იოანე შანხაელი მაქსიმოვიჩი

02 ივლისი. დაუჯდომელი საგალობელი შანხაისა და სან-ფრანცისკოს მთავარეპისკოპოსისა წმიდისა იოანე განმანათლებლისა და საკვირველმოქმედისა (მაქსიმოვიჩი -1896-1966)

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა უფალო იესუ ქრისტე, ღმეღთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდამყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის). 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი… 

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის). 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

მოვედით, თაყუანისვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა

მოვედით, თაყუანისვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.    

მოვედით, თაყუანისვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შემცამეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხჰყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეიმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლადდასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

კონდაკი 1

ქებით შეგასხამთ მწყემსმთავარსა დიდსა და საკვირველთმოქმედსა მოღუაწესა, და გევედრებით სასოებითა ყოვლადძლიერისა შეწევნისა შენისაისა: გალობაი ესე ჩუენი შეიწირე და შეგვავედრე მაცხოვარსა ჩუენსა და ღმერთსა, ოხითა შენითა განგვკურნოს და გვიხსნას ჩუენ ყოვლისაგან ძვირისა და საცთურისაგან ბოროტისა, რაითა უვნებელად დაცულნი გნატრიდეთ შენ ძალისაებრ ჩუენისა: გიხაროდენ, წმიდაო დიდო მღდელმთავარო იოანე, საკვირველმოქმედო და მსწრაფლშემწეო!

იკოსი 1

უბიწოებითა განჰვლე რაი საწუთოი, ვითარცა ანგელოზმან ღმრთისამან, მადლითა მისითა გამოუჩნდი სნეულთა მკურნალად და მშიერთა გამომზრდელად, გლახაკთა, ობოლთა და დავრდომილთახელისაღმპყრობელად და შემწედ მხურვალედ ჭირთა შინა მყოფთა და მეოხად შენდა მოლტოლვილთა, ეგრეთვე აწ მოგუხედენ ჩუენ და მოგუფინე კურთხევანი მამობრივისა შენისა გულმოწყალებისა, რაითა ცხორებისა ჩუენისა გზაი კეთილად განვვლოთ და არცაღა დავსცხრეთ ქებად ღუაწლისა შენისა:

გიხაროდენ, სულისა თვისისა ქრისტეის სამკვიდრებლად განმკუთვნელო;

გიხაროდენ, მწყემსობისა და სალოსობისა ორკეცისა ღუაწლისა აღმღებელო;

გიხაროდენ, ძლიერებითა სულისაითა კაცობრივისა უძლურებისა დამფარველო;

გიხაროდენ, ძალითა ღმრთისაითა ურიცხუთა სასწაულთა სრულმყოფელო;

გიხაროდენ, ვარსკულავო ელვარეო, ხსნისა მეძიებელთათვის გზისა მაჩუენებელო;

გიხაროდენ, ღმრთისა და მოყუასისა სიყუარულისა მქადაგებელო;

გიხაროდენ, კრძალულებისა და კეთილზნეობისა მასწავლელო;

გიხაროდენ, წმიდაო დიდო მღდელმთავარო იოანე, საკვირველმოქმედო და მსწრაფლშემწეო!

კონდაკი 2

იშევ რაი მშობელთაგან კეთილმსახურთა, დასაბამსავე სიყრმისა შენისასა შეიყუარე სიმდაბლეი და კრძალულებაი, და მარადის იქცეოდი სიწმიდითა და სიმართლითა წინაშე ღმრთისა, ხოლო ეუფლნენ რაი ღმრთისმბრძოლნი რუსეთსა, სახლეულითურთ წარხვედ ბელგრადსა და მუნვე განისწავლე ღმრთისმეტყუელებასა შინა, აწ ჩუენცა შეგვეწიე, გზასა კეთილსა ვიდოდეთ და მარადის ვაქებდეთ ყოველთა შემოქმედსა: ალილუია.

იკოსი 2

საკვირველად განბრწყინდა რაი შორის შენსა მადლი ღმრთისაი, ყოველი სურვილი შენი მისა მიმართ აღპყრობილიყო, და ღამეთა და დღეთა განჰლევდი რაი მღვიძარებასა შინა, მონაზონთა საძმოსა შერთული ხუცესმონაზვნად გაკურთხეს და თავსმდებელმან უფიცხლესისა ღუაწლისამან აღიკრძალე ძილი სარეცელსაცა ზედა, აწ აღაგზე გულთა შინა ჩუენთა ცეცხლი საღმრთოისა მოშურნეობისაი, რაითა არა მივიდრიკოთ უსჯულოებისადმი, და გულსმოდგინებითა ვაქოთ საქმენი შენნი, ღირსი ქებისაი:

გიხაროდენ, სიყრმითგან მადლითა ღმრთისაითა შემოსილო;

გიხაროდენ, სიბრძნისა მისისა მჭურეტელო და მქადაგებელო;

გიხაროდენ, ანგელოსებრივისა ღუაწლისა თავსმდებელო;

გიხაროდენ, სულთა და ხორცთა უბიწოებისა გულსმოდგინედ დამცველო;

გიხაროდენ, ეშმაკისა ცთუნებათა და მძვინვარეთა საფრხეთა მისთა მარხვითა და ლოცვითა დამშრეტელო;

გიხაროდენ, ფრიადისა მუხლთმოდრეკისა და ცრემლთა წმიდათა უძილთაგან თუალთა შენთა ღმრთისადმი შემწირველო

გიხაროდენ, ფუტკარო, ასკეტთაგან სიქუელისა თაფლისა შემკრებელო;

გიხაროდენ, წმიდაო დიდო მღდელმთავარო იოანე, საკვირველმოქმედო და მსწრაფლშემწეო!

კონდაკი 3

ხედვიდენ რაი სათნოებასა და განსწავლულებასა შენსა, ნეტარო იოანე, საღმრთოისა სჯულისა მასწავლელად განგაწესეს, და დაუცხრომელად იღუწიდი რაი აღზრდად სულთა და გონებათა ყრმათასა, პირი შენი ხმატკბილად აღმოადინებდა მაცხოვნებელთა მათ სწავლათა, სანატრელო, და მრავალთა აღსძარცვიდი ზრქელსა საბურველსა თუალთაგან სულისათა, ეგრეთვე აწ განამტკიცე გულნი ჩუენნი ქრისტეს სარწმუნოებასა შინა მადლითა მისითა და ყოველნი აღგვძარ გალობად ღმრთისა ჩუენისა და მაცხოვრისა: ალილუია.

იკოსი 3

იყავ რაი ბრძენი მოძღუარი და კეთილად მზრახვალი მასწავლელი, შემკული საღმრთოითა მგზებარებითა, ებისკოპოსად კურთხევაი შენი ეწადათ მღდელთმთავართა, გარნა სიმდაბლითა შემოსილმან შორად განაყენე თავი თვისი, წმიდაო, რამეთუ ევლტოდი კაცობრივსა მას დიდებასა, და აუწყებდი მათ მკელობელობასა და ენაბრგვილობასა შენსა, აწ ჩუენცა მოგუმადლე სული სიმშვიდისა და სიმდაბლისაი, რაითა უზაკველითა გულითა ღმერთსა ვმსახურებდეთ და გნატრიდეთ სურვილითა:

გიხაროდენ, ხორცითა განკაფულო და სულითა განშუენებულო

გიხაროდენ, გულმოწყალებითა შენითა ფრიად განთქმულო

გიხაროდენ, საღმრთოითა წერილითა გამოხურვებულო;

გიხაროდენ, მწიგნობრობასაცა შინა მრავალთა ენათასა განსწავლულო;

გიხაროდენ, ბნელსა შინა ურწმუნოებისასა მსხდომარეთა ნათლითა სახარებისაისა განმანათლებელო;

გიხაროდენ, მღვიძარედ და ფხიზლად ცხორებისა შემაგონებელო;

გიხაროდენ, ცუდთა ლტოლვათა და ჩუეულებათა აღვირმსხმელო;

გიხაროდენ, წმიდაო დიდო მღდელმთავარო იოანე, საკვირველმოქმედო და მსწრაფლშემწეო!

კონდაკი  4

სიმდაბლისა და სათნოებისა შენისათვის იყავ რაი საყუარელ მოწაფეთა და მეცნიერთა შენთაგან, მოწოდებული მსახურებად ღმრთისა და მოყუასისა, ხელდასხმულ იქმენ ებისკოპოსად, ნეტარო, და დაგადგინეს რაი მწყემსმთავრად შანხაისა, დღეყოველ სიხარულითა შესწირვიდი უსისხლოსა მსხუერპლსა, და ქადაგებდი რაი საკვირველად, სამწყსოსა შენსა ასწავე თაყუანისცემაი ღმრთისაი სულითა და ჭეშმარიტებითა: ალილუია.

იკოსი 4

შუენიერი გვირგვინი იგი, რომელი შეგითხზა სიმდაბლემან შენმან, ვერა დააჭნო აღმაღლებამან ხარისხსა ზედა მღდელმთავართასა, იტყოდი რაი „კაცთათვის მსახურებაი მსახურებაი არს ღმრთისაი“, და ლოცვითა მხურვალითა საღმრთოდ შეჭურვილი მოჰვლიდი რაი ქალაქსა მოძიებისთვის ობოლთა, გამოზრდიდი სიყუარულითა და განსწავლიდი ყოველთა, რაითა განეშორონ ბოროტსა და სათნო ეყუნენ ღმერთსა, აწ ჩუენცა გვიოხე მისა მიმართ, რაითა სიყმილისა და განსაცდელთაგან გვიხსნას და აღგვძრას გალობად შენდა:

გიხაროდენ, ღუაწლთა სიმრავლითა განშუენებულო;

გიხაროდენ, მადლისა კეთილმოქმედებითა განათლებულო;

გიხაროდენ, გულითა სათნოითა და სიბრძნითა საღმრთოითა განსრულებულო;

გიხაროდენ, მსგავსად იოვანე მოწყალისა სიმდაბლითა და კაცთმოყუარებითა განდიდებულო;

გიხაროდენ, უძლურთა მიმართ ღმრთეებრივითა თანალმობითა აღძრულო;

გიხაროდენ, სნეულთა შესავედრებელო და ძვირხილულთა ხელისაღმპყრობელო;

გიხაროდენ, გლახაკთა და ნაკლულევანთა მწყალობელო და შიშველთა შემმოსველო;

გიხაროდენ, წმიდაო დიდო მღდელმთავარო იოანე, საკვირველმოქმედო და მსწრაფლშემწეო!

კონდაკი  5

გსუროდა რაი სიმხნითა და ღირსებითა აღსრულებაი სამღდელმთავროისა ღუაწლისა, ღმრთისა მიერ შენდა განწესებულისა, სამწყსოსა შენსა განსწავლიდი წინააღდგომად მტერთა მიმართ უხილავთა და ხილულთა, და განაკრძალებდი ლოცვასა, ხოლო მრავალგზის გიხილეს რაი ჟამსა წირვისასა ბრწყინვალეი უნათლეს მზისა, რაიცა მადლთა აღმატებასა დაფარულსა სულსა შინა შენსა ცხადყოფდა, განცვიფრებულნი გნატრიდენ შენ ყოველნი, დიდო მოღვაწეო, და აქებდენ ღმერთსა, განმაძლიერებელსა შენსა: ალილუია.

იკოსი 5

ოდეს აღიძრა ქრისტეანეთა დევნულებაი ჩინეთსა, სამწყსოისა თანა განევლტოდი ღმრთისმბრძოლსა მთავრობასა მისსა, ნეტარო, და დაემკვიდრეთ რაი კუნძულსა ოკეანისასა, ლოცვითა დააყუდნებდი ღელვათა, და დაუცხრომელად ითხოვდი რაი აღორძინებასა სამწყსოისა შენისასა და სრულიად განრინებასა საფრხისაგან, გარდიყვანე იგინი დიდითა შრომითა ამერიკას, და დღეყოველ განამტკიცებდი რაი მართლითა ცხორებითა, სულისა შენისა დიდბუნებოვნებისა შემცნობელთა აღსძრვიდი ქებად ღუაწლისა შენისა

გიხაროდენ, ცეცხლმთებარეო ლამპარო, ბნელსა მას უღმრთოებისასა საკვირველად გამობრწყინვებულო;

გიხაროდენ, სანთელო, მაღალსა ზედა სასანთლესა ეკლესიისასა დადგინებულო

გიხაროდენ, უსამართლოსა დევნასა შინა სიმართლისა სულისა სიმტკიცითა დამცველო;

გიხაროდენ, სამშობლოითგან ლტოლვილთა რუსთათვის უცხოსა მას ქვეყანასა შინა მყუდროისა ნავსაყუდელისა განმამზადებელო;

გიხაროდენ, მწყემსო კეთილო, სამწყსოისა შენისა ყოვლისა საფრხისაგან გამომხსნელო;

გიხაროდენ, წყლულებისა მათისა გულსა შინა თვისსა დამტევნელო;

გიხაროდენ, სულიერთა შვილთა შენთა აღმოსავალითგან დასავალსა უვნებელად მიმყვანებელო;

გიხაროდენ, წმიდაო დიდო მღდელმთავარო იოანე, საკვირველმოქმედო და მსწრაფლშემწეო!

კონდაკი 6

მსწრაფლ განითქუა რაი საღმრთოი მოქალაქობაი შენი ყოველსა ქუეყანასა, იწყლა გონებაი მრავალთაი ხილვისა შენისა სურვილითა, ღმრთივსულიერო, გარნა წარგგზავნეს მმართველად დასავლეთ ევროპის ეპარქიის, და მწყსიდი რაი, ვითარცა სლავთა, ეგრეთვე სხვათაცა სამრევლოთა ასწავებდი საღმრთოთა წესგანგებულებათა განუხრელად დაცვასა, და ძღუნად პატიოსნად მიჰგვარე წმიდასა ეკლესიასა, რაითა ჰყუავილოვნებდეს და მოაქუნდეს უხუად ნაყოფი სადიდებლად ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 6

გეწადა რაი განდიდებაი წმიდათაი, ვიდრე განყოფამდე მოღვაწეთა ეკლესიასა შინა ჰრომთასა, მოიძიე „ღუაწლი და ცხორებაი“ მათი, და აღუდგინე თაყვანისცემაი ეკლესიასა შინა, აწცა განანათლე სული ჩემი ბრწყინვალებითა მადლისა შენისაითა და მოგვანიჭე მხურვალებაი სარწმუნოებისაი და სიყუარული ყოველთა ღირსთა და წმიდათაი, რაითა მარადის ვიქმოდეთ სათნოყოფასა ღმრთისასა და მოგიძღუნიდეთ სამადლობელსა ქებისასა:

გიხაროდენ, მრავალთა წმიდათა გამომაბრწყინვებელო;

გიხაროდენ, მარტინეის მსგავსად მოღუაწეო და სასწაულმოქმედო;

გიხაროდენ, გერმანეისა მსგავსად მართლმადიდებელისა სარწმუნოებისა შეუდრეკელად აღმსაარებელო;

გიხაროდენ, წმიდისა ილარიონისაებრ ღმრთისმეტყველო;

გიხაროდენ, წმიდათა და სათნოყოფელთა ღმრთისათა მსგავსად გრიგოლისა თაყუანისმცემელო;

გიხაროდენ, მსგავსად ფავსტოისა მონაზვნურითა ღვაწლითა განბრწყინვებულო;

გიხაროდენ, კესარიოსისა მსგავსად ქრისტეის ეკლესიისა შემყუარებელო;

გიხაროდენ, წმიდაო დიდო მღდელმთავარო იოანე, საკვირველმოქმედო და მსწრაფლშემწეო!

კონდაკი 7

იყავ რაი მდაბალ და აღუზვავებელ, და აღსავსეი მადლითა სულიერითა, უპირველეს მღდელთა ჰმოძღურიდი და ასწავებდი სიმდაბლესა და მღვიძარებასა სამწყსოისათვის ლოცვითა, მართლმხილებასა მათსა და სწავლასა სარგებელად მათდა, რაითა იგინიცა პატივსა სცემდენ და იყუარებდენ მოძღუართა თვისთა, და ყოველნი ერთითა სულითა და ერთითა პირითა აქებდენ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 7

განუზომელი მოწყალებაი და უაღრესი სიტკბოებაი და სიმდაბლეი გექმნა რაი წინამძღვრად გზასა მას ჭეშმარიტსა, ლმობიერყავ გულნი ძლიერთა ამა ქვეყნისათა, მოივლტოდენ რაი შეწირვად საზრდელისა და საფასისა, რომლისა მიერ გამოზრდიდი მრავალთა ობოლთა, და მდიდართა ასწავებდი გულმოწყალებასა, და აჰა, აწ ჩუენცა გვესმა რაი საქმენი შენნი საკვირველნი, არა დავსცხრებით გალობად შენდა:

გიხაროდენ, იოანე ღმრთისმეტყუელისაებრ სიყუარულისა მასწავლელო;

გიხაროდენ, დავით წინაისწარმეტყუელისაებრ მოწყალებისა და სიმშვიდისა მომხვეჭელო;

გიხაროდენ, უხამლოდ სლვითა და შეურაცხითა სამოსითა ყოველთა განმაკვირვებელო;

გიხაროდენ, სიმტკიცითა შენითა და მადლმოსილებითა მრავალთა სულთა განმამხნობელო;

გიხაროდენ, კეთილთა მწყემსთა გამომაბრწყინებელო და უღირსთა განმხდელო;

გიხაროდენ, ურიცხვთა სულთა წარწყმედისაგან გამომხსნელო;

გიხაროდენ, მძლავრისა მის მტერისა მრავალშეთხზულისა ხელოვნებისა დამხსნელო

გიხაროდენ, წმიდაო დიდო მღდელმთავარო იოანე, საკვირველმოქმედო და მსწრაფლშემწეო!

კონდაკი 8

გონებისა მის შენისა სიმშვიდითა და გულისა სიწმიდითა ემსგავსე რაი მეუფესა შენსა ქრისტესა, იქმენ უაღრეს ყოველთაისა შემძლებელი წინამძღვრობად და მწყსად სულთა, და არა იზარებდი სლვად და მოხილვად სამწყსოისა შენისა, რაითა არცაღა ვინ დაშთეს უსმენელად საღმრთოისა მოძღურებისა, და მრავალნი განამტკიცე რაი მართლსარწმუნოებასა შინა, წმინდანად გსახვიდენ შენ, ნეტარო, და გალობითა მადლობდენ ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 8

სიწმიდისათვის გულისა შენისა და ბრწყინვალებისათვის ცხორებისა, მოცემულ გაქუნდა სიტყუაი სიბრძნისაი და მეცნიერებისაი სულისაგან წმიდისა, და მისვე სულისაგან მადლი კურნებათაი და შეწევნისაი, და ნუგეშსასცემდი რაი უსასოთა, მრავალთა ვნებულთა ჰკურნებდი და განამტკიცებდი წინააღდგომად ეშმაკისა და ზაკუვათა მისთა, და აჰა, აწ ჩუენცა დაგვიფარენ ყოვლისაგან საცთურისა და ღირს გვყვენ შეწირვად შენდა გალობისა:

გიხაროდენ, წინაშე თუალთა შენთა მარადის მჭურეტელო ჯუარცმულისა უფლისაო და მობაძავო სიმდაბლისა მისისაო;

გიხაროდენ, კანონო უბიწოდ ცხორებისაო;

გიხაროდენ, ხატო დათმენისა და სიწმიდისაო;

გიხაროდენ, გოდოლო შეუძრველო სიმხნისაო;

გიხაროდენ, განმაქარვებელო ყოვლისა სიცრუისაო;

გიხაროდენ, ბრწყინვალეო მნათობო სოფლისაო;

გიხაროდენ, შეუძრველო სუეტო ეკლესიისაო;

გიხაროდენ, წმიდაო დიდო მღდელმთავარო იოანე, საკვირველმოქმედო და მსწრაფლშემწეო!

კონდაკი 9

ფრიად განშუენდა რაი ღუაწლი შენი ნაყოფთა მიერ კეთილთა, სანატრელო, წარგგზავნეს სანფრანცისკოს ეპარქიისა მმართველად, და ვითარცა მწყემსი მღვიძარეი, მარადის ჰმწყსიდი სამწყსოთა შენთა და იწყე შენებაი ტაძრისაი, გარნა შურითა საეშმაკოითა აღიძრენ მრავალნი, ღირსო, და ცილსა გწამებდენ რაი, ვითარცა ანგარსა, განგამართლა შენ მსაჯულმან, და ყოველთა მოყუარეთა შენთა მადლი და დიდებაი შესწირეს ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 9

დიდითა ღუაწლითა აღაშენე რაი ტაძარი სახელსა ზედა ღმრთისმშობლის ხატისასა„ყოველთა მწუხარეთა სიხარული“, იქმნა იგი უძლურთათვის მიზეზ კურნებისაი, და მყუდროდ ნავთსაყუდელად მეძიებელთა ჭეშმარიტებისათა, არა დასცხრებოდი რაი ღუწად მათთვის სულიერად წინაშე ღმრთისა, და განრინებად ყოვლისაგან ძვირისა და მზაკუვარებისაგან ბოროტისა, აწ ჩუენცა ნუ დაგვიტევებ შეუწევნელად, და გარდამოგვივლინე სიმხნეი სულისაი და სიწმიდეი გულისაი სარწმუნოებითა მგალობელთა:

გიხაროდენ, მსგავსად ელიაისა ცეცხლითა საღმრთოისა შურისაითა აღგზებულო;

გიხაროდენ, წყაროო დაუწყუედელო, სულთა სარგებელთა სწავლათა აღმომადინებელო;

გიხაროდენ, მწყურნებთა სიმართლისათა დამარწყულებელო;

გიხაროდენ, გრძნეულთა მზაკუავარებათა დამხნელო და უსამართლოთა ბჭობათა დამარღვეველო;

გიხაროდენ, მუშაკო სახიერო, ღირსთა სამღდელოთა ხელდამსხმელო და სიბრძნითა დამმოძღურელო;

გიხაროდენ, დიდთა მათ ასკეტთა მამათა სერაფიმე როუზისა და გერმანე ალიასკელისა გამომზრდელო;

გიხაროდენ, ბერმონაზონთა ღუაწლთა შინა განმამტკიცებელო;

გიხაროდენ, წმიდაო დიდო მღდელმთავარო იოანე, საკვირველმოქმედო და მსწრაფლშემწეო!

კონდაკი 10

იყავ რაი მარადის განათლებული მღვიძარებითა, ზრუნვიდი ხსნისათვის ურწმუნოთა და წარმართთასა, და ყოველთა უქადაგებდი რაი ქრისტეს ჭეშმარიტსა სარწმუნოებასა, ნათელს სცემდი სახელითა წმიდისა სამებისაითა, აწ ჩუენცა გვიოხე მისა მიმართ, შეგვჭუროს ბრძოლად და დათრგუნვად ჩუენ ზედა აღდგომილთა ურიცხუთა მტერთა და წინააღმდგომთა სჯულისა და სიწმიდისათა, რაითა შეწევნითა შენითა ვიქადდეთ და ვადიდებდეთ ძლიერებასა მისსა: ალილუია.

იკოსი 10

დაუკვირდა რაი ყოველსა ბანაკსა ანგელოზთასა ღუაწლი შენი, წმიდაო იოანე, რომელმან ღუაწლთა მოთმინებითა სამწყსონი შენნი მსხუერპლად სულიერად შესწირენ ღმერთსა, ვერა თავსიდვა ახოვანი მოსაგრეობაი შენი კეთილისმოძულემან მტერმან, და ბრძოლაი დიდი აღადგინა შენ ზედა, გარნა დააკუეთე იგი შრომათა მახვილითა, და დასწუენ ცეცხლებრ, სახუმილითა ლოცვათა შენთაითა, აწ ჩუენცა შეგვეწიე ქრისტეს მიმართ, მოგუცეს ძლევაი ეშმაკთაი და მანქანებათა მათთაი მოსავთა შენთა და მგალობელთა:

გიხაროდენ, ქნარო საღმრთოთა მოძღურებათაო, განმამხიარულებელო ქრისტეისმოყუარეთა გულთაო;

გიხაროდენ, შუამდგომლობითა შენითა განმხუმელო საღმრთოისა მოწყალებისა ბჭეთაო;

გიხაროდენსიქადულო და მფარველო უცხოთა მათ ქუეყანათა შინა განბნეულთა სლავთაო;

გიხაროდენ, იოვანე ნათლისმცემელისაებრ დაუღალავად მეძიებელო ცოდვილთაო;

გიხაროდენ, სიქადულო და მეოხო პატიოსანთა მღდელთაო;

გიხაროდენ, განმამრავლებელო ქრისტეის ახოვანთა მხედრობათაო;

გიხაროდენ, თუალუხვავად მამხილებელო ანგართა ღმრთისმსახურთაო;

გიხაროდენ, წმიდაო დიდო მღდელმთავარო იოანე, საკვირველმოქმედო და მსწრაფლშემწეო!

კონდაკი 11

წინაისწარმტყუელებდი რაი წინაისწარ ყოფადთა საქმეთათვისგანითქუა სახელი შენი, ვითარცა საკვირველთმოქმედისა მამისაიდა ამცნე რაი მოწაფესა შენსა ჟამი განსლვისა თვისისაი ხორცთაგანაკურთხე სამწყსოი შენი, ნეტარო, და წინაშე `კურსკკორენისა ღმრთისმშობლისა~ მუხლმოყრითა მლოცველმან მიეც რაი წმიდაი სული თვისი საწადელსა შენსა ქრისტესა, სიმრავლესა მას წმიდათასა შერთული მარადის აღუვლენ მას სადიდებელსა გალობასა და ქებასა: ალილუია.

იკოსი 11

მსწრაფლ განითქუა რაი მიცუალებაი შენიღმრთისმოყუარეო, სამწყსოი შენი და სამღდელონი გეთხოვებოდენ ცრემლთა დინებითა, და ლიტანიითა წარიხუნეს რაი კუბოი შენი, საძვალესა მას შენ მიერ აღშენებულისა ტაძრისასა დაგფლეს პატივითა, გარნა შემდგომად სიკუდილისაცა იცავდი და ხელსა აღუპყრობდი რაი თვისთა ობოლთა და მოწაფეთაყოველნი მოისწრაფდენ მიმთხვევად სიწმიდისა შენისა, და გაქებდენ შენ, ვითარცა მწყემსსა დიდსა და მამასა ჭეშმარიტსა:

გიხაროდენ, საცნაურო მზეო, მნათობო ეკლესიისაო, საკვირველებათა უხუებითა მომნიჭებელო;

გიხაროდენ, განსაცდელთა შინა შეწევნისა მადლისა ზეცითგარდამო მომღებელო;

გიხაროდენ, სიბრძნისა შენისა მდინარეთაგან ქუადქმნილთა და ფიცხელთა გულთა მომალბობელო;

გიხაროდენ, კეთილმონაო სახიერო და სარწმუნოო, ღუაწლითა შენითა სახელდიდებულებისა მომხვეჭელო;

გიხაროდენ, მოქალაქეო ზეციერისა იერუსალეიმისაო, საღმრთოისა სარბიელისა კეთილად სრულმყოფელო;

გიხაროდენ, ზეგარდამოსა მას ჩუენებასა შინა მოწაფისა შენისათვის განმცხადებელო: „დაღათუ მოვკუდი, გარნა ცხოელ ვარ“;

გიხაროდენ, შეპყრობილთაგან ბოროტთა სულთა განმდევნელო;

გიხაროდენ, წმიდაო დიდო მღდელმთავარო იოანე, საკვირველმოქმედო და მსწრაფლშემწეო!

კონდაკი 12

აჰა, თქმად შეუძლებელ არს ძალი იგი სასწაულთა შენთაი, მამაო მღვიძარეო და ღმრთისმოყუარეო, რამეთუ წმიდათა თანა შეგრაცხა რაი ეკლესიამან, იოანე, აღმოიყვანნეს საუნჯეი პატიოსანინაწილნი შენნი ლოცვითა და გალობითა, და ლუსკუმითა დააბრძანეს რაი ღმრთისმშობლისა ტაძარსა, მსგავსად დაუწყვედელისა წყაროისა უხუად აღმოაცენებ კურნებასა, წმიდაო, და ყოველთა აღძრავ გალობად ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 12

აჰა, აწ იხარებს სანფრანცისკო, და იქადის ტაძარი ღმრთისმშობლის ხატისა„ყოველთა მწუხარეთა სიხარული“, ვითარცა სამკვიდროი წმიდათა ნაწილთა შენთაი, რამეთუ სასწაულთა მათ აღმობრწყინვებითა ელვარობს წმიდისა მის სავანითგან ყოველსა ზედა ქუეყანასა, და ჟამსა შეჭირვებისასა მრავალნი მოივლტიან რაი მიმთხვევად ლუსკუმასა შენსა, უშურველად გარდამოუდინებ მადლსა და ლხინებასა, აწ ჩუენცა გუექმენ ნუგეშინისმცემელ და აღმადგინებელ ყოველთა ნაკლულევანებათა და მწუხარებათა შინა, რაითა განმამხნობელსა შენსა იესუს ვადიდებდეთ და გნატრიდეთ წადიერად:

გიხაროდენ, კეთილშუენიერად აღმობრწყინვებულო ჭეშმარიტო მსახურო ქრისტე მაცხოვარისაო;

გიხაროდენ, ზეცითგან მონიჭებულო სიმტკიცეო მართლმადიდებლობისაო;

გიხაროდენ, დაფარულთა მცნობელო უფსკრულო გულისხმისყოფისაო

გიხაროდენ, წარმოუცალიერებელო საუნჯეო ღმრთეებრივისა სიბრძნისაო;

გიხაროდენ, დაუშრეტელო წყარო ღმრთისმეტყველებისაო;

გიხაროდენ, ღმრთივგანბრძნობილო მკურნალო სულიერისა სიბრმისაო;

გიხაროდენ, განმამრთელებელო სულთა და ხორცთა უძლურებისაო;

გიხაროდენ, წმიდაო დიდო მღდელმთავარო იოანე, საკვირველმოქმედო და მსწრაფლშემწეო!

კონდაკი 13

ჰოი, ყოვლადსაკვირველო სათნომყოფელო ღმრთისაო, წმიდაო მღდელმთავარო იოანე, სარწმუნოებითა და სიყუარულითა შევრდომილნი მტკიცესა მას შენსა მეოხებასა და მამობრივსა მადლსა და შეწევნასა, გვიხსენ ყოველთა უხილავთა და ხილულთა მტერთა მრავალსაფრხეთაგან, და ჟამსა მას შინა განსჯისასა განგუარინენ საუკუნეთა მათგან მწარეთა სატანჯველთა, რაითა შენ მიერ ძღუანებულნი მივიწივნეთ ზეციერსა იერუსალეიმსა და შენ თანა ღირს ვიქმნეთ დიდებად ყოვლადწმიდისა სამებისა: ალილუია.

ეს კონდაკი 3-გზის; შემდეგ იკოსი 1 და კონდაკი

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, წმიდაო იოანე განმანათლებელო და საკვირველმოქმედო, უძლურთა მკურნალო და ჭირვეულთა მსწრაფლშემწეო, გლახაკთა და უპოვართა ნუგეშინისმცემელო და ქურივთა და ობოლთა გამომზრდელო; უსწავლელთა მასწავლელო და სიბრძნისა მომცემელო; მართლმორწმუნეთა შემწეო და შესავედრებელო!

 ჰოი, ქრისტეის სამწყსოთა დიდო მწყემსმთავარო, წმიდაო იოანე შანხაელო, ნაკუერცხალთა მიერ სულისა წმიდისათა აღეგზე, და სასოებითა მსახურე რაი ღმერთსა, მისა მიმართ მიგავლენთ აწ მეოხად, რაითა მოგვიტევოს ურიცხუნი ცოდვანი ჩუენნი და გვიხსნნეს ეშმაკის სიცბილისაგან და მძლავრებისა; საჯოს მაჭირვებელთა და ბრძოდეს მბრძოლთა მათ ჩუენთა და ერი ჩუენი დაიფაროს მტერისა საფრხისა და ძმათა შორის ბრძოლისაგან, ხოლო მართლაღსარებითა დამტკიცებული ეკლესიაი თვისი და ყოველნი შვილნი მისნი დაგვიცვას შეუძრველად, რაითა არცაღა განმცემელ ვექმნნეთ სიქადულსა ჩუენსა მართლმადიდებლობასა, და ხმითა მაღლითა აღვიარებდეთ ქრისტეს ჭეშმარიტსა სარწმუნოებასა.

ჰოი, მღდელმთავართა სამკაულო, და მამათა სიქადულო, თავო მონაზონთაო და წინამძღუარო მართლმადიდებელთაო, ყოვლად ნეტარო იოანე, აწ აღავლინე ღმრთისა მიმართ მრავლისაშემძლებელი ლოცვაი შენი და ევედრე ყოვლადმოწყალესა, რაითა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაი, სამღდელოთა პატიოსნებაი, მთავართა კეთილად მწყსაი ერისაი, მხედართა მამაცობაი, ერისაგანთა უცოდველობაი და დედათა კრძალულებაი, ხოლო ჩუენ მოგვანიჭოს აღსარებითა შემუსრვაი სულისაი და სინანულითა განწმედაი გულისაი, რაითა შუენიერებათა მათ ზეცისათა მივემთხვივნეთ და შენ თანა ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). 

უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, შანხაისა და სანფრანცისკოს მთავარეპისკოპოსისა იოანე განმანათლებელისა და საკვირველმოქმედისაითა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა