Site icon Iveron Icon Georgian Orthodox Church

პარაკლისი მართლისა ლაზარესი კვიპრელი ეპისკოპოსისა

წმინდა ლაზარე

სავედრებელი პარაკლისი

მართლისა ლაზარესი

კვიპრელი ეპისკოპოსისა

 

მღდელმან:  კურთხეულ არს-ი

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.

მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ტროპარი, ხმაი 4.

ვითარცა საუნჯე დიდი და სიმდიდრე წარუპარველი გამოგვიჩნდი ჩუენ კვიპრითგან, ლაზარე, განგებულებითა ღმრთისაისა, უსასყიდლოდ მიჰმადლებ რაი პატივისმცემელთა შენთა კურნებასა და ყოველთა ჭირთა და ვნებულებათაგან განარინებ, რომელნი სარწმუნოებითა ხმობენ შენდა მომართ: გვიხსენ ყოველნი ლოცვითა შენითა, ლაზარე, მამაო ჩუენო.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ტროპარი, ხმაი 4.

 ყოველსა აღდგომასა პირველ ვნებისა შენისასა მოასწავებდი, ამისთვისცა მეგობარი შენი ლაზარე მკუდრეთით აღადგინე, ქრისტე ღმერთო, რომლისათვის ჩუენცა, ვითარცა შვილნი ებრაელთანი, შევწირავთ შენდა ძლევისა გალობასა, რომელმან დასთრგუნე სიკუდილი: ოსანნა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 4

ძლისპირი: არა რაი არს სახედ შენდა, ღმერთო დიდებისაო, რამეთუ მარჯუენითა მაღლითა განარინე ერი ზღუასა, კაცთ-მოყუარე.

წმიდაო ლაზარე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ვადიდებთ ყოველნი კაცთმოყუარებასა შენსა, ღმერთო, რომელმან განადიდე სახსენებელი ლაზარესი, ღირსისა შენისა.

წმიდაო ლაზარე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

სამწყსოთა მოღუაწემან მწყემსმან კეთილმან, ქრისტე, წყალობითა მოიძიე ცხოვარი თვისი, და გამოუღე ბნელსა სიკუდილსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

წინა-აუწყე, ქველისმოქმედ, აღდგომაი შენი საფლავით აღდგინებითა ლაზარესითა და ყოველნი აღძარ დიდებად შენდა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

კურნებისა შენისა წყალნი ცხოველნი აპკურენ სულისა ჩემისა სენთა, სძალო, რამეთუ მკურნალი ხარ, ქალწულო. სენთა და ვნებათა.

გალობაი 3, განძლიერდასა

ძლისპირი: არა სიბრძნითა, არცა ძალითა, არცა სიმდიდრითა, არცა თავით თვისით ვიქადით, არამედ შენგან, ღმრთისა სიბრძნეო, რამეთუ არაი ვინ არს წმიდაი შენებრ, ქრისტე.

წმიდაო ლაზარე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

შემდგომად სიკუდილისა შენისა, ჰოი, ლაზარე, სახუეველითა შეგხვიეს და დაგდეს რაი საფლავსა, მიიწინეს ხორცნი შენი დახსნად, ნეტარო, და განიხრწნნეს სამარხოსა შინა.

წმიდაო ლაზარე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

აუწყა უფალმან მოწაფეთა თვისთა გარდაცვალებაი შენი და რქუა: „აწ მიხარის თქუენთვის, რამეთუ იხილოთ სასწაული ძისა კაცისაგან, და დაემტკიცნეთ სიყუარულსა ჩემსა“.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მოვიდა რაი იესო ბეთანიად, რაითა მკუდრეთით აღგადგინოს, იხილნა მარიამ და მართაი, დანი შენნი, ცრემლითა დაგტიროდენ რაი ძმასა თვისსა, სულითა შეძრწუნდა და ცრემლოოდა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სნეული სულითა განმკურნე და ვნებანი ხორცთანი წარსდევნენ, დედოფალო, და აჩვენე ჩემ ზედა წყალობაი, ცოდვილსა მონასა შენსა, სძალო უსძლოო.

მიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტესმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს… (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

წარდგომაი, ხმაი 8.

მოხვიდოდე რაი შენ, ქრისტე, ბეთბაგედ და ბეთანიად, ხმაი ფერხთა შენთაი ოხრით ესმოდა ქუესკნელსა და ლაზარეს ეტყოდა: `რაჟამს ხმა-გიყოს ცხორებამან საუკუნემან, ქრისტე, მეყსა შინა განვედ, ნუ სდროებ, რამეთუ მიცნობიეს წარწყმედაი ჩემი და დახსნაი ხელმწიფებისა ჩემისაი, მის მიერ ყოფადი დახსნაი კაცთაი~.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

„სული, რომელ წარვიდის ხორცთაგან, არაი მოიქცის“ – თქუა ოდესმე გალობით დავით მამათმთავარმან, ხოლო ძედ მისდა წოდებულმან ღმრთისა სიტყუამან ხელმწიფებითა აღგადგინა, გიწოდა რაი ხმითა კაცისაითა, და ძალითა და ხელმწიფებითა ღმრთისაითა, და მოაქცია რაი სული შენი შენდავე, სიკუდილი შემუსრა, და რომელთაცა იხილეს ესე, განკვირდეს და ადიდებდეს ძალსა მისსა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრისმშობელო, აწცა ნუ დააცადებ ოხასა ქრისტეს ღმრთისა მიმართ, გარე წარაქციოს რისხვაი აღდგომილი ჩუენ ზედა მეგობრისა თვისისა ლაზარეს სიყუარულითა, და იხსნეს ერი და ენაი ჩუენი დამცრობისაგან და აღხოცვისა, რამეთუ ესრეთ გვაუწყებს იოანე ზოსიმე „ქებასა და დიდებასა შინა ქართულისა ენისასა“: და „ესე ენაი მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან. და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან, ესე არიან ორნი დანი, ვითარცა მარიამ და მართაი, და მეგობრობაი ამისთვის თქუა, ვითარმედ ყოველი საიდუმლოი დამარხულ არს ამას ენასა შინა“.

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: მოსდრიკენ, ქრისტე, ცანი და მოხუედ, და სიბრძნითა გამოგვიჩნდი კაცად ქუეყანასა ზედა, ამისთვისცა სარწმუნოებით ვიტყვით: ძალსა შენსა დიდებაი, კაცთ-მოყუარე.

წმიდაო ლაზარე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მოიწია რაი ქრისტე საფლავად შენდა, ბრძანა აღებად ლოდი, და გიხმო რაი ხმითა ტკბილითა: „ლაზარე, გამოვედ გარე!“, მეყსეულად განჰკრთი, და მსგავსად ძილისა, განიშორე სიკუდილი.

წმიდაო ლაზარე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

იყავ რაი საფლავსა შინა, ერთითა ხმობითა განცხოველდი, ვითარცა მონაი ბრძანებითა უფლისაითა, და ღაღადყავ სიხარულითა: „ყოველი ძალ-გიც, მაცხოვარ, დიდებაი შენდა“.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

შეძრწუნდა რაი ძლიერებაი ჯოჯოხეთისაი, მცველნი მისნი შიშითა განუტევებდენ სულსა შენსა, და აღემართე რაი საფლავისაგან შეხუეული სუდარითა, ვერა დაგაყენეს გამოსლვად კრულებამან ხელთა და ფერხთა შენთამან.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უსძლოო სძალო, რომელმან შევ ღმერთი, ხორციელ-ქმნული, მოწევნადთა მათ განსაცდელთა და ვნებათაგან მიხსნენ ჩუენ, რომელნი გესავთ შენ, დედოფალო.

გალობაი 5, ღამითგანსა

ძლისპირი: უღმრთოთა ვერ იხილონ დიდებაი შენი, ქრისტე, ხოლო ჩუენ, მონანი შენნი, ვიხილავთ დიდებასა შენსა და ვღაღადებთ: ღამითგან აღვიმსთობთ ჩუენ გალობად შენდამი, კაცთ-მოყუარე.

წმიდაო ლაზარე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ეჰა, სასწაული საშინელი, რამეთუ საუკუნოდ დახშულნი თუალნი დაბნელებულნი კუალად განგინათლნა ქრისტემან, აწ ჩუენცა მეოხ გვეყავ წინაშე მისსა, რაითა განგვამტკიცოს სარწმუნოებასა შინა.

წმიდაო ლაზარე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მკუდრეთით აღდგინებითა შენითა, ჰოი, ლაზარე, მოწაფენი თვისნი განამტკიცა ქრისტემან, რაითა ვნებასაცა მისსა ხორცითა, არა ურწმუნო იქმნენ მისისა ღმრთეებისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

აღასრულა რაი ქრისტემან სასწაული ეგე, ზარი განჰხდა ყოველსა მას ერსა და ადიდებდეს ძალსა მისსა, ხოლო ჩუენ მართაისა და მარიამისა თანა ვიხარებთ და ვაქებთ მრავალმოწყალესა ღმერთსა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ვხმობ შენდამი, ქალწულო ღმრთისმშობელო, ვითარცა ბრმაი იგი, ძისა შენისა მიერით შემიწყალე, ასულო დავითისაო, და აღმიხილენ თვალნი სულისანი, ცოდვათა და უსჯულოებათა მიერ დაბრმობილნი.

გალობაი 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: შთავვარდი მე სიღრმეთა ზღვისათა და ცოდვისა უფსკრულთა დამნთქეს მე, არამედ, ვითარცა ღმერთ ხარ, განხრწნისაგან კუალად აღმოიყვანე ცხორებაიცა ჩემი, მოწყალე.

წმიდაო ლაზარე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

განითქუა რაი ჰამბავი მკუდრეთით აღდგომისა შენისაი, მრავალნი იუდეველნი მოექცეს ქრისტეანობასა, რამეთუ არღა სარწმუნოი საქმე იგი ყოველთა აღდგომისაი, იქმნა ცხად საჩინოი ჭეშმარიტად.

წმიდაო ლაზარე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

რაჟამს გიხილეს ბოროტთა მათ ჰურიათა მკუდრეთით აღდგომილი, აღივსნეს შურითა, და ეწადათ მოკლვაი სასწაულთამოქმედისა მის, აღმადგინებელისა შენისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უჩუენა რაი ყოველსა ერსა დიდებაი თვისი, თანა-მოგზაურ გყო შენ ქრისტემან და შეხუედით რაი ქალაქად წმიდად იერუსალემდ, მიეგებვოდენ ღაღადებით: „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა – მეუფე ისრაელისაი“.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განგვარინე საცთურსა ცოდვათა ჩუენთასა ვედრებითა შენითა, ღმრთისმშობელო ქალწულო, ძისა შენისა მიერ, რომელი იშვა შენგან უზეშთაეს ბუნებათა, ძე ღმრთისაი დაუსაბამოი.

მიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.                  

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.             

გუნდი: ამინ.

კონდაკი, ხმაი 4

ყოველთა არსთა ცნობისა უფსკრულო მიუწდომელო, იკითხევდ დღეს საფლავსა ლაზარესსა, მი-რაი-ხვედ და აღადგინე იგი მკვდრეთით, ოთხ-დღე დამარხული და დაყროლებული, ვითარცა ღმერთმან ყოვლადძლიერმან, შეიწირე რაი ცრემლნი მართას და მარიამისნი.

სხუაი კონდაკი, ხმაი 4

ვითარცა ვარსკულავი ელვარე, ესრეთ გამოგვიჩნდენ კიპრითგან ნაწილნი შენნი, წმიდაო, და განაბრწყინვებენ რაი ქალაქსა ლარნაკასა, განამხიარულებენ მკვიდრთა მისთა, მიანიჭებენ რაი შენ მიერ მადლსა კურნებათასა და იცავენ ყოველთა მღაღადებელთა შენთა: გიხაროდენ ლაზარე, მეგობარო ღმრთისაო!

იკოსი

აღადგენდა რაი ელია მკუდარსა ვედრებითა ღმრთისაითა, კაცივე იყო, და არა ღმერთი, ხოლო შენ მომკუდარსა და დაფლულსა მხოლოითა სიტყვითა შენითა ჯოჯოხეთითგან აღმოუწოდე, ქრისტე,  და მეგობარი შენი ლაზარე აღადგინე რაი მკუდრეთით, უწინარეს ცხორებისმომცემელისა სიკუდილისა შენისა შეარყიე სამეფოი იგი სიკუდილისაი დიდითა ამით და საშინელითა სასწაულითა, რამეთუ ოთხითა მით დღითა მკუდრობისა მისითა წინა აუწყებდი სამითა დღითა დაფლვასა შენსა და აღდგომასა, და ამცნე რაი ყოველთა კაცთა, ვითარმედ გნებავს შემუსრვაი ჯოჯოხეთისა სამეფოისა დიდითა მით სიმტკიცითა შენითა, მოასწავე ყოველთა აღდგომაი, და გამოაჩინე ლაზარე, ვითარცა მაცხოვნებელი წინასახე აღორძინებისა ჩუენისაი.

მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომაი, ხმაი 4

მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი იხარებდენ.

მუხლი: პირმან მართლისამან იწუართოს სიბრძნე და ენაი მისი იტყოდის მსჯავრსა.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,     

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირს-ყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა

მღდელმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელმან: მოხედენ.

სახარებაი მათესი

ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: თქუენ ხართ ნათელნი სოფლისანი. ვერ ხელ-ეწიფების ქალაქსა დაფარვად მთასა ზედა დაშენებულსა. არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქუეშე ხვიმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ იგი ყოველთა, რომელნი იყვნიან სახლსა შინა. ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაითა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა.

დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა წმიდისა ლაზარესითა, ოთხთა დღეთა საფლავად მდებარისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უშჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: აჩუენნა მხსნელმან ორნი ბუნებანი შენ ზედა, ლაზარე, კაცებით ცრემლოოდა, ხოლო ღმრთეებით აღგადგენდა ხელმწიფებით ოთხისა დღისა უსულოსა, და აწ გაქუს კადნიერებაი მისა მიმართ, რაითა გვითხოვო ყოვლისა სოფლისა მშვიდობით დაცვაი, და ერისა ჩუენისათვის ძლევაი ჯუარითა ყოველთა მტერთა ზედა, დამტკიცებაი მართლმადიდებლობისაი, და სულთა ჩუენთათვის ლხინებაი.

მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა; წმიდათა მოციქულთა ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თომასი თადეოზისა და მატათაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა და წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა-მძლისა მოწამისა, ძლევა-შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარესა და მარინესითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა, და ღირსისა მამისა ჩვენისა დავით გარეჯელისაითა; წმიდათა და სანატრელთა მამათა ჩუენთა: დოდო, ლუკიანე, დამიანე, ონოფრე და სვიმეონ გარეჯელთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ-განბრძნობილთა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ-ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინესა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმიდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე-დამიანესა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსაარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანესი და გიორგი-იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი); და კვიპროსის მთავარეპისკოპოსისა, ლაზარე მართლისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ. 

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                     

გუნდი: ამინ.                         

გალობაი 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ბაბილოვანსა სამთა მათ ყრმათა ბრძანებაი მძლავრისაი მის სიბორგილედ შეჰრაცხეს და ალსა შინა ღაღადებდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

წმიდაო ლაზარე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

კუალად მოვიდა რაი ქრისტე ბეთანიად, მარიამ ნელსაცხებელსა სცხებდა და მართაი მსახურებდა, ხოლო შენ იყავ რაი, ლაზარე, თანა-მეინახედ მისა, აწ გაქუს კადნიერებაი შეწევნად ჩუენდა.

წმიდაო ლაზარე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

აგრძნეს რაი ჰურიათა, ვითარმედ მუნ არს იესო, მოკრბეს არა ხოლო თუ მისთვის, არამედ, რაითა გიხილონ მკუდრეთით აღდგენილი, და ჰრწმენეს რაი იესოსი, აკურთხევდენ ძალსა მისსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ეჰა უგუნურებაი ფარისეველთაი, ძმარი და ნაღველი მიუპყრეს რაი ჯუარსა ზედა დამოკიდებულსა უფალსა და ისწრაფდენ მოკლვასა შენსა, რაითა არაი ქადაგებდე ღმრთეებასა და დიდებასა მისსა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ისარნი თვისნი განმაწონნა ბელიარ გულის-თქმათა მიერ და მომწყლა სასიკვდინედ, აწ დაჰხსნენ მანქანებანი მისნი ბოროტნი, უბიწოო, არცხვინე მტერსა ჩემსა და მაცხოვნე მე, მადიდებელი შენი.

გალობაი 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: სახუმილი იგი ცეცხლისაი ბაბილონს პირველად განიზოგა ღმრთისა მიერ, რამეთუ ქალდეველნი ალისა მისისაგან შეიწუნეს, ხოლო ყრმანი შეცურეულნი იტყოდეს: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.

წმიდაო ლაზარე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

რაჟამს გდევნიდენ, ლაზარე, მორწმუნეთა და დათა შენთა თანა განერე საფრხესა და განგებულებითა ღმრთისაითა მშვიდობითა მიიწიეთ კვიპრესა, სადა იგი ქადაგებდი დაუცხრომელად და მრავალთა მოაქცევდი ქრისტეს სარწმუნოებასა ზედა.

წმიდაო ლაზარე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

იღუწიდი რაი კუნძულსა მას ქრისტეს სიყუარულითა, ხელდასხმულ იქმენ მღდელმთავრად მოციქულთა მიერ პავლესა და ბარნაბაისა, ჟამსა მას ქადაგებდენ რაი კვიპრესა, და სწავლაი შენი ექმნა საჭეთმპყრობელ და მმართებელ სამღდელოთა და ერთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

იხარებდი სულითა შრომათა შენთა ზედა პატიოსანთა, ღირსო ლაზარე, და იკურთხე დედისაგან ქრისტეს ღმრთისა, იოანეს თანა მოიწია რაი ხილვად ძისა თვისისასა მეგობრისა, და ომოფორი და საბუხრენი მოგანიჭა, ვითარცა დიდსა მღდელმთავრსა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ვნებანი სულისა ჩემისანი განჰკურნენ სიტკბოებითა, ყოვლად საგალობელო, დაამშვიდე ცხოვრებაი და განანათლე სული ჩემი და წარმიმართე გზათა საღმრთოთა, დედოფალო, რაითა მარადის მაქუნდეს მოხსენიებაი სიკუდილისაი.

გალობაი 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: უწინარეს შობისა და შობასაცა და შემდგომად შობისა ქალწულად უბიწოდ აღგიარებთ, და ვითარცა ღმრთისა მშობელ ხარ, ღირსად გადიდებთ.

წმიდაო ლაზარე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ათვრამეტ წელ მწყსიდი რაი სამწყსოსა შენსა, მწყემსისა კეთილისა იქმენ მწყემსმთავარ სარწმუნოი, ღმერთშემოსილო, და გამობრწყინდი უნათლეს მზისა.

წმიდაო ლაზარე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

სრულ-ჰყავ რაი სრბაი შენი, ლაზარე, მხცოვანებითა შემოსილი მშვიდობითა მიიცუალე წინაშე ღმრთისა, რომელმანცა სამართლად გადიდა შენ და ნიშ-სასწაულთა სიმრავლითა პატივ-გცა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

აჰა, ძლიერებად და ზღუდედ ჭეშმარიტებისა მოგვიგიეს ჩუენ სამარხონი შენნი – ბეთანიასა და ლარნაკას, და მათდა მიახლებულნი უხუად მიემთხვევიან მადლსა და წყალობასა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ, უქორწინებელო და ყოვლადწმიდაო ქალწულო, ითხოვე მისგან რომელი ჰშევ, რაითა მოსცეს ერსა ჩვენსა ძლევაი და  ხსნაი უღლისაგან მტერთაისა, რომელნი შენ მარადის გადიდებენ.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი აკმევს; ერისკაცი კითხულობს:

საკვირველ არიან საიდუმლონი იგი, რომელნი გარდამოავლინა შენ ზედა ღმრთეებრივმან მეგობარმან შენმან და უფალმან ჩუენმან, სათნო იჩინა რაი პირველ ჯუარისა თვისისა და აღდგომისა, ყოვლისა სოფლისათვის განცხადებაი შენ ზედა დიდებისა მისისა, და გყო შენ წინა-მაუწყებელად თვისისა ყოვლადბრწყინვალისა აღდგომისა სამისა დღისა მკუდრობისაგან; აწ ჩუენცა შეგვეწიე, რაითა განგვათავისუფლოს საუკუნოთა მათ სატანჯველთაგან და ღირს გვყოს შენ თანა სიხარულსა დაუსრულებელსა.

ჰოი, საქმე განსაკრთომელი, რამეთუ მკუდარი, ვითარცა ცხოველი, უმცხინვარეს მზისთუალისა ჰნათობ ქუეყანასა, რამეთუ მაუწყებელ-არს კვიპრე მოღუაწებათა შენთა, და ხმა მაღლად ჰქადაგებს ლარნაკა ლოცვათათვის შენთა მხურვალეთა, ხოლო ჩუენ გული გვითქმს მისლვად ტაძარსა შენსა შუენიერსა, რაითა სიყუარულითა მივემთხვიოთ ნაწილთა შენთა წმიდასა საყოფელსა, და აღმოვივსოთ მადლი და ლხინებაი მოსავთა შენთა და მაქებელთა.

წყალობაი და სიყუარული სასწაულთამოქმედი, ყოვლისა შემძლებელი ღმერთი და სრული კაცი მკუდრეთით აღგადგენდა მეგობარსა თვისსა, აწ ჩუენცა გიგალობთ შენ, და გევედრებით, მეოხებად ნუ დასცხრები მისა მიმართ, რაითა დაცემული ესე და დამდაბლებული ქართველთა ერი შენებრ აღადგინოს მსახურებად ღმრთისა და მამულისა.

მოვიხსენებთ რაი სასწაულთა მათ, შენ მიერ ქმნილთა ქუეყანასა ზედა, გევედრებით, მეოხ-გვეყავ წინაშე ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობლისა, საცთურებისა და ჭირთა სახუმილსა შინა ჩუენცა გუასხუროს ცუარი მადლისა თვისისაი, რაითა გული ჩუენი არა გრილ იყოს სმენად საღმრთოთა სწავლათა და დიდებად და გალობად ღმრთისა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის). დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის დაუკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარე-წარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ. 

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                        

გუნდი: ამინ.

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, სიბრძნითა მით სარწმუნოებისაითა და საქმითა მოღუაწებისაითა განბრწყინებულო წმიდაო დიდო მღდელთმთავარო, მართალო ლაზარე! მამათა სამკაულო, მღდელთა გვირგვინო და ანგელოზთა მოდასეო, ლარნაკას სიქადულო და მკვიდრთა მისთა ყოველთა ძვირთაგან დამფარველო, ღმრთისა მიმართ მეოხო და ყოველთა უპოვართა, განწირულთა და შენდამი მოლტოლვილთა შესავედრებელო და საფარველო!

ჰოი, ყოვლადსაკვირველო და სარწმუნოო მეგობარო ქრისტესო,  მართალო ლაზარე, ბეთანიისა დიდებაო და ყოვლისა სოფლისა განკვირვებაო! კურთხეულ არს სახლი შენი, რომელსა სიყუარულითა მოიხილავდა უფალი ჩუენი იესო ქრისტე, ჟამსა მას ხორცთა შინა მყოფობისასა, რამეთუ ხედვიდა კეთილქმნულებასა სულისა შენისასა, და ვითარცა მეუფემან სიკუდილისა და სიცოცხლისამან, მიუშვა შენ ზედა დაძინებაი იგი სიკუდილისაი, და დაფლვაი, და ქუესკნელისა სიღრმესა შინა შთასლვაი, სადა იხილე მკუდარნი საუკუნითგან მუნ დამკვიდრებულნი და ჯოჯოხეთისა საკრველითა შეკრულნი, და ძრწოლაი იგი საშინელი, და მუნ, ოდეს ხორცი შენი მიცემულ იყო ყროლებასა და სიკუდილსა, შემდგომ ოთხისა დღისა გესმა ღმრთეებრივი ხმაი მეგობრისა შენისაი, საფლავსა შენსა მოსრულისა: `ლაზარე, გამოვედ გარე~, და აღდგინებითა შენითა სახარულევან ყო რაი ბეთანიაი, დაშრიტა ცრემლნი მართასი და მარიამისა, და ძრწოლაი მოჰგუარა გულ-ფიცხელთა მათ მწიგნობართა და ფარისეველთა, ხოლო შენ განგარინა საფრხესა და დაგადგინა მღდელმთავრად კვიპრის ეკლესიასა შინა, აწ ჩუენცა მეოხ-გვეყავ წინაშე მისსა, რაითა განაცხოველოს სულნი და ხორცნი ჩუენნი, ვნებათაგან შეყროლებულნი და შთაფლულნი ცოდვათა უწმიდურებასა შინა, და ვითარცა შენ აღგადგინა სიკუდილისა ჰრულისაგან, ეგრეთვე აწ ჩუენცა აღგვადგინოს სამარითგან უსასოებისა და უდებებისა, და წარგვიმართოს გზასა მას ცხორებისასა, რაითა საუკუნოსა მას ცხორებასა ზიარ-ქმნილნი დაუცხრომელად ვადიდებდეთ თანა მამით და სული წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მღდელი: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი: დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). გუაკურთხენ. 

მღდელი: ჩამოილოცავს…

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, მართლისა ლაზარესი, კვიპრელი ეპისკოპოსისაითა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ლოცვა ჟამსა მას ხატის მთხვევისასა:

საღმრთოითა ძალითა შენითა მოგუმადლე ჩუენ სათხოვართა კეთილად აღსრულებაი, წმიდაო დიდო მღდელმთავარო ლაზარე, ვინაიცა ამბორს-უყოფთ ხატსა ამას სიწმიდისა შენისასა და პატივს-ვჰსცემთ სანატრელსა ლუსკუმსა შენსა, ვითარცა საუნჯესა სიწმიდეთა მტვირთველსა, სადაით-იგი აღმოდის კურნებათა საღმრთოი მდინარე, და გევედრებით: განგუათავისუფლენ ყოვლისაგან სალმობისა და ძვირისა.

დედოფალო მარიამ, ბრწყინვალებაო ყოველთა წმიდათაო, ლოცვითა წმიდისა მართლისა ლაზარესითა ღირს-მყვენ საუკუნოსა დიდებასა და ბრწყინვალებასა ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისასა, ამინ.

 

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

Exit mobile version