დაუჯდომელი საგალობელი წმიდათა უვერცხლოთა და საკვირველთმოქმედთა მკურნალთა

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩუენ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

✠

კონდაკი 1

ქებით შეგამკობთ თქუენ, ღმრთივრჩეულნო მამანო და მოწამენო, ვითარცა დიდთა შუამდგომელთა, უსასყიდლოთა მკურნალთა და ნუგეშინისმცემელთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთასა, და მხურვალედ გევედრებით: შეგვეწიეთ ღმრთისა მიმართ, რაითა დაგვიცვას სულთა და ხორცთა ვნებულებათაგან, და ღირს-გვყოს შეწირვად თქუენდა გალობისა: გიხაროდენ, წმიდანო უვერცხლონო მკურნალნო და საკვირველთმოქმედნო დიდებულნო!

✠

იკოსი 1

ანგელოზნი და კაცნი განაკვირვა გულმოწყალებამან ღმრთისამან, რამეთუ მოგუმადლა ჩუენ ცოდვილთა მფარველად და მწედ წმიდაი დასი ეგე რჩეულთა და მოწყალეთა მკურნალთა და სასწაულთმოქმედთაი, ვითარცა სიყუარულითა და თანალმობითა მოტყინარენი კაცთა მიმართ, და მიანიჭათ მრჩობლი მადლი, რაითა არა ხოლო თუ სენთა და განსაცდელთაგან განარინებდენ პატივისმცემელთა ხსენებისა მათისათა, არამედ ღმრთისა მადლითა და მშვიდობითა აღავსებდენ მოსავთა თვისთა და მაქებელთა:

გიხაროდენ, სარწმუნონო მსახურნო სამებობითა განდიდებულისა ღმრთისანო;

გიხაროდენ, უფლისა იესუ ქრისტეისგან მიმღებელნო კურნებისა მადლისა და ძალისანო;

გიხაროდენ, მტვირთველნო ძალ-მიხდილთა უძლურებისანო;

გიხაროდენ, უქრთამოდ მომცემელნო ლხინებისანო;

გიხაროდენ, სიკუდიდ განწირულთა სნეულთათვის მიმმადლებელნო სიმრთელისანო;

გიხაროდენ, რჩეულნო და სანატრელნო შვილნო ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობლისანო;

გიხაროდენ, წმიდანო უვერცხლონო მკურნალნო და საკვირველთმოქმედნო დიდებულნო!

✠

კონდაკი 2 წმიდათა მოწამეთა პანტელეიმონ მკურნალისა და მოძღურისა მისისა ერმოლაოზისა

იყავ რაი მწყემსი კეთილი ქრისტეს სამწყსოისა, ჰოი, მამაო ერმოლაოზ, ქადაგებდი დევნულსა სარწმუნოებასა მისსა, და შენ მიერ შეიცნო რაი შემოქმედი პანტელეიმონ მკურნალმან, განაგდო უღმრთოთა კერპთმსახურთა ბნელი და შეუდგა რაი ღმერთსა ჭეშმარიტსა, სიტყვითა მადლისაითა კურნებდა ყოველთა და აღძრვიდა დიდებად მისა: ალილუია.

✠

იკოსი 2

შეიპყრეს რაი წმიდაი პანტელეიმონი მაქსიმიანე მეფისა ბრძანებითა, არა დაუტევე მოწაფეი შენი, ნეტარო ერმოლაოზ, და სამსჯავროსა მას წარდგომილმან, ორთა მათ ხუცესთა თანა აღიარე ქრისტე წინაშე მსაჯულისა, გევედრებოდა რაი კერპთმსახურებად მოდრეკასა მოწაფისა შენისასა, და ახოვანებითა თავს-ისხენით რაი ვნებანი უწინარეს მისა, აწ საუკუნეთა მეუფისა წინაშე ერთობით მდგომარენი ზეცისა ძალთა თანა მეოხ ხართ მოსავთა თქუენთა და მაქებელთა:

გიხაროდენ, მწყემსო კეთილო ერმოლაოზ, რამეთუ შენთანა ტანჯულთა ხუცესთა – ერმოკრატესა და ერმიპესა თანა განბრწყინდი მღდელმოწამეობისა ღმრთეებრივითა ნათლითა;

გიხაროდენ, ღმრთეებრივისა სამებისა სიყუარულითა აგზებულნო, სისხლითა თვისითა დაშრიტეთ რაი ცეცხლი უღმრთოებისაი;

გიხაროდენ, პანტელეიმონ, მკურნალო განწირულთაო, რამეთუ მოიღე სახელ-დებაი თავად ყოვლისამპყრობელისა მაცხოვარისაგან;

გიხაროდენ, უმეტესად განბრძნობილო სწავლულთასა, მოძღურისა შენისა კურთხევითა სინანულად მოუწოდდი რაი მრავალთა;

გიხაროდენ, ზღვისა ღელვათაგან უვნებლად განრინებულო, ახოვნად ეკვეთე რაი ცეცხლსა, და სიკუდილი დაითმინე სიყუარულითა ღმრთისაითა;

გიხაროდენ, ცათა შინა ერთობითა დამკვიდრებულნო, გარდამოადინებთ რაი ნიშ-სასწაულთა და კურნებათა სიმრავლესა;

გიხაროდენ, წმიდანო უვერცხლონო მკურნალნო და საკვირველთმოქმედნო დიდებულნო!

✠

კონდაკი 3 წმიდათა კოზმა და დამიანე ასიელთა

სიწმიდითა აღიზრდებოდით რაი კეთილმსახურისა დედისა თქუენისა თეოდოტიასგან, გაქუნდათ მოშურნეობაი საღმრთოისა ცხორებისა მიმართ, ნეტარნო ძმანო კოზმა და დამიანე, და მოგანიჭათ რაი უფალმან ძალი სულთა და ხორცთა კურნებისაი, არცა ვისგან რასა მოიღებდით, ქუელნო, არამედ ყოველთა მისცემდით ლხინებასა, და აღძრვიდით დიდებად ღმრთისა: ალილუია.

✠

იკოსი 3

ნიჭნი კურნებათა და სასწაულთაი ზეგარდამო მოიხუენით რაი ქრისტეს ღმრთისაგან, სანატრელნო, დიდად მოშურნე იქმნენით უძლურთათვის, და მხეცნიცა გულისხმა-ყოფდენ რაი თქუენ ზედა დავანებულსა მადლსა საკვირველსა, მოგეგებვოდენ ტყეთა და ველთა შინა კურნებად მათდა განსრულთა, და აღხოცდით რაი სალმობათა მათთა, შემდგომად სიკუდილისა უფროისად განგადიდათ უფალმან სასწაულთა სიმრავლითა, და მრავალნი აღძრა გალობად თქუენდა:

გიხაროდენ, ყოველთათვის ღმრთისა დიდებისა მაჩვენებელნო;

გიხაროდენ, მოსავთა თქუენთათვის მართლისა მსაჯულისა მიმართ მვედრებელნო;

გიხაროდენ, უსასოთათვის სიმრთელისა და სიმტკიცისა მიმმადლებელნო;

გიხაროდენ, დავრდომილთა აღმადგინებელნო და უძლურთა ნუგეშინისმცემელნო;

გიხაროდენ, ბრმათათვის თუალთა აღმხელელნო და მკელობელთა მავლინებელნო;

გიხაროდენ, სჯულსა შინა ჭეშმარიტსა უმეცართა განმაბრძნობელნო;

გიხაროდენ, წმიდანო უვერცხლონო მკურნალნო და საკვირველთმოქმედნო დიდებულნო!

✠

კონდაკი 4 წმიდათა მოწამეთა კვიროს და იოანესი

იყავ რაი მკურნალი ბრძენი და ხელოვანი, წმიდაო კვიროს, მრავალთა მოაქცევდი ჭეშმარიტსა სარწმუნოებასა ზედა, და იწყეს რაი დევნაი შენი უსჯულოთა, უდაბნოსა შინა დამკვიდრდი და ქრისტეს ძალითა აღასრულებდი ნიშ-სასწაულთა და კურნებათა, ხოლო საქმენი შენნი ესმა რაი მხედარსა იოანეს, ისწრაფა მორჩილებად შენდა, რაითა ერთობითა იღუწიდეთ და მარადის ადიდებდეთ ღმერთსა: ალილუია.

✠

იკოსი 4

გეუწყათ რაი უსჯულოთა მიერ კეთილმსახურისა ათანასიას შეპყრობაი სამთა ასულთა თანა მისთა, დილეგსა შინა მოიხილეთ, ჰოი, კვიროს და იოანე, და ნუგეშინის-ეცით რაი ქრისტეს აღმსარებელთა, თქუენცა შეგიპყრნეს და ნაგუემნი მოგაკუდინეს რაი მახვილითა, მიიცვალენით სამკვიდრებელსა ზეცისასა და ლოცვათა შინა სარწმუნოებითა მოხსენიებულნი ჰკურნებთ ყოველთა მოსავთა თქუენთა და მგალობელთა:

გიხაროდენ, თანა მოღუაწენო და ერთითა ზრახვითა ძმეებრ შემტკიცებულნო;

გიხაროდენ, წარმართულისა სიბილწისაგან მრავალთა სულთა მომზღუდველნო;

გიხაროდენ, უფლისა ძლიერებისა დამმოწმებელნო;

გიხაროდენ, სახელითა მისითა მძლავრთა სიცბილთა და შინებათა შეურაცხმყოფელნო;

გიხაროდენ, კრავნო ქრისტეისნო, მისთვის მომწყდარნო და ზეცისა საკურთხეველსა მითუალულნო;

გიხაროდენ, შეცთომილთათვის ზეცად აღმავალისა მის იწროისა გზისა წარმმართებელნო;

გიხაროდენ, წმიდანო უვერცხლონო მკურნალნო და საკვირველთმოქმედნო დიდებულნო!

✠

კონდაკი 5 წმიდათა მოწამეთა ანიკიტესი და ფოტისა

უშიშად ამხილებდა რაი დიოკლეტიანეს უსჯულოებასა სახელ-დიდი სპასალარი მისი ანიკიტე, სიმხნითა თავს-იდებდა ქრისტეისთვის ვნებათა, და ხედვიდა რაი ნათესავი მისი ფოტი საკვირველებასა ამას, თვითცა აღიარა ჭეშმარიტებაი წინაშე უღმრთოთასა, და ეწადათ რაი განგმერაი მისი მახვილითა, უფალმან დაიცვა უვნებელად, ხოლო ორნივე ეგე აღმსარებელი შესხნეს რაი დილეგსა, მხურვალესა ლოცვასა შინა ღმერთსა ადიდებდენ, და აქებდენ ძალსა მისსა: ალილუია.

✠

იკოსი 5

გაიძულებდენ რაი უსჯულონი კერპთა ღმრთად აღიარებასა, ნეტარნო ფოტი და ანიკიტე, გამოაჩინეთ ღმრთისა მიმართ სიყვარულისა თქუენისა მხურვალებაი, და ვერა დახსნეს რაი სიმტკიცეი თქუენი გუემითა, მიგცეს შესაჭმელად ლომთა, გარნა ვერცაღა მოგეახლენ საღმრთოითა მადლითა დაცულთა, და შთაგსვეს რაი ქურასა მას რვალისასა განხურვებულსა, ვიდრე სიკუდიდმდე უგალობდით ღმერთსა, დაიცვა რაი შეუხებელად ცეცხლისაგან ნეშტნი თქუენნი და მრავალნი აღძრა გალობად თქუენდა:

გიხაროდენ, ქუხილნო საღმრთოისა ქადაგებისანო;

გიხაროდენ, წარუტყუევნელნო ბჭენო მართლაღმსარებლობისანო;

გიხაროდენ, თუალუხვავად მამხილებელნო უსჯულოისა მეფისანო;

გიხაროდენ, ორობაო მარტვილთაო, განმვლელნო შორის ცეცხლისა და ტანჯუათა სიმძაფრისანო;

გიხაროდენ, ქრისტეს მიერ მომღებელნო ძლევისა გვირგვინისანო;

გიხაროდენ, მკურნალნო სნეულებათა მიერ შეპყრობილთანო;

გიხაროდენ, წმიდანო უვერცხლონო მკურნალნო და საკვირველთმოქმედნო დიდებულნო!

✠

კონდაკი 6 წმიდისა მოწამისა ტრიფონისა

სიყრმითგან შეიყუარე ღმერთი ჭეშმარიტი, წმიდაო მოწამეო ტრიფონ, და უშიშად ქადაგებდი რაი შორის წარმართთასა, მოგმადლა საღმრთოი ნიჭი ეშმაკთა განსხმისაი და მრავალსახეთა სნეულებათა კურნებისაი უფალმან, და მრავალთა მოაქცევდი რაი მისა მიმართ, განითქუა საქმენი შენნი, წმიდაო, და გეძიებდენ რაი მსახურნი მეფისანი, ვითარცა წინააღმდგომსა მისსა, სამსჯავროსა მას ნებსით წარდგომილმან უსჯულოებაი მათი ამხილე, და უგალობდი ღმერთსა: ალილუია.

✠

იკოსი 6

ლიქნითა ჰგონებდენ რაი ცთუნებასა შენსა, ნეტარო ტრიფონ, კერპთა ეშმაკად სახელ-სდებდი და სიმხნითა დაითმენდი რაი სატანჯველთა, ზეგარდამო გვირგვინი ბრწყინვალეი დაგადგა თავსა ზედა ქრისტემან, და განიკურნე რაი მადლითა მისითა, ვერა გულისხმაყო საკვირველებაი ეგე მსაჯულმან, და განაჩინა რაი დაკლვაი შენი, შეჰვედრე სული თვისი ღმერთსა, მოგანიჭა რაი მადლი შეწევნისაი, და ჭირთაგან იხსნი მაქებელთა შენთა:

გიხაროდენ, მუშაკთა ნაყოფიერ-მყოფელო და განმსხმელო ყანობირთა აღმაოხრებელთა მწერთაო;

გიხაროდენ, ქრისტეისთვის ნებსით თავს-მდებელო ძელსა ზედა დამოკიდებისა და სასტიკთა გუემათაო;

გიხაროდენ, მისთვის დამთმენელო განხურვებულთა სამსჭუალთაგან ფერხთა განხურეტისა, და ცეცხლსა შინა შთაგზებისაო;

გიხაროდენ, უხრწნელთა ნაწილთა შენთა მიერ სენთა მაკურნებელო და მაოტებელო ეშმაკთა საცთურთაო;

გიხაროდენ, სარეცელთაგან აღმადგინებელო სალმობიერთაო;

გიხაროდენ, მრისხანებისაგან მეფისა დამხსნელო ტრიფონ ბაზიერისაო, გამოუჩინე რაი საყვარელი შევარდენი, და ტაძარი აღაგო სახელსა ზედა შენსა;

გიხაროდენ, წმიდანო უვერცხლონო მკურნალნო და საკვირველთმოქმედნო დიდებულნო!

✠

კონდაკი 7 წმიდისა დიომიდე მკურნალისა

მოიღო რაი დიდი წყალობაი შენ ზედა ღმერთმან, ვითარცა მოშურნესა მსახურსა თვისსა, მოგმადლა მიუთხრობელი ნიჭი კურნებისაი, ბრძენო დიომიდე, და ქადაგებითა მოჰვლიდი რაი ქალაქებსა და სოფლებსა, ქრისტეს მცნებისაებრ უსასყიდლოდ კურნებდი სულითა და ხორცითა ვნებულთა, და ყოველთა აღძრვიდი დიდებად ღმრთისა: ალილუია.

✠

იკოსი 7

ესმა რაი განდიდებაი სახელისა შენისაი უსჯულოსა მას მეფესა დიოკლეტიანეს, წარმოგზავნა მხედარნი შეპყრობად შენდა, გარნა გზასა მას ზედა მშვიდობითა მიიცვალე, ღირსო დიომიდე, და წარგკვეთეს რაი თავი უგუნურთა მათ მხედართა და მიართვეს მეფესა, დაბრმდენ მეყსეულად, და ხედვიდა რაი მძლავრი იგი მათ ზედა მოწევნულთა სასჯელთა, შეძრწუნებულმან უბრძანა უკუნ-ქცევაი თავისა შენისაი, და აღასრულეს რაი ბრძანებაი მისი მხედართა, აღეხილათ თუალნი, არა ხოლო თუ ხორციელნი, არამედ სულიერნიცა, და გნატრიდენ შენ, ვითარცა საკვირველთმოქმედსა მოღუაწესა:

გიხაროდენ, აღმსარებელო ქრისტეს დევნულისა სარწმუნოებისაო;

გიხაროდენ, განცისკრებულო კურნებისა მისმიერითა მადლითაო;

გიხაროდენ, სენთა აღმხოცველო ღმრთივ-მომადლებულითა მეცნიერებითაო;

გიხაროდენ, უძლურთა ყრმათა მკურნალო და დამხსნელო მშობელთა მათთა მწუხარებისაო;

გიხაროდენ, ეკლესიისა მიერ შერაცხილო შორის უსასყიდლოთა მკურნალთაო;

გიხაროდენ, ზეთის კურთხევისა საიდუმლოსა შინა მოხსენებულო მეოხად უძლურთაო;

გიხაროდენ, წმიდანო უვერცხლონო მკურნალნო და საკვირველთმოქმედნო დიდებულნო!

✠

კონდაკი 8 წმიდათა ძმათა კოზმა და დამიანე ჰრომაელთა

ქუეყანასა ზედა მწირად და მსხემად რაცხდით რაი თავთა თვისთა, წმიდანო კოზმა და დამიანე, საცხოვარი თქუენი განუწილეთ გლახაკთა, და ქრისტე შეიძინეთ, რომელ ცხადად მოქმედ იყო შორის თქუენსა, რამეთუ კურნებდით სნეულთა, და განსწავლიდით რაი ქრისტეს სჯულსა შინა, ეწადა შეპყრობაი თქუენი უღმერთოსა მას მეფესა და წარმოგზავნა მხედარნი ძიებად თქუენდა, გარნა ვერცაღა გპოვეს და შეიპყრეს რაი სხუანი მორწმუნენი, სამსჯავროსა მას წარსდეგით თქუენცა, რაითა ახოვნად აღიაროთ ქრისტე და ადიდოთ შორის ყოველთასა: ალილუია.

✠

იკოსი 8

დასნეულდა რაი მეფეი კარიუსი განგებულებითა ღმრთისაითა, ითხოვა თქუენგან შეწევნაი, და აღგითქუათ რაი ქრისტეს სარწმუნოებასა ზედა შედგომაი, ძმანო საკვირველნო, განკურნეთ სახელითა მისითა და მსწრაფლ განგათავისუფლათ რაი დილეგითგან, შურითა საეშმაკოითა აღივსო მხცოვანი მასწავლელი თქუენი, და მოგაკუდინათ რაი მზაკუვარებითა, გუამნი თქუენნი მისცა მდინარესა, და სულნი თქუენნი აღიტაცეს ანგელოსთა საღმრთოთა მათ სამკვიდრებელთა შინა, რაითა აღმსარებელთა და მოწამეთა თანა იშუებდეთ მარადის, და შეეწეოდეთ შემსხმელთა თქუენთა:

გიხაროდენ, ახოვანნო ქადაგნო ჭეშმარიტებისანო;

გიხაროდენ, ღმრთისმეცნიერებისა ნათლითა განმანათლებელნო კერპთმსახურთა წყუდიადისანო;

გიხაროდენ, ქრისტეს აღსარებისათვის თავსმდებელნო განსაცდელთა და ღუაწლისანო;

გიხაროდენ, ღმრთივგანბრძნობილო ორობაო, მორწმუნეთათვის გარდამომადინებელნო შეწევნისა სულნელოვანისა მიჰრონისანო;

გიხაროდენ, უსასოთათვის მომნიჭებელნო ხსნისა სასოებისანო;

გიხაროდენ, დამშრეტელნო მწუხარებათა სახუმილისანო;

გიხაროდენ, წმიდანო უვერცხლონო მკურნალნო და საკვირველთმოქმედნო დიდებულნო!

✠

კონდაკი 9 წმიდისა მოწამისა მოკი ხუცესისა

იყავ რაი პატიოსანი ხუცი ჟამსა მას დიოკლეტიანეს მეფობისასა, დიონისეს დღესასწაულსა ჭეშმარიტი სწავლებაი უქადაგე წარმართთა, და შეგიპყრეს და გტანჯვიდენ რაი, მამაო მოკი, შემუსრე კერპი უფლისა სახელითა, და შთაგსუეს რაი განხურებულსა ღუმელსა, ჰოი, საკვირველი, ქრისტემან, კლდემან სიმტკიცისამან დაგიფარა, და აქებდი ძალსა მისსა: ალილუია.

✠

იკოსი 9

ვერა შეუძლეს ღირსად ქებაი შენი სამსჯავროსა მას შეკრებულთა ერთა, ხედვიდენ რაი შენზედა მოშუებულსა ლომსა, განრთხმულსა ქუეშე ფერხთა შენთასა, და ითხოვდენ რაი გათავისუფლებასა შენსა, მთავართა მათ წარგგზავნეს ბიზანტიას და მოგაკუდინეს რაი მძლავრებითა, წმიდაი სული შენი შეჰვედრე უფალსა, და დაგამკვიდრა სასუფეველსა თვისსა, ხოლო გუამი შენი, მორწმუნეთა მიერ ფარულად დაკრძალული, სამარხოითგან აღმოაცენებდა კურნებასა, და ყოველთა აღძრვიდა გალობად შენდა:

გიხაროდენ, საწამებელთა შენთა საშინელთა მანქანებათა შემმუსრველო;

გიხაროდენ, სამღდელოისა სამოსელისა შენისა ტანჯვათა სისხლითა მეწამულ-მყოფელო;

გიხაროდენ, უხრწნელთა ნაწილთა შენთა მიერ და ნიშთა სიმრავლითა ყოვლისა სოფლისა განმასულნელებელო;

გიხაროდენ, კურნებისა მადლმოსილისა ცუარისა მორწმუნეთათვის გარდამომადინებელო;

გიხაროდენ, ჭირთა მძვინვარეთა მძაფრთა სნეულებათა მსწრაფლ განმდევნელო;

გიხაროდენ, მოსავთა შენთა საუკუნოთა სატანჯველთაგან განმარინებელო;

გიხაროდენ, წმიდანო უვერცხლონო მკურნალნო და საკვირველთმოქმედნო დიდებულნო!

✠

კონდაკი 10 ღირსისა სამსონ უცხოთშემწყნარებელისა

იყავ რაი ძეი დიდებულთა ჰრომაელთაი, ნეტარო სამსონ, განგსწავლეს სამკურნალოსა მას ხელოვნებასა შინა, და შემდგომად სიკუდილისა მათისა გეწადა რაი დაყუდებაი უდაბნოსა, სიმდიდრეი შენი განუწილე უპოვართა და გლახაკთა, გარნა უფალმან მოგანიჭა საკვირველი ნიჭი კურნებისაი, და კაცთათვის ზრუნვისაი, და უსასყიდლოდ მიჰმადლებდი რაი სიმრთელესა ყოველთა, იუსტინიანე მეფეიცა განკურნე და მის მიერ ბოძებულითა საფასითა სახლი აღუშენე უძლურთა და მწირთა, რაისთვისცა გაქებდენ და ადიდებდენ ღმერთსა: ალილუია.

✠

იკოსი 10

ფრიად განითქუა რაი საქმენი შენნი, წმიდაო სამსონ, ხუცეს-მონაზონად იკურთხე პატრიარქისაგან, და მხცოვანებასა მიწევნულმან მშვიდობითა შეჰვედრე რაი სული თვისი უფალსა, პატივითა დაგკრძალეს ტაძარსა მას წმიდისა მოკისასა, ხოლო სახლი იგი `უძლურთაი~ ტაძრად გარდაქმნეს, და მუნვე აღაშენეს `სახლი მოწყალებისაი~, რომელ საკვირველად დაიცევ ხანძრისაგან, მეყსა შინა მოვლინებითა წვიმისაითა, და სასწაულისა ამის მხილველნი აღიძრნენ შეწირვად შენდა `გიხაროდენისა~:

გიხაროდენ, მამაო რჩეულო და მოწყალეო, მღვიძარებითა და მარხვითა განკაფულო;

გიხაროდენ, მლოცველო კეთილსათნოო, სენთა მძვინვარებისა და არაწმიდათა სულთა განმდევნელო;

გიხაროდენ, უცხოთშემწყნარებელო საკვირველო, ჟამსა სიყმილისასა მრავალთა სულთა გამომზრდელო;

გიხაროდენ, სამარხოისა შენისა წყაროდ კურნებათა გამომაჩინებელო;

გიხაროდენ, მრავალთა სასწაულთა აღმასრულებელო;

გიხაროდენ, უშვილოთა დედათათვის შვილიერებისა მიმმადლებელო;

გიხაროდენ, წმიდანო უვერცხლონო მკურნალნო და საკვირველთმოქმედნო დიდებულნო!

✠

კონდაკი 11 წმიდისა მოწამისა იულიანესი

ვითარცა ღმრთივგანბრძნობილი მკურნალი, წმიდაო იულიანე, შეეწეოდი რაი უძლურებითა განკაფულთა, საპყრობილესა შინა ქრისტეანეთა განამხნობდი, და სარწმუნოებასა ზედა მოაქცევდი რაი მრავალთა, შეგიპყრეს უსჯულოთა, და ხელთა და ფერხთა შინა სამსჭვალთა განყრითა მოგაკუდინეს რაი იწროსა მას მღვიმესა, ვითარცა მოწამეი, უფლისა მიერ აღირაცხე წმიდათა შორის მისთა, და ჩუენცა მოგუმადლებ რაი კურნებასა, აღგუძრავ ქებად შენდა და დიდებად ღმრთისა: ალილუია.

✠

იკოსი 11 წმიდისა მოწამისა თალალესი

ვითარცა მკურნალი ხელოვანი, თალალე სანატრელო, არა ხოლო თუ ხორცთა სენთა ჰკურნებდი უსასყიდლოდ, არამედ მრავალთა მოაქცევდი ქადაგებითა, და შეგიპყრეს რაი უსჯულოთა, ძელსა შემსჭვალვაი შენი უბრძანეს ორთა მხედართა, გარნა შეებრალა მათ სიჭაბუკეი შენი, ნეტარო, და ქრისტეს აღსარებისათვის თვითვე აღესრულნეს რაი თავის წარკვეთითა, ვერცაღა შეძრეს სიმტკიცეი შენი მტარვალთა – ვერცა ზღვასა შინა და ვერცა მხეცთა თანა შთაგდებითა, და განგგმირეს რაი მახვილითა, ეკლესიამან აღგრაცხა უვერცხლოთა მკურნალთა თანა, და ქებით შესხმასა შენსა გვიწესს მორწმუნეთა:

გიხაროდენ, რჩეულნო მკურნალნო – იულიანე და თალალე, საღმრთოითა მით მადლითა ცხებულნო;

გიხაროდენ, უსჯულოთა მათ კერპთაყუანისმცემელთა უშიშად მამხილებელნო;

გიხაროდენ, ცოდვის-მოყუარეთა კაცთათვის თავშეკავებისა სიტკბოებისა მასწავლელნო;

გიხაროდენ, სინანულისა გზათა მიმართ წარმმართებელნო;

გიხაროდენ, ყოველთა მიმძლავრებულთა და ჩაგრულთა მფარველნო;

გიხაროდენ, დიდნო სასწაულთმოქმედნო, სასოებად და ნუგეშად ჩუენდა მომადლებულნო;

გიხაროდენ, წმიდანო უვერცხლონო მკურნალნო და საკვირველთმოქმედნო დიდებულნო!

✠

კონდაკი 12 წმიდათა მოწამეთა კოზმა და დამიანე არაბიელთა და

სამთა ძმათა მათთა – ლეონტისა, ანთიმოზისა და ევტროპისა

იყვენით რაი უსასყიდლონი მკურნალნი, ჰოი, კოზმა და დამიანე, დაუცხრომელად ქადაგებდით ქრისტესა, და სამთა მათ ძმათა თანა პყრობილნი წარგადგინეს რაი წინაშე მმართველისა, დეგით მტკიცედ და ამხილებდით ცთომილებასა მისსა, ხოლო განაჩინა რაი გუემაი თქუენი და შთაყრაი ზღუასა, უფალმან დაგიცვათ საკვირველად, და ვერა გულისხმაყო რაი სასწაული ეგე მმართველმან, ბრძანა წარკვეთაი თავთა თქუენთაი, და ლოცვითა და გალობითა შეჰვედრეთ სულნი თქუენნი ღმერთსა: ალილუია.

✠

იკოსი 12

სიყუარულითა გაქებთ ხუთრიცხვედსა კრებულსა არაბიელთა ძმათასა – ვითარცა წმიდასა და დიდებულსა კრებულსა მკურნალთა და სასწაულთმოქმედთა მამათასა, და აღვამაღლებთ განმადიდებელსა თქუენსა ქრისტესა, ღმერთსა ჩუენსა, რომელმან უხუებითა გამოაბრწყინა წმიდანი და მადლმოსილნი ნიჭნი თვისნი თქუენ ზედა, რაითა წყალობაი და შეწევნაი გარდამოგვივლინოს ზეცითგან მომწოდებელთა თქუენთა – სენთაგან შეჭირვებულთა და საცთურთაგან ძლეულთა, და აღგვძრას გალობად თქუენდა:

გიხაროდენ, ლეონტი, ანთიმოზ და ევტროპი სანატრელნო, სასწაულთა დიდებულებითა მორწმუნეთა სახარულევან-მყოფელნო;

გიხაროდენ, კოზმა და დამიანეს თანა უკურნებელთა სნეულებათა აღმხოცველნო;

გიხაროდენ, მშობელთა ბერწობისა საღმრთოითა მადლითა დამხსნელნო;

გიხაროდენ, მწუხარებისა მათისა სიხარულად გარდამქცეველნო;

გიხაროდენ, ჩჩვილთა მათთა სიკუდილისაგან დამფარველნო;

გიხაროდენ, სოფლისა ღელვათაგან შერყეულთა და შეგინებულთა გულთა დამამშვიდებელნო;

გიხაროდენ, წმიდანო უვერცხლონო მკურნალნო და საკვირველთმოქმედნო დიდებულნო!

✠

კონდაკი 13

ჰოი, ყოვლადქებულნო სათნო-მყოფელნო ღმრთისანო, უვერცხლონო და სასწაულთმოქმედნო მკურნალნო და მამანო სანატრელნო, შეიწირეთ კნინი ესე გალობაი ჩუენი და მხურვალითა შუამდგომელობითა თქუენითა გვითხოეთ ქრისტეის ღმრთისა მიერ ცოდვათა ჩუენთა მოტევებაი, სულთა და ხორცთა უძლურებათა კურნებაი, წარმავალთა ამათ ჭირთაგან განრინებაი და საუკუნოისა ხსნისა სასოებაი, რაითა შეწევნითა თქუენითა უჭირველად მივემთხვივნეთ ზეცისა სასუფეველსა და მარადის ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა: ალილუია.

ეს კონდაკი 3-გზის, შემდგომ: იკოსი 1 და კონდაკი 1

✠

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, ღუაწლმრავალნო მკურნალნო დიდებულნო, წინაშე მტარვალთა თავთა თვისთა ქრისტეს მსახურად მწოდებელნო და ვნებათა მისთა ახოვანებითა მიმბაძველნო; კაცთა და პირუტყვთა ყოველთა სენთაგან დამფარველნო და მორწმუნეთა სახლთა ყოვლითა კეთილითა აღმავსებელნო; სულთა თქუენთა მართლმადიდებელისა სარწმუნოებისათვის დამდებელნო და მხურვალედ თქუენდამი შევრდომილთა ხელის-აღმპყრობელნო და მსწრაფლ-შემწენო!

ჰოი, წმინდანო უვერცხლონო მკურნალნო და სასწაულთმოქმედნო საკვირველნო, არა ხოლო თუ კაცთა და პირუტყუთა კურნებისა ხელოვანებაი მოიღეთ ქრისტეს ღმრთისაგან, არამედ მოუკლებელიცა მადლი ვნებათა დაშრეტისაი და ეშმაკთა განხდისაი, და მსწრაფლ შეეწეოდით რაი ყოველთა ვნებულთა, შეაგონებდით განმართებასა ცხორებისა თვისისასა, რაითა მრთელ იყვნენ სულითაცა და ეზიარნენ მაცხოვნებელსა მადლსა ქრისტეს ღმრთისასა, აწ ჩუენცა შეგვაწყნარეთ სახიერებასა მისსა, რაითა არა წარგვწყმიდოს უსჯულოებათათვის ჩუენთა, არამედ გვიხსნას უწყალოთა და უკურნებელთა სნეულებათა და უძლურებათაგან სულთა და ხორცთაისა და დაგვიფაროს ყოვლისაგან ბოროტისა. ყოვლადძლიერითა მადლითა ლოცვისა თქუენისაითა მსახურებასა შინა განაძლიერეთ უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოის კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დიდი მეუფე, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.

ჰოი, ქუეყანისა ანგელოზნო და კაცნო ზეცისანო, მსწრაფლშემწენო და მეოხნო ყოველთა თქუენდამო სარწმუნოებითა მოვლტოლვილთანო, აწ ჩუენცა გვიოხეთ ღმრთისა მიმართ, რაითა დაგვიფაროს სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, მახვილისა, განმხრწნელისაგან ქარისა, ზედა მოსლვისაგან უცხო თესლთაისა და ძმათა შორის ბრძოლისაგან, ტყვეობისაგან ეშმაკისა და უწმიდურთა სულთა ყოვლისა მოქმედებისაგან, უცნაურისა სენისა და უეცარისა სიკუდილისაგან, რაითა უბრკოლველად თანა-წარვხდეთ საცთურთა მათ საწუთოისათა, და ჟამსა მას აღსასრულისა ჩუენისასა განვერნეთ ბოროტთა მათ ჰაერის მცველთა, რაითა სასუფეველსა შინა მარადის თქუენთანა უგალობდეთ მამასა, ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა, წმიდათა უვერცხლოთა და სასწაულთმოქმედთა მკურნალთა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა