს თურქთაგან აოხრებას გადაარჩინა ივერონი) მისულა. ცოტა ხანში სულიერმა მამამ ვასილი ბერად აღკვეცა და ბესარიონი უწოდა.

1837 წელს მამამ გერასიმე ძმებთან ერთად თბილისში წაიყვანა და სასულიერო სამაზრო სასწავლებელში მიაბარა, რომელიც ორი წლის მერე ბრწყინვალედ დაამთავრა და სწავლა განაგრძო ტფილისის სასულიერო სემინარიის მცირე gანყოფილებაში. 1841 წელს სემინარიის მასწავლებელი, სიტყვიერების პროფესორი გ. კანევსკი ფსკოვის სემინარიაში გადაიყვანეს და თავის საყვარელი მოწაფე – გერასიმე ქიქოძეც თან წაიყვანა. უცხო ქალაქში ის დიდხანს არ დარჩენილა, მალე პეტერბურგის სემინარიაში გადავიდა და მისი დასრულების შემდეგ სასულიერო აკადემიაში შევიდა. აქ, რუსეთში გერასიმეს შორეული სამშობლოს ბედი აღელვებდა, ხედავდა დანგრეულ საქართველოს, ბაგრატიონთა საგვარეულო ოჯახის დამსხვრევას და რუსეთში მიმოფანტულ ამ ნამსხვრევებს… პეტერბურგში გერასიმე გიორგი XIII-ის შვილს, მიხეილს დაუახლოვდა. მიხეილი იყო ყველა გაჭირვებულის შემწე და გამკითხავი, განათლებულს ფილოსოფიური სჯა-ბაასი უყვარდა. ამ მეცნიერი ბატონიშვილის ნათელმა მსჯელობამ ნათლად და გარკვევით შეაგნებინა ჭაბუკ გაბრიელს ეს საგანი და წაახალისა შეესწავლა შეგნებით და არა უსულოდ და მშრალად, როგორც აკადემიაში ნემეცი პროფესორი ასწავლიდათ…

1849 წელს გერასიმე ქიქოძემ წარმატებით დაასრულა პეტერბურგის სასულიერო აკადემია მაგისტრის ხარისხით. 4 ნოემბერს დაქორწინდა იმპერატორის მთავარი შტაბის ეკლესიის წინამძღვრის ნიკოლოზ ვლადიკინის ქალიშვილზე _ მარიაზე, 18 ნოემბერს კი უწმინდესი სინოდის ობერ-პროკურორმა ნ. პროტასოვმა საქართველოს ეგზარქოს ისიდორეს (1844-1858 წ.წ.) ახალგაზრდა ქართველი მაგისტრის თბილისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორად დანიშვნის შესახებ აცნობა. 1850 წლის თებერვალში გერასიმე ქიქოძე მეუღლესთან ერთად თბილისში დაბრუნდა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას შეუდგა. იგი იყო რექტორის თანაშემწეც საღვთისმეტყველო საგნებში. მან თავისი განათლებით, კეთილშობილებით, პედაგოგიური და ორგანიზატორული ნიჭით უდიდესი ავტორიტეტი მოიხვეჭა სემინარიაში და სასულიერო მთავრობის ყურადღებაც დაიმსახურა. გარდა მშობლიური ქართულისა და რუსული ენისა, სრულყოფილად ფლობდა ფრანგულს, კითხულობდა გერმანულად. თბილისის სასულიერო სემინარიაში იგი გამოჩნდა, როგორც გაბედული მასწავლებელი და აღმზრდელი, რომელიც ახალ გზებს ეძებდა პედაგოგიური პროცესის გაუმჯობესებისათვის. პირველი ამოცანა, რა თქმა უნდა, სკოლისათვის წესრიგის დამყარება და სასწავლო დისციპლინის განმტკიცება იყო. როგორც ჭეშმარიტი მოძღვარი იგი გამოირჩეოდა უბრალოებითა და სიკეთით, აღსაზრდელებს ეპყრობოდა როგორც ადამიანებს, და პოლიციელივით როდი უყურებდა მათ – როგორც საეჭვო პირებს. იყო წრფელი, მართალი და სამართლიანი, რომლის სიტყვა და საქმე არასოდეს დაშორებია ერთმანეთს. ინსპექტორ ქიქოძეს ადამიანის ცხოველმოქმედების ნორმად მიაჩნდა გონებრივი და ფიზიკური შრომის მონაცვლეობა. ამ წესს იგი თვითონ მკაცრად იცავდა. თავის ინტენსიურ გონებრივ შრომას ის ცვლიდა შეშის დაჭრით, რასაც ყოველდღე მიმართავდა რეგულარულად, განსაზღვრულ საათებში. მოსწავლეები ბაძავდნენ თავიანთ ინსპექტორს, მონაწილეობდნენ სამეურნეო სამუშაოებში და ამით უმსუბუქებდნენ მსახურთ ფიზიკურ შრომას. აღზრდის საშუალებათა სისტემაში გერასიმე ქიქოძე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა თამაშებს და ეჭვით უყურებდა იმ აღსაზრდელებს, რომლებიც უქმად ატარებდნენ დროს. პედაგოგი (ინსპექტორი) ამ დროს ან შეშას აპობდა მოთამაშეთა ახლოს, ანდა აივნიდან უყურებდა ბავშვებს, აქებდა იმათ, ვინც თამაშობაში უფრო მეტ მოხერხებულობასა და ღირსებას იჩენდა. იგი ხუთ წელიწადს იყო ინსპექტორად. ამ ხნის განმავლობაში ათასმა სულმა შეგირდმა გამოიარა მის ხელში, მაგრამ არც ერთთან უსიამოვნება არ შეხვედრია, არც ერთი არ მომდურებია. პირიქით, ყველას ლმობიერად, მამობრივი სიყვარულით და მზრუნველობით ეპყრობოდა.

1851 წლის 16 დეკემბერს გერასიმე ფიზიკისა და მათემატიკის პროფესორადაც ინიშნება; 1854 წლის 1 ნოემბერს ტოვებს სასულიერო სემინარიის ინსპექტორის თანამდებობას და მხოლოდ ამ ორი საგნის მასწავლებლობა შეინარჩუნა. მალე ის „თბილისის კეთილშობილთა ქალების ინსტიტუტში” რელიგიის მასწავლებლად დანიშნეს, მაგრამ გერასიმეს სურვილი მღვდელობა იყო და ამავე წლის 7 /XI სიონის ტაძარში დიაკვნად აკურთხეს, 8/XI კი მღვდლად. 15/XI შეუდგა სამსახურს კეთილშობილ ქალწულთა ინსტიტუტში, სადაც იმავე წლის სექტემბერში საღმრთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა სემინარიის პროფესორის თანამდებობაზე დატოვებისა და ინსპექტორობიდან განთავისუფლების პირობით. გერასიმე ქიქოძე, გათავისუფლდა რა ადმინისტრაციული ფუნქციებისაგან, მთლიანად დაკავდა პედაგოგიური და მეცნიერული საქმიანობით და ჯილდოს ჯილდოზე ღებულობდა.

იმდროინდელ სკოლებში დოგმატიზმის პრინციპი ბატონობდა, რომელიც პედაგოგს არ ავალდებულებდა ნათლად აეხსნა მოსწავლეებისათვის სასწავლო მასალა. მდგომარეობას ამძიმებდა ის, რომ სწავლება რუსულ ენაზე მიმდინარეობდა. ყოველივე ამის შედეგი იყო სახელმძღვანელოს ტექსტების უაზრო დაზეპირება. მასწავლებლის ცოცხალ, გასაგებ ახსნას მოკლებულ მოსწავლეებს წიგნის იმედიღა რჩებოდათ, რომელსაც იზეპირებდნენ. გერასიმე ქიქოძე დამოუკიდებელ აზროვნებას და ყოველივე მნიშვნელოვანის შეგნებულად შეთვისებას მოითხოვდა. მან მოსწავლეებს აუკრძალა მის საგნებში წიგნების შეძენა და მისი მონათხრობის ჩაწერა. მათ ყურადღებით უნდა მოესმინათ მისი ახსნა-განმარტება. მან ამ გზით ბავშვებს აზროვნება დააწყებინა და ნაფიქრ-ნააზრევის მარტივად და გასაგებად გადმოცემის ჩვევა გამოუმუშავა. cოცხალი სწავლების ეს ხერხი გადაიღო ზოგიერთმა სხვა ახალგაზრდა მასწავლებელმაც და ძველი მკვდარი ზუთხვა გაუქმდა. წმინდა გაბრიელმა დაუყოვნებლივ დაიწყო ზრუნვა ფიზიკის ისეთი სრული კაბინეტის შესაძენად, რომლის მსგავსი მაშინ თბილისში არ იყო და რომლითაც დროგამოშვებით საერო სასწავლებლებიც კი სარგებლობდნენ. შეიძინეს ზოგიერთი ასტრონომიული ხელსაწყოც, რომლებითაც საღამოობით მნათობებს აკვირდებოდნენ. sემინარიაში დაიწყეს აგრეთვე მიღება საუკეთესო საერო ჟურნალებისა, იწერდნენ უახლეს თხზულებებს ცოდნის სხვადასხვა დარგიდან, რის შედეგად გონებრივი საქმიანობა მოსწავლეთა შორის ფართოდ გაჩაღდა.

მოსწავლეთა გონივრული განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა პედაგოგთა კამათის მოსმენას მათ მიერ: ყოველ საღამოს სემინარიის აივანი წარმოადგენდა გაცხოველებული დავის ასპარეზს… ეს გონებრივი საქმიანობა, რომელიც ხშირად მიმდინარეობდა მოსწავლეთა თვალწინ, ძალიან კეთილნაყოფიერ გავლენას ახდენდა მათზე და უღვივებდა მათ ცნობისმოყვარეობას და ინტერესს გონებრივი შრომისადმი. აშკარად შემცირდა ბავშვთა საიდუმლო ბიწიერებანი, რომელიც ასე გავრცელებული იყო დახურულ სასწავლებლებში. შემცირდა დაავადებათა რიცხვი, ბავშვები უფრო ჯანმრთელად გამოიყურებოდნენ. თუ ადრე ხშირი იყო კონფლიქტები პედაგოგებსა და სემინარისტებს შორის, ქიქოძის ინსპექტორობის პერიოდში რაიმე აჯანყებას, ან, მითუმეტეს, ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.

გერასიმეს სამოღვაწეო ასპარეზზე გამოსვლა ემთხვევა იმ პერიოდს, როცა იდეალიზმი ადგილს უთმობდა რეალიზმ-მატერიალიზმს, სწორედ ამ დროს გერასიმე ქიქოძე იწყებს მუშაობას საქართველოში არარსებულ შრომაზე: დისეული ფსიქოლოგიის საფუძვლებზე. ვინაიდან ამ დროისათვის საქართველოში თითქმის შეუძლებელი იყო ამგვარი ნაშრომის ცენზურაში გატარება, მან ხელნაწერი თავის მეგობარსა და თანამოაზრეს მღვდელ ალექსანდრე რუდაკოვს გაუგზავნა პეტერბურგში, სადაც ნაშრომი დაიბეჭდა კიდევაც.

1856 წელს, 32 წლის ასაკში მას თავს დაატყდა საშინელი ტრაგედია: სულ მოკლე ხანში გარდაეცვალა მეუღლე და 3 შვილი, ხოლო ჩვილი ბავშვი გასაზრდელად მიაბარა ,,ძიძას, ნემცის ქალს, ნემცების კოლონიაში”, მაგრამ ის და მეორე ბავშვიც, რომელიც სემინარიის ერთ ცოლშვილიან მღვდელს მიაბარა, მალე გარდაიცვალნენ. ამან დიდი გავლენა იქონია ახალგაზრდა პედაგოგისა და მეცნიერის შემდგომ ცხოვრება-მოღვაწეობაზე. მღ.მელიტონი თავის წიგნში გვაუწყებს: ვერის წმ. ნიკოლოზის სასაფლაოზე ძველი ეკლესიის ქვედა ყურესთან აღმოსავლეთით ჩვენ ვიპოვეთ გაბრიელის ცოლის და შვილების საფლავი. საფლავზე დადებულია ალგეთის, ლურჯი, სადად გათლილი ქვის ლოდი… როცა გაბრიელი თბილისში მოვიდოდა, ყოველთვის ამ საფლავზე გაჩნდებოდა, პანაშვიდს გადიხდიდა ცოლ-შვილის საფლავზე, მერე დაჯდებოდა ქვაზე და დაიწყებდა წიგნის კითხვას. დაღამებულზე წავიდოდა შინ…”

ცოლ-შვილის გარდაცვალების შემდეგ თავზარდაცემულმა მამა გერასიმემ მოინდომა მღვდლობის განტევება”, მაგრამ ეგზარხოსმა ისიდორემ (ნიკოლსკი) მასზე დიდი გავლენა იქონია. აი რა უთხრა მან სასოწარკვეთილს: aრ ხედავ, რა გიყო უფალმა? ცოლი მოგაშორა, შვილები მოგაშორა და შერაცხა ანგელოზებად და მათ ნაცვლად გაძლევს ქართველთა ერთა, რათა უწინამძღვრო მათ, ასწავო გზა ჭეშმარიტებისა და მიუძღვნა უფალსა ერი იგი განათლებული და განწმენდილი ყოვლისა ბოროტებისაგან”. შეგონებამ გავლენა მოახდინა დამწუხრებულზე. მან თავისი უბედურება მიიღო, როგორც უფლის ნება და დარჩენილი ცხოვრებაც უფალს მიუძღვნა.

1856 წლის 29 სექტემბერს სიონის ტაძარში მამა გერასიმე ბერად აღიკვეცა გაბრიელის სახელით, რის შესახებაც სემინარიას 6 ოქტომბერს ეცნობა. მან ერთდროულად გააგრძელა სამსახური სასულიერო სემინარიასა და კეთილშობილ ქალწულთა ინსტიტუტში. 1858 წლის 5 იანვარს მღვდელმონაზონი გაბრიელი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს და მეორე დღესვე დავით-გარეჯის მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს, სადაც მან დაახლოებით ერთი წელი იმსახურა. მისი სულიერი ცხოვრების სურათს იძლევა ალ. რუდაკოვის წერილები: შენ მიიღე შენი ჯვარი სიხარულით და ატარებ სიყვარულით… ჩემს შენზე მწუხარებაში მანუგეშებს მხოლოდ ის, რომ სულით არ დაეცი შენ, რომ არ აყვედრი ღმერთს და ემორჩილები სიმდაბლით მის ნებას. გამხნევდი და გასწი მწუხარებით სავსე ნაჩვენები გზით, რომელზეც დაგადგინა შენ მარჯვენემან ღვთისამან”.

1859 წლის 13 თებერვალს წმინდა გაბრიელი ეპისკოპოსად აკურთხეს და გორის ეპარქია ჩააბარეს. ამავე დროს დაინიშნა საქართველოს ეპარქიის ვიკარად, საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრად და შუამთის მონასტრის წინამძღვრად. წმინდა გაბრიელმა პედაგოგიური საქმიანობა მიატოვა. დიდად სამძიმო იყო საყვარელ მასწავლებელთან უკანასკნელი გამოთხოვება სემინარიისა და ინსტიტუტის შეგირდებისათვის. ბევრი ცრემლი დაიღვარა ამ დღეს სასწავლებელში” – წერს მღვდელი მელიტონი.

ქორეპისკოპოსს არავითარი უფლება არ გააჩნდა, უფროსი ეპისკოპოსის დაუკითხავად ნაბიჯსაც ვერ გადაადგამდა. aმ კალაპოტში – წერს მღ. მელიტონი – დიდი ნიჭი და გაბედულება არის საჭირო, რომ ამ უფერულობაში რაიმე განსხვავება, გამონაკლისი, სიცოცხლე, საქმიანობა შეიტანო და თანაც უვნებელი დარჩე”. გაბრიელმა ეგზარხოსისა და საზოგადოების ყურადღება თავისი ქადაგებით მიიქცია.

ჩინებულ ორატორს დაბრკოლებაც ბევრი ეღობებოდა წინ, ეს იყო დროის სული, რეჟიმი და ცენზურა. ხშირად ეგზარხოსი ევსევი გაბრიელის აზრებს, მამა მელიტონის სიტყვით რომ ვთქვათ, უკუღმა გადაატრიალებდა და ისე დაავალებდა თქმას”. მაგრამ გაბრიელი ჯიუტობდა და სიტყვას მაინც თავისებურად წარმოსთქვამდა…

ამავე წელს წმინდა გაბრიელის ორიგინალური სამეცნიერო ნაშრომი – „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები“ რუსულ ენაზე გამოიცა პეტერბურგში და მის გარშემო ატეხილმა დისკუსიამ და აზრთა სხვადასხვაობამ განსაკუთრებით გაუთქვა სახელი. XIX ს. 60 იან წლებში ეს ნაშრომი იქცა ფსიქოლოგიის თითქმის ერთადერთ სახელმძღვანელოდ რუსეთის იმპერიის სასულიერო სემინარიებში.

1860/2.VII გაბრიელ ქიქოძე იმერეთის (იმერეთ-გურია-სვანეთი-რაჭის) ეპისკოპოსად აკურთხეს. ამ თანამდებობაზე მან ეპისკოპოსი გერმანე გოგელაშვილი (აფხაზეთის I ეპისკოპოსი 1851-1856 წ.წ.) შეცვალა და გარდაცვალებამდე ამ სამწყსოს მღვდელმთავარი იყო.

ახალმა მღვდელმთავარმა 8 (21)/IX ღვთისმშობლის შობას წირვა აღასრულა გელათში (გელათობას) და არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება მოახდინა საზოგადოებაზე, რადგან სრულიად სადა და უჩვეულო იყო მისი ლოცვა და ქადაგება, რომლითაც გაბრიელმა ახალ სამწყსოს მიმართა. დიდი ხანია არ სმენოდა იმერეთს ასეთი სიტყვა. ყველა ამბიონს მიაწყდა და სმენად იქცა…

მეუფე გაბრიელის თანამედროვენი ერთხმად აღნიშნავენ, რომ საოცარი სახილველი იყო ლოცვად დამდგარი ეპისკოპოსი. xშირად ტიროდა ლოცვის დროს, – ბრძანებს წმინდა გაბრიელის მოძღვარი, იღუმენი გრიგოლი (ჩხაიძე), – ერთხელ შეცდომით შევედი მის ოთახში, არ ვიცოდი, თუ ლოცვად იდგა. მუხლები მოეყარა, ხელები აღეპყრო და სტიროდა, სახე სულ დასველებული ჰქონდა ცრემლებით. ეწყინა, შეწუხდა, მრისხანედ შემომხედა და მითხრა, რატომ არ მაცლით ლოცვასო”.

სამღვდელოებაც და საზოგადოებაც დიდად აღვირახსნილი დახვდა გაბრიელს, როგორც იმერეთში, ისე სამეგრელოში. ყველანი უზნეობის მორევში ცურავდნენ, ბეზღობა, გაიძვერობა, ცრუ საჩივარი, ცილის წამება, შური, მტრობა და მექრთამეობა ჩვეუელებრივი მოვლენა იყო. წმინდა გაბრიელი მოვალეობის სრული შეგნებითა და თავდადებით შეუდგა ეპარქიის მართვა-გამგეობას და მაღალი სულიერების, ბრწყინვალე განათლებისა და მჭევრმეტყველების წყალობით მალე მოიხვეჭა მრევლის პატივისცემა. იგი ამავე დროს განაგრძობდა მეცნიერული საკითხების დამუშავებას. ახალმა ეპისკოპოსმა ბრძანება გამოსცა, რომ კრებულებზე ესწავლებინათ ლოცვები, პირჯვრის წერა, დასაქორწინებელთ ჯვრის წერა არ შეეძლოთ, თუ ლოცვები არ ეცოდინებოდათ. მრევლის განათლების მიზნით მეუფე ხშირად მოგზაურობდა ეპარქიის ფარგლებში, ხალხთან პირად შეხვედრას და საუბარს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. იგი ხანგრძლივად ჩერდებოდა დასავლეთ საქართველოს ყოველ კუთხეში, რომლებიც მის სამწყსოში შედიოდა, სოფლიდან სოფელში გადადიოდა, ლოცულობდა, ქადაგებდა, ახლოს ეცნობოდა ხალხის ცხოვრებას და რჩევა-დარიგებებით აუმჯობესებდა მათ საერთო მდგომარეობას, დღეში სამ-ოთხ ადგილას დამოძღვრიდა ხოლმე მრევლს. იგი არა მარტო სულიერად ამაღლებდა მას, – ყოფაცხოვრების უკეთ მოწყობაშიც ეხმარებოდა. როგორც თავისი ერის ღვიძლი შვილი, მისთვის ჩვეული პრინციპულობითა და უკომპრომისობით ერთადერთ სწორ გზას უჩვენებდა საზოგადოებას. იგი თავის შთამბეჭდავ ქადაგებებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ოჯახის სიმტკიცეს, ტრადიციული პატიოსნების შენარჩუნებასა და მოვალეობათა პირნათლად შესრულებას. ყურადღებას ამახვილებდა კარგად აღზრდილ ქალთა უდიდეს მნიშვნელობაზე საზოგადოებისათვის, აღზრდის უმცირესი ასაკიდან დაწყების საჭიროებაზე, შრომითი საქმიანობის მრავალმხრივ სასიკეთო მნიშვნელობაზე, საზოგადოების ყველა ფენაში განათლების გავრცელების აუცილებლობაზე. გაჭირვებულებს კი თავად აღმოუჩენდა სხვადასხვა სახის დახმარებას, მაგრამ ყველაზე მეტად მრევლზე გავლენას ახდენდა გაბრიელ ეპისკოპოსის პიროვნება, და მისი პირადი მაგალითი. იგი იყო საოცარი მოწყალე და ქველმოქმედი, თავისი სამწყსოს ქვრივთა და ობოლთათვის ლუკმის მიმწოდებელი. იტყოდა ხოლმე, მაძღარს არ ვაჭმევ, რადგან მშიერიც ბევრი მეგულებაო. როგორც თანამედროვენი აღნიშნავენ, საკმაოდ უბრალოდ უმასპინძლდებოდა ზემდგომ სტუმრებს, სამაგიეროდ ხელგაშლილი იყო ქველმოქმედებაში, საზოგადოების სასიკეთო საქმეებში, გაჭირვებულთა დახმარებაში. მისი დღიურების საშუალებით ვიგებთ, თუ რამდენი უპატრონო მკვდარი დაუსაფლავებია, … შიშველი შეუმოსავს, … გზის ქირა გადაუხდია, … შეგირდისთვის სასწავლო ნივთი უყიდია, …სნეულისთვის უექიმია. დიდ ზამთარში ხშირად ქვრივ-ობლებს შეშას და ფულს უგზავნიდა ჩუმად, ხოლო ტუსაღებს საცვლებსა და საკვებს. მან უარი თქვა ნააღდგომევს საზოგადოებისა და კრებულისათვის სადილის გამართვაზე, სამაგიეროდ ყოველ წელიწადს 300 მანეთს გზავნიდა სატუსაღოში პატიმართათვის სააღდგომო სადილის მოსამზადებლად.

კაცთათვის მსახურება მსახურებაა ღვთისა – იტყოდა დიდი მწყემსმთავარი, და მართლაც, მის შეგნებასა და მოღვაწეობაში ორგანულად იყო შერწყმული შემოქმედის თაყვანისცემა და ამქვეყნიური პრობლემების მოგვარებისათვის ბრძოლა. მთხოვნელის შერჩევა მეუფემ არ იცოდა. დიდი, პატარა, შორეული თუ ახლობელი, თავადი თუ გლეხი მისთვის ერთი იყო  – ყველა თანაგრძნობას პოულობდა მის გულში. აგერ ხიდი ჩაინგრა და გაკეთება უნდა, იქ ეკლესიას სამკაული ან გუმბათზე ჯვარი აკლია.. ხან ეკლესიას აშენებს, ხან სკოლას, ხან მასწავლებლებს მუდმივ ჯამაგირს უნიშნავს, ხან ომში დაჭრილთათვის ფულს სწირავს, ხიდების კეთებაში მონაწილეობს…. იგი სისტემატურად გზავნიდა ფულს სვანეთსა და აფხაზეთში ბავშვების აღსაზრდელად. მეცნიერი ეპისკოპოსი ერის გადარჩენის გზას სკოლებისა და ბიბლიოთეკების გახსნასა და განათლების ფართოდ გავრცელებაში ხედავდა. წმინდა გაბრიელის შემწეობითა მრავალმა ღარიბმა მოსწავლემ მიიღო განათლება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსმა წინამორბედთაგან დანერგილი ძველი წესები განაგდო, საღმრთო წერილის გასავრცელებლად დააყენა მეტიპიკონე, მეისტორიე, ქართული წერა-კითხვის მასწავლებლები, გაამწესა ნასწავლი მედავითნენი… მან დიდი ყურადღება მიაქცია სასწავლებელს. როგორც სასულიერო, ისე საერო სასწავლებლებში ქართველი მოსწავლეების გარიცხვას მასიური ხასიათი ჰქონდა, რაც ეროვნული დისკრიმინაციით იყო განპირობებული, ხოლო ადმინისტრაცია უსამართლოდ უთითებდა ადგილობრივ აღსაზრდელთა სიზარმაცესა და უნიჭობაზე. საზოგადოების აღშფოთება ხმამაღლა გამოხატა ეპისკოპოსმა გაბრიელმა. იგი ვერ ურიგდებოდა გულგრილობას ქვეყნის მომავლისადმი, მოზარდი თაობისადმი და პედაგოგებს მოუწოდებდა მოთმინებისა და მაღალი პასუხისმგებლობისაკენ. მრავალმხრივი ღრმა ცოდნითა და იშვიათი პედაგოგიური ალღოთი აღჭურვილი მღვდელთმთავრის მოღვაწეობის უპირველესი მიზანი რწმენისა და მაცხოვრისადმი სიყვარულის განმტკიცება იყო. როგორც პედაგოგმა და მოძღვარმა, მან იცოდა ზნეობრივი აღზრდის საშუალებები. მოისპო როზგით ცემა. კლასებს უფრო სუფთად ინახავდნენ და მასწავლებლებიც ერთგულად ეკიდებოდნენ თავიანთ მოვალეობებს. თვითონ მეუფეც ხშირად შედიოდა გაკვეთილებზე და როცა მასწავლებლის განმარტება ან შეგირდის პასუხი არ მოეწონებოდა, თვითონ ჩაერეოდა საქმეში. იგი ყველას ლმობიერად ეპყრობოდა და რჩევას აძლევდა. კეთილი, ჯანსაღი და ზნეობრივი ცხოვრების საუკეთესო საშუალებად ის თვლიდა გონებრივი და ფიზიკური შრომის ერთმანეთთან შენაცვლებას. ამ წესს იგი თვითონაც მკაცრად იცავდა. უამრავი საქმითა და საზრუნავით დატვირთული, თოხნიდა, პირუტყვს საზრდოს უზიდავდა, ქათმებს აპურებდა, ხაბაზთან ან მეჯინიბესთან ერთად შეშას ხერხავდა. მისი უბრალო და მარტივი ხასიათი მის ტანსაცმელსა, საცხოვრებელ პირობებსა და სმა-ჭამაშიც კარგად ჩანდა. ხშირად მნახველს ძველ სამოსელში გამოწყობილი ბერი მოსამსახურედ მიუღია. მისი დევიზი იყო: მე არა მეკუთვნის რა, ყველაფერი ღვთისაა.

წმინდა გაბრიელს არ დაუტოვებია არცერთი არასასურველი მოვლენა სამწყსოში, რომ არ ებრძოლა მის წინააღმდეგ, უზნეო საზოგადოება, რომლის მოქცევასაც ასე გულმოდგინედ ცდილობდა მღვდელმთავარი, ხელს უწყობდა მისი ხასიათის სიფიცხეს. მეუფის სამართლიანი სიტყვა ყველას ლახვარივით ხვდებოდა გულში და ბევრი მტერიც შეიძინა – აბრალებდნენ უსამართლობას, უზნეობას, კარიერისტობას, საეკლესიო ნივთებით ვაჭრობას. მის მიმართ ხშირად იყო გესლიანი წერილები და უსაფუძვლო ცილისწამებანი. დღე ისე არ ჩაივლიდა, რომ რაიმე დიდ უსიამოვნებას არ გადაჰყროდა ეპისკოპოსი. მიუხედავად ამისა, მან სამკვდრო-სასიცოცხლო ომი გამოუცხადა ბოროტებას, უკან დახევა კი ფიქრადაც არ მოსვლია.

წმინდა გაბრიელი სპეტაკი ზნეობის მღვდელმთავარი იყო და განუხრელად ზრუნავდა ეკლესიის მსახურთა ზნეობრივ სისპეტაკესა და განათლებაზე. ჯერ კიდევ არქიმანდრიტი გაბრიელი sამღვდელო და სადიაკვნო ადგილების მაძიებელთა გამომცდელად დანიშნეს. მანამდე გამოცდები არც კი იყო, არამედ იყო მხოლოდ ძღვენი. ადგილს ღებულობდა არა ის, ვინც მეტი იცოდა და უფრო ღირსი იყო, არამედ ის, ვისაც სახსრები ნებას აძლევდა მოეგო გამომცდელის გული. ეს გამხრწნელად მოქმედებდა სამღვდელოებაზე და საზოგადოებაზედაც. გაბრიელმა შეიმუშავა მარტივი, მაგრამ ზუსტად განსაზღვრული საგამოცდო პროგრამა, და მკაცრად მოითხოვდა მის შეგნებულ ცოდნას. ვერც ერთი უღირსი ვეღარ ღებულობდა ადგილს, ვიდრე გამომცდელი იყო არქიმანდრიტი გაბრიელი, რომელიც გამომცდელად დარჩა საქართველოს ქორეპისკოპოსად კურთხევის შემდეგაც. ასე ამაღლებდა, აცოცხლებდა და აუმჯობესებდა ის ყველაფერს, სადაც კი ხელი მიუწვდებოდა.

წმინდა გაბრიელის ბუნებას არ აკლდა სინაზე, სითბო და სულგრძელობა, სათნო მღვდელთმთავარმა უსაზღვრო სიკეთე გამომჟღავნა იმ ყაჩაღისადმიც, რომელიც მარტოდ მავალს თავს დაესხა და გაძარცვა დაუპირა, მეუფე გაბრიელმა ჭაბუკს ჯვარი გარდასახა და უთხრა: შვილო, ერთი საწყალი ბერი ვარ, გაბრიელ ეპისკოპოსი, ფული სადა მაქვსო. ავაზაკს თურმე გაეგონა მისი სახელი და შერცხვა. ასეთი საუცხოო ყმაწვილი, სიცოცხლითა და მშვენიერებით სავსე, ავაზაკად როგორ გავარდი?! წამოდი ჩემთან, თუ რამე გჭირდება, მე გიპატრონებო -სთხოვა წმინდა გაბრიელი. ჭაბუკმა იუარა, მაგრამ იგი არ მოეშვა, თან წაიყვანა, და პედაგოგიური განათლებაც მიაღებინა, რის შემდეგაც მასწავლებლობდა ერთ-ერთ სოფელში. ეს ამბავი 1896 წელს გამჟღავნდა, როცა მან გაკვეთილზე შეიტყო მეუფის გარდაცვალების ამბავი და ტირილი აუვარდა, მერე კი მოყვა თავისი ისტორია.

1864 წლის მაისში წმინდა გაბრიელი იმერეთის, გურიისა და სამეგრელოს ეპარქიათა სამღვდელოების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა; მომდევნო წლის მაისში კი წმ. ვლადიმირის მესამე ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

მას მტრებიც კი იხსენებენ, როგორც უნიჭიერეს და ყოვლად შესანიშნავ მოძღვართმოძღვარს, ადარებენ ეკლესიის თვით პირველ წმიდა მოძღვრებს, უწოდებენ საკვირველ პედაგოგს, არაჩვეულებრივ სიტყვის მეუფეს, სიმართლის მასწავლებელს და სწავლულ არქიერს, თუმცა იგი მებრძოლი არქიერიც იყო, რომელიც ყოველთვის საზოგადოების მართალ ნაწილს ედგა მხარში. მას არ მოსწონდა თავადაზნაურთა უსაქმურობა და ყმების აწიოკება…,  მისი ქადაგებები ყოველთვის უსაფრთხო როდი იყო, მაგრამ ეპისკოპოსს არასოდეს უღალატია თავისი რწმენისა და იდეებისათვის.

ალექსანდრე II-ის 1861 წლის 19 თებერვლის მანიფესტი რატომღაც ყველაზე გვიან ქუთაისის გუბერნიაში გამოცხადდა, – 1865 წლის 13 ოქტომბერს, რის შედეგადაც ბატონებმა ყმებზე უფლება დაკარგეს, ყმები კი გათავისუფლდნენ. ამ აქტის გამო იმერეთის ეპისკოპოსმა ქუთაისის მთავარანგელოზის ეკლესიაში საგანგებო ქადაგება წარმოთქვა; ჟურნალ „კვალის“ ინფორმაციით – გათავდა თუ არა წირვა, გაბრიელი დადგა ამბიონზე და დაიწყო ბატონყმობის წინააღმდეგ ქადაგება. მისმა სიტყვამ მოხეთქა ნიაღვარსავით ძლიერად. მან ცოცხლად დახატა გლეხის უნუგეშო მდგომარეობა ბატონის ხელში და აღნიშნა, რომ ბატონყმობის ინსტიტუტი ქრისტიანობასთან შეუთავსებელი მოვლენაა, ხოლო მისი გაუქმება _ კანონზომიერი და მისასალმებელი. თავადებმა დრტვინვა დაიწყეს და ეკლესია ყვირილითა და დემარშით დატოვეს, მაგრამ გაბრიელი არ შეშინდა, მან დაასრულა თავისი ძლიერი სიტყვა. მიიხედ-მოიხედა და შეამჩნია, რომ ტაძარში აღარც ერთი ბატონი არ იყო დარჩენილი, მის წინაშე მხოლოდ გლეხები იდგნენ და მდუღარე ცრემლს ღვრიდნენ, ხოლო ერთ თავადს, კანდელაკს, დაუქადნია, ამ ლეკურით გავათავებ აქვე ამ ჩვენს დამღუპველსო!. გაბრიელს ურჩიეს ტაძრიდან არ გასულიყო, ის კი gავიდა ეკლესიიდან და გაბედულად, უშიშრად ჩაუარა კანდელაკს, რომელსაც განზრახვა სისრულეში ვერ მოუყვანია, – ხანჯალზე თითქოს ხელი შემახმაო- ყვებოდა შემდგომში.

1866 წლის 11 აპრილს მეუფე გაბრიელი კავკასიაში მართლმადიდებლობის აღმდგენი საზოგადოების ნამდვილი წევრი ხდება; 1867 წ. 14 მაისს მას წმ. ანას პირველი ხარისხის ორდენი ებოძა.

  1. 30/V ბრძანებულებითაფხაზეთის ეპარქიის მმართველი გახდა ეპისკოპოსი გაბრიელი, თუმცა იგი ამ მოვალეობას ბოლო ერთი წელიწადი ისედაც ასრულებდა. აფხაზეთის ეპარქია სამართავად გადაეცა მას იმ უფლებით, რა უფლებითაც იმერეთის ეპარქიას მართავდა; ამან ახალ მღვდელმთავარს შესაძლებლობა მისცა, თუ მთლიანად არა, დიდწილად საკუთარი პოლიტიკა ეწარმოებინა აფხაზეთში [ეპ. გაბრიელის და მისი კრებულის მისიონერულ მოღვაწეობას ზოგადად და კონკრეტულად აფხაზეთში მაღალი შეფასება მისცა ეპისკოპოსმა კირიონმა თავის ცნობილ მონოგრაფიაში. და ხაზს უსმევდა მის უდიდეს დამსახურებას, როგორც მისიონერისას, ქრისტიანობის გავრცელების საქმეში].  1873 წელს მის სამწყსოს სამეგრელოს ეპარქიაც მიემატა.

1875 წელს აფხაზეთში მოგზაურობისას, სოფელ ჯგერდაში, სადაც 300 კომლი მოუნათლავი აფხაზი ესახლა, მეუფეს, რომელიც თანმხლებთან ერთად მღვდლის სახლში იყო დაბინავებული, შუაღამისას მიუვარდა 300 შეიარაღებული აფხაზი ყვირილით: არ გვინდა ქრისტიანობა, გაგვშორდით, თვარა ამოგხოცავთ! ამას მოყვა თოფის სროლა. ყველა შეშინდა, მხოლოდ გაბრიელი ამხნევებდა მათ. აფხაზები დიდი თათბირის შემდეგ დაიშალნენ, თუმცა მეორე დღეს მეტი ხალხი მოვიდა. გაბრიელმა სიტყვაში მათი წარსული დაასურათა, ყურანი, რომელიც კარგად ჰქონდა შესწავლილი, ქრისტეს სახარებას შეადარა და ბევრი მონათლა. აფხაზეთში რევიზიის ანგარიშს იგი თვითონ წერდა. მან ბევრი აფხაზი გაზარდა თავისი ხარჯით”.

ეპისკოპოსმა გაბრიელმა ორჯერ იმოგზაურა სვანეთში: 1866 და 1877 წლებში. მისი მოღვაწეობის შემდეგ სვანეთში განმტკიცდა ქრისტიანული სარწმუნოება. მან შთააგონა ხალხი და შეუდგნენ ეკლესიების შენებას და თვითონაც ხელს უწყობდა ყოველგვარად. როგორც მღვდელი რაჟდენ ხუნდაძე იგონებდა, oრ საუკუნეში არ აშენებულა იმდენი ეკლესია, რამდენიც მის დროს აშენდა. ახალი ტაძრების მშენებლობის დროს ხშირად თვითონ იყო არქიტექტორი, სოფელ-სოფელ ეძებდა კარგ ოსტატებს, ზრუნავდა წესრიგზე. თურმე თუ სადმე ეკლესიაში უსუფთაობას ნახავდა, მოიტანდა ცოცხს და თავისი ხელით დახვეტდა.  როგორც ბახველი გლეხის – იოსებ გორდელაძის სიტყვიდან (რომელიც მის დაკრძალვაზე წარმოთქვა) ჩანს, მღვდელმთავარს მშობლიურ სოფელში თავისი ხარჯით აუგია ჩინებული ტაძარი და ორკლასიანი სასწავლებელი ბაღითურთ, სადაც მიმდებარე სოფლების მოზარდებიც ღებულობდნენ განათლებას. მას ეკუთვნის არაერთი ნაშრომი საქართველოში ქრისტიანობის ისტორიისა და სხვა საკითხებზე. იგი იღვწოდა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის. გააქრისტიანა 18 000 მეტი აფხაზი… ააგო 200-ზე მეტი ტაძარი, შეაკეთა: ნიკორწმიდის, ბიჭვინთის, მოქვის, კაცხის, ილორის ტაძრები. მისი თაოსნობით დასავლეთ საქართველოში ასზე მეტი სამრევლო სკოლა და ბიბლიოთეკა გაიხსნა. 1887 წელს შეიქმნა ქართული საეკლესიო გალობის აღმდგენელი კომიტეტი, ხოლო 1889 წელს – კომიტეტი დავით აღმაშენებლის საფლავზე სამრევლო ეკვდერის განსაახლებლად და დიდთა მოწამეთა დავით და კონსტანტინეს გვამთათვის ახალი სანაწილის გასაკეთებლად. მისივე ხელშეწყობით ქუთაისში 1890 წელს დაარსდა ქალთა სასწავლებელი, 1894 წელს კი – სასულიერო სემინარია გაიხსნა. წირვა-ლოცვით, ქადაგებით, სიტყვისა და საქმის ერთიანობით, მოსახლეობის განათლებასა და კეთილდღეობაზე რეალური ზრუნვით, შეჭირვებულთა დახმარებითა და სხვა სასიკეთო საქმეებით მან მრევლის უსაზღვრო ნდობა და სიყვარული დაიმსახურა.

ნეტარი ეპისკოპოსი იმაზეც ზრუნავდა, რომ ხალხს არატრადიციული შრომა ესწავლა და ამით შემოსავლის დამატებითი წყარო გასჩენოდა. მისი მიზანმიმართული ქადაგებების, რომელიც შრომის სიყვარულს და პატივისცემას უნერგავდა ხალხს, შედეგად დასავლეთ საქართველოში შეუდარებლად უფრო მეტმა გლეხმა შეძლო მემამულეებისაგან მიწების გამოსყიდვა, ვიდრე აღმოსავლეთში.

სწორედ ამ წლებში წამოიწყო ცარიზმმა დაუფარავი, აგრესიული კოლონიური პოლიტიკა არარუსი ხალხების მიმართ. ქართველებისთვის განსაკუთრებით მტკივნეული იყო ერის გახლეჩის ის პოლიტიკა, რასაც იმპერიის ბიუროკრატიის წარმომადგენლები: კირილე იანოვსკი, იოანე ვოსტორგოვი – და კავკასიის ეგზარქატის სხვა ოფიციალური პირები ეწეოდნენ. ძნელი ჩამოსათვლელია ის უკეთურებანი, რასაც ქართული კულტურა, ყოფა, ეკლესია განიცდიდა. ერის გასათიშად მეგრული და სვანური ანბანის შექმნაც კი გადაწყვიტეს. დიდი მცდელობა იყო გაჩაღებული სამეგრელოში წირვა-ლოცვის მეგრულად დასანერგად. სკოლებიდან ხომ განდევნილი იყო ქართული ენა. ამ ვერაგულ ჩანაფიქრს თავგამოდებით შეეწინააღმდეგა ქართული ინტელიგენციისა და არისტოკრატიის დიდი ნაწილი.

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი ერთ-ერთი მხურვალე დამცველი იყო ქართული ენისა, რომელიც XIX საუკუნეში, საუბედუროდ, გადაგვარების მომაკვდინებელი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა და მკაცრად ამხელდა ცარიზმის კოლონიურ (გამარუსებელ) პოლიტიკას საქართველოში. სასულიერო იერარქიის მაღალ საფეხურებზე, ისევე როგორც სემინარიებისა და სხვა ტიპის სასწავლებელთა ხელმძღვანელებად, მხოლოდ რუსები ინიშნებოდნენ. ქართველ სასულიერო და პედაგოგ მოღვაწეთა უცერემონიოდ ცვლიდნენ რუსი ჩინოვნიკებით, რათა სწავლება და ქადაგებაც რუსულ ენოვანი გამხდარიყო. მიმდინარეობდა გლობალური ასიმილაცია, რაშიც ეკლესიის გარუსებას უდიდესი როლი ეკისრებოდა. ამას საბოლოოდ უნდა დაერწმუნებინა ქართველობა, რომ დედა ენას არავითარი ფასი არა აქვს და შეერიგებინა ისინი ყველა სფეროში რუსული ენის დანერგვასთან. ასეთ ვითარებაში გაბრიელ ეპისკოპოსი ქართულ ენაზე ეწეოდა ქადაგებას და ოფიციოზის მითითებებისა და რეალური მდგომარეობის საწინააღმდეგოდ მოითხოვდა, რომ სწავლებაც მშობლიურ ენაზე წარმოებულიყო, თანაც არა  მარტო დაწყებით კლასებში, არამედ სწავლების ყველა საფეხურზე. ის გაბედულად ებრძოდა ყველას, ვინც ეჭვქვეშ აყენებდა მშობლიური ენის არსებობის აუცილებლობის საკითხს. ამ მიზნით დაწერა მრავალი წერილი და ქადაგება. მეუფე მტკიცედ აღუდგა წინ კავკასიის სასწავლო მზრუნველის იანოვსკის წინადადებას, qართული სამღვდელოების გონების შეზღუდულობის გამო პირველდაწყებით სკოლებში რუსი სამღვდელო პირები დაენიშნათ. ქართველ სასულიერო მოღვაწეთა რუსებით ჩანაცვლებაზე მისი რეაქცია ხასიათდება სამართლიანობითა და გამორიცხავს ეროვნულ დაპირისპირებას: ქართულის უცოდინარი ქართველი რა ქართველია?! ისიც მღვდელი – ამბობდა იგი. ამასთან მიაჩნდა, რომ მღვდელი შეიძლება არაქართველიც იყოს, თუკი მას ქართული ენა ჯეროვნად ესმის. ამის გამო ლევიტსკი გააფრთებით ებრძოდა მეუფეს და მის გადაყენებას მოითხოვდა. დიდი უთანხმოება ჰქონდა მას ეროვნულ ნიადაგზე ეგზარქოს ევსევისთანაც, რაც შემდგომში განხეთქილებამდეც მისულა. დროდადრო მასზე საიდუმლო მეთვალყურეობაც ყოფილა დაწესებული, რადგანაც ის მთავრობისათვის არასაიმედო კაცად იყო მიჩნეული.

ეს ის დრო გახლდათ, როდესაც იმპერიის ბიუროკრატიული აპარატის მიერ იდევნებოდა ეროვნული ნიშან-თვისებები. რის შედეგად ქართული საეკლესიო გალობაც ურთულეს ვითარებაში აღმოჩნდა. XIX ს-ის დასაწყისიდან ხელოვნურად შეამცირეს ეპარქიათა რიცხვი. გაუქმდა სამღვდელმთავრო გუნდები. სასულიერო სემინარიასა და სასწავლებლებში აიკრძალა ქართული გალობა. თბილისის სასულიერო სემინარიაში მოსწავლეთა ერთ-ერთი გახმაურებული გაფიცვის მიზეზიც ის იყო, რომ რექტორმა მათ ურჩია, სლავური პარტიტურის ნოტების ქვეშ ქართული სიტყვები მიეწერათ და ისე ეგალობათ, ხოლო ქართული გალობა, როგორც არაჰარმონიული, დაევიწყებინათ. ერთადერთი რგოლი, რომელიც ამ უნიკალური მემკვიდრეობის შენარჩუნებას ცდილობდა, სასულიერო პირთა ოჯახები და ცალკეული მგალობელ-მომღერლებიღა იყვნენ. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ (1811 წ.), ზეპირგადმოცემის ტრადიციის სირთულიდან გამომდინარე, ქართული გალობა გაქრობის საფრთხის წინაშე დგებოდა. ეგზარქოსებს სურდათ, წირვა-ლოცვის დროს სლავური საგალობლები ეგალობათ. ღვთის განგებით სწორედ ასეთ გადამწყვეტ და რთულ პერიოდს დაემთხვა წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის მსახურება და მოღვაწეობა.

ქართული გალობის აღმდგენელი კომიტეტი, რომელიც 1860 წელს თბილისში შეიქმნა, საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადაღებას ისახავდა მიზნად. კომიტეტში წლების მანძილზე გადაუწყვეტელად რჩებოდა ის საკითხი, თუ პირველ რიგში რომელი კუთხის საგალობლები უნდა დაეფიქსირებინათ – იმერულ-გურული თუ ქართლ-კახური. დიდი ხნის კამათის შემდეგ, ყოვლადსამღვდელო ალექსანდრემ (ოქროპირიძე) განაცხადა, რომ საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფდა ქართლ-კახური კილოს საგალობლების ნოტებზე გადატანას, ხოლო, რაც შეეხება იმერულ-გურული კილოს საგალობლებს, მათზე ზრუნვას იმერეთისა და სამეგრელოს სამღვდელოებას სთავაზობდა. ეს შეთავაზება გაბრიელ ეპისკოპოსს 1884 წლის 17-18 ნოემბერის კრებაზე წარუდგენია სამღვდელოებისათვის. მცირე ხნის სჯა-ბაასის შემდეგ ქალაქ ქუთაისში ქართული საეკლესიო გალობის აღმადგინებელი კომიტეტი ჩამოყალიბდა, რომლის თავმჯდომარემაც მღვდელმა დავით ღამბაშიძემ თბილისში ინახულა ცნობილი მომღერალი და კომპოზიტორი ფილიმონ ქორიძე, რომელსაც ევროპაში მიღებული ჰქონდა ბრწყინვალე მუსიკალური განათლება და ქართული საგალობლების ნოტებზე გადატანის საკითხისადმი იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის დაინტერესება შეატყობინა. ამ საქმის თავადაც დიდად მოსურნე ფილიმონმა ღვთის განგებითა და წმიდა ეპისკოპოს გაბრიელის ლოცვა-კურთხევით სულ მალე მრავალი საგალობლი ჩაწერა. მან ნოტებზე გადაიღო ბასილი დიდისა და იოანე ოქრიპირის წირვის საგალობლები. სულ ჩაიწერეს 400 საგალობელი, რომელიც კომიტეტმა შეამოწმა და მოიწონა (ფილიმონ ქორიძე ეკლესიისა და სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისა და თავდადებისათვის, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა, 2011 წლის 20 დეკემბერს შერაცხა წმინდანთა დასში, წოდებით: წმიდა ფილიმონ მგალობელი, ერისათვის თავდადებული.) გახარებული სამღვდელოება მადლობას უძღვნიდა ამ საქმის მოთავეებს.

მართლაც, წმიდა გაბრიელის ღვაწლითა და იმერეთის სასულიერო პირთა თანადგომით აღესრულა ის საშვილიშვილო საქმე, რისი წყალობითაც ჩვენამდე მოაღწია საეკლესიო მუსიკის ასეულობით უნიკალურმა ნიმუშმა. იშვიათია, რომ ამ საუკუნის II ნახევარში იმოდენა ღვაწლი შეეტანოს კაცობრიობის სარწმუნოების, განათლებისა და ზნეობის სალაროში, რამდენიც ყოვლადუსამღვდელოეს გაბრიელს. – აღნიშნავდა დეკანოზი ერმალო კანდელაკი.

1885 წელს მოკლეს გაბრიელ ეპისკოპოსის მდივანი, ცნობილი პუბლიცისტი ესტატე მჭედლიძე (ბოსლეველი). მეუფემაც მიიღო მუქარის წერილები. მან საქართველოდან წასვლა დააპირა. Cემი სულის სიმდაბლე იყო, რომ შევშინდი, მაგრამ მთლად ჩემი თავისთვისაც არ შევშინებულვარ. მე ერთი ხნიერი კაცი ვარ. დიდი ხნის სიცოცხლე მაინც არა მაქვს, მაგრამ რომ მართლა მოვეკალით, რა ჩირქი დაედებოდა მთელ ხალხს, რომელმაც თავისი მოძღვარი ასე სასტიკად გაიმეტაო.

სიმართლე და უკომპრომისობა, როგორც გაბრიელ ეპისკოპოსის განუყოფელი თვისება, განსაკუთრებული სიცხადით გამოვლინდა იმპერატორ ალექსანდრე III-დმი მიმართვაში. 1888 წელს საქართველოს, უფრო ზუსტად კი, იმხანად, რუსეთის უზარმაზარი იმპერიის პროვინციებს – თბილისისა და იმერეთის გუბერნიებს – იმპერატორი ალექსანდრე მესამე ეწვია. თბილისში პომპეზური დახვედრის შემდეგ იმპერატორი თავისი ამალის თანხლებით ქუთაისში ჩავიდა. „პროტოკოლი“ საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვაზე დასწრებასაც ითვალისწინებდა. შეაბიჯა თუ არა ალექსანდრე მესამემ ტაძარში და ამბიონისკენ გაემართა. შესდექ, ხელმწიფევ! – მიმართა მისკენ მიმავალ იმპერატორს ამბიონზე მდგარმა გაბრიელ ეპისკოპოსმა. ხელმწიფე წამით შეყოვნდა, შემდეგ კვლავ დაიძრა, მაგრამ ეპისკოპოსის სიტყვებმა კვლავ შეაჩერა: ეს ქვეყანა უძვირფასესი მარგალიტია შენს გვირგვინში, სხვა ყურადღებისა და ზრუნვის ღირსია და სხვა მოპყრობას იმსახურებს, ვიდრე იმას, რომელსაც ადგილი აქვს. ამ სიტყვებმა ისე გაუფუჭა გუნება იმპერატორს, რომ მისი ხასიათზე მოყვანა საღამოს გამართულ ნადიმზეც ვეღარ შეძლეს მოლხენის იქაურმა დიდოსტატებმა. ასეთი პირდაპირი იყო მეუფე გაბრიელი, როდესაც საქმე ეროვნული და ეკლესიური ინტერესების დაცვას ეხებოდა. წმინდა ეპისკოპოსი ყოველთვის პატივისცემით ეპყრობოდა სხვა ეროვნებისა თუ რწმენის ადამიანებს, და იმავეს უნერგავდა მრევლსაც.

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი იყო შესანიშნავი სიტყვის ოსტატ-მქადაგებელი. მისი ქადაგებების ორტომეული გარდა ქართულისა, მის სიცოცხლეშივე იყო თარგმნილი და გამოცემული რუსულად, ბულგარულად და ინგლისურად, რამაც ფართო პოპულარობა მოუპოვა არა მარტო სასულიერო წრეებში. ჟურნალი rუსკაია მისლ წერდა: bოლო დროს ინგლისში საქართველოს ისტორიითა და ლიტერატურით დაინტერესდნენ. ქართულ ლიტერატურასთან ინგლისელების გაცნობას საფუძველი დაუდო ქუთაისელი ეპისკოპოსის გაბრიელის ქადაგებების თარგმანმა.

წმ. გაბრიელ ქიქოძე თავისი ღრმა ცოდნით, ფართო განსწავლულობით, უბადლო თეოლოგობით, სახარების ღრმა კომენტარებით, არაჩვეულებრივი ქადაგებებით, სამშობლოსა და მოყვასის დიდი სიყვარულით, მისაბაძი ცხოვრების წესით, იმავდროულად გაბედულებით, შეუპოვრობით იყო იმდროინდელი (და არა მხოლოდ) საქართველოს შეუვალი ავტორიტეტი. წმ ექვთიმე (თაყაიშვილი) იგონებს –  ერთხელ წამოიჭრა საკითხი: მთავრობა უწევს რაიმე ანგრიშს ქართველ მოღვაწეთა ნათქვამს თუ არაო? ილიამ სთქვა: …რასაც გაბრიელი ეპისკოპოსი იტყვის, იმას დიდ ანგარიშს უწევენო.

სიცოცხლის ბოლოს მეუფე გაბრიელს მძიმე სულიერი ბრძოლები დაეწყო, ხშირად ტანჯავდნენ საშინელი მოჩვენებანი. კაცთა მოდგმის მტერმა უკანასკნელი ბრძოლა გამართა, რათა ფიზიკურად დასუსტებული მოხუცი სულიერად ეძლია. ერთი კვირა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფს არ ტოვებდნენ მორწმუნენი და ნათესავები. ცნობილია აგრეთვე მისი მეგობრობა მარჯორი და ოლივერ უორდროპებთან. მარჯორის ინგლისიდან მოუწერია მისთვის: ,,დრონი იცვლებიან მრავალგვარად და ჩვენც დროთა კვალად. უცვლელია მხოლოდ მეგობრობა” (კიკნაძე 2009: 25). 1895 წელს ისინი მის მეუფებას, უკვე უკურნებელი სენით შეპყრობილს, ქუთაისში ეწვივნენ. მარჯორის სიტყვებით: ,,მნახველი გულდამშვიდებით ვერ შეხვდებოდა მისი ცხოვრების დაისს”. გარდაცვალების წინა დღეს მეუფე შემდეგ სიტყვებს იმეორებდა:„ღმერთო, მოწყალე მექმენ მე ცოდვილსა, სულის ამოსვლის წინ მეუღლის სახელი ახსენა, და აღმოსთქვა: მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“.

წმ. მღვდელმთავარი 1896 წლის 26 იანვარს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, გარდაიცვალა 71 წლის ასაკში. იმ დროს ქუთაისში ისეთი უჩვეულო დიდთოვლობა იყო, თითქოს ბუნებაც გლოვობდა და ადამიანებს თანაუგრძნობდა. გზები თოვლისაგან იყო შეკრული. არათუ მიცვალებულის ღირსეული გაპატიოსნება, გელათში წასვენება და დაკრძალვა ვერ მოხერხდა უამინდობის გამო, არამედ მეზობელს მეზობელთან მისვლაც კი უჭირდა, ამიტომ გადაწყვიტეს, დაეცადათ გაზაფხულამდე, ვიდრე თოვლი არ გადნებოდა და გზები არ გაიხსნებოდა. მანამდე კი გაბრიელის ცხედარი ქუთაისის საკათედრო ტაძარში (სობოროში) დაასვენეს. არქიელის გორიდან გამოსვენებულ ცხედარს ადევნებული პროცესია შენობების სახურავებით უფრო მიდიოდა დიდი თოვლის გამო, ვიდრე ქუჩაზე. მიუხედავად უამინდობისა, საკრებულო ტაძარში მიცვალებულის გადასვენებას დიდძალი საზოგადოება დაესწრო. გადაიხადეს წირვა და პანაშვიდი და წაიკითხეს ანდერძი (გამოსათხოვარი სიტყვა), რომელშიც მეუფე უკანასკნელ შენდობას ითხოვდა ყველასაგან და თვითონაც ყველას მიუტევებდა შეცოდებებს. წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახე, როგორც უანგარო პიროვნებისა და დიდი ქველმოქმედისა, კარგად გამოჩნდა მისი ანდერძიდანაც. მთელი თავისი ქონება მან დაუტოვა ბახვის სკოლას, იმერეთის ეპარქიის სასულიერო წოდების ქვრივთა და ობოლთა სამზრუნველოს, ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ღარიბ მოსწავლეებს, ქუთაისის საქალებო ინსტიტუტს, თბილისის სემინარიის ღარიბ სტუდენტებს. ამ დოკუმენტის საქველმოქმედო მუხლების თაობაზე ჟურნალი „კვალი” იუწყებოდა: ,,გასაკვირველია, რომ ეპისკოპოსი, ბერი, განდეგილი თითქმის მთელ თავის შეძლებას სასწავლებლებს უტოვებს, მხოლოთ სასწავლებლებს. დიახ, ასეთი ძლიერი იყო მისი უმეცრებისადმი სიძულვილი! ასე ძლიერი იყო სიყვარული სწავლისა და განათლებისადმი! მან მთელი თავის სიცოცხლითა, მოღვაწეობით და ბოლოს ანდერძით გადაჭრით დაამტკიცა, რომ ზნეობრივი მხარე და სათნოება მაღლა ვერ აიწევს, თუ მას წინ არ მიუძღვის გონება საღი, განვითარებული”.

46 დღე ეთხოვებოდა გაბრიელ ეპისკოპოსს სრულიად საქართველო და მთელი ამ დროის მანძილზე მისი გვამი არ გახრწნილა, ხოლო როცა გზები გაიხსნა, ქუთაისს მთელი საქართველოდან მიაწყდა ზღვა ხალხი. დაკრძალვის დღეს ჩავიდა ილია თანამშრომლებთან ერთად. ჩავიდნენ აკაკი, ივანე მაჩაბელი, მარშლები, სასულიერო პირები. 10 მარტს ცხედარი ქუთაისიდან გადაასვენეს გელათში. ცხედართან ორატორი-ორატორს ცვლიდა. „ლამპარო საქართველოს ეკლესიისაო, დიდებაო ქართველთაო, მოძღვარო ოქროპირო გაბრიელ!“ – ასე მიმართა მის ცხედარს გურია-სამეგრელოს მაშინდელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი); ამით მან გამოხატა ყველა ქართველის დამოკიდებულება ერის სულიერი მამისადმი.

წმინდა ილია მართალმაც დიდებული სიტყვა წარმოსთქვა გაბრიელ ეპიკოპოსის სახსოვრად და სრულად ასახა მისი მოღვაწეობის მრავალმხრივობა და მის ერთ-ერთ დამსახურებად მიიჩნია „სარწმუნოების გამეცნიერება და მეცნიერების გასარწმუნოება“, მათი ერთმანეთში მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად. სასიქადულო მღვდელმთავრის კიდევ ერთი დამსახურება, ილიას აზრით, იყო თავის ქადაგებებში გაპატიოსნება, ზეაღწევა შრომისა და გამრჯელობისა, რომელიც ბევრს გვგონია ვითომ წილხვდომილია მარტო მდაბიოსიო. შეეხო რა საკუთარი ხალხის წინაშე მეუფის უდიდეს დამსახურებას, მან ხაზი გაუსვა, რომ ამ საისტორიო კაცს, რომლის bაგით სწორედ თვით ღმერთი მეტყველებდა და რომელიც ამის გამო ასე უყვარდა მთელ ერს, სიბრძნესთან ერთად ორი სიკეთე კიდევ ჰქონდა მიმადლებული ღვთისაგან. ერთი ისა, რომ იგი იყო შვილი, სისხლი და ხორცი ამა ერისა და, მაშასადამე, იცოდა რა ტკივილით იმტკივნეულოს, რა სიხარულით ინუგეშოს, და მეორე ისა, რომ მოციქულობდა ჩვენს სამშობლო სიტყვითა, იმ ენითა, რომლითაც დღესაც ვადიდებთ ღმერთსა, ვპატრონობთ ქვეყანასა და სულსა და გულს ვაწვდით ერთმანეთსა საუკუნიდამ საუკუნემდე. ღმერთმაც ვერ გაგზავნა მოციქულნი სხვა ქვეყნად, ვიდრე არ მოუვლინა ცოდნა იმ ქვეყნის ენისაო, – ამბობდა განსვენებული და ამიტომაც იგი ქრისტეს ჯვრით ხელში თავგამეტებით იდგა ჩვენის ენის მწედ და მფარველად (ი. ჭავჭავაძე. თხზ., ტ. IV. თბ., 1955, გვ. 251-256).

შესანიშნავი სიტყვა წარმოთქვა ეგზარქოსმა ვლადიმირმა, რომელშიც მან განსვენებულს უწოდა ,,თავისი სამწყსოს თანამოძმე”, ,,ჭეშმარიტად ხე კეთილ-ჩრდილოვან-ფოთლოვანი, მრავალნაყოფიერი და კეთილნაყოფიერი”.

წმინდა გაბრიელი დაკრძალეს გელათის ღვთისმშობლის ეკლესიის სამხრეთის კედელთან. საფლავის ქვაზე კუთხეებში დაკრულია ლითონის წარწერიანი ოვალური ფირფიტები, რომლებზეც წერია დაბადების, მოღვაწეობისა და გარდაცვალების თარიღები.

გაბრიელ ეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ მღვდელმა მელიტონ კელენჯერიძემ შეაგროვა მისი მოღვაწეობის ამსახველი ცნობები. ამისათვის საგანგებოდ შეიმუშავა კითხვარი, რომლის მიხედვითაც გაბრიელ ეპისკოპოსზე შემოგვინახა მისი თანამედროვე სასულიერო და საერო მოღვაწეთა მოგონებები. სწორედ ეს მასალები შევიდა გაბრიელ ქიქოძის პირად ფონდში, რომელიც ეროვნულ საარქივო ფონდს 1963 წელს მიხეილ ქიქოძემ გადასცა. პირად ფონდში ასევე დაცულია გაბრიელ ქიქოძის ქადაგებანი და რელიგიურ დღესასწაულებზე წარმოთქმული სიტყვები, ასევე მისი პირადი მიწერ-მოწერა.

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საეკლესიო კრებამ, რომელიც 1995 წლის 19 სექტემბერს გაიმართა სვეტიცხოველში, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ეპისკოპოსი გაბრიელი წმინდანად შერაცხა. და ხსენების დღედ 7 თებერვალი დადგინდა (ძველი სტ. – 25 იანვარი).

კარგი იქნება, თუ არ დავივიწყებთ წმინდანის ამ ბრძნულ შეგონებას: თუ გვსურს ჩვენს გულში ღმრთის სიყვარული განმტკიცდეს, ხშირად უნდა წარმოვიდგინოთ, როგორ ვუყვარვართ მას და რამდენი განგებულება აღასრულა ჩვენი განათლებისა და ცხონებისთვის.

შეკრიბა, და დაამუშავა თინათინ მჭედლიშვილმა

(დაბეჭდილია კრებულში:  „ცხოვრება და ღუაწლი; პარაკლისი და დაუჯდომელი წმიდისა მამისა ჩუენისა გაბრიელისა, იმერეთის ეპიკოპოსისა“)