სავედრებელი პარაკლისი
ღირსისა მამისა ჩუენისა
ზენონ იყალთოელისა
მღდელმან: კურთხეულ არს-ი
და უკეთუ ერისკაცია იტყვის: ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.
მუხლი .1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.
მუხლი .2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.
მუხლი .3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი .4. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
ტროპარი
შენ შორის, საკვირველო მამაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატება, რამეთუ აღიღე ჯვარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცყოფასა ხორცთაისა, ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღუწასა სულისასა, ვითარცა უკვდავისა არსებისასა, რომლისათვისცა ანგელოზთა თანა იხარებს სული შენი, ნეტარო ზენონ!
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სხუაი ტროპარი ხმაი 4
იხარებს დღესასწაულსა შენსა ერი ქართველთაი და თაყუანისცემასა შესწირვენ ქრისტესა ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი მამაი და მეოხი დედისა თვისისა წილ-ხუდომილსა ერსა ჩუენსა, და მოვიღებთ რაი შენ მიერ ღმრთისაგან წყალობასა, სიხარულისა ხმითა შეგასხამთ ბერთა სიქადულსა და კახეთის დიდებასა, ღირსსა მამასა ჩუენსა, ზენონ იყალთოელსა!
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 7
ძლისპირი: წამის ყოფითა, ღმერთო, ბუნებანი მდინარენი ზღუდედ აღამაღლენი და მათ შორის განიყვანე ერი ისრაელთაი ხმელად, და გალობდა გალობასა ძლევისასა.
ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
თვისსა-ვე მას მამულსა იწყე რაი მონაზონებაი, საღმრთოითა შურითა გამოსჩნდი სათნოდ სამებისა წმიდისა. მას ევედრე აწ, ნეტარო ზენონ, გვიხსნნეს ჩუენ ყოვლისაგან ჭირისა.
ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ლოცვითა და მღვიძარებითა მაცხოვრისაგან მოიპოვე რაი მადლი სულისა წმიდისა, ყოველთავე ხორციელთა შუებათა და გემოთა შეურაცხის-ყოფდი მარხვითა.
ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ისწრაფდი რაი ანგელოსებრივისა მიმართ ღუაწლისა, დაუტევე სოფელი წინამძღურობითა იოანესითა, და იღუწიდი თანამოსაგრეთა თანა ათორმეტთა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
იყავ ზეცით მონიჭებული სიმტკიცე მართლმადიდებლობისაი და სიხარული ივერთა ეკლესიისაი, რამეთუ უვნებელად დაიცევ სამწყსოი შენი კუერთხითა სარწმუნოებისაითა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დახსნდა წყევაი ევაისი, პირველისა მის დედისაი, რაჟამს უსძლომან შვა უაღრესი ბუნებათაი, ხოლო ერი მორწმუნეთაი, ვითარცა ღირს არს, სამართლად ადიდებენ.
გალობა 3, განძლიერდასა
ძლისპირი: ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, ყოვლისა დამბადებელო, რომელმან სიტყვით დაამყარენ ცანი მაღალნი, ყოვლით ძალით მათით და სულითა მით საღმრთოითა დამამტკიცენ ჩუენ ერთობით კლდესა ზედა სარწმუნოებისასა.
ღირსო მამაო ზენონ, მეოხ-გუეყავ წინაშე ღმრთისა.
ყოვლად ქებული მოძღუარი შენი და ბრწყინვალე მნათობი იოანე, სამარადისოისა ლოცვითა განკაფავდა რაი სხეულსა, იქმოდა ღმრთისა მიერ მრავალთა სასწაულთა, და კეთილად გმწყსიდათ მოწაფეთა თვისთა.
ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ევლტოდა რაი იოანე საწუთოსა ამას დიდებასა, დაუტევა ადგილი იგი, სადა იყოფვოდა, და წარვიდა რაი შორსა უდაბნოსა, დაჯდა ქვაბსა მას შინა ათორმეტთა მოწაფეთა თვისთა თანა, რომელთა შორის აღრაცხული მიიწიე საზომსა დიდსა.
ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
განხდა რაი ჰანბავი თქუენი ანტიოქიასა და ყოველსა შუამდინარეთსა, განიზრახა მოძღუარმან შენმან წარსლვაი უცხოებად, და გრქუა თვისთა მოწაფეთა, რაითა იღუწიდეთ და ილოცვიდეთ მასვე ადგილსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ესრეთ შეკრულ იყუვენით სიყუარულითა სულიერითა, არა განუტევეთ მარტოი იოანე და საუფლოისა ხმისა მიერ წოდებულნი წარმოემართნეთ ივერიას, რამეთუ სპარსთა მძლავრებითა განვრცობილ იყო მუნ წვალებანი და კერპთაყვანისცემა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მხსნელო ჩუენო, ვედრებითა მშობელისა შენისაითა მშვიდობაი სოფელსა მოჰმადლე, და ძლევაი მტერთა ჯუარითა მოეც მეფესა ჩუენსა ღმრთისმოყუარესა მტერთა ზედა ურწმუნოთა, და შენდობასა ღირს-მყვენ მორწმუნენი.
გვიხსნენ განსაცდელთაგან მარადის მსასოებელნი სიწმიდისა შენისანი, ღირსო და საკვირველთმოქმედო მამაო ზენონ, რამეთუ ჩუენ ყოველნი შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, კაცთმოყუარე, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტესმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა (სახელი), და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალოს მონა ანუ მხევალი (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით). განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართმადიდებელთა ქრისტეანეთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
წარდგომაი
იყავ რაი ათორმეტთა მოწაფეთა შორის იოანე ზედაზნელისაითა, მისგან განისწავლე და განათლდი მადლითა საღმრთოითა, და სხუანი-ცა განანათლნე, ღმრთივგანბრძნობილო ზენონ, და აღაშენე იყალთოს მონასტერი საცხოვნებლად სულთა და სადიდებელად ღმრთისა, მას ევედრე აწ ხსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა და საცთურისა, რომელნი აღვასრულებთ სახსენებელსა შენსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ახალო მოციქულო კახეთისა მხარისაო, ღმრთივ-სულიერთა სწავლათა მაუწყებელო და კეთილად მსახურებისა გზისა მაჩვენებელო, წმიდაო ზენონ, რომელმან საწუთოთა შუებათაგან სიმაღლედ აღიყუანენ ერნი ქართველთანი და სამებისა წმიდისა სათნოდ გამოსჩნდი, მას ევედრე, რაითა მოანიჭოს ერსა ჩუენსა მშვიდობაი, ქრისტეანეთა უვნებლობაი და მგალობელთა შენთა დიდი წყალობაი.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დაღაცათუ ივერიას ქრისტეს სახარებაი ანდრია მოციქულმან იქადაგა, ხსნისათვის ერისა ჩუენისა, ღმრთისმშობელო, პირველ მოავლინე ქალწული ნინო და შემდგომად მრავალთა წელთა ერისა ჩუენისა განსამტკიცებლად და განსავრცობად ქრისტეს სარწმუნოებისა ასირიითგან ივერიას ათსამმეტნი მამანი წარმოგზავნე და მათ მიერ ყოველი ერი ჩუენი კლდესა ზედა სარწმუნოებისასა მტკიცედ დაამყარე, მშობელო სიტყვისაო, აწცა ვედრებად ნუ დასცხრები ღმრთისა მიმართ ჩუენ მოსავთა შენთათვის.
გალობაი 4, უფალო მესმასა
ძლისპირი: ქრისტე ღმერთო, რომელმან არა დაუტევენ წიაღნი იგი მამულნი ზეცას და გარდამოჰხედ ქუეყანად, სმენაი შენი მესმა მე და ქებით ვადიდებ ძალსა შენსა.
ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
მოგზაურ ექმენ რაი მოძღუარს შენსა, ჭეშმარიტებაი გექმნათ თქუენ წინამძღურად გზისა მის უცხოისა, და მშვიდობით მოიწივნეთ ქალაქად მცხეთად, ქუეყანასა მას ქართლისასა.
ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
წინა მოგეგებნათ თქუენ ევლავიოს – კათალიკოსი ქართლისა, უწყებული სულითა, და ზოგად მის თანა მოიღეთ რაი ენანი ცეცხლისანი, თაყუანის-ეცით წმიდასა სუეტსა მას ცხოველსა, და მადლობასა შესწირვიდით ღმერთსა.
ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ითხოვდით რაი სამკვიდრებელსა მას მყუდროსა ღმრთისაგან, უჩუენა იოანეს მთაი ერთი მახლობელად მცხეთისა, და აღხვედით რაი თაყუანის-ცემად ჯუარისა პატიოსნისა, აღიწიეთ მთასა მას ზედაზნისასა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
აღირჩია რაი მარტოდ მყოფობაი იოანე, პოვა მუნ ქუაბი რაიმე მცირე და იწყო ვედრებად ღმრთისა, რაითა განიწმიდოს ადგილი ესე, კერპთა ზორვითა შეპილწული და სამკაულ ექმნეს ეკლესიათა და გარემო ქართველთა ერთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ჭეშმარიტო ღმრთისა დედაო, ევედრე შენ, ძესა შენსა დამბადებელსა, რაითა მიმიძღუეს ჩუენ ნავთსადგურად მყუდროდ და განმარინნეს დანთქმისაგან ცოდვათა ჩუენთასა.
გალობა 5, ღამითგანსა
ძლისპირი: სული მაცხოვარებისაი, უფალო, რომელ-იგი მიუდგა გულსა შინა პირველთა წინაისწარმეტყუელთასა და იშვა ქუეყანასა, მან მაუწყა ჩუენ მოსლვაი შენი ქუეყანად მორწმუნეთა ცხორებად, და აწ განათლებულნი გალობით გადიდებდით.
ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
მაშინ წარგგზავნიდათ წმიდაი იგი მოწაფეთა თვისთა ყოველთა მხარეთა მათ საქართველოისათა, რაითა განამტკიცებდეთ სპარსთა მაზდეანთა და მწვალებელთა მიერ ცთუნებულთა და დაბრკოლებულთა ქართველთა.
ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
თანა აქუნდა რაი ნაწილნი წმიდათა მოწამეთანი იოანეს, წარგზავნასა მას თქუენსა მოგცათ ნაწილთა მათგან, რაითა მათითა მადლითა იცვებოდით ყოველთაგან საფრხეთა ეშმაკისათა, და გაქუნდათ ნუგეშინის-საცემელად სულისა და ხორცთა.
ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
გაკურთხათ რაი იწროსა გზასა ზედა მონაზონებისასა სრბად წმიდითა ჯუარითა თვისითა, განეშორნეთ საყუარელსა მოძღუარსა თქუენსა და ურთიერთას მამანი ეგე წმიდანი ათორმეტნი, და დაეყუდნეთ, ვითარცა სათნო-იყო სულმან წმიდამან.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
წარივლინე რაი კახეთს, ნეტარო ზენონ, მიიწიე ადგილსა მას, და განამრავლებდი სწავლათა სულთა მარგებელთა და დიდთა კურნებათა იქმოდი შეწევნითა ღმრთისაითა. მას ევედრე აწ გვიხნნეს ჩუენ ყოველთაგან ურვათა და სალმობათა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ცანი და ქუეყანაი განათლდეს შენ მიერ, უქორწინებელო დედაო იესუისო, რამეთუ გამოგვიბრწყინვე შენ ნათელი დაუშრეტელი, ღმერთი ყოველთაი, რომელმან ბნელსა შინა შეყენებულნი მიხსნნა და ზეცისა სასუფეველისა მკვიდრად გვიჩინნა.
გალობა 6, ღაღადყავსა
ძლისპირი: დანთქმული ღელვათა სოფლისა ამის განსაცდელთა ნავითა ცოდვისაითა შთავრდომილი და მიგდებული მხეცსა სულთა მომსრველსა, გიღაღადებ: ვითარცა იონა განხრწნისაგან და სიკუდილისა მიხსენ, ქრისტე.
ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ენამან შენმან ღმრთის-მეტყუელმან ქუეყანაი კახეთისაი მოძღურებითა მდინარის სახედ აღავსნა და მორწყნა რაი გულნი უმეცართანი, მოიყვანნა ღმრთის მეცნიერებად და სცხონდებოდენ სულიერად.
ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
განმაძლიერებელმან შენმან ქრისტემან გამოაცხადნა სიმხნენი ღუაწლთა შენთანი და განჰფინნა რაი ყოველთა კიდეთა კახეთისათა, მოვიდოდეს მორწმუნენი, და შენ მიერ განსწავლულნი და სულითა აღშენებულნი წარვიდიან სახიდ თვისად.
ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ყოვლისა სოფლისათვის და უფროის ქართველთათვის აღავლენდი რაი ვედრებასა, რაითა წინააღმდგომთა მათ ჭეშმარიტებისათა სძლევდეს მართლითა სარწმუნოებითა და მარადის მოიხვეჭდეს განმარჯვებასა მზაკუვარსა მტერსა ზედა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ყინელი ღამისაი და მცხუნვარებაი დღისაი მხოლომან დაითმინე მწირობასა შინა, და ტალანტი იგი, რომელ გერწმუნა არა დაჰფალ ქუეყანასა შინა, არამედ განამრავლე ვითარცა სარწმუნომან მონამან და ბევრწილად მიართუ ღმერთსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წინაისწარ მოასწავა საიდუმლოი შენი, ქალწულო, პირველ კიდობანმან შჯულისამან, შემწყნარებელმან საღმრთოთა წერილთამან, და ტაკუკმან ოქროისამან, სამკვიდრებელმან მანანაისამან და კუერთხმან.
გვიხსნენ განსაცდელთაგან მარადის მსასოებელნი სიწმიდისა შენისანი, ღირსო და საკვირველთმოქმედო მამაო ზენონ, რამეთუ ჩუენ ყოველნი შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელმან: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგუცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
გუნდი: შენ, უფალო.
მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გუნდი: ამინ.
კონდაკი
იქადის აწ ერი ჩუენი და იშვებს წმიდაი სავანე იყალთოისა, რამეთუ მრავალი მორწმუნე მოისწრაფვის დღესა ამას წიაღსა მისსა, რაითა გადიდონ ქართველთა დიდი სამკაული, მამაი და მოძღუარი საღმრთოისა სიბრძნისა, მრავალთა სულთა შინა დამნერგველი კეთილზნეობისა და მსწრაფ-მკურნალი ყოველთა სნეულთა და შეპყრობილთა, ამისთვისცა გიღაღადებთ: ლოცვითა შენითა გვაცხოვნენ ჩუენ, ღირსო მამაო ჩუენო ზენონ იყალთოელო!
იკოსი
იშვებდ აწ, მხარეო კახეთისაო; განსცხრებოდე სავანეო იყალთოისაო, და დღესასწაულობდ ქუეყანაო ქართლოსიანთაო, რამეთუ წყალობითა მოგვხედნა ქრისტემან ღმერთმან და მოგუმადლა ჩუენ წმიდანი ათსამმეტნი ასურელნი მამანი, რომელთა შორის ჰგიებ შენ, ნეტარო ზენონ, და განამტკიცეთ რაი ერი ჩუენი ღმრთისმსახურებასა შინა, მიერითგან არღარა ოდეს მიდრეკილ არს ქუეყანაი ესე ქართველთაი წმიდისა და მართლისა სარწმუნოებისაგან, და არცა მივდრკეთ უკუნისამდე მადლითა-ვე წმიდისა სამებისაითა და მეოხებითა ყოვლად წმიდისა დედოფლისა ღმრთისმშობელისაითა და სასოისა მის მფარველისა ჩუენისაითა.
მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომა ხმაი 4
პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.
მუხლი: უგალობდეთ ღირსნი მისნი უფალსა.
მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
გუნდი: ამინ.
მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.
გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.
მღდელმან: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
მღდელმან: მოხედენ.
სახარება ლუკასი
ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა, ნეტარ-ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაი. ნეტარ-ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განჰსძღეთ. ნეტარ-ხართ რომელნი ჰსტირთ აწ, რამეთუ იცინოდეთ. ნეტარ-იყუნეთ რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა და ოდეს გამოგასხნენ და გაყუედრებდენ და განხადონ სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთაი ძისათვის კაცისა. გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყუენით, რამეთუ აჰა, ესერა სასყიდელი თქუენი მრავალ _ არს ცათა შინა.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა ღირსისა მამისა ჩუენისა ზენონისითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცე ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღხოცე უშჯულოებანი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: ნუ უგულებელს-ჰყოფ ვედრებასა ამას სიწმიდისა შენისა მოსავთასა, ღირსო და საკვირველთმოქმედო მამაო ზენონ, არამედ აღაპყრენ ხელნი შენნი წმიდანი ზეცათა მეუფისა მიმართ, რომლისა წინაშე ღმრთივბრწყინვალითა გვირგვინითა დიდებულ ხარ, ნეტარო, და გვითხოვე, რაითა მოანიჭოს ერსა ჩუენსა მშვიდობაი, ქრისტეანეთა უვნებლობაი და მგალობელთა შენთა დიდი წყალობაი.
მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა, ძლიერებითა ჯუარისა ვაზისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაითა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუე ლისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, წმიდისა წინაისწარმეტყუელისა ილია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა, წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათასითა; წმიდისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოისითა, წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა, და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, ზენონი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა, წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა: წმიდისა მთავარმოწამისა ძლევაშემოსილისა გიორგისა და წმიდისა დიდისა ქალწულ-მოწამისა ბარბარესითა; წმიდისა მღდელ-მოწამისა ნეოფიტე ურბნელისათა; წმიდათა დიდებულთა მოწამეთა არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინესა, წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა ხუარაზმელთაგან თბილისსა შინა წამებულთა, წმიდა მოწამე 6000 გარეჯელ ბერთა; წმიდათა კეთილად მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისათა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, აშოტ კურაპალატისა, დავით აღმაშენებელისა და თამარისითა; წმიდა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდისა ღირსისა მამისა ჩვენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარად მფარველთა მისთა, და მოწაფეთა შორის ღირსისა მამისა ჩვენისა დავით გარესჯელისაითა; წმიდათა სანატრელთა მამათა ჩუენთა: ლუკიანე, დოდო, დამიანე, ონოფრე და სვიმეონ გარეჯელთა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა გრიგოლ ხანძთელისა, ილარიონ ქართველისა და სერაპიონ ზარზმელისაითა; ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთა: იოანე, თორნიკე, ექვთიმე, გაბრიელ და გიორგი მთაწმინდელთაითა; ღირსთა და აღმსარებელთა მამათა ჩიენთა იოანე და გიორგი ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა გაბრიელისა, აღმსარებელისა და სალოსისაითა; წმიდისა ექვთიმე ღმრთისკაცისა, ექვთიმე აღმსარებელისა, და ილია მართლისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობელისა იოაკიმ და ანნაისითა; ღირსისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა ზენონ იყალთოელისაითა და ყოველთა წმიდათა შენთაითა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
გალობა 7, კურთხეულარსა
ძლისპირი: ყრმათა ბაბილონს სახუმილსა მას შინა ცუარი ეცურია ზეგარდამოი. ღმრთისა მიერ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ-ხარ, უფალო მამათა ჩუენთაო, ღმერთო უკუნისამდე.
ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ქადაგებდი რაი მართლმადიდებლობისა ყოვლად-უბიწოსა სარწმუნოებასა, განსწავლიდი მრავალთა მცნებათა შინა ღმრთისათა. მას ევედრე აწ, ნეტარო ბერო, რაითა გვიხსნეს ჩუენცა რწმენისაგან არა-ცხოველისა და ნელ-ტფილისა.
ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ძლიერი შური გაქუნდა შენ, ვითარცა ელიას, პატიოსანო მამაო ზენონ, რამეთუ აღეგზენ ვითარცა ცეცხლი საღმრთოი მწვალებელთა ზედა და შესწუენ ენანი მათნი, მეოხ-იქმენ მათთვის, რომელნი პატივს სცემენ დღესასწაულსა შენსა.
ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
საკვირველ არიან საიდუმლონი შენნი, ქრისტე ღმერთო, რამეთუ მოგვივლინე ჩუენ სანთელად ცეცხლმთებარედ ღირსი ზენონი, მართლმადიდებელთა ქართველთათვის მოღუაწედ და მლოცველად, და დიდებად და სიმტკიცედ კახეთისა მხარისა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ჰბრწყინევდი ვითარცა სანთელი მაღალსა ზედა სასანთლესა მონაზონებისასა, ნეტარო ზენონ, და მხილველნი და მსმენელნი წმიდისა ცხორებისა შენისანი ადიდებდენ ღმერთსა, წმიდათა შორის საკვირველსა. მას ევედრე აწ შეწყალებად სულთა ჩუენთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გიხაროდენ შენ, ასულო ადამისო, გიხაროდენ, სძალო ღმრთისაო, გიხაროდენ, მშობელო მაცხოვრისაო, რომელმან დაიტიე შემოქმედი შენი, მეოხ-გვეყავ მარადის.
გალობა 8, აკურთხევდითსა
ძლისპირი: შეუწუელმან მაყუალმან სინას აუწყა ღმერთი მოსეს, ხმითა წულილსა და ენა-მძიმესა, და შურმან საღმრთომან ყრმანი იხსნნა სახუმილისაგან და გალობით ღაღადებდეს: ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღმერთსა და უფალსა, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
ღირსო მამაო ზენონ, მეოხ-გუეყავ წინაშე ღმრთისა.
მანქანათა უღმრთოებისათა ვერ შეუძლეს შერყევად სარწმუნოებისა შენისა სიმტკიცისა, რამეთუ არა გეშინოდა უკეთურთა მათ და მზაკუვართა და მტყუართა სულთა, არამედ ნიშითა პატიოსანისა ჯუარისაითა და ლოცვითა მხურვალითა განხდიდი ურიცხუთა საფრხეთა მათთა.
ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მოგავლინა შენ ღმერთმან კახეთისა მნათობად და მოგცა რაი მადლი ეშმაკთა ოტებად და უძლურთა კურნებად, აწცა დაიფარე სამწყსოი შენი ყოველთაგან ვნებათა მაჭირვებელთა და ეშმაკთა საცთურთაგან.
ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ამხილებდი შეცთომილთა და მრავალთა განსწავლიდი წყობასა მტერთა მიმართ უხილავთა და ხილულთა, და განაკრძალებდი ლოცვასა, ხოლო აწ დადგრომილ ხარ წმიდანად ივერთა ეკლესიისა და გაქუს მადლი შეწევნისა ჩუენისა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
აღაშენე რაი იყალთოს სავანე, შემდგომად განაახლა მამამან ჩუენმან არსენი და შეკრიბნა რაი ღმრთივგანბრძნობილნი მამანი და მეცნიერნი მოძღურად სწავლულებისად, და სასწავლოდ ყოვლისა კეთილისა, სახელსდვა აკადემია.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შჯულისა კიდობანმან მოგასწავა შენ, არათუ ფიცარნი გაქუნდეს შენ, არამედ ქრისტე ღმერთი შჯულისმდებელი, ღმრთისმშობელო, რომელი იგი უშჯულომან ერმან ჯუარს აცუა ხსნად ჩუენდა, რომელნი ვიტყვით: ღმერთსა და უფალსა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
გალობა 9, ადიდებდითსა
ძლისპირი: მტვირთველმან გამოუცდელმან უხრწნელებისამან, სიტყუასა დამბადებელსა ავასხა ბუნებათა. მოვედ, უბიწოო ქალწულო, ღმრთისმშობელო, შენგან შობილსა თანა მასწავე მორწმუნეთა, რაითა ღირს ვიქმნეთ ჩუენ დიდებად შენდა.
ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
გემცნო დღე საწუთოითგან განსლვისა შენისაი და ილოცვიდი და შეჰვედრე რაი სამწყსოი შენი და მერმე სული შენი უფალსა, შეერთე სიმრავლესა მას წმიდათასა, და დაგფლეს იყალთოს მონსტერსა, შენ მიერ დაარსებულსა.
ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
არა მხოლოი იგი წმიდისა მის სავანისა მკვიდრ ხარ, სანატრელო, არამედ სრულიად ქართველთა მიწა-წყლისა, და მლოცველი და მსწრაფლშემწე, და ყოვლად ძლიერი და უძლეველი მფარველი და მეოხი ყოველთა მართლმადიდებელთა.
ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ხედვიდეს რაი ქართველნი სამარხოსა შენსა იყალთოს, კურნებათა აღმომადინებელსა, და სასწაულთა აურაცხელთა, რომელნი იქმნებოდა მადლითა შენითა, ხმამაღლად გადიდეს, ვითარცა საკვირველთმოქმედი მამაი, და სახსენებელად და საუკუნოდ ნეტარებაი და ქებაი შენი განგვიწესეს.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მოსავნი სიწმიდისა შენისანი ისწრაფვიან იყალთოს სავანესა, რომელსა შინა მდებარე ნაწილთა შენთა წმიდაი სამარხოი, ვითარცა წყაროი დაუწყვედელი, მდიდრად აღმოაცენებს მადლთა სურნელებასა და კურნებასა მიჰმადლებს პატივისმცემელთა მისთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ძუელი შჯული მოგასწავებს, ქალწულო წმიდაო, და ახალი აღგიარებს ღმრთისმშობლად, უსძლოო, და ჩუენ მორწმუნენი სარწმუნოებით ვიტყვით: მშობელო სიტყვისაო, ვედრებად ნუ დასცხრები ღმრთისა მიმართ მოსავთა შენთათვის.
ღირს არს ჭეშმარიტად რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთის-მშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან აკმიოს; მკითხველმან ან ერისკაცმა წაიკითხოს:
ქრისტემან მოგცა შენ მადლი სასწაულთაცა საქმედ და ესრეთ პატივ-გცა საწუთროსა ამას, ხოლო შემდგომად სიკუდილისა შენისა უფროის იდიდე წინაშე მისსა, და კეთილითა სიყუარულითა შეერთებული მოძღურისა შენისა თანა და სულიერთა ძმათა, ჰგიებ წინაშე ღმრთისა და მეოხ ხარ მოსავთა შენთა და მვედრებელთა.
ვითარცა მზე ბრწყინვალეი, ჰნათობდი ქართველთა ეკლესიისა სამყაროსა, იყავ რაი მოძღუარი ჭეშმარიტი ყოველთა შენდამი მოლტოლვილთა და ღმრთისმშობლისა მიმართ დიდად მვედრებელი ერისათვის ჩუენისა და ფრიად მოყუარული წილხვედრისა ერისა მისისა – ივერიისა და კეთილად მოღუაწე მლოცველი ივერიელთათვის და წარმართებისათვის მათისა.
შეერთებულ ხარ, რაი წმიდათა მწყობრსა მამათასა ასურეთით იბერიასა მოსრულთა და მოძღუარსა თქუენსა იოანეს, ზედაზნის მთასა ზედა მოღუაწესა და ერთობითა იხარებთ წინაშე ღმრთისა, მას ევედრენით აწ, რაითა გვიხსნნეს ჩუენ ცოდვათაგან და უსჯულოებათა.
იქადის შუამდინარეთი, ქუეყანაი იგი შენი, ყოვლად ქებულო, რამეთუ მიერ აღმოსცენდი, წმიდაო, ზენონ სანატრელო, და დღესასწაულობს ერი ქარველთაი ხსენებასა შენსა და ღაღადებს შენდა მომართ: მოგუხედენ ზეცით-გარდამო და გვიხსნენ სოფლისა ღელვათაგან დაუნთქმელად.
იხარებს მხარე კახეთისაი, განანათლე რაი მკვიდრნი მისნი საღმრთოითა სწავლითა, და იხარებს ეკლესიაი შვილთა თვისთა თანა, აღვსებული ბრწყინვალედ საღმრთოითა მით სიბრძნითა, ხსენებასა შენსა აღასრულებს და ქებით ადიდებს ქრისტესა ღმერთსა, მას ევედრე აწ, ნეტარო ზენონ, რაითა თანა-წარგუხადენ ეშმაკისა მიერ აღძრულნი განსაცდელნი მგალობელთა შენთა.
აწ იშუებს და განსცხრების კრებული მორწმუნეთაი მომხსენებელი ღუაწლისა შენისაი და ითხოვს მეოხებასა შენმიერსა ღმრთისა მიმართ, რაითა განჰკურნოს ვნებათაგან შესუარული გულისთქმანი ჩუენნი, რომელნი განარისხებენ გონებასა ჩუენსა და დააცხროს ღელვანი ბოროტისა უღირსებისაი, ხოლო გულნი ჩუენნი, დაუძლურებულნი ამა სოფლისა ზრუნვათაგან, განგვიმტკიცოს, რაითა უკუნისამდე ვადიდებდეთ ძლიერებასა მისსა.
ჰოი, ღუაწლისა მძლეო, წმიდაო ზენონ, შეგვაწყნარე მფარველსა ერისა ჩუენისასა, შენ მიერ შეყუარებულსა ქალწულსა ღმრთისმშობელსა, რაითა არა ვიქმნეთ საყუედრელ და საცინელ მტერთა ჩუენთა, არამედ მამულისა ჩუენისა კაცთა წესისაებრ, წმიდათა არსითა და ალილუიათი უგალობდეთ სამებასა განუყოფელსა და შეურყვნელსა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩვენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.
მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარეწარაქციოს რისხუაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
სავედრებელი ლოცვა
ჰოი, ყოვლად დიდებულო და ნიშ-სასწაულებითა გაბრწყინვებულო მამაო ზენონ! ბერთა სამკაულო, მღდელთა გვირგვინო და ანგელოზთა მოდასეო, ქართველთა ზესთამბრძოლო და ჭირთა შინა ურცხვენელო ხელის აღმპყრობელო, ღმრთისა მიმართ მეოხო და ყოველთა უპოვართა, განწირულთა და სარწმუნოებითა შენდამი შევრდომილთა შესავედრებელო, ზღუდეო და საფარველო.
ჰოი, ყოვლადბრწყინვალეო ვარსკულავო უდაბნოისაო წმიდაო მამაო ზენონ! რომელმან დიდებულად შეამკევ ივერთა ეკლესიაი სასწაულთა და ნიშთა საკვირველთა აღსრულებითა და ცხორებისა ბრწყინვალებითა, და აღაშენე იყალთოს მონასტერი საცხორებელად სულთა და სადიდებელად ღმრთისა, აწ შენმიერითა მეოხებითა და შეწევნითა მოგვანიჭე სიბრძნე, სიმხნე და მძლეველობაი დაცვად მამულისა და სარწმუნოებისა ჩუენისა, რამეთუ ურიცხვნი მტერნი ჭეშმარიტებისანი ზაკულითა განზრახვითა შეთქუმულ არიან მართლმორწმუნეთა ზედა და ძალითა და ნიშნებითა სიცრუვისაითა იღუწიან, რაითა ერიცა ჩუენი საუფლოი განხრწნეს და გამოაჩინეს ერად ბნელისა, ხოლო ჩუენ ძილის დახსნილებასა მივცემივართ და ვერცაღა ძალ-გვიძს წინა-აღდგომად მათთა, არამედ შენ ითხოვე ქრისტეს მიერ შეურყეველად დაცვაი ეკლესიათაი, მოცემად ჯუარითა ძლევაი ერსა ჩუენსა და სიმტკიცე მორწმუნეთა და ამაღლებაი რქისა მათისაი მწვალებელთა მათ ზედა, რაითა ვიყოთ ერთ სამწყსო და უფალი იყოს მწყემს ჩუენდა. ყოვლადძლიერითა მადლითა ლოცვისა შენისაითა დაიფარე და განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოის კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონოზნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენნი ქრისტეანენი.
ჰოი, მამაო მამათაო, წმიდათა თანა გვირგვინოსნებითა ნათელსა შინა ღმრთის ხედვითა განჰბრწყინვებულო და წმიდითა ლოცვითა შენითა მეოხო ყოველთა პატივისმცემელთა შენთაო, ნეტარო ზენონ! აწ განძლიერებულ არს ზრახვაი იგი უსჯულოებისაი და წილხვედრი ერი ღმრთისმშობლისაი დაცემულ არს ცოდვითა და სიბოროტითა და ჩუენცა, უდებებისა მედგრობათაგან ძლეულნი, ვსძრწით მოსალოდებელისა მისთვის დღისა დიდებით მეორედ მოსლვისა ქრისტესისა, გარნა შენ, წმიდაო, გვაშორე საღმრთოისა მშჯავრისა საშინელებაი უსჯულოებისა ჩუენისათვის და მოწყალებითა შენითა გვითხოე ქრისტეს მიერ ცოდვათა ჩვენთა ურიცხვთა მოტევებაი, მართლმადიდებლობით განათლებაი, კეთილთა საქმეთა მიერ განსუენებაი, სასუფეველსა ცათასა განბრწყინვებაი, ანგელოზთა თანა გალობაი, წმიდათა თანა სუფევაი, და შენ თანა დიდებაი და მადლობაი, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაი, პატივი და თაყუანისცემაი, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მღდელმან: სიბრძნით!
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან: დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის). გუაკურთხენ.
მღდელმან: ჩამოილოცოს.
გუნდი: ამინ.
ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის),
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, ღირსისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა ზენონ ხიყალთოელისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
ხატისა მისისა მთხვევასა ზედა ვგალობთ ესრეთ:
ყოველივე ხორციელი ნებაი დაუტევე და ღმრთისა ნებასა შეუდეგ, სანატრელო მამაო ზენონ, მადლი სათნოებისაი ზეცით მოიღე, და ვითარცა ანგელოზი კაცთა შორის ჰბრწყინევდი საღმრთოითა მოქალაქეობითა, და ზეცათა მეუფესა სათნო-ეყავ, რომელსა გაქუს კადნიერებაი მისა მიმართ, ევედრე ყოვლად სახიერსა ღმერთსა, რაითა გვიხსნეს ყოველნი შვილნი შენნი სულიერისა და ხორციელისა განსაცდელთაგან და ვნებულებისა.
დედოფალო მარიამ, მოგუხედენ სარწმუნოებით თაყუანის-მცემელთა და სურვილით ამბორის-მყოფელთა, პატიოსანისა ხატისა წმიდისა ზენონისასა, ხოლო მადლი მისი და წყალობაი შენი თანა-მეყავნ ჩუენ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.
შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა