Site icon Iveron Icon Georgian Orthodox Church

ცხოვრება და ღვაწლი წმინდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისა

თამარ მეფე

ცხოვრება და ღვაწლი წმინდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისა

წმინდა დავით აღმაშენებელის უდიდესი ძალისხმევით აღორძინებული საქართველო წარმატებულად დაიცვეს და შეინარჩუნეს მისმა ღირსეულმა მემკვიდრეებმა: შვილმა – დემეტრე I-მა (ბერობაში წმინდა დამიანე, 1125-1156 წწ) და შვილიშვილმა – გიორგი III-მ (1156 – 1184 წწ), ხოლო გიორგი III-ის ასულმა, ქართველი ერის სათაყვანებელმა დედოფალმა თამარმა, თავისი სიბრძნითა და გონიერებით კიდევ უფრო განაძლიერა დავითის მიერ ნიკოფსიიდან (ისტორიული ციხე-ქალაქი შავი ზღვის პირას, ქ. ტუაფსეს ჩრდილო დასავლეთით 47 კმ-ზე) დარუბანდის ზღვამდე (ახლანდელი დერბენდი – ქალაქი დაღესტანში, კასპიის ზღვის სანაპიროზე) და ოვსეთიდან (ჩრდილო ოსეთიდან) სოერად და არეგაწამდე (მთის მასივია ერევნის ჩრდილო დასავლეთით) გადაჭიმული საქართველო და მისი საზღვარნი განავრცო ზღვით პონტოისით ზღვამდე გურგანისად და სპერითგან დარუბანდამდის და ყოველნი კავკასიისა იმერელნი და ამერელნი ხაზარეთამდის და სკვითთამდი.
წმინდა თამარი იყო პირმშო ასული გიორგი III-ის და ოვსთა მეფის ხუდანის ასულის, ბურდუხანისა. ერთხანს ცოლ-ქმარს შვილი არ ეძლეოდათ, რის გამოც ძალიან წუხდნენ. მაგრამ ინება ზეგარდამო მოწყალებამან ღმრთისამან და ინება მობერვად ნიავმან ამომან, და იშუა მათგან ქალი, ქმნულ-კეთილი, ყოვლითურთ უნაკლულო და შესატყვისი – წმინდა თამარი (1166). იგი იმ დროისათვის სათანადო აღზრდა-განათლებას იღებდა. მასზე განსაკუთრებულად ზრუნავდა მამიდა, ხორასნის სულთნის ცოლყოფილი რუსუდანი, რომელიც დაქვრივების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. იგი პოლიტიკური მოღვაწე და დიპლომატიც იყო და აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფოს მართვა-განმგეობაში; თამარი თავის უმცროს დასთან _ რუსუდანთან ერთად ძირითადად მამიდის კარზე იზრდებოდა. (თამარის და შემდგომში გაათხოვეს ოს უფლისწულზე, ისიც მალე დაქვრივდა და სამშობლოში დაბრუნდა).
თამარი მცირე ასაკის მიუხედავად გამოირჩეოდა გონებითა არა ყრმებრივიითა, არამედ მეცნიერითა, ცნობიერითა, გონიერითა და შუენიერითა. ამიტომ ორბელთა აჯანყების ჩახშობის შემდეგ, 1179 წელს გიორგი III-მ თამარი თანამმართველად გაიხადა. დიდებულებმა ფიცი დადეს მის ერთგულებაზე და მუხლი მოიყარეს 12 წლის მონარქის წინაშე, რომლისათვისცა განგებას ერის წინამძღოლობისა მძიმე ჯვარი ებოძებინა. რამოდენიმე ხანში გეგუთში მყოფ მეფეს მეტად სამწუხარო ცნობა მიუვიდა, თამარი ბურდუხან დედოფლის გარდაცვალებას ატყობინებდა. მეფე სასწრაფოდ ჩავიდა დედაქალაქში. მთელმა საქართველომ დაიტირა დედოფალი. იგი დიდი მწუხარებითა და პატივით დაკრძალეს.
მამა-შვილის ერთობლივი მმართველობა დიდხანს არ გაგრძელებულა, ვინაიდან 1184 წლის 27 მარტს, ვნების კვირის სამშაბათს, გიორგი III კახეთში გარდაიცვალა. თამარს თბილისში, ისნის ციხეში შეატყობინეს მამის გარდაცვალება. დიდი მწუხარებით დაიტირა სრულიად საქართველომ თავისი ძლევამოსილი მეფე გიორგი III ჟამისა სიძნელისაგან მცხეთაში დაუკრძალავთ და იმავე წელს მეფეთა ტრადიციულ სავანეში – გელათში გადაუსვენებიათ.
მიუხედავად იმისა რომ თამარი მამის სიცოცხლეში მისივე თანამოსაყდრე იყო, მეფედ მეორედ კურთხევის ცერემონიალი სამეფო კარის გარიგების დაცვით დიდი ზეიმით აღასრულეს. თამარი სადედოფლო სამოსით კი არ შემოსეს, არამედ სამეფოთი, როგორც მეფე და ლაშქრის მთავარსარდალი და დაიწყო დიდებითა და გამარჯვებებით, აღმშენებლობითა და მოღვაწეობით აღსავსე გზა ხელმწიფეთა შორის გამორჩეული დედოფალთა დედოფლისა შარავანდედთა შორის უმეტეს აღმობრწყინვებულისა თამარისა.
ქალის ტახტზე აყვანა, არა მარტო მაჰმადიანური, ქრისტიანული სამყაროსთვისაც უჩვეულო ამბავი გახლდათ. მაგრამ თამარის მომხრეებს საქართველოში ურყევი საბუთები უმაგრებდა ზურგს: საქართველო იყო ღმრთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, რომელიც ქალმა გაანათლა, და სადაც ოდითგანვე ეთაყვანებოდნენ ქალს, როგორც სიცოცხლისა და სიკეთის წყაროს.
წმინდა თამარი იყო საკვირველად თავმდაბალი, გულმოწყალე და დიდსულოვნურად შემწყნარებელი, მოსაუბრე სიტყვითა ოქრონექტარითა. მისი სიტყვა იყო ტკბილი და ძვირუხხსენებელი, ხოლო ზნეობა მისი იყო უსპეტაკესი და უსათნოესი. იგი იყო სანთელი გონიერთა და უგუნურთა, პირველთა განმანათლებელ და მეორეთა დამწველი. აღვირი იყო უწესოდ მკრთომელთა და დეზ-უდებთათვის; კანონი სირცხვილისა მოხუცებულთა და კუერთხი რკინისა ჭაბუკთათვის. წმინდა თამარი გარეგნობითაც ქმნილ-კეთილი და ყოვლითურთ უნაკლო ყოფილა. მისი ისტორიკოსი ბასილი ეზოსმოძღვარი დიდებულ გვირგვინოსანს ასე ახასიათებს: ტანსა ზომიერსა გრემანობა, თუალთა და ღაწუთა სპეტაკთა ზედა ვარდებრივ ფეროვანება, მორცხვივ ხედვაი, ლაღი მიმოხედვა, ტკბილი პირი, მხიარული და ულიზრო სიტყვის სინარნარე. იგი ქვეყნის მმართველობის უშუალო მონაწილე იყო მამის სიცოცხლეშივე და კარგად ერკვეოდა საქართველოს საშინაო და საგარეო საკითხებში. მან მცირე ასაკის მიუხედავად კარგად იცოდა დიდგვაროვანთა, გლახაკ-მეკობრეთა, ვაჭარ-ხელოსანთა, მდაბიო-მოლაშქრეთა, ბარისა და მთიულეთის გლეხთა მისწრაფებანი. დიდი ივანე ჯავახიშვილი, როდესაც თამარის მოღვაწეობას აჯამებს, აღნიშნავს: ქართველი ერისთვის მაშინაც და შემდეგაც, თამარის სახელი იმიტომ იყო სათაყვანებელი, რომ, ზესთაბუნებრივის ძალით მასში გაერთიანებული იყო ქალის მომხიბლავი მშვენიერება და ვაჟკაცური მამაცობა, სახელმწიფო მოღვაწის სიბრძნე და უმანკო, ყოვლად მოწყალე, განურისხებელი გული.
ფეოდალური საქართველოს სახელმწიფო წყობილებისთვის დამახასიათებელი იყო მეფის სათათბირო ორგანო ე. წ. დარბაზი აქ მეფე სხვადასხვა სახელმწიფოებრივ საკითხებზე ეთათბირებოდა საერო და სასულიერო წოდებათა მაღალი თანამდებობის წარმომადგენლებს. მაგრამ დარბაზობის მოწვევა, ე. ი. დარბაზის ერის შეკრება უფრო მეტად საჭიროების შემთხვევაში ხდებოდა და მისი მოწვევაც ძირითადად მეფის სურვილზე იყო დამოკიდებული.
მეფედ კურთხევისთანავე მეჭურჭლეთუხუცესმა ყუთლუ-არსლანმა, რომელიც ამირსპასალარობას ესწრაფვოდა, თამარს წაუყენა ულტიმატუმი – გადაეყენებინა უგვარო მოხელენი და ისანში, მეფის სასახლის მახლობლად დაეარსებინა მართვა-განმგეობის საგანგებო დაწესებულება – კარავი. ყუთლუ-არსლანის პოლიტიკური დასის მიერ წამოყენებული პროგრამის მიხედვით კარავი დარბაზისაგან განსხვავებით უნდა ყოფილიყო არა სათათბირო და ერთდროული ორგანო, არამედ მუდმივი დაწესებულება ჩამოყალიბებული საკანონმდებლო უფლებებით. ამ პროექტის თანახმად სახელმწიფოს საკანონმდებლო ხელისუფლება ისნის კარავს უნდა დაეჭირა, მეფეს კი მხოლოდ სააღმსრულებო ხელისუფლება დარჩებოდა. რეალურად ეს იყო ხელისუფლების ორ შტოდ გაყოფა (ფაქტიურად ეს იყო კონსტიტუციური მონარქიის პირველი მოდელი. რაც დასავლეთ ევროპაში განხორეციელდა – 80 წლის შემდეგ ინგლისში პარლამენტისა და 120 წლის შემდეგ საფრანგეთში – გენერალური შტატების შექმნით). თამარ მეფემ სათანადოდ შეაფასა მდგომარეობა, მოეთათბირა სამეფო კარს (ერთგულ მოყმეთ) და შეიპყრა ყუთლუ-არსლან მეჭურჭლეთუხუცესი. წინამძღოლის დატუსაღებამ მეტად შეაშფოთა ყუთლუ-არსლანის მომხრე დიდებულები. მათ ერთმანეთთან მოილაპარაკეს – შეიმუშავეს სიმტკიცის ხელშეკრულება, მოითხოვეს ბელადის უვნებლად განთავისუფლება და თუ საჭიროება მოითხოვდა განემზადნეს ისნისაცა შემობმად. ამ, უაღრესად გამწვავებული განსაცდელის ჟამს, საქართველოს დიდებულმა საჭეთმპყრობელმა ნაცვლად შებრძოლებისა, გადაწყვიტა მეამბოხეებთან მშვიდობიანი მოლაპარაკება გაემართა. მან დაუთმო დიდგვაროვან გაფიცულებს და ერთგული ვეზირები, აფრიდონი და ყუბასარი სამსახურიდან გაანთავისუფლა, ხოლო აჯანყებულებს მიუგზავნა ორი საპატიო დიოფალი – დიდგვაროვანი აზნაურის რატი ერისთავთ-ერისთავის დედა – ხოშაქ ცოქალი და აზნაურ სამძივართა დედა – კრავაი ჯაყელი. მათ მოლაპარაკება დაიწყეს განდგომილებთან და დაარწმუნეს, რომ ყუთლუ არსლანის გარდა ბრალი არავის დაედებოდა და შემოირიგეს. გაფიცულებმა მეფისაგან ფიცი აიღეს, ხოლო თავის მხრივ მისცეს მათ პირი ერთგულობისა მათისა. მიუხედავად იმისა, რომ ყუთლუ-არსლანი, როგორც აჯანყების მეთაური, კანონით სიკვდილს ან თვალთდაბნელებას იმსახურებდა, თამარს იგი არ დაუსჯია. თავისი ფრთხილი და შორსმჭვრეტელური მოქმედებით ღმრთივგანბრძნობილმა საჭეთმპყრობელმა მშვიდობა დაამკვიდრა. პირველ რიგში სახელმწიფო თანამდებობებზე თავისი მომხრეები დანიშნა. მწიგნობართუხუცესად არჩეულ იქმნა ანტონი – გაზრდილი მამისა მათისა, ბრძენი და გონიერი, პატრონთათვის სვიანი და ერთგული; ამირსპასალარად – სარგის მხარგრძელი – აღზრდილი ლაშქრობათა შინა ჭაბუკობითა; ჭიაბერს – გიორგი მეფის გაზრდილს და მის უერთგულეს მომხრეს _ ჩააბარა მანდატურთუხუცესობა. თამარმა დანიშნა სხუანი ხელისუფალნი… და აღავსნა ეპისკოპოზნი და საყდარნი შესაწირავითა, თავისუფალ ყვნა ეკლესიანი ხარაჯისა და ბეგარისაგან.
გამეფებისთანავე თამარის სამეფო საქმიანობის თვალსაწიერში სასულიერო ცხოვრება მოექცა. წმინდა მეფე ხედავდა, რომ მართლმადიდებლობასა ზედა შემოთესილნი თესლნი ბოროტნი ხელს უშლიდნენ ქვეყნისა და ერის ზნეობრივ წინსვლას. თამარმა, ამ მიზნით იერუსალიმიდან გამოიწვია ნიკოლოზ გულაბერისძე, რომელიც სიმდაბლისა ძალითა ეჯმნა ქართლისა კათალიკოსობისაგან და 1185 წ. მოიწვია საეკლესიო კრება, რომელზეც შეკრიბა მთელი სამეფოს მღვდელმთავარნი, მონაზონნი, მეუდაბნოენი, და მეცნიერნი სჯულისა საღმრთოსანი. სამეფო დარბაზში გამართულ კრებაზე მეფე მიბრძანდა და სიტყვა წარმოსთქვა: წმიდანო მამანო, თქვენ ღმრთისა მიერ განჩინებულ ხართ მოძღურად ჩუენდა და მმართებელად წმიდისა ეკლესიისა და თანა გაც სიტყვისა მიცემა სულთათვის ჩუენთა. გამოიძიეთ ყოველი კეთილად და დაამტკიცეთ მართალი, ხოლო განხადეთ გულარძნილი. იწყეთ ჩემ ზედა, რამეთუ შარავანდი ესე მეფობისა არს და არა ღმრთის ბრძოლობისა. ნუ თუალ-ახუამთ მთავართა სიმდიდრისათვის, ნუცა გლახაკთა უდებ-ჰყოფთ სიმცირისათვის. თქუენ სიტყვითა, ხოლო მე საქმით… ზოგად ხელი მივსცეთ დაცვად სჯულთა საღმრთოთა შეუგინებლად, რაითა არა ზოგად ვიზღვივივნედ: თქუენ ვითარცა მღდელნი, ხოლო მე ვითარცა მეფე, თქუენ ვითარცა მნენი, ხოლო მე ვითარცა ებგური. მამები აღფრთოვანდნენ გონიერი მეფის სიტყვებით, თვით მეფემ კი სამღვდელო პირთა მიმართ დედაკაცური კრძალვის გამო მიიღო კურთხევა მათგან და წარვიდა პალატად თვისად.
კრებას ვითარ პირმეტყველნი მთიებნი ღირსეულად უძღვებოდენ ნიკოლოზ გულაბერისძე და ანტონ საღირისძე. ბრძენი მეფის თანადგომით განმხნევებულმა მამებმა მრავალი უღირსი ღმრთისმსახური გადააყენა და მათ ნაცვლად საღმრთონი კაცნი დაადგინა და სხუანი საეკლესიონი წესნი განმართა უდებთა მიერ დახსნილნი კრების ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა მიქაელ მირიანისძის კათოლიკოსობიდან გადაყენება, რაც ვერ მოხერხდა.
საეკლესიო საკითხების განხილვის შემდეგ კრებამ იმსჯელა თამარის დაქორწინებაზე. თუმცა ბევრი იყო მასზე დაქორწინების მსურველი საბერძნეთიდან, ასურისტანიდან და შუამდინარეთიდან, სასულთანოებიდან და საამიროებიდან, მეფის სახლობამ და დიდებულებმა გადაწყვიტეს მიეღოთ ქართლისა და თბილისის ამირას აბულასანის მიერ წამოყენებული წინადადება და მეფისთვის ქმრად ჩამოეყვანათ რუსი უფლისწული, შემდგომში რუსეთის ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული კიევის რუსეთის დიდი მთავრის ანდრია ბოგოლიუბსკის (1110-1174) შვილი იური (იგივე გიორგი), რომელიც გაძევებული იყო სამთავროდან და იმყოფებოდა ყივჩაყეთში. თამარი არ იყო ამ ქორწინების მოწადინე, მაგრამ მისი მამიდას, რუსუდანის ხთანადგომით დაითანხმეს, სასწრაფოდ გაგზავნეს ყივჩაყეთს ერთი ვინმე დიდვაჭარი ზანქან ზორაბაბელი, რომელსაც ჩამოაყვანინეს გიორგი რუსი და ქმრად შერთეს თამარს. თუმცა პირმშვენიერი გიორგი კარგი მეომარი იყო და მისი წინამძღოლობით ქართველთა ლაშქარი მუდამ გამარჯვებული ბრუნდებოდა, საუბედუროდ, გამართლდა თამარის შორსმჭვრეტელობა: გიორგიმ გამოამჟღავნა მეტად ცუდი თვისებები, ხელი მიჰყო ლოთობასა და გარყვნილობას, _ შევიდა სატანა გულსა სუე-უბედურსა რუსისასა, სიტყუაი აღძრა წყენად თამარისა, სოდომურიცა მოიპოვა ქცევაო. ღმრთისნიერი თამარი ორი წელი ითმენდა, იძია მრავალი ღონე განკურნებისა… და პირისპირ იწყო მხილებად მისდა, მაგრამ ყოველგვარი ცდა ამაო გამოდგა. მოთმინებიდან გამოსულმა და განსაცდელსა უცხოსა ჩავარდნილმა, მოწყალისა და განურისხებლის გულის მქონე თამარმა უხმო კათალიკოსს, ეპისკოპოსს, დიდებულთ და განუცხადა გიორგის: თუმცა საღმრთო წერილით ვიცი, რომ ცოლი არ უნდა გაეყაროს ქმარს, მაგრამ შენ არცხვენ და ჰბილწავ კაცის გვამს, რომელიც არის უფლის ტაძარი, და რადგანაც მე არ შემიძლია მრუდი ხის აჩრდილის გასწორება, ამიტომ უბრალოდ განვიყრი მტვერსაცა, რომელიც აღმეკრა შენ მიერ. ამ სიტყვების შემდეგ თამარმა დაუტევა იგი. ქართველი დიდებულების ერთმა ნაწილმა გიორგი რუსის მოკვლაც კი მოინდომა, მაგრამ თამარმა აქაც ჩვეული შემწყნარებლობა გამოიჩინა და ქ. კონსტანტინეპოლს გაასახლა.
მეზობელ სახელმწიფოებში კვლავ გამოჩნდნენ თამარის ქმრობის მსურველნი. თამარს დაქორწინება აღარ სურდა, მაგრამ რაკიღა სახელმწიფოს ინტერესები მოითხოვდა, დათანხმებულა. შორეულ და უცხო ქვეყნებში უფლისწულთა ძებნის მაგიერ, დიდებულებმა არჩევანი შეაჩერეს ოსთა უფლისწულზე – დავით სოსლანზე*, რომელიც აღზრდილი იყო თამარის მამიდის – რუსუდანის კარზე. მათ შუამავლობა რუსუდანს სთხოვეს, რომელიც ღრმად იყო დარწმუნებული ოსი უფლისწულის მრავალმხრივ სიკეთეში.
[* ოსეთში ბაგრატიონთა დინასტიას საფუძველი დაუდო გიორგი I-ის ძემ, დემეტრემ. იგი დედასთან, ალდესთან (ოვსთა მეფის ასული) ერთად ანაკოფიაში ცხოვრობდა. გიორგი I-ის გარდაცვალების შემდეგ, ბაგრატ IV-სა და დემეტრეს შორის უთანხმოება ჩამოვარდა. 1032 წელს ალდე დედოფალიმა და დემეტრემ ანაკოფია ბერძნებს გადასცეს და კონსტანტინეპოლში გაიქცნენ. დემეტრემ კეისრისაგან მაგისტროსის პატივი მიიღო. ბიზანტიის კეისარი და ლიპარიტ ბაღვაში, რომლებიც ბაგრატ IV-ს ებრძოდნენ, დემეტრეს იყენებდნენ ხალხის თვალში თავიანთი მოქმედების გასამართლებლად. მათგან წაქეზებულმა დემეტრემ ორჯერ გაილაშქრა ძმის წინააღმდეგ, მაგრამ 1047 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა. დემეტრეს ანაკოფიაში დარჩა შვილი _ დავითი, რომელიც ბებია ალდესთან ერთად გაიქცა ოსეთში, სადაც ოსთა მეფის ასულზე დაქორწინდა და იწოდა ოსთა მეფედ. დავითს შეეძინა შვილი ათონი, მას შეეძინა შვილი სახელად ჯადარონი, ხოლო ჯადარონს სოსლანი, რომელსაც ქორწინების შემდეგ ეწოდა დავითიც.]
თამარი დიდ ანგარიშს უწევდა გამზრდელ მამიდას და რაკი დავითს წუნი არაფერში ედო, დათანხმდა. ქორწილი შესაფერისი გრანდიოზულობით გადაიხადეს დიდუბის სასახლეში (1189წ). ამ დროიდან დავით სოსლანი მტკიცედ ჩადგა საქართველოს სახელმწიფოს სამსახურში და ჭეშმარიტად ღირსეულ მეუღლეობას უწევდა მეფე თამარს. იგი იყო ფერნაკუთად კარგი, ბეჭ-ბრტყელი, პირად ტურფა და ტანად ზომიერი. მან დიდად გაითქვა სახელი მშვილდოსნობაში და ცხენოსნობაში, ცურვასა და ასპარეზობაში. დავითი ღრმად განათლებული კაცი იყო და ბადალი არა ჰყავდა მთელ ქვეყანაში. საკმარისია ითქვას, რომ შამქორისა და ბასიანის ბრწყინვალე გამარჯვებებში გადამწყვეტი როლი შეასრულა დავითის მხედართმთავრულმა ნიჭმა და პირადმა მამაცობამ. ქართულ ისტორიულ წყაროებში ხშირად თანაბარუფლებიან მეფეებად ჩანან თამარი და მისი მეუღლე, სინამდვილეში მხოლოდ თამარი ითვლებოდა სამეფოს საჭეთმპყრობელად, დავითი კი რჩებოდა თამარის მეუღლედ და არა სახელმწიფოს გამგებლად. 1200 წ. დათარიღებულ მონეტაზე ასოთმთავრულით დაქარაგმებულია თამარისა და დავითის სახელები, ხოლო მონეტის ზურგზე მოთავსებულია არაბული ზედ-წარწერა, რომელიც გვამცნობს: დედოფალი-დედოფალთა, შვენება ქვეყანისა და სარწმუნოებისა, თამარი ასული გიორგისა, მესიის თაყუანისმცემელი (თამარის წინაპრების მონეტაზე ეწერა: მესიის მახვილი). თავისი შთამომავლობის აღსანიშნავად ლაშა-გიორგი და რუსუდანი მონეტაზე ახსენებენ დედის სახელს: მეფეთა-მეფე გიორგი, ძე თამარისა, და დედოფალი დედოფალთა, რუსუდან, ასული თამარისა.
თამარ მეფე ღმრთისმოსავობითაც გამორჩეული იყო და ქვეყნის წარმატებების შესაბამისად შეუმატებდა ღმრთისმსახურებასა და ეკლესია-მონასტერთა კაზმასა და შენებასა (ფიტარეთი, ქვაბთახევი, ბეთანია…). იგი ციხე-კოშკებს და ეკლესიებს აგებდა არა მარტო წმინდა ადგილებში, არამედ მის მიერ შემოერთებულ და ყმადნაფიც ქვეყნებშიც (ჩრდილო კავკასიაში, დღევანდელ აზერბაიჯანსა და სომხეთში) და ღირსეული წინაპრების მსგავსად, დიდ დახმარებას უწევდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ არსებულ ეკლესია – მონასტრებს, განსაკუთრებით კი იერუსალიმის სავანეებს. მან უხვი მოწყალებით აავსო ელადის, მთაწმინდის, მაკედონიის, თრაკიის, კონსტანტინეპოლის, შავი მთის, კვიპროსისა და ქართველთა სხვა სავანეები, ხოლო საქართველოსა მცირითგან მონასტრით საყდარ-ეკლესიანი არა დაუტევა, რომელ არა წყალობითა აღავსო. იგი მუდამდღე შეუსვენებლად იღვწოდა, არცა თვითონ უქმობდა და არცა თვისთა ყრმათა აუქმებდა. წინა აზიის ქვეყნებისკენ მიმავალ მაგისტრალურ გზაზე აშენებული დიდებული ციხე-ქალაქი ვარძია* საქართველოს ძლიერებისა და თამარის მაღალი სულიერების უტყუარი მოწმეა.
(ვარძიის მონასტერში ატარებდა დიდმარხვას თამარი, 1551 წ. ვარძიის მონასტერი შაჰ-თამაზის ბრძანებით სპარსელებმა დაარბიეს და ვარძიის ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი სხვა განძთან და სიწმინდეებთან ერთად გაიტაცეს, მას შემდეგ ვარძიამ აღორძინება ვეღარ შეძლო).
მზეებრ უხვი თამარი უშურველად გასცემდა საბოძვარს, თვითონ კი სჯერდებოდა თავის ძველ მამულს, რადგან შორად განიოტა წურბელის მსგავსი ვერმაძღრისობაი. აურაცხელ სიმდიდრესა და დიდებაში მყოფს, ქვედამზიდელმა საწუთრომ ვერანაირი ბიწი ვერ მოსცხო, თავი ისე ეჭირა, თითქოს არაფრის მქონებელი იყო და ყოველთა კაცთა უგლახაკეს შეერაცხა თავი თვისი. თავის დიდ პაპასავით ეკლესიებთან სამზრუნველონი დაარსა და დაუძლურებულთ, სნეულთ და გლახაკთ თვითონ აკითხავდა ნუგეშისცემად და თვით განუმზადებდა ცხედართა და სარეცელთა. აი რას ამბობს ეპისკოპოსი ლეონიდე (ოქროპირიძე) მან მოსთხოვა მოხელეებს, რომ ხალხს ამიერიდან მოპყრობოდნენ სისწორით, მიუდგომლობით, გულახდილობით, მართლმსაჯულებით; ვალად დაუდგინა, რომ სულ მდაბალი და უმნიშვნელო პირიც კი არ გაეხადათ მსხვერპლად უსამართლო ძალმომრეობისა. მეფე დიდად ზრუნავდა გაჭირვებულებზე და ქვრივ-ობლებზე. მე ვარ მამაი ობოლთა და მსაჯული ქურივთაო – ამბობდა ღიმილით. გლახაკთათვის ქველმოქმედების გაცემის საქმე ქვეყანაში საგანგებოდ იყო ორგანიზებული. სახელმწიფოს შემოსავლის ათი პროცენტი, სანდო ზედამხედველების საშუალებით ღარიბ-ღატაკებს და ქვრივ-ობლებს ეძლეოდათ. ყოვლისა ნაათალი გლახაკთა მიეცემოდა დაუკლებლად ერთისა ქრთილისა მარცვლამდეცა. ხალხი ბედნიერი იყო და იშუებდეს და იხარებდეს, ხოლო ღმრთისნიერი მეფე შეიწყალებდა და სამართალსა ჰფენდა მათ. თამარს თავის მოსასვენებლის მახლობლად დაბინავებული ჰყოლია ხუცესები და მონაზვნები, რომელთაც თვითონ პატრონობდა და აძლევდა ყოველივე მოსახმარს, ხოლო უძლურებთან თვითონვე მიდიოდა მოსახილველად და ნუგეშის საცემად, თვითონვე უგებდა ლოგინს და უმზადებდა საწოლს. იგი ჭეშმარიტი პატრონი იყო თავისი ქვეყანისა და ხალხისა. სიბრძნისა და სათნოების საუნჯე, როგორც უწოდებდნენ თამარს თანამედროვენი, მზე იგი მზეთაი და ნათელი ნათელთაი, ელვარებაი და მზეებრ მაშუქებელი სხივთა. ღმრთივკურთხეული თამარი, დროს როგორც კი იპოვიდა, ართავდა, ქსოვდა, კერავდა და თავის ნახელავს ბერ-მონაზვნებსა და გლახაკებს ურიგებდა. ერთხელ შრომით დამაშვრალს მიერულა და საღმრთო განგებით საოცარი ჩვენება იხილა. სამყოფელი, სადაც თამარი შეიყვანეს, სახილველად მეტად ტურფა ადგილი იყო, ყვავილებითა და სხვადასხვა მცენარეებით განშვენებული. ამ სამოთხის ბაღში იყო საყდრები, რომელთა სარკმლები შემკული იყო ვერცხლითა და ოქროთი, იქვე მოჩანდა ფერადი საკარცხლურები, ხოლო მაღლობზე იდგა ოქროთი და თვალ-მარგალიტით განშვენებული ტახტი. თამარმა იფიქრა, რომ რადგანაც მეფე იყო, ტახტი მას ეკუთვნოდა და მისკენ გაეშურა, მაგრამ მას წინ გადაუდგა ნათლით შემოსილი კაცი და უთხრა: შენი არ არის ეს დასაჯდომელიო. ჩემზე უპირატესი ვინ არისო, გაიკვირვა თამარმა. ეს ტახტი ეკუთვნის შენს მხევალს, რადგან იგი უზეშთაეს შენსა არს. დაღაცათუ შენ მეფე ხარ, კმა არს შენდა დიდებაი ესე, დაღათუ შენი აქავე არს და უჩვენა უდარესი და უუნდოესი ადგილი. თამარმა გამოჰკითხა თავისი მხევალი და აღმოჩნდა, რომ მას თორმეტი მღვდელი თავისი ხელით შეემოსა. თამარმაც აღარ დაახანა და თვითონაც შეკერა თორმეტი მღვდლისთვის შესამოსელი.
წმინდა მეფემ სამეფო კარისთვის აუცილებელი წესი დაადგინა: თვითონაც პალესტინის მონასტერთა ტიპიკონით ლოცულობდა და სხვებისგანაც იმავეს მოითხოვდა.. დარბაზის კარს მყოფი წირვად ვერავინ დააკლდებოდა: მწუხრი, დილეულ, სამხრი, ვითარცა თქმულ არს. ღმრთივგანბრძნობილმა მეფემ სასტიკად აკრძალა სიკვდილით დასჯა და სხეულის დასახიჩრება, მიუხედავად ამისა მის სამფლობელოში აღარავინ მტაცებლობდა და აღარც მეკობრეობდა.
ერთხელ თამარი სადღესასწაულო წირვაზე აპირებდა წასვლას გელათში და სამეფო შემოსაკრავზე ლალებს იმაგრებდა, როცა მოახსენეს, რომ მათხოვარი მოწყალებას ითხოვდა. მან ბრძანა, რომ დალოდებოდა, და პალატიდან გასულმა დედაკაცი როდესაც ვეღარ იპოვა, შეცბუნებული საკუთარ თავს საყვედურობდა, რომ ამ ღარიბის სახით უარი უთხრა თვით იესო ქრისტეს. მოიხსნა სამეფო შესაკრავი და ხახულის ღმრთისმშობლის ხატს შესწირა.
თამარის სათნო, ლმობიერი ბუნება თურმე მხეცსაც კი ათვინიერებდა. შარვანის შაჰს თამარისათვის გამოუგზავნია ლომის ბოკვერი. ბოკვერი გაიზარდა და ესოდენ დიდი და საზარელი შეიქმნა, რომ არც ველური და არც შინაური უნახავთ მისი მსგავსი. მას ისეთი სიყვარული ჰქონია თამარ ღმრთივგანათლებულისა, რომ ჯაჭვითაც კი ვერ იჭერდნენ, ვიდრე უბეში არ ჩაუდებდა თავს, ხოლო როცა მოაცილებდნენ და ისევ დააბამდნენ, წყაროს მსგავსი ცრემლნი გარდამოსთხივნის თუალთაგან, რომელნიც დაალტობდის მიწასა.
კონსტანტინეპოლში გაძევებულმა იური (გიორგი) რუსმა, ზოგიერთ ქართველ დიდებულთა დახმარებით, ორჯერ, 1191 და 1193 წლებში სცადა საქართველოში დაბრუნება და გამეფება, მაგრამ სასტიკად დამარცხდა და კვლავ ბიზანტიაში გადაიხვეწა.
1192 წელს თამარს და დავითს ტაბახმელას შეეძინათ ვაჟი, ყოვლითურთ მსგავსი პაპისა და დაარქვეს სახელი გიორგი. ყრმა უფლისწულს მეტსახელად ლაშასაც უწოდებდნენ, რაც სოფლის მანათობელს ნიშნავს. ამ ამბავს სიხარულით შეეგება მთელი ქვეყანა, გაიცა დიდძალი მოწყალება, გაათავისუფლეს ტყვეები, შესაწირავი მიეცა ეკლესია-მონასტრებს. თამარს ვაჟის დაბადება აღუნიშნავს შესაწირავით. შეუმკია გელათში დასვენებული ხახულის ღმრთისმშობელი და ნიშნად მვედრებლობისა, დაუწერია იამბიკო (ურითმო თეთრი ლექსი), რომელიც ამოუქანდაკებიათ ხახულის ხატზედვე.
ქართველებმა გიორგი-ლაშას ბედსა და სუესა ზედა დალაშქრეს დიდი და ძველი ქალაქი ბარდავი, ხოლო თამარისა და მისი ძის დღეგრძელობისათვის ტყვეები გაანთავისუფლეს, აურაცხელი საუნჯე კი თან წამოიღეს. ამ ბრძოლიდან ერთი თვეც არ გასულა, რომ ქართველებმა გაილაშქრეს არზრუმს კარსა კარნუქალაქისასა და მტერი დაამარცხეს. ამ ლაშქრობიდან მცირე შესვენების შემდეგ ქართველთა ლაშქარი გელაქუნისკენ გაემართა. მოარბიეს არეზის მხარე და ამოიარეს კარი განძისა. აქ განძელებთან ბრძოლა მოუხდათ. განძელები გაიქცნენ და შეიხუეწნეს ქალაქად. უკან გამობრუნებულ ქართველებს გზად გადაეყარენ მეკობრობად და მზერად ქარავნისა წამოსული მტრის მოლაშქრეები: დვინელნი, ბიჯნელნი და ამბერდელნი, სასტიკად დაამარცხეს და გამარჯვებულები, დიდი ალაფით დაბრუნდნენ. შემდეგი ლაშქრობით ივანე მსახურთუხუცესის თაოსნობით გელაქუნის (სევანის ტბის) გარშემო ქვეყნები დამორჩილდნენ საქართველოს.
1194 წელს თამარს და დავითს ასული, რუსუდანი შეეძინათ. წმინდა თამარი ყოველმხრივ ცდილობდა, რომ მამის, გიორგი III-ისა და დიდი პაპის, დავით IV-ის პოლიტიკური კურსი განეგრძო, როგორც საშინაო, ისე საგარეო საქმეებში. ძლიერი და მოქნილი სამხედრო ორგანიზაციის საშუალებით ქართველთა ლაშქარი თურქ-სელჩუკ დამპყრობლებს არა მარტო უმკლავდებოდა, არამედ შეტევაზეც გადადიოდა. საქართველოს სახელმწიფოს აქტიურმა პოლიტიკამ მოწინააღმდეგე აიძულა ეცნო ქართველების ძლიერება და შარვან-რანიდან თვით ბასიან-სპერამდე ქალაქები და ყიშლაღ-იალაღები მათთვის დაეთმო. ამ მდგომარეობამ უკიდურესად შევიწროვებული თურქები აიძულა გაერთიანებასა და კოალიციურ ლაშქრობაზე ეფიქრათ. მათ ბაღდადის ხალიფას მიმართეს და განზრახული ლაშქრობის მოწყობაში დახმარება სთხოვეს. ბაღდადის ხალიფა აღმოსავლეთის მუსლიმური რელიგიის მეთაურად თვლიდა თავს და ქრისტიანების წინააღმდეგ მართლმორწმუნეთა დასაცავად ყოველთვის მზად იყო. ხალიფამ დიდი ფული გამოჰყო ლაშქრობის მოსაწყობად და მუსლიმური ქვეყნების მფლობელებს უბრძანა საომრად მომზადებულიყვნენ, ხოლო ძლევამოსილების სიმბოლოდ წარმოუგზავნა ხალიფას დროშა. უშუალოდ ბრძოლის საბაბი გახდა 1195 წელს ათაბაგ აბუბაქრის მიერ საქართველოს ქვეშევრდომი ქვეყნის – შირვანის დაპყრობა. შირვანშაჰი აღსართანი და მისი სიძე, ათაბაგ აბუბაქრის ძმა ამირ-მირმანი ვერ გაუმკლავდნენ მტერს. ამას მიწისძვრაც თან დაერთო, რომლის დროსაც დაიღუპნენ შირვანშას ცოლი და შვილები. შირვანი XII ს-ის პირველი მეოთხედიდან საქართველოს ყმადნაფიცი იყო და გარკვეული ვალდებულებებიც ჰქონდა მის მიმართ. შირვანშამ მოციქულის ხელით დიდძალი ძღვენი გამოუგზავნა საქართველოს მეფეს და დახმარება სთხოვა. თამარმა ანტონ ჭყონდიდელს უბრძანა სასწრაფოდ ქუდზე კაცის შეკრება, და ეკლესია-მონასტრებში ღამისთევების და ლიტანიობის შეუჩერებლივ აღსრულება. ამავე დროს წარგზავნა დიდ-ძალი შესაწირავი გლახაკებისთვის, რათა მათ მოიცალონ ლოცვად და მოწყალე-ყონ ღმერთი, ნუ სადა სთქუან წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი. საქართველოს სამეფო კარის მოქმედებით გამხნევებული აღსართანი და ამირ-მირმანი დიდი პატივით მიიღეს აგარის სასახლეში. გაიმართა დარბაზობა, შემდეგ ნადიმი, ქართველები თან საბრძოლველად ემზადებოდნენ. ათ დღეში მოფრინდა ყოველი მხედარი, იმერით და ამერით. დიდძალი ლაშქარი შეიყარა. ბრძოლის წინ თამარმა გაამხნევა, დალოცა და უფალს შეავედრა ქრისტესთვის თავდადებული მხედრობა, წარუძღუანა ძელი ცხოვრებისა და თანა წარატანა ანტონი ჭყონდიდელი. ლაშქარს დავით სოსლანი სარდლობდა, შემყრელი დროშისა სვიანად მოხმარებულისა, ბაგრატოანურისა და უფროისღა გორგასლიანურისა. თამარი თბილისში დაბრუნდა, შიშველითა ფერხითა მიიწია ტაძარსა ღმრთისმშობლისასა მეტეხთა და წინაშე ხატსა მას წმიდასა მდებარე არა დასცხრებოდა ცრემლითა ვედრებად, ვიდრემდის სრულყო ღმერთმან სათხოვარი მისი. უფალმაც მოწყალე თვალით გადმოხედა ღმრთისმოყვარე მეფეს და ღმრთისმშობლის წილხვედრ საქართველოს.
აბუბაქარი თავისი მრავალრიცხოვანი მოლაშქრეებით შამქორში გამაგრდა (ისტორიული ციხე-ქალაქი შამქორი, განსხვავებით ამჟამინდელი აზერბაიჯანის ქ. შამქორისაგან, მდებარეობდა მდ, შამქორჩაის მარცხენა ნაპირზე, სპარსეთის ირანის პროვინციაში. ამჯამად შემორჩენილია მხოლოდ ციხე-სიმაგრის ნანგრევები). ურჯულოები ბევრად აღემატებოდნენ ქართველთა ლაშქარს, ვინაიდან მის შემადგენლობაში შედიოდნენ ბაღდადელთა და მოსულთა, ავარიელთა და ერაყელთა, ადარბადაგანელთა და ერანელთა და სხვათა მრავალთა წარმომადგენლები, ამიტომაც მტერი დაიმედებული იყო თავისი სიმრავლით, და ამასთანავე მინდობილი იყო შამქორის ციხესიმაგრის სიძლიერესა და მასთან მისასვლელი ხევის გაუვლელობაზე. მტრის ლაშქარს დაკავებული ჰქონდა ტერიტორია შამქორიდან განძამდე. დავით მეფეს მთავარი ძალების დარტყმის ობიექტად შამქორი შეურჩევია. ბრძოლის წინ თაყვანი-სცეს ქრისტეს და მოიგონეს სიმხნე მამა-პაპათა – ვახტანგ გორგასალისა და დავით აღმაშენებელისა. ქართველებმა ჰკრეს სპერმურთა, შემოჰკრეს ზარი და ლაშქარი ისე განაწყვეს, რომ მარჯვენა ფრთა მთას მიებჯინა, მარცხენა კი მტკვრამდე მივიდა. მოიერიშე ლაშქარი ორად გაიყო. მეფე დავითმა ერთი ნაწილით მარჯვნივ მოიტოვა შამქორი და მოსწრაფე იქმნა განსლვად წყლისა შანქორისასა კერძოსა. ლაშქრის მეორე, მცირე ნაწილს მტერზე მიუტანია იერიში. როგორც ჩანს დავითს მიზანშეწონილად მიუჩნევია, რომ მდინარის გადალახვის შემდეგ, მთავარი ძალებით ციხე-სიმაგრეში ზურგიდან შეჭრილიყო, შამქორ-განძის გზები გადაეჭრა, მტრის რაზმები გაენადგურებინა და უკან დასდევნებოდა განძისაკენ უკუქცეულ დეზორგანიზებულ ჯარებს. ცუდი გზების გამო მისი რაზმი დაყოვნდა, მაგრამ მხარგრძელებმა მოახერხეს მეფის მოსვლამდე გამაგრება. რის შემდეგაც არსებითად შეიცვალა ბრძოლის მიმდინარეობა. გორგასლიანური დროშით მოსული ქართული ლაშქარი შეძახილით – აჰა, ჩუენცა ხელნი ხრმლად და სული ღმრთად მედგრად ეკვეთა მტერს და გააქცია, ხოლო დავით მეფე იქცეოდა მსგავსად აქილევსისა. შამქორთან ბრძოლის პირველ დღეს (2/VI) გაქცეულ მტერზე გადევნებულ ქართველებს განძამდე ვერ მიუღწევიათ. მათ აურაცხელი ტყვე ჩაუგდიათ ხელთ, რომელთა შორის ყოფილან დიდებულები, ხელმწიფენი, აზნაურნი, ამირანი. მხოლოდ აბუბექრ ათაბაგს მოუხერხებია გაქცევა ერთ მონასთან ერთად. ქართველებმა დალაშქრეს სამი ქალაქი: ერთი ათაბაგისა, ერთი მისი ძისა და ერთიც სათმაზ ეზდინის ძისა და ურიცხვი ალაფი მოიპოვეს. მათ შორის იყო ხალიფას მიერ გამარჯვების სიმბოლოდ წარმოგზავნილი დროშა, რომელიც შალვა ახალციხელმა იგდო ხელთ. მოლაშქრეებმა ღამე შამქორის მიდამოებში გაათიეს. მედრესეთა მაგიერ სახელდახელოდ ეკლესიები აღმართეს და უფალს ლოცვა შესწირეს. 1195 წლის 3 ივნისს შამქორელებმა მორჩილება გამოუცხადეს დავითს და ქალაქის კლიტენი მოართვეს. დავით სოსლანმა შამქორი აიღო, ამირ-მირმანს უბოძა და განძისაკენ გაემართა. განძელი დიდებულები და დიდვაჭრები წინ შემოეგებნენ, თავი შეავედრეს და ქალაქი უბრძოლველად დაუთმეს. დამხვდურებს სულთნის სასახლემდე სტავრა დაუფენიათ და ისე შესძღოლიან მეფეს და მის მხედრიონს განძაში. ოქრო-ვერცხლი და დრამა-დრაჰკანიც უხვად გაუღიათ. დავითი სასახლეში შევიდა და სულთნის ტახტზე დაბრძანდა. შეიქმნა პურობა და ნადიმობა. საქართველოს ლაშქარი რამდენიმე დღე განძის მიდამოებში ისვენებდა.
მანდარტურთუხუცეი ჭიაბერს გამარჯვების ამბავი უცნობებია ტაბახმელას მყოფი მეფისთვის და მასაც უფლისთვის მადლობა შეუწირავს. ცოტა ხანში მხედრობაც მოვიდა დავით მეფის წინამძღოლობით და თამარს მოართვეს განძი აურაცხელი, მრავალი ტყვე და ნატყვენავი (12 ათასი ტყვე, 40 ავაზა, 20 000 ცხენი, 7 000 ჯორი, 15 000 აქლემი), ხოლო შალვა ახალციხელმა მოართვა მოწინააღმდეგის უძლეველობის ნიშნად გამოგზავნილი, ხოლო აწ უკვე ქართველთა ძლევამოსილების სიმბოლოდ ქცეული მთავარი ნადავლი დროშა იგი ხალიფასი, რომლის თავზე მყოფ სფეროში იდო ათასი ოქრო ხალიფური. თამარმა დროშა მადლობის ნიშნად მისივე მომპოვებლის, წმ. შალვა ახალციხელის (ხს. 17/ VI)ხელით გელათის მონასტერში დაბრძანებულ ხახულის ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედ ხატს შეწირა. ამავე დროს თამარმა უხვად დაასაჩუქრა გულადი მეომრები და ლაშქარიც დაითხოვა. დაიტოვა მხოლოდ მცირე რაოდენობის მოლაშქრენი, რომლებიც ტყვეებსა და ალაფს უდგნენ დარაჯად. ამ გამარჯვების აღსანიშნავად და ხახულის ღმრთისმშობლისათვის დროშისა და სხვა საჩუქრების გადაცემასთან დაკავშირებით მეფემ ლექსი – იამბიკოც დაწერა.
შამქორის გამარჯვებამ ნათელი გახადა საქართველოს სამხედრო ძალის უპირატესობა მთელს მახლობელ აღმოსავლეთში. ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტი გაიზარდა, კიდევ უფრო განმტკიცდა საქართველოს გავლენა ჩრდილო კავკასიის ხალხებზეც. მაგრამ სამეფო კარი იძულებული გახდა აღმოსავლეთში ბრძოლა კვლავ გაეგრძელებინა, რადგან ნახჭევანში გადახვეწილი აბუბაქარი არ ისვენებდა. მან მოახერხა და მოსყიდულ პირებს ძმა, ამირ-მირმანი მოაწამვლინა. როგორც კი დავით სოსლანმა ამირ-მირმანის ავადმყოფობა შეიტყო, უმალ შამქორისკენ გაემგზავრა, მაგრამ ცოცხალს ვერ მიუსწრო, თამარი კი შავით შეიმოსა და დაიტირა. დავითმა აბუბაქარის დასასჯელად სამზადისი დაიწყო. ცოტა ხანში დავითის მეთაურობით ჯარის ერთი ნაწილი განძისკენ გაემართა, ხოლო მეორე ნაწილი თამარს გაჰყვა და დვინამდე ჩავიდა, რომელიც აბუბაქარს ეკუთვნოდა. ქართველებმა დაიკავეს დვინიც და განძაც, და დიდძალი ალაფითა და ტყვეებით დაბრუნდნენ უკან. ამის შემდეგ დასავლეთ საქართველოსაც მიხედეს, რადგან არტაანის მხარეში ზოგიერთ ქართულ სამფლობელოს თურქები დაპატრონებოდენ. მეფემ მარბიელი ლაშქარი შეუსია თურქთა სამფლობელოს და მტერი ბასიანამდე განდევნა. თურქი მმართველები თამარის სიძლიერეს აღიარებდნენ, მის ყმადნაფიცობას ამჯობინებდნენ და ყოველწლიური ხარკის გადახდით მშვიდობის მოპოვებას ცდილობდნენ.
თურქული სამყაროსათვის საქართველოს სამხედრო და პოლიტიკური წარმატებები შემაშფოთებელი იყო. შიში და ზარი მეფისა (თამარისა) იყო ყოველთა სულტანთა ზედა. უმაღლეს და უდიდეს იყო სხუათა ყოველთა სულტანთა რუმის სულთანი რუქნადინი. აღმოსავლური წყაროს ცნობით, მცირე აზიის სელჩუკთა ძლიერებას საზღვარი არ ჰქონდა და რუქნადინის სულტნობით ქვეყნად დიდებული ხანა დაიწყო. ამიტომაც საქართველოს ზეაღმავალი ძლიერების შესაფერხებლად მომზადდა ახალი ლაშქრობა, რომლის მოთავეც მცირე აზიის ყველაზე დიდი თურქული სახელმწიფო, რუმის სასულთანო იყო. მისი სულთანი რუქნადინი, როგორც ჩანს, განსაკუთრებით შეაწუხა კარის აღების შემდეგ ივანე ახალციხელის აქტიურმა მოქმედებამ, რომელმაც წარუღო თურქთა გარეშემონი ქუეყანანი. და აი, რუქნადინი სათავეში უდგება საქართველოს წინააღმდეგ თურქ-სელჩუკთა შეერთებული ლაშქრობის მოწყობას. მან შეკრიბა თავისი ოთხასი ათასი მოლაშქრე (ბასილი ეზოსმოძღვრის მიხედვით რვაასი ათასი), გახსნა მამაპაპური საუნჯენი, გამოყარნა ოქრო აურაცხელნი და წარგზავნიდა ოქროთა შეკრებისათვის მხედრობისა. მისი წარგზავნილი მალემსრბოლები ყოველი მიმართულებით გაემართნენ და არა დაუტევა თვინიერ დედაკაცისა სოფელსა შინა მათთა, არამედ ყოველნი აამხედრა. რუქნადინის ლაშქარში შესულან მოლაშქრეები დამასკოდან და ალეპოს ამოღმა, ხოლო ეზინკელნი, ხალფერდელნი და კარნუქალაქელნი ძალით გამოუყვანია. იმის გამო, რომ არზრუმის ამირას სალდუხის ძეს უარი განუცხადებია ლაშქრობაში მონაწილეობაზე, იგი რუქნადინს გადაუყენებია და მის ნაცვლად ამირად საკუთარი ძმა დაუნიშნავს. რუქნადინმა ლაშქარი ერზიჯანში (ერზინკის სასულთანო) შეკრიბა, საგანგებოდ მოაწესრიგა, საომარი მანქანებით შეაიარაღა და თამარს მოციქულის ხელით კადნიერი წერილი გაუგზავნა, რომელშიც ეწერა: მე, რუქნადინი, ყოველთა ცის ქვეშე მყოფთა სულთანი, კაცი ანგელოზს მიმსგავსებული და მოვლენილი მაჰმადისაგან გეუბნები შენ, ქართველთა მეფეს, თამარს, რომ ყოველი დედაკაცი რეგვენია. შენ გიბრძანებია, რომ ქართველებმა ხელთ ხმალი აიღონ და ღმრთის საყვარელი ისლამის ერი, მუსულმანები დახოცონ, ხოლო თავისუფალ ერს კი ხარკი დაუწესონ და ყმად გაგიხადონ. ამიტომ მე მოვდივარ, რომ სამართალი აღვადგინო და შენცა და შენს ერსაც შეგასმინოთ, რომ ხმლის ხელში აღება აღარ გაბედოთ, რომელიც მხოლოდ ჩვენთვის მოუცია ღმერთსა. ეხლა კი ვგზავნი ჩემს მხედრობას, რათა ამოვწყვიტო შენი ქვეყნის ყოველი მამაკაცი, სიცოცხლეს კი მხოლოდ იმას ვაჩუქებ, ვინც წინ მომეგებება, თაყვანსა სცემს ჩემს ჩადრს (კარავი), აღიარებს მუჰამედ მოციქულს, უარჰყოფს შენს რჯულსა და თავის ხელით დალეწავს იმ ჯვარს, რომლის დიდი იმედი და სასოებაც ტყუილად გაქვთ ქრისტიანებს. ეხლა კი მოელოდე ჩემგან იმის სამაგიეროს, რაც შენ სპარსელებს შეამთხვიეო. რუქნადინის ელჩს წერილის გადაცემის შემდეგ, მეფისთვის არასაკადრებელი სიტყვებიც უკადრებია: უკეთუ მეფემან თქუენმან დაუტეოს სჯული, იპყრას სულტანმან ცოლად; და უკეთუ არა დაუტეოს სჯული, იყოს ხარჭად სულტნისა-ო. ამ ამპარტავნული სიტყვების მოსმენის შემდეგ, ზაქარია მხარგრძელმა ისე ძლიერ უხეთქა ხელითა პირსა, რომ რუქნადინის ელჩი მკვდარივით დაეცა ძირს, ხოლო, როდესაც მოასულიერეს და ფეხზე წამოაყენეს, ზაქარიამ მიმართა: თუ მოციქული არა იყავ, პირველად ენისა აღმოკუეთა იყო შენი სამართალი და მერმეღა თავისა, კადნიერად კადრებისათვის. სულთნის ელჩი პასუხის მოლოდინში საქართველოს სამეფო კარზე კარგა ხანს გააჩერეს. პასუხი კი განზრახ აგვიანებდა. ყოველ ტაძარსა და მონასტერს დაევალა ლიტანიობა და უფლისა მიმართ ვედრება. ამასობაში თამარმა ლაშქრის სწრაფად შეყრა ბრძანა. მოუწოდა კაცთა, იმერთა და ამერთა, ნიკოფსიიდან დარუბანდამდის, და როდესაც ქუდზე კაცი შეიკრიბა, აღარ დააყოვნეს და ვარძიას მიაშურეს. ვარძიის მონასტერში დაბრძანებული იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი. სწორედ მას მიეახლა და ცრემლთა ღვრით შეავედრა დავით სოსლანი თავისი მოლაშქრეებით. შემდეგ კი ბასიანისკენ მიმავალ ლაშქარს ფეხშიშველი წარუძღვა წინ და ყარსამდე მიაცილა ლაშქარი. როცა დაბანაკდნენ, შემაღლებულ ადგილზე ავიდა, საიდანაც ყველას ხედავდა და მუხლებზე დამხობილი დიდხანს ტიროდა წინაშე ღმრთისა. ხოლო როდესაც ადგა, ის ადგილი ცრემლით იყო დალტობილი. შემდეგ ყველა წარჩინებულმა და ერისთავმა, დავით სოსლანის მთავარსარდლობით, თაყვანი სცა წმიდა ჯვარს და ხელზე ემთხვია თამარს, რომელსაც ჯვრის ცალი მხარე ეპყრა, ხოლო მეორე მხარე ხელთ ეპყრა ბასილი ეზოთმოძღვარს. თამარმა ჯარი დალოცა და თან რუქნადინის ელჩიც გააყოლა, თვითონ კი ოძრხეს (აბასთუმანი) შემობრუნდა და მოიცალა ლოცვად და მარხუად, მასთან იმყოფებოდნენ ქართლის კათალიკოსი თევდორე, იოანე შავთელი კაცი ფილოსოფოსი და რიტორი, ყოვლად განთქმული და საკვირველი მოღუაწებათა შინა და ლექსთა გამომთქუმელი (ხს. 1/IV), და წმინდა ევლოგი სალოსი (ხს. 1/IV), რომელსაც ზეგარდამო ხილვით წინასწარ ეუწყა ქართველთა გამარჯვება.
ქართველებს წინამძღოლობდნენ ამირსპასალარი ზაქარია მხარგრძელი, შალვა და ივანე ახალციხელები და სხუანი თორელნი. ქართველები მივიდნენ ქუეყანად ბასიანისა. [ბასიანი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი იყო. მისი მიდამოებიდან იღებდა სათავეს ჭოროხის ხეობა (თორთუმი, ართვინი – აჭარა), მტკვრის ხეობა (ოლთისი, არტაანი, ახალციხე) და არაქსის ხეობა (ყარსი – ანისი)]. ბასიანში, ადგილსა ბოლოსციხედ წოდებულსა, იყო დაბანაკებული რუქნადინი. მის ლაშქარს ხელსაყრელი პოზიციები ეკავა და ვერ წარმოედგინა, რომ ქართველები დატოვებდნენ მთებსა და ხეობებს და მასთან პირისპირ შესაბრძოლებლად გავიდოდნენ.
როგორც სხვადასხვა წყაროები ადასტურებს, ბასიანის ბრძოლა 1204 წელს მომხდარა. ქართველთა ლაშქარი ერთი დღის სავალზე მიუახლოვდა მტერს და მხოლოდ მაშინ გაუშვეს დიდად დასაჩუქრებული ელჩი და რუქნადინთან შემდეგი შინაარსის წერილიც გაატანეს. ძალსა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისასა მინდობილმან და მარადის ქალწულისა მარიამისა მვედრებელმან და პატიოსნისა ჯუარისა სასოებით მოსავმან წავიკითხე ღმრთის განმარისხებელი წიგნი შენი, რუქნადინო, და ვცან სიცრუვენი შენი, რომელთა ბჭე ღმერთი იყოს. შენ ოქროთი შეკრებილ მევირეთა სიმრავლეზე ხარ მინდობილი, ხოლო მე სიმდიდრისა და ლაშქრის სიმრავლის იმედი კი არა მაქვს, არამედ ღმრთის ძალისა და წმინდა ჯვრისა, რომელიც შენ დაჰგმე. აწ წარმომივლინებია ყოველი მხედრობაი ჩემი წინამოგებებად შენდა. იყავნ ნებაი ღმრთისა, ნუ შენი, სამართალი მისა, ნუ შენი. რუქნადინს როდესაც წერილი მიუვიდა, მას აღარაფრის შეცვლა შეეძლო. ქართველთა მოულოდნელმა თავდასხმამ მტრის ლაშქარში არეულობა და პანიკა შეიტანა. დააგდეს სადგომი მათი, და სიმაგრეთა მიმართეს, რამეთუ მიავლინა მათ ზედა ღმერთმან შიში დიდი. ქართველები დაედევნენ, და იქმნა ომი ფიცხელი და ძლიერი, რომელიც დიდხანს გაგრძელებულა. დანაკარგი ორივე მხარეს დიდი იყო, მაგრამ უმეტეს სულტნისა სპანი მოისრვოდეს. ხანგრძლივ ბრძოლაში ცხენები მოუკლეს ივანე მხარგრძელს, ზაქარია გაგელს, შალვა და ივანე ახალციხელებს და სხუა მრავალთა თავადთა. ვიდრე ქართველები შეიტყობდნენ, რომ მათი სარდლები ცოცხლები იყვნენ, შეშინებულან, რითაც მტერმა ისარგებლა და კნინღა სივლტოლად მიდრიკნეს ქართველნი. მაგრამ დაბნეულობას მალე გაუვლია და როგორც კი იხილეს მოლაშქრეებმა ქვეითად მებრძოლი თვის-თვისნი პატრონნი, ყველანი ჩამოქვეითდნენ და მებრძოლ დიდებულებთან ერთად ეკვეთნენ მტერს. ამის მხილველმა დავით სოსლანმა ფრიად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. მან თურქ-სელჩუკთა პირისპირ ჩამოქვეითებული რაზმები დატოვა, ხოლო ცხენოსანი მოლაშქრეები კი მტრის ფრთებზე გადააჯგუფა. მარცხენა ფრთას თვითონ ჩაუდგა სათავეში, მარჯვენა ფრთაზე კი ზაქარია მხარგრძელი განაწესა. მათ ერთდროულად შეუტიეს მტრის ფრთებს, და ვითარ მგელნი ცხოვართა, ეგრეთ შეუცვივდეს ურიცხვთა მათ სპათა სულტანისათა. დავითის მიერ ბრძნულად დასახულ გეგმას დიდი წარმატება ხვდა წილად. მტრის მრავალრიცხოვანი ლაშქარი განსქდა და ძლეული დაიფანტა. ამ ვითარებით ისარგებლეს ქვეითად მებრძოლმა ქართველებმა, აღსხდეს ჰუნეთა და დაედევნენ გაქცეულ მტერს. დაღამებამდე სდიეს თურქებს, ჰხოცდეს, ჩამოჰყრიდეს და იპყრობდეს. ქართველებმა რუქნადინის მოკავშირე სულთნებიც დაატყვევეს და ლაშქრის დროშაც ხელთ იგდეს. როცა გამარჯვების სასწორი საბოლოოდ მათკენ გადაიხარა და მტერი საბოლოოდ განადგურდა, მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგნენ მტრის ბანაკში არსებული სიმდიდრის აღრიცხვა-დაპატრონებას. რუქნადინმა და მუღის ედდინმა მოლაშქრეთა ერთი ნაწილითურთ არზრუმში გაქცევა მოახერხა, შემდეგ კი რუმის გზით იკონიაში გაემართა. ის საქართველოში მეორე ლაშქრობის მოწყობას ფიქრობდა, მაგრამ ავად გახდა და 1204 წელს რევანშზე ოცნება საფლავში ჩაიყოლა.
გამარჯვებული ქართველები დავით სოსლანის მეთაურობით იმავე გზით დაბრუნდნენ, რომლითაც სალაშქროდ წავიდნენ, ხოლო თამარი ოძრხედან მივიდა ვარძიას ლაშქრის შესახვედრად და ჯეროვანი მადლობა შესწირა ვარძიის ღმრთისმშობელს, რომლის შეწევნითაც მართლაც სასწაულებრივად დაუმარცხებიათ მტრის ურიცხვი ჯარი – დედა ღმრთისამ უვნებლად დაიცვა მისდამი შევედრებული ერი, არც ერთი კარგი, მეფისგან შესწავლილი მეომარი არ დაღუპულა. ამ სასწაულის გამო დაწერა იოანე შავთელმა იამბიკო – ვარძიის ღმრთისმშობლისანი. მემატიანე კი ხატს გამარჯვებულს უწოდებს.
ზარ-ზეიმით შეხვდა გამარჯვებულ ლაშქარს სრულიად საქართველოს დადაქალაქი ტფილისი. საგანგებოდ მორთულ ქალაქში შევიდა თამარ და დავით, ვითარცა მზისა შარავანდედი მიფენითა, და შეიღეს დროშა ნუქარდინისი. ამ დროშის შეტანა მტრის განადგურების სიმბოლო იყო. შემდეგ შეუყვანიათ წარჩინებული ტყვეები. მათ შორის პირველი ეზინკის ამირა მელიქ ფაჰრ-ად-დინ-ბაჰრამ-შაჰი, რომელმაც რუქნადინს თავისი სამფლობელო დაუთმო ჯარის შესაყრელად, შემდეგ კი სხვა წარჩინებული ამირები. თამარმა პირადად მიიღო წარჩინებული ტყვეები, დააპურა, დაასაჩუქრა და საქართველოს სხვადასხვა ციხეებში მიუსაჯა ტყვეობა. ეზინკის ამირა კი ერთხანს თბილისში დატოვა პატიმრად, შემდეგ კი სრულიად უცხო და საკვირველი სასჯელით დასაჯა – საფასურად ცხენის ნალი აიღო – ესე ყო დიდებად და სახსენებლად თვისა. სულთნის ერთი დიდებული, რომელიც თამარ მეფესთან მოიყვანეს, უეცრად ენაჩავარდნილი ძირს დაეცა და იღვლარჭოდა, ვითარცა გველი. როდედსაც მოასულიერეს და ჰკითხეს, რა დაგემართაო, ძლივს წარმოსთქვა: რომელი არს თავსა ზედა თამარისსა, მან ყო ძლევაი ესე ჩუენ ზედა და აწცა შევშინდი მის მიერ-ო. თამარის თავთან კი მთავარანგელოზ მიქაელის ხატი ეკიდა.
თამარმა ომში მოპოვებული უთვალავი საგანძურიდან აღავსნა ყოველნი ეკლესიანი და ხელნი მთხოველთანი და განაძღნა ყოველნი გლახაკნი და აღუვსო წიაღნი მათნი უხუებით, ხოლო დამასკოს სულთნებს, რომლებიც მუდამ ჟამს ავიწროებდნენ და ძარცვავდნენ წმიდა ადგილებში სალოცავად მიმავალ ქრისტიანებს, აეკრძალათ ქრისტიანთა ტანჯვა-წვალება. ამიერითგან ქართველებს სრული უფლება მიეცათ, რათა ცხენზე ამხედრებულები, თავიანთი დროშით, ყოველგვარი გადასახადის გარეშე, შესულიყვნენ იერუსალიმში.
თამარ მეფის თხოვით სულთანმა სალადინმა ქრისტიანებს დაუბრუნა ის ჯვარი, რომელზედაც მიმსჭვალული იყო იესო ქრისტე (თამარმა ამ ჯვარის დასახსნელად სულთანს 200 000 დინარი გადაუხადა).
ბასიანის ბრძოლაში ძლევამოსილმა გამარჯვებამ მეფე და ლაშქარი უძლეველის შარავანდედით შემოსა. ბრძენმა თამარმა გონივრული პოლიტიკით უზრუნველყო სამხრეთის საზღვრის უსაფრთხოება.
ამარის სახელთანაა დაკავშირებული ტრაპიზონის იმპერიის შექმნაც. მართალია, ტრაპიზონის სამეფოს (საკეისროს) შექმნის საბაბი – ბიზანტიის კეისრის გაუმაძღრობა, ვერცხლისმოყვარეობა და ავზნეობა – ქართველი ბერების გაძარცვა გახდა [იმ ხანებში საქართველოში იმყოფებოდნენ შავ-მთისა და მთაწმიდის ქართული მონასტრის ბერ-მონაზვნები, რომელთაც მეფემ ჩუეულებისაებრ დიდი პატივი სცა, კეთილად განუსვენა და შემდგომ ურიცხვი ოქრო-ვერცხლით დატვირთული გაისტუმრა. ბიზანტიის ანგარმა იმპერატორმა ალექსი III ანგელმა (1195 წელს მან ტახტიდან ჩამოაგდო საკუთარმა ძმა, ისააკ II ანგელოსი, თვალები დათხარა და თვითონ დაეპატრონა სამეფო გვირგვინს) მეფისთვის საძრახისი საქციელი ჩაიდინა, ბერები შეიპყრო და განძი მთლიანად მიითვისა], მაგრამ მთავარი მიზეზი მაინც თურქთა დაუსრულებელი აგრესია იყო საქართველოსა და თვით ქრისტიანულ ბიზანტიაზე. ამიტომ საჭირო გახდა, რომ შავი ზღვის სამხრეთით ქართველებს, თავდაცვის მიზნით, შეექმნათ ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც გაუმკლავდებოდა თურქთა აღვირახსნილ თარეშს მოძმე ლაზებისა და ჭანების, კერძოდ კი, ქრისტიანული სამყაროს ხალხების წინააღმდეგ. დღის წესრიგში დადგა შავი ზღვის გამაგრების საკითხიც. წმინდა თამარი თავისი წინაპრების მსგავსად, ძველი პონტოურ-ქართული მიწების (შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთი ტერიტორიები, რომლებიც ლაზებითა და ჭანებით იყო დასახლებული) შემომტკიცებისთვისაც ზრუნავდა.
საქართველოს ურთიერთობა ანგელოსთა დინასტიასთან თავიდანვე დაძაბული უნდა ყოფილიყო. თამარს, კომნენოსთა
ნათესავს ცხადია ახსოვდა, რომ კომნენოსები სწორედ ანგელოსთა დინასტიის წარმომადგენლებმა დაამხეს. თავის მხრივ ანგელოსებმაც იცოდნენ, რომ საძულველი ანდრონიკეს (1183-1185) შვილიშვილები საქართველო სამეფო კარზე იზრდებოდნენ და დიდ საფრთხეს წარმოადგენდნენ კეისრისათვის, ვინაიდან კომნენოსთა დინასტია ხალხის თვალში ბიზანტიის ბრწყინვალე წარსულს განასახიერებდა. ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა, როდესაც ალექსი III (1195-1203) დახარბდა ბერ-მონაზონთა ოქროს. თამარმა ეს ამბავი რომ შეიტყო, დიდად განრისხდა, საბერძნეთში ქართველთა წმინდა სალოცავებს მეტი განძი გაუგზავნა, რადგანაც ამით უმეტეს არცხვინა ეშმაკი და განიზრახა ტრაპიზონისკენ გალაშქრება.
[* დავით აღმაშენებლის ასული (გიორგი III მამიდა), კატაი მიათხოვეს კომნენოსთა დინასტიის დამაარსებლის ალექსი I დიდის (1081-1118 წწ.) ვაჟს, ისააკს, რომელიც თავისი ძმის, იმპერატორ იოანეს II ლამაზის (1118-1143) თანამმართველი იყო 1118-30 წწ. მათი შვილი იყო ანდრონიკე, რომელიც გიორგი III-ს ესტუმრა ცოლ-შვილით და მონაწილეობაც კი მიიღო ქართველი მეფის სამხედრო ლაშქრობაში. უკვე სამოც წელს გადაბიჯებულმა ანდრონიკემ, 1183 წ. ხელთ იგდო ძალაუფლება, თუმცა 1185 წ. სექტემბერში იგი ტახტიდან ჩამოაგდეს. მისი ადგილი შეთქმულების ორგანიზატორმა უსინათლო ისააკ ანგელმა დაიჭირა. ანდრონიკემ გაქცევა სცადა, მაგრამ მიაგნეს და სასტიკი წამებით მოკლეს. მათ აგრეთვე მოკლეს ანდრონიკეს შვილი მანოელიც, რომლის მცირეწლოვანი შვილები ალექსი და დავითი გადაარჩინეს ერთგულმა მომხრეებმა და კონსტანტინოპოლიდან გააპარეს. პატარა ლტოლვილებმა თავშესაფარი საქართველოში, თამარ მეფის კარზე ჰპოვეს. უფროსი ძმა ალექსი მხოლოდ სამი წლისა იყო. ძმებმა ქართულად აიდგეს ენა და საქართველო გახდა მათი მეორე სამშობლო. ალექსი და დავითი ქართველ დიდებულებს უფრო ჰგვანდნენ, ვიდრე ბიზანტიელთ].
XIII-ის დასაწყისიდან ბიზანტიის იმპერიაში დიდი შინაპოლიტიკური ბრძოლები მიმდინარეობდა. ალექსი III-ს (1195-1203) არ გააჩნდა უნარი, რომ ეხსნა სახელმწიფო მძიმე კრიზისისაგან. ეკონომიკურად დასუსტებული ქვეყანა თურქი დამპყრობლებისაგანაც დიდად იყო შევიწროებული. 1201 წელს ალექსიმ საპყრობილიდან გამოუშვა თავისი ძმისწული და სეხნია ახალგაზრდა ალექსი, ძე თვალდათხრილი ისააკისა და ლაშქრობაში წაიყვანა. ალექსიმ გაქცევა მოახერხა, ჯვაროსნებს დაუკავშირდა და ტახტზე აყვანის სანაცვლოდ დაჰპირდა ორასი ათას მარკას ვერცხლით, ერთი წლის სამყოფი სურსათით უზრუნველყოფას, იერუსალიმზე ლაშქრობაში ათი ათასი ბერძენი მეომრითურთ მონაწილეობის მიღებას, და რაც მთავარია, ბიზანტიის ეკლესის რომის პაპისადმი დამორჩილებას (ჯვაროსანთა წინაშე ალექსის შუამდგომლობდა მისი დის ქმარი, გერმანიის იმპერატორი ფილიპე შვაბიელი). ჯვაროსნებმა ხალისით აღუთქვეს დახმარება ბიზანტიელ ლტოლვილს. 1202 წ. დაიდო შეთანხმება. ასე იცვალა გეზი მეოთხე ჯვაროსნულმა ლაშქრობამ. ვენეციელთა ფლოტმა იერუსალიმის ნაცვლად კონსტანტინეპოლს მიაყენა საომრად გამზადებული ჯარი. 1203 წ. ჯვაროსნებმა ალყა შემოარტყეს ბიზანტიის სატახტო ქალაქს. ალექსი III-მ სცადა მორიგება, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ჯვაროსნებს მაინცდამაინც არ გასჭირვებიათ გადატრიალების მოწყობა კონსტანტინეპოლში. გულხარბი და ანგარი ალექსი ბულგარეთის მეფესთან გაიქცა, რომელიც მისი სიძე იყო. მას ალექსი დაუმწყვდევია ერთ ციხე-დარბაზში, მის წინ ოქრო დაუფენია და უთქვამს: აჰა, ალექსი გულის სათქმელი იგი შენი, ოქრო ესე მიიღე, თვინიერ სხვისა რომლისამე საზრდელისა და წყლისა წილ, რამეთუ ამისთვის წარსწყმიდე სახლი სამეუფოი ქრისტეანეთა, და დახსენ თვითმპყრობელობაი ბერძენთაი. ალექსის შიმშილისაგან აღმოხდომია სული. როდესაც თამარმა ეს შეიტყო, თუმცა კეისარი სიბრალულის ღირსი არ იყო, მაინც შეებრალა.
ბიზანტიის კეისრად კვლავ თვალდათხრილი ისააკ II ანგელოსი გამოაცხადეს (1185-1195; 1203-04), თანამფლობელად კი მისი ძე ალექსი, მაგრამ ჯვაროსნები დაპირებულის გადახდას ითხოვდნენ. ალექსი IV ეკლესიის საუნჯესაც კი გადასწვევდა, მაგრამ მხოლოდ თანხის ნახევარი ჩააბარა ჯვაროსნებს. მათ შორის ურთიერთობა გამწვავდა. ჯვაროსანთა წყალობით გამეფებული მამა-შვილი მოსახლეობის ანტიპათიასაც იწვევდა. ორ ცეცხლს შუა მოქცეულმა ისააკმა ისევ ჯვაროსნები ამჯობინა და მოუწოდა შემოსულიყვნენ ქალაქში წესრიგის დასამყარებლად. მაგრამ უკვე გვიანი იყო. შეთქმულებმა მარჯვედ გამოიყენეს ხალხის ანტილათინური განწყობილება და მამა-შვილი დაამხეს. შექმნილი სიტუაციით ისარგებლა ალექსი III-ის შვილმა ალექსიმ და იმპერატორის ტახტი დაიკავა, ისააკ II-მ სული განუტევა, ხოლო ალექსი IV დაახრჩვეს.
1204 წ. 5/II ბიზანტიის კეისარი გახდა ალექსი V (მურცუპლოსი). ჯვაროსნებმა იცოდნენ, რომ ახალი კეისარი ალექსი ანგელოსის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს არ გაანაღდებდა. მაშასადამე, აზრი ეკარგებოდა მთელ ლაშქრობას და გაწეულ ხარჯებს. საჭირო იყო გადამჭრელი ზომების მიღება. ჯვაროსნები არც შეყოყმანებულან და 1204 წ. 9/IV კონსტანტინოპოლს შეუტიეს. ახალი იმპერატორი ამხნევებდა მეომრებს, მაგრამ 13/IV მეორე რომი საბოლოოდ დაეცა. ჯვაროსნებმა აიღეს კონსტანტინოპოლი და გაუგონარი ძარცვა-გლეჯა გააჩაღეს უმდიდრეს ქალაქში (ამბობდნენ, მსოფლიო საუნჯის ორი მესამედი კონსტანტინოპოლშია, ხოლო ერთი მესამედი მთელი დედამიწის ზურგზე არის მიმოფანტულიო). საფრანგეთიდან წამოსული მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა დამთავრდა კონსტანტინოპოლში, რომლის აღებაც გაცილებით იოლი აღმოჩნდა, ვიდრე იერუსალიმისა და უზარმაზარი ნადავლი თითქმის უბრძოლველად მოიხვეჭეს ჯვაროსნებმა. ასე დაესვა წერტილი ოდესღაც ძლევამოსილ ბიზანტიის იმპერიას (ნახევარი საუკუნის შემდეგ აღდგენილი სახელმწიფო მისი აჩრდილიღა იყო.) ბიზანტიის კეისართა ტახტზე დაჯდა ჯვაროსნების ერთ-ერთი წინამძღოლი ბალდუინ ფლანდრიელი.
1204 წლის აპრილში ქართული მხედრობაც დაიძრა ტრაპიზონისაკენ. საომარი მოქმედებები შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაპირზე დაიწყო. ქართველთა ლაშქარი იოლად დაეუფლა საქართველოს მოსაზღვრე ვრცელ ტერიტორიას, რომელიც ძირითადად ლაზებით იყო დასახელებული. ბიზანტიას წარუღეს ლაზია, ტრაპიზონი, კერასუნტი, კოტიორა, ლიმანი, სამისონი, სინოპი, ამასტრია, ერაკლეა და ყოველნი ადგილნი ფებლაღონიისა და პონტოსანი. ეს მნიშვნელოვანი ტერიტორია იყო. ჩამოთვლილი მხარეებიდან, პირველი ხუთი – საკუთრივ ჭანეთის* ტერიტორიას შეიცავს: ლაზია – რიზეს მხარე ანუ ზღვისპირა კლარჯეთი; ტრაპიზონი – ხალდია; შემდეგი სამი – კერასუნტი, კოტიორა და ლიმანი არის ოლქები ხალიბია-ტიბარენიისა (კერასუნ-ფარნაკიის მხარისა).
[*ჭანეთი _ ზოგადი სახელწოდება მთელი სამხრეთ კოლხეთისა. ეს ტერიტორია VII ს-ის 30-იან წლებში ბიზანტიის კეისარმა ერეკლემ მოსტაცა იბერიას, მაგრამ VIII ს-ში, როდესაც ჩამოყალიბდა დასავლეთ საქართველოს აფხაზეთის სამეფო, მასში შევიდა რიზეს მხარე (საკუთრივ ლაზია) და ტრაპიზონის მხარე.]
დანარჩენი მხარეები, რომლებიც თერმოდონის დასავლეთით მდებარეობდნენ, უკვე ბერძნული ქვეყნებია. (ერაკლიის ოლქი, სულ ორასიოდე კილომეტრის მანძილზე მდებარეობს კონსტანტინეპოლიდან). ვინაიდან ეს ბერძნული ოლქები, თავისი მოცულობით არა ნაკლები იყო, ვიდრე ჭანეთის ტერიტორია, სამეფო კარს, იმ პოლიტიკის თანახმად, რომელსაც იგი ატარებდა ახლად შემოერთებულ და განსხვავებული სახელმწიფოებრივი ტრადიციების მქონე ქვეყნების მიმართ, _ მიზანშეწონილად მიუჩნევია ამ ახალი ტერიტორიების ორგანიზება ცალკე სამეფოს სახით, საქართველოს პოლიტიკური გავლენის, პროტექტორატის ქვეშ. ტრაპიზონის ამ ახლად შექმნილი სამეფოს (საკეისროს) სათავეში მეფე თამარმა კომნენთა სახელგანთქმული დინასტიის წარმომადგენელი, ბაგრატიონთა ნათესავი ალექსი კომნენი დაადგინა.
1204 წლის აპრილში ალექსი კომნენოსი გახდა ტრაპიზონის იმპერიის პირველი მეფე. თამარმა ალექსის თანამმართველად ძმა, დავითი დაუნიშნა (ალექსი გამეფდა 22 წლის, იმეფა 18 წელი, გარდაიცვალა 40 წლისა 1222 წლის 1 თებერვალს. ალექსი კომნენოსი საქართველოს სამეფო კარის დასაყრდენი იყო მის საგარეო პოლიტიკაში, განსაკუთრებით ბიზანტიასთან ურთიერთობის საქმეში). ამდენი მაჰმადიანური ქვეყნებით გარშემორტყმულ საქართველოს ახალი მეზობელი შეეძინა, ერთგული და ერთმორწმუნე მოკავშირე. ვინაიდან პაპის, მამისა და ბიძის სიკვდილის შემდეგ ისინი იყვნენ ბიზანტიის ტახტის კანონიერი მემკვიდრენი ალექსისა და მისი ძმის საბოლოო მიზანი იყო ბიზანტიის კეისართა ტახტზე კომნენოსთა დინასტიის აღდგენა, მაგრამ ამ გეგმას განხორციელება არ ეწერა. ორნახევარი საუკუნის მანძილზე არსებობდა ტრაპიზონის საკეისრო, რომელიც გადაიქცა ბერძნული კულტურის შესანიშნავ ცენტრად. თვით ტრაპიზონი წარმოადგენდა ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქს აღმოსავლეთში და ყველგან იყო ცნობილი როგორც, „თავი და თვალი აზიისა“.
ის ფაქტი, რომ თამარმა ტრაპიზონის სამეფოს სათავეში დააყენა კომნენები, ბიზანტიის ყოფილი დინასტიის წარმომადგენლები, რომლებიც ატარებდნენ მაღალ ტიტულს – რომაელთა ავტოკრატორი (იმპერატორი), და რომ ტრაპიზონის სამეფოს საქართველოს მთავრობამ მიაკუთვნა ძველი ბიზანტიის შემცვლელის როლი, და ეს მაშინ, როდესაც ტრაპიზონის მეფე ფაქტიურადაც და უფლებრივადაც საქართველოს მეფეთ-მეფის ვასალი იყო, – არის მაჩვენებელი იმ იდეოლოგიისა, რომელიც საქართველოს მეფეთ-მეფეს აღმოსავლეთის ქრისტიანული მსოფლიოს მეთაურის როლს მიაკუთვნებდა.
1206 წ. ქართველებმა აიღეს დიდი მნიშვნელობის მქონე ციხე-ქალაქი კარი (ყარსი), რადგან იგი ანის-არზრუმის დიდ სავაჭრო გზაზე მდებარეობდა, რომლის გამოყენებასაც საქართველოსათვის დიდი ეკონომიური მნიშვნელობა ჰქონდა. თამარმა ქ. კარი უშუალოდ სამეფო ტახტს დაუმორჩილა, ხოლო მის მცველად ივანე ახალციხელი დატოვა და უბოძა ამირთ-ამირობა (ერისთავთ-ერისთავობა). ქართველებმა ამავე პერიოდში დაიბრუნეს ხახული, ოშკი, ბანა… მაჰმადიანთა ლაშქარი ქართველთა წინაშე ყველგან უკან იხევდა.
ისტორიანინი და აზმანი შარავანდედთანის ავტორი გულისწუხილით აღნიშნავს, რომ ესრეთ სიხარულსა შეუთქს მწუხარებაო. საყოველთაო გლოვის მიზეზი დავით სოსლანის გარდაცვალება იყო: …კაცი აღსავსე ყოვლითა სიკეთითა, საღმრთოითა და საკაცობოთა. შესახედავად განშუენებული, ხოლო წყობათა და ომთა შინა მხნე ვინმე გულოვანთაგანი, უხვი, მდაბალი და სიკეთე აღმატებული… აღვიდა წინაშე ღმრთისა (1207). მამის გარდაცვალების შემდეგ 12 წლის ლაშა-გიორგი დედის თანამოსაყდრე გახდა.
1208-1209 წლებში საქართველოს სამეფომ არჭეში დაიმორჩილა. ერთ-ერთი პირველი, რომელმაც გაბედა და 1208 წელს საქართველოს სამფლობელოში შემოიჭრა, იყო არდაველის სულთანი (სპარსეთიდან). ეს ბარბაროსი შეესია სომხეთს, აიღო ქალაქი ანისი და აღდგომა დღეს, როდესაც მთელი ქრისტიანული მოსახლეობა ეკლესიებში სალოცავად იყო მისული, 12 ათასი ქრისტიანი ქართველი და სომეხი ამოჟლიტა ვითარ ცხოვარი და დიდი ალაფით უკანვე გაბრუნდა. ანისის მოოხრების ამბავი თამარს გეგუთის სასახლეში შეატყობინეს. მტრის თავხედობით განრისხებულმა ზაქარია და ივანე მხარგრძელებმა მესხნი, თორელნი, თმოგველნი, ჰერ-კახნი და სომხითარნი შეკრიბეს და არდაველისკენ გაემართნენ. გაიარეს გელაქუნი, ისპიანი, ხუაფრიდის ხიდზე გადავიდნენ და მიადგნენ არდაველს. აიდი (მუსლიმური აღდგომის მსგავსი დღესასწაული) თენდებოდა, როგორც კი ქადაგება დაიწყო, ბილწისა ქადაგებისა მათისა და გახშირდა მუყრთა ყივილი, შეუტიეს ქართველებმა და უბრძოლველად ჩაიგდეს ხელში ქალაქი. ძალზედ დიდი ალაფი წამოიღეს. არდაველის სულთანი მოკლეს, ხოლო მისი ცოლ-შვილი ტყვედ წამოიყვანეს.
არდებილიდან დაბრუნების შემდეგ საქართველოს მხედართმთავარნი წარუდგნენ თამარს და მოახსენეს იმდროინდელი ირანის დაქსაქსულობა და უძლურება; მოუწოდეს ახალი ლაშქრობა მოეწყო, რათა საიმედოდ განემტკიცებინათ ქვეყნის უშიშროება, ეჩვენებინათ მეზობელი მაჰმადიანური სამფლობელოებისათვის თავისი ძალა და ღონე, არც ერთს აღარ გასჩენოდა ცდუნება საქართველოზე ყაჩაღური თავდასხმისა. წმინდა თამარმა გააცნო მხედართმთავართა გაბედული გეგმა საქართველოს მთავრობას და დასტური მიიღო. ყველანი შეუდგნენ მზადებას შორეული ლაშქრობისათვის. 1210 წ. თამარმა სამეფოს დროშა ამირსპასალარ ზაქარია მხარგრძელს ჩააბარა. ქართველთა ლაშქარი მისი დალოცვით წარემართა სპარსეთად. ჩაიარეს ნახიჭევანის პირი, გავიდნენ ჯუღას და რახსსა და აღვიდეს მარანდასა. ცხარე ბრძოლა ქართველთა გამარჯვებით დამთავრდა. ქართველთა ლაშქარი ერთმანეთის მიყოლებით დაეუფლა თავრეჟს (თავრიზი), მიანას, ზენჯანს და ყაზვინს, ბოლოს კი ხორასანი აიღეს და რომ-გურამდე (ავღანეთი) მივიდნენ, და თუმცა ინდოეთი იქვე იყო, დიდი ალაფის გამო გადაადგილება უჭირდათ და უკან დაბრუნება არჩიეს, შემოიქცეს გამარჯვებულნი და ძლევამოსილნი.
მეფეთ-მეფე თამარი მადლობელი ღმრთითა გაეგება ზეიმითა და დიდებითა. გადაიხადეს დიდი დარბაზობა; მეფემ უხვად დააჯილდოვა მხედართმთავრები და მრავალი გასცა ობოლთა და გლახაკთა ზედა, და ლაშქარსა ზედა განჰყო საჭურჭლე დიდი (არჩილ მეფე გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა ამტკიცებს, რომ ხორასნის ლაშქრობაში მონაწილეობდა ვეფხისტყაოსნის ავტორიც).
საქართველოს განუწყვეტელი ბრძოლა მუსლიმანურ სახელმწიფოებთან და სამთავროებთან, ეს იყო ძირითადად თავდაცვითი, სამართლიანი ბრძოლა და საზღვრების სიძლიერესა და ქვეყნის სიმტკიცეს ემსახურებოდა. XIII ს-ის დასაწყისში საქართველო პოლიტიკურად და ეკონომიკურად ძლიერ კავკასიურ იმპერიას წარმოადგენდა, რომელშიც საკუთრივ ქართული ტერიტორიების გარდა სხვა მიწებიც შედიოდა და არაქართული მოსახლეობაც მრავლად იყო.
აფხაზთა და ქართველთა, რანთა, კახთა, და სომეხთა მეფე და დედოფალი, შარვანშა და შაჰანსა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელი – ასე იწოდებოდა სრულიად საქართველოს მეფეთ-მეფე თამარი. წმინდა მეფის ტიტულატურაში, მის მფლობელობაში მყოფი შვიდი სამეფოა ჩამოთვლილი: აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა (ტაშირ-ზორაკერტი), შარვანშა (შირვანი – თითქმის დღევანდელი აზერბაიჯანი) და შაჰანშა (შირაკის სამეფო – ის სომხური ტერიტორიები, რომელსაც მაჰმადიანები ფლობდნენ სამხრეთით) და რეალურად ასახავს საქართველოს პოლიტიკურ სიძლიერესა და გეოგრაფიულ სიდიდეს.
საქართველოს სამეფო კარი დაპყრობითი თუ შემოერთებული ქვეყნების მიმართ სხვადასხვა პოლიტიკას ატარებდა, იმ ქვეყანას სადაც ქრისტიანი მოსახლეობა სჭარბობდა – სამეფოდ იჭერდა, ხოლო იმ ქვეყნებს, სადაც არა ქრისტიანი მოსახლეობა იყო, საქართველოს მეფესთან ვასალური დამოკიდებულება ჰქონდათ, ანუ ყმადნაფიცობის პირობით იყვნენ შეკრულნი და საქართველოს გარკვეული ოდენობის ხარკს უხდიდნენ. მოხარკე ქვეყნებიდან საქართველოს სამეფო კარი ზოგისგან ერთდროულად იღებდა ხარკს, ზოგისგან კი რეგულარულად. XIII ს-ში საქართველოს მოხარკე და ყმადნაფიცი ქვეყნები მეტი ჰყავდა, ვიდრე სამეფოდ დაჭერილი. მის შემადგენლობაში შედიოდა: საქართველო, – მისი საერისთავოებით – ჰერეთი, კახეთი, რუსთავი, ტფილისი, (მეფის დომენი), ქართლი, ორბეთი, ლორე, კაენი, გაგი, თორი, ჯავახეთი, თმოგვი, სამცხე, ტაო, ჭანეთი, ქუთათისი (მეფის დომენი), არგვეთი, რაჭა-თაკვერი, სვანეთი, გურია, ოდიში, ცხუმი. სომხეთი-ანისი, დვინი, ბიჯნისი, სივნეთი, ხაჩინი (არწახი). ყმადნაფიცები – აღმ. კავკასიის ქვეყნები: – შირვანი (აზერბაიჯანი) და დარუბანდი.
ვასალური და პროტექტორატის ქვეშ მყოფი ქვეყნები კავკასიაში: ჩრდილოეთ კავკასია – ქაშაგეთი (საჩერქეზო), ოვსეთი (ალანეთი), ძურძუკეთი, დიდოეთი, ღუნძეთი (ავარია, დაღესტანში).
სამხრეთ-დასავლეთ კავკასიაში: კარნუ-ქალაქის საამირო (არზრუმის მხარე). აგრეთვე ეზინკის საამირო, ხლათის, შაჰ-არმენთა და განძის სასულთანოები, სპარსეთის ადერბაიჯანი, და მრავალი თურქული სამფლობელო ამიერკავკასიაში. საქართველოსა და ეგვიპტეს შორის დადებული 30-წ ზავის პირობების თანახმად, ეგვიპტესთან, რომლის შემადგენლობაში იმ ხანად ხლათის სასულთანო შედიოდა, საზღვარი მდინარე არაქსზე გავიდა.
საქართველოს ამ ხელქვეითი ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნებოდა ტრაპიზონის სამეფოც. თამარს, მრავალ კეთილ თვისებასთან ერთად ახასიათებდა მეზობელთმოყვარეობა, ლმობიერება და ყმადნაფიცი ქვეყნების უდიდესი მფარველობა, მიუხედავად მუსლიმანური სამყაროს მხრიდან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლებისა ქრისტიანული საქართველოს დაპყრობისათვის, ქართველებს, არც შემოერთებულ და არც საკუთარ ტერიტორიაზე მაცხოვრებელ მუსლიმანებთან მტერობა არა ჰქონიათ. ქართველი მეფენი ლმობიერებას იჩენდნენ ამ ხალხების მიმართ, მათ კეთილდღეობაზე ზრუნავდნენ და არასოდეს აღუკვეთიათ სარწმუნოებრივი რიტუალების დაცვა.
თამარის მეფობისას ერთი ფრიად მნიშვნელოვანი სარწმუნოებრივი კამათი მოხდა ქართველთა და სომეხთა შორის. თამარის უპირველესი კარისკაცები, ზაქარია და ივანე მხარგრძელები მონოფიზიტები იყვნენ [მხარგრძელები წამოსულები ჩანან ბაბილონიდან და ქურთები უნდა იყვნენ. ქართულ სამეფოში მოხვედრის შემდეგ დაწინაურდნენ. მხარგრძელების განაყოფებია გაგელები და თმოგველები]. ერთხელ, საღმრთო ლიტურღიის შემდეგ, ზაქარიამ სეფისკვერის მიღება ისურვა, მაგრამ კათალიკოზმა იოანემ ნება არ დართო. განრისხებულმა ზაქარიამ უპასუხა: მე მოლაშქრე ვარ და სჯული არ ვიცი, არამედ მოუწოდო მოძღუართა სარწმუნოებისა ჩუენისათა, რომელთა ჩემ წილ სირცხვილეულ გყონ. კათალიკოზი იოანე მიუგებდა: იყავნ ნება ქრისტესი და მარადის ქალწულისა ღმრთისმშობელისა, რომელმან სირცხვილეულ ყვნეს უარისმყოფელნი თვისნი.
ზაქარიამ კაცი გააგზავნა თავიაანთ კათალიკოსთან და სთხოვა, რათა მოძღვრებთან და სჯულის მცოდნე კაცებთან ერთად მონაწილეობა მიეღო სარწმუნოებრივ კამათში. მართლაც რამოდენიმე ხანში მოვიდა ვანის კათალიკოსი სჯულის მცოდნე მოძღვრებთან ერთად და დაიდგა სამსჯავრო. ერთ მხარეს დაბრძანდნენ მეფე თამარი დავითთან ერთად და საქართველოს წარჩინებული პირები, მეორე მხარეს კი ზაქარია და ივანე მხარგრძელები, სომეხთა კათალიკოსთან და მოძღვრებთან ერთად. შემობრძანდა იოანე კათალიკოსი და ფსალმუნი წარმოსთქვა: აღდეგ, ღმერთო, საჯე სჯაი შენი, მოიხსენე ყუედრებაი შენი, რომელ არს უგუნურთაგან, ხოლო მეფენი ფეხზე წამოუდგნენ და პატივით თავისთან დააბრძანეს. როდესაც მოიკითხეს ერთმანეთი, დადუმდენ და იწყეს სომეხთა სარწმუნოებისა მათისა თქმად სიტყუა-მჭევრად და ვრცელ-სიტყუად. იოანე კათალიკოსი გონიერად და ბრძნულად განუმარტავდა და ასწავლიდა, მაგრამ ისინი ისევ თავისას ამტკიცებდნენ. ასე გაგრძელდა კამათი საღამომდე. მაშინ, სული წმიდით აღსავსე და მართალ სარწმუნოებას მინდობილმა კათალიკოსმა მოსასმენადაც საშინელი სიტყვა წამოსთქვა: თუ თქვენი სარწმუნოება უმჯობესია, თქვენ მიერ მღვდელმოქმედებული პური შეიცვლება უფლის ხორცად, ხოლო თუ ჩვენია უმჯობესი, მაშინ ჩვენ მიერ მღვდელმოქმედებული შეიცვლებაო. ჭეშმარიტების დასადგენად კი საქმით გამოვაჩინოთ ჩვენ-ჩვენი სიმართლეო და სომხებს შესთავაზა: სამი დღე ვაშიმშილოთ ძაღლები, ხოლო ღამე განვათიოთ ლიტანიითა და ღმრთისა ვედრებით, მესამე დღეს უსისხლო მსხვერპლშეწირვა აღვასრულოთ და ტარიგი ძაღლებს დავუგოთო. რომლის ტარიგსაც ძაღლი შესჭამს, მისი სარწმუნოებაც მცდარი იქნებაო. ამის გამგონე მეფესა და ერს თავზარი დაეცა და უთხრეს კათალიკოსს: რაც წარმოთქვი სასმენელადაც საშინელია და ვინ იკადრებს ამის გაკეთებასო. კათალიკოსმა მშვიდად მიუგო: ამ საქმეს ჩემი სურვილით კი არ ვბედავ, არამედ ქრისტეს სასოებით, რათა ყველას აჩვენოს თუ ვისი სარწმუნოებაა ჭეშმარიტი და ვისითა მღდელმოქმედებითა შეიწირავს უსისხლო მსხუერპლსა, და ვისთა ხელთა მისცემს ტარიგი ღმრთისა დაკლვად თავსა თვისსა, ანუ ვინ ვჭამთ ხორცსა მისსა და ვსუამთ სისხლსა მისსა; მინდობითა მართლმადიდებლობისათა ცხად ვყოფთ ჭეშმარიტებასა. მეფეო, შემეწიე შენ და ყოველნი ქართველნი, დიდი და მცირე. როდესაც მოისმინეს კათალიკოსის სიტყვა, გაკვირვებული მეფე და ერი დათანხმდა. იყო პარასკევი დღე. იწყეს ლიტანიობად და ის ორი დღე და ღამე ლოცვაში გატარეს: ერთ მხარეს მეფემ, კათალიკოსმა და ყოველმა სამღვდელო კრებულმა, მეორე მხარეს კი სომხებმა და მხარგრძელებმა. კვირის საღმრთო ლიტურღიაზე კათალიკოსმა შესწირა რა უსიხლო მსხვერპლი, ხელთ იტვირთა მართლმადიდებლურად შეწირული და მღვდელმოქმედებული ტარიგი, და ლოცვა წარმოთქვა, რომელიც შემდეგი სიტყვებით დაასრულა: შენ, მეუფეო, გთნავს სარწმუნოებაი ქართველთაი, გთნავს სარწმუნოებაი ესე ჩუენი, შეუხებელად და მიუახლებლად დაიცევ ზარისა ასახდელი ხორცი ესე შენი, ჩუენ მიერ მღდელ-მოქმედებული; შენ უკუე შეიწირე შეუძრველი ეგე და აჩუენე ერსა ამას გზაი ჭეშმარიტი, და მოხედე მსხუერპლსა ამას და სირცხვილეულ ყვენ წინაარმდგომნი ჩუენნი, ხოლო როცა ლოცვა დაასრულა, შესაძრწუნებელი იგი უსისხლოისა მსხუერპლისა აღმონაკუეთი მშიერ ძაღლს დაუდო წინ. პურის მხილველი ძაღლი, როგორც კი მიუახლოვდა მიუახლებელს, ვერ შეეხო წმიდათა წმიდას და შეშინებული ძლიერი წკავ-წკავით განეშორა. ამის შემდეგ მოიყვანეს მეორე ძაღლი და სომეხთა მოუგდეს მსხუერპლი მათი და მყის აღიტაცა. როდესაც მეფემ და ერმა ეს სასწაული იხილა, სიხარულით ღაღად-ყო: დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი და სთქვეს ასოცდამერვე ფსალმუნი, სომეხი კათალიკოსი და სჯულისმეცნიერნი კი შერცხვენილნი გაბრუნდნენ უკან. იოანე მხარგრძელმა მაშინვე აღიარა მართლმადიდებლობა და კათალიკოსის მიერ ნათელ-იღო. მასთან ერთად მრავალი სომეხი მოინათლა, ზაქარიამ კი თქვა უწყი, რამეთუ მართალი სჯული არს ქართველთა, მაგრამ მე არა შევერთვიო და მონოფიზიტობა შეინარჩუნა.
ამდენმა შრომამ, ღვაწლმა, საფიქრალმა, ამდენმა ცრემლთა დენამ, გამუდმებულმა მარხვამ, ფეხშიშველა ლიტანიობამ და მონასტრის ქვის სარეცელზე წოლამ ჯანმრთელობა შეურყია თამარს და ნაჭარმაგევს, თავის საზაფხულო რეზიდენციაში ყოფნისას გამოაჩნდა მძიმე სენი. დიდხანს მალავდა და არ ამხელდა ავადმყოფობას დიდსულოვანი მეფე-ქალი, რადგანაც სხვის შეწუხებას ერიდებოდა, მაგრამ როდესაც ავადმყოფობა კიდევ უფრო გაუმძაფრდა, იძულებული გახდა გაემხილა თავისი უძლურება. თვითონვე ბრძანა მწარე ღიმილით: დედობრივმან უძლურებამან განგრძობილთა შინა მხედრობათა არა თავს იდვა შეუმთხვეველად მიშვება აგებულებისა. ნაჭარმაგევიდან თბილისს ჩამოიყვანეს მეფე, შემდეგ კი ხშირი ტყით დაფარულ მთაში წაიყვანეს – იქნებ ტყის სიმშვიდემ არგოსო, მაგრამ ვინაიდან დიდად გაძნელდა სენი იგი უწყალო, ისევ თბილისის მახლობლად მიიყვანეს აგარათა ციხესა. ვერანაირმა მკურნალობამ ვერ უშველა თამარს, ამაო აღმოჩნდა მკურნალთა ხელოვნება. მთელი საქართველო ლოცულობდა და ლიტანიობდა ცრემლთა დინებანი იხილვებოდა მდიდართა და გლახაკთანი სწორებით – თამარის გადარჩენას შესთხოვდნენ ღმერთს, გარნა მწოდებელი კართა ზედა დგა და მბრძანებელისა წინააღდგომაი შეუძლებელ იყო. როდესაც სიკვდილის მოახლოება იგრძნო, თამარმა მოიწვია სამეფოს წარჩინებული პირები, ძალ-ღონე მოიკრიბა და მიმართა მათ: ძმანო ჩემნო და შვილნო! მე ესერა მივიწოდები მსაჯულისაგან საშინელისა, უსაშინელესისა უფროის მეფეთა ქუეყანისათა, რომელმან მიუხუნის სულნი მთავართანი. თქუენ ყოველნი თვით მოწამე ხართ, რამეთუ თავისა ჩემისა თანა მაქუნდა სიყუარული თქუენი, და სარგებელსა და სათნოსა თქუენსა არა დავაკლე თვითეულისაებრ არზანგისა (პატივი), ვიდრემდის განგებითა ღმრთისათა ვიყავ თქუენ ზედა მეფედ. აწ მეცა წარვალ მამათა ჩუენთა თანა გზასა ჩემგან უცხოსა, ბრძანებითა საშინელითა და განყოფითა საკვირველითა. გევედრები ყოველთა, რაითა მარადის კეთილთა შინა იყვნეთ მახსენებელ ჩემდა. აჰა, ესერა მკვიდრად სახლისა ჩემისა დაგიტევებ რომელნი მომცნა ღმერთმან შვილნი ჩემნი, გიორგი და რუსუდან. ეგენი მიიხუენით ჩემ წილ და მაგათ აღმოგივსონ დაკლებული ჩემი. შემდეგ მაცხოვრის ხატს და ცხოველმყოფელ ჯვარს შეავედრა საქართველო, მშვიდობა უსურვა ყველას, უკანასკნელად შეავლო თვალი ერთგულ ქვეშევრდომებს, სასოებით გადაისახა პირჯვარი და წარმოსთქვა: ქრისტე, ღმერთო ჩემო მხოლოო, დაუსრულებელო მეუფეო ცათა და ქუეყანისაო! შენ შეგვედრებ სამეფოსა ამას, რომელი შენ მიერ მერწმუნა და ერსა ამას, პატიოსნითა სისხლითა შენითა მოსყიდულთა, და შვილთა ამათ ჩემთა, რომელნი შენ მომცენ, და მერმე სულსა ჩემსა და მშვიდობით დაიძინა სარეცელსა ზედა თვისსა (1210 წლის 27 იანვარს). სარწმუნოებისა და მამულისათვის დამაშვრალმა მეფემ უფალს შეავედრა ჯერ ქვეყანა, რომლისთვისაც ასე თავდაუზოგავად იღვწოდა, მერე ხალხი, რომელსაც დედობრივი მზრუნველობით პატრონობდა, შემდეგ საკუთარი შვილები და სულ ბოლოს თავისი სული. ესეც არის ალბათ გასაღები თამარის წარმატებული მეფობისა. თავისთავად ამგვარი დამოკიდებულებისთვის, ასეთი ცხოვრების წესისათვის დაჯილდოვდა იგი ამქვეყნად მორჭმული მეფობით და იმქვეყნად – წმინდანთა დასის წევრობით.
დიდად იგლოვა სრულიად საქართველომ თამარის გარდაცვალება. ძაძით შეიმოსა დიდი და პატარა, ყველა მუხლს იყრიდა მისი კუბოს წინაშე. მათი გოდება იყო მსგავსი მოოხრებისა იერუსალიმისანი იერემიას მიერ მგოდებელისა. თამარის წმინდა ცხედარი ჯერ მცხეთაში დაასვენეს, ხოლო შემდეგ გელათში გადააბრძანეს და თავის სახელოვან წინაპრებთან ერთად მეფეთა სამარხში დაკრძალეს. საიდუმლოებითაა მოცული თამარის საფლავის ადგილსამყოფელი. ზოგიერთი ისტორიული წყარო მის საძვალედ კვლავ გელათს ასახელებს, ზოგიც – იერუსალიმის ჯვრის მონასტერს.
საქართველოს სამეფო ტახტზე ლაშა-გიორგი ავიდა. არის მოსაზრება, რომ მან იერუსალიმში გადააბრძანა დედის ნეშტი, მაგრამ საყოველთაოდ ცნობილია, რომ მან ჯვაროსნებთან ერთად წმინდა ადგილების განთავისუფლებისათვის ბრძოლაში მონაწილეობა ვერ მიიღო, რადგან აღმოსავლეთიდან საქართველოს მონღოლები მოადგნენ და ქართველები მათთან ბრძოლაში ჩაებნენ. ფარსად გორგიჯანიძისა და ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით თამარი დაფლულია გელათის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ეკლესიაში. თამარის გარდა აქ დაკრძალული ყოფილან დავით აღმაშენებელი, გიორგი III, ლაშა-გიორგი, რუსუდანი, ულუ-დავითი და ნარინ-დავითი, მაგრამ დღეს არცერთის საფლავი არ ჩანს. ეს სხვადასხვა მიზეზით აიხსნება, გელათი რამდენჯერმე ააოხრეს და დაწვეს გარეშე მტრებმა.
რვა საუკუნე მისტირის ქართველი კაცი თამარის დროინდელ დიდებას. წმინდა მეფის დიდებული სახე, მისი ღვაწლი ქართველი ერის წინაშე, მემატიანეების, ეპიგრაფიკული ძეგლების, ისტორიული საბუთების, წარწერებისა და ფრესკების გარდა (ვარძიის ეკლესიაში ჯერ კიდევ გაუთხოვარი თამარია მამასთან ერთად გამოსახული. ბეთანიასა და ყინწვისში თამართან ერთად გიორგი III და ლაშა-გიორგია გამოსახული, ხოლო ბერთუბანში მხოლოდ თამარია ლაშა-გიორგისთან ერთად. ამ ფრესკების შინაარსი აშკარად განსაზღვრავს ქრონოლოგიასაც. ვარძიის ფრესკა უადრესია, ბერთუბნისა კი ყველაზე გვიანი), შემოგვინახა ხალხურმა შემოქმედებამ _ ლეგენდებში, ლექსებსა და სიმღერებში უკვდავყო მისი ცხოვრება, რამაც ყოველი ჭეშმარიტი ქართველის სულში აანთო თამარისადმი სიყვარულის ჩაუქრობელი ცეცხლი. თამარის შესახებ ლეგენდები დადიოდა არა მარტო აზიაში, არამედ ევროპის ყველა კუთხეში. ქართველი ერისთვის კი იგი იყო დედა ქართვლისა, სახელოვანი ხელმწიფე, დავით წინასწარმეტყველის დიდებული შთამომავალი და გვირგვინი ყოველთა ხელმწიფეთა. სწორედ ამიტომაც, მადლიერი ქართველი ერი, რაც კი ძვირფასი ძეგლები შექმნილა, ყველაფერს თამარის სახელს უკავშირებს. ხალხის წარმოდგენით თამარის ხანაში მოიყარა თავი ყველა ეროვნულმა მიღწევამ, ყოველივე საუკეთესომ, რისთვისაც მადლიერმა ერმა მისი მეფობის პერიოდს ოქროს ხანა უწოდა, ხოლო სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეულ თამარს მეფე უწოდა, გმირ მირონცხებულ მამაკაცებს გაუთანაბრა და ამით მასში თაყვანი-სცა უზენაესისაგან პირველქმნილი მამაკაცისა და დედაკაცის ღვთაებრივ ერთბუნებოვნებას. საუკუნეებს გადაწვდა თამარის დიდებული პიროვნებით შთაგონებული რუსთაველის აფორიზმი: ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია. დედა ეკლესიამ თამარ მეფის ცხოვრება მენელსაცხებლე დედათა ღვაწლს მიადარა და წმინდანთა დასში კანონიზირებისას ხსენების დღედ გაზაფხულის პირველი დღე 1 (14) მაისი და აღდგომიდან III კვირა – მაცხოვრის სიყვარულითა და ერთგულებით გამორჩეულ მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღე დაადგინა.
მართალია ძლევამოსილი ომები მაჰმადიანური სამყაროს წინააღმდეგ თამარის მეფობისა და ქართველი ერის ისტორიის უბრწყინვალესი ფურცელია (არც ერთი ომი არ წაუგია), მაგრამ მისი მოღვაწეობა ამით როდი ამოიწურებოდა. ქვეყნის მეთაურის ნიჭი და შორსმჭვრეტელობა უმეტესად გამობრწყინდა ქვეყნის საშინაო საქმეებით _ სამეურნეო და კულტურულ-საგანმანათლებო სფეროში, რამეთუ გარდაემეტა თამარის საქმეთა ჭეშმარიტი საქებულობა მანამდე არსებულ მეფეთა საქმიანობასო, _ წერს ისტორიკოსი. თამარის ბრძნული მოქმედებით საქართველო მოეშენა და მოეწყო, აყვავდა და გაიფურჩქნა. მაღალგანვითარებულ სოფლის მეურნეობასთან ერთად დაწინაურებული იყო ხელოსნობაც, რაც, თავის მხრივ საშინაო და საგარეო ვაჭრობის განვითარების საფუძველს ქმნიდა. ხელოსნური წარმოებისა და ვაჭრობის დაწინაურებამ საქალაქო ცხოვრების აღმავლობა განაპირობა. საქართველოში საქალაქო ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ცენტრები თბილისი და ქუთაისი იყო. დაწინაურებული იყვნენ ქალაქები: რუსთავი, ატენი, გორი, ჟინვანი, დმანისი, არტანუჯი, ახალქალაქი, ახალციხე, ბარალეთი, თმოგვი, ოლთისი, სამშვილდე, ოძრხე, ხუნანი, არტაანი, თუხარისი, ხორნაბუჯი, თელავი, ვარდციხე, შორაპანი, პეტრა, ბათუმი, ფოთი, ცხუმი, ბიჭვინთა, ნიკოფსი. ასევე იყო ქალაქური ტიპის დასახლებები – დაბები: მცხეთა, უჯარმა, ჭერემი, მანგლისი, აწყური, ლორე, ნაჭარმაგევი, გეგუთი, ბოლნისი, ჟალეთი, გაგი, ბოჭორმა, და სხვ. ეს ქალაქები ხელოსნური წარმოებისა და ვაჭრობის ცენტრები იყო. საქართველოს წლიური შემოსავალი, ყმადნაფიცი ქვეყნების გარდა, შეადგენდა 3 მილიონ 750 ათასს ოქროს მანეთს და აღემატებოდა იმდროინდელი არაბული ერაყის, სპარსეთის, მცირე აზიის, საფრანგეთის შემოსავალს ცალ-ცალკე აღებულს და თითქმის ბევრად არ ჩამორჩებოდა ინგლისს. ეს თანხა იყო მხოლოდ ფულადი შემოსავალი, ხოლო ომებით მიღებული ნადავლიც რომ არ მივიღოთ მხედველობაში, საქართველოს დიდი შემოსავალი ჰქონდა ნატურით დაწესებული გადასახადების (სამეფო ხარკის) მხრივაც. ეს ფული ხმარდებოდა როგორც ქვეყნის თავდაცვას – ომებსა და ლაშქრობებს, ასევე დიდსა და პატარა მშენებლობებს – ქართველთა სავანეებს საზღვარგარეთ, ქვეყნის შიგნით – ქალაქებს, დაბებს, სოფლებს, აგარაკებს, გზებს, ხიდებს, ციხე-კოშკებს, სასახლეებს, ეკლესია-მონასტრებს, და მასთან არსებულ სკოლებს, არხებსა და რუებს. თამარმა გაამართვინა გემები და ნავები, _ზღვაში ჩაუშვა ხომალდი. თამარის ხანაში ოქრომჭედლობის რამდენიმე ცენტრი არსებობდა (ოპიზის, ტბეთის, გელათის), რომელთაც თავიანთი ნაწარმით საკმაოდ გაითქვეს სახელი (ბექა და ბეშქენ ოპიზარები, რომელთაც მოჭედეს და შეამკვეს ანჩისხატი) და მეტოქეობას უწევდნენ იმ დროს სახელგანთქმულ ბიზანტიელ ხელოსნებს.
ძველ ქართულ ისტორიოგრაფიაში დიდი ადგილი უჭირავს თამარის ორ ისტორიკოსს. ივანე ჯავახიშვილის შეფასებით ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი (რაკი ამ თხზულების სათაური დაკარგულია, პირობითად ასე ეწოდა), არც ერთ საუკეთესო საისტორიო ძეგლს არ ჩამოუვარდებოდა და დიდი ნდობის ღირსიც იყო. ასეთივე მაღალი შეფასება მისცა მან და ისტორიისთვის ძვირფას წყაროდ აღიარა ბასილი ეზოთმოძღვრის (მისი ვარაუდით იგია თამარის II ისტორიის ავტორი) ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი.
წმინდანად შერაცხული მეფე თამარი მთელი საქართველოს მფარველია და ეს მასთან დაკავშირებული სასწაულებიდანაც ცხადად ჩანს, რომელთაგანაც ერთ-ერთს მოგითხრობთ: რამდენიმე წლის წინ, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, ბაგრატიონთა საუფლისწულოში (საისტორიო წყაროების მიხედვით ირკვევა, რომ ქართველი ბაგრატიონები ადრე ყოფილან მთავარნი მესხეთის მხარეთა. მათი ძირითადი საგვარეულო სამფლობელო იყო მესხეთის პროვინციები _ კლარჯეთი, ჯავახეთი, სამცხე. ცენტრი, როგორც ირკვევა იყო კლარჯეთი, რის გამოც ამ სამფლობელოს კლარჯეთის სახლი რქმევია) – ახალციხეში – თამარ მეფის ძეგლის დადგმა გადაწყვიტეს. გამოცხადდა კონკურსი. გამარჯვებული მოქანდაკე – მალხაზ ცისკაძე და არქიტექტორი დავით ცუცქირიძე მუშაობას შეუდგნენ. ძეგლი თამარობის დღესასწაულზე უნდა გახსნილიყო. ვინაიდან ბრინჯაოში ქანდაკების ჩამოსხმა ძვირი ჯდებოდა, შემოქმედებითმა ჯგუფმა შედარებით იაფი, მაგრამ მძიმე გზა აირჩია _ გადაწყვიტა, წმინდანად შერაცხული მეფის ძეგლი ქვაში ხელით გამოეკვეთათ. მისი სიმაღლე 4,5 მეტრი უნდა ყოფილიყო. თამარი სამეფო ტახტზე იჯდებოდა და ხელთ ექნებოდა სფერო ჯვრით. სასწაული ოთხკუთხა ქვის დამუშავების დროს მოხდა. ჯერ თავის ფორმა გამოიყვანეს, და როცა გულ-მკერდის მარცხენა მხარის დამუშავებაზე გადავიდნენ, გულის ადგილზე ქვა გასკდა. დააკვირდნენ და აღმოაჩინეს, რომ ქვაში თხევადი სითხით ამოვსებული გულის ფორმის ღრმული იყო, რომელიც თბილი დახვდათ. რბილობი გეოლოგებმაც შეისწავლეს და გაარკვიეს, რომ თიხნარს, ცვლნარს და სტალაგმიტურ ნივთიერებებს შეიცავდა. იგი ძალიან ჰგავდა ცვილს, რომლითაც თაფლის სანთელს ასხამენ. ეს ფაქტი მართლაც სასწაულს ჰგავდა. და, აი, რატომ: თავისუფლად შეიძლებოდა, 72 ტონიანი თეთრი ქვის გამოთლა სხვა მხრიდან დაეწყოთ და გულის ფორმის რბილობი ქანდაკებას გულთან არ დამთხვეოდა. ქვაში გამოკვეთილი თამარის გული საქართელოს პატრიარქს, ილია მეორეს მიართვეს. მისმა უწმინდესობამ იგი სიწმინდედ შერაცხა და საპატარიარქოში დააბრძანა. მოგვიანებით კი სიონის საკათედრო ტაძარში გადააბრძანეს. ილია მეორემ ეს სიწმინდე უფლის კვართის შემდგომ უდიდეს სასწაულად მიიჩნია. პატრიარქის თქმით, თამარის გული იმის დასტურია, რომ უფალს ვახსოვართ და წმინდა თამარი ჩვენს ქვეყანას თავის კალთას კვლავ აფარებს.

გამოყენებული ლიტერატურა: ქართლის ცხოვრება – ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი; ცხორება მეფეთ-მეფისა თამარისი; ვ. გურგენიძე – თამარ მეფე; პ. ინგოროყვა – გიორგი მერჩულე; ე. მეტრეველი – ძლისპირნი და ღმრთისმშობლისანი, გამომცემლობა მეცნიერება, 1971 წ.
მასალები მოიძია, დაამუშავა და შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

Exit mobile version