ვახტანგ გოგრგასალი

13 დეკემბერი. წმიდა დიდი მეფე ვახტანგ გორგასალი (+502)


“ეძიებდეთ სიკვდილს ქრისტესთვის!”

 

ქართველთა მეფე მირდატი სპარსელებმა ტყვედ იგდეს და ბაღდადში წაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა კიდევაც. ქართლში ჩაკვდა ქრისტიანული სარწმუნოება, ეკლესიებში ცეცხლთაყვანისმცემელთა ცეცხლი აინთო.

სამი წლის შემდეგ სპარსელთა მეფეს აღმოსავლეთიდან მტერი შემოესია. ამით ისარგებლეს ქართლის აზნაურებმა და მცხეთაში მეფედ დასვეს მანამდე კახეთს შეფარებული ძე თრდატისი, არჩილ. არჩილი ბერძენთა მეფეს ივბიმიანოსს დაუმოყვრდა, მათი შემწეობით კვლავ აღადგინა ქრისტიანობა ქართლში, ცეცხლის მსახურთაგან ზოგი მოსრნა, ზოგი განდევნა და უკან შემობრუნებულმა მთელ ქართლს უქადაგა – მადლობა შეეწირათ უფალ იესო ქრისტესათვის, რომლის შემწეობითაც ქვეყანამ კვლავ დაიბრუნა თავისუფლება.

არჩილის ძე მირდატიც მამასავით მორწმუნე და ღვთისმსახური იყო, ქველი და შემმართებელი. ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მან რანთა ერისთავს ბარზაბოდს სთხოვა ასული ცოლად. ბარზაბოდი სიხარულით დათანხმდა ამ წინადადებას.

საგდუხტ დედოფალი, როგორც კი გაეცნო ქრისტიანულ მოძღვრებას, მაშინვე თავისი ნებით უარყო ცეცხლთაყვანისმცემლობა, მიიღო ქრისტეს სჯული, და უფლისადმი მადლობის ნიშნად სამშვილდის სიონიც ააშენა.

მირდატ მეფეს და საგდუხტ დედოფალს სამი შვილი შეეძინათ: ორი ასული: ხვარანძე და მირანდუხტი, ერთიც ძე, რომლის სახელიც სპარსულად გამოითქმებოდა როგორც ვარანგ-ხვასროთანგ, ხოლო ქართულად ვახტანგ.

ვახტანგი აღსაზრდელად საურმაგ სპასპეტს ჩააბარეს. შვიდი წლისა იყო იგი, როცა მეფე მირდატი გარდაიცვალა. შეშინებული, უმწეოდ დარჩენილი საგდუხტ დედოფალი მამას, ბარზაბოდს ეახლა, დაუჩოქა და ცრემლის ღვრით თხოვა, არ ეყარა ჯავრი მისი ქმრისა და მამამთილის მიერ ქვეყნისათვის გაკეთებული საქმეების გამო, არ წაერთმია ძალით მისთვისაც ქრისტიანული სარწმუნოება და მწედ ჰყოლოდა და მფარველად პატარა ვახტანგს.

ბარზაბოდი, მართალია, განრისხებული იყო ქართველთა მეფეზე და უმეფოდ დარჩენილ ქართლზე უკვე გალაშქრებასაც აპირებდა, მაგრამ ასულის ცრემლებმა გული მოულბო, ყველა წინადადებაზე დათანხმდა და თვითონაც წაუყენა პირობა – ქართლში ცეცხლისმსახურთ გამოვაგზავნი, ისინი არავის აიძულებენ ქრისტეს სჯულის შეცვლას, მაგრამ თუ თვითონ ვინმე აღმოჩნდა ამისი მსურველი, ნურც თქვენ დაუშლითო.

რამდენიმე ხანს საგდუხტ დედოფალი განაგებდა სამეფოს მამის შეწევნით და ძალით, შემდეგ ბარზაბოდი გარდაიცვალა, მის ადგილზე კი სპარსთა მეფემ ბარზაბოდის ძე ვარაზ-ბაკური დასვა.

ამასობაში საურმაგ სპასპეტიც გარდაიცვალა და ვახტანგის აღზრდა სპასპეტ ჯუანშერს დაევალა.

საგდუხტ დედოფალი ხედავდა ცეცხლის მსახურთა ეპისკოპოსი ბინქარანი როგორ ატყუებდა ქართველთ, როგორ აცთუნებდა და გადაჰყავდა ჭეშმარიტი სარწმუნოების გზიდან. ნელ-ნელა იზრდებოდა ისეთ ქართველთა რიცხვი, ქრისტე რომ მიეტოვებინათ და ცეცხლს აღიარებდნენ ღვთაებად. შეშფოთებულმა საგდუხტმა საბერძნეთიდან მღვდელი მოაყვანინა, სახელად მიქაელ, დანიშნა იგი ეპისკოპოსად და მისი დახმარებით ბინქარანისაგან ნაცდუნებ ქართველთა კვლავ გაქრისტიანებას შეუდგა.

ათი წლისა იქნებოდა ვახტანგი, ქართლს ოსები შემოესივნენ, მოაოხრეს იქაურობა, წაიყვანეს თან უამრავი ტყვე, მათ შორის ვახტანგის სამი წლის და მირანდუხტიც და უკან გაბრუნდნენ. ამავე დროს ბერძენნიც შემოესივნენ აფხაზეთს და დაიპყრეს იგი ეგრისწყლიდან ციხეგოჯამდე.

ქართლში გლოვა და მწუხარება გამრავლდა, და ასე იყო ქვეყანა უპატრონოდ, ვიდრე ვახტანგი თხუთმეტი წლისა არ გახდა.

თხუთმეტი წლის მეფემ ყველა წარჩინებულს სატახტო ქალაქში უხმო, გვერდით ჯუანშერი და ორი ეპისკოპოსი მოისვა, წამოდგა და როგორც ხანდაზმულმა და ბრძენმა ისე მიმართა შეკრებილთ:

– განსაცდელსა და ჭირს ღმერთი მოუვლენს ხოლმე მეფეთაც და ერსაც მათი ცოდვების გამო. ჩვენ დავიმსახურეთ უფლის ეს რისხვა: როცა მორწმუნენი ხელს იღებენ უფლის მსახურებაზე და ივიწყებენ მის მცნებებს, ღმერთი მათ განსაცდელს უვლენს გამოსაფხიზლებლად. მადლობა ვუთხრათ უფალს ამისთვის. წავიმძღვაროთ წინ ჯვარი პატიოსანი და მისი შეწევნით ვიძიოთ შური ოსებზე. სპარსელთ ან ბერძენთ რომ ჩაედინათ იგივე, კიდევ შეიძლებოდა რაღაცის გამო მოგვეთმინა, მაგრამ ოსებისაგან ამ შეურაცხყოფის მოთმენას სიკვდილი სჯობს თითოეული ჩვენთაგანისათვის. აბუჩად აგდებამ ჩემი ქვეყნისა და სიბრალულმა ჩემი დისამ გალია ჩემი გული, მივეენდობი ჯვარს უფლისას, შევთხოვ შემწეობას მრავალმოწყალე ღმერთს და არ გამწირავს იგი, მაძლევინებს მტერს.

ჯუანშერთან ერთად ყველამ აღფრთოვანებით მიიღო წინადადება. მეფემ ერთი კვირა ლოცვაში, მარხვასა და ღამის თევაში გაატარა, ხოლო შემდეგ კი ასიათას ქართველ და ვარაზ-ბაკურისაგან დასახმარებლად გამოგზავნილ თორმეტი ათას მხედართან ერთად თიანეთისკენ გასწია. იქ მათ კიდევ ორმოცდაათი ათასი მხედარი შეუერთდათ და მეფემ ღვთის სახელის ხსენებით განვლო კარი დარიალანისა.

ოსებმა დასახმარებლად ხაზარებს უხმეს და ქართველებს ოვსთა არაგვის (თერგის) მეორე მხრიდან დაუპირისპირდნენ.

შვიდი დღის ბრძოლის შემდეგ გამოვიდა ოვსთა ბანაკიდან გოლიათი ხაზარი თარხანი და თავხედურად გამოიხმო პირისპირს საბრძოლველად ვინმე ვახტანგის სპათაგან. ქართველთა მხრიდან  საქვეყნოდ სახელგანთქმული მებრძოლი სპარსელი ნიჯაფარუხი გავიდა, მაგრამ შეხვედრისთანავე თარხანმა შუაზე გაუპო თავი.

შეძრწუნდა ვახტანგის სპა. მწუხარებით აღვსილმა ვახტანგმა მთელი ღამე ლოცვაში გაატარა და მეორე დღეს, როცა თარხანმა კვლავ იხმო ვინმე პირისპირ საბრძოლველად, თვითონ გამოთქვა ამისი სურვილი, შეშინებული ლაშქარი კი ასე დაამშვიდა:

– არა მინდობილ ვარ მე ძალისა ჩემისა და სიმხნისა ჩემისად, არამედ მიდნობისა ღმრთისა დაუსაბამოთა, სამებისა ერთარსებისა ყოვლისა დამბადებელისა განვალ თვითბრძოლად თარხანისა.

მართლაც, პირველივე შეტაკებისთანავე მოუღო თავხედს ბოლო მეფემ, იმ წამსვე ჩამოხტა ცხენიდან, დავარდა მუხლებზე და თაყვანი სცს ღმერთს დახმარებისათვის. მოჰკვეთა თავი თარხანს და გამრჯვებული გამოტრიალდა ლაშქრისაკენ.

მეორე დღეს სხვა გამოვიდა ოსთაგან, ბუმბერაზი, სახელად ბაყათარ, მდინარის გაღმიდან გამოსძახა მეფეს: „მეფეო, ნუ გალაღდები, შემთხვევით მოხდა, თორემ ასე ყმაწვილი როგორ მოჰკლავდი თარხანს, გამოდი მდინარის გაღმა და ნახავ, რასაც გიზამ!“

ცხენზე ამხედრებულმა მეფემ ამაყად გასძახა ბაყათარს: „ჩემი ძალით კი არ ვძლიე თარხანს, ჩემი დამბადებელის ძალით ვძლიე. ამიტომ არც შენი მეშინია. და თანაც, მე კი არ უნდა გამოვიდე მანდ, შენ თვითონ უნდა მეახლო აქ, რადგან მე მეფე ვარ, შენ კი მონა, ძაღლო!“

მცირე ბრძოლის შემდეგ მხრიდან გულამდე გადაკვეთილი ბაყათარი მეფის ფეხებთან დაეცა, მეფე თავისი დაჭრილი ცხენის მაგიერ ბაყათარის ცხენზე ამხედრდა და შემობრუნებულმა ხმამაღლა გასძახა თავის სპას:

– მხნე იყვენით და განძლიერდით, რამეთუ ღმერთი ჩვენ კერძო არს!

ვახტანგმა მოსრა და მიწასთან გაასწორა მთელი ოსეთი, წამოიყვანა უამრავი ტყვე, წამოიღო უზომო ნადავლი. ქართველებმა ყივჩაღებიც დაიმორჩილეს, ჩაკეტეს კარი ოსეთისა დარიალი, ააშენეს გოდოლნი, დაუყენეს მცველებად იქაური მთიელები. ამიერიდან ოსთა და ყივჩაღთ ქართველთა მეფის ნებართვის გარეშე დარიალში შემოსვლა ეკრძალებოდათ. ამის შემდეგ მეფე ვახტანგმა პაჭანიკეთი და ჯიქეთი დაიმორჩილა და უკანვე შემობრუნდა ოსეთში. შეშინებულმა ოსებმა სიმაგრეებს მიაშურეს და მოციქულები გაუგზავნეს ვახტანგს – დის სანაცვლოდ ოცდაათიათასი ოსი ტყვე სთხოვეს. დის გარდა მეფემ დანარჩენი ქართველი ტყვეებიც დაიხსნა, გაამგზავრა ისინი ქართლში და ბერძენთაგან დაპყრობილ აფხაზეთს მიაშურა ლაშქრით.

სამი წლის შემდეგ ვახტანგმა აფხაზეთი მთლიანად გაწმინდა ბერძენთაგან და ბრძოლით დაღლიილ, საბოლოოდ გამარჯვებული დაბრუნდა სახლსა მისსა ქალაქსა სამეუფოსა მცხეთას.

ვახტანგმა ცოლად შეირთო სპარსთა მეფის ასული ბალენდუხტი. სპარსთა მეფემ ასულს მზითვად მისცა „სომხითი და ყოველნი მეფენი კავკასიანნი“, წერილიც გამოუგზავნა „ურმისდისგან ყოველისა მეფეთა მეფესა, ვახტანგის მიმართ ვარან-ხვასრო-თანგის, ათთა მეფეთა მეფისა ახოვანისა“, სადაც სთხოვდა, კეისრის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებოდა.

მაშინ მეფე ოცდაორი წლისა იყო უკვე. მოუხმო თავის სპათ, ყოველთა მეფეთ კავკასიისათა და წავიდა საბერძნეთში სალაშქროდ. სამი თვის ბრძოლებისა და გამარჯვებების შემდეგ ვახტანგი უკვე კონსტანტინეპოლს მიადგა. სპარსელები, სადაც კი ქრისტეს მსახურთ ნახავდნენ, დაუნდობლად ჰკლავდნენ და სპობდნენ. ვახტანგმა კი თავიდანვე გამოუცხადა თვის სპას, ქართველთაც და არაქართველთაც, რომ თავი დაენებებინათ ეკლესიის მსახურთა ხოცვისათვის, სთხოვა, უბრალოდ ტყვედ ჩაეგდოთ, ანდა სულაც უვნებლად გაეშვათ ისინი.

– როცა მამაჩემის მამა ასე, ჩვენსავით გამოჰყვა სპარსელთ ბერძნების წინააღმდეგ საბრძოლველად, მათმა ლაშქარმაც ხელი მიჰყო ეკლესიის მსახურთა ხოცვას. ქრისტეა ჭეშმარიტი ღმერთი ყოველთა, სწორედ ამიტომ არ აპატია უფალმა მომხვდურთ თავის მსახურთა მიმართ ჩადენილი საქციელი, სწორედ ამიტომ დაამრაცხა ბერძნეთა მცირე ლაშქარმა სპარსელთა ურიცხვი სპა.

ნუთუ არ გსმენიათ სასწაული კონსტანტინეს შესახებ? ან კერპთაყვანისმცემელი მეფის, ივლიანეს შესახებ, – ზეციდან გამოსროლილმა ისარმა რომ გამოასალმა წუთისოფელს? ამის შემდეგ იყო სწორედ, ბერძნებმა ივბიმიანოსი რომ აირჩიეს მეფედ, სწორედ ის, ვინც კერპნი თავისი ხელით შემუსრა და ჯვარნი აღმართნა. უფლის ანგელოზმა მას თავისი ხელით დაადგა თავზე გვირგვინი, როგორც ჭეშმარიტ მეფეს.

ან თქვენ, სომეხნო, არ გახსოვთ, როგორ მოაქცია ღმერთმა გრიგოლ პართელი და თრდატ მეფე, და როგორ გახდნენ ამის შემდეგ გრიგოლი – ეკლესიის მსახური, ხოლო მეფე თრდატი – დიდი ეკლესიის აღმშენებელი?

ან თქვენ, მკვიდრნო ქართლისანო, ნათესავნო მეფეთა ქართლისათანო, რომელნიც დღეს განდიდებული ხართ ჩვენგან, ნებროთ გმირის ნათესავ ქართველ მეფეთაგან, არ გსმენიათ სასწაულები ნებროთის შესახებ? არ გახსოვთ რა სასწაულები მოახდინა ნინომ? თუ გგონიათ რომ ღმერთი თავის მადიდებელ ბერძენთ გასწირავს? კეისარი უკვე ემზადება შეტევისათვის, დაიცხრეთ თქვენი ვნებები ეკლესიების მიმართ.

მეფე ვახტანგმა ეკლესიის ყველა მსახური გაათავისუფლებინა თავის მოლაშქრეთ, მაცნეც გააგზავნა, რათა სამალავებში თავშეფარებულ ღვთისმსახურთათვის ემცნოთ, რომ ხელს არავინ ახლებთ და სადაც უნდათ, შეუძლიათ იქ წავიდნენო.

როცა ბერძენთა მღვდელი პეტრე და ბერი სამოელი ვახტანგს ეახლნენ მადლობის სათქმელად, მეფემ ჰკითხა მათ, კმაყოფილი დარჩებოდა თუ არა ღმერთი მისი საქციელით?

პეტრემ მოახსენა მეფეს, თუ არ გეწყინება, სიმართლეს გეტყვიო და როცა თანხმობა მიიღო, უთხრა:

– ორნაირი ეკლესია აქვს ამქვეყნად უფალს, ეკლესიანი ხორცთანი და ეკლესიანი ქვათანი. თუ ქვის ეკლესია დაინგრევა, მისი აშენება ისევ შეიძლება იმავე ქვით, ხორცის ეკლესიის აშენება კი შეუძლებელია, თანაც მის დარღვევას ღმერთი არ აპატიებს არავის, იმიტომ, რომ უფლისათვის სწორედ ის ტაძარია უპირველესი. აბა ახლა შენ წარმოდგინე, შენმა სპამ რამდენი ქალწული – ტაძარი ღვთისა გახრწნა და შეურაცხყო? მე არ მინდა, შენ ისეთი კაცი იყო, რომელიც მარცხენათი აშენებს და მარჯვენათი ანგრევს. მინდა დაიმკვიდრო სასუფეველი ცათა, ისევე, როგორც კეთილად სახსენებელმა მეფეებმა: დავითმა, სოლომონმა, კონსტანტინემ და ივბიმიანოსმა. მაგრამ როგორ შეგადარო შენ ივბიმიანოსს, რა გაგიკეთებია ისეთი, რაც მან გააკეთა. იცოდე, ღმერთი ბოროტებისთვის სამაგიეროს მოგაგებს შენ, თუ არ მოინანიებ.

– მინდა თავის გამართლება – უთხრა მეფემ – ხოლო სიმართლით შენ დამსაჯე ჩემი დანაშაულის გამო.

– რადგანაც გზას ეძებ ხსნისათვის, ცოდვა შენი განგეშორება შენ. უმეცრებამ კი არ აღგძრა შენ უფლის შვილთა წინააღმდეგ საბრძოლველად, არამედ საშველად წამოყევი შენს ნათესაც სპარსელებს, – ის კი დაგავიწყდა, რომ ბერძნები თვით ღმერთის ნათესავნი არიან.

– რა გნებავს ახლა ჩემგან? – ჰკითხა მეფემ.

– მნებავს, რომ შენს მიერ აღგზნებული ეს ცეცხლი შენვე ჩააქრო და მეგობრობა გაუწიო ერთმორწმუნე კეისარს და არა სპარსელთ.

მეფემ სთხოვა პეტრეს, თქვენი ლოცვით ამაღამ მიჩვენეთ კეისარი და ისიც მამცნეთ, თვითონ ქრისტეს რა სურს ჩემგანო.

მართლაც, იმ ღამეს მეფე ვახტანგმა ნახა ჩვენება, – მოვიდა წმიდა ნინო მასთან და უთხრა:

– აღდეგ მეფეო და განკრძალულად მიეგებოდე, რამეთუ ორნი მეფენი, ზეცისა და ქვეყანისანი, მოვლენ შენდა!

მიიხედა ვახტანგმა და დაინახა ორი ტახტი. ერთ ტახტზე იჯდა საჭურვლიანი ჭაბუკი გვირგვინოსანი, მეორეზე კი – თეთრად შემოსილი მოხუცი, რომელსაც თავზე ნათლის გვირგვინი ედგა. წმინდა ნინოც იქვე იჯდა, მოხუცის ფერხთით. მარჯვენა ხელი ვახტანგისი ეჭირა პეტრე მღვდელს, მარცხენა კი სამოელ ბერს. სამოელმა უთხრა ვახტანგს:

– თაყვანი ეც პირველად ზეცის მთავარს, გრიგოლს.

მეფე მივიდა და თაყვანი სცა გრიგოლს.

ხოლო გრიგოლმა ჰკითხა:

– რად ჩაიდინე ასეთი ბოროტება, რად მოაოხრე ბანაკი ჩემი და შეაჭამე მხეცთ საცხოვარნი ჩემნი? რომ არა ისინი, ვინც ახლა გვერდით გიდგას და რომ არა წმინდა ნინო, რომელიც მარიამთან ერთად იღვწის თქვენი ქვეყნისათვის, შურს ვიძიებდი შენზე, ისევე როგორც შენს მამა-პაპაზე, რომელთაც ცეცხლის იმედი ჰქონდათ და არა განმანათლებლისა ყოვლისა.

ვახტანგი გრიგოლს ხელზე ეამბორა, ხოლო კეისარს გადაეხვია.

– თუ გინდა, რომ გვირგვინი მოგცე, აღგვითქვი, რომ უფლის მტრების წინააღმდეგ იბრძოლებ – უთხრა მას კეისარმა.

მეფეს წმინდა ნინო, პეტრე და სამოელი დაუდგნენ თავმდებად. მაშინ კეისარმა ჯვრიანი გვირგვინი დაადგა თავზე ვახტანგს.

გამოიღვიძა თუ არა, ვახტანგმა პეტრე და სამოელი იხმო და ჰკითხა, რა ჩვენება ნახეს იმ ღამით. როცა მათ ზუსტად იმავეს მოყოლა დაიწყეს, მეფემ შეაჩერა ისინი და ამცნო, რომ მზადაა ემსახუროს ჭეშმარიტ ღმერთს. სამივემ ერთად მოითათბირა როგორც უკეთესი იქნებოდა და ვახტანგმა შესამუსრავად გამზადებული ქალაქიდან უკან დაახევინა თავის ლაშქარს. ამასაობაში პეტრე ეახლა კეისარს, მოახსენა ყოველივე და გახარებული კეისარიც სწრაფად შევიდა კონსტანტინეპოლში. ვახტანგს სურდა სპარსელნი სიტყვიერად დაეშინებინა ბერძენთა უძლეველობით და უბრძოლველად გაებრუნებინა უკან, მაგრამ ბერძნებმა მოსთხოვეს, საქმე ისე მოეწყო, – ამოეწყვეტინებინა ისინი. ამაზე მეფემ მკაცრად უპასუხა, რომ ეს უპატიოსნო საქციელია და ამას არ იზამს; გარდა ამისა, მის ლაშქარშიც ბევრია ისეთი, ვინც ქრისტეს სჯულს აღიარებს, უმჯობესია, ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდეს, როგორც ეს ერთხელ იბვიმიანოსმა და სპარსელებმა ჰქმნეს. ხოლო თუ ბერძნები თავისას არ დაიშლიან, მაშინ მეფე უბრალო იქნება მათ წინაშე.

ამასობაში სპარსთა ერისთავიც მოვიდა და თავზე საშინელი რისხვა დაატეხა თავის დისწულს:

– რადგან ივბიმიანოსის ნათესავი ხარ, იმიტომ გვღალატობ ხომ?! მკვდარი ჯვარცმული კაცის გამო გინდა ჩვენი ბერძენთა ხელში ჩაგდება!

ამაზე ვახტანგმა უპასუხა:

– აჰა შენ და ბერძენნი და იხილო ძალი კაცის მის მომკვდარისა და ცოცხლისა მის სასოსა შენისა!

სპარსელები, სომხები და ლეკები ბერძნებს ეკვეთნენ, ვახტანგი კი ქართველთა ლაშქართან ერთად განზე გადგა და ისე ადევნებდა ბრძოლას თვალყურს.

ამ ბრძოლაში სპარსელები სასტიკად დამარცხდნენ. მრავალ დიდებულთა შორის ვახტანგის დედის ძმაც ბრძოლის ველზე დაეცა. ცოცხალი ვინც დარჩა, ყველა ტყვედ იგდეს ბერძნებმა.

მაშინ ჩამოხტა ეტლიდან მეფე ვახტანგი და თქვა, რომ ღმერთმა შური იძია სპარსელებზე. მოატანინა პეტრეს ჯვარი და გამოაცხადა:

– უძლეველია ის, ვინც ჯვარს სცემს თაყვანს! თაყვანი ეცით მას. ვინც ამას არ იზამს, ის მოსაკლავია.

დემეტრე ერისთავს და ჯუანშერ სპასპეტს ხელთ ეპყრათ ჯვარი, ხოლო ქადაგი ხმამაღლა აცხდებდა:

– რომელმან არა თაყუანისცეს ჯვარსა, მოკვედინ!

მხოლოდ ერთმა ცეცხლის მსახურმა, ბორზო მეფემ არა სცა თაყვანი ჯვარს და იმასაც მაშინვე ლახვარი აძგერა გულში ჯუანშერ სპასპეტმა. დანაჩენი ყველა მიდიოდა და ყველა მოწიწებით იყრიდა მუხლს ჯვრის წინაშე.

ამ დროს ბერძენთა ლაშქრის ერთი ნაწილი მოვარდა საიდანღაც პალეკარპოსის მეთაურობით, რომელმაც შეურაცხყოფის მიყენება დაუწყო ვახტანგს და მის სპას.

ვახტანგმა ხმალი იშიშვლა და სთხოვა უფალს, დახმარებოდა ჯვრისა და მისი შეურაცხმყოფელი ამპარტავანი კაცის დამდაბლებასა და მოსპობაში. მცირე ხნის ბრძოლის შემდეგ მეფემ შუაზე გაუპო თავი პალეკარპოსს და მისი ერთი ნახევარი ჯვრის წინაშე დააგდო სიტყვებით:

– ყოვლისა განდგომილისა შენისა ეყავნ ნაწილი.

ვახტანგის სპამ ბერძენნი აოტნა. მიიმწყვდია ისინი ზღვასთან, ნახევარი დახოცა, ნახევარი კი ტყვედ იგდო. მეფემ წერილი მისწერა კეისარს, სადაც ამცნობდა, რომ „მიუწვდომელია სიბრძნე ღვთისა, მე ვიცი, რომ შენი ბრალი არ იყო პალეკარპოსის მოხვდომა ჩვენზედ, ისევე როგორც მე ვარ უბრალო ჩემი დედისძმის თქვენზე თავდასხმაში. ორივე ძვირისმოქმედნი ძვირმანვე მოინადირა. ეს ყველაფერი ღმერთმა ალბათ იმიტომ მოაწყო, რომ რაც შეიძლება ბევრი მოექცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. მე დედისძმის დაღუპვით გამოწვეული მწუხარება იმით შევიმსუბუქე, რომ შური ვიძიე მის მკვლელებზე, ხოლო შენ ნუგეშინისსაცემად გიბრუნებ იმ შვიდიათას ოთხმოც ტყვეს, რომელიც ღმერთმა სიკვდილისაგან იხსნა. თუ სურვილი გაქვს ჩემთან შეხვედრის, გამოეშურე სანახავად, იმიტომ, რომ უკვე დროა გავბრუნდე მეც სამშობლოში.

ტყვეთა განთავისუფლებით გახარებული კეისარი მეფეს შეხვდა, ფიცით განამტკიცეს ერთმანეთის ერთგულება და კეისარმა მადლიერების ნიშნად ვახტანგს უკან დაუბრუნა „საზღვარი ქართლისა, ციხე თუხარისი და კლარჯეთი ყოველი ზღვითგან ვიდრე არსიანთადმდე და ხევნი, რომელნი მოსდგმანან ღადოთა“.

უკან წამოსულმა ვახტანგმა გზად კლარჯეთში გამოიარა, თავისი ძუძუმტე არტავაზი დატოვა იქ და დაავალა აეშენებინა ციხე არტანუჯისა და მონასტერი. არტავაზმა მართლაც ააშენა იქ მონასტერი ოპიზა და სამი ეკლესია: დაბა მერისა, შინდობისა და ახიზისა.

რამდენიმე ხნის შემდეგ ბელანდუხტ დედოფალი გარდაიცვალა. დარჩმა მეფეს მისგან შვილი, პატარა დაჩი. მეფე სპარსელთა შემოსევას ელოდა და ამიტომ ციხეთა და ქალაქთა მშენებლობას შეუდგა, თანაც ლაშქარს ამზადებდა საბრძოლველად. საპყრობილეში ჩააგდო ბინქარან ცეცხლის მსახური და ქვეყნიდან გააძევა ყველა, ვინც ცეცხლს ეთაყვანებოდა.

როცა სპარსთა მეფე საბრძოლველად მოადგა ქართლს, ვახტანგ მეფემ ბერძენთა მეფეს დახამრება სთხოვა. ვახტანგის მოციქულებმა კეისარს საბერძნეთში ვერ მიუსწრეს, სალაშქროდ იყო წასული, ამიტომ ვახტანგი იძულებული გახდა, მარტოს დაეწყო ბრძოლა მტრის წინააღმდეგ. მეფეს მუზარადის წინა მხარეს მგელი ეხატა, მეორე მხარეს კი – ლომი და სწორედ ამ ბრძოლის დროს შეარქვეს სპარსელებმა მას გორგასალი. „დურ აზ გორგასალ!“ – „მოერიდეთ თავსა მგლისასა“, – ასე აფრთხილებდნენ ერთმანეთს ისინი.

ოთხ თვეს მიმდინარეობდა ეს ბრძოლა. ამასობაში კეისარმაც მოაშველა ვახტანგს ბერძენთა ოთხმოცი ათასი მხედარი.

სპარსთა მეფემ, როგორც კი შეიტყო ბერძენთა მოსვლის ამბავი, შეეშინდა და მოციქულები მიუგზავნა ვახტანგს შესარიგებლად. ვახტანგმა შეუთვალა: ხომ იხილე ჯვრის ძალა. სანამ იგი გამოჩნდებოდა, ყველანი ხარკს გიხდიდით, ახლა კი შენივე მოხარკე ბერძენნი გიოხრებენ ცეცხლის სამსახურებელთ. ტყუილად გვებრძვი სჯულის დასატოვებლად, ჩვენ მზადა ვართ მოვკვდეთ მისთვის; ვინც ჩვენთვის ეცვა ჯვარს, ის ისევე აღგვადგენს ჩვენ. ხოლო შენ, თუ ცეცხლს მიატოვებ და ჩვენს ქრისტეს აღიარებ, მამად მიგიჩნევ.

ვახტანგი და სპარსთა მეფე ხვასრო ერთმანეთს ტკბილად შეხვდნენ, მართალია, ორივე მტკიცედ დადგა თვის სჯულზე, მაგრამ ამავე დროს მშვიდობა და სიყვარულიც შეჰფიცეს ერთმანეთს. ხვასრომ უთხრა მეფეს, რაც გინდა მთხოვე, შეგისრულებო. მაშინ მეფემ სთხოვა, შენსა და კეისარს შორისაც მინდა მშვიდობა იყოსო.

ხვასრო შეწუხდა იმიტომ, რომ სწორედ ახლა აპირებდა საბერძნეთზე გალაშქრებას, უნდოდა ესარგებლა კეისრის ხაზარეთში ყოფნით და დაებრუნებინა თავისი მიწები, რომელიც საბერძნეთს ჰქონდა მიტაცებული.

ვახტანგისა და ხვასროს საუბარს ბერძნეთა ეპისკოპოსი ლეონ ანთიპატიც ესწრებოდა და გაიგო თუ არა ხვასროს განზრახვა, გახარებულმა უთხრა, რომ საბერძნეთი თანახმაა უბრძოლველად დაგიბრუნოს შენი მიწები, საამისოდ წერილიც მაქვს კეისრისგან გამოტანებულიო. ხვასროს ძალიან გაუხარდა ეს. მაშინვე გადაიფიქრა საბერძნეთზე გალაშქრება, ოღონდ ვახტანგს სთხოვა, ხომ იცი, სპარსეთში რომ დავბრუნდები ბერძნებზე შურისძიების გარეშე, მოხუცები რა დღეში ჩამაგდებენ, მოდი შენი და მომეცი ცოლად, რომ თავი თქვენთან დამოყვრებით ვიმართლო. თანაც გამომყევი და აბაშთა, ელამთა, ჰინდოთა და სინდთა წინააღმდეგ ბრძოლაში დამეხმარე, რომ ისინი მოხარკედ გავიხადო და ამით დავაცხრო მოხუცთა გულისწყრომა ბერძენთა გამოო.

ვახტანგი ყველა პირობაზე დათანხმდა ხვასროს. მაშინ ლეონ ანთიპატმა მადლობა გადაუხადა ბერძენთა კიდევ ერთხელ გადარჩენისათვის მეფე ვახტანგს და პირველად ათი ათასი მხედრით, მერე კი დანარჩენით დახმარებას დაპირდა.

ვახტანგმა მეფედ თავისი ხუთი წლის შვილი დაჩი დატოვა ქართლში. დაუტოვა მას მეურვედ შვიდი წარჩინებული. თვითონ არტვაზი, ნასარი, ბივრიტიანი და საურმაგი იახლა და თავისი ლაშქრით გაჰყვა ხვასროს სპარსეთში. გზად ვახტანგს ხვარანძე და დედამისიც დაემგზავრნენ, რომელთაც იერუსალიმში უნდოდათ სალოცავად წასვლა. ვახტანგმა დედა და და იერუსალიმში ჩაიყვანა და ისევ ხვასროს შემოუერთდა, რომელიც ანტიოქიაში ელოდა. მანამდე საბერძნეთში გაგზავნილ ლეონ ანთიპატი და არტავაზის მოვიდნენ ოციათასი რჩეული მხედრით და მოართვეს ხვასროს კეისრისაგან ძღვენი მიუწვდომელი.

ხვასრომ დიდი ქორწილი გადაიხადა სპარსეთში. ექვსი თვის შემდეგ კი შეერთებული ლაშქარი საბრძოლველად გაემართა. დაიპყრეს ჯორჯანეთი, ჰინდოეთი და შევიდნენ სინდეთს. სინდეთში საურმაგი, ეჯიბი ვახტანგისი, მოკლეს. მეფემ ძალიან განიცადა მისი სიკვდილი, თავზე ადგა და ისე დასტიროდა საურმაგს, როგორც საყვარელ ძმას. ამ დროს ქალაქის კარიდან გადმოდგა სინდეთის მეფე და ვახტანგს ხმამაღლა გამოსძახა:

– შენ იმ ყვავს ჰგავხარ, მეფეო, არწივისგან დაგლეჯილი ქორი რომ იხილა და ნაცვლად იმისა, წესისამებრ სხვა ყვავებისთვის ეხმო და მათთან ერთად მოეკლა თავისი დაუძლურებული მტერი, მოვლა დაუწყო და საჭმელად მკალი და გველი მოჰქონდა. წამოიზარდა ქორი და იფიქრა, ამ საჭმელმა მე რა უნდა მიყოს, ჯობია თვითონ ყვავი შევჭამო, რომ მოვღონიერდე და გავფრინდე. შეჭამა და სწორიც ქნა, რადგან ამით განერიდა სიკვდილს, ხოლო ყვავმა რადგან თავის წესისამებრ არა ჰქნა თავიდანვე იმიტომაც მოკვდა.

ეგ სპარსელნი მთელი თავისი ცხოვრება ჯვარსა და მის მსახურთ მტრობენ, ახლა დაუძლურდნენ და თავს ცბიერებით ისე გაჩვენებენ, თითქოს უყვარდეთ. შენი შეწევნით მოღონიერდებიან და ისევ დაიწყებენ ჯვარის მსახურთა ხოცვას. აი რას უმზადებ შენ შენს თავსაც და სხვა ქრისტიანებსაც!

– უგუნურო, – უპასუხა ვახტანგმა, – თაგვის მსგავსი ხარ შენ, მიწის სიბნელის გარდა არ გინახავს არაფერი. გაუგებარია შენთვის ბრწყინვალება მზისა და მშვენიერება ველის. ბრმა ხარ და ყრუ, არც გესმის და არც უწყი ცხოვრება სულიერი, არც სურვილი გაქვს შენ საუკუნო ცხოვრებად მისვლის, არც ნათელს სცნობ დაუსრულებელს და არც ღმერთს შემოქმედს ყოველთასა, რომლის მიერაც შეიქმნა ყოველივე.

ჩემი აქ ყოფნით მე იერუსალიმი გადავარჩინე – ქალაქი წმინდა. გადავარჩინე ასევე ქრისტიანული ქვეყნები, რომელთა მოსაოხრებლადაც ემზადებოდა სპარსთა მეფე. ბევრი სული დავიხსენი ჩემი აქ მოსვლით და თუ, როგორც შენ ამბობ, სპარსელები ოდესმე თავს დამესხმიან, მაშინ სწორედაც რომ ძალითა და შეწევნითა ქრისტესითა, ქრისტიანები დამეხმარებიან და მიხსნიან განსაცდელისგან. და ასეც რომ არ იყოს, მე მაინც მოვიდოდი აქ იმიტომ, რომ სპარსელები ნათესავები არიან ჩემი და მეორეც, მართალია, ჭეშმარიტ სარწმუნოებას არ ადგანან, მაგრამ სულიერი ცხოვრება მაინც სწამთ, – განსხვავებით თქვენგან, რომელნიც ისევე უმეცარნი ხართ, როგორც ქორნი.

სწორად ამ უმეცრების გამოა თქვენი გონება საძაგელი. ამიტომაც აქებ უმადურ ქორს, რომელმაც თავისი გამზრდელი შეჭამა. ჩვენი ბუნება კი ასეთია: კეთილისმყოფლისთვის უნდა დავდვათ სული ჩვენი და მოვიგოთ მადლი ღმერთისაგან, ვპოვოთ ცხოვრება საუკუნო და სოფელსა ამას მოვიგოთ ქება კაცთაგან.

სინდთა მეფე დაემუქრა ვახტანგს; გამოვალ, მოგკლავ და ახლავე გაზიარებ მომავალ დიდებას, რადგან ასე გჯერა ამისიო და ჰოროლით შეიარაღებული გამოვიდა ვახტანგის წინააღმდეგ.

ვახტანგმა მარჯვენა ბეჭში სცა ჰოროლი სინდთა მეფეს. მეორედ აღარ შემოუქნევია და თრევით მიიყვანა იგი სპარსთა მეფის წინაშე, ოღონდ სთხოვა, მოეყვანა მისთვის მკურნალი, შემდეგ კი შეეწყნარებინა და ცოცხალი გაეშვა.

სინდთა მეფემ სიყვარულით გადაუხადა მადლობა ვახტანგ მეფეს სიცოცხლისათვის და კიდევ იმისთვის, რომ ვახტანგმა მტერს მისი ოთხი ქალაქი არ ააოხრებინა.

მერვე წელს ვახტანგ მეფე ქართლში გამობრუნდა, ლეონ ბერძენი კი კეისართან გააგზავნა ასულის სათხოვნელად და პეტრეს და სამოელის ჩამოსაყვანად.

როცა ქართლის ეპისკოპოსმა პეტრესა და სამოელის ჩამოსაყვანად მოციქულის გაგზავნის ამბავი გაიგო, გამწარდა და, სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, ცილი დასწამა მეფეს, – ქრისტე დაგიტოვებია და ცეცხლთაყვანისმცემლობა მიგიღიაო. არ მოუსმინა მეფის ახსნა-განმარტებას და ისე გაკადნიერდა, ხელიც კი გაარტყა მას და კბილი ჩამოაგდებინა.

მეფემ ხელი არ შეუბრუნა ეპისკოპოსს, ოღონდ უთხრა, რომ მას ეს  შურით მოუვიდა, უწოდა იუდა და გაუგზავნა იგი დასასჯელად კონსტანტინეპოლის პატრიარქს, სადაც მას უყვეს კიდევაც ექსორია.

პატრიარქმა ქართლში თორმეტი ეპისკოპოსი გამოგზავნა, კათალიკოსად კი პეტრე აკურთხა. კეისარმა თავისი ასული ელენეც გამოუგზავნა მეფეს ცოლად.

მეფემ პეტრე მცხეთაში დასვა კათალიკოსად, სამოელიც იქვე, ეპისკოპოსად, დანარჩენები კი დაანაწილა: კლარჯეთში, ერუშეთის არტანში, წუნდაში, ჯავახეთს, მანგლისში, ბოლნისში, რუსთავში, ნინოწმინდაში, ჭერემში, ჩელეთში, ხორნაბუჯსა და აგარაკში.

შემდგომში ააშენა ეკლესია ნიქოზისა და იქაც დასვა ეპისკოპოსი.

ბერძენი მეუღლისაგან ვახტანგს სამი ძე და ორი ასული შეეძინა. დაჩის მისცა ქალაქი ჭერემისა და ნეკრესისა და ქალაქი კამბეჩოვანისა, თვითონ კი უჯარმას დაჯდა.

ამასობაში ხვასრო, მეფე სპარსეთისა გარდაიცვალა და ავიდა ტახტზე მისი ძე ხვასრო, რომელმაც ვახტანგს შემოუთვალა, საბერძნეთზე სალაშქროდ ვემზადები და გამომყევი, თანაც ასულიც მომათხოვე შენიო.

ამ დროს სამოცი წლის მეფე ვახტანგი ტფილისს აშენებდა. ხვასროს შემონათვალი რომ უთხრეს, ასე თქვა: „გადაეცით ხვასროს, ჯერ ჩვენთან საბრძოლველად გაემზადოს და მერე შევიდეს საბერძნეთში! აწ ცხოვრება ჩვენი იყავნ სასოებითა ჯვარცმულისათა“.

გაგზავნა მეფემ მალემსრბოლნი მთელს ქვეყანაში და იწყო საბრძოლველად მზადება, თან კეისარსაც შეუთვალა დახმარებოდა.

მოვიდა ხვასრო მეფე და შემუსრა ქალაქი კამბეჩოვანი, ჭერმის ციხე და ველისციხე. იორთან შეიბნენ სპარსელები და ქართველები და გაჩაღდა ფიცხელი ბრძოლა.

მეფემ კათალიკოსი იხმო და უთხრა:

– იცოდე, რომ ხარკისათვის კი არ გვებრძვიან სპარსელები, იმისთვის გვებრძვიან, რომ ქრისტე დაგვათმობინონ. ქრისტეს გარეშე სიცოცხლეს, ქრისტიანად სიკვდილი მირჩევნია და სასუფეველში ყოფნა, რადგანაც გვასწავლის იგი, რომ „რომელმან წარიწყმიდოს თავი თვისი ჩემთვის, მან პოოს იგი“.

ვახტანგის ლაშქარი ორასორმოცი ათასი კაცისგან შედგებოდა, ხოლო სპარსელთა – შვიდასოთხმოცი ათასისგან. მეფემ სამად გაყო თავისი ლაშქარი, ასი ათასი თვითონ გაიყოლა და ღამით თავს დაესხა იმ ადგილს, სადაც სპარსელთა მეფე იყო. ცისკრისას შეაღწია მან მეფის კარავში. მეფემ ცხენით გაასწრო, ვახტანგმა ძე მოჰკლა მისი, მოჰკვეთა თავი და სწორედ ამ დროს ვიღაც სპარსელმა აძგერა გულში ისარი.

თავგანწირულად იბრძოდნენ ქართველები, მაგრამ მტრის სიმრავლეს ვარაფერს უხერხებდნენ. ამასობაში ვახტანგს ჭრილობა დაუწყლულდა, რადგან ისარი ფილტვამდე იყო შესული. თვითონ უჯარმაში წავიდა, სპასასლართ კი უბრძანა, არ მიეტოვებინათ ბრძოლის ველი.

ვახტანგი მიხვდა, რომ კვდებოდა. მოუხმო კათალიკოსს, ცოლს, შვილებს, ყველა წარჩინებულთ და უთხრა:

– მე მივდივარ ჩემს ღმერთთან. ვმადლობ სახელს მისას, რომ არ დამაკლო გამორჩეულთა წმიდათა მისთა. მტკიცედ იდექით სარწმუნოებაზე და ეძებდით სიკვდილს ქრისტესათვის, რათა მოიპოვოთ დიდება წარუვალი. თქვენ, წარჩინებულნო ქართლისანო, მოიხსენეთ კეთილნი საქმენი ჩემნი, რადგან ჩემი სახლიდან მიიღეთ თქვენ ნათელი საუკუნო. ნუ შეურაცხყოფთ სახელს ჩემსას და გიყვარდეთ ერთმორწმუნე ბერძენნი, – შემდეგ შეხედა დაჩის და უთხრა, რომ ის არის პირმშო მისი და ამიტომ მეფობას მას აძლევს. დაუძახა ერისთავთ და ღმერთის სახელით სთხოვა მფარველობა ცოლისა და შვილებისათვის.

მთელი საქართველო გლოვობდა, ზარისა და გოდებისაგან იძროდა მიწა, მორწმუნე ერი ქრისტესათვის მოკლულ მეფეს მისტიროდა.

„ქართლის ცხოვრების“ მიხედვით მოამზადა
გულო კობიაშვილმა
გაზეთი „მადლი“, №1-2, 1990 წ.