Site icon Iveron Icon Georgian Orthodox Church

02 ივლისი. ცხოვრება და მოღვაწეობა შანხაის, დასავლეთ ევროპისა და სან-ფრანცისკოს მთავარეპისკოპოსისა წმინდა იოანე საკვირველმოქმედისა

იოანე შანხაელი

ცხოვრება და მოღვაწეობა შანხაის, დასავლეთ ევროპისა და სან-ფრანცისკოს მთავარეპისკოპოსისა წმინდა იოანე საკვირველმოქმედისა

(მაქსიმოვიჩი -1896-1966)
ხს. 19 ივნისი (ახ. სტ. 2 ივლისი)

 

რუსეთში, ხარკოვის გუბერნიის სოფელ ადამოვკაში, 1896 წლის 4 ივნისს ბორის და გლაფირა მაქსიმოვიჩებს ვაჟი შეეძინათ და მთავარანგელოზის საპატივცემულოდ მიხეილი უწოდეს. მისი წინაპარი იყო ტობოლსკის მიტროპოლიტი წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი (1651-1715), რომლის ლოცვითა და ღვთის მადლით პატარა მიხეილი ბავშობიდანვე გამოირჩეოდა ღრმა რწმენითა და უფლისადმი სიყვარულით. მშვიდი და მოსიყვარულე ყრმა გაურბოდა ხმაურიან ბავშვურ თამაშობებს, და უმეტესად თავის თავში ჩაღრმავებულს, უყვარდა განმარტოება და უფალსა და ღვთის სჯულზე ფიქრი. „რაც თავი შევიცანი, – ამბობდა 1934 წელს ეპისკოპოსად კურთხევისას, – მსურდა მემსახურა სიმართლისა და ჭეშმარიტებისთვის“.
ასაკის მატებასთან ერთად მისი ღვაწლიც იზრდებოდა, და როდესაც კითხვა ისწავლა მისი ოთახი აივსო მართლმადიდებლური ლიტერატურით. მაქსიმოვიჩებს მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონდათ და მიშას საყვარელი წიგნები წმინდა ოთხთავი და წმინდა მამათა ცხოვრება გახლდათ. მისი წყალობით მისმა და-ძმებმა კარგად შეისწავლეს სამშობლოს ისტორია. მისი ოჯახი იმ მხარეში საკმაოდ შეძლებულად ითვლებოდა. მათ დაქირავებული ყავდათ მსახურები, ერთ ერთი მათგანი ძიძა-გუვერნანტი, ფრანგი კათოლიკე ქალბატონი იმდენად განაცვიფრა პატარა მიხეილის მტკიცე სარწმუნოებრივმა ცხოვრებამ, რომ მოექცა და მართლმადიდებლურად მოინათლა.

11 წლის ასაკში მშობლებმა სასწავლებლად გაგზავნეს პოლტავის კადეტთა კორპუსში, სადაც სიმდაბლით იტანდა ყოველივე სიძნელეს. ერთხელ კადეტები მწყობრად, მარშით მიდიოდნენ პოლტავის ქუჩებში. ეკლესიას რომ ჩაუარეს, მიშა შებრუნდა ტაძრისკენ და ჯვარი გამოისახა. კადეტებმა სასაცილოდ აიგდეს, უფროსებმა კი დასაჯეს. მაშინ დიდმა მთავარმა კონსტანტინემ უშველა – მისი ვაჟი მიშასთან ერთად სწავლობდა და როცა შეიტყო მაქსიმოვიჩის საქციელი, აღტაცებას ვერ მალავდა თურმე და უფროსებთანაც უშუამდგომლა. ფიზიკურად სუსტს განსაკუთრებით უჭირდა სამხედრო ფიზიკურ მომზადებაში მონაწილეობა და ვარჯიშები, ღვთის მადლით მალე მისი მდგომარეობა გაითვალისწინეს და გაათავისუფლეს ამ დატვირთვებისგან.

კადეტთა კორპუსში სწავლისას, კვირაობით დაჰყავდათ პოლტავის საკათედრო ტაძარში მსახურებებზე, სადაც მიქაელის მგრძნობიარე და ფაქიზ გულზე დიდი ზეგავლენა მოახდინა ეპისკოპოსი თეოფანეს (ბისტროვი) გაცნობამ და იმ სიღრმისეულმა და ასკეტურმა სულმა, რომლითაც ეს მღვდელთმთავარი აღასრულებდა ყველა მსახურებას. 1914 წელს 18 წლის ასაკში მიქაელმა დაამთავრა კადეტთა კორპუსი და გადაწყვიტა სწავლა განეგრძო კიევის სასულიერო აკადემიაში, თუმცა აქაც მოუხდა მამის სურვილის გათვალისწინება და მისი მორჩილების ნიშნად უარი თქვა სასულიერო აკადემიაზე და შევიდა ხარკოვის იურიდიულ სასწავლებელში. საერო მეცნიერებების შესწავლასთან ერთად გაფართოვდა მისი სულიერი თვალსაწიერი. გულმოდგინებით ეცნობოდა სასულიერო ლიტერატურას და დიდ დროს უთმობდა ლოცვას, – შუაღამისას წამოდგომა და ხანგრძლივი ლოცვა ბავშვობიდანვე შეყვარებოდა და ახლაც, მოწიფულობის ჟამს, მთელი არსებით ცდილობდა წმინდანებს დამსგავსებოდა. იურიდიული სასწავლებლის დამთავრებას 1918 წელს, დაემთხვა რუსეთში ავბედითი რევოლუციური ტალღა, რომელმაც გამოაჩინა სახე ყოველი ადამიანისა. სარწმუნოებრივი სიმტკიცე და სიმართლისათვის ბრძოლა საფრთხეს უქმნიდა მას და მის ოჯახს. სამშობლოსა და მეფის ერთგული მიშა როგორც შეეძლო, წინ აღუდგა გარშემომყოფთა რევოლუციურ სულისკვეთებას. იგი რამდენჯერმე დააპატიმრეს, მაგრამ ხედავდენ რა მის მტკიცე სულს, რომ შეუვალი და ღვთისადმი შეწირული იყო, და სიკვდილსაც კი არაფრად მიიჩნევდა, გაათავისუფლეს. სამოქალაქო ომი რუსეთში შეეხო ხარკოვის ოლქსაც. ქალაქი ხელიდან ხელში გადადიოდა, ხან თეთრგვარდიელები იკავებდნენ და ხან კომუნისტები. 1919 წლის დეკემბერში ხარკოვში კომუნისტების საბოლოოდ დამკვიდრების შემდეგ, მიქაელის მამამ მიიღო გადაწვეტილება დაეტოვებიათ სამშობლო, მაქსიმოვიჩების ოჯახი 1920 წლის ბოლოს ემიგრირებულ იქნა იუგოსლავიაში. 1921 წელს მიქაელი ჩაირიცხა ბელგრადის უნივერსიტეტში საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე, და სწავლისათვის საჭირო თანხას გაზეთების გაყიდვით შოულობდა.
1924 წელს დამამთავრებელ კურსზე სწავლისას მიტროპოლიტ ანტონის (ხარპოვიცკი) მიერ იგი დადგენილ იქნა მედავითნედ ბელგრადის რუსულ ეკლესიაში. 1925 წელს მიქაელმა წარჩინებით დაამთავრა ბელგრადის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტი. 1926 წელს იგივე მიტროპოლიტის მიერ მილკოვოს სერბულ მინასტერში აღკვეცილ იქნა ბერად, სახელით იოანე, მისი დიდი წინაპრის, ტობოლსკის მიტროპოლიტის წმინდა იოანეს (მაქსიმოვიჩი) საპატივცემულოდ. იმავე წელს 21 ნოემბერს (ახ. სტ 4 დეკემბერი) ეპისკოპოს გაბრიელის (ჩეპურა) მიერ ხელდასხმულ იქნა მღდელმონაზვნად, რის შემდეგაც იტვირთა მრავალი ასკეტური ღვაწლი, მათ შორის იყო ის, რომ არასოდეს დაწოლილიყო საწოლში. დიდი ხნის შემდეგ თვითონვე გამოტყდა, რომ მას შემდეგ, რაც ბერად შედგა, არასოდეს დაწოლილა ლოგინში, ღამეს ლოცვაში ათენებდა და მხოლოდ ორიოდე საათს თუ მიიძინებდა იატაკზე მჯდომარე ანდა ხატების წინ დამხობილი. ის ამით მიემსგავსა ხარკოვისა და აქტირიის მთავარეპისკოპოსს, წმინდა მელეტი ლეონტოვიჩს (1784-1840), რომლის წმინდა ცხოვრებასაც ჯერ კიდევ ხარკოვში ყოფნისას გაეცნო და მის წმინდა ნაწილებთან აღვლენილი ლოცვებისას ღვთის მადლი შთააგონებდა მიებაძა ამ ღვთისათნო მოღვაწისათვის, რომელიც ღამეს განუწყვეტელ ლოცვაში ატარებდა და არასოდეს წვებოდა. მღდელმონაზონმა იოანემ ასევე იტვირთა ღვაწლი წირვა-ლოცვის ყოველდღიურად აღვლენისა და მკაცრი მარხვისა, იღებდა რა მცირეოდენ საკვებს, მხოლოდ დღეში ერთხელ გვიან საღამოს. ხშირად ერთმანეთში არეულ საჭმელს ჭამდა: სუპი, გარნირი, კომპოტი – რათა მიწიერი საკვები სასიამოვნოდ არ მოჩვენებოდა.
1925-1927 წლებში მღვდელმონაზონი იოანე მოღვაწეობდა რელიგიის მასწავლებლად სერბეთის სახელმწიფო უმაღლეს სკოლაში. 1929 წელს დადგენილ იქნა ქალაქ ბიტოლში, წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სერბული სასულიერო სემინარიის რექტორად და მასწავლებლად. ქალაქი ბიტოლი და სემინარიაც იმ ჟამად შედიოდა ორხიდის საეპისკოპოსოში (ოხრიდის და ჟიჩის ეპარქია), რომელსაც განაგებდა ეპისკოპოსი ნიკოლოზი ველიმიროვიჩი (წმ. ნიკოლოზ სერბი 1880- 1956). იგი ხშირად სტუმრობდა სემინარიას, დიდად აფასებდა და უყვარდა ახალგაზრდა მღვდელმონაზონი იოანე და მის შესახებ ასე ამბობდა: „გინდათ იხილოთ ცოცხალი წმინდანი, წადით ბიტოლაში მამა იოანესთან!“ ხოლო მამა იოანე იმ დროისათვის იყო არაუმეტეს 30 წლისა. ეპისკოპოს ნიკოლოზს სემინარიის სტუდენტებისთვის ერთ-ერთი სტუმრობისას უთქვამს: „შვილებო დაუჯერეთ მამაო იოანეს, ის ღვთის ანგელოზია ადამიანის სახით მოვლენილი“. სემინარიის სტუდენტებიც არაერთხელ გამხდარან მომსწრენი მისი მართლაც რომ ანგელოზებრივი დაუღალავი ღვაწლისა. მოსწავლეებსაც შეუყვარდათ მამა იოანე, ის მათთვის ყველა ქრისტიანული სათნოების განსახიერება იყო, მისი მარხვა, ლოცვა და მღვიძარება არ იფარებოდა სემინარისტთა თვალთაგან. მამა იოანე ისე ახლობელი შეიქმნა მათთვის. არ იყო კითხვა, პასუხი რომ არ გაეცა – სრული, კომპეტენტური. დღე და ღამ ლოცულობდა მოსწავლეებისთვის. „ყოველ ღამე დაგვტრიალებდა, ზოგს ბალიშს უსწორებდა, ზოგს საბანს. საძინებელ ოთახში შემოსვლა-გასვლისას, ყოველთვის ჯვარს გამოგვსახავდა და გვაკურთხებდაო“ -ჰყვებოდა ერთი მოსწავლეთაგანი. მამა იოანე ცდილობდა, მოსწავლეები ღვთისმსახურებაში ჩაერთო. ნაწილი თუ დღის სახარების საკითხავს გამოარჩევდა, სხვები საღვთისმსახურო წიგნებს ეცნობოდნენ. მოძღვარი მოუწოდებდა მათ, ყოველთვის „ეფხიზლათ“, განსაკუთრებით კრძალვით შესდგომოდნენ ღვთისმსახურებას. ამის მაგალითს თავად აჩვენებდა. დიდი მარხვის პირველ და ბოლო კვირას არ ჭამდა არაფერს, დიდი შაბათს სრულიად ძალაგამოცლილი, სააღდგომო ლიტურგიის შემდეგ აღორძინდებოდა, უდიდეს ენერგიას იძენდა და ანგელოზის სიხარულით უბრწყინდებოდა სახე.
მამა იოანეს სულიერი სიმაღლე არ გამოპარვიათ რუსეთის ემიგრანტული ეკლესიის* სინოდის წევრებს და გადაწყვიტეს მისი ეპისკოპობა.
(* ამ პერიოდისათვის საზღვარგარეთის რუსულ ეკლესიას კავშირი გაწყვეტილი ჰქონდა დედა ეკლესიასთან (რუსეთის საპატრიარქო) და შესაბამისად მართლმადიდებელ ეკლესიასთან, თუმცა კი ყოველმხრივ ინარჩუნებდა მართლმადიდებლურ სწავლებას. რუსეთის ეკლესიის ეს ნაწილი 1920 წლისათვის ჩამოყალიბდა რუსული ემიგრაციისა და რამდენიმე ემიგრანტი ეპისკოპოსის გარშემო. 1927 წელის 27 ივლისს რუსეთის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა სერგიმ (სტარგოროდსკი) გამოსცა დეკლარაცია, რომელიც წარმოადგენდა რუსეთის საპატრიარქოს მიერ საბჭოთა ხელისუფლების ცნობას. ამ ფაქტის საპასუხოდ საზღვარგარეთის რუსულმა ეპისკოპატმა, რომელიც მონაქრისტებისგან შედგებოდა, ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა დედა ეკლესიასთან. (რუსეთის საპატრიარქოს კი სერგიანელებს~ უწოდებდნენ, მიტრ. სერგის დეკლარაციის მიღების გამო.) მხოლოდ 2007 წელს, პატრიარქ ალექსეისა და მიტროპოლიტ ლავრის მიერ მოეწერა ხელი აქტს, რომლის მიხედვითაც საზღვარგარეთის რუსული ეკლესია უბრუნდება რუსეთის საპატრიარქოს იურისდიქციას, როგორც მისი თვითმმართველი ნაწილი)
წმინდანს თავიდან ეგონა, სხვაში შევეშალე და შეცდომით უნდათ ჩემი კურთხევაო, მაგრამ როცა დარწმუნდა, სწორედ მას უპირებდნენ ეპისკოპობას - თავის ფიზიკურ ნაკლზე მიუთითა - ცალი ფეხი მოკლე ჰქონდა და ორთოპედიული ფეხსაცმელი ეცვა. ასევე გამართულად ვერ საუბრობდა, ქვედა ყბას სათანადოდ ვერ ამოძრავებდა, მაგრამ სინოდში მიუგეს, - ამნაირი ნაკლი მოსე წინასწარმეტყველსაც ჰქონდაო. მამა იოანეს ეპისკოპოსად ხელი დაასხეს 1934.28/V (ახ.სტ 10 ივნისს), ჩინეთში გაგზავნეს და შანხაის ეპარქია ჩააბარეს. მან ეპისკოპოსობა ისე მიიღო, როგორც საეკლესიო მორჩილება, თანაც ძალიან სჯეროდა სულიერ წინამძღვრის - მიტროპოლიტ ანტონ ხრაპოვიცისა, რომელმაც მისცა ლოცვა-კურთხევა. თავად მეუფე ანტონი ასე ახასიათებდა საკუთარ მოწაფეს:
ეს პატარა და სუსტი ადამიანი, გარეგნობით თითქმის ბავშვი, ჩვენს დროში, საერთო სულიერი მოშვებულობის დროს, ასკეტური სიმტკიცის და სიმკაცრის რაღაც სასწაულად ვლინდება….
შანხაიში ახალი ეპისკოპოსი ნოემბრის მიწურულს ჩავიდა. ქალაქში საბჭოთა ხელისუფლებას გამოქცეული უამრავი ლტოლვილი ცხოვრობდა. (1917 წლის ბოლოდან 1930 წლამდე, როცა სსრკ-ის საზღვრები საბოლოოდ ჩაიკეტა, რუსეთი დატოვა 20 მილიონზე მეტმა ადამიანმა – რუსი ერის ე.წ. ნაღებმა. ასეთი გადასახლება არ ახსოვს კაცობრიობის ისტორიას) შიმშილი, გაჭირვება, უსახლკარობა უცხო მხარეში _ ამ განსაცდელების ჟამს მართლაც რომ ნუგეში იყო ხალხისთვის მეუფე იოანეს გამოჩენა. უამრავი ადამიანი შეეგება ეპარქიის ახალ მმართველს, რომელიც მაშინვე შეუდგა თავის ახალ ღვაწლს, ეპისკოპოსობასთან ერთად 38 წლის ასაკში წმინდანმა არ შეცვალა ასკეტური პრაქტიკა, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება ძალიან შეიცვალა: არანაირი განმარტოება, გვერდით ყოველთვის ადამიანები, მათი თხოვნები, მათი უთანხმოებანი, და მიუხედავად საერო ცხოვრებაში ასეთი აქტიური მონაწილეობისა, შინაგანად სრულიად უცხო იყო ამასოფლიურ საზრუნავთათვის. მისი განუწყვეტელი ლოცვის მადლი იფარავდა მის გარეშემომყოფთაც. მან შეძლო აღმოეფხვრა უთანხმოებანი შანხაიში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნების მართლმადიდებლურ სათვისტომოთა შორის, დაასრულა აქ მშენებარე ღვთისმშობლის ხატის – „ცოდვილთა ხელისამპყრობელი“ სახელობის საკათედრო ტაძარი, (მშენებლობა იურიდიული დოკუმენტაციისა და ფინანსური პრობლემების გამო მრავალი წელი იყო შეჩერებული). ეპისკოპოს იოანეს დიდი ძალისხმევით მოხერხდა შანხაიში საეპისკოპოსო ჰოსპიტალის, ობოლთა თავშესაფრისა და უპატრონო მოხუცებულთა სახლის, გაჭირვებულთა სასადილოს, სამსართულიანი სამრევლო სახლის (სამრეკლოთი) აშენება და გამართვა. 1943 წლის მარტში ჩინეთის მთავრობამ გამოსცა ბრძანება ქალთა მობილიზაციის შესახებ. რაც კიდევ ერთი მიზეზი გახდა შანხაის ქუჩებში მშობლების გარეშე დარჩენილი ბავშვების რაოდენობის ზრდისა, სწორედ ამ ბავშვებისათვის დაარსა წმ. იოანემ ობოლთა თავშესაფარი. იგი თავად ეძებდა სნეულ და მშიერ ბავშვებს შანხაის ქუჩებში. თავშესაფარმა 1935 წლიდან 1951 წლამდე იარსება და მასში 3500 ობოლი აღიზარდა – მათ შორის რუსებიც და ჩინელები. იაპონიის მიერ ჩინეთის ოკუპაციის დროს თავშესაფარი ხშირად რჩებოდა საკვების გარეშე, მაშინ წმინდანი იწყებდა ლოცვას და მალევე მიდიოდნენ უცხო ადამიანები, რომელთაც მიჰქონდათ არსებობისათვის აუცილებელი პროდუქტები. მღვდელმთავარი მრავალი ფილანთროპული და საქველმოქმედო საზოგადოების წევრი გახდა, დიდად იღწვოდა და ცდილობდა შეემსუბუქებინა ხალხისთვის მძიმე ხვედრი. არასოდეს მიდიოდა მდიდრებთან ჩაიზე. სამაგიეროდ, ყველგან და ყოველთვის ნახავდით იქ, სადაც ადამიანებს სჭირდებოდათ. იგი ყოველდღიურად თავად სტუმრობდა სნეულებს და იგივეს ითხოვდა თავისი მღვდელმსახურებისაგან. ამის შესახებ მათ მეუფისათვის ანგარიში უნდა ჩაებარებიათ.
ფონდის სახსრებით თავშესაფრის არსებობისათვის, წმ. იოანეს მიერ სპეციალურად შექმნილი ქალთა კომიტეტი რამოდენიმეჯერ ატარებდა სასარგებლო ბალ-მასკარადებს, ამ წვეულებებზე შესვლა ხან ფასიანი იყო, ხან უფასო, იწვევდნენ მუსიკოსებს, მოცეკვავეებს, საესტრადო მომღერლებს – იმ წლებში შანხაიში უამრავი შემოქმედი ადამიანი ცხოვრობდა. შეხვედრებზე ყოველთვის ეწყობოდა აუქციონები და ლატარია. მან დააარსა თავშესაფრის მეგობართა საზოგადოება, რომელიც პრესასთან თანამშრომლობდა და გაზეთების მეშვეობით საქმეში ახალი დამხმარე ადამიანები, ქველმოქმედები და ობოლთა შვილად ამყვანებიც კი ერთვებოდნენ, რის გამოც რედაქციები ხშირად მოწყალების ამკრეფთა ფუნქციებსაც ასრულებდნენ, ხოლო ჟურნალისტები არა მხოლოდ აშუქებდნენ მოვლენებს, არამედ აქტიურ მონაწილეობასაც ღებულობდნენ საქველმოქმედო აქციების მომზადებაში, რათა „აღძრან“ საზოგადოება ახალი ქველმოქმედებისათვის“. ძვირფას პრიზებს თავად სტუმრები წირავდნენ უანგაროდ. მღვდელმთავარი ცდილობდა, რომ მათი დედაც ყოფილიყო და მამაც. ბავშვებს საღამოებს უწყობდა, და წარმოდგენებს უმართავდა ნაძვის ხის წინ, სასულე ინსტრუმენტებიც კი შეუძინა.
ეპისკოპოსი იოანე როგორც იუგოსლავიაში, ასევე შანხაიშიც ყოველდღე აღასრულებდა საღმრთო ლიტურგიას (ცოტა ვინმე თუ უძლებდა ასეთ რიტმს, ამიტომაც ხშირად მეუფე მარტო მსახურობდა – თავად კითხულობდა და გალობდა მთელი მსახურების მანძილზე), ეზიარებოდა ყოველდღიურად, მკაცრად მარხულობდა – დღეში მხოლოდ ერთხელ ჭამდა ღამით, ხოლო დიდ (სააღდგომო) და საშობაო მარხვებში მხოლოდ სეფისკვერს იღებდა. წმინდა ლიტურგიის დროს იგი არაერთხელ უნახავთ არამიწიური ნათლით გაბრწყინვებული. წირვის შემდეგ ორი საათი სჭირდებოდა, რომ მისი გონება დაბრუნებულიყო ზეციური აღტაცებისგან და შედგომოდა ჩვეულ ღვაწლს თავის სამწყსოსთვის. „ჩვენ ყველა ვდგებით ლოცვაზე, ხოლო მეუფე იოანეს მასზე დადგომა არ სჭირდება: იგი ყოველთვის მასში მყოფობს…“ – ამბობდა წმინდანზე ერთ-ერთი მისი სულიერი შვილი, მღვდელმონოზონი მეთოდე. ასე რომ ილოცო, მისცე სულს ადგილი – სხეული უნდა მოაუძლურო, ამაშია ნებისმიერი ასკეტიკის აზრი. „…მეუფე სალოსობდა, – ასე თვლის მამა პეტრე, – იგი ხშირად აგვიანებდა ერთი საათით და უფრო დიდი ხნითაც, დადიოდა ფეხშიშველი და დაჭმუჭნულ სამოსში“. მაგრამ ყველაფერში, რაც კი ღვთისმსახურებას ეხებოდა, მეუფე ძალზედ მკაცრი იყო საკუთარ თავთან და დანარჩენებთან. იგი არასდროს არ საუბრობდა საკურთხეველში და მსახურების შემდგომ რჩებოდა იქ რამოდენიმე საათით, იგი აღნიშნავდა: „რა რთულია მოსწყდე ლოცვას და გადაერთო მიწიერზე!“ მას ღამით თითქმის არ ეძინა, მოულოდნელად შეიძლებოდა გამოჩენილიყო იქ, სადაც არ ელოდებოდნენ, მაგრამ საჭირო იყო.
„წმინდანს ხშირად აკრიტიკებდნენ მიღებული წესრიგის დარღვევის გამო. იგი აგვიანებდა მსახურებაზე (არა პირადი მოტივით, არამედ სნეულებისა და მომაკვდავების გამო) და ნებას არ რთავდა, რომ მის გარეშე დაეწყოთ მსახურება, ხოლო როდესაც მსახურობდა – ღვთისმსახურებები ძალზედ დიდი ხანი გრძელდებოდა. მას ჰქონდა ჩვეულება, გამოჩენილიყო სხვადასხვა ადგილას გაფრთხილების გარეშე და მოულოდნელ დროს; ხშირად სტუმრობდა საავადმყოფოებს ღამით. დროთა განმავლობაში მისი მსჯელობები ურთიერთსაწინააღმდეგოდ გამოიყურებოდა ჯანსაღი მოაზროვნისათვის, ხოლო ქმედებები – უცნაურად და იგი არ ხსნიდა მათ – წერდა მის შესახებ სერაფიმე როუზი, რომელიც ბავშვობიდან იცნობდა მას. ხანდახან იგი არ იყო მართალი და ყოველგვარი გაჭირვების გარეშე აღიარებდა კიდეც ამას, როდესაც გაიაზრებდა. მისი ზოგიერთი ქმედებების და მსჯელობების უცნაურობას შედგომში ამართლებდა ღრმა სულიერი აზრი. წმ. იოანეს ცხოვრების საფუძველი უპირველეს ყოვლისა სულიერი იყო და თუკი ეს არღვევდა წესრიგს, მხოლოდ იმისათვის, რათა ეიძულებინა ადამიანები გამოღვიძებულიყვნენ სულიერი ძილისაგან.
მას ხშირად შეხვდებოდით შანხაის სხვადასხვა საავადმყოფოებში სარეცელს მიჯაჭვულ მართლმადიდებლებთან. წვიმასა თუ ქარში, სიცხეში თუ სიცივეში, კვერთხით ხელში და წმინდა ნაწილებით გულზე მიდიოდა ყველა გაჭირვებულთან. უფლისგან მასზედ მინიჭებული მადლით და მისი ლოცვით უამრავი მომაკვდავი და უიმედო ავადმყოფი გამოჯამრთელებულა. ეპისკოპოსი იოანე ასევე ზრუნავდა პატიმრებზე, და გონებაშეზღუდულ და სულიერად დაავადებულებზე. პატიმრებისთვის იგი აღავლენდა წირვებს და აზიარებდა მსჯავრდებულ მართლმადიდებლებს. მეუფე ასევე ხშირად სტუმრობდა შანხაის ფსიქიატრიულ საავადმყოფოს, სადაც სულიერი თვალით განარჩევდა გონებაშეზღუდულებსა და სულით ავადმოფებს. ყველას გასაკვირად მეუფე იოანეს სტუმრობისას ყველანი მორჩილები და მშვიდები ხდებოდნენ და სიხარულითაც ელოდნენ მის შემდგომ სტუმრობას. თუ შენი ძმა, ღარიბი და ყველასთვის შეუმჩნეველი, წაიქცა, მიდი მასთან, წამოაყენე, დაბანე, გაათბე, გვერდით მოისვი და ნურავის დაცინვისა შეგეშინდება. ამისთვის გათელილი და უარყოფილი შეიქნები ყველაწარჩინებულისგან”, რომლებიც დაგცინებენ და გდევნიან. სწორედ ესაა იმ ჯვრის მცირე ნაწილი, რომელიც ნებაყოფლობით აღიღე. თუ მეგობრები შემოგთავაზებენ ქონებას, რომელიც არ გეკუთვნის და მასზე უარს იტყვი (თუმცა გეცოდინება, რომ ოქროს ზოდები გელის), შენი „სისულელისთვის“ აგითვალწუნებენ და ამით კიდევ მიიმატებ შენი ჯვრის ნაწილს. ცხოვრების უპატიოსნო სიკეთეთა ნებაყოფლობით უარყოფა ჯვართან მიახლოებაა. თუ მცნებებით ივლით, ე.ი. მას ზიდავთ – თქვენს გზაზე (ადამიანური გაგებით) მრავალ უსიამოვნებას, შეურაცხყოფასა და ცრემლს გადაეყრებით. მაგრამ ჯვარი არ დაგამძიმებთ, თუ თვალწინ ტანჯული ძე ღვთისა გეყოლებათ. თქვენ ხომ ჯვარზე არავინ მიგაჭედებთ, მხოლოდ და მხოლოდ მოჭარბებული ფუფუნება და კომფორტი არ გექნებათ. ჯვრის სიმძიმე უფლის მცნებებით ცხოვრების სურვილის მიხედვით იზომება. „გზა ცათა სასუფევლისკენ ვიწროა”, – ვკითხულობთ სახარებაში. „ამ გზაზე ჯვრით სიარული მძიმეა, მაგრამ მსურველი ყველაფერს დაითმენს და ჯვარს თვისას ბოლომდე ზიდავს. ბოლოს კი განეღება კარნი და იქ დაივანებს. ჯვრის სიმძიმე მოჩვენებითია და ამის არ უნდა შეგვეშინდეს. თითოეულს ეყოფა ძალა, გაუმკლავდეს გზად შეხვედრილ ცდუნებებს. თუ ჯვარს იღებ, გამოდის, ეშმაკს ომს უცხადებ, მაშასადამე, გახსოვს – ყველაფერი უფლისგანაა, მის ნებას სრულიად ემორჩილები და ყოველივეს სიხარულით იღებ“ – წერდა იგი.
იშვიათად გამოჩნდება ხოლმე წმინდანი, რომელიც ერთ სახეში აერთიანებს ასეთ სხვადასხვაგვარ მსახურებებს, როგორებიცაა ეპისკოპოსობა, სალოსობა, სასწაულმოქმედება და უკიდურესი ასკეტიზმი. პავლე მოციქული წერდა სულიწმიდის ნიჭებზე: ერთს სულის მიერ ეძლევა სიბრძნის სიტყვა, სხვას ცოდნის სიტყვა, ზოგს რწმენა... განკურნებათა ნიჭი, ზოგს სასწაულმოქმედება, ზოგს წინასწარმეტყველება, ზოგს სულების გარჩევა, ზოგს სხვადასხვა. წმიდა იოანე შანხაელს ყველა ეს ნიჭი გააჩნდა, მათ შორის სხვადასხვა ენების ცოდნის ნიჭი! (იგი ლიტურგიას აღასრულებდა ბერძნულ, ფრანგულ, ჰოლანდიურ, არაბულ, ჩინურ, ინგლისურ და სლავურ ენებზე). თავის მოხსენებაში რუსეთის საზღვარგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა კრებისადმი 1938 წელს ლაპარაკობდა რუსი ხალხის აპოკალიპსურ მისიაზე საზღვარგარეთ:როცა სასჯელს მოუვლენს რუს ხალხს, უფალი იმავდროულად ხსნის გზასაც უჩვენებს მას, აქცევს რა რუს ადამიანებს მართლ-მადიდებლობის მქადაგებლებად მთელს მსოფლიოში. რუსულმა დიასპორამ ქვეყნიერების ყველა კუთხეში გააცნო მართლმადიდებლობა სხვა ეროვნების ადამიანებს, რამეთუ რუს ლტოლვილთა მასა (მნიშვნელოვანწილად არაცნობიერად) არის მართლმადიდებლობის მქადაგებელი). საზღვარგარეთ მყოფ რუსებს დაგვეკისრა, მთელს მსოფლიოს მოვფინოთ მართლმადიდებლობის ნათელი, რათა სხვა ერებმაც, იხილავენ რა რუსი ადამიანების კეთილ საქმეებს, განადიდონ მამაი ჩვენი, რომელიც არს ცათა შინა, და ამით ცხოვნება მოიპოვონ… ჩვენ, საზღვარგარეთ მყოფი რუსები სინანულის გზაზე უნდა მოვიქცეთ, შევავედროთ უფალს შენდობა და როცა სულით ავღორძინდებით და ხელახლა ვიშვებით, იმის უნარის მქონედაც შევიქნათ, რომ ჩვენი ტანჯული სამშობლოც ავაღორძინოთ და ხელახლა ვშვათ”. „არ შეიძლება იმის თქმა, რომ მეუფე ყველას საქმოსან ადმინისტრატორად დაამახსოვრდა – მოგვითხრობს დეკანოზი პეტრე პერეკრესტოვი, ავტორი წიგნისა მეუფე იოანე - რუსული საზღვარგარეთის განმანათლებელი“, - მართალია წმ. იოანემ ააშენა რამოდენიმე ტაძარი, გახსნა თავშესაფარი, დაკავებული იყო ახალგაზრდებთან ურთიერთობით და ძალიან ეხმარებოდა თავის სამწყსოს მთელს მსოფლიოში, მაგრამ მთავარი, რის გამოც იგი უყვართ და აფასებენ არის ის, რომ იგი იყო ნამდვილი (ჭეშმარიტი) მონოზონი, ღმერთის ერთგული და იშვიათი ასკეტი, მოსიყვარულე მწყემსი, ღვთისმეტყველი, მისიონერი, მოციქული, ობოლთა დამცველი და მკურნალი. ეს ყოველივე ღმერთმა უბოძა წმ. იოანეს, რადგან მან მოიხვეჭა მთავარი ნიჭი - ნიჭი სიყვარულისა, რომლის გარეშეც არანაირი ძალა და ფასი არ გააჩნიათ ადამიანის ყველაზე დიდ უნარებსაც კი. უფლისგან მასზედ მიმადლებული ჭვრეტისა და გულთა ხილვის ნიჭი მრავალ ადამიანს სწორ გზაზე აყენებდა და იფარავდა მათ განსაცდელთაგან, ხოლო სასწაულთმოქმედებისა და უძლურებათა განკურნების მადლით უამრავი ადამიანი სულიერად და ხორციელად იკურნებოდა. კიდევ ერთი ღვაწლი, რომელიც იტვირთა მეუფემ იყო ის, რომ ზამთარ-ზაფხულ ფეხშიშველი დადიოდა, მხოლოდ წვიმასა და თოვლში ღია სანდლებს იცვავდა შიშველ ფეხზე. მას ევროპაში „ფეხშიშველ მეუფესაც“ ეძახდნენ.
1937-1945 წ.წ იაპონელების მიერ შანხაის ოკუპაციის პერიოდია, რა დროსაც გამოვლინდა ეპისკოპოს იოანეს შეუპოვრობა და სულიერი სიმტკიცე. იაპონელებმა ვერაგულად მოკლეს იმჟამინდელი რუსული სათვისტომოს ხელმძღვანელები. მეუფემ მიუხედავად მუქარებისა, რუსულენოვანი მოსახლეობის საერო მმართველობაც თავის თავზე აიღო. ოკუპაციის პერიოდში აკრძალული იყო ღამით შანხაის ქუჩებში სიარული, მაგრამ წმინდა იოანე არ ერიდებოდა და ყოველ ღამით ფეხით მიდიოდა სხვადასხვა ჰოსპიტლებსა და საავადმყოფოებში და ღვთის მადლით იგი ერთხელაც კი არ დაუკავებიათ.
1946 წელს ეპისკოპოსი იოანე აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში. 1949 წლის მაისში შანხაი დაიკავეს კომუნისტებმა, რის შემდეგაც დაიწყო დევნა არა მარტო მართლმადიდებლებისა, არამედ ყველა უცხოელისა, ვინც არ ეთანხმებოდა კომუნისტურ მმართველობასა და მათ იდეოლოგიას. მეუფე იოანე რუსულ სათვისტომოსთან ერთად იძულებული გახდა დაეტოვებია შანხაი, მათ თავი შეაფარეს ლტოლვილთა განსახლების საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოწყობილ ბანაკს ფილიპინების ერთ-ერთ კუნძულზე, ტუბაბაოზე, სადაც ხუთი ათასამდე რუსი დევნილი განათავსეს. კუნძული მდებარეობდა პირდაპირ სეზონური ტაიფუნების გზაზე, მაგრამ მთელი 27 თვის განმავლობაში მეუფე ყოველდღიურად გარშემო უვლიდა კუნძულს და თავისი ლოცვებით და ჯვრით იცავდა სტიქიისაგან. როდესაც რუსები პირველი ნიშნების საფუძველზე გამოთქვამდნენ საშიშროებას მოახლოებული ტაიფუნის შესახებ, თავად ფილიპინელები აბსოლუტურად მშვიდ მდგომარეობაში მყოფნი ამბობდნენ:
სანამ თქვენი წმიდა ადამიანი გარს უვლის ჩვენს კუნძულს, ჩვენ არაფერი არ დაგვემართება~.
მეუფე იოანემ იცოდა, რომ ბანაკში ხალხის დიდხანს ცხოვრება შეუძლებელი იქნებოდა და დაიწყო მათთვის ძირითად საცხოვრებელ ადგილზე ზრუნვა. გადაწყდა, რომ მისი სამწყსოს უმეტესობა ამერიკაში უნდა ემიგრირებულიყო, მაგრამ ამერიკის სახელმწიფოს საემიგრაციო სამსახურის ადმინისტრაციისგან წინააღმდეგობების გამო საქმე ჭიანურდებოდა. მაშინ თავად მეუფე იოანეს მოუხდა ამერიკაში გამგზავრება, ვაშინგტონში ჩასვლა და კონგრესის კიბეებზე ჯდომა, რათა როგორმე ხმა მიეწვდინა კონგრესმენებისთვის. ოცთვიანი ბრძოლისა და წვალების შემდეგ დაარწმუნა ამერიკის სამთავრობო სტრუქტურები რუსულენოვანი მოსახლეობის ფილიპინებიდან ამერიკაში გადასახლების აუცილებლობაში. ამის გამო რამოდენიმე შესწორება საემიგრაციო კანონშიც კი შეიტანეს, რომ ეს პროცესი უფრო სწრაფად წარმართულიყო. შედეგად მთელი რუსულენოვანი სათვისტომო ფილიპინებიდან გადასახლდა ამერიკაში (უმეტესობა განთავსდა კალიფორნიის შტატში, მცირეოდენი ნაწილი დაასახლეს ავსტრალიაში, არგენტინასა და საფრანგეთში), როგორც კი რუს ლტოლვილთა ბანაკი დაიცალა, კუნძულ ტუბაბაოს რამოდენიმე კვირაში საშინელმა ტაიფუნმა გადაუარა და თითქმის მთლიანად გაანადგურა მისი ნაგებობები.
1951 წ, როდესაც მეუფემ მშვიდობიანად გაიყვანა თავის ხალხი სამშვიდობოს და დაასახლა ისინი ამერიკაში, საზღვარგარეთის რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა გადაწყვიტა იგი დაედგინა დასავლეთ ევროპის ეპარქიის მართველად, რომლის კათედრაც მდებარეობდა ჯერ პარიზში და შემდეგ ბრიუსელში. 1951 წ. 21 ივლისს მეუფე პარიზში ჩავიდა და ახალი ეპარქიის მართვას შეუდგა, მისი განრიგი აქაც უცვლელი იყო – ყოველდღიური მსახურება, ავადმყოფთა მონახულება და ობლებსა და მოხუცებზე ზრუნვა. მან თავის იურისდიქციაში მიიღო ადგილობრივი ჰოლანდიური და ფრანგული მართლმადიდებელი სამწყსო. საღმრთო ლიტურღიას ატარებდა ფრანგულ და ჰოლანდიურ ენებზე, როგორც ადრე ბერძნულად და ჩინურად ლოცულობდა. შემდგომში კი როცა ინგლისურენოვან გარემოში მოხვდა, ინგლისურად სწირავდა. მეუფე დაიწყო მოძიება ევროპაში ეკლესიის განყოფამდე მოღვაწე წმინდანებისა, რომელთა სახელებიც თითქოს დავიწყებას იყო მიცემული და არცერთ საღვთისმსახურო წიგნსა და სათვეო კალენდარში არ იყო შეტანილი. მან შეაგროვა ცნობები არქივებიდან და შეადგინა ცხოვრება შემდეგ წმინდანთა: მოწამე ვიქტორისა მარსელში წამებულისა; წმ. ჟენევევა პარიზელისა; წმ. პოფინი ლიონელისა; წმ. მოწამე ფელიციანესი; წმ. გერმანე ოქსერელისა; ირლანდიის განმანათლებელისა წმ. პატრიკისა; წმ. ილარიონ პეტკოველისა; წმ. კოლუმბანისი; წმ. ფრიდოლინისა; წმ. ლუპე ტროელისა; წმ. ბიკენტი ლერინელისა და სხვა მრავალთა. ეს ცხოვრებები წარადგინა წმინდა სინოდის წინაშე და მათი ხსენება დააწესეს.
ხალხი აქაც მიეჩვია მის „უცნაურობებს“, ფეხშიშველა სიარულს. ლამის მთელი ევროპის საავადმყოფოებში ცნობდნენ ამ წმინდა კაცს. აქაც, როგორც ჩინეთში, განუწყვეტლივ ლოცულობდა, გემზე, მატარებელში, მანქანაში კითხულობდა ხმამაღლა ჟამნებს. ერთხელ, მარსელში ყოფნისას, გადაწყვიტა, პანაშვიდი გადაეხადა იმ ადგილას, სადაც მხეცურად მოკლეს სერბეთის მეფე ალექსანდრე (+1934) ხორვატმა ტერორისტებმა. სამღვდელოთაგან ცრუ სირცხვილის გამო არავინ დაუდგა გვერდით მსახურებისას. მეუფე მარტო წავიდა, ცოცხით მოგავა ტროტუარის მცირე ნაწილი, გახსნა ჩემოდანი, ამოიღო საცეცხლური, მოწმენდილ ადიგლას დასდო მღვდელმთავრის „არწივი“ (არწივისსახოვანი მცირე ხალიჩა, რომელზეც მღვდელმთავარი დგებდა ლოცვისას) და ლოცვა დაიწყო.
წმინდა იოანე, მიუხედავად მათი რწმენისა და ეროვნებისა, თანაბრად ეხმიანებოდა დახმარების მთხოვნელთ. ამის შესახებ ყველამ იცოდა და მიჰყავდათ მასთან მძიმე სნეულები, თუნდაც იგი ყოფილიყო კათოლიკე, პროტესტანტი, მართლმადიდებელი ან ნებისმიერი სხვა აღმსარებლობლის წარმომადგენელი, რადგან როდესაც იგი ლოცულობდა, ღმერთი მოწყალებას იღებდა.
მეუფე იოანეს სახელს დიდი პატივისცემით იხსენიებდნენ კათოლიკენიც. ერთი კათოლიკე მღვდელი ეუბნებოდა თავის სულიერ შვილებს: – „თქვენ ითხოვთ მტკიცებულობებს, რომ ჩვენ დროშიც არის თუ არა სასწაულები ან არიან თუ არა წმინდანები, გეტყვით, რომ არანაირი თეორიული დასაბუთება არ ჭირდება ამ თემას, თავად შეგიძლიათ იხილოთ ეს ყოველივე, რადგან პარიზის ქუჩებში დადის ეს სასწაული და მას იოანე ფეხშიშველი ჰქვია“.
უამრავი ადამიანი წერდა წერილს მღვდელმთავარს, ისიც ყველას პასუხობდა, ანუგეშებდა, არიგებდა. შემდეგ მიდიოდა და წერილებს საფოსტო ყუთში აგდებდა, ამის გაკეთებას თავის მაგივრად სხვას არ „ანდობდა“. საფოსტო ყუთს გადასახავდა ჯვარს და წერილებს ლოცვას გააყოლებდა. ხომ ასეთი თბილი, რბილი და მოყვარული გახლდათ, მაგრამ თუ საქმე ეკლესიას და საღმრთო რჯულს ეხებოდა, საოცრად მკაცრი იყო. ის ღვთისმსახურთაგან შესაფერის მოქცევას ითხოვდა, არ აძლევდა საკურთხეველში თავისუფლად მოქცევის ნებას. ღვთისმსახურება კარგად იცოდა და მაშინვე გამოასწორებდა სხვათა დაშვებულ შეცდომებს. მკაცრი იყო მრევლის მიმართ, ტუჩებშეღებილ ქალს ნებას არ აძლევდა, ჯვარსა და ხატს მთხვეოდა. დაუშვებლად მიაჩნდა ბალები და სხვა გასართობი თავშეყრა კვირისა და დღესასწაულთა წინა დღეს.
მეუფე იოანე ყველანაირად ცდილობდა თავის ეპარქიაში აღეკვეთა ამერიკულ საზოგადოებაში ფეხმოკიდებული ე.წ ჰელოუინის ტრადიცია. მან მკაცრად ამხილა მრევლი ჰელოუნის~ საღამოს მოწყობის გამო, როცა ეკლესიაში წმინდა იოანე კრონშტანდტელის ხსენებას აღნიშნავდნენ. მეუფე იოანე იყო მკაცრი დამცველი ძველი სტილისა ახალმესტილეთაგან. მისთვის საეჭვო იყო მართლმადიდებელ ეკუმენისტთა საქმიანობაც. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ეპისკოპოსის კრიტიკულმა ესემ დეკანოზ სერგეი ბულგაკოვისსოფიოლოგიაზე~, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 1936 წელს წმინდა სინოდის მიერ ამ ერესის დაგმობაში.
„იქნება რწმენისაგან მასიური ჩამოშორება (განდგომა), თანაც რწმენას უღალატებს ბევრი ეპისკოპოსი და თავს გაიმართლებს ეკლესიის ბრწყინვალე მდგომარეობით. კომპრომისის ძიება იქნება ადამიანებისათვის დამახასიათებელი განწყობა. აღმსარებლობის პირდაპირობა გაქრება. ადამიანები დახვეწილად ეცდებიან გაამართლონ თავიანთი დაცემა… და მათში იქნება ჩვევა სიმართლისაგან განდგომისა, კომპრომისისა და ცოდვით ტკბობისა.“ – წერდა იგი. მატერიალიზმის სათავეების შესახებ ქადაგებაში კი აღნიშნავდა: „ღვთის რწმენა ნიშნავს უმაღლესი სიყვარულისკენ სწრაფვას, განურჩევლად ყველა ადამიანის სიყვარულს, უზენაეს სიმართლეში სრულყოფას. ღვთის რწმენა ნიშნავს, არა ქმნა კერპი არცა მატერიისა, არცა ადამიანისა და არცა თავისაგან შენისა. აი, რა არის ყველაზე რთული კაცობრიობისათვის. ადამიანებს უყვართ კერპები. მათ არ სურთ, თავი თვისი მსხვერპლად მიუტანონ ჭეშმარიტ ღმერთს, სამაგიეროდ, ადვილად ეწირებიან კერპებს. კერპი ნებას გვაძლევს სცოდო, ამიტომაც ბევრს ის უფრო უყვარს, ვიდრე ღმერთი. უფალს არ ირჩევენ, როგორც არ ირჩევენ მზის შუქს. კერპი კი ყოველთვის შეიძლება ამოირჩიო და როცა ერთს განაგდებ, შეგიძლია მეორეს დაემონო… ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტი სიმართლის მზისგან, სულიერი სინათლის წყაროსა და ღვთის ზნეობრივი ძალისაგან ილტვიან, სხვადასხვა ხილულ თუ უხილავ კერპებს ესწრაფვიან. ამით ბოროტი სულები იპყრობენ კაცობრიობას და მას ტანჯვისა და განსაცდელის უფსკრულში აგდებენ. კაცობრიობის ერთ-ერთ უკანასკნელ კერპად მატერია შეიძლება მივიჩნიოთ. ადრე კერპთაყვანისმცემლები მატერიის ცაკლეულ ნაწილებს ეთაყვანებოდნენ. XVIII-XIX სს-ში კი ფრანგი ენციკლოპედისტებისა და გერმანელი ნატურალისტების გავლენით ბევრმა მთელი მატერია გააღმერთა.“
მიუხედავად გარეგნული სიმკაცრისა, სხვანაირი ურთიერთობა ჰქონდა ბავშვებთან. ტაძრის სამღვდელოება შეცბუნებული უყურებდა მღვდელმთავარს, როცა ის წირვისას პატარა ბავშვებს ეთამაშებოდა. ჩვევად ჰქონდა, ლიტურგიის შემდეგ საკურთხეველში მომსახურე ვაჟებს ეხუმრებოდა ხოლმე, ხოლო ურჩებს თავზე კვერთხს უკაკუნებდა, რა თქმა უნდა მსუბუქად. მეუფე იოანე პირველ რიგში სულიერი ცხოვრებით ცხოვრობდა და თუ ეს არღვევდა მიღებული ქცევის წესებს, ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანები გამოფხიზლებულიყვნენ სულიერი ინერტულობისგან, ახსენებდა მათ, რომ არის ამ სოფელზე აღმატებული სამყარო. მისი სულიერი შვილის, ქალბატონ ე. ჩერტკოვას მოგონებიდან: მე რამდენიმეჯერ ვეწვიე მეუფეს ვიზიტით, როდესაც იგი ცხოვრობდა კადეტთა კორპუსში პარიზთან ახლოს. მას ჰქონდა პატარა კელია ზემო სართულზე. კელიაში იდგა მაგიდა, სავარძელი და რამოდენიმე სკამი, ხოლო კუთხეში - ხატები და ანალოღია წიგნებით. კელიაში საწოლი არ იყო, რადგან მეუფე არ წვებოდა დასაძინებლად, არამედ ლოცულობდა მაღალ ჯოხზე დაყრდნობილი. ხანდახან იგი მუხლმოდრეკილი ლოცულობდა; შესაძლებელია, როდესაც მუხლს იდრეკდა, ცოტას იძინებდა ასეთ მდგომარეობაში, იატაკზე. ხანდახან ჩვენი საუბრის დროს, მე მეჩვენებოდა, რომ იგი თვლემდა, მაგრამ როდესაც მე ვჩერდებოდი, იგი მაშინვე მეუბნებოდა: „განაგრძეთ, მე გისმენთ“. როდესაც იგი არ მსახურობდა და სახლში იმყოფებოდა, ჩვეულებისამებრ ფეხშიშველი დადიოდა (სხეულის მოუძლურებისათვის) - ყველაზე ძლიერი თოვლის დროსაც კი. ისეც ხდებოდა, მოდიოდა ფეხშიშველი ქვიან გზაზე, საკუთარი საცხოვრებელი კორპუსიდან ტაძრამდე, რომელიც კარიბჭესთან იდგა, ხოლო კორპუსი პარკის შუაგულში იდგა, ბორცვზე. ერთხელაც მან ფეხი დაიზიანა; ექიმებმა ვერ შეძლეს მისი განკურნება და წარმოიქმნა სისხლის მოწამვლის საშიშროება. მეუფის საავადმყოფოში გადაყვანა მოგვიწია, მაგრამ იგი წინააღმდეგი იყო, არ უნდოდა საწოლში წოლა, თუმცა მეუფის ზემდგომთა დაჟინების შედეგად, ბოლოს და ბოლოს დათანხმდა და დაწვა საწოლში, მაგრამ თავქვეშ ფეხსაცმელი დაიდო, რათა არაკომფორტულად დაწოლილიყო. ჰოსპიტალის ექიმები (ფრანგები) ამბობდნენ:თქვენ ჩვენთან წმინდანი მოიყვანეთ!~ მასთან ყოველ დილით მოდიოდა მღვდელმსახური, რომელიც აღასრულებდა საღმრთო ლიტურგიას და მეუფე ეზიარებოდა.
მეუფე იოანეს ხელდასხმით საფრანგეთსა და ჰოლანდიაში იკურთხა ადგილობრივი სამღვდელოება მართლმადიდებლური სამრევლოებისათვის, გამოიცა საღვთისმსახურო წიგნები ფრანგულ და ჰოლანდიურ ენებზე. მისი მღვდელთმთავრობის პერიოდში გარდა პარიზისა, მეუფე იოანე აქტიურად მოღვაწეობდა იობ მრავალვნებულის სახელობის რუსულ ტაძარშიც, ბრიუსელში.
1962 წლის დასაწყისში ამერიკიდან, სან-ფრანცისკოს და დასავლეთ ამერიკის ეპარქიიდან მისი სულიერი შვილებისაგან მრავალი სამწუხარო ამბავი მოდიოდა მასთან, რაც შეეხებოდა ეპარქიის მდგომარეობას, ავადმყოფობისგან დაუძლურებული იქაური მღვდელთმთავარი მთავარეპისკოპოსი ტიხონი (ტროიცკი) სათანადოდ ვეღარ უძღვებოდა ეპარქიას. მეუფე ტიხონმა 1962/XI სინოდს სთხოვა გათავისუფლება და მის შემცვლელად გადაწყდა დაედგინათ მთავარეპისკოპოსი იოანე, რომლის სულიერი შვილები და მისი წინამძღოლობით ჩინეთიდან ემიგრირებულნი, უმეტესად სან-ფრანცისკოში და დასავლეთ ამერიკაში იყვნენ დამკვიდრებულები.
1962 წელს, ევროპელი ქრისტიანების გულის დასაწყვეტად, წმინდა სინოდმა მთავარეპისკოპოსი იოანე ამერიკაში გადაიყვანა და სან-ფრანცისკოს ეპარქია ჩააბარა. იგი ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს 21 ნოემბერს (ახ.სტ 4 დეკემბერს) შებრძანდა სან-ფრანცისკოს ტაძარში, ისევე როგორც შანხაიში. ნაყოფიერი იყო მისი ოთხწლიანი მღვდელმთავრობა ამერიკაში. მისი სულის და ლოცვის ნაყოფი გახლდათ მამა სერაფიმე როუზისა და წმინდა გერმანე ალასკელის ძმობა (რომელიც კალიფორნიაში დაარსადა).
სან-ფრანცისკოს მრევლი ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო მთელ ამერიკაში, აშენებდნენ დიდ საკათედრო ტაძარს, მაგრამ მრევლში უთანხმოების გამო, მშენებლობა შეჩერებული იყო. ამ შფოთის ჩასაცხრობად სინოდმა საჭიროდ ჩათვალა მთავარეპისკოპოს იოანეს გაგზავნა. წმინდანმა გაარკვია საქმე, ფინანსებში და საანგარიშო დოკუმენტაციაში უწესრიგობა აღმოაჩინა და პასუხისმგებელი პირები და მოვალენი პასუხისგებაში მისცა, თუმცა მათ სინოდს გაუგზავნეს საჩივრები, რომლებითაც ისარგებლეს მისმა არაკეთილმოსურნეებმა: და წამოწიეს საკითხი სან-ფრანცისკოს კათედრაზე მისი „არაკანონიკური“ დადგინების გამო.
მეუფის აქტიური მოღვაწეობით განახლდა საკათედრო ტაძრის მშენებლობა, უამრავი შემოწირულობა გროვდებოდა და საქმეც სწრაფად მიდიოდა წინ. მეუფე იოანე ამერიკაშიც ყოველდღიური წირვა-ლოცვით, ობოლთა და ავადმყოფთათვის ზრუნვით აგრძელებდა ღვაწლს, მისი რეზიდენცია იყო სან-ფრანცისკოში, ტიხონ ზადონელის სახელობის ობოლთა თავშესაფრის ერთ პატარა ოთახში, სადაც ღამით წერდა და შრომობდა, ლოცულობდა და შეავედრებდა უფალს თავის სამწყსოს. მეუფე იოანეს წმინდა ცხოვრების შემხედვარე და მის მიერ აღსრულებულ სასწაულთა მოწმე უამრავი ადამიანი მოექცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. მისი სულიერი შვილი გახდა პროტესტანტულ ოჯახში გაზრდილი იუჯინ როუზიც. მოძღვრის მაგალითით შთაგონებული ისიც მკაცრი ასკეტური ცხოვრების და მისი სულისკვეთების გამგრძელებელი იყო. (შემდგომში მღვდელმონაზონი სერაფიმ როუზი – მეუფე იოანემ შენიშნა ახალგაზრდა კაცი, რომელიც არც ერთ მსახურებას არ აკლდებოდა და მედავითნეობა შესთავაზა. იუჯინი უმალ გაიწაფა რთულ საეკლესიო სლავურ ტექსტებში. შემდგომ სწავლობდა თეოლოგიურ სკოლაში, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ იქ ლექციებს რუსულად კითხულობდნენ, ფრიადზე დაამთავრა. ამავე პერიოდში იგი, მთავარეპისკოპოს იოანეს ლოცვა-კურთხევით, ადგილობრივ მართლმადიდებლურ ჟურნალში აქვეყნებდა სტატიებს. იგი დაუმეგობრდა სემინარიის კურსდამთავრებულს – გლებ პოდმოშენსკის (მომავალი იღუმენი გერმანე) მან იუჯინს შესთავაზა საძმოს დაარსება, რომელიც ამერიკაში მართლმადიდებლობის მისიის საქმეს გააგრძელებდა. 1967 წ. ძმებმა სკიტის მოსაწყობი ადგილის ძებნა დაიწყეს. სკიტში 1969 წელს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე დამკვიდრდნენ და მთელი წლის მანძილზე დუმილით, და მყუდროებით მოღვაწეობდნენ, სკიტიდანვე აგრძელებდნენ მართლმადიდებლური სიტყვისა და სხვა გამოცემების გამოქვეყნებას, 1970 წ. ძმები მონაზვნებად აღიკვეცნენ. იუჯინს ეწოდა სერაფიმე – სერაფიმ საროველის პატივსაცემად, ხოლო გლებს – გერმანე – გერმანე ალიასკელის საპატიოდ.)
მთავარეპისკოპოს იოანეს ასეთი დიდი ავტორიტეტი და სახელი საზღვარგარეთის რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდში მღვდელმთავართა გარკვეული ჯგუფის გაღიზიანების მიზეზი გახდა. სინოდში ბევრნი იყვნენ ისეთები, რომელთაც ეზიზღებოდათ ბუზღუნა~ დაჟინიანი~ ეპისკოპოსი, როგორც არასაკმარისად დახვეწილი ღვთისმეტყველი~ ანცუდი ადმინისტრატორი~. მის მიმართ დაიწყო მიზანმიმართული ბრძოლა, რომელიც აგებული იყო ცრუ ბრალდებებზე და საბოლოოდ გათვლილი იყო მის დაპატიმრებაზე. არაკეთილმოსურნეებს მთავარი რამის ეშინოდათ: ცოცხალი წმინდანი – სასწაულმოქმედი, რომელიც დაინიშნა წამყვან კათედრაზე, რუსეთის საზღვარგარეთული ეკლესიის ყველაზე ცნობილ ეპარქიაში, ითვლებოდა ყველაზე რეალურ კანდიდატად უკვე ძალზედ სნეული პირველ იერარქის ადგილის დაკავებისათვის. მიტროპოლიტი ანასტასი, რომელიც რუსეთის ემიგრანტულ ეკლესიას წინამძღვრობდა, მოხუცებული და ძალზე დაუძლურებული იყო. მის შემცვლელად ყველაზე რეალურ კანდიდატად მეუფე იოანე ესახებოდათ, ამიტომ სხვანი, ვისაც ეკლესიის მეთაურობა სურდათ, ყველანაირად წინ აღუდგებოდნენ მას. რაღას არ აბრალებდნენ – კომუნისტების აგენტობას, რადგან წირვისას რუსეთის პატრიარქსაც იხსენიებდა მიტროპოლიტ ანასტასისთან, და რამდენჯერმე სწირა კიდეც რუსეთის პატრიარქის წარმომადგენლებთან ერთად. „მე ყოველდღე, პროსკომიდიისას ვიხსენიებ პატრიარქ ალექსის. ის პატრიარქია და ჩვენი ლოცვები არ იკარგება. გარემოებათა გავლენით ჩვენ აღმოვჩნდით განყოფილნი, მაგრამ ლიტურგიკულად ჩვენ ერთნი ვართ. რუსული ეკლესია, ისევე როგორც მთელი მართლამდიდებელი ეკლესია ერთია ევქარიტიაში და ჩვენც მასთან და მასში ვართ. ადმინისტრაციულად კი ჩვენი სამწყსოსა და ჩვენი პრინციპების გამო გვიწევს ჩვენი გზით სიარული, მაგრამ ეს არანაირად არ არღვევს ჩვენს საიდუმლოებრივ კავშირს მართლამდიდებელ ეკლესიასთან.“ – წერდა იგი.
არაკეთილმოსურნეთა საქმიანობამ თავისი ნაყოფი გამოიღო. სან-ფრანცისკოში მცხოვრები რუსული საზოგადოება აფორიაქებული გახლდათ „პარტიული ბრძოლის“ გამო. სამრევლო შეკრებებს თან სდევდა ყვირილი და შეურაცხყოფა მეუფისა და მისი მომხრეების მისამართით. მის მდევნელებს შორის ისეთებიც კი იყვნენ, რომელნიც მან კიბოსაგან და სხვა უმძიმესი სნეულებებისაგან განკურნა. ზოგიერთი ქალი ლანძღავდა და ანერწყვებდა კიდეც მას, თუმცა მეუფის ზოგიერთი პატივისმცემელი ღიად იბრძოდა მის დასაცავად. მაგ: იღუმენია არიადნამ ხმამაღლა, კვერთხით ხელში ამხილა ტაძარში მყოფი ყველა ის ადამიანი, ვინც შეურაცხყოფდა ცოცხალ წმინდანს. მის მოწინააღმდეგეებს ესმოდათ საკუთარი იურიდიული პრეტენზიების აბსურდულობა. მათი მთავარი მიზანი გახლდათ, მორალურად გაენადგურებიათ იგი. იმ დღეებში წმ. იოანე წერდა თავის სულიერ შვილებს: „თუკი თქვენ გაიგებთ, რომ მე გარდავიცვალე, იცოდეთ, რომ მე მომკლეს“.
ოფიციალურად მას ამერიკის საგამოძიებო სამსახურების მიერ წარედგინა ბრალი ფინანსურ დარღვევებში, რომელიც შეეხებოდა საკათედრო ტაძრის მშენებლობისთვის მოძიებული თანხების არამიზნობრივ განკარგვას. სასამართლო პროცესებზე სიარული უხდებოდა მოხუც მეუფეს და იქ მის წინააღმდეგ მომართული რამოდენიმე გააფთრებული მღვდელმთავრის ბრალდებებზე პასუხების გაცემა.
1962 წლის 9 ივლისს სან-ფრანცისკოში გამომავალმა ყოველდღიურ გაზეთ „სან ფრანცისკო ექსამინერ“-ში პირველ გვერდზე დაიბეჭდა ცნობა რუსი მთავარეპისკოპოსის სასამართლო პროცესის შესახებ და სასამართლო დარბაზში გადაღებული მისი ფოტოსურათები. პროცესი გაგრძელდა ოთხი დღე. სასამართლოში მეუფის გვერდით მისი ყველაზე ახლობელი ადამიანებიც იყვნენ: მეუფე საბა ედმონტელი, ლეონტი ჩილელი, ნექტარიოს სიეტლელი და იღუმენია არიადნა. რეგულარულად მოდიოდა მამა სერაფიმე როუზიც. კათოლიკე მოსამართლე ე. ო. დეი ვერ ფარავდა თავის სიმპათიებს მეუფის მიმართ და სან-ფრანცისკოს ისტორიის მანძილზე პირველად, ნება დართო მას, რომ ყოველი სესიის დასაწყისში ლოცვა წარმოეთქვა. მისი ბრალდების საქმე, როგორც აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, შეწყვეტილ იქნა და წმინდანი განთავსუფლდა ყველა ფინანსური კორუფციის სახის ბრალდებებისაგან. ასევე სინოდშიც იძულებულნი იყვნენ, რუსეთის საზღვარგარეთული ეკლესიის პირველ იერარქის – მიტროპოლიტ ანასტასის, სან-ფრანცისკოში პირადი ვიზიტის შემდეგ, ეღიარებიათ წმ. იოანეს სტატუსი, როგორც სან-ფრანცისკოს და დასავლეთ ამერიკის იერარქისა.
სიმართლემ გაიმარჯვა, თუმცა წმინდანის უკანასკნელი წლები სავსე იყო სიმწარით, ცილისწამებებითა და თვალთვალით, მაგრამ მან კარგად იცოდა რა სულიერი ცხოვრების კანონები, არავის არ განსჯიდა. როდესაც ჰკითხეს, ვინ იყო დამნაშავე ამ ამბოხში, უპასუხა: „ეშმაკი“. მისი ერთ-ერთი სულიერი შვილი იხსენებდა: „ნეტარი იოანე არასდროს არ ჩიოდა, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მღელვარება ჰქონდა. ერთხელაც მე მსახურებამდე მომიწია ტაძარში მისვლა. მესმის – ვიღაცის ტირილი. გაკვირვებული ფრთხილად ავედი საფეხურებზე და დავრწმუნდი, რომ ხმები საკურთხევლიდან ისმოდა. გვერდითა კარი გაღებული იყო და მეც შევიხედე. ჩემდა გასაოცრად, მე დავინახე ნეტარი იოანეს შიშველი ფეხები ტრაპეზთან. იგი მუხლებზე იყო დაჩოქილი, თავი მოდრეკილი ჰქონდა ხელებზე და მწარედ ტიროდა! მე მაშინვე გავეცალე. შეუძლებელი იყო ამის ყურება.“
წმიდა იოანე შანხაელი არანაირი „სტარეცული გაჭაღარავებული დიდებული გარეგნობით“ არ გამოირჩეოდა: დაბალი, შეუხედავი, მეტყველების დეფექტით, ხშირად ფეხშიშველი. ზოგიერთი მის გარშემო მყოფი ადამიანი თავს უხერხულადაც კი გრძნობდა „ასეთი ეპისკოპოსის გამო“, იგი ხომ მსხვილ ქალაქებში მსახურობდა: შანხაიში, პარიზში, ბრიუსელში, სან-ფრანცისკოში. ერთხელაც ზემდგომთაგან ბრძანება მიიღო, რომ ფეხსაცმელი ეტარებია. და ატარებდა მათ წელს უკან შეკრული თასმებით. მოვიდა ახალი ბრძანება: „ფეხზე ჩაცმის“, ეპისკოპოსი მორჩილი იყო და ჩაიცვა.
1964 წელს მიტროპოლიტი ანასტასი გადადგა. მთავარეპისკოპოსმა იოანემ ეკლესიის მეთაურობა მეუფე ფილარეტს დაუთმო.
სიცოცხლის ბოლოს წმიდა იოანეზე აღსრულდა სახარებისეული 9 ნეტარების უკანასკნელი მცნება: „ნეტარ იყვნეთ თქვენ, რაჟამს გყვედრიდნენ და გდევნიდნენ და სთქუან ყოველი სიტყვა ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუით ჩემთვის“. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა არ უხსნიდა პირად პასუხისმგებლობას მის მოწინააღმდეგეებს საკუთარი წილი ღვარძლის და შურის გამო, რომელსაც იჩენდნენ მის მიმართ. ზოგიერთმა სიკვდილის წინ შეინანა და შენდობა ითხოვა თავად მისგან და მიიღეს სრული პატიება და ცოდვათა შენდობა.
წმინდანს უთქმელი სათხოვარიც კი ესმოდა, იხსენებს ქალბატონი ლიუ, წმინდანის ერთ-ერთი სულიერი შვილი: სან-ფრანცისკოში ჩემი მეუღლე ავტოკატასტროფაში მოხვდა, ამ დროს მეუფეს უკვე ჰქონდა მრავალი უსიამოვნება. ვიცოდი რა მისი ლოცვის ძალა, მე ვიფიქრე:თუკი მოვიწვევდი მეუფეს, ჩემს მეუღლესთან, იგი გამოკეთდებოდა~, მაგრამ მე მეშინოდა ამის გაკეთება, რადგან იგი დაკავებული იყო და უცებ მოხდა ისე, რომ თავად მოვიდა ჩვენთან, ერთ თანმხლებ პირთან ერთად, რომელმაც მოიყვანა იგი, თუმცა მხოლოდ 5 წუთის განმავლობაში იყო ჩვენთან, მაგრამ მე მწამდა, რომ ჩემი მეუღლე უკეთესად იქნებოდა. და მართლაც, მეუფის სტუმრობის შემდეგ მან გამოჯანმრთელება დაიწყო. მოგვიანებით მე შევხვდი იმ ადამიანს, რომელმაც იგი ჩვენთან მოიყვანა და მომიყვა, რომ მან მეუფე აეროპორტში წაიყვანა იქ კი მეუფემ მოულოდნელად უთხრა: „ახლავე წავიდეთ ლიუსთან“. ეს ადამიანი შეწუხდა, რომ რეისზე დააგვიანებდნენ, თუმცა მეუფემ უთხრა: „თქვენ შეგიძლიათ თქვენს თავზე აიღოთ ადამიანის სიცოცხლე?“, სხვა გზა აღარ იყო და მოიყვანა ჩვენთან. მეუფემ აეროპორტში არ დააგვიანა, რადგან რეისი გადადეს მის გამო“.
მოწინააღმდეგეებთან ერთად უამრავი მომხრე ჰყავდა მეუფე იოანეს, განსაკუთრებით მეგობრობდა ძველი თაობის მღვდელმთავრებთან, რომლებიც მაღალი სულიერებით გამოირჩეოდნენ, მაგრამ ამ დაპირისპირებამ იმოქმედა მღვდელმთავარზე. უკვე ხშირად ახსენებდა სიკვდილს და წინასწარმეტყველებდა რომ მალე, ივნისის ბოლოს მოვკვდებოდა. სან-ფრანცისკოში კი არა, სიეტლშიო, – უთხრა ერთხელ ერთ სულიერ შვილს.
მეუფემ ახალი ძალისხმევით განაახლა დედა ღვთისმშობლის ხატის „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“, სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობა სან-ფრანცისკოში და 1964 წლის ბოლოს დაასრულა. 1965/14/III (ახ.სტ) კვირა დღეს, დიდი მარხვის პირველ კვირას მართლმადიდებლობის ზეიმის დღესასწაულზე მან შეასრულა ტაძრის მცირე კურთხევა და პირველი წირვაც აღასრულა. იგი ეთ-ერთ ქადაგებაში ამბობს: „ტაძარი ღმერთს არ ესაჭიროება, მისი ტახტრევანი ხომ ზეცაა, კვარცხლბეკი კი დედამიწა. ტაძარი ჩვენ გვჭირდება. ჩვენს მიერ გაღებული შემოწირულობა ჩვენთვისვეა სასარგებლო, მაგრამ უფალი ნივთიერს იმდენად არ შეიწირავს, რამდენადაც ჩვენს მიერ გამოვლენილ გულმოდგინებას. ქრისტემ ქვრივის ორი მწვლილი შეიწირა და თქვა, რომ მან ყველაზე მეტი გაიღო. მდიდრები ფასის საცავში შემოწირულობას თავიანთი სიჭარბისაგან დებდნენ, ქვრივმა კი რაც გააჩნდა, ისიც გასცა – „საცხოვრებელი თვისი“. ღმრთის სახელით გაღებულ მსხვერპლს, თვით უფალს ვაძლევთ. სულიერი თვალსაზრისით ჩვენი შემოწირულობა ზეციერ, უფლის კუთვნილ საგანძურებში მიდის. იქიდან მას ვერავინ წარიტაცებს. თუკი ვინმე ეკლესიის ქონებას ეხება, ის თავად ღმერთს ჰპარავს და მასზე ღმრთის მსჯავრი აღესრულება.
ტაძრის აღმშენებლებს ყოველი ღმრთისმსახურების დროს იხსენიებენ. დედამიწაზე ტაძრის შენებით ჩვენთვის ზეცაში მარადიულ სამყოფელს ვიშენებთ. გავა წლები, გაიხრწნება ჩვენი სხეულები, იქნებ ჩვენი ძვლებიდანაც აღარაფერი დარჩეს, ჩვენი სულები კი მარად ცოცხალი იქნება. ნეტავ მას, ვინც თავისი სულისათვის ზეცაში სამყოფელი გაიმზადა! აშენებული ტაძრები თუნდაც დაინგრეს, სიცოცხლის წიგნში ჩაიწერება მათი აღმშენებლების სახელები და ჩაიბეჭდება იქ აღვლენილი ლოცვები. ასე ამბობს საბაოთ უფალი: „დაისხენით გულთა თქვენთა გზათა მიმართ თქუენთა. აღვედით მთასა ზედა და ამოჰკვეთენით ხენი, და აღაშენეთ სახლი, და სათნო ვიყო მის შორის, და შორის ვიდიდო მე“. „მე თქუენ თანა ვარ, იტყვის უფალი“ (ანგ. 1,7-13). “
ივნისში მეუფე იოანე ღვთისმშობლის „კურსკ-კორენის“ სასწაულმოქმედ ხატს დააბრძანებდა მისი ეპარქიის სხვადასხვა ქალაქებში ეს წმინდა ხატი 1950 წ. ღვთის განგებით მოხვდა ამერიკაში და წლების განმავლობაში სტუმრობდა რუსულ სათვისტომოებს. ეს სწორედ ის ხატია, რომლის მიახლებისასაც პატარა სერაფიმ საროველი განკურმა ღვთისმშობელმა, როცა ხატის მსვლელობამ მის საცხოვრებელ სახლთან გავლა ინება.
1966 წლის 2 ივლისს მთავარეპისკოპოსმა იოანემ წირვა აღასრულა, შემდეგ ამ ხატით იქაური სათვისტომო და მორწმუნეთა ოჯახები მოიარა და საღამოს ტაძრის გვერდით მდებარე კელიაში დაბრუნდა, რათა ხატის წინ განმარტოებით ლოცვითი კანონი შეესრულებინა. სწორედ აქ, ღვთისმშობლის ხატის წინ მდგომარე ლოცვისას იგი მუხლებზე დაეცა და ამ ხმაურზე შემოსულმა, გვერდით კელიაში მყოფმა მღვდლებმა და ეპისკოპოსმა ამბერკიმ (ტაუშევი) ნახეს რომ დაჩოქილი მეუფე უკვე გადიოდა ამ ქვეყნიდან და იქვე მის სავარძელში დასვეს, სადაც „კურსკ-კორენის“ ღვთისმშობლის ხატის წინ სავარძელში მჯდომარემ მშვიდად მიაბარა თავისი მართალი სული უფალს, თუმცა არავითარი წინასწარი ნიშანი არ არსებობდა რაიმე ავადმყოფობისა.
„აღარა მყავს სულიერი მამა და აღარც მეყოლება, – ამბობდა მისი სულიერი შვილი მღვდელი მარტინ ერლინგსი, – ყოველ შემთხვევაში, ამგვარი, რომელიც შუაღამისას დაგირკავს და გეტყვის: წადი, დაიძინე, რაზეც ახლა ლოცულობ, შეგისრულდება“. რამოდენიმე დღეში იგი გადაასვენეს სან-ფრანცისკოში, მის მიერ აგებულ „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“-ს სახ. საკათედრო ტაძარში. წმინდანი 6 დღის განმავლობაში ესვენა სასახლეში, მის სხეულს ბალზამირება არ ჩაუტარეს და მიუხედავად ძლიერი სიცხისა, გახრწნის არავითარი სუნი არ იგრძნობოდა. სან-ფრანცისკოს დამკრძალავი ბიუროს ჩინოვნიკები ყოველდღიურად აკვირდებოდნენ სხეულს, მაგრამ ვერავითარ ცვლილებას ვერ ხედავდნენ.
24 ივლისს მიტროპოლიტმა ფილარეტმა (ვოზნესენსკი) აუგო წესი, უამრავმა მორწმუნემ გააცილა საყვარელი მღვდელთმთავარი უკანასკნელ გზაზე. მეუფე იოანე დაკრძალეს სან-ფრანცოსკოში, საკათედრო ტაძრის ქვედა სართულზე მოწყობილ საძვალეში. გარდაცვალების შემდეგ გამოსცხადებია თავის ერთგულ სულიერ შვილს და უთქვამს: _ გადაეცი ხალხს, თუმცა მე მოვკვდი, მაგრამ ცოცხალი ვარო. გარდაცვალების შემდეგაც გაგრძელდა უამრავი სასწაულის აღსრულება მის საფლავთან – უამრავი მლოცველი მიდის სათხოვარით და წმინდა მღვდელმთავარიც უსრულებს, კურნავს და ეხმარება ცხოვრებისეული სიძნელეების გადალახვაში.
1994 წ. საზღვარგარეთის რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა შეისწავლა რა მეუფე იოანეს სასწაულებრივი მეოხების ყველა ფაქტი, დადასტურებულად ცნო მისი სასწაულმოქმედება, და მზადება დაიწყო მისი კანონიზაციისთვის. სპეციალურმა კომისიამ გახსნა მისი სამარხი და მსგავსად კიევო-პეჩორის ლავრაში განსვენებული უხრწნელი წმინდანებისა მისი სხეულიც უხრწნელი აღმოაჩინა. პროტოპრესვიტერი პეტრე პერეკრესტოვი, სან-ფრანცისკოს ღვთისმშობლის ხატის „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, წმ. იოანე შანხაელის საფლავის გახსნის და წმ. ნაწილთა აღმოყვანების მონაწილე: „ხალხმა დაიწყო მეუფე იოანეს კუბოსთან მოსვლა, როგორც ნეტარ ქსენია პეტერბურგელთან მიდიოდნენ, ჯერ კიდევ მის განდიდებამდე. თავდაპირველად ისინი უბრალოდ ლოცულობდნენ მეუფისათვის, ხოლო შემდგომ თავად მას მიმართავდნენ ლოცვაში და ტოვებდნენ მოსახსენებლებს. ძალიან ბევრი სასწაული აღესრულებოდა. მე ასე ვიტყოდი, რომ წმინდა იოანეს თაყვანისცემა და მისი განდიდება ქვევიდან მიმდინარეობდა, ხალხისაგან. შედარებით მალე დადგა საკითხი მისი კანონიზაციის შესახებ, ხოლო სან-ფრანნცისკოში გადაწყდა მისი საფლავის გახსნა და წმ. ნაწილთა აღმოყვანება. ალბათ, უმეტეს ჩვენთაგანს არასდროს არ გაუხსნია საფლავი, ხოლო მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა მღვდელმსახური ვიყავი და გულახდილად რომ ვთქვათ, არ ვიყავი მიცვალებულთა დიდი თაყვანისმცემელი. ღამის 9 სთ. ჩვენ ეპისკოპოს ანტონის (მედვედევი) თავმჯდომარეობით ჩავედით საძვალეში და დავიწყეთ პანაშვიდის მსახურების აღსრულება. სასახლე მთელი ამ დროის მანძილზე ბეტონის სარკოფაგში იყო მოთავსებული.
სასახლის სახურავის გასაღებს 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ინახავდა ერთი მღვდელმონოზონი. იგი მიუახლოვდა სასახლეს, საზეიმოდ ჩარჭო გასაღები, მაგრამ სახურავი არ გაიხსნა, რადგან დაჟანგებული იყო და ბოქლომი არ მუშაობდა. მაშინ საქმეში ჩაერთო ჩვენი პროტოდიაკონი – რუსი გოლიათი, იგი 170 კილოგრამს იწონიდა და შეეცადა, რომ სახურავი ლომის (იგულისხმება ხელსაწყო) საშუალებით გაეხსნა. მაგრამ მეუფე ანტონის არ მოეწონა, რომ უკრძალველი ძალის გამოყენებით აღმოეყვანათ წმ. ნაწილები. მან შეაჩერა მამა პროტოდიაკონი, გამოისახა პირჯვარი, დახუჭა თვალები და დაიწყო 50 ფსალმუნის კითხვა, ხოლო შემდგომ აიღო სახურავი და მსუბუქად გახსნა იგი. ჩვენ დავინახეთ წმ. იოანეს შესამოსელი, თავდაპირველად ის თეთრი იყო, ხოლო შემდგომ გამწვანდა. სავარაუდოდ, ობი მოედო. ჩვენ შევეხეთ შესამოსელს, ის ხელში იფშვნებოდა, რადგან გახრწნილი იყო.
როდესაც მღვდელმსახურს ასაფლავებენ – მისი სახე იფარება საღვთისმსახურო დაფარნით, რომლითაც ჩვეულებრივ ლიტურგიის დროს ბარძიმი და ფეშხუმი იფარება. ასეთი დაფარნით იყო დაფარული წმინდა იოანეს სახეც. მეუფე ანტონმა გამოისახა პირჯვარი და აღამაღლა იგი [დაფარნა ასწია] და მე გავიცანი მეუფე იოანე, პირველად ვნახე იგი. მისი სახე და მთელი მისი სხეული მთლიანად შენარჩუნდა, უხრწნელი გახლდათ – ეს იყო წმინდა ნაწილები.
მეუფე ანტონმა მე ფოტოგრაფად დამნიშნა. 1993 წელს მე ვიღებდი სურათებს ფირით და ეს ფირი ამოიწურა ფოტოაპარატში. მე გავიქეცი სახლში და როდესაც შინ შევედი ყველგან შუქი იყო ანთებული, როგორც აღდგომისას. შუაღამე იყო, დედა მელოდებოდა. მე შევედი ბინაში და დავიყვირე: „უხრწნელია! უხრწნელია!“ ავიღე ფირი და უკან გავიქეცი, ხოლო დედაჩემმა დაიწყო სხვებთან გადარეკვა, რომ ჩვენი სიხარული ეუწყებია. როდესაც მე ქვემოთ დავბრუნდი, საძვალეში, მოიყვანეს სნეული ბავშვი – ჩვენი ეპარქიის მღვდელმსახურის ვაჟი. მეუფე ანტონმა გასცა ლოცვა-კურთხევა, რომ იგი ხელში აყვანილი მიეყვანათ და ეს ვაჟი განიკურნა. ახლა ეს ბიჭი აბსოლუტურად ჯანმრთელია, ჩემზე ნახევარი მეტრით მაღალია, რეგბისტი. მეუფის წმ. ნაწილებისათვის წინასწარ იყო გამზადებული ხის სასახლე, ჩვენ გადავასვენეთ მასში წმინდა ნაწილები, დავხურეთ სასახლე და ღვთის მადიდებელნი წამოვედით იმ ადგილიდან.
რამოდენიმე თვის შემდგომ, როდესაც მეუფის კანონიზაციისათვის. მასალები უკვე შეკრებილი იყო, ჩვენ კვლავ აღმოვიყვანეთ წმინდა ნაწილები, რათა განგვებანა მეუფე და შეგვემოსა კვლავინდებურად. ჩვენ ახალ შესამოსელში შევმოსეთ იგი და დავტოვეთ იგი საძვალეში 1994 წლამდე, როდესაც წმ. იოანეს გარდაცვალების დღეს, მოხდა მისი განდიდება, კანონიზირება, თუმცა მისი სიცოცხლის დროსაც აშკარა და ცხადი იყო მისი სიწმიდე.
1994 წლის 2 ივლისს, გარდაცვალებიდან მხოლოდ 28 წლის შემდგომ – წმ. სინოდის სხდომაზე მთავარეპისკოპოსი იოანე მაქსიმოვიჩი კანონიზირებულ იქნა – შერაცხილ იქნა წმინდანად საზღვარგარეთის რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში. მისი ხსენების დღედ დადგენილ იქნა გარდაცვალების დღე – 19 ივნისი (ახ.სტ. 2 ივლისი). 2008წ. ივნისში კი რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმ. სინოდმა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის ალექსი II-ის მეთაურობით შეიტანა მეუფე იოანეს სახელი საეკლესიო კალენდარში და იოანე შანხაელი შერაცხილ იქნა წმინდა მღვდელთმთავართა დასში, როგორც სასწაულთმოქმედი.
წმინდა იოანეს უხრწნელი სხეული განისვენებს ხის სასახლეში მინის სახურავით, სან-ფრანცისკოს ღვთისმშობლის ხატის „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“, სახელობის საკათედრო ტაძარში სადაც ჩაუქრობლად ანთია კანდელი, რომლიდან აღებული წმინდა ზეთის სარწმუნოებით ცხებისას მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულება. ჩვენ კი შევთხოვოთ წმინდანს: ჰოი, ყოველთა ქრისტეანეთა მამაო, იოანე, დიდო განმანათლებელო და საკვირველთმოქმედო! გვასწავე ჩუენ ჭეშმარიტი სინანული, და გვიხსენ ბოროტთა სულთა მანქანებათაგან და ყოველთა მაჭირვებელთა ჩუენთაგან!

თარგმნა და დაამუშავა თინათინ მჭედლიშვილმა

Exit mobile version